Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინამდებარე პუბლიკაციაში სათაურად მოხმობილ ორ თემას შევეხებით. მიმოხილვას პირველი საკითხით დავიწყებთ, თუ რა მიზეზით განისაზღვრა შესაქმის დღეთა რაოდენობა რიცხვით ექვსი და წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესაბამის სწავლებას წარმოვადგენთ შრომიდან, სახელწოდებით: „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“. იღომენი თალასე მეორმოცე კითხვაში დაინტერესდა, რატომ იყო გალილეის კანაში გამართული ქორწილისას სარწყულების რაოდენობა მაინცდამაინც ექვსი (შდრ. იოან. 2.6): „იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი მგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა, რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი“). წმინდა მაქსიმე დასმული შეკითხვის პასუხად უაღრესად რთულ მისტიკურ მოძღვრებას გადმოსცემს და ექვსის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ერთგან კი შენიშნავს: „ხოლო რიცხვი «ექვსი» გულისხმობს ბუნების შემქმნელ ძალას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ექვს დღეში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, არამედ იმიტომაც, რომ იმ რიცხვთაგან, რომლებიც ათის ფარგლებშია (ე. ი. ერთიდან ათამდე; ი. ო.), ეს არის უსრულყოფილესი და თავისი ნაწილებისგან შედგენილი რიცხვი“ (PG. t. 90; col. 396).

ღირსი მამის წარმოდგენილი მოძღვრების თანახმად, ერთიდან ათამდე ჩამონათვალში რიცხვი ექვსი ყველაზე სრულყოფილია. საქმე ისაა, რომ ათის შემდგომი ყველა რიცხვი პირველ ათეულში შემავალი რიცხვების საშუალებით მიიღება. შესაბამისად, საუბარია რა ექვსის სისრულეზე, ზოგადად ყველა დანარჩენ რიცხვთან მიმართებითაც ითქმის იგივე; თუმცა წმინდა მაქსიმე მხოლოდ ზემოთქმულით შემოიფარგლება და მეტ კონკრეტიკას არ გვთავაზობს.

იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ განიმარტება ექვსის სისრული, რამაც სამყაროს ფორმირების პროცესი საღვთო განგებულებით საკუთრივ ექვსი დღით განსაზღვრა, ნეტარი ავგუსტინეს შესაბამის განმარტებას წარმოვადგენთ. იპონიელმა მოძღვარმა შრომაში „ღვთის ქალაქისათვის“ ხსენებულ საკითხს ცალკე თავი დაუთმო. კერძოდ, ესაა მეთერთმეტე წიგნის ოცდამეათე თავი სათაურით: „რიცხვი ექვსის სრულყოფილების შესახებ, რომელიც პირველია [რიცხვთა შორის], თავისი შემადგენელი ერთეულების ჯამისგან რომ მიიღება“. ღირსი მღვდელთმთავრის თანახმად, რიცხვი ექვსი სრულყოფილების სიმბოლოდ მიიჩნევა, რადგან პირველია რაოდენობით რიცხვით სახელებს შორის, რომლის დანაწევრების შედეგად მიღებული რიცხვების შეკრებისას ჯამი კვლავ ექვსია. მაგალითად, ექვსი საკუთარ თავში მეექვსედსა და მესამედ ნაწილს, ე. ი. ერთსა და ორს მოიცავს და ასევე შუაზე გაყოფისას გვაძლევს სამს. თუკი ერთს ორს მივუმატებთ, ხოლო მიღებულ რიცხვს - სამს, ჯამი ექვსია. ამჯერად განვიხილოთ რიცხვი რვა: რვის მერვედი ერთია, მეოთხედი - ორი, ნახევარი - ოთხი, მათი (ერთის, ორისა და ოთხის) ჯამი კი შვიდს გვაძლევს და არა რვას. რიცხვი ათის შემთხვევაში, მეათედი ერთია, მეხუთედი - ორი, ნახევარი - ხუთი; ჯამი (ერთი, ორი და ხუთი) - რვა და არა ათი. რიცხვი თორმეტის დანაწილებისას მისი მეთორმეტედი ერთია, მეექვსედი - ორი, მეოთხედი - სამი, მესამედი - ოთხი, შუაზე გაყოფით კი ექვსს ვიღებთ; ჯამი (ერთი, ორი, სამი, ოთხი და ექვსი) - თექვსმეტი და ა. შ.

სათქმელს შევაჯამებთ და აღვნიშნავთ, რომ შესაქმის დღეების რაოდენობა არა უბრალო შემთხვევითობაა, არამედ რიცხვით სახელში «ექვსი» იდუმალი მოძღვრება ცხადდება, რომ ღვთისაგან არსებობაში მოყვანილი სამყარო, როგორც ყოვლადბრძენი ღმერთის შემოქმედება, მსგავსად ექვსის ზემოდამოწმებული განმარტებისა, დასაბამიდანვე სრულყოფილი და უნაკლო იყო.

იმავე შინაარსის განხილვას ვხვდებით ნეტარი ავგუსტინეს სხვა შრომაში, სახელწოდებით „შესაქმის წიგნზე ზედმიწევნით“. სიახლის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ იპონიელი მღვდელთმთავრის თანახმად, ექვსის შემდგომ სრულყოფილ რიცხვად ოცდარვა ითქმის, რადგან ხუთ ნაწილად შეიძლება განიყოს ის: ოცდამერვედი, მეთოთხმეტედი, მეშვიდედი, მეოთხედი და მეორედი. შესაბამისად, მიღებული შედეგი - ერთი, ორი, ოთხი, შვიდი და თოთხმეტი - შეკრებისას ჯამში კვლავ ოცდარვას იძლევა და რაც უფრო ზემოთ ვაწარმოებთ თვლას, ნეტარი მამის მიხედვით, მით ნაკლებად შეგვხვდება სრულყოფილი რიცხვები, რომელთა ჩამონათვალში პირველი ადგილი ექვსს უკავია (იხ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-knige-bytija/).

საყურადღებო მოძღვრებას წარმოგვიდგენს ნეტარი ავგუსტინე იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს მეშვიდე დღეს ღვთის განსვენება (შდრ. დაბ. 2. 2-3): „და განასრულნა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და განისუენა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა. და აკურთხა ღმერთმან დღჱ იგი მეშჳდჱ და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა განისუენა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთაჲ იწყო ღმერთმან ქმნად“).

იპონიელი მღვდელთმთავრის თანახმად, შესაძლოა, ვინმემ წმინდა წერილში არსებულ შეუსაბამობაზე მიუთითოს, რადგან, ერთი მხრივ, ნათქვამია, რომ ექვსდღიანი შემოქმედების შემდეგ განისვენა ღმერთმა, ხოლო, მეორე მხრივ, იოანეს სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (იოან. 5.17). აღნიშნულთან დაკავშირებით ღირსი მოძღვარი ბრძანებს: „შესაძლოა ასე გვესმოდეს, რომ ღმერთმა ახალი სახეობების შექმნისაგან განისვენა, რადგან განასრულა არსთა შემოქმედება, მაგრამ, ამასთან, იგი დღემდე უწყვეტად მოქმედებს (ისევე, როგორც უწინარეს), ე. ი. დასაბამში არსებობამინიჭებულ სახეობებს განაგებს, თანაც ისე, რომ მის ყოვლადძლიერებას არც მეშვიდე დღეს დაუტევებია ცისა თუ ქვეყნის და ყოველივე არსებულის მფარველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მყისიერად განიხრწნებოდა ყველაფერი, რადგან შემოქმედის მეუფებრიობა და ყოვლისშემძლის ძალაა თითოეული ქმნილების არსებობის მიზეზი. თუკი ეს ძლიერება მოქმედებას შეწყვეტდა, აღმოიფხვრებოდა ყოველი სახეობა და განადგურდებოდა ყველა ბუნება. როდესაც არქიტექტორი დასრულებულ მშენებლობას მიატოვებს, შენობას მის გარეშეც ძალუძს მყოფობა, მაგრამ შეუძლებელია იგივე ითქვას სამყაროზე: ღმერთს რომ საკუთარი განგებულება განერიდებინა, ერთი წამითაც ვერ შენარჩუნდებოდა ის... . ამდენად, უწყება, რომ უფალმა საკუთარი საქმეებისაგან განისვენა, ჩვენ ასე გვესმის: მას აღარ შეუქმნია არც ერთი ახალი ქმნილება და არა ისე, თითქოს არსებულთა შენარჩუნება და მათზე განგებულება შეწყვიტა. შესაბამისად, მეშვიდე დღეს ჭეშმარიტად განისვენა მან, მეორე მხრივ კი, დღემდე მოქმედებს იგი“ (იხ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-knige-bytija/).

იმავე შინაარსის განმარტებას გვთავაზობს წმინდა იოანე ოქროპირი. კონსტანტინეპოლელი მღვდელთმთავარი ერთგან შენიშნავს: „საღმრთო წერილი აქ (იგულისხმება დაბ. 2. 2-3; ი. ო.) წარმოაჩენს, რომ უფალმა საკუთარი საქმეებისაგან განისვენა, ხოლო ქრისტე სახარებაში ბრძანებს: «მამაჩემი აქამდე მოქმედებს და მეც ვმოქმედებ» (იოან. 5.17). აღნიშნული ორი ცნობის შეპირისპირება მათ შორის არსებულ რაიმე წინააღმდეგობაზე ხომ არ მეტყველებს? ნუ იყოფინ! საღვთო წერილის სიტყვებში წინააღმდეგობა არ არსებობს. როდესაც «წერილი» ამბობს: «[ღმერთმა] საკუთარი ყველა საქმისაგან განისვენა», ამით განგვსწავლის, რომ უფალმა მეშვიდე დღეს შეწყვიტა არარსებობიდან მყოფობაში ქმნილებათა შემოყვანა; ხოლო როდესაც ქრისტე ამბობს: «მამაჩემი აქამდე მოქმედებს და მეც ვმოქმედებ», ამით თავის მარადიულ განგებულებაზე მიგანიშნებთ და «მოქმედებას» არსებულთა შენარჩუნებას უწოდებს“ (იხ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_01/).
გარდა ზემოდამოწმებული ეგზეგეზისისა, ნეტარი ავგუსტინე ღვთის განსვენებასთან დაკავშირებით უაღრესად საყურადღებო განმარტებას გვთავაზობს. იპონიელი მოძღვრის თანახმად, „დაბადების“ წიგნის მეორე თავში დამოწმებული სიტყვები (შდრ. დაბ. 2.2): „განასრულნა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და განისუენა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“) უდიდეს წინასწარმეტყველებას მოიცავს საკუთარ თავში და მაცხოვრის ჯვარცმისა და საფლავად დადების საიდუმლოს გაგვიმხელს. ღირსი მღვდელთმთავრის მიხედვით, საუფლო განსვენება მიზეზი იყო იმისა, რომ იუდეველი ხალხი, რჯულის თანახმად, შაბათს უქმად ატარებდა, ხოლო რჩეული ერის «შაბათობა», თავის მხრივ, საღვთო მცნებათა ერთგულად დამცველი ადამიანების სულიერ განსვენებას მოასწავებდა, რაც ძე ღმერთის განკაცებისა და ჯოჯოხეთის შემუსვრის შედეგად მიენიჭა კაცობრიობას. წარმოდგენილი ზოგადი განხილვის შემდეგ ნეტარი ავგუსტინე უმნიშვნელოვანეს მოძღვრებას გვთავაზობს. კერძოდ, შესაქმის ექვსი დღე ხორციელად მოვლენილი ძე ღმერთის მიერ წუთისოფლად გატარებული დღეებისა და აღსრულებული საქმეების წინაგაცხადებაა; კვირის მეექვსე დღეს - პარასკევს მოაკვდინეს უფალი, ხოლო მორიგი, შაბათის დღე (ე. ი. მეშვიდე დღე) სრულად გაატარა მან საფლავში, რაც სამყაროს ისტორიის პირველი კვირეულის მეშვიდე დღეს ღვთის განსვენებით (ე. ი. შაბათით) იყო ნაწინასწარმეტყველები. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „იესო ქრისტე საფლავში სწორედ შაბათს იმყოფებოდა და წმინდა განსვენებაში გაატარა ეს დღე მას შემდეგ, რაც მეექვსე დღეს (ე. ი. პარასკევს - კვირიდან მეექვსე დღეს) საკუთარი ყველა საქმე განასრულა, რაჟამს ყოველივე, რაც მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, ჯვარცმით დასრულდა... . მაშ, განა საკვირველია, რომ ღმერთმა, რომელსაც სურდა ეწინასწარმეტყველა, თუ რომელ დღეს გაატარებდა ქრისტე საფლავში, თავადაც განისვენა ერთი დღით საკუთარი საქმეებისაგან, შემდგომში მარადიულად მოქმედების განმზრახმა, რითაც დასტურდება სიტყვები: «მამაჩემი აქამდე მოქმედებს»“? (იხ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-knige-bytija).

იპონიელი მღვდელთმთავარი მსჯელობას განაგრძობს და ამჯერად შემდეგ ციტატას განმარტავს: „და აკურთხა ღმერთმან დღჱ იგი მეშჳდჱ და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა განისუენა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთაჲ იწყო ღმერთმან ქმნად“ (დაბ. 2.3). საქმე ისაა, რომ არც ერთ უწინარეს დღეზე არ თქმულა, რომ შემოქმედმა «წმინდა-ყო იგი». ამგვარი შეფასება მხოლოდ მეშვიდე დღეს განეკუთვნა. ნეტარი ავგუსტინეს თანახმად, წმინდა წერილი მოცემულ შემთხვევაშიც იდუმალ მოძღვრებას გაგვიმხელს და ყოველ ჩვენგანს სწორ მოღვაწეობას ასწავლის. ღირსი მოძღვარი ლუკას სახარებაზე მიგვითითებს, რომელშიც ბეთანიელ მართასა და მარიამთან მაცხოვრის სტუმრობაა აღწერილი. სახარების თანახმად, მართა მრავალ საქმეს აღასრულებდა, რომ საკუთარ სახლში მისული «მოძღვრისთვის» ღირსეული მასპინძლობა გაეწია, ხოლო ყოველივე ქვეყნიურისაგან განკრძალული მარიამი იესო ქრისტეს ფერხთით იჯდა და მის სიტყვებს ისმენდა. როდესაც მართამ საკუთარი დის მისამართით საყვედური გამოთქვა, მაცხოვრისგან ასეთი პასუხი მოისმინა: «მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან» (ლუკ. 10. 41-42). იპონიელი მღვდელთმთავრის მიხედვით, მეშვიდე დღეს საუფლო განსვენება ყოველივე ქვეყნიური საქმის უარყოფასა და, მსგავსად სახარებისეული მარიამისა, საკუთარი თავის ღვთისადმი სრულად შეწირვას მოასწავებს. სწორედ ამ მიზეზით «წმინდა-ყო იგი» უფალმა, რითაც ნებისმიერ ქვეყნიურ საქმესთან მიმართებით ასეთი მოღვაწეობის შეუდარებელი აღმატებულება წარმოაჩინა (შდრ. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-knige-bytija).

 

სტატია ქვეყნდება ავტორის ნებართვით

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 04 July 2017 17:33)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96