Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"ჩემთვის მარად საღმრთო იქნება ის ლტოლვილება, რომელსაც მივისწრაფოდი. ჩემს სიცოცხლეში ჩემი წარმატებისათვის არ მიზრუნია: არც ოქრო იზიდავდა ჩემს გულს და არც ჯილდო, პირადი ჩემი ინტერესები დიდი ხანია უარვყავ... დავიდგი თავზედ "ბაბილონის გოდოლი", შევუდექ საქმეს და საარაკო თავგადასავალი გადამხდა...

ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი... წინ ფიანდაზის ნაცვლად მართალია ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდიუეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია... თავისუფლება ის წმიდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა, თავისუფლება ღვთიური ნიჭია...

სამშობლოზედ მზრუნველი მამულიშვილი უშიშრად ეგებება სიკვდილს".

 

კირიონ II

 

წინათქმა

გასული საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით ჩემთვის უცნობი ქართველი მღვდელმთავრის სურათს წავაწყდი. სურათიდან მთელი ისტორიის აღდგენა შეიძლებოდა, საოცრად მეტყველი თვალები, ფერმკრთალი სახე, რომელიც თავის თავში დიდ სულიერ და ფიზიკურ განსაცდელებს იტევდა, მაგრამ ეს არ იყო ამ განსაცდელებით დაღლილი კაცის სახე, პირიქით იგი მხნეობასა და დიდ სულიერ ძალას გადასცემდა მნახველს. როგორც შემდგომ დავადგინე, სურათი ეკუთვნოდა XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის პირველი მეოთხედის დიდ საეკლესიო მოღვაწეს და მეცნიერ ეპისკოპოსს, შემდგომში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობელს კირიონ საძაგლიშვილს. დავიწყე ამ პიროვნებაზე მასალების ძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ვერაფერი ვნახე შემდეგ "მრავალთავის" 1971 წლის ნომერში წავიკითხე ქალბატონ ელისო აბრამიშვილის "კირიონის პირადი საარქივო ფონდის" აღწერილობა, გაზეთ წიგნის სამყაროში ვახტანგ გურგენიძის "კირიონ II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა". ამ მასალების გაცნობამ დამარწმუნა, რომ უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ კიდევ ბევრი მასალის მოძიება შეიძლებოდა, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც მისი პირადი არქივია დაცული, ასევე საქართველოს საისტორიო, საქართველოს უახლესი ისტორიისა და საპატრიარქოს არქივებში, სადაც საინტერესო დოკუმენტები მიიტანა ჩიტო (ქრისტეფორე) კაპანაძემ. ამ მასალების ანალიზის საფუძველზე დაიწერა პატარა წიგნი უწმიდეს პატრიარქზე, უფრო ვრცელი გამოკვლევა კი სადოქტორო დისერტაციაში "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წ.წ.". მაგრამ რაღაც უკმარისობის გრძნობა მრჩებოდა, ვგრძნობდი, რომ კიდევ ბევრი იყო სათქმელი... თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მომეცა შესაძლებლობა, წარმომედგინა უტყუარი მტკიცებულებანი იმ ცილისმწამებლების წინააღმდეგ, რომელნიც საუკუნის დანაშაულის დასაფარავად ავრცელებდნენ ჭორებს იმის შესახებ, თითქოს უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-ემ 1918 წლის 27 ივნისს, გამთენიისას მარტყოფის მონასტერში თავი მოიკლა. სინამდვილეში იგი მედროვე, ანგარებიანი ადამიანების მსხვერპლი გახდა. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ 2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით მარტყოფის მონასტერში მოწამებრივად აღსრულებული უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II წმინდანად შერაცხა... დასრულდა ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის მიმართ გაორებული დამოკიდებულების ხანა. მომავალში წმინდა მღვდელმოწამე კირიონზე კიდევ ბევრი და უფრო სრულყოფილი ნაშრომები დაიწერება. ჩვენ ამით ვცადეთ იმ დიდი ვალდებულების ტვირ- თის შემსუბუქება, რომელიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს დიდი წინაპრების მიმართ.

სერგო ვარდოსანიძე
2013/2014 წ.წ

I. გიორგი საძაგლიშვილიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს და უნეტარეს კირიონ II-მდე

XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა "ივერიელის," "ნიქოზელის", "ლიხველის" ფსევდონიმებით საინტერესო წერილები, გამოკვლევები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ხალხური სიტყვიერების ისტორიის, ნუმიზმატიკის საკითხებს. ავტორი გამოირჩეოდა საკვლევი საკითხების ღრმა ცოდნით, სამშობლო ქვეყნის დიდი სიყვარულით. ამ წერილების ავტორი იყო გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი, ჯერ არქიმანდრიტი, შემდეგ ეპისკოპოსი და ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II, ერში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი, დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში. მისი მამა, იერონიმე მოსეს ძე საძაგლიშვილი, სასულიერო პირი იყო, მსახურობდა მთიულეთში, დედა, დარია დავითის ასული, განათლებული ქალი იყო და შვილებს სამშობლოს სიყვარულით ზრდიდა. გიორგის წინაპრებიც სასულიერო პირები იყვნენ და მოღვაწეობდნენ ჩრდილო კავკასიაში ოსების, დიდოელების, ინგუშების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. პატარა გიორგი მამამისმა ანანურის საეკლესიო სკოლაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1862 წელს, სწავლა გააგრძელებინა გორის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდა ყმაწვილის მამულიშვილური მისწრაფებანი. როგორც მისი თანაკლასელი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იხსენებდა, გიორგი საძაგლიშვილმა შექმნა სემინარიელების პატარა ჯგუფი, რომელნიც თვეში ოთხჯერ გადიოდნენ შიდა ქართლის ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. არ დარჩენილა არცერთი ეკლესია-მონასტერი, ციხე-სიმაგრე, სადაც ამ ჯგუფის წევრები არ ყოფილან. 1869-1876 წლებში გიორგი საძაგლიშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. თბილისის სასულიერო სემინარია, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების აზრით, ქართველთა გარუსების მძლავრი საყრდენი უნდა ყოფილიყო. სემინარიის სასწავლო გეგმები გამორიცხავდა ეროვნულის მცირე გამოვლინებასაც კი. პედაგოგები ერთგულად ემსახურებოდნენ რუსეთის კოლონიურ ინტერესებს, დევნიდნენ ეროვნული სულისკვეთების ახალგაზრდობას. ამ დროს თბილისი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ ცენტრად იქცა. "თერგდალეულები" ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ებრძოდნენ რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას, ცდილობდნენ "მამული, ენა, სარწმუნოების" დროშის გარშემო ქართველი ერის გაერთიანებას, დაცემული ეროვნული ღირსების აღდგენას. სემინარიის კედლებს გარეთ არსებული სულისკვეთება აისახებოდა პატრიოტულად განწყობილ სემინარიელ სტუდენტთა აზროვნებაზე. გიორგი საძაგლიშვილი "თერგდალეულთა" იდეების ერთგული დამცველი გახდა. მან მიზნად დაისახა, თავისი დაჩაგრული სამშობლოსა და დამონებული ეკლესიის ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაეკეთებინა. ამ სულისკვეთებით გაემგზავრა იგი კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1880 წელს და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. ამ დროს მას უკვე ჰქონდა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში თანამდებობრივი წინსვლისათვის ყველა პირობა ჰქონდა, მას გული მაინც საქართველოსკენ მოუწევდა. 1883 წელს გიორგი საძაგლიშვილი დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. 1883 წელსვე დაინიშნა თელავის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველის თანაშემწედ. 1885 წელს გადავიდა გორის სასულიერო სასწავლებელში, 1885-1891 წლებში მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1891 წლიდან კი თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია, სადაც ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიას, გეოგრაფიას. ამ დროს ის უკვე მღვდელი იყო.

1896 წელს მას ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს – გარდაეცვალა ცოლი და შვილები. ამის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება ბერად აღკვეცის შესახებ. 1896 წლის 6 ნოემბერს ეგზარქოსმა ვლადიმერმა აღკვეცა ბერად. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა სახელად კირიონი და დაინიშნა ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად. 1897 წელს მამა კირიონი დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად და საქართველოს მონასტრების კეთილმოწესედ. მისი მზრუნველობითა და ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაარსდა 19 სამრევლო სკოლა. მან ყველა სკოლას შეუქმნა ბიბლიოთეკები. პარალელურად ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სერიოზულ პუბლიკაციებს საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიის ისტორიაზე, ქართულ ფოლკლორზე. ქვათახევის მონასტერში მოღვაწეობის დროს იღუმენმა კირიონმა დაიწყო ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეგროვება, მონასტრის ახლო-მახლო სოფლებში ეცნობოდა ეკლესიებში დაცულ სიძველეებს. "მან განადგურებას გადაარჩინა არაერთი ისტორიული ღირებულების საბუთი, ხელნაწერი. შეგროვილი 96 ხელნაწერი, მათ შორის XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი "დავითნი" და სხვა დოკუმენტები ჩამოიტანა თბილისში და გადასცა საეკლესიო მუზეუმს."1 არქიმანდრიტმა კირიონმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა მუზეუმის ისტორიული საბუთებით გამდიდრების საქმეში. იგი მიტოვებული ეკლესია-მონასტრების ნესტიანი სენაკებიდან, საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ მასალებს ყოველწლიურად უანგაროდ სწირავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. "მარტო 1891 წელს საზოგადოებას გადასცა ტრიოდიონი (მარხვანი), საბასულხან ორბელიანის ლექსიკონი, ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარისა ანდრია სალოსისა, მსოფლიო ისტორია, ხუცური ასოებით ნაწერი სადღესასწაულო, ღვთისმშვენიერი თხრობით სულისა ფრიად სასარგებლო, რომელსაც ეწოდების "გვირგვინი", საღვთო მარგალიტი ძველი საეკლესიო წიგნი ხუცური ეტრატზე ნაწერი, აპოკრიფი ყოვლადწმიდა მარიამის სახარებასა და იოსებზე, XVIII საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა რუსული ასამაღლებელი ქართული ასოებით, სხვა და სხვა ხელნაწერი წიგნების ფურცლები, ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა – ნაპოვნი თელავში, ოთხი ძველი ვერცხლის მონეტა. მან მეცნიერულად შეისწავლა ძველი ქართული აპოკრიფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული ყოფილა გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში."2

1898 წლის 10 მაისს იღუმენი კირიონი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წლის 22 აგვისტოს არქიმანდრიტი კირიონი გამორჩეულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. 23 აგვისტოს სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდოცკი) გურია-ოდიშის ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონის (დადიანი), გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს (ოქროპირიძე) თანამწირველობით შეასრულა კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის წესი. ეპისკოპოსად სახელდებისას არქიმანდრიტმა კირიონმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: - "მე სრულებითაც არ წარმოვიდგენდი ამ თვრამეტი წლის წინათ, როცა კიევის სასულიერო აკადემიის კურსი დავასრულე, თუ ჩემთვის ასეთი ბედნიერი და დიდმნიშვნელოვანი დღე დადგებოდა... კურსის შესრულების შემდეგ დავიწყე სამსახური სასულიერო სასწავლებელში ახალი თაობის აღმზრდელის ასპარეზზედ. მძიმე ზნეობრივი საოჯახო განსაცდელი მომევლინა მე, და უფალმან ღმერთმან, რომელსაც თავისს მარჯვენაში უპყრია კაცის სვე-ბედის ხვედრი, არა მცირე განსაცდელთა საშუალებით მიმიყვანა მე წმიდა ტრაპეზის წინ, რომელსაც ორას წელზე მეტს ემსახურებოდნენ ჩემი წინაპრები. მას უკან ბევრ რასმეს ვფიქრობდი, ბევრ გეგმას ვაწყობდი ჩემი მომავლის მოღვაწეობისას, ბევრს ადგილს ვარჩევდი სამსახურისას, მაგრამ უფლის განგებულებამ დღეს ნაჩვენებ გზაზე დამაყენა: სხვებსავით მეც ვფიქრობდი მომეპოვებინა მყუდროება და ბედნიერება ოჯახურს ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხლთა, და ამის გამო სამსახური ეკლესიის მიმართ მონაზონის წოდებაში ჩემთვის აუცილებელ აუშორებელი შეიქმნა. სწორედ ოცი თვის წინათ ამავე ადგილას, სადაც ახლა ვდგევარ, ვიდექი მონაზონის უბრალო ტანსაცმელში და ვაძლევდი აღთქმას მონაზვნური ცხოვრებისას... ამის გამო ახალი უმაღლესი დანიშნულება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. არა რომელთამე ქველმოქმედებათა, არა გონების და ზნეობის თვისებათა და ამით უმეტეს არა მრავალმხრივმა და ნაყოფიერმა მოქმედებამ სამსახურის ასპარეზზედ ღირს-ჰყო სიგლახაკე ჩემი უმაღლესი სამღვდელო მსახურებისა, არა, არამედ "უძლურთა მკურნალმან და ნაკლულევანთა აღმავსებელმა" ფრიად უხვმან საღმრთო მადლმან. მაგრამ, ვინაიდან გამოცდილებამ და სამსახურში ყოფნამ შემასწავლა მორჩილება და ქედ-მოდრეკა საღმრთო განგების წინაშე, რომელიც ყველაფერს შეიქმს არავისგან, კეთილმოწიწებითის ძრწოლით და სიმდაბლით ვემორჩილები საღმრთო განგებულებას, ჩემს შესახებ გამოუთქმელს ზრუნვას და დადუმებული ჩემს თავს მივანდობ უფლის ნებას. დიდი მადლობელი ვარ იმ ჩემი მოძღვრისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა. დღეს უმაღლესის ბრძანებით უნდა ვიტვირთო მძიმე მოვალეობანი მწყემსთავრისა და ვიქნე ალავერდის ეპისკოპოსად - იმ ალავერდისა, სადაც მოღვაწეობდა, სადაც ქადაგებდა და სადაც განისვენებს წმიდა მამა იოსებ ალავერდელი. ალავერდის კათედრაზე მოღვაწეობდა მრავალი ღირსი მღვდელმთავარი, რომელთაც მის წიაღში იგემეს საუკუნო განსასვენებელი. ალავერდის ტაძარი ისეთი სიწმიდეა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიც და თვით მთიანი დაღესტანის მკვიდრნიც - ლეკები და სხვა მაჰმადიანებიც კი, რომელთაც ჩვენი წინაპრები ხმლით ხელში ეომებოდნენ თვისთა სარწმუნოებრივ სიწმიდეთა დასაცავად და ბოლოს ქედი მოადრეკინეს თვისი სიწინდის წინაშე. საღმრთო განგებამ მარგუნა ამ სიწმიდეთა სამსახური. ვმადლობ საღმრთო განგებულებას ამ ხვედრისათვის მით უმეტეს რომ ხელმძღვანელად მეყოლება ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობის საქმეში გამოცდილი მღვდელმთავარი მეუფე ფლაბიანე. დასასრულ გთხოვთ წმინდანნო მღვდელმთავარნო, წარმომადგენელნო ივერიის ეკლესიისანო, ილოცეთ ჩემთვის, რათა ქვეყნის მწყემსთავრულის ლოცვის მეოხებით უფალმან მომცეს შეძლება, ძალა და სიბრძნე მისის ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობისა."3

ქართველი საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად კურთხევას. მათ დიდი იმედი ჩაესახათ, რადგან კარგად იცოდნენ ახალი მღვდელმთავრის განათლებისადა ეროვნული სულისკვეთების შესახებ. ილია ჭავჭავაძის გაზეთი "ივერია" წერდა: "22 აგვისტოს, შაბათს, შუადღისას საქართველოს ეგზარქოსის დარბაზში მოხდა სახელდება ეპისკოპოსად არქიმანდრიტ კირიონისა, რომელიც უმაღლესის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად. სრული იმედია, ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ."4

ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა განაგრძო დაუცხრომელი საქმიანობა. ალავერდის დიდებული ტაძარი მოუვლელობისგან განადგურების პირას იყო მისული, სახურავი გამოსაცვლელი, გალავანი შესაკეთებელი. ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის რესტავრაცია. ამავე დროს მან დაიწყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლა-შეგროვება. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი, მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება. ამ აღმოჩენით აღფრთოვანებული ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წერდა: "მასში მრავალი საყურადღებო ცნობებია დაცული სახარების ქართულად თარგმნის, თეიმურაზ I-ის და სხვათა შესახებ. სახარების ბოლოს კი ასეთი წარწერაა: "ქ. ადიდენ ღმერთმან ძლიერსა და უძლეველსა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთის ნოველისიმოსმან."5 ამ აღმოჩენამდე ქართულმა მეცნიერებამ არაფერი იცოდა ბაგრატ IV-ის დროინდელი სახარების შესახებ. ეპისკოპოს კირიონის სახით ქართულ ეკლესია-მონასტრებს და იქ დაცულ ძვირფას ხელნაწერებს ღირსეული დამცველი და პატრონი გამოუჩნდა. "ამავე დროს კირიონმა ყურადღება მიაქცია XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ, როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა, ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს სტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ-მონოფიზიტური ეკლესიის მესვეურნი და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები თბილისში, გორში, თელავში, დუშეთში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება."6 სომხური ნაციონალისტური ბურჟუაზია, რომელსაც დიდი ეკონომიკური შესაძლებლობანი გააჩნდა, ქართული ეკლესიების მიტაცებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა. უფრო მეტიც, ცდილობდა მოეძებნა დასაბუთება ამ უკანონობისა. ეპისკოპოსი კირიონი ი. ჭავჭავაძესთან და დ. ბაქრაძესთან ერთად აქტიურად ჩაება სომხებთან პოლემიკაში. სომხურმა გაზეთმა "ნორდარმა" გამოაქვეყნა წერილები, რომელშიც თავისი ერი ქებით ცაზე აიყვანა, ხოლო ქართველები კი უსაქმურ, მკვეხარა ხალხად მიიჩნია, რომელიც მხოლოდ სომეხთა მოსამსახურეებად გამოდგებოდა თანაც საბუთად ქართული წყაროები მოიშველია. ეპისკოპოსმა კირიონმა თვით სომხური საისტორიო წყაროების მოშველიებით სომხის ერის ასეთი სურათი დაგვიხატა: "ერი ზვავი, გაუგონარი, დიდმეთქავი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, მექრთამენი, ცრუმედიდურნი. და იქვე დასძინა, რომ საისტორიო წყაროებს ადამიანური თვალით უნდა შევხედოთ და არ უნდა ვეცადოთ მათ საფუძველზე სხვის დამცირებას!"7

1900 წელს ეპისკოპოსი კირიონი გორის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი ჯერ კამენეც- პოდოლსკის, 1903 წელს - ხერსონესის, 1904 წელს - ორიოლის ეპარქიის, 1906 წელს - სოხუმის, 1907 წელს კოვნოს ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. მაინც რა იყო მიზეზი მისთვის ეპარქიების ასეთი ხშირი ცვლისა? რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც ეპისკოპოს კირიონისგან შეიძლებოდა ჰქონოდა. ეპისკოპოსი კირიონი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ქართველი სამღვდელოების აღიარებული წინამძღოლი იყო.

1905 წლის მაისში თბილისში ვერის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ იმსჯელა რა საქართველოს ეკლესიის უფლებრივ მდგომარეობაზე, ერთხმად დაადგინა, გაიგზავნოს პეტიცია იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელზე და კატეგორიულად მოითხოვონ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 31 მაისის კრების მონაწილე სასულიერო პირები გოლოვინის პროსპექტზე გამოვიდნენ და მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის სასახლისაკენ გაემართნენ. მათ სურდათ იმპერატორისადმი გასაგზავნი წერილი მიერთმიათ მეფისნაცვლისათვის, მაგრამ გოლოვინის გამზირზე საქართველოს ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) ლოცვა-კურთხევით გამოსულმა "სამართალდამცველებმა" (რუსმა პოლიციელებმა ს.ვ.) სასულიერო პირებს მათრახები დაუშინეს, დაუხიეს საეკლესიო დროშები და გაფანტეს ისინი. ამ აღმაშფოთებელი ინციდენტის შესახებ გულისტკივილით წერდა ჟურნალი "მწყემსი". კავკასიის საერო ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, სასულიერო პირების დარბევამ არა თუ ჩააცხრო არსებული კრიზისი, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა იგი. ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადეს: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდებოდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. გაზეთი "ივერია" 1906 წელს საგანგებოდ აღნიშნავდა: "აღარ არის დარჩენილი არც ერთი კუთხე საქართველოსი, რომლის სამღვდელოება ავტოკეფალიის მოთხოვნას არ მიჰკედლებოდეს." ახლადდანიშნულმა მეფისნაცვალმა ვორონცოვ დაშკოვმა დაარწმუნა პეტერბურგის მთავრობა, რომ აუცილებელი იყო პეტერბურგში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომებზე განეხილათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზანშეწონილობის საკითხი.

სინოდის წინარე სხდომის დანიშვნამდე საინტერესოა შექმნილი ვითარების შესახებ ეპისკოპოს კირიონის ჩანაწერები. 1905 წლის 30 ნოემბერს იგი წერდა: "გუშინ მიტროპოლიტმა ვლადიმერმა სადილად არ გამომიშვა, დღეს ვნახე ფლაბიანე, რომელმაც ბევრი ილაპარაკა ჩვენს ეკლესიურ საქმეებზეც. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია უნდა დაუბრუნდეს მეთქი. იმან სთქვა: თუ ეგზარქოსად ქართველს დაუნიშავენ, ქართველები უნდა დაშოშმინდნენ და დასჯერდნენო. პროფესორი სოკოლოვი ვნახე, რომელსაც მოუხერხებია მიტროპოლიტ ანტონისათვის, რომ უტყუარი და შეურყეველი საბუთებია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისაო. 1905 წლის 3 დეკემბერს დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძეს წერს: "კარგი იქნება ივან ვასილიჩ სოკოლოვს მადლობის წერილი მისწეროთ და მით გაამხნეოთ იგი მომავალ მძიმე შრომისათვის. მას მიტროპოლიტ ანტონის კომისიისათვის მოუხსენებია ბერძნული წყაროების მოწმობით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეჭვგარეშეაო."8 როდესაც გადაწყდა ქართველი ეპისკოპოსების კირიონისა და ლეონიდის მიწვევა პეტერბურგში, კირიონი წერდა: "კარგა უნდა აიწონ-დაიწონოს საქმე, თორემ შეიძლება იგი სამუდამოდ გავაფუჭოთ. "ზოგჯერ სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა."9 "ქართველი ეგზარქოსის დანიშვნით უნდა დაგვაკმაყოფილონ, მაგრამ ვერ მივართვი."10

1906 წლის 8 მარტს პეტერბურგში მუშაობა დაიწყო საეკლესიო კრების წინარე თათბირმა. მის სხდომებში მონაწილეობას იღებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 10 მღვდელმთავარი, რუსეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სასულიერო სასწავლებლების 21 დოქტორი-პროფესორი. სხდომებს ხშირად ესწრებოდა რუსეთის სინოდის ობერპროკურორი ა. ობოლენსკი. წინარე თათბირზე შეიქმნა 7 სამუშაო განყოფილება, რომელთაგან მეორეს უნდა განეხილა საქართველოს ეკლესიის მომავალი სტატუსი. საქართველოს ეკლესიის ინტერესებს იცავდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი. რუსების მხრიდან სხდომებს ესწრებოდნენ: მოგილევის ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზები: ტ. ბუტკევიჩი, თ. ტიტოვი, პროფესორები: ი. ბერდნიკოვი, მ. ოსტროუმოვი, ა. ალმაზოვი, ვ. ზავიტნევიჩი, ნ. გლუბოკოვსკი, ი. სოკოლოოვი, ა. ბრილიანტოვი, პ. მანსუროვი. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი და რენეგატი ქართველი ეპისკოპოსები დიმიტრი აბაშიძე, და ექვთიმე ელიაშვილი (გორის ეპისკოპოსი _ ს. ვ.), რომელსაც კირიონი გულისწყრომით მელიაშვილს უწოდებდა. ეპისკოპოსმა კირიონმა თავის მოხსენებებში ნათლად აჩვენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განვლილი დიდი გზა და დაასაბუთა ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა. მისი პირველი მოხსენება, როგორც იგი აღნიშნავდა, იყო "საქართველოს ეკლესიის საკითხი", რომელიც ძირითადად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების დასაბუთების საკითხს დაეთმო. "ქართულ, ბერძნულ, სირიულ (ასურულ) და არაბულ ენოვანი ისტორიული საბუთები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ქართველებმა ქრისტიანობა IV საუკუნეში მიიღეს, ხოლო იერარქია და საეკლესიო-ადმინისტრაციული დაწესებულებები ბიზანტიისაგან გადმოიღეს. შემდეგში საქართველოს ეკლესია შევიდა ანტიოქიის საყდრის იურისდიქციაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა გათავისუფლებულიყო მეტროპოლიის საეკლესიო ზედამხედველობისაგან და ორგანიზაციულად ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი, ეროვნული ეკლესია კათოლიკოსით სათავეში. ქართველების ასეთი, სრულიად ბუნებრივი, თავისთავადი მისწრაფება განხორციელებადი იყო იმიტომ, რომ ქართველები უკვე სრულიად განიმსჭვალენ ქრისტიანული რელიგიის მაცხოვნებელი სწავლებით. ერთის მხრივ, ივერიაში გამოჩნდა ეროვნული საეკლესიო-რელიგიური ცენტრები, სასულიერო-საგანმანათლებლო წიგნები. მეორეს მხრივ, საქართველოს სამეფოს თანდათანობითი გაძლიერება, განსაკუთრებით არაბების მიერ ანტიოქიის აღების შემდეგ 638 წელს, ქართველებში იწვევდა მისწრაფებას, რომ თავისი მშობლიური ეკლესია ექციათ ანტიოქიის პატრიარქისაგან სრულიად დამოუკიდებლად. ქართველების ეს წმიდა სურვილი თანდათანობით აღსრულდა. საქართველოს ეკლესიამ გაიარა განვითარების ყველა საფეხური მანამ, სანამ არ მოხდა სადღესასწაულო უწყება: VIII საუკუნის შუახანებში (751 წელს) ანტიოქიის საპატრიარქოს კათედრის (საყდრის) კრების განწესებით, ცნობილი იქნა ივერიის ეკლესიის სრული ავტოკეფალია. მცხეთის ეკლესიას ამ დროიდან აღიარებენ და მოიხსენებენ ავტოკეფალურ და საკათოლიკოსო კათედრად, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები და საეკლესიო კანონისტები თუ ისტორიკოსები. ასე, რომ VIII საუკუნის შუახანებიდან 1811 წლამდე საქართველოს ეკლესია სრულიად თავისუფალი იყო. კათოლიკოსები განაგებდნენ ეკლესიას რომელიმე გარე სახელმწიფოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, უფლის სიტყვის საფუძველზე, მოციქულთა კანონებისა და საეკლესიო კანონების გათვალისწინებით. საკუთარი ინიციატივით იწვევდნენ ადგილობრივ საეკლესიო კრებებს, სადაც ხდებოდა საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთის სახელმწიფოს 1801 წელს, რუსეთის წმიდა სინოდი ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავდა დამოუკიდებელი კათოლიკოსი. თუმცა მანამდე გამოცემულ იმპერატორ პავლე I-ის რესკრიპტში კი ეწერა: "არ შეეხოთ საქართველოს ეკლესიის პრივილეგიას." დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის იერარქიული დამორჩილებისათვის. სულ მალე წმიდა სინოდის განზრახვა წარმატებით დასრულდა.

საქართველოში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის, სამხედრო გენერლის ტორმასოვის მეოხებით კათოლიკოსი ანტონ II 1810 წელს გამოძახებული იქნა წმიდა სინოდში საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით. უკვე 1811 წლის 30 ივნისს, იგივე გენერალ ტორმასოვის სურვილისამებრ, მის ადგილზე, წმინდა მოციქულების 30-ე და 35-ე კანონებისა და ანტიოქიის კრების 22-ე კანონის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ეგზარქოსად და მცხეთის მიტროპოლიტად დანიშნულ იქნა ვარლამი (ერისთავი). მხოლოდ დიდსა და უძველეს ეკლესიას ძალუძს შეცვალოს მცირე ხელისუფლების განჩინება. ასე, რომ დარღვეულია საეკლესიო კანონები. ჩადენილი იქნა ჯერ არ გაგონილი უსამართლობა, რომლის ანალოგი ეკლესიის ისტორიაში არ მოიძებნება. ისმის კითხვა: "ჰქონდა კი კანონიკური უფლება წმიდა სინოდს ასე მოქცეოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას?" აღნიშნული საკითხის გასარკვევად ქართველმა მღვდელმთავარმა საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან არაერთი მოვლენა გაიხსენა, რაც რუსეთის წმინდა სინოდის მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებას ასაბუთებდა. ეპისკოპოსმა კირიონმა მოხსენებაში ჩამოთვალა ის აუცილებელი პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მომხდარიყო საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობის გაუქმება. პირველი. ავტოკეფალიის გაუქმებისათვის აუცილებელი იყო მოქმედი სამღვდელოების ნებაყოფლობითი სურვილი, სხვა მხრივ კი, რომელიმე ეკლესიის თვითმწყემსობის გაუქმება უნდა მომხდარიყო საეკლესიო კრების სანქციით. მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში სინოდს არ გაუკეთებია. მეორე, თუკი იარსებებდა საქართველოს ეკლესიის მხრიდან თავისი ავტოკეფალური უფლებების ნებაყოფლობით უარყოფის რაიმე სახის აქტი, მაშინ უკვე რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების თაობაზე ექნებოდა გამართლება. მაგრამ არანაირი მსგავსი აქტი არ ყოფილა. ეპისკოპოსმა კირიონმა დაასახელა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ მიღებული ის კანონები, რომლებიც იცავდნენ ცალკეული ეკლესიების დამოუკიდებლობას და მათ იურისდიქციას. რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა ხელაღებით უარყო მსოფლიო საეკლესიო კრებების ეს დადგენილებები, რომლებიც მას სხვა ეკლესიის თვითმწყემსობის შელახვას უკრძალავდა. რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის ეს გადაწყვეტილება თავისთავად ეწინააღმეგებოდა კონსტანტინეპოლის კრების მე-2 კანონს, ეფესოს კრების მე-8 კანონს, მოციქულთა კრების 35-ე კანონს და ა. შ."11

ამ ერთი შეხედვით მცირე ნაშრომში ქართველმა მღვდელმთავარმა დაასაბუთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერება და ამავე დროს რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ მისი უკანონოდ გაუქმების ფაქტი. ეპისკოპოსი კირიონი თითოეული მოხსენების დასასრულს ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას, რაც თავისთავად გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობის აღდგენას. ეპისკოპოს კირიონის მეორე მოხსენება იყო: "რა აიძულებს ქართველებს მიაღწიონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიას?" ამ კითხვაზე ქართველი მღვდელმთავრის პასუხი ძალიან მარტივი იყო: საქართველოს ეკლესიას ჰქონდა ისტორიული და კანონიკური უფლება, მოეთხოვა ავტოკეფალიის აღდგენა; მით უფრო, ამ სურვილს ამძაფრებდა საქართველოს ეკლესიის მაშინდელი სავალალო მდგომარეობა. რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე რუსი საერო და სასულიერო პირების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნას პოლიტიკური სარჩული ედო საფუძვლად, და რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს რევოლუციურმა მოძრაობამ ჩაუყარა საფუძველი. მეორე განყოფილების სხდომაზე მყოფი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების აზრით, 1906 წლამდე ქართველ საერო და სასულიერო პირებს არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება საქართველოში სინოდალური მმართველობის არსებობის გამო. სწორედ ეს მოსაზრებები გახდა საფუძველი უსამღვდელოესი კირიონისათვის დაეწერა მეორე მოხსენება, სადაც მთლიანად აბათილებდა ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს.

ეპისკოპოსი კირიონი აღნიშნავდა: "ჯერ კიდევ 1801 წლის აპრილის ნოტაში, რომელიც გადმოგვცეს ქართველმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, მოცემული იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ შენარჩუნებულიყო კათოლიკოსის წოდება და მოვალეობა. საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან ერთი წლის შემდეგ, 1802 წელს კახეთის თავადაზნაურობამ განაცხადა: როცა მტრები ჩვენ გვიპყრობდნენ, არც მაშინ და არც შემდეგ, მათ ჩვენთვის არასოდეს გაუუქმებიათ სამეფო წოდება და არ გაუუქმებიათ მღვდელმთავრობა-პატრიარქობა. 1810 წლის 1 მარტს ურბნისის ეპარქიის მრევლმა იშუამდგომლა ა. პ. ტორმასოვთან, რათა აღდგენილიყო ურბნისის სამღვდელმთავრო კათედრა, მაგრამ რატომღაც ეს თხოვნა უადგილოდ იქნა მიჩნეული. 1817 წლისათვის, თელავის მაზრის თავად-აზნაურობამ მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა კახეთში გაუქმებული ექვსი ეპარქიის ნაცვლად დაენიშნათ ქორეპისკოპოსი მაინც, რომელიც კახეთში იცხოვრებდა. ეს სრულებით კანონიერი თხოვნა უგულებელყოფილი იქნა. შემდეგ იყო 1820 წლის დასავლეთ საქართველოს სამღვდელოების პროტესტი, რომელსაც ოფიციალურად საეკლესიო "ბუნტი" უწოდეს. იმერეთიდან გადასახლებული ორი უხუცესი მიტროპოლიტი, რომელთაც არ სურდათ წმიდა სინოდს დამორჩილებოდნენ, უკანასკნელ შესაძლებლობამდე იცავდნენ მშობლიური ეკლესიის უფლებებს. გურიის თავადები და აზნაურები 1841 წელს ეგზარქოს ევგენისადმი მიმართულ თხოვნაში იტყობინებოდნენ, რომ გურიის პროვინციაში სამღვდელმთავრო კათედრის დახურვამ გამოიწვია რწმენის დაცემა და გურულებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ მაჰმადიანური თურქეთის საზღვარზე, უშუალო სამღვდელმთავრო დარიგებას, შეგონებასა და მართლმადიდებლურ რწმენაში სიმტკიცეს საჭიროებდნენ. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ სასულიერო პირის დანიშვნას გურიაში. ისინი მზად იყვნენ გურიაში მივლენილი სასულიერო პირის შენახვისათვის გაეღოთ საკუთარი სახსრები, თუკი მას ხაზინიდან ჯამაგირს არ დაუნიშნავდნენ. ეს შუამდგომლობაც არ შეიწყნარეს... ეს განა, პროტესტი არ არის, განა ეს არ არის შედეგები საქართველოს საკათოლიკოსო კათედრის ასწლოვანი, მწარე ქვრივობისა?"12

ეპისკოპოსი კირიონის ეს გამოსვლაც კი საკმარისი უნდა ყოფილიყო სიმართლის გასარკვევად. ქართველმა მღვდელმთავარმა ამავე ნაშრომში მიმოიხილა არამართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე პირთა მოღვაწეობა საქართველოში. ეპისკოპოსმა კირიონმა ისაუბრა 1905 წლის 14 აპრილს მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც რწმენის შემწყნარებლობა ცხადდებოდა და ამით ხელ-ფეხი ეხსნებოდათ საქართველოში ისედაც აქტიურად მოღვაწე სექტებს. ეპისკოპოსი კირიონის მოხსენება კიდევ ერთხელ ასაბუთებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უნდა მომხდარიყო თავად სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, და რომ ეს არ გულისხმობდა რაიმე ფარული პოლიტიკური მიზნების არსებობას. "დასასრულს უნდა ითქვას, რომ საქმის ნახევრად გაკეთება ვერ გვიშველის, აუცილებელია ერთიანი საქართველოს ეკლესია. ვიმედოვნებთ, რომ საეკლესიო სამყარო დაეხმარება ქართველებს ამ გადაუდებელი საკითხის კეთილად გადაწყვეტაში,"13 - ამ სიტყვებით დაასრულა ეპისკოპოსმა კირიონმა თავისი მეორე მოხსენება.

მესამე მოხსენება - "რომელ ივერიას ებოძა ავტოკეფალია XI საუკუნეში?", რომლითაც უსამღვდელოესი კირიონი წარსდგა რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირის მეორე განყოფილების სხდომაზე. "სანამ პირდაპირ საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, მართებული იქნება, თუ ორიოდე სიტყვას ვიტყვით იმაზე, თუ როდის და როგორ მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია, - დაიწყო თავისი გამოსვლა მან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობაზე საუკუნეთა მანძილზე გამოთქმული იყო განსხვავებული მოსაზრებები. ერთი თვალსაზრისის თანახმად, საქართველოს ეკლესია დააფუძნა იერუსალიმიდან ჩამოსულმა ანდრია პირველწოდებულმა და ამიტომაც ის ავტოკეფალური იყო დაფუძნებისთანავე (I საუკუნიდანვე), ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოციქულების მიერ დაარსებული ეკლესიები. აღნიშნულმა თვალსაზრისმა თავისი გამოხატულება ჰპოვა გიორგი მთაწმინდელის პასუხში ანტიოქიის პატრიარქთან კამათის დროს (1054-1056). მეორე თვალსაზრისის თანახმად, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა ვახტანგ გორგასლის დროს, ე. ი. V საუკუნის მეორე ნახევარში.

ცნობილი კანონისტის თეოდორე ბალსამონის (1186-1203) ცნობით, საქართველოს ეკლესიამ თავისი ავტოკეფალურობის დასტური მიიღო XI საუკუნეში ანტიოქიის საეკლესიო კრების დადგენილებით პატრიარქ პეტრეს (1053-1057) დროს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურად ისმის კითხვა: თუ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალური იყო V საუკუნეში, მაშინ რატომ გახდა საჭირო მისი თვითმწყემსობის დადასტურება ხელმეორედ XI საუკუნეში? ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, როგორც ქართველ მეცნიერებში (ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი), ასევე რუს საერო და სასულიერო პირთა შორისაც. საბოლოოდ ივერიის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის ორჯერ მიღების გამო, ვერავინ ვერ მისცა ახსნა-განმარტება.

ივერიის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ორგზის მინიჭების ფაქტს ადასტურებს მ. ბრეკის ცნობებიც. ეპისკოპოსმა კირიონმა სიღრმისეულად შეისწავლა მ. ბრეკის მოწმობა და ასეთ დასკვნამდე მივიდა: "ვინც მ. ბრეკის მოყვანილ დამოწმებულ მასალებს დაკვირვებით გაუკეთებს ანალიზს, იგი დარწმუნდება, რომ ეს მოსაზრება ეკუთვნის არა მცხეთის საკათოლიკოსო კათედრას, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში უწყვეტად ჰყავდა თავისი კათოლიკოსები, არამედ რომელიღაცა სხვა ივერიას. თვითონ ეს ფრაზაც: "როგორც ეს გააკეთა პირველმა კათოლიკოსმა, ხელდასხმულმა სხვა ივერიელებისათვის" ნათლად გვიჩვენებს, რომ აქ საუბარია სხვა და არა ჩვენს ივერიაზე. მ. ბრეკის სიტყვებით XI საუკუნეში ივერიის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ხელმეორედ მინიჭების ფაქტს ადასტურებდა ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრინიც.

საქმე იმაშია, რომ გარდა უძველესი ივერიის სამეფოსი (ქართლი), სადაც ხან მცხეთა იყო დედაქალაქი და ხან თბილისი, იყო მეორე ივერიაც, რომელიც შედარებით გვიან - VII-VIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ეს ახალგაზრდა სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა VIII საუკუნეში, არტანუჯელი ქართველი ბაგრატიონის აშოტ კუროპალატის (787-826) პოლიტიკური ტაქტიანობისა და ბრძნული მმართველობის შედეგად. თავისი ადგილმდებარეობისა და კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრის წყალობით, ქალაქი არტანუჯი სწრაფად გაძლიერდა და გამდიდრდა. ამ ადგილებში დღესაც მრავლად არის ქართული საეკლესიო ძეგლები, რაც აქ მართლმადიდებლობის ზეობას ადასტურებს. X საუკუნეში არტანუჯელი ბაგრატიონების სამეფომ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია, რაზეც ერთხმად მეტყველებენ ქართული, ბერძნული და სომხური წყაროები. ამ სამეფოს შემადგენლობაში შედიოდნენ ზემო ივერიის ოლქები: კლარჯეთი და ტაო. აი, ზუსტად ძირითადად ქართული ტომებით დასახლებულს ამ ივერიას, მიეკუთვნება მეორე ავტოკეფალია."14 ქართველმა მღვდელმთავარმა ამ ერთი მცირე ზომის ნაშრომით პასუხი გასცა უკვე დიდი ხნის მანიძილზე არსებულ საკამათო საკითხს.

მეოთხე მოხსენება - "ეროვნულობის პრინციპი ეკლესიაში" მთლიანად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობის კანონიკური არგუმენტების მიმოხილვას დაეთმო. ეს საკითხის სრულიად გამორკვევისათვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო. უსამღვდელოესი კირიონი თავის მოხსენებაში მთლიანად დაეყრდნო მოციქულთა 34-ე კანონის მიმოხილვას და მისი მნიშვნელობის განმარტებას.

მოციქულთა 34-ე კანონში ეროვნულ თავისთავად ეკლესიებზე და "თითოეული ნათესავის" ეპისკოპოსებზეა საუბარი. 34-ე კანონი ამ ეპისკოპოსების თანატომელებს ავალდებულებს "თავად შერაცხონ ეპისკოპოსი თვისი~ და მისი ნებართვის გარეშე არაფერი მოიმოქმედონ. მოციქულთა 34-ე კანონიდან ჩანს, რომ: 1. სანამ მთელი ეკლესია მოციქულთა სწავლების ერთგული რჩებოდა, საერთო მიწიერი ცენტრი, რომელსაც დაექვემდებარებოდნენ ადგილობრივი ეკლესიები, არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო. არც ახალ აღთქმაში და არც მოციქულთა კანონებში არ არსებობს მცირეოდენი მინიშნებაც კი ამის შესახებ. 34-ე კანონი ამბობს, რომ ადგილობრივი ეკლესიის ყოველი საქმე საბოლოოდ წყდება მის ეპისკოპოსთა მიერ, მათი პირველი ეპისკოპოსის მეთაურობით; 2. მოციქულებმა არა მარტო დააარსეს ავტოკეფალური ეკლესიები, არამედ მათი ავტოკეფალიის დაცვაზეც იზრუნეს. მითითებული კანონიდან ჩანს, რომ ადგილობრივი ეკლესიის ყოველგვარი საქმე წყდება სხვა ეკლესიის მხრიდან ჩარევის გარეშე, თვით ადგილობრივი ეკლესიის მიერ პირველი ეპისკოპოსის მეთაურობით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ეპისკოპოსი კირიონი თვლიდა, რომ მოციქულთა 34-ე კანონის პირდაპირი გაგებით, ყველა ეროვნებას თავისი უმაღლესი სასულიერო ხარისხის წინამძღოლი უნდა ჰყოლოდა: "ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია და ამიტომაც მათ შორის არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენდენტობის, განსაკუთრებული პრივილეგიების ქონის სურვილი. ეკლესიის და ხალხის ერთობა, თანასწორობის პრინციპზე უნდა იყოს დამყარებული...

ლათინურმა ერებმა (კათოლიკეებმა) თავისთან ჩამოაყალიბეს მკაცრი საეკლესიო ორგანიზაცია და შექმნეს მაღალმხატვრული ხუროთმოძღვრება (არქიტექტურა); ბერძნებმა, გამოცდილებმა დიალექტურ ზედმიწევნულობაში, გამოიმუშავეს რთული და მკაცრი დოგმატიკა. რუსებმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ძირითადი ყურადღება მიაქციეს საეკლესიო წესდებასა და დისციპლინას. გარეგნული მხარე აიყვანეს უმაღლეს საფეხურზე. ქართველებმა კი, თავისი საუკუნოვანი ეროვნული რწმენა გააქრისტიანეს და ქრისტიანული სულით აღივსენ მთლიანად. იგი შეავსეს თავისი ხასიათის თვისებებით: თავმდაბლობით, უბრალოებით, გულისხმიერებით, თავგამოდებით, უწყინარობით (უბოროტებით) და სიმტკიცით. ასე მხატვრულად ახასიათებს ქართველებს და მათ ეროვნულ ეკლესიას, ქართველი სწავლული, კათოლიკოსი ნიკოლოზ პირველი (1149-1160).

უსამღვდელესი კირიონის აზრით, კანონიკურად დადგენი-ლი წესები, მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილე-ბები და მოციქულთა 34-ე კანონი, მას სრულიად სამართლი-ანად აძლევდა უფლებას მოეთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ძველი საეკლესიო საზღვრების გათვალისწინებითა და კათოლიკოს-პატრიარქით სათავეში."15

ეპისკოპოსი კირიონი საქართველოში მღვდელ იოსებ ჩი-ჯავაძისადმი გამოგზავნილ წერილებში დაწვრილებით აღ-წერდა პეტერბურგის ამბებს. "1906 წლის 4 იანვარს ვიყავი ობოლენსკისთან,მაგრამ მითხრეს,რომ 12 საათზე მიგიღებთო. ავდექი და ოსტორუმოვთან წავედი. ვნახე, დავიწყეთ საუბარი. თავიდანვე დაიწყო აბდაუბდა ლაპარაკი. ჩემს სიტყვებზედ შესახებ საქართველოს სამღვდელოების უკიდურესს სიღარი-ბისა, დაიწყო ხმამაღლა გულმოსულმა, გაცხარებით ლაპა-რაკი: ამოდენა ზღვა ფული ვგზავნეთ საეგზარქოსოში, ზოგ მღვდელს 800-900 მანეთი აქვს ჯამაგირიო,თქვენ კი ჩივით,რომ გაღატაკდა ქართველი სამღვდელოებაო, თქვენ სიბნელეში იყავით, ჩვენ გაგიხსენით სასწავლებლები, დაუნახავები ხართ, ჩვენ დაგიხსენით მონობისაგან,თქვენ კი მხოლოდ ცუდ მხარე-სა ჰხედავთ რუსების მმართველობაშიო. მე დინჯათ შემდეგი პასუხი მივეცი: ჭეშმარიტება გულმოსულად და გაცხარებით არ წარმოითქმება, არამედ აუღელვებლად მეთქი და წყნარად გელაპარაკებით და არც იმისათვის მოვსულვარ, შეურაცხყო-ფა მივიღო მეთქი. ამის თქმა იყო და წახდა კაცი, უცნაურად დაეკარგა მედიდურობა,მოიკაკვა,ხმა დაუდაბლდა. მე ცოტათი ავიმაღლე ხმა და ვუთხარი, მიჩვენეთ ერთი მაგალითი, რომ ქართულ ეპარქიებში ამ ზომის კი არა, 500 მანეთს ჯამაგირს იღებდეს ქართველი მღვდელი წელიწადში. დიდი ჯამაგირე-ბი რუსის მღვდლებისათვის და მათის სამრევლოებისათვის არის მეთქი. რაც შეეხება სწავლა-განათლების შემოტანას, რუსეთთან შეერთებამდის, 1802 წლამდის ქართველები მაღლა თუ არა, დაბლა არ იდგნენ რუსებზედ მეთქი. ორი სემინარ-ია გვქონდა, ერთი თბილისში და მეორე თელავში, თქვენ კი ორივე დახურეთ და 17 წლის შემდეგ ძლივს-ძლივობით ერთი სემინარია გახსენით მეთქი და არა ქართული. მიკვირს ეგრე გაბედულად რომ მელაპარაკებით ჩემი სამშობლოს შესახებ და არავითარი ცოდნა არ გაქვთ საქართველოს ეკლესიის წარსულზედ... საუბრის დასასრულს არ იცოდა როგორის პატივისცემითა და მოწიწებით გამოვეცილებინე კარებამდის. იქიდან წავედი ობოლენსკისთან, რომელსაც დედა ქართველი ჰყოლია. ძალიან კარგად მიმიღო მეტად დარბაისელი კაცია. მან მითხრა, თქვენ როგორც მცოდნემ თქვენი სამშობლო-სი, უნდა გვიშველოთ, როგორ უნდა მოვაწესრიგოთ საეკლე-სიო საქმე საქართველოშიო. ხელმწიფესთან თქვენ მე და-გასახელეთ და ხელმწიფე იმპერატორმაც მოისურვა თქვენი მოწვევაო. იმის აზრით ქართველი ეგზარქოსი დაინიშნება, კანტორა ძირიანად შეიცვლება, ყველა საქმე მანდვე გას-წორდება."16 ეპისკოპოს კირიონის წერილიდან ეს ვრცელი ამონარიდი კიდევ უფრო ამტკიცებს იმ აზრს, რომ საეკლე-სიო საკითხებზე მსჯელობა არა მარტო ოფიციალურ სხ-დომებზე ხდებოდა, არამედ სერიოზული კულუარული მუშაო-ბაც იყო გაჩაღებული. მეუფე კირიონს დიდი იმედი ჰქონდა საქართველოდან მხარდაჭერისაც. აი, რას წერდა იგი იოსებ ჩიჯავაძეს: "ძალიან გაგვიჭირდა საქმე. კრებებს ახდენენ ან-ტონი მიტროპოლიტის სახლში და ჩვენ კი ჯერ-ჯერობით არაფერს გვაგებინებენ. ვეცადე კერძოდ გამეგო, მაგრამ ვერც ამ მხრით გავხდი რასმეს. ეხლა აქ გვირჩიეს მანდიდან და-ვაჩქარებინოთ საქმე, თორემ აქ როგორღაც ყურებს არ იბერ-ტყამენ. უნდა შეიკრიბოთ, მოიწვიოთ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ დიასამიძე და სხვები გააცნოთ აქაუ-რი საქმის მდგომარეობა, შეადგინოთ დეპუტაცია ვორონცოვ-დაშკოვთან და სთხოვოთ მას საქართველოს ბედკრულ ეკლე-სიას უშველოს რამე. ეჭვი არ არის, რომ როგორც კეთილი კაცი, რომელმაც სომხებს დიდი საქმეები გაუკეთა, ეცდება ამ ბოლო დროს ჩვენთვისაც, რათა საქართველოს ეკლესიური კითხვა სასურველად დააბოლოოს. ეს კითხვა მაგისგან,ვგონ-ებ, აღძრული უნდა იყოს, ეხლა კიდევ საჭიროა მოაგონოს მთავრობას, რომ დაბეჩავებულ ქართველთათვის ერთადერთი ხსნა მხოლოდ მათი ეკლესიის ავტოკეფალიაა. ამგვარად მა-გის წყალობით ჩვენი ეკლესია მიიღებს სრულ თავისუფლე-ბას და აღმოაჩენს სახსარს, ჩვენი დაცემული ხალხი ფეხზედ დააყენოს და გამოიყვანოს ამ გაჭირვებულ მდგომარეობიდან. გვიყოს ეს სიკეთე და მაგის სახელს უკვდავ ჰყოფს ჩვენი შთამომავლობა. სასურველია ვორონცოვ-დაშკოვის მიერ აღ-ძრული შუამდგომლობის პირი იშოვნოთ და გამომიგზავნოთ. ამ გვარსავე წერილს წერს ყოვლად სამღვდელო ლეონიდი დეკ. მ. ტყემალაძეს, მაგრამ ვშიშობთ, რომ ამ საქმეში სიმხდ-ლობა არ გამოიჩინოს. შენი იმედი კი გვაქვს. აბა, ვინძლო საქმე გაჩარხოთ,სანამ ვორონცოვ-დაშკოვი მანდიდან არ წამ-ოსულა, ვინძლო იერიში კარგად მიიტანოთ. ჩვენ აქ თავი გა-დადებული გვაქვს, მანდ თქვენი უნარი უნდა გამოიჩინოთ."17

ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილისათვის ეპისკოპოს კირიონის სახელი ძვირფასი იყო და გაიგივებუ-ლი ავტოკეფალურ მოძრაობასთან. ასეთად აღიქვამდნენ მას პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მეცნიერები: ალექსანდრე ცაგარელი,ალექსანდრე ხახანაშვილი,ნიკო მარი,ივანე ჯავახ-იშვილი, ზურაბ ავალიშვილი. ამ მხრივ საინტერესოა ეპისკო-პოს კირიონის ერთი ჩანაწერი (1906 წ. 3 იანვარი) "დღეს ღამის 10 საათზე ცაგარელისგან მივიღე წერილი, რომელშიც იწერებოდა, ეს არის ახლა გავიგე თქვენი აქ მობრძანებაო. დღეს სადილად ჩემთან უნდა იყვნენ ი. ჭავჭავაძე და გ. ჟუ-რული. ხვალ მიდიან და თუ არ დაიზარებთ აქ მობრძანებას, ძალიან გვასიამოვნებთო. თუმცა გვიანი იყო, მაგრამ ღამის თერთმეტის ნახევარზედ გავაღვიძებინე მეეტლე და გავემგ-ზავრე. ჩემი მისვლა ძალიან ესიამოვნათ. ილიას და გიორგი ჟურულს ენახათ ობერპროკურორი ობოლენსკი, რომელსაც ეთქვა მათთვის, რომ ერთ სამეფოში ორი ავტოკეფალური ეკლესია მოუხერხებელიაო... ხვალ ილია და გიორგი ჟურუ-ლი საქართველოში მიემგზავრებიან."18

თავიდანვე ცხადი იყო, რომ პეტერბურგში მოწვეულ რუსე-თის სინოდის წინარე სხდომების მონაწილეებს რეალურად არ აინტერესებდათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. ხელისუფლებას სურდა ქართველი ავ-ტოკეფალისტების დაშოშმინება. ამიტომ მათთვის ქართველი მღვდელმთავრებისა და მეცნიერების არგუმენტები მიუღებელი იყო. სამაგიეროდ უსმენდნენ და უწონებდნენ პათოსს ცნობილ შავრაზმელ დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელმაც "დაასაბუთა", რატომ არ შეიძლებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. აი, რა "არგუმენტებს" იშველიებდა იგი: "ვამტკიცებ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში საეკლესიო საქმე ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ დაიღუპება. სპარსეთში საეკლესიო საქმე სრულ გაპარტახებამდე მივიდა მას შემდეგ, რაც საეკლესიო დისციპლინა სრულიად დაეცა და ეპისკოპოსს სამღვდელოებამ აშკარა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა... დაბეჯითე-ბით ვამბობ,რომ საქართველოს საკათოლიკოსოში მღვდლები შეწყვეტენ ეპისკოპოსისადმი მორჩილებას,ყველაფერი უთანხ-მოებაში გადაიზრდება. ასე რომ, ჩვენი ავტოკეფალიით მო-ვამზადებთ საქართველოში საეკლესიო ცხოვრების რღვევას, დასაბამს მივცემთ ოპოზიციას, შიდააშლილობას ეკლესიაში, რაც არ შეწყდება რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოგვარების შემდეგაც. ამის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ეს კი დაქუცმაცებას გამოიწვევს. ჩვენ ხელთ გვაქვს ერთი დღემდე საიდუმლოდ შენახული, მაგრამ მეტად ცნობილი ფაქტი: კავკასიის მეფისნაცვალმა გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა ზუსტად ნახევარი წლის წინ უწმიდეს სინოდს ტელეგრამით აცნობა, რომ იმერეთის სასულიერო დასმა, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა დახმარებას, ეპისკოპოს ლეონიდს მორჩილებაზე უარი განუცხადა. მე კარგად ვიცნობ იმერეთის სამღვდელოების ყრილობის დადგენილებებს, რომლებშიც წარმოდგენილია პროექტი ეპისკოპოსების შემდგომ უფლებებზე. იმერეთის სამღვდელოებას სურს ეპისკოპოს ლეონიდის უფლებების შეკვეცა,რომ მას მხოლოდ ხელდასხმა შეეძლოს. აღსანიშნავია, რომ ამ კრების მუშაობაში სამღვდელო დასის გვერდით მრევლიც იღებდა მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი ავტოკეფალიის მინიჭებამდე ხდებოდა... საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ვიმეორებ, საქართველოში საეკლე-სიო ცხოვრების დაღუპვას გამოიწვევს. რაც შეეხება ავტოკეფალიის პოლიტიკურ მხარეებსა და მოტივებს (სხვა მოტივები, ჩემი შეხედულებით, ამ საქმეში სრულებით არ არის), მათ შეფასებას ამჯერად არ დავიწყებ."19 "აქ, როგორც ვატყობ, საქმე საბოლოოდ ვერ გარიგდება" - წერდა ეპისკოპოსი კირიონი, "საქართველო უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილა და უბედურა-დაც მიდის ჩვენი საქმე" - ასეთი ჩანაწერები კირიონის წა-მიერი სისუსტის გამოვლენა იყო,შემდეგ კი ისევ ოპტიმიზმით იწერებოდა იგი - "ჩვენი ხანა შესანიშნავი მომენტია ჩვენს ისტორიაში. ახლა ჩვენ ამის აწონ-დაწონა არ შეგვიძლია. მომავალი თაობა შურის თვალით შემოგვხედავს ჩვენ, რომ ამისთანა დიდებული ჟამის მოწმენი ვართ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ხოლო ნამოქმედარის აღწერა მემატიანის საქმეა."20

ეპისკოპოსი კირიონი განსაკუთრებით განიცდიდა არა რუსი სასულიერო პირებისა და მეცნიერების ტენდენციურ დამოკიდებულებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკ-ითხისადმი, არამედ რენეგატი ქართველების მოღალატეობას და გაუგონარ ნიჰილიზმს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ პეტერბურგში სინოდის წინარე სხდომა და იქ ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის გამოსვლა, რომელმაც ეპისკოპოს კირიონსა და ლეონიდეს სეპარატისტები უწოდა და დასძინა - დაიჭირეთ კირიონი და ლეონიდე, საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო. ასევე დასაგმობი იყო ეპისკოპოს ექვთიმე ელიაშვილის მოქმედება. ეპისკოპოსი კირიონი მასზე წერდა: "ელიევი (ელიაშვილი) ღმერთმა დასწყევლოს აქაც და იქაც, რომ მოგწერე, უარი თქვა ავტოკეფალიაზე... ელიაშვილი აქ არის და დაიარება ეგზარქოსთან. ეს ისეთი ყაიდის კაცია, რომ სამოთხეშიც არ დასტოვებს თავის ვერაგობას... ძაან შევთათხე, პირდაპირ გამოვუცხადე, თქვენისთანა ქვეყნის გამყიდველი ადამიანი სამშობლოს არ უნდა მეთქი."21

ეპისკოპოს კირიონის დევიზი იყო სამშობლოს მსახურება, ამიტომ ფიქრობდა იგი - სამშობლოს სიყვარული უდიდესი ნეტარებაა, მიწა-წყლის გამყიდველი თავის თავს აძევებს სამშობლოდან, თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. თავისუფლება ღვთიური ნიჭია, სამშობლოზედ მზრუნველი მამულიშვილი უშიშრად ეგებება სიკვდილს. სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი ყველგან ქრისტიანულ სათნოებას და მამულის სიყვარულს ქადაგებდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება მის დევნა-შევიწროებასა და მასზე ცილისწამებას ორგანიზებულ ხასიათს აძლევდა, შავრაზმელი დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კი მის ჩამოხრჩობას ნატრობდა. ეპისკოპოსმა კირიონმა გაზეთ "კოლოკოლ-ში" გამოქვეყნებულ ვოსტორგოვის წერილს უპასუხა და იგი სიცრუესა და ტენდენციურობაში ამხილა. ვოსტორგოვი გამოხატავდა რა ხელისუფლების პოზიციას, მეგრელებსა და სვანებს არაქართველებად მიიჩნევდა და იქაური სკოლებიდან და ეკლესიებიდან ქართული ენის გაძევებას მოითხოვდა. ვოსტორგოვი ეპისკოპოს კირიონს აბრალებდა სოხუმის ეპარქიაში რუსების დევნას, სამსახურიდან განთავისუფლებას და მათ ადგილზე გაუნათლებელი, უბირი ქართველების დანიშვნას, გრიგორიევის სახელმძღვანელოს უგულებელყოფას­და მის ნაცვლად მისი მეგობრის იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს გამოყენებას, აფხაზებისა და ბერძნების დევნას, აფხაზების გაქართველებას. ამ ბრალდების პასუხად ეპისკოპოსი კირიონი წერდა: "ბრალმდებელმა უნდა იცოდეს, რომ აფხაზები თითქმის ორი ათასი წელია, რაც ქართველთა კულტურული გავლენის ქვეშ იმყოფებიან და, საკუთარი დამწერლობის უქონლობის გამო თითქმის ათასი წელია ქართულ ენაზე უხდებათ ღვთისმსახურება. ისინი ამდენი ხნის განმავლობაში არ გაქართველებულან და როგორ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, თითქოს მე შემეძლო ერთ წელიწადში მათი გაქართველება?.. ნამდვილი ქართველი მოვალეა გაუფრთხ-ილდეს აფხაზურ ენას და აფხაზი ხალხის ეროვნულ თავისებურებებს."22

ეპისკოპოსი კირიონი ყურადღებას იჩენდა საქართველოში მცხოვრები ოსების მიმართ. მან შეკრიბა და ჟურნალ "მწყემსში" გამოაქვეყნა ოსური ლეგენდები. მასვე ეკუთვნის სა-განგებო წერილები იალღუზიძე-გაბარათის მიერ შედგენილ ანბანზე, ოსურ ენაზე საღმრთო წიგნების გადათარგმნაზე. აქედან კარგად ჩანს, რა პროვოკაციული მიზნები ჰქონდა დეკანოზ იოანე ვოსტორგოვს, როდესაც ეპისკოპოს კირიონს ბრალს სდებდა სომხების, აზერბაიჯანელების, აფხაზების, ოსებისა და ბერძნების სიძულვილში. კირიონის ავტორიტეტის ზრდა, ხალხის ნდობა და სიყვარული მიუღებელი იყო, ამიტომ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ცილისწამებასთან ერთად გააძლიერა ქართველი ავტოკეფალისტების სასტიკი დევნა. ამის გამოხატულება იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ კირიონისათვის ეპისკოპოსის ხარისხის ჩამორთმევა და სანაქსარის უდაბნოში გადასახლება. ამ დევნა-შევიწროებამ მას მოწამებრივი გვირგვინი დაადგა. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ საქართველოს ეგზარქოსად ავტოკეფალისტებისადმი უკიდურესად უარყოფითად განწყობილი ნიკონ სოფისკის გამოგზავნით დაა-დასტურა, რომ არ აპირებდა ქართველი ავტოკეფალისტებისათვის რაიმეს დათმობას. ხელისუფლებამ არ იღო ყურად ილია ჭავჭავაძის წინადადება - ნიკონის თბილისში გამოგზავნა უკიდურესად გაამწვავებს ვითარებას და კიდევ უფრო დიდ უსკრულს წარმოშობს ეკლესიასა და საზოგადოებას შორისო. ეგზარქოს ნიკონს თბილისში რკინიგზის სადგურზე პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავდნენ, ასე გრძელდებოდა 1908 წლის 28 მაისამდე,მაგრამ ამ დღეს სიონში წირვის დამთავრების შემდეგ ეგზარქოსის კანცელარიასთან ეტლიდან გადმოსული ეგზარქოსი ააფეთქეს. ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინა ნიკოლოზ ნამორაძემ, მაგრამ ეგზარქოსის მკვლელობაც ქართველ ავტოკეფალისტებს და მათ მეთაურს ეპისკოპოს კირიონს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ,როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. როდესაც ამ ცილისწამების შესახებ პრესის წარმომადგენელნი ევგენი გეგეჭკორს, მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს შეეკითხნენ, მან უპასუხა: ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა, ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოს კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ. ეპისკოპოს კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში გაიტანა ოლივერ უორდროპმა, რომელსაც 1909 წლის 2 აპრილს წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ცაგარელმა: "კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში ტამ-ბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის, მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალით წაიყვანა პოლიციამ რკინიგზით მონასტერში."23 ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწ-ერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა 1909 წლის 20 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. აკაკი წერეთელი იოსებ ჩიჯავაძისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა!.. რაც იმედები მქონდა სულ გამიქარწყლა, მაგრამ ახლა ამაზე გლოვის დრო აღარ არის, თავს არ დავზოგავ. წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი აღარ გავახარებ."24 ეპისკოპოსი კირიონი სულიერად ვერ გა-ტეხეს, უარი ვერ ათქმევინეს სამშობლოსა და დედა ეკლესიის სიყვარულზე.

"ტანჯვას კაცი ადვილად იტანს, როდესაც დარწმუნებუ-ლია, რომ მისი ტანჯვა თანამემამულეებს ბედნიერებას მიანიჭებს," იგი თანამემამულეებს, ავტოკეფალური მოძრაობის მიმდევრებს ამხნევებდა: "ჩემი აქ ყოფნა მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი... წინ ფიანდაზის მაგივრად მართალია ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია."25

სანაქსარის უდაბნოში გადასახლებულ კირიონს საგანგებო მეთვალყურედ ჰყავდა იღუმენი ავგუსტინი, რომელიც გაუტეხელი მღვდელმთავრის ყოველ ნაბიჯს გაფაციცებით აკვირდ-ებოდა და ანგარიშს პეტერბურგში აგზავნიდა. ეპისკოპოსმა კირიონმა განმარტოებაში ყოფნისას კიდევ უფრო დიდი სულიერი და შემოქმედებითი ძალა იგრძნო - განმარტოება მასწავლებელია სიბრძნისა,- წერდა იგი - განმარტოება მშობელია გმირთა, განმარტოება კაეშანს აქარვებს, განმარტოება აკვანია მამულიშვილობისა, განმარტოება მყუდრო ნავთსაყუდელია, განმარტოება სამკურნალოა გულისა, განმარტოება კრავს, ალომებს, განმარტოება მიზნის მიღწევას აადვილებს". ეპისკოპოსი კირიონი ქართველი ხალხისათვის სამშობლოსა და საქართველოს ეკლესიისათვის წამებულ რაინდად იქცა. რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მყოფი ქართველი სტუდენტების თანადგომა კარგად ჩანს ხარკოვის ქართველ სტუდენტთა მიერ მისადმი გაგზავნილი წერილიდან - "უფალო კირიონ! თქვენ ხართ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით აღგზნებული, ყოველი თქვენი მოქმედება აღბეჭდილია ხალხისადმი განუზომელ მზრუნველობით, თქვენი განუშორებელი ფიქრია საყვარელი სამშობლოს კეთილ-დღეობა, რომლისთვისაც არ ზოგავთ ძალ-ღონეს, მზად ხართ შესწიროთ თვით სიცოცხლეც კი... სამშობლოს ტკივილი თქვენ ტკივილად გაქვთ მიჩნეული, მისი ნეტარება თქვენ ნეტარებად, ყოველ თქვენ მოქმედებაში, სურვილში თუ ლტოლვილებაში მუდამ ის გამოსჭვივის თუ რა წვლილი შეიტანოთ ჩაგრულთა სანუგეშებლად და რა იღონოთ დამჩაგვრელთა დასამხობად, ხალხისადმი ამნაირ განუსაზღვრელ სიყვარულითა და მზრუნველობით აღჭურვილი დაშორდით ამქვეყნიურ ყველანაირ სიამოვნებას და აღიკვეცეთ ბერად, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო გქონოდათ ნაყოფიერი მუშაობისათვის, როდესაც რევოლუციამ იფეთქა და ჩაგრულთა ხმა დაუმალავად შეიქმნა, მაშინ თქვენ უაღრესად აღიმაღლეთ ხმა და თავისუფლების მოძრაობისაკენ სიხარულით გამოეშურეთ, რადგან მასში ხედავდით საერთოდ ჩაგრულ ხალხთა აღდგენას და კერძოდ თქვენი ქვეყნის მძიმე მონობის უღლიდან განთავისუფლებას, მაგრამ რა ჩანელდა რევოლუცია, თქვენ როგორც ერთი საუკეთესო მფარველი ქართველი ერისა, გახდით მსხვერპლი გამძვინვარებულ რეაქციისა. გაძლევთ პირობას, რომ თქვენი მიწა-წყლის ახალგაზრდა შვილები, თქვენი უმცროსი ძმები, თქვენთან ერთად გაილაშქრებენ საერთო მტერ-ზედ და მტრის შემუსვრით ააყვავებენ გათელილ კუთხეს და ჩაგრულ ერს, ვინატროთ, რომ მალე, სულ მალე, მტერი შემუს-ვრილიყოს, ჩაგრული ერი განთავისუფლებულიყვეს და ჩვენ ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მინიჭებოდეს, თქვენ კი მის პირველ მმართველ კათოლიკოსად გვენახოთ."26

1914 წლის 23 მაისს კირიონმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ვრცელი წერილით მიმართა, რომელშიც აღწერა თავისი საქმიანობა. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონი-ის ომის დროს მისი ინიციატივით შეგროვილ იქნა 67 000 მანეთი ფრონტის დასახმარებლად, ჩამოაყალიბა საავადმყო-ფო-ლაზარეთი დაჭრილი მეომრების სარეაბილიტაციოდ,მისი ძალისხმევით დახურვას გადაურჩა ორლოვის სასულიერო სასულიერო სემინარია. წერილში იგი კატეგორიულად უარყ-ოფდა ეგზარქოს ნიკონის მკვლელობასთან რაიმე კავშირს. კირიონი იმპერატორს სთხოვდა მოეხსნათ მისთვის პოლიცი-ის მეთვალყურეობა, აღედგინათ ეპისკოპოსის ხარისხი და საქართველოში დაბრუნების ნება დაერთოთ. იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ 1915 წელს კირიონი აღადგინა ეპისკოპოსის ხარისხში, მაგრამ მას სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს, ჩააბარეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია, წმინდა ანას ორდენითაც დააჯილდოვეს.

1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში შექმნილი რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების განსამუხტა-ვად იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. შეიქმნა დროებითი მთავრობა ჯერ როძიანკოს, ხოლო შემდეგ თა-ვად ლვოვის თავმჯდომარეობით. ამ ცვლილებებით კარგად ისარგებლეს ქართველმა ავტოკეფალისტებმა და 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ათასობით მორწმუნის თანდასწრებითა და ხელმოწ-ერით მიიღო ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც წაიკითხა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). "1 ამ დღიდან, ე. ი. 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 2. დროებით კათოლიკოსის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ ინიშნება გურიაოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე, 3. საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები". მცხეთაში მომხდარ ისტორიულ მოვლენას ვიტებსკიდან მიესალმა ავტოკეფალური მოძრაობის სულის-ჩამდგმელი ეპისკოპოსი კირიონი, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველობას ასეთი შინაარსის დეპეშა გამოუგზავნა. "გილოცავთ ავტოკეფალიას, ხუნდები აეხსნა ივერიის ეკლესიას, რადგან დამონებული იყო ჩვენი ეროვნული სიწმინდე, მდაბიო ერად იყო ქცეული ქართველი ხალხი, იგი ტანჯვის ცრემლს ღვრი-და, ახლა კი სიხარულის ცრემლს ვაფრქვევთ. გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას."27

საქართველოში მოვლენები სწრაფად იცვლებოდა, ავტოკე-ფალისტები, რომლებიც ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომებში მონაწილეობდნენ, მრავალ საკითხს იხილავდნენ. ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს მათ უკვე აღარ ახსოვდა ეპისკოპოსი კირიონი. თუმცა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეპისკოპოსი კირიონი ავტოკეფალური მოძრაობის მეთაურად და სამშობლოსათვის წამებულ გმირად იყო მიჩნეული, ამიტომ მორწმუნეთა ჯგუფმა, რომელსაც ქრისტეფორე კაპანაძე ხელმძღვანელობდა, ვიტებსკში ინახულა იგი, და მოუწოდა მას დაბრუნებულიყო სამშობლოში და ჩაბმულიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში. როგორც იოსებ იმედაშვილი იხსენებდა, "კირიონმა ყურადღებისათვის დიდი მადლობა გადაიხადა, მაგრამ მან მტკიცე უარი შემოთვალა კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობაზე. ლეონიდი და მისი მომხრენი მოსვენებას არ მომცემენო."28 ბოლოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. მანამდე პეტერბურგში ჩავიდა, შეხვდა სინოდის ობერპროკურორს და ესაუბრა საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მისმა არაკეთილმოსურნეებმა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში საქმის ვითარება ისე დახატეს, თითქოს ეპისკოპოსი კირიონი რუსეთის ეკლესიის ობერპროკურორს გაურიგდა საქართველოს ეკლესიის საზიანოდ. სამშობლოში მომავალ კირიონს არაგვის ხეობაში შეეგება ასოცი ცხენოსანი გიგო ყარანგოზ-იშვილის ხელმძღვანელობით. იგი დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე, თბილისში კი ბრწყინვალე შეხვედრა მოუ-წყეს. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: "კირიონის მოწინააღმდეგე ბანაკი ცდილობდა მისი რეპუტაციის მოკვლას საზოგადოების თვალში. მას "რუსეთის მთავრობის აგენტს" უწოდებდნენ... საქართველოში დაბრუნებული კირიონი მცირე ხნით დაბრუნდა რუსეთში, იქ ლიკვიდაცია უყო თავის სამსახურს, ჩამობრუნდა ისევ საქართველოში და ითხოვა სამმართველოში ერთ-ერთი მონასტერი კახეთში,მგონი "შუამთა". დროებითმა სამმართველომ უარი უყო კირიონს ამ მონასტერში დაბინავებაზე - ეპისკოპოს პიროსის ეპარქიაშია ეგ მონასტერი და მას ეწყინებაო. ამ სახით იგი ჰაერში დარჩა გამოკიდებული! და დაბინავდა ნავთლუღის მღვდლის იოსებ ჩიჯავაძის ოჯახში."29 დროებითი მმართველობის სხდომებზე მის გამოსვლებს ირონიულად უყურებდნენ. ჰოი საოცრებავ, ავტოკეფალიისათვის ნატანჯი მღვდელმთავარი არა თუ დააფასეს თბილისში,არამედ გაინაპირეს იგი. ამ სავალალო ვითარებამ ათქმევინა მას შემდეგი სიტყვები: `ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორითგან თვალყურს გადევნებდით,ვფიქრობდი,ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობები, მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებული ხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია."30

1917 წლის 3 აგვისტოს ეპისკოპოსი კირიონი დაესწრო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის თათბირს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება 14 აგვისტოს განსაკუთრე-ბული სხდომის მოწვევის შესახებ. 13 აგვისტოს მონაწილეო-ბა მიიღო ს. გორგაძის მოხსენების "საქართველოს ეკლესია და თანამედროვე მომენტი" განხილვაში. 14 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს ეპისკოპოს ანტონ გიორგაძისა და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის ინფორმაციები პეტროგრადში ქართული ეკლესიის დელეგაციის საქმიანობაზე. მათ აღნიშნეს, თუ რა დიდი დახმარება გაუწიეს ირაკლი წერეთელმა, კარლო ჩხეიძემ, პროფ. ზურაბ ავალიშვილმა. ამავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრების 8 სექტემბერს გახსნის შესახებ.

16 აგვისტოს ეპისკოპოს კირიონის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მოსმენილ იქნა დროებითი მმართველობის კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შესახებ. ამავე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება დაარსდეს იურიდიული კომისია სამართლის პროექტის შესამუშავებლად.

1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში სიონის საპატრიარქო ტაძარში მუშაობას შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა 448 დელეგატი. კრება გახსნა თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). კრების მუშაობის დასაწყისშივე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კრების თავმჯდომარის კანდიდატურამ. კამათის შემდეგ არჩეულ იქნა კრების პრეზიდიუმი, სამანდატო კომისია, რომელშიც შევიდნენ როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები. პრეზიდიუმიდან კრებას თავმჯდომარეობდნენ: სპირიდონ კედია, ტრიფონ ჯაფარიძე, გიორგი ჟურული. კრებას დეპეშით მიესალმნენ ბერძნები, რუსები, ბაქოს მაჰმადიანები.

9 სექტემბრის სხდომაზე წაკითხულ იქნა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის მილოცვა საქართველოს საეკლესიო კრების მიმართ. საეკლესიო კრებას საგანგებო დეპეშით მიესალმა რუსეთის სინოდის ობერპროკურორი კარტაშევი, რომელიც,როგორც ფაქტს,აღიარებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მაგრამ ამავე დროს ქართველ ავტოკეფალისტებს შეახსენებდა, რომ ქონებრივი დავის საკითხები, რომელნიც წარმოიშობოდა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, პეტერბურგში საგანგებო კომისიას უნდა გადაეწყვიტა. საეკლესიო კრებამ მოისმინა სინოდის ობერ-პროკურორის დეპეშის ტექსტი და შექმნა ჯგუფი, რომელსაც უნდა ემუშავა კარტაშევისათვის გასაგზავნ პასუხზე. 10 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის პროექტის შემმუშავებელი კომისიის შემადგენლობა, აგრეთვე საერო და სასულიერო განათლების კომისია. ცხარე დისკუსია გაიმართა ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხარისხების შესახებ. დეკანოზ პოლიევქსტოს კარბელაშვილის აზრით, ისტორიულად ქარ-თულ ეკლესიას ჰყავდა ეპისკოპოსები და მთავარეპისკოპოსე-ბი, მიტროპოლიტები კი ბერძნული და რუსული ეკლესიების მიბაძვით იყვნენ. მიუხედავად მისი არგუმენტების სიმყარისა, მაინც არ გავიდა დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის ეს წინადადება. საეკლესიო კრებაზე ასევე განიხილეს სოხუმის ეპარქიის პრობლემები, რომელთაც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ იქ ქმნიდნენ რუსი სამღვდელოება და მათი მხარდამჭერნი. მათ სურდათ სოხუმის ეპარქია ჩამოეშორებინათ საქართველოსათვის. ამ საკითხზე საეკლესიო კრების პოზიციას ამაგრებდა ერთი წლის წინ, 1916 წელს, აფხაზთა შუამდგომლობის ტექსტი, რომლითაც მათ მიმართეს რუსეთის სინოდს: `ამჟამად დადის ხმა, რომ სინოდში პროექტია სოხუმის ეპარქიის გამოყოფისა საქართველოდან,რაც სამუდამოდ დააბრკოლებს საეკლესიო ინტერესებს აფხაზეთში. ქრისტიანობის აღდგენისათვის, რომელიც გაქრობის გზას ადგია და რომელიც მოხდა ზოგიერთ ეკლესიასთან სრულიად დაუ-კავშირებელ მიზეზთა გამო, საჭიროა ხალხისა და მოძღვართა დაახლოება, შექმნა ისეთი პირობებისა, რაც ხელს შეუწყობს ხალხის და სასულიერო მმართველობის დაახლოებას. სარწმუნოებრივ საკითხებში პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს ადგილი... სარწმუნოებრივ ინტერესთა დაცვის გამო გთხოვთ არ გამოგვთიშოთ და არ გამოგვყოთ ძველადვე არსებული წყობილებიდან, რომლებიც შექმნილია საუკუნეების განმავლობაში ქართველებისა და აფხაზების ისტორიული და კულტურული ცხოვრების მიერ."31 საეკლესიო კრებამ გაითვალისწინა აფხაზეთის დელეგატების თვალსაზრისი, კერძოდ, შექმნილიყო აფხაზეთის ეპარქია, რომლის მღვდელმთავარს ეწოდებოდა ბედიელ-ცხუმელი. ეპარქიის მღვდელმთავარს უნდა სცოდნოდა ქართული, რუსული, აფხაზური.

11-16 სექტემბერს საეკლესიო კრების სხდომებზე იხილე-ბოდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის პროექტი. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება 13 ეპარქიის შექმნის შესახებ. მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, საქართველოს ეკლესია იყოფოდა ეპარქიებად, ეპარქიის უმაღლესი მმართველობითი ორგანო იყო საეპარქიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, იქმნებოდა საეკლესიო სასამართლო, რომელიც იყოფოდა საკათოლიკოსო, საოლქო და საეპარქიო სასამართლოებად. საეკლესიო კრებაზე ცხარე დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, აუცილებელი იყო თუ არა საკათოლიკოსო საბჭოს წევრისათვის უმაღლესი განათლება, დისკუსიის შემდეგ დაადგინეს, რომ შესაძლებელი იყო უმაღლესი განათლების გარეშეც საკათოლიკოსო საბჭოს წევრობა.

საეკლესიო კრებამ მოისმინა დეკანოზ კორნელი კეკელიძის მოხსენება - "ღვთისმსახურება და სამღვდელოება" (მოხსენება ქვეყნდება სრულად დამატებაში) საეკლესიო კრებამ დიდი ყურადღებით მოისმინა სასკოლო კომისიის მოხსენება და დაადგინა, საქართველოში არსებული ქალთა და ვაჟთა სასულიერო სასწავლებლები გადაკეთებულ იყო გიმნაზიებად. ამ სასწავლებლების სასწავლო პროგრამებში განსაკუთრებული ადგილი უნდა დათმობოდა ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის სწავლებას.

საეკლესიო კრებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში მღვდელმთავრებად დაადგინეს: ქუთათელ-გაენათელად მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), ჭყონდიდელად - მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია), ურბნელად - ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ალავერდელად - ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), თბილელად - მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე).

"17 სექტემბერს,საეკლესიო კრების ბოლო დღეს გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდი და ეპისკოპოსი კირიონი.

განმარტება: სანამ არჩევნებს შეუდგებოდა კრება, დეპუტა-ცია გაიგზავნა ტფილელ მიტროპოლიტ ლეონიდთან პართენ გოთუას მეთაურობით: დეპუტაციამ სთხოვა ლეონიდს - "მოხსენით თქვენი კანდიდატურა კათალიკოსობაზე უყაროთ კენჭი მხოლოდ ერთ კანდიდატს - ეპ. კირიონსო! არ გვსურს კენჭისყრით გაშავდეთ ან თქვენ, ან კირიონიო!"

ტფ. მიტროპ. ლეონიდს ეგონა, რომ ვინაიდან ის უკვე "ტფილელად" გავიდა, მორჩა, გამარჯვებული ვარ! წინ ვეღარ გაბედავს დამიდგეს კირიონი. დეპუტაციას თავხედად მიეგება "ტფილელი" - "არა, არ მოვიხსნი ჩემს კანდიდატურას! მარწმუნებენ, შენ გახვალო!" ალბად არწმუნებდა "ჩვენი დათიკო"! (დავით დავიდოვი - ს. ვ.) და მართლაც კინაღამ გავიდა! 12 ხმით ნაკლები მიიღო კირიონზე! ეგ 12 ხმა დავუკარგე ლეონიდს, როგორც სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ! გავაბათილე მცხეთისა და საგურამოს ოლქების დელეგატთა მანდატები, როგორც არაკანონიერად ამორჩეულებისა - სწორეთ 12 დელეგატისა! ეს, რასაკვირველია, მოხდა, შემთხვევით და კანონიერად! არავითარი თაღლითობა მე არ გამიწევია, არც აგიტაციაში მიმიღია მონაწილეობა.

კენჭი ორთავე კანდიდატს უყარეს ცალ-ცალკე, რომ არც ერთი არ გაშავებულიყო! მართლაც, ცალ-ცალკე კენჭის ყრით არც ერთი არ გაშავებულა კრების მიერ, მხოლოდ კირიონმა მიიღო 12 ხმით მეტი!

არჩევნების დროს კირიონიცა და ლეონიდიც სიონის ეზოში იყვნენ, ცალ-ცალკე ოთახში. რო გამოირკვა კენჭის ყრის შედეგები, შემოიყვანეს ჯერ ლეონიდი, რომელიც უნდა მიჰგებებოდა კარიბჭეში კირიონს! სულ მთელი ტანით ცახცახებდა ლეონიდი! ხელებიც უკანკალებდა. შეიმოსა და მიეგება კირიონს, რომელიც შემოიყვანა ტაძარში არქიმანდრიტებმა. ლეონიდმა მოკლე სიტყვით მიმართა კირიონს, არწმუნებდა თავის ერთგულებას მისდამი და ჰპირდებოდა გულწრფელ თანამშრომლობას! კირიონმა დინჯად, აუღელვებლად დაიჭირა ამბიონი და იქიდან კრებას მიმართა სიტყვით, მოკლედ, გარკვევით, თავისი ღირსების დაცვით და აღთქმით თავდადებულ სამსახურისათვის. მადლობა შესწირა კრებას და ორივე ხელით ჯვარი გარდასახა. იგრგვინა კრებამ "აქსიოს"! "აქსი-ოს"! "აქსიოს"! შემდეგ ვიგალობეთ "დღეს სამღვთომან მადლ-მან"... სიონიდან კათოლიკოსი ამ გალობით და ლიტანიობით, მთელმა კრებამ და ქუჩაში შემოერთებულმა ზღვა ხალხმა, ლეონიდთან ერთად, წავიყვანეთ და დავაბინავეთ "საკათა-ლიკოსო სასახლეში" (ექსარხოსის ყოფილ სასახლეში). აქ. გრ. დიასამიძემ სიტყვით მიმართა კირიონსა და ლეონიდს. მოუწოდებდა მათ მწყემსმთავრულ თავ-დადებულ მოღვაწეობისათვის თავიანთ პოსტებზე. შემდეგ მეც ორიოდე სიტყვით მივმართე ორთავეს, უსურვე დღეგრძელობა და ნაყოფიერი მოღვაწეობა! იმდენი საქმეა დღეს საკეთებელი აოხრებულ საქ. ეკლესიაში, რომ ორთავეს ძალ-ღონეს აღემატება ამ საქმეების დამუშავება თქო! ამიტომ,მე დარწმუნებული ვარ,თქვენ დროც კი არ გექნებათ საკუთარ თავზე თუ თავმოყვარეობაზე ფიქრისათვის, თქვენ უნდა მოგვიწესრიგოთ, ორთავემ, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა, სინოდისა და მისი აგენტ ექსარხოსების ხელში აოხრებული ივერიის ეკლესია თქო! თქვენ არავისგნით არა გესწავლებათ რა, თქვენ იყავით იმთავიდანვე ჩვენი საეკლესიო საკითხის მესვეურები და ასეთებად გიცნო ჩვენი ერის საეკლესიო კრებამაც თქო! თქვენ ორთავენი არჩეულნი ბრძანდებით კრების მიერ, ორთავენი ერთნაირად ნდობით მოსილნი! გიხაროდენ! გილოცავთ თქვენი დიდი ხნის სურვილის და მისწრაფების აგრე სახელოვანად დაგვირგვინებას, თქვენ უკვე ავტოკეფალური ივერიის ეკლესიის მესვეურნი ბრძანდებით! ისპოლლაიედი-დესპოტა! - გადავეხვიე და ორ-თავეს ვეამბორე...

ამით გულწრფელად მსურდა ამათი ერთმანეთთან დაკავ-შირება!.. მართლაც, რამდენი საქმე იყო გასაკეთებელი!.. ეყოფოდა ეგ "საქმე" ათ კირიონსა და ოც ლეონიდსაც!" - წერდა დეკანოზი ნ. თალაკვაძე

საეკლესიო კრებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გააუქმა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა და თბილისის ეპარქია არ შეუთავსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ამის გამო დაირღვა საეკლესიო კანონები და ნიკეის კრების მე-8, ხოლო ანტიოქიის მე-18 მუხლი, რომელთა მიხედვით ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსის მოღვაწეობა დაუშვებელია. საეკლესიო კრებამ შეიმუშავა "ძეგლისწერაი წმიდისა და ღვთივ განბრძობილისა კრებისაი", რომელშიც ნათქვამი იყო: "ჩვენ მღვდელმთავარნი, მღვდელნი და დიაკონნი ქართველთა სანათესავოისანი და ჩვენივე წარმომავლინებელნიცა, სურვილისამებრ და აღრჩევისა ქართველისა ერისა, ვაცხადებთ თავსა ჩუენს,მწყემსად და მწედ წმინდისა ივერიის ეკლესიისა. აღვთქვამთ და ფიცს ვსდებთ მსახურებად მისდა ყოველთა სულითა, ყოველთა აღმოფშვინვამდე ჩუენდა, ამინ."32

საეკლესიო კრების შემდეგ 1 (14) ოქტომბერს მცხეთაში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ვითარებაში მოხდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ინტრონიზაცია (აღსაყდრება). სახალხი დღესასწაული იყო სვეტიცხოველში. ტაძ-რის გალავანში სასწრაფოდ დადგეს მშვენივრად მორთული კვარცხლბეკი. ეკლესიიდან გამობრძანების შემდეგ იქ ადგი-ლი დაიკავა უწმიდესმა კათოლიკოსმა მთელი კრებულით. აქ მან მოისმინა მრავალი მისალმება. უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს მიესალმენ: ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, ქართული ჯარის სახელით კაპიტანი ირაკლი ცაგურია, საზოგადოების სახელით აქვსენტი აბესაძე, ტრიფონ ჯაფარიძე, ირაკლი ამირეჯიბი, ამის შემდეგ კათოლიკოსი კირიონი სტუმრებთან ერთად გაემგზავრნენ სამთავროს მონასტერში, სადაც მას მიესალმნენ: სომეხთა კათოლიკოს გეორქ V-ის სახელით ეპისკოპოსები: ხორენიდა მხითარი, დეპუტატი ხარლამოვი. მცხეთობის დღესასწაულს დაესწრო 110000 კაცი. სპეციალურად ამ დღისათვის დაბეჭდილი მოსაწვევი იტყობინებოდა: "მოწყალეო ხელმწიფევ! სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ 17 სექტემბრს ჩვენი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აღირჩია მისი უწმიდესობა კირიონ II. პირველ ოქტომბერს, მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდება კურთხევა და საყდრად აყვანება მისი უწმიდესობისა. იმედია ყველა, ვისთვისაც ცხოვრების განახლებისა და თავისუფლების პრინციპს მნიშვნელობა აქვს, სიხარულით შეხვდება ამ დღესა, რითაც საქართველოში იწყება ახალი ხანა საეკლესიო ცხოვრებისა."

ქართველი ხალხის აღფრთოვანება და სიხარული კარგად ჩანს მოქალაქე კონსტანტინე სიმონიშვილის წერილიდან, რომელიც მან გაუგზავნა უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს, "დღეს, როდესაც ყველა ქართველი, ვისაც კი უდუღს ქართული სისხლი და ხარობს, მეც მათ შორის ერთი, ნებას ვითხოვ სულითა და გულით მოგილოცოთ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და მერე თქვენი უწმიდესობის არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. აგრეთვე გადმოგცეთ მილოცვა მთელი დაობლებული ბორჩალოს მაზრის ქართველი ერისაგან. აქაური ქართველები არ კარგავენ იმედს, ახლა მაინც ამოვა მზე იმათი და იქაურ მრავალ გა-პარტახებულ ეკლესიისა,რომელნიც უპატრონობის გამო სხვა ერებისაგან დაჩემებულ იქნა და ზოგიც ძალით წართმეული."33

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად დიდი საეკლესიო მოღვაწისა და მეცნიერის კირიონ II-ის არჩევით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.



II. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II, მამულიშვილი და მეცნიერი

"საქართველოს წარსულზე თუ გინდა დაწერო, კალამი სისხლში უნდა ჩააწო და თვალი იალბუზს მიაპყრო" - ამ სულისკვეთებითა და გატაცებით დაიწყო ჯერ კიდევ გორის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ გიორგი საძაგლიშვილმა, ხოლო შემდეგ არქიმანდრიტმა, ეპისკოპოსმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ საქართველოს წარსულის მეცნიერული კვლევაძიება. მისი საინტერესო წერილები, გამოკვ-ლევები იბეჭდებოდა "მწყემსში", "ივერიაში", "დროებაში", "კვალში", "ნოვოე ობოზრენიეში", "ტიფლისკი ლისტოკში", "ზაკავკაზკი ვესტნიკში". სამშობლოს სიყვარულმა, მისი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლამ მას უკარნახა პირადულის უარყოფა და სამშობლოსათვის ყველაფრის შეწირვა. ამ სულისკვეთებამ ათქმევინა მას შემდეგი სიტყვები: "მე ქვეყანა და მასზე ზრუნვა ფეხებზედ როდი მკიდია... ჩემთვის მარად საღმრთო იქნება ის ლტოლვილება, რომელსაც მივესწრა-ფოდი. ჩემს სიცოცხლეში ჩემი წარმატებისათვის არ მიზრუნია: არც ოქრო იზიდავდა ჩემს გულს და არც ჯილდო პირადი ჩემი ინტერესები დიდი ხანია უარვყავ"33. კირიონისათვის ძვირფასი იყო საქართველოს ისტორია, საეკლესიო ისტორია, ძველი ქართული ხელნაწერები, ნუმიზმატიკა, სამონასტრო ცხოვრების ისტორია, ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოლკლორისტიკა, საეკლესიო ხუროთმოძღვრება. "საქართველოს ძველი ტაძრები, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩვენი წარსული ცხოვრების უტყუარ და ცოცხალ მატიანეს, ამ ნაშთების თვალით გვიცქერს ჩვენ წარსული დიდება ჩვენი სამშობლოსი. სწორედ ეს ძველი ტაძრები არიან გამომხატველი ჩვენი სამშობლოსი. სწორედ ეს ძველი ტაძრები არიან გამომხატველი ჩვენი ძველი დიდებისა და აწინდელი ჩვენი უბადრუკობისა... ჩვენი დაუდევრობა ძველი ნაშთების შესახებ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ჯერეთ კიდევ ვერ შეგვიგნია მათი მნიშვნელობა... როგორც ისტორიული მონუმენტები, იგინი წარმოადგენენ სარკეს, რომელშიც ცხადად ვხედავთ წარ-სულის დროს, როდესაც საქართველო წარმოადგენდა ერთ დიდ სამსხვერპლოს, რომლებზედაც საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობ-ლოს: "თუ რა სანიმუშო იყო ეპისკოპოს კირიონის დამოკ-იდებულება ქართულ სამონასტრო ცენტრებისადმი, რომელთაც თავისებური წვლილი შეჰქონდათ ქართული კულტურის განვითარებაში. სანიმუშოდ მოვიტანთ მის ნაშრომს "ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი" (ნაშრომი გამოსცა პროფესორმა,დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა). ეპისკოპოსი კირიონი არსებული საისტორიო წყაროების ანა-ლიზის საფუძველზე საინტერესოდ გადმოგვცემს მონასტრის ისტორიას. "ღირსი სტეფანე იყო მოწაფე ამბა იოანე ზედაზნელისა. თავისი მრავალჭირნახული ღვაწლისათვის მან შეარჩია ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდო, რომელიც იმ დროს დაფარული იყო უსიერი ტყით. აქ მან აღაშენა თავისი ზეციური მფარველის წმ. პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლესია,რომელიც,როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის შრომით შეცვლილა იმავე პირ-ველმოწამის, რომლის ხსენებაც 27 დეკემბერსაა, სახელზე აგებული საკმაოდ მოზრდილი ტაძრით.

ჩვენ, არც თუ უსაფუძვლოდ, მზად ვიყავით ეს ტაძარი აგებულების მიხედვით მიგვეკუთვნებინა კვირიკეს მეფობის წინა დროისათვის, რომ არა მონასტრის გუმბათის საკმაოდ მოზრდილი კონუსი, რომელიც აშენებასთან შედარებით გვიანდელ ხანაზე მიგვანიშნებს, თუმცა, საგულისხმოა, რომ კახეთის გვირგვინოსანი კვირიკე იყო მხოლოდ ერთ-ერთი აღმდგენელი, რომელმაც მონასტერს მაღალი გუმბათი დაადგა თავისი ეპოქის გემოვნებასთან შესაბამისად. უკანასკნელი რესტავრაციის დროსაც (XIX ს.),როდესაც გუმბათი დახურეს თუნუქით,ალბათ საკმაოდ ამაღლდა მისი კონუსიც. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით რესტავრაციები ხანდახან მთლიანად ცვლიან ტაძრების პირვანდელ სტილს, რაც აი-ძულებს მრავალ ცნობისმოყვარე, მაგრამ არა მთლად კომპეტენტურ მეცნიერს ქართული ტაძრების ხუროთმოძღვრების შესახებ მსჯელობისას მიაკუთვნონ ისინი უფრო გვიანდელ ხანას, ვიდრე სინამდვილეში ეკუთვნიან.

ჩვენმა მონასტერმა მიიღო სახელი ხირსისა, ხოლო თვით მისი დამაარსებელი ღირსი სტეფანე იწოდებოდა ხირსელად. რომელი სიტყვიდან წარმოდგა ეს სახელი - უცნობია. მას ახსნა არც ქართულ მატიანეებში აქვს. თუმცა, ზოგს სახელი "ხირსა" გამოჰყავს ქართული სიტყვიდან "ღირსი", რომელიც, ვითომდა, გარდაქმნილია ხირსად. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც, იმ დროს,როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკამოდ წყალუხვი ყოფილა. დღესაც მასზე თავისუფლად მუშაობს ორღარიანი წისქვილი, აღარას ვამბობთ იმაზე, რომ აქედან გაედინება ბევრი წყალი ბაღების, მინდვრებისა და მდელოების მოსარწყავად.

ჩვენი ფიქრით, მეორე ახსნა სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს, თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისაგან.

მაგრამ ამ სახელის ასახსნელად არის სხვა გზაც - შესაბამისი სიტყვა ვეძიოთ მცირეაზიურ პროვინციებში, ძველად საკმაოდ დიდხანს რომ ბინადრობდნენ ჩვენი წინაპრები,საიდანაც სესხების მაგალითები ჩვენში ცოტა როდია. ასე მაგალითად, ქართლის ადგილის "სურამის" მნიშვნელობა უცნობია ქართულში, მაგრამ უეჭველია, რომ იგი ჩვენში შემოტანილია მცირე აზიიდან, ძველი აღმოსავლეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ როდესაც ეგვიპტის ფარაონმა შიშოკმა სძლია იუდეველთა სამეფოს და დაიპყრო 133 ქალაქი,ერთ-ერთი მათგანი იწოდებოდა "სურამად".

თუ მივყვებით ამ გზას,ვნახავთ,რომ მსგავსი სიტყვა მართ-ლაც მოიპოვება სამარიაში, რომელიც ძველად პალესტინის ნაწილს წარმოადგენდა იქვე მიანიშნებს მდინარე ხერსიზე პტოლემეოსი თავის გეოგრაფიაში. ვითვალისწინებთ რა სამარიის ახლო მეზობლობას სირიასთან, საიდანაც მოვიდა ჩვენთან ათცამეტი კაბადოკიელი მამა,მეტ-ნაკლები უეჭველობით შეიძლება ვთქვათ, რომ თვით ღირს სტეფანეს შეეძლო გადმოეტანა ეს დასახელება სამარიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისათვის. ვიმეორებთ, რომ სესხების მსგავსი მაგალითი ჩვენში ბევრია და,მაშასადამე,შესაბამისად სიტყვა "ხირსა" ადვილად შეიძლებოდა შემოსულიყო ჩვენთან მცირე აზიიდან.

ალბათ დასახელება ხირსიდან წარმოდგა სათავადო გვარი ხირსელი, რომელიც შემდეგ გადაკეთებულა "ხირსელოვად". ხირსის  მონასტერი  აგებულია  ქართული  სტილით,  მაგრამ იგი სამამულო არქიტექტურის აყვავების ხანის მსგავსი  ვერ  არის.  ადრე  მას  ქვეყანაში  უდიდესი  მნიშვნელობა ჰქონდა  სამისიონერო-სარწმუნოებრივ  საქმეში, იყო  ერთ-ერთი  საუკეთესო  სამისიონერო  ბანაკი.  ამ  სავანის  მკვიდრნი დაუღალავად  და  ენერგიულად  იღვწოდნენ  ქრისტიანობის გასავრცელებლად პირქუშ ლეკთა შორის, რომლებიც იყვნენ იმ დროისათვის მიუდგომელი დაღესტნის ველური და თავის-უფალი შვილები. ამ მონასტრის წინამძღვართაგან სამისიონ-ერო  სარბიელზე  განსაკუთრებით  იღვაწა  XVIII  საუკუნეში ქართული ეკლესიის ისტორიაში კარგად ცნობილმა წმ. იოანე  მანგლელმა  ეპისკოპოსმა, გვარად  სააკაძემ  (†  28  მარ-ტი, 1751 წ.), რომლის წმიდა ნაწილები განისვენებენ ტიფლისის  სიონის  საკათედრო  ტაძარში  სიონის  ღვთისმშობლის თითქმის პირდაპირ (ცოტა მარჯვნივ). ეს ცნობილი და უშიშარი  მისიონერი, რომელმაც  საღვთისმეტყველო  განათლება მიიღო დავით გარეჯის სკოლაში, ბერთუბნის უდაბნოში, მოციქულებრივი  სულისკვეთებით  მოღვაწეობდა  ქალაქებში: დერბენტში, ასტრახანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, მრავალ ალაგას აარსებდა მონასტრებს, სკოლებსა და ეკლესიებს და ყველგან  უხვად  ავრცელებდა  ქრისტიანული  სიბრძნის  სხივებს. განსაკუთრებით ბევრი იღვაწა მან ოსეთსა და ინგუშეთის მოსაქცევად, რის გამოც, სრულიად სამართლიანად უნდა ჩავთვალოთ იგი მათ ახალ განმანათლებლად. მცირე ხატი ამ მღვდელმთავრის ნაწილებით შემკული, რომელსაც ატარებდა გულზე უკანასკნელი კათოლიკოსი ქართველი ბატონიშვილი ანტონ  II, ამჟამად  ინახება  ტიფლისის  ანჩისხატის  ტაძრის საკურთხეველში.

მონასტრის ტაძარს, რომელიც გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუნბათით მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე აქვს სიგრძე 41 ადლი, 6 ½ გოჯი, სიგანე - 23 ადლი, 10 ½ გოჯი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე - 15 ადლი, 1 გოჯი. შემოსასვლილი კარი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ ნიკოლოზის ეკვდერისაკენ მიემართება, ხოლო იქიდან - მთავარ ტაძარში. მთავარ საკურთხეველში არის ქვისაგან ნაგები ტრაპეზე, სიგრძით 21 ½ გოჯი, სიგანით კი 21 ¼ გოჯი. მისგან მარჯვნივ, სამხრეთით,არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე (აღინიშნება აღდგომის მეორე დღეს), მარცხნივ კი, ჩრდილოეთით, აგრეთვე ქვის საკურთხევლიანი ეკვდერია, რომელიც ახლა გადაუქცევიათ ჭურჭლის საცავად, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა, გაკეთებული მონასტრის ყოფილი წინამძღვრის არქიმანდრიტ ლეონიდეს,აწ იმერეთის ეპისკოპოსის,მიერ მარმარილოს ქვეშ დაგებული ხით, რომელზეც ამ წმინდანის სრული გამოსახულებაა.

ხირსის მონასტრის სამრეკლო სამსართულიანია. იგი მდებარეობს დასავლეთით, დახურულია თეთრი თუნუქითა და აუგია იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე),ძირითადად საკუთარი სახსრებით. მონასტრის შენობათა ირგვლივ გალავანი საკმაოდ ფართოა,მოიცავს დაახლოებით მეოთხედ დესეტინას. ძველად გალავანს უეჭველად ჰქონდა კუთხეებში სიმაგრეები, ახლა კი ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში გადარჩენილია ერთი მრგვალი ერთიარუსიანი კოშკი, რომელიც მონასტრის გალავანზე მაღალი არ არის.

მონასტრის ტაძარს ადრე ჰქონია თავისი გალავანი,რომლის-განაც ამჟამად აღმოსავლეთისა და დასვალეთის ნაშთებიღაა დარჩენილი, სიმაღლით მონასტრის მოედნის დონემდე. მონასტრის ეზოში, ტაძრის წინ, ყოფილა მშვენიერი წყაროს წყალი, იგი გადმოდიოდა მონასტრიდან ორ ვერსზე აქამდე არსებული წყაროდან, რომელიც ატარებს კოდის წყაროს სახელს. სამწუხაროდ, ბერებმა ვერ შეძლეს თავის დროზე დაეცვათ დანაგვიანებისაგან თიხის მილები, რომელშიც მოედინებოდა ცივი და გემრიელი წყალი. მონასტრის ეზოში წყალი შეწყდა, სარწყავი წყლის უქონლობის გამო მონასტრის ტერიტორიაზე ყველა მცენარე ზაფხულის პირველივე ცხელ დღეებში ხმება და მნახველზე საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მონასტრის ეზოში მოთავსებულია განსაკუთრებული ფლიგელი საეკლესიო-სამრევლო სკოლისათვის და მარანი, რომელიც აუშენებია ყოფილ წინამძღვარს არქინამდრიტ ლეონიდეს. აქვეა ორსართულიანი სახლი, რომლის მეორე სართულზე მოთავსებულია წინამძღვრის განსასვენებელი, ხოლო ქვედა სართულზე ცხოვრობს ძმობა. გალავანს სამხრეთით აქვს ჭიშკარი, ხოლო ჩრდილოეთით მცირე კარი, გამავალი ერთი დესეტინის ფართობის მქონე ვენახში, რომელიც გაუშე-ნებია მონასტრის ბერს გიორგის (შავიშვილი). იგი დაკრძალულია ეზოში, ნიკოლოზის ეკვდერის წინ.

მონასტერი ქიზიყის მოსახელობაში დიდი პატივით სარგებლობს. სავანის ტაძრის დღესასწაული, როგორც ზემოთ ვთქვით, 27 დეკემბერს არის და შემოიკრებს მრავალ ქართველ, სომეხსა და თვით ლეკ-მაჰმადიან მლოცველს. მაგრამ, ტაძრის დღესასწაულის გარდა, გარშემო ბინადარნი გულმოდგინედ დადიან მონასტერში კვირა დღეს, განსაკუთრებით კი ათორმეტ დღესასწაულზე.

აქვე საჭიროა აღინიშნოს თავისი სიძველით განსაკუთრებით შესანიშნავი ერთი ჩვეულება, რომელიც ქართველთა შორის ქიზიყშია შემონახული (სიღნაღის მაზრა). აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს სწირავენ თავის ფიზიკურ შრომას, ე. ი. მოდიან მონასტერში და მუშაობენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი მხოლოდ კვებავს ამ უფასო მუშებს და აძლევს ქალამნებს. მონასტრისათვის თავისი შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას ეწოდება კურატი. როდესაც კურატი დროს გაასრულებს, სთხოვს მღვდელმონაზონს, გადაუხადოს პარ-აკლისი და ბრუნდება შინ. ჩვენ ამ ჩვეულებას აღსანიშნავი იმად ვუწოდეთ, რომ მსგავსი სიტყვა ჰქონდათ ჩვენს თანატომელ ხეთებს, მათთან შესაწირ საქონელს ერქვა კურატი. ქართლში შესაწირ საქონელს, ხბოს, დღემდე შემორჩა სახელი კურატი."34

ეპისკოპოსი კირიონი გატაცებით იკვლევდა საქართველოს მატერიალურ და სულიერი კულტურის ისტორიის პრობლემებს. იგი მრავალმხრივი მეცნიერი იყო. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი წიგნი და 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია. მისი ნაშრომების უმრავლესობა რუსულ ენაზეა. იგი იკვლევდა ანტიკური,შუა საუკუნეებისა და ახალი დროის საქართვე-ლოს ისტორიას, საეკლესიო ისტორიას, სამონასტრო ცხოვრებას საქართველოსა და რუსეთში, ხალხურ სიტყვიერების ისტორიას, ნუმიზმატიკას, წყართმცოდნეობას. მას საგანგებოდ უძებნია საისტორიო მასალები რუსეთსა და საქართველოს არქივებში. საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა წყაროთა მონაცემებს. მისი თხრობა იყო ლაღი და აღმზრდელობითი მნიშვნელობის. ნათქვამის საილუსტრაციოდ მოვიტანთ ნაწყვეტს ეპისკოპოსი კირიონის მიერ 1899 წელს გამოქვეყნებულ "წმიდა მოწამე აბო ტფილელიდან:" "წამებულ საქართველოს საეკლესიო ისტორია შებღალულია წმ. მოწამეთა და ქრისტეს აღმსარებელთა სისხლითა,იმ ყოვლად ქებულ ზეციურის მოძღვრებით მოსილთა კაცთა და ქრისტესათვის თავდადებულთა მებრძოლთა ყოვლად აღმატებულთა თავიანთ თანამედროვეთა შორის. მაგალითი და ცხოვრება ბევრად უფრო ძლიერად ჰმოქმედობს ჩვენზედა, ვიდრე სიტყვა, რადგან რა არის მართალთა ცხოვრება წმინდანთა, თუ არა მაჩვენებელი კეთილმსახურების ღვაწლსა და მით მწვრთნელი ჩვენი? ცხოვრება წმინდანთა ძვირფასი სალაროა, საიდანაც ყველას შეუძლიან ამოიღოს, რაცკი საჭიროა მის წარმატები-სათვის სულიერს ცხოვრებაში, შესაფერისად მის ძალ-ღონისა, წლოვანებისა, წოდებისა და შეძლებისა... ღვაწლმოსილება მათი ამაღლებს სულს, აღანთებს სარწმუნოებას და ქრისტეს მიმართ სიყვარულს, აღძრავს კეთილმსახურებით აღსავსე მეშურნეობის და წამბაძველობის სურვილს, ამხნევებს ადამიანებს, ნუგეშს სცემს, ძალას აძლევს ცხოვრებას უკუღმარ-თობის ასატანად, ავსებს გონებას ქრისტიანობის მაღალისა და დიდებულის მოძღვრების ფიქრითა". საინტერესოა მისი კომენტარი ტექსტის ისტორიულ ნაწილთან მიმართებაში. მაგალითად, "ზოგიერთი ძვალნი წმ. აბოს სხეულისა გადარჩა დაწვას, ამბობს აღმწერი მისის ცხოვრებისა, წყლიდან ამოიღეს იგინი და დაჰკრძალეს იმ ადგილას, სადაც მოწამებრივ განუტევა სული ნეტარმა,აქედან მერე,როგორც ამბობს ვახუშტი,ნეშტი წმინდანისა გადატანილ იქნა გორის მაზრაში, სოფ. არბოს,სადაც დაკძალვილს ადგილას აშენებულა ეკლესია წმ. აბოს სახელობაზედო, (იხ. გეოგრაფიული აღწერა საქართველოსი ვახუშტისა, გვ. 250), მაგრამ ეს აზრი ჩვენის ისტორიკოსისა და გეოგრაფოსისა დამყარებულია მარტო ოდენ იმ მსგავსობაზედ, რომელიც არსებობს მოწამეს სახ-ელს აბოსა და სოფელ არბოს შორის, არბოს შესახებ უნდა შევნიშნოთ, რომ სიტყვა არბოობა ჰნიშნავს ბაზრობას და მაშასადამე სოფლის სახელწოდება არ არის წარმომდგარი მოწამის აბოს სახელისაგან. თვით არბოს ეკლესია აბოს სახ-ელობაზედ არ არის აშენებული, არამედ წმ. მთავარმოწამისა და ძლევა-შემოსილის გიორგი სახელობაზედ".35

ეპისკოპოსი კირიონისათვის წმ. მეფე დავით აღმაშენ-ებელი იყო პოლიტიკოსისა და მეფის იდეალი, რომელმაც ,,რაკი გაათავისუფლა სამეფო თურქთა მონობისაგან, შეუდგა ახლა ეკლესიისა და ერის მდგომარეობის გამართვას და განკარგებასა... ახლა, რაკი ცუდად თუ ბევრად აღამაღლა და განსპეტაკა ზნეობა თვისთა ქვეშევრდომათა, დაცემული მაჰმადის თაყვანისმცემელთა გავლენით, შეუდგა ეკლესიების განახლებასა და შემკობასა... ამ აზრით, ჰნიშნავდა ყველგან ღვთისნიერ ეპისკოპოსებს, ამრავლებდა რიცხვს საკურთხევე-ლის მსახურთა და მფარველობდა სასულიერო განათლებას...

თუმცა, ასეთს გამუდმებულს ზრუნვასა და ფიქრში იყო დავ-ით მეფე და ცდილობდა ღვთისა და ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობასა, მაინც იმდენ დროს კიდევ ჰპოვებდა, რომ ესაზრდოებინა თავისი სული საღმრთო წიგნებისა და მამათა ნაწერების კითხვითა... საღმრთო წიგნების კითხვაც უყვარდა და თვითონაც თხზავდა საგალობლებს. ერთი ამისთანა საგალობელი შედგენილია დავითის მიერ წმ. ანდრია კრიტელის შენანების საგალობელის მსგავსად. ამ საგალობელში სულ ცხრა მუხლია და თითოეულს მუხლს ზედ დართული აქვს: "მიწყალე მე, ღმერთო მიწყალე მე". ცხრა მუხლის საგალობლისას ცხრა სძლის პირიც ზედ მოსდევს. აღფრთოვანებული პიიტური და ყვავილდასმული ენა საგალობლისა, ღრმა ცოდნა საღმრთო წერილისა, შიგ გამოხატული ჭეშმარიტი საქრისტიანო გრძნობა სიმდაბლისა სავსებით ახასიათებს დიდბუნებოვანს მის შემოქმედს დავით აღმაშენებელს და ვითარებას მისის სულისას".36

ეხება რა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, ცალკეულ პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლილ ქვეყანას, ერის სულიერ დაკნინებას, აღნიშნავს: "როცა ქვეყანა დაშლილია, მტერი ადვილად იპყრობს მას, ხოლო დაპყრობილი ქვეყნის თანამგზავრია გადაგვარებულ ადამიანთა მხრიდან მუდმივი ღალატი, გაუტანლობა, უკანონობა და ბიწიერება." ეპისკოპოსი კირიონი არასოდეს არ ცდილობდა საქართველოს ისტორიულ წარსულს ადვოკატურ-გამოსარჩლებით პრინციპებით შეხებოდა, პირიქით, იგი არ ფარავდა ჩვენს ნაკლოვანებას, მაგრამ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს,რომელთა უმრავლესობამ "მოწამებრივი გვირგვინი" დაიდგა.

ეპისკოპოს კირიონზე, როგორც მკვლევარზე, სრულ წარმოდგენას გვიქმნის მისი კაპიტალური ნაშრომი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში". 1907 წელს იგი ფიქრობდა დაებეჭდა 140-გვერდიანი წერილი სათაურით: "საქართველოს კულტურული დამსახურებანი რუსეთის ისტორიაში", მაგრამ მუშაობის პროცესში იმდენი საინტერესო მასალა დაუგროვდა, რომ გადაწყვიტა უკვე სხვა სათაურით გამოეცა. ამ წიგნზე კირიონი განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით მუშაობდა. "თუმცა სუსტად ვარ, - წერს 1908 წლის 16 დეკემბერს ის დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძეს,მაგრამ ყოველდღე არანაკლებ 8 საათს ვმუშაობ. ჩემი თხზულება ძაან იზრდება. არცერთ ჩემ თხზულებაზედ იმდენი არ მიშრომია და არც ასე კმაყოფილი ვყოფილვარ შრომით."37 ამ წიგნზე მუშაობა მას განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში უხდებოდა. კირიონს როგორც მგზნებარე მამულიშვილს და ავტოკეფალისტს დააბრალეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს, სადაც ზამთარში საშინელი სუსხი და ყინვა, გაზაფხულზე და ზაფხულში ჭაობების აშმორებული და მყრალი სუნი, გაუთავებელი წვიმები და აუარებელი კოღო იყო. ამას თან ერთვოდა საკვების ნაკლებობა, მაგრამ კირიონმა ამ ნაშრომზე მუშაობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი სულიერად გატეხვა შეუძლებელი იყო. "მეტად დიდი ჯაფა მოუნდა ამ ჩემს უკანასკნელ თხზულებას, - წერდა იგი ტარასი კანდელაკს, - რომელსაც ბენიამენი ვუწოდე სახელად, რადგან ეს ჩემი ნაბოლარა შვილია".38 კირიონმა წიგნის რედაქტორობა და დაბეჭდვა სთხოვა თავის ძველ მეგობარს ალექსანდრე ყიფშიძეს, რომელიც ჩვეული გულისხმიერებით მიუდგა ამ საქმეს და 1910 წლის სექტემბერში წიგნმა დღის სინათლე იხილა. წიგნი იმთავითვე შეირაცხა როგორც გამორჩეული მეცნიერული ნაშრომი,რომელიც სწრაფად გავრცელდა როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. როგორც ტარასი კანდელაკი ეპისკოპოს კირიონს 1910 წლის 2 ოქტომბერს აცნობებდა: "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარვცელებელ საზოგადოებაში ვიკითხე: იყიდება თუ არა მეთქი და მითხრეს იყიდებაო. რუსეთში უფრო იწერენო. ძალიან დაინტერესებული არიან ყველანი ამ წიგნით და უკვირთ სად შეკრიბა ამოდენა მასალებიო."39 ამ წიგნის გაცნობა მკითხველს არწმუნებს ავტორის ფრიად განსწავლულობაში, იმაში, რომ მას ზედმიწევნით შეუსწავლია მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვის, კიევის, კამენიც-პოდოლსკის, ხერსონის, ორიოლის, კონვოს მონასტრების, მუზეუმების და სახელმწიფო არქივის მასალები, აღარას ვამბობთ ქართულ საარქივო და სამუზეუმო მასალებზე. ამ ნაშრომით იგი წარმოჩინდება როგორც თავისი ტანჯული სამშობლოს ჭეშმარიტი მოამაგე და მოყვარული ადამიანი "ვინც სათანადოდ ვერ შეიგნებს თავის მშობლიურ სიძველეს, - წერდა ეპისკოპოსი კირიონი, - და სიყვარულით არ მოუფრთხილდება თავისი წინაპრების კულტურულ მემკვიდრეობას, ის მათი არა ღირსეული მემკვიდრეა, შემთხვევითი რგოლია ცოცხალ არსებათა ჯაჭვში, ცუდი მეგზურია – ისევე როგორც შეუძლებელია ანბანის გარეშე ისწავლო კითხვა, ასევე მშობლიური სიძველის ცოდნის და წინაპრების ანდერძის გარეშე შეუძლებელია ჩაწვდე წარსულს, გაიგო აწმყო და შეგნებულად იმუშაო მომავალი დიადი ნაციონალურ-კულტურული საქმისათვის".40

ნაშრომის წინასიტყვაობაში ეპისკოპოსი კირიონი ბრძანებს: "საკითხი, რომელსაც შევეხე სრულიად ახალია ეკლესიის ისტორიის მეცნიერებაში. წინამორბედი არ მყოლია, გაუკვალავი გზით მივდიოდი და ამიტომაც ეს ნაშრომი პირველი ცდაა ამ საქმეში. ვინაიდან რიგი ქართული წერილობითი ძეგლებისა (რომელთა უმრავლესობას საბეჭდი დაზგა არასოდეს უხილავს) ნაკლებადაა გამოკვლეული,ცხადია ამგვარი მოცულობის საქმე ერთი ადამიანის ძალებს აღემატება და მრავალთა მუშაკობას მოითხოვს". ნაშრომი თავდაპირველად ქართულად იყო შედგენილი, მაგრამ უმრავლესობის რჩევით ავტორმა მისი რუსული ვარიანტი შეადგინა და გამოსცა.

ნაშრომის დასაწყისში ეპისკოპოსი კირიონი სინანულით აღნიშნავდა: "საოცარია, მაგრამ რუსები დღეს ნახევრად-ველურ ვოგულებსა და ლოასრებს უფრო იცნობენ, ვიდრე ერთმორწმუნე ქართველებსა და მათ ისტორიას და ეს მაშინ, როცა ქართველები თავიანთი ქრისტიანული ღვაწლით, მაღალი ეროვნული კულტურით იმსახურებენ უფრო დიდსა და რაც მთავარია სერიოზულ ყურადღებასა და შესწავლას... რუსულ ენაზე არ არსებობს კეთილსინდისიერი და საფუძვლიანი ნაშრომი საქართველოს ისტორიის შესახებ".41 ეპისკოპოსი კირიონი მიმოიხილავს რა VIII-XII საუკუნეების საქართველოს ისტორიას, მის ოქროს ხანას როგორც პოლიტიკურ, ასევე საეკლესიო სფეროში, გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართულმა კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა რუსულ კულტურაზე. "ქართველობის სასულიერო განათლება რუსეთში ორი გზით შევიდა: შავიზღვისპირეთიდან და ორი განთქმული მონასტრიდან - ათონის ივირონიდან და პეტრიწონიდან... ივერია ანუ საქართველო, რუსებისათვის უცნობი ქვეყანა არ იყო, ის კარგად იცნობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მართლმადიდებელ საქართველოს, მართლმადიდებლობისათვის თავდადებულს და მამაც ჯვართმპყრობელ ქართველებს, რომელთაც ქრისტესა და მისი წმ. ეკლესიისათვის მუსლიმურ სამყაროსთან გამუდმებული ბრძოლით გაითქვეს სახელი".42 ეპისკოპოსი კირიონი ვრცლად მიმოიხილავდა იმ ქართველების ღვაწლს, რომელთაც V-XII საუკუნეებში სახელი გაითქვეს ქრისტიანულ აღმოსავლეთში. კირიონის აზრით, საქართველო რაც უფრო იკრებდა ძალას პოლიტიკურად და წარმატებით და სწრაფად ფართოვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა მისი სულიერ-საგანმანათლებლო გავლენა სომხებზე, მრავალეროვან კავკასიის მთიელებსა და სლავებზე... 1453 წელს კონსტანტინოპოლი, ერთ დროს ქრისტიანობის ბურჯი და საყდარი დაეცა, რამაც, ბუნებრივია წარმოშვა კითხვა - "ვინ უნდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე მართლმადიდებლობის დამცველის როლში?" კირიონი რუსული წყაროების და რუს მკვლევართა ნაშრომების ღრმა ანალიზის საფუძველზე აკეთებდა იმ დროისათვის მეტად გაბედულ დასკვნას. ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ რუსეთის გამოცხადება "XV საუკუნის ბოლოს უსაქმურ მჯღაბნელთა მიერ მოხდა. ამ მიზანს ემსახურებოდა თხზულება ნოვგოროდული "თეთრი ბარტყულას" შესახებ იმ მიზნით, რომ დაემტკიცებინათ "წაერთმევა რომს მადლი, დიდება და პატივი, ასევე აგარიანთა უღელს ქვეშ მყოფ ქალაქ კონსტანტინოპოლს სიწმინდის მადლი და ყოველი სიწმინდე ღვთისაგან რუსეთის მიწას მოემადლება. ამ დროიდან რუსეთში ამოძრავდა ყველა ცოტათი თუ ბევრად წერა-კითხვის მცოდნე. ყოველი მხრიდან გაისმა კალმის წრიპინი. გაცხოველებული მიმოწერა გაჩაღდა, რათა მოეძებნათ საფუძველი იმ დიდი როლის გასამართლებლად, რუსეთს რომ მიაწერეს."43 თუ წარმოვიდგენთ XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის დიდ იმპერიულ ამბიციებს, რუსული საზოგადოებ-ის აზრის ამ ამბიციების რეალიზაციისათვის მზადყოფნას. ამ დროს გადასახლებაში მყოფი ეპისკოპოს კირიონისაგან ასეთი თამამი მხილება იმპერიული ამბიციებისა რაც ნიღაბს ხდიდა რუსეთის ცრუ მესიანიზმს, გმირობის ტოლფასი იყო. ეპისკოპოსი კირიონის აზრით, ისტორიული მონაცემები და თანამედროვეთა გადმოცემები ერთხმად ადასტურებს, რომ კონსტანტინოპოლის დაცემამდე და შემდეგაც ქართველები და მათი მეფეები იყვნენ ქრისტიანული აღმოსავლეთის, მისი სიწმინდეების მთავარი დამცველები. იგი გამოთქვამდა იმედს, რომ თავის დროზე უეჭველად დაიწერებოდა ჭეშმარიტი ისტორია აღმოსავლეთში ქართველთა თავდადებული მოღვაწეობის შესახებ და მაშინ ქრისტიანული სამყაროსათვის განმაცვიფრებელი იქნება ის მძიმე ისტორიული როლი,რომელიც ღვთის განგებამ ქართველებს მიაკუთვნა ქრისტიანთა და აღმოსავლეთ საქრისტიანოს წმინდა ადგილების მფარველობის საქმეში, საოცარია, როგორ შეძლო პატარა საქართველომ ამხელა მსხვერპლის მიტანა ღვთის საკურთხეველზე. ქართულმა ეკლესიამ მაღალი და წმინდა მისია შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ ნაშრომით დაუმტკიცა რუსულ სამეცნიერო საზოგადოებას,რომ იგი ანგარიშგასაწევი მეცნიერი იყო და ასწორებდა იმ ხარვეზებს, რომელიც რუს და ევროპელ მეცნიერებს ჰქონდათ,რომელნიც სათანადოდ ვერ ითვალისწინებდნენ ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიაში ქართველების, ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიის როლსა და მნიშვნელობას.

ეპისკოპოს კირიონს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის სიძველეთა გადარჩენის საქმეში. სადაც არ უნდა ეღვაწა მას, ყველ-გან იწყებდა ძველი ხელნაწერების, საისტორიო საბუთების, სამონასტრო არქივების, ძველი ფულების შეგროვებას და მათ მეცნიერულ დამუშავებას. იგი 1897 წლიდან კიევის სასულიერო აკადემიასთან არსებული არქეოლოგიური საზოგა-დოების წევრია. კირიონი გატაცებით სწავლობდა საოჯახო არქივებში დაცულ ხელნაწერებს. მან გამოიკვლია ქართველ წარჩინებულ გვართა: თარხან-მოურავების, ფალავანდიშვილების, ჩოლოყაშვილების, ანდრონიკაშვილების, ამილახვრე-ბის, თუმანიშვილების, ერისთავების, ამირეჯიბების საოჯახო არქივებში დაცული მასალები. იგი საკუთარი სახსრებით იძენდა ძვირფას ხელნაწერებს და გადასცემდა საქართველოს საეკლესიო მუზეუმებს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას. "ერეკლე მეფის ნაწერი პატარა ჩარჩოში გააკეთე და ისე გადაეცი მუზეუმს, - წერდა იგი ტარასი კანდელაკს, - გარდა ჩემი საშინაო სურათების ალბომისა, ძველი სურათები, ხატები, ხელნაწერები და საზოგადოდ, რაც სამუზეუმო აღმოჩნდეს, ყველა წამოიღე მუზეუმისათვის გადასაცემად, მუზეუმს გადაეცი აგრეთვე ეგზარქოსის სახლისა და კანტორის შენობის კუპიები, იულონ ბატონიშვილის მარჯნის ტარიანი კოვზები... სტუდენტებს რომ გადავაწერინე ხელნაწერები პეტერბურგში ეგენიც გადაეცი".

ეპისკოპოს კირიონს მიაჩნდა, რომ ნამდვილი ღირებული გამოკვლევის შექმნა საარქივო მასალების გარეშე შეუძლებელი იყო. "არქივის მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერულის მხრივ, ამას ჩვენ დროში არავინ არ უარყოფს. არქივი არის მართალი მატიანე მოღვაწეებზედ და მათ მოქმედებაზედ. მისი პირით თვით ჭეშმარიტება ღაღადებს. ის მუზაა ისტორიისა, ნამდვილი ძალით წერს თავის განაჩენს საზოგადოებაზედ და მათ წარსულ მოღვაწეებზედ. არქივის თვალით გვიცქერიან ჩვენ ჩვენნი წინაპარნი და მისი შემწეობით შეგვიძლიან თვალი გადავავლოთ ჩვენ მათ მოქმედებას და ღვაწლს."44 ეპისკოპოს კირიონის მრავალმხრივი ინტერესი კარგად ჩანს მის ნაშრომებში: "ანანურის ტაძრის აღწ-ერა", "ბჭობა ისნის სასახლეში განდგომილების აღმოჩენის გამო 1492 წ.", "1334 წელს გიორგი ბრწყინვალის დარბაზობა ცივზედ", "ბაგრატ III-ის მეფობა", "ლიპარიტ ორბელიანის განდგომა", "ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის ღალატი ჯალალ-ედ-დინის შემოსევის დროს", "ქართველი მთიელები და გიორგი ბრწყინვალე დადგენილებათა განმარტებით".

კირიონი დიდ ინტერესს იჩენდა ქართული ენის, ლიტერა-ტურის, ხალხური ზეპირსიტყვიერებისადმი. კირიონის პირად ფონდში,რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (საქმე №171) მრავალი საყურადღებო მასალაა. მისი ლოცვა-კურთხევით საგანგებო ჯგუფს (გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ დიასამიძე, ტარასი კანდელაკი) დაუწყია მუშაობა, რათა შეეკრიბა ის ქართული სიტყვები, რომელნიც ლექსიკონებში არ იყო დაფიქსირებული და მეტყველებაში იყენებდნენ. ყველა პირი, ვინც უცნობ სიტყვებს აღმოაჩენდა, მატერიალურად წახალისდებოდა. ეპისკოპოს კირიონის მიერ შეკრებილი მანამდე უცნობი ქართული სიტყვები დაიბეჭდა ექვთიმე თაყაიშვილის "ძველი საქართველოს" მეორე ტომში. მას გამოსაცემად ჰქონდა მომზადებული "ქართული ანდაზები და გამოცემები", "ბრძნული აზრები". წერილები ხატობაზე, სტუმარ-მასპინძლობაზე. ამ სფეროში მისი კონსულტანტი იყო მისი მეგობარი ვაჟა-ფშაველა. 1909 წელს იგი ტარასი კანდელაკს წერდა: "თუ ვაჟა-ფშაველა მანდ იყოს, ჰკითხე კოპალობა როდის მოდის? სად არის უმთავრესი მისი სადღესასწაულო ნაგებობა? როგორ დღესასწაულობენ? კოპალას სახით რომელ წმინდანს სცემენ თაყვანს? მისი სალოცავები სად და რა ადგილას არიან? ხალხში რა გადმოცემაა კოპალაზედ? როდის შემოუღიათ ეს დღეობა საქართველოში? ლეგენდა თუ რამ არის ამ ხატის შესახებ ხალხში დარჩე-ნილი?"45 თუმცა ეპისკოპოსი კირიონი უკრიტიკოდ არ იღებდა ვაჟა-ფშაველას მოსაზრებებს, ზოგჯერ მისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობდა. 1913 წელს იგი ვაჟას წერილს "წაწლობაზე" გამოეხმაურა და აღნიშნა: "წაწლობაზე სწორე არა მგონია აზრი ვაჟა-ფშაველასი. წაწლობას არავითარი საერთო არა აქვს რაინდობასთან. წაწლობა ლაშა გიორგიზე ადრე უნდა ყოფილიყო ფშაველებში. სახელწოდება ლაშარის ჯვარი რომ მართლა იყოს წარმომდგარი ლაშასაგან, მაშინ ჩვენი ერის კანონით, ლაშას ჯვარი იქნებოდა და არა ლაშარის ჯვარი. ლაშარის ჯვარი, ჩემი აზრით, სწარმოებს სიტყვიდან "ლაშქარი". აქედან ლაშქარის ანუ ლაშარის ჯვარი, რომელიც ომიანობის წინ ლაშქარს წინ მიჰქონდათ და მშვიდობიანობის დროს იმ სალოცავში ესვენა, რომელსაც ხალხი უწოდებს ლაშარის ჯვრად. ქართლშიც არის სალოცავები: მცხეთის ჯვარი, გორის ჯვარი, გარეჯვარი".46

ეპისკოპოსი კირიონი მოხიბლული იყო ქართული პოეზიით, რომელსაც ანკარა მთის წყაროს უწოდებდა, ხოლო "ვეფხისტყაოსანს" ქართული პოეზიის იალბუზს. მან 1904 წლის ჟურნალ "მოამბეში" გამოაქვეყნა საინტერესო ტექსტოლოგიური დაკვირვება "ვეფხისტყაოსნის" შესახებ. ეპისკოპოსი კირიონი მეცნიერულად სწავლობდა ქართულ აგიოგრაფიას, საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებს და მათ ისტორიას, ბიბლიის ქართულ თარგმანებს. მისთვის "ქართული ენა - დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმიდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი, დანგრევა მათი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ერს, ზნეს და ჩვევას".47 ამ აზრს იცავს იგი იმ დროს, როდესაც ერთის მხრივ გადაგვარებული ქართველები კოსმოპოლიტურ ქურქში გახვეულნი "მცირე ერთა ენების" შესახებ გამოთქვამენ ვარაუდს ქართული ენის უპერსპექტივობის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი სოციალ-დემოკრატები გაშმაგებით ებრძვიან ყოველივე ქართულს. ამ მძიმე ვითარებამ ათქმევინა აკაკი წერეთელს - მტერი იძახის ვინ გაიგონა ეხლანდელ დროში ეროვნებაო, მხოლოდ ერთია მუშათ საკითხი, გულს დაიჭედეთ მარქსის მცნებაო. ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის სულ სხვნაირად გაიყურება, ცდილობს კისერი მოგვატეხინოს და მით თავის ერს ემსახურება".

ქართული ღირებულებების, ქართული მეობის უპირველე-სი დამცველი კირიონის აზრით ქართული ოჯახი და მისი ბურჯი - ქართველი ქალი იყო. "ძველად ქართველი ქალი დედაც იყო, დიასახლისიც და მასწავლებელიც - წერდა იგი. ქმარი მხედრობდა, ლაშქრობდა, ომობდა სარწმუნოების და მამულის დასაცავად. ცოლი შრომობდა შინ, უვლიდა სახლს, კარმიდამოს და ქმრის შინ არყოფნის დროს, ავაზაკად და საძარცვავად მოსულ ავკაცს, მტერს გმირულად უხვდებოდა, არ აკლებინდებდა სახლკარს... ამგვარი ქალები არ აკლდა სოფელს, იგინი იბადებოდნენ გლეხის სახლშიაც, კეთილშობილთა დარბაზშიც და მეფეთა სასახლეშიც".48

ეპისკოპოსი კირიონი გმირ ქართველ დედას "ქალთა მეფეს" უწოდებდა, ხოლო ქვეყნიერ სამოთხეს ბედნიერ ოჯახში ხედავდა. ეპისკოპოსი კირიონი ქართული გალობის, ქართული ხალხური მუსიკის დამცველი და პატივისმცემელი იყო. "მუსიკა წარმოადგენს სარკეს, როგორც ხალხის მხატვრული ისტორიის ცოცხალი მატიანე, - წერდა იგი, - რომელშიც რელიეფურადაა ასახული მისი შემქმნელი ერის განვლილი ცხოვრება, მისი ისტორიის სასიამოვნო და სამწუხარო ფურცლები, მისი მიღწევები და ჩამორჩენები. სიმღერა მოუსყიდველი მოსამართლე და მუდმივი თანამგზავრია სიმართლისა, მასში დაცულია ხალხის მთელი წარსული დროის თავდადება, მისი სურვილები, ტრადიცია, რომელშიც ერთ მთლიან თხრობადაა გადმოცემული ქართველი ხალხის უძველესი თაობებისა და მოვლენების დაუწერელი ისტორია, მშობლიური ხალხის თავგადასავალი".49

ეპისკოპოსმა კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად შეადგინა "ქართული სიტყვიერების თეორიის სახელმძღვანელო". "ჩვენი მუშაობა, წერდა იგი, - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დარი დაუდგება საზოგადოდ ქართულ ენას ჩვენს საშუალო სკოლაში. და კერძოდ ამ სახელმძღვანელოს. საჭიროა სკოლამ მტკიცე ეროვნული ხასიათი მიიღოს და სწავლა საგნებისა ქართულად წარმოებდეს. ხოლო ეს მაშინ მოხდება, როდესაც მთლიანად საქართველოს ცხოვრება ეროვნულ საფუძველზე მოეწყობა და ქართული ენა უაღრესად საჭირო შეიქმნება ყოველ დაწესებულებაში. ამას კი ვინ იცის როდის მოვასწრებთ და მოვესწრებით კი როდესმე... 1918 წელს გამოვიდა წიგნი, სადაც უწმიდესი კირიონის ტრაგიკული აღსასრულით შეწუხებული გრიგოლ ყიფშიძე წერდა: "მოვესწარით ჩვენი ნატვრის აღსრულებას, მაგრამ ვაი, რომ ვერ მოესწრო ის, ვინც პირველმა ითავა ამ სახელმძღვანელოს შედგენა."50

ეპისკოპოს კირიონის სახელს უკავშირდება 1904 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიასთან საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრის გახსნა, რომელსაც 97 ბიბლიოგრაფიული იშვიათი წიგნი გადასცა. თუ რა რთული და წინააღმდეგობრივი იყო პეტერბურგის საერო და სასულიერო ხელისუფლების პოზიცია საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრის გახსნასთან დაკავშირებით ამის შესახებ ეპისკოპოს კირიონს მოვუსმინოთ: "1900 წლის დასაწყისში საქართველოს საეგზარქოსომ წმ. სინოდის წინაშე შუამდგომლობა დააყენა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიასთან ქართული ეკლესიის ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის დაარსების შესახებ. ქართული ეპარქიის საეკლე-სიო მუზეუმის თავმჯდომარემ კომიტეტის გადაწყვეტილებით წმ. სინოდის წევრებს, აგრეთვე ობერპროკურორს, სა-სულიერო აკადემიის რექტორსა და მეცნიერებს 15 მარტს შემდეგი შინაარსის წერილით მიმართა: "1901 წლის 12 სექტემბერს 100 წელი შესრულდა რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა. ამ მოვლენის სათანადოდ აღსანიშნავად სახელმ-წიფო დაწესებულებებში შესაფერისი პროექტები მზადდება. მინდა ჩვენი მხრიდანაც ღირსეული საქმით ავღნიშნოთ ის დღე. საქართველოს საეგზარქოსოს ეპისკოპოსებმა მის მაღა-ლყოვლადუსამღვდელოესობა ფლავიანეს-საქართველოს ეგზარქოსს - წერილობითი თხოვნით მიმართეს. მათ ეგზარქოსს სთხოვეს, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის ჩამოყალიბება. ეს მიზნად ისახავს, დამუშავებულ იქნას სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო საზოგადოებრივ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები. აგრეთვე მეცნიერებათა აკადემიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის არქივში ქართული ეკლესიის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკასა და მონასტრებში დაცული ხელნაწერები. ეჭვი არ გვეპარება, რომ ივერიის ეკლესიის ისტორიის შესწავლა, მოყოლებული V საუკუნიდან, უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა. ივერია ხომ თითქმის 16 საუკუნე იდგა მართლმადიდებლობის სადარაჯოზე.

რადგანაც თქვენთვის უმაღლესი საღვთისმეტყველო მეცნიერების გასაჭირი და ინტერესები კარგადაა ცნობილი. ქართული ეკლესიის მუზეუმი გთხოვთ თქვენს ქრისტიანულ განმანათლებლურ ხელშეწყობას, რათა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, სადაც უამრავი ხელნაწერი და ნაბეჭდი საუნჯეა, დაარსდეს საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელი კათედრა. ამასთანავე დავსძენთ, რომ თანდართულ ბროშურაში საკმაოდ დაწვრილებითაა საუბარი ქართული ეკლესიის წერილობითი ძეგლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ.

წმ. სინოდის 1900 წ. 30 აპრილის №2665 ბრძანებით სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საბჭოს დაევალა აღნიშნულ საკითხზე დასკვნა წარედგინა. საკითხის გარშემო მსჯელობისას, 1900 წ. 22 მაისის №1 მინაწერით შედგა კომისია ტ. ვ. ბარსოვის თავჯდომარეობით, რომელშიც შედიოდნენ: პროფესორი პოკროვსკი და დოცენტი ბრილიანტოვი.

საბჭოს სხდომის ჟურნალი № 9, 1902 წლის 18 მარტი. მოისმინეს: სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ეკლესიის ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის დაარსების შესახებ კომისიის შემდეგი აზრი: აკადემიის საბჭოს დავალებით კომისიამ იმსჯელა ქართული მუზეუმის კომიტეტის მიერ აღძრულ საკითხზე, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელი კათედრის დაარსების გამო და შემდეგ წინადადებაზე შეჩერდა:

1. დღესდღეობით, როცა აკადემიაში არ ისწავლება საქართველოს ეკლესიის ისტორია, ზოგიერთი ცნობა, რომელიც საქართველოს ეკლესიის ბედს, მისი ღვთისმსახურების წესსა და ადმინისტრაციულ წყობას შეეხება, გადმოიცემა მწირად, საერთო საეკლესიო და რუსეთის ისტორიის მეცნიერებათა ზღვა მასალების განხილვისას, მაგრამ დასახელებული მეცნიერებების პედაგოგებს საქართველოს ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი და ღირსშესანიშნავი მოვლენების დეტალური განხილვა და გადმოცემა არ ძალუძთ. ამიტომაც იმსახურებს ყურადღებას საქართველოს ეკლესიის მუზეუმის შუამდგომლობა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრის დაფუძნების თაობაზე; განსაკუთრებით მხედველობაში თუ მივიღებთ იმ ნივთიერ, წერილობით, ისტორიულ, არქეოლოგიურ, სამართლებრივ ძეგლთა სიმდიდრეს, რომლებიც სხვადასხვა ბიბლოეთეკებს, მუზეუმებსა და არქივებში ინახება, აკადემიაში ასეთი კათედრის დაარსება უდავოდ შეუწყობდა ხელს აკადემიური კურსის მეცნიერული ცოდნის გაღრმავებასა და, კერძოდ, მართლმადიდებლურ ეკლესიათაგან ერთ-ერთი უძველესი ისტორიის შესწავლას.

2. საქართველოს ეკლესიის ისტორიული ბედი, ისევე როგორც ბედი ქართველი ხალხისა, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სხვა ქრისტიანული ეკლესიების - სომხურის, სირიულ-ქალდეურისა, და საერთოდ, აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების ისტორიასთან. ეს გარემოება გვავალდებულებს, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიის სწორად გაგება, შესწავლა და აღქმა მხოლოდ მთლიანობაშია შესაძლებელი. ამიტომაც, აღნიშნული კათედრის გამართული და ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია მეზობელი ქვეყნების ეკლესიების ისტორიის და არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიისადმი ყურადღების მიქცევა. საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრის ამ სახით ჩამოყალიბება, რომელიც ტომობრივი სეპარატიზმით არ შემოიზღუდებოდა, გაგვაცნობდა აღმოსავლეთის ეკლესიების ისტორიულ ცნობებს,რაც დღეს აკადემიაში სწავლების შესამჩნევი ხარვეზია.

3. მიუხედავად ამ ცნობის ღირებულებისა, აღნიშნული მასალა საკმაოდ სპეციფიკურია. არ შეიძლება აკადემიის ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოდ ჩაითვალოს ამ კათედრის ლექციების მოსმენა. ამას მსურველთა ნება უნდა განაპირობებდეს. ამიტომაც აღნიშნული კათედრის გახსნა უნდა მოხდეს პირობითად, ექსპერიმენტის სახით, რათა ერთის მხრივ, დავრწმუნდეთ მისი არსებობის აუცილებლობაში; მეორეს მხრივ კი იმაში, რომ კათედრის მასალა სასარგებლოა და აკმაყოფილებს მსმენელთა ცნობისწადილს.

4. გარკვეულ ახსნა-განმარტებას მოითხოვს შემოთავაზებულ კათედრაზე საიმედო, მომზადებული და უნარიანი პედაგოგების დანიშვნა. უეჭველია, რომ ამ კათედრის მასწავლებლისათვის უცხო უნდა იყოს ნებისმიერი ნაციონალური სეპარატიზმის სულისკვეთება. ასეთი კათედრის საუკეთესო ხელმძღვანელი შეიძლება ყოფილიყო სასულიერო აკადემიის აღზრდილი,რომელსაც ღვთისმეტყველებასთან ერთად ეცოდინებოდა საჭირო ენები ძეგლების დამოუკიდებლად შესწავლისა და დამუშავებისათვის. ასეთი მასწავლებლების მიღება კი შესაძლოა მხოლოდ განსაკუთრებული მომზადებით და მის მიერ უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ქართულის, სომხურისა და სირიული ენების შესწავლითა და კავკასიასა და აღმოსავლეთში მოგზაურობით; სათანადო ხალხის ენების, ძეგლებისა და ლიტერატურის ადგილზე გასაცნობად. ამიტომ შემოთავაზებული კათედრის გახსნისას ჩვენ აუცილებლობად მიგვაჩნია წინასწარ დავიწყოთ სასურველი ხელმძღვანელის მომზადება აკადემიის აღზრდილთა წრიდან.

კომისიას პატივი აქვს, ზემომოყვანილი მოსაზრებები, მათგან გამომდინარე ვარაუდებით, განსახილველად წარუდგინოს აკადემიის საბჭოს, მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

დაადგინეს: განცხადების მიხედვით, სასურველია დაისვას საკითხი, დაარსდეს კათედრა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ისტორიის, არამედ აღმოსავლეთის ქრისტიანული თემებისა, ასევე, როგორც ბიზანტიის ეკლესიის ისტორიისა. ამ მიზნით შეიქმნას კომისია დამსახურებული ორდინარული პროფესორის ნ. ა. სკაბალანოვიჩის ხელმძღანელობით,რომელსაც დაევალა საბჭოს წარუდგინოს თავის მოსაზრებები.­

განხილული იქნა აღნიშნული საკითხი და ამავე დროს მხედველობაში იქნა მიღებული როგორც საქართველოს საეგზარქოსოს ეპისკოპოსთა მოხსენებითი ბარათი სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ეკლესიის ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის დაარსების შესახებ, ასევე ამ საკითხის გამო ადრე შექმნილი კომისიის აზრი. კომისიას აქვს პატივი აკადემიის საბჭოს წარუდგინოს შემდეგი მოსაზრებები, დაფუძნებული აკადემიური მეცნიერების ფაქტობრივი მდგომარეობის განხილვაზე, მის მოთხოვნებსა და აკადემიის განაწესის მითითებებზე.

ქართული ეკლესიის ისტორიის სპეციალური დამუშავების სურვილი თავისთავად საკამათო არ არის, ისევე, როგორც საერთოდ შეუძლებელია უარყოფა ყოველგვარი სპეციალიზაციის სარგებლიანობისა სამეცნიერო მუშაობის სფეროში. მაგრამ რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აკადემიაში ახალი კათედრის დაარსების საკითხია წამოწეული. აუცილებელია ანგარიში გაეწიოს, ერთის მხრივ, საეკლესიო ისტორიული მეცნიერების ნამდვილ მოთხოვნილებას იმ სახით, როგორც ის მუშავდება და ისწავლება სასულიერო აკადემიებში ამჟამად; მეორეს მხრივ, საერთოდ აკადემიური სწავლების არსებულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ რომელიმე ახალი საგნის შემოღების პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობას, რისთვისაც დამოუკიდებელ კათედრის გახსნაა მიზნად დასახული.

ამ თვალსაზრისით საკითხის განხილვამ კომისია მიიყვანა დასკვნამდე, რომ აკადემიური მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნილებების­ ყველაზე უფრო დამაკმაყოფილებელ­ და პრაქტიკულად ერთადერთ განხორციელებად უნდა მივიჩნიოთ­ არა სპეციალურად მხოლოდ საქართველოს ისტორიის კათედრის გახსნა, არამედ საერთოდ ბერძნულ-აღმოსავლური ეკლესიის ისტორიისა, მისგან IX ს. დასავლეთის ეკლესიის გამოყოფის შემდეგ, ამ საგნის პროგრამაში, პირველ ყოვლისა, უნდა შევიდეს საბერძნეთის ეკლესიის ისტორია, დაწყებუ­ლი მითითებული მომენტიდან, შემდეგ კი უკვე ქართული ეკლესიის­ ისტორია და აღმოსავლეთის სხვა თემებისა, რომლებსაც­ თავიანთ ისტორიულ წარსულში ბიზანტიასთან ჰქონდათ შეხება.­

ა)  თუნდაც ერთ აკადემიაში განსაკუთრებული კათედრის დაარსება სწორედ ისეთი პროგრამებით, სადაც პირველ რიგში დადგებოდა ბიზანტიური და საერთოდ გვიანბიზანტიური ისტორია, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ქართული ისტორიის დამუშავების საკითხის გარეშეც. თავისთავად საყურადღებოა ბიზანტიური ეკლესიის ისტორიის მნიშვნელობა აღმოსავლურ მართმადიდებლების თვალსაზრისით და ნაწილობრივ ის მნიშვნელობა, რომელიც ბიზანტიურ ეკლესიასა და კულტურას ჰქონდა რუსული ეკლესიისა და რუსი ხალხის ისტორიაში, რუსულ მეცნიერებას როგორც სასულიერო, ისე საეროს, ავალდებულებს ყურადღებით და ყოველმხრივ შეისწავლოს ბიზანტია,მისი ეკლესია,ერის ისტორია და კულტურა. ამჟამად ბიზანტიის ეკლესიის გვიანდელი პერიოდის ისტორიის, ისევე, როგორც თურქთა ბატონობის ქვეშ მართლმადიდებელი ეკლესიის შემდგომი ისტორიის, შესწავლა აკადემიებში მიკუთვნებული აქვს ეკლესიის საერთო ისტორიის კათედრას. სინამდვილეში, ეკლესიების გაყოფამდე ქრისტიანობის ისტორიის პერიოდის მასალათა სიუხვე ამ კათედრის მმართველისათვის შეუძლებელს ხდის რეგულარულად წაიკითხოს და დაამუშავოს აღმოსავლეთის ეკლესიის გვიანი ისტორიის დაწვრილებითი კურსი,უფრო ადრეული პერიოდის ისტორიისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ეკლესიის საერთო ისტორიიდან ქართული ეკლესიის გამოყოფისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლობას წარმოადგენს მისგან გამიჯნულ იქნას თვით ბერძნული ეკლესიის ისტორია, ამ უკანასკნელის საგანგებო დამუშავების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ზღვრად შეიძლება მიჩნეულ იქნას სწორედ IX საუკუნის აღმოსავლეთის ეკლესიისგან დასავლეთის ეკლესიის გამოყოფის დრო; ამასთან ერთად, ბიზანტიის რუსეთთან პირველი ურთიერთობისა და ამ უკანასკნელებთან ქრისტიანობის პირველი ნიშნების გაჩენის დრო; ასევე, სამხრეთ სლავების ქრისტიანულად მოქცევის ხანა. ამავე დროს, რაც შეეხება სხვებს – არაბერძნულ ეკლესიებსა და აღმოსავლეთის ქრისტიანულ თემებს, აუცილებელია IX საუკუნემდე მათი ისტორიული ბედის შესახებ ნარკვევის შეტანა, რაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც პედაგოგების ყურადღება უპირატესად გამახვილებული იქნება მათ უგვიანეს ისტორიაზე, რომლისთვისაც მეტ-ნაკლებათ საკმარისი მასალა არსებობს.

ბ) მსგავსი კათედრის გახსნისთვის საფუძველი შეიძლება მოძიებულ იქნას თვით აკადემიის ამჟამად მოქმედ 1884 წლის წესდებაში და წესდების გამოცემამდე არსებულ პრაქტიკაში. წესდებაში, აკადემიის სასწავლო მეცნიერებების ჩამონათვალში ($10). ეკლესიების გაყოფამდე მსოფლიო ეკლესიისა და რუსული ეკლესიის ისტორიებთან ერთად წარმოდგენილ-ია "აღმოსავლურ-მართმადიდებლური" (ეკლესიათა გაყოფის შემდგომი) ან ბერძნულ-აღმოსავლური" (იხ. განმარტებითი ბარათი წესდების პროექტთან) ეკლესიის ისტორია. პედაგოგთა შორის აკადემიური კურსის დანაწილებისას ($107. დანართი) მოიხსენებიან მხოლოდ რუსული ეკლესიის ისტორიისა და საერთო საეკლესიო ისტორიის პედაგოგები. აშკარაა, მხოლოდ განსაკუთრებული მასწავლებლის არყოლა ეკლესიათა გაყოფის შემდგომ აღმოსავლურ-ბიზანტიური ეკლესიის ისტორიის სწავლებისათვის აიძულებთ, ამჟამად ეს ისტორია შეურთდეს ეკლესიის საერთო ისტორიას. ასეთი შეფასების ზემოთ მითითებული უხერხულობის მიუხედავად, ადრე, 1884 წლამდე, მას ჰყავდა განსაკუთრებული წარმომადგენელი, რომელიც მთლიანად ასწავლიდა დასავლეთის ეკლესიის ის-ტორიასაც, რომელიც ამჟამად დასავლურ აღმსარებლობათა განხილვასთანაა მიერთებული. ამჟამინდელი საქმის ვითარება მას აყენებს ნაკლებ ხელსაყრელ მდგომარეობაში, ვიდრე არის არასლავური დასავლეთის ისტორია.

გ) ბიზანტიის ეკლესიის ისტორიის განსაკუთრებულ საგნად გამოყოფა აკადემიაში ქართული ეკლესიის ისტორიის წარმატებით სწავლებისა და დამუშავებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამ ისტორიის შესწავლისას ბიზანტინოლოგიასთან მის მჭიდრო კავშირზე კეთდება მითითება ბროშურაშიც: "მომწიფებული საკითხი" (საქართველოს რუსეთთან შეერთების დღესთან დაკავშირებით). ტფილისი, 1901", რომელიც ახლავს საქართველოს ეკლესიის მუზეუმის კომიტეტის შუამდგომლობას ქართული ეკლესიის ისტორიის კათედრის დაფუძნების შესახებ. ბროშურის სიტყვებით, "სწორედ რუსული ბიზანტიოლოგიის ღირსება მოითხოვს, რომ მას ეკუთვნოდეს ინიციატივა და ხელმძღვანელი როლი ქართულ სიძველეთა შესწავლასა და დამუშავებაში". მაგრამ რუსული ბიზანტიოლოგიის ღირსება მოითხოვს, პირველყოვლისა, აკადემიურ სწავლებაში განსაკუთრებული დისციპლინის სახით თვით ბიზანტიოლოგიის შეყვანას; მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ვილაპარაკოთ მის ინიციატივასა და ხელმძღვანელ როლზე ქართული სიძველეების შესწავლის საქმეში.

საერთოდ ბერძნული აღმოსავლეთის გვიანდელი ისტორიის განსაკუთრებულ საგნად გამოყოფა, მასთან საქართველოს ეკლესიისა და სხვა არაბერძნული აღმოსავლეთის ქრისტიანული თემების ისტორიის შეერთება იქნებოდა პირველი, სავსებით ბუნებრივი სტადია ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიის თანამიმდევრულ სპეციალიზაციაში, რომელიც შექმნის შემდგომი წინსვლის საშუალებას ამ მიმართებით, როცა ამისთვის შეიქმნება აუცილებელი პირობები, ამჟამად კი სწრაფვა უკიდურესი სპეციალიზაციისაკენ, მაშინ როცა არ არის გავლილი შუალედური საფეხურები და დამაკმაყოფილებელი არ არის აკადემიური სწავლების უფრო არსებითი მოთხოვნილებები, არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ თუ ქართულ ეკლესიას შეუძლია წარმოაჩინოს ზოგიერთი განსაკუთრებული უფლება რუსეთის საღვთისმეტყველო მეცნიერების მიერ მისი ბედის შესწავლაზე, მართლმადიდებლობისადმი მუდმივი ერთგულებისა და რუსულ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირის გამო, ამავე დროს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უდავო ფაქტად რჩება ისევ, რომ ქართული საეკლესიო ლიტერატურა, მეცნიერული თვალსაზრისით, მთლიანობაში ნაკლები ღირებულების ფასეულობას წამროადგენს, ვიდრე შესაბამისი ლიტერატურა, მაგ. სირიულ და სომხურ ენებზე, და მცირე გამონაკლისის გარდა, ბერძნულ-ბიზანტიური და სირიული ნაწარმოებების თარგმნისაგან შედგება; ყოველ შემთხვევაში, მისი ფასეულობის დამტკიცება მომავლის საქმეა. არ შეიძლება ეს ვითარება უმნიშვნელოდ მივიჩნიოთ, სწორედ ქართული ეკლესიის ისტორიის შემსწავლელი განსაკუთრებული კათედრის გახსნის აუცილებლობის საკითხის გადაწყვეტისას.

დ) საქმის ისე წარმართვა, რაზეც ზემოთ მივუთითეთ, აკადემიური მეცნიერების მოთხოვნებთან მისი ნამდვილი შესაბამისობის გარეშეც უნდა იქნას აღიარებული ამჟამად მისი განხორციელების თვალსაზრისით. საქმის სხვაგვარი დაყენება, მხოლოდ ქართული ეკლესიის ისტორიის ცალკე განსაკუთრებულ საგნად გამოყოფა, ან საერთოდ არაბერძნული ქრისტიანული აღმოსავლეთის საერთო ისტორიისა (განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით მხოლოდ ქართულ ეკლესიაზე) ნაადრევი იქნებოდა, რადგან პრაქტიკულად გადაულახავი სიძნელეები შეხვდებოდა იმიტომ, რომ აკადემიაში ამჟამად არ არსებობს ფილოლოგიურად მეტ-ნაკლებად მომზადებული მსმენელი, რომელიც შეძლებდა არათუ დამოუკიდებელ მეცადინეობას აღნიშნულ საგანში, არამედ ამ ლექციების საკმაო ინტერესით მოსმენასაც კი. ყურადღების გამახვილება მხოლოდ არაბერძნული აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიასა და მუდმივი მიმართვა აღმოსავლურ ენებზე დაწერილი ძეგლებისადმი ამ ენების ცოდნას მოითხოვდა არა მხოლოდ მსმენელთა მხრიდან. მაგრამ თუ ასეთი მოთხოვნები განხორციელებადია მასწავლებელთან მიმართებაში, აკადემიის მსმენელები მოკლებულები არიან საშუალებას, შეიძინონ მათთვის საჭირო მსგავსი მომზადება. ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლისათვის აუცილებელი აღმოსავლური ენები,ნაწილობრივ ქართული და სომხური, აკადემიაში არ ისწავლება და მხოლოდ ხანდახან (არაყოველწლიურად) აწვდიან ცნობებს სიტყვიერების განყოფილების სტუდენტებს ებრაული ენის ლექციებზე სირიული ენის გაცნობისას. ასეთ პირობებში ახალი კათედრისათვის შეიქმნებოდა მსმენელთა გარეშე დარჩენის რისკი, რადგანაც ამ შემთხვევაში შეუძლებელია იმედის დამყარება სტუდენტებზე, განსაკუთრებით მოყვარულ ლინგვისტებზე. ამ სიძნელის დაძლევაში შესაძლებელია ხელი შეეწყო აკადემიაში ყოველწლიურად ქართველთა ჩარიცხვას. სხვებისათვის არასაჭირო და ნაკლებმისაწვდომი საგნის მსმენელთა მუდმივი კონტიგენტის შექმნის ამგვარი ხერხი (მხოლოდ ქართული ეკლესიის ისტორიის საგანი), როგორც ჩანს, დამოკიდებულია აკადემიაში ყოველწლიურად მისაღებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობაზე და ასეთი მსმენელების შენახვისათვის განსაკუთრებული თანხების დაფინანასებაზე და თავისთავად მას ძნელად თუ შეუძლია სავსებით ნაყოფიერი შედეგების შეპირება, სანამ აღმოსავლური ენების სწავლება შეტანილი არ არის აკადემიაში და არაბერძნული ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორია, როგორც სწავლების საგანი, აქ შეიძლება არსებობდეს, როგორც ბერძნული აღმოსავლეთის ისტორიის დამატება."

ხსენებული კომისიის წევრის, დამსახურებული ორდინარუ-ლი პროფესორის ნ. ვ. პოკროვსკის განსაკუთრებული თვალსაზრისი: "სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ქართული ეკლესიის ისტორიის კათედრის დაფუძნების საკითხის შესახებ და მე ვრჩები წინანდელ მოსაზრებაზე, რაც გამოვთქვი ამ საგნის შესახებ პირველი კომისიის მოხსენებაში. ჩემი აზრი აღნიშნული საგნის დამოუკიდებელ არსებობაზე ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:

I. საკითხი ამ კათედრის შესახებ წარმოიშვა ადგილზე, საქართველოში, საეკლესიო-ისტორიული ცოდნის წარმომადგენელთა ადგილობრივ საზოგადოებაში და საკმაოდ მოტივიერებულია, როგორც "მომწიფებული საკითხი", რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. ამისთვის სწორედ ახლა დადგა ხელსაყრელი მომენტი. ვგულისხმობ ერთმორწმუნე საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლისთავის ახლახან აღნიშნულ დღესასწაულს. ქართული ეკლესიის ისტორიის განსაკუთრებული აკადემიური კათედრის დაარსება დიდებული პატრიოტული საქმე იქნებოდა როგორც მრავალტანჯული საქართველოს ბედისა და მისი ეკლესიური აზროვნების მაჩვენებლისა. პირველმა აკადემიურმა კომისიამ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ მომწიფებულ მოთხოვნილებას და მოსაწონ მოძრაობას ადგ-ილობრივ საზოგადოებაში. და სწორედაც, განსახილველად შეთავაზებული საკითხი დადებითად გადაწყდა.

II. ამ საკითხის ორჭოფული გადაწყვეტა იმ აზრით, რომ აკადემიაში დაფუძნდეს ახალი კათედრა "ბერძნული ეკლესიის ისტორიისა ეკლესიების განყოფიდან უახლეს პერიოდამდე", მასთან, როგორც განსაკუთრებული ეკლესიურ-ისტორიული განშტოება - ქართული ეკლესიის ისტორიის მიერთებით, არ შეესაბამება საზოგადოების და დროის მოთხოვნებს და ქართულ ისტორიას ძალდატანებით ათავსებს ვიწრო ჩარჩოებში. საკითხის ასე დაყენებით ქართული ისტორია კარგავს თავის სისავსესა და ღირებულებებს, რადაგანც მისი კავშირი ბერძნული ეკლესიის ისტორიასთან მოცემულ საზღვრებში ძალზე ხანმოკლე და ცალმხრივია. ამასთან, სასურველი მიზანი მიუღწეველი იქნება; სწავლებაში გარდაუვალი გაორება მოხდება და პროფესორიც იძულებით გაფანტული იქნება; საუკეთესო შემთხვევაში სპეციალისტ-პროფესორი თავისი ყურადღების უპირატეს საკითხზე, ანუ ბერძნული ეკლესიის ისტორიაზე გამახვილებით ყოველგვარი ყურადღების მიღმა დატოვებს საქართველოს ისტორიას, ვინაიდან საქმისადმი სხვაგვარად დამოკიდებულება ვერ იქნება იმ მოთხოვნების შესაბამისი,რომელსაც ამჟამად აყენებს ისტორიის სპეციალური სამეცნიერო კვლევა. მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქართული და ბერძნული ეკლესიების ისტორიების სპეციალისტთა მომზადება ერთნაირად ვერ წარიმართება. თუ ჩვენ გვესაჭიროება ბერძნული ეკლესიის კათედრა, მაშინ მასზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ,საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრისაგან დამოუკიდებლად. მაგ. აკადემიის წესდების მუხლზე დაფუძნებული რომელიმე ფორმალური ან პრაქტიკული მოსაზრებით თუ მიჩნეული იქნებოდა ბერძნული ეკლესიის ისტორიის სხვა რომელიმესთან დაკავშირება, უფრო ახლოს დგას და უფრო ბუნებრივიც იქნება და არა ქართული, არამედ სლავური ეკლესიის ისტორიის შეერთება. მაგრამ არც ამგვარი შეერთებაა გამოწვეული საქმის ვითარებით ან ისტორიის მეცნიერული დამუშავებით; ამჟამად ამ შეერთებაზე მსჯელობისათვის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მისი ძებნა აკადემიის წესდებაში, ამ უკანასკნელის მუხლზე დაყრდნობით, ზედმეტია. ჩვენ იმას კი არ გვეკითხებიან, გათვალისწინებულია თუ არა აკადემიის წესდებაში ქართული ეკლესიის ისტორია,არამედ იმას,თუ რამდენად თანადროულია და საჭირო აკადემიაში ასეთი კათედრის დაარსება. ამ პირდაპირ კითხვაზე, ჩემი აზრით, გაცემულ უნდა იქნას გულწრფელი დადებითი პასუხი. კერძოდ - დიახ.

III. კავკასიაში და ნაწილობრივ საქართველოშიც, ჩვენს დრომდე შემონახულია ძეგლთა ისეთი სიმდიდრე, როგორიც იშვიათად გვხვდება სხვა ქვეყნებში. ეს ძეგლები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. მათმა გამოკვლევამ შუქი უნდა მოჰფინოს არა მარტო ქართული ეკლესიის ისტორიის, არამედ მთლიანად აღმოსავლური ეკლესიის ისტორიას. ჩვენ გვერდს ვუვლით კავკასიის პირველყოფილ კულტურას (რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია ხალხთა პირველყოფილი ისტორიის შესწავლისათვის, მათ შორის ევროპელი ხალხისაც), ჯერ კიდევ იმ ეპოქას რომ განეკუთვნებიან, როცა არ იყო მატიანეები და ისტორიული წერილობითი ძეგლები და განვიხილავთ მხოლოდ ქრისტიანულ ძეგლებს, იქნება ეს წერილობითი, მატერიალური თუ ხელოვნების ძეგლები).

1) უკანასკნელ დრომდე ქართული წერილობითი ძეგლები მივიწყებული იყო და მათგან მხოლოდ ზოგიერთი, განსაკუთრებით გვიანდელი ეპოქისა (აქტები) თუ იპყრობდა სიძველის მოყვარულთა ყურადღებას.

XI საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა მათ სისტემატურ შეგროვებას და უკვე საკმაოდ ბევრია თავმოყრილი. თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოეთეკაში ამჟამად უკვე 1200-ზე მეტი ხელნაწერია დაცული. სიონის ტაძართან არსებული საეკლესიო არქეოლოგიურ მუზეუმში ასევე 500-მდე ხელნაწერი ინახება. დიდი რაოდენობით ქართული ხელნაწერია გაბნეული სინას, ათონის, პალესტინის ბიბლიოთეკაში, საქართველოს მონასტრებსა და ძველ ტაძრებში, სიგელების მოყვარულთა ოჯახებში. ათობით ათასი საეკლესიო აქტია ქართულ არქივებში. ეს ხელნაწერები XII საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდს მოიცავს. მათი შინაარსი იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, რომ საეკლესიო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა უმთავრეს საკითხს ეხება. ამაში შედის: ძველი და ახალი აღთქმის თარგმანები, ლიტურგიული ხელნაწერები, წმინდა მამათა თხზულებების თარგმანები, რომელთა ორიგინალები ხშირად დაკარგულია და რომელთა სხვა თარგმანებიც, გარდა ქართულისა, არ არსებობს. ქრისტიანული აპოკრიფები, წმინდანთა ცხოვრება, პოლემიკური თხზულებები, ადგილობრივი ქართული კრებების კანონები, ძველ ბერძნულ თუ აღმოსავლელ პოეტთა და სხვა საერო მწერალთა ფილოსოფიური ნაწარმოებების თარგმანები. თხზულებები მედიცინის, ენათმეცნიერების, გეოგრაფიის, ასტროლოგიის დარგში, მაჰმადიანობის შესახებ და სხვ. რომ არაფერი ვთქვათ იმ ათეულობით ათასი აქტის შესახებ, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება XVII საუკუნიდან მოყოლებული. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ცნობილ ხელნაწერებთან ერთად დროთა განმავლობაში ნაპოვნი იქნება მრავალი სხვაც. მთელი ეს სიმდიდრე მკვდარ კაპიტალს წარმოადგენს, რომელიც მეცნიერულ ბრუნვაში არ გამოიყენება მაშინ, როცა სწორედ მათ საფუძველზე უნდა აიგოს უპირატესად ქართული ეკლესიის ისტორია. ეს ძეგლები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპოქებს გააშუქებს, გააცოცხლებს მეცნიერებისა და განათლების დაცემისა თუ აღმავლობის პერიოდებს, საქართველოს ურყევ ერთგულებას მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემებისადმი, მის ბრძოლას უცხო სწავლებებთან, წარმოჩნდება მისი საეკლესიო მმართველობის სახე, ერთი სიტყვით, ის მყარი საფუძველი ურომლისოდაც წარმოუდგენელია ზუსტი ისტორია. საქართველოს ეკლესიის ამგვარი ისტორია ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ის უაღრესად სასურველი და აუცილებელია, ხოლო მისი დამუშავება ჩვენს გადაუდებელ მოვალეობას წარმოადგესნ.

2) ძეგლთა მეორე ჯგუფს განეკუთვნება მატერიალური ძეგლები, ანუ საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები. მათ შორისაა საეკლესიო არქიტექტურის ძეგლები, კედლის მხატვრობა, ხარები, ლითონისა და მინანქრის ნაკეთობები, წიგნის მხატვრობა თუ მინიატურები. ძველი ხელსაქმის ნიმუშები, ნაქარგობანი, ეპიგრაფიკული ძეგლები. ამგვარი ძეგლები კავკასიაში ძალზე ბევრია და ისინი დროის ვრცელ მონაკვეთს მოიცავენ - X-დან XVII საუკუნემდე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბიჭვინთის ტაძარსა და ნეკრესის კედლის მოხატულობას, რომლებიც უფრო ადრინდელად მიიჩნევა. ამ ძეგლების უძველესი ნაწილი მოწმობს საქართველოს ბიზანტიასთან ურთიერთობას, მეორე ნაწილი - ადგილობრივი საეკლესიო ხელოვნების თვითმყოფადობას. ამ მხრივ საქართველოში ხელოვნების განვითარების ისეთივე ისტორიული პროგრესის მოწმენი ვხდებით, რასაც რუსეთში. ბიზანტიურ-ქართული ხელოვნების ბევრი ძეგლი უკვე გამოცემული და აღწერილია, ზოგი მეცნიერულად გამოკვლეულია,მაგრამ ეს ნაწყვეტი სამუშაოები (ბაქრაძის, კონდაკოვის, პომიალოვის, გრაფ უვაროვის და სხვათა), რომლებიც ისტორიულ მოვლენათა საერთო ჯაჭვში არაა ჩათვლილი, ჯერ მხოლოდ ძვირფას მასალად რჩება, რომელიც დროთა განმავლობაში შემადგენელი ნაწილის სახით უნდა შევიდეს ქართული ეკლესიის მთლიან ისტორიაში.

ამ მასალის რაოდენობა გაიზრდება, მისი შეფასება უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ბიზანტიის, საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის ხელოვნების ისტორიის საკითხებზე­ მეცნიერული შეხედულების ჰორიზონტები. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს საეკლესიო ისტორიის კათედრის დაარსება. ამ ზღვა მასალა მეცნიერული ღირებულებებისადმი სათანადო პატივის მისაგებად ის საგაგებო კათედრას, სახელდობრ, ქართული საეკლესიო ისტორიის კათედრას უნდა მიებაროს და არა გვიანდელი ბერძნული ისტორიისას, სადაც ის სათანადო შეფასებას ვერ ჰპოვებს.

IV. დაუშვებელია ამ საკითხის საეკლესიო-პრაქტიკული მხარის უგულვებელყოფა. თუკი გამართლებულია დებულება, რომ ჭეშმარიტი სამეცნიერო ცოდნა არასოდესაა ვნების მომტანი და პირიქით, მას მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, მაშინ ზემოაღნიშნული კათედრაც, როგორც წყარო ამგვარი ცოდნისა, თავის სარგებელს აუცილებლად გამოიღებს. ივერიის მართლმადიდებელი ეკლესიის ბედის შეცნობა ესეოდენ მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთის მართლმდიდებლობის ისტორიაში საერთოდ და კერძოდ კი, ივერიის ხალხთა ისტორიის შესწავლისათვის; ხალხთა ხასიათის, თვისებებისა და ტრადიციების გაცნობა არა მხოლოდ თანამედროვე ეთნოგრაფიული დაკვირვების გზით ხდება, არამედ - ისტორიული კვლევებითაც. ეს ყოველივე კი აამაღლებს მისიონერულსა და რელიგიურ-განმანათლებლურ მოღვაწეობას კავკასიაში და რაც მთავარია, სასულიერო ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, დაარეგულიროს საეკლესიო საქმეები საქართველოში, რაც უფროდაუფრო ძნელდება. ეს კი ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ ნაკლებადაა ცნობილი ადგილობრივი რესურსები და მისი ისტორია, დამყარებული ცოდნაზე, მშვიდობასა და სიყვარულზე. ივერია მუდამჟამ მტკიცე მართლმადიდებლობაში, 400 წლის განმავლობაში აგრძელებს ურთიერთობას ერთმორწმუნე რუსეთთან. სწორედ მართლმადიდებლობაში სიმყარემ მიიყვანა ის რუსეთთან პოლიტიკურ და საეკლესიო ერთობაში და ამით რუსეთის მართლმადიდებლობისაგან მიიღო საფასური სხვადასხვაგვარი რწმენის მქონე აზიის შემოტევებისაგან - ამისი განსაზღვრა, გარკვეული წარსულის გათვალისწინებით, სწორედ დღეს წარმოშობს თანამედროვეთა ინტერესს, როცა გაძლიერებულია პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობები, დასავლეთ ევროპიდან წინა აზიაში მიმართული.

V. ზემოგანხილული საგნის კათედრა აუცილებლად სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიამ უნდა დაამტკიცოს, განლაგდეს თვით დედაქალაქში და აღიჭურვოს კარგი სამეცნიერო საშუალებებით.

VI. საგანს შეიძლება ასე ეწოდოს: ივერიის საეკლესიო ისტორია და სიძველენი.

შენიშვნა: თავისთავად ამ ისტორიის სომხური და სირიულ-ქალდეური, ბიზანტიურსა და რუსულ ისტორიებთან თანხვედრა­ გათვალისწინებული იქნება: ეს სამეცნიერო მეთოდიკის საქმეა.

VII. ამ ახალი და რთული საგნის სპეციალისტის არჩევისას მოთხოვნა უნდა იყოს აღმოსავლეთის ისტორიისა და სიძველეების და ნაწილობრივ, ენების ცოდნაზე. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და ეს უნდა იყოს აკადემიის საგანგებო ზრუნვის საგანი: ამ შემთხვევაში აკადემიის დახმარებით მოვა საუნივერსიტეტო მეცნიერება და მოგზაურობის სწავლება. თუმცა, დაწვრილებით ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია".

ცნობა. წმ. სინოდის 1900წ. 30 აპრილის №2665 განჩინების თანახმად, აკადემიის საბჭოს მოეთხოვოს დასკვნის გამოტანა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ეკლესიის ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის დაარსების შესახებ; აღნიშნული საკითხი მოგვარდეს 1901 წ. 18 იან-ვრისათვის, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლ-ისთავთან დაკავშირებით. ამ საკითხის განხილვისათვის საბ-ჭოს გადაწყვეტილებით, 1900 წ. 22 მაისს (№1) შედგა კომისია დამსახურებული ორდინალური პროფესორი ტ. ბ. ბარსოვის ხელმძღვანელობით და ბატონ ნ.ვ. პოკროვსკისა და დოც. ა. ი. ბრილიანტოვის შემადგენლობით.

კომისიამ მარტისთვის აკადემიის საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარუდგინა. აკადემიის საბჭომ 18 მარტს განსაზღვრა: განაცხადი კათედრის მოწყობის შესახებ ითვალისწინებას არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ისტორიას, არამედ აღმოსავლეთ ქრისტიანულ ერთობას, რომელიც თანასწორია ასევე ბიზანტიის ეკლესიის ისტორიისა. ამ მიზნის განხორციელებისათვის შეიქმნას კომისია დამსახურებული ორდინალური პროფესორის ნ. ა. სკაბალანოვიჩის ხელმძღვანელობითა და პროფ. ნ. ვ. პოკ-როვსკის, ნ.კ. ნიკოლსკის, ი.გ. ტოიცკისა და ა. ი. ბრილიან-ტოვის შემადგენლობით, რომელიც საბჭოს წარუდგენს თავის მოსაზრებას.

დაადგინეს: არ უარვყოფთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის სპეციალური სამეცნიერო კვლევის სურვილს, თუმცა კომისიის ანგარიშის საფუძველზე უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აკადემიაში სასულიერო-ისტორიული მეცნიერებების დაფუძნება - საქართველოს ეკლესიის ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის დაარსებამდე გაძლიერდეს ქრისტიანული აღმოსავლეთის საერთო საეკლესიო ისტორიის შესწავლა და ეთხოვოს მის მაღაყოვლადუსამღვდელოესობას შეამდგომლობა წმ. სინოდის წინაშე, რათა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში რუსული ისტორიისა და წეს-ჩვეულებების და სლავურ ეკლესიათა ისტორიის კათედრების პარალელურად გაიხსნას დამოუკიდებელი კათედრა ბერძნულ-აღმოსავლეთის ეკლესიისა,რომელიც მოიცავს ეკლესიის გაყოფიდან დღემდე პერიოდს და რომლის შემადგენლობაში შევა საქართველოს ეკლესიის ისტორიაც, როგორც ერთი შემადგენელი ნაწილი.

ჟურნალზე მაშინვე გაჩნდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის რეზოლუცია: "თანახმა ვარ. 3. მაისი. 1902", ამგვარად, საქართველოს ეკლესიის ისტორიის დამოუკიდებელი კათედრის გახსნის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საჭიროდ არ იქნა მიჩნეული მიუხედავად ბროშურაში "წამოჭრილი საკითხის" საკმაო მოტივაციისა და შესაფერისი მომენტის შერჩევისა - საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავისა. მოთხოვნილი კათედრის ნაცვლად გაიხსნა კათედრა ბერძნულ-აღმოსავლეთის ეკლესიების ისტორიისა ეკლესიის გაყოფიდან დღემდე, ხოლო საქართველოს ეკლესი-ის ისტორია მასში საკმაოდ მცირე მოცულობით განისაზღვრა, რის შედეგადაც დაირღა მისი მთლიანობაც და ღირებულებაც."51

ეპისკოპოს კირიონს დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" და "საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების" წინაშე. მან საისტორიო საზოგადოებას შესწირა "ვეფხისტყაოსნის" უცნობი ხელნაწერი, "პავლენის" ერთი ძველი რედაქცია. იგი სისტემატურად ეხმარებოდა საზოგადოებას ფინანსურად. როგორც ამ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში (გადასახლებაში) ყოფნის დროს საზოგადოებას შემოსწირა თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატიკური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის".52 1911 წლის 5 დეკემბერს საისტორიო საზოგადოებამ მადლობის წერილი გაუგზავნა ეპისკოპოს კირიონს, ხოლო 1913 წლის 2 ივლისის საისტორიო საზოგადოების წლიური კრების №74 ოქმის თანახმად - საბჭოს წინადადებით საზოგადოების კრებამ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად ერთხმად აირჩია ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი.



III. მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II თავისი სასულიერო მოღვაწეობისას დიდი ქართველი წინაპრების ტრადიციებისა და ღირებულებების ერთგული გამგრძელებელი იყო. მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო საკუთარი სამშობლო, მისი დიდე-ბული წარსული, სამოციქულო ეკლესია, რომელიც უსამართ-ლოდ იყო დამონებული ერთმორწმუნე რუსეთისაგან. კირი-ონმა უარყო ყოველგვარი პირადული და, როგორც თვითონ ბრძანებდა, "დავიდგი თავზედ "ბაბილონის გოდოლი", შე-ვუდექ საქმესა და საარაკო თავგადასავალი გადამხდა". სამშობლოს ინტერესით იყო ნაკარნახევი მისი დაპირისპირება დეკანოზ ივანე ვოსტორგოვთან. დეკანოზი ვოსტორგოვი იყო შოვინისტი რუსი სასულიერო პირი, რომელიც XX საუკუ-ნის დასაწყისში ჯერ თბილისის ქალთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო, შემდეგ ქართული სამრევლო სკოლების კანტორის წევრი, საქართველოს საეგზარქოსოს მოამბის რედაქტორი. მან გათამამებულმა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების წაქეზებით მოახერხა ეგზარქოს ალექსი ოპოცკის ნდობის მოპოვება, გალაღდა და დაიწყო ქართველების დევნა-შევიწროება, განსაკუთრებულად ცდილობდა სასულიერო სასწავლებლებიდან ქართული ეროვნული სულისკვეთების პედაგოგების გაძევებას, სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას, სძულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლი სასულიერო პირები. ვოსტორგოვის ხელით რუსეთის ხელისუფლება მოქმედებდა, მაგრამ მას დაუპირისპირდა სრულიად საქართველო. 1903 წელს სამეგრელოში ჩასულ ეგზარქოს ალექსის შეხვდა ადგილობრივი დეპუტაცია, რომელსაც ბერი ალექსი (შუშანია) ხელმძღვანელობდა და კატეგორიულად მოსთხოვა მას, შეეწყვიტა ქართული ენის დევნა სამეგრელოს სკოლებში. ვოსტორგოვი იმდენად სძულდათ საქართველოში, რომ ადვილი შესაძლებელი იყო მას ფიზიკურად გასწორებოდნენ, ამიტომ იგი გაიქცა საქართველოდან, მაგრამ რუსეთში გააგრძელა საშინელი ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნება. ვოსტორგოვის ცილისწამება ამხილა ეპისკოპოსმა კირიონმა, რომელმაც აღნიშნა, თუ რა სახიფათო და სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება ყოფილიყო ვოსტორგოვისნაირ რუს სასულიერო პირთა და ჩინოვნიკთა აგდებული დამოკიდებულება პატარა ერის წარმომადგენლებისადმი, მათი ისტორიისა და კულტურისადმი, მისი აზროვნება შეურაცხყოფდა არა მარტო საქართველოს, არამედ თვით რუსეთსაც. მეუფე კირიონის დასკვნით, ვოსტორგოვისნაირი რუსი მოხელეები, რომლებიც საქართველოში მოდიოდნენ პირადი გამდიდრებისა და რუსეთის იმპერიული ინტერესების დასაცავად, აღვივებდნენ ხალხთა შორის რელიგიურ და პოლიტიკურ შუღლს. ვოსტორგოვი კირიონს აფხაზთა შევიწროებაშიც სდებდა ბრალს. არადა, პირიქით იყო. მხოლოდ ერთი წელი (1906 წ.) ედგა კირიონი სოხუმის ეპარქიას სათავეში და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ამ მხრივ საინტერესოა მისი წერილი იოსებ ჩიჯავაძისადმი გაგზავნილი 1906 წ. 12 სექტემბერს:

"ამ თვის ექვსს გავემგზავრე მოსახილველად აფხაზეთისა, იმ ღამეს დრანდის (ძველი დანდარი) მონასტერში დავრჩი, რომლის წინამძღვრადაც მე ვითვლები. მეორე დღეს გზა და გზა აფხაზეთის სამრევლოები ვნახე, მომეტებული ნაწილი ეკლესიებისა და სკოლებისა უბედურ მდგომარეობაშია. რელიგიური რყევის წყალობით ქრისტიანობა აქ ძვალ-რბილში ვერ გასჯდომიათ, ვერ ქცეულა იგი მაღალი ზნეობის საჭიროებათ, - აფხაზების გულში ვერ გაუდგამს მას ფესვები. ზოგი მათგანი მხოლოდ სახელით ითვლებიან ქრისტიანებად, ნამდვილად კი მაჰმადიანობას აღიარებენ, რადგან ეს სარწმუნოება უფრო აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს და ზნე-ჩვეულებათა. მათთან მაჰმადიანობა უფრო შეესაბამება მათ აწინდელ შეხედულებას და დაბალ კულტურას. აქაური ეპისკოპოსები რევიზიაზედ რომ მოვიდოდნენ რომელიმე საზოგადოებაში, მაშინვე ადმინისტრაცია და ადგილობრივი თავადაზნაურობა სხვა ცერემონიათა შორის შეაგროვებდნენ ნებით თუ ძალით 1000-2000 აფხაზს და ეპისკოპოსის თანდასწრებით მოჰნათლავდნენ. ამას დიდი წვალება არ უნდოდა. ხალხს შეაგროვებდნენ დიდ-პატარას, წყალში შერეკავდნენ და მონათლავდნენ, ამის შემდეგ ელვის სისწრაფით მიფრინავდნენ დეპეშები პეტერბურგს, თბილისს. ჩემთვისაც სურდათ ეს უსაჭიროესი ნაწილი მიმოხილვისა გაემართათ, "ათასამდე კაცს მოგანათლინებთო", მითხრეს, მაგრამ ამნაირ მონათვლაზედ უარი განვაცხადე და ვურჩიე ჯერ რიგიანად შეემზადებინათ იგინი და მერე, როდესაც დარწმუნდებოდნენ მათ გულწრფელ გადაწყვეტილებაზედ, მოენათლათ. არსენ ეპიკოპოსს ქართული საეკლესიო წიგნები აფხაზეთში თურმე სულ დაუგლეჯია და ბარბაროსული წესით გაუწყვია, იგი თურმე დიდის ზიზღით ექცეოდა ყველა ქართველს და ქართულს.

იმ ღამეს (7-ს) ახლად დაფუძნებული მოქვის დედათა მონასტერში ვიყავი, შევემზადე და მეორე დღეს ვსწირე. წირვაზედ ხალხი საკმარისი დაესწრო. ღრმად მოხუცებულებს აქ არ ახსომთ, რომ მღვდელმთავარს აქ ეწიროს როდესმე. წირვა ქართულ-რუსული იყო. წირვის შემდეგ სიტყვა ვსთქვი ზნეობაზედ და მორჩილებაზედ. ჩემი სიტყვა გამოიწვია მოლოზნების ერთმანეთში მტრობამ და საჩივრებმა, მოლოზნები ერთმანეთსა სჭამენ.

მოქვის მონასტერი მთლად თლილი ქვისაგან არის აშენებული მაღლობზედ მდინარის ნაპირას და მშვენიერიცაა. შინაგანი მისი გეგმა წააგავს ალავერდს, მხოლოდ უფრო მომცროა და გუმბათი დაბალი აქვს. ამ სამი წლის წინათ უძალადნიათ, ჩამოურთმევიათ მრევლისათვის და დედათა მონასტრად გადაუქცევიათ. მოლოზნებს შეწირულობით შიგნით გაუთეთრებიათ, თუნუქა გადაუხურნიათ, ხატები, შესამოსი და ზარები შემწირველისაგან შეუგროვებიათ, რუსულ ენაზედ წირვა-ლოცვა შემოუღიათ და მთლად დაჰპატრონებიან ამ დიდებულ ტაძარს,რომელშიაც 114 მოლოზონი ითვლება. ესეთივე საქმე დაუმართნიათ დრანდის მონასტრისათვის, რომელიც სამრევლო ეკლესიათ ყოფილია, მრევლისათვის ჩამოურთმევიათ, დიდი მამული მიუზომიათ, მთელი ეკლესიებიც ზედ მიუწერიათ და მამათა მონასტრად გადაუქცევიათ.

სადილად მონასტერში აბხაზების თავადაზნაურები იყვნენ, - მე მათ მოვაგონე ძველებური ქართველ-აფხაზთ ძმური განწყობილება და კავშირი, დავასახელე მრავალი შესანიშნავი ტაძარი ქართველთაგან მათთვის აშენებული და ამასთან - ვუჩვენე ის სამწუხარო მოვლენა, რომელმაც ამ ბოლო დროს თავი იჩინა ამ ორ მეზობელ და ერთ მიწაწყლის ერთა შორის. იმათ თქვეს: ეგ სულ მტრების ხრიკები იყოვო; მითხრეს თქვენს აქ დანიშვნას დიდის სიხარულით მივეგებეთო, რადგანაც თქვენ, როგორც აქაური ქვეყნის შვილმა, ჩვენი ზნე-ჩვეულება, ხასიათი და საჭიროება კარგად იცითო და ყველას ადვილად მოუნახავთ წამალსო. მე ვუამბე მათ ოდესის უნივერსიტეტის პროფესორის (რექტორ თანაშემწის) ა. ი. ალმაზოვის მიერ თქმული სიტყვები, რომელმაც, როგორც ჩემმა ძველმა ნაცნობმა და მეგობარმა, გადმომცა შემდეგი: "სოხუმიდან ორი წერილი მომივიდა ჩემი ნაცნობისგანო (ნაცნობის სახელი ვერ ვათქმევინე, მე კი მგონია არსენი ეპისკოპოსის მეგობრის პროფესორი ოსტოუმოვისაგან უნდა მიეღო), რომლებშიც მატყობინებდა, რომ როგორც კი მოვა კირიონი, აფხაზები მას მაშინვე მოჰკლავენო". ამის პასუხად მითხრეს: ეგ ენაა მტრისაო, მათ ალბათ უნდოდათ შეეშინებინათ. აკი არც დავიჯერე და ვერც შემაშინეს მეთქი, ამის დასამტკიცებლად პირველი მიმოხილვა ჩემი ახალი ეპარქიისა აფხაზეთიდან დავიწყე და აი ეხლა თქვენთან ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში.

წირვის შემდეგ სადილად მონასტრის დამფუძნებელთან ვიყავი. დავლიე აფხაზთა ერის სადღეგრძელო და ვსთხოვე აფხაზურად ემღერათ. ორი სიმღერა თქვეს. კილო ძალიან წააგავს ოსურ სიმღერებს, თვით სიმღერებში ჩასართავად ვარდოსაც ხმარობენ. საზოგადოდ კილო ამათ სიმღერებისა ნაღვლიანია. ლექსები თითქმის არა ჰქონიათ. ძალიან დაქვეითებული ხალხია, - მდიდარ ბუნებას ესენი გაუზარმაცებია. მეგრელები რომ არ იყვნენ აფხაზეთში, ესენი შიმშილით დაიხოცებიან, რადგანაც მათ მამულებში საიხელიოთ მეგრელები მუშაობენ. მთელი აფხაზეთი მეგრელებით არის სავსე. მღვდელი, დიაკონი, სოფლის მწერალი, მასწავლებელი, ვაჭარი, მუშაკი - სულ მეგრელები არიან. ზოგ სოფლებში აფხაზებს თავისი ენა დავიწყებიათ, მეგრულად ლაპარაკობენ და მეგრელებად სთვლიან თავის თავს. ოჩამჩირეს ბლაღოჩინმა დ. მარღანიამ, რომელიც დაბადებით აფხაზია და ქართველებს მოყვარულად არ უცქერის, სთქვა: "ბატონო, როგორც ევროპაში ფრანგულია გავრცელებული და მიღებული, ისე ჩვენს აფხაზეთში მეგრულიო". მართლაც აფხაზების ფაილები დიდი ხანია რაც დახსნილია. ახლო მომავალი აქ მეგრელებისაა, ამათ დარჩებათ შავი ზღვის ნაპირი და როგორც კოლონიზატორები ჩვენ ტომში, განსაკუთრებით კავკასიაში ამათ ბადალი არა ჰყამთ. რაც ინგლისელებისათვის ინდოეთია, ის მეგრელებისათვის აბხაზეთია.

9-ს ოჩამჩირეში მივედი და საღამოს ლოცვაზე ვიყავი. საყდარში ტარასი ქართულ წიგნებს კითხულობდა და განაცვიფრა ჩვენებურმა კითხვის კილომ აქაურები. ადგილობრივმა საზოგადოებამ მთხოვა მეორე დღეს, კვირას, მეწირა, მაგრამ მთავრები და შესამოსები წინ გასტუმრებული მყავდა და არც მგალობლები ჰყოლიათ ოჩამჩირეში. წირვას დიდი საზოგადოება დაესწრო, გამოსვლისას სიტყვით მივმართე მათ ქართველების მნიშვნელობაზედ მისიონერულ და განათლების ასპარეზზედ, განვუმარტე აგრეთვე მნიშვნელობა წირვა-ლოცვისა სამშობლო ენაზედ, რომელმაც მომილოცა მშვიდობით მოსვლა, - პურ-მარილით მოსვლისას მომეგებნენ. აბხაზების სოფლებშიაც ყველგან პურ-მარილით მხვდებოდნენ. ოჩამჩირლების დეპუტაციამ მთხოვა დახმარება, რომ მუდამ ქართული წირვა-ლოცვა ჰქონდეთ, - მე ვურჩიე ქართული ხორო გაეწყოთ და სკოლა გაეხსნათ ქართული ენის სასწავლებლად. საზოგადოებამ სიტყვა მომცა, რომ აასრულებდნენ ჩემს რჩევას, ხოროსათვის გადასწყვიტეს წელიწადში 300 მანეთი გადაიხადონ. 100 მანეთიც მე ვუთხარი ეკლესიის შემოსავლიდან მიეცით. ოჩამჩირეში 97% მცხოვრებლისა ყოფილა ქართველები (მარგალები). თუმცა აქ წირვა-ლოცვა ქართულის ენაზედ ოფიციალურად დაშლილი ყოფილა, მაგრამ ძალა დაუტანებია საზოგადოებას მღვდელ-დიაკვნისათვის და ქართული წირვა-ლოცვა გაუჩაღებიათ.

10-ს ღამე გავატარე ჩემს მონასტერში - დარდანში. მეორე დღეს დილით ვნახე დრანდის მთაში გვირაბები, ძველად გამოკვეთილი მდინარის პირამდის. მერე წავედი ახლომდებარე ქილის სანახავად. ქილა წარმოადგენს პატარა მონასტერს, რომელშიაც ოცამდე ბერია და კარგა დიდი ვენახია გაშენებული მის გარშემო. ამ ქილის ახლო სახლო-ბენ ესტონები და მეგრელები. მეორე ქილის ნახვა ვეღარ მოვასწარი. მონასტრის წიგნთსაცავში ექვსი ხელნაწერი ვნახე ქართული, რომლებიც დრანდის მონასტერს დარჩენია მღვდელმონაზონ კალისტატესაგან. ორი მათგანი ტყავზეა ნაწერი და დანარჩენი ქაღალდზე. ერთი უფრო უძველესი ხელითნაწერი ეკუთვნის მეათე-მეთერთმეტე საუკუნეს. 11-ს საღამოზედ ჩამოვედი ცხუმში. აბხაზებს ძაან უკვირდათ ჩემი ცხენზედ ჯდომა. გზა კოდორი უჩესტკაში მეტად გაფუჭე-ბული იყო ნიაღვრისაგან და ხშირად მიხდებოდა ცხენით მოგზაურობა".52 როგორც ვხედავთ ვოსტორგოვის მტკიცების საწინააღმდეგოდ, ეპისკოპოს კირიონს შესანიშნავი ურთიერ-თობა ჰქონდა აფხაზებთან.

ვოსტორგოვის მხილება იყო რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მხილება. კირიონი პატივს სცემდა რუსეთის ისტორიას, რუსულ კულტურას, რუს ხალხს. იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი და მღვდელმთავარი, ყველგან სიკეთეს სთესდა. მის მიერ ორიოლში დაარსებულ მოხუცთა თავშესაფარს კირიონოვსკი დაარქვეს. მან მოახერხა მანამდე მტრულად განწყობილი ნიკოსკისა და პეტრე-პავლოვსკის ძმობის შეკავშირება. კირიონი, როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი, პატივს სცემდა სხვა მეცნიერების მოსაზრებებს, მაგრამ თუ იგი სუბიექტური იყო, აუცილებლად ამხელდა მას. ასე მოხდა რუსეთის ისტორიის აღიარებული მკვლევარის პროფესორ ვ. ბოლოტოვის მიმართ, რომელმაც გაიზიარა სომეხი მეცნიერის ქ. პატკანოვის მოსაზრება ქართლის ცხოვრების სომხური წარმომავლობის შესახებ. მან ვრცლად მიმოიხილა ბოლოტოვის არგუმენტები და დასძინა "ქედს ვიხრი პროფესორ ბოლოტოვის, როგორც მეცნიერის, ავტორიტეტის, მაგრამ არა მისი ქართულ მატიან-ეზე მოსაზრებების წინაშე. ქართული საეკლესიო ისტორიის საკითხებში ის არ არის ავტორიტეტი".

კირიონს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაჰმადიანებთან, იშველიებდა ჩვენი დიდი წინაპრის დავით IV აღმაშენებლის მაგალითს, რომელიც იყო სჯულშემწყნარებელი მეფე. მაჰმადიანებს მიეძღვნა მისი შრომები "მუჰამედი როგორც რეფორმატორი" და "მართლმადიდებელი საქართველოს თოთხმეტსაუკუნოვანი ბრძოლა ისლამთან".

კირიონი პატივს სცემდა სომხებს, სომხურ კულტურას, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ემხილა სომეხ მეცნიერთა სუბიექტური შეხედულებები საქართველოს ისტორიაზე. ერთ-ერთ კერძო წერილში იგი ხარკოვიდან იტყობინებოდა იმის შესახებ, რომ ხშირად სტუმრობდნენ ქართველი სტუდენტები და მათ შორის თბილისელი სომეხი სტუდენტი ლეონ მელიქსეთბეგი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და მასაც ისევე ეხმარებადა მატერიალურად როგორც ქართველებს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა კირიონ II-ემ საგანგებო ეპისტოლეთი მიმართა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოს გევორქ V-ს და მოქალაქეობრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა სომხურ ეკლესიასთან. აი, რას სწერდა იგი სომეხთა კათოლიკოსს: უწმიდესო მეუფეო!

საქართველოჲს საკათალიკოზო საყდარი, ასის წლის წინედ დაქურივებული, განგებითა ღმრთისაჲთა, კუვლავ თავდადგმულ იქმნა და საყდარსა ამას ზედა, აღრჩევითა კეთელმორწმუნისა ერისაჲთა, აღყვანილ იქმნა უღირსებაჲ ჩემი, შესრული სტადიონისა სულთა მოღუაწეობისა და მწყემსმთავრობითი საჭეთმპყრობელობისასა, მიმოვიხილავ გარემოჲს ჩემსა და თვალთა გონებისა ჩემისას... ძმური ნათესაობაჲ ქართლოსიან-ჰაოსიანთაჲ, მსვლელობასა საუკუნეთასა განმტკიცებული, განბრწყინებულ იქმნა ემბაზსა შინა იერუსალჲმის ქრისტიანობისასა და ძმანნი ესე ახოვანნი უხვად ჰფენდეს კედართა აღმოსავლისათა შარავანდთა ღვთივ-მეცნიერებასა და კეთილმსახურებისათა. გარნა მანქანებითა კაცთმოძულისა ეშმაკისაჲთა დაითესა ჩუენ შორის ღუარძლი სარწმუნეობითი ლალვისაჲ და დასაწყისსა მეშჲდისა საუკუნისასა იქმნა განწუალებაჲ ერთმორწმუნეთა ძმათაჲ. განწვალებამა ჩუენმან წარმოშვა დაკნინებაჲ ჩუენი, ხოლო დაკნინებითა ამითა მტერმან სასტიკმან განამტკიცა ქედსა ზედა ჩუენისა საყდარი ბატონისა თჳსისჲ. აღსრული საყდართა უწმიდესთა ჩემთა წინამოადგილეთა, მოგიკითხავ უწმიდესო მეუფეო და ვლოცავ უფალსა რათა სრაფითა, და ღვაწლითა ჩუენითა აღდგენილი იქმნეს ერთობაჲ ჩუენდამი რწმუნებულთა ერთაჲ; ერთობასა ვიტყვი არა სარწმუნოებრივ-დოღმატურისა,არამედ მოქალაქეობრივი-განმანათლებლობითსა, რათა დაემყაროს ჩუენ შორის ძმობაჲ და ურთიერთას გულისხმისყოფაჲ და რათა სამშობლოსა შინა ჩუენსა განსახიერდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.

"მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, სიყვარული ღმრთისა მამისა და ზიარებაჲ სულისა წმინდისაჲ

იყავნ ჩუენ შორის".

უმდაბლესი და უღირსი კირიონ მეორე, მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქი. ქ. ტფილისი.

14  ნოემბრის 1917  წ.



პატრიარქმა კირიონმა ასევე თანამშრომლობისა და ევქარისტიული კავშირის აღდგენისაკენ მოუწოდა აღმოსავლეთის მართლადიდებლურ ეკლესიებს. "უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო!

ემბაზსა შინა ბერძენთასა შობილი და სძითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა აღორძინებული საქართველოჲს ავტოკეფალური ეკლესიაჲ დასაწყისსა მეათცხრამეტისა საუკუნოისასა განსაცდელსა დიდსა შთავარდა: ბრძანებითა და განგებითა რუსეთის იმპერატორისაჲთა თავი ამა ეკლესიისაჲ, უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოზ-პატრიარქი ანტონი მეორე, დამხობილ იქმნა საყდრისაგან თჳსისა და იძულებით წარიგზავნა კედართა ჩრდილოეთისათა, ხოლო მოსაყდრედ კათოლიკოზისა დაიდგინეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, რომელნი ვიდრე მოაქამომდე განაგებდეს ეკლესიასა ჩვენსა. ახლად დამყარებულმან რუსეთსა შინა დროებითმან მთავარობამან გულისხმაყო არაკანონიერი საქმე იგი იმპერატორისაჲ და ნებასაცა ქურივობასა შინა მყოფსა ეკლესიასა აღრჩევად თავისა თჳსისა და აღდგენად ძველთა საეკლესიოთა წესთა. ამა პირისათვის ქალაქს ტფილისს შემოკრიბა ღვთივგაბრძნობილი კრებაჲ მორწმუნისა ერისაჲ და სამღვდელოჲსა დასისაჲ, რომელმან ათშჳდმეტსა სექტემბერსა მიმდინარისა წლისასა აღირჩია უღირსოებაჲ ჩემი და სახელმდვა მე "მთავარეპისკოპოზად მცხეთისა და სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქს", ვითარცა იყო წესი ჩუენისა ეკლესიისაჲ. აღსრული საყდარსა ზედა უწმიდესთა და უნეტარესთა ჩემთა წინამოადგილეთა, გულისხმა-ვჰყოფ ბრძანებასა მოციქულისასა "დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვირველ-მოგიკითხო, უნეტარესო მამაო, და წრფელითა გულითა გითხრა: "ქრისტე არს ჩვენ შორის". ღვაწლ ჩემდა იქმნების დაცვაჲ დოღმატთა მართლმადიდებლისათაჲ, რომელთა არცა განმცემე ყოფილ არს ეკლესიაჲ ჩუენი; გზად ჩემდა იქმნების ზრუნვაჲ კეთილად-დგომისათჲს წმინდანთა ღმრთისა ეკლესიათა და კეთილწარმატებისათჳს ერისა ჩემისა; ზღუდედ ჩემდა იქმნების კანონნი მსოფლიოთა და ადგილობრითთა კრებათანი, ხოლო კუერთხად დასაყრდნობელად - ლოცვანი თქვენისა უწმიდესობისანი. აღემართა საყდარი ქართველთაჲ შერყეული და ვენახსა მართლმადიდებლობისითა ეკლესიისასა განუცხოველდა რტოჲ ნაყოფიერი, მანქანებითა კაცთაჲთა დაჩრდილული. აღენთო ლამპარი ივერთაჲ დაშრეტილი და სარწმუნოებასა მართალსა აღმოსავლით კერძო აღედგინა ებგური, ამაოებითა სოფლისაჲთა ძალა მიხდილი. ვსასოებ, ვითარმედ "არა შეიწრებულ იქმნების" ეკლესიაჲ საქართველოჲსაჲ და მასთანვე უღირსოებაჲცა ჩემი "გულსა შინა თქუენსა", რამეთუ "ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის (ეფეს. IV. 5-6) ამინ!

უმდაბლესი და უღირსი კირიონ მეორე, მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოÁს კათოლიკოზ-პატრი-არქი. ქ. ტფილისი.

27 სექტემბრის 1917 წ.


ასევე საინტერესოა იყო უწმიდესი კირიონის წერილი რომის პაპისადმი.

უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო!

უძუელესსა საყდარსა საქართველოჲსა საკათალიკოზოჲსასა რომელსა 1811 წელთაგან ვიდრე მოაქამომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სექტემბერსა მიმდინარისა წლისასა… "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთ ყოველთა მიმართ საქმეთა (ფსალ. 14, 25) უნეტარესთა მწყემსმთავართა ჰრომისათა.

განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაჲ ჩუენი ჰრომისათჲს დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოჲ განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაჲ ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა ძმობითა თჳსითა წინაჲსწარ მოასწავეს სიყვარული და თჳსობაჲ ორთა ამათ ეკლესიათაჲ. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოჲსა და მეფისა მირიანისათა წიგნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყუავილა ნაყოფი მართლმორწმუნოებისაჲ ქუეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უშჯულოჲსა ნესტორისაჲთა შეიწრებულმან ახალმა ნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაჲ ჰპოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიოლოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარმოუძღვნა უწმიდესსა და უნეტარესსა სეხნასახ ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოზსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწეობამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომელი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენისა უწმიდესობისასა, კულავ აუწყა მკჳდრთა ჰრომისათა დიდებაჲ საქართველოჲს ეკლესიისაჲ და განამტკიცა ერთობაჲ ჰრომთა და ქართველთაჲ. გარდახდეს წელნი მრავალნი და შურითა ეშმაკისაჲთა განიხეთქა ძოწეული შუენიერი ერთმორწმუნეობისაჲ, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალასა ქრისტესსა, ეკლესიასა აღმოსავლისა და დასავლისასა. გარნა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაჲ ჩუენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითაგან მოევლინნეს ქუეყანასა ჩუენსა, შეუორგულებლად იღუწოდეს საფარველსა ქუეშე ქართველთ მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩუენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქუეყანასა ჩუენსა ეკლესიანი თჳსნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არამცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა დღესა ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმის მყოფელი წარსულისა ჩუენისა, მოწილედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმუასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწროებულ იქმნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაჲ შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა.

"მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, სიყვარული ღმრთისა მამისა და ზიარებაჲ სულისა წმინდისაჲ

იყავნ ჩუენ შორის".

უმდაბლესი და უღირსი კირიონ მეორე, მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქი. ქ. ტფილისი.

2 ნოემბრის 1917 წ.53



IV. ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის შეუპოვარი მებრძოლი გიორგი საძაგლიშვილის - ეპისკოპოს კირიონის ცხოვრების დევიზი იყო: "მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია, ხალხის სიყვარული უანგარო მოღვაწეობით დაიმსახურება."54 იგი უანგაროდ ემსახურებოდა სამშობლოს და უანგარო იყო იმ ახალგაზრდების მატერიალურ მხარდაჭერაშიც, რომელთა განათლებასაც საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი შემწეობით 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთისა და ევროპის საგანმანათლებლო ცენტრებში. იგი ხელმძღვანელობდა ნესტორ ლეჟავას, სამუელ ცომაიას, ალექსი გორგაძის, კორნელი კეკელიძის სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებს. აი, რას წერდა მადლიერი კორნელი კეკელიძე 1902 წლის 28 ოქტომბერს კიევიდან ეპისკოპოს კირიონს: "მე გახლავარ ის ადამიანი, რომელიც დღეს თქვენი მოწყალებით კიევის სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ. არ დამავიწყდება ის კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებოდი მე სემინარიის კურსის დასრულების შემდეგ. სურვილი მქონდა და სემინარიის მხრით საშუალებაც, სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ ამ ჩემს სურვილს წინ ეღობებოდა ოჯახური გარემოებანი, სწორედ ამ დროს მოვმართე თქვენს მეუფებას მატერიალურ და ზნეობრივ დახმარებისათვის, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს, კიდევ ვიმეორებ, უმაღლეს სასწავლებელში ვარ". კორნელი კეკელიძემ ეპისკოპოს კირიონის რჩევით შეარჩია თავისი საკანდიდატო დისერტაციის თემა. "ძველ ებრაელებს ჩვეულებათ ჰქონდათ, ყოველნაირ ახალს ანუ პირველ ნაყოფს მადლობის ნიშნად სწირავდნენ ხოლმე ამ ნაყოფის მომცემელ ღმერთს. ამის და მიხედვით, ნება მიბოძეთ, მეც უმორჩილესად გიძღვნათ პირველი ნიმუში იმ შრომისა, რომელსაც მე ხელი მივყავი თქვენი შთაგონებითა და რჩევით,"55 - წერდა კორნელი კეკელიძე ეპისკოპოს კირიონს. სამწუხაროდ, 1917-1918 წლებში დეკანოზი კორნელი კეკელიძე კირიონის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა, მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცოდა, ვინ იყო კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი და რა დამსახურება ჰქონდა მას საქართველოს ეკლესიის, ქართველი ერის წინაშე. კირიონს, როგორც მეცნიერს და დიდ საეკლესიო მოღვაწეს, განსაკუთრებულად აფასებდა პროფესორი ნიკო მარი, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი გამოსვლებით 1906 წელს პეტერბურგში სინოდის წინარე სხდომებზე, ასევე გამორჩეული იყო მისი დამოკიდებულება ეპისკოპოს კირიონის პოლემიკური ნაშრომის "ქართველების კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" მიმართ. კირიონის მეცნიერულ ღვაწლს დიდად აფასებდნენ ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, პავლე ინგოროყვა, მოსე ჯანაშვილი. ივანე ჯავახიშვილმა 1918 წლის 26 იანვარს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტი გახსნა, საგანგებო პარაკლისი გადაახდევინა უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს, რომელმაც ბრძანა: "მომეც ჩვენ უფალო გული ბრძენი და გონიერი (მესამე მეფეთა, 3.12). ცოდნისა და მეცნიერების მიმდევარნო! დღეს შევიკრიბენით ამ წმიდა ტაძარში, რათა გამოვითხოვოთ ღვთისაგან კურთხევა ქართული უნივერსიტეტის გახსნისათვის. ამ ძვრა-რყევისა და სიყმილის დროს ჩვენ შესაძლოთდავინახეთ, საძირკველი ჩავუყაროთ ქართულ მაღალ კულტურულ დაწესებულებას, რომელაც უნდა შეიტანოს მეცნიერების შუქი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში და რომელიც შეადგენს ჩვენი ხალხის სიამაყეს. ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო,ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით,რომ სიბრძნეს,რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი. კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისაგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ქმნის კაცს თავისუფლად. გილოცავთ, ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო, და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა. განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან, იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა."56

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II აფასებდა მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევებს, მაგრამ საგანგებოდ მიუთითებდა ავტორის თავისებურ მიდგომაზე იმ წყაროების მიმართ, რომელიც კათოლიკობას ეხებოდა. კირიონი მეგობრობდა ცნობილ რუს სლავოფილ ნიკოლოზ დურნოვოსთან, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. როგორც მეუფე კირიონი აღნიშნავდა, თავდაპირველად დურნოვოს ფსევდონიმს ამოფარებული კირიონი ეგონათ, როდესაც მის წერილებს კითხულობდნენ, რომლებშიც მხილებული იყო რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების უკანონობანი საქართველოს ეკლესიის მიმართ. განსაკუთრებით მკაცრად იყო მხილებული რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ნ. დურნოვოს წიგნში "ქართული ეკლესიის ბედი." ეპისკოპოსი კირიონი დიდ პატივს სცემდა ნ. დურნოვოს,მის არქივში ინახება აკაკი წერეთლის ნაკლებცნობილი ლექსი ნ. დურნოვოსადმი, რომელიც რუსული თარგმანითურთ უნდა გადაეცა მისთვის კირიონს მოსკოვში.


ნ. დურნოვოს

"ცოლიც რუსი მყავს, შვილიც რუსი მყავს

და მეც რუსეთში დავჭაღარავდი,

მიყვარდა რუსი, მაგრამ მის ნაკლს კი

აღვიარებდი, ვერა ვფარავდი.

ვუქებდი წარსულს, მაგრამ აწყმოში

მძულდა მთავრობა ბიუროკრატი

და მე რომ რუსად წარმოვიდგენდი,

სხვაგვარი იყო იმისი ხატი.

ქრისტეს მოყვარე, სულით მაღალი,

გაჭირვებულთა ხელის შემწყობი,

უსამართლოთა და უკუღმართთა

აღვირამსხმელი და დამამხობი.

ვით ჩვენ წინაპრებს, მეც ისე მყავდა

მაშინ რუსობა წარმოდგენილი -

მთელ საქართველოს დამხსნელ-მფარველად

და სასოებით მიცემდა გული.

მაგრამ რა ვნახე, ჩემ სამშობლოში

როცა დავბრუნდი, ღმერთო ძლიერო!

ერთგულების და სიყვარულისთვის

გადასახადი სამაგიერო!

ზიზღი და მტრობა! სხვა არაფერი

დევნა სასტიკი ხორცის და სულის,

ვითომ მტყუანი იყოს ქართველი

და მართალი კი სულ ის და სულ ის.

რუსებს ეჭირათ სუყოველგვარი

ჩვენი ცხოვრების ასპარეზები,

გვაჯდენ კისერზედ, როგორც სახედრებს

და გვერდებს გვჭრიდა მათი დეზები.

სამღვდელოებას და მის ეგზარხოსს

აებნათ ქრისტეს ნამოძღვრი კვალი,

შეჰქონდათ ხალხში უსჯულოება,

საქრისტიანო უარჰყვეს ვალი.

გარეგნად მღვდლები, შინაგნად მგლები

თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე

და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ

როგორც ჟანდრები, გარუსებაზე.

სამსჯავროებში აღარსად იყო

აღარც კანონი, არც სამართალი

და თვითოეულ მსაჯულთაგანსაც

გარუსებისკენ ეჭირა თვალი.

აღმზრდელებიცა ჩვენი შვილების

მხოლოდ ჰფიქრობდნენ გარუსებაზე

და არა მათის მოწაფეების

გრძნობა-გონების ამაღლებაზე.

მე კი ვამბობდი, რომ მოვლინება

ეს დროებითი მხოლოდ მეხია...

მომავლისაგან ველოდი სულ სხვას

და მაინც გული არ გამტეხია.

ვფიქრობდი, მოვა აწ ახალი დრო,

ის გაგვინათლებს დღევანდელ ბნელსა

და მოველოდი მე გაზაფხულის

წინამორბედს და მახარობელსა.

და აი, მართლაც დღეს გამოგვიჩნდი...

კურთხეულ იყოს შენი ჭაღარა!..

და შენთან ერთად ძმობა-ერთობას

უმღერს, უგალობს ჩემი ნაღარა."

ეპისკოპოს კირიონს, როგორც აღიარებულ მეცნიერს და თეოლოგს, დიდ პატივს სცემდნენ როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთში. საკმარისია ჩამოვთვალოთ ისინი, რომ ნათელი გახდეს, თუ რა მასშტაბის პიროვნებასთან გვქონდა საქმე. კირიონთან მეცნიერული მიმოწერა ჰქონდათ ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ალაზოვს, ხერსონის მუზეუმის დირექტორს ვიქტორ გოშკევიჩს, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორს ლეონიდ დიმიტრიევს, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორს ნიკოლოზ პალმოვს, ივანე სოკოლოვს. პროფ. ივ. სოკოლოვი ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მას 1914 წელს საქართველოში უმოგზაურია და აღტაცებული დარჩე-ნილა მრავალრიცხოვანი უნიკალური ქართული ხელნაწერ-ებით. არქიმანდრიტ ტარასისათვის გამოგზავნილ წერილში კირიონი წერს: "წუხელ ვიყავი პროფ. ი. სოკოლოვთან მიწვეული, ბევრი მელაპარაკა შესახებ ჩვენი საეკლესიო ისტორიისა, ბევრი ახალი ცნობა აღმოუჩენია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიაზე."57 ეპისკოპოსი კირიონი სადაც არ უნდა ყოფილიყო ყველგან შემოქმედებით და სულიერ ატმოსფეროს ქმნიდა. ამას გრძნობდა ყველა, ვინც მას იცნობდა. როდესაც 1903 წელს იგი კამენეც-პოდოლსკიდან გადაიყვანეს, იქაური მრევლი გულისტკივილით წერდა: "ღრმა მწუხარებით გაცილებთ ჩვენ კამენეციდან და დღევანდლამდე არ შეგვიძლია შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ჩვენგან გაფრინდა ერთადერთი იმედი, გვეცხოვრა გააზრებული და იდეური ცხოვრებით."58

ეპისკოპოს კირიონს დიდ პატივს სცემდა პროფესორი ნიკოლოზ პალმოვი, რომელიც მუშაობდა ასტრახანის მთავარეპისკოპოს გაიოზისა და ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა კათოლიკოსის მაქსიმე აბაშიძის ბიოგრაფიებზე, კირიონი მას კონსულტაციებს უწევდა. 1917 წლის 17 თებერვალს ნიკოლოზ პალმოვი კირიონს ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის: "გთხოვთ, შემიერთოთ მეც თქვენს სიხარულს, რადგან ვმუშაობდი რა კავკასიის სიძველეებზე,მე თვით თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ საქართველოს სრული ავტოკეფალიის უფლება ჰქონდა და ვუმტკიცებდი ამას მრავალ სხვა გავლენიან პირს."59 პალმოვი იმედს გამოთქვამდა, რომ უწმიდესი კირიონი თავის გარშემო შემოიკრებდა ყველა ენთუზიასტ ახალგაზრდას, რომელნიც მოისურვებდნენ მეცნიერულ მუშაობას და საქართველოს ეკლესიაში სულიერი ცხოვრების გასპეტაკებასთან ერთად ინტელექტუალური მუშაობაც სათანადო სიმაღლეზე ავიდოდა. ეპისკოპოსი კირიონი უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, ვინც დაინტერესებას­გამოხატავდა საქართველოს ისტორიით, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებით. მის არქივში რუსი და ევროპელი მეცნიერების მიერ გამოგზავნილი მრავალი სამადლობელი წერილია დაცული. სანიმუშოდ მოვიყვანთ პროფესორ ლ. დმიტრიევის 1912 წლის 23 ნოემბრით დათარიღებულ წერილს: - "უღრმესი და გულითადი მადლობა თქვენ,დიდად პატივცემულო მეუფეო, თქვენი თავაზიანი, მოწყალე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მამური დამოკიდებულებისათვის ჩემს მიმართ. თქვენი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მით უფრო ძვირფასია, რომ გამოტეხით უნდა ვთქვა, არაფრით არ დამიმსახურებია ეს თქვენს წინაშე, იმის ბედნიერებაც კი არ მაქვს, რომ პირადად მიცნობდეთ, მიუხედავად ამისა, თქვენ მეუფეო, არ მტოვებთ ყურადღების გარეშე და დროდადრო მასაჩუქრებთ მეცნიერუ-ლი ღირებულებით ძალზე ძვირფასი ცნობებით".

ეპისკოპოს კირიონს დიდი დახმარება გაუწევია თბილისში მცხოვრები გერმანელი ლუთერანული ეკლესიის ბერის გუსტავ­ ბერმანისათვის მეცნიერებაში მანამდე ნაკლებად ცნობილი ბერძნული სახარების ხელნაწერის დამუშავებაში. მისი ზეგავლენით მეორე გერმანელ პროფესორს გრეგორს დაუწყია­ "კორიდეთის ოთხთავზე" მუშაობა. გუსტავ ბერმანი­ კირიონს წერდა: "ხელნაწერი უკვე ცნობილია რუსეთსა და საზღვარგარეთის მეცნიერებს შორის და ყველა მონაწილეობს მის დამუშავებაში."60

ეპისკოპოსი კირიონი ასევე ეხმარებოდა იტალიელ კათოლიკე ბერს აურელიო პალმიერს საქართველოს ისტორიის საკითხების შესწავლაში. მისთვის გაუგზავნია როგორც თავისი, ასევე სხვა მეცნიერთა შრომებიც. მას იოსებ ჩიჯავაძისათვის ასეთი წერილი გამოუგზავნია: "წერა-კითხვის წიგნების მაღაზიაში გამოართვი ჩემ ანგარიშში შემდეგი წიგნები: 1. Вестник Кавказа, 2. ქართლის ცხოვრება - ჭიჭინაძის გამოცემა, 3. ტიმოთეს მოგზაურობა, 4. ქართული გრამატიკა ჟორდანიასი და ბენაშვილისა, 5. ქართული გრამატიკა მოსე ჯანაშვილისა, 6. ბაქრაძის ისტორია." ყველა ეს წიგნები გაუგზავნე პროფესორ პალმიერს.61 პალმიერი გაეცნო რა ეპისკოპოს კირიონის ნაშრომებს, აღტაცებული ასეთ წერილს უგზავნის მას: "თქვენი ეკლესიის ისტორია იმდენად შესანიშნავია, რომ ჩემთვის დიდ სიამოვნებას წარმოადგენს მისი შესწავლა. ჩქარა გავუკეთებ რეზიუმეს თქვენს საუცხოო თხზულებას, რომელიც შეეხება ქართული ეკლესიის ისტორიას XIX საუკუნეში და დავიწყებ შრომის წერას ბიბლიის ქართული ვერსიების შესახებ."62 აურელიო პალმიერი აღფრთოვანებული იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიით, ეპისკოპოს კირიონის პიროვნებით და მიმართავდა მას: "გთხოვთ დამეხმაროთ ჩემს განზრახვაში: გავხადო ცნობილი საზღვარგარეთ საქართველოს დიდება, ქართული ეკლესიის ისტორია, რომელიც არანაკლებადაა დიდების ღირსი."63 იგი მეუფე კირიონს წერს: "თაყვანს გცემთ, როგორც ქართული ეკლესიის ყველაზე უფრო სახელოვან და სწავლულ წარმომადგენელს და მწამს, რომ თქვენ მუდამ კეთილად იქნებით განწყობილი ჩემს მიმართ."64 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელი მებრძოლი მღვდელმთავრის ბედით დაინტერესებული იყვნენ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპები. როგორც შორენა შტოიენის წერილი "ჭეშმარიტების მაძიებელი!" გვამცნობს: მარჯორი უორდროპს უთარგმნია ეპისკოპოს კირიონის ის წერილები და გამოკვლევები, რომელნიც შეეხებოდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მხილებას. მან ევროპის განათლებულ საზოგადოებას გააცნო ეპისკოპოს კირიონის პიროვნება,რომელიც უსამართლოდ იყო დევნილი რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან. მარჯორიმ ინგლისურად თარგმნა კირიონის თანაშემწის გიორგი მოუსვენარაძის (შესაძლოა ტარასი კანდელაკის) წერილი "კირიონ ეპისკოპოსი." აი ისიც: "გაზეთებიდან უკვე იცით კირიონ ეპისკოპოსის ხელახალი და ხარკოვის გუბერნიიდან ერთ მიყრუებულ და მივარდნილ მონასტერში გადასახლება. წარმოუდგენელია ის ტანჯვა-წვალება, რომელიც მოხუცმა ეპისკოპოსმა ამ დროს განიცადა. მერე არ იკითხეთ, რაზედ აწამებენ და სდევნიან ამ კაცს?

კირიონ ეპისკოპოსი ჭეშმარიტი გულშემატკივარია თავისი ერისა. იგი გულწრფელის სიყვარულით არის განმსჭვალული, ამასთან იგი ნამდვილი ქრისტიანია, ჭეშმარიტი მოსარჩლე ტანჯულ-წამებულისა, რა ერსაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ტანჯულ-წამებულნი. აი, სწორედ ამისთვის განიცდის უწყალო დევნა-რბევას, ამიტომაცაა, რომ შეუმჩნევლად იტანს ყველაფერს.

პირველად კირიონ ეპისკოპოსი იმით დასაჯეს,რომ რუსეთში უმნიშვნელო ადგილზე დანიშნეს. რამდენიმე წლის შემდეგ საქმის ვითარება გამოიცვალა და იგი პირველხარისხოვან ორლოვის ეპარქიაში გაამწესეს. პატარა ხანს უკან ორლოვის ეპარქია კირიონმა სოხუმისაში გაუცვალა ეპ. დიმიტრის. აქედან ეპ. კირიონი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამო სინოდში გაიწვიეს, სადაც იგი მედგრად იცავდა ავტოკეფალიას და დიდი ცოდნაც გამოიჩინა ისტორიაში როგორც ეს შემდეგში, ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ბუტკევიჩმა გადმოგვცა; პროფ. ბუტკევიჩიც იმ დროს ეპ. კირიონის საწინააღმდეგო პოზიციაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ამის შემდეგ სოხუმიდან ეპ. კირიონი ისევ მცირე ადგილზე გაამწესეს, კოვნოში. არც აქ დაჰყო დიდხანს: შეატყო, რომ უმაღლეს სასულიერო წრეებში ცუდი თვალით უყურებდნენ, თვითონვე თავი გაანება სამსახურს და ძველ ათონზე ცხოვრების ნება ითხოვა. ამაზე ცნობილ ვოსტორგოვს ეთქვა: "მაგას იმიტომ უნდა ძველ ათონზე ცხოვრება, რომ ოსმალებთან დაიჭიროს კავშირი და საქართველო რუსეთს ჩამოაშოროსო." სინოდმა მართლა აუკრძალა ძველ ათონზე ცხოვრება. ხარკოვის მახლობლად, კურიაჟის მონასტერში გამოგზავნა საცხოვრებლად, სადაც შარშან 25 აპრილს დაბინავდა. დიდად ანუგეშა კირიონ ეპისკოპოსი ხარკოვის ქართველ სტუდენტების დეპუტაციამ, რომელიც ამ მონასტერში მივიდა მის სანახავად და რომელსაც ეპისკოპოსმა მშვენიერის სიტყვით მიმართა და მადლობა უძღვნა თანაგრძნობისათვის.

აქ ეპისკოპოს კირიონის სადგომს შეადგენდა სამი ძირის ოთახი,რომელთაც ნესტისაგან კედლებიდან წყალი გამოსდიოდათ. პენსია არა ჰქონდა დანიშნული და მონასტრის უბრალო ბერის ხარჯით კმაყოფილდებოდა. მიუხედავად ამნაირი გაჭირვებისა, კირიონ ეპისკოპოსი მაინც სულით არ ეცემოდა და მხოლოდ იმითღა ინუგეშებდა თავს, რომ ახლოს იყო საუნივერსიტეტო ქალაქთან და თავის ბიბლიოთეკის გარდა, რომელიც 5000 წიგნს შეიცავდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით ისარგებლებდა. აქ მან შვიდი თვის განმავლობაში განაგრძო და კიდეც დაამთავრა თავისი ახალი თხზულება რუსულ ენაზე ამ სათაურით "Культурная роль Иверии вь истории Руси". აქვე გაიცნო რამოდენიმე პროფესორი, რომელნიც ძალიან დააინტერესა თავისი ახალი თხზულებით. პროფესორები აჩქარებდნენ, მალე გამოეცა ეს თხზულება...

ამნაირად გაატარა ეპისკოპოსმა კირიონმა სრული შვიდი თვე კურიაჟის მონასტერში, მხოლოდ მერვე თვის დეკემბრის 10-ს, როგორც ვიცით, დეპ. პურიშკევიჩმა სახელმწიფო სათათბიროში საჯაროდ გამოაცხადა ცრუ ამბავი, ვითომ ეპისკოპოსი კირიონი დასწრებოდეს მღვდელ ჩიჯავაძესთან მომხდარ კრებებს 22 თებერვალს და 18 მაისს და ვითომ ამ მოგონილ კრებებს მოჰყოლოდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა და სხვა. არ გაგიკვირდება მკითხველო, ამნაირი უცნაური ტყუილი?! ჯერ ეს კრებების ამბავი ვისა სმენია და მერე ეპისკოპოს კირიონს რა უნდოდა ტფილისში 22 თებერვალს, როდესაც იგი მხოლოდ 9 მარტს გამოემშვიდობა თავის კოვნოს ეპარქიას და 18 მაისს კი, მე თვითონ მოწამე ვარ, კურიაჟის მონასტერში მწირველი იყო და კიდეც ვიღაცა აკურთხა იღუმენად!!! მაშ საიდან შეხანხლა ასეთი სიცრუე პურიშკევიჩმა?!

მაგრამ პურიშკევიჩის სიცრუემ მაინც გასჭრა და მისი სიტყვის სწორედ ორი კვირის შემდეგ, 26 ქრისტეშობისთვეს, მოვიდა სინოდიდან ბრძანება, ეპისკოპოს კირიონის კურიაჟის მონასტრიდან ტამბოვის ეპარქიის სანაქსარის მონასტერში გადასახლების შესახებ. "რისთვის, რა მიზეზია, რომ ამ ცივ ზამთარში უფრო ცივ, ყინვიან, უდაბურ მონასტერში მასახლებენ, რომელსაც რკინის გზაც არ უდგება და 80 ვერსი ეტლით არის გასავლელიო", - ჰკვირობდა კირიონი. კირიონმა გაუგზავნა სინოდს საპასუხო დეპეშა. სთხოვა, ნება მიეცათ პეტერბურგში მისვლისა, რომ გაეგო რაში იყო საქმე. ხელმეორედ მოვიდა დეპეშა: "სინოდს საჭიროდ მიაჩნია, რომ დაუყონებლივ გაემგზავროთ სანაქსარის მონასტერში". პეტერბურგში მისვლის ნება არ მისცეს.

ამ დეპეშის მიღების მეორე დღესვე ჩააყენეს სტრაჟნიკი საყარაულოდ, ირგვლივაც ეტყობოდა, რომ პოლიცია თვალყურს ადევნებდა ყველაფერს. ამან ცუდად იმოქმედა კირიონის გატეხილ ჯანზე და ძალიან დასუსტდა. სტუდენტების რჩევით, ხელმეორედ გაუგზავნა დეპეშა სინოდს, სთხოვდა: "რადგან ამ ჟამად შეუძლოდა ვგრძნობ თავს, მაისამდე მაცალეთ დანიშნულ ადგილას წასვლა ან არა და რომელიმე სამხრეთის მონასტერში მომეცით ბინაო." ამაზე უფრო მკაცრი პასუხი მოუვიდა: "ნაბრძანებია, დაუყონებლივ წახვიდეთ დანიშნულ მონასტერშიო." მეტი ჯანი აღარ იყო, დამორჩილდა ბედს და 10 იანვარს გაუდგა გზას. რადგან სუსტადა გრძნობდა თავს, გავყევი მეც მოსკოვამდის გასაცილებლად. ვამჩნევდი, რომ ყველგან, საცა კი წავიდოდით, უცხო პირები თვალს გვადევნებდნენ და კატორღელებსავით უკან დაგვდევდნენ.

მოსკოვში ვნახეთ პროფესორი ხახანაშვილი, რომელსაც ეპისკოპოსმა კირიონმა გააცნო თავისი ნაწარმოები. პროფესორი ხახანაშვილი კიდეც შეჰპირდა მის გამოცემას. ვინახულეთ აგრეთვე ცნობილი ნ. ნ. დურნოვო, რომელიც ძალიან სწუხდა იმის უდანაშაულოდ დასჯას და სხვადასხვა რჩევას აძლევდა. რაც დრო გადიოდა, კირიონი მით უფრო სუსტდბოდა, რისთვისაც 16 იანვარს, ნაშუადღევს, პირველ საათზე იგი გოლიცინის საავადმყოფოში დაწვა. 17 იანვარს საავადმყოფოში მისვლისთანავე შემატყობინეს, რომ ეპისკოპოსი წაიყვანესო. "ვინ, რად, სად?" განცვიფრებულმა ზედიზედ მივაყარე კითხვები მორიგე ექიმს, რომელმაც გადმომცა შემდეგი: "წუხელის, ღამის ორ საათზე, უნდოდათ წაეყვანათ ეპისკოპოსი პოლიციელებს, მაგრამ სამკურნალოს სამმართველომ არ შემოუშვა, ამიტომ დღეს, დილის რვა საათზე, მოვიდა ბოქაული თავისი ამალით და შეეკითხა ექიმს: შეუძლიან თუ არა ეპისკოპოსს გამგზავრებაო. ამაზე ექიმმა მიუგო, თუმცა ძალიან სუსტად არის, მაგრამ იქნებ შესძლოს მგზავრობაო". ამის შემდეგ ბოქაულმა უბრძანა ეპისკოპოსს, საჩქაროდ ჩაიცვით ტანისამოსი და ჩემთან ერთად წამოდითო. ჩასვეს კარეტაში და სად წაიყვანეს ან რისთვის, ჩვენ თვითონაც არ ვიცითო".

ჯერ პროფესორ ხახანაშვილს შევატყობინე ეს ამბავი და შემდეგ ნ. ნ. დურნოვოს, რომელიც მაშინვე გაექანა ამბის გასაგებად. პატარა ხანს უკან გავიგეთ, რომ სამკურნალოდან კირიონი პირდაპირ სადგურზე წაეყვანათ და ორი დარაჯით გაესტუმრებინათ სანაქსარის მონასტერში.

მესამე დღეს ხელმეორედ მივედით ნ. ნ. დურნოვოსთან. მოხუცი თითქმის სტიროდა ეპისკოპოს კირიონის ამნაირი სასტიკი მოპყრობის გამო, ამტყუნებდა ქართულ საზოგადოებას, რომ იგი არა ზრუნავს და რამე საშუალებას არა ხმარობს მის დასახსნელადაო. საჭიროა, ამბობდა ნ. ნ. დურნოვო, რომ ყველა ქართველი ეპისკოპოსი შეეკითხოს უმაღლეს მთავრობას, რათა სჯიან ასე სასტიკად ეპისკოპოს კირიონს და ან როდის მოეღება ბოლო ამ დევნასაო. აქვე გადმომცა, რომ დღეს მოსკოვის უნივერსიტეტის ინსპექტორის თანაშემწეს ბოგოიავლენსკის ელაპარაკნა ვოსტორგოვთან კირიონის უსაფუძვლო დევნაზე, და ვოსტორგოვს პასუხად უთქვამს: "я его утоплю и всю Грузию кровью залю". ამაზე მოსკოვის გაზეთის რომელიღაც თანამშრომელს ბ-ნ ბალაშოვს, რომელიც იმ დროს იქა ყოფილა, ეთქვა: "ეპისკოპოსმა კირიონმა ამ სიტყვებზე უჩივლოს ვოსტორგოვს და მე მოწმედ დამნიშნოსო".

ამის შემდეგ, უკან დაბრუნებისას, კურსკის სადგურზედ ჟანდარმებმა მეც დამიჭირეს, აქ პოლიციის მოხელემ ჩამომითვალა ჩვენი მგზავრობა და თან მუქარით მკითხა - "სთქვი, სადა და სად იყავით, თორემ დაგიჭერთო. სულ ერთია ჩვენ ყველაფერი ვიცითო". თუ იცით, მე მივუგე, მაშ რაღა საჭიროა ჩემი თქმა მეთქი. ჩვენება ჩამომართვეს და ბოლოს როგორც იყო გამიშვეს. ასე და ამნაირად დაბოლოვდა ეპისკოპოს კირიონის მგზავრობა.65

კირიონის დასაცავად აქტიურად იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა. ეპისკოპოს კირიონის სანაქსარის უდაბნოში გადასახლების გამო აკაკი წერეთელი გულისტკივილით აღნიშნავდა: "კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა! რაც იმედები მქონდა, სულ გამიქარწყლდა, მაგრამ ახლა ამაზედ გლოვის დრო არ არის! კაცმა უნდა წამხდარი საქმე კიდევ უკეთ მოაგვაროს. მაგ საქმის მოგვარება სასიკეთოდ ადვილად შეიძლება, მხოლოდ ცდა უნდა და ცოტაოდენი გამჭრიახობა. თავს არ დავზოგავ, წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ. მე ვიცი, როგორც უნდა გამოტრიალება საქმის. აქ საჭიროა მარჯვე კაცი".66 აკაკი წერეთელმა თავის დროზე მაღალი შეფასება მისცა კირიონისა და გრ. ყიფშიძის ავტორობით გამოქვეყნებულ ქართული სიტყვიერების თეორიის სახელმძღვანელოს. "ეს სახელმძღვანელო წიგნი შესანიშნავი მოვლენაა და ქართულ ოჯახებში აუცილებლად განძად შესატანი. ამის შემდგენებს არ ჰკლებიათ არც ცოდნა და არც ბეჯითობა, არც სხვა რამ, რაც კი საჭიროა ამგვარი სახელმძღვანელოს შესადგენად".67 საყურადღებოა ალექსანდრე ხახანაშვილის წერილი კირიონისადმი­. "არ ვიცი, როგორ მოგმართო: ძველებურად, თუ იმ სახელით, რომელიც დაირქვი, ძმაო გიორგი და მამაო კირილე! წმინდა საქმეა ბერობა და მორწმუნე კაცის გულს სასოებით ავსებს. მე ამ შენს სარწმუნოებრივ საქციელს ვუყურებ ქვეყნიური თვალსაზრისითაც. მე მწამს, რომ შენ, როგორც მამულის მოყვარეს, გაგიძრახავს თავი შესწირო სასულიერო სამსახურს ქართველი ტომის სადიდებლად და შეიმოსე ბერად იმ დროს, როდესაც შენი ასაკის კაცი კიდევ ღელავს და სწყურის სიამოვნება, ტრფიალება, თავისუფლება. თაყვანს ვსცემ ყოველ ნაბიჯს ჩემი თანამემამულისას, რომელიც გამსჭვალულია სამსახურის აზრით სამშობლო ნიადაგზედ და ამიტომ გილოცავ ახალს ასპარეზზედ გამოსვლას და გისურვებ პირნათლად ღვთისა და კაცთა წინაშე შეგესრულებინოს შენი მოვალეობა".68 მართლაც პირნათლად შეასრულა მან თავისი მოვალეობა.

ეპისკოპოს კირიონს, უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს თავისი თავგანწირული მოღვაწეობის გამო ბევრი პატივისმცემელი ჰყავდა როგორც რუსეთში, ევროპაში, ისე თავის მშობლიურ საქართველოში, მაგრამ არც მტრები აკლდა, თუმცა ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.




V. ტრაგიკული 1918

1917 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის იმპერიაში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა იმპერატორი ნიკოლოზ II აიძულა ტახტიდან გადამდგარიყო. ამ ვითარებით ყველაზე კარგად ქართველმა ავტოკეფალისტებმა ისარგებლეს - 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, საეკლესიო კრების მოწვევამდე შექმნეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ დანიშნეს გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე. ქართველ მორწმუნეთა ჯგუფი ქრისტეფორე კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩავიდა კამენცკ-პოდოლსკში, ინახულა ეპისკოპოსი კირიონი და მოახსენა, რომ აუცილებელი იყო მისი სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მეუფე კირიონმა მადლობა მოახსენა მათ, მაგრამ განაცხადა: "ლეონიდი და მისი მომხრეები მოსვენებას არ მომცემენო." ბოლოს იგი მაინც დაითანხმეს. 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომების მუშაობაში (იხ. ოქმი №49, 51, 55, 56, 57). დროებითი მმართველობის სხდომების (1917 წლის 13 მარტიდან 9 სექტემბრამდე) უცვლელი მდივანი იყო დავით დავიდოვი (დავითაშვილი), რომელიც მტრობდა ეპისკოპოს კირიონს. მის მიერ შედგენილ ოქმებში ისეა საქმის ვითარება წარმოდგენილი, თითქოს კირიონი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას და ამის გამო უპირისპირდებოდა დროებითი მმართველობის წევრებს. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: "დროებითი მმართველობის დროინდელი სხდომის ოქმები არცერთი არ წაკითხულა და შესწორებულა კრების მიერ. ოქმი იწერებოდა ტენდენციურად, ოსტატურად ამცირებდნენ კირიონს, უღობავდნენ გზას საქართველოში ჩამოსასვლელად."69 დაიწყო გაუთავებელი ინტრიგები და ცილისწამებანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელი მებრძოლი ეპისკოპოსი კირიონი მიუღებელი აღმოჩნდა თბილისური სასულიერო ელიტის დიდი ნაწილისათვის. მათ საფუძვლიანი შიში ჰქონდათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მომავალ არჩევნებში ვაითუ ეპისკოპოსმა კირიონმა გაიმარჯვოსო, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების პროექტში, რომელიც 1917 წლის პირველ საეკლესიო კრებაზე დაამტკიცეს, შექმნეს საკათოლიკოსო საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობა კირიონის მოწინააღმდეგე იყო, აგრეთვე მცხეთა-თბილისის ეპარქია დაანაწევრეს. ჯერ კიდევ 1917 წლის 23 აგვისტოს თბილელ მიტროპოლიტად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე გამოაცხადეს. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თბილელი მიტროპოლიტი ცხადდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, პატრიარქის ავადმყოფობის ან არყოფნის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად. რაოდენ სამწუხარო იყო, რომ გამართლდა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვის სიტყვები: "რად გინდათ ქართველებს ავტოკეფალია, ხომ დასჭამთ ერთმანეთსო." ქართველ საზოგადოებას, მორწმუნე მრევლს ფრიად აწუხებდა ორ დიდ საეკლესიო მოღვაწეს – კირიონსა და ლეონიდეს შორის წარმოშობილი უთანხმოება, მორწმუნეთა დაყოფა "კირიონისტებად" და "ლეონიდისტებად". 1917 წლის 9-17 სექტემბერს ამ რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა პირველი საეკლესიო კრების სხდომები. დაძაბულობამ პიკს მიაღწია 17 სექტემბერს, როდესაც საეკლესიო კრებას უნდა აერჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი – მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე წარმოდგენილი მიტროპოლიტ ლეონიდესა და ეპისკოპოს კირიონის კანდიდატურებზე კენჭისყრა. ხმის დამთვლელ კომისიას ხელმძღვანელობდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. 13 საათზე საეკლესიო კრების მონაწილე 448 დელეგატმა დაასრულა ხმის მიცემა. 16 საათზე დასრულდა ხმების დათვლა. გაირკვა, რომ 12 ხმით მეტი მოაგროვა ეპისკოპოსმა კირიონმა და იგი გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთის მთავარეპისკოპოსად. მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი არჩევნებს არ ესწრებოდნენ. როდესაც მათ არჩევნების შედეგები მოახსენეს, მიტროპოლიტი ლეონიდე ძალიან აღელდა, ბოლოს მოერია თავს და სიონის საპატრიარქო ტაძარში შეეგება ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს – უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "მე მიორკეცდება ძალ-ღონე, რომ მარტო არა ვარ და მეგულებით ჩვენი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცს ვდებ, მთელი ჩემი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში."70 უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ამ სიტყვებით მიმართა მრევლს: "არღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ."

1917 წლის 1 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ათასობით მორწმუნე შეიკრიბა, ისინი ორ დიდ დღესასწაულს აღნიშნავდნენ – სვეტიცხოვლობას და ასწლოვანი მონობისგან განთავისუფლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევას. საოცარი იყო, ამდენი გულშემატკივრის მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი მაინც მარტო იყო. დასრულდა წირვა, პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად ტაძრიდან გასასვლელად მოემზადა, დალოცა მრევლი და… ამ დროს ხელში რაღაც ფურცელი შეაჩეჩეს, რომელზედაც შავით თეთრზე ეწერა: "თქვენო უწმიდესობავ! როგორც კი სვეტიცხოვლიდან გახვალთ, ხალხში გარეული მკვლელი რევოლვერიდან გესვრით".71 პატრიარქი კირიონი დინჯად გაემართა გასასვლელისაკენ, ატყდა ჩოჩქოლი. ამ დროს პატრიარქთან გაჩნდა ყარამან კიკნაველიძე, რომელმაც თავისი ხალხით პატრიარქი კირიონი სამშვიდობოზე გაიყვანა. ეს ინციდენტი ფრიად დამაფიქრებელი იყო.

1917 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს საკათოლიკოსო სასახლეში შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა. საეკლესიო კრებაზე დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ორგანო იყო საეკლესიო კრება, კრებებს შორის პერიოდში – საკათოლიკოსო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ეპარქიათა მღვდელმთავრები და საერო პირები, სულ 12 კაცი. საკათოლიკოსო საბჭოს თავმჯდომარე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს ჰქონდათ თითო ხმა, ხოლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – 2. პირველსავე სხდომაზე ნათელი გახდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II უმცირესობაში აღმოჩნდა. სხდომაზე წამოიჭრა საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველის საკითხი. დეკანოზებმა კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ ამ თანამდებობაზე წამოაყენეს დავით დავიდოვის (დავითაშვილი) კანდიდატურა. ქრისტეფორე კაპანაძემ დაასახელა ალექსანდრე ნიკიტინის კანდიდატურა. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II დავით დავითაშვილის ხსენებაზე ცუდად გახდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. როდესაც შეატყო, რომ საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა დავით დავიდოვისათვის აპირებდა ხმის მიცემას, ვეღარ მოითმინა და განაცხადა – თუ თქვენ საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავით დავიდოვს აირჩევთ, მე კათოლიკოსის ხარისხს ავიყრიო. დავიდოვის მომხრეებმა ხმა ვერ ამოიღეს, ამ დროს წამოდგა საქართველოს ეკლესიის ობერპროკურორი ქრისტეფორე (ჩიტო) კაპანაძე და სხდომას მიმართა: – გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება თავისუფალი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსი ეგზარქოსების ჯაშუში იყო. ამ სხდომაზე დავით დავიდოვის კანდიდატურა ჩავარდა და საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს მდივნად ალექსანდრე ნიკიტინი აირჩიეს. (მან იცოდა კარგი ქართული წერა-კითხვა და იყო საქართველოს პატრიოტი - ს. ვ.).

ამ უსიამოვნო ამბავს, ასევე უსიამოვნო გაგრძელება ჰქონდა. მეორე დღეს საკათოლიკოსო საბჭოს სხდომის დროს დარბაზში შეიჭრა დავით დავიდოვი, ცივად მიესალმა სხდომას და მერე მიეჭრა ქრისტეფორე (ჩიტო) კაპანაძეს – თქვენ რა სთქვით ჩემზე? – ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე, უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ, – უპასუხა ჩიტო კაპანაძემ. გაიმეორეთ, რა სთქვით, – დაიღრიალა დავიდოვმა. – მე ისა ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსის ეგზარქოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად ვერ იქნება, – გაიმეორა ჩიტო კაპანაძემ. ამ სიტყვის თქმა და დავით დავიდოვის სილის მოქნევა ერთი იყო. ჩიტო კაპანაძემ თავი დაბლა დახარა, მაგრამ სილა მაინც მოხვდა. დავიდოვმა რევოლვერი იძრო, დავით ჩიქოვანი მივარდა დავიდოვს და შებოჭა, შეიქმნა ჩოჩქოლი. დავიდოვი მილიციას გადასცეს. ეს ყველაფერი ხდებოდა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის თანდასწრებით. ჩიტო კაპანაძემ მეორე დღეს მთავრობის თავმჯდომარეს (ამიერკავკასიის კომისარიატს, ს.ვ.) წერილობითი განცხადებით მიმართა, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევის გამო ობერ-პროკურორად ვეღარ დავრჩებიო, იგივე აცნობა საკათოლიკოსო საბჭოს. საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა იმ ნაწილმა, რომელნიც მხარს უჭერდნენ უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს, კათოლიკოსის მიერ ბეჭედდასმული ადრესით მიმართა ჩიტო კაპანაძეს, ერის ინტერესებისათვის უარესი შეურაცხყოფა უნდა ავიტანოთ, ამიტომ გთხოვთ თქვენს თანამდებობას დაუბრუნდეთო. ჩიტო კაპანაძემ თხოვნა გაითვალისწინა და სამსახურს დაუბრუნდა. დავიდოვის საქმის შესწავლა დაიწყო პროკურორმა გიორგი შატბერაშვილმა, რომელმაც დიდძალი მასალა დააგროვა და დავით დავიდოვის გასამართლებას აპირებდნენ კიდეც, მაგრამ გავლენიანი ხალხის ჩარევის შემდეგ გიორგი შატბერაშვილს საქმე ჩამოართვეს და დავიდოვი დაჭერას გადაურჩა."72 სევდიანად ასრულებს ამ თხრობას იოსებ იმედაშვილი, რომელმაც ეს ინფორმაცია ჩიტო კაპანაძისგან მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის საპატრიარქო სასახლეში დაბინავება არ მოსწონდათ თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს მომხრეებს, რომელნიც ასევე დაბინავებულნი იყვნენ საკათოლიკოსო სასახლეში. თბილელი წირავდა სიონში, კათოლიკოს-პატრიარქი კი მწირველი იყო ანჩისხატის ეკლესიაში. არ იყო გამიჯნული თბილისის და მცხეთის ეპარქიის საზღვრები. თბილელი ლეონიდე მცხეთის ჯვრის მონასტერსაც ედავებოდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. საკათოლიკოსო საბჭოს სხდომებზე დაიწყო დაპირისპირებანი. თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ისაგან დაწუნებული დავით დავიდოვ-დავითაშვილი თბილელის კანცელარიის გამგედ დანიშნა. ეს უკანასკნელი აქედან უფრო გაშმაგებით უტევდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს. 1918 წლის 10 მარტს საკათოლიკოსო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კირიონ II, კათოლიკოსმა წამოაყენა წინადადება მცხეთის ჯვრის მონასტრის მღვდელმონაზონ მირიანის (ბექაური) არქიმანდრიტის, ხოლო დიაკონ ტიმოთე ბაკურაძის მღვდლის ხარისხში აღყვანის შესახებ. უწმიდესისა და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ, რომელმაც განაცხადა: "მცხეთის ჯვარი თბილისის ეპარქიაში შედის, ხოლო მირიანის არქიმანდრიტობა და ტიმოთეს მღვდლობა ნაადრევიაო."73 ატყდა კამათი. განრისხებულმა კათოლიკოსმა მირიანის არქიმანდრიტად და დიაკონი ტიმოთეს მღვდლად კურთხევის დადგენილებას თვითონ მოაწერა ხელი. 23 მარტს უწმიდესი კირიონი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო საკათოლიკოსო საბჭოს სხდომას, 1917 წელს დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის შემთხვევაში საკათოლიკოსო საბჭოს თავმჯდომარე იყო თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, რომელმაც საბჭოს 8 წევრის მხარდაჭერით გააუქმა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის გადაწყვეტილება, უფრო მეტიც მამა მირიანს და ტიმოთეს მღვდელმსახურობა აუკრძალა.

28 მარტს, როდესაც კვლავ შეიკრიბა საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ არქიმანდრიტ მირიანს და მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს აღუდგინა მღვდელმსახურების უფლება. მაინც რას უწუნებდნენ მათ? მღვდელმონაზონი მირიანი იყო უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ერთგული მხარდამჭერი, ხოლო დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების წინ ეპისკოპოს კირიონის შტაბს ხელმძღვანელობდა პროვინციებში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II სულ რაღაც ათი თვე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ეს ათი თვე ჯოჯოხეთად უქციეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. საკათოლიკოსო საბჭოს სხდომები მუდმივი დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ამას დაემატა ისიც, რომ 1918 წელს თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალი "ახალი სიტყვა", რომლის რედაქტორი იყო დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი. ჟურნალმა "ახალმა სიტყვამ" დაუნდობელი ომი გამოუცხადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. დეკანოზი ქრისტეფორე 1918 წლის თებერვალში ჟურნალ "ახალ სიტყვაში" წერდა: "არ კმარა საქართველოს საეგზარქოსოს საქართველოს საკათოლიკოსო დაერქვას, არ კმარა ძველი ტიტულების აღდგენა, ძველი საკათოლიკოსო შესამოსელის გამომზიურება, საჭიროა ფხიანობა, შემოქმედებითი მუშაობის გაჩაღება, უნარი მოქმედ ძალების შემჩნევისა, დაფასებისა და მათი შეთანხმებულად დარაზმვისა, ნაკლები "მეობა" და მეტი "ჩვენობა", საქმე ბევრია, ეკლესიური ცხოვრება, როგორც ყოველივე ამქვეყნად, ცვალებადობას განიცდის, იგი თანდათან უნდა ახლდებოდეს და უმჯობესდებოდეს. ამ ცხოველი განახლების გზაზე მტკიცე სიარული არის დანიშნულება ქართული თავისუფალი ეკლესიისა."74

უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს ბრალს სდებდნენ ძალაუფლების გადამეტებაში, უმოქმედობაში. ეს ხომ დიდი უსამართლობა იყო. "თუ ვინმესათვის ცხადი არ არის ჩვენი მიზანი, ვიტყვით კიდევ, – წერდა დეკანოზი ქრისტეფორე, – ჩვენ მანამ არ მოვისვენებთ, სანამ ჩვენი უფროსები არ იწამებენ წმიდა კოლეგიურ გამგეობას, სანამ იგინი არ მიეჩვევიან პატივით მოეპყრონ უმრავლესობის აზრს."75 უმრავლესობის აზრში იგულისხმებოდა უწმიდესისა და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მოწინააღმდეგე საკათოლიკოსო საბჭოს წევრები. 1918 წლის 23 მაისს საკათოლიკოსო საბჭოს 8 წევრმა მიტროპოლიტ ლეონიდეს ხელმძღვანელობით გააკეთა საპროტესტო წერილი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელზე, რომელშიც ავტორები პატრიარქს ბრალს სდებდნენ საეკლესიო მართვა-გამგეობაში აბსოლუტიზმისა და მონარქიზმის დამყარებაში. მათი აზრით, კათოლიკოს-პატრიარქს არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო სასულიერო სასწავლებლების ავტონომიაში, საბჭოს წევრებისათვის საყვედურების გამოცხადებაც მისი უფლების გადამეტება იყო. ვერ პატიობდნენ ეკლესიისათვის "თავდადებული ადამიანის" – დავით დავიდოვის საკათოლიკოსო კანცელარიის უფროსად არ დანიშვნას. ეს "თავდადებული ადამიანი", როგორც ისინი უწოდებდნენ მას, 1918 წლის მაისში რევოლვერით მოსაკლავად შეუვარდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს, მაგრამ არქიმანდრიტმა მირიანმა და მორჩილმა გერმოგენმა კინწისკვრით გამოაგდეს საკათოლიკოსო სასახლიდან. როგორც ეპისკოპოს სტეფანეს (ვასილ კარბელაშვილის) ჩანაწერებიდან ირკვევა, ჟურნ. "ახალი სიტყვის" რედაქტორი დეკანოზი ქრისტეფორეც "შეუვარდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს და ემუქრებოდა ცემით, მაგრამ კირიონმა ყურად არ იღო და არ აკურთხა ეპისკოპოსად… ასევე შეუვარდა დავით დავითაშვილიც, მაგრამ ვერ შეაშინეს ეს ბუმბერაზი კაცი."76

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში ჟურნალ "ახალ სიტყვაში" დაბეჭდილი სტატიის ავტორი აგდებულად წერდა: "ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა დაგვირგვინდა იმით, რომ ეგზარქოსის კარეტით იმის მაგივრად კათოლიკოსი დასეირნობს თბილისის ქუჩებში."77 ყველაზე გასაოცარი თავხედობა ის იყო, რომ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II "ახალი სიტყვის" წერილების მიხედვით იყო უწიგნური და გაუნათლებელი ადამიანი. "მირონის კურთხევას დავესწარი დიდ ხუთშაბათს, – წერდა ვინმე გრიგოლ ხერხეულიძე ჟურ. "ახალ სიტყვაში", – მწირველი ბრძანდებოდა კათოლიკოსი. თავის დროზე მოართვეს წიგნი, რომ წაეკითხა შესაფერისი, მირონის საკურთხი ლოცვები.… ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი,რომ ვხედავდი და მესმოდა,თუ როგორ ბორძიკობდა ყოველ სიტყვაზე კათოლიკოს-პატრიარქი, როგორ ჩერდებოდა სიტყვების ამოსაკითხავად. და ბოლოს მრავალს მათგანს მაინც გადამახინჯებულ, გადასხვაფერებულ ამბობდა."78 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, 30-ზე მეტი წიგნის ავტორი მეცნიერი, რომლის მეცნიერულ მემკვიდრეობას დიდ პატივს სცემდნენ ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე შახმატოვი, ივანე სოკოლოვი, გრიგოლ ბერგმანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, უნამუსო ცილისმწამებელმა კალმოსანმა უწიგნურად წარმოაჩინა. ცილისწამების, უზნეობისა და უღმერთობის კულმინაცია იყო ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, "კირიონ კათალიკოზის წირვა და სიონის წაბილწვა." მიაქციეთ ყურადღება, უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს ჯერ სიონში წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ – სიონი თბილელი მიტროპოლიტის საკათედრო ტაძარიაო. ხოლო როდესაც მან ჩაატარა სიონში წირვა, სიონი წაიბილწაო. "ჯაჭვაძის" ფსევდონიმს ამოფარებული ავტორი კატეგორიული ტონით მოუწოდებდა საზოგადოებას, გადაეყენებინათ კათოლიკოსი. "დრო არის, კათოლიკოსის თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს, მან საკმარისად შეგვარცხვინა მთელ ქვეყანაზეო."79

უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ასეთი წინააღმდეგობებისა და სირთულეების ვითარებაშიც თავისი ათთვიანი პატრიარქობის ხანაში ბევრი რამ გააკეთა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1917 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება. საზეიმო წირვის დასასრულს მან ვრცელი სიტყვით მიმართა სამწყსოს და ჩამოაყალიბა ის მთავარი ამოცანები, რომელნიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე იდგა: "განმტკიცება ახლადაღდგენილი ეკლესიისა მის ისტორიულ უფლებათა ფარგლებში, აი, პირველი საზრუნავი ჩემი. ასი წლის მონობის გამო შეირყა საქართველოს ეკლესიის მწყობრი ცხოვრება, ერის გულთან შეთანხმებული, დაირღვა კავშირი, გაქრა სული ცხოველი. განთავისუფლებული ეკლესია კვლავ უნდა დაუბრუნდეს ერის მთლიან გვამს, რათა ვიყვნეთ ყოველნი ერთ გვამ და ერთი ორად ვიღწვოდეთ საერთო წარმატებისათვის.… ეკლესია მუდამ ედგა დარაჯად ქართველი ერის მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ის იყო ერთგვარი დროშა, რომლის ქვეშ ღვიოდა ნაპერწკალი ქართველთა სოლიდარობის იდეისა. თუ ასე იყო ძველად, დღესაც ვალად ადევს ჩვენს ეკლესიას ემსახუროს ამავე იდეას და მედგრად აუწყოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა. მან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენ ვიპოვოთ შესაფერისი და დამსახურებული ადგილი.… ჩვენი ეკლესია არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობათა გამწვავების იარაღად და ფანატიზმის დამყარების მიზეზად. პირიქით მისი მიზანი იყო… ერთა შორის სოლიდარობის დამყარება და განმტკიცება კავკასიაში, სადაც ამ სოლიდარობას ხელოვნურად არღვევდნენ.… ეხლა თვალი გადავავლოთ ჩვენს, ქართველი ერის შინაურ ცხოვრებას, რას დავინახავთ? ხალხს, ჯეროვან სწავლა-განათლებას მოკლებულს და ამის გამო ეკონომიკურად გაღატაკებულს და სოციალურად დაბეჩავებულს. ჩვენი ძველი კულტურა და სწავლა-განათლება ეკლესიათა კედელს შუა აღმოცენდა. აქ პოულობდნენ ჩვენი წინაპარნი სულიერ საზრდოს და ქვეყნიური კეთილდღეობის საზომს. ნუვინ იტყვის, რომ ეკლესიამ თავისი დრო მოჭამა, რომ ის ახლა არა კულტურული, არამედ ანტიკულტურული ძალაა. მას შესწევს ძალა, რომ ხალხს ემსახუროს და გაუნათოს გზა უმჯობესი ცხოვრებისა. ჭეშმარიტად, როგორც ხედავთ, "ფრიად არს სამკალი." ვსასოებ, რომ მე უძლურმან, მაგრამ ღვთისა კურთხევითა და თქვენის დახმარების და თანაგრძნობის იმედით განძლიერებულმან კეთილად განვვლო მოღვაწეობა ჩემი და სიცოცხლის დადებამდე ვემსახურო ურცხვენელითა სამსახ-ურითა ჩემს მომწოდებელ ერს."80

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II ენერგიულად შეუდგა თავისსავე სიტყვაში ჩამოყალიბებული ამოცანების განხორციელებას. პირველ ყოვლისა, საჭირო იყო ეგზარქოსობის დროინდელ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის არსებული გაუცხოების კედლის დამსხვრევა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ და საერო ცხოვრების სფეროში აქტიური მონაწილეობა. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ რუსეთში მთელი სიმწვავით დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, უფრო თანმიმდევრული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II სპეციალური გუჯარით მიესალმა 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გამართულ საქართველოს ეროვნულ ყრილობას და შეახსენა ის საშიშროება, რაც ბოლშევიკური რუსეთიდან იყო მოსალოდნელი. "ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოისა, სანაპიროთა თვისთაგან გადმოხეთქილი, და წარღვნასა უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა. და თქვენ,რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება.… თქვენი ერთობა, ერთსულოვნება იქნება წინდი იმისა, რომ საქართველო განცხოველდება."81

უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის უპირველესი საზრუნავი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება. რუსეთის ეკლესიას ამის გაგონებაც არ სურდა. პირიქით, 1917 წლის აგვისტოში პატრიარქად არჩეულმა ტიხონმა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-სადმი გამოგზავნილ წერილში ქართველ იერარქებს მოუწოდა, გაეუქმებინათ 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში მიღებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი და სინანულით წარსმდგარიყვნენ რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თავის საგარეო ურთიერთობებში დღემდე ერთგულია იმ პრინციპებისა და სულისკვეთებისა, რომელთაც საფუძველი ჩაუყარა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე აქტიურად შეუდგა სასულიერო სასწავლებლების გაეროვნულებას. მან დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძესა და დეკანოზ კორნელი კეკელიძეს დაავალა მოემზადებინათ პროექტი თბილისის რუსული სასულიერო სემინარიის ბაზაზე ქართული სასულიერო სასწავლებლის დაარსების შესახებ.

პატრიარქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დამოუკიდებელი ეკლესიისათვის აუცილებელი წმიდა მირონის მომზადებას. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც დაცული იყო შუშანიების სავანეში. მისი ასლი გადმოგვცა არქიმანდრიტმა ისააკმა (ღადუა). დოკუმენტი შეუდგენია ბერ გობრონს (შემდგომში ეპისკოპოსი გობრონ წკრიალაშვილი. ს.ვ.), რომელიც აღნიშნავს: "მირონის მოხარშვის ადგილად არჩეულ იქნა ყოფილი საკათოლიკოსო სასახლის კარის ეკლესია (ანჩისხატი), თვით ეკლესიაში გამზადებულ იქმნა ქართულ სტილზე აგებული ქურა. ქურა აშენებული იყო ეკლესიის შუა ნაწილში, მარცხნივ, ივერიის წმიდა ღვთისმშობლის, ჯვარცმის და წმიდა პანტელეიმონის ხატების პირისპირ. ქურაზე იდგა ზედადგარი, რომელზეც სპილენძის დიდი ქვაბი იყო შემოდგმული. წმიდა მირონის მოხარშვისათვის მოწვეულ იყო განსვენებული პროვიზორი ახვლედიანი, რომელსაც ჰქონდა მინიჭებული უშუალო ხელმძღვანელობა და სრული პასუხისმგებლობა საქმისათვის. ვნების კვირეულის ორშაბათ დილით ბ-მა ახვლედიანმა ქვაბში ჩაუშვა ყველა ხარშვისათვის განკუთვნილი მასალები. დღის 12 საათისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ტფილელ მიტროპოლიტ ლეონიდესთან და თბილისის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, რის შემდგომშიც საკუთარი ხელით აიაზმის სხურებით ჩაუშვა ქვაბში ჯვარის სახით სპეციალურად პინაკებზედ და სასმისებში კანდელაკის მიერ გამზადებული მირონის მასალების ნაწილი. შემდგომ ამისა, კანდელაკმა მის უწმიდესობას მიართვა ანთებული კვარი, რომელმაც საკუთარის ხელით მოუკიდა წინასწარ ქურაში გამზადებულს და სპირტდასხმულ რამდენიმე ნახშირის ნატეხს ცეცხლი. შემდგომ ამისა კათოლიკოს-პატრიარქი აბრძანდა კათედრაზე და იწყო წმიდა სახარების კითხვა: იოანე, თავი I – "პირველიდან იყო სიტყვა." მას ცვლის ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, შემდგომ ხარისხის მიხედვით ერთი მეორეს მონაწილენი (თითოეული მათგანი წმიდა სახარების წაკითხვის შემდეგ სტოვებს მირონის ქვაბს, შედის საკურთხეველში და სამოსელს იხდის). მირონის ქვაბთან იქმნენ მორიგენი მუდმივად –  მთავარდიაკონნი, რომელთაც ევალებოდათ მთელი დღეღამის განმავლობაში ქვაბის მორევა განუწყვეტლივ, ხოლო სამღვდელოებას ევალებოდათ ორ-ორი საათი სახარების კითხვა. ესე წესი სრულდებოდა დიდ ოთხშაბათს მწუხრამდე. დიდ ხუთშაბათს დილით ადრე გაწურულ იქმნა ნახარში და შეზავებული ნაირ-ნაირი სურნელეთეროვანი სითხეებით და ეს სურნელოვანი მასსა სახელწოდებულად მირონი, ჩაუშვეს სპეციალურ თუნუქის ჭურჭელში, რომელსა უწოდების სამირონე – ალაბასტრი, რომელიც იქვე იქმნა მოკრძალებით დალუქული საკათოლიკოსო ბეჭდით. წირვის დაწყებამდე ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე თანამწირველებითურთ და მორწმუნე ერით გაემგზავრა სიონის ტაძრიდან საკათოლიკოსო სასახლის კარის ეკლესიაში, სადაც შეხვდნენ მის უწმიდესობას კირიონ II-ს. ურთიერთმისალმების შემდეგ პროცესია დაბრუნდა სიონის ტაძრისაკენ, მოაბრძანებდნენ წმიდა მირონს, მათ უკან მოჰყვებოდა მანტიაწამოსხმული კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. პროცესიას ამკობდა ქართული გუნდი და მქუხარე ზარები როგორც დედა სიონის, აგრეთვე მეზობელ ტაძართა. სიონის ტაძარში ალაბასტრნი მირონით შესვენებულ იქმნა სამკვეთლოში, ხოლო "სერობასა საიდუმლოსა შენისასა"-ს დროს სამეუფოსა სვლით გარდასვენებულ იქმნა საკურთხევლად ტრაპეზსა ზედა, ხოლო დიდი ალაბასტრი იქმნა გარდამოსვენებულ სამღვდელოთა მიერ და დასვენებული წმიდა ტრაპეზის მარცხნივ, ქიმში საგანგებოდ მომზადებულ კვარცხლბეკზედ. პატარა ალაბასტრი კი წმიდა მირონით გადმოასვენა ტფილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ,ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა სამეუფო ბჭესთან და იგი ჩამოართვა მას, რომელიც დაასვენა წმიდა ტრაპეზსა ზედა მარცხნით ფეშხუმისა. შემდგომათ მათ მიერ იქმნა მიღებული ჩვეულებისამებრ სიწმინდენი."82

1918 წლის 2 ივნისს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მიერ თავისუფლების მოედანზე გადახდილ იქნა პარაკლისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამო. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა ხალხს: "მადლობა ღმერთს. ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს.… აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. როგორც მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ თავისი საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში ლოდად რომ აწვა მკერდზე.… ახლად შეძენილ თავისუფლებას, ჩვენი ერის სოციალურ-პოლიტიკური არსებობისათვის ყურძნის მტევანივით ლამაზად შეკრულ-აწყობილ სახელმწიფოს და დამოუკიდებლობასაც ჩვენდა სავალალოდ, ახლავე აედევნენ შავი ღრუბლები და ნისლი, ახლავე გამოუჩნდნენ შიგნით და გარეთ მტრები და შურითა და უსამართლობით აღვსილი პირები."83

ამის მეტი რა უნდა გაეკეთებინა ათი თვის განმავლობაში 106 წლოვანი მონობისაგან განთავისუფლებულ ეკლესიას და მის მეთაურს. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სიძულვილით დაბრმავებულებს არაფერი არ აინტერესებდათ გარდა იმისა, რომ როგორმე იგი ან ნერვიულობას გადაჰყოლოდა ან სხვა გზა უნდა მოენახათ მისი თავიდან მოშორების. ქართული საზოგადოება თითქოს გულგრილი გახდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II შეატოვეს ამ გაბოროტებულ, ანგარებიან ადამიანებს, იგი მარტო დარჩა. განა ასე არ მოხდა 1907 წელს, როდესაც 9-წლიანი იდეოლოგიური, ცილისმწამებლური ბრძოლა ილია ჭავჭავაძესთან 30 აგვისტოს წიწამურთან მისი მკვლელობით დასრულდა? უწმიდესისა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს უთვალთვალებდნენ, შინაურებიდან გამოჰქონდათ ინფორმაციები პატრიარქის გადაადგილების მარშრუტის შესახებ. 1918 წლის 26 ივნისს უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკთან და ვასილ კბილაშვილთან ერთად დილის 5 საათზე ეტლით გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში, პატრიარქს თან ახლდა ჩიტო (ქრისტეფორე) კაპანაძე, მაგრამ გზაში გაირკვა,რომ პატრიარქს დარჩა წიგნები, რომლებიც სამუშაოდ სჭირდებოდა, ამიტომ ჩიტო კაპანაძე დარჩა წიგნების წამოსაღებად. პატრიარქი კირიონი მარტყოფის მონასტერში 11 საათზე მივიდა, ლოცვის შემდეგ მუშაობას შეუდგა. გვიან ღამით, 1 საათზე დაიძინა. წინა ოთახში ეძინა არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკს. პატრიარქი დილის 5 საათზე დგებოდა. გახდა 5, 6, 7 საათი, პატრიარქის ოთახის კარი არ იღებოდა.… ბოლოს გადაწყვიტეს და შეაღეს კარები.

კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II სისხლში ცურავდა, გარდაცვლილის გვერდით ეგდო მისივე დაკეტილი ბრაუნინგი. არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი სასწრაფოდ გამოეშურა თბილისში, გაიმართა საკათოლიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც "მოისმინა ტარასი კანდელაკის ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის გარდაცვალების შესახებ და განაჩინა: ეს სამწუხარო ამბავი ეცნობოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სათანადო განკარგულებისათვის და აგრეთვე ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს. ეთხოვოს თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს მოახდინოს ჯეროვანი განკარგულება მისი უწმიდესობის გვამის დასაკრძალავად. ოქმს ხელს აწერენ: მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, რაფიელ ივანიცკი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, პეტრე ბარათაშვილი."84

იმავე დღეს თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას ასეთი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სახელით პატივისცემით გაცნობებთ, რომ ამა თვის 27-ს (ივნისი), დილის 7 საათზე, მარტყოფის წმიდა ანტონის მონასტერში უეცრად გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II."85 საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ შექმნა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დამკრძალავი კომისია ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) თავმჯდომარეობით, მისი მოადგილე იყო გიორგი ჟორდანია, წევრებად დეკანოზები ანტონ თოთიბაძე და ნიკიტა თალაკვაძე. დამკრძალავ კომისიაში დაიწყო მსჯელობა, სად დაეკრძალათ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ პატრიარქმა თავი მოიკლა და იქნებ სჯობდეს, რომ უხმაუროდ დაიკრძალოს მარტყოფის მონასტერშიო, მაგრამ ახლა კი აღარ დათმო საზოგადოებამ, გამოფხიზლდა მისი ნაწილი და კატეგორიულად მოითხოვა კირიონ II-ის ნეშტის თბილისში გადმოსვენება. გადაწყდა, პანაშვიდები გამართულიყო ანჩისხატის ეკლესიაში, ხოლო 7 ივლისს განსვენებული დაიკრძალებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მუხანათურმა მკვლელობამ ფრიად დაამწუხრა საქართველო. გაზეთი "საქართველო" 1918 წლის 30 ივნისს მწუხარებით იტყობინებოდა: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II 26 ივნისს დილით გაემგზავრა მარტყოფში.… ივნისის 27-ს კი იგი იპოვეს მიცვალებული მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო ბინაზე, მის საწოლ ოთახში." მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გაიმართა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის დაკრძალვაზე სიტყვები წარმოთქვეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია), დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. უწმიდესი კირიონი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში 18 საათზე. დაკრძალვის დღეს დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ ამ სიტყვებით გააცილა მისი უწმიდესობა:

"მშვიდობით, თქვენო უწმიდესობავ!

ეს ერთი კვირაა შენი ანჩისხატი, მთელი მორწმუნე ერი თბილისის ქართველობასთან ერთად, გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თავის მამამთავარს. დღეს კი ჩვენი სამშობლოს ყოველი კუთხიდან მოზღვავებულა მთელი საქართველო – შენი სამწყსო, რათა მიგაცილოს საუკუნო განსასვენებელ სავანემდე. დაობლებული შენი სამწყსო, ისევ დაქვრივებული ივერიის ეკლესია დღეს საქვეყნოდ მოსთქვამს და ჰგოდებს თავის ვაებასა, თავის უბედურებასა, თავის ეგზომ დაცოდვილებას, სამშობლო ქვეყნის გარეშეთაგან გაჭირვებას. ეს შენი საიდუმლოებით მოცული კუბოც მძიმე ლოდივით ზედ დაგვერთო. ასეთ განსაცდელს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენში.

არ ვიცი შენი ასეთი მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ზოგჯერ მტერი ვერ უზამს ადამიანს იმას, რასაც თვით ადამიანი თავის თავსო, – სწორედ ჩვენზეა ეს ნათქვამი. სხვებმა, გარეშეებმა, ჩვენმა მტრებმა და ორგულებმა შეიგნეს შენი დიდი პიროვნების ღირსება, ჩვენ კი ვერა! სხვებმა, უცხოელებმა, დააფასეს შენი გონებრივი და ზნეობრივი ღვაწლი სამშობლოსათვის, ჩვენ კი ვერა.… ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგდარ, დამაშვრალ, მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისს სიბრძნე-გამოცდილებით ისევ ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოგექეცით. ჩვენ მხოლოდ უუფლებო კათალიკოზ-პატრიარქად აგირჩიეთ! თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთმპყრობელი გიწოდეთ, ნამდვილად კი ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ!

ქედმაღლობა, გამძვინვარებული შუღლი, საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეთ თავის მამამთავრის გარშემო, უკანასკნელი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ მას და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი ამოვუთხარეთ, არსებობის ნიადაგი გამოვაცალეთ.

განა მხოლოდ კირიონ კათოლიკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტის სისასტიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ ჩვენში დათესილმა, ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა. მტრებმა დაგვქსაქსეს, ერთმანეთის მტრებად გადაგვაქციეს, საკუთარ ოჯახში შინაური მტრები და ჯაშუშები გაგვიჩინეს და ეს თავზარდამცემი უბედურება თვით ქართველების ხელით გააკეთეს. რაღა გვეთქმის ამ შავბნელ ბოროტებაზე? – შური, ერთმანეთის მძულვარება და გაუტანლობა დაესადგურა ჩვენს შორის და ეს გვათხრევინებს ჩვენს სამარეს ჩვენივე ხელით… როდესაც ილიას და კირიონს ყიჟინას სცემდნენ უგუნურნი, ჩვენში არ აღმოჩნდა ვინმე, რომ დამაშვრალთათვის ნუგეში ეცათ, მათთვის მოეგერიებინათ უპასუხისმგებლო კალმოსანნი. პირიქით, უფრო ასისიანებდნენ მათ…

ილიასა და კირიონს მამულიშვილობა, უანგარობა და სამშობლოსათვის თავგანწირვა როდი ესწავლებოდათ, საყვარელნო!.. მაგრამ დღეს რაღა გვეთქმის,… დღეს ისევ საქვეყნო სირცხვილში ჩავცვივდით. ქართველნო, ეტყობა ისტორიის გაკვეთილები ფუჭია ჩვენთვის, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ ღრმად გვწამს საქართველოს ჭირისუფლის,ნიკოლოზ ბარათაშვილის ანდერძი:

"ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის,

ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი,

მერანო, ჩემო, მაინც დარჩება."

დიახ, "გზა უვალი", კირიონისაგან "თელილი" უსათუოდ დარჩება.

ამ გზაზე უკვე დაგვაყენა განსვენებულმა. პირველმა მან შეაშუქა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების აზრი. შეაშუქა არა 1905 და 1917 წლებში, როდესაც ქვანიც კი ღაღადებდნენ, არამედ უფრო ადრე, როდესაც სუსხიანი ცარიზმისაგან ყოველი აზრი და იდეა თავისუფლებაზე ჩვენში გაყინულ-გათოშილი იყო; კირიონი კი მაინც თესდა ჩვენში თესლსა კეთილსა. ის შეესწრო კიდეც ამ თესლისაგან ნაყოფის გამოღებასა, მაგრამ თვით კი ვერ იგემა თავისი ნამუშაკარი. ასეთი ყოფილა ხვედრი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და ვერც კირიონი ასცდა თავის ხვედრს…

არ შეიძლება არ გამცნოთ საყვარელნო კირიონისაგან ერთ საეკლესიო წრეში უკანასკნელი წარმოთქმული აზრი ჩვენს ძალთა ურთიერთგანწყობილებაზე: "ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, – ბრძანა განსვენებულმა, – შორიდგან თვალყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია". ასე ნაღვლიანად დაასრულა მან თავისი მწყემსმთავრული მხილება.

იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ ჩვენ "ხელახლა დავიბადებით," როგორც განსვენებულმა გვამცნო, ახალ საქართველოში, მხოლოდ თავისუფალ საქართველოში აღორძინდება, ამაღლდება, გაფაქიზდება ძალთა განწყობილება, მხოლოდ განახლებულ მოქალაქეობაში შევძლებთ უკუვაგდოთ აწ დამხობილ მონობისაგან ნაანდერძევი გახრწნილი ზნე-ჩვეულებანი და შეერთებულ ძალით სამშობლოს ვემსახუროთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აწ თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ეკლესია შესძლებს აღუზარდოს სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი მტკიცე ქრისტიანულ ზნეობის ნიადაგზე. უნდა შევიგნოთ საყვარელნო, რომ მხოლოდ წმინდა სახარების მცნებებზე აღზრდილი ერია უკვდავი და უძლეველი.

ამ რწმენით მიგაცილებთ ტანჯულო მამამთავარო, საფლავის პირზე. აქ, ჭაღარა სიონის ტაძარში მივაბარებთ შენს ნეშტს მშობელ მიწას. აქ დაისვენე და განისვენე დამაშვრალო! აქ მაინც აღარ იქნები "განმარტოებული", აქ მუდამ სინანულის ცრემლებს დავაფრქვევთ შენს წმინდა საფლავს. შენც, უწმინდესო მეუფეო, აქედან თვალყური გვადევნე, გაგვამხნევე, არ დაგვივიწყო. შენებურად, დიდსულოვნად შეავედრე ჩვენი ეგზომი დაცოდვილება სიონის ღვთისმშობელს, წმინდა ნინოსა და ჩვენს ნათლით მოსილ წინაპართ…

შეგცოდეთ – შეგვინდევ და გვაპატიე, ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო, ღმერთი იყოს შენი მოწყალე, ამინ."86

კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მუხანათური მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში? ნუთუ მართალი გამოდგა შავრაზმელ ვოსტორგოვის სიტყვები? "ვინ მოჰკლა ბრწყინვალე მწყემსმთავარი და მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II? ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გული იმით დაიმშვიდა,რომ მკვლელის ძებნა ჩრდილოეთში, რუსეთში დაიწყო. ეს ხომ თავის მართლების უმწეო ცდა იყო. ხმამაღლა უნდა ვთქვათ სიმართლე, კათალიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელები ქართველებშია საძებნი. დიახ, კირიონი ქართველთა ხელითაა მკვდარი. მარტყოფის ტრაგედიაში ზნეობრივი ბრალი მიუძღვით ყველა იმათ, ვინც კირიონ II ეროვნული მიმართულების გამო შეიძულეს და მის დევნა-შევიწროებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კონკრეტული დამნაშავენი კი,… სამწუხაროდ, დაუსჯელნი აღმოჩნდნენ."

უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა პოლონელი ხალხის წარმომადგენელმა ვალკომირსკიმ.

"ქართველო ხალხო! – სულ ნახევარი წელიწადია, რაც, ასი წლის ობლობის შემდეგ, დიდი ზეიმით დააგვირგვინე შენი სულიერი მამა და ეხლა, ასე მოულოდნელად, მიწას აბარებ მის ნეშტს! სხვა რომელ ხალხს შეუძლია უფრო მწვავედ იგრძნოს შენი დანაკლისი, ვიდრე იმას, რომლის ისტორია ასე ჰგავს შენსას; ვისი გამოჩენილი პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწენი განიცდიდნენ იმასვე, რასაც შენი წინამძღოლები. პოლონელებსა და ქართველებს ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის გულის პასუხი, ყოველთვის უწვდიდნენ ერთმანეთს ხელს ჭირსა და ლხინში, რის მოწმენი არა ერთხელ ვყოფილვართ ჩვენ აქ, თბილისშიაც, საქართველოს დედაქალაქში.

კავკასიის პოლონელთა საბჭომ დაგვავალა ჩემს ამხანაგსა და მე დავსწრებოდით ქართველთა კათალიკოსის დაკრძალვას და აქაური პოლონელების ახალშენის სახელით გამოგვეცხადებინა გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ერისათვის; გადაგვეცა მისთვის, რომ პოლონელები სავსებით იზიარებენ ქართველთა მწუხარებას და იმავე დროს მოუწოდებენ მათ სულიერი სიმტკიცისაკენ.

საუკუნო ნათელი დაედგას საქართველოს ამ ერთგულ შვილს, ქართული ეკლესიის თავადს. განისვენოს მისმა სულმა, სადაც მართალნი განისვენებენ…

ხოლო ჩვენ ნუ მივეცემით სასოწარკვეთილობას, იმიტომ, რომ ცოცხალია ქართველი ერი, რომელიც მრავლად წარმოშობს ისეთ ძეთ, რომელნიც უზრუნველყოფენ ქართველი ხალხის საუკეთესო ისტორიულ მომავალს..."87

ტანჯული ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჭირისუფლად იქცა გაზეთი "საქართველო", რომელიც წერდა: "ცეცხლისა და წამების ალში გაწმინდა კათოლიკოსმა კირიონმა თავისი სული საქართველოსათვის ტანჯვით და თუ ვინმეს ჰქონდა უფლება, ყველაზე ადრე იგი უნდა ზიარებოდა საქართველოს ბედნიერებას.… მარტყოფის საიდუმლო გამოუცნობელია. რა მოხდა წმიდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის. საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათოლიკოსმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მის სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც."88

საერო გაზეთებში ასეთი შინაარსის წერილები იბეჭდებოდა, ხოლო სასულიერო ჟურნალ "ახალ სიტყვაში" მხოლოდ ორი აბზაცი იტყობინებოდა კათოლიკოს-პატრიარქის უეცარ გარდაცვალებას. ახალგაზრდა ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მუშაობაში, კარგად იცნობდა მის უწმიდესობას კირიონ II-ს, მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას და ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია თავის წიგნებში: "კირიონ კათოლიკოსის სიკვდილით საქართველოს ეკლესიამ შეიძლება ითქვას, დაამთავრა თავისი ერთ-ნახევარ ათასწლოვანი ისტორია..."89

იოსებ იმედაშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის გარდაცვალებით "ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე! ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი."

მრავალრიცხოვანი სამგლოვიარო დეპეშებიდან, რომელნიც საქართველოს სხვადასხვა პროვინციებიდან მოდიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს სახელზე, მოვიტანთ რამდენიმეს – ჩოხატაურიდან თომა მეგრელიშვილი წერდა: "უწმიდესი კათოლიკოსი კირიონის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ვიმედოვნებ, რომ თქვენი ენერგიული მოთხოვნით მთავრობა ნათელს მოჰფენს ამ საზარელ მოქმედებას, რომელიც მახვილს სცემს გულში ახალ საქართველოს." "ცხინვალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი მწუხარებას გამოთქვამს დიდებული მოღვაწის, კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. საუკუნო განსვენება მას, ხოლო დამნაშავეთ რისხვა უფლის." დეპეშას აქვს მიტროპოლიტ ლეონიდეს მინაწერი "ვაი ჩვენს ეკლესიას ამისთანა მღვდლები რომ ჰყავს"?!

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ტრაგიკული გარდაცვალება იყო XX საუკუნის I მეოთხედის საქართველოს სირცხვილი და უბედურება. მაგრამ, სამწუხაროდ, იყვნენ ადამიანები, რომელნიც ასე არ ფიქრობდნენ. დეკანოზ ქრისტეფორეს იმხანად მღვდელ ვასილ კარბელაშვილისათვის უთქვამს: "ძაღლი იყო და ძაღლური სიკვდილი ხვდა მას წილადო". მანვე გამოსაქვეყნებლად მოამზადა, თუმცა კირიონის გარდაცვალების გამო თავის არქივში შეინახა ეს წერილი.

"კათოლიკოსი კირიონი და მისი ღვაწლი-მოღვაწეობა"

ნიკოლოზ II-ის წინააღმდეგ წერა, ვიცით, არ შეიძლებოდა აშკარად. არამც თუ მის წინააღმდეგ, უბრალო ბოქაულის მოქმედებას თუ შეეხებოდით და კრიტიკას გაუკეთებდით, მოღალატედ გამოგაცხადებდნენ. ასეთივე სენი სჭირთ ყოველ თვითმპყრობელობის სენით შეპყრობილ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს, მათის აზრით, ნება აქვთ ქმნა ყოველივე ცუდისა და სხვას კი არა აქვს ნება თქმა მათ მიერ ჩადენილ სიცუდისა. მაგრამ ნიკოლოზის თვითნებობასაც მოეღო ბოლო, რადგან ვერ შეიგნო დროზე გამაფრთხილებელი რჩევა, რომელსაც აძლევდნენ მას მისი კეთილის მყოფელნი.

თვითმპყრობელობის სენით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფს უდავოდ ეკუთვნის კათოლიკოსი კირიონი. ამის საბუთი ბევრი იქმნა გამოქვეყნებული, მაგრამ ყველაზე უფრო დამამტკიცებელი საბუთია ჟურნ. "ახ. სიტყვის" მერვე ნომერში გამოქვეყნებული პროტესტი, წარმოდგენილი საკათ. საბჭოს წევრებისაგან კათოლიკოსისადმი მის მოქმედებისა გამო. ვინც იცნობს კათოლიკოს კირიონის წარსულ მოღვაწეობას, იმას არ გაუკვირდება დღევანდელი მისი ქცევა. გადავავლოთ თვალი მის წარსულს ღვაწლს, რომ ყოველივე ნათელი იქმნეს.

კათოლიკოსი კირიონ II გვარად საძაგლიშვილია. პირვანდელი მისი მოღვაწეობა დაიწყო თელავისა და გორის სასულიერო სასწავლებლებში, სადაც დღესაც არის დარჩენილი კვალი ამ მოღვაწეობისა, მაგრამ ამაზე ეკითხოს თელაველებსა და გორელებს. გ. საძაგლიშვილმა 1896 წლის მიწურულში მიიღო ბერობა. კურთხეულ იქმნა ეგზარქოს ვლადიმირის, შემდეგში კიევის მიტროპოლიტის მიერ, რომელსაც იღუმენმა კირიონმა 1897 წელში შეასხა ქება. "Духовнии Вестники грузинского экзархат" – ის ნომრებში, ქართლში მოციქულებრივი მოგზაურობისათვის. ჩვენ ვიცით ეგზარქოსმა ვლადიმერმა რა სიკეთეც უყო ქართულ ეკლესიას თავის აქ, თუ პეტროგრად – კიევში მიტროპოლიტად ყოფნის დროს.

შემდეგ მომავალმა კათოლიკოსმა მიიღო გორის ეპისკოპოსობა. ამ დროს იმერეთის კათედრა იყო დაჭერილი ლეონიდესა და გურია-სამეგრელოსი ალექსანდრეს მიერ. არც ერთი არ აპირებდა იმ ხანად სიკვდილს და კირიონს კი ესაჭიროებოდა ფრთების გაშლა. ამისთვის ითხოვა თავისი რუსეთში გადაყვანა. მამულის მოყვარული ადამიანი ამჯობინებდა თავისს სამშობლოში სამსახურს უცხო ქვეყანაში აღმატების სურვილს, მაგრამ კაცია და ბუნებაო.

პირველ ხანად იმედი არ გაუმართლდა კირიონს. მისცეს მხოლოდ ქორეპისკოპოსობა რუსეთში, მაგრამ მერე "დაიმსახურა" ქ. ორიოლის კათედრა. დადგა 1905 წელი. იაპონიამ რიგიანად შებერტყა ფუყი-ბუმბერაზი-რუსეთი. რუსეთის თვითმპყრობელობა შეირყა. სხვა და სხვა ხალხებმა წარუდგინა რუსეთის მთავრობას მოთხოვნილებანი. საქართველოს სამღვდელოებამაც წამოაყენა მოთხოვნილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ჯერ იმერეთის სამღვდელოებამ, ეპისკოპოსი ლეონიდის მეთაურობით გამოიტანა თავის საეპარქიო კრებაზე დადგენილება ამის შესახებ მარტში და მერე ქართლ-კახეთის სამღვდელოებამ 1905 წლის მაისის კრებაზე, როდესაც მოხდა ყველასაგან სამახსოვრო ამბები. ეპ. კირიონს ამ მოთხოვნილებათა შექმნაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არც სიტყვით, არც საქმით. ესმა კი რა ორიოლში, საქართველომ ავტოკეფალიის საკითხი წამოაყენაო, ითხოვა მაშინდელისათვის დაცლილი სოხუმის კათედრა, რაიცა სინოდმა მისცა, რომ ამით ქართველების გული მოეგო და ავტოკეფალიის მოთხოვნილების სურვილი გაენელებია. ამრიგად, კირიონი გამოეშურა საქართველოში, სხვამ არავინ დამასწროს კათოლიკოსობის მიღებაო. 1906 წელში კირიონი და ლეონიდი გაწვეული იქმნენ სინოდში ჩვენი ეკლესიის საქმეზე. არ ვიცით როგორ, რის და ვის საშუალებით, ეპისკოპოსმა კირიონმა მიიღო დაპირება მაშინდელი ობერ-პროკურორისაგან, რომ, თუ საქართველოს სამღვდელოება დაკმაყოფილდება ამით, შენ ეპისკოპოს კირიონს დაგნიშნავთ ეგზარხოსად. ამ წინადადებით მოევლინა ეპისკოპოსი კირიონი თბილისში საქართველოს სამღვდელოების დელეგატებს, რომელთაგანაც კატეგორიული უარი მიიღო ამ კომბინაციაზე. ეს უარი გამომდინარეობდა იმ დავალებისაგან, რომელიც დაეკისრა ორთავე ეპისკოპოსს, კირიონს და ლეონიდს, მოეთხოვათ ავტოკეფალია და არ გაემართათ სინოდთან რაიმე ვაჭრობა.

სინოდის ობერ-პროკურორს ეგონა, რომ კირიონი დაითანხმებდა ქართველ სამღვდელოებას და საზოგადოებას დაკმაყოფილებულ იყვნენ რუს ეგზარხოსის ქართველით შეცვლით და როდესაც დაინახა, რომ კირიონმა ეს ვერ შეძლო, აიღო და სოხუმითგან სადღაც ქორეპისკოპოსად გადაიყვანა რუსეთში. ამ თანამდებობას კირიონმა თავი დაანება თავისით და სინოდმა მისცა საცხოვრებლად რომელიღაც მონასტერი.

ამასობაში საქართველოში მოკლეს ეგზარხოსი ნიკონი. ამ მკვლელობაში მონაწილეობა უსაბუთოდ და განუკითხავად დააბრალა სინოდმა, სხვათა შორის, ეპისკოპოს კირიონს და არქიმანდრიტ ამბროსის. ამის გამო ამბროსი უეცრად გაგზავნეს სანაქსარის მონასტერში (მგონია რიაზანის გუბერნიაში) და დაუმორჩილეს სასტიკ რეჟიმს. ასეთსავე მდგომარეობაში, როგორსაც განიცდიდა ყოვლად-პატივცემული და სპეტაკი ადამიანი არქიმანდრიტი ამბროსი, დღევანდელი ღირსეული მოადგილე ჭყონდიდელ მიტროპოლიტთა, ჩააყენეს ეპისკოპოსი კირიონიც. შემდეგში კირიონმა მოახერხა ეპისკოპოსობის მიღება პოლოცკში. ხოლო მხცოვანი და ფრიად განათლებული არქიმანდრიტი ამბროსი არ აღირსა სინოდმა ეპისკოპოსობის ხარისხს.… რამდენადაც ვიცით, სინოდის წარმომადგენლებთან არქიმანდრიტ ამბროსის ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი და ამიტომაც ვერ დაიმსახურა უფროსთა ყურადღება. მოხდა 1917 წლის 27 თებერვლის რევოლუცია რუსეთში. 12 მარტისათვის გადაწყდა გამოცხადებულიყო მცხეთაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამ დღისათვის გამოიწვიეს პოლოცკიდან ეპისკოპოსი კირიონი, რომელმაც პასუხი გამოაგზავნა: შემატყობინებთ რაზე მიბარებთო, და არ მოვიდა. შემდეგ როცა გაიგო ავტოკეფალიის გამოცხადება, გასწია სინოდში და იქითგან მოციქულად მოგვევლინა სინოდისა და ობერ-პროკურორისაგან (გზის ხარჯიც მიიღო მათგან). ობერ-პროკურორის დავალებით საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას წინადადება მისცა, მიეღო ნაციონალური ავტოკეფალია, ეს ჯობია ტერიტორიულსა. როდესაც აგრძნობინეს, რომ არ ეწარმოებია ობერპროკურორთან არავითარი შუამდგომლობა საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის დაუკითხავად, ეპისკოპოსმა კირიონმა მთელს კრებულის მმართველობას მიახალა პირში, თქვენ ვინა ხართ, ან რა მნიშვნელობა აქვს 12 მარტის თქვენს ნამოქმედარსაო. გაიბუტა და გაიქცა ჯერ პეტერბურგში და იქითგან პოლოცკში. რომ შეატყო ავტოკეფალიის საქმე აღარც ისე უიმედოაო, აგვისტოში ისევ მოვიდა ტფილისში. შემდეგ კი მედავითნე-დიაკონთა წყალობით მიიღო კათოლიკოსობა.… აი, მოკლედ, მოწამებრივი ღვაწლი კირიონ II-ისა. ეპარქიების ძებნა რუსეთის სივრცეზე, სინოდთან და ობერ-პროკურორებთან ვაჭრობა, მათ მიერ მოციქულად მოვლინება საქართველოში, აქ მტკიცება, რომ სინოდსა და ობერ-პროკურორებს დიდად ჰყავთ მიჩნეული იგი, ხოლო იქ, სინოდში რწმუნება, რომ აქ საქართველოში დიდად მიღებული ჰყავს ყველასა, – აი, ტაქტიკა კირიონისა. ამისი საბუთი, მგონია, საკმარისად არის წარმოდგენილი ზემოთ.

როგორი ყალბიც არის მოწამებრივი შარავანდედი კირიონ II-ისა, ისეთივეა მისი მეცნიერული შარავანდედიც. საზოგადოებაში გავრცელებულია ყალბი აზრი, როგორც მისი მოწამეობრიობისა, ისე მეცნიერობისა. ბრბო ბრიყვია. საკმარისია გაიგონოს ამა და ამ კაცმა რაღაც სქელი წიგნი დაწერაო, რომ მეცნიერების სიგელი მისთავაზოს. თუ რა შინაარსისაა ეს "მეცნიერული" ნაშთი, არავინ უკვირდება."90

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის პიროვნების დამფარებელნიც მრავლად იყვნენ. თბილისის სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე ჟურნალ "ახალი სიტყვის" გარშემო შემოკრებულთ "კალმის ყაჩაღები" და "კათოლიკოს კირიონ II-ის ზნეობრივი მკვლელები უწოდა."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ვერაგულმა მკვლელობამ დაპირისპირება გააღრმავა ახლად ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში, საკათალიკოსო საბჭოში. ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დაკრძალვის შემდეგ, 11 ივლისს, სასწრაფოდ მოიწვია საეპარქიო კრება, სადაც მიიღეს "განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო."

1.წინადადება იქნას შეტანილი იმერეთის საეპარქიო სახლის სახელით საკათალიკოსო საბჭოში, რათა ეს უკანასკნელი მთელი თავისი შემადგენლობით და კათოლიკოსის მოსაყდრით დაუყოვნებლივ გადადგეს სამსახურიდან, როგორც ეს არის მიღებული აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, მითუმეტეს, საკათალიკოსო საბჭო მორალურად თანამოაზრეა განსვენებულ კათოლიკოსის ტრაგიკულად და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაში. 2. კათოლიკოსის ამ სახით გარდაცვალების გამო მისი კაბინეტის, ანუ ორგანოს საკათალიკოსო სახლის გადადგომის შემდეგ, შესდგეს საეპარქიო საბჭოებისაგან დასახელებულ პირთა შემადგენლობით დროებითი მმართველობა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ ეპარქიულ მღვდელმთავრის მოსაყდრეობით. 3. დროებითი მმართველობა განიხილავს შექმნილ ვითარებას კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. მანამდე კი, საჭიროა, გამოირკვეს, რა ატმოსფერო იყო შექმნილი კათოლიკოს კირიონ II-ის პიროვნების გარშემო. ამას მოითხოვს ჩვენგან მოქალაქობრივი მოვალეობების შეგნება განსვენებულის წინაშე. საამისოდ მდიდარ მასალას წარმოადგენს "ახალი სიტყვის" უკვე გამოქვეყნებული 7 ნომერი. გაისინჯოს ამ ორგანოს შესახებ საკათალიკოსო საბჭოში ქრისტეფორე კაპანაძის და დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოხსენებები. გაისინჯოს საკათალიკოსო საბჭოს ჟურნალები №103, №109. განხილულ იქნას 144 საბრალდებო მუხლები, რომლებიც მის მოწინააღმდეგეებს ჩაუბარებიათ კათოლიკოს კირიონისათვის. 1918 წლის 23 მაისს, როგორც ეს გვამცნო საბჭოს წევრმა რაფიელ ივანიცკიმ, კათოლიკოს კირიონ II-ის დასაფლავების დღეს, გაზ. "საქართველოში" მოთავსებულ წერილში. განხილულ იქნას ეს განცხადება და მასზე განსვენებული კათოლიკოსის ჯერ არ ცნობილი პასუხი, რომელიც უკვე შედგენილი ყოფილა საეკლესიო კრებისათვის წარსადგენად. შეფასებულ იქნას რ. ივანიცკის წერილი, რამდენად ობიექტური და გულწრფელია იგი და შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას. ეს წერილი "ახალი სიტყვის" ცუღლუტური გამოხმაურებაა მის მონათესავე გაზ. "საქართველოში". პროტესტი გამოეცხადოს რ. ივანიცკის ამ თავხედობისათვის. 4. დაუყოვნებლივ მოისპოს ჟურნალ "ახალი სიტყვის" გამოცემა, როგორც პასკვილანტურ-პროვოკაციული ორგანოსი. საეკლესიო კრების წინაშე პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ორგანოს სარედაქციო კოლეგიის რწმუნებული ქრისტეფორე ციცქიშვილი, დეკანოზი ანტონ თოთიბაძე, მღვდელი ილია შუბლაძე. ასეთი ბილწი და ასეთი საზიზღარი ორგანო არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც გამოდიოდა კათოლიკოს კირიონისა და მისი მომხრეების მოსაშხამავად. ამ დროს კი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალური ორგანო "სვეტიცხოველი" უსახსრობის გამო შეაჩერეს. ჟურ. "ახალი სიტყვის" გარშემო შემოკრებილთ უნდა ეწოდოთ კათოლიკოს კირიონ II-ის მორალური მკვლელნი და განიდევნონ თბილისიდან. 5. განხილულ იქნას უმთავრესი საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც უცნაურად იმსხვერპლა კათოლიკოსი კირიონი. რამდენად მიზანშეწონილი აღმოჩნდა თბილელი მიტროპოლიტის კათედრის აღდგენა და ერთ ქალაქში კათოლიკოსის და მიტროპოლიტის მოთავსება? ამ მოკლე დროის დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ვინც უნდა ყოფილიყო კათოლიკოს კირიონ II-ის ადგილზე, მას ისეთივე მარცხი მოუვიდოდა, როგორც მოუვიდა კირიონს ძლიერი თბილელი მიტროპოლიტის გვერდით. საეკლესიო დებულებით, კათოლიკოსი იყო სრულიად უმწეო და უუფლებო, ამიტომ სანამ კათოლიკოსის კანდიდატზე იბჭობდეთ, უნდა გაუქმდეს თბილელის კათედრა და აისახოს იგი კათოლიკოსის ტიტულში. უნდა ამოვირჩიოთ მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და მიტროპოლიტი თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მას მიეცემა ერთი ქორეპისკოპოსი სრულ განკარგულებაში და მით დაცხრება უმთავრესი წყარო იმ ქიშპობისა, რომელშიც ამოაღჩვეს მხცოვანი კათოლიკოსი კირიონი. 6. საჭიროა შესწავლილ იქნას 1917 წლების დროებითი მმართველობის საქმეები, განსაკუთრებით ჟურნალები №18, 19, 44, აგრეთვე საკათოლიკოსო საბჭოს დროისა, აქ დაინახავს მომხდარი ტრაგედიის სურათს, ვისაც სურს იხილოს იგი."91

დოკუმენტს ხელს აწერდა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე). 1918 წლის 18 სექტემბერს მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა.… იმთავითვე გავრცელდა ხმები, რომ იგი მოწამლეს, პათანატომიურმა გამოკვლევამ დაადასტურა ეს ვარაუდი. ამ ბოროტების ჩამდენი აღმოჩნდა მისი სიძე, გვარად რედიგერი, რომელმაც მეუფე ანტონს საჭმელში ვერცხლისწყალი შეურია… აშკარა იყო, ამ საქმის დამკვეთნი იგივე ხალხი იყო, ვინც მარტყოფის მონასტერში მოკლა უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. მიტროპოლიტი ანტონი დაიკრძალა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, რომელიც 1924 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს. მიტროპოლიტ ანტონის საფლავი დაიკარგა. 1918 წლის 15 ოქტომბერს საკუთარი სახლის წინ უცნობმა მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, რომელიც თავის დროზე იყო კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელი პროვინციებში.… 1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს ბერმონაზვნები მირიანი (ბექაური) და გერმოგენი. იმავე წლის 23 ივნისს პოლიციამ დააპატიმრა მკვლელობის შემსრულებელნი – სოფელ ძეგვის მცხოვრებნი ბაგდასარ აღდაჯანოვი, ნიკო თუმანიანი, მიშა კვახაძე. დამკვეთთა ვინაობა კი უცნობი დარჩა. ამ სამწუხარო ამბებმა ათქმევინა ცნობილ ისტორიკოსს სარგის კაკაბაძეს შემდეგი სიტყვები: "საქართველოს ეკლესიის მაღალ სასულიერო წრეებში დამკვიდრდა ერთმანეთის გაუტანლობა და შურისძიება."

საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში.

1918 წლის 28 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: თბილელი მიტროპოლიტი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ლეონიდე (ოქროპირიძე), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), დეკანოზები: ნიკიტა თალაკვაძე, კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე. საერონი: პ. ბარათაშვილი, გ. გვაზავა, პ. გოთუა, პ. ინგოროყვა, ქ. კაპანაძე, მ. მაჩაბელი. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკათოლიკოსო საბჭომ გამოიტანა განჩინება: "1. დაუყოვნებლივ, რამდენადაც შეიძლება მოკლე დროში, არჩეულ იქნას კათოლიკოს-პატრიარქი, ვინაიდან ამას მოითხოვს როგორც საეკლესიო ინტერესები, ისე საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და მისი საერთაშორისო მდგომარეობა. 2. უარყოფილ იქნას აზრი კათოლიკოსის ასარჩევად საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევისა. 3. ვინაიდან კათოლიკოსი დაუყოვნებლივ უნდა იქნას არჩეული, საკათოლიკოსო საბჭოს კანონიერად მიაჩნია მიტროპოლიტ ლეონიდეს არჩევა კათოლიკოსად."92 ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეპარქიებიდან მიტროპოლიტ ლეონიდეს მხარდასაჭერი წერილები. თუმცა, იყო განსხვავებული მოსაზრებებიც. საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილება გააპროტესტეს დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ, მათე გორდეზიანმა, ქრისტეფორე კაპანაძემ, ზუგდიდიდან მღვდელმა ტროფიმე ხუნდაძემ. სასულიერო პირთა ნაწილმა მოითხოვა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა გადაეტანათ მეორე საეკლესიო კრებაზე. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა წერილი "მეორე საეკლესიო კრების საყურადღებოდ," რომელშიც ვკითხულობთ: "მეორე საეკლესიო კრებამ რომ კიდევ შეცდომები არ დაუშვას და სამუდამოდ არ დაიკრძალოს ჩვენი ეკლესია და სარწმუნოება, როგორც ეს მოხდა პირველ საეკლესიო კრებაზე და არასასურველმა პირებმა მოიყარეს თავი ჩვენს ნორჩ ეკლესიაში და მოიტანეს დიდი არასაპატიებელი ზიანი, რომლის მოსპობა-აცილება ამ მეორე საეკლესიო კრებას შეუძლიან და მით გამოიყვანს ეკლესიას სამშვიდობოს. ეს პირები არიან: ეგზარქოსის ნააგენტარი გათახსირებული დავით დავიდოვი, ნაჯაშუშარი და დღესაც ჯაშუში შუბლაძე, მარჯვენა ხელად წოდებული, იუდას როლის შემსრულებელი ცქიტიშვილი, ივანე რატიშვილი. მათ დასახასიათებლად სანიმუშოდ გაგახსენებთ იმ ამბებს, რაც მათ ჩაიდინეს ავტოკეფალიის გამოცხადების დღეებში და შემდეგ ვიდრე დღევანდლამდის. დღიდან ავტოკეფალიის გამოცხადებისა, ლეონიდმა დავიდოვ-დავითაშვილის დახმარებით და მეცადინეობით ნაწამებ-ნატანჯ კირიონს, რომლის სამშობლოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა ქართველი ერი, დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს დროებითი მმართველობის კრებაზედ. ეს იმისთვის, რომ მით გამოეწვიათ მღელვარება და დაეცათ ხალხში მისი პრესტიჟი, მოეხსნათ კათოლიკოსობაზე მისი კანდიდატურა. კირიონის კათოლიკოსად არჩევის შემდეგ მოაწყეს პარტია ზემოხსენებულ პირთაგან და მოსვენებას არ აძლევდნენ ისედაც ტანჯულ კირიონს. მათი თავხედობა-თავგასულობა იქამდის მივიდა, რომ 24 ოქტომბერს 1917 წ. დ. დავიდოვი შეუვარდა კირიონს მოსაკლავად, მაგრამ რადგან იქ კირიონის მხლებლები იყვნენ, ეს ვერ მოახერხა. ლანძღვა-გინებით და გამობრუნდა და შეიჭრა საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიაში და იქ მყოფს საკათოლიკოსო საბჭოს წევრს ქრისტეფორე კაპანაძეს იმ ზომამდე სცემა, რომ ექიმის დახმარებით ძლივსღა მოაბრუნეს, მის მოწმენი შეიქმნენ მთელი საკათოლიკოსო სახლის მოსამსახურენი. აი, ამის ჩამდენი კაცი "გმირობისათვის" ლეონიდმა დაასაჩუქრა და თავისი სამწერლო კანცელარია ჩააბარა. 12 სექტემბერს, კათოლიკოსის არჩევის წინ, ლეონიდის დავალებით ბ. ბარათაშვილი გაგზავნილ იქნა დიაკონ-მედავითნეთა წარმომადგენლებთან, რომ ლეონიდის პრესტიჟი აემაღლებინათ და კირიონის საწინააღმდეგო აგიტაცია გაეწიათ; რომ კირიონი გაეშავებინათ და სთხოვდა, რომ კენჭები ლეონიდისათვის მიეცათ. კირიონის არჩევის შემდეგ ლეონიდმა გამოაცემინა თბილისში თავის დამქაშებს კირიონის სალანძღავად გაზეთი "ახალი სიტყვა" და ჩააბარა ცნობილის ვოსტორგოვის გაწვრთნილ ჯაშუშ შუბლაძეს, იუდა ციცქიშვილს და სხვებს, სადაც თვით ლეონიდიც სხვა და სხვა ფსევდონიმებით მხურვალე მონაწილეობას იღებდა. აქ ისინი არ ჰზოგავდნენ ძალასა და ენერგიას და კათოლიკოს კირიონს ლანძღავდნენ უშვერის სიტყვით. დასარწმუნებლად ამისა, გადაათვალიერეთ ყველა "ახალი სიტყვის" ნომრები და დარწმუნდებით, რომ არცერთი ნომერი არ გამოსულა, სადაც კირიონი არ იყო გალანძღული. იყო დრო, როდესაც ფული შემოაკლდათ გაზეთის გამოსაცემლად და 28 მაისს, 1918 წ. ლეონიდის თანდასწრებით მოხდა თბილისის ზოგიერთი სამღვდელოების კრება და, ლეონიდის თხოვნით, თბილისის ეკლესიებიდან ამ გაზეთს გაუჩინეს სუბსიდია, რომ არ შეჩერებულიყო გაზეთის გამოცემა და ლანძღვა-გინება კირიონისა. შუბლაძე ეს ის მღვდელია, რომელმაც ვოსტორგოვის დროს მას თხოვნით მიმართა: მე სამრევლო სკოლების მეთვალყურედ დამაყენეთ, ჯამაგირს მე მოვანდომებ ხშირად მაზრაში სიარულს მცხოვრებთა გაჩუმებისათვის და, მართლაც, როცა მიიღო ეს თანამდებობა, 1903 წელს, სამშობლო ენაზე სწავლა აუკრძალა ქართველებსა და ბერძნებს. ეს ის მღვდელია, რომელიც ვოსტორგოვის ორგანოში აქებდა რუსულ ენას, ამტკიცებდა, რომ ქართველი, როდესაც ქართულად წერს, ფიქრობს რუსულად და ისე სწერს, ამას შვრება არა ერთი, არამედ მომეტებული ნაწილი მწერლობისა. ნუთუ ამას ადგილი აქვს ჩვენში?

ივ. რატიევმა (რატიშვილი) ანჩისხატის ტაძარში, როდესაც კირიონი მწირველი იყო, თვით წირვის დროს კირიონს, მის ამომრჩევლებს და ნაკურთხებს უწოდა "კინტოები" და სხვა უცენზურო სახელები, ეს ყოველივე ერთმა მოძღვარმა ლეონიდის თავმჯდომარეობის დროს მოახსენა საკათალიკოზო საბჭოს და სთხოვდა, რომ ასეთის საქციელისთვის ი. რატიევი ჩამოეშორებინათ საეკლესიო საქმეებისგან, მაგრამ ლეონიდმა ეს არ ინება, რადგან ივ. რატიევი მისი აგენტი იყო. ლეონიდი კირიონის ნაკურთხს მოძღვრებსაც არ ასვენებდა და თუ შეიტყობდა, მათ მღვდელ მოქმედებას უკრძალავდა.

1918 წ. 27 მარტის ოქმიდან ჩანს, რომ რუსებმა ქართველებს გადასცეს სას. სემინარიის მთელი ქონება, ვინ გაფლანგა იგი? კრებამ უნდა გამოიკვლიოს.

ლეონიდმა საკათოლიკოზო და საეპარქიო სახლები გაწმინდა ოპოზიციონერებისაგან, იქ დარჩნენ მარტო მისი და დავიდოვის მოაზრენი; თუ ვინმე სხვა დარჩა, მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. გალობის საკითხიც ხომ პირად ინტერესს ანაცვალეს და სრულებით მოსპეს, სადაც კი მისი ჩანასახი სჩანდა.

დასასრულს ჩვენი მთავრობის საყურადღებოდ უნდა განვაცხადოთ, რომ მას, რომელსაც დღევანდელ რთულ მომენტში არ აქვს ფიზიკური საშუალება, გაეცნოს ამ ბრძოლას და ძიებას, რომელსაც ადგილი აქვს საეკლესიო ცხოვრების სფეროში, მივმართავთ თხოვნით, რათა მან ხელი არ შეუწყოს იმ საშინელს რეაქციონურ და მონარქისტულ ელემენტებს, რომლებიც სასტიკად გვებრძვიან ჩვენ.

მაშ, გაუმარჯოს იმ დეპუტატებს, რომელნიც გაგვიკაფავენ ჩვენს ეკლიან გზას, მოგვაშორებენ იმ ნაგავ ბრბოს, რომელსაც მოუკალათია ეკლესიის სათავეში თავისის თავით და პირად საქმეს ანაცვალეს მთელი სარწმუნოება. ვაშა, თქვენს ერთსულოვნებას, სულით და გულით გამოძახილს, რომელიც მოაშორებს ამ ბინძურ ჭორს და გამოიყვანს ჩვენს ეკლესიას სამშვიდობოს. გაუმარჯოს ახალს ეკლესიის თავს, ახალს მართვა-გამგეობას და მღვდელმორწმუნეთა შეერთება სიყვარულით მუშაობას.

მხოლოდ ეს იხსნის ჩვენს ეკლესიას ნგრევისაგან. "განახლების ჯგუფი."93

ამ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდების ვითარებაში 1919 წლის 23 თებერვალს მცხეთის სვეტიცხოვლის ათორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მიტროპოლიტ ლეონიდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის ცერემონია. დავით დავიდოვ-დავითაშვილი გახდა საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველი - მდივანი.

განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის საფლავზე დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ცნობილ ქვისმთლელ ნ. აღლაძეს დაამზადებინეს საფლავის ქვა ასეთი შინაარსის წარწერით: "სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე, დაიბადა 1855 წლის 11 ან 14 იანვარს მამამთავრად არჩეულ იქმნა საეკლესიო კრების მიერ 1917 წლის 17 ენკენისთვეს. ღვთივ განისვენა 1918 წ. 26 ივნისს." საფლავის ქვა დაიდგა 1919 წლის 10 ივნისს.… მაინც რა მოხდა მარტყოფის მონასტერში, ვინ მოკლა დიდი საეკლესიო მოღვაწე უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II? განვიხილოთ ყველა შესაძლო ვერსია.

1. ოფიციალური დასკვნა კათოლიკოსის შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ, რომელიც მოსამართლე-გამომძიებელმა ი. კობიაშვილმა დადო, არ იყო ექსპერტიზის მონაცემებით გამყარებული. დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ იმთავითვე უნდობლობა გამოუცხადა მოსამართლე კობიაშვილის დასკვნას. "ხმა დაუყარეს თავი მოიკლაო, 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო (დამბლა დაეცა 1918 წლის დასაწყისში ამდენი ნერვიულობის და ცილისწამების გამო ს.ვ.) პირთან ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან, რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოიტანა "გამოძიებამ," ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა მარტყოფის მონასტერში უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, წარმოვთქვი მეტად აღგზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოფელური დევნა-შევიწროებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს." საყურადღებოა ისიც, რომ ტყვიები, რომელნიც კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სხეულიდან ამოიღეს, იმ რევოლვერისა არ იყო, რომელიც განსვენებულის გვერდით დაკეტილი ეგდო.… აქედან შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, ხოლო დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობის გაურკვევლობისათვის დამნაშავეებმა გაავრცელეს ბინძური ჭორი, კათოლიკოსმა თავი მოიკლაო. ამ ჭორით ის მეორედ მოკლეს". ამ ვერსიას ავრცელებდნენ მისი ოპონენტები.

2. ცნობილი ქართველი მოღვაწე, მწერალი და გამომცემელი იოსებ იმედაშვილი პირადად იცნობდა კათოლიკოს კირიონს, მარტყოფში დატრიალებული ტრაგედიით გულშეძრული და გამომძიებელ კობიაშვილის დასკვნით აღშფოთებული შეხვდა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას და მიიღო მისგან უფლება შეეკრიბა და გასცნობოდა კათოლიკოს კირიონ II-ის მკვლელობის ყველა მასალას. ამის საფუძველზე დაასკვნა, რომ მკვლელობა იყო კარგად ორგანიზებული. "ხმა გავრცელდა, ვითომ თვითონ მოიკლა თავიო, მაგრამ ეს აზრი სასწრაფოდ უარყოფილ იქნა, რადგან კირიონს სამუშაო წიგნები, მასალები და საწერი ქაღალდი წაეღო. შემდეგ მისი მკვლელობა დაბრალდა ტარასი არქიმანდრიტს, რომელიც კირიონის შინაკაცი იყო, მაგრამ იგი მოისყიდა დავით დავიდოვმა. ტარასის ბოლოს 500 თუმანი მისცეს, რომლითაც მან კავკავში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა გაიჩინა. ამავე ტარასიმ მიითვისა კირიონის მიერ შეკრებილი ხალხური ლექსები, რომლებიც ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმს გადასცა, როგორც თავისაგან შეკრებილი." ერთ რამეში ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ იოსებ იმედაშვილს – არქიმანდრიტმა ტარასიმ იცოდა კათოლიკოს კირიონის მკვლელების ვინაობა. მკვლელი კათოლიკოსის ოთახში ვერ შევიდოდა, თუ არ გაივლიდა იმ ოთახს, სადაც მას ეძინა, ამავე დროს გასათვალისწინებელია ბრაუნინგის ხმა, როგორ ვერ გაიგონა? იოსებ იმედაშვილი განაგრძობს: "კირიონის მოკვლის შემდეგ მოკლულ იქნა კირიონის ბერები მირიანი, გერმოგენი, ყოველივე ამას დაბეჯითებით მიაწერდნენ დავით დავიდოვს და დავით დავიდოვი საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ განაგებდა სიძველეთა საქმეს, თუ კომიტეტში მუშაობდა. იყო გადასახლებული. იქ პატიმრებმა მარჯვენა მოაჭრეს: "ეგ სულ ცოდვით მოუვიდაო" – იტყოდნენ ხოლმე."94

უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დავით დავიდოვისაგან მოკვლის ვერსიას მხარს უჭერდა ცნობილი ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომელიც აღნიშნავდა: "მიტროპოლიტ ლეონიდეს მომხრემ მოკლა კათოლიკოსი კირიონი." დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე პირდაპირ ხელს ადებდა დავით დავიდოვ-დავითაშვილს, რომელსაც "ეგზარქოსების ჯაშუშს, "გარყვნილ კაცს" უწოდებდა, რომლისაც კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდესაც ეშინოდა. "ჩემთანაც ჰქონდა შეტაკება ამ დავიდოვს. დამხვდა ქუჩაში (დავით დავიდოვი ცხოვრობდა ანჩისხატის ქუჩის მოპირდაპირე სახლში, იქვე, ანჩისხატის ეზოში, ცხოვრობდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, ს.ვ.). დამიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება და საცემრად იწია, გამოვარდნენ სახლიდან მისი ქალები და იმათ შეიყვანეს თავიანთი მამა სახლში და გადამარჩინეს სირცხვილს, როგორც კი მომიახლოვდებოდა, ჯოხი უნდა დამეკრა თავში… ამან იმსხვერპლა ჩვენი ეკლესიის განახლების საქმე."95

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მკვლელი დავით დავიდოვ-დავითაშვილი იყო, მაგრამ ამ საქმეში ზნეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან მისი ის ოპონენტები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ჟურნალ "ახალი სიტყვის" გარშემო. ისინი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, ცდილობდნენ ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ კირიონი არ იყო პატრიარქობის ღირსი. სამწუხაროდ, მიტროპოლიტმა ლეონიდმა ვერ დაიკავა პრინციპული პოზიცია. ამან წარმოშვა ჭორები კირიონ კათოლიკოსის მკვლელობასთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ. სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ახალი ერა, რაც ავტოკეფალიის აღდგენით დაიწყო, იმთავითვე ტრაგიკული და სისხლიანი ფურცლებით ჩაიწერა.

1921 წელს ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა საქართველოში. ბოლშევიკები აგრესიული ათეიზმის მიმდევრები იყვნენ. მათი ბელადი ვ. ი. ლენინი წერდა: "მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ახლა უნდა მივცეთ ყველაზე გადამწყვეტი, დაუნდობელი ბრძოლა შავრაზმულ სასულიერო ფენას და ჩახშობილ იქნას მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ ეს არ დაივიწყონ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში." დაიწყო ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების იძულებით განმოსვა, დაპატიმრება-დახვრეტები. შექმნილ ვითარებას ეხმიანება დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ჩანაწერი: "წითელ არმიას საქართველოდან გააქვს აუარებელი სიმდიდრე, არც ჩვენი "კომუნისტები" აკლებენ ხელს სამშობლოს ძარცვა-გლეჯას. 50 მილიარდი კონტრიბუცია დაადეს საქართველოს გადასახდელად. ხალხი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს – ზოგს 10 მილიონი, ზოგს 20 მილიონი შეაწერეს, ვინც ვერ იხდის, მიჰყავთ "ჩეკაში", იჭერენ. თვითონ "კომუნისტები" კი, გუშინდელი მშივრები, კარგად ჩაცმულ-დახურულები, მშვენიერ სასახლეებში გამოჭიმულები, ყოველ დღე – ღამე ლხინში ატარებენ დროს. ჩიტის რძეც არ აკლიათ მათ, ხალხი კი… შიმშილობს." კათოლიკოს პატრიარქები (უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისა და დავით V-ის გარდა) ყველანი უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ოპონენტები იყვნენ. წამებული პატრიარქის სახელი თანდათან მიეცა დავიწყებას.

2002 წლის 16 სექტემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის დავალებით საპატრიარქოში წმიდა სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად იხილებოდა მასალები წმინდანად შესარაცხი დიდი საეკლესიო მოღვაწის შესახებ. სხდომაზე ბრძანდებოდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, რომელმაც მომმართა, რა დოკუმენტური მასალა არსებობს, რომელიც აბათილებს მის უწმიდესობა კირიონ II-ზე გავრცელებულ დაუჯერებელ თვითმკვლელობის ვერსიასო. დავიწყე დრო-ჟამს გადარჩენილი მასალების მოხმობა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყურადღებით მისმენდა... შემდეგ წამოდგა, დაგვლოცა და მივხვდით, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის დევნილი, მოწამებრივად აღსრულებული კირიონ II შერაცხა წმინდანთა დასში და უწოდა მღვდელმოწამე კირიონი. მისი ხსენების დღედ დაწესდა ძვ. სტ. 27 ივნისი (9 ივლისი). წმიდა მღვდელმოწამე კირიონი, XX საუკუნის დასაწყისის უდროოდ ჩამქრალი მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩვენი ეკლესიისა, დაუბრუნდა სრულიად საქართველოს.





მღვდელმოწამე კირიონ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

კათოლიკოს პატრიარქი კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წლის 10/23 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, მღვდელ იერონიმე საძაგლიშვილის ოჯახში.

დაწყებითი განათლება მიიღო მამამისის, იოანე საძაგლიშვილის მიერ დაარსებულ ანანურის სასულიერო სკოლაში.

1862 წლიდან იგი სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1869 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნილ იქნა კიევის სასულიერო აკადემიაში.

1880 წელს აღნიშნული აკადემია დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.

1880-1883 წწ. - იგი ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორია.

1883-1885 წწ. - თელავისა დაგორის სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველის თანაშემწეა.

1885-1891 წწ. - ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის, ხოლო 1891-1896 წწ-ში თბილისის სასულიერო სასწავლებლის გეოგრაფიისა და ქართული ენის პედაგოგია.

1896 წლის 6/19 ნოემბერს გიორგი საძაგლიშვილი კირიონის სახელით ბერად აღიკვეცა.

1896 წლის 2 დეკემბერს მღვდელმონაზონი კირიონი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.

1896-1898 წწ. - იღუმენი კირიონი ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი, შემდგომ აღმოსავლეთ საქართველოს მონასტერთა კეთილმოწესე და "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოებასთან" არსებული სკოლების ინსპექტორია. 1898 წელს იგი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1898 წლის 23 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად და გახდა საქართველოში რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსის პირველი ვიკარიუსი (ქორეპისკოპოსი) ქართლ-კახეთში.

1900-1902 წწ. - იგი გორის ეპისკოპოსია.

1902-1903 წწ. - ეპისკოპოსია ბალტისა, ვიკარიუსი პოდოლსკის ეპარქიისა.

1903-1904 წწ. - ეპისკოპოსი ნოვომირგოროდისა, ვიკარიუსი ხერსონის ეპარქიისა.

1904-1906 წწ. - ეპისკოპოსი ორიოლისა და სევისა.

1906-1907    წწ. - სოხუმის ეპისკოპოსის კათედრაზეა.

1905-1906 წწ. იგი მონაწილეობდა წმ. სინოდის სხდომებში, სადაც განიხილებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი.

1907-1908 წწ. - ეპისკოპოსი კოვნოსი, ვიკარიუსი ლიტვის ეპარქიისა.

1908 წლის 15 თებერვლიდან ცხოვრობდა კურიაჟკის მონასტერში (ხარკოვის ეპარქია).

1908 წელს იგი უსამართლოდ იქნა დადანაშაულებული საქართველოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის თანამონაწილეობაში (1908 წლის 28 მაისი) და გადაყვანილ იქნა სანაქსარის უდაბნოში (ტამბოვის ეპარქია).

1909 წელს ბრიუსელში იქმნება ეპისკოპოს კირიონის დაცვის საზოგადოება.

1909 წლის 17 მარტს ჟორჟ ლორანი, ბელგიის დეპუტატთა პალატის წევრი,ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგის თავმჯდომარე, თხოვნით მიმართავს რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ნ. ნ. ხომიაკოვს, მსჯავრის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

1909 წლის ივლისის თვეში ოფიციალურად მოეხსნა ეგზარხოს ნიკონის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება.

1912 წელს ეპისკოპოსი კირიონი სანაკსარის მონასტრიდან გადაყვანილ იქნა ხერსონში წმ. ვლადიმერის მონასტერში.

1914 წელს მღვდელმსახურებიდან დაყენებული ეპისკოპოსი კირიონი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მიმართავს თხოვნით, რათა გათავისუფლებულ იქნას მკაცრი ზედამხვედველობისგან. მალე მას აღუდგა მღვდელმსახურების უფლება.

1915 წლის 10 იანვრიდან 1917 წლის 1 აგვისტომდე იგიპოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსია.

1917 წლის 1 აგვისტოს საკუთარი ნებით გათავისუფლებულ იქნა მღვდელმსახურებიდან და დაბრუნდა სამშობლოში, საქართველოში.

1917 წლის 17/30 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჩატარებულ პირველ კრებაზე ეპისკოპოსი კირიონი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1917 წლის 1/14 ოქტომბერს შესრულდა პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

1918 წლის 8 თებერვალს მან აკურთხა და მიიღო მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაში.

1918 წლის 27 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პატრიარქმა სიტყვით მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს და მოუწოდა სამშობლოს დაცვისაკენ.

1918 წლის 10 ივლისს პატრიარქი კირიონი მოკლულ იქნა მარტყოფის მონასტერში საიდუმლო ვითარებაში.

1918 წლის 20 ივლისს იგი დაკრძალულ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში.

2002 წლის 17 ოქტომბერს პატრიარქი კირიონი შეირაცხა საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასში წმიდა მღვდელ-მოწამე კირიონის სახელწოდებით და ხსენების დღედ დადგინდა 27 ივნისი ანუ ახალი სტილით 10 ივლისი.



VI. XX საუკუნის I  მეოთხედის ქართველი მღვდელმთავრები

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)

XIX საუკუნის საქართველოს ისტორია თავის თავში იტევს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლებისათვის მებრძოლ დიდ წინაპართა სახეებს, ასევე სამშობლოსაგან გაუცხოებულ თანამემამულეებსაც, რომელნიც ემსახურებოდნენ რა რუსეთის იმპერიას, საერთოდ არ ფიქრდებოდნენ იმ სამშობლოზე, სადაც დაიბადნენ, სადაც მათ წინაპართ სისხლი უნთხევიათ თითოეული გოჯი ქართული მიწის დასაცავად. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი დღეს რუსეთშია დაფასებული, თავისი სამშობლო კი მას ვერ პატიობს ქართველობის უარყოფას, სამშობლოს ინტერესების უგულებელყოფას.

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლის 12 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში. მისი წინაპრები XVIII საუკუნეში იმერეთიდან გადმოსულან კახეთში. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა ოდესაში, ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1891 წელს, 1892 წელს სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, იმავე წელს აღიკვეცა ბერად დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს (21 ოქტომბერს) და უწოდეს სახელად დიმიტრი. 1896 წელს, კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში. მას სხვა ქართველი სასულიერო პირებისაგან განსხვავებით ენდობოდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება, როგორც იმპერიის იდეოლოგიის ერთგულ დამცველს და სამშობლოს მიმართ ინდიფერენტულად განწყობილ კაცს. ამიტომ 1879 წელს იგი დანიშნეს ქუთაისის სემინარიის, 1898 წელს კი თბილისის სემინარიის ინსპექტორად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ერთხანს მფარველობდა სემინარიელ იოსებ ჯუღაშვილს და ცდილობდა იგი რუსეთის თვითმპყრობელობის ერთგულების სულით აღეზარდა. სემინარიაში ებრძოდა ქართულ ენას და ეროვნული სულისკვეთების უმცირეს გამოვლინებასაც. 1900 წელს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი და დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. იმ დროს, როდესაც სემინარიიდან აძევებდნენ ქართველ მასწავლებლებს, დევნიდნენ ქართველ სტუდენტებს, ქართული წარმომავლობის სასულიერო პირის რექტორად დანიშვნა მრავლისმეტყველი ფაქტი იყო. 1902 წლის 16 მარტს, რუსეთის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის თანხმობით, არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი შეასრულა საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) 1902 წლის 23 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ვრცელი სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. "ის ფაქტი, რომ არა თუ ვეძიებდი ეპისკოპოსობის პატივს, არამედ განზრახვა მქონდა გავქცეოდი მას, - აღნიშნა მან, - გულთამხილმა ღმერთმა და ჩემმა ამომრჩეველმა ეკლესიის წარმომადგენელმაც იციან... უფალმა საშიში და საპასუხისმგებლო მსახურება დამაკისრა, მე უნდა გავხდე სულიწმიდის ცოცხალი იარაღი ქრისტეს სხეულის შესაქმნელად, ყოველ წამს მზად უნდა ვიყო წარვსდგე მის წინაშე. მიუკერძოებელი უნდა ვიყო ღვთის მიმართ, მარად უცვლელი ჭეშმარიტების მიმართ, პასუხი ვაგო ჩემზე მონდობილი ხალხის სულების გამო. მისივე ძალით უნდა შევიმოსო სიწმინდით და სისპეტაკით, თამამად ვუთხრა ჩემს ძმებს: ჩემი მსგავსი იყავით, რადგან ქრისტეში ყოფნა ყოველმხრივ მაგალითი უნდა იყოს მართლმადიდებელი ხალხისათვის, ქრისტეს სხეულისათვის. ზნეობრივი კანონიდან სულ მცირე გადახვევაც კი სამუდამო წარსაწყმედელში ჩამითრევს, რადგან საშიშია ცხოველი ღმერთის ხელში ჩავარდნა. მე უძლურმა და ცოდვილმა როგორ ვზიდო მხსნელის სისხლით გაბრწყინებული წმიდა ჯვარი? ჩემს პირველივე გზაზე ხომ არ დავეცემი მის წინაშე? იდუმალი ხმა, წმიდა პავლე მო-ციქულის ხმა, მიმშვიდებს გულს და მისი სიტყვები ჩამესმის - სარწმუნოა ღმერთი, იგი არ დაუშვებს თქვენს შეცოდე-ბებზე მეტად ცდუნდეთ. ჩემნაირ ცოდვილში ხომ ყოვლადძლიერი ღვთიური მადლი მოქმედებს, ახლაც მისით ვარ, თუ ვარ. ამ მადლმა დამიხსნა ცოდვით უფსკრულისაგან, განმწმინდა, გამაბრწყინა, მასწავლა რწმენისა და ღვთისმოსაობის ჭეშმარიტებანი, დამნიშნა ღვთის ეკლესიის პრესვიტერად. ეს მადლი, ვსასოებ მაცხოვარ იესოს, ჩემი მამების ღმერთს, არ დამტოვებს, რადგან ვსასოებ, მე აქ ჩემი ნებით არ მოვსულვარ, არამედ მოვედი მხოლოდ ყოვლისშემოქმედის ბრძანებით... საეპისკოპოსო კათედრაზე ასვლა ნიშნავს გოლგოთასთან მიახლოებას, მაგრამ ქრისტიანს გოლგოთა ვერ დააშინებს. ჩვენ მისთვის ვართ დაბადებულნი, რადგან გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა, ვნების გარეშე სიხარული. ეს კანონია არა მარტო ქრისტიანისათვის, არამედ რწმენაში გაუნათლებლისათვისაც."

ეპისკოპოსი დიმიტრი ერთგულად იცავდა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს კავკასიაში. მას ქართული საქმის არაფერი არ სწამდა. ამიტომ თანამემამულეთა მხრიდან გაკიცხვასა და გმობას იმკიდა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველი ერის დენაციონალიზაციის პოლიტიკის გატარებას. 1902 წლის 4 ივლისს რუსეთის სინოდმა გამოიტანა დადგენილება, რომ საეკლესიო-სამრევლო სკოლებში ადგილობრივი ენა ისწავლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მოსახლეობა მართლაც ლაპარაკობს ამ ენაზე, ხოლო რადგანაც სამეგრელოში სალაპარაკო ენად მეგრული იყო, ამიტომ საქართველოს საეგზარქოსოს საოლქო სასწავლო საბჭომ გამოიტანა დადგენილება, სამეგრელოს სკოლებში აეკრძალათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ამის შესახებ 1902 წლის 20 აგვისტოს დეკანოზმა ი. ვოსტორგოვმა აცნობა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), რომელმაც არ შეასრულა საეგზარქოსოს ეს უკანონო, ანტიქართული გადაწყვეტილება. განრისხებულმა ვოსტორგოვმა დასმენის წერილი აფრინა პეტერბურგში ეპისკოპოს ალექსანდრეს წინააღმდეგ, რომელმაც თითქოს ვერ გამოიჩინა უნარი სახელმწიფო იდეების გასატარებლად. იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ღვაწლმოსილი მღვდელმთავარი გადააყენა გურია-ოდიშის ეპარქიის წინამძღოლობიდან და საყვედური გამოუცხადა მას. ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად და ენერგიულად შეუდგა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნას. ამას მოჰყვა სერიოზული დაპირისპირებანი. 1904 წლის 23 ივლისს ამ კუთხის 113 თავადაზნაურის ხელმოწერით რუსეთის სინოდში გაიგზავნა საპროტესტო წერილი ქართული ენისა და ლიტერატურის აკრძალვის გამო. 1904 წლის 28 ივლისს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ "პეტერბურგში სინოდის სასწავლო კომიტეტში გაგზავნა საპასუხო განცხადება, რომ არათუ სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში საეკლესიო სკოლებში ქართული ენის სწავლება უნდა აღკვეცილ იქნას, რადგან ქართული ლიტერატურა სავსეა ღვთის მგმობელი და სეპარატისტული აზრებითო... იგი სთხოვდა სინოდის სასწავლო კომიტეტს ეს მისი განცხადება დაეცვა საიდუმლოდ, რადგან თუ მისი შინაარსი გამომჟღავნდება, აქ აღარ დამედგომებაო."

ეპისკოპოს დიმიტრის წერილის შინაარსი მაინც გამჟღავნდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. იგი 1905 წელს იძულებული გახდა, ჩოხაში გადაცმული გასცლოდა მისგანვე უარყოფილ სამშობლოს. ეხებოდა რა ეპისკოპოს დიმიტრის ანტიქართულ საქმიანობას გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია შენიშნავდა: "მე არასოდეს არ თანავუგრძნობდი იმ სამღვდელო პირთ, რომლებიც ხალხის გარუსებას ცდილობდნენ. ხალხი დარწმუნდა, რომ ის სამღვდელნო პირნი, რომელნიც ებრძოდნენ მკვიდრთა სამშობლო ენას, ვერ გაუძღვებოდნენ ბავშვების აღზრდას. ხალხი აღსდგა მათ წინააღმდეგ. ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე თავისი პოლიტიკის გამო შეიჯავრა გურია-სამეგრელოს მოსახლეობამ და თუ არა მისი გაქცევა სამწყსოდან, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა." საქართველოდან გადახვეწილი ეპისკოპოსი დიმიტრი რუსეთის სინოდმა ბალტიის ეპისკოპოსად განაწესა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, 1906 წლის იანვრიდან თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია, სადაც ნაყოფიერ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.

1905-1906 წლებში ქართველმა სამღვდელოებამ მტკიცედ მოითხოვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მეცნიერულ პოლემიკას არ გასცილებოდა. 1906 წელს პეტერბურგში დაინიშნა რუსეთის სინოდის სხდომა, სადაც განსახილველად გატანილ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზანშეწონილების საკითხი. სხდომაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი. რუსეთის სინოდის წევრები არ იზიარებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აზრს. სხდომაზე სიტყვა ითხოვა თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, რომელმაც დაგმო ქართველ ავტოკეფალისტთა მოთხოვნა და მათ "ნაციონალისტები" და "სეპარატისტები" უწოდა. დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის არ გაახსენდებაო, - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მან. ქართული არისტოკრატიული გვარის წარმომავლობის ეპისკოპოსისაგან ასეთი მოწოდება იყო დასანანი და სამწუხარო მოვლენა. ეპისკოპოსი დიმიტრი ვერც ტაშკენტში გრძნობდა თავს კარგად იქაც, ორჯერ მოხდა მასზე თავდასხმა.

1912 წლის 25 ივნისიდან იგი იმპერატორის ბრძანებით დაინიშნა ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიის მმართველად, სადაც ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, აქ მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სექტანტებთან ბრძოლაში. 1913 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეპისკოპოსი დიმიტრი ძვირფას თვლებიანი პანაღიით დააჯილდოვა და აღიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

პირველი მსოფლიო ომის დროს, თავისი სურვილით, შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ხომალდზე საშტატო მღვდლის მოვალეობას ასრულებდა. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომამ, რუსეთში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა პროცესებმა მძიმედ იმოქმედა მთავარეპისკოპოს დიმიტრიზე. იგი ერთგული იყო რუსეთის თვითმპყრობელური იმპერიისა და საიმპერატორო ხელისუფლებისა. 1917 წლის აგვისტოში მოსკოვში, კრემლის მიძინების ტაძარში, გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საპატრიარქო მმართველობის აღდგენის საკითხი. ეპისკოპოსი დიმიტრი აქტიურად მონაწილეობდა კრების მუშაობაში და მხარს უჭერდა რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენას. საეკლესიო კრებამ დაგმო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და მცხეთაში მიღებულ დამოკიდებულების აქტს უკანონო უწოდა. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე, დაინიშნა "კავკასიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის შესახებ საეკლესიო კომისიის" თავმჯდომარედ. 1919 წელს იგი მცირე ხნით განერიდა სამოქალაქო ომით გაწამებულ რუსეთს. უკან დ-ბრუნებული საბჭოთა ხელისუფლებამ არასაიმედო სასულიერო იერარქად მიიჩნია, რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. იყო მისი დახვრეტის საშიშროებაც, მაგრამ როგორც ფიქრობენ, იოსებ სტალინმა შეიწყალა თავისი ყოფილი სემინარიელი მასწავლებელი. 1923 წლიდან კიევ-პეჩორის ლავრაში იყო,1928 წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. მას დიდ პატივს სცემდნენ რუსეთში, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით მის სამშობლოზე. საქართველოსთან მხოლოდ ნათესავები აკავშირებდა, რომელთაც თბილი წერილებით მოიკითხავდა. აღესრულა 1942 წლის 19 ოქტომბერს. დაკრძალეს კიევ-პეჩორის ლავრაში. საფლავის ქვას ასეთი წარწერა ჰქონდა: "მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენისა, არღარა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი."


ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)

ეპისკოპოსი ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი დაიბადა 1845 წელს თბილისში. 1861-1864 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1865 წელს, დანიშნეს სემინარიის მასწავლებლად, სადაც მოღვაწეობდა 1873 წლამდე. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ნაკლებად ენდობოდა ქართველებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესტატე ელიაშვილში მათ დაინახეს რუსეთის ერთგული ადგილობრივი წარმოშობის "ინოროდცი", ამიტომ 1873 წელს დანიშნეს სემინარიის ზედამხედველის თანაშემწედ და აკურთხეს მღვდლად. ამავე დროს იგი განაწესეს თბილისის წმიდა მარინეს ეკლესიის დეკანოზის თანაშემწედ. (წმიდა მარინეს ეკლესია მოქმედი იყო 1938 წლამდე და მდებარეობდა ე.წ. "კომუნარების ბაღში". იგი დაანგრიეს 1938 წელს ს.ვ.).

1873-1880 წლებში მამა ესტატე საღვთო სჯულს ასწავლიდა წმიდა ნინოს სახ. ქალთა სასწავლებელში, 1880-1891 წლებში კი თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიას.

1884 წლიდან სიონის ტაძრის დეკანოზია, საიდანაც 1902 წელს გადაყვანილ იქნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ დროს ქაშუეთის ძველი ეკლესია დაანგრიეს და აშენდა დროებითი ეკლესია. 1903 წლის 23 ნოემბერს დეკანოზმა ესტატე ელიაშვილმა მოახერხა ეგზარქოსის დარწმუნება ახალი დიდი ეკლესიის აშენების აუცილებლობაში, აიღო სესხი, გაათხრევინა საძირკველი და შეუდგა ახალი ტაძრის მშენებლობას. ქაშუეთში მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ერთი გახმაურებული ინციდენტი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ განთქმულ სამონასტრო ცენტრებს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსული ბერები დაეპატრონენ. ასე მოხდა სოფელ ასურეთთან მდებარე XIII საუკუნის კაბენის მონასტერშიც, სადაც რუსმა ბერებმა თითქმის გაანადგურეს ეს ისტორიული მონასტერი და გადააკეთეს რუსულ ყაიდაზე. მათ იცოდნენ, რომ ქაშუეთში იყო კაბენის ღვთისმშობლის ხატი და მოინდომეს მისი წაღება. 1902 წელს, ვითომც მოსალოცად შევიდნენ ქაშუეთის დროებით აშენებულ ეკლესიაში და წინამძღვრის დაუკითხავად გადაიხადეს პარაკლისი, ხოლო შემდეგ ჩამოხსნეს ხატი და აპირებდნენ მის წაღებას, მაგრამ დეკანოზმა ესტატე ელიაშვილმა მორწმუნეთა დახმარებით ისინი ეკლესიიდან ხელცარიელი გაუშვა. 1903 წლის ოქტომბერში დეკანოზი ესტატე ბერად აღიკვეცა და უწოდეს სახელი ექვთიმე, იმავე წლის ნოემბერში აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. 1905 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე გადაყვანილ იქნა გორის ეპარქიის მმართველად. ამ დროს საქართველოში ავტოკეფალური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. ქართველმა სამღვდელოებამ საეკლესიო კრებამდე ცოტა ხნით ადრე სთხოვა ქართველ მღვდელმთავრებს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სათვის ოფიციალურად მოეთხოვათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1905 წლის 16 ნოემბერს იმპერატორს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდნენ ეპისკოპოსები: პეტრე (კონჭოშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), გიორგი (ალადაშვილი), ექვთიმე (ელიაშვილი). ბუნებრივია რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და დაიწყო ზეწოლა ხელისმომწერებზე. ეპისკოპოსმა ექვთიმემ რუსეთის ხელისუფლების წინაშე აღიარა თავისი შეცდომა და გაემიჯნა ავტოკეფალურ მოძრაობას. როგორც მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე ეპისკოპოს კირიონს 1906 წლის 31 მარტს აცნობებდა: "ელიევი (ელიაშვილი ს.ვ.) ღმერთმა დასწყევლოს აქაც და იქაც, ხომ მოგწერე, უარი თქვა ავტოკეფალიაზე, რა ვუყო, რომ ხელი მოვაწერეო."

1906 წელს პეტერბურგში, სინოდის საგანგებო სხდომაზე, მძაფრი პოლემიკა გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით, ეპისკოპოსმა ექვთიმე ელიაშვილმა და ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ მხარი დაუჭირეს ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას და დაუპირისპირდნენ ქართველ ავტოკეფალისტებს. ეპისკოპოს კირიონის ჩანაწერებში ასეა დახასიათებული ექვთიმე ელიაშვილი: "მელიაშვილი აქ არის და დაიარება ეგ-ზარქოსთან. ეს ისეთი ყაიდის კაცია, რომ სამოთხეშიც არ დასტოვებს თავის ვერაგობას... ძაან შევთათხე. პირდაპირ გამოვუცხადე, რომ თქვენისთანა ქვეყნის გამყიდველი ადამიანი სამშობლოს არ უნდა მეთქი." მას თავისი ასეთი საქციელის გამო საქართველოში აღარ ჩამოესვლებოდა. 1906 წლის 8 ნოემბერს თხოვნა შეიტანა იმპერატორის სახელზე, გადაეყვანათ რუსეთის შიდა გუბერნიის ნებისმიერ ეპარქიაში, 10 ნოემბერს დააკმაყოფილეს მისი თხოვნა და გადაიყვანეს ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიის ბალახნინის ეპისკოპოსად.

1909 წლის 29 მაისს იგი გადადგა ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა მოსკოვის ზაიკონოსპასკის მონასტრის წინამძღვრად. გარდაიცვალა 1918 წელს და დაიკრძალა იქვე. ეპისკოპოსი ექვთიმე იყო ფრიად განსწავლული პიროვნება. საქართველოში ყოფნისას აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დაარსებაში, იყო საეპარქიო საბჭოსა და სინოდის კანტორის წევრი, ასრულებდა ჟურნალ "მწყემსის" ცენზორის მოვალეობას. უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს შეფასებით, "იყო კაცი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი მწირველ-მლოცველი, საეკლესიო წიგნების საოცარი მკითხველი და ჩინებული მქადაგებელი, მაგრამ მეტისმეტად მფრთხალი." რაოდენ სამწუხაროა, რომ მისი სიფრთხილე სამშობლოს მტრობაში გადაიზარდა, ხოლო ნიჭიერება ვერ მოხმარდა მშობელ ხალხს.


ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი)

ეპისკოპოსი პეტრე, ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი,დაიბადა 1863 წელს თბილისის გუბერნიის,თელავის სოფელ საბუეში. პირველდაწყებითი განთლება ოჯახში მიიღო (მამა მღვდელი ჰყავდა,ძმა - მედავითნე). ამის შემდეგ იგი სწავლის გასაგრძელებლად თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ამ დროს მკაცრად სდევნიდნენ ქართულ ცნობიერებასა და ქართულ კულტურას. სემინარიის დამთავრების შემდეგ პეტრე მალე აკურთხეს მღვდლად და საინგილოში განაწესეს. რთულ პირობებში უხდებოდა მამა პეტრეს მოღვაწეობა, დიდი იყო მაჰმადიანობის გავლენა, მუქარა, შევიწროებანი, მაგრამ მამა პეტრე დაუღალავად იღწვოდა ინგილოებში ქრისტიანობისა და ეროვნული ცნობიერების ასაღორძინებლად.

1865 წლიდან 1873 წლამდე მამა პეტრე სასულიერო სამისიონერო საქმიანობას ეწეოდა ჯავაში, საიდანაც გადმოყვანილ იქნა თბილისში და განწესებულ იქნა საქალებო ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1885 წელს იგი დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრითა და საეკლესიო ორდენით. მამა პეტრე ყველანაირად ეხმარებოდა ქართული ეროვნული საქმის ინიციატორებს, უშურველად უგზავნიდა ფულს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", წინამძღვრიანთკარის სკოლას, ქალთა საშუალო სასწავლებელს, ქვრივობლებს. იგი ეპისკოპოს კირიონისადმი გაგზავნილ ერთ კერძო წერილში აღნიშნავს: "ჩემს სიცოცხლეში ობლების მზრუნველობას ვერ მოვრჩი."

1894 წელს მამა პეტრეს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაავალა ბიბლიის თარგმანთა შესწორება. მისმა თავდადებულმა მუშაობამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მოშურნენიც განუმრავლა, რომელთაც იმდროინდელ პრესაში სცადეს მამა პეტრეს ღვაწლის განქიქება. ილია ჭავჭავაძის "ივერიამ" დაიცვა მამა პეტრე და მისი ნაღვაწი: "მამა კონჩუევი (კონჭოშვილი) შემკულია სამაგალითო შრომისმოყვარეობით, ღრმა სარწმუნოებით, კეთილსვინდისიერებით და საღვთო წერილი და ღვთისმეტყველება მშვენივრად აქვს შესწავლილი 30 წლის მოღვაწეობის დროს, საღმრთო სჯულის მასწავლებლის ასპარეზზედ და ამიტომ, მისი შესწორებანი უნდა იყვნენ სრულიად სანდონი და შესაწყნარებელი." 1899 წელს პეტრე კონჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში. სამშობლოში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა "მოგზაურობა" 1901 წელს, რომელშიც აღწერილია იერუსალიმის ქართული სიძველენი. "მოგზაურობას" არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. იაკობ ფხაკაძემ აღნიშნა: "მელნით კი არა, ცრემლითა და სისხლით დაწერილი ყოფილა კონჭოშვილის წიგნი. დეკანოზი პეტრე დიდი მცოდნე ყოფილა "დაბადებისა" და საეკლესიო წიგნებისა. წიგნს შესაფერისი გარეგნობაც აქვს... ამისთანა საუცხოო სუფთა გამოცემა მარტო ორიოდე მოიპოვება ჩვენს ენაზედ. ეს წიგნი ყოველ ჩვენებურ შეგნებულ მღვდლის ბიბლიოთეკაში უნდა მოიპოვებოდეს." 1908 წელს მამა პეტრეს რედაქტორობით გამოიცა სამღვდელმთავრო კონდაკი. შესავალში რედაქტორი აღნიშნავდა: "ჯერ არს უწყებად,ვითარმედ "სამღვდელმთავრო კონდაკი", ქართველთა შორის შემოვიდა ხმარებაში, ცალკე წიგნად. რუსთა ეკლესიის ზედმიხედვით, მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში, ვინაიდგან წიგნი ესე, აღსავსე თუალსაჩინო შეცდომებითა, არ დაბეჭდილა, რაისა გამო, ქართულნი მწყემსმთავარნი განიცდიდნენ მრავალგუარ დაბრკოლებათა, ამისათვის შევასწორე იგი ჯეროვნად, დეკანოსის კორნილიოს კეკელიძისა და მღუდლის კალისტრატე ცინცაძისაითა, ბერძნულ-სლოვენურ ტექსტთა ქართულ ხელნაწერთა თანა შედარებით და აღუბეჭდე, საფასითა და წარსაგებელითა ჩემითა. უნებლიეთ შეცდომათთვის, ვითხოვ მკითხველთაგან შენდობასა."

1905 წლის 26 აგვისტოს პეტრე კონჭოშვილი ეპისკოპო-სად აკურთხეს. 17 ნოემბერს "ივერიაში" დაიბეჭდა განცხადება "გუშინ, 16 ნოემბერს, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოსამ გიორგიმ (ალადაშვილი), გორისამ ექვთიმემ (ელიაშვილი), ალავერდისამ პეტრემ (კონ-ჭოშვილი) საქართველოს ეგზარქოსს თავიანთ მიერ ხელმოწერილი განცხადება წარუდგინეს და აუწყებდნენ, რომ უკეთუ უწმიდესი სინოდი დროზე არ გასცემს პასუხს საქართველოს სამღვდელოების სამართლიანს მოთხოვნილებაზე ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, სამღვდელოება შეიკრიბება და მთავრობის დაუკითხავად კათოლიკოსს ამოირჩევსო." ეპისკოპოსი პეტრე დიდ პატივს სცემდა ავტოკეფალური მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეს ეპისკოპოს კირიონს და განიცდიდა მის დევნა-შევიწროებას, რომელსაც რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება უწყობდა ამ გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს. 1906 წლის იანვარში ეპისკოპოსი პეტრე იმერეთის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, სადაც სამწყსოზე ზრუნვის გარდა მან გასცა ნებართვა მელიტონ კელენჯერიძის პოლიტიკურ წიგნზე "სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ." რომელშიც ავტორი მეცნიერულად ასაბუთებდა საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი გაუქმების არაკანონიკურობას და აცხადებდა, რუსების ხელში "ქართული ეკლესია მოჩვენებას დაემსგავსა, ხოლო საღვთისმეტყველო მეცნიერება, პირდაპირი მნიშვნელობით გაილია ისე, რომ მისი კვალიც აღარ დარჩა... ასეთია ქართული ეკლესიისა და ხალხის წინაშე რუსული სკოლისა და რუსული გავლენის დამსახურება... რაღა უნდა ითქვას ამის შემდეგ იმ საცოდავ კაცუნებზე, რომლებიც უსინდისოდ და სიამაყით უცხადებენ ქართველებს რუსი ხალხის რაღაც დიდ დამსახურებაზე ქართველი ერის წინაშე." ასეთი შინაარსის წიგნზე მეუფე პეტრეს კურთხევა ოფიციალური ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო. 1907 წლის აპრილში ეპისკოპოსი პეტრე გორის ეპარქიის მმართველად გადმოიყვანეს. 1907 წლის სექტემბერში იგი აირჩიეს იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ევალებოდა ბიბლიის ქართულად გამოცემა, ხოლო 8 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად.

ეპისკოპოსი პეტრე კირიონ საძაგლიშვილს ქართული ეკლესიის ელისეს, ეზრას, ნეემიას, სვიმონს, შარავანდედს, სვეტსა და ანგელოზს უწოდებდა. იგი განიცდიდა ეპისკოპოს კირიონის სამშობლოდან გადასახლებას და მისადმი გაგზავნილ წერილებში გამოხატავდა ღრმა თანაგრძნობასა და სიყვარულს.. "ღმერთმა გვაღირსოს თქვენი მშვიდობით და კეთილწარმატებით მობრუნება სამშობლოს, გაუფრთხილდით თქვენს თავს." თავის მხრივ კირიონი ძალიან აფასებდა მას და როდესაც შეიტყო პეტრეს ეპისკოპოსად აკურთხებენო, საჩუქრად გამოუგზავნა მიტრა, პანაღიები, საეპისკოპოსო კვერთხი. ეპისკოპოს პეტრეს ღვაწლს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილები, სოფრომ მგალობლიშვილი, კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე.

"სანუგეშებელი არ მოიპოვება არა რაიმე ჩვენს ბედკრულს სამშობლოში" - ხშირად აღნიშნავდა მეუფე პეტრე. 1909 წლის 5 თებერვალს იგი გარდაიცვალა. იოსებ ჩიჯავაძე გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოს კირიონს ატყობინებდა: "5 თებერვალს მიიცვალა მოხუცი ეპისკოპოსი პეტრე. ამბროსი ხელაიას გადაყვანამ დიდი გავლენა იქონია მასზე, სულ დაეცა სულით. მეტადრე შენი შელახვა ხომ, რა თქმა უნდა, ძალიან სწუხდა. კვირას დაასაფლავეს ანუ ანდერძი აუგეს და ალავერდში გაისტუმრეს."

8 თებერვალს სიონის ტაძარში იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსებმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და დავითმა (კაჭახიძემ) გადაიხადეს წირვა გორის ეპისკოპოსის პეტრე კონჭოშვილის სულის მოსახსენებლად. განსვენებულის ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ. მისი ანდერძისამებრ ნეშტი დაიკრძალა ალავერდის ტაძარში. ანდერძის თანახმად, მის მიერ დატოვებული თანხა გადანაწილდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების," "საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების," ეკონომიურად შეჭირვებული ნიჭიერი მოსწავლეების, საეკლესიო მუზეუმის საჭიროებისათვის. ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი იყო გულანთებული ქართველი პატრიოტი მღვდელმთავარი, რომლის ფიქრი მუდამ თავის ბედკრულ სამშობლოს დასტრიალებდა. იგი მოუწოდებდა ქართველობას გამოეღვიძათ და ფხიზლად ედარაჯათ სამშობლოსათვის. "სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მიწა-წყალი გადავა სხვა ტომთა ხელში და ჩვენი ერი კი დარჩება ბოგანოდ... უკეთუ ჩვენმა ერმა დაიცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისათვის, რომ თავის მამულზედა, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედ, იყო იგი მტკიცედ დამკვიდრებული."


ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე)

ეპისკოპოსი პიროსი, ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1874 წლის ნოემბერს სოფელ დისევში (გორის მაზრა). 7 წლის ასაკში მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერს,სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავისი პაპის, მღვდელმონაზონ სილვესტერის მიერ (ცნობილი თავისი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს, გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-94 სასწავლო წელს გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1896 წელს. იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, 1900 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იეროდიაკვნად, შემდეგ - მღვდელმონაზვნად; 1900 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად, 1902 წლის 10-17 მაისს სინოდის დადგენილებით დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ, 1905 წლის 9 ივლისს - მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად, 1907 წელს აღიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველოს იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად; 1915 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად, 1916 წლის 15 იანვარს მოხდა კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ალავერდის ეპისკოპოსად, ეპისკოპოსმა პიროსმა მღვდელმთავრად კურთხევის დროს წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: "ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანთქმულია ქრისტიანული, თავდადებულ ღვაწლთა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზა მაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნენ ჩემს თანამემამულეებს სასუფევლისაკენ ღვთისა. აი, ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში განამტკიცა ქრისტიანობა კახეთში, ასაფლავია ალავერდის ტაძარში. ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ვარსანოფი, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირს იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა. ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირული წმიდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამებრივი გვირგვინებით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰაბასმა სპარსეთში 1624 წელსა ქრისტეს სარწმუნეობის მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე, ძე ღვთისა, რომელიც ვერაგობით მოჰკლეს კახეთში, რუსის ელჩის ტატიშჩევის თვალწინ და სხვა. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლშემოსილებს, დიდებულთ სარწ-მუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემ თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალთა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი,რომ ამ სამსახურის გზაზე გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი,რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიისა ღვთისა, აღავლინეთ უმაღლესი მწყემსმთავარ უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრძნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი სადიდებლად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემი ძვირფასი სამშობლოსი." იგი მსახურობდა იმერეთის ეპარქიაშიც, დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ და იმ პირთა გამოსაცდელი კომისიის თავმჯდომარედ, რომელთაც ეკავათ მღვდელმსახურებისა და მედავითნეთა ადგილები, ხოლო საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგი და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე, სინოდალურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე, "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი და სხვა. 1916 წლის 24 მარტს დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში მესამე ქორეპისკოპოსად; 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარ-ქიო კათედრაზე სახელწოდებით "ალავერდელი"; 1922 წლის 23 აპრილს დაემართა დამბლა. გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს თელავში, დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოს პეტრეს საფლავის მარცხნივ განსვენებულს წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელიც ალავერდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი.



მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი)

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში დავით გიორგის ძე ალადაშვილი, დაიბადა 1848 წლის 8 დეკემბერს ქიზიყის სოფელ არბოშიკში. პირველდაწყებითი განათლების მისაღებად პატარა დავითი ნათესავის შემწეობით ქ. ნუხაში, იქაურ საქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1869-1875 წლებში, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად. 1876 წლის 9 იანვარს დაინიშნა მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად. 1876 წლის 2 მარტს - სასწავლებლის ზედამხედველად. 1877 წლიდან დავით ალადაშვილი იმავე სასწავლებელში გეოგრაფიას და არითმეტიკას ასწავლიდა, იმავე წლის 15 ნოემბრიდან დაინიშნა სასწავლებლის ეკონომოსად. ორი წლის შემდეგ პირადი განცხადებით დატოვა ყველა თანამდებობა და სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა 1883 წელს და დაბრუნდა საქართველოში. 1884 წლის მარტიდან იგი მუშაობდა ოზურგეთის სასწავლებლის ზედამხედველად და ქართული ენის მასწავლებლად. 1885 წლის 5 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ. 1898 წლის 22 აპრილს მიენიჭა "სტატსკი სოვეტნიკის" წოდება. 1898 წლის 5 ივლისს დაინიშნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დროებით ზედამხედველად. 1899 წლის 3 თებერვალს პედაგოგიური, მოღვაწეობის 14 წლისთავზე, წმიდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1899 წლის 25 სექტემბერს დავით ალადაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. მეორე დღეს აკურთხეს დიაკვნად,1 ოქტომბერს - მღვდლად, 3 ოქტომბერს არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანეს. 1900 წლის 20 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით თეკლითის დედათა მონასტერში მშენებარე ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის სინოდის განკარგულებით არჩეულ იქნა იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1902 წლის 6 მაისს წმიდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, იმავე წლის 7 ივნისიდან სინოდალური კანტორის შენობის სარემონტო კომისიას ხელმძღვანელობდა, 27 ივნისს სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული "მარხვანის" შესწორებული კომისიის ჯგუფში კორექტორად დანიშნეს. 1903 წლის 4 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობის აშენების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, არქიმანდრიტი გიორგი შეთავსებით მუშაობდა საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლების კომიტეტის წევრად და საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარედ. 1905 წლის 6 მაისს წმიდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1905 წლის 29 აგვისტოს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი გიორგი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი კურთხევა. ეპისკოპოსმა გიორგიმ გურია-სამეგრელოს ეპარქია ჩაიბარა, რომელიც ანტიქართული, რეაქციული საქმიანობის გამო ხალხისაგან შერისხულმა რენეგატმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მალულად მიატოვა და რუსეთში გადაიხვეწა.

1908 წლის 1 თებერვალს მეუფე გიორგი იმერეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1912 წლის 11 აპრილიდან იგი შეთავსებით გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება აფასებდა ეპისკოპოს გიორგის ღვაწლს. იგი დაჯილდოვდა წმიდა ანას I და II ხარისხის ორდენებით. ეპისკოპოსი გიორგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. საქმიანი მიმოწერა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, გრიგოლ რობაქიძესთან, ივანე ჯავახიშვილთან. 1913 წლის ივლისში გაზეთი "ერი" ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილზე წერდა: "იგი ფრთხილია, მშვიდი. მისი აზრით, ჩვენს დროში დაკარგვა რამისა ადვილია, პოვნა ძნელი. ზოგიერთებისათ-ვის მისი ასეთი გადაჭარბებული სიფრთხილე შეიძლება ნაკლებ მოსაწონია. მაგრამ რა გაეწყობა." ეპისკოპოს გიორგის სიფრთხილე და თავშეკავებულობა განსაკუთრებით გამჟღავნდა 1905 წლის საეკლესიო საკითხების განხილვის დროს. ეპარქიის სამღვდელოება თავისი მღვდელმთავრისაგან მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში მეტ აქტიურობას. ეპისკოპოსი გიორგი იძულებული გახდა შეერთებოდა ეპისკოპოსების პეტრე, ლეონიდეს, ექვთიმეს ხელმოწერით რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი გასაგზავნი წერილის სულისკვეთებას, მაგრამ ავტოკეფალიის საკითხში მაინც ყოყმანობდა. 1917 წლის 12 (25) მარტს, მართალია, მცხეთაში ჩავიდა, სვეტ-იცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაესწრო საგანგებო წირვას, ხელი მოაწერა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, მაგრამ იქიდან პირდაპირ ეგზარქოსის სასახლისაკენ გასწია და მოახსენა სხვა გამოსავალი არ მქონდაო. მისმა ასეთმა ნაბიჯმა იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა განრისხება გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეპარქიამ სრული უნდობლობა გამოუცხადა მას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მას მღვდელმთავრობა შეუჩერა, ხოლო 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულმა I საეკლესიო კრებამ გადააყენა იმერეთის ეპისკოპოსის თანამდებობიდან. უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ტრაგიკულად აღსრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ 1918 წლის 1 აგვისტოდან წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების შემდეგ, (1919 წ.) 1920 წლიდან, ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ამავე დროს ეპისკოპოსი გიორგი გახდა მიტროპოლიტი. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების შემოსვლამ კიდევ უფრო დაამძიმა მიტროპოლიტ გიორგის მდგომარეობამ. მან 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის წინამძღოლობიდან და გაეშვათ პენსიაზე. 1922 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი ხირსის წმიდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის 14 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

უმძიმესი პოლიტიკური ვითარება იყო XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში, ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა, დაიწყო სასულიერო პირების დევნა-შევიწროება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო ქონების დატაცება, სიწმინდეთა შეურაცხყოფა. 1924 წელს დაარბიეს ხირსის მონასტერი. მიტროპოლიტი გიორგი იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში ნათესავებთან გადასულიყო. 1925 წლის 28 თებერვალს იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს სოფელ არბოშიკის ეკლესიის გალავანში, დაკრძალვას მხოლოდ ნათესავები და ახლობლები ესწრებოდნენ, თბილისიდან ვერავინ ჩამოვიდა მხცოვანი მიტროპოლიტის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა უმრავლესობა მეტეხის ციხეში ისხდნენ... შიშისა და ტერორის ატმოსფერო სუფევდა ყველგან. ძველი თაობის კიდევ ერთმა განათლებულმა მღვდელმთავარმა დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და მისმა სულმა მარადისობაში გადაინაცვლა.


"თქვენო მეუფებავ,

ყოვლად სამღვდელო გიორგი!

მოგეხსენებათ, ამ ჟამად ტფილისში იმყოფება უწმინდესის სინოდის ობერპროკურორი ბ-ნი ვოლუინი. ეს გარემოება თურმე ქართველიძემ შესაფერად სცნო,რათა თათბირი გაიმართოს საქართველოს ეკლესიის ვითარების გამო. უაღრესად საჭიროა მონაწილეობა თქვენის მეუფებით ამ თათბირში და ამიტომ ვბედავ და გაწუხებთ დიდის თხოვნით - კეთილ ინებოთ და ჩამობრძანდეთ თბილისს ამა წლის ივლისის 26-თვის. მოგეხსენებათ, რომ თქვენ დაუსწრებლად ხსენებული თათბირის გამართვა ყოვლად შეუძლებელი იქნება, საჭიროდ ვსთვლი მოგახსენოთ, რომ ფოთიდან მოწვეული ბრძანდება აგრეთვე ყოვლადსამღვდელო ლეონიდი.

დავშთები თქვენის ლოცვა-კურთხევის მთხოვნელი თქვენი მეუფების უმორჩილესი მონა ნ. კ. აფხაზი.

24  ივლისი 1916 წ. ქ. ტფილისი."

იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის (ალადაშვილი) წერილი აკაკი წერეთელს:

"დიდებულო მამულიშვილო, ბატონო აკაკი!

ჩემი და ჩემდამი რწმუნებული სამღვდელოების სახელით მოგილოცავთ თქვენს ბრწყინვალე დღესასწაულს. დღე ესე ქმნა ღმერთმან თქვენდა სადიდებლად და მშობელი ერის ჭკუის მასწავლებლად. ორმოცდაათი წელი აღვიძებდი შენს სატრფო სამშობლოს, იქნება ეჭვიც შეგეპარა მის გაღვიძებაში. და იგი წარმოიდგინე მომაკვდავათ. არა, თქვენ ამას ვერ იფიქრებდით, რადგან თქვენ სამშობლოს მომავალს ამყარებთ დიდებულ წარსულზედ. რაც უნდა გავკაფოთ ხე, იგი იშოვის დროს და გამოიღებს ახალ შტოებს, რადგან ფესვები თავიდანვე საღი და მაგრად გაბმული აქვს. ღმერთმა შენ თვითონ გაგხადა იმის ღირსი, შენი თვალით დაგენახა და შენი ყურით გაგეგონა ბრწყინვალე შედეგი შენი ორმოცდაათი წლის მოღვაწეობისა. ბედნიერი ხარ შენ უკუნისამდე, უფრო კი ბედნიერია შენი ერი, რომელმაც ისმინა შენი და მოგდევს უკან, როგორც გონიერი შვილი თავის მასწავლებელს და მამას. დიდებულო ადამიანო, შენ შეგიძლიან უშიშრად მიუგო შენი ერის ძველ გმირთა სახარების სიტყვებით: აი მე და ისინი, ვინც მე ჩამაბარეთ არც ერთი მათგანი არ დამიღუპნია - შეხედე შენი შორს გამჭვრეტელის თვალით ამ წმიდა ტაძრის კედლებს, აქ არიან ჩვენდა მასწავლებლად ხატები ჩვენთა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამა ჩვენთა. დიდი და ურიცხვია გუნდი მათი. მწამს და ვაღიარებ, რომ ამ წუთში იგინი ნეტარების სიხარულით აღტაცებულნი დაგყურებენ ზეციდან და უხილავად გადგამენ თავზედ ზეციურ დაფნის გვირგვინს, როგორც მათ მისაბაძ ერის შვილს. ბედნიერი ვარ დღეს მეც, რომელსაც, განგებით ღვთისა, მხვდა წილად მოგილოცოთ დიდებული დღესასწაული. არა თუ მე, უღირსი მღვდელმთავარი, არამედ დიდებულნი გაენათელნი და ქუთათელნიც დიდ ჯილდოდ ჩათვლიდნენ თავიანთ თავს, რომ შეეძლოთ ამ წუთში ჩემი ადგილის დაჭერა, ლოცვითა მათითა გლოცავ, სამშობლოს საყვარელო შვილო და დიდებავ, ხატით მაცხოვრისა ჩვენის იესო ქრისტესითა, რომლის სიყვარული შენ შთაგინერგა ნეტარმა მშობელმა შენმა და რომლის იდეალებით ბავშობიდანვე განმსჭვალული ხარ." 1908 წ.


გრიგოლ რობაქიძის წერილი იმერეთის ეპისკოპოს გიორგისადმი.

"დიდად პატივცემულო მეუფეო გიორგი

პირველად ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, რომ ბორჯომში ვერ გნახეთ, ამის მიზეზი უმთავრესად ის იყო, რომ თქვენს გარშემო ყოველთვის ბევრი ვინმე იყო, მე კი მსურდა მარტო მენახეთ. იმედია ამ დანაშაულს მომიტევებთ. ახლა კი კიდევ უნდა შეგაწუხოთ ერთი თხოვნით. ეპარქიალურ სასწავლებელში ადგილი განთავისუფლდა და ჩემს დას უნდა იშოვოს იგი. მე მგონია, ღირსიც არის იგი ამ ადგილის. თუ ეს ადგილი იშოვა, მაშინ მე გავთავისუფლდები მისი ოჯახის დახმარებისაგან, და მთელს თავისუფალ დროს იმ საზოგადო საქმეს მოვახმარ, რომლისთვისაც თავგამოდებულ ვარ...

იმედია, ახლო ხანში მოგიძღვნით ღირსეულ მადლობას იმ აურაცხელი დახმარებისათვის, რომლითაც თქვენ დაგივალებათ ჩემი ოჯახი.

გრიგოლ რობაქიძე 1912 წ. 4/IX".




მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)

მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე, დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში. ხელმოკლე ოჯახში. მისი მშობლები: დედა - ნატალია დიასახლისი იყო, მამა - ლუკა, ქუთაისის ერთ-ერთი ეკლესიის მედავითნე. ოჯახი მართლმადიდებლური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. პატარა ალექსი მშობლებმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. ეს სასწავლებელი დაარსებული იყო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მიერ და მისი ზრუნვა ყველა შეგირდს სწვდებოდა, როგორც დეკანოზი ილია ჭეიშვილი იხსენებდა: "გაბრიელ ეპისკოპოსი ყმაწვილებს ხელს უწყობდა, გაჭირვებულებს სწავლის ქირას უხდიდა, თავის სახლშივე ინახავდა. იგი ისე სიყვარულითა და უბრალოებით ექცეოდა ამ ყმაწვილებს, რომ მათთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა ყოველივე კეთილშობილური აზრი, დაუნერგა მათ ნორჩ გულებში სიყვარული სიმდაბლისადმი, სამშობლოსადმი." 1882 წელს, ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ალექსი გიორგაძე მეუფე გაბრიელის რეკომენდაციით სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში მკაცრად სდევნიდნენ ქართველ პედაგოგებსა და სტუდენტებს. იმპერიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ მეფის ნაცვალი დონდუკოვ-კორსაკოვი,საქართველოს ეგზარქოსი პავლე ლებედევი და კავკასიის განათლების ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი, რომელთაც უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურნი ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. 1886 წლის 24 მაისს თბილისში სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლალიაშვილმა ხანჯლით მოჰკლა რეაქციონერი რექტორი ჩუდეცკი... საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ჩუდეცკის დაკრძალვაზე საჯაროდ დასწყევლა ქართველი ერი, ხოლო იმპერატორის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნა - თუ გვინდა თბილისის სასულიერო სემინარიაში შფოთსა და არეულობას ბოლო მოეღოს, ყველა ქართველი იქიდან დაუყოვნებლივ უნდა დავითხოვოთო. ვითარება იყო უკიდურესად დაძაბული, რაც გავლენას ახდენდა ახალგაზრდა ალექსი გიორგაძეზეც. 1888 წელს მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა სემინარია და დაბრუნდა ქუთაისში, დაოჯახდა. 1889 წლის 12 თებერვალს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ჯერ დიაკვნად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მღვდლად აკურთხა და განაწესა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1889 წლის 25 ივნისს ქუთაისის ქალთა სასწავლებელში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889 წლის 2 ნოემბერს მას დაევალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო სლავური გალობის მასწავლებლობა. 1892 წლის 15 იანვარს ეპისკოპოსმა გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის ქალთა წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის პედაგოგად განაწესეს. 1893 წლის 9 დეკემბერს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. პარალელურად იგი მუშაობდა სასულიერო გამომძიებლად, იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრად და მისი განყოფილების თავმჯდომარედ. 1896 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა სკუფიით, 1900 წლის 15 მაისს უბოძეს კამილავკა.

1903 წელს გარდაეცვალა მეუღლე და ოჯახის მოვლის მთელი სიმძიმე მას დააწვა მხრებზე. ამის მიუხედავად მაინც ჩააბარა კიევის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც 1904 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ჩაირიცხა საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც. 1906 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა აკადემია და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1907 წლის ივლისიდან მოღვაწეობდა ვიატკის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე. ვიატკაში მრავლად იყვნენ საქართველოდან გადასახლებული ქართველები, რომელთა ერთადერთ ნუგეშად და შემწედ მამა ანტონი იყო. 1907 წლის 10 ნოემბერს გადაყვანილ იქნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1909 წლის 6 მაისს იგი დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1910 წლის იანვრიდან მამა ანტონი დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. იმავე წლის 17 თებერვალს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და გამოემგზავრა საქართველოში. 1910 წლის 24 თებერვალს დაინიშნა ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესად. 1910 წლის 7 ივნისიდან 7 დეკემბრამდე დროებით შეუთავსეს რუსული მონასტრების მთავარხუცესობა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა. 1911 წლის 7 ივნისს გადმოიყვანეს თბილისის ფერიცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1911 წლის 19 დეკემბერს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 1912 წლის 15 იანვარს პეტერბურგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში გორის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 26 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1914 წლის 6 მაისს წმიდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს აირჩიეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და საეკლესიო მუზეუმის წევრად. 1916  წლის  7 აპრილს  წმიდა  ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ეპისკოპოსი ანტონი გამოირჩეოდა როგორც უშიშარი პიროვნება. იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს ეგზარქოს პლატონის (როჟდესტვენსკი) ანტიქართულ ქმედებებს. როგორც იმდროინდელი პრესა იტყობინებოდა, კონფლიქტი იმდენად გამწვავებულა, რომ ეპისკოპოს ანტონს მთავრობის სახელზე თხოვნაც დაუწერია გადადგომის შესახებ. როგორც ერთ-ერთი მისი თანამედროვე ანონიმი ავტორი წერდა: "ყოვლად სამღვდელო ანტონი, როგორც ქართველი მღვდელმთავარი, უმეტესად რჩება ქართველი და სადაც წესი და რიგია, იგი იქ ქართულად ასრულებს წირვა-ლოცვას. ამის გარდა მხურვალე თანამიმდევარია ქართველი ერის ცხოვრებისა. მისმა მეუფებამ იცის მრევლის დახმარება. იგი არის ქართული მწიგნობრობისა და საქართველოს ისტორიის მცოდნე და ქართულ მწერლობასაც გულმხურვალედ ადევნებს თვალყურს."

ეპისკოპოსი ანტონი იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის თავდადებული მებრძოლი. მისი ინიციატივით 1917 წლის 8 მარტს ფერიცვალების მონასტერში, სადაც იგი ცხოვრობდა, შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, სოსიკო მერკვილაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ლომთაძე, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღსრულებულიყო რუსეთის იმპერიაში მშვიდობისათვის პარაკლისი. დაიგზავნა მოსაწვევები პროვინციებში, ზღვა ხალხი შეიკრიბა სვეტიცხოველში. 12 საათზე გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა ეპისკოპოს ანტონის მიერ შედგენილი "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი." ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში. მან გამოხატა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი და ეპისკოპოს კირიონს სთხოვა კენჭი ეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში, სადაც გაიმარჯვა კიდეც. ეპისკოპოსი ანტონი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც დაძაბული მოლაპარაკებები აწარმოა 1917 წლის ივნის-აგვისტოში პეტერბურგში რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და მიაღებინა კიდეც დროებით მთავრობას საგანგებო დოკუმენტი ამ საკითხზე.

1917 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე იგი დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. ქუთაისში მცირე ხნით მოღვაწეობის დროსაც მან მოახერხა თავისი ხელი დაემჩნია ეპარქიისათვის. მიტროპოლიტმა ანტონმა ძლიერ განიცადა 1918 წლის 27 ივნისის ტრაგედია, როდესაც მარტყოფის მონასტერში ვერაგულად მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. მისი ინიციატივით ქუთაისში მოწვეულმა საეპარქიო კრებამ მიიღო ასეთი დადგენილება: "განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო." 1. წინადადება იქნას შეტანილი იმერეთის საეპარქიო სახლის სახელით საკათოლიკოსო საბჭოში, რათა ეს უკანასკნელი მთელი თავისი შემადგენლობით და კათოლიკოსის მოსაყდრით დაუყოვნებლივ გადადგეს სამსახურიდან, როგორც ეს არის მიღებული აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში. მითუმეტეს, საკათოლიკოსო საბჭო მორალურად თანამოაზრეა განსვენებულ კათოლიკოსის ტრაგიკულად და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაში. 2. კათოლიკოსის ამ სახით გარდაცვალების გამო მისი კაბინეტის ანუ ორგანოს - საკათოლიკოსო სახლის გადადგომის შემდეგ შესდგეს საეპარქიო საბჭოებისაგან დასახელებულ პირთა შემადგენლობით დროებითი მმართველობა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ ეპარქიულ მღვდელმთავრის მოსაყდრეობით. 3. დროებითი მმართველობა განიხილავს შექმნილ ვითარებას კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. მანამდე კი, საჭიროა, გამოირკვეს, რა ატმოსფერო იყო შექმნილი კათოლიკოზ კირიონ II-ის პიროვნების გარშემო. ამას მოითხოვს ჩვენგან მოქალაქეობრივი მოვალეობის შეგნება განსვენებულის წინაშე. საამისოდ მდიდარ მასალას წარმოადგენს ჟურნალ "ახალი სიტყვის" მიერ უკვე გამოქვეყნებული №7 ნომერი. გაისინჯოს ამ ორგანოს შესახებ საკათოლიკოსო საბჭოს ჟურნალები №103,№109. განხილულ იქნას 144 საბრალდებო მუხლები, რომელნიც მოწინააღმდეგეებს ჩაუბარებიათ კათოლიკოს კირიონისათვის. 1918 წლის 23 მაისს, როგორც ეს გვამცნო საბჭოს წევრმა რაფიელ ივანიცკიმ კათოლიკოს კირიონის დასაფლავების დღეს გაზეთ "საქართველოში" მოთავსებულ წერილში. განხილულ იქნას ეს განცხადება და მასზე განსვენებული კათოლიკოსის ჯერ არ ცნობილი პასუხი, რომელიც უკვე შედგენილი ყოფილა საეკლესიო კრებისათვის წარსადგენად. შეფასებული იქნას რ. ივანიცკის წერილი, რამდენად ობიექტური და გულწრფელია იგი და შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას. პროტესტი გამოეცხადოს რ. ივანიცკის ამ თავხედობისათვის. 4. დაუყოვნებლივ მოისპოს "ახალი სიტყვის" გამოცემა, როგორც პროვოკაციული ორგანოსი. ასეთი საზიზღარი ორგანო არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც გამოდიოდა კათოლიკოს კირიონის და მისი მომხრეების მოსაშხამავად. (ამ დროს საკათოლიკოსოს ოფიციალური ორგანო "სვეტიცხოველი" უსახსრობის გამო შეაჩერეს.) 5. განხილულ იქნას უმთავრესი საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც უცნაურად იმსხვერპლა კათოლიკოსი კირიონი."

სამწუხაროდ, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე "უეცრად" გარდაიცვალა 1918 წლის 18 სექტემბერს. როგორც პათანოტომიურმა გამოკვლევამ დაადგინა, მიტროპოლიტი ანტონი მოწამლა მისმა სიძემ, გვარად რედიგერმა, რომელმაც საჭმელში ვერცხლისწყალი შეურია. რედიგერმა შეასრულა იმ ძალების დაკვეთა, ვინც უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II მოკლა. მიტროპოლიტი ანტონის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის. მის დაკრძალვას მრავალრიცხოვანი საზოგადოება დაესწრო. განსვენებულის ღვაწლზე ისაუბრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ლეონიდემ, დეკანოზებმა: კალისტრატე ცინცაძემ, ანტონ თოთიბაძემ,ნიკიტა თალაკვაძემ. მიტროპოლიტი ანტონი დიდი პატივით დაკრძალეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, გავიდა წლები 1924 წელს ბოლშევიკებმა ტაძარი დაანგრიეს. დაიკარგა მიტროპოლიტ ანტონის საფლავიც... მიტროპოლიტი ანტონის სახელი მიეცა დავიწყებას...



მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)

მიტროპოლიტი ნაზარი, ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა, დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, სასულიერო პირის ოჯახში. პატარა იოსები მამამ ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს საქართველოს ეგზარქოსი იყო მთავარეპისკოპოსი პალადი, რომელმაც შეცვალა ქართველთა მაწყევარი ეგზარქოსი პავლე ლებედევი. მას სძულდა ქართველები და სასულიერო სემინარიიდან აძევებდა ქართული გვარ-სახელის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ასეთ რთულ პერიოდში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში იოსებ ლეჟავა, რომელმაც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა სემინარია და დაიწყო სამღვდელმსახურო საქმიანობა დიაკვნის ხარისხში, 1893 წლის 22 თებერვალს მამა იოსები ხონის ფერისცვალების ეკლესიაში აკურთხეს მღვდლად. 1894 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1897 წლის 14 მაისს - სკუფიით. ამ დროს მას ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე და შვილები. 1900 წელს მამა იოსები ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც გაიცნო თავისი თანამემამულენი: კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე. 1904 წლის 1 იანვარს მამა იოსები ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად "ნაზარი" (ღვთისათვის შეწირული). 1905 წელს მან დაამთავრა სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო "კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლა." 1905 წლის 8 ნოემბერს მღვდელმონაზონი ნაზარი დაინიშნა ველინსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად, ხოლო 1907 წლის 7 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად.

1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წლის 1 დეკემბერს დადგენილ იქნა არქიმანდრიტად და ქართლ-კახეთის კეთილმოწესედ. 1912 წლის 12 მაისს ნაზარი არჩეულ იქნა საქართველოს ეპარქიების მუზეუმების კომიტეტის წევრად. 1913 წელს არქიმანდრიტი ნაზარი დაჯილდოებულ იქნა წმიდა ანას I ხარისხის ორდენით. 1916 წლის 19 იანვარს საქართველოს ეგზარქოსის პლატონის წარდგინებით დაინიშნა სინოდის კანტორის წევრად. არქიმანდრიტი ნაზარი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის 12 (25) მარტიდან 1917 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 1918 წლის 17 ნოემბერს არქიმანდრიტი ნაზარი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. სვეტიცხოველში მის მღვდელმთავრად დადგენის მსახურებას ესწრებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია), ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), ეპისკოპოსი გიორგი (ალა-დაშვილი).

რთულ, წინააღმდეგობრივ დროში მოუხდა მიტროპოლიტ ნაზარს ქუთათელ მიტროპოლიტად ყოფნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ათეისტური იყო და არ უწევდა ანგარიშს ეკლესიის ინტერესებს. მთავრობის დეკრეტით საკათოლიკოსო საბჭოსა და ადგილობრივ ეპარქიასთან შეუთანხმებლად გელათის მონასტრიდან გამოიტანეს საეკლესიო სიწმინდენი და გადაიტანეს მუზეუმში. ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ეკლესიასთან. ყოველივე ამის შესახებ მიტროპოლიტ ნაზარს დაუფარავად უქადაგია 1921 წლის 27 იანვარს ქუთაისის საკათედრო ტაძარში. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, მანამდე ორი დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო დადგენილება საეკლესიო სიწმიდეთა ქუთაისში გადატანის შესახებ, რომელიც ქუთაისში მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში დამალეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე), არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე), დეკანოზ დიმიტრის (ლაზარიშვილს) და მიტროპოლიტ ნაზარს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაიწყო ეკლესია-მონასტრების დარბევა, საეკლესიო განძეულობის დატაცება. 1923 წელს ქუთაისის მაზრაში დაიკეტა 160-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. 1923 წლის თებერვალში ქუთაისში ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა წმიდა დავითისა და წმიდა კონსტანტინეს (მხეიძეთა) სასამართლო პროცესი. ბოლშევიკი აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არავითარი წმინდანები არ იყვნენ და ხალხს ატყუებდნენ. სასამართლომ დაადგინა, მათი წმიდა ნაწილები ამოსვენებინათ მოწამეთის ეკლესიიდან და გადაეყარათ. ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა წმიდა ნაწილების ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა და ასე გადაარჩინა ისინი ვანდალების ხელით განადგურებას. მიტროპოლიტმა ნაზარიმ გასცა განკარგულება ქუთაისის ეპარქიის სამღვდელოებას არ გადაეცა საეკლესიო საკუთრება ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. სამწუხაროდ, დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა ქუთაისის სამაზრო კომიტეტის მდივანს ვალია ბახტაძეს მოახსენა სად ინახებოდა საქართველოს საპატრიარქოს, მცხეთისა და სიონის საეკლესიო განძი. 1923 წლის 25 აპრილს შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერდნენ ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე ლორთქიფანიძე, პასუხისმგებელი მდივანი ბახტაძე, პოლიტბიუროს უფროსი კუჭუხიძე, რწმუნებულები: ცირეკიძე, კეთილაძე, თოდუა, ქუთაისში ნაზარ მიტროპოლიტის სახლის სარდაფიდან დღის 12 საათზე ამოიღეს საეკლესიო განძი. დააპატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი. გამოძიებამ დაადასტურა, რომ მან ამ განძის შესახებ არ აცნობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ეს განძი გამოცხადებული იყო ხალხის საკუთრებად და უნდა მოხმარებოდა დამშეულთა გამოკვებას. წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა 1924 წლის 4 თებერვალს სასამართლოს თავმჯდომარეს ასეთი განცხადებით მიმართა: "1924 წლის 31 იანვარს მე ჩამაბარეს საბრალდებო ოქმი. იმის შესახებ,რომ სისხლის სამართლის კოდექსის №10,15,16-ე მუხლების ძალით მე მიცემული ვარ სასამართლოში, ვგრძნობ რა ჩემს სრულ უდანაშაულობას, არ ვთვლი საჭიროდ მოწმეების დანიშვნას. რადგან უსახსრობის გამო არ შემიძლია ვექილის მოწვევა, ვთხოვ უმაღლეს სასამართლოს, მოახდინოს სათანადო განკარგულება, რათა ჩემი საქმეების დამცველად მოწვეულ იქმნეს რომელიმე დამცველი კოლეგიიდან." მას არ აძლევდნენ ბრალდების საქმის გაცნობის საშუალებას. სასამართლომ ვერ დაუმტკიცა მიტროპოლიტ ნაზარს დანაშაული და იძულებული გახდა იგი გაეთავისუფლებინათ წინასწარი პატიმრობიდან, დაბრუნდა ქუთაისში, სადაც უმძიმესი ვითარება დახვდა, მღვდელმთავრის რეზიდენცია კომკავშირელებს ჰქონდათ დაკავებული. 1924 წლის 30 იანვარს ქუთაისის სამაზრო კომიტეტის დადგენილებით გადაწყდა: "დაირღვეს საკათედრო ტაძარი, მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილზე კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილზე დაიდგას ამხანაგ ვ. ი. ლენინის ძეგლი." ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა ნაწილი დაპატიმრებულნი იყვნენ. მიტროპოლიტმა ნაზარმა 22 მაისს შემდეგი განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს: "ეს სამი დღეა ქუთაისში მორწმუნეთათვის თავზარდამცემი ხმა გავრცელდა: ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით და ცენტრალური მთავრობის დასტურით გადაწყვეტილია ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევა და მიწასთან გასწორება. ამის გამო მაქვს პატივი მოგახსენოთ შემდეგი: 1. საერთოდ ყოველი საკათედრო ტაძარი და კერძოდ, ქუთაისის, ემსახურება არა მარტო რომელიმე რელიგიურ საზოგადოებას, არამედ მთელი ეპარქიის მორწმუნეებს, რადგან იმერეთის ეპარქიაში მხოლოდ აქ სრულდებოდა სამაგალითო და საზეიმო სამღვდელმთავრო ღვთისმსახურება, მღვდლის, დიაკვნისა და იპოდიაკვნის კურთხევა. ქუთაისის საკათედრო ტაძრის დაკეტვამ ძაძებით შემოსა მორწმუნეები, ხოლო მისი დანგრევა უეჭველად სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და სარწმუნოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს არათუ ქუთაისის მორწმუნეთა შორის, არამედ მთელს იმერეთში. ასეთი სარწმუნოებრივი გრძნობების შელახვა არ მომხდარა არა თუ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არამედ არც რუსეთში, სადაც სარწმუნოებრივი ცხოვრება დუღს. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამართლიანობის საფუძველზე არ უნდა მოხდეს არც საქართველოში. 2. ეს ტაძარი ისტორიული ძეგლია და აგებულია იმერეთის ნახევარმილიონიან მორწმუნეთა მიერ... 3. გაუგებარია, რა უნდა შესძინოს ვინმეს მორწმუნე ხალხის ოფლითა და სისხლით აშენებული სალოცავის დანგრევამ? ყველასათვის ცხადია, რომ ამ ტაძრის დარღვევა იმერეთის ყველა მაზრებში მორწმუნეთა შორის დიდ მითქმა-მოთქმას, უკმაყოფილებას და სულიერ აღშფოთებას გამოიწვევს, რატომ უნდა ვცდილობდეთ ხალხში უკმაყოფილების გაძლიერებას და განვითარებას... ყველა ამის მიხედვით, მაქვს პატივი უმორჩილესად ვთხოვო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს მთავრობას, რათა მან კეთილი ინებოს, გააუქმოს და სისრულეში არ მოიყვანოს ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება, რომელი ტაძარიც არის დიდი ისტორიული ძეგლი." მიტროპოლიტ ნაზარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ, 1924 წლის 3 ივნისს დაიწყო ტაძრის ნგრევა და 2 აგვისტოსათვის დასრულდა. 27 აგვისტოს მიტროპოლიტ ნაზარს სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია თხოვნით ეკურთხებინა სოფლის ეკლესია. მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა სოფელში 28 აგვისტოს და აკურთხა ეკლესია. იმ ღამით დარჩნენ მღვდელ პოლიევქტოს ვარდოსანიძის ოჯახში, სადაც მათ მიაკითხეს ადგილობრივი მილიციის უფროსმა მაღლაკელიძემ და როდინაულის თემსაბჭოს თავმჯდომარემ სერაპიონ ხაჭაპურიძემ და დააპატიმრეს ისინი. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ბოლშევიკებმა "პოლიტიკური სიფრთხილე" გამოიჩინეს. ამ დღეს ხომ შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ჭიათურაში და გავრცელდა მთელ დასავლეთ საქართველოში, საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო ბარბაროსული ანგარიშსწორება. ამ ანგარიშსწორებაში მოჰყვნენ მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები. დაპატიმრებულები ხელფეხშეკრულები ურმით წაიყვანეს ქუთაისში. მათი საქმე გამოძიებისათვის გადაეცა ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს პასუხისმგებელი რწმუნებულის თანაშემწეს გ. შონიას, რომელსაც 30 აგვისტოს ასეთი დადგენილება გამოუტანია: "მე, ქუთაისის მაზრის პასუხისმგებელი რწმუნებულის თანაშემწემ გ. შონიამ, განვიხილე რა საქმე №590 ბრალების გამო ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავასი, დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის, მღვდელ სიმონ მჭედლიძის, მღვდელ იეროთეოზ ნიკოლაძის, დიაკონ ბესარიონ კუხიანიძის, სვირის თემსაბჭოს სოფელ რიდინოულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დავადგინე: ისინი ეწეოდნენ კონტრევოლუციურ საქმიანობას მიმართულს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ." ამიტომ "განსაკუთრებული სამეულის" გადაწყვეტილებით დაპატიმრებულნი გამოიყვანეს საფიიჩხის ტყეში და დახვრიტეს. მიტროპოლიტ ნაზარს დახვრეტის წინ ამ სიტყვებით დაუმშვიდებია დასახვრეტად განწირული მოძღვრები: "ქართველი ხალხი ყოველთვის დაუზოგავად იბრძოდა სარწმუნოებისათვის, თავისუფლებისათვის და ამ ჩემს წვალებასაც არ დატოვებს უყურადღებოდ." მიტროპოლიტი ნაზარი იყო ღრმადგანსწავლული ინტელექტუალი სასულიერო პირი, მისი დახვრეტა იყო იმ საშინელი დროის ყველაზე თვალნათელი მაგალითი, თუ როგორ დევნიდა ხელისუფლება სამშობლოსა და ეკლესიის ინტერესებისათვის მებრძოლ პატრიოტებს. საბჭოთა ისტორიოგრაფია ხელისუფლების დაკვეთით მას "ანტისაბჭოელ სასულიერო იერარქად მოიხსენიებდა." 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთისა და ერის წინაშე მოწამებრივი ღვაწლისათვის მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად მღვდელნი: სიმონ მჭედლიძე, გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველნი უღმერთოთგან წამეულნი წმინდანებად შერაცხა. აქვე გთავაზობთ მიტროპოლიტ ნაზარის ქადაგებას 1921 წლის 26 იანვარს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

"ჩვენი ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომელიც უკვე კარგა ხანია, ნაცვლად ალექსანდრე ნეველისა, ატარებს დავით აღმაშენებლის სახელს, დღეს პირველად დიდის ბრწყინვალებით დღესასწაულობს თავის ტაძრის დღეობას.

ეს გარემოება გვავალებს ჩვენ აღვავლინოთ ჩვენს გრძნობა-გონებაში საქართველოს სახელოვან ბუმბერაზ მეფე დავით აღმაშენებლის წმინდა ხსენება.

გუშინ და დღეს ეკლესიაში წაკითხული ანტონ კათოლიკოსის მიერ შედგენილი საკითხავ-საგალობლები მჭევრმეტყველურად აქებ-ადიდებენ ჩვენი ქვეყნის და ერის XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისის დიდ მესვეურ-მოამაგეს, მოჭირნახულე მეფეს, ჩვენს ეროვნულ წმინდანს, დავით აღმაშენებელს.

დღეს, როდესაც გაერთიანებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო ზეიმობს თავის მკვდრეთით აღდგომას და იწყებს ახალ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, მიზანშეწონილი იქნება ჩვენს ხსოვნაში, ჩვენთვის მარად სათაყვანო აღმაშენებლის წმიდა სახე, ნიშნად ჩვენი განუსაზღვრელი სიყვარულისა, შევამკოთ დაფნის ფოთლებით და მის წინაშე საღვთო მოწიწებით მუხლი მოვიყაროთ და მხურვალედ შევთხოვოთ, რომ მან მამობრივი გრძნობით და სიყვარულით აკურთხოს და დალოცოს თავისი დიდნაჭირნახულევი საქართველო და მისი ახლად დაწყებულ-განახლებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

ვისაც დაკვირვებით გადაუკითხავს მსოფლიო სამოქალაქო ან საეკლესიო ისტორია, ის უსათუოდ შეიგნებდა ისტორიული პიროვნების დიდ მნიშვნელობას სხვადასხვა ეროვნებათა ცხოვრებაში. ისტორიული პიროვნება შეიძლება ითქვას, რომ თვით ქმნის ისტორიას. მას აქვს ღვთისაგან ნიჭი, აუღოს ალღო ცხოვრების მიმდინარეობას და მისცეს მას თავისი ბუნებრივი მსვლელობა.

ხშირად ისტორიულ პიროვნებას ადარებენ იმ წყლის წვეთს, რომელიც აუზის ავსების შემდეგ თვით იკაფავს, იკვლევს გზას და შემდეგ ამ მიმართულებას აძლევს დიდ ნაკადულს. ამგვარი უკვდავი ისტორიული პიროვნებები ჰყავს ყოველ ერს. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ამისთანა დიდმნიშვნელოვანი ისტორიული პირია სხივმოსილი, გენიოსი მეფე დავით აღმაშენებელი, რომელიც თავის რკინის ენერგიით, გამჭრიახი გონებით და უხვი შემოქმედებითი ნიჭით ქმნიდა და სჭედდა საქართველოს მაღალ კულტურას, მის დიდებასა და უკვდავებას.

საქართველოს ტახტზე ასვლისთანავე მან გაათავისუფლა სამშობლო თურქ-სელჩუკთა ველური თარეშისაგან, დაიპყრო მთელი ამიერკავკასია, სომხეთი, მცირე აზიის ნაწილები, გამოსჭედა ძლიერი და დიდებული საქართველო შავი ზღვიდან კასპიამდე, დერბენდიდან - არზრუმამდე.

გარეშე მტერზე გამარჯვებულმა მეფემ ხელი მიჰყო შინაური საქმეების გაწმენდა-მოწესრიგებას, მშვიდი და წყნარი მოქალაქეობრივი ცხოვრების დამყარებას! "განავსო და აღაშენა ყოველი ოხერქმნილი და გადაემატა ყოველთა ჟამთა მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი," - ამბობს დავითის ბიოგრაფია. მის დროს შესდგა ფეხი საქართველომ მსოფლიო ისტორიაში. დავით აღმაშენებელმა დადგა განათლების აკვანი სამეფოს ყოველ კუთხეში, რომელთა შორის მეტად შესანიშნავი იყო იყალთოს სასწავლებელი მთავარეპისკოპოსის, არსენ იყალთოელის ხელმძღვანელობით. განათლებულმა მეფემ დააკანონა ყოველ წლივ 40 ახალგაზრდა, სწავლა-ცოდნის მოსიყვარულთა საბერძნეთში გაგზავნა განათლების მისაღებად. ღრმად მორწმუნე მეფემ შეამკო, გაამშვენა, გაამდიდრა ტაძარ-მონასტრები არამცთუ სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც. ქართული მონასტრები პალესტინა-სირიისა, ეგვიპტე-ათონისა, საქართველოს ნაწილები დაახლოვა, შეაერთა ჩატეხილი ხიდების აღდგენით და კარგი გზების გაყვანით, მოაწყო წესიერი და მტკიცე ადმინისტრაციული მართვა-გამგეობა და მიუდგომელი მართლმსაჯულება.

დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მეფე უცხოელებს და კეთილი შემწყნარებლობით მუსულმანურ, სომეხთა სარწმუნოებას. იმ დროს, როდესაც ამ ნიადაგზე ევროპა ინკვიზიციებში იხრჩობოდა.

თვითონ პირადად მეფე იყო მეტად ღრმად მორწმუნე და ძვირფასი ქრისტიანული გრძნობებით აღვსილი და, ამავე დროს, ის კარგად იყო ცნობილი როგორც მწერალი. მისი კალმის საუცხოო ნიმუშია მის მიერ შედგენილი შესანიშნავი სინანულის საგალობელი, სადაც წრფელი სარწმუნოება, ანკარასავით წმინდა ქრისტიანული გრძნობა და პოეტური აღმაფრენა თანაბრად არის შეზავებული და შეთანხმებული.

თუმცა ჩვენ რვა საუკუნით დაშორებული ვართ დავით აღმაშენებელზე, მაგრამ მისი საეკლესიო და სამოქალაქო თვალსაჩინო მოღვაწეობა დღესაც ცხადად და ნათლად დგას ჩვენს თვალწინ. ამისათვის არავითარ დროთა ბრუნვას და კატასტროფულ მოვლენას არ შეუძლია მისი შარავანდედით მოსილი მოღვაწეობა ამოშალოს ქართველთა ერის გულიდან, სადაც ის ოქროს ასოებით სამარადისოდ აღბეჭდილია.

დავით აღმაშენებლის სახელი შთამომავლობისათვის ღვთაებრივი სიყვარულია. დავით აღმაშენებელი და საქართველო სამუდამოდ ისტორიულად შესისხლხორცებულ არიან ერთმანეთთან, გადაბმულ-შედუღებულნი. დავით აღმაშენებლის ისტორია თვით საქართველოს ისტორიაა.

დავით აღმაშენებელმა მეტად ბევრი გააკეთა საქართველოს კეთილდღეობა-ბედნიერებისათვის. მაგრამ, სხვათა შორის, მან დაუტოვა სამშობლოს ეგვიპტის პირამიდებრივი ხელთუქმნელი ძეგლი - გელათის მონასტერი - ეს იმისთანა მშვენება, სიამაყე, დიდება და ბრწყინვალება. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობიდან რომ მეტი არაფერი არ დარჩენილიყო, ესეც სრულიად საკმარისი იქნებოდა მისი სამარადისო უკვდავებისათვის ქართველთა გრძნობაში.

ეს შესანიშნავი, ძლევამოსილი, საქართველოს მაშინდელი მეფე გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. ქართულმა ეკლესიამ საეკლესიო მოღვაწეობისათვის ის წმინდანად შერაცხა. მადლიერმა ეკლესიამ, ქართველმა ერმა მას სახელად აღმაშენებელი უწოდა. ის, თანახმად მისი სურვილისა, დამარხულია მის საყვარელ და დიდად ნაამაგარ გელათში, სამხრეთის შესავალი კარიბჭის ქვეშ. მისი საფლავის ქვაზე არის შემდეგი, მეტად დიდმნიშვნელოვანი წარწერა: "ოდეს მე ნაჭარმაგევს შვიდთა მეფეთა მასპინძელ ვექმენ, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარგარეთგან სამეფოისა ჩემისა ვიოტე, გარდავხსნე თევზნი მდინარეთაგან ამიერისა მდინარეთა იმერისა, ყოველივე ესე აღვასრულე, გულხელი დავიკრიფე."

ღმერთო, ძლიერო და დიდებულო! თავისუფალ, დამოუკიდებელ სამშობლოს ბევრი მოუვლინე დავით აღმაშენებლის მსგავსი სახელმწიფო ისტორიული პირები მის აღსამაღლებელ-ასაყვავებლად. უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"

 

VII. XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ეკლესიის დოკუმენტები

გუჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II-ისა საქართველოჲს ეროვნული ყრილობის მიმართ

მშვიდობა თქვენდა და კურთხევა

რჩეულნო ივერიისანო!

ძალამიხდილი, ჭაღარამოსილი მამათმთავარი ებრაელთა იაკობ ქვეყანასა უცხოსა ეგვიპტისასა მოუწოდებდა ძეთა თვისთა ათორმეტთა და ეტყოდა: "შემოკერბით ჩემდა, რათა მიგითხრა რაჲ შეგემთხვევის თქვენ უკანასკნელსა დღეთასა, შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაელისა, მამისა თქვენისა" (შესაქ. 49, 1-2). ასულნო და ძენო აწ წარტყვენვილისა და ძალამიხდილისა მხცოვანის საქართველოჲსანო! შემოკერბით ჩემდა, მამათმთავრისა თქვენისა, და ყური მიუპყართ სიტყვათა ჩემთა.

ოდეს ერი ქართველთაჲ გარემოიცვა შურმან, მტრობამან და ურთიერთას გაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისა და დაწვლილებისასა,- შესუსტდა შემოქმედობითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნე სულისა მისისა, დაკნინდა შინაგანი ცხოვრება მისი, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალი მისი და მან, ლაღმან და ქედმაღლოანმან, მუხლი მოიდრიკა წინაშე უცხოთესლისა, რომელმან, თქმულისაებრ წერილისა, "ძენი თქვენნი წარიყვანნა და ცხენთა ზედა აღასხნა, ასულნი თქვენნი აღიხვნა და მზარეულ ქმნა; აგარაკნი თქვენნი და ვენახნი, ზეთისხილნი თქვენნი და კეთილნი მოგიღოთ; თესლნი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თქვენ მისდა მონად" (მეფ. 1, VIII, 11-17). "რაოდენგზის ინება" დედამან-მშობელმან "შეკრება თქვენი, ვითარსახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, გარნა არა ინებეთ ესე" (მთ. 23,27) და არცა "უფალმან" თქვენმან ნებაგცათ ამისი. და დღეს, ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდსაწედელსა, წინასწარმეტყველებრ ვღაღადებ: "აჰა ესერა რაჲმე კეთილ ანუ რაჲმე შვენიერ, არამედ დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად (ფსალ. 132, 1). ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელისამპყრობელ მისი. ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოჲსა, სანაპიროთა თვისთაგან გადმოხეთქილი, და წარღვნასა უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა. და თქვენ,რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნობა და დღისა ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ "აღსდგებიან მკვდარნი" (ის. 26, 19), საქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!

აჩრდილნი დიდებულთა ჩვენთა წინაპართანი, ვედრებანი ახლად აღდგენილ ივერიის ეკლესიისანი და კურთხევა ჩემის უღირსოებისაჲ გფარვიდეს და წინაგიძღოდეს თქვენ გზასა მას მოღვაწებისა თქვენისასა.

მდაბალი კირიონ მეორე, მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქი.

ქ. ტფილისი

19 ნოემბერს 1917    წ.



ღვთის-მსახურება და სამღვდელოება

(მოხსენება, წაკითხული სრულიად საქართველოს 1917 წლის საეკლესიო კრებაზე)

საქართველოს ეკლესიას, როგორც წევრს აღმოსავლეთის მართლმადიდებლობითი ეკლესიისას, აქვს მეტად რთული და ვრცელი რიტუალი, ე. ი. ღვთისმსახურების წესრიგი. ჩვენი ღვთისმსახურება იმდენად ვრცელია, რომ ძნელად თუ ვინმე მოიპოვება ისეთი, რომელმაც შესძლოს ტიბიკონისებური ლოცვა ბოლომდის მოისმინოს, დღევანდელი ტიბიკონი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ღვთისმსახურებას, არის სამონასტრო, ის დანიშნულია ბერმონაზონთათვის, რომელნიც სულ სხვა პირობებში იმყოფებიან, ვიდრე ყოველდღიურ ჭირ-ვარამში გართული და ათასგვარ ზრუნვით შეპყრობილი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ტიბიკონისებური ღვთისმსახურება მონასტრებშიაც კი არ სრულდება დღეს, მხოლოდ ძველს ათონზე სცდილობენ ბერები იმის სისრულით დაცვას და აღსრულებას, და იქ ღამისთევითი ლოცვა, მაგალითად, ღამისთევაა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. თუ მონასტრებშიაც კი ვერ ახერხებენ ტიბიკონის შესრულებას, განა შესაძლოა ის ასრულდეს სოფლად? ცხადია რომ არა, და ეს გარემოება კი მორწმუნე ადამიანს უკარგავს სულის სიმშვიდეს, ვინაიდგან იმას ჰგონია, რომ რაღაცა დანაშაულობას სჩადის, როდესაც ბოლომდის ვერ ისმენს ღვთისმსახურებას, ან ისე ვერ ისმენს, როგორც ჯერ არს. ამისათვის საჭიროა ღვთისმსახურება შემოკლდეს და განმარტივდეს ისე, როგორც ეს შეეფერება დღევანდელ პირობებში მყოფ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებას.

საკითხავია, რამდენადა გვაქვს ჩვენ ასეთი განმარტივებისა და შემოკლების უფლება. ვინც ჩვენი ეკლესიის რიტუალის ისტორიას გასცნობია, მან იცის, რომ ღვთის-მსახურება მეტად ცვალებადია. მოციქულებიდან მოყოლებული ის დროთა განმავლობაში თანდათან იცვლებოდა, ვიდრე დღევანდელი სახე არ მიიღო. ჩვენ რომ შევადაროთ მაგალითად უძველეს დროის და ეხლანდელი კურთხევანი დავინახავთ, რომ ის წესები, რომელთა შესრულებას ეხლა საათობით სჭირია დრო, ძველს რედაქციებში განისაზღვრებოდა მხოლოდ რამოდენიმე ლოცვით. ავიღოთ თვით წირვის წესი: იმისი მოციქულთა დროინდელი უცვლელი დედაფუძე არის ეგრეთწოდებული "საევქარისტიო კანონი." დანარჩენი ნაწილი კი ცვალებადია. ჩვენ ვიცით, რომ იაკობ მოციქულის ჟამის წირვა, მეტად გრძელი და ვრცელი, შეამოკლა ბასილი დიდმა, ხოლო ამ უკანასკნელის - იოანე ოქროპირმა. აქედან ნათლადა სჩანს, რომ პრინციპი ცვალებადობისა ჩვენი ეკლესიისათვის უცხო არაა. ეს რომ ასე არ იყოს, ისტორიაში ხომ ადგილი არ ექნებოდათ წმინდა საფლავისა, სპონდიელთა მონასტრისა, სოფია წმიდისა, სტოდიელთა მონასტრის, მთაწმინდელთა და საბაწმინდის ტიბიკონებს, რომელნიც თავიანთ ელფერს აძლევდნენ ღვთის-მსახურებას, შესაფერ წესებს თხზავდენ და თავისებურად აყალიბებდენ საეკლესიო წიგნებს.

როდესაც ლაპარაკია ღვთის-მსახურების და საზოგადოთ ტიბიკონის განმარტივებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ტიბიკონი სრულიად მოსპობილ იქმნეს; ის შეიძლება დარჩეს იმათთვის, ვისთვისაც დანიშნულია და ვისაც შეძლება აქვს უფრო სისრულით შეინახოს ის, სახელდობრ მონასტრებში. შეიძლება შენახულ იქმნეს ის აგრეთვე საკათედრო ტაძრებში, სადაც სამღვდელმთავრო ღვთისმსახურება სრულდება ხოლმე. რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, აქ იგი შემოკლებულ უნდა იქმნეს. ამისი მაგალითი ისტორიაშიც გვაქვს. კონსტანტინოპოლის "დიდ ეკლესიას", ეგრეთწოდებულ "აი-სოფიას", სადაც პატრიარქი "საზეიმო" ღვთის-მსახურებას ასრულებდა ხოლმე, თავისი ტიბიკონი ჰქონდა, უფრო ვრცელი და რთული, ვიდრე სამრევლო ეკლესიებს; ეს უკანასკნელნი ზოგად მიღებულ ტიბიკონს სოფლის ცხოვრებას და მოთხოვნილებას უფარდებდენ.

რასაკვირველია, რიტუალის განმარტივების საქმე მთავარმა საეკლესიო ორგანომ უნდა იკისროს; შეუძლებელია ის კერძო პირთა საწვალებლად გადაიქცეს. ამისთვის უთუოდ საჭიროა აღმოსავლურ ეკლესიათა თანამედროვე ლიტურღიული პრაქტიკის ცოდნა, ღვთის-მსახურების ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით გაშუქება, იმისი არსებითინაწილების უმნიშვნელოთაგან გარჩევა, სიტყვით აქ საჭიროა წმინდა სამეცნიერო ძიება. ერთადერთი კომპეტენტი ორგანო, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ საქმეს მეცნიერ სპეციალისტთა საგანგებო კომისიის საშუალებით, არის საკათალიკოზო საბჭო.

ერთი მთავარი საკითხთაგანია აგრეთვე თუ რა ანბანით უნდა იბეჭდებოდეს საღვთისმსახურო წიგნები. ჩვენს ეკლესიაში თავიდანვე მიღებულია საღვთისმსახურო წიგნების საბეჭდად ეგრეთწოდებული "ხუცური" ანბანი. მას რასაკვირველია, თავისი ისტორიული მიზეზი აქვს. პირვანდელი უძველესი ანბანი ქართული მწერლობისა, როგორც ეხლა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს ქართულ პალეოგრაფიაში, არის "ხუცური", რომლიდანაც თანდათანობით მხედრული განვითარდა. პირველად "ხუცური" ანბანით იწერებოდა არა თუ საღმრთო და საეკლესიო წიგნები, არამედ საერო ხასიათის ნაწარმოებნიც. მხედრულის გაბატონების შემდეგ "ხუცური" საეკლესიო ანბანად დარჩა, თუმცა უნდა ვსთქვათ, მეთვრამეტე საუკუნეში, უკვე საეკლესიო წიგნების წერაც იწყეს მხედრული ანბანით. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ხუცური დღეს ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა და მხედრულთან შედარებით უფრო ძნელი საკითხავია, უნდა ვაღიაროთ, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს საღვთისმსახურო წიგნების ხუცურად ბეჭდვა და დროა ეკლესიაშიც მხედრული ანბანი შემოვიღოთ ხმარებაში. ბევრი მორწმუნე ქართველი იქნება ისეთი, რომელსაც საეკლესიო წიგნების წაკითხვა სწყურია, მაგრამ "ხუცურის" უცოდინარობა უშლის ხელს. რათ უნდა დაუხშოთ მას კარი მაღალ პოეზიით და გრძნობით აღსავსე სალაროისა? უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში და აგრეთვე რუსეთისაში, სადაც საეკლესიო წიგნები "სლავური" ანბანით იბეჭდება; სხვა ეკლესიებში კი, მაგალითად საბერძნეთისაში, სომხებისაში - ყველგან ერთი და იგივე ანბანი არის ხმარებაში.

საღვთისმსახურო წიგნების გამოცემის დროს უნდა მიექცეს აგრეთვე ყურადღება ზოგიერთ მეტად დაძველებულ ფრაზებისა და წინადადებათა განმარტივებას და თანამედროულად და უფრო გასაგებად გადმოკეთებას. თვით ლიტურღიის წესში ჩვენ ვხვდებით ისეთ ადგილებს, რომელთა გაგება მეტად ძნელია არამც თუ უბრალო მსმენელისათვის, არამედ ცოტად თუ ბევრად ძველს მწერლობაში დახელოვნებულისათვისაც. ავიღოთ, მაგალითად, "რომელი ქერობინთას"-ს მეორე ნაწილი: "და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა ანგელოზთაებრ უხილავად, ძღვნის შემწირველთა, წესთასა, ალილუია." - ეს საქმეც, რასაკვირველია, იმავე საკათალიკოზო საბჭოს კომპეტენციას უნდა მიენდოს.


***

ერთ-ერთი მთავარი მორიგ საკითხთაგანია აგრეთვე ჩვენი სამღვდელოების ჩაცმულობა. სამღვდელოება თავისი განსაკუთრებული ტანისამოსით განსხვავებული და გამოთიშულია დღეს თავის სამწყსოჲსაგან. სამღვდელოების ეს ჩაცმულობა, ანაფორა-კაბები გამომუშავდა განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიაში, უფრო კი რუსეთში, სადაც თითქმის ყველა წოდებას და ყოველგვარ პროფესიას თავისი ფორმა ჰქონდა მიჩემებული. დასავლეთ ევროპაში ეს ასე არ არის. იქ არამცთუ ადგილობრივნი მღვდელმსახურნი, არამედ მართლმადიდებელი სამღვდელოებაც ჩვეულებრივს საერო ტანისამოსს ატარებს ხოლმე. აქ საჭიროა არაა შეჩერება იმაზე, თუ რა უხერხულობას შეიცავს სამღვდელოების გამოთიშვა მორწმუნეთა კრებულისაგან ამ განსაკუთრებული ტანისამოსით, ეს ყველასათვის ცხადი უნდა იყვეს, აქ შევჩერდებით მხოლოდ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა სამღვდელო პირებმა გარეშე საღვთისმსახურო ადგილისა ჩაიცვას ჩვეულებრივი საერო ტანისამოსი, ყოველი მოქალაქე რომ ატარებს.

თუ ისტორიულად შევეხებით ჩვენ ამ საკითხს, დავინახავთ, რომ განსაკუთრებული ტანისამოსი სამღვდელო პირთათვის შემდეგი დროის ნაყოფია, თავდაპირველად მღვდლები ტანისამოსით და გარეგნობით სრულიადაც არ განირჩეოდნენ თავიანთ სამწყსოჲსაგან, ისინი ისეთსავე ტანისამოსს ატარებდენ, რასაც სხვები. საისტორიო და საარქეოლოგიო კვლევა-ძიება ამ საკითხზე შემდეგ პასუხს იძლევა. თავდაპირველად სამღვდელოება ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს, და ეკლესიის გარეშე, სახლში, ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა, ეს ტანისამოსი კი არაფრით არ განირჩეოდა ამ ტანისამოსისაგან, რომელნიც ეცვათ საერო პირთ ძველს რომსა და საბერძნეთში. ძველი რომაელები ატარებდენ გრძელსა და სრულ ტანისამოსს, რომელსაც ერქვა ტუნიკა ანუ ხიტონი, ბერძნულად სტიქარიონი, პალლიუმი ანუ იმატიონი, გინა თუ პენულა, ბერძნული გამოთქმით ფელონიონ; პირველი ამათგანი არის პროტოტიპი ჩვენი დროის სტიქარისა, მეორე კი ფილონისა. ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით გინგილას (მღვდლის გინგილას ოლარი ჰქვია), რომში ცნობილი იყო "ორარის" სახელით და წარმოადგენდა გრძელს და ფართო სელის ლენტს, რომელსაც ბეჭზე ატარებდენ პირისა და სახის მოსაწმედად. პირველი ექვსი საუკუნის განმავლობაში სამღვდელოებაც ამავე ტანისამოსს ჰხმარობდა ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეშე, ასე რომ ტანისამოსით ის არ განირჩეოდა საეროთაგან, მეშვიდე საუკუნიდან - კი საქმე შეიცვალა.

მეექვსე საუკუნეში რომში ფეხი მოიკიდა გერმანულმა კულტურამ, რომელმაც თან მოიტანა მოკლე გერმანული სამხედრო ტანისამოსი. ვინაიდან ეს ტანისამოსი უფრო ადვილი სახმარებელი იყო და თან ხელმისაწვდენიც, მასსამ ადვილად და ძალიან მალე გადაიღო ის. სამღვდელოებამ კი, როგორც უფრო კონსერვატიულმა ელემენტმა, ამ ახალს ბარბაროსულ ტანისამოსს ზურგი აქცია და ისევ ძველებური გრძელი და სრული ტანისამოსი შეინარჩუნა. ამნაირად, მეშვიდე საუკუნიდან თავი იჩინა განსხვავებამ სამღვდელო და საერო ტანისამოსს შორის. მეცხრე საუკუნემდე სამღვდელოება ღვთის-მსახურების დროს და შინაურ ცხოვრებაში ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა. მეცხრე საუკუნიდან საეკლესიო ცხოვრებამ აღმოსავლეთში, საბერძნეთში სპეციფიური ორთოდოქსალური ელფერი მიიღო და ამ მოვლენამ თავისი ბეჭედი სამღვდელო ტანისამოსსაც დაასვა. საბერძნეთში ამ დროიდან ხმარებაში შემოდის გრძელი, ჩვენებური ახალუხის მსგავსი, ტანისამოსი, რომელსაც "კაბიდონს" უწოდებდენ; ამ "კაბიდონს" იცვამდნენ როგორც საერონი, ისე სამღვდელონი ეკლესიის გარე, ოჯახურს ცხოვრებაში, ეკლესიაში კი, ღვთის-მსახურების დროს, ძველებურ რომაულ გრძელსა და სრულს ზემოთნახსენებს ტანისამოსს ჰხმარობდენ. ამნაირად მეცხრე საუკუნიდან თავი იჩინა განსხვავებამ სამღვდელოთა საღვთისმსახურო და საოჯახო ტანისამოსში. "კაბადიონი~" რომელსაც სამღვდელოება იცვამდა, გადმოღებულ იქმნა ჩვენშიაც და შეიქნა ჩვენებურ სამღვდელო პირთა "კაბის" პროტოტიპად. რაც შეეხება "ანაფორას", ეს გარეგანი ფორმით იგივე კაბაა, მხოლოდ მის ზევით ჩასაცმელი; ეს თვითონ სახელწოდებიდანაც სჩანს: ანაფორა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "ზემოდან სატარებელს." ჩვენში რომ სამღვდელოება ტანისამოსით საეროთაგან არ განირჩეოდა,ეს იქიდანაც სჩანს, რომ ჩვენებური ჩოხა-ახალუხი, წარმოადგენს განვითარებას ბერძნული "კაბადიონისას," რომელიც, როგორც აღნიშნული იყო, სამღვდელო პირთა ტანისამოსად იქცა. ჩვენში მართლაც ხშირად სამღვდელო ტანისამოსს ჩოხას ეძახდენ. ეს იქიდანაც სჩანს, რომ ბერების ტანისამოსს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სამღვდელო პირთა ტანისამოსისაგან, არამც თუ ძველად, ეხლაც ხშირად ეძახიან ჩოხას. ამნაირად, როგორც რომსა და საბერძნეთში, ისე საქართველოშიაც სამღვდელო ტანისამოსი არაფრით არ განსხვავდებოდა საეროთა ტანისამოსისაგან; თუ ეს ასე იყო ყოველგან ძველად, არც ახლა იქნება რაიმე განსაკუთრებული, სამღვდელოებამ რომ იგივე ტანისამოსი ატაროს, რაც საზოგადო ხმარებაშია.

გარდა ტანისამოსისა, სამღვდელოება განირჩევა საეროთაგან გრძელი თმებით; ვერც ისტორიაში, ვერც საეკლესიო კანონებში ჩვენ ვერ ვიპოვნით გრძელი თმების ტარების გასამართლებელ საბუთს, პირიქით, აქ ყველგან აკრძალულია გრძელი თმების ტარება. ქრისტეანობის პირველ ხანაში, მოციქულების დროს, გრძელი თმების ქონა დიდ სირცხვილად იყო მიჩნეული. მოციქული პავლე ამბობს: "მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერებაჲ არს მისა" (1 კორ. XI, 14); იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, ნეტარი იერონიმე, თეოდორე სტოდიელი და სხვები ერთხმად აღუკრძალავენ სამღვდელო პირთ, თითონ ბერებსაც-კი, გრძელი თმების ტარებას, ვინაიდან გრძელი თმების ტარება წარმართებს სჩვევიათო." "მოციქულთა დადგენილებანი" აგრეთვე აღუკრძლავენ გრძელ თმების დაყენებას, რასაც ისინი მეძავთა და მემრუშეთა თვისებად სთვლიან. მეშვიდე საუკუნეში არამც თუ გრძელს თმებს არ იყენებდენ, პირიქით ჩვეულებაში შემოვიდა თავის კეფაზე მრგვლივ თმების გამოპარსვა. ასეთი პრაქტიკის მომგონებელია ეხლა მღვდელთმთავრების მიერ წიგნის-მკითხველად კურთხევადის აღკვეცა. მეექვსე მსოფლიო კრების 21 და 42 კანონი მოითხოვს მღვდლებისა და ბერებისაგან, რომ იმათ თმები აღიკვეცონ თუ მღვდლად და ბერად დარჩენა უნდათ. ამასვე ამოწმებენ პატრიარქი გერმანე (VIII საუკუნე), პატრიარქი პეტრე ანტიოქიელი (XI ს.), ვალსამონი (XII ს.), სვიმეონ სოლუნელი (XV ს.) და ეგრეთ-წოდებული პიდალიონი (კანონთა განმარტებანი), რომელიც 1800 წელს გამოიცა საბერძნეთში. ამნაირად გრძელი თმების ტარება ძველად არაცთუ სავალდებულო არაა, პირიქით, როგორც დავინახეთ, აკრძალულიც კი არის. მაშასადამე ეხლაც სავალდებულო არ უნდა იყვეს სამღვდელო პირთათვის გრძელი თმების დაყენება. თვით მათ სურვილზე უნდა იყვეს დამოკიდებული როგორ თმებს ატარებენ ისინი: გრძელსა თუ მოკლეს, შეკრეჭილს.




დებულებანი:

1) საჭიროა ჩვენი ღვთის-მსახურება განმარტივდეს, ცხოვრებას დაუახლოვდეს და, შეძლებისდაგვარად, შინაარსით და ფრაზეოლოგიით საშვალო მლოცველ-მორწმუნეთათვის გასაგები იყოს. ამის მოსაგვარებლად საკათალიკოზო საბჭოსთან უნდა დაარსდეს განსაკუთრებული "საღვთის-მსახურო კომისია."

2)  საღვთო და საეკლესიო წიგნების საბეჭდავად უნდა შემოღებულ იქმნეს მხედრული ანბანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს წიგნები ფართო მასისათვის უფრო ხელმისაწვდენი იქნება.

3) კრებულის წევრთათვის სავალდებულო არ უნდა იყოს ეკლესიის გარეშე ანაფორის ტარება: სურვილისამებრ მათ შეუძლიათ საერო ტანისამოსი ატარონ.

4) მათთვის არც გრძელი თმებისა და წვერის ტარება უნდა იყოს სავალდებულო, ესეც კერძო სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული.


დეკ. კ. კეკელიძე





სიტყვა

თქმული მათის უწმიდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II-ის მიერ განსვენებულ თ. ჟორდანიას საფლავზე, დიდუბეში 22 ღვინობისთვეს, გარდაცვალების წლის თავზე.

ძმაო ძვირფასო ამხანაგო და მეგობარო თედო!

ექვსი წელიწადი ვსწავლობდით სემინარიაში ერთად და შემდეგ აკადემიის გათავებისა სხვა და სხვა ასპარეზზედ მოგვიხდა სამსახური: შენ - საყვარელ სამშობლოში, მე კი - უცხოეთში. აქედან იწყება ჩვენი მოღვაწეობა სამშობლო ეკლესიის აღსადგენად. ისეთი ძნელი დრო იყო მაშინ, რომ ავტოკეფალიაზედ მხოლოდ ჩურჩულით შეგვეძლო ლაპარაკი. გამოგვიჩნდა რუსეთში ღვთისნიერი და პატიოსანი ადამიანი ნ. ნ. დურნოვო, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ჩვენის ეკლესიის ავტოკეფალიაზედ. ჩვენც ამოვუდექით მას გვერდში და შევუდექით საქმეს. არავის ეგონა, რომ დურნოვო რუსი იყო. ფიქრობდნენ, რომ მე ჩემი გვარი (საძაგლიშვილი) რუსულად გადავთარგმნე და მე მაწერდნენ მის სტატიებს. 32-33 წელიწადი ვიღვაწეთ ერთად და აი, ვეღირსენით იმას, რასაც მოუთმენლად მოელოდნენ ჩვენნი წინაპარნი. შენ, ერთგულო მამულიშვილო, ისე ჩახველ საფლავში, რომ ვერ გაიგონე თავისუფლების აზრი, მაგრამ გვწამს, რომ შენი სული ჩვენთან ერთად არის დღევანდელ დღეს; შენც გედო არა მცირე ღვაწლი ამ დიდ საქმეში, შენც შეგასვეს ფიალი სიმწრისა.

იყო ერთი მორწმუნე კაცი, რომელიც 70 წელიწადზე მეტ ხანს ჩიოდა, რომ დაებრუნებინა თვისი სასაფლაოს საგვარეულო ეკლესია, მოხუცდა და იგრძნო რა, რომ მის სიცოცხლეში საქმე ვერ გათავდებოდა, ანდერძად დააგდო - საფლავში ჩაეძახნათ მისთვის საქმის დაბოლოვება. თხოვნა აუსრულეს. მეც ამ მორწმუნე მოხუცის ანდერძის მიბაძვით ჩამოგძახებ საფლავში: გიხაროდეს ერთგულო მუშაკო საქართველოს ორნატსა ზედა, ჩვენი დიდი ხნის ნატვრა ასრულდა: აღსდგა კვლავ საქართველოს ეკლესია! აუწყე ჩვენთა წინაპართ, რომ ვსუნთქავთ თავისუფალ ეკლესიაში, მაგრამ კიდევ დიდ გაჭირებას განვიცდით. დაგვეხმარონ თვისის ლოცვითა და მეოხ გვექმნენ. ჩვენც, ძმანო, მაგრად ვსდგეთ ჩვენ თავისუფალ ეკლესიისათვის და ვეცადნეთ ჩვენი სამშობლო ეკლესია კვლავ ისე აყვავდეს, როგორც უწინ ბრწყინავდა ჩვენთა წინაპართა დროს, ღმერთო, შენით! ამინ!



ქრონიკა

19 ნოემბერს ტფილისში შესდგა საქართველოს ეროვნული ყრილობა. ყრილობის მუშაობა ხუთ დღეს გაგრძელდა, ყრილობამ იქონია მსჯელობა საქართველოს საკითხზე, აღიარა საჭიროება საქართველოს სრული პოლიტიკური თვითმმართველობისა რუსეთის საზღვრებში, და გამოიმუშავა მთელი რიგი რეზოლუციებისა მიმდინარე საკითხების შესახებ, რომელთა ცხოვრებაში გატარება დაევალა ეროვნულ საბჭოს, არჩეულს იმავე ყრილობაზე. ყრილობას დაესწრო საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელმაც წაიკითხა მათი უწმინდესობის პატრიარქის კირიონის გუჯარი ეროვნული ყრილობისადმი.


დროებითი რედაქტორი

პ. ინგოროყვა


P.S. ამ წერილს მოსეს სახელზედ ვგზავნი, რადგან აღარ ვიცი შენი ადრესი. სასულიერო სასწავლებელში გაგზავნა მოუხერხებლად მივიჩნიე.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი

ეპისკოპოს ლეონიდ [ოქროპირიძის]    წერილი კირიონისადმი (თხოვს დაივიწყოს უთანხმოება მათ შორის) აქვე კირიონის მინაწერი, რომელიც ეხება ლეონიდისა და კირიონის უთანხმოებას

1899წ. მარტის 7-9



თქვენო მეუფებავ, მწყემსმთავარო კირიონ!

ჩვენ შორის არსებული უთანხმოება ერთობ შორს გავიდა საზოგადოებაში და მრავალნი იმ აზრისანი არიან, რომ საზოგადო საქმეს ვღუპავთ და ვმარხავთ პირადი ანგარიშების გამო. მოსასპობელად ყოველი ამისა, გთხოვთ დაივიწყოთ ყველაფერი და გამომიწოდოთ მეგობრული ხელი.

თანაძმა და მსახური მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდი 1899წ. მარტის 7-ს

P.S. ლეონიდის მეგობრები ოსები ჩამოსულიყვნენ ქალაქში და ლეონიდის ხელმძღვანელობით, როგორც მითხრეს მთაში ოსებმა, მაშინვე დაეწერათ დასმინება ჩემზედ. დასმინება, რომ უფრო გავრცელებულიყო, ქართულად დაეწერად, რომ ეგზარხოსს ვლადიმირს წაეკითხვინებინა ქართველი მწერლისათვის. ეგზარხოსს დაებარებინა დავ. დავიდოვი და იმას გადაეთარგმნა პეტროპავლოვსკის თანადასწრებით. ეგზარხოსს სწყენოდა. იმ ღამესვე ჩამოველი ოსეთიდან ქალაქში და დილის 8 საათზედ ვეახლე ეგზარხოსს. მცირე ანგარიშის მოხსენების შემდეგ, მოვახსენე აგრეთვე, რომ მთაში გავიგე, რომ ჩემზედ "დანოსი" გამოუგზავნიათ მეთქი და ვაუწყე დაწვრილებით ყველაფერი. ეგზარხოსმა ჯერ უარი სთქვა, რომ არაფერი მოსულაო, მერე კი მითხრა, რომ ერთი საძაგელი დასმინება იყოო, მაშინვე დავხიეო და არც მიმიქცევია ყურადღებაო. მე ვსთხოვე, რომ ის დასმინება გამომძიებლისათვის გადაეცა, რადგანაც ჩირქი მოცხობილი მაქვს მეთქი უსაფუძვლო დასმენით. დამშვიდდითო, მე არავითარი ყურადღება არ მიმიქცევიაო და ჩემი თქვენდამი კეთილი განწყობილება შემდეგში ამას ნათლად დაამტკიცებსო. მე ეს ყველაფერი შევუთვალე ლეონიდს, ანტონ თოთიბაძის პირით. თოთიბაძემ პასუხი აღარ მოიტანა, მე ეს იმის ნიშნად მივიღე, რომ მართლა ლეონიდი ამ საქმეში გარეულა, მით უმეტეს, რომ მთაში დამარწმუნეს თვით ოსებმა, - ლეონიდმა დაიარაო ის პირნი, რომელთაც იმისვე სახლში საჩივარი შეადგინესო. ამის შემდეგ მოვსპე იმასთან მეგობრული კავშირი და მოვერიდე. კარგა ხანი გავიდა ამის შემდეგ და როდესაც გაქნილი და გაცვეთილი ევტ. მამინაიშვილი დროებით აღმოსავლეთის საქართველოს სკოლების ინსპექტორად გახდა, მიუტანა ამბავი ლეონიდს, კირიონი მემდურება, რომ შენ იმაზედ დანოსი დაგიწერინებიაო და ამის თაობაზედ ანტონ თოთიბაძეც მოუგზავნიაო; - ლეონიდს დაებარებინა თოთიბაძე და გამოელანძღა: დავალებული სიტყვით რატომ არ გადმომეციო. ნადვილად არ ვიცი, გადასცა თოთიბაძემ დავალებული სიტყვები, თუ არა, უსიამოვნება კი აქედან დაიწყო. ყველაფერში გასამტყუნარია ლეონიდის უსაზღვრო თავისმოყვარეობა.


1899 წ. მარტის 9-ს
ეპიკოპოსი კირიონი


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1286

კიევში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა წერილით მიმართეს კირიონს

1899 წლის 10 ნოემბერი

"ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო კირიონ"

დღეს გახლდით თქვენთან კიეველ ქართველ სტუდენტების წარმომადგენელნი თქვენდამი მადლობის გამოსაცხადებლად იმ თანხის გამო, რომლის შეწირვა ინება თქვენმა მეუფებამ ქართველ ღარიბ სტუდენტების სასარგებლოდ ქ. კიევში.

ამისდა დამოუკიდებლად კიეველი ქართველი სტუდენტობა ნიშნად თავისი უღრმესი პატივისცემისა, ერთხმად ირჩევს თქვენს მეუფებას თავის საპატიო წევრად.

აკაკი ჩხენკელი, დ. ნათაძე, კ. ანდრონიკაშვილი, თ. მჭედლიშვილი


კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1375 ალ. ხახანაშვილის წერილი კირიონისადმი

1900 წ. 6 სექტემბერი


თქვენო მეუფებავ

ყოვლად სამღვდელო კირიონ!


ამ წერილს გწერთ პარიჟიდან, სადაც დროებით მივედი რომიდან. იტალიაში ბევრი საყურადღებო მასალა აღმოჩნდა, მეტადრე ქართველ კათოლიკეთა შესახებ. ცოტა ხანს დავრჩებით კიდევ შვეიცარიაში. კარგი იქნებოდა, რომ წერილით შეგეტყობინებინათ, რა ისმის აკადემიის კათედრის შესახებ. ვშიშობთ, რომ ეს ომიანობა შეაყოვნებს მის განხორციელებას. როგორც მწერდით, მე უკვე შევუდეგ აკადემიის კურსის მომზადებას და ველი ჟამს, როდესაც მას გამოვიყენებ.

იმედია მიიღებდით მოსკოვიდან ნინოს ჯვარს, როგორ მოგწონთ?

თქვენი პატივისმცემელი და ერთგული ა. ხახანაშვილი


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი
741

მღვდელ-მონაზონ იონას წერილი კირიონისადმი (იონა თხოვს კირიონს, რათა გარეჯაში მყოფი მღვდელ-მონაზონი სიმონი გამოაგზავნონ ათონის მონასტერში) 1901 წ. იანვრის 7. ათონის მთა.

მისს ყ~დ უსამღვდელოესობას გორის ეპისკოპოსს კირიონს

ყ~დ უსამღვდელოესო მეუფეო! ვიკადნიერებთ გავბედოთ წინაშე თქვენის მეუფებისა,მილოცვა წარსულის და მდგომარეს ქრისტეს ნათლისღებისა, და ახალი წლისა-ღმერთმან მრავალს წელს მიგაგებოს, სიმრთელით და უვნებელად, სანუგეშოდ ჩვენდა და ყოველთა. – და ამასთანავე, მოწიწებით­ და მუხლმოდრეკით თაყვანის ვსცემთ თქვენ მეუფებას, და გამოვითხოვ ძმებითურთ კურთხევას მარჯვენისას – და ვესავთ უზენაესსა არსებასა ჩვენ უღირსნი და მდაბალნი, თქვენს ხანგრძლივი სიცოცხლეს და წარმატებას, რათა არ მოგვკლებოდეს თქვენ მიერ ნუგეში და მოქცევა ყურადღებისა.

მეუფეო! ჩვენო, თვით უწყით რომ ჩვენი მცირე ძმობა ქართველები შეკრებილ ვართ ათონზედა, და ბერძნებთაგან ფიცხლად შევიწროებულნი,ასე,რომ არაფერი ღონე და საშუალება არ გვაქვს ჩვენს უკიდურესს მდგომარეობაში.

მეუფეო! დავით გარეჯის მონასტრიდგან, რომელიც ორნი ბერნი მოსრულან – ესენი იერუსალიმში მიდიან მომავალ კვირას გადაწყვეტილად. აქ არ რჩებიან. მე, საკმაოდ უძლურათ გახლავარ ხოლმე – აქ მწირველი აღარავინ გვყავს, რომელიც ყოველ დღეს წირვას არ ვაცდენთ – თქვენის მეუფების სადღეგრძელოთ და მოსახსენებლად, გთხოვთ უქვეშევრდომილესად – აქიდამ წამოსრული იეროდიაკვნად, და მად ნაკურთხი მღვდელ-მონაზონი სიმონი, რომელიც იმყოფება დავით გარეჯაში; ინებეთ ნების მიცემა და გამოგზავნეთ რაც შეიძლება მოჩქარება, რათა ყოველ დღეს საღმრთო მსახურება ამ სავანეში არ გაწყდეს. და თქვენ მეუფეო, მად შუაგულ საქართველოში, როგორც დავით გარეჯისათვის მონასტერი, მრავალს პირს იშოვით დამდგომს და მწირველ მღვდელსაც: და ჩვენ ამ უცხო ქვეყანასა შინა მყოფთა არავითარი საშუალება არ გვაქვს მწირველი მღვდლის შოვნისა.

ყ~დ უსამღვდელოესო მეუფეო! სრული იმედი გვაქვს თქვენის ღვთისმოყვარეობაზე, რომ ამ ჩვენს თხოვნას მამობრივს ყურადღებას მიაქცევთ და არ მოგვაკლებ ნუგეშს; და ამ ჩვენს სავანეში, ამ ჩვენი თხოვნის თქვენგან აღსრულებით არ შეაჩერებთ სამღრთო მსახურებას.

ჩვენ თ ქ ვ ე ნ ი სულიერი შვილი გახლავართ, როგორც ქართველნი და მარადის მომხსენებელი და მლოცველი თქვენის მეუფებისა, და არა გარეშე პირნი.

 

დავშთები თქვენი მეუფების უქვეშევრდომილესნი თაყვანისმცემელნი წმიდისა ამის სავანისა, ძმანი და მთხოვნელნი თქვენის მეუფების კურთხევისა და წმიდა ლოცვისა. მმართველი მღვდელ-მონაზონი იონა ქრისტეს მიერ ძმებითურთ.


 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №5

ათონის მონასტრის მღვდელ-მონაზვნების თხოვნა კირიონისადმი 1901 წ. მარტის I. წმ. მთის მონასტერი


მისს ყოვლად-უსამღვდელოესობას გორის ეპისკოპოსს კირიონს.

 

ათონის მთასა ზედა წმიდისა იოანნე მახარებლის და ღვთის-მეტყველის ახალი ქართველთ სავანის ძმებთაგან უმორჩილესი   თხოვნა

ყოვლად-სამღვდელო მეუფეო ჩვენო: არა უცნობელ არს თქვენდა ისტორიებიდამ და გაზეთებიდამ, თუ ვითარ ძველის-ძველად ნეტარ-ხსენებულთ წინაპართ-მამა პაპებთა ქართველთა, დიდის ჭირით და სისხლის ოფლის წვეთით დაუფუძნებიათ, ღვთისმშობლის სასოებითა და თავისი სამშობლოს სიყვარულისათვის წმიდა ათონში ივერიის მონასტერში, იერუსალიმში ჯვრისა, ულუმბოსი და სხვანი მრავალნი, რომელნიც დღეს უსამართლოდ ბერძნის ბერებთაგან არიან მითვისებულნი.

მეუფეო! მოგვხედენ მოწყალის თვალით, მოგვხედენ. ოცდა ათორმეტ წელ მარადის დევნილთა და შეიწროებულთა-ქრისტეს მცნებისათვის. რომელნიც მოკლებულნი ვართ უმთავრესს საჭიროებას კაცის ცხოვრებისათვის: წყალს, შეშას, და თავის შესაფარი შენობის აღშენებას და სხვათა იწროებათა და განსაცდელთა მათ მიერ მოყენებულთა.

უმოწყალესო მწყემსმთავარო, გამოგვიხსენ მხურვალე შუამდგომლობითა თქვენითა, დროსა ამას ას წლიურის საქართველოს რუსეთთან შეერთებისა, რათა თხოვნაში უმაღლესს სახელზედ, სხვათ საგნებთა შორისეს ივერიის მონასტერი იქმნეს მოხსენებული, როგორც შეესაბამებოდეს ამ საგანს, ამა იუბილეს დროსა, საქართველოს თავად-აზნაურთ და სამღვდელოთ წარმომადგენელთაგან.

ამ ჩვენი შევიწროებული მდგომარეობა ივერიის მონასტერზე წარუდგინეთ თხოვნები: როგორც თქვენს მეუფებას ვაწყენთ თავს-ეგრეთვე ეპისკოპოსთ ალექსანდრე და ლეონიდეს. ამასთანავე ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების მარშალთ მელიქოვს და წერეთელს.

თქვენი მეუფებისაგან იმედი გვაქვს, ჩვენს თხოვნას ყურადღებას მიაქცევთ სახელისათვის ქართველთა ერისა.



თქვენი მეუფების მუხლმოდრეკით თაყვანის-მცემელნი მორჩილნი და მლოცველნი ღვთისა მიმართ თქვენი სულით და ხორცით სიმრთელით დაცვისა-თვის ათონის ქართველთა წ. იოანნე ღვთის მეტყველის სავანის ძმანი: მმართველ მღვდელ-მონაზონი იონა მღვდელ-მონაზონი თეოდორე



ქრისტეს მიერ ძმებითურთ.

1 მარტის 1901 წ.

წმიდა ათონის მთა








ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო ჩვენო

P.S. გავბედავთ ამის მოხსენებას თქვენის მეუფებისადმი, რომელ ქართველთა მით უმეტესად მეცადინეობა მართებს, რომ ამ წმიდა ათონში საფუძვლიანი სავანე ექმნესთ, რადგანაც ამ წმიდა ადგილზედ ყოველნი სხვა და სხვა ტომნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ესე იგი: ბერძენნი, რუსნი, ბულღარნი, სერბნი, მოლდავანი, ჩერნოგორელნი, არაბნი და არნაუუტნი, თუმცაღა მათ-მათ სამშობლოში მონასტრებიც აქვსთ, მაგრამ აქ მაინც შეკრებილ არიან და აქვსთ თავ თავისნი სავანენი, სკიტნი და სადაყუდებულონი, და ადიდებენ უფალსა ღმერთსა, თავ თავის ენაზედ და ლოცულობენ სამშობლოსათვის; და თითოეული მათი სამშობლო ქვეყანა, მონასტერნი და ერნი სარგებლობენ სულიერად.

ხოლო ქართველებს, რომელსაც პირველი ადგილი ჰქონდათ ამათ რიცხვში, ეხლა რომ სრულიად გამორიცხულ ვიქმნეთ ქართველები, ეს ვგონებ ქართველთათვის ფრიად სამძიმო და სამწუხარო უნდა იქმნეს.

თქვენი მეუფების უმდაბლესი მონა მორჩილი მღვდელ-მონაზონი იოანა ქრისტე მიერ ძმებითურთ.




ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №849

სოსიკო მერკვილაძის წერილი კირიონს


1902 წ. 25 დეკემბერი

"აკაკი კარგად გახლავსთ, ცდილობს როგორმე ხელი მოიწყოს და რამოდენიმე ხნით საზღვარგარეთ წავიდეს, მაგრამ ჯერ სახსარი ვერ იშოვნა".

ს. მერკვილაძე კირიონს უგზავნის წიგნაკს "ხალხური ზღაპრები", რომელიც თვით ს. მერკვილაძეს შეუკრებია.




ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №804 მღვდელ ნესტორ ლეჟავას წერილი კირიონს

1903 წ. 21 ოქტომბერი

ყ~დ უსამღვდელოესო მეუფეო!

თქვენგან გამოგზავნილი ბარათი მივიღეთ და დიდათ ვისიამოვნეთ და განსაკუთრებით მით რომ თქვენი შუამდგომლობა შესახებ ქართული საეკლესიო ისტორიის კათედრის დაარსებისა პეტერბურგის აკადემიაში ცოტაოდნავ განხორციელდა. ღმერთმა ხანგრძლივ ჰყოს დღენი თქვენის ცხოვრებისა საკეთილდღეოსი, რომლის ჭეშმარიტი შვილი ხართ. მომიტევეთ მეუფეო, რომ პასუხი დაგიგვიანეთ ჩემი ავადმყოფობის მიზეზით, ეხლა კარგათ ვარ. თემა არ ამიღია. ვფიქრობ ავიღო ისტორია ქართველ კათოლიკეთა ან ქართული ნომოკანონი. კორნელის (კეკელიძე) საქმე კარგად მიდის. დიმიტრიევსკი აღტაცებაში არის მოსული. გამონახა ახალი წესები. ღმერთმა ხელი მოუმართოს ქართველ კაცს!

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1128 ზ. ჭიჭინაძის წერილი კირიონს

1903. 27 აპრილი

ზ. ჭიჭინაძე წერს: "თქვენი წიგნისათვის მე შევკრიბე ყველა ის წერილები, რაც კი სხვა და სხვა დროს "ივერიაში" ან "ცნობის ფურცელში" იყო ნაბეჭდი. ერთად შეკრებილი კარგ მასალას წარმოადგენს, გარდა ამ წერილებისა, ორიც სხვა ახალი წერილი იქმნება და რუსის საზოგადოებისა და მთავრობისათვისაც მნიშვნელოვანი.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1318 ამბროსი ხელაიას წერილი კირიონისადმი (ამბროსი მად-ლობას უთვლის კირიონს მზრუნველობისათვის) 1905 წ. ივნისის 3



1905 წ. 3 ივნისი

ყოვლად უსამღვდელოესო მწყემსმთავარო!

დიდი დამნაშავე ვარ, რომ ძვირათ გწერთ, მაგრამ წერილების წერაში ძალიან ზარმაცი გახლავარ. გავიგე პეტრეს ქალაქში ბრძანებულ ხართ და ჩემზედაც გიშრომნიათ. მე ძალიან გამაკვირვა ეპ. ანტონის ზარმა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მალე გამოაცვლევინებდა მას აზრს დიმიტრი (ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე - ს. ვ.) აღა, მწყემსი კეთილი, რომელიც გაიქცა და სამწყსო მიატოვა. მაგრამ რას ვიზამთ, დიმიტრისთანას აქვს ახლა უფრო დაჯერება. მაგრამ ამასაც ბოლო მოეღება მალე. განა პატიოსანმა კაცმა იმისთანა კაცს, რომელმაც მიატოვა ცხოვარნი თვისნი,უნდა დაუჯეროს რამე? დიმიტრის საქციელზე არა ღირს ლაპარაკი, მხოლოთ მაგონდება ქრისტეს უკვდავი და ჭეშმარიტი სიტყვები: "ხოლო სასყიდლით დადგინებულნი ივლტიან, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ"... დიდი მადლობელი ვარ ჩემზე შრომის მიღებისათვის არა უშავს "გაზაფხული" კარზე მოგვადგა, განახლების დრო დაგვიდგა, მრწამს მალე ყველა საჭირონი გავხდებით ჩვენს სამშობლოში.

სააღდგომოთ მინდოდა გხლებოდით, მაგრამ ხვალ მივემგზავრები საქართველოში, გულმა ვერ მომითმინა აქ დარჩენა, ამ რუსთა მოძრაობის დროს. გილოცავთ მომავალ ბრწყინვალე დღესასწაულებს და თუ ღვთის ნება იქნება, ეგზამენების შემდეგ გიახლებით თქვენს სანახავად. ვითხოვ თქვენს ლოცვა-კურთხევას.

თქვენი მეუფების ერთგული ამბროსი

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1009


თ. ჟორდანიას წერილი კირიონისადმი 1905 წ. ნოემბრის 12

ჩვენო ნუგეშო და იმედო

ძვირფასო მღვდელმთავარო მოწყალეო მამაო კირიონ!

ღმერთმა ხომ იცის, რომ თუმცა თქვენთან მიწერ-მოწერა არა მაქვს (რადგან თქვენგანაც ბარათი არ მომსვლია), მაგრამ სულითა და გულით მუდამ თქვენთან ვარ. მე წრეულს ისეთს ცეცხლში ჩამაგდეს ოქროპირიძეების მეოხებით, რომ უნდა მომილოცოთ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი დავღოღიალებ ამ წუთისოფელში: ქვეყანა ცილისწამებით აამსეს და გადამკიდეს, რომ ჩემის სახელის აღდგენა შეუძლებელია! გაზეთებიც ისე შეკრეს, რომ დღესაც არ არის დაბეჭდილი ჩემი უმთავრესი სტატიები, როგორც "ცნობის ფურცელს" ძალად გამოვაცხადებინე (4 აგვისტოს).

ახლა ლეონიდმა მომანდო სინოდის ცირკულარზე (№8) პასუხი დამეწერა. მთელი 2 თვე თავაუღებლივ ვსწავლობდი საეკლესიო კანონებს "ქართული დიდი "სჯულისკანონიც" შევისწავლე ამ კითხვების საუკეთესოდ გამოსარკვევად, რუსულს კანონებს შევუდარე (ქართული უფრო ვრცელი და წმიდა აღმოჩნდა) და მერე ხელი მივყავ საქმეს. მართალია პასუხი სულ 19 გვერდს შეიცავს, მაგრამ შრომა დიდია. წარმოიდგინე ჩემი გაკვირვება, რომ ლეონიდმა უბრალო მადლობაც არ მითხრა, დაბეჭდვაც მე მომანდო უსასყიდლოდვე (ავტოკეფალია კი ჩემის ხარჯით დავბეჭდე), არა თუ მადლობა – ერთი ცალიც არ მომცა იმ "Омвет"-ებისა. პირიქით ბეჭდვის დროს შევნიშნე, რომ მე-15 გვერდში (სადაც მე საერო კაცების მონაწილეობის დასამტკიცებლად მსოფლიო კრებებში ჩემს ძველ ნაწერებს ვუთითებ ........) ჩემი გვარიც ამოეშალა (ალბათ იმიტომ, რომ ეს გვარიც ეჯავრება, არათუ მე თვითონ), ხოლო გოგებაშვილისთვის ჩემის ავტოკეფალიიდან ცნობები მოეწოდებინა, რომელნიც მან დიდის ამბით ........ გამოაქუხა გაბერილ-გაბრტყელებულად და რა თქმა უნდა სიცრუებით შემკულად... ესეები მე დიდათ ვიწყინე და მაშინვე მივსწერე ლეონიდს: წარმოიდგინე მან პასუხიც არ გამცა და არც ჩემი ნახვა მოიწადინა. ამიტომ მე გაჯავრებულმა, ავიღე და სადაც მან ჩემი გვარი წაშალა, იქ განგებ დავსვი "еп. моя ста"... და სტრიქონ ქვეშეც შენიშვნა გაუკეთე, რომლისაგან სჩანს, რომ ეს სტატია მე მეკუთვნის (გვ. 15). გარდა ამისა თვით ავტოკეფალიასაც შენიშვნა მივეც, რომლისგანაც იგივე არის საგულისხმებელი (გვ. 5). ამითი მე მას სახსარი წავართვი ავტორობა იმ დოკლადისა მე წამართვეს და თვითონ მიითვისეს, ან სხვას მიათვისეს (მაგ. გოგებაშვილს). მაშ რა უნდა მექნა ამისთანა უმადურ კაცთან? არაკაცებს გადავეკიდე!! ისიც იქონიე სახეში, რომ თვითონ ორიგინალიც ხელში მაქვს, სტამბიდან წამოვიღე იმავე მიზნით.

ახლავე ორივე ჩემს შრომას თქვენ გიგზავნით და ძალიან დაგიმადლებთ, თუ სადმე გადააბეჭდვინებთ ჩემის სახელით. დააკვირდით, რომ ჩემი დოკლადი ფრიად ორიგინალურია. ანტონ ვოლინცის ეპისკოპოსის პროექტები ამ ჩემ პროექტით სულ დარღვეულია და საზოგადოდ პატრიარქებზე და მიტროპოლიტების უფლებაზე რუსეთის მწერლობამ დამყარებული აზრი ჩემის დოკლადით გაცუდებულია. გარდა ამისა თვითონ კათალიკოზობა საქართველოსა ისეთს კანონზეა დამყარებული, რომლის შერყევა ყოვლად შეუძლებელია (იხ. დოკლადის 17-18 გვერდი), თუ გულისხმიერად დააკვირდებით.

იმედი მაქვს ორიოდე სიტყვებს არ დაიშურებთ და მომწერით. ის მაინც მაცნობეთ, მიიღეთ თუ არა ჩემი დოკლადი. მე როგორც ვატყობ, ლეონიდთან ვერ გავძლებ, ყოველდღე გაუბედურებას მოველი მისის ხელიდან, და მარტო იმისი იმედი მაქვს, რომ თქვენ გაერევით ჩემს საქმეში და მისის უსამართლობიდან გამომიხსნით. მეტად სახელი გაუტყდა ლეონიდსაც და (ვგრძნობ) ვგონებ ვერც მან იხეიროს, მაგრამ ჩემი დაწერილ დოკლადებით ახლა ისევ სახელს გაიკეთებს, და აქაურობასაც თავს მოაწონებს. იქაც, როცა საეკლესიო კრება იქნება რუსეთში, დიაღაც თავს მოიწონებს სხვისის ხელით დაწერილ დოკლადით, მე კი დევნის მეტი არა მეღირსა ამ შრომისთვის. თქვენც უეჭველად იქნებით იმ კრებაზე და რა კი ეს ამბავი გეცოდინებათ, შესაფერის ზომებს მიიღებთ...

გებრალებოდეთ ჩემი თავი და გახსოვდეთ, რომ თქვენს მეტი მე დამცველი და შემბრალებელი არა მყავს საქართველოში, ისე გადამკიდეს ქვეყანა ოქროპირიძეებმა. ეს გახსოვდეთ და ამ მოხუცებულობის დროს დამიცევით მტრებისგან, უსამართლო დევნისაგან.

თქვენის მეუფების უმდაბლესი მონა და ამხანაგყოფილი

თევდორე ჟორდანია.

12 ნოემბერი 1905 წ.

ქუთაისი


P.S ეს-ეს არის გავიგონე, ვითომ ლეონიდს უბრძანებია ის 15 გვერდი, საცა ჩემი შენიშვნებია ხელახლა გადაბეჭდონ შეცვლილი და და ისე ჩააკერონ დოკლადში. თუ ეს მოახდინა, თქვენ ჩაწებებულ-ჩაკერებულს იცნობთ და მიხვდებით, მართალს ვამბობ თუ არა. მერე რა საჭირო იყო ეს ოინები?!

თედო



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი
№243 კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი 1905 წ. დეკ. 3.

მამაო წმინდაო!

დღეს შინ მოვიკალათე. დათიკო სახელმწიფო კონვერტებით გავაგზავნე ფოსტაში და, რადგანაც ცენტრალურ სტანციის გარდა არსად იღებენ ამგვარ კონვერტებს, იქ წასულიყო; ექვსი ყარსის მანძილზედ, ამის გამო ის გვიან დაბრუნდა და მეც აღარსად წავედი.

აქ მიტროპოლიტ ანტონს რამდენიმე კომისია დაუნიშნია და სხვათა შორის ერთს კომისიაში არის ჩვენი საეკლესიო ისტორიის პროფესორი ი. ი. სოკოლოვი. ამას მოუხსენებია კომისიისათვის, რომ ბერძნული წყაროების მოწმობით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეჭვგარეშეაო. კომისიის წევრებს საბუთიანათ უცვნიათ სოკოლოვის მოხსენება და დაუდგენიათ: ჩაითვალოს უსაჭიროესად და აუცილებლად აღდგენა საქართველოს ეკლესიის თვით მართველობისაო. კარგი იქნება, რომ ივან ივანიჩ სოკოლოვს მადლობის წერილი მოსწეროთ და მით გაამხნეოთ იგი მომავალი მძიმე შრომისათვის.

მცხეთის კომიტეტს გამოართვი ოთხი ეგზემპლიარი სვეტიცხოვლის აღწერისა: პეტერბურგის და კიევის აკადემიებისათვის, სოკოლოვისათვის და პროფ. ნ. ნ. გლუბოკოვსკისათვის, რომლის რედაქტორობით გამოდის ეხლა საღვთისმეტყველო ენციკლოპედია. "На вопрос"-იც გამომირთვი მუზეუმში ათი ცალი. საღამოს ლოცვაზედ ვიყავი მიტოპოლიტის კარის ეკლესიაში. მიტროპოლიტი მოვიდა ჩემთან, მე მარჯვენა სამაზროში ვიდექი და ხვალისათვის სადილად დამპატიჟა თავისთან. ახალ ამბავს ხვალ გავიგებ ბევრს ანტონი მიტროპოლიტისგან. ჩემი ბიბლიოთეკის შესავსებლად თითქმის ათი თუმნის წიგნები ვიყიდე. დღეს ყველა ის გაზეთები, რომლებშიც იყო დაბეჭდილი მანიფესტი, დაატყვევეს. გიგზავნი გაზეთიდან ამოჭრილ მანიფესტს.

უჩილისჩნი სოვეტის თავმჯდომარედ სინოდმა დანიშნა აქაური ვიკარნი ეპისკოპოსი კირილე. უჩებნი კომიტეტში თავმჯდომარის ადგილი ცარიელია; ანტონს უთხოვნია და არ აძლევენ.

მომიკითხე ყველანი.

ეპისკოპოსი კირიონი



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №244

კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი



მამაო წმინდაო

დღეს ანტონთან ვიყავი სადილად. დიდი ხანი გვქონდა ბაასი ვენი ეკლესიის შესახებ. ანტონმა სხვათა შორის სთქვა, რომ პროფესორი სოკოლოვი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მომხრეაო და მის აღდგენას უსაჭიროესად სთვლისო. მე ავუხსენი ჩემი მდგომარეობა ორიოლში და ჰავის აუტანლობა, რაის გამოც იძულებული ვარ მეთქი, რომ შეგაწუხოთ თხოვნით გადამიყვანოთ სამხრეთის ეპარხიაში სადმე მეთქი. იმან თანაგრძნობით მოისმინა ჩემი თხოვნა და მითხრა, სამწუხაროდ ჯერ ამ ახლო ხანში არ მოველი ეპარხიებში კათედრის დაცლასაო. რადგანაც მე წინათვე გაგებული და აქ ალიოშასაგან დატოებული ქაღალდებიდანაც ცხადათა სჩანს, რომ სუხუმის ეპარხიის განშორება ძალიან გულით სურს სინოდს საქართველოს საეგზარხოსოდან, ამიტომ მიუხედავად კათედრის სიმცირისა და უფლების მოკლებისა, გამოვუცხადე თანხმობა ჩემი უქეიფობის გამო იქ გადასვლაზედ. ანტონი დასთანხმდა, რაკი თქვენ აცხადებთ სურვილსაო, მე ვიშუამდგომლებო. ამ ერთ კვირაში საქმე გადაწყდება. აღსრულდა! ესეც კიდე ახალი მსხვერპლი სამშობლოს ტრაპეზზედ. არ ვიცი მანდ როგორ შეჰხედამენ ამ ჩემ ახალ ნაბიჯს. თუ ეს ყველა მოხდა, რაზედაც არავითარი ეჭვი არა მაქვს, ამ თვის გასულს თავს დაუკრამ თბილისის ქალაქს, მანდიდან იქნება სოფელში ავიდე და მერე ცხუმში წავჩანჩალდები. ამაზედ დაწვრილებით ორიოლიდან მოგწერამ. ანტონმა მითხრა, ცოტა მოიცადეთ აქ, სანამ თქვენი საქმე გადაწყდებაო, მაგრამ რადგანაც რკინის გზებზედ ამ თვის ექვსს გაფიცვას აპირებენ, ამიტომ ხვალ საღამოს რვა საათზედ მივდივარ ჩქარის მატარებლით ორიოლში, სადაც ეს ამბავი, დარწმუნებული ვარ, არ ეჭაშნიკებად და დააღონებთ კიდეც. "შინ რომ ბავშვები სტიროდენ, გარეთ ტაბლას რა სახელი აქვსო", ამბობს ქართული ბრძნული ანდაზა.

ხვალ ვეცდები ობოლენსკი ვნახო და ჩვენ საქმეზედ ჩამოვუგდო ლაპარაკი, თუმცა იგი წინააღმდეგი ყოფილა ჩვენი ეკლესიის თვითმართველობისა, როგორც ცაგარელმა გადმომცა. ჩემი წერილები შიკრიკებივით ერთი მეორეს სწრაფად მისდევენ. პირველი თბილისში მოვიდოდა, მეორე ბაქოში იქნება, მესამე როსტოვში, მეოთხე კურსკში, მეხუთე-მოსკოვში და ეს მეექვსეც დღეს პეტერბურგიდან მოფრინამს. წერილების წერაც ესე უნდა, ყოველ დღიურ პატარა გაზეთივით. მშვიდობით ნახვამდის. მომიკითხე ყველანი. დეიდაშენს გადაეცი, რომ რაკი საქართველოში გადმოვდივარ, ეხლა შეუძლიან საიქიოს ბაშფორთი რა დღესაც მოისურვებს მიიღოს და არ-ქიელის ანდერძიც გვერდზედ გდია. ამინ და კირიელეისონ და კირიონ.



19054/XII

P.შ. აქ დიდის ამბით ემზადებიან ქართული წირვისთვის, რომლიც სურთ გადაიხადონ 14  იანვარს. ამის წინათაც ყოფილა აკადემიის ეკლესიაში ქართული წირვა და ძალიან მოსწონებიათ აქაურებს.. ღმერთო შენით! გიორგიევსკის ცოლი გელის და ხშირადაც გკითხულობს ხოლმე.

ე. კ.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №550 ალექსი გიორგაძის წერილი კირიონისადმი 1905 წ. დეკ. 12.


ყ~დ სამღვდელო!

საქმე მშვენიერად მიდის. ეგზარხმა უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. უთქვამს, თუ არ აუსრულეთ ქართველებს სურვილი სირცხვილი დაგვემართებაო – თვითონ ამოირჩევენ და გამოგვეყოფიანო. საქმე გაუფუჭებიათ ჩიტი რეკიას და ვოსტორგოვსაო. მთელი საქართველოს საქმე აურევ-დაურევიათო. ქართველები კი არ არიან დანაშაულნი, არამედ ჩიტირეკია და ვოსტოროგოვიო. ამ მოკლე დროში უეჭველათ გარდასწყდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. რასაც გწერთ, აცნობეთ სოსოს. ეხლავე შეუდგნენ მზადებას კათალიკოსის ამორჩევისას. დღეს დილით ერთი წერილი გამოგიგზავნეთ და ამ საღამოს ეს ამბავი გავიგე და გწერთ.

თქვენი ალექსი გიორგაძე


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი
№551

1905 წ. დეკ. 19

ყ~დ სამღვდელო!

ჰა! –ჰა! – ჰა! შეხურდა საქმე ჩვენი ეკლესიისა. უმაღლესმა სასულიერო მთავრობამ, თურმე გადასწყვიტა მოგიწვიოსთ თქვენ ყ~დ სამღვდელო ლეონიდი, რათა მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი ეკლესიის ბედ-იღბლის გარდაწყვეტის დროს. როგორც

გავიგე,15 იანვრისათვის გიწვევენ ორთავე ეპისკოპოსებს. ამას წინათ წავიკითხე გაზეთში - "Преосвящ Кирионь назначаетсч Эгзархом Грузию" გავიქეცი ჩვენ რექტორთან და ვკითხე მართალია ეს ამბავითქო? იგი ყოველ დღე დაიარება მიტროპოლიტთან და ეცოდინებათქო. მან მითხრა: ტყუილი ხმები არისო. ნიკოლოზი არ ბრუნდება საქართველოშიო, მაგრამ ეს ხმების თქვენზე არ არის მართალიო. ეხლა დაყენებულია კითხვა საქართველოს გამოყოფაზე და კათალიკოსის დანიშვნაზეო და ეგზარქოსის დანიშვნაზე კი არაფერი ამბავი არ ისმის ჯერო. გლუბოკოვსკი ვნახე ყველაფერი გადავეცი მადლობა და მოკითხვა მოგახსენათ. ბევრი მელაპარა თქვენზე, რომელსაც, რომ გნახავთ მოგახსენებთ, მოგიკითხათ სოკოლოვმაც.


თქვენი ალექსი გიორგაძე

P.შ ხვალისათვის დამიბარა ცაგარელმა. არ ვიცი რისთვის.

მაპატიეთ, ცოტა სიჩქარით გწერთ.

19 დეკემბრი 1905 წელი



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №248 კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი 1905 წ. დეკ. 22




მამაო წმინდაო!

გახურდა, მამაო. თონე. არიქა საქმეს შეუდექით. აბა შაშვებო, ფქვილი გამტკიცეთ, გნოლნო მოზილეთ, კაჭკაჭნო ამოჰქენით, მტრედნო ჩააკარით ლავაში და გვრიტნო ამოჰყარენით. ნუ გაჰრევთ ჩხიკვს საქმეში. ცომი ამ ას წელიწადში საკმარისად იზილა, ყველას უნდა დაუკრათ შრომისა და ღვაწლის მიხედვით ბედის კვერი. ახალი წელი მოდის, მთელი წლების ანგარიში უნდა გასწორდეს!

უმაღლესს სასულიერო მთავრობას-მოიხსენე უფალო სასუფეველსა შენსა - გადაუწყვეტია მომავალ 15 იანვრისათვის ლეონიდის და ჩემი მიწვევა პეტერბურგში ჩვენი საეკლესიო საქმის გამო. გვიან არის; ეს, როგორც მე ვუსაყვედურე შარშან მიტოპოლიტს ანტონს, ადრე უნდოდა.

აბა ვინძლო ლეონიდი დაარიგოთ და კარგი იქნება, რომ თან საიმედო კაციც გამოაყოლოთ: შეიმუშავეთ პროგრამა ჩვენი მოქმედებისთვის პეტერბურგში. ჩემის აზრით პეტერბურგის ქართველობამაც უნდა კომისია შეადგინოს და მოისაზრონ უწყებულ კითხვაზედ რა პასუხი უნდა მივსცეთ და საზოგადოდ რა გზას უნდა დავადგეთ. ოსმალოს უთქვამს: "ქართველის პირველი ჭკუა იმას, მეორე კი - მეო". კარგა უნდა აიწონ-დაიწონოს საქმე, თორემ შეიძლება იგი სამუდამოდ გავაფუჭოთ. "ზოგჯერ სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა". ქართველი ეგზარხოსის დანიშვნით უნდათ გადაგვიყოლიონ, მაგრამ ვერ მივართვი!

მამაო! წერილების ანგარიში დავკარგე; ყოველ ცისმარე დღეს გწერამ წერილს და შენგან კი არაფერი მოდის. მომიკითხე ყველანი.

ე. კირიონი

190522/XI





ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №251 კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი

1906წ. იანვრის 2

დღეს მოველი პეტერბურგს და საღამოს 7 საათზე ვინახულე მიტროპოლიტი ანტონი, რომელმაც მეტად მეგობრულად მიმიღო. მე რომ აქიდან ხუთს გევემგზავრე ორიოლისკენ, მღვდელს ალექსი გიორგაძეს მივანდე მისულიყო პროფესორ ნ. ნ. გლუბოკოვსკისთან და ჩვენ მაგიერად ეთქვა, რაკი სოხუმში გადავდივარ და თავისუფალი დრო ბევრი მექნება, საღვთისმეტყველო ენციკლოპედიას, რომლის რედაქტორადაც იგია, ერთგულად გაუწევ მეთქი თანამშრომლობას; გლუბოვსკიმ საათობით დამინიშნოს ვადა და მე ყველა საჭირო სტატიას ჩვენი საეკლესიო ისტორიის შესახებ თავის დროზედ ჩავაბარებ მეთქი. პროფ. გლუბოვსკის დიდი მადლობა გადაუხდია და გამოტეხით უთქვამს ჩემზედ შემდეგი: აქამდე კირიონს სთვლიდნენ დიდ მავნე კაცად, თითქმის პოლიტიკურ დამნაშავეთ, ეს ხელმწიფესაც ჰქონდა ჩაგონებულიო, მაგრამ ეხლა სხვა აზრი ტრიალებს კირიონზედაო ყველა წრეებში, ხელმწიფიდან დაწყებული,ეხლა ყველა დარწმუნებულია,რომ ის განვითარებული კაცია და ერთადერთი კანდიდატია საეგ-ზარზოსი კათედრის. მალხაზ!! აბა ამასა ჰქვიან - აფუ მე, აი!

მიტროპოლიტმა მითხრა: ხელმწიფემა ბრძანაო, რომ არავითარი დადგენილება არც საერო და არც სასულიერო მთავრობისა არა ყოფილა შესახებ საქართველოს ეკლესიის შემოერთებისაო, მე ამაზედ ანტონს ვაუწყე რა აზრისანი იყვნენ ამ კითხვაზედ იმპერატორები პავლე პირველი და ალექსანდრე I-ლი. მკითხა შესახებ ჩვენი საეკლესიო მამულებისა და შემოსავლისა, ყველა ავუხსენი და განვუმარტე ნივთიერი გაჭირვება ჩვენი სამღვდელოებისა. აკი 300 მ. იღებენ ჯამაგირსაო, მე ვუპასუხე: ძალიან მცირედი ნაწილი არის მაგათი გაბედნიერებული მეთქი და მომეტებული მათგანი ათ თუმანზედ მეტს არ იღებს მეთქი. მერე მკითხა: სერაფიმე სოხუმიდან მართლა გამოიქცაო? ამის პასუხად მე მოვახსენე: ადგილობრივნი არიან და იმათ მოტყუება ძნელია მეთქი, იმათ შეატყეს არსენს და სერაფიმეს, რომ იგინი ცდილობდნენ საქართველოს ეკლესიისთვის მოეგლიჯათ გული უკეთესი მისი ღვიძლი ასული - სოხუმის (ცხუმი) ეპარხია, გადაგვარების გზაზედ დაეყენებინათ იგი და ამგვარ (მოქმედებას) უღმერთო ბარბაროსულ მოქმედებას ქართველები არავის აპატიებენ მეთქი. ანტონს პირდაპირ ვუთახრი ჩემი აზრი, რომ სოხუმის განშორება საქართველოს ეკლესიიდან არ შეიძლება მეთქი.

ჩვენი საეკლესიო კითხვები კარგ დროს ირჩევა. ეხლა აქ არიან საქართველის ეკლესიის წარმომადგენლები: ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე,აგრეთვე აქ არის, დ.ზ. მელიქიშვილი. კერძო კრებები ექნებათ, რა თქმა უნდა, აქაურ ქართველებს და რასაც გადასწყვიტამენ, ჩვენც იმას უნდა დავადგეთ. ქართველობას გადაუწყვეტია ჯერ-ჯერობით ქართველი ეგზარხოსი-მიტროპოლიტის დანიშვნაზედაო, თუმცა ყველას გულში კათალიკოსობის აღსდენა სურს. ყოვლად სამღვდელო პეტრესგან მომივიდა წერილი; ჯერ, როგორც ეტყობა, მიტრა არ მიუღია. პასუხს დღე-დღეზედ მოვსწერამ.

წელს იორდანე ზამთრის სასახლესთან აღარ იქნება; ცარსკოე სელოში აკურთხებენ წყალს, აქ კი მიტროპოლიტი ანტონი ლავრის სასაფლაოს გვერდზე ნევის ნაპირზედ აკურთხებს წყალს. სინოდში აქნობამდის მხოლოდ 23 ეპისკოპოსს არ წარმოუდგენიათ კითხვების პასუხები. რა პასუხებიც არის მოსული ის გაურჩევიათ და ისე დაუდგენიათ, როგორც მე მოვახსენე სინოდს ჩემს პასუხებში: კერძოდ ყველა ეპარხიებიდან უნდა წავიდნენ არქიელი, ერთი თეთროსთან სამღვდელოებისგან და ერთიც მრევლისგან ამორჩეული.

მამაო! ამდენ წერილებსა გწერ, ანგარიში დავკარგე, შენ კი გაჩუმებულხარ, თითქო დანაძლევებული იყო ვინმესთანმე. სადღეისოდ კმარა, ვნახოთ ხვალინდელი დღე რას მოიტანს. ჩვენი საქმე, მადლობა ღმერთს, ჯერ კარგად მიდის; ჩვენი მიზნის მიღწევა შემდეგში ჩვენზედვეა დამოკიდებული.

მომიკითხე ყველანი

ეპ. კირიონი

1906 2/I


 


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №243 1906 წლის იანვრის 8



მამაო წმინდაო!

შენი ვრცელი წერილი ოცი ქრისტეშობისათვის თარიღით-მივიღე ამ თვის ხუთსა. იწერები – შენი წერილები მივიღე ყველა ერთადო, უნდა დანამდვილებით მოგეწერა, რამდენი მიიღე სულ. 29 გიორგობის თვიდან თხუთმეტი წერილი მომიწერია დაზღვეულები, ერთის გარდა და შენ კი დაგზარებია ყველა აგენუსხა. გუშინ და გუშინწინ აქ საგულისხმიერო ამბავი არა იყო რა, გარდა შენი სტატიისა "Автономия или Автокефалия" რომელიც Петерб Игод №4 იყო მოთავსებული. აქ ვინც კი წაიკითხა, ყველას მოეწონა. ბარაქალა!

დღეს საღამოს ჩემთან იყო ოსტროუმოვი. მე გულგრილად მივიღე, ვაგრძნობინე, რომ შეურაცყოფა მომაყენა თავის სახლში. მე ვუთხარი - ქართველები მეტად ზრდილობიანები არიან და, როგორც ისინი სხვებს თავაზიანათ ექცევიან, იმათაც ისე უნდა მოექცნენ მეთქი. ვერ წარმოიდგენ, როგორ მოიკაკვა, დიდი ბოდიში მოიხადა და სთქვა: პირველი თანამგრძნობი ვარ თქვენი ეკლესიისაო, თქვენი შესანიშნავი თხზულება შევიძინე და დიდის სიამოვნებით ვკითხულობო. მე მომწონს თქვენი მიუდგომელი მსჯელობაო და სხვ...

გამოთხოვებისას გადმომცა, რომ ჩვენ მივიღეთ საიდუმლო შიფრიანი დეპეშაო ვორონცოვ-დაშკოვისა, რომელშიაც იწერებაო: იმერეთის სამღვდელოებას არა სურს ეპისკოპოსი ლეონიდი, ეპარხია უეპისკოპოსოდ არის დარჩენილი, გთხოვთ ღონისძიება მიიღოთ. ამასთანავე თურმე იწერება ელიევის (ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი - ს. ვ.) გადმოყვანას აქეთკენ. სინოდს დეპეშითვე მოუხდენია განკარგულება, რომ პეტრემ განაგოს იმერეთის ეპარხია, რადგანაც ლეონიდი აქ არის დაბარებულიო. ელიევის შესახებ ვუთხარი: რაკი აქ აკურთხეთ, თქვენი უპრიანია, აქვე მიეცით ადგილი მეთქი. პეტრეს იმერეთში გაგზავნით, ხომ არ უნდათ თბილისი უეპისკოპოსოდ დასტოვონ და მით თქვენ გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათი მისცენ? ელიევი თქვენ აღარ მოგეკარებათ. აქ ხრიკს ხომ არაფერსა ჰხედამ?!

ნატროშვილსა სთხოვე გაჩხრიკოს კანტორის საქმეები და ნამდვილი ცნობა გამომიგზავნოს იმ თანხაზედ, რომელიც კანტორას ჰქონდა შენახული მოსკოვის პრიკაზში ასიგნაციებით, რამდენი დაიბრუნა კანტორამ მცხეთის ტაძრის გასაახლებლად და დანარჩენი რა იქნა. იმედი კი არა მაქვს, რომ დროზედ მომაწოდოს ეს ცნობა.

ხვალ ე, ი. 9I, აქ რაღასაც ემზადებიან, ამბობენ პეტერბურგში მუშათა ამოწყვეტის წლისთავი რითიმე უნდა აღნიშნონო. ქუჩებში დღე-ღამე ცხენოსანი ჯარი დაიარება. აქ სასტიკი ზომებია მიღებული. ვისაც სტუმრების მოწვევა სურს თავის სახლში, როგორც ბალანჩივაძემ გადმომცა, ორი დღის წინ უნდა შეატყობინოს პოლიციას და წარუდგინოს მოწვეულთა სია. თუ რომელსამე სახლში შემთხვევით რამდენიმე სტუმარი შეიკრიბა, შეიარაღებული პოლიცია შედის სახლში, ვინაობას ჰკითხამს ყველა იქ დამსწრეს და სიას ადგენს.

"Церк. вед."-ში დაუბეჭდავთ სტატია წინააღმდეგ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა. სტატია დაუწერინებიათ სინოდის ობერ სეკრეტარი-სამუილოვისათვის. ჯერ არ წამიკითხია. ხვალისათვის დამპირდნენ მოტანას. მომიკითხე ყველანი.


ეპისკოპოსი კირიონი

19068/I




ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №244 1906წ. იანვრის 10

ჩემო ეპისკოპოზო!

შენი მრავალი წერილები მივიღე, მეც ერთი უზარმაზარი მოგწერე და მეორე ნაკლები. შენი წერილი რომ არ მომსვლოდა დღესაც არავის ეცოდინებოდა ლეონიდის გაწვევა სინოდში. უკაზი არ მოსვლია, უთუოთ ქუთაისისაკენ გააგზავნეს და ქუთაისთან შეწყვეტილა ჯერეთ ყველა ფოჩტაც და ტელეგრამაც, აგრეთვე რკინის გზა. მარტო დღეს, ე.ი სამშაბათს მაახერხა საქმის მოწყობა ლეონიდმა. დღეს კრება გვქონდა, ჭავჭავაძე, მიქელაძე, ჟურული, ნიკოლაძე, გოგებაშვილი, ცხვედაძე და ეპისკოპოზი პეტრე და სამღვდელოებას დიდი ბაასი გვქონდა ავტოკეფალიაზე. ვინიცობაა მოგვეცეს და ჯამაგირები არ დაგვინიშნონ როგორ მოვიქცევითო. ბევრი იბაასეს მაინც აქ საქმის გადაჭრა არ იქნება, მანდ რომ იყვნენ ოთხი ხუთი წარმომადგენელნი და საქმის ვითარებისამებრ შეთანხმდნენ უფრო კარგი იქნება. ლეონიდი მგონი ვერ არის შეიარაღებული კარგა, შენ ვიცი დღე და ღამ აღარ მოისვენებ. ვინძლო არ დაგძლიონ და მასახელო. ღირსეულ ადიუტანტს ღირსეული უფროსი უნდა ჰყავდეს. ლეონიდს გამოვატანე ხალიჩები ნიკოლაი ნიკოლაიჩთან ნეროლოი რომ მოელაპარაკოს ჩვენ საეკლესიო საქმეებზე. ფოჩტაში არ იღებენ ხალიჩებს. ამ ჟამათ ჩვენ გუნებაზე ვერა ვარ, ყელში აპერაცია გამიკეთეს, გლანდი ამომაჭრეს. თუ ვინიცობაა დაინახო საჭიროთ სამღვდელოების წარმომადგენლნი, ტელეგრამით მაცნობე, იმ წამს წამოვლენ. რაღაც იწელება საქმეები, თუ ჯამაგირი არ დანიშნეს სამღვდელოებასთან, საეკლესიო მამულების შემოსავალით უზრუნველ არა ჰყვეს სამღვდელოება, სწორე გითხრა გაჭირდება საქმე. მეტადრე იმერეთის სამღვდელოება, სადაც არაფერს აძლევს ხალხი. ამასთანავე ისინი ხომ უფრო პირად ინტერესების დამცველნი არიან და მარტო აპილპილება იციან. იქონიე სახეში შემდეგ, თუ მოგვცეს ავტოკეფალია, უთუოთ ტერიტორიალური უნდა იყოს და რუსების გაცილება არ იქნება, ეგ გამოიწვევს განხეთქილებას ნაციონალურს. ერთი სიტყვით შენ ყველა ჩვენზე კარგა იცი რაც ეჭირვება ჩვენ სამშობოლოს. წიგნები არ ვიცი გამოგიგზავნო თუ არა კალათით. "Мцхетски собор" ნატროშვილის დავავალე პოლეს და ის გამაატანდა ლეონიდს. ყველაფერი დაწვრილებით მამწერე. იყავ კარგა. მასახელე და გავასახელე.­


შენი სოსო

1906 10/I  წელი



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №61 კირიონის წერილი ტარასი კანდელაკისადმი 1906 წლის იანვრის 28


ტარასი!

აქ, როგორც ვატყობ, ეხლა საქმე საბოლოოდ ვერ გარიგდება. სინოდში სურთ საქართველოს ავტოკეფალიის საქმე გადასცენ მომავალ საეკლესიო კრებას. ეცადე მანდ სახლში უწესობა არაფერი მოხდეს. სიფრთხილეა საჭირო. თუ თავისუფალი ფული იყოს, საჭიროა სასულიერო ჟურნალების გამოწერა არქიელის სახლისათვის, გარდა ჩინურ ჟურნალისა. (Общейво Креда). მოცლა არ მაქვს. ჯერ ორი კრება გვქონდა და სიტყვა ვერაფერში ვერ მოგვიჭრეს. აქ, იქნება კვირა, კვირ-ნახევარი კიდევ გაგვაჩერონ. რატომ არ მიგზავნიან ეპარხიალურ უწყების ნომრებს? შენი წარდგენა გადავეცი სინოდში. თუ ღვინოს და საუზმეულებს კოლოფებით გამოგზავნი, მომესწრობა და საგზაოთაც გამომადგება. სინოდში მოწმობას ვუგზავნი. ნიკანორი ვარშავიდან მოვიდა გუშინ წინ და იქნება ორიოლში შემოიაროს. ჯილდოთი აღტაცებულია.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1204 სოსო ჩიჯავაძის წერილი კირიონისადმი 1906წ. თებერვალი

მივიღე 19066/III

ჩემო ეპისკოპოზო!

მივიღე შენი წერილები, მე ვერაფერს ვწერ, რადგანაც აქ არაფერია მოსაწერი და შენ წერილებს კი უკვდავებასავით მოველი ხოლმე. კრება გვქონდა, სამღვდელოება მაგრა დგას თავის საქმეზე. შენი და ლეონიდის პროტესტები დაიბეჭდა "Ведмостя"-ში, მე ძალიან არ მინდოდა, რეპარტიორ მივეცი ხრონიკისათვის წასაკითხათ და სულ კი დაებეჭდინებინა. მარა რაღასი უნდა გვეშინოდეს, არ მესმის. ლეონიდს უარი უთქვამს ტელეგრამით დაბეჭდაზე, ეგ მხოლოდ უსაფუძლო შიშია, უნდა ხალხმაც გაიგოს, რომ ჩვენი ეპისკოპოზები გმირულათ თავს სწირავენ ჩვენ საქმეს და იმ გველის წიწილზე ძალიან სტატია გამოვგზავნე "тей". აქამდის უნდა იყოს და-ბეჭდილი, მგონი წაიკითხამს და სულსაც უწმაწურს ჩამარეცხს ეშმაკს. წაიკითხამდი მარრის წერილს №29 "....." მიკვირს რომ არ მოიწვიეთ - როდის ჩამოხვალ ტელეგრამით მაუწყე, ხომ იცი ჩემთვის ყველაზე რაც არის სასიმოავნო, ის წამამიყვანე. ორიოლში რომ გამოივლი, ლეონიდის საქმე გაათავე, დაამთავრე. ორიოლიდგან წამომიღე ჩაი. შენ რომ ხმარობდი – 2 პ 50 კ – ორი გირვანქა, ძალიან მამეწონა. იყავ კარგა, ეცადე, სამშობოლოსათვის.

შენი სოსო

სინოდში თუ მახლობელი გყავს, ვისმე უთხარი, რომ მალე ჯვარის წერის გაყრის საქმე იქნება და დააშუროს და დაიახლოვე ვინმე და მე მოვსწერ და საფანელსაც გაუგზავნი, რომ საქმე დააშუროს ვაი. თუ მგელივით გიყურებენ ყველანი!!



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №264


კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი

1906 წლის თებერვლის 27




მამაო წმინდაო!

ძალიან გაგვიჭირდა საქმე. კრებებს ახდენენ ანტონი მიტროპოლიტის სახლში და ჩვენ კი ჯერ-ჯერობით არაფერს გვაგებინებენ. ვცადე კერძოდ გამეგო, მაგრამ ვერც ამ მხრით გავხდი რაიმეს. ეხლა აქ გვირჩიეს მანდიდან დავაჩქარებინოთ საქმე, თორემ აქ როგორღაც ყურებს არ იბერტყამენ. უნდა შევიკრიბოთ, მოიწვიოთ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გ. დიასამიძე და სხ…... გააცნოთ აქაური საქმის მდგომარეობა, შეადგინოთ დეპუტაცია ვორონცოვ-დაშკოვთან და სთხოვოთ მას საქართველოს ბედკრულ ეკლესიას უშველოს რაიმე. ეჭვი არ არის, რომ, როგორც კეთილი კაცი, რომელმაც სომხებს დიდი საქმეები გაუკეთა, ეცდება ამ ბოლო დროს ჩვენთვისაც, რათა საქართველოს ეკლესიური კითხვა სასურველად დააბოლოოს. ეს კითხვა მაგისგან, ვგონებ, აღძრული უნდა იყოს, ეხლა კიდევ საჭიროა მოაგონოს მთავრობას, რომ დაბეჩავებულ ქართველთათვის ერთად-ერთი ხსნა მხოლოდ მათი ეკლესიის ავტოკეფალიაა. ამგვარად მაგის წყალობით ჩვენი ეკლესია მიიღებს სრულ თავისუფლებას და აღმოაჩენს სახსარს ჩვენი დაცემული ხალხი ფეხზედ დააყენოს და გამოიყვანოს ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან. გვიყოს ეს სიკეთე და მაგის სახელს უკვდავ ჰყოფს ჩვენი შთამომავლობა. სასურველია ვორონცოვ-დაშკოვის მიერ აღძრული შუამდგომლობის პირი იშოვნოთ და გამომიგზავნოთ. ამ გვარსავე წერილს წერამს ყოვლად სამღვდელო ლეონიდი დეკ. მ. ტყემალაძეს, მაგრამ ვშიშობთ, რომ ამ საქმეში სიმხდლობა არ გამოიჩინოს. შენი იმედი კი გვაქვს. აბა, ვინძლო საქმე გაჩარხოთ, სანამ ვორონცოვ-დაშკოვი მანდიდან არ წამოსულა, - ვინძლო იერიში კარგად მიიტანოთ. ჩვენ აქ თავი გადადებული გვაქვს, მანდ თქვენი უნარი უნდა გამოიჩინოთ.

მომიკითხე ყველანი დეიდაშენიდან დაწყობილი. ვერ იქნა ვერ დავმწყსნე ლეონიდი. ეხლა შინ რომ დავბრუნდე, რა უფლებას მაძლევენ, არ უნდა გავიოცო?! ეს თავის უფლებებს მისტირის. როდესაც "ყოფნა" და "არა ყოფნის" კითხვა სწყდება, ეს უფლებებზედ დარდობს.

ეპისკოპოსი კირიონი

1906 27/II



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1207 ი. ჩიჯავაძის წერილი კირიონს

1906 წლის 10 მარტი

ჩემო ეპისკოპოსო!

შენი წერილები მივიღე. მაკვირვებ - ყოჩაღი ხარ. მაინც გეტყობა გულის გატეხა. ფიქრი არ არის, საქართველოს ბევრი ჭირი მოუნელებია, ამასაც მოინელებს. მე დავტრიალდი, საქმე ესეა, თქვენი კომისიის ნამუშავარი თქვენი აზრებით გამოგზავნილია ნამესტნიკთან დასასკვნელად. დღეს თავადაზნაურობას კრება ჰქონდა მაგაზე უნდა დაეწყოთ ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც პროგრამაში შეტანილი არ იყო და გუბერნატორისაგან ნება დართული უკანასკნელმა ნება არ მისცა მსჯელობა ჰქონოდათ. ამ თვის 17 იქნება კრება "чрезвичаин" თავადაზნაურთა და იქნებ ამ საგანზე სჯა. დღეს ისე შეველაპარაკე ორბელიანს (საშიკოს) რომ მოხსენება თქვენი საჭიროა (ავტოკეფალიისა) მალე იქნება, რაც მმართველი კანცელარია შეატყობინებს ორბელიანს, მაშინ ორბელიანი და რამდენიმეპირნი კიდევ დეპუტატებად წარდგებიან ნამესტნიკთან და თუ მოხსენება დაიგვიანებს, მაშინ "чрезвичаиная" კრებაზე მოილაპარაკებენ და დეპუტაციას თავადაზნაურობა გაგზავნის რაც უფრო კარგი იქნება. ვეცდებით ყველა მხრივ. კოპიოსი და აზრისა ძალიან ძნელია, რადგანაც "სეკრეტნი ოტდელენიაში" ყოფილა მანდ თურმე უფრო ადვილი მოსახერხებელია, ვიდრე აქ. მაინც დამპირდნენ, მეც დავპირდი. ვნახოთ რა იქნება.

მე ძალიან მეგობარი მყავს ჩინოვნიკი ოსობის, პორუჩიკი კაი ბიჭია, შემომითვალა, რომ ყველა ზომებს ვიხმართო სხვა ჩინოვნიკთან გამოგზავნა, ცდილობენ... ვნახოთ. წაიკითხამდი "колокол"-ში რა ქება დიდება შეასხეს ხულიგნებს. მე მინდა პასუხი გავცე, თუ შენ არ გასცემ, მე გავცემ პასუხს.

...ჩვენი სამღვდელოება ცოტა ყურებ ჩამოყრილია, ეტყობა მტკიცედ არ აქვს შეგნებული ის საგანი რასაცა ადგა ასი წლის ტყვეობამ რუსის ხელში ყველაფერი გაგვიფუჭა, სიმტკიცე,სამშობლოს სიყვარული, ერთგულება,მამაცობა და სხვა. მაინც ფიქრი არ არის. ჩინოვნიკებს მალე მოეღებათ ბოლო. გორელი მღვდლები მაჯანყებენ, მეტადრე კაპანაძე ვანო, მგონი ორპირი უნდა იყოს. სოვეტის თავმჯდომარეობას ითხოვს და მიიღო კიდეც...

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1208 ი. ჩიჯავაძის წერილი კირიონს

ჩემო ეპისკოპოსო!

შენი წერილები ყველა მივიღე. ამას წინათ მოგწერე როგორ უნდათ საქმე დაიჭირონ თავადაზნაურობამ. ეხლა ცოტათი შეცვლილი ან დამატებითი კომბინაციაა. თავადაზნაურობის გარდა გვინდა ეპისკოპოსებიც ჩავრიოთ საქმეში. დღეს კრება გვქონდა, გვინდოდა ექვთიმე მოგვეწვია თავიანთი კონტორის კრების შემდეგ და დიდი უარი სთქვა. შემდეგ კრებისა მე და შოშიევი მივდიოდით, ის კანცელარიისაკენ მიდიოდა და კარგა ლაზათიანად შევამკე. საქმე რაშია, პეტრე და გიორგი უნდა მოვიწვიოთ, უექვთიმოთ ისინი ვერც ჩამოვლენ და თუ ჩამოვიდნენ ვერც ამას გაბედავენ. ეხლა არ ვიცი როგორ მოვახერხოთ საზოგადოთ დღეს ისეთმა გაიარა აზრმა, რომ ვინცობაა ვერაფერი მოვახერხეთ, დროებით ისევ ქართველი ეგზარქოსი სჯობია და თუ მამულებიც დაბრუნდა ხომ კარგი იქნება.

ავტოკეფალია ხელიდგან ვერ წაგვივა. ცოტა ფრთხილად უნდა მოვექცეთ დროთა ვითარებისამებრ, რადგანაც ამჟამათ გამწვავებულია ნაციონალური კითხვა. ცოტა საფრთხილოა ავტოკეფალია. მაინც რას გადავჭრით, ხვალ შეგატყობინებ. ეს აზრი არა ჩვენი კრების აზრია, ბევრისაც, სხვათა შორის გოგებაშვილისა, ცხვედაძისა და სხვა. ამბროსი აგროვებს მასალას. საპასუხოთ "колокол"-ში იყო ხულიგნური სტატია, ეგეც მაგ გველის წიწილებისა იქნება.

მელქოვი ჩამობრძანდა და უთქვამს, რომ ობოლენსკი ძალიან გაბრაზებულია ქართველი ეპისკოპოსებით, რაღაცა ოპოზიციონრები არიანო, მეტადრე ლეონიდე. იყავი ყოჩაღად.

შენი სოსო

1906 წ. 14  მარტი



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1209 ი. ჩიჯავაძის წერილი კირიონს 1906 წ. 15  მარტი



ჩემო ეპისკოპოსო!

ეს არის დავათავეთ კრება. გოგებაშვილთან გაგზავნილმა სთქვა შემდეგი: ი. ჭავჭავაძე უარს ამბობს დელეგატების გაგზავნაზეო, რადგანაც მეორეთ ითხოვთ და მოგონება თავის მობეზრება იქნებაო და მეტიც არისო. ამავე აზრისა არის ორბელიანი, თუმცა იქნება სხვა გზას დაადგნენ, რადგანაც როგორც გწერდი 18 თავადაზნაურთა კრება იქნება და იქ გამოირკვევა ეგ კითხვა. თითონ გოგებაშვილი ავტოკეფალობის გამო ვერც მოქმედებს... გოგებაშვილი კომპრომისზე მოდის. გავგზავნი სტატიას ავტოკეფალიაზე და ბოლოს დაუწერ, რომ ავტონომია მაინც იყოსო, იმას ჰგონია, რომ იმისი სტატია ქვეყანას გადმოაბრუნებს. გოგებაშვილს აზრათ აქვს ქართველი ეგზარქოსი და უფლება შემოსული ჯამაგირით. ჩვენც დიდი სჯა გვქონდა ამ კითხვაზე. თითქმის ყველა კომ-პრომისზე მოდის, რადგანაც სხვა გზა არ დაგვჩენია, ქართველი ეგზარქოსი, რომელსაც ყველა უნდა რუსი ტერიტორიულად ემორჩილებოდეს, თუ უნდათ რუსებს ბაქოში დასვან ბაქოს და ყარსის გუბერნიისთვის რუსის ეპისკოპოსზე მხოლოდ ემორჩილებოდეს კანტორას და ეგზარქოს. კანტორა სინოდის ნაწილად უნდა იქმნას შეცვლილი. ყველა საქმეები აქ უნდა თავდებოდეს. ნამესტნიკს... სამღვდელოებას და ეპისკოპოსებს ჯამაგირი მოუმატოს და სხვა არაფერი. მგონი ავტოკეფალიაზე არც ჰოს და არც არას იტყვის. ელიევს უთქვამს, მართალია მე ხელი მოვაწერე პეტიციაზე, მაგრამ ეხლა სხვა დროა, უარს ვამბობო. მეც, პეტრეც და გიორგიც თუ ჯამაგირი არ დაუნიშნეს სამღვდელოებას ავტოკეფალიაზე არას ვამბობთო, ეგრეთვე ბევრნი მღვდელთაგანიო. ჩვენ მხრივ ე. ი. სამღვდელოებასა, ან თქვენ მხრივ ვერ იქნება მოხერხებული, რომ რაიმე დაუთმოთ, და თუ როგორმე ვინმემ წასჩურჩულა და ეგზარხოსი ქართველი გამოგზავნოს, ძალიან კარგი იქნება, იმასვე მოვახერხებთ ყველას ავტოკეფალიის შესახებ. ღმერთმა კი დაიფაროს, რომ ეგ პროექტი რომელიც შეიმუშავეს განყოფაზე ეპარქიებისა არ განახორციელონ, სულ დავიღუპებით.

მელიქიშვილი ჩამოსულა, უნდა გაგვეგზავნა ვინმე, მაგრამ ყველამ უარი სთქვა, სამშობლოს გამყიდველის დიპლომი მიიღო.

წარმოიდგინეთ უპრაგონოთ იჭერენ უდანაშაულო მღვდლებს და ციხეში გზავნიან, კანტორაში ეგ კითხვა აღძრეს თურ...


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1206

სოსო ჩიჯავაძის წერილი კირიონისადმი

1906 22/III  წელი


ჩემო ეპისკოპოზო!

დღეს შევიტყე, რომ ჭავჭავაძეს გადაუწყვეტნია მივიდეს ნემესტიკნთან და შინაურულათ მოელაპარაკოს, აუხსნას და დაარწმუნოს. თან წაიყვანოს გიორგაძე, როგორ მცოდენს ჩვენი საეკკლესიო საკითხებისა. ოფიციალურათ არ უნდათ, რადგანაც რასაც შინაურულათ ეტყვის და დაარწმუნებს ოფიცილურათ ვერ გაუბედავენ.

მელიქიშვილს მგონი მინდობილი აქვს ობოლენსკისაგან როგორმე მოგვარიგოს, იქნება კომპრომისზე წავიდენ მითომ, ლაპარაკში ეტყობა, თორემ ობოლენსკისა ძალიან ეშინიან ჩვენი გაცალკევებისა, თურმე. სხვა არაფერია ახალი ამბავი.

შენი სოსო



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1013

თ. ჟორდანიას წერილი კირიონისადმი

თქვენო მეუფებავ! უმოწყალესო მეუფეო სასიქადულო მღვდელმთავარო სახელოვანო კირიონ!

არ იქნა, თქვენს ხილვას ვერ ვეღირსე. ორჯერ გამოველ რიონის სტანციაში, როცა შემოდგომას თფილისისაკენ მიბრძანდებოდით და ვერ ვეღირსე თქვენს ნახვას. ახლა გამოპარულ ხართ, არავის გაუგია თქვენი წაბრძანება რუსეთში.

დღეს "თვალნი ყოველთანი" თქვენკენ არის მიპყრობილი, მარტო თქვენს პირადად კირიონის იმედი აქვს, რადგან ლეონიდმა დაკარგა ნდობა აქაურ სამღვდელოებაში, ჩემს თვალწინ იმას ჯერ კიდევ არ დაეკარგა ფასი, მაგრამ ახლა-კი მივხვდი რა პატრიოტი ბრძანდება...

შარშანაც მოგწერე და "დოკლადიც" გაგიგზავნეთ "Ответ...." იმ დოკლადის დაწერა ოფიციალურად საქმის ქაღალდით და №...-ით მომანდო მან, როგორც კომისიას, ამიტომ მეც ოფიციაურადვე ნომრით მივართვი ხელმოწერილი ჩემგან ჩემის სახელით. მას არას დროს გამოუთქვამს სურვილი, რომ ის დოკლადი მისის სახელით დამეწერა, ამიტომ მეც არავისაგან არ დამიმალავს, რომ ის დოკლადი ჩემგან არის დაწერილი. სხვათა შორის ჩემს ყოფილ ამხანაგს ბუტკევიჩს გავუგზავნე ნაცვლად მისგან გამოგზავნილი მისის თხზულებისა, ეს ჩემგან შედგენილი დოკლადი ესრეთის წარწერით. თურმე ბუტკევიჩს ეს გამოუქვეყნებია, წაუკითხავს ლეონიდს და გადარეულა!... ვერ წარმოიდგენ რა სალანძღავი წერილი დაუწერია აღსავსე ყოველგვარი ბიწიერი სიტყვებით და "გაუბედურებას" მპირდება. ნეტა რა დამიშავებია? თუ ავტორობა სურდა, მეტყოდა ის დალოცვილი და დიდის სიამოვნებით დაუთმობდი. მისი მინდობილობა და ბრძანება შევასრულე: დოკლადიც დაუწერე, მერე ის ისტორიული წერილიც, ახლა მისის კერძო მინდობილობით (მაშასადამე მისის სახელით) დავწერე ვრცელი ფრიად დაწვრილებითი დიდი "დოკლადი" ოცდახუთ თაბახზე, დავწერე შავად, უნდა შემეკრა, ამ დროს მომივიდა ის უმსგავსო წერილი, წავიკითხე რა პირველივე სტრიქონი: "შენგან სანთელ-საკმეველსაც არ შევიწირაო" თვალთ დამიბნელდა, ანთებულ ბუხრის წინ ვიჯექ, ის რვეულიც ბუხრის თავზე იდვა, ავიღე გაჯავრებულმა და შიგ ცეცხლში ჩავყარე ეს ამოდნა შრომა!.. ჩემს უგუნურობას ახლაც მივსტირი, მაგრამ აწ გვიანღაა...

გენაცვალოს ჩემი თავი, მე ტყუილს როგორ გაგიბედავ, რომ მარტო თქვენზე მაქვს დღეს დამყარებული იმედი, ყოველთვის ჭეშმარიტს მოგახსენებ. გარწმუნებთ, რომ ავტოკეფალიის საქმე ფრიადის სიცხადით მაქვს შესწავლილი იმდენად საბუთიანად, რომ არათუ რუსის სამღვდელოების კრებას, არამედ მთელი მსოფლიო კრებაც რომ მოხდეს ხმას ჩავაწყვეტინებ და ჩვენის ეკლესიის ავტოკეფალიას აღვიარებინებ; აქ არაფერი საეჭვო არ არის, ჭეშმარიტს მოგახსენებ, ამიტომ საჭიროა ჩემი დასწრება თქვენს კრებაზე, ჩემი თქვენთან ერთად ყოფნა, არა იმიტომ ვითომ მე თქვენზე ჭკვიანად მიმაჩნდეს თავი ანუ მეცნიერად, არამედ საქმისთვის, რადგან თქვენ ქვეყნის საქმე გკიდიათ ზურგზე, და მე მარტო ამ პატარა კითხვას მოვკიდე ხელი და შევისწავლე. მე ვხედავ დღეს გამოსადეგი ვარ სამშობლო ეკლესიისათვის და მარტო ეს მალაპარაკებს, თორემ გარდა ლანძღვისა და უსიამოვნებათა მე არას მოველი არც რუსებისაგან და არც თანამემმამულეთაგან. ჭეშმარიტს მოგახსენებთ და ახლა თქვენი საქმეა. მე უნდა ბავშვები დავყარო აქ და საშიშარს გზას დავადგე, მაგრამ უკან არ დავიწევ, როცა ღვთისმშობლის წილს ვემსახურები.

რაც დავწვი იმის დაწერა ახლა შეუძლებელია, რადგან აშფოთებული ვარ და დროც ცოტაა, მაგრამ თქვენის მფარველობის იმედით აღმაფრთოვანებთ, დავწყნარდები და კვლავ დავიწყებ გულდასმით შრომას. შენ გენაცვალოს ყველა არქიელები, დღეს ქვეყანას შენზე უჭირავს თვალები.

ამასაც გთხოვ, როგორმე დააცხრე ლეონიდის გულძვირობა ჩემზე, უსამართლოდ მეპყრობა. ხოლო თუ მაინც და მაინც თავს არ დამანებებს მარტო მისი ბარათი მეყოფა მის გასათახსირებლად სინოდის წინაშე, თვით რუსეთის სამღვდელო კრებასაც მოვახსენებ და ვიმოწმებ... მე ორიოდე წელიწადი მივლია პიატილეტკამდი, გამაძლებინოს, თავი დამანებოს, მიმსახუროს, ნურას მერჩის, მოითმინოს, თორემ მეც წამახდენს, მაგრამ მაგასაც უარესი მოუა იცოდეს, ოქროპირიძეებთან ერთგულება არ გამივიდა, არ იქნა, დალოცოს უფალმა შენი სახელი და მშობლები, ორიოდ სიტყვა დამაბღაჯვინე და წყალობით აღმავსე. ჭეშმარიტად დღეს შენით მიდგია სული. ღმერთმა შენი თავი მიჩვენოს კათალიკოზად და ჩემი თავი ღვთისმშობელმა მოგცეს ერთგულ მოსამსახურედ ახალს თქვენს თანამდებობაში. ამინ იყავ.

ავტოკეფალიას რყევა არ აქვს: არა ნაციონალურს ავტოკეფალიას, როგორც ბოდავენ თფილისის რუსის მღვდლები და კიდევ უხარიათ, არამედ ტერიტორიალურს, მთელის კავკასიისას განურჩევლად ეროვნებათა. თქვენ უნდა იქნეთ კათალიკოზი მთელის კავკასიის მართლმადიდებელ ერთა და არა მარტო ქართველთა ტომის. ამისი საბუთები აუარებელია. არას გზით არ დაუთმოთ, ეს ჭეშმარიტად ასეა და თქვენც უწყით.



თქვენი მეუფების თაყვანისმცემელი თევდორე ჟორდანია 1906 წ. ნოემბერი



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №222 კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი [პეტერბურგი]




წმინდაო მამაო!

შენი წერილი ექვსის იანვრის თარიღით მომივიდა და ვსცან ყოველივე. მკითხამრად დაგანარჩუნეს პეტრეს ქალაქშიო? ნუ თუ ვერ მიჰხვედრიხარ, რომ რაღაც რიდი აქვთ და ჩემს აქედან დაბრუნებას საქართველოში მუდამ აბრკოლებენ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის: "არ ახალია, ძველია" ლეონიდი ეხლა კი, როგორ გულახდილად აღიარა, დარწმუნდა, რომ დიდი ქომაგობა გავუწიე მაშინაც კი, როდესაც წარსულ ზაფხულს მარტოდ-მარტო ვიცავდი ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას, უფრო მეტი საბუთები და მოსაზრება მქონდა წამოყენებული, მაგრამ დაბეჭდილ ჟურნალებში გამოტოებულია, ითაღლითეს. ს. პ. გრიგოროვსკიმ შენი ბინადრობა ჩაიწერა და არ ვიცი, რატომ ვერ მოახერხა წერილის მოწერა. სინოდში მე და ლეონიდემ ერთად ვნახეთ სერგეი პეტროვიჩი. მე მადლობა გადავუხადე განქორწინების საქმის დაჩქარების გამო, იმან მიპასუხა: თქვენი სახელით წერილი მომივიდა და როგორ არ შევასრულებდი თქვენ თხოვნასო. ლეონიდემ ეს პასუხი გაიკვირვა და მითხრა: როგორ მოახერხე ამისთანა დიდი პირების ეგრეთი დამეგობრებაო ?! საქმეც ამაშია, და...

მე თავმჯდომარე კი არა ვარ საქართველოს სასულიერო უწყების სასწავლებლების გადაკეთების კომისიისა, არამედ წევრი ვარ. თავმჯდომარედ არის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, მანდ რექტორად ნამყოფი. პირველ კრებაზედვე გამოვაცხადე, რომ გამოიწვიონ ორი წევრი საქართველოდან: აღმოსავლეთ საქართველოდან შენ და დასავლეთიდან – ი. სანებლიძე. დეკანოზმა სოკოლოვმა – თავმჯდომარეა სამოსწავლო საბჭოსი-თავისი მხრივ გამოაცხადა სურვილი, რომ საჭიროა ოდოევის გამოწვევაცო. ვერ გავიგე დღეს სინოდმა როგორ გადასწყვიტა ეს საქმე.

ძალიან სამწუხაროა, რომ მაგისთანა თავდადებულ მშრომელს, როგორიც არის პავლე კარბელაშვილი, შეურაცყოფა მიუყენებია ცინგლიან მედავითნეს. მანდ ამ ბოლო დროს ძალიან თავს გავიდნენ მთავრები და დიაკვნები. ამის წინათ წერილი მომივიდა სანდრო ყანჩელისგან, რომელშიაც მთხოვდა ნივთიერ დახმარებას საამხანაგოთ გახსნილ წიგნის მაღაზიის საქმეში. რაკი დღე-დღეზედ წამოსვლას ვაპირებდი, პასუხი ვერ მივსწერე. მიდი, გაშინჯე საქმე, თუ მკვიდრ ნიადაგზედ აქვთ წიგნების ვაჭრობა დაყენებული, დავეხმარები დიდის სიამოვნებით. მალაქია ბოლქვაძემ სთქვა,რომ მე შემიძლიან აქ წიგნების მაღაზიის პატრონებთან საჭირო დახმარების გაწევაო. თუ ვანო მაღალაშვილმა ტყის ექსპლუატაციის საქმე კარგად დააყენა და ჩვენ ორივესთვის სასარგებლო იქნება, თანახმა ვარ იმდენის თანხის მიცემისა, რამდენსაც შენ იწერები. ჩემს ნათლიმამა ვანოს და ივან გიორგიევიჩს უთხარი, რომ ჩემი ბიძაშვილის ქმარს ალექსი ზუბიაშვილს რასმე ადგილი მისცენ სამუშაო. ხელობით კალატოზია, პატიოსანი, ერთგული და სანდო კაცი. ეხლა კალატოზობას გასავალი აღარ აქვს. რა საქმეზედაც დააყენებენ: მეთვალყურეთ მუშებისა ან სხვა შესაფერ საქმეზედ, - სინდისიერად შეასრულებს თავისს მოვალეობას.

იწერები: მანდ რას აკეთებო, - ღმერთმა არ იცის ამათი თავ-ტანი! ამოდენა ხარჯს ვეღარ ავდივარ. სოფოს მეტად საგრძნობელი, მომხიბლავი და ელექტრონზედ სწრაფი ამანათი მოუძღნია ჩემთვის და მე ვითარცა უხვად გამცემი, ერთი ათად მიუძღვენი მასვე შესაფერის კადნიერებით.

მომიკითხე ყველანი, ეხლა კარგათა ვარ. სახლის ყიდვის შესახებ, რასაც ვიწერები, თანახმა ვარ, მაგრამ იმოდენა შეძენილ სახლის ავეჯს (მებელს) რა ვუყო, სოხუმიდან სად გავგზავნო! ნიქოზში თუ? წყალკურთხევის (უკეთ ვსთქვათ ყინულის კურთხევის) მეორე დღეს ლავრის დიდ ტაძარში ვსწირე.

ეპ. კირიონი

1907წ 17/I


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1450

მამაო ტარასი!

გისურვებ ყოველ კეთილს. ყოვლად სამღვდელო კირიონს ხვალ 1 მარტს ვისტუმრებ კონვოში. როგორც ისმის, იქ დიდხანს არ გააჩერებენ - მალე უმაღლეს კათედრას მისცემენ. ყ~დ სამღვდელომ მითხრა მისწერე მ. ტარასის გამოგზავნოს ქვათახევის წინამძღვრის შრომა "სატრაპეზო უსტავი" და "ბერების მოთმინებაზე". თუ ესენი ან სხვა რაიმე გაქვს შესახებ ბერებისა გამოგვიგზავნე სიჩქარით. მე მჭირდება კანდიდატური თხზულებისათვის. მოიწერე რა ამბავია მანდეთ. ჩემი ადრესი В. С. Петербург Обвадный каналь 17.

Иероманахи Антонию (Гиоргадзе) შენი პატივისმცემელი მღვდელ-მონაზონი ანტონი (გიორგაძე)

28 თებერვალი 1907    წ.




ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №895

1907 წ. აპრილის 18 ქუთაისი

თქვენო მეუფებავ, დაუვიწყარო მღვდელმთავარო კირიონ!

მოგილოცავთ ძმური სიყვარულით ბრწყინვალე აღდგომას და ვთხოვ მაცხოვარს თქვენი სახელოვანი და გმირული სიცოცხლის მრავალჟამიერობას!

ყოვლად სამღვდელო! თუ თქვენი აქ არ ყოფნა ვისმეს მოაკლდა, - ეს გახლავართ პირველათ მე: აღარა მყამს მომხრე, ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, ყველა თაგვის სოროში იმალება, კრინტს ვეღარავინ სძრავს, ყველა კურდღლათ და დედალ ქათმათ გადაიქცა. მარტო ერთი ვერაფერს ვხდები და ტყუილ უბრალოთ თავქვას ვიხლი. თქვენით როდესაც ზურგი გამაგრებული მქონდა, ცა ქუდათ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ეხლა კი ზურგ წამხდარი ცხენივით, ცაში კაჭკაჭის გაფრენაც კი საგონებელში მაგდებს. ჩვენი სილაჩრით გამარჯვებულებმა აღარ იციან როგორ იდღესასწაულონ თავიანთი დღესასწაული, როგორ გაგვთელონ, გაგვანადგურონ, ყურით გაგვლეწონ და მტვრათ გვაქციონ. ოჰ, ღმერთო, როდემდის, როდემდის უნდა ვიტრიალოთ ამ ჯოჯოხეთ საკირეში და გავარვარებულ თონეში! ნეტავი სულაც შეგნება არ მქონდეს, ან ისე ვიყო აგებული, რომ ადვილათ ურიგდებოდე და ვეთვისებოდე ცხოვრების ყოველგვარ პირობებს... სადღესასწაულო არაა ეს გრძნობები, მაგრამ სხვა რა გვაქვს სადღესასწაულო?

მანდედამ მაინც მანუგეშეთ წერილებით: როგორ მოხდა თქვენი გადაყვანა, როგორ მუშაობდით პეტერბურგში ჩემ შემდეგ, როგორ მოეწყვეთ ახალ ბინაზე და საზოგადოთ როგორ გრძნობთ თავს.

ოღონთ  კარგათ  იყავით, თორემ  სამშობლოს  მანდედამ უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ, სინამ დასაწვავ სოხუმიდან. აქაურ ამბებს დაწვრილებით არ გწერავთ, რადგანაც ყველაფერი საწყენი და გულსაკლავია.

კვალად მოგილოცავ ქრისტეს აღდგომას და გისურვებთ სიცოცხლეს.

უთქვენობით მხარმოტეხილი და ობლად დარჩომილი ეპისკოპოსი ლეონიდი.

 

18 აპრილი 1907    წ.

ქ. ქუთაისი.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1131 ზ. ჭიჭინაძის წერილი კირიონს

ჩემგან გულით პატივცემულო ამაგდარო კირიონ!

ბევრი რამ მქონდა მოსაწერი, მაგრამ რა გაეწყობა, დროებით ეს იქით გადავდე. გწერ მხოლოდ მცირე რამ წერილს პატარას ცნობებით. 1744 წ. გამოცემული "დაბადება" ეხლახან მარის გადავეცი, რადგანაც მას დიდი სურვილი აქვს მისი შეძენის. მე მაინც არ დავივიწყებ და ვეცდები სადმე გიშოვნოთ, შოვნის უმალ ცნობას მოგწერთ.

უეჭველია შეიტყობდით, რომ ქართულს ენაზედ "ყურანი" დავბეჭდეთ. შარშან და წელს აჭარაში ორჯერ ვიყავი თან "ყურანი" წავიღე. კაი გავლენა იქონია, ხოლო მცირე რამ წუნი დასდეს თარგმანის გამო, მაგრამ ესეც გასწორდება შემდგომისათვის. მომავალი ქართველ მაჰმადიანთა ქართული ენის აღორძინებით დაწინაურდება და დაგვირგვინდება. ამ ზაფხულს კიდევ წავიღებ "ყურანს" მუქთად ურიგებთ მათ მცოდნე პირთ, შეძენის მსურველნი თვით ხოჯები და მოლებიც აღმოჩნდნენ. ამის ყველაფერს ამბებს დაწვრილებით ვწერ და დაიბეჭდება კიდეც, უეჭველია თქვენც წაიკითხავთ და ისიამოვნებთ.

გაუწყებთ აგრეთვე იმასაც, რომ მე შევადგინე მთელი სურა ქართველ მაჰმადიანთა სასარგებლოთ, ყველა წიგნები მათს სასარგებლოდ უნდა დავბეჭდო, ამისათვის საჭიროა დიდი შრომა და ნივთიერი ძალაც, მიტომ გავმართეთ ხელის მოწერა, ამიტომ მოგართვით თქვენცა დაგავალებ, რომ ამ საჭირო ისტორიულ საქმეში მონაწილეობა მიიღოთ და რამით დახმარება აღმოგვიჩინოთ. ყველა ამ წიგნების დაბეჭდვა კი მათთვის აუცილებელს საჭიროებას შეადგენს, რადგანაც მათში აი ასეთის სიტყვები თხოულობენ ხსენებულ წიგნებს: "ჩვენ დღეის შემდეგ ოსმალურს ენას ვეღარ შევისწავლით, ჩვენთვის განათლება კი საქებარს შეადგენს. ჩვენი განათლება კი ქართულის ენით და წიგნით უნდა მოხდეს, რადგანაც ჩვენი დედაენა ეს ენა არისო, ეს გახლავთ მოკლე აზრი მათი და იმედია ამიტომ თქვენც ამ სურის გამოცემას კარგის თვალით შეხედავთ. რითაც ისურვებთ მათ დახმარებას, გიგზავნით თვით წიგნების სიასაც. ვიტყვი, რომ "ყურანის" შემდეგ მათში "სახარებაც" მოიკიდებს ფეხს. ამისთვის ბრიტანიის ბიბლიურის საზოგადოების უფროსმა გამგემაც მთხოვა და თან დამავალეს ოსმალურსა და ქართულ ენაზეც "სახარების" წაღება და მიმოფენ მათ მცოდნე პირებში. ვნახოთ ეს როგორ იქნება და ან როგორ წავა. ხოლო ის კი უნდა ითქვას, რომ მოლებსა და ხოჯებში "სახარების" წაკითხვის მსურველნიც აღმოჩნდნენ და დამავალეს შეტანა. იგი როგორ გავლენას იქონიებს და ან როგორ გაიგებენ, ეს მომავალში გამოჩნდება. ზემო ხსენებულ წიგნების გარდა ერთი დიდი ყუთი სხვა დასხვა საერო წიგნებიც მიმაქვს. რაც წერილით ვერ შევძელი მოწერა, იმას ტარასი მოგახსენებთ.

მარადის თქვენი პატივისმცემელი

ზ. ჭიჭინაძე

1907 წ. 9 ივნისი თფილისი

მაჰმადის შესახებ თქვენი წერილის ცალკე დაბეჭდვა მინდა, ნეტა მაცნობოთ რომელ წლის ნომერშია დასტამბული, მე ვეღარ მოვიგონე. ჩემგან გამოცემულ წიგნების სახელებს ტარასი მოგახსენებთ.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №303



ქრისტე აღსდგა!

მამაო წმინდაო!

რუსეთში გადმოყვანამ ერთ ტაქტიკას შემაჩვია. რომელსაც აქაც მივსდევ. ჩემსავით სამშობლოდან გადმოხვეწილებს მოვნახამ ხოლმე და შეძლებისა და გვარად ვუმსუბუქებ მათ მდგომარეობას. აქ ჯარი, როგორც გწერდი, ბევრია და იმედი მქონდა, რომ ჯარის კაცებში ქართველებიც აღმოჩნდებიან. დათიკოს მოვაკითხვინე ქართველები და ტელეფონით შემატყობინეს, რომ სახლში მოვიდა ხუთი ქართველი ჯარისკაციო. მაშინვე დათიკო გავგზავნე, თითო მანეთი საჩუქარი გავატანე და დავავალე, რომ კახურით გამასპინძლებოდა. კარგი დრო გაეტარებინა, იმათ სიხარულს თურმე საზღვარი არა ჰქონდა. იმათგან ორი ვერელი გამოდგა, ორი-ავლაბრელი და ერთი-ჩუღურეთელი. თურმე ქართველები 60 კაცი ყოფილა, მაგრამ ისე დაუქსაქსიათ სხვა და სხვა ჯარის ნაწილებში, რომ ორი კაცი ერთად არ დაუყენებიათ, - ფასი ჰქონიათ გულში.

ლეონიდს დეპეშით მივულოცე ბრწყინვალე აღდგომა და იმას ისევ ძველ საქციელს მიჰმართა; - ბალტაში ჩემი დანიშვნის შემდეგ, როდესაც ბიძა-ძმისწული ჩამოვიდნენ დიმიტრის საკურთხებლად, ლეონიდი აღარ კადრულობდა ჩემთან ლაპარაკს, ხმას აღარა მცემდა და როგორც მკეთროვანს, ისე მერიდებოდა. როცა ორიოლში მომცეს ადგილი, მოწიწებით დამიწყო ქცევა, ეხლა კი ისევ ბიძისებურ ყაიდას მიჰმართა, რადგანაც ქორეპისკოპოსის ხარისხზედ ჩამომაგდეს, პასუხი აღარ მაღირსა, მაგრამ მას ქართული ანდაზა დაჰვიწყებია: "აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნის ტოლა მაინც ვერ აიკიდოს".

ნ. ნ. დურნოვოსგან ამ ბოლო დროს ორი წერილი მომივიდა და ამასთან ახალი წიგნიც - "Судба грузинской церкви". ამ წიგნში (გვ. 146-147) საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მაგივრად ავტონომიას აძლევს. მაგის პროექტით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი რუსეთის სინოდის წევრად უნდა იყოს; მასზედ განსაჩივრება საქართველოს ეპისკოპოსებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მაგივრად (ეს უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიანიჭა მეოთხე მსოფლიო კრებამ, მუხლი 9 და 17) მოსკოვის პატრიარქს უნდა მიართვან; ბაქოს მიტროპოლიტი, რომელიც ემორჩილება მოსკოვის პატრიარქს, როდესაც საჭიროდ დაინახამს, შეუძლიან თბილისში იცხოვროს (ესეც მეორე ბატონი კათალიკოსისა), იგი ირიცხება აპოკრისარიად და ეგზარხოსად სინოდის საქართველოში. ამაზედ მეტს იძლეოდა ობერ-პროკურორი ობოლენსკი. ნ. ნ. დურნოვოს აზრი რომ განხორციელდეს, საქართველოს ეკლესია უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება, ვიდრე ეხლაა. დღეს ვგრძნობთ, რომ ძალადობით შეიერთეს ჩვენი ეკლესია, განსაჩივრების ნება გვაქვს, თანახმად მეოთხე მსოფლიო კრების დადგენილებისა, დურნოვოს პროექტით კი ჩვენი სურვილით ვუერთდებით რუსეთის ეკლესიას და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ ჩვენი ეკკლესიის ავტოკეფალიას. თუ ჩვენი სამართალი მოსკოვის პატრიარქის ხელში იქნება, მაშინ ხომ ჩვენი საქმე საბოლოოთ დაიღუპა, რადგანაც კარგად გამოვიწვნიეთ ამ ასი წლის განმავლობაში რა არის რუსეთის სასულიერო იერარქიის სამართალი. აპოკრისარი - ეგზარხოსი, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ მოსკოვის პატრიარქის ჯაშუში უფრო უარესი არ იქნება ეხლანდელ ეგზარხოსებზედ?! ნ. ნ. დურნოვომ ამ ბოლო დროს გადუხვია. ჩვენც ისეთი საქმე მოგვივიდა, როგორიც საბრალო ქედანს. რუსეთს ჩავაბარეთ ჩვენი სვე-ბედი და აღარაფერს გვიბრუნებენ. ჩვენს ქედანისავით ქვეყნის გაუტანლობაზედ მწუხარებით ვღუღუნებთ და ვღუღუნებთ.

იცი ქედანი რაზედ ღუღუნებს? აი რაზედ, ყური დამიგდე. უხსოვარ დროში ქედანს გაზაფხულის პირზედ თავის ჯიღა, თურმე, ოფოფისათვის მიუბარებია, ოფოფს ჯიღა თავზედ დაუდგამს და ძაან მოსწონებია. როდესაც ქედანს თავის ანაბარი მოუთხოვია,ოფოფს რუსული აშორო (ატკაზი) დაუკრამს, თუმცა ჯიღის მიბარებაში სანდო მოწამეც ჰყოლია საწყალ ქედანს, ამ დღიდან იგი თურმე მოთქმით ღუღუნებს:

"წმინდა თევდორეო"

შენ ხარ მოწამეო,

ოფოფს ჯიღა მივაბარე,

აღარ მომცა მეო."

მომიკითხე ყველანი.

 

ე. კირიონი

PP.S ეს არის ეხლა მივიღე შენი წერილი. მაღალაშვილს დიდის სიამოვნებით მივსცემდი უფლებას, რომ სამსახურის თავის დანებება არ მედგას წინ. მაგ ფულის იმედიღა მაქვს, სანამ საქმე სხვანაირად დატრიალდება, - ეგ არის ჩემი პენსია. ზვრის დაბრუნებაც იმიტომ განვიზრახე, რომ  ჩემთვის ცხოვრება გამეადვილებინა, რადგანაც სოფელში ყოველ შემთხევაში უფრო იოლად შეიძლება კაცი გამოვიდეს. ას თუმნის რენტას და ახალ ნაყიდებს ნუღარ შეიტან ბანკში, ან ტარასის გამოატანე სოხრანაია როსპისკა და რენტები, ან შენ წამოიღე, თუ უთუოდ მოგიხდება წამოსვლა.


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №1291

მივიღე 190710/X. დღესვე გავუგზავნე 1907  წ.10/X ოცდახუთი მანეთი. ე. კ.

ქ. პეტერბურგი

ყოვლად-სამღვდელო მეუფეო!

როგორც ამას წინად გწერდით – ბ-მა კობეკომ დაგვრთო საჯარო წიგნთასაცავში მუშაობა, მხოლოდღა საჭირო შეიქმნა რექტორისაგან ნებართვის აღება. მეცადინეობა უკვე დავიწყეთ 24 სეკტემბერს და ვმუშაობთ 4 კაცი. პირველად ხელი მივყავით იმისთანა ხელთნაწერების გადაწერას, რომლებიც მარტოდ აქაურ წიგნთ-საცავშია.

სამუშაო ძნელი აღმოჩნდა: დიდად საძნელოა ხელთნაწერების გარკვევა და დიდ დროს და დაკვირვებას თხოულობს. თითო თაბახის გადაწერას სწორ ორ საათ ნახევარს-სამს უნდებით. უფრო კი გაგვიჭირა საქმე მეფე-დედოფლების და მთავრების ავტოგრაფების ამოკითხვამ. ვმუშაობდი დილის 10 საათიდან ნაშუადღევის 2-მდი. სამს კი (ხელნაწერთა განყოფილება) ბიბლიოთეკა იხურება. კვირა უქმე დღეებში მუშაობა არ სწარმოებს. აქაურ ხელთნაწერთა სია შევადგინე და ამ დღეებში მინდა გავუგზავნო ტფილისში ბ-ნ ჯანაშვილს და ვთხოვო მაცნობოს რომელი მათგანი თფილისის მუზეუმში არ იმყოფება. ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელნი უნდა გადაიწეროს, ხოლო ისინი კი, რომლების ასლი ანდა მეორე ეგზემპლიარი თფილისშიც არის დაცული, გადაუწერელი დარჩებიან.

ყოვლად-სამღვდელო, სტუდენტების (გადამწერლების) შრომის ფულს გამოგზავნით, რადგანაც ისინი დიდად საჭიროებენ და მთხოვეს ადრევე მომემართა თქვენთვის.

გამოვითხოვ რა თქვენი მეუფების ლოცვა-კურთხევას უმორჩილესად დავშთები მარად თქვენი ერთგული

სტუდენტ სამუილ ცომაია


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №321 კირიონის წერილი ს. ჩიჯავაძისადმი †

მამაო წმინდაო!

რა საშრომი მასალებიც მქონდა წამოღებული პეტერბურგის აკადემიიდან, ვისარგებლე და ეხლა თითქმის უსაქმოთა ვზივარ. დიდი საქმეა, რომ ერთი კვირა კიდევ გავძლო აქ და ისევ პეტერბურგს უნდა მივმართო, რომ ჩემი საქმე როგორმე მოვაწყო, თორემ თქვენ გძინამთ.

(ცდა თუმც.) თალიკოს უთხრი, რომ ხუთი წელიწადი უცდიდი, მაგრამ მაგან ავეჯის 180 მან არ გადაიხადა. ამდენი ხანი ცდა თუმცა კმაროდა, მაგრამ კიდევ ერთი თვის ვადა მივეცი; თუ ამ ვადის განმავლობაში არ გადაიხადოს ვალი, მუშები გაგზავნე და ჩემი სახლის ავეჯი წამოაღებინე. კანტორაში სოფრონს ჰკითხე სოხუმის ეპარხიაში ყოფნის დროს, მე რევიზიაზედ სიარულის პრაგონი მერგებოდა. ამის შესახებ ქაღალდი მანდ იყო გამოგზავნილი სოხუმიდან და გამიგე რა მდგომარეობაშია ეს საქმე. პროკურორების და მდივნების სიაც სთხოვე, შეიძლება დამიჩქარონ. მინდა კანტორის ისტორია პირველსავე შემთხვევაში ე.ი როდესაც ამისთვის საკმარისი ფული მომიგროვდება-დავბეჭდო.

აქ დღეს საკმარისად თბილა, საღამოდან კი სიცივე საგრძნობლად იჩენს ხოლმე თავს. პარკში ნარზანის გარშემო და ახლო მდინარის ნაპირებზედ გაცხარებული მუშაობაა. 61 ბურაო დასდგეს ნიადაგის გასაშინჯათ. მიწას ღრუნტიან 9-10 საჟინის სიღრმეზედ. სხვაგანაც ბევრგან უნდა გაშინჯონ ნიადაგი. მუშების სიტყვით, საშობაოთ გაათავებენყველა უწყობელ ადგილებში ნიადაგის გასინჯვას. გუშინ დათიკო მოვიდა და ქვემო ნიქოზიდან ვერა მოიტანა რა, რადგანაც კოვნოდან გაგზავნილი სამ ყუთიდან აქამდე შაქრის მარტო ერთი ყუთი მისვლია,რკინის გზები მეტად აგვიანებენ საქონელის გადატან-გადმოტანას. მანდიდან 23 ენკენისთვეს გამოგზავნილი ღვინო ჯერაც არ მომსვლია.

მამაო! სწორედ გითხრა დიდი ყოყმანის შემდეგ გადავსწყვიტე მაგ რენტების გამეტება. ხათრი ვეღარ გაგიტეხე. ძაან ვშიშობდი, რომ არ ჩავეთრიეთ და მართლაც ეგრე აღმოჩნდა. შაქროს დეპეშით შევატყობინე, რომ მანდ ნუღარ ჩამოვა, რადგანაც საქმე სხვანაირად დატრიალდა მეთქი. ეგ რენტები, სანამ ჩემი საქმისას არა გავიგებ, მანდა გქონდეს. დაწვრილებით შემატყობინე სამღვდელოების მოლაპარაკება რითი გათავდება, რა გზას დაადგებით. ეცადეთ კარგად გაითვალისწინოთ ჩვენი დაცემული ეკლესიის-მდგომარეობა. საჭიროა, რომ თავად-აზნაურთა მხრიდან, წერა-კითხვის საზოგადოებისგან და სხვა ქართული დაწესებულებათაგან წარმომადგენლები მოიწვიოთ და იმათთან ერთად იქონიოთ თათბირი.

გუშინწინ სტუდენტ ს. ცომაიასგან წერილი მომივიდა, რომელშიც მატყობინებს, რომ მუყაითად შესდგომიან ხელთნაწერების გადმოღებას და ფულებს თხოულობენო 17 მან. იქ იყო ჩემი ფული ამ საქმისათვის და ოცდახუთი მანეთიც იმ დღესვე გადავეცი ფოსტით. გადამწერ სტუდენტებს ალბათ ჰგონიათ, რომ მარტო ხელთნაწერების პირების გადმოღება მაქვს სახეში, - ის კი არა ჩემი აზრი სულ სხვა არის: მსურს იგინი შევაჩვიო საისტორიო შრომას და მით ჩვენი წარსული შევაყვაროთ. ამ აზრის მისაღწევად ფულებს როგორ დავზოგამ!!

მომიკითხე ყველანი

იფხიზლეთ, ვინაიდან მტერი კარს უკან გვიდგა.

ეპ. კირიონი

1907 12/IX ქ. კისლოვოდსკი



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კირიონ საძაგლიშვილის ფონდი №739 ბერ-მონაზონ ილია ათონელის წერილი კირიონისადმი


თქვენო ყ~დ უსამღვდელოესობავ ყ~დ უსამღვდელოესო

წმიდაო მეუფეო კირიონ!

გვაკურთხე წმიდაო მეუფეო!

უწინარეს ყოვლისა შენდობას და კურთხევას გამოვითხოვ თქვენი წმინდა მეუფებისაგან, და მოწიწებით და სასოებით ვეამბორები თქვენ წმიდა ფეხებს, და ყოვლის შემძლებელს ღმერთს მამაზეციერს ვსთხოვ, და სასოსა ჩვენსა და მფარველსა ქართველთასა, დედასა ღვთისასა და შემწესა ჩვენსა ივერიის ღვთისმშობელისა, თქვენი მშვიდობით და დღეგრძელობით ცხოვრებას სასიქადულოდ და სანუგეშოდ ჩვენი საწყალი და დაობლებული სამშობლოისა. მენება მრავალი ქება წარმომეთქვა თქვენი სამშობლოსადმი ღვაწლისათვის, მაგრამ ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემგვარ ლიტონი და უნდოისა კაცისაგან, რომელსა ფილოსოფოსი ვინმე და ენა მჭევარი ვერ შემძლებელ არს თქვენი ღვაწლის ქება წარმოთქვას, რამეთუ იოანე ოქროპირზე და სხვათა ყოველთა აღმსარებელთა და მღვდელთ მოწამეთა აღმატებულ არს და უაღრეს თქვენი სამშობლოსადმი მოღვაწეობა, ანუ რა სარგებელი არს კაცთა მიერი ქება, ოდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ ინეტარებით, ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაო. და შემდგომი. აწ თუ ნებას მიბოძებთ და არ განმირისხდებით მოგახსენებთ ჩემ ვინაობას, თუმცა თქვენიპირადი ცნობა მე არა მაქვს, მაგრამ ფრიად დაწვრილებით უწყი თქვენი სამშობლოსადმი მოღვაწეობა და სიმართლისათვის ადგილით ადგილად დევნულება, მენება და ფრიად მოსურნე ვიყავ თქვენი ნახვისა 1911 წელს ჩემი სამშობლოს ყოფნის დროს, მგზავრ გავიარე სებასტოპოლში და ზღვის გემის ბილეთი იქამდის ავიღე იმ მოსაზრებით თქვენ მენახეთ, მაგრამ ჩემმა ცოდვილმან და მცონარებამან ღირსი არ გამხადა თქვენი ნახვისა, ჩემდა საუბედუროდ გემი ღამე მოადგა მაქ და ნივთების გადატანა დამიმძიმდეს, და საზღვარ გარეთ გასასვლელი ბილეთსაც ვადა გაუდიოდა და ამ მიზეზმა დამაკლო თქვენი ნახვის და კურთხევის მიღებას, მე გახლავართ ივერიის მონასტრის წმიდა ილიას ეკლესიაში, დარწმუნებული ვარ თქვენცა გეცოდინებათ ეს ადგილი, აქ მოღვაწეობდა შემდეგ ივერიის მონასტრიდგან გაშორებისა წმინდა და ღირსი ბერი მამა ვენედიკტე ქიოტიშვილი, რომელიც მიცვლილ არს 1862 წელსა, და წმიდა ბერი ილარიონ ყანჩაშვილი სოლომონ იმერთა მეფის მოძღვარი, და ბერი ბესარიონი ყ~დ სამღვდელო გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა, და სხვა ქართველი მამები რომელთა მოღვაწეობა მთელ ათონში განთქმულ