Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს კიროსის ხელმძღვანელობით გაერთიანებულმა მიდიისა და სპარსეთის ჯარებმა ქალდეველთა იმპერიის დედაქალაქი ბაბილონი დაიპყრეს. ებრაელების სამოცდაათწლიანი გადასახლება დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ იუდეველი ერი კვლავაც ტყვეობაში რჩებოდა. ბაბილონში მცხოვრები დიდი წინასწარმეტყველი დანიელი ღრმა ფიქრებს მისცემოდა: ღმერთმა საკუთარი გადაწყვეტილება ხომ არ შეცვალა? იქნებ უწინარეს გაცხადებულის აღსრულება სხვა დროისთვის გადაიდო? იყო კი ასპარეზზე გამოჩენილი სპარსი მეფე ის კიროსი, ვისზეც ესაია მიუთითებდა (შდრ. ეს. 45.1): „ესრე იტყჳს უფალი ღმერთი: ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა უპყარ მარჯუენჱ ჴელი მისი დამორჩილებად წინაშე მისსა წარმართნი და ძალი მეფეთაჲ განვხეთქო, განვახუნე წინაშე მისსა ბჭენი, და ქალაქნი არა დაიჴშნენ“)? იერუსალიმელი წინასწარმეტყველი კიროსზე საუბრისას აღნიშნულ სახელს სიმბოლური შინაარსით ხომ არ მოიხმობდა (კიროსი განიმარტება როგორც „მზე“) და სინამდვილეში რაღაც სხვა იდუმალ მოვლენას მოიაზრებდა?1

იგივე სირთულე უკავშირდებოდა იერემიას წიგნს, რომელშიც იუდეველთა ტყვეობის ხანგრძლივობაზე ორი უწყებაა. ერთგან ანათოთელი მოღვაწე უფლის სახელით ასე მიმართავდა საზოგადოებას: „და იყოს ყოველი ქუეყანაჲ განსარყუნელად და აღსაოჴრებელად,  და ჰმონებდენ ნათესავნი ესე წარმართთა შორის მეფესა ბაბილოვნისასა სამეოცდაათ წელ,  და რაჟამს აღესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვნისასა და ძიება-ვყო ნათესავსა ამას ზედა, თქუა უფალმან,  ძიებით უშჯულოებათა მათთა ქუეყანასა მას ქალდეველთასა და დავსხნე იგინი განსარყუნელად საუკუნოდ“ (იერემ. 25. 11-12). მეორეგან იმავე წიგნში აღნიშნულია: „რამეთუ ესრე თქუა უფალმან:  რაჟამს აღასრულებდეთ ბაბილოვნს სამეოცდაათსა წელსა, მოგიძინე თქუენ და დავამტკიცნე თქუენ ზედა სიტყუანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ამას ადგილსა“ (იერემ. 29.10); მაგრამ როდის სრულდებოდა მითითებული სამოცდაათი წელი, მკაფიოდ არსად ჩანდა.

სწორედ ამ ბუნდოვანების ნათელსაყოფად საკუთარი ხალხის მომავლით დამწუხრებული დანიელი ლოცვით მიმართავს უფალს და ნაცვლად იუდეველი ერის შესახებ პასუხისა, კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოს იმეცნებს, რაც სამოცდაათი შვიდეულის სახით გაუცხადა ღმერთმა წინასწარმეტყველს. წარმოდგენილი კითხვა-მიგება, ერთი შეხედვით, თითქოს არათანმიმდევრულია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ წინაშეა წმინდა წერილის მისტიკური ენა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ამოკითხული მოვლენების კვალდაკვალ, ღრმა სულიერ შინაარსს დაიტევს. სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე მოცემულ შემთხვევაში. მართალია, დანიელი, ბიბლიური უწყების თანახმად, იუდეველი ერის ბედითაა დადარდიანებული, მაგრამ აღნიშნული კერძოობითი საკითხის მიღმა გაცილებით მასშტაბური მოვლენა იფარება: საკუთარი ხალხის ყოფით ბედზე მოფიქრალი წინასწარმეტყველი უპირატესად კაცობრიობის ხვედრით ინტერესდება, ვინაიდან უწყის, რომ ადამის მოდგმა დემონის მძლევრებასა და ჯოჯოხეთის მეუფებას დაქვემდებარებია და სწორედ ამ ვითარებიდან ეძებს იგი გამოსავალს. სამოცდაათი შვიდეულის შესახებ მოსმენილი უწყება გამომსყიდველ საიდუმლოზე ფიქრის შედეგია, რაც ანგელოზური ძალების მიერ იდუმალ გაენდობა დიდ წინასწარმეტყველს.

ამჯერად, შესაბამისი საკითხის განხილვაზე გადავიდეთ. მთავარანგელოზ გაბრიელისგან დანიელი იგებს, რომ ღვთის ენით გამოუთქმელი წყალობა სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ დადგება (შდრ. დან. 9.24): „სამეოც და ათნი შჳდეულნი აღესრულნენ ერსა შენსა ზედა და ქალაქსა მას წმიდასა აღსრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა, აღჴოცად უშჯულოებისა და ლხინებად სიცრუვეთა და მოწევნად სამართალისა საუკუნოჲსა და დაბეჭდვად ხილვათა და წინაჲსწარმეტყუელებათა და ცხებად წმიდასა წმიდათასა“).

ხსენებული დრო (სამოცდაათი შვიდეული), ბიბლიური ტექსტის მიხედვით, სამად იყოფა: 1. შვიდი შვიდეული; 2. სამოცდაორი შვიდეული; 3. და ბოლო, ერთი ვიდეული. სამოცდაათი შვიდეულის დროის ათვლა (ე. ი. დროის პირველი ნაწილის - შვიდი შვიდეულის დასაწყისი) იერუსალიმის აღდგენის ბრძანებას უკავშირდება. შემდეგ სამოცდაორი შვიდეული იწყება, რომლის დასასრულს (ჯამში სამოცდაცხრა შვიდეულის დასასრულს), ე. ი. სამოცდამეათე შვიდეულისას ცხებული, წინამძღვარი გამოჩნდება (შდრ. დან. 9.25): „და სცნა და გულისხმა-ჰყო გამოსლვისაგან სიტყჳსა მიგებად და აღშჱნებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტჱსამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოც და ორ“) და იმავე ბოლო სამოცდამეათე შვიდეულისას ზემოხსენებული წინამძღვარი მოიკვეთება (მოკლული იქნება), თუმცა დანაშაულის (ბრალეულობის) გარეშე (შდრ. დან. 9.26): „და შემდგომად შჳდეულისა სამეოც და ორთა მოისპოს ცხებაჲ. და მსჯავრი არა იყოს მას შინა“).

ასეთია წინასწარმეტყველისთვის გაცხადებული მოვლენების არსი და სანამ თითოეული მათგანის შესაბამის განმარტებებს წარმოვადგენდეთ, ვიტყვით, რომ იუდეველთა შორის დროის ათვლა შვიდეულების მიხედვით ჩვეული მოვლენა იყო და აღნიშნულთან მიმართებით ძირითადად სამი გაგება არსებობდა: 1. კვირის შვიდი დღე; 2. შვიდი წელი (მეშვიდე წელს შაბათის წელი ეწოდებოდა); 3. შვიდი შვიდწლიანი დროის მონაკვეთი, ე. ი. ორმოცდაცხრა წელი, რომლის შემდგომი, ორმოცდამეათე წელი საიუბილეო წლის სახელითაა ცნობილი. ზემოხსენებული სამოცდაათი შვიდეული დროის ჩამოთვლილი მნიშვნელობებიდან სწორედ ერთ-ერთს უნდა მოიცავდეს. თუ სამოცდაათ შვიდეულს პირველ  მნიშვნელობას დავუკავშირებთ, ჯამში ოთხას ოთხმოცდაათი დღე გამოვა, რაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთია და, ბუნებრივია, წმიდა წერილის ტექსტში გადმოცემული მოვლენები (იერუსალიმის აღდგენა, ცხებულის გამოჩენა, მისი მოკვდინება და თანმდევი შედეგები) ასეთ მცირე ჟამში ვერ აღსრულდებოდა. გამოსათვლელ რიცხვად საიუბილეო წლის მოხმობაც გამორიცხულია, ვინაიდან სამიათას ხუთას წელს ვიღებთ (70×50=3500) და თუკი დანიელის სამოცდაათ შვიდეულს დროის ხსენებულ ოდენობას განვუკუთვნებთ, გამოდის, რომ წინასწარმეტყველების აღსრულებამდე დღევანდელი დღიდან ათვლის შემთხვევავში კიდევ არასრული ათი საუკუნე დარჩენილა. შესაბამისად, საეკლესიო განმარტებების თანახმად, შვიდეული შვიდ წელს მოიცავს, ხოლო დანიელისთვის გაცხადებული დროის სრული მოცულობა (სამოცდაათი შვიდეული) ოთხას ოთხმოცდაათ წელს გულისხმობს (70×7=490). წარმოდგენილ მსჯელობას შევაჯამებთ და ვიტყვით, რომ ანგელოზის მიერ წინასწარმეტყველისთვის გაცხადებული სწავლების თანახმად, იერუსალიმის ქუჩებისა და გალავნის აღდგენასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემიდან (შდრ. დან. 9.25): „აღაშჱნოს უბნები და ზღუდჱ“) ოთხას ოთხმოცდაათი წელი უნდ აგავიდეს, რომ ნაუწყები ბოლომდე აღსრულდეს.

ამჯერად ხსენებული ბრძანებულების გაცემის წელი უნდა გამოირკვეს, რომ შევძლოთ გაგება იმისა, თუ როდის იწყება დანიელისთვის ნაუწყები დროი სათვლა. წმიდა წერილისა თუ ისტორიული წყაროების თანახმად, იუდეველთა დედაქალაქთან დაკავშირებული ოთხი განჩინებაა ცნობილი. პირველი მათგანი სპარს მეფე კიროსს ეკუთვნის (538 წ.); მაგრამ საქმე ისაა, რომ კიროსმა სამშობლოში დაბრუნებისა და ნაბუქოდონოსორის მიერ დაქცეული ტაძრის აშენების ნებართვა დართო ებრაელებს და არაფერი უთქვამს მას საკუთრივ ქალაქის დამცავი ზღუდის - გალავნისა თუ გზების განახლების შესახებ. ამიტომაც მისი დადგენილება მითითებული დროის საწყისად ვერ იქნება მიჩნეული. მეორედ იუდეველთა დედაქალაქის თაობაზე დარიოსი გამოსცემს განაწესს, თუმცა მოცემულ ვითარებაში ახალი არაფერია, რადგან დარიოსმა აღთქმულ მიწაზე დაბრუნებულ რეპატრიანტებს ტაძრის შეწყვეტილი მშენებლობის განახლების უფლება მიანიჭა, რაც ფაქტობრივად კიროსის ბრძანების გამეორება იყო. მესამე განჩინება ქსერქსეს ძეს - არატაქსერქსეს უკავშირდება. იგი ძვ. წ. აღ-ის 465 წელს გამეფდა. 458 წელს არტაქსერქსემ სპარსეთში მცხოვრებ ლევიტელ ეზრას სამშობლოში დაბრუნების ნება დართო, რაც თავად ეზრას ინიციატივით მოხდა, ვინაიდან უცხოობაში მყოფმა მოღვაწემ საკუთარი ხალხის მძიმე ხვედრის შესახებ შეიტყო და, მათი დახმარების მსურველმა, თხოვნით მიმართა სპარს ხელისუფალს. არტაქსერქსეს ოფიციალური მხარდაჭერით აღჭურვილი ეზრა იერუსალიმში ჩადის და უმნიშვნელოვანეს რელიგიურ რეფორმებს ახორციელებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დედაქალაქის ქუჩებისა თუ გალავნის შესახებ არაფერი თქმულა. მეოთხე დადგენილება იმავე არატაქსერქსეს ეკუთვნის. მან გამეფებიდან მეოცე წელს ებრაელებთან დაკავშირებული მეორე (და საერთო ჩამონათვალში მეოთხე) ოფიციალური განწესება გამოსცადა, ამჯერად, იერუსალიმში საკუთარი ღვინის მწდე, იუდეველი ნეემია გააგზავნა, რომელსაც ლეგიტიმური უფლება ებოძა, სხვა რეფორმებთან ერთად, იერუსალიმის გარშემო დამცავი გალავანი აეგო და ქალაქის იერსახე მოეწესრიგებინა. განმმარტებლები სწორედ ჩვენმიერ ხსენებულ ბოლო ბრძანებას მიიჩნევენ დანიელის წიგნში გახმოვანებული სამოცდაათი შვიდეულის (საკუთრივ შვიდი შვიდეულის) დასაწყისად.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ არტაქსერქსე სპარსეთის მეფე, მართალია, ძვ. წ. აღ-ის 465 წელს გახდა, მაგრამ საკუთარი მამის, ქსერქსეს, მიერ იმპერიის თანამმართველად გაცილებით ადრე, 473 წელს გამოცხადდა და რვა წლის განმავლობაში მამა-შვილი ერთობლივად განაგებდა სახელმწიფოს.

გავიხსენოთ, რომ იერუსალიმთან დაკავშირებული რიგით მეოთხე განჩინება არტაქსერქსეს გამეფებიდან მეოცე წელს გამოიცა. როდესაც ზემოხსენებულ თარიღს (მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის დასაწყისს) ოც წელს მოვაკლებთ, მივიღებთ 453 (473-20=453). განმარტებების მიხედვით, სამოცდაათი შვიდეულის დასაწყისი სწორედ ძვ. წ. აღ-ის 453 წელია. შესაბამისად, თუკი 453-ს გამოვაკლებთ 49-ს (შვიდ შვიდეულს), 404 წელ სვიღებთ. აქედან დროის მეორე მონაკვეთის, სამოცდაორი შვიდეულის ათვლა იწყება, რომელიც 434 წელს მოიცავს (62×7=434). ძვ. წ. აღ-ის 404 წელს გამოკლებული 434 ახალი წელთაღრიცხვის 30 წელია. ამჯერად კვლავ გავიხსენებთ დანიელისთვის გაცხადებულ სიტყვებს: “გამოსლვისაგან სიტყჳსა მიგებად და აღშჱნებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტჱსამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოც და ორ“ (დან. 9.25). წარმოდგენილი წინასწარმეტყველების თანახმად, ცხებული წინამძღვარი2 ახალი წელთაღრიცხვის ოცდაათ წელს გამოჩნდება ასპარეზზე და ეს სწორედ ის თარიღია, როდესაც განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე მდინარე იორდანეზე მიდის და იოანე წინამორბედისაგან იღებს ნათელს3.

ანგელოზი მხოლოდ ზემომოხმობილი უწყებით არ შემოფარგლულა და თანმდევი მისტიკური მოვლენებიც გაანდო წინასწარმეტყველს: „და შემდგომად სამეოცდაორთა შჳდეულთა მოისრას ცხებულებაჲ“ (დან. 9. 26); ე. ი. აღნიშნული ქმედება (ცხებულების შემუსრვა) სამოცდაცხრა შვიდეულის დასრულებისას, სამოცდამეათე შვიდეულში აღესრულება. მოცემულ შემთხვევაში, ტერმინი „ცხებულებაჲ“ („მოისრას ცხებულებაჲ“), მართალია, სახელზმნაა (შდრ. Sept. ...ἐξολεθρευθήσεται χρῖσμα), თუმცა მასში რომ უეჭველად მესია მოიაზრება, ამას, ერთი მხრივ, თანმდევი მოვლენების მწყობრი და საეკლესიო ეგზეგეტიკა ცხადყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, წმიდა წერილის მრავალენოვან თარგმანთა ერთსულოვნება (შდრ. ლათ. „...occidetur Christus“; ფრანგ. „...Oint sera retranché“; ინგლ. „...Messiah be cut off“; გერმ. „...Gesalbte ausgerottet“; რუს. „...предан будет смерти Христос“; შევნიშნავთ, რომ ებრაულ ბიბლიაში გამოყენებულია ვნებითი გვარის მიმღეობა (შდრ. „მოიკვეთება ცხებული“ - יִכָּרֵתמָשִׁיחַ), რომელშიც კონკრეტული პიროვნება იგულისხმება: מָשִׁיח - maw-shee'-akh - ცხებული). უნდა აღინიშნოს, რომ დანიელის წიგნის თანახმად, ბოლო შვიდეული (შვიდი წელი) ორ ტოლ ნაწილად განიყოფება, ხოლო ცხებულის მოკვეთა ბოლო შვიდეულის პირველი მონაკვეთის, ე. ი. სამწელიწად-ნახევრის დასრულებისას განხორციელდება.

კვლავ გავიმეორებთ, რომ შვიდი შვიდეულისა და სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (ჯამში სამოცდაცხრა შვიდეულის დასასრულს), დანიელის წიგნის მიხედვით, მოიკვეთება, მოკვდინებული იქნება ცხებული და იქვე უაღრესად მნიშვნელოვანი, დოგმატური მოძღვრებაა დამოწმებული: „მსჯავრი არა იყოს მას შინა“ (დან. 9.26). წინასწარმეტყველი იგებს, რომ მართალია, მესია მოკლული იქნება, თუმცა არა პირადი შეცოდებების მიზეზით, რადგან ყოვლად უდანაშაულოა იგი4. ამასთან, დანიელს განემარტება, რომ ბოლო შვიდეულის პირველი ნახევრის დასასრულს (ცხებულის ასპარეზზე გამოსვლიდან სამწელიწად ნახევარში, მას მერე, რაც მოიკვეთება იგი), „...კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი“; ე. ი. მესია დაასრულებს ძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვასა და იერუსალიმის ტაძრისთვის ძღვნის შეწირვის რჯულდებას, ვინაიდან საკუთარი სიკვდილის შემდეგ, ბოლო შვიდეულის მეორე ნახევარში, ახალი აღთქმის ეკლესიას დააფუძნებს (შდრ. „და განუძლიეროს აღთქუმაჲ მრავალთა შჳდეულ ერთ“), რომელშიც უსისხლო ლიტურგია აღევლინება და ადამიანს სხვა არაფერი მოეთხოვება, გარდა შემუსვრილი გულითა  და დამდაბლებული სულით მისვლისა5.

გაბრიელ მთავარანგელოზი წინასწარმეტყველს აუწყებს, რომ დაღვრილი სისხლისთვის დამნაშავეებს პასუხი მოეკითხებათ: „ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღურისა თანა მომავალსა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა“ (დან. 9.26). ეკლესიის მამათა განმარტებებით, „მომავალ წინამძღუარში“ იერუსალიმის წინააღმდეგ მიმართული რომაული ჯარი და მისი მეთაური ტიტე მოიაზრება, რომელმაც, იოსეფ ფლავიუსის ცნობით, სისხლის მდინარეები ადინა იუდეველთა დედაქალაქში.

დანიელი ასევე იგებს, რომ „შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს“ (დან. 9.27). წარმოდგენილ წინადადებაში ყურადღებას იქცევს სიტყვები „საძაგელი მოოხრებისაჲ“ (შდრ.  Sept. βδέλυγμα τῶν ἐρημώσεων - გაუდაბურებათა სისაძაგლე). თეოდორიტე კვირელი მიიჩნევს, რომ მასში კეისრის ქანდაკება იგულისხმება, რომელიც რომაელმა მმართველმა პილატემ იერუსალიმის ტაძარში განათავსა; ორიგენესა და წმინდა იოანე ოქროპირის აზრით, აღნიშნული სიტყვები რომაულ ჯარს ეწოდა6. ევსები კესარიელი შენიშნავს, რომ ზემოხსენებული გამოთქმა თავად ძველაღთქმისეულ ტაძარს მიემართება, რადგან მაცხოვრის ჯვარცმისას კრეტსაბმელი ორად გაიპო, რის შემდეგაც ხსენებული ადგილი „საძაგელად მოოჴრებისა“იქცა7.

-----------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ ასპარეზზე ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნეში გამოსული წინასწარმეტყველი ესაია ორი საუკუნით ადრე იუწყებოდა კიროსის შესახებ, რომ ღვთისაგან შთაგონებული სპარსი მეფე გადასახლებაში მყოფ იუდეველ ერს სამშობლოში დაბრუნების ნებას დართავდა.

2 - შევნიშნავთ, რომ ძველ ქართულ ტექსტში გამოყენებული ტერმინი „ქრისტჱ“ (შდრ. „ქრისტჱსამდე წინამძღურისა“) ბერძნული შესაბამისი ტერმინის - χριστὸς - უთარგმნელად გადმოღებული ფორმაა, რაც „ცხებულს“ ნიშნავს.

3 - საყურადღებო სწავლებას წარმოგვიდგენს წმინდა იოანე ოქროპირი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოინათლა უფალი საკუთრივ 30 წლის ასაკში. აი, რას ბრძანებს იგი: „ვინაჲთგან უკუე ჟამსა სიჭაბუკისასა გუმძლავრობენ ჩუენ ვნებანი, რამეთუ პირველისა მის ჰასაკისა ჟამსა გუმძლავრობს უგუნურებაჲ და სულმოკლეობაჲ, და მერმე, აღორძნდეს რაჲ ჰასაკი, შემოვალს მძლავრებაჲ გულისთქუმათაჲ, და განვმწჳსნით რაჲ, მოგჳჴდის სურვილი საფასეთაჲ და ცუდისა დიდებისაჲ. ამისთჳს არა მოვიდა უფალი ნათლის-ღებად, ვიდრემე ყოველნი იგი ძნელოვანნი ჰასაკნი წარვლნა და ყოველთავე შინა დაუკლებელად აღასრულა წესი შჯულისაჲ, და არა იპოა ყოლადვე ბრალი მის თანა, არცა კუალი უდებებისაჲ“ (წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 149). წარმოდგენილ სწავლებაში კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავარი ადამიანის ასაკობრივი განვითარების შესაბამისად წარმოჩენილ უძლურებებსა და ვნებიან მიდრეკილებებზე საუბრობს და სამ პერიოდს გამოყოფს. კერძოდ, (1) სიჭაბუკეს უგუნურება და სულმოკლეობა ახასიათებს; (2) წლების მატებასთან ერთად ცოდვისმიერი გულისთქმები იწყებენ მძლავრებას; ხოლო (3) სრულყოფილ ასაკში ვერცხლისმოყვარეობისა და დიდებისმოყვარეობის სურვილი იჩენს თავს. მაცხოვარი კი იოანესგან მაშინ მოინათლა, როდესაც „ყოველნი იგი ძნელოვანნი ჰასაკნი წარვლნა“, თუმცა ოქროპირი იქვე აკონკრეტებს, რომ „არა იპოა ყოლადვე ბრალი მის თანა, არცა კუალი უდებებისაჲ“. მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ მესამე ასაკობრივ პერიოდზე საუბრისას წმინდა ექვთიმე ათონელმა მისთვის დამახასიათებელ თავისუფალ თარგმანს, მატებას, მიმართა და, ერთი მხრივ, გამოიყენა ტერმინი „განმწჳსება“, ხოლო მეორე მხრივ, სინტაგმა - საფასისა და ცუდი დიდების სურვილი (შდრ. „განვმწჳსნით რაჲ, მოგჳჴდის სურვილი საფასეთაჲ და ცუდისა დიდებისაჲ“. შდრ. ... καὶ μετὰ ταύτην πάλιν ἡ τῶν χρημά των ἐπιθυμία (PG. t. 58, col.185). ბერძნული წინადადების თარგმანი ასეთია: „... ამის შემდეგ კი კვლავ - საფასეთა მიმართ გულისთქმა“). ტერმინი „განმწვისება“ წმინდა წერილის ძველ ქართულ თარგმანებში რამდენიმეგზის გვხვდება. მოვიხმობთ ერთ-ერთ შესაბამის ადგილს: „და იყო დღეთა მათ მრავალთა, განმწჳსნა (Sept. μέγας  γενόμενος - დიდი გახდა, გაიზარდა; ი. ო.) მოსე და განვიდა ძმათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ხილვად ჭირისათჳს მათისა და იხილა კაცი მეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა, ძმათა მისთაგანსა, ძეთა ისრაჱლისათა“ (გამოს. 2.11). დამოწმებულ მუხლში ნაუწყები მოვლენის შემდეგ აღწერილია, თუ როგორ მოკლა მოსემ მჩაგვრელი ეგვიპტელი და ქვიშაში იდუმალ დაფლა იგი. თუმცა მის მიერ განხორციელებული ქმედება ყველასთვის საცნაური იქნა. შედეგად წინასწარმეტყველმა ეგვიპტე დაუტევა და არაბეთის უდაბნოს შეაფარა თავი, რა დროსაც დიდი იუდეველი მოღვაწე ორმოცი წლის იყო. შესაბამისად, „განმწჳსება“ - ესაა ებრაელთა მიერ სრულყოფილ ასაკად მიჩნეული ოცდაათი და მისი უახლოესი თანმდევი წლები.

4 - დანიელის წიგნის ზემოდამოწმებული ადგილის საყურადღებო თარგმანს გვთავაზობს ინგლისურენოვანი ბიბლია: „And after threescore and two weeks shall Messiah be cut off, but not for himself“ (დან. 9.26), რაც ნიშნავს: ცხებული, მართალია, მოიკვეთება, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, ე. ი. არა პირადი დანაშაულებების მიზეზით.

5
- ძველი და ახალი რჯულის ურთიერთმიმართების შესახებ უაღრესად საყურადღებო სწავლებას გადმოგვცემს წმინდა გრიგოლ ნოსელი. კაპადოკიელი მოძღვარი ერთგან შენიშნავს: „ვიდრე ქრისტეს მოსლვადმდე ბრწყინვალედ იხილვებოდა იერუსალჱმი და შჯული მათი და სახელოვანი იგი ტაძარი; და განწესებულნი იგი მსხუერპლნი, და ყოველივე, რომელიცა შჯულისაგან სახედ და აჩრდილად მიცემულ იყო მათდა. დაღაცათუ სხუასა ძალსა მოასწავებდა თითოეული მათი, გარნა საქმენი იგი განცხადებულად მუნ ჟამადმდე ყოველნივე ყუაოდეს და აღემატებოდეს. ხოლო ვინაჲთგან იხილეს მოსალოდებელი იგი და რომლისათჳს იტყოდეს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, და უპატიოსნეს ყვეს გამოჩინებულისა მის სარწმუნოებისა ცთომილი იგი სიცბილი მათი, რომელი-იგი ბოროტად მოეპოვა, რეცა დამცველად შჯულისა მცნებათა, რომელნი-იგი არა შჯულსა, არამედ ჩუეულებასა ჰმონებდეს. ვინაჲცა არცა საღმრთოჲსა გამოჩინებისა მადლი შეიწყნარეს და ყოვლისავე შჯულიერისა მსახურებისაგან უცხო იქმნეს და პატიოსანთა მათ საქმეთა დიდებულებაჲ ვითარცა სიზმარი წარჴდა მათგან, და ვითარცა მტუერი განიბნია, რამეთუ ტაძრისა მის საჩინოჲსა არცაღა თუ კუალი დაშთომილ არს და ბრწყინვალე იგი ქალაქი ოჴერ და უშენ ქმნილ არს მათგან და პირველისა მის შჯულისდებისაგან არარაჲ დაშთომილ არს მათდა ყოვლადვე, გარნა ხოლო სახელი ღმრთისმკლველობისაჲ, და მძლავრთაგან მოოხრებული ქალაქი“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, „სიტყვაჲ სწავლისა და მოძღურებისაჲ“; ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი; 1/2008, გვ. 112-113). ვფიქრობთ, განსაკუთრებით საგულისხმოა კაპადოკიელი მოღვაწის შეფასება, რომ ძველი აღთქმის რჩეული ერი არათუ სინას მთაზე გაცხადებულ რჯულს ემორჩილებოდა, რომლის დანიშნულებაც მისდამი შედგომილთა მესია-მხსნელთან, განკაცებულ ღმერთთან მიყვანა იყო, არამედ ლიტონ ადამიანურ ჩვეულებებს მისდევდა (შდრ. „...რომელნი-იგი არა შჯულსა, არამედ ჩუეულებასა ჰმონებდეს“), რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა.

6 - შდრ. „ოდეს საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ დადგეს ადგილსა წმიდასა, რომელ არიან მჴედრობანი იგი უესპასიანეს და ტიტესნი, მაშინ ძლიერად ივლტოდეთ, რამეთუ არღარა არს თქუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ“ (წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი II, თბილისი, 2014, გვ. 365).

7 - მკითხველის საყურადღებოდ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დანიელის სამოცდაათი შვიდეულის შესახებ საეკლესიო ლიტერატურაში განსხვავებული განმარტებებიც არსებობს. მაგალითად, ხსენებული დროის დასასრულს ქრისტეშობას უკავშირებს ღირსი იოანე ოქროპირი (შდრ. წმინდა იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 58). ასევე, ეკლესიის არაერთი მოძღვარი ზემოხსენებულ ჟამს რომაული ოლიმპიადების მიხედვით აღრიცხავს და ქრისტეშობის თარიღთან აიგივებს. ერთ-ერთი მათგანი წმინდა კირილე იერუსალიმელია, რომელიც ზემოთქმულისებრ განმარტავს დანიელის წინასწარმეტყველებას, ხოლო დასასრულს შენიშნავს: „მაშ, ჟამთა შესახებ გაქვს ჯერჯერობით ეს მტკიცებულება, თუმცა არსებობს დანიელის წელთა შვიდეულების, სხვა, განსხვავებული განმარტებაც“ (წმინდა კირილე იერუსალიმელი, კატეხიზმური და მისტაგოგიური ჰომილიები; ძველი ბერძნულადნ თარგმნა, წინასიტყვა და სქოლიოები დაურთო გიორგი ჯულაყიძემ. თბილისი, 2015, გვ. 170). ჩვენ მიერ დამოწმებული მსჯელობა სწორედ იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლის მიერ მითითებული განსხვავებული განმარტებაა. წინამდებარე განხილვისას შემდეგი გამოცემით ვიხელმძღვანელეთ: ინტერ. საიტი www.Word-BookShop.narod.ru; Святой Пророк Даниил, ст. 445-448.

 

ირაკლი ორჟონია

სტატია ქვეყნდება ავტორის ნებართვით

 

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 29 JUNE 2017 13:20)