Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინამდებარე პუბლიკაციაში მსჯელობა გვექნება წმინდა წერილში გადმოცემული ერთ-ერთი მოვლენის შესახებ, რომლის პირდაპირი მნიშვნელობით გააზრება დიდ გაუგებრობას უქადის ადამიანს. წარმოდგენილი განხილვისას ცნობილი ეგზეგეტის, ორიგენეს შრომით - „საწყისთა შესახებ“ ვიხელმძღვანელებთ. უპირველესად, შევნიშნავთ, რომ მიუხედავად ხსენებული განმმარტებლის საყოველთაოდ აღიარებული ცთომილებებისა, მისი წერილობითი მემკვიდრეობისთვის ეკლესიის მამებს ცალსახად უარყოფითი შეფასება არასოდეს მიუციათ, რისი ნათელი დასტურია ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ შედგენილი შრომა - „ფილოკალია“ („მშვენიერებათმოყვარეობა“), რომელშიც კაპადოკიელმა წმინდანებმა ორიგენეს შემოქმედებაში დაცული ღირსეული სწავლებანი შემოკრიბეს და, მოძღვრების გადმოცემისას, თავადაც არაერთგზის იხელმძღვანელეს ალექსანდრიელი ბიბლეისტის არგუმენტაციით. აღნიშნულის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომჩენია იმავე წმინდა გრიგოლ ნაზიანზელისა და მოგვიანებით, წმინდა იოანე დამასკელის მიერ ძე ღმერთის ჰიპოსტასში თანაშეკავშირებული ორი ბუნების ურთიერთმიმართების განსახილველად მოტანილი მაგალითი, თუ როგორ მდიდრდება საპირისპირო თვისებებით ცეცხლში აღმოჩენილი რკინა და ამასთან, კვალავ ინარჩუნებს საკუთარი ბუნებისთვის მახასიათებელ თვისებებს. ხსენებულ სწავლებას ვხვდებით შრომაში - „საწყისთა შესახებ“, კერძოდ, ქვეთავში სახელწოდებით „ქრისტეს განკაცების შესახებ“ (შდრ. PG. t. 11, Ωριγένης Περί αρχών, De incarnatione Christi; col. 213-214).

დასახელებული პუბლიკაციის მესამე წიგნის პირველი თავის სათაურია: „თავისუფალი ნების შესახებ“ (შდრ. PG. t. 11, De arbitrii libertate; col. 249-303), სადაც ალექსანდრიელი განმმარტებელი თანამედროვეთა შორის არსებულ ცრუ შეხედულებებს უპირისპირდება. ორიგენეს თანახმად, ზოგიერთები (იგულისხმებიან გნოსტიკოსები) კაცობრიობას ორ ნაწილად - მიწიერი და სულიერი ბუნების მქონე ადამიანებად ყოფენ. ამიტომაც, მათი თქმით, ის, ვინც საკუთარ ჰიპოსტასში სულიერ ბუნებას წარმოაჩენს, გადარჩენისთვისაა მოწოდებული, ხოლო მიწიერი ბუნების მქონენი მარადიულ დაღუპვას ექვემდებარებიან და ასეთი ადამიანების თავისუფალ ნებელობაზე ძალმომრეობს ღმერთი. ხსენებული პირები საკუთარი შეხედულების დასამოწმებლად წმინდა წერილის შესაბამის მუხლებზე მიუთითებდნენ. ერთ-ერთი ასეთი უწყება მოსეს ხუთწიგნეულს უკავშირდება, რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ ასასტიკებს ეგვიპტელი მმართველის გულს უფალი. შევნიშნავთ, რომ „გამოსვლათა“ წიგნში აღნიშნულთან დაკავშირებით რვა დამოწმება გვხვდება, რომელთაგან ხუთი უწყებას პირველ პირში წარმოგვიდგენს: (1) „ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რაჲ-ხჳდოდი შენ და მიიქცე ეგჳპტედ, იხილე ნიშები იგი ყოველი, რომელი მიგეც ჴელსა შენსა, ქმენ წინაშე ფარაოჲსსა, ხოლო მე განვაფიცხო (σκληρύνω) გული ფარაოჲსი და არა გამოუტევოს ერი ჩემი“ (გამოსვ. 4.21); (2) „ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა-ეგერა, მიგცე შენ ღმრთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაჲსწარმეტყუელად… მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა ეგჳპტისასა“ (გამოსვ. 7. 1, 3); (3) „თქუა უფალმან: მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და დევნა-უყოს კუალსა მათსა. და ვიდიდო მე ფარაოჲს ზედა და ყოველსა ერსა მისსა და გულისხმა-ყონ მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (გამოსვ. 14.4); სანამ დანარჩენ ორ ციტატას მოვიხმობდეთ, მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ ბიბლიური თხრობის მიხედვით, უფალი არა მარტო ფარაონის გულს ასასტიკებს („განაფიცხებს“), არამედ იგივე სიტყვები მის მსახურებს და, ზოგადად, მთელი ეგვიპტის მოსახლეობას მიემართება: (4) „ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მივედ შენ ფარაოჲსა, ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და მსახურთა მისთაჲ, რაჲთა შემდგომითი-შემდგომად მოვიდენ სასწაულნი ესე მათ ზედა“ (გამოსვ. 10. 1-2); (5) „ჰრქუა უფალმან მოსეს: ... მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და ყოველთა მეგჳპტელთაჲ და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა ერსა მისსა ზედა და ეტლებსა მისსა ზედა და ჰუნეებსა მისსა ზედა“ (გამოსვ. 17. 15,17). დანარჩენი სამი ციტატა იმავე მოვლენას მესამე პირში აღწერს: (6) „განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არა ინება გამოვლინებაჲ მათი“ (გამოს. 10.27); (7) „განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი“ (გამოსვ. 10.20); (8) „მოსე და აჰრონ ქმნეს ესე ყოველი ქუეყანასა ეგჳპტისასა წინაშე ფარაოჲსსა. და განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით“ (გამოსვ. 11.10).

წმინდა წერილიდან მოხმობილი მუხლების საფუძველზე ზემოხსენებული გნოსტიკოსები ამბობდნენ, რომ ბიბლიაში გაცხადებული სიტყვები უეჭველი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ძალმომრეობს ღმერთი გონიერ ქმნილებაზე.

გნოსტიკოსთა საწინააღმდეგოდ და ადამიანისთვის ბოძებული თავისუფალი ნების წარმოსაჩენად ორიგენე წმინდა წერილიდან იმოწმებს შესაბამის ადგილებს: „მიგეთხრა შენ, კაცო, რაჲ-იგი არს კეთილ, ანუ რასა ეძიებს უფალი შენგან? არამედ ყოფად სიმართლისა და რაჲთა გიყუარდეს წყალობაჲ და განმზადებულ იყო ყოფად, რაჲთა ჰხჳდოდი ღმრთისა შენისა თანა“ (მიქ. 6.8); „აჰა-ესერა, მიმიცემიეს თქუენ წინაშე დღეს ცხოვრებაჲ და სიკუდილი. ისმინნე თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, და შეიყუარო შენ უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი ყოველთა გზათა მისთა და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი, სცხოვნდეთ და განმრავლდეთ და გაკურთხნეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ქუეყანასა მას ზედა, რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად მუნ“ (2 რჯულ. 30. 15-16); „და უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ; უკუეთუ არა ინებოთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას“ (ეს. 1. 19-20); „უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არარჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცამედგა ჴელი ჩემი“ (ფსალ. 80. 15-16); „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს საშჯელისა“ (მათ. 5.22); „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“ (მათ. 5.28); „ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა“ (მათ. 5.39); „ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა“ (მათ. 7.24). ორიგენეს თანახმად, მოხმობილ ციტატებში გადმოცემული შინაარსი კაცობრიობისკენ მიმართული საღვთო მოწოდებაა, რაც არ გვაძლევს შესაძლებლობას, ადამის მოდგმა ზემოთქმულისებრ ორ ნაწილად გავყოთ. დამოწმებული სიტყვების საყოველთაოობა უპირობო დასტურია იმისა, რომ ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია; საპირისპირო შემთხვევაში სრულ აბსურდთან გვექნება საქმე, რადგან გამოდის, თითქოს მართალია, ღმერთი ყველას ეზრახება, თუმცა მის მიერ გაცხადებულის აღსრულება მხოლოდ ცალკეულ პირებს ძალუძთ.

ალექსანდრიელი ეგზეგეტი საკუთრივ ფარაონის გულის გასასტიკებასთან დაკავშირებული უწყების მიმოხილვაზე გადადის და უაღრესად საყურადღებო განმარტებას გვთვაზობს. მისი თქმით, ყოვლადსამართლიანი ღმერთის მზრუნველობა, სახიერება და მოწყალება ყველა ადამიანს ერთნაირად მიეფინება და ვინმესადმი მიკერძოებას შემოქმედის განზრახულობაში ვერსოდეს აღმოვაჩენთ. აღნიშნულში გარკვევის მიზნით ორიგენე ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან ციტატას მოიხმობს: „რამეთუ ქუეყანამან, რომელმან სჳს მრავალგზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთჳს, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ. ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლობელი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ“ (ებრ. 6. 7-8). მოციქულის წარმოდგენილ სიტყვებში ნაჩვენებია, რომ ერთი და იმავე მოქმედების შედეგად, რაც მოცემულ შემთხვევაში ზეციდან გარდამოსული წვიმის სახითაა გაცხადებული, მიწა განსხვავებულ ნაყოფს, - მწვანილს და უსარგებლო ეკალსა თუ კუროსთავს, - იძლევა და თუკი ვინმე წვიმას მეტყველების უნარს განუკუთვნებდა, ორიგენეს თანახმად, მას შეეძლო ასეთი რამ აღმოეთქვა: „მე, წვიმამ, კეთილი ნაყოფი აღმოვაცენე და ასევე ეკალ-კუროსთავი ამოვზარდე“. აღნიშნული სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა, რადგან წვიმა რომ არ ყოფილიყო, არც კარგსა თუ უსარგებლო აღმონაცენს არ მივიღებდით, ხოლო წვიმის შედეგად სინოტივის მიმღები მიწა ნაყოფთა განსხვავებულ სახეობას გვთვაზობს. მოცემულ შემთხვევაში არსებითი ისაა, რომ, მართალია, მიწამ სწორედ წვიმის საშუალებით ამოზარდა მცენარეები, მაგრამ ვერავინ იტყვის, თითქოს ხსენებულ მცენარეებს შორის არსებული განსხვავების მიზეზი წვიმაა. ალექსანდრიელი განმმარტებლის მიხედვით, უსარგებლო ნაყოფთა სიმრავლე სინამდვილეში ადამიანთა უდებების შედეგია, რომელთაც გულისხმიერების გამოჩენით ძალუძდათ, მიწა ღრმად დაებარათ, ამოეტრიალებინათ, ნიადაგის სიღრმეში გადგმული ყველა უვარგისი ფესვი ჩაეჭრათ და ძირიანად ამოეგდოთ, რითაც საუკეთესო მოსავლს მივიღებდით. წვიმის ზემოქმედების ძალა ნებისმიერ ნიადაგს თანაბარი ღირსებით მიემადლება, თუმცა მიღებული შედეგი ნოტიო სტიქიონის შემწყნარებელ მიწაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მომზადებული ხვდება ის ხსენებული ელემენტის სიცოცხლის მიმნიჭებელ ძალას. შესაბამისად, შრომისმოყვარე და გულმოდგინე მოღვაწეთა მიერ დამუშავებული ნიადაგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მიწისმოქმედთა სიზარმაცის შედეგად ეკალი და კუროსთავი აღმოცენდება. ორიგენე მსჯელობას განაგრძობს და წარმოდგენილი მაგალითის სიმბოლურ განმარტებას გვთავაზობს. მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ღვთისაგან აღსრულებული სასწაულები და ქმედებანი უზენაესის მიერ დედამიწაზე გარდამოვლენილ წვიმად უნდა მივიჩნიოთ; ჩვენეული მზაობა და სურვილები კი ისეთ ნიადაგს შევუდაროთ, რომელიც გულმოდგინე ადამიანთა შრომის შედეგად სადღაც დამუშავებულია, ხოლო სხვაგან უგულისხმო კაცთა მიზეზით დაუმუშავებელი დარჩა. სწორედ მოხმობილი სახე-სიმბოლოების მიხედვით შეიძლება გავერკვეთ, რომ ქმნილებისადმი საღვთო მოქმედების შედეგად თითოეული ჩვენგანის ნებელობა, თუკი უყურადღებოდ მიტოვებული და გაუწვრთნელია ის, კიდევ უფრო უხეში და ველური ხდება; ან ბოროტებათა უგულებელყოფის გზით, სათნოებათა დაუსრულებელ გზაზე შედგომილი და ყოველდღიური მოღვაწეობით კეთილ არჩევანში გამოცდილების მიმღები მეტად დამდაბლდება და სრულად ემორჩილება უზენაესს.

ალექსანდრიელი ეგზეგეტი საკითხში გარკვევის მიზნით, თუ რას გულისხმობს წმინდა წერილი, რაჟამს ფარაონის გულის გასასტიკების შესახებ მოძღვრებას გადმოგვცემს, ახალ მაგალითს გვთავაზობს. ორიგენეს მიხედვით, თუკი ვინმე იტყოდა, რომ მზე საკუთარი მხურვალებით აშრობს და ალღობს კიდევაც, ე. ი. განსხვავებულ შედეგს იძლევა, ჭეშმარიტი იქნება ამგვარი შეფასება, მიუხედავად იმისა, გამოშრობა და გალღობა ერთმანეთის საპირისპირო მოვლენებია, რადგან ერთი და იმავე ძალით - მხურვალებით მოქმედი მზე ცვილს დაადნობს, ხოლო ჭაობს აშრობს. მსგავსად ზემოთქმულისა, მზესაც ძალუძს ასეთი სიტყვები წარმოთქვას: „მე ვალღობ და ვაშრობ“; თუმცა, ბუნებრივია, ვერავინ იტყვის იმას, რომ მზის ძალა სხვანაირად ზემოქმედებს ცვილზე და განსხვავებულად - ჭაობზე და თითქოს ამან განაპირობა საწინააღმდეგო შედეგები (გადნობა და გაშრობა), არამედ ყველა ერთხმად დაეთანხმება, რომ ორივე შემთხვევაში მათი (ცვილისა და ჭაობის) თვისობრივი მდგომარეობის შესაბამისად წარიმართა მოვლენები. მოხმობილი მაგალითის თანახმად, ღმერთის მიერ მოსე წინასწარმეტყველის შუამავლობით განხორციელებული სასწაულები ღვთის სიტყვასთან დაპირისპირებაში მყოფ ფარაონსა თუ მის გარემოცვას და თანამოაზრე ეგვიპტელებს, მსგავსად მზის ზემოქმედების შედეგად ამომშრალი ჭაობისა, კიდევ უფრო მეტად განაფიცხებდა, მაშინ, როდესაც იმავე ქვეყანაში მცხოვრები შეგნებული ეგვიპტელების უკეთურებისკენ მიდრეკილი თავისუფალი ნებელობა, რაჟამს ღვთისაგან მოვლენელი ნიშნები იხილეს მათ, მხურვალებით გალღობილი ცვლის დარად, ადრინდელი გაუხეშების წილ სათნოებისკენ მიიდრიკება. შედეგად ისინი რჩეულ ერთან ერთად ტოვებენ საკუთარ სამშობლოს და აღთქმული ქვეყნისკენ მიემართებიან (შდრ. გამოსვ. 12. 37-38): „წარმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი რამჱსით სოქოთად ექუსას ათასი მამაკაცი მკჳრცხლი (ქვეითი; ი. ო.) გარეშე ჭურჭრისა მათისა. და მწირი გამოჰყვა მათ მრავალი, ცხოვარი და ზროხაჲ და კაჰრაული ფრიად“). ფარაონთან დაკავშირებით იმავეს განაჩინებს დიდი კაპადოკიელი მოძღვარი, წმინდა გრიგოლ ნოსელი ეგზეგეტიკურ შრომაში „მოსეს ცხოვრება“. აი, რას ბრძანებს იგი: „განფიცხებაჲ ღმრთისა მიერ მეგჳპტელისა მის მძლავრისაჲ არათუ ამას მოასწავებს, თუ სიფიცხე სულსა შინა ფარაოჲსსა ნებამან ღმრთისამან დაამკჳდრა, არამედ ამას გამოაჩინებს, ვითარმედ გონებაჲ მისი ბოროტისა მიმართ მტკიცედ მიდრეკილებითა მომალბობელსა მას სიფიცხისა მისისასა სიტყუასა არა შეიწყნარებდა, არამედ უფროჲსად განფიცხდებოდა“ (P 40; 362 v).

ორიგენე მსჯელობას განაგრძობს და დასტურად იმისა, რომ ფარაონი მიღებული გადაწყვეტილებებისას თავისუფალი ნებით ხელმძღვანელობდა, წმინდა წერილის შესაბამის მუხლებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ცვლიდა დროდადრო ეგვიპტელი იერარქი საკუთარ განჩინებებს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოსესა და აარონის ხელით რამდენიმე სასწაული აღსრულდა, ეგვიპტელმა მმართველმა ასეთი სიტყვებით მიმართა მათ: „ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ და აღიღეთ ჩემგან მყუარი ესე და ერისა ჩემისაგან, და განუტეო ერი ეგე და ჰმსახურებდით უფალსა“ (გამოსვ. 8.8); გარკვეული დროის გასვლისას, „ვითარცა იხილა ფარაო, რამეთუ ეცა მას ლხინება, განიფიცხა გული მისი და არა ისმინა მათი, ვითარცა ეტყოდა უფალი“ (გამოსვ. 8.15). თუმცა მას შემდეგ, რაც კვლავ შემაძრწუნებელი სასწაულების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა, „თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა უდაბნოს, არამედ არა შორად განსწურთეთ უდაბნოდ განსლვად“ (გამოსვ. 8. 28) და ასე მრავალგზის. ორიგენეს თქმით, ბუნებრივია, ფარაონის ამგვარი ცვალებადობა მის თავისუფალ ნებაზე მოწმობს და რომ არა ხსენებული თავისუფლება, არც ადრე მიღებული გადაწყვეტილების მოგვიანებით შეცვლის შესაძლებლობა ექნებოდა მას. იგივე უნდა ითქვას მის გარემოცვასა და ეგვიპტელებზე. წმინდა წერილში, მართალია, ნათქვამია სიტყვები: „ჰრქუა უფალმან მოსეს: ... მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და ყოველთა მეგჳპტელთაჲ და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა ერსა მისსა ზედა და ეტლებსა მისსა ზედა და ჰუნეებსა მისსა ზედა“ (გამოსვ. 17. 15,17); მაგრამ შემდეგ იმავე წერილში გადმოცემულია, თუ როგორ ტოვებს ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაწილი საკუთარ სამშობლოს და რჩეულ ერთან ერთად მიემართება ქანაანისკენ. შესაბამისად, „ყოველ ეგვიპტელში“, რომელთაც უფალი გულებს განუფიცხებს, მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი მოიაზრება ფარაონის თანაზიარნი რომ იყვნენ ებრაელებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში და სწორედ მათთან მიმართებით არის გამოყენებული გამოთქმა „ყველა“ („ყოველთა მეგვიპტელთაჲ“), რითაც ღვთის საწინააღმდეგო უკეთურ ნებელობაში ერთნება და ერთსულქმნილი საზოგადოების კრებსითი სახე წარმოჩნდება. შესაბამისად, საუბარია რა იმის შესახებ, თუ როგორ ასასტიკებს უფალი ფარაონისა თუ სხვა ადამიანთა გულებს, წმინდა წერილისთვის მახასიათებელ სახეობრივ ენასთან გვაქვს საქმე და ასეთ შემთხვევაში, მოძღვრების სწორად შემეცნების მიზნით, საეკლესიო განმარტებას უნდა გავეცნოთ.

ზემოთქმულს შევაჯამებთ და აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრიელი ეგზეგეტის დამოწმებული განმარტებების თანახმად, წვიმის ძალმოსილებით ბალახი თუ ყოვლადუსარგებლო ეკალ-კუროსთავი აღმოცენდება, ხოლო მზის მხურვალება ალღობს, ან აშრობს და ახმობს, მაგრამ კონკრეტული შედეგის დადგომა წვიმისა თუ მზის მოქმედებას კი არ განეკუთვნება, არამედ ამ ზემოქმედების ქვეშ აღმოჩენილთა მდგომარეობის შესაბამისად ხდება, რადგან გულმოდგინედ დამუშავებული ნიადაგი სასარგებლო ნაყოფს იძლევა, მოუვლელი კი - უვარგისს; ასევე ცვილი, ბუნებრივია, გალღვება, ხოლო ჭაობი დაშრება. შესაბამისად, უსარგებლო აღმონაცენის გამო ვერავინ დასდებს მსჯავრს წვიმას, არც ცვილის დნობისა და ჭაობის ამოშრობის მიზეზით არ დადანაშაულდება მზე; მსგავსადვე, ადამიანის მიერ აღსრულებული ნებისმიერი მოქმედება ღვთისაგან მოცემული უნარ-შესაძლებლობებით ხორციელდება, მაგრამ შედეგი პიროვნების თავისუფალ ნებელობაზეა დამოკიდებული, სიკეთისკენ მიიდრიკება თუ ბოროტებას დაუქვემდებარებს იგი საკუთარ თავს. სტატიას წმინდა გრიგოლ ნოსელის შესაბამისი სწავლებით დავასრულებთ. აი, რას გვაუწყებს ღირსი მღვდელთმთავარი: „უკუეთუმცა უნდა ღმერთსა, ყოველთამცა ზედა ერთი ნებაჲ დაამტკიცა, რაჲთა ყოველნი ერთმცა იყვნეს და არცა ერთიმცა იყო განყოფილებაჲ კაცთა შორის. არამედ არა ინება ესრეთ ღმერთმან, გარნა თითოეული თჳსსა ნებასა ზედა შეუნდო სლვად, და რომელნიმე გამოირჩევენ კეთილსა და რომელნიმე - ბოროტსა. და არარას მიზეზსა ვის სცემს ღმერთი ბოროტისა მიმართ, არამედ თითოეულსა აქუს თჳსი ნებაჲ“ (P 40; 362 r-v).

 

ირაკლი ორჟონია

სტატია იდება ავტორის ნებართვით

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 29 June 2017 13:11)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96