Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინამდებარე პუბლიკაციაში განვიხილავთ საკითხს, თუ როგორი სახით იმეცნებდნენ ძველი აღთქმის ეპოქაში ასპარეზზე გამოსული მწერალი წინასწამრეტყველები თეოფანიებში განჭვრეტილ ღმერთს. განხილვას ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ასპარეზზე გამოსული თეკოიელი მწყემსის, ამოსის წიგნით დავიწყებთ. ხსნებული მოღვაწე ებრაელთა ერთიანი სამეფოს ორად გაყოფის შემდგომი პერიოდის წინასწარმეტყველია. იგი წარმოშობით იუდეის სამეფოდან იყო, თუმცა უფალმა ისრაელში მიავლინა თანატომელთა შორის საქადაგებლად, რადგან ჩრდილოეთის სახელმწიფოში უმძიმესი ზნეობრივი დაცემულობა სუფევდა. ბასილი დიდის თანახმად, ისრაელის მოსახლეობა ისეთ ცოდვებს აღასრულებდა, რომ მეფეთა წიგნების ავტორები დუმდნენ მათ შესახებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეირყვნებოდა წმინდა წერილი. ქალაქ ბეთილში ჩასული ამოსი უმკაცრესი მამხილებელი შეგონებებით მიმართავდა ადგილობრივებს და ყველა ხერხსა და ღონეს იყენებდა, რომ მდგომარეობის სიმძიმე შეემეცნებინა საზოგადოებას. წიგნი ცხრა თავისგან შედგება და განხილული მთავარი თემების მიხედვით, პირობითად, სამ ნაწილად იყოფა: 1. წინასწარმეტყველება რვა სახელმწიფოს მომავალი ხვედრის შესახებ (თავები: 1, 2); 2. ისრაელის სამეფოში არსებული სოციალური უსამართლობის მხილება (თავები: 3, 4, 5, 6); 3. ამოსისეული ხუთი ხილვა (თავები: 7, 8, 9).

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო სწორედ წიგნის ბოლო ნაწილია. თეკოიელი მოღვაწე გამოცხადებებს აღგვიწერს, რომელთაგან რიგით მესამე შემდეგს გვაუწყებს: „ესრეთ მიჩუენა მე უფალმან და, აჰა-ესერა, მდგომარჱ ზღუდეთა ზედა ადამანტიანისათა და ჴელსა მისსა - ადამაჲ. და მრქუა მე უფალმან: «რასა ჰხედავ შენ, ამოს?» და ვთქუ: «ადამასა». და თქუა უფალმან: «აჰა-ესერა, მე დავდვა ადამაჲ შორის ერისა ისრაჱლისა»“ (ამოს. 7. 7-8). ეკლესიის მოძღვარნი მოხმობილ ბიბლიურ მუხლებში რამდენიმე მოვლენაზე ამახვილებენ ყურადღებას და განკაცების საიდუმლოს შესახებ დაფარულად გადმოცემული სწავლების თაობაზე საუბრობენ. საქმე ისაა, რომ იუდეიდან ბეთილში ჩასულმა ამოსმა გამოცხადებაში განჭვრეტილი ღმერთი სხეულებრივი გარეგნობით იხილა, რასაც მისივე სიტყვებში დამოწმებული ზედსართავი სახელი ცხადყოფს: „მდგომარჱ (ბერძ. στηκὼς) ზღუდეთა ზედა ადამანტიანისათა“. წინასწარმეტყველი დამოწმებულ წინადადებაში გაჟღერებულ ზოგად ცნობას იქვე აკონკრეტებს და საკითხის ნათელსაყოფად უზენაესის ხელს ახსენებს (შდრ. „ჴელსა მისსა - ადამაჲ“), რითაც შესაძლებლობას გვაძლევს შევიმეცნოთ, რომ თეოფანიაში დანახული ღმერთი ადამიანის გარეგნობით წარმოუდგება თეკოიელ მოღვაწეს. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეკლესიის მამათა სწავლების თანახმად, ძველი აღთქმის წიგნებში აღწერილი გამოცხადებანი ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასს უკავშირდება, შეიძლება დავასკვნათ, რომ წინასწარმეტყველმა ძე ღმერთი ადამიანის ხატებით იხილა, რითაც მომავალში განსახორციელებელი იდუმალი მოვლენა ასევე საიდუმლოდ წარმოაჩინა იმის შესახებ, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნეში კაცობრივი გარეგნობით შემეცნებული უფალი (კერძოდ, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი) ჭეშმარიტად შეიმოსავდა ადამიანურ ბუნებას და როგორც სრული ღმერთი და სრული კაცი მოევლინებოდა ქვეყნიერებას.

ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებული მესიანური უწყებების მიზეზით, ეკლესიის მიერ ძველი აღთქმის მახარებლად წოდებული ესაია გამოდის ასპარეზზე. საკუთარი საწინასწარმეტყველო დადგინების შესახებ იგი წიგნის მეექვსე თავში მოგვითხრობს: „და იყო, წელსა მას, რომელსა მოკუდა ოზია მეფჱ, ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა, და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა უფლისაჲთა“ (ეს. 6.1). აღნიშნული მუხლის კომენტირებისას წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით იწყება: «მეფე ოზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდომარე...». ქრისტე კი ბრძანებს: «ღმერთი არასოდეს არავის უნახავს; მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გამოაცხადა» (იოან. 1.18); და კვლავ: «არათუ მამა უნახავს ვინმეს, არამედ ვინც ღვთისგანაა, მან იხილა მამა» (იოან. 6.46); მოსესაც უთხრა ღმერთმა: «ვერ შეძლებ ჩემი სახის დანახვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს» (გამოს. 33.20). მაშ, რატომ ბრძანებს წინასწარმეტყველი, რომ უფალი განჭვრიტა? «ვიხილე», - ბრძანებს, - «მჯდომარე». განა ქრისტეს სიტყვის საწინააღმდეგოს ამბობს, არამედ ყოვლითურთ თანხმობაშია მასთან. მაცხოვარი ღვთის სრულ შემეცნებაზე საუბარობს, რასაც ვერავინ შეძლებს. არავინ იცის საღვთო ბუნება და არსი, გარდა მხოლოდშობილისა; წინასწარმეტყველი კი ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში იმეცნებდა საიდუმლოს. მას არ ძალუძდა განეჭვრიტა, თუ ვინაა ღმერთი, არამედ სახეობრივად ხედავდა უფალს, ზეგარდმო იმგვარად დამდაბლებულს, რამდენადაც შემმეცნებლის უძლურებას ძალუძდა ამაღლება. არც ესაიას და არც სხვას ღვთაებრივი ბუნება ჭეშმარიტად რომ არ უხილავს, თავად ნათქვამიდანაც ცნაურდება: «ვიხილე უფალი მჯდომარე...», მაგრამ ღმერთისთვის უცხოა «ჯდომა», რადგან ეს სხეულებრივი მდგომარეობის წარმოჩენაა. ამასთან, დასძენს, რომ არა მარტო «მჯდომარე», არამედ «საყდარზე მჯდომარე» იხილა, მაგრამ შემოქმედს არაფერი სჭირდება საყრდენად. განა შესაძლებელია, ყველგანმყოფისა და ყოველივეს აღმავსებელის მიმართ ითქვას ასე, ვის «ხელშიც» არიან «კიდენი ქვეყანისანი» (ფსალ. 94.4)? ცხადია, აღნიშნული ხილვა ღმერთის «გარდამოსვლა» იყო... ეცხადებოდა არა ისეთი, როგორიც არის, არამედ იმგვარ ხატებას ღებულობდა, რისი დანახვაც შემმეცნებლებს ძალუძდათ. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მჯდომარე, აღჭურვილი, ზოგჯერაც ჭაღარა ან ნელ სიოში, ანდაც ცეცხლში მყოფი გამოუჩნდებოდა იგი, ხან ზურგს უჩვენებდა, ხან ცაში თუ საყდარზე, ანთუ ქერუბიმებზე ამხედრებული იხილვებოდა... უფალი კაცობრივი შემეცნებისთვის მახასიათებელ ფორმას მიმართავს, რადგან ადამიანებს განეკუთვნება მისი სიტყვები... «საყდარზე ჯდომა», როგორც დავითი ბრძანებს ფსალმუნში, სამსჯავროს მიმანიშნებელია [ფსალ. 9.5]: «რადგან აღასრულე ჩემი სამართალი და მსჯავრი ჩემი, საყდარზე დაჯექი, სიმართლის მსაჯულო»1.

წმინდა იოანე ოქროპირის ზემოდამოწმებულ ეგზეგეზისში გარკვევითაა ნათქვამი, რომ ხილვაში საყდარზე დაბრძანებული უფალი (ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი) სხეულებრივი გამოსახულების მქონეა. აღნიშნულ მოსაზრებას მეტი სიცხადით ნეტარი იერონიმე წარმოაჩენს, რაჟამს ესაიას მიერ განჭვრეტილი ღმერთის გარშემო მდგომი სერაფიმების შესახებ საუბრობს (შდრ. [ეს. 6.2]: „და სერაბინნი დგეს გარემო მისა; ექუსნი ფრთენი ედგნეს ერთსა და ექუსნი ერთსა; და ორითა იფარვიდეს პირთა მათთა და ორითა იფარვიდეს ფერჴთა მათთა და ორითა ფრინვიდეს“). სტრიდონელი მოძღვრის თანახმად, ებრაული ტექსტის შინაარსი იმდენად რთული გასაგებია, რომ ორმაგი გააზრების შესაძლებლობას იძლევა, რადგან ისეც შეიძლება აღიქვა, რომ სერაფიმები ფრთებით საკუთარ სახესა და ფეხებს მალავდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, იგივე ებრაულენოვანი ციტატა ზეციური ძალების ფრთებით ხილვაში განჭვრეტილი უზენაესის სახისა და ქვედა კიდურების დაფარვას გვამცნობს2; იმავე სწავლებას ვხვდებით ორიგენეს ცნობილ შრომაში „საწყისთა შესახებ“ (Περί αρχών). ებრაულ ენაში განსწავლული ალექსანდრიელი ეგზეგეტის თანახმად, სერაფიმები საყდარზე დაბრძანებული ღმერთის სახესა და ქვედა კიდურებს ორ-ორი ფრთით ფარავდნენ (შდრ. PG. t. 11; col. 400). შესაბამისად, თეოფანიაში განჭვრეტილი უზენაესი ადამიანის გარეგნობით წარმოუჩნდა წინასწარმეტყველს. იმავე სწავლებას გადმოგვცემს უძველესი ლიტურგიკული საკითხავები, რომელთაგან ერთ-ერთი ასეთი შინაარსისაა: „ჩუენებით ესაია იხილა რაჲ უფალი, საყდართა მჯდომარე და გარე-შეცვული ანგელოზთა მიერ, ღაღად-ყო: ჵ, ვაჲ უბადრუკსა, რამეთუ ვიხილე ღმერთი ჴორცითა, ნათელი ბრწყინვალე და მთავარი მშჳდობისაჲ“3. თუკი ესაიას უწყებას საყდარზე სხეულებრივად მჯდომი უფლის შესახებ ნეტარი იერონიმეს გამოთქმული მოსაზრებაც შეემატება, რომ ზეციური ძალები, შესაძლოა, ყოვლისმპყრობელის კიდურებს დიდი მოწიწებით მიეახლებიან და ამასთან, წმინდა ანასტასი სინელის საყურადღებო სწავლებასაც გავითვალისწინებთ, რომ „... ესაია სახესა შინა და შესახედავსა სახოვნებითსა კაცობრივისა პირისასა ჩუენებით იხილა უფალი, მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა“4, ცხადი ხდება, როგორი გამოსახულებით შეიმეცნა იუდეველმა წინასწარმეტყველმა ღმერთი (ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი). შესაბამისად, მსგავსად ამოსის წიგნისა, მოცემულ შემთხვევაში იგივე ვითარებასთან გვაქვს საქმე: ღვთისგამომეტყველი მოღვაწე მოძღვრების გადმოსაცემად ბიბლიისთვის დამახასიათებელ იდუმალ ენას მიმართავს და ჭვრეტს კაცებას იმისას, ვინც შვიდი საუკუნის შემდეგ ადამიანური ბუნებით მოევლინება სამყაროს. აღნიშნულის ჭეშმარიტებას ესაიას წინასწარმეტყველებათა სიმრავლეც ცხადყოფს, რომლებშიც ქალწულისაგან ძის შობა (ეს. 7.14), მესიის მიერ განხორციელებული სოტერიოლოგიური ღვაწლი (ეს. 8. 1-4), განკაცებული ღმერთის სახელთა ჩამონათვალი (ეს. 9. 6-7), საკუთრივ ჯვარზე განცდილი ვნებანი (ეს. 53) და მრავალი სხვა სწავლებაა წარმოდგენილი.

ძვ. წ. აღ-ის 627 წელს უფალმა რჩეული ერის წიაღიდან ახალი მქადაგებელი გამოიხმო, რომელსაც სახელად იერემია ჰქვია. „მოტირალი წინასწარმეტყველი“ - ასე მოიხსენიებენ მას განმმარტებლები, რადგან საკუთარი ხალხისა და სამშობლოს უახლოესი ტრაგიკული ბედის სულიერად განმჭვრეტი ანათოთელი მოღვაწე საზოგადოების წინაშე სიტყვების წარმოთქმისას ცხარე ცრემლებით დასტიროდა რჩეული ერის მოსალოდნელ განსაცდელებს. მისი საწინასწარმეტყველო დადგინების შესახებ წიგნის პირველი თავიდან ვიგებთ. როდესაც ღმერთმა თანატომელთა შორის საქადაგებლად მოუხმო მას, იერემიამ ასე მიუგო: „... უფალო, აჰა-ესერა, არა ვიცი სიტყუაჲ, რამეთუ ყრმა ვარი მე“ (იერემ. 1.6). ყოველივეს გულთამხილავი მყისვე საკუთარი განგებულების გარდაუვალობაში დაარწმუნებს წინასწარმეტყველს, რის შემდეგაც იერემია ჩვენთვის საყურადღებო აღწერილობას გვთავაზობს: „და მოყო უფალმან ჴელი მისი ჩემდა და შემახო პირსა ჩემსა და მრქუა მე უფალმან: აჰა-ესერა, მიგცენ სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა“ (იერემ. 1.9).

კვლავ ამოსისა თუ ესაიას წიგნში აღწერილი მოვლენების მსგავს შემთხვევებთან გვაქვს საქმე: ხილვაში განჭვრეტილი ღმერთი წინასწარმეტყველს ბაგეებზე ხელით ეხება („მოყო უფალმან ჴელი მისი ჩემდა და შემახო პირსა ჩემსა“), რითაც მომავლის შესახებ მოძღვრებას გააცხადებს, რომ ანათოთელი მოღვაწის მიერ მოხილული თეოფანია (ღვთის გამოცხადება) განკაცებასთან დაკავშირებულ ღრმა მესიანურ უწყებას მოიცავს.

სანამ შემდეგი საკითხის განხილვაზე გადავალთ, შევნიშნავთ, რომ სოტერიოლოგიური საიდუმლოს მოახლოების კვალდაკვალ, ზეგარდამო ხმობილი მოღვაწენი მეტი სიცხადით საუბრობენ მომავალის შესახებ და წინარე ეპოქაში დაფარულ სწავლებას განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენენ, რითაც განკაცების იდუმალებას წარმოაჩენენ.

ძვ. წ. აღ-ის 597 წელს ნაბუქოდონოსორმა ათი ათას იუდეველთან ერთად ბაბილონში ოცდახუთი წლის ეზეკიელიც გადაასახლა. საკუთარი ხალხისა და სამშობლოს მიმართ ტრფიალით აღსავსე ახალგაზრდა ტყვე ლტოლვილობის მეხუთე წელს მდინარე ქობარის სანაპიროსთან განმარტოვდა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი თანატომელების წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე ფიქრობდა. უპირველესად შევნიშნავთ, რომ ეზეკიელის წიგნში აღწერილი საღვთო გამოცხადება ყველა დანარჩენი ბიბლიური თეოფანიისაგან მოვლენათა ხანგრძლივობით დიდად განსხვავდება, რადგან ღვთის გამოჩინების შესახებ თხრობას პირველი სამი თავი ეთმობა. ამასთან, ყოველივე ნანახი ისეთი ღრმა მისტიკითა და სიმბოლიკითაა განმსჭვალული, რომ იუდევლთა შორის არსებული უძველესი ტრადიციის თანახმად, მხოლოდ სრულყოფილი ასაკის (ოცდაათი წლის) ადამიანს ეძლეოდა ეზეკიელის წიგნის წაკითხვის უფლება.

ქობარის სანაპიროზე მყოფმა მოღვაწემ უეცრად ჩრდილოეთიდან მოახლოებული გრიგალი, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი იხილა, საიდანაც ოთხი უცნაური არსება გადმოვიდა (შდრ. ეზეკ. 1. 1-5). ისინი ერთურთთან ისე განლაგებულიყვნენ, რომ შუაში გარკვეული სივრცე რჩებოდა. თითოეული მათგანის სხეულზე ოთხი ფრთა იხილვებოდა, რომელთაგან ორით ფრენდნენ, ხოლო დანარჩენი ორით შუაში დარჩენილ ადგილს ჩრდილავდნენ. ამასთან, ქვეყნის ოთხივე მხარეს იმზირებოდნენ, რადგან ყველა მათგანს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა - ადამიანის, ლომის, ხარისა და არწივის (ხსენებული არსებები ანგელოზები, სახელდობრ, ქერუბიმები არიან). ნანახით შეძრწუნებული ეზეკიელი უეცრად უსხეულო ძალებს შორის დარჩენილი სივრციდან მომდინარე ხმას მოისმენს, რაც ბუნებრივად მიიპყრობს მის ყურადღებას და ამჯერად ხსენებული შიდა სივრცის აღწერილობას გვთავაზობს: ქერუბიმების მაღლა მყარი (στερέωμα) მდებარეობდა, ხოლო მყარს ზემოთ - საყდრის მსგავსი რამ (შდრ. „მსგავსებაჲ საყდრისაჲ“; Sept. ὁμοιώμα θρόνου). თუმცა მოვლენები ამაზე არ შეჩერებულა. უდიდესი იდუმალებით მოცული გამოცხადების მხილველი იუდეველი მოღვაწე მზერას აამაღლებს და ქერუბიმების მიერ ნატვირთ საყდარზე დავანებულ ღმერთს იხილავს, რომლის აღწერილობას ასე წარმოგვიდგენს: „ტახტის მსგავსზე, ზემოთ - მსგავსება, როგორც ხატი კაცისა“ (შდრ. ძვ. ქართ. [ეზეკ. 1.26]: „და მსგავსებასა მას ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ ხატისა კაცისაჲ ზედა-კერძოსა მას“; Sept. καὶ ἐπὶ τοῦ ὁμοιώματος τοῦ θρόνου ὁμοίωμα ὡς εἶδος ἀνθρώπου ἄνωθεν.).

საყურადღებოა, რომ ეზეკიელის მიერ აღწერილი თეოფანია ამოსის, ესაიასა და იერემიას ზემოდამოწმებული ხილვებისგან არსებითად არ განსხვავდება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას გვთავაზობს: ქობარის ნაპირზე მყოფი წინასწარმეტყველი გამოცხადებაში სხეულებრივად ნანახ ღმერთზე დაუფარვად საუბრობს, რომ მან უზენაესი იხილა, „როგორც ხატი კაცისა“, რითაც უწინარეს ეპოქაში გამოხსნის შესახებ არაერთგზის ნათქვამ წინასწარმეტყველებას საფარველი დიდი სიფრთხილით შემოაძარცვა, რადგან უგულისხმოთა გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად ბოლომდე არც ის უთქვამს, რომ ღმერთს უპირობოდ ადამიანად ჭვრეტდა, თუმცა არც ამის გარეშე დაუტევა მარადიული სიცოცხლის მაძიებელი გონიერი საზოგადოება, რაჟამს სამერმისოთა ცოდნით ზეგარდამო გამდიდრებულმა ბრძანა, ვნახეო „მსგავსება, როგორც ხატი კაცისა“.

იმავე ეპოქაში ასპარეზზე კიდევ ერთი დიდი იუდეველი წინასწარმეტყველი დანიელი გამოდის, რომლის სამოღვაწეო არეალი, მსგავსად ეზეკიელისა, ბაბილონის იმპერია, კერძოდ, დედაქალაქი ბაბილონია. ტყვე ებრაელი ყრმის განსაკუთრებულმა სიბრძნემ და გონიერებამ თავად ძლევამოსილი დამპყრობლის, ნაბუქოდონოსორის ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც დანიელი ღრმა სიბერემდე აქტიურად მონაწილეობდა ბაბილონელთა სახელმწიფო საქმეების წარმართვაში. მის მიერ დაწერილი წიგნის კანონიკური ნაწილი თორმეტი თავისგან შედგება და არაერთ მესიანური ხასიათის უწყებას გადმოგვცემს. მეშვიდე თავში აღწერილი გამოცხადება ასეა წარმოდგენილი: წინასწარმეტყველმა იხილა ზღვა, საიდანაც ერთმანეთის თანმიმდევრობით ოთხი ცხოველი ამოვიდა. პირველი ლომს ჰგავდა და ორბის ფრთები ჰქონდა. მეორე დათვის გარეგნობის იყო. მესამე - ვეფხვის მსგავსი, ოთხი ფრთითა და ოთხი თავით (შდრ. დან. 7. 1-6). ამის შემდეგ მეოთხე არსება გამოჩნდა, რომელიც ვერაფერს მიამსგავსა დანიელმა. ცხოველის თავზე ათი რქა ჩანდა. მოგვიანებით ერთი მომცრო რქა ამოიზარდა, რომელმაც სამი რქა ამოაგდო. პატარა რქას თვალები და ამპარტავნულად მეტყველი ბაგეები ჰქონდა (შდრ. დან. 7. 7-8). დანიელმა იხილა, რომ ზეცაში საყდარი დაიდგა, რომელზეც ძველი დღეთა (შდრ. „ძუელი იგი დღეთაჲ“; Sept. παλαιὸς ἡμερῶν ) დაბრძანდა. მისი სამოსი თოვლივით თეთრი იყო, თმები - სპეტაკი, საყდარი - ცეცხლის ალის, საყდრის ბორბლები - ასევე ცეცხლის. დღეებით ძველს ანგელოზთა სიმრავლე ემსახურებოდა (შდრ. [დან. 7.10]: „ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი დგეს წინაშე მისსა“), ხოლო მის წინ უზარმაზარი ცეცხლოვანი მდინარე მიედინებოდა. მეოთხე ცხოველი, რომლის თავზე რქები იყო ამოზრდილი, მოიკლა, ხოლო მისი სხეული ცეცხლის მდინარეში ჩააგდეს. ამასთან, ცის ღრუბლებზე გამოჩნდა იდუმალებით მოცული ცოცხალი არსება. მისი გარეგნობა იყო, როგორც ძე კაცისა (შდრ. [დან. 7.13]: „აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა მომავალი“; Sept. „ἰδοὺ μετὰ τῶν νεφελῶν τοῦ οὐρανοῦ ὡς υἱὸς ἀνθρώπου ἐρχόμενος ἦν). დღეებით ძველთან მივიდა იგი და ხელმწიფება, დიდება და ძალაუფლება მიიღო მისგან და ყველა სამეფო, ტომი თუ ხალხი დაექვემდებარა, ხოლო თავად მისი სამეფო საუკუნო ძლიერებამ განმსჭვალა.

დანიელის მიერ ნანახი გამოცხადების ბოლო ნაწილი აპოკალიპტური შინაარსისაა და ყოველი სიტყვის გასააზრებლად შესაბამისი საეკლესიო განმარტებების შესწავლა არის საჭირო, რაც წინამდებარე პუბლიკციის მიზანდასახულობას ცდება. ამიტომაც მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხით შემოვიფარგლებით. საქმე ისაა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, ქვეყნიერებაზე ჭეშმარიტ ადამიანად მოვლენილი, ნეტარი თეოდორიტე კვირელის თანახმად, ძველაღთქმისეული უწყებებიდან სწორედ დანიელის წიგნში გაცხადებული სახელით - „ძე კაცისა“ (υἱὸς ἀνθρώπου) მოიხსენიებს საკუთარ თავს (შდრ. PG. t. 81; col. 1425 BC), რადგან თუკი ზემოგანხილულ მესიანურ უწყებებს შევაჯამებთ (ამოსი, ესაია და იერემია ხილვაში ნანახი ღმერთის ადამიანურ გარეგნობაზე ირიბად მიუთითებენ, ეზეკიელი აღნიშნულ საიდუმლოს უფრო ცხადად გამოთქვამს, რაჟამს ამბობს, რომ იხილა „მსგავსება, როგორც ხატი კაცისა“), ყველაზე სრულყოფილად განკაცების არსს სწორედ დანიელის წინასწარმეტყველებაში გამოყენებული სინტაგმა დაიტევს, რითაც უცვალებელი საეკლესიო დოგმატია გამოთქმული ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის - ძე ღვთისას ძე კაცისად მოვლინების შესახებ.

ზემოწარმოდგენილი ვრცელი განხილვის შემდეგ, ყველაზე არსებითის გაანალიზებას შევუდგებით. საქმე ისაა, რომ ვინაიდან წინასწარმეტყველთა მიერ სულიერი თვალით დანახული განკაცებადი (განსაკაცებელი) ღმერთი (ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი) ადამიანური გარეგნობით ეცხადება ძველი აღთქმის მოღვაწეებს, ბუნებრივია, ხსენებული კაცობრივი გარეგნობა კონკრეტული გამოსახულებით, ვიზუალური ფორმით, შესაბამისი ადამიანური ნაკვთებით უნდა ყოფილიყო აღქმული. ამდენად, ისმის კითხვა: რა სახით, ვისი ხატებით, როგორი გარეგნობითა და სხეულებრივი ნაკვთებით ეცხადებოდა კაცობრივი შეხედულების მქონე ძე ღმერთი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ?

პასუხის გასაცემად დანიელის წიგნიდან მოვიხმობთ ერთ-ერთ ადგილს. ნაბუქოდონოსორის მიერ დატყვევებული და ბაბილონში გადასახლებული წინასწარმეტყველი საკუთარი წიგნის მესამე თავში აღგვიწერს, თუ როგორ განათავსა ძლევამოსილმა ქალდეველმა მეუფემ დეირის ველზე უზარმაზარი ზომის (სამოცი წყრთა სიმაღლითა და ექვსი წყრთა სიგანით) კერპი და იმავე ველზე შეკრებილ მაღალჩინოსნებს ხსენებული კერპისადმი თაყვანისცემა განუჩინა. მხოლოდ შორეულ შუამდინარეთში გადასახლებული სამი იუდეველი ყრმა - ანანია, აზარია და მისაელი - იტყვის უარს მეფის ბრძანების აღსრულებაზე. განრისხებული ნაბუქოდონოსორი მყისვე ბრძანებას გასცემს, რომ ისინი გახურებულ ღუმელში ჩააგდონ ურჩობის მიზეზით (შევნიშნავთ, რომ უძველესი ლიტურგიკული საკითხავების თანახმად, ღუმელი, რომელშიც იუდეველი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, სიმბოლურად, ერთი მხრივ, ახალი აღთქმის ეკლესიას განასახიერებს, ამასთან, ცეცხლის მხურვალების მაგრილებელი ცვარი ნათლისღების საიდუმლოს წინასახეა: „რომელმან ბაბილონს შორის საჴუმილსა გამოსახა ეკლესიაჲ, რომელსა შინა ყრმანი, ცუარითა ნათელღებულნი, დაუცხრომლად გიგალობდეს...“5; მეორე მხრივ კი, იგივე ბაბილონური სახმილი მეუდაბნოე მამების სულიერი ღვაწლის იდუმალებას წარმოაჩენს: „ბრწყინვალე არს სახელი თქუენი, წმიდანო მამანო, და დიდებულ - საჴსენებელი თქუენი, რამეთუ თქუენ უდაბნოს ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ და სამთა ყრმათა საჴუმილი მარტოდ-მყოფებითა დაითმინეთ და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდრეთ“ [Ibid. გვ. 84]; ამასთან, იუდეველი სამი ყრმა მაცხოვრის ცხოველმყოფელ ვენებებს წინამოასწავებდა: „ალსა შინა შეიცურინეს მძლავრისა მიერ სამნი ყრმანი სიყუარულისათჳს შენისა, ქრისტე, ღმერთო, რამეთუ სახესა მას ცხოველს-მყოფელსა ვნებისასა შენისასა გამოსახვიდეს“ [ნევმირებული ძლისპირნი, თბილისი, 1982, გვ. 307]; ამავდროულად, დეირის ველზე აღმართული ცეცხლის ღუმელი ღვთისმშობლის საიდუმლოს გვიცხადებს: „მაყუალი მოტყინარე და საჴუმილი ქალდეველთაჲ ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა უვნებელად“ [Ibid. გვ. 215]; „საჴუმილსა მას შინა ყრმათასა წინაჲსწარვე გამოსახე მშობელი შენი, უფალო...“ [Ibid. გვ. 227]; „ვითარცა ცეცხლმან ნივთიერმან ბუნებაჲ თჳსი შეცვალა და პატივ-სცა სამთა ყრმათა არა-შეხებითა გუამთა მათთა წმიდათა, ეგრეთვე შენ, ღმრთისმშობელო, დაიცევ შეუწველად ცეცხლისა მისგან უნივთოჲსა, რომელსა ავამაღლებთ მას უკუნისამდე“ [Ibid. გვ. 227]. თავად იუდეველი ყრმების (ანანიას, აზარიასა და მისაელის) რაოდენობა კი ერთარსი ღმერთის სამპიროვნულობის იდუმალებას წარმოაჩენს: „აბრაამიანთა ყრმათა საჴუმილსა მას შინა სამებაჲ გამოსახეს და ალი ცეცხლისაჲ ცუარად გარდააქციეს“ [Ibid. გვ. 185]; „სამნი ყრმანი ბაბილონს სამებასა მიემსგავსნეს, და დათრგუნეს სიმძაფრე საჴუმილისაჲ მის“ [Ibid. გვ. 295-297]; „საჴუმილსა მას შინა სამთა ყრმათა გამოსახეს სამებაჲ და შეურაცხ-ყვეს ხატი ოქროჲსაჲ“ [Ibid. გვ. 299]; „სამებაჲ გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყჳთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“ [Ibid. გვ. 787-789]).

კაცთაგან განწირული ებრაელი ახალგაზრდები განსაკუთრებული, ზეგარდამო შემწეობის მხილველნი შეიქმნებიან, რაც არც ნაბუქოდონოსორისთვისაც დარჩენილა დაფარული. საქმე ისაა, რომ ღუმელში ჩაგდებულ სამ ადამიანთან ერთად ცეხლში ვინმე უცნობი მეოთხეც განიჭვრიტებოდა, რომელსაც ბაბილონელი მონარქი ასე ახასიათებს: „მე ვხედავ აწ-ესერა, ოთხთა კაცთა განჴსნილთა, რომელნი ვლენან შორის ცეცხლსა და განრყუნილებაჲ არარაჲ არს მათ თანა. და ხილვაჲ მეოთხისაჲ მის მსგავს არს ძესა ღმრთისასა“ (დან. 3.92).

სწორედ ზემოდამოწმებული ადგილის კომენტირებისას გადმოგვცემს ეკლესიის დიდი მოძღვარი, წმინდა ანასტასი სინელი ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სწავლებას. იგი, კერძოდ, ბრძანებს: „და ვითარცა საჴუმილსა შინა სახედ ქრისტესსა (შდრ. [PG. t. 89; col. 281 A]: εἰς τύπον Χριστου) ნაბუქოდონოსორის და მსგავსებითა ძისა ღმრთისაჲთა გამოჩინებული იგი ყოვლად იყო ყოვლითურთ სახითა კაცისაჲთა ცეცხლოან და ცეცხლის-სახე და ყოვლად ცეცხლ და ყოვლად ალ, ეგრეთვე იყო კაცებაჲცა ქრისტესი ყოველი ყოვლითურთ ყოვლად ღმერთ და განღმრთობილ და თანაღმერთ“ [შდრ. οὕτως ἤν καί τοῦ Χριστοῦ ἀνθρωποτής, ὅλη δἰ ὅλου ὁλόθεος, καί ἕνθεος, καί σύνθεος]6.

წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ანანიას, აზარიასა და მისაელთან ერთად ცეხლის ღუმელში გამოჩენილი მეოთხე არსება ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასია. აღნიშნული ეგზეგეტიკა უძველესი ლიტურგიკული საკითხავებითაც დასტურდება: „ბაბილონს შინა ღირსთა ყრმათა ეჩუენე, ვითარცა ანგელოზი, ხოლო ბეთლემს მოგუთა მათ შენ თავადი გამოეცხადე, უფალო, რომლისა, ვითარცა მოკუდავისა და უხრწნელისა მეუფისა, ღირსად ძღუენი შეწირეს, ხოლო ყრმანი საჴუმილისაგან განარინენ და გალობით იტყოდეს: უფროჲსად ამაღლებული ღმერთო, დიდებაჲ შენდა“7; კიდევ: „რომელი გარდამოჴდა ღმრთისა სიტყუაჲ ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ხატითა ბრწყინვალებისაჲთა, მეოთხედ გამოჩნდა სამთა მათ ებრაელთა შორის და საჴუმილისა მის მდუღარებაჲ დაშრიტა და ყრმანი ცუარითა სხურებულ ყვნა“8. ბაბილონურ თეოფანიაში განჭვრეტილი ძე ღმერთი, მსაგავსად ზემოგანხილული შემთხვევებისა, ანთროპომორფული გამოსახულებით იხილა ქალდეველმა მეუფემ. რაც შეეხება «ღმრთის ძის» ადამიანურ გარეგნობას, წმინდა ანასტასი სინელის თანახმად, მას ქრისტეს ხატება ჰქონდა (შდრ. „...სახედ ქრისტესსა [εἰς τύπον Χριστου] ... გამოჩინებული იგი“). შევნიშნავთ, რომ ღირსი ანასტასის დამოწმებული სწავლება უძველეს იადგარში დაცული ერთ-ერთი საკითხავითაც დასტურდება: „სამთა მათ ყრმათა შორის ცეცხლსა მას შინა, ქრისტე, გამოშჩნდი და შეუწველად იგინი დაიცვენ9. საქმე ისაა, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, ყოვლადუხილავი, განუჭვრეტელი და ყოვლითურთ უწვდენელია ქმნილებისთვის არსობრივად როგორც საღმრთო ბუნება, ასევე მამის, ძისა და სულიწმინდის ჰიპოსტასები (შდრ. წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „მხოლოდ მოქმედებებიდან შეიცნობა იგი რამდენადმე, ხოლო მის შესახებ არსობრივი და ჰიპოსტასური ცოდნა ყველასთვის ერთნაირად მიუვალია, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც, რადგან ვერავისგან ვერ შეიცნობა იგი ვერანაირად“10). შესაბამისად, ძველი აღთქმის ეპოქაში მოღვაწე მართალთათვის გაცხადებული თეოფანია არათუ ღმრთეების (ე. ი. ყოვლადწმინდა სამების) ან კონკრეტული საღმრთო ჰიპოსტასის (მამის, ძის ან სულიწმინდის) არსობრივი ჭვრეტაა, არამედ, როგორც ზემოდამოწმებული წყაროებიდან ხდება საცნაური, - განსაკაცებელი (განკაცებადი) ღმერთის (საკუთრივ ძე ღმერთის) ადამიანთა წინაშე ადამიანის სახით გამოცხადება. ხოლო შეკითხვაზე: კონკრეტულად ვისი ხატებით ჭვრეტდნენ მას ძველი აღთქმის მოღვაწენი? წმინდა ანასტასი სინელი, ზემოთქმულისებრ, ასე უპასუხებს: „სახედ ქრისტესსა“, ე. ი. იესო ქრისტეს ადამიანური გარეგნობით, სწორედ იმ სახით, რითაც მოევლინა კაცობრიობას მხსნელი ამასოფლისა.

----------------------------------------------------------------------------

შენიშვნები


1 - შდრ. Творения Святого Отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского, в русском переводе; C.-Петербург, 1900, том 6, ст. 73-76.

2 - შდრ. Библиотека творений Святых Отцов Церкви западных, издаваемое при Киевской Духовной Академии; книга 13; Творения блаженного Иеронима Стридонского, часть 7, Киев, 1882, ст. 110.

3 - ნევმირებული ძლისპირნი, თბილისი, 1982, გვ. 283.

4 - დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ. რაფავამ და დ. შენგელიამ; გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ და დ. შენგელიამ, თბილისი, 2015, გვ. 162.

5 - უძველესი იადგარი, თბილისი, 1980, გვ. 70.

6 - წმ. ანასტასი სინელი, დასახ. გამოცემა, გვ. 317; შდრ. PG. t. 89; col. 281 B.

7 - უძველესი იადგარი, დასახ. გამოცემა, გვ. 335.

8 - ნევმირებული ძლისპირნი, დასახ. გამოცემა, გვ. 795.

9 - უძველესი იადგარი, დასახ. გამოცემა, გვ. 366.

10 - წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ (გამონაკრები სწავლებანი), თბილისი, 1996 წ., გვ. 29.

 

სტატია იდება ავტორის ნებართვით

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 23 June 2017 13:24)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96