Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საერო მწერლობისადმი ეკლესიის მამათა დამოკიდებულების შესახებ1

ვინაიდან წინამდებარე პუბლიკაციაზე მუშაობისას მიზნად დავისახეთ, შეძლებისამებრ წარმოგვეჩინა, თუ როგორია ღმერთშემოსილ მოძღვართა მიმართება საერო მწერლობასთან, დასაწყისში ერთ მნიშვნელოვან მოვლენას შევეხებით, რომლითაც წმინდა წერილსა და ეგზეგეტიკურ2 წყაროებში დაცული ცნობების საფუძველზე, საეკლესიო და საერო ლიტერატურას შორის არსებული მნიშვნელოვანი ზღვარი წარმოჩნდება.

უპირველესად შევნიშნავთ, რომ ბიბლიური მოძღვრების წერილობითი სახით ჩამოყალიბება არ არის ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული მოვლენა, არამედ კონკრეტულ მოქმედებას ყოველთვის შესაბამისი საღვთო მოწოდება უძღვის წინ. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითია იერემიას საწინასწარმეტყველო წიგნი, რომელიც ხსენებული მოღვაწის ასპარეზზე გამოსვლიდან ოცდაორი წლის შემდეგ დაიწერა. კერძოდ, იოსიას მეფობისას, ძვ. წ. აღ-ის 627 წელს იუდეველთა შორის წინასწარმეტყველად დადგენილი იერემია წერილობით მხოლოდ იოაკიმეს მეფობის მეოთხე წელს (ძვ. წ. აღ-ის 605 წ.) წერს უწინარეს ზეპირსიტყვიერად ნაქადაგებს (შდრ. „და იყო წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა: მოიღე შენდად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყუანი, რომელ გიბრძანენ შენ ისრაჱლსა ზედა და იერუსალჱმსა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა წარმართთა, რომლით დღითგანცა მე გეტყოდე შენ დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსსა და ვიდრე აქა-დღედმდე“; იერემ. 36. 1-2).

დამოწმებული მუხლები თვალნათლივ ადასტურებს, რომ ზეგარდამო გაცხადებული მოძღვრების წერილობითი ფორმით გადმოცემა მხოლოდ და მხოლოდ საღვთო მოწოდების შედეგი არის, რაც, ბუნებრივია, წმინდა წერილში შემავალ ნებისმიერ წიგნზე განივრცობა. აღნიშნულის დასტურად წმინდა იოანე ოქროპირის მიერ „დაბადების“ წიგნის პირველივე მუხლის კომენტირებისას გამოთქმულ სწავლებას დავიმოწმებთ. დიდი კონსტანტინოპოლელი მოღვაწის თანახმად, წმინდა წერილის შემადგენელ წიგნთა შორის ყველაზე უწინარეს დაწერილი თორა (მოსეს ხუთწიგნეული) არა კაცობრივი ზრახვების ნაყოფია, არამედ ღვთის შთაგონებით აღნუსხული ჭეშმარიტება. აი, რას ბრძანებს იგი: „აქ უპირველესად ჯეროვანია ვიკითხოთ, თუ რატომ გვაუწყებს ამას (ე. ი. ხუთწიგნეულში გადმოცემულ მოძღვრებას; ი. ო.) ნეტარი წინასწარმეტყველი, რომელიც აღსრულებული მოვლენებიდან მრავალი თაობის შემდეგ მოღვაწეობდა? - არც უმიზეზოდ და არც უმიზნოდ. ადამიანის შემოქმედი ღმერთი თავდაპირველად თავად ეზრახებოდა ადამიანებს, რამდენადაც მათ შეეძლოთ ამის დატევნა. ასე მიდიოდა იგი ადამთან, ამხელდა კაენს, ესაუბრებოდა ნოეს, სტუმრობდა აბრაამს. როდესაც კაცთა მთელი მოდგმა უდიდესმა უკეთურებამ მოიცვა, არც მაშინ განეკრძალა ადამის შთამომავალთ შემოქმედი; მაგრამ ვინაიდან აღარ შერჩათ ადამიანებს ღირსება მასთან საუბრისა, ურთიერთობის აღდგენის მსურველმა, როგორც შორს მყოფებთან, „წერილი“ მოავლინა, რომ თავისთან მიეზიდა კაცთა მოდგმა. ღმერთმა სწორედ ეს „წერილი“ გამოგზავნა, ხოლო მოიტანა იგი მოსემ“3.

საყურადღებო მოძღვრებას ვხვდებით იმავე წმინდა იოანე ოქროპირთან მათეს სახარების კომენტარებში, რომელშიც ღირსი მამა მიმოიხილავს საკითხს, თუ რატომ არის სახარებათა რაოდენობა ოთხი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ადამიანები ხდებიან მახარებლები, რომლებიც სულიწმინდით იყვნენ ხმობილნი საღვთო მოძღვრების აღსაწერად. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „ხოლო რაჲსათჳს ესოდენთა მათ მოციქულთა შორის ორთა ხოლო აღწერეს სახარებაჲ ათორმეტთაგან და ორთა შემდგომად მათდა (რამეთუ ერთი იგი პეტრესი და მეორე პავლესი იყო მოწაფე, რომელთა მათეს და იოვანეს თანა აღწერნეს სახარებანი)? - ესე ამისთჳს, რამეთუ არარას იქმოდეს პატივის ძიებით და მთავრობისმოყუარეობით, არამედ ყოველსავე ზედა ბრძანებასა ღმრთისასა ელოდეს, და ვითარცა უბრძანა სულმან წმიდამან და რომელთა უბრძანა, მათცა აღწერეს. თქუას უკუე ვინ, ვითარმედ: არა კმა იყოა ერთი მახარებელი თქუმად ყოველსავე? კმა იყო, არამედ რაჲთა ოდეს იხილო, რომელ ოთხთა აღწერეს არა ერთსა ადგილსა, არცა ერთსა ჟამსა, არცა ერთად შეკრბეს და ეზრახნეს ურთიერთას, და ოთხთავე ერთი პირი და ერთი ძალი სიტყჳსაჲ, ვითარცა ერთითა პირითა აღწერეს, გულისჴმა-ჰყო ჭეშმარიტებისა მათისა ძალი“4.

ეკლესიის წიაღში დაცული უძველესი ეგზეგეტიკური წყაროები არა მხოლოდ ბიბლიური სწავლების ღვთივგაცხადებულობას გვიმოწმებს, არამედ ამ წიგნებთან დაკავშირებით გამოთქმული განმარტებების ღვთივშთაგონებულობასაც ადასტურებს. აღნიშნულის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომჩენია ღირსი ექვთიმე ათონელის მიერ 1002 წელს თარგმნილი მათეს სახარების წმინდა იოანე ოქროპირისეული განმარტება, რომელსაც წინასიტყვაობის სახით დართული აქვს წმინდა იოანე ათონელის (ექვთიმეს მამის) უაღრესად საყურადღებო ანდერძი. იოანე მთაწმინდელი ხსენებულ ანდერძში გადმოგვცემს ცნობას, თუ როგორ შეევედრა წმინდა იმპერატორი თეოდოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღოლს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომ ამ უკანასკნელს სახარებათა განმარტება დაეწერა, რასაც დიდი კაპადოკიელი მოღვაწე თავდაპირველად მორჩილებით დათანხმდა, თუმცა ღვთის წინაშე აღვლენილი ღამისეული ლოცვისას იდუმალ გაეცხადა მას, რომ იმპერატორის მიერ გაჟღერებულ სათნო სურვილს იმჟამად ანტიოქიის ეკლესიაში მსახური არქიდიაკონი იოანე აღასრულებდა, რის შემდეგაც „ღვთისმეტყველად“ წოდებულმა მოძღვარმა ასპარეზი „ოქროპირად“ სახელდებულ კონსტანტინოპოლის მომავალ მღვდელთმთავარს (იოანე ოქროპირს) დაუთმო. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „დღეთა დიდისა მეფისა თევდოსისათა, ოდეს-იგი წმიდაჲ გრიგოლ ღმრთისმეტყუელი იყო კონსტანტინოპოლეს, ევედრა თევდოსი მეფე, რაჲთა აღწეროს თარგმანებაჲ (განმარტება; ი. ო.) წმიდისა სახარებისაჲ, რამეთუ ხედვიდა მეფჱ წყაროსა მას სიბრძნისა და გულისჴმის-ყოფისასა, რომელი აღმოდიოდა პირისაგან მისისა. ერჩდა (დაემორჩილა; ი. ო.) უკუე ნეტარი გრიგოლ ვედრებასა მას მეფისასა და ენება ჴელ-ყოფად თარგმანებასა სახარებისასა. ხოლო დადგა ღამესა ერთსა ლოცვად, რაჲთა გამოუცხადოს ღმერთმან, უკუეთუ ჰნებას საქმე იგი, რამეთუ ღმერთშემოსილნი მამანი თჳნიერ ლოცვისა არას იქმოდეს. და ვითარცა ილოცვიდა, ესმა მას ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: გრიგოლ, გრიგოლ! თარგმანებაჲ სახარებისაჲ იოვანესდა ბრძანებულ არს ანტიოქელისა, რამეთუ მათ დღეთა, ოდეს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი მთავარეპისკოპოს იყო კონსტანტინეპოლეს, წმინდაჲ იოვანე ოქროპირი მთავარდიაკონი იყო ანტიოქიას. ხოლო ვითარცა ესმა ესე ჴმაჲ ნეტარსა მას, მიუთხრა ჩუენებაჲ იგი მეფესა და არღარა ჴელ-ყო თარგმანებად“5.

ზემოდამოწმებული სწავლება წმინდა წერილისა და მასთან დაკავშირებული საეკლესიო ეგზეგეტიკის არაამქვეყნიურ წარმომავლობას გამოაჩენს, რომლის პირველწყარო სამყაროს შემოქმედი მარადიული ღმერთია6. სწორედ ამას მიუთეთებდა მოციქულთა თავად წოდებული წმინდა პავლე, რაჟამს ასეთი სიტყვებით მოძღვრავდა კორინთელ ქრისტიანებს: „და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა, რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა. ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ; ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა, რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა“ (1 კორ. 2. 4-8). ამდენად, საღვთო გამოცხადების შედეგად ნაუწყები მოძღვრების ზეპირსიტყვიერად წარმოთქმისას ან წერილობითი სახით ფორმირებისას შესაბამისი ავტორი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ტვირთულობს და კაცობრივი ზრახვებისგან დამოუკიდებლად, უფლის მიერ ნაუწყების გახმოვანებასა თუ წერილობით ფიქსაციას ახდენს. სწორედ მოღვაწეობის ასეთ ფორმას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი სულიერი შემოქმედება, რომელიც დაცემული ადამიანის ღვთის შემეცნებით განახლებასა და დაკარგულ მარადისობასთან ზიარებას ემსახურება. რაც შეეხება საერო მწერლობას, ის ადამიანისთვის ბოძებული გონიერების, მოაზროვნეობის უნარზეა დაფუძნებული და ღირსეული შემოქმედის ხელში მრავალი სიკეთის წყარო გამხდარა, რაზეც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

ზემოდამოწმებული წყაროები საეკლესიო მოძღვრების არაამქვეყნიურ, ზეგარდამო წარმომავლობას ადასტურებს, რასაც გამოცხადებითი ჭეშმარიტება ეწოდება. მაგრამ ხშირად ისეც მომხდარა, რომ ეკლესიის სახელით მოსაუბრე პიროვნებას, რომელიც საკუთარ კაცობრივ უნარ-შესაძლებლობებს ყოფილა მინდობილი, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ნებსით თუ უნებლიეთ, მრავალი მცდარი მოსაზრება გამოუთქვამს. როგორია ასეთ დროს საეკლესიო პოზიცია?

ვფიქრობთ, პასუხის გასაცემად კაპადოკიელი მამების მიერ განხორციელებული ქმედება დაგვეხმარება. კერძოდ, ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეადგინეს შრომა სახელწოდებით „ფილოკალია“ („მშვენიერებისმოყვარეობა“), რომელშიც უმძიმესი დოგმატური ცდომილებების მქონე ალექსანდრიელი ეგზეგეტის - ორიგენეს შემოქმედებაში დაცული ღირსეული სწავლებანი შემოკრიბეს და მოძღვრების გადმოცემისას თავადაც არაერთგზის იხელმძღვანელეს მისი არგუმენტაციით. ამას საუკეთესოდ წარმოაჩენს იმავე წმინდა გრიგოლ ნაზიანზელისა და, მოგვიანებით, წმინდა იოანე დამასკელის მიერ ძე ღმერთის ჰიპოსტასში თანაშეკავშირებული ორი ბუნების ურთიერთმიმართების განსახილველად დამოწმებული მაგალითი, თუ როგორ მდიდრდება საპირისპირო თვისებით (სიმხურვალით) ცეცხლში აღმოჩენილი რკინა და, ამასთან, კვლავ ინარჩუნებს საკუთარი ბუნებისთვის მახასიათებელ თვისებას (სიგრილეს). აღნიშნულ სწავლებას ვხვდებით ორიგენეს შრომაში „საწყისთა შესახებ“, კერძოდ, ქვეთავში, სახელწოდებით - „ქრისტეს განკაცების შესახებ“ (შდრ. PG. t. 11, Ωριγένης Περί αρχών, De incarnatione Christi; col. 213-214).

დამოწმებული მაგალითი ასაჩინოებს, როგორი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას თუნდაც უმძიმესი დოგმატური ცდომილებების შემცველ შრომებთან მიმართებით, რადგან, მართალია, საღვთისმეტყველო საკითხებზე მსჯელობისას მხოლოდ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების იმედად მყოფ ადამიანებს ბევრი ფსევდოსწავლება გაუვრცელებიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუკი ღირსეული რამ ნამოღვაწარი ჰქონიათ მათ, ეკლესიის მოძღვართ არასოდეს უარუყვიათ და დიდად დამაშვრალან, რომ სარეველათა სიმრავლეში (გაუკუღმართებულ შეხედულებებს შორის) აღმოცენებული კეთილი ნაყოფი (სათნო სწავლება) სარეველას უფასურებას არ დაეჩრდილა.

ზემოგანხილული მაგალითი საკუთრივ შიდა საეკლესიო სივრცეში მიმდინარე მოვლენებს წარმოაჩენს, მაგრამ როგორია იმავე ეკლესიის დამოკიდებულება, როდესაც საქმე ეხება საეკლესიო წიაღის გარეთ გამოთქმულ სწავლებებს? პასუხის გასაცემად წმინდა გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური შრომიდან - „მოსეს ცხოვრება“ - დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს. კერძოდ, კაპადოკილი მღვდელთმთავრი განმარტავს ბიბლიურ უწყებას, თუ როგორ გამოსცა ეგვიპტელმა ფარაონმა იუდეველი ახალშობილი ვაჟების მოკვლის ბრძანება. სწორედ ამ დროს ერთ-ერთ ებრაულ ოჯახში ლევის შთამომავალ ამრამსა და იოქაბელს შვილი შეეძინებათ. სამი თვის განმავლობაში მშობლები ახერხებენ აღნიშნული მოვლენის გასაიდუმლოებას, თუმცა რაჟამს ახალშობილის მოკვდინების გარდაუვალ საფრთხეს განჭვრეტენ ისინი, ყრმას მცირე ზომის კიდობანში ჩააწვენენ, ხოლო კიდობანს მდინარეს გააყოლებენ. ღვთის განგებას მინდობილ ჩვილს ნილოსში ჩასული ფარაონის ბერწი ასული აღმოაჩენს, ამოიყვანს მას და სახელად მოსეს უწოდებს7. საღვთო განგებულებით ფარაონის ასული ხორციელი მშობლების - ამრამისა და იოქაბელის სახლში დააბრუნებს მოსეს, სადაც მომავალში ებრაელთა წინასწარმეტყველად განწესებულ მოღვაწეს შესაძლებლობა მიეცემა, საკუთარი დედის რძით გამოიკვებოს. როდესაც სასწაულებრივად გადარჩენილი ყრმა წამოიზრდება, ფარაონის ასული სამეფო სასახლეში მოაყვანინებს მას და შვილობის პატივს მიანიჭებს (შდრ. გამოსვ. 2).

წმინდა გრიგოლ ნოსელი ზემოხსენებულ მოვლენებში ღრმა სიმბოლურ შინაარსს განჭვრეტს და შრომაში „მოსეს ცხოვრება“ ასეთი სახის განმარტებას გვთავაზობს: „და ესეზომ, რაჲზომ ოდენ იყოფოდის კაცი მეგჳპტელსა მას დედოფალსა თანა, რაჲთა ცნას მისიცა საქმე, მეყსა შინა ბუნებითისავე თჳსისა დედისა მიმართ მიიქეცინ, რომლისა სძითა იზარდებოდა, ოდეს მეგვიპტელსაცა თანა იყო. ესე იგი არს, რაჲთა დაღაცათუ ვინ კაცობრივსა მას სიბრძნესა ისწავლიდეს, საღმრთოჲსა მისგანმცა ნუვე განეშორების, რომლითა-იგი იზარდების და აღორძნდების სული და სიმაღლედ აღვალს“ (P 40; 356 r).

დამოწმებული ეგზეგეზისის თანახმად, მოსეს წყლიდან ამომყვანი ფარაონის ასული ალეგორიულად ქვეყნიურ სიბრძნეს განასახიერებს, ხოლო წინასწარმეტყველის მშობელი დედა ღმერთის სიმბოლოა, მისი რძე კი, რითაც იკვებებოდა ყრმა მოსე, საღვთო სიბრძნის სახეა. კაპადოკიელი მღვდელთმთავრის მიხედვით, ცოდვით დაცემის შემდგომ პირველსამშობლოდან გარეგანდევნილი ადამიანი, ბუნებრივია, რომ ჯერ ქვეყნიურ სიბრძნეში წარემატება, თუმცა წმინდა წერილის ზემოგანხილული სიმბოლიკით ღირსი გრიგოლ ნოსელი გამორჩეული იუდეველი მოღვაწის მაგალითს გვთავაზობს და გვაჩვენებს, თუ როგორია ადამიანის განვითარების სწორი მიმართულება, რომლის თანახმადაც კაცობრივი სიბრძნის დაუფლების გზით ღვთიურისკენ უნდა ამაღლდეს იგი. წმინდა მამა იქვე განმარტავს, რატომ არის აუცილებელი ამგვარი დაუდგრომელი წინსრბოლა: „ხოლო ვიტყჳ ბერწსა და უშვილოსა კაცობრივისა მის სიბრძნისა სწავლასა... ჭეშმარიტად უშვილო არს კაცობრივი იგი სიბრძნე და ფილოსოფოსობაჲ და მარადის ელმის და ნაყოფი არა აქუს, რამეთუ ვიდრემდის საღმრთოსა სიბრძნესა არა შეუდგეს კაცი, ბნელსა შინა არს“ (P 40; 356 r) (საერო მეცნიერებებში იუდეველი წინასწარმეტყველის ღრმა განსწავლულობის შესახებ საყურადღებო ცნობებს ვხვდებით კლიმენტი ალექსანდრიელის შრომაში - „სტრომატები“. კერძოდ, პირველი წიგნის ოცდამესამე თავი მოსეს ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოგვიდგენს, რომელშიც ალექსანდრიელი ეგზეგეტი შემდეგს გვამცნობს: „როდესაც [მოსე] ჭაბუკი გახდა, გამორჩეული ეგვეპტელებისაგან შეისწავლა მან არითმეტიკა და გეომეტრია, რითმი და ჰარმონია, ამასთან, უმეტესად ექიმობა და მუსიკა, გარდა ამისა - სიმბოლოთა მიერ იეროგლიფებით წარმოჩენილი ფილოსოფია. სხვა საყოველთაო ცოდნით კი, ვითარცა სამეუფო ყრმა, ელინებმა (Ελληνες) განსწავლეს ეგვიპტეში, როგორც «მოსეს ცხოვრებაში» ამბობს ფილონი“8).

ბიბლიური სწავლების მიხედვით, ფარაონის ასული ბერწი იყო, ხოლო განასახიერებს რა იგი კაცობრივ სიბრძნეს, ამით, კაპადოკიელი მოღვაწის თანახმად, ხსენებული სიბრძნის უნაყოფობაა ნაჩვენები, რადგან, მართალია, მოაზროვნეობა ადამიანისთვის ღვთისაგან ბოძებული უნარია, მაგრამ როგორი დიდი მოაზროვნეც არ უნდა იყოს პიროვნება, თუკი დაუსაბამო და ყოვლადბრძენი უზენაესის მიერ ზეგარდამო ჭეშმარიტება არ გაეცხადება მას, ვერასოდეს შეიმეცნებს საკუთარ შემოქმედს, რომელიც არის წყარო მარადიული სიცოცხლისა და სწორედ ასეთ მდგომარეობას (ღვთის შეუცნობლობას) უწოდებს წმინდა მამა უნაყოფობასა და სიბნელეს.

წმინდა გრიგოლ ნოსელი იმავე შრომაში („მოსეს ცხოვრება“) მსჯელობას განაგრძობს და ახალ ბიბლიურ უწყებას კიდევ უფრო ვრცლად განმარტავს, რომლის თანახმადაც ეგვიპტიდან გამოსვლისას ებრაელები უფლის შთაგონებით ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელს დაეუფლებიან, რასაც იმავე უზენაესის მითითებით, მოგვიანებით მოძრავი ტაძრის ასაგებად შესწირავენ.

„გამოსვლათა“ წიგნში რამდენიმეგზის მეორდება უწყება, თუ როგორ დაავალებს ეგვიპტეში მყოფ ებრაელებს თავად უფალი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის (ეგვიპტელთა) სიმდიდრეს დაესაკუთრონ ისინი (შდრ. გამოსვ. 3. 21-22): „რაჟამს გამოხჳდოდეთ, არა გამოხჳდეთ ცალიერნი, არამედ ითხოვენ დედაკაცმან მოძმისაგან და თანამოკარვისაგან თჳსისა ჭურჭერი ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ, და სამოსელი შემოსეთ ძეთა და ასულთა თქუენთა და გამოსტყუენენით მეგჳპტელნი“ (შდრ. ბერძ. ὅταν δὲ ἀποτρέχητε, οὐκ ἀπελεύσεσθε κενοί· αἰτήσει γυνὴ παρὰ γείτονος καὶ συσκήνου αὐτῆς σκεύη ἀργυρᾶ καὶ χρυσᾶ καὶ ἱματισμόν, καὶ ἐπιθήσετε ἐπὶ τοὺς υἱοὺς ὑμῶν καὶ ἐπὶ τὰς θυγατέρας ὑμῶν καὶ σκυλεύσετε τοὺς Αἰγυπτίους.). დამოწმებული ბიბლიური სწავლების თანახმად, მონობის ქვეყნიდან გამოსვლის სამზადისისას ებრაელებს ეგვიპტელთა „გამოტყუენვა“ განეწესათ. აღნიშნულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა σκυλεύω (შდრ. ბერძ. σκυλεύσετε τοὺς Αἰγυπτίους), რაც „წართმევას“, „გაძარცვას“ ნიშნავს (იგივენაირად განიმარტება ძველი ქართული ზმნა „გამოტყუენვა“). შესაბამისად, ქანაანისკენ მოსწრაფე რჩეული ერი საღვთო მოწოდებას იღებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის (ეგვიპტელთა) სიმდიდრეს დაეპატრონოს9, რაც, შესაძლოა, შესაბამისი განმარტების გარეშე ვინმესთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს (რადგან სხვათა საკუთრების ძალით მითვისების ნებართვას თავად უფალი განაჩინებს). კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად, წმინდა წერილში ძარცვასთან დაკავშირებით გადმოცემული ცნობა, უპირველეს ყოვლისა, სხვა არაფერია, თუ არა იმ საზღაურის დაუფლება, რომელიც ეგვიპტეში გაწეული მრავალი შრომის წილ სამართლიანად ეკუთვნოდათ იუდეველებს10. თუმცა ესა თუ ის ბიბლიური უწყება ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით გააზრებული მოვლენის მიღმა ღრმა სულიერ შინაარსს მოიცავს, რასაც მოცემულ ვითარებაში ღირსი მღვდელთმთავარი გრიგოლ ნოსელი განგვიმარტავს. აი, რას ბრძანებს იგი: „უფრო აღმატებული აზრი... იმას გვამცნობს, რომ ვინც სათნოების გზით თავისუფალ (ე. ი. ქრისტიანულ, ე. ჭ.) ცხოვრებას შეუდგება, უნდა აღიჭურვოს იგი გარეშე სწავლულების სიმდიდრითაც ... ისინი, რომლებმაც თავის თავში დაიუნჯეს ამგვარი სიმდიდრე, სწირავენ მას მოსეს «საწამებელი კარვის» ასაგებად, შეაქვს რა თითოეულს თავისი [წვლილი] სიწმინდეთა მშენებლობაში. ვხედავთ, რომ ამჟამადაც ხდება ეს, რამეთუ მრავალნი სწირავენ გარეშე სწავლულებას, როგორც რამ ძღვენს, ღვთის ეკლესიას. ასეთი იყო დიდი ბასილი, რომელმაც სიჭაბუკის ასაკიდანვე კეთილად მოივაჭრა ეგვიპტური სიმდიდრე და განუკუთვნა რა ღმერთს, ამგვარი სიმდიდრით შეამკო მან ეკლესიის ჭეშმარიტი კარავი“11.

წმინდა წერილის ზემოდამოწმებულ მუხლებსა და კაპადოკიელი მოძღვრის მოხმობილ განმარტებაში რამდენიმე მოვლენა იქცევს ყურადღებას. უპირველესად შევნიშნავთ, რომ ნისელი მოღვაწის თანახმად, „გამოსვლათა“ წიგნში აღწერილი ისტორია საკუთარ თავში ღრმა მისტიკურ სწავლებას დაიტევს, რომლის თანახმადაც ეგვიპტური ოქრო-ვერცხლი სიმბოლურად წარმართულ გარემოში არსებულ სიბრძნეს, ცოდნას, მეცნიერებას განასახიერებს, რომელთა აღსანიშნავად წმინდა გრიგოლ ნოსელი ორგზის იყენებს სინტაგმას „გარეშე სწავლულება“ (ბერძ. ἔξωθεν ან έξω ἡ παιδεύσις)12. სწორედ ასე მოიხსენიებენ წმინდა მამები ეკლესიის წიაღის მიღმა ნამოღვაწარს13 და მიუხედავად მისი «გარეგანობისა» (ἔξωθεν, έξω), თუკი ის საკუთარ თავში ღირსეულ რამ შინაარს მოიცავს, ზემოთქმულისებრ, არასოდეს ხდება მისი უგულებელყოფა. ასევე გავიხსენოთ, რომ ბიბლიური უწყების თანახმად, იუდეველებს თავად უფალი ავალდებულებს ეგვიპტელთა ოქრო-ვერცხლის დაუფლებას და სწორედ მოსე წინასწარმეტყველის ბაგეებით ნაუწყებ საღვთო საქმეს იმუშაკებენ ისინი. ვინაიდან ეგვიპტური სიმდიდრე, რომლის შემოკრებაც ებრაელებს განეწესათ, წმინდა წერილის იდუმალი ენის თანახმად, სათნო «გარეშე სწავლულებაა», ამგვარი მოქმედება, ე. ი. ღვთისაგან დაფუძნებული ეკლესიის გარეთ კეთილად ნამოღვაწარის იმავე ეკლესიის წიაღში დაუნჯება, შემოქმედისაგან მოცემული კურთხევაა და სწორედ ამ კურთხევას აღასრულებდნენ ღირსი მოძღვარნი, დაუღალავად რომ იღვწოდნენ ამასოფელში გაბნეული ჭეშმარიტების მარცვალთა ერთ მთლიანობაში შემოკრებისთვის.

მსჯელობას კლიმეტი ალექსანდრიელის სწავლებით განვაგრძობთ. ხსენებული ეგზეგეტი „სტრომატების“ პირველ წიგნში საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამს14. კერძოდ, იმოწმებს იოანეს სახარების ერთ-ერთ ადგილს, რომელშიც მაცხოვარი ასეთი სიტყვებით მიმართავს მსმენელებს: „ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი“ (იოან. 10.8). ალექსანდრიელი განმმარტებლის თანახმად, თუკი აღნიშნულ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიაზრებთ, გამოდის, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ძველი აღთქმის ეპოქაში (ღვთის სიტყვის განხორციელებამდე) გამოთქვა ესა თუ ის მოძღვრება, „მპარავი“ და „ავაზაკი“ ყოფილა; მაგრამ განა გაკადნიერდება ვინმე, რომ ასე მოიხსენიოს რჩეული ერის წიაღში ღვთისაგან ხმობილი წინასწარმეტყველები, რომლებიც სამების მეორე ჰიპოსტასის განკაცებამდე მრავალი საუკუნით უწინარეს მოღვაწეობდნენ და ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ? ამიტომაც, კლიმენტის თანახმად, მაცხოვრის სიტყვები არა ზოგადად ყველას მიემართება, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოვლითურთ განშორებული იყვნენ ჭეშმარიტებას და ოდენ სიცრუის გავრცელებას ცდილობდნენ. ალექსანდრიელი ეგზეგეტის მიხედვით, მართალია, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს ეკლესიის გარეთ მყოფ ფილოსოფოსებსა თუ კლასიკოს ავტორებს ვერ გავუტოლებთ, მაგრამ თუკი ღირსეული სწავლებები შეუქმნიათ ამ უკანასკნელთ, გვმართებს გულისყურით დავეწაფოთ და უყურადღებოდ არ მივატოვოთ ისინი15.

აღნიშნულის დასტურად კლიმენტი „საქმე მოციქულთას“ წიგნში აღწერილ მოვლენებზე მიუთითებს, რომლებშიც გადმოცემულია ცნობა, თუ როგორი სიტყვებით მიმართა პავლე მოციქულმა არეოპაგში შეკრებილ ათენელ მოსახლეობას: „კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ, რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: «უცნაურსა ღმერთსა». აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელითქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით-კერძო. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა განწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოვამცა იგი, და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳსმოქმედნი იტყჳან: «რომლისა-იგი ნათესავცა ვართო»“ (საქმ. 17. 22-28).

პავლე მოციქულის დამოწმებულ სწავლებაში კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ათენის ერთ-ერთ წარმართულ სამსხვერპლოზე წარწერილ სიტყვებს «უცნაურსა ღმერთსა» (ბერძ. 'Αγνώστῳ θεῷ, «უცნობ ღმერთს») და ავტორად ძვ. წ. აღ-ის IV-III საუკუნეებში მცხოვრებ ბერძენ დიდაქტიკოს პოეტს - წარმოშობით სოლიელ არატს (Αρατος ὁ Σολεύς) - ასახელებს, რომელსაც ეკუთვნის შვიდას ოცდათორმეტკუპლეტიანი ასტრონომიული შინაარსის პოემა, სახელწოდებით - „გამოცხადებანი“ (φαινόμενα). კლიმენტის თანახმად, მოციქულთა თავად წოდებულმა პავლემ ქადაგებისას სწორედ ხსენებული შრომიდან მოიხმო ათენელთა ბომონზე გამოსახული ციტატა, რითაც დაამოწმა, რომ ბერძენ ფილოსოფოსთა გარკვეული მოსაზრებები არ იყო მისთვის უცხო და შეუწყნარებელი. ამასთან, ისიც წარმოაჩინა, რომ ათენელი ბერძნები, ელინთა სახელდებულ ღმერთებს შორის ერთი სამსხვერპლოს საკუთრივ უცნობი ღმერთისადმი განკუთვნებით, მართალია გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც ეთაყვანებოდნენ სამყაროს ჭეშმარიტ შემოქმედს, რომლის შესახებ მოძღვრება განხორციელებული ძე ღმერთისაგან უნდა შეემეცნებინათ მათ16.

მსჯელობას ეკლესიის დიდი წმინდანის, იუსტინე ფილოსოფოსის, საგულისხმო სიტყვებით განვაგრძობთ, რომლებიც ხსენებულმა მოღვაწემ რომის იმპერატორ, ანტონიუს პიუსისადმი მეორე საუკუნის შუა წლებისთვის მიწერილ პირველ აპოლოგიაში გააჟღერა: „ისინი, ვინც გონიერებით იცხოვრეს, ქრისტიანები (Χριστιανοί) არიან, თუნდაც რომ უღმერთოებად (ἄθεοι) მიიჩნეოდნენ, როგორებიც არიან ელინთა შორის სოკრატე და ჰერაკლიტე და მსგავსნი მათნი, ბარბაროსებში კი (ἐν βαρβάροις) აბრაამი, ანანია, აზარია, მისაელი, ელია და სხვა მრავალი“17.

წმინდა იუსტინე დამოწმებულ ციტატაში გვაძლევს შეფასებას, თუ ვინ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტეს განხორციელებამდე ქრისტიანად. კერძოდ, მარტვილი მოძღვარი ადამიანთა ორ ჯგუფს გამოკვეთს, ერთი მხრივ, ელინურ სამყაროში მოღვაწე ორ პიროვნებას წარმოგვიდგეს, თუმცა იქვე აკონკრეტებს, რომ მათ გარდა აღნიშნულ ჩამონათვალს სხვა მოაზროვნენიც განიკუთვნებენ. მეორე მხრივ, ბიბლიურ ხუთ წმინდანს ახსენებს და მათ გვერდით სხვა მრავალ მოღვაწეს სახელდების გარეშე შემოკრებს. საქმე ისაა, რომ იუსტინე ფილოსოფოსი ხსენებულ აპოლოგიაში მრავალ არგუმენტზე მიუთითებს, რითაც რომის იმპერიაში მიმდინარე ქრისტიანთა შევიწროებას უსამართლო ქმედებად წარმოაჩენს. ბუნებრივია, მოძღვარი აპოლოგიის გარკვეულ ნაწილს თავად ქრისტეზე მსჯელობას უთმობს და მის ღვთაებრიობაზე საუბრობს. მაგრამ ვინაიდან განკაცებული უფალი I საუკუნეში გამოვიდა ასპარეზზე, წმინდა იუსტინე თავისი წერილის ადრესატებს (რომაულ ხელისუფლებას) უწინარესი ეპოქისკენაც მიაპყრობინებს ყურადღებას და განუმარტავს, რომ ქრისტიანთა რელიგია ისეთივე ძველია, როგორიც ეს სამყარო, რადგან ისინი ჟამისაგან დამოუკიდებლად, ძველსა თუ ახალ აღთქმაში მარადის ერთ ღმერთს აღიარებენ, რომელსაც მეორე ჰიპოსტასის განკაცებამდე ეძიებდა მრავალი ადამიანი როგორც ელინთა შორის, ასევე ბარბაროსებში (ბიბლიური წმინდანების ბარბაროსებად სახელდება რომაელი იერარქების ცნობიერებით იყო განპირობებული). მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია, მარტვილი მამა არა სარწმუნოებრივი კუთხით ათანაბრებს ძველი აღთქმის მართლებსა და ღირსეულ ბერძენ მოაზროვნეებს, არამედ ცხოვრების საზრისის გამოსაკვლევად ამ უკანასკნელთა მიერ გაწეულ ჯაფასა და დაუოკებელ სწრაფვას უყურადღებოდ არ დაუტევებს და განსაკუთრებულ ქებას განუკუთვნებს მათ18.

წმინდა იუსტინეს ზემოდამოწმებული განმარტებების შემდეგ ამჯერად დიდი მოძღვრის, წმინდა ნილოს სინელის საყურადღებო ეგზეგეზისს წარმოვადგენთ ჭეშმარიტი ფილოსოფიისა და ფილოსოფოსის რაობასთან დაკავშირებით. ღირსი მოძღვარი ბრძანებს: „სიბრძნისმოყვარებას (φιλοσοφίαν) თუმცა ხელი მიჰყო ელინთაგანმაც ბევრმა და იუდეველთაგანაც არამცირედმა, ჭეშმარიტი სიბრძნისადმი აღიშურვეს მარტოოდენ ქრისტეს მოწაფეებმა, ვინაიდან მხოლოდ მათ ჰყავდათ სიბრძნე, საქმით ცხადმყოფელი ამგვარი მოღვაწეობისთვის შესაფარისი ცხოვრების წესისა. ზემორეებმა, იმათ მსგავსად, სცენაზე რომ მოქმედებას იპირფერებენ, უცხო ნიღბით შეიმკეს თავი და ფუჭი სახელი შეიმოსეს, ვინაიდან დააკლდნენ ისინი ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარებას...“19.

წარმოდგენილ სწავლებაში წმინდა ნილოსი ბერძნულ ტერმინზე - φιλοσοφία ამახვილებს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ აღნიშნული სიტყვა კომპოზიტია - φιλία (სიყვარული) და σοφία (სიბრძნე); ხოლო მოხმობილ ტერმინთაგან უკანასკნელი წმინდა წერილში დამოწმებულია როგორც ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის ერთ-ერთი სახელი (შდრ. 1 კორ. 1.24): „... ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე“. შდრ. ბერძ. Χριστὸν θεοῦ δύναμιν καὶ θεοῦ σοφίαν). შესაბამისად, ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარება (ე. ი. ფილოსოფია) სხვა არაფერია, თუ არა გონიერი არსების ტრფიალი საკუთარი შემოქმედისადმი. ამიტომაც ფილოსოფოსი, ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით, სინელი მოღვაწის თანახმად, მხოლოდ ქრისტიანს შეიძლება ეწოდოს, რადგან სწორედ ქრისტიანები ემოწაფებიან განკაცებულ სიბრძნეს (Σοφία-ს).

საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ეკლესიის მამებს კლასიკურ ლიტერატურასთან, წმინდა ბასილი დიდის ერთ-ერთი შრომაა სახელწოდებით - „ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან“. სანამ ხსენებულ შრომას განვიხილავდეთ, მკითხველს კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის ბიოგრაფიიდან ცნობილ მოვლენებს შევახსენებთ: კესარიის სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ ბასილი დიდი კონსტანტინოპოლში გაემართა, სადაც იმ დროისთვის ცნობილ სწავლულს, წარმართ ლიბანიოსს დაემოწაფა. მოგვიანებით ღირსი მღვდელთმთავარი ცოდნის გასამრავლებლად ათენში გაემგზავრა. სწორედ ბერძენთა სახელგანთქმულ ქალაქში სამარადჟამოდ დაუხლოვდა იგი ასევე განათლების მისაღებად ჩასულ გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომელთა ურთიერთობა ჭეშმარიტი ნიმუშია ქრისტესმიერი მეგობრობისა. „ღვთისმეტყველად“ წოდებეული მოძღვარი 43-ე სიტყვაში საყურადღებო ცნობას გვთავაზობს, თუ როგორი იყო ბერძენთა დედაქალაქში აღმოჩენილი ორი კაპადოკიელი მოღვაწის ცხოვრების წესი: „და ორნი ოდენ გზანი იყვენ ჩუენდა საცნაურ: ერთი იგი - პირველი და უპატიოსნესი, ხოლო სხუაჲ იგი მეორედ და უდარესად. ესე იგი არიან (პირველი გზა; ი. ო.), რომელ-იგი სამღდელოთა მათ ტაძართა მიმართ მიმყვანებელ იყო და მუნ მყოფთა მათ მოძღვართა, ხოლო სხუაჲ იგი (ე. ი. მეორე გზა; ი. ო.), რომელი გარეგანთა მათ მასწავლელთა ჩუენთა მიმართ მიგჳყვანებდა. და სხუანი იგი გზანი ყოველნივე შორს ვყვენით ჩუენგან სახილველად მიმყვანებელნი, გინა თუ სიხარულად და ხადილობად“20.

დამოწმებულ სიტყვებში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი ათენში მოღვაწე პედაგოგებს „გარეგან მასწავლებლებს“21 უწოდებს, თუმცა მიუხედავად ამისა, შესაბამისი ცოდნის დასაუფლებლად ორივე კაპადოკიელი მოძღვარი დიდი გულმოდგინებით დადიოდა მათთან.

ამჯერად ბასილი დიდის ზემოხსენებულ შრომას დავუბრუნდეთ. კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავარი მოზარდ თაობას მიმართავს და ელინურ სამყაროში დაწერილი მრავალფეროვანი ლიტერატურის დადებით მხარეზე ესაუბრება22. ღირსი მოძღვარი ერთგან ზეციური და ქვეყნიური მოქალაქეობის შესახებ მსჯელობს და შენიშნავს, რომ ადამიანს მარადიული ცხოვრებისკენ წმინდა წერილი მეწინამძღვრეობს, მაგრამ სანამ მასში დაფარული საიდუმლოებების შემეცნებას შეძლებდეს იგი, მსგავსად ომის სამზადისში მყოფი მებრძოლისა, გარკვეული გონებრივი წვრთნა უნდა გაიაროს, რომ შესაბამის ჟამს შეძლოს ბიბლიაში დაფარული ჭეშმარიტების შემეცნება, ხოლო აღნიშნულის განსახორციელებლად (ე. ი. გონების გასაწვრთნელად) საუკეთესო საშუალება გარეშე მწერლობის დაუფლებაა. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „რა არის ის ცხოვრება და სად და როგორ გავატარებთ მას? ამაზე საუბარი უფრო მომავლის საქმეა, ჩვენს ახლანდელ განზრახვას ნაკლებად შეეფერება და მოსმენითაც თქვენზე უფროსებმა უნდა მოისმინონ. თუმცაღა, შეიძლება საკმარისად წარმოგიდგინოთ იგი, თუკი გეტყვით: ვინმემ რომ შეძლოს სიტყვით მოიცვას და ერთად შეკრიბოს კაცთა მიერ განცდილი ყველა ბედნიერება დაბადებიდან მოყოლებული, აღმოჩნდება, რომ ოდნავადაც ვერ გაუსწორდება სიკეთეებს იმ ცხოვრებისა და რომ, პირიქით, ერთად აღებული აქაური სიკეთენი იქაურ სიკეთეებთან ყველაზე მცირესაც კი უფრო დიდად ჩამორჩება, ვიდრე აჩრდილი და სიზმარი – სინამდვილეს. უკეთესად რომ ითქვას, შედარებით თვალსაჩინო მაგალითს გამოვიყენებ: რამდენადაც სული ყოველმხრივ უფრო პატივსაცემია სხეულზე, იმდენად განსხვავდება აქაური ცხოვრება იქაურისაგან. ამ ცხოვრებისაკენ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ წმინდა წერილს მივყავართ, რომელიც საიდუმლოთა საშუალებით გვზრდის; მაგრამ ვიდრე ასაკის გამო მისი ღრმა აზრის წვდომას შევძლებდეთ, გარკვეული დროის განმავლობაში სულიერ თვალს წინასწარ, ვითარცა აჩრდილებითა და სარკეებით, მათგან არც თუ ძალიან დაშორებული თხზულებებითაც ვწვრთნით, ვბაძავთ რა ამ დროს სამხედრო წყობაში დახელოვნებისათვის მოვარჯიშეებს. ისინი ხელებისა და ფეხების მოქნილი მოძრაობით გამოცდილებას იძენენ და ამ სპორტული თამაშისაგან მიღებულ სარგებელს ნამდვილ ბრძოლებში იყენებენ... ამ გარეშე მწერალთა შესწავლის გზით უკვე მომზადებულნი, წმინდასა და საიდუმლო გაკვეთილებს ყურადღებით მოვისმენთ, და ვითარცა მზის წყალში ცქერას შეჩვეულები, ბოლოს თვალს თავად მის ნათელსაც შევავლებთ. ამიტომ, უკეთუ სწავლებათა შორის რამდენადმე ნათესაობა არსებობს, მათი ცოდნა სწორედაც რომ გვმართებს, ხოლო უკეთუ არა, - შესწავლა სხვაობისა, რომელიც დაპირისპირებულებას ქმნის, არანაკლებ გვჭირდება უკეთესის განსამტკიცებლად“23.

კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავარი მსჯელობას განაგრძობს და საღვთო ჭეშმარიტებას ხის ნაყოფს ადარებს, ხოლო გარეშე ფილოსოფიას - ფოთლებს, რითაც მშვენიერი სახილველი ხდება ხე. ამასთან, წინასწარმეტყველების - მოსესა და დანიელის მაგალითს წარმოგვიდგენს, რომლებიც ქვეყნიური სიბრძნის დაუფლებას არ განრიდებიან და კაცობრივ ცოდნაში განსწავლის შემდგომ ზეციურის მჭვრეტელნი შეიქნენ. წმინდა ბასილი დიდი ახალგაზრდებს ჯეროვანი განმრჩეველობისკენ მოუწოდებს, რომ ამოკითხულ მოვლენებში კარგი და ცუდი მაგალითის განსჯის გზით მხოლოდ კეთილის ბაძვის სურვილი იქონიონ, ხოლო ბოროტი მარადის განაგდონ. დავიმომწებთ შესაბამის ადგილს: „ნუ გაიკვირვებთ, თუკი თქვენ, რომელნიც მასწავლებელთან ყოველდღე დადიხართ და ურთიერთობას ძველი დროის გამოჩენილ კაცებთან მათ მიერ დატოვებულ თხზულებათა მეშვეობით ამყარებთ, გეტყვით, რომ, ჩემი მხრივ, მათთან რაღაც უფრო სასარგებლო ვიპოვე. სწორედ ამის შესახებ მინდა გირჩიოთ, სახელდობრ: საჭირო არაა საჭე თქვენი აზროვნებისა, ვითარცა ხომალდისა, ერთხელ და სამუდამოდ ამ კაცებს გადასცეთ და საითკენაც არ უნდა წაგიყვანონ, გაჰყვეთ; არამედ, მიიღებთ რა მათგან იმას, რაც სასარგებლოა, ისიც უნდა იცოდეთ, რა უგულებელყოთ, ხოლო რა არის ეს სასარგებლო და რა უგულებელსაყოფი და როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან, ამას ახლა გასწავლით... მაგრამ შესაცნობად მათი სახისა, თითოეული ამ სწავლებათაგანი რას შევადაროთ? რა თქმა უნდა, ხის საკუთარ სილამაზეს სიუხვე მწიფე ნაყოფისა წარმოადგენს, მაგრამ მას რამდენადმე სხვა სამკაულიც აქვს - ფოთლები, რომლენიც რტოებზე შრიალებენ. ასევე სულისთვისაც უწინარესად ნაყოფი ჭეშმარიტებაა, მაგრამ უსიამოვნო არც ის იქნება, თუ იგი გარეშე სიბრძნით შეიმოსება, ვითარცა ფოთლებით, რომელნიც ნაყოფის საფარველსაც წარმოადგენენ და არც შეუფერებელ სანახაობას ქმნიან. ამიტომ ამბობენ, რომ სახელგანთქმულმა მოსემ, ვისი სახელიც, სიბრძნის წყალობით, კაცთა შორის უდიდესია, გონება ჯერ ეგვიპტური მეცნიერებებით გაწვრთნა და არსებულის ჭვრეტას შემდეგ მიეახლა. მოგვიანებით მსგავსად მოგვითხრობენ ბრძენი დანიელის შესახებაც, ვინც ჯერ ბაბილონში ქალდეველთა სიბრძნე შეისწავლა და ღმრთეებრივ გაკვეთილებს მერე ეზიარა. მაგრამ იმის შესახებ, რომ გარეშე მეცნიერებანი სულისათვის უსარგებლო როდია, უკვე საკმარისად ითქვა. ახლა ის ვთქვათ, როგორ უნდა შეისწავლოთ ისინი, უწინარესად პოეტები. მათგან დავიწყებ; რამდენადაც თავიანთ თხზულებათა მიხედვით პოეტები სხვადასხვაგვარად წარმოდგებიან, გონება მიმდევრობით ყოველთვის ყველაფერზე კი არ უნდა შეაჩეროთ, არამედ მაშინ, როცა კარგი ვაჟკაცების საქმეებსა ან გამონათქვამებს გადმოსცემენ. ისინი უნდა შეიყვაროთ, მოშურნეობდეთ და ძალიან უნდა შეეცადოთ, რომ მათ დაემსგავსოთ; ხოლო როცა სულმდაბალ კაცებს ასახავენ, თავი უნდა აარიდოთ და ყურებიც ისე დაიცოთ, როგორც ეს ოდისევსმა გააკეთა, როგორც თავადვე ამბობენ, სირინოზთა სიმღერისას“24.

მას შემდეგ, რაც კესარია-კაპადოკიელმა მოძღვარმა ელინური წერილობითი შემოქმედების სარგებლიანობაზე ისაუბრა, საკუთარი შრომის მორიგ ნაწილში მრავალი ისეთი მაგალითი მოიყვანა, რომლებითაც სათნოებაში განსწავლის მსურველებს ძალუძთ ბევრი სარგებელი მიიღონ და ამით თვალნათლივ წარმოაჩინა, თუ რაოდენ ღრმად ჰქონდა შესწავლილი «გარეშე მწერლობად» სახელდებული ლიტერატურა. ღირსი მღვდელთმთავარი ერთგან უძველესი წერილობითი წყაროებიდან ამოკრებილ ოთხ მაგალითს წარმოგვიდგენს, რომელთა მთავარი მოქმედი გმირები წარმართი ადამიანები არიან (პერიკლე, ევკლიდე, სოკრატე და ალექსანდრე მაკედონელი). განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ წმინდა ბასილი დიდი ძვ. წ. აღ-ის ეპოქაში აღსრულებულ თითოეულ მოვლენაში ახალაღთქმისეულ მცნებებთან სიახლოვეს ჭვრეტს და მაგალითად დაუსახავს ახალგაზრდა თაობას ხსენებულ პირთა მსგავსად მოქმედებას. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: „ამიტომაც უნდა შევიწყნაროთ თხზულებანი, რომელნიც სათნოებათა შესახებ სწავლებებს შეიცავენ. რამდენადაც სახელოვანი საქმენი ძველი კაცებისა ჩვენამდე ან ადამიანთა უწყვეტი ხსოვნით არის შემონახული, ან კიდევ პოეტთა და ისტორიკოსთა თხზულებებში არის დაცული, სარგებლობა, რომლის მიღებაც მათგან შეიძლება, არ უნდა მოვიკლოთ. მაგალითად, ერთი კაცი სახალხო კრებაზე პერიკლეს ლანძღავდა, მაგრამ იგი ყურადღებას არ აქცევდა. ასე გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში: ერთი მეორეს საყვედურებით უშურველად ავსებდა, ხოლო მეორეს ეს არ აწუხებდა. შემდეგ კი, როცა საღამო დადგა და ჩამობნელდა, ძლივს შეწყვიტა რა ლანძღვა-გინება, პერიკლემ იგი ლამპრით შინ გააცილა, რათა ვარჯიში სიბრძნისმოყვარეობაში წყალში არ ჩაყროდა. და კიდევ: ვიღაც განრისხებული კაცი ევკლიდე მეგარელს სიკვდილით ემუქრებოდა და იფიცებდა კიდეც, რომ აღასრულებდა; თვითონ ევკლიდემ კი საპირისპირო ფიცი დადო იმის თაობაზე, რომ მას მოალმობიერებდა და მტრობას, რომელიც მის მიმართ ჰქონდა, შეაწყვეტინებდა. და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მაგალითებისაგან რომელიმეს გახსენება ადამიანის მიერ, რომელიც რისხვითაა შეპყრობილი! არ უნდა დავუჯეროთ ტრაგედიას, რომელიც ამბობს: «ადვილად აიარაღებს რისხვა ხელს მტრებზე აღსამართად», არამედ პირიქით, უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ არ განვრისხდებით, ხოლო უკეთუ ეს გაგვიძნელდება, მრისხანება, ვითარცა აღვირით, გონებით უნდა მოვთოკოთ, რათა მან საზღვრები არ გადალახოს. მაგრამ სიტყვა ისევ სახელოვან საქმეთა მაგალითებზე მივაქციოთ. ერთი კაცი სოფრონისკოსის ძეს სოკრატეს თავს დაესხა და სახეში დაუზოგავად ურტყამდა, მან კი არა თუ წინააღმდეგობა არ გაუწია, არამედ მთვრალს ნება მისცა მრისხანებით დამტკბარიყო; ასე რომ, ცემისაგან სახე დაუსივდა და დაუწყლულდა. ხოლო როცა მან ცემა შეწყვიტა, როგორც ამბობენ, სოკრატეს სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ვითარცა ქანდაკებას აწერენ ხოლმე ხელოვანის სახელს, შუბლზე დაიწერა: «ეს ამან და ამან ჩაიდინა» და შური ამგვარად იძია. რამდენადაც ეს თითქმის ჩვენი მცნებების იგივეობრივია, ვამბობ, რომ ამგვარ კაცთა მიბაძვა ფრიად კარგია. სოკრატეს საქციელი ხომ ახლოს დგას იმ მცნებასთან, რომლის მიხედვითაც, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მას მეორეც უნდა მიუშვირო და შურიც ამგვარად იძიო (შდრ. მათ. 5.39); პერიკლესა და ევკლიდეს მაგალითები მსგავსია მცნებისა: მოუთმინე მდევნელებს და მშვიდად გადაიტანე მათი მრისხანება; ასევე, ნუ დაწყევლი მტრებს, არამედ სიკეთე უსურვე (შდრ. მათ. 5.44). ამრიგად, ამათ მიერ წინასწარგანსწავლული არც სახარებისეული მცნებების მიმართ, ვითარცა რაღაც შეუძლებელისადმი, იქნება ურწმუნო. გვერდს ვერ ავუვლი ალექსანდრეს მაგალითსაც: ტყვედ ჩაიგდო რა დარიოსის ქალიშვილები, რომელთა შესახებაც ამოწმებენ, რომ განსაცვიფრებელი სილამაზისანი იყვნენ, ნახვის ღირსადაც კი არ ჩათვალა ისინი, რადგან მამაკაცებზე გამარჯვებულმა ქალებისგან დამარცხება სამარცხვინოდ მიიჩნია. ეს იმ მცნებაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, კიდევაც რომ მრუშობა საქმით არ აღასრულოს, დანაშაულისაგან მაინც არ თავისუფლდება (შდრ. მათ. 5.28)“25.

ვფიქრობთ, ზემოგანხილული წყაროები სრულიად გარკვევით გვაუწყებს, თუ როგორია ეკლესიის მამათა პოზიცია საერო სიბრძნესთან მიმართებით. რაც შეეხება მათი გულმოდგინე მუშაკობის მიზეზს, პასუხის გაცემა წმინდა მაქსიმე აღმსარებელის უაღრესად საყურადღებო სწავლებით არის შესაძლებელი. ღირსი მოძღვარი შრომაში, სახელწოდებით - „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“ - იღუმენ თალასის მეთხუთმეტე შეკითხვას ასე უპასუხებს (ვიმოწმებთ მხოლოდ დასკვნით, შემაჯამებელ ნაწილს): „ამრიგად, ერთი მხრივ, სულიწმინდა ყველაში არის მარტივად, რამდენადაც ყველას შემამტკიცებელია იგი და წინაგანმგებელი, ამასთან - ბუნებისეულ თესლთა ამამოძრავებელი. მეორე მხრივ, განსაზღვრული აზრით, იგი არის ყველა იმათში, რომლებიც რჯულში არიან, როგორც გამომააშკარავებელი მცნებათა დარღვევისა და გამასხივოსნებელი ქრისტეს შესახებ წინასწარ ნაუწყები აღთქმისა. კიდევ, იგი არის ყველა ქრისტიანში და არის არა მხოლოდ იმგვარად, როგორც უკვე ითქვა, არამედ აგრეთვე - როგორც შვილმყოფელი. ამასთან, იგი როგორც სიბრძნის დამბადებელი, ზემოთქმულთაგან არცერთში არ არის მარტივად, იმათ გარდა, რომლებიც გონიერნი არიან და რომლებიც საღვთო მოღვაწეობის გზით თავიანთ თავს მისი განმაღმრთობელი შთამკვიდრების ღირსად გამოაჩენენ, რამეთუ ყველა ის, ვინც არ არის საღვთო ნებათა მქმნელი, თუნდაც რომ მორწმუნე იყოს, უგუნური გულის მქონეა, როგორც უკეთურ აზრთა სამჭედლოსი, მისი სხეული კი ცოდვას არის დაქვემდებარებული, როგორც მთლიანად მოცული ვნებათა სიბილწეებით“26.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის წარმოდგენილი სწავლების თანახმად, სულიწმინდის მოქმედების სამგვარი გამოვლინება არსებობს. პირველი, იგი მარტივად მყოფობს ყველაში, თუნდაც ყოვლითურთ დაშორებული იყოს პიროვნება ჭეშმარიტებას. საღვთო სულით ამგვარი მარტივი განმსჭვალულობა კი შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა საკუთარი მდგომარეობა შეაფასოს და შესაბამისი არჩევანის შედეგად სიკეთისკენ წარმართოს ცხოვრება. მეორე, იგივე სული რჯულის ქვეშ (იგულისხმება ძველი აღთქმის რჯული) მყოფთ შეამტკიცებდა, რითაც გამოხსნის საიდუმლოს უცხადებდა მათ. მესამე, სულიწმინდა ქრისტეს ეკლესიის წიაღში დამკვიდრებულებს აღავსებს და ყველაზე აღმატებულ - შვილობის პატივს განუკუთვნებს.

სულიწმინდის მოქმედების მოხმობილი სამი გამოვლინებიდან ჩვენთვის პირველი შემთხვევაა განსაკუთრებით საყურადღებო. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ადამიანებში, რომლებშიც სულწმინდა, მისივე სიტყვების თანახმად, «მარტივად მყოფობს»27, ძველი თუ ახალი აღთქმის ეპოქაში ეკლესიის გარეთ მოღვაწე ადამიანებს მოიაზრებს. შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღირსეული საქმისა თუ გამოთქმული სწავლების წყარო მათშივე «მარტივად მყოფი» საღვთო სულია. ამასთან, კლიმენტი ალექსანდრიელის მიხედვით, უწყოდნენ რა ეკლესიის მამებმა, რომ „ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა“ (იაკობ. 1.17), ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამასოფელში გაბნეული ჭეშმარიტების მარცვლები კვლავაც ერთ მთლიანობაში შემოკრებილიყო.

---------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - მკითხველის საყურადღებოდ შევნიშნავთ, რომ „საერო მწერლობაში“ საეკლესიო წიაღის გარეთ გამოთქმულ სწავლებებს მოვიაზრებთ, რომელიც საკუთარ თავში ფილოსოფიას, პოეზიას, კლასიკურ ლიტერატურას და, ზოგადად, საერო სივრცეში ჩამოყალიბებულ მოძღვრებებს აერთიანებს.

2 - ტერმინი „ეგზეგეტიკა“ ქართულ ენაში ბერძნული შესაბამისი სიტყვის - ἡ ἐξήγισις - უთარგმნელად დამკვიდრებული ფორმაა და „განმარტებას“ ნიშნავს, ხოლო ზედსართავი სახელი „ეგზეგეტიკური“ (ე. ი. „განმარტებითი“) ასევე შესაბამისი ბერძნული ტერმინის - ἐξήγιτικός ადეკვატური შესატყვისია.

3 - Святитель Иоанн Златоуст. Беседы на книгу Бытия, беседа II. ინტერ. საიტი http://azbyka.ru/ otechnik /Ioann _Zlatoust/tolk_01/). კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავრის თანახმად, ძველი აღთქმის რჯული წერილობითი სახით დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ მხოლოდ მას შემდეგ აღწერა, რაც უფლისაგან ამგვარად მოქმედების რწმუნება მიიღო.

4 - წმინდა იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, წიგნი I, თბილისი, 2014, გვ. 21.

5 - წმინდა იოანე ოქროპირი, დასახ. შრომა, გვ. 11-12. სხვათა შორის, საყურადღებო ცნობას ვხვდებით იმავე წყაროში, თუ როგორ აღმოჩნდა დიდი ანტიოქიელი მოძღვარი, წმინდა იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლში: „შემდგომად მცირედისა ჟამისა სავედრებელი რაჲმე აქუნდა ერსა მას ანტიოქიისასა მეფისა მიმართ თევდოსისა, და დაწერა იგი ნეტარმან იოვანე, და მოიწია რაჲ წიგნი იგი წინაშე მეფისა, დაუკჳრდა მეფესა აღწერილისა მის სიბრძნე და უჩუენა წიგნი იგი წმიდასა გრიგოლს (იგულისხმება გრიგოლ ღვთისმეტყველი; ი. ო.). ხოლო მან ვითარცა წარმოიკითხა, ცნა სულითა და ჰრქუა მეფესა: რომელსა ესე წიგნი დაუწერია, მეფეო, იგი არს, რომელი მაუწყა ღმერთმან, ვითარმედ ბრძანებულ არს მისდა თარგმანებაჲ (განმარტება; ი. ო.) სახარებისაჲ“ (წმინდა იოანე ოქროპირი, დასახ. შრომა, გვ. 12).

6 - ზემოთქმულის დასტურად გვესახება გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ 43-ე სიტყვაში ბასილი დიდთან დაკავშირებით გაჟღერებული შეფასება: „...არარაჲ სხუაჲ აღმოთქუა [წმინდა ბასილიმ; ი. ო.], გარნა მარადის სიტყუაჲ ოდენ ღმრთისმსახურებისაჲ და განმაცხოველებელი სოფლისაჲ. რამეთუ ჴორციელისა არარაჲს მეტყუელ იყო კაცი იგი და უზეშთაეს ჴორცთაჲსა ქმნილი უწინარეს ამიერ მიცვალებისაცა, რომელმან-იგი არა უტევა, რაჲთამცა ერთიცა კეთილთაგანი სულისათაჲ საკრველისა მისგან ჴორცთაჲსა ვნებულ იყო“ (Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio iberica IV, Oratio XLIII, 2004, p. 20).

7 - კლიმენტი ალექსანდრიელი „სტრომატების“ პირველ წიგნში საყურადღებო მიმოხილვას წარმოგვიდგენს: „შემდეგ დედოფალმა ყრმას სახელად მოსე (Μωυσην) განუწესა. ეტიმოლოგიურად «წყლიდან ამოყვანილს» ნიშნავს ის, რადგან ეგვიპტელები წყალს Μῶυ (მოი) უწოდებენ“ (PG. t. 8; col. 897, B). დამოწმებულ განმარტებაში ალექსანდრიელი ეგზეგეტი წყლის აღმნიშვნელად ეგვიპტურ ენაში არსებული ტერმინის ბერძნულ ტრანსკრიპციაზე მიუთითებს და შესაბამის კომენტარს გვთავაზობს. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ „სტრომატების“ იმავე ადგილას კლიმენტი ალექსანდრიელი რჩეული ერის ეგვიპტური ტყვეობიდან გამომყვანი დიდი წინასწარმეტყველის სხვა ორ სახელსაც ახსენებს: „უწინარეს ჟამს (ე. ი. სანამ ფარაონის ასული წყლიდან ამოყვანილ ჩვილს მოსეს დაარქმევდა; ი. ო.), წინადაცვეთისას, ყრმას მშობლებმა სხვა რამ სახელი დაუდგინეს და იოაკიმე (Ιωακείμ) უწოდეს... ზეცაში ამაღლების შემდგომ მან მესამე სახელი - მელქიც (Μελχί) მიიღო, როგორც მესაიდუმლენი (οί μύσται) გამოაჩენენ“ (PG. t. 8; col. 897, B – 900, A). ალექსანდრიელი განმმარტებელი მესამე სახელზე საუბრისას უძველეს ებრაულ გადმოცემას ეფუძნება, რომელმაც აპოკრიფულ ლიტერატურაში ჰპოვა ასახვა და ცნობილია სახელწოდებით „მოსეს ამაღლება“. აღნიშნული ტექსტი ჩვენამდე ნაკლული სახითაა მოღწეული და მოსეს ცხოვრების ბოლო მონაკვეთზე მოგვითხრობს, თუ როგორ განმარტოვდა იგი ნებავის მთაზე (ὄρος Ναβαυ) ისუ ნავესთან ერთად (შდრ. 2 რჯულ. 34. 1-5), სადაც უკანასკნელი დარიგებებით განსწავლა საკუთარი მონაცვლე (ისუ). მიუხედავად აღნიშნული უწყების ბოლო ნაწილის დაკარგვისა, სათაურიდანაც ცხადია, რომ გარდაცვალების შემდეგ დიდი წინასწარმეტყველის ხორციელად ზეცაში ამაღლების თაობაზე ტექსტის დასასრულს იყო ცნობები დაცული (რუსული თარგმანი იხ. ინტერ. საიტზე http://biblia.org.ua/apokrif/apocryph2/ap-mos.shtml.htm), რაზეც გარკვეულწილად იუდას კათოლიკე ეპისტოლეშიც გვხვდება მითითება: „ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი, ოდეს-იგი ეშმაკსა ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: «შეგრისხენინ შენ უფალმან!»“ (იუდ. 1.9). კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად (რომელიც თავის მხრივ სხვებზე მიუთითებს), სწორედ ცათა შინა ამაღლებულ მოსეს ეწოდა მესამე სახელად „მელქი“.

8 - PG. t. 8; col. 900, A.

9 - ასევე წარმოვადგენთ „გამოსვლათა“ წიგნში დამოწმებულ სხვა შესაბამის ადგილებს: „ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა ტანჯვაჲ მოვჰჴადო ფარაოს ზედა და ეგჳპტეს ყოველსა და ამისსა შემდგომად განგიტევნეს თქუენ ამიერ: და რაჟამს განგიტევნეს, ყოვლითურთ განგასხნეს თქუენ განსხმით. ეტყოდე იდუმალ ყურთა ერისათა და ითხოენ კაცად-კაცადმან მახლობელისაგან თჳსისა და დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ...“ (გამოს. 11. 1-2); „ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ეგრეთ ყვეს, ვითარცა უბრძანა მათ მოსე. ითხოვეს ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ...“ (გამოსვ. 12.35). „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა: მომართუედ შესაწირავად ყოველთაგან, რომელთა-იგი უნდეს გულსა მათსა, მომართუედ მე პირველნაყოფად შესაწირავად ჩემდა. და ესე არს შესაწირავი, რომელ მოიღო მათგან: ოქროჲ, და ვეცხლი...“ (გამოსვ. 25. 1-3).

10 - PG. t. 8; col. 904, C – 905 A.

11 - დამოწმებული ციტატა ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ; იხ. ინტერ. საიტი http://library.church.ge - ედიშერ ჭელიძე - ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ.

12 - შდრ. (1). „...უნდა აღიჭურვოს იგი გარეშე სწავლულების (შდრ. PG. t. 44, col. 360, B: ἔξωθεν τῆς παιδεύσεως) სიმდიდრითაც“ (2). „ვხედავთ, რომ ამჟამადაც ხდება ეს, რამეთუ მრავალნი სწირავენ გარეშე სწავლულებას (შდრ. PG. t. 44, col. 360, C: έξω παιδεύσιν), როგორც რამ ძღვენს, ღვთის ეკლესიას“.

13 - აღნიშნულ ტერმინოლოგიურ შესატყვისს ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომაში „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“. კერძოდ, კაპადოკიელი მღვდელთმთავარი ბასილი დიდის მქადაგებლურ მოღვაწეობას ერთგან ასე აფასებს: „ყოველივე მოღუაწებაჲ მისი (ბასილი დიდის; ი. ო.) ამისთჳს იყო, რაჲთა წრფელნი და მარტივნი სიტყუანი აღმოთქუნეს, რაჲთა სიმარტივესა მას მსმენელთასა ეთჳსებოდინ და არცა ყოველსავე მარტივად წარმოიტყოდა, არამედ ოდესმე აღამაღლებდა შემსგავსებულად მაღალთა მათ მსმენელთა გონებისა და პირადპირადსა მას სწავლულებასა თჳსსა გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა (შდრ. PG. t. 44, col. 65, C: ἔξω φιλοσοφίας) მოძღურებისა თარგმანებითა საანჯმნო-ჰყოფდა, რაჲთა მრავალთა მიერ გულისჴმა-იყოფებოდის, ხოლო უმაღლესთა მათ მიერ საკჳრველ იქმნებოდის“ (წმინდა გრიგოლ ნოსელი, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, საქართველოს ეკლესიის 1989 წლის კალედარი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, სქოლიოები და ლექსიკონი დაურთო ედიშერ ჭელიძემ, გვ. 202). იმავე ტერმინოლოგიას გვთავაზობს წმ. ბასილი დიდი შრომაში „სულიწმინდის შესახებ“: „ამ სიცრუემდე ისინი გარეშე მწერალთა (PG. t. 32, col. 65, C: ἔξω φιλοσοφίας) განხილვამ მიიყვანა...“ (წმ. ბაისლი დიდი, სულიწმინდის შესახებ, ძველი ბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2013 წელი, გვ. 126). აქვე დავიმოწმებთ VII საუკუნეში მოღვაწე ღირსი ანასტასი სინელის შრომას „წინამძღუარი“. ხსენებული ღმერთშემოსილი მამა დიდი მღვდელთმთავარის, წმინდა დიონისე ალექსანდრიელის (III ს.) მიერ არეოპაგეტულ კორპუსზე დართულ ერთ-ერთ განმარტებითი შინაარსის შენიშვნას ციტირებს და ბრძანებს: „საღმრთოჲ დიონჳსიოს, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი, თარგმანებათა შინა გარემოწერითთა, რომელნი შეუქმნნა თანამოსახელესა თჳსსა ნეტარსა დიონჳსიოსს, ესრეთ იტყჳს ვითარმედ: «შეუქმნელად ჩუეულ არს წოდებასა გარეშე ფილოსოფოსობაჲ (შდრ. PG. 89, col. 289 C: ἔξω φιλοσοφίας) ყოვლისა უხილავისა ბუნებისასა, ეგრეთვე - არსებად თქუმასა გუამთასა»“ (დოგმატიკონი I, ანასტასი სინელი, „წინამძღუარი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ. რაფავამ და დ. შენგელიამ; გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ და დ. შენგელიამ, თბილისი, 2015, გვ. 326).

14 - წარმოდგენილი სახელწოდება - „სტრომატები“ (Στρωματεῖς) თავად კლიმენტი ალექსანდრიელმა განუკუთვნა საკუთარ შრომას (ის რვა წიგნისგან შედგება. პირველი ოთხი წიგნი გამოქვეყნებულია PG. t. 8; col. 685-1381; დანარჩენი ოთხი - PG. t. 9; col. 9-601). მოხმობილი ტერმინი (στρῶμα) ქართულად ითარგმანება როგორც „ხალიჩა“. ტექსტში ის რამდენიმეგზის მრავლობითი რიცხვით არის დამოწმებული - οἱ Στρωματεῖς („ხალიჩები“). თუ რატომ გამოიყენა ალექსანდრიელმა ეგზეგეტმა აღნიშნული სახელი, ვრცლად მეოთხე წიგნის მეორე თავშია განმარტებული. კლიმენტის თანახმად, ხალიჩა საკუთარ თავში ფერთა პალიტრას აერთიანებს, ხოლო ამგვარი სიმრავლე სიჭრელეს წარმოქმნის; ე. ი. ხალიჩა - ესაა ქსოვილი, რომელშიც ერთმანეთისგან განსხვავებული მრავალი ფერია თავმოყრილი. მსგავსადვე, „სტრომატებში“ განხილული საკითხები სიჭარბით გამოირჩევა. ამასთან, ხსენებული პრესვიტერის თქმით, გამოუცდელსა და ნაკლებად გულმოდგინე მკითხველს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ავტორი ერთმანეთთან დაუკავშირებელ ბევრ მოვლენას მიმოიხილავს და ერთი თემიდან მოულოდნელად თითქოს მეორეზე გადაინაცვლებს. სწორედ ამიტომ ალექსანდრიელმა მოძღვარმა საკუთარ შემოქმედებას მრავალი ცალკეული ჭრელი ფერის გამაერთიანებელი „ხალიჩები“ („სტრომატები“) უწოდა და იქვე მიუთითა, რაოდენ დიდ სარგებელს ჰპოვებს მასში ცოდნის გულწრფელად მაძიებელი ადამიანი (იხ. PG. t. 8; col. 1217-1220, AB).

15 - შდრ. PG. t. 8; col. 796, C – 797 A.

16 - შდრ. PG. t. 8; col. 805, C – 808 A.

17 - PG. t. 6; col. 397, C. ინგლისური თარგმანი: „and those who lived reasonably are Christians, even though they have been thought atheists; as, among the Greeks, Socrates and Heraclitus, and men like them; and among the barbarians, Abraham, and Ananias, and Azarias, and Misael, and Elias, and many others“ (St. Justin Martyr. The First Apology. Chapter 46. The Word in the world before Christ; იხ. ინტერ. საიტი http://www.newadvent.org/fathers/0126.htm).

18 - ქრისტიანთა დასაცავად დაწერილ მეორე აპოლოგიაში იუსტინე ფილოსოფოსი კვლავ ახსენებს სოკრატეს და ამჯერადაც შთამბეჭდავ შეფასებას განუკუთვნებს მას. წმინდა იუსტინეს სიტყვებით, სოკრატე ის მოაზროვნეა, რომელმაც ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე (შდრ. „ქრისტეს, რომელიც ნაწილობრივ სოკრატემაც შეიმეცნა (შდრ. Χριστῳ δε τῳ καὶ ὑπὸ Σωκράτους ἀπὸ μέρους γνωσθέντι)..., არა მხოლოდ სიბრძნისმოყვარენი (φιλόσοφοι) და სიტყვიმოსყვარენი (φιλόλογοι) დაემორჩილნენ, არამედ - ხელითხურონი და ყოვლითურთ უსწავლელნიც, მოიძულეს რა პატივი, შიში და სიკვდილი, რადგან [ძე] მამის გამოუთქმელი ძალაა და არა ადამიანური სიტყვის საჭურველი“ (PG. t. 8; col. 461 A, B).

19 - წმინდა მღვიძარეთა მშვენიერებათმოყვარეობა, I. II, წმინდა ნილოს სინელი, სამოღვაწეო სიტყვები, ბერძნულიდან თარგმნა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი, 2013, გვ. 161.

20 - Sancti Gregorii Nazianzeni Opera; Versio iberika IV, Oratione XLIII, 2004, p. 100 (ვიმოწმებთ წმინდა ექვთიმე ათონელის თარგმანს).

21 - შდრ. τοὺς ἔξωθεν παιδευτάς (PG. t. 36; col. 524, A). წმინდა ეფრემ მცირის თარგმანის მიხედვით, „გარეშეთა მასწავლელთა“ (Sancti Gregorii Nazianzeni Opera; დასახ. შრომა, გვ. 101).

22 - ბერძნულ ტექსტში (იხ. PG. t. 31; col. 564-589) წმინდა ბასილი დიდი ორ ტერმინს -νέος (ახალგაზრდა) და παῖς (ყრმა) - უნაცვლებს ერთმანეთს, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ სწავლების ადრესატი არა ზრდასრული ადამიანი, არამედ მოზარდი თაობა არის.

23 - წმინდა ბასილი დიდი, ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან, ძველი ბერძნულიდან თარგმნა შენიშვნები და წინასიტყვაობა დაურთო გვანცა კოპლატაძემ, თბილისი, 2011, გვ. 139-140.

24 - წმინდა ბასილი დიდი, დასახ. შრომა, გვ. 138-141. განმრჩეველობასთან დაკავშირებით სხვაგან ღირსი მღვდელთმთავარი შენიშნავს: „ჩვენ მყისვე ყოველივე მიყოლებით კი არ უნდა მივიღოთ, არამედ მხოლოდ ის, რაც სასარგებლოა. სამარცხვინოა უარვყოთ საკვებთაგან მავნებელი, ხოლო სწავლებათაგან, რომელნიც ჩვენს სულს ასაზრდოებენ, არაფერი გამოვარჩიოთ, მსგავსად ნიაღვრისა, რაც კი შეგხვდება, ყოველივე მივიტაცოთ და დავიტვირთოთ“ (წმინდა ბასილი დიდი, ახალგაზრდებს იმის თაობაზე..., დასახ. შრომა, გვ. 148).

25 - წმინდა ბასილი დიდი, დასახ. შრომა, გვ. 156. დამოწმებული შრომის მიმოხილვას კაპადოკიელი მამის ერთი უმნიშვნელოვანესი შეგონებით დავასრულებთ: „ადამიანი, რომელიც აზროვნებს, ყველაზე უფრო იმას უნდა გაურბოდეს, რომ დიდებისათვის იცხოვროს და უმრავლესობის თვალსაზრისს ეთანხმებოდეს; მან ცხოვრების წინამძღვრად მართალი გონება უნდა გაიხადოს. კიდევაც რომ ყველა ადამიანს დაუპირისპირდეს ან მშვენიერებისათვის დიდებაც დაკარგოს და საფრთხეშიც ჩავარდეს, რაც სწორად შეიცნო, იმის ურყევად დაცვას არაფერი უნდა ამჯობინოს“ (წმინდა ბასილი დიდი, დასახ. შრომა, გვ. 148).

26 - ინტერ. საიტი http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/maqsime_sulitsminda.htm; ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძე.

27 - შდრ. ἐστί … ἀπλῶς (PG. t. 91; col. 297, D).

 

გამოქვეყნებულია: რელიგიურ–საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“, N 15, თბილისი, 2016 წ., გვ. 85-115.

სტატია იდება ავტორის ნებართვით

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 23 June 2017 13:26)