Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი I

[40]ძმანო! უფალ იესო ქრისტეზე უნდა იფიქროთ ისე, როგორც ცოცხალთა და მკვდართა ღმერთსა და მსაჯულზე. არც საკუთარი სულის ცხონებაზე უნდა იფიქროთ ცოტა, რამეთუ მცირედის ფიქრი ამის თაობაზე არც ისე დიდი მისაგებლის საწინდარია. თუკი უფლის შესახებ ვისმენთ, ისე როგორც რაღაც უმნიშვნელოზე, ვცოდავთ. არც ის ვუწყით, თუ საიდან მოვედით, ვინ ვართ, რა ღირსებაში აღგვდაგინა უფალმა და რამდენი რამ დაითმინა ჩვენი გულისთვის. რა საზღაური უნდა მივაგოთ ან რა უნდა იყოს იმის საფასური, რაც უფალმა გვიბოძა. რაა ის უპირატესი სიწმინდე, რითაც ასე ვართ დავალებული უფლისაგან? მან ხომ თვალნი აგვიხილა, ნათელი დაგვანახა, როგორც მამამ შვილები ისე ჩაგვიკრა გულში, სიკვდილის პირას მყოფნი გადაგვარჩინა. [41]ვითარ აღვავლენთ უფლის დიდებას, ან რა საფასურს გავიღებთ იმის წილ, რაიც გვიბოძა ჩვენ, გონებადაბნელებულთ, ხის, ქვის, ოქროს, ვერცხლისა თუ სპილენძის ბომონთა თაყვანისმცემელთ. ჩვენ, რომელთა განვლილი ცხოვრება სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სიკვდილი. წყვდიადით გარემოცულთ და მზერა დალიბრულთ, უფლის ნებით აგვეხილა თვალნი და გარემომცველი ბურუსიც გაიფანტა. უფალი წუხდა ჩვენთვის, სათნო-გვეყო და გვაცხოვნა, რამეთუ ხედავდა, რომ გზააბნეულთა და დასაღუპად განწირულთათვის გზა ხსნისა არსაით ჩანდა, თავად უფალი მოგვევლინა გზად ხსნისა, მოგვეახლა არაარსთა და აღმოგვიყვანა ცხოველი ცხოვრებიდან ცხოვრებაში.

 

თავი II

ეკლესია ადრე უნაყოფო წარმართთა გაქრისტიანებით განაყოფიერდა

[42]“გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით შობილო; ვინაიდან მიტოვებულს უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე ქმრიანს”. ეს სიტყვები: “გიხაროდეს უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია”, ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენი ეკლესია უნაყოფო იყო, ვიდრე მას შვილებით დაასაჩუქრებდნენ. ხოლო სიტყვები “იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით შობილთ” მიანიშნებს, რომ უფლისადმი ლოცვებს აღვავლენთ ისე უბრალოდ, როგორც მშობიარე. ხოლო სიტყვები “ვინაიდან მიტოვებულს უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე ქმრიანს” ნათქვამია ჩვენზე, რადგან ჩვენი [43]ერი, როგორც ჩანს, ღმერთს განუდგა. შემდგომ როდესაც ღმერთი ვირწმუნეთ, განვმრავლდით იმაზე მეტად, ვინც უფალს არასოდეს მიუტოვებია (ე.ი. იუდეველნი). შემდეგ წერილი ამბობს: “არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა”, რაც ნიშნავს: უფალმა უნდა გამოიხსნას დაცემულნი, რამეთუ განმაცვიფრებელი სიდიადე იმაშია, განამტკიცო არა ის, რაც ისედაც მყარია, არამედ ის, რაც შერყეულია. ასევე უფალმა იესო ქრისტემ ინება ხსნა დაცემულთა, ბევრსაც შემოგვიდგა და გვაცხოვნა დასაღუპად განწირულნი.

 

თავი III

აღვიარებდეთ უფალს, აღვასრულებდეთ მცნებებს, მთელი გულით თაყვანისვცემდეთ უფალს

[44]სათნო-გვეყო უფალი და, უწინარესად იმით, რომ ჩვენ ცოცხლები, მკვდარ ღმერთებს აღარ ვსწირავთ მსხვერპლს და აღარც თაყვანს ვცემთ, არამედ შევიცანით უფლის მიერ მამა ჭეშმარიტებისა. ამრიგად, განა რაში უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი დამოკიდებულება თუ არა იმაში, რომ არ უარვყოთ ის – შემმეცნებელი ჩვენი. იგი ხომ თავადაც ბრძანებს: “ვინც აღმიარებს მე კაცთა წინაშე, მას აღვიარებ მეც ჩემი მამის წინაშე” (მათე 10,32). ასეთი ჯილდო გვიბოძა იმის აღიარებისთვის, ვინაც გვაცხოვნა. მაინც რით აღვიარებთ უფალს? – უფლის სიტყვის აღ[45]სრულებით, მცნებათა დაურღვევლობით, თაყვანისცემის აღვლენით არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გულით და გონებით. ესაია წინასწარმეტყველთან ხომ თქვა უფალმა: “…პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან”. (ეს. 29,13)

 

თავი IV

ვინ ირწმუნა უფალი ჭეშმარიტად

[46]ამგვარად, ნუ დავკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ უფალი ვუწოდოთ მას, ეს როდი გვაცხოვნებს, რამეთუ უფალი ამბობს: “არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო! უფალო! და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა! (მათე 7,21)” ამიტომ ძმანო, დაე აღვიარებდეთ უფალს საქმეებით, ურთიერთსიყვარულით, მოვიძაგოთ სიძვა, განვაგდოთ ძვირისმეტყველება და შური, აღვივსოთ მოთმინებით, სათნოებით, სიკეთით. ამგვარი საქმეებით უნდა აღვიაროთ უფალი და არა საწინააღმდეგო ქმედებებით, გულწრფელად უნდა შევიტკბოთ გული ერთმანეთზე და გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა. არ უნდა გვეშინ[47]ოდეს ადამიანების, არამედ უნდა გვქონდეს შიში ღვთისა. თუკი ვიუსჯულოებთ უფალი იტყვის: “თუკი ჩემი სახელით შეიკრიბებით და ჩემს მცნებებს არ აღასრულებთ, არ გიცნობთ და გეტყვით: განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი”. (მათე 7,23)

 

თავი V

მოვიძაგოთ ეს სოფელი და მეორე ცხოვრების სიკეთეებს ველტვოდეთ

[48]ძმანო, ამა სოფლის უარმყოფელნი უფლის ნებას აღვასრულებთ და ამიტომ ნურც ამქვეყნიდან გასვლის შიში გვექნება. უფალი ამბობს: “იყავით ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა” (მათე 10,16). პეტრე მოციქული კი ამის პასუხად ამბობს: “თუ მგლები კრავებს დაგლეჯენ? “უფალი იესო პასუხობს: ცხვრებს მგლების შიში სიკვდილის შემდეგ აღარ უნდა ჰქონდეთ (პეტრეს და უფალ იესო ქრისტეს ამგვარ საუბარზე არაფერია ნათქვამი წმინდა წერილში). არც თქვენ უნდა გეშინოდეთ თქვენი მკვლელების, მათ ხომ მეტი არაფერი შეუძლიათ გააკეთონ და უმწეონი არიან. გეშინოდეთ მისი, ვისაც ჩვენი სიკვდილის [49]შემდეგ ხელმწიფება აქვს ჩვენივე სულსა და სხეულზე და ცეცხლოვან გეენიას განუმზადებს მათ. იცოდეთ ძმანო: რომ ამქვეყნად ჩვენი უძლური სხეულის ხეტიალი ძალზე ხანმოკლეა, ხოლო იესო ქრისტეს აღთქმა ყოვლისმომცველი და განმაცვიფრებელი, სახელდობრ: სიმშვიდე მომავალი სასუფევლისა და საუკუნო ცხოვრებისა. რით შეიძლება დავიმკვიდროთ ეს სიმშვიდე თუ არა ღვთისმოსავი და ღვთივსათნო ცხოვრებით, ამქვეყნიურ სიკეთეთა უარყოფით და მოძაგებით. თუკი ეს არ გვსურს, მაშინ სწორ გზას ავცდენილვართ.

 

თავი VI

[50]უფალი ამბობს: “ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად”. (მათე 6,24; ლუკა 16,13). თუკი ვემსახურებით უფალს და მამონასაც ვემონებით, ეს ჩვენთვის ძალზე საშიშია. “რამეთუ რა სარგებელს ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?”. წუთისოფელი და საუკუნო მარადიული სასუფეველი ერთმანეთის მტერია. წუთისოფელი გვიბიძგებს მრუშობის, ვერცხლისმოყვარეობის, სიცრუის და გარყვნილებისკენ, რაც სასუფევლისათვის მიუღებელია. შესაბამისად, შეუძლებელია ორივეს ერთდროულად დავუმეგობრდეთ: ან ეს საუკუნო სოფელი უნდა დავუტევოთ, ანდა მარადიულს შევეთვისოთ. დავფიქრდეთ, რა უფრო უმჯობესია: მოვიძულოთ ამქვეყნიური სიკეთენი, რომლებიც წარმავალია და ხრწნადი, [51]თუ მიველტვოდეთ უმშვენიერეს და უხრწნელ სიკეთეებს. რამეთუ უფლის ნების აღმსრულებელნი სიმშვიდეს მოვიხვეჭთ, ხოლო მცნებათა უარმყოფელთ საუუნო სასჯელი გველის. ეზეკია წინასწარმეტყველთან წმინდა წერილში უფალი ამბობს: “ვერც ნოე, ვერც იობი და ვერც დანიელი ვერ გადაარჩენდნენ თავიანთ შვილებს, ტყვეობაში მყოფთ, (შდრ. ეზეკ. 14, 14-20). და თუ ეს უფლის წინაშე მართალი ადამიანები უძლურნი არიან თავიანთი სიმართლით იხსნან შვილები, ჩვენ როგორ შეიძლება გვქონდეს უფლის სასუფეველში შესვლის იმედი, თუკი ნათლისღების სიწმინდესა და უმანკოებას შევბღალავთ. ანდა როგორ გვიშუამდგომლებს ვინმე უფლის წინაშე, როდესაც ჩვენს ღვთისმოსავ და მართალ საქმეებს ვერსად აღმოაჩენს?

 

თავი VII

[52]ამგვარად ძმანო, ვიღვაწოთ, რამეთუ ცხოვრება ბრძოლაა. და თუმცა ფუჭ საგმირო საქმეთა ჩადენას ბევრი მიელტვის, ყველა როდი ხდება გვირგვინმოსილი, არამედ მხოლოდ დიდად ღვაწლმოსილნი. დაე, ჩვენც ვიღწვოდეთ ისე, რომ შევიქმნათ ყველასაგან გვირგვინმოსილნი. სწორი გზით ვიდოდეთ – ეს უხრწნელი გმირობაა. დაე, ერთად ვიდოდეთ ამ გზით და ვიღვაწოთ ისე, რომ ღირს-ვიქმნეთ გვირგვინისა. თუკი ყველა გვირგვინის ღირსი ვერ შევიქმნებით, ბოლოსდაბოლოს გვირგვინს ხომ მაინც მივუახლოვდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ისიც კი, ვინც ფუჭ საგმირო საქმეებში გაწაფულია, საკმარისია წაიფორხილოს, რომ კინწისკვრით გამოაგდონ ასპარეზიდან. როგორ გგონიათ, რა დაემართება იმას, ვინც ვერ გაუძლებს უხრწნელ [53]დიდებას – გმირობას? ხოლო მათ შესახებ, რომელთაც ვერ შეინარჩუნეს ბეჭედი (იგულისხმება ნათლისღება) ნათქვამია: “მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისათვის (ეს. 16,24).

 

თავი VIII

[54]ამგვარად, შევინანოთ ვიდრე დედამიწაზე დავაბიჯებთ, რამეთუ თიხა ვართ ოსტატის ხელში. როდესაც მექოთნე ჭურჭელს ამზადებს, უნაკლო ფორმის მიღებამდე გლუვი ზედაპირი ხშირად უმრუდდება და შეუძლია დაშალოს და ისევ თავიდან მოზილოს იგი, მაგრამ თუკი იჩქარებს ქოთნის ღუმელში გამოსაწვავად შედგმას, ისე, რომ საბოლოოდ ფორმა არ მიუცია, მერე ვეღარაფერს უშველის. ასევე გვემართება ჩვენც. ვიდრე ამა სოფელში ვიმყოფებით მთელი გულით უნდა შევინანოთ ჩადენილი ხორციელი ბოროტებანი, რათა გვაცხოვნოს უფალმა, ვიდრე კიდევ დაგვრჩენია დრო სინანულისათვის. რადგან ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასულთ დრო აღარ დაგვრჩება აღარც სააღსარებოდ და აღარც სინანულისათვის. ამრიგად, ძმანო, მხოლოდ მაშინ [55]მივიღებთ საუკუნო ცხონებას, როდესაც უფლის ნებას აღვასრულებთ, სხეულის უმანკოებას დავიცავთ და უფლის მცნებებს დავიმარხავთ, რამეთუ უფალი სახარებაში იტყვის: “მცირედში სანდო დიდშიც სანდოა და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა”, (ლუკა 16, 10_11) რაც ნიშნავს: დაიცავით სხეული უბიწოდ და ბეჭედი შეურყვნელად, რათა მიიღოთ საუკუნო ცხოვნება.

 

თავი IX

[56]ნურავინ იტყვის, რომ სხეული არც განისჯება და არც აღსდგება. იცოდეთ: რომ ცხონდით და აგეხილათ თვალნი მხოლოდ სხეულში. ამიტომ სხეული უნდა დაიცვათ, როგორც ტაძარი ღვთისა. რამეთუ ვითარცა სხეულში მყოფთ მოგიწოდათ უფალმა იესო ქრისტემ ასევე ხორცში მყოფნი წარსდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე. როგორც უფალ იესო ქრისტეს, მაცხოვრის, ღვთაებრივმა სულმა ხორცნი შეისხნა და განკაცდა, ჩვენც ასევე უფლის სხეულში მივიღებთ ჯილდოს. გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა ერთად დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ვიდრე განკურნების დრო კიდევ გვაქვს, მივენდოთ მკურნალ უფალს და მივაგოთ მისაგებელიც. რა არის ეს უფლის წინაშე მისაგებელი? წრფელი გულისშემუსრვილება. უფალმა ხომ ისედაც უწყის ყოვე[57]ლივე და ხედავს ჩვენს გულებს. აღვავლინოთ ქება უფლის წინაშე მხოლოდ ბაგეებით კი არა, მთელი გულით, რათა შეგვიწყალოს უფალმა, როგორც შვილები. რამეთუ თქვა უფალმა: “რომელმან ჰყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა, იგი არს ძმა ჩემი” (მათ 12,50)

 

თავი X

[58]ამიტომ, ძმანო აღვასრულოთ ნება მამისა, ცხოვრების მომცემელისა, მიველტვოდეთ სათნოებას, დავთრგუნოთ მანკიერებანი, ცოდვათა წინამორბედნი, აღმოვფხვრათ ბიწიერი გულისთქმანი, რათა ბოროტებას არ დავემონოთ. თუკი ვეცდებით სიკეთე ვქმნათ ეს სიმშვიდეს მოგვგვრის. ამიტომ არის, რომ სიმშვიდე ვერ დაისადგურებს იქ, სადაც ადამიანური შიში ბოგინობს და ადამიანები ამქვეყნიურ განცხრომას ამჯობინებენ სამომავლო აღთქმას. მათ არ უწყიან თუ როგორ იტანჯებიან ამქვეყნიურ სიამეთა ტყვეობაში მყოფნი და რაოდენ ტკბილია მომავალი აღთქმა. ასატანი იქნებოდა, რომ ასე მხოლოდ ერთეულები იქცეოდნენ. ისინი ხომ გამუდმებით ჩააგონებენ თავიანთ უკეთურ სწავლებას შეურყვნელ სულებს და როდი უწყიან, [59]რომ ორგზის განისჯებიან თავადაც და მათი მიმდევრებიც.

 

თავი XI

[60]ამგვარად, დავეგოთ უფალს შემუსრვილი გულით, რათა განმვმართლდეთ. თუკი ურწმუნეობის გამო არ ვემსახურებით უფალს არ ვიქნებით ბედნიერნი, რამეთუ სიტყვა წინასწარმეტყველთა ამბობს: “უბედურნი არიან ორგულნი, მერყევნი გულით, რომლებიც ამბობენ: ჩვენი მამების დროიდან მოყოლებული გვესმოდა ეს ყოველივე, დღე და ღამე მოლოდინში ვართ, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი ვნახეთ”. უგუნურნო, შეადარეთ თქვენი თავები ხეს, მაგალითად ვაზს: ჯერ უნდა გაისხლას, შემდეგ ამოიყრის ყლორტებს, დაიმტევნება და ბოლოს, ყურძნის ნაყოფით დაიხუნძლება. ასევე დაითმინა ჩემმა ერმა მწუხარება და წუხილი და შემდეგ მადლი მოიხვეჭა. ამრიგად ძმანო, ნუ დაეჭვდებით, სასოება გვქონდეს, რომ მოგვეცემა მისაგებელი. რამეთუ სარწმუნეობა [61]იგი, რომელმაც აღგვითქვა ყველას მისაგებელი საქმეთაებრ მათდა. თუკი ჩვენი საქმეებით განვმართლდებით უფლის წინაშე, მოვიხვეჭთ ცათა სასუფეველს, იმ გამოუთქმელ მადლს მივემთხვევით “რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა”.

 

თავი XII

[62]ამრიგად, დაე დღენიადაგ ღვთის სასუფევლის მოლოდინში ვიყოთ სიყვარულსა და სიმართლეში, რამეთუ არ ვუწყით დღე ღვთისჩენისა. თავად უფალმა, როდესაც ჰკითხეს თუ როდის მოვა მისი მეუფება, უპასუხა: როდესაც ორნი გახდებიან ერთნი, გარეგანი იქნება ისე, როგორც შინაგანი. მდედრი და მამრი ორივე ერთნი იქნებიან, არ იქნება აღარც მდედრი და აღარც მამრი. ორ ადამიანს შორის ერთსულოვნებაა, როდესაც მართალნი არიან ერთმანეთის წინაშე, როცა ორ სხეულს თვალთმაქცობის გარეშე ერთი სულისკვეთება განმსჭვალავს. სიტყვები: გარეგანი, როგორც შინაგანი ნიშნავს შემდეგს: შინაგანში იგულისხმება სული, ხოლო გარეგანში – სხეული. სხეული ჩანს, ასევე უნდა განცხადდეს შენი სულიც [63]კეთილ საქმეებში. ხოლო სიტყვები – მამრი, ხოლო მამრი მდედრი გახდება ეს...*

----------------------------------------

* ასე მთავრდება ჩვენამდე მოღწეული ეპისტოლეს ალექსანდრიული ხელნაწერის ტექსტი. ბოლო თავის დაუსრულებელი ფრაზა შეიძლება შევავსოთ კლიმენტი ალექსანდრიელის (სტრომ. III. col 9) განმარტებით, სადაც მამრი შეესატყვისება მრისხანებას, მძვინვარებას, ხოლო მდედრი გულისხმობს წადილს, ნდომას, რომლებიც უნდა აღიკვეთოს.


ძველი ბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა

წმინდა კლიმენტი რომაელი -

მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თბილისი, 2006 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 23:41)