Georgian (Georgia)English (United Kingdom)

93-94

ორი ეპისტოლე ქალწულთა მიმართ

ჩვენ კვლავ წმინდა კლიმენტი რომაელის შესახებ რაც განსახილველი დაგვრჩა წარმოვადგენთ. ვგულისხმობთ კვლავაც იმგვარ ძეგლებს, რომლებსაც ავტორად ჰყავთ კლიმენტი რომაელი, მაგრამ არ არის დაზუსტებული, რომ ძეგლი, ჩვენამდე მოღწეული სახით, მართლაც კლიმენტისგან დაიწერა თუ არა.

ერთი რამ მკვლევართა შორის ამ ბოლო ხანებში იკვეთება, რომ ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურტის დიდი ნაწილი არქეტიპულად, ე.ი. ყველაზე უფრო ჭეშმარიტი ნაწილების მხრივ, მართლაც წმინდა კლიმენტი რომაელის კალამს უნდა ეკუთვნოდეს, რაც (ეს პირველაღწერილობა) შემდგომში გადამწერთაგან, სხვადასხვა პირთაგან შეივსო, შეზავდა დამოუკიდებლად, ასევე ზეპირ გადმოცემაში არსებული ცნობებით, ზოგ შემთხვევაში არმართლმადიდებლური სწავლებებითაც შეივსო. ამ გაგებით საბოლოოდ გარკვეულ ფორმამდე მისული ძეგლი მართლმადიდებლური ლიტერატურის ნაწილად და წმინდა კლიმენტი რომაელის შრომად ვეღარ ჩაითვლება. აი ამგვარი ხასიათის ძეგლებს ეწოდებათ “ფსევდოკლიმენტინური ძეგლები” და ამ ძეგლების ერთობლიობას “ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურა”.

 

ამგვარ ძეგლთაგან ჩვენ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ, რაც ადრეც ვახსენეთ, ორი ეპისტოლე “ქალწულთა მიმართ”. ეს ეპისტოლეები, კვლავ ავღნიშნავთ, წმინდა კლიმენტი რომაელის სახელით არის ჩვენამდე მოღწეული. აქ ქალწულებში იგულისხმება ქალწულობის ანუ უბიწოების დამცველი როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. მკვლევართა აზრით ეს წერილები შექმნილია III ს-ის პირველ ნახევარში. ისინი პირველად საეკლესიო მწერლობაში ციტირებულია IV ს-ის ერთ-ერთი უდიდესი ანტიერეტიკოსისა და ღვთისმეტყველის წმინდა ეპიფანე კვიპრელის მიერ, კერძოდ მის შრომაში სახელწოდებით “ერესების შესახებ”. ამ თხზულებას სხვაგვარად ეწოდება “პანარიონი” ანუ წამლების ყულაბა. აი ამ შრომის XXX თავის XV ქვეთავში გვაქვს უწყება აღნიშნულ ეპისტოლეთა შესახებ. იგივე ეპისტოლეები ნეტარი იერონიმეს მიერაცაა ხსენებული, IV-V ს-ის ამ უდიდესი მოძღვრის მიერ. კერძოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს იერონიმეს არა ის მთავარი შრომა, რაზეც ადრე სპეციალურად ვსაუბრობდით, კერძოდ თხზულება “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, არამედ იერონიმეს ანტიერეტიკული ხასიათის შრომა სათაურით “იოვინიანუმის წინააღმდეგ”. აი ამ შრომის I თავის II პარაგრაფში ასევე ხსენებულია ეს ძეგლი.

დღეისათვის თუნდაც ამ წყაროების მიხედვით სავსებით ცხადია, რომ აღნიშნული ეპისტოლეები, რა თქმა უნდა, ბერძნულ ენაზე დაიწერა. ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ ბერძნულად ეს ტექსტი დღეისათვის მოღწეული არ გახალვთ. მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია დაცული, ისიც ცალკეული ციტირების სახით VII ს-ის I ნახევრის ავტორთან ანტიოქოს საბაწმინდელთან. აღნიშნულ ეპისტოლეთა სრული ტექსტი დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით მხოლოდ სირიულ თარგმანშია დაცული. კერძოდ ამ თარგმანს შეიცავს ახალი აღთქმის, “პეშიტას” ხელანწერი, გადაწერილი 1470 წელს. ავღნიშნავთ იმასაც, რომ პირველი წერილის დასაწყისი 8 თავი შემოგვინახა კოპტურმა ქრისტიანულმა მწერლობამაც, თუმცა კოპტურ თარგმანში ავტორად წმინდა ათანასე ალექსანდრიელია წარმოდგენილი. დღეისათვის სავსებით ცხადია, რომ აღნიშნული ორი წერილი თავდაპირველად ერთი შრომა, ერთი წერილი უნდა ყოფილიყო და მათი გაყოფა, როგორც ჩანს, მოგვიანებით მოხდა.

პირველი წერილი იწყება ქალწულობის მნიშვნელობის შესახებ უწყებით. ავტორი, ფსევდო კლიმენტი (ჩვენ ამ წერილებს, როგორც ავღნიშნეთ კლიმენტის ვერ განვუკუთვნებთ, თუმცა გარკვეული სწავლებანი ქალწულობის შესახებ, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ კლიმენტისგან მომდინარეობდეს. მაგრამ ამ სწავლებათა ეპისტოლარული წარმოდგენა და გარკვეულ პირთადმი კლიმენტი რომაელის ავტორობით მათი გაგზავნა აშკარად ფსევდო ეპიგრაფიკის ნიმუშია. ამიტომ ჩვენ ანონიმურად ვამბობთ ამ შემთხვევაში ავტორს და არ ვაკონკრეტებთ, რომ ეს ავტორი, რა თქმა უნდა, წმინდა კლიმენტი რომაელია), კლიმენტი რომაელის სწავლებისთვის ფორმის მიმცემი, რედაქტორი, რომელიც გვიანდელი ეპოქის მოღვაწეა, თავისებურად, წერილის ფორმით ალაგებს კლიმენტის სწავლებას და ამიტომაა, რომ ამ წერილებში ცალკეული ნაწილები ძალიან მნიშვნელოვანია, საღვთო სწავლების შემცველია, ცალკეულ ნაწილებში კი ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად დაცილება ეკლესიური მოძღვრებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლეთა ავტორი უბიწოებას ღვთის საქმედ სახავს. მისთვის უბიწოება წარმოადგენს ზებუნებრივ არსებობას, ანგელოზთა ცხოვრებას, როგორც ეს საზოგადოდ ეკლესიური გაგებაა. უქორწინებელნი და ქალწულნი ჭეშმარიტად შემოსილნი არიან ქრისტეთი ამ ეპისტოლეთა მიხედვით. ისინი (ქალწულნი) გვევლინებიან ქრისტესა და მოციქულების მიმბაძველებად და მხოლოდ გარეგნულად, მოჩვენებითად ცხოვრობენ ისინი ამ მიწაზე. სხვა ქრისტიანებთან შედარებით მათთვის, რა თქმა უნდა, ამ ეპისტოლეთა მიხედვითაც და ზოგადად ეკლესიური სწავლებითაც, უფრო აღმატებული ადგილი ზეცაშია დაწინდული. ჩვენ აქვე ავღნიშანვთ, რომ ქალწულნი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ბერმონაზვნებს. ბერმონაზვნობა ამ ეპისტოლეთა დაწერის დროისთვის ჯერ კიდევ დამკვიდრებული არ იყო. კარგად არის ცნობილი, რომ თავისი ჩამოყალიბებული სახით ბერმონაზვნობა IV საუკუნიდან ფუძნდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ქალწულობასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ უქორწინებლობასთან, ცელიბატობასთან, რომ მაგალითად პირი შეიძლება სამღვდელო იყოს, მაგრამ უქორწინებელი. ასეთ პირს მოგეხსენებათ ცელიბატი ეწოდება, ანუ უქორწინებელი. სწორედ ამგვარად ქალწულნი იგულისხმებიან აღნიშნულ სიტყვებში და არა ვთქვათ ბერმონაზვნური აღთქმის მიმღებნი და საერთოდ სქემის მქონენი. სქემა ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობს, თორემ როდესაც ჩვენ IV საუკუნეზე გადავალთ, ალბათ, გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ დაწვრილებით ვისაუბროთ მონასტიციზმის, განდეგილობის, ბერმონაზვნური ცხოვრების დაფუძნებისა და იმ წეს-განგების ტიპიკონის შესახებ, რაც ამგვარ მოღვაწეობას განზაზღვრავდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს – მონაზვნად კურთხევის წესს, სქემის შემოსვას, მოგვიანო პერიოდში შემოსულ აგრეთვე დიდსქემოსნობას, რაც ადრინდელ პერიოდს არ ახასიათებდა და სხვა. მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ მთელი ეს ატრიბუტიკა, რაც ბერმონაზვნურ ცხოვრებას უკავშირდება და საკუთრივ ბერმონაზვნური ცხოვრებაც ამ ეპისტოლეთა დროისთვის, რა თქმა უნდა, უცნობი იყო. შესაბამისად აღნიშნული ეპისტოლეები გულისხმობს ქალწულობას მხოლოდ როგორც უქორწინებლობას. აი ამგვარი პირნი სამომავლო ხვედრის სახით აღმატებულნი იქნებიან დანარჩენ ქრისტიანებზე.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ თავისთავად ქალწულობა ანუ უქორწინებლობა, რა თქმა უნდა, არ არის მაცხოვნებელი, არ არის საუკუნო ცხოვრების, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მომატყუებელი ანუ შემძენი. ძველ ქართულად ტერმინი “მოტყუება” ნიშნავდა არა იმას, რასაც ის დღეს ნიშნავს, არამედ შეძენას, შეძინებას: “ცხონებაი მოგუატყუა ჩვენ მაცხოვარმა”, იგულისხმება, რომ ცხონება შეგვძინა ჩვენ მაცხოვარმა. ქალწულებასთან დაკავშირებით და საუკუნო ცხოვრებასთან დაკავშირებით სწორედ ეს ტერმინი გამოიყენება ხშირად ქართულენოვანი ეკლესიის მამებისგან, რომ ქალწულობა საუკუნო ცხოვრების შემძენი ანუ მომატყუებელი ანუ დამამკვიდრებელია ჩვენთვის. ამრიგად, აქ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქალწულობა თავისთავად კი არ არის მაცხოვენებლი ამ ძეგლის ავტორის მიხედვით, არამედ ქალწულობა იმგვარი, რომელიც თანაშეერთებულია კეთილ საქმეებთან. კეთილ სამქეთა გარეშე ცხონება არ არსებობს და სწორედ ამაზე ხაზგასმა გვეჩვენება მნიშვნელოვანი აღნიშნულ ეპისტოლეთა სწავლებითი დანიშნულების მხრივ.

კარგად არის ცნობილი, რომ ხშირად საეკლესიო მოღვაწეობის რომელიმე სათნოებას გამოყოფენ მოღვაწენი, ანდა გამოყოფს ესა თუ ის პიროვნება, რომელიც ცხონებას ეძიებს და დარწმუნებულია, რომ სათნოების ის ერთი სახეობა აცხოვნებს მას. მაგრამ ეკლესიური მოძღვრება ამგვარად არ ჭვრეტს, რაც ჯერ კიდევ მოციქულთაგანვეა დაფუძნებული და რაც აუცილებლად ორი ურთიერთგანუყოფელი მდგომარეობის ერთობლივად აღსრულებაში მდგომარეობს (ცხონება): ესაა საქმენი და მართალი სარწმუნოება, კეთილი საქმენი და მართალი სარწმუნოება. კეთილი საქმენი მოიცავს, რა თქმა უნდა, სათნოებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც საკუთრივ ქველმოქმედებაზე გვაქვს ხაზგასმა, რომ მოყვასს კეთილი ვუყოთ და შესაბამისად ღვთისებრ შევიყვაროთ იგი. აი ამის გარეშე, აღნიშნულ ეპისტოლეთა თქმით, მხოლოდ ქალწულობას რომ ჩვენ ერთ-ერთ სათნოებად ანუ უქორწინებლობად დავიმარხავთ, რა თქმა უნდა, ეს უქორწინებლობა ვერანაირად ვერ გვაცხოვნებს.

ეპისტოლის ავტორისთვის აშკარად ცნობილია სხვადასხვა ცდომილებანი ქალწულებრივად მცხოვრებთა შორის. არაა გამორიცხული, რომ თვითონაც ამგვარი ყაიდის მოღვაწე ყოფილიყო, თვითონაც ქალწულებრივი წესის მიმდვარი ყოფილიყო. მაგრამ ქალწულებრივი წესი არ გულისხმობს უცდომელობას. ზოგ შემთხვევაში ნებისმიერ სათნოებას, თუკი ეს სათნოება არაწესისამებრ იქნება მოპოვებული და მოღვაწებული, ამა თუ იმ სათნოებას გაუკუღმართებანი თან სდევს და მათ შორის ქალწულებასთან დაკავშირებითაც ეს სახეზეა.

ძეგლის ავტორის თქმით საკუთრივ ვირგინალური ანუ ქალწულებრივი ცხოვრების მიმდევართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. განსაკუთრებულ ცთომილებად არის ამ ძეგლში წარმოდგენილი სხვადასხვა სქესის ასკეტთა ერთად მკვიდრობა და ეს იგმობა კიდეც აღნიშნულ ეპისტოლეებში. აქ იგულისხმება ე.წ. თანაშეკრებილობა, როგორც ამას ბერძნულად ეწოდებოდა (ლათინურად იყო ასეთი ტერმინი, სხვადსხვა სქესის ქალწულთა ერთად მოღვაწეობის ამსახველი, რაც ასე გამოითქმოდა - “სუპ ინტროდუქტაი”, რაც ახალქართულად ნიშნავს “ერთადშეყვანილნი”, “ერთიმეორესთან განუყოფლობაში”, ”ერთად დამკვიდრებულნი”), რაც ასკეტურ ტრადიციაში, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ყოველთვის დაგმობილი იყო, რამდენადაც, ცხადია, გაუკუღმართებით მისი საცთური სრულიად აშკარაა და მომეტებული, როდესაც სხვადსხვა სქესის ასკეტნი ერთად მოღვაწეობენ.

პირველი ეპისტოლე მთავრდება კონკრეტულად ამაზე ხაზგასმით და ბოლოს სიზარმაცის, მცონარების დაგმობით. სიზარმაცე, მცონარება ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გახლავთ (ეს გვიანდელ მამებთანაც სახეზეა) ასკეტური, ქალწულებრივი მოღვაწეობისა. როდესაც პიროვნება, ვინც ღვაწლშია, ამ ღვაწლს უკვე მიღწეულად თვლის, რომ მან ქალწულება დაიმარხა და მიაჩნია, რომ უკვე შეუძლია დაძაბულობა, ცხოვრებისეული წესის უკიდურესი სიმკაცრე, რიგორიზმი ოდნავ მაინც შეასუსტოს. მაგრამ ყურადღების შესუსტება შეიძლება მისთვის დაცემის ტოლფასი აღმოჩნდეს. ძველი ქართული უდებება ანუ მცონარება, იგივე სიზარმაცე, როგორც ავღნიშნეთ, პირველი ეპისტოლის დასასრულს მკაცრად არის დაგმობილი.

მეორე წერილი იწყება ყოველგვარი შესავლის გარეშე და ცხადია აგრძელებეს პირველს. ეს ფაქტი, რომ შესავალი არა აქვს მეორე წერილს, მკვლევარებს აფიქრებინებს იმას, რომ ეს ორი ეპისტოლე თავდაპირველად ერთი ძეგლი უნდა ყოფილიყო. მეორე ეპისტოლეში ავტორი აღწერს ასკეტური ცხოვრების განსაკუთრებით იმ ჩვეულებებსა და წესებს, რაც საკუთრივ მისი სამოღვაწეო მხარის, მისი სამოღვაწეო რეგიონის ასკეტებს ახასიათებდათ. სხვათაშორის მოაქვს სათანადო ციტატები ბიბლიიდან და საბოლოოდ ქალწულებრივი მოღვაწეობის ნიმუშად მაცხოვარს დაგვისახავს.

ეს გახლავთ ზოგადი სახე ამ ეპისტოლეებისა. ჩვენ რამდენჯერმე ავღნიშნეთ, რომ ეპისტოლეები გმობენ ორი სქესის ასკეტთა ერთად მოღვაწეობას. ამავე დროს უფრო ადრე ავღნიშნეთ, რომ ამ ეპისტოლეთა დაწერის ჟამისთვის ბერმონაზვნური მოღვაწეობა ჯერ კიდევ დაფუძნებული არ იყო. ზოგჯერ ეს მხარე, როცა ბერმონაზვნობას ჩვენ გვიანდელი ეპოქით ვიწყებთ, მაგრამ ადრეულ, ე.ი. IV საუკუნემდელ მოვლენებზე, ტერმინ “ასკეტიზმს” ვიყენებთ, გაუგებრობას ქმნის, რადგანაც ითვლება, რომ ბერმონაზვნური ცხოვრება იგივე ასკეტიზმია. აი ეს მხარე რომ დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდეს აქვე ავღნიშნავთ, რომ ასკეტიზმი და განდეგილობა ერთიდაიგივე არ არის. განდეგილობა კერძოობითია, ასკეტიზმი კი უფრო ფართო ცნებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ განდეგილობა გახლავთ ასკეტური მოღვაწეობის, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი, სახეობა, ხოლო ასკეტური მოღვაწეობა ზოგადად ყოველგვარ თავშეკავებას, თავშეზღუდვას, თვითგაწვრთნას და საკუთარი სხეულის, საკუთარი კაცობრივი ბუნების, საკუთარი თავის შემზადებას ღვთის ჭურჭლად, სულიწმინდის ჭურჭლად გულისხმობს. ამგვარ ღვაწლს ეწეოდნენ ძველ აღთქმაშიც, შემდეგ მოციქულებიც, ყველა საეკლესიო მოღვაწე და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ქრისტიანი, ერისკაცია ის თუ სასულიერო პირი, თუკი ის ჭეშმარიტი დამცველია ქრისტიანული მცნებებისა, აუცილებლად ასკეტია, ანუ თავშეზღუდულია ვნებათაგან, არ არის მიცემული ამა სოფლის სიამტკბილობებეს, წვრთნის თავის თავს, თუნდაც რომ საერო ყოფაში მოღვაწეობდეს. ამრიგად, ასკეტიზმი და ჭეშმარიტი ქრისტიანობა აბსოლუტურად განუყრელია და რაწამს არსებობს ქრისტიანობა იმწამსვე არსებობს ასკეტიზმიც. IV ს-ში ასკეტიზმი კი არ იწყება საეკლესიო ისტორიაში, არამედ იწყება ასკეტიზმის ერთ-ერთი განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი სახე – განდეგილური მოღვაწეობა, ბერმონაზვნური ცხოვრების წესი. ასე რომ, ბერმონაზვნობა ესაა ასკეტური მოღვაწეობის ერთ-ერთი, თუნდაც ყველაზე განსაკუთრებული სახეობა და არა იგივეობა მასთან. ანუ ასკეტიზმი უფრო ფართო ცნებაა, ხოლო ბერმონაზვნობა მისი კერძოობითი გამოვლინებაა.

ამ ორი ეპისტოლის ეს ზოგადი მიმოხილვაც, ვფიქრობთ, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, რომ მათი ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანია დაგმოს ქრისტიანული ასკეტიზმისთვის უცხო ჩვეულება, სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ერთად მკვიდრობა. და რამდენადაც ისტორიულად ცნობილია, რომ ქრისტიანულ მწერლობაში ამგვარი უცხო ჩვეულების წინააღმდეგ პირველად პროტესტი III ს-ის დამდეგიდან იჩენს თავს, შესაბამისად, ვფიქრობთ, სავსებით ლოგიკურია კვლევა-ძიების მიერ გამოტანილი დასკვნა, რომ ამავე ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს ხსენებული ეპისტოლეებიც თავისი იმ ჩამოყალიბებული სახით, რაც მათ დღეისათვის აქვთ სირიულ თარგმანში.


მოციქულთა განწესებანი

გარდა ამ ორი წერილისა ფსევდოკლიმენტინურ ლიტერატურას მიეკუთვნება გაცილებით უფრო მოცულობითი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენს მიერ ადრე საკმაოდ დაწვრილებით განხილული ძეგლი სახელწოდებით “მოცქიულთა განწესებანი”. ამ ძეგლზე ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ, როდესაც “დიდაქეს” განვიხილავდით, მაგრამ ვიმსჯელეთ დეტალურად მხოლოდ საკუთრივ “დიდაქესთან” მიმართებით და არა დამოუკიდებლად იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ხსენებული განწესებანი. ამჯერად შევეცდებით შედარებით უფრო დეტალურად გავამახვილოთ ამ თხზულებაზე ყურადღება.

ჯერ იმას ავღნიშნავთ, რომ მოციქულთა განწესებანი, საკუთრივ ადრექრისტიანული ეპოქიდან ჩვენამდე მოღწეული, ალბათ ყველაზე ადრინდელი და ყველაზე ვრცელი რჯულდებითი ხასიათის შრომაა. რამდენჯერმეა ის გამოცემული და ტექსტი ხელმისაწვდომია. საკუთრივ ბერძნული ტექსტი კრიტიკულად ერთ-ერთმა ცნობილმა მკვლევარმა ფუნკმა გამოსცა 1905 წელს, რომელიც XX ს-ის 70-იან წლებში კიდევ იქნა დაბეჭდილი. რუსულადაც გახლავთ თარგმნილი სათაურით “აპოსტოლსკი პასტანავლენია”. ქართულად ის თარგმნილი არ ყოფილა, გარდა ერთი მცირე ნაწილისა, რაზეც ჩვენ შემდეგ ვისაუბრებთ. ეს მცირე ნაწილი გულისხმობს იმ ძეგლებში ჩართულ ციტატებს, რომლებიც გვიანდელი პერიოდის უწმინდეს მამებს ეკუთვნით. ეს მამები ციტირების სახით იშველიებენ მოციქულთა განწესებებს და აღნიშნულ მამათა შრომების ქართულად თარგმნისას, რა თქმა უნდა, ეს ციტატებიც ასევე თარგმნილია. მაგრამ ზოგადად “მოციქულთა განწესებანი” ძველქართულ ენაზე თარგმნილი არ ყოფილა.

აღნიშნული თხზულება განეკუთვნება დიდად ავტორიტეტულ კლიმენტი რომაელს. ხსენებული ძეგლი შეიცავს ინფორმაციას ქრისტიანობის დასაბამიერი ხანისა და შედარებით მოგვიანო დროის საეკლესიო მოღვაწეობის, ანდა ზოგადად ქრისტიანული ცხოვრების განმსაზღვრელი წესებისა და მათი მისტიკური შინაარსის შესახებ. ადრეც ავღნიშნავდით და ამჯერადაც ხაზს გავუსვამთ, რომ “მოციქულთა განწესებანი” ძველ დროშივე მრავალთა მიერ უწმინდეს წიგნად იყო შერაცხილი. ჩვენ უკვე ავღნიშნავდით, რომ ჩვენამდე მოღწეულია ასევე მოციქულთაგან მომდინარე ძეგლი სათაურით “მოციქულთა კანონები”, ეს უწმინდესი ძეგლი, 85 კანონი, რომლითაც იწყება “დიდი სჯულის კანონი”. ეს “მოციქულთა კანონები” არის ნიმუში და სახე ქრისტიანული რჯულმდებლობისა. სწორედ აღნიშნულ კანონთა, ამ დღემდე და მარადიულად უწმინდესი ძეგლის 85-ე კანონში, სადაც ჩამოთვლილია ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ანუ მოცემულია ბიბლიის კანონი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი სახელმძღვანელო “ყოველთა სამღვდელოთა და ერისკაცთათვის”, სწორედ ამ ძეგლში, რაც ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საყურადღებოა, ახალი აღთქმის უწმინდეს წიგნებში შედის და მათთან ერთიანდება სწორედ “მოციქულთა განწესებანი”. ძველი ქართული თარგმანი აღნიშნული “მოციქულთა კანონების” შესაბამისი ტექსტისა, ე.ი. არსენ იყალთოელისეული თარგმანი, ამგვარი გახლავთ: “ხოლო იყუნენ თქუენ ყოველთა, სამღდელოთაცა და ერისკაცთაცა და წიგნნი საღმრთონი და წმიდანი ძველისა ვიდრემე აღთქუმისანი... (და აქ ჩამოთვლილია ძველი აღთქმის კანონიკური წიგნები). ხოლო ჩუენნი (აქ მოციქულები პირველ პირში საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონთა ჩამწერი წმინდა კლიმენტი რომაელია. ის იწერს იმას, რასაც პირველ პირში ამბობენ მოციქულები), ესე იგი არს ახლისა აღთქუმისანი: სახარებანი ოთხნი – მათესი, მარკოზისი, ლუკაისი და იოვანესი; პავლეს ეპისტოლენი ათოთხმეტნი (ესეც საყურადღებია, რადგან მოგეხსენებათ პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ ზოგჯერე ეჭვის ქვეშ დგებოდა. მაგრამ მოციქულთა უჭეშმარიტესი კანონები, როგორც ვხედავთ, უძველესი დროიდანვე პავლე მოციქულისეულად განაჩინებენ თოთხმეტივე ეპისტოლეს); პეტრეს ეპისტოლენი ორნი, იოანესნი სამნი, იაკობისი ერთი, იუდაისი ერთი, კლიმინტოის ეპისტოლენი ორნი...”. ჩვენ როცა წმინდა კლიმენტი რომაელის ავთენტურ ძეგლს “კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს” განვიხილავდით და აგრეთვე მეორე ეპისტოლედ წოდებულ მისეულ ქადაგებას, რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში “კორინთელთა მიმართ II ეპისტოლედაა” ცნობილი უძველესი დროიდანვე, აი ეს ორი ძეგლიც, “მოციქულთა კანონების” მიხედვით თავდაპირველად, მათი განსაკუთრებული სიწმინდისა და ღირსები გამო ასევე ახალ აღთქმაში შედიოდა. და როგორც ვხედავთ დასახელებულია კათოლიკე ეპისტოლეთა შემდგომ. აი ამ ორი ეპისტოლის შემდგომ იგივე 85-ე კანონი განაგრძობს: “და განწესებანი თქუენ ეპისკოპოსთანი ჩემ კლიმინტოის მიერ რვათა წიგნთა შინა აღწერილნი”. აი ეს გახლავთ სწორედ ეს ძეგლი, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ - “მოციქულთა განწესებანი” ეპისკოპოსთა მიმართ. მოციქულები თვითონ ამბობენ, რომ ჩვენეული განწესებანი თქვენდამი მომართულნი ეპისკოპოსებო, კლიმენტი რომაელის მიერ რვა წიგნად აღწერილიო (მართლაც რვაწიგნედი გახლავთ ეს ძეგლი). მცირე განმარტებაც, მცირე კომენტარიც ახლავს ამ ინფორმაციას, რომ “მოციქულთა კანონებიც” უწმინდეს ძეგლად მიიჩნევდნენ თავის დროზე არა მხოლოდ კლიმენტი რომაელის ორ ეპისტოლეს, არამედ ჩვენს მიერ ამჟამად განსახილველ “მოციქულთა განწესებებსაც”. მაგრამ თუ ყველა სხვა წიგნი, რაც ჩამოვთვალეთ, ახალი აღთქმის მხოლოდ სახელდებითაა და რაიმე კონკრეტული კომენტარი მას არ ახლავს, ამ შემთხვევაში “მოციქულთა განწესებებთან” დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა, რამდენადაც მცირე კომენტარი გვაქვს. კერძოდ ეს კომენტარი ამგვარია (ჯერ კანონის სიტყვებს მთლიანად მოვიტანთ): “და განწესებანი თქუენ ეპისკოპოსთანი ჩემ კლიმინტოის მიერ რვათა წიგნთა შინა აღწერილნი, რომელთაი არა ჯერ არს ყოველთა შორის საანჯმნო ყოფაი, მათ შორის მყოფთათვის საიდუმლოთა”. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს განწესებანი ყველასთვის საჯაროდ წასაკითხი არ არის იმ საიდუმლოთა გამო, რაც მათშია. ე.ი. განსაკუთრებით საიდუმლოებითი და ღრმა სწავლებათა შემცველი ყოფილა ეს ძეგლი, განსაკუთრებით ღრმა ღვთისმეტყველებისა და ღრმა საუფლო მოძღვრების გადმოცმემი, გაღრმავებულად გადმომცემი საუფლო მოძღვრებისა და ამიტომ ის მხოლოდ ეპისკოპოსთათვის, მხოლოდ მწყემსთათვის დაწინდული, მათთვის განკუთვნილი ყოფილა თვით მოციქულთა მიერვე. და ბოლოს ამ ჩამონათვალისა ჩვენ გვაქვს: “და საქმენი ჩვენ მოციქულთანი”, ანუ “საქმე მოციქულთა”. ამრიგად როგორც ვხედავთ კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლეც და თვით “მოციქულთა განწესებანიც”, ასევე კლიმენტისგან დაწერილი, როგორც აქ პირდაპირაა თქმული (“ჩემ კლიმინტოის მიერ რვათა წიგნთა შინა აღწერილნი”), ახალი აღთქმის წიგნთა შორისაა. დანართის სახით კი არ დაერთვოდა მათ, არამედ შიგნით იგულისხმებოდა, როგორც ნამდვილად ახალი აღთქმის კანონის კუთვნილება. ეს 85-ე კანონი აბსოლუტურად არაორაზროვნად და თვალსაჩინოდ ამას ჩვენ გვიჩვენებს. ეს კი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ “მოციქულთა განწესებანი” თავისი წარმოშობით უწმინდესი საეკლესიო ძეგლი გახლდათ.

93–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=MRxW2z-QKUA

 

მოციქულთა განწესებანი (მეორე ნაწილი)

ჩვენი წინა საუბარი ეხებოდა წმინდა კლიმენტი რომაელთან დაკავშირებულ, თავის დროზე ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან ძეგლს სახელწოდებით “მოციქულთა განწესებანი”. ავღნიშნავდით, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად არა მხოლოდ ღირსეული ძეგლი იყო, არამედ უღირსეულესი, ურჩეულესი, იმ ზომამდე, რომ იგი შედიოდა ახალ აღთქმაში, ახალი აღთქმის წიგნთა შორის იყო ჩართული, როგორც ამას აბსოლუტურად არაორაზროვნად გვიდასტურებს ჩვენ მოციქულთა 85-ე უწმინდესი კანონი და არა მხოლოდ შედიოდა, არამედ იქაც გარკვეულწილად გამორჩეული იყო. იმიტომ, რომ ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა ჩამონათვალში მოციქულთა მიერ მხოლოდ ამ ძეგლთან დაკავშირებითაა მცირე კომენტარი და საგანგებოდაა აღნიშნული იმის შესახებ, რომ ეს ძეგლი საკუთრივ მწყემსებისათვის, სამღვდელოთათვის, ეპისკოპოსთათვის იყო განკუთვნილი და არა საზოგადო, საჯარო საუბრისთვის, საჯაროდ საკითხავად, რადგანაც ისინი განსაკუთრებულ საიდუმლოებებს შეიცავდნენ. ანუ როგორც ამ ინფორმაციაში პირდაპირ წერია (ეს ციტატა უკვე მოვიტანეთ წინა საუბარში და ამჯერადაც გავიმეორებთ): “განწესებანი ჩვენ მოციქულთანი, რომელთაი არა ჯერ-არს ყოველთა შორის საანჯმნო-ყოფაი, მათ შორის მყოფთათვის საიდუმლოთა”.

რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ, რომ “მოციქულთა განწესებანი” განსაკუთრებულ საიდუმლოთა შემცველი იყო და ამის გამო საჯაროდ არ იყო ნებადართული მისი კითხვა, აი ამ მხარემ გარკვეული უზუსტობანი გამოიწვია. სამწუხაროდ დღესაც არსებობს ეს არამართებული გაგება აღნიშნული სამოციქულო ინფორმაციისა “მოციქულთა განწესებებთან” დაკავშირებით. ეს სიტყვები მიაჩნიათ თითქოსდა იმის უეჭველ დამადასტურებელ არგუმენტად, რომ უადრეს ეკლესიაში ვითომცდა არსებობდა ე.წ. ეზოტერული ხაზი, მხოლოდ რჩეულთათვის საკითხავი და საწვდომი მოძღვრებითი სიღრმე. ერთ-ერთ საუბარში ჩვენ ეზოტერიზმის საკითხს შევეხეთ, მაგრამ ამჯერადაც, ვფიქრობთ, საჭიროა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ეზოტერიზმი, ელიტარულობა, რაღაც დაფარული სწავლებანი და დაფარული ტრადიცია აბსოლუტურად შეუთავსებელია და უცხოა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასთან, მართლმადიდებლობასთან. მართლმადიდებლობა, საეკლესიო მოძღვრება იმით განსხვავდება ეზოტერიზმისგან, რომ თუ ეზოტერიზმი მიზნად ისახავს გარკვეულ პირთა რჩეულობის ნიშნით განდიდებას, მათ გამოყოფას მთელი დანარჩენი კაცობრიობისგან, რომ ისინი დაბადებითვე რჩეულობისთვის არიან განკუთვნილნი და თითქოს არსებობს რაღაც რჩეულთა ხაზი, ამის საპირისპიროდ ეკლესიური მოძღვრება საყოველთაოა, კათოლიკეა, ყველა ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ამ მოძღვრების მცნებათა აღსრულებისათვის. ანუ როგორც უფლისმიერი ანდერძი ღაღადებს: ყველანი უნდა იქნენ დამოწაფებულნი, ჯერ სწავლებულნი და შემდეგ დამოწაფებულნი ამ მოძღვრებას და მონათლულნი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ამრიგად, საყოველთაოობა მოძღვრებისა ესაა მართლმადიდებლობის უპირატესი და უარსებითესი ნიშანი, მაშინ როცა ეზოტერიზმი ამგვარ საყოველთაოობას, თავისთავად ცხადია, გამორიცხავს.

მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არის ასე მკვეთრი ხაზგასმა მოციქულთა 85-ე კანონში აღნიშნული ძეგლის (ე.ი “მოციქულთა განწესებანის”) განსაკუთრებულ საიდუმლოობაზე, რომ იგი საჯარო საკითხვად არ უნდა ყოფილიყო დადებული. საქმე ის გახლავთ, რომ აქ საიდუმლოებებში იგულისხმება არა რაღაც საიდუმლოებითი, ელიტარული, რჩეული სწავლებანი, რაც განდობილებს თითქოსდა გადაეცემათ, ისინი კი სხვა განდობილებს გადასცემენ, არამედ აქ ტერმინი “საიდუმლო” მხოლოდ იმას გულისხმობს და მხოლოდ იმ მნიშვნელობით გამოიყენება, რასაც გულისხმობს და რა მნიშვნელობითაც გამოიყენება ტერმინი “საიდუმლო” უწმინდეს საეკლესიო, საღვთისმსახურო, სამღვდელმსახურო წესებთან დაკავშირებით. ანუ აქ იგულისხმება სწორედ ის შვიდი საეკელსიო საიდუმლო, რაც ლიტურგიკულ, რაც საღვთისმსახურო წიაღს შეადგენს ეკლესიისას: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, მღვდლობა, სინანული, ქორწინება და ზეთის კურთხევა. სწორედ შვიდი უწმინდესი საიდუმლო არის ნაგულისხმევი ხსენებულ გამონათქვამში “მოციქულთა განწესებებთან” დაკავშირებით, რომ ყველასთვის საჯაროდ წასაკითხი ამგვარი რამ არ გახლავთ, რომ ყველა არ უნდა კითხულობდეს საჯაროდ იმას, თუ როგორ აღესრულება ზიარება, როგორ აღესრულება წირვა, როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის მღვდელმოქმედება თავისი ლოცვითი სახითაც, მოქმედებითი სახითაც და ასე შემდეგ. ის რაც დიაკონთათვის არის განკუთვნილი დიაკონებმა უნდა იცოდნენ, ის რაც მღვდელთათვის არის მოქმედებაში აღსასრულებლად, როგორც წესი, განკუთვნილი მღვდლებმა უნდა იცოდნენ, ის რაც ეპისკოპოსთათვის არის განკუთვნილი მათთვის არის საცოდნელი. ძველად დაკანონებული იყო ამგვარი წესი, რომ საეკლესიო საიდუმლონი წერილობით არ აღიწერებოდა, ანდა აღიწერებოდა უაღრესად ზოგადად. იქნებოდა ეს ნათლობა, მირონცხება, ზიარება, მღვდლობა, ქორწინება, ზეთის კურთხევა თუ სინანული, შვიდივე საიდუმლო მხოლოდ ზოგადი, თავისი სამოძღვრო საფუძვლის სახით შეიძლებოდა მიწოდებოდა ყველა ქრისტიანს. მაგრამ კონკრეტულად, დეტალურად როგორ ხდებოდა თითოეული ამ საეკლესიო საიდუმლოს აღსრულება, რა თქმა უნდა, ამგვარი დეტალური განსწავლულობა მხოლოდ იმ პირებს ჰქონდათ, რომლებსაც საიდუმლოთა აღსრულება შეეძლოთ და შესაბამისად წერილობით ყოველივე მათგანის დეტალურად აღწერა და მასობრივ საკითხვად დადება არათუ უცხო იყო, არამედ შეუძლებელიც იყო ძველ დროში. ამიტომ არის, რომ უაღრესად ნაკლებია საკუთრივ ლიტურგიკული ხასიათის აღწერილობანი საეკლესიო ტრადიციაში. ამ მხრივ ერთ-ერთი უადრესი არის ალბათ წმინდა დიონისე არეოპაგელის “საეკლესიო მღვდელთმთავრობის შესახებ”, სადაც მხოლოდ ის ძირითადია უწყებული, რაც შესაძლებელია მეტნაკლებად მკითხველებმა იცოდნენ. მაგრამ ესეც არ იყო ყველასთვის საკითხვად განწესებული და ამიტომაა, რომ არეოპაგეტული შრომები VI ს-ის დამდეგამდე ფართო მასებისთვის საერთოდ მიუწვდომელი იყო. არა იმიტომ, რომ რაღაც რჩეულ, ეზოტერულ, ელიტარულ სწავლებას შეიცავდა (ეს სწავლება საყოველთაოა), არამედ ცალკეული წეს-განგებანი, რაც საკუთრივ ამ წეს-განგებათა აღსრულების უფლების მქონე პირებმა იცოდნენ, მასობრივად გასაცნობად არასოდეს არ გამოეფინებოდა, განსხვავებით დღევანდელი ვითარებისგან. ეს აუცილებლად ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ, რადგან დღეს როდესაც ილუსტრირებულად, ფერადი ფოტოების სახითაც დეტალური აღწერილობები, ყველა საეკლესიო საიდუმლო და განსაკუთრებით ზიარების საიდუმლო მასობრივ საკითხავ წიგნებად ვრცელდება, ამგვარი რამ ძველად იყო სრულიად დაუშვებელი. წმინდა დიონისე არეოპაგელი იმასაც კი, რაც მისგან აღწერულია ამ საიდუმლოთა მხრივ, ხაზგასმით თავისი ადრესატისგან მოითხოვს, რომ არ მიეცეს ფართო ასპარეზი, საყოველთაო პოპულარულ საკითხავად რომ არ გახდნენ ისინი. რატომ იყო, რომ ამგვარი აღწერილობანი იფარებოდა სიმრავლისგან? ამგვარი დაფარულობის აუცილებელი საფუძველი გამომდინარეობდა იქიდან, რომ გარდა ქრისტიანული მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, არსებობდა სხვადასხვა სარწმუნოებანი თავიანთი მსახურებითი წესებით, რომლებიც ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი უკიდურესად მტრულად იყვნენ განწყობილნი და მათი მხრიდან გამოვლენილი მტრული მოქმედების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ერთ-ერთი იმპულსი და ერთ-ერთი მიზანდასახულობა სწორედ ის გახლდათ, რომ ჭეშმარიტებისგან მათ მიეტაცებინათ, მიეხვეჭათ რაღაც ნაწილი და შემდგომ თავიანთ ბილწ მსახურებაში ჩაერთოთ ის. ერთი მხარე ეს იყო, რომ მოეტაცებინათ ჭეშმარიტების ნაწილი, ჭეშმარიტ წეს-განგებათა აღწერილობანი და თავიანთი გაუკუღმართებული ცნობიერებითა და გაუკუღმართებული მსახურებითი განგებით მათ მიმდევრებზე აღესრულებინათ. ეს უკიდურესი შერყვნაა ჭეშმარიტი წეს-განგებებისა. ამიტომ იფარებოდა ეს წეს-განგებანი, რომ არ გარყვნილიყო უწმინდესი მსახურებითი სამოღვაწეო ტიპიკონური განგებულებანი, ღვთივდაწესებულნი, მოციქულთაგან განმტკიცებულნი, ეკლესიის მამათაგან დადებულნი მორწმუნეთა მიმართ, რომ ისინი ეკლესიის წიაღში, პირველ რიგში ნათლობის ძალით ახლად შობილიყვნენ და სხვა საიდუმლოთა ძალით სრულქმნილ ყოფილიყვნენ. ეს წმინდა საიდუმლონი, მხოლოდ ცხონებითი დანიშნულებისანი, უკეთურთაგან წარწყმედის დანიშნულებით გამოიყენებოდა. იმიტომ, რომ ეკლესიური სწავლებით ცხონება მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა, მართლმადიდებლური მღვდელმსახურებაა და ნებისმიერი სხვა მსახურება, ნებისმიერი სხვა სარწმუნოება მხოლოდ ეშმაკეულია. შესაბამისად ამ უკეთურ მსახურებებში წმინდა წეს-განგებათა ჩართვა დიამეტრულად, აბსოლუტურად მათ გაუკუღმართებას გულისხმობს, რომ ისინი უკვე ცხონებითი დანიშნულებისანი კი აღარ არაინ, არამედ იმ ეშმაკეულ მსახურებათა დანიშნულებას შეერთვიან, რაც კაცობრიობის წარწყმედას გულისხმობს, რაც ჭეშმარიტი მსახურებისგან კაცობრიობის მოწყვეტას გულისხმობს. ამიტომ იყო, რომ ამგვარ მსახურებათა დეტალური აღწერილობა არც ნებადართული იყო და ისიც კი, რაც აღიწერებოდა ყველასგან წასაკითხად ასევე ნებადართული არ გახლდათ. მეორე მხარე, რაც ქმნიდა იმის აუცილებლობას, რომ უწმინდესი აღწერილობანი დაფარულიყო სიმრავლისგან, გახლდათ ის, რომ მარტო იმ უკეთურ მკითხველთაგან ყველა მარტო იმ მიზანდასახულობისა არ იყო, რომ სიწმინდის რაღაც ნაწილი მოეტაცებინა და თავის უკეთურ მსახურებაში ჩაერთო. იყო მეორე ნაწილი, ასევე უკეთურ მკითხველთაგანი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ეს სიწმინდე დაეკნინებინათ გაშარჟებით, სასაცილოდ აგდებით, რომ ამ წეს-განგებებს კომედიურ ელფერს შესძენდნენ და მიჰბაძავდნენ რა მათ, სრულიდ სასაცილოდ გახდიდნენ მაყურებლებისთვის, ანუ თეატრალიზებას მაოხდენდნენ ამ წეს-განგებებისას.

ეს ორი მხარე: ერთი, რომ უწმინდურ ქმედებებში არ ჩაერთოთ წმინდა წეს-განგებანი, წმინდა მსახურებანი არ მიეტაცებინათ და ეშმაკეულ ქმედებათათვის არ შერთოთ და მეორე, რომ არ გაეშარჟებინათ და სასაცილოდ არ გაეხადათ მათი ჭკუით ეს სიწმინდენი, აი ამ ორი საფუძვლიდან გამომდინარე ეკლესიის მამები არათუ აპრობირებულს არ ხდიდნენ, არათუ არ იწონებდნენ დეტალურ აღწერილობას, ანდა რაც აღწერილი იყო იმის საჯაროდ საკითახვად დადებას, არამედ პირუკუ მკაცრად კრძალავდნენ ყოველივე ამას. ე.ი. აქ არჩევითობა კი არ იყო, რომ ვთქვათ შეთავაზება კი არ იყო იმისა, რომ იქნებ არ წავაკითხოთ მოუმზადებელთ, იქნებ როგორმე მათ გარკვეული სიწმინდე შევუნარჩუნოთ და სხვა, არამედ აქ იყო მკაცრი აკრძალვა: არავის უღირსთაგანს არ უნდა მიეცეს წასაკითხად წმინდა სამღვდელო მსახურებათა აღწერილობანი, და ზოგადად, რაც ყველაზე უფრო უწმინდესი ნაწილია და ჭეშმარიტად საიდუმლოებითი მღვდელმოქმედებანი, მათი დეტალური აღწერა საერთოდ არ იყო ნებადართული. ამიტომაა, რომ იმავე წმინდა დიონისე არეპაგელის “საიდუმლო მღვდელთმთავრობის” ის ნაწილი, რომელიც ზიარების საიდუმლოს, ეხება საერთოდ არ საუბრობს ზიარების არსებითი ნაწილის – კვეთის შესახებ, თუ როგორ აღმოიკვეთება სიწმინდენი. იმიტომ, რომ ეს არაა იმათი საკითხავი, რომლებიც უშუალოდ არ მოქმედებენ ამ უდიდეს სიწმინდეს. მოგეხსენებათ ამაზე დიდი საიდუმლო არ არსებობს. ყველა საიდუმლო საიდუმლოა, მაგრამ ზიარების საიდუმლო, კვლავ გავიმეორებთ, საიდუმლოთა საიდუმლოა და საკუთრივ ზიარების საიდუმლოში  ყველაზე უფრო უსაიდუმლოესია სწორედ კვეთის ნაწილი, აღმოკვეთანი წმინდა ნაწილებისა და ტარიგისა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი და უწმინდესი მღვდელმოქმედება მასობრივად საჭვრეტად და მასობრივად საკითხვად ნებადართული ყოვლად შეუძლებელია რომ ყოფილიყო. აი ამას ნიშნავს ასეთი მკვეთრი ხაზგასმა მოციქულთა კანონებში იმაზე, რომ წიგნი “მოციქულთა განწესებანი” მასში მყოფი საიდუმლოებების გამო ყველასთვის საკითხვად არ უნდა დადებულიყო. აქ “მასში მყოფი საიდუმლონი” სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა, კვლავ ავნიშნავთ, შვიდ საეკლესიო საიდუმლოს, რომელთა შედარებით დეტალური აღწერილობა უადრესი ძეგლებისგან სწორედ ამ ნაშრომში გვაქვს ჩვენ.

ეს მხარე, ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა განგვემარტა. მაგრამ დავუბრუნდებით იმ მთავარას, რასაც ავღნიშნავდით, რომ საკუთრივ მოციქულთაგან ამგვარი შეფასება ხსენებული ნაშრომისა სრულიად უეჭველს ხდის, აბსოლუტურად თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ “მოციქულთა განწესებების” სახით ჩვენ საქმე გვაქვს თავის დროზე, ე.ი. მოციქულთა ეპოქაში კლიმენტი რომაელის მოღვაწეობის ჟამს არსებულ და ამ უკანასკნელის კალმით დაწერილ ერთ-ერთ უწმინდეს და უდიდეს ძეგლთან, რომელიც განსაკუთრებული ღვთივმადლმოსილებითა და ღვთივპატივით იყო შემოსილი. ამ წიგნის ფლობა და წვდომა და ამ წიგნის შემეცნება არსებითად მხოლოდ მწყემსთათვის, მხოლოდ სამღვდელოთათვის, მხოლოდ ეპისკოპოსთათვის, მხოლოდ მოძღვართათვის გახლდათ ნებადართული.

მაგრამ, როგორც ჩვენ ეს “დიდაქესთან” დაკავშირებით ავღნიშნეთ, რაც უფრო დიდი სიწმინდის გამოვლინება ხდება უკეთურებაც უფრო მეტად ცდილობს მასთან მიტმასვნას ანუ, როგორც წმინდა ათენაგორა ათენელი ამბობს, “რაწამს აღმოცენდება ჭეშმარიტება, იმ წამს თანაშეეზრდება მას სიცრუეც, რომ ამ ჭეშმარიტებამ თავისი უფლებამოსილება, თავისი მიზანდასახულობა, თავისი მადლმოსილება სისრულით ვერ აღასრულოს.  დამაბრკოლებელი კი სწორედ მასთან თანაშეზრდილი სიცრუეა. ამგვარადვე აღმოცენდა და დაიწერა რა ეს უწმინდესი წიგნი “მოციქულთა განწესებანი”, მყისვე უკეთური ქმედებანი სხვადასხვა სახისა, სხვადასხვა წარმოშობისა, მაგრამ ამ მიზანდასახულობაში შეერთებულნი, აზვავდნენ სწორედ ამ უწმინდესი ძეგლის წინააღმდეგ, რომ მისი სიწმინდე, მისი განსაკუთრებული ღვთივ მიმადლებულობა რაიმეთი დაჩრდილულიყო. ამიტომ მოხდა, რომ ეს ძეგლი, რომელიც წერილობითი სახისაა, გვიანდელ პერიოდში როდესაც გადაიწერებოდა, სწორედ აქ ჰპოვა ასპარეზი სიცრუემ, აქ ჰპოვა ასპარეზი მზაკვრობამ და მრავალი რამ გვიანდელ გადამწერთაგან თავის დროზე ამ უწმინდეს ძეგლს თანაშეერია ტექსტობრივად, სხვადასხვა ზმანებითი, წარმოსახვითი აღწერილობანი. უაღრესად ნოყიერი ნიადაგი ამ მხრივ უკეთურებამ ჰპოვა იმ ადამიანთა გონებაში, რომლებიც განწყობილნი იყვნენ ამპარტავნებისკენ და არა ნაკლებ წმინდად საკუთარ თავს მიიჩნევდნენ. შესაბამისად ყოველი მათივე საკუთარ თავში წარმოსახული ზმანებები, ხიბლები მათ ღვთის გამოცხადებად შერაცხეს, საკუთარი თავის განსაკუთრებულობის რწმენიდან გამომდინარე და ამ წმინდა ძეგლში მათი გონებრივი ნაბოდვარი თანაშეჰრიეს, რითაც უწმინდურ-ჰყვეს იგი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ძეგლი მთლიანად გაუწმინდურდა. სხვადასხვა შენარევებმა დაჩრდილა მისი თავდაპირველი საღვთო ბრწყინვალება, მაგრამ აბსოლუტურად არ გაუუქმებია იგი. თუმცა ამგვარი ვითარებაც კი უკვე საფრთხილოს ხდიდა აღნიშნული ძეგლით სარგებლობას და მხოლოდ მართლმჭვრეტელ, მართლად მზირალ მოძღვართა უფლებამოსილებად რჩებოდა აღნიშნული ძეგლით სარგებლობა გვიანდელ ეპოქაში, რომ ამგვარ მოძღვართ გამოერჩიათ იფქლი ანუ ხორბალი ცალკე და სარეველა, ღვარძლი ცალკე და ესარგებლათ სწორედ იმ პირველით, იმ საღვთოთი, ხოლო ეს მეორე ნაწილი, გვიან შერეული, თანაშეზრდილი სიწმინდესთან უწმინდურება გამოეცალკევებინათ და მისგან არანაირად არ დაბრკოლებულიყვნენ. მაგრამ, თავისთავად ცხადია, ნაკლებ ღირსეული პირები, ნაკლებ აღმატებულნი, ნაკლებ სულიერად მჭვრეტელნი ამგვარ გამიჯვნას ვერ მოახერხებდნენ და ამიტომ სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მათ სიწმინდეთ მიეჩნიათ რაღაც გვიანდელი უკუღმართი ჩანართი ამ ძეგლში და ამით ამგვარ მოძღვართ და მათ მოძღვრებას დაქვემდებარებულ მრევლსაც დიდი ზიანი მიეღო. შესაბამისად ეკლესია, რომელიც ყოველთვის მოწოდებულია განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ, რომ უფრთხილდებოდეს მრევლს, უფრთხილდებოდეს ყოველ პიროვნებას, ამ ძეგლის შესახებ აუცილებელი დადგენილებით წარსდგება მორწმუნე მრევლის წინაშე. ეს დადგენილება, ცნობილ ტრულის კრებაზე  საჯაროდ გამოთქმული, გარკვეული მსჯავრის გამოტანაცაა, განაჩენის გამოტანაცაა “მოციქულთა განწესებებისადმი” და ეს მსჯავრი და განაჩენი ერთაზროვნად გულისხმობდა ხსენებული ძეგლის ხმარებიდან ამოღებას, გამოყენებას სიფრთხილის გარეშე, როგორც დავუშვათ წმინდა ძეგლისას. წმინდა ძეგლთან დაკავშირებით ჩვენ არასოდეს არ გვაქვს ის სიფრთხილე, რომ იქნებ იქ რაიმე უკუღმართი ჩანართი იყოს. კანონიკურ წიგნებში აბსოლუტურად ყველაფერი ღვთივსულიერია. კანონიკურ წიგნებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, სიფრთხილე ჩვენი განსაკუთრებულია, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ იქ შეიძლება არაჭეშმარიტი ჩანართი და შენარევი იყოს. იქ სიფრთხილე მხოლოდ იმ მხრივ გამოიხატება ჩვენგან, რომ უდიდესი სიწმინდე, რასაც კანონიკური ძეგლი გულისხმობს, ჩვენი მოუმზადებელი, ჩვენი ნაუცბათევი აზრით, ჩვენი არცთუ ისე ღრმად მჭვრეტი თვალით არ დამახინჯდეს და მცდარად არ გავიგოთ ის, რაც საღვთოდ არის გასაგები. აი ეს განაპირობებს უდიდეს სიფრთხილეს და რაც უფრო ღირსეულია ძეგლი, მით უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს სწორედ ამ გაგებით, რომ ჩვენი მოუმზადებლი და ნაკლებ შემძლე ჭეშმარიტების წვდომისა გონება არ გაკადნიერდეს და საკუთარი აზრისამებრ, საკუთარი დატევნისამებრ არ განმარტოს ის, რაც საღვთოდ არის განსამარტი და საღვთოდ არის საწვდომი. აი აქ არის აუცილებლობა სიფრთხილისა. მაგრამ რაც შეეხება აღნიშნულ ძეგლს და ამ ძეგლის მსგავს სხვა ძეგლებს, მათთან დაკავშირებით სიფრთხილე იმას გულისხმობს, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ იქ არსებული ტექსტობრივი მონაცემები ყველა ერთნაირად სიწმინდით გამოსაყენებელი არ არის, იმიტომ, რომ მრავალი რამაა მასში სარეველასებრი შენარევი და თუ არ ძალგვიძს გამოვაცალკევოთ სარეველა ჭეშმარიტი კეთილი მცენარისგან, მაშინ ამ ძეგლით სარგებლობის უფლებაც, რა თქმა უნდა, არ მოგვეპოვება და არ გვაქვს. ამიტომ იყო, რომ აღნიშნულ კრებაზე ეს ძეგლი განიკვეთა და შესაბამისად ამ ძეგლის მასობრივი ხმარება, რაც იმ დროისთვის უკვე ფაქტობრივად დამკვიდრებული იყო, აღნიშნული კანონის საფუძველზე დამთავრდა და წერტილი დაესვა.

თუმცა მიუხედავად ამისა ეს ძეგლი არ დაკარგულა, კვლავ ავღნიშნავთ, გვიანდელი მოძღვარნიც იყენებდნენ მას (ამაზე ჩვენ შემდგომ საუბარში ავღნიშნავთ) და დღემდე მოაღწია მან. დღესაც, ვინც ამ ძეგლით ისარგებლებს ტრულის კრების კანონის გაფრთხილება აუცილებლად უნდა ახსოვდეს და თუ მაინც გადაწყვეტს, რომ ეს ძეგლი მსახურებაში გამოიყენოს, მოძღვრებაში გამოიყენოს, უდიდესი სიფრთხილე ჰმართებს მას და მხოლოდ სხვა წმინდა კანონიკურ აღწერილობებთან თანმხვედრი სწავლებანი რაც არის ამ ძეგლში, სწორედ მათ განუკუთვნოს თავისი სამოძღვრი ყურადღება და არა ისე, რომ ხელაღებით, რაც ამ ძეგლში სწერია, მან მოციქულთა დროინდელ ჭეშმარიტებად მიიღოს.

94–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=2mTXzHD7VVQ

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 19 MARCH 2017 12:32)