Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძველი აღთქმის მართალთა ნათელღებულობის შესახებ

მასალა, რომელსაც ქვემოთ წარმოვადგენთ, ჩვენთვის ცნობილი გახდა თეოლოგიის დოქტორ ედიშერ ჭელიძის მიერ სასულიერო აკადემიაში 2007 წლის 16 ოქტომბერს წაკითხული ლექციის ჩანაწერიდან, რომელიც (ეს ლექცია) ეძღვნებოდა საკითხს, რაზეც საუბარია საღვთისმეტყველო კომისიის 2005 წლის დასკვნაში (კომისიის მუშაობა გრძელდებოდა 2-4 თებერვალს). აღნიშნულ ჩანაწერში საუბარია იმის შესახებ, რომ კომისიის მიერ მიღწეული თანხმობა კონკრეტულად ძველი აღთქმის მართალთა ნათელღებულობის საკითხზე, გარკვეული პერიოდის მანძილზე იმ პიროვნებისგან, ვისაც წერილობითი სახით ამ დასკვნის გამოქვეყნება ევალებოდა, გაუგებარი მიზეზების გამო არ ქვეყნდებოდა (დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას მივაწვდით ამ ჩანაწერს). საბოლოოდ რუსთველი მიტროპოლიტ იოანეს (იმჟამად პროტოპრესვიტერი გიორგი) ძალისხმევით ეს მნიშვნელოვანი მასალა დავიწყებას არ მიეცა და დაიბეჭდა ჟურნალ "რწმენა და ცოდნა"-ს 2005 წლის სექტემბერ-ნოემბერის ნომერში, 83-84 გვერდებზე.

 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება ცხადდება არა მარტო ახლადაღდგენილ მოქმედ ტაძართა და მონასტერთა რიცხვით, არამედ სასულიერო განათლების, საგამომცემლო საქმიანობის და საეკლესიო ხელოვნების დარგების (ხუროთმოძღვრების, ხატწერის, გალობის, ნაქარგობის, მინანქრის) აღდგენით. სასულიერო განათლებისა და საეკლესიო ხელოვნების საფუძველი არის მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება, რომელიც მოიცავს ისტორიულ-სოციალურ, ზნეობრივ და დოგმატურ მხარეს. ეს სამი რამ განუყოფელ ერთობას წარმოადგენს და მსჭვალავს ერთმანეთს.

ქართული საეკლესიო ისტორიოგრაფიის აღდგენის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს აწ განსვენებულმა აკად. ბაბილინა ლომინაძემ, ყოვლადუსამღვდელოესმა მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, დოქ. სერგო ვარდოსანიძემ, დოქ. ელდარ ბუბულაშვილმა, კანდ. თამარ შაკიაშვილმა და სხვ. ზნეობრივი მხარე ეკლესიის ცხოვრებისა ვლინდება არა მარტო იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც იგი უწევს მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს, არამედ იმ პოზიციაში, რომელსაც ეკლესია გამოხატავს ისეთ დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიც არის შობადობა, აბორტი, პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სხვ.

ეკლესიის დოგმატური სწავლების გათავისება ერის მიერ შესაძლებელია საღვთისმეტყველო სკოლის აღდგენის და განმტკიცების შემთხვევაში. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, მაგრამ სხვა დარგებისგან განსხვავებით ხშირად მტკივნეულად მიმდინარეობს. 1997 წლიდან იწყებს მუშაობას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო კომისია პოლემიკური ხასიათის ეკლესიოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

ამჟამად ამ კომისიის თავმჯდომარე არის მაღალყოვლადუსამღვდელოესი რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი. განხილვის საგანია მთელი რიგი დოგმატური ხასიათის საკითხები, რომელთა გამო ჩვენს ეკლესიაში მიმდინარეობს პოლემიკა. მკითხველს ვთავაზობთ საღვთისმეტყველო კომისიის დასკვნას ერთ-ერთ ამგვარ საკითხთან დაკავშირებით:

საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიამ 2005 წლის 2-4 თებერვალს განიხილა შემდეგი საკითხი: „ძველი აღთქმის მართალთა ნათელღებულობის შესახებ.“ ამ თემის ირგვლივ ბოლო ხანებში წარმოიშვა გარკვეული საღვთისმეტყველო კამათი. კომისია საკითხის განხილვის შედეგად მივიდა ერთიან დასკვნამდე, რომ წმიდა სოფრონ იერუსალიმელისა და წმინდა იოანე ოქროპირის ქვემოთ მოტანილი ციტატები ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე გამოხატავენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, მისაღებია როგორც კომისიის ყველა წევრისთვის, ასევე მისაღები უნდა იყოს თითოეული მართლმადიდებელისათვის.

„არა ხოლო ამათ ოდენ მიზეზთათჳისნათელ-იღო სიტყუამან და ღმერთმან, იქმნა რაჲ ჩუენებრ, გარნა ვინაჲთგან მას თავადსა ეთქუა ნიკოდიმოსის მიმართ დამბადებელი ჩუენი აღმოშობაჲ, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ძალ-უც შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ინ.3,5) და მრავალნი ძუელითგანთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთაგანნი, რომელნი სურვიელ იყვნეს ხილვად მოსლვასა მისსა და განცდად ჴორცითა მოსრულსა მას თუალებითა თჳსითა, განვიდეს ამის ცხორებისაგან არასადა შობილნი წყლისა მიერ და სულისა, ამისთჳსცა უცხოდ გამოჩნდეს ჭეშმარიტისა ცხონებისაგან და ზეცათა სასუფეველისა, - განსაზღურებისა მისებრ მისისა ღმრთივთქუმულისა, - რამეთუ ყოველთადა დაჴშულ იყო ზეცისა სასუფეველი ვითარცა არანათელ-ღებულთათჳს წყლისა მიერ და სულისა, არცა მიმღებელთა ზეგარდამოშობილობისათა, ვინაჲცა მიმადლებისათჳს მათდა სასუფევლისა, რომელნი-იგი დაკლებულ იყვნეს ზეცათა სუფევისაგან, მათისა პირისა განჩემებისათვის ნათელს-იღებს მეუფე ვითარცა მქონებელი პირსა ყოვლისავე კაცობრივისა ბუნებისასა. ამისთჳსცა ზედაჲსზედა უწოდდა თავსა თჳსსა „ძედ კაცისა“ და ესევითარისა ამის სახელისა შეუსაზღვრელობითა საზოგადო-ჰყოფდა თავსა თჳსსა ყოვლისავე ჩუენ კაცთა ბუნებისა.

რამეთუ დაღათუმცა არა ნათელ-ეღო მას ნაკადულთა შინა იორ-დანისათა, ძალ-ედვავე, ვითარცა ღმერთსა ყოვლისა შემძლებელსა, წყლითა და სულითა ნათლისცემაჲ ჩუენი, სარწმუნოებით მისსა მიმავალთაჲ (ვითარ-იგი იოვანეცა ჰყოფდა მიცემასა ნათლისღებისასა, რომელი თჳთ მას არა მიეღო ნათლისღებაჲ), არამედ პირველგარდასულთა მათ წინაჲსწარმეტყველ- თა და მრავალთათჳს უსარგებლო იქნებოდა ესე, ვინაჲთგან გარეგან იყვნეს სასუფეველისა ვითარცა არაშობილნი წყლისა მიერ და სულისა, არცა მქო-ნებელნი ზენაჲთ შობილობისანი; არამედ ესეცა დიდ საცნაურება იყო კაც-თმოყუარებისა საღმრთოჲსა და სიმართლისა მისისა უსაცნაურეს მოსწა-ვება, რაჲსა-იგი აღსრულებად მოსრულ იყო ჩუენდა მომართ, რამეთუ უსა-მართლოება აღუჩნდებოდა ყოველთა, უკუეთუ იგინი, რომელ წინაჲსწარ-მეტყუელნი და მამამთავარნი და მართალნი იყვნეს, - სათნოდ ღმრთისა ცხორებულ და საქებელისა ცხორებისა მქონებელ და აღმასრულებელ საქმეთა  ღირსთა ზეცათა სასუფეველისათა, - გარეგან სასუფეველისა დაშთენ  ვერმიმღებლობისათჳს სულიერისა შობისა, უკუანაჲსკნელ ჩუენდა მოცემულისა მიერ წყლისა და სულისა, ვინაჲ ღმერთსაცამცა აბრალებდეს და ჟამსა სამდურავ-ჰყოფდეს სამართლისა თანა ღმრთისა, ვითარმედ არა ბოროტმან რამანმე საქმემან დააკლნა იგინი, არამედ ჟამისა სხუაობამან და განყოფილებამან დაშჯილებაჲ მოატყუა მათ.

ამისთჳსცა ქრისტე, აღმასრულებელი ყოველსავე შჯულიერებასა სიმართლისასა, ვითარცა მართლმსაჯული მათთჳს ნათელს-იღებს, რაჲთა ამის შორის მათცა ნათელ-იღონ და მიიღონ ზეგარდამოჲ შობაჲ და არღარა დააყენებდეს მათ ზეცათა სასუფეველსა შესვლად ნიჭდიდობითა ამით ნათლისღებისაჲთა. ნუუკუე და ამისთჳს ჴმაჲ უდაბნოჲსაჲ ბრწყინვალედ ჴმობდა: „აჰა, კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (ინ.1,18), რამეთუ ამათ არა ხოლო ჯუარისმიერსა სიკუდილსა მისსა მოას-წავებდა, ვითარმედ კრავებრ ეგულების ძესა ღმრთისასა დაკლვად ცხორე-ბისათჳს სოფლისა და თჳსთა სისხლთა დათხევითა გამოჴსნაჲ კაცობ-რივისაჲ თბისაჲ (= ცომის, ბუნების) მძლავრებისაგან საეშმაკოჲსა, არამედ ამისაცა წყლითა და სულითა განწმედასა ჩუენსა, რომელი ქრისტემან მოგუმადლა ნათლისღებითა, რაჟამს ახალი აღმოშობაჲ მომცა ჩუენ წყლითა და სულითა“ (წმიდა სოფრონ იერუსალიმელი, H-1347, 243r-245r).*

„დაიჴსნა და უჩინო იქმნა ძალი ცოდვისაჲდა დაინთქა წყალთა მათ შინა იორდანისათა, სადა-იგი დაჰფლა უფალმან დაძუელებული იგი კაცი და აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი მიერ (იქიდან) განთავისუფლებული, რო-მელიცა შემდგომად მცირედისა განათავისუფლოს სრულიად თჳისითა მით ვნებითა და სიკუდილითა“ (წმ. იოანე ოქროპირი, „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“, წიგნი I, თბ. 1996, გვ. 199).

კომისიის წევრები სრულად იზიარებენ და ემორჩილებიან წმინდა სოფრონ იერუსალიმელისა და წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებებს.

ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“ მომავალში კვლავ მიაწვდის მკითხველს საღვთისმეტყველო კომისიის პოზიტიურ დასკვნებს, რათა ხელი შეუწყოს ეკლესიის მრევლში საღვთისმეტყველო პოლემიკის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

-------------------------------------------------------------------

* ედ. ჭელიძე, ცხონების აღმოცისკრება, თბილისი, 2004, გვ. 39-42. ციტატის თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე იხილე იქვე.

იხ. ვრცლად: ედიშერ ჭელიძე - ცხონების აღმოცისკრება

ჟურნალი რწმენა და ცოდნა 1(13)  2005 წ. სექტემბერი-ნოემბერი  გვ.83-84

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ჯაბა ქოიავას

 


AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 18 January 2017 17:19)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96