Georgian (Georgia)English (United Kingdom)

104

თხზულების განხილვა

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა წმინდა ეგნატი ანტიოქიელის ეპისტოლეებს. ამჯერად კი განვიხილავთ დაახლოებით ამავე ეპოქისა და ამავე პერიოდის უაღრესად მნიშვნელოვან ადრექრისტიანულ ძეგლს, რომლის ავტორიც სამწუხაროდ ჯერჯერობით დადგენილი კვლავაც არ არის, რის გამოც ანონიმურ თხზულებად არის მიჩნეული ჯერ კიდევ ეს ძეგლი და რომლის სახელწოდებაც არის “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”.

თხზულება ჩვენამდე მხოლოდ ერთი ხელნაწერით იყო მოღწეული. სამწუხაროდ ეს ხელნაწერიც აღარ არსებობს, რადგან ხანძრის შედეგად განადგურდა იგი, მაგრამ საბედნიეროდ სანამ დაიწვებოდა მანამდე ეს ხელნაწერი შესწავლილ იქნა და ორგზის გამოქვეყნდა კიდეც და ამ სახით შემოგვენახა. თუმცა თვით ის ხელნაწერი, კვლავ აღვნიშნავთ, დღეს უკვე აღარ არსებობს.

ამ ძეგლთან დაკავშირებით მრავალი გამოკვლევაა დაწერილი. უაღრესად ინტენსიური კვლევა მის შესახებ დღესაც წარმოებს და იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო დოკუმენტად არის მიჩნეული (ეს ნამდვილად ასეა) უადრესი ეპოქისა. სხვათაშორის ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ჩვენ კარგა ხანს გვქონდა განზრახული ძეგლის თარგმნა, ჩვენ ვთარგმნეთ კიდეც და დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია დეტალურად გაეცნოს ამ თხზულებას. ის დაიბეჭდა ერთი მხრივ ჟურნალ “ჯვარი ვაზისაში” და მეორე მხრივ 5 ტომიანი გამოცემის “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისას” I ტომში. “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” ტექსტობრივი შესწავლის კუთხითაც, სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ხედვითაც უეჭველად გვიდასტურებს, რომ მისი სახით ჩვენ საქმე გვაქვს აუცილებლად უადრესი ეპოქის თხზულებასთან, უადრესი ეპოქის ნაშრომთან. რაობა ამ ძეგლისა სხვადასხვა მკვლევარის მიერ სხვადასხვაგვარადაა დანახული. ზოგნი მას თვლიან აპოლოგეტური ეპოქის პროდუქტად, აპოლოგეტური ეპოქის ნაშთად (აპოლოგეტიკა თავისი ჩამოყალიბებული, კლასიკური სახით ჩვეულებრივ II საუკუნეს გულისხმობს), მრავალი კი ამ ძეგლს სამოციქულო ეპოქის ამსახველ თხზულებად მიიჩნევს და შესაბამისად I ს-ის მიწურულისა და II ს-ის დამდეგის ეპოქით ათარიღებს. სხვანი სხვა თარიღს გვთავაზობენ, ე.ი. განსხვავებულია შეხედულება ამ ძეგლთან დაკავშირებით და მთლად გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული, შეჯამებული დასკვნა მის შესახებ, როგორც ვთქვით, არ არსებობს.

ორიოდე სიტყვით ჩვენ შეიძლება ეს თვალსაზრისები წარმოვადგინოთ, რამდენადაც ამა თუ იმ ძეგლზე საუბრისას რაღაც გარკვეულობა მაინც უნდა გვქონდეს, თუ რა ეპოქისაა ის და რა პერიოდშია შექმნილი. საკუთრივ ის ხელნაწერი, რომელმაც ეს ძეგლი ჩვენ შემოგვინახა, აღნიშნულ ძეგლს ათავსებს წმინდა იუსტინე მარტვილის შრომებში. ის ხელნაწერი, რაზეც ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ხანძარმა გაანადგურა, წმინდა იუსტინე მარტვილის შრომათა კრებულს წარმოადგენდა (იუსტინე მარტვილზე ჩვენ დაწვრილებითი მსჯელობა შესაბამის ადგილზე გვექნება მოგვიანებით, როდესაც იმ ეპოქამდე მივალთ). იუსტინე გახლდათ II ს-ის შუა წლებისა და II ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ღვთისმეტყველი, მოძღვარი, ამავე დროს მარტვილურად აღსრულებული, რომელსაც ასეთი სახელოვნების გამო, სახელგანთქმულობის გამო მრავალი თხზულება მიეწერა. ანუ ფსევდოეპიგრაფიკის ნიმუში მრავალია იუსტინე მარტვილის სახელთან დაკავშირებული და შესაბამისად, რამდენადაც მისი შრომების შემცველ ხელნაწერში შეტანილი იქნა აღნიშნული ძეგლიც (“ეპისტოლე დიოგნეტესადმი”), მკვლევართა მცდელობა იქეთკენ იყო მიმართული, რომ გაერკვიათ ეს ძეგლი მართლაც იუსტინე მარტვილისაა თუ უბრალოდ მიაწერეს მას, ხოლო ავტორი სხვა უნდა ყოფილიყო. ნაწილი მკვლევარებისა ხელნაწერთა მონაცემს უჯერებდნენ (ადრე იყო ეს აზრი, ძირითადად XIX ს-ში) და მიიჩნევდნენ, რომ იუსტინე მარტვილია ამ ძეგლის ავტორი. მაგრამ სპეციალურმა შესწავლამ სრულიად უეჭველად აჩვენა, რომ “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” თავისი სამწერლობო სტილით, თავისი ტერმინოლოგიით დიამეტრულად განსხვავდება იუსტინე მარტვილის ნამდვილი შრომებისგან. ეს ნამდვილი შრომები, უეჭველად რომ მას აქვს დაწერილი, იუსტინე მარტვილისა, საბედნიეროდ ჩვენამდე მოღწეული გახლავთ, კერძოდ აქ იგულისხმება მისი ცნობილი აპოლოგიები, ე.წ. “დიდი აპოლოგია” და “მცირე აპოლოგია” და აგრეთვე ვრცელი შრომა “დიალოგი ტრიფონ იუდეველთან”. წმინდა იუსტინე მარტვილის ეს სამი შრომა ნამდვილად მისეულია, მაგრამ ამ შრომებისგან სტილური, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დიამეტრულად განსხვავდება ზემოხსენებული ძეგლი “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”, რის გამოც უკვე კარგა ხანია ეს თვალსაზრისი, რომ იუსტინე მარტვილი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ძეგლის ავტორი, უკვე კარგა ხანია უარყოფილი გახლავთ.

გამოითქვა აზრი, რომ შესაძლოა ეს ძეგლი ეკუთვნოდეს შედარებით გვიანდელ ეპოქას, II-III ს-ის მიჯნას, ანდა III ს-ის I ნახევარს, რაც ბოლო ხანებში ასევე სრულიად უარყოფილია, რამდენადაც ტექსტის შესწავლა მის უშუალოდ კავშირს სამოციქულო ეპოქასთან (ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელებთ) სავსებით ნათლად წარმოგვიდგენს.

ერთ-ერთი თვალსაზრისი ასეთიც გახლდათ, რომ ამ ძეგლის ავტორი შესაძლოა ყოფილიყო “საქმე მოცქიულთაში” ხსენებული პიროვნება. “საქმე მოციქულთას” ძველ ქართულ თარგმანებში ორი ფორმაა ამ სახელისა. უფრო ადრინდელ ვერსიაში ეს სახელი გამოთქმულია როგორც აპელე, ხოლო უფრო გვიანდელ თარგმანში როგორც აპოლო. აი ეს აპელე ანუ აპოლო, რომელიც მოცქიულთა თანამყოფი პიროვნებაა და მის შესახებ თქმულია, რომ იგი ძლიერი იყო პაექრობაში, აი ეს პიროვნება წარმოუჩნდება ზოგს აღნიშნული ძეგლის ავტორად. მაგრამ ეს იმდენად ჰიპოთეტურია, იმდენად ვარაუდისეულია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მონაცემს ვერ დავეყდრნობით. მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ პიროვნება ძლიერი იყო რჯულში, პაექრობაში და მოძღვრება მაცხოვნებელი მიიღო, ეს არ გამოდგება იმის საბუთად, თავისთავად ცხადია, რომ “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” აუცილებლად ამ პიროვნების დაწერილი უნდა ყოფილიყო.

გაცილებით უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა იმ თვალსაზრისმა, რომლის მიხედვითაც “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” უნდა დაეწერა ადრესამოცქიულო ეპოქის ცნობილ მოღვაწეს კოდრატეს (ბერძ. კოდრატე, ლათ. კვადრატუს), რომელიც არის სამოცდაათთაგანი მოცქიული და რომლის შესახებაც ცნობები დადასტურებულია ევსები კესარიელის, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული ავტორის, “საეკლესიო ისტორიაში”, სადაც პატარა ფრაგმენტიცაა მოტანილი კოდრატეს შრომიდან და მის შესახებაც არის უწყება. ამ უწყების მიხედვით კოდრატეს წარმოუთქვამს აპოლოგია ანუ ქრისტიანული მოძღვრების სიტყვიერი დაცვა ტრაიანე იმპერატორის წინაშე, ე.ი. II ს-ის დამდეგს. რამდენადაც მკვლევართა ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიოგნეტესადმი ეპისტოლეს აპოლოგეტურ შრომას უწოდებს, ნაწილი კი სამოციქულო ეპოქის შრომად წარმოაჩენს მას (ე.ი. ორივე ეს მხარე ამ ძეგლში ჩანს), ამიტომ მკვლევარები ფიქრობენ, რომ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ავტორად ამ ძეგლისა სწორედ კოდრატე უნდა ყოფილიყო, რამდენადაც იგი ერთი მხრივ სამოცდაათთაგანი მოცქიულია, 12 მოციქულთაგან მომდინარე ტრადიციის მიმღებია და მათი მოწაფეა ანუ სამოცქიულო ეპოქისაა, მაგრამ ამავე დროს კოდრატემვე გადადგა პირველი ნაბიჯი აპოლოგიის ჟანრის დაფუძნებისკენ, რომ პირველი აპოლოგია სწორედ მან დაწერა (ჩვენ როდესაც ჟანრებს განვიხილავდით ამაზე მაშინაც ვისაუბრეთ). ე.ი. ორივე მხარეს რამდენადაც სწორედ კოდრატე აერთიანებს, ერთი მხრივ ის, რომ აპოლოგეტურ ჟანრს სწორედ მან დაუდო საუფუძველი და მეორე მხრივ, რომ ის სამოციქულო ეპოქის მოღვაწეა, ეს ორივე მხარე კი ჩანს აღნიშნულ ძეგლში, ამდენად მკვლევართა ნაწილმა ძალიან მისაღებად ჩათვალა ეს აზრი, რომ სწორედ კოდრატე უნდა ყოფილიყო აღნიშნული ძეგლის ავტორი. კოდრატეს მართლაც დაუწერია აპოლოგია, მან არა მხოლოდ სიტყვიერად წარმოთქვა ტრაიანეს წინაშე, არამედ ის დამცველობითი სიტყვა ქრისტიანული მოძღვრებისა, რაც მან იმპერატორის წინაშე წარმოთქვა ეს წერილობითაც გადმოსცა შემდეგ. ევსები კესარიელი გვაუწყებს, რომ კოდრატეს აპოლოგია დღესაც (ევსების დროს) მიმოიქცევა და მას მორწმუნეები ეცნობიან და აღმოიკითხავენო. ასე რომ, კოდრატეს აპოლოგია ტექსტობრივი სახით ჯერ კიდევ არსებობდა IV ს-ის I ნახევარში. შემდეგ ეს ძეგლი დაკარგულად მიიჩნევა და ამიტომ ამ თვალსაზრისის მომხრენი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფიქრობენ, რომ კოდრატეს აპოლოგია არ დაკარგულა, ის ჩვენამდე მოღწეულია და მოღწეულია სწორედ ამ ძეგლის სახით, რომელსაც ეწოდება “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”.

ამ თვალსაზრისმა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ დროს თითქმის სრული დამაჯერებლობა შეიძინა. მკვლევართა დიდმა ნაწილმა საბოლოოდ გადაწყვეტილად ჩათვალა საკითხი, მაგრამ ცალკეული კონტრარგუმენტების გამოვლენის შემდეგ კვლავ აღმოჩნდა, რომ საკითხი არც ისე იოლად გადასაწყვეტია. კონტრარგუმენტები რა გახლავთ? ძეგლი “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ იგი საიმპერიო კარს კი არ მიემართება, არამედ ერთ-ერთ პიროვნებას, ვინმე დიოგნეტეს, სხვა მხრივ ჩვენთვის უცნობს, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს და ჭეშმარიტების ძიებაში მყოფს ამ ძეგლის ავტორი მეგობრულად, ძმურად, სულიერი თანადგომით შეეწევა, ანუ თუ რომელია ჭეშმარიტება აი ამას გადასცემს. მაგრამ აპოლოგია კოდრატესი, როგორც უკვე ვთქვით, საიმპერიო კარისადმი უნდა ყოფილიყო მიმართული და ადრესატის ასეთი განსხვავებულობა საკმაოდ მძლავრი კონტრარგუმენტია იმ თეორიისა, რომლის მიხედვითაც კოდრატე უნდა ყოფილიყო ამ ძეგლის ავტორი.

მაგრამ არის კიდევ უფრო ძლიერი კონტრარგუმენტიც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევსები კესარიელს კოდრატეს აპოლოგიაზე მსჯელობის დროს ამ აპოლოგიიდან ერთი პატარა ციტატაც მოაქვს. აი ეს ციტატა ხსენებულ ძეგლში, რომელსაც “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” ეწოდება, არ დასტურდება. ამიტომ თუ კოდრატეს აპოლოგია არის სწორედ ეს ძეგლი, მაშინ იმ აპოლოგიიდან მოტანილი ციტატა ევსები კესარიელის მიერ, რა თქმა უნდა, ამ ძეგლში უნდა დასტურდებოდეს, თუმცა ეს არ დასტურდება. მაგრამ ვინც მაინც ინარჩუნებს ერთგულებას ამ თვალსაზრისისადმი, რომ კოდრატე უნდა იყოს ხსენებული ძეგლის ავტორი, ამ ფაქტს შემდეგით ხსნიან: საქმე ისაა, რომ “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” იმ ერთადერთ ხელნაწერში, რომელმაც ჩვენ ეს ძეგლი შემოგვინახა, ერთ ადგილას არის ხარვეზიანი, ანუ ხელნაწერს აკლია ერთი ფურცელი. ამიტომ ამ თვალსაზრისის მომხრენი თვლიან, რომ ხსენებულ დიოგნეტესადმი მიმართულ ეპისტოლეში, რა თქმა უნდა, ის ციტატაც იქნებოდა, რაც ევსების მოაქვს კოდრატეს აპოლოგიიდან, მაგრამ იქნებოდა სწორედ იმ ფურცელზე, რომელიც დაკარგულია. საზოგადოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ დამაჯერებლობა რომ ამ თვალსაზრისს აკლია, ეს სრულიად უეჭველია, რამდენადაც ასეთი დამთხვევა ძნელი წარმოსადგენია, რომ ევსები კესარიელმა მოიტანოს ციტატა ერთ-ერთი ძეგლისგან, რომელიც არის კოდრატეს აპოლოგია, კოდრატეს აპოლოგია იყოს სწორედ “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”, მაგრამ ის ციტატა აკლდეს სწორედ იმ დაკარგულ ადგილას რომ იყო მოთავსებული.

ასეა თუ ისე, ბოლო ხანებში კვლავ ანონიმურად არის ეს ძეგლი განხილული მკვლევართაგან და ჩვენც ასე განვიხილავთ. არსებითი და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ეს ძეგლი მთლიანად, აბსოლუტურად გამსჭვალული გახლავთ უაღრესად ღრმა მართლმადიდებლური სწავლებით. განსაკუთრებით ბოლო ნაწილია საეკლესიო ღვთისმეტყველების ერთ-ერთი უდიდესი გამოთქმა. უფრო მოგვიანო ეპოქის მოძღვარნი პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმოწმებენ ამ ძეგლს და საეკლესიო ტრადიციაში ეს ძეგლი, როგორც ერთ-ერთი საფუძველდამდები მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა ამგვარად განიხილება.

ჯერ ჩვენ მაინც უნდა შევეხოთ იმას, დამოუკიდებლად იმისა რა თვალსაზრისებზეც ზემოთ ვსაუბრობდით, თუ რის საფუძველზე მიიჩნევა აღნიშნული ძეგლი სამოციქულო ეპოქის ნაშთად. ეს მხარე ალბათ მაინც საბოლოოდ დადგენილად შეგვიძდია ჩავთვალოთ, იმიტომ, რომ დამაბოლოებელ ნაწილში თხზულებისა ეს ფაქტი სავსებით არაორაზროვნად, ერთმნიშვნელოვნად არის წარმოჩენილი. ავტორი პირველ პირში აუწყებს ადრესატ დიოგნეტეს და დიოგნეტეს სახით ყველა ჩვენთაგანს, რომ “მოძღვრება, რომელიც შენ გადმოგეცი, ამგვარადვე გადმომეცა მეც, რადგან გავხდი რა მოწაფე მოციქულებისა ამის შემდეგ ხალხთა ანუ ერთა მოძღვარიც გავხდი”. ე.ი. ავტორი პირდაპირ უწოდებს თავის თავს მოციქულთა მოწაფეს და მიიჩნევს, რომ მოციქულთაგან მიიღო მან უშუალოდ მოძღვრება. ამიტომ ეჭვი არაა, რომ ძეგლის ავტორი ისტორიულად, ეპოქალურად სამოცქიულო მოღვაწეობასაა შედგომილი, მოციქულებსაა დამოწაფებული, მათი ისტორიული მოწაფეა და მათგან გადმოცემულს გვაუწყბს ამ ძეგლში. რა თქმა უნდა, ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენ თუნდაც “დიდაქესთან” დაკავშირებით აღვნიშნეთ, კლიმენტი რომაელის ეპისტოლესთან დაკავშირებით, რომ უადრესი ეპოქის ძეგლი სხვაგვარი კრძალივით განგვაწყობს, სხვაგვარი განცდით განგვაწყობს მისდამი. იმიტომ, რომ სამოციქულო ეპოქის ანაბეჭდი რომელ ძეგლსაც აქვს, უეჭველად ამგვარი ძეგლი ჩვენთვის ყველაზე უფრო დიდი სულიერი ფასეულობაა, გზის გამკვალავი და ხიდია სამოციქულო ეპოქასთან უშუალოდ კავშირის დასამყარებლად, რომ ჩვენც ჩვენი თავი სამოცქიულო ეპოქაში წარმოვიდგინოთ, შევერთოთ იმ ეპოქას, რომელიც ყველა მომდევნო ეპოქის საფუძველდამდებია. ამიტომაც აქვს ამას მნიშვნელობა. ქრონოლოგიურ მხარეს თხზულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ღირსებაც აქვს და საეკლესიო ტრადიცია საზოგადოდ ყოველთვის, ყველგან, ყველა ეპოქაში ავლენდა უდიდეს კრძალვას სიძველისადმი, იმისადმი, რაც უადრესია, რაც უფრო მიახლოებულია მაცხოვრის მიწიერ მოღვაწეობასთან.

საკუთრივ ძეგლს რაც შეეხება, როგორც საღვთისმეტყველო შრომას, მისი რაობა, მისი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპოლოგეტურია, მაგრამ არა იმ კლასიკური გაგებით, რასაც აპოლოგეტიკა გულისხმობს. ამ მხრივაც ალბათ “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” წინ უსწრებს, უშუალოდ წინამორბედია აპოლოგეტური ეპოქისა, ანუ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, გარდამავალი ძეგლია სამოციქულო ეპოქიდან აპოლოგეტური ეპოქისკენ. რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლის ავტორი აშკარად ავლენს დიდ აპოლოგეტურ ნიჭიერებას და ფაქტობრივად ის უკვე ასაფუძველბს იმ პრინციპებს რასაც აპოლოგეტიკა ეყრდნობა, მაგრამ მოძღვრების გადმოცემა მაინც არ არის იმგვარი სისტემატიზების ნიშნით აღბეჭდილი, რაც აპოლოგეტურ შრომებს თან სდევს.

დანიშნულება ძეგლისა თვითონ ჩვენთვის უცნობ ავტორს როგორ წარმოუდგენია? პირველი, რაც მთავარია, ის მის ადრესატ დიოგნეტეში განჭვრეტს ჭეშმარიტების გულწრფელი ძიების წყურვილს. სხვა შემთხვევაში ის ალბათ არც მიმართავდა მას საგანგებო ეპისტოლეთი. მაგრამ როდესაც გამოკვეთილად სახეზეა მთელი შინაგანი გულმოდგინება ჭეშმარიტების ძიებისა, არც ერთ მსახურს ჭეშმარიტებისას უფლება არა აქვს, რომ არ გამოიყენოს ყველა თავისი შესაძლებლობა ამგვარად მაძიებელი პიროვნების ჭეშმაირტების წიღში შემოსაყვანად. ესათნოება, მოსწონს ძეგლის ავტორს დიოგნეტეს ეს სურვილი, ეს სწრაფვა. სხვათაშორის დიოგნეტე ჩანს განსწავლული პიროვნება, კულტურის (ალბათ იგულისხმება ანტიკური კულტურა) მწვერვალზე მყოფი. ეს მხარე ამ შემთხვევაში ძეგლის ავტორს გარკვეული საყვედურის გამოთქმის უფლებსაც აძლევს მისდამი, რომ აგრერიგად განათლებული, ამგვარად გულწრფელად და გულმოდგინედ ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნება როგორ შეიძლება ვერ ჭვრეტდეს იმას, რაც მართლაც ჭეშმარიტია. როგორ შეიძლება, რომ ის არაჭეშმარიტს აპყრობდეს მზერას, იქეთკენ მიმართავდეს თავის ძალისხმევას და ჭეშმარიტება, რომელიც ბრწყინავს მის წინაშე, განზე დატოვოს. ამ შემთხვევაში ჭეშმარიტებისგან გვერდის ახვევა და სხვა მოძღვრებისკენ მზერის მიპყრობა ძეგლის ავტორისთვის გულისხმობს ორ მოძღვრებას, რომელთაგან ერთი გახლავთ ანტიკური მოძღვრება, ანტიკურობა, ანტიკური სარწმუნოება, კერპთაყვანისმცემლობა, იგივე მრავალღმერთიანობა ანუ პოლითეიზმი, ხოლო მეორე იუდაიზმი. მოგეხსენებათ ანტიკურობა მარტო სარწმუნოება არაა და ამ შემთხვევაში ანტიკურობაში სწორედ სარწმუნოებაზე, კერპთაყვანისმცემლობაზე, მრავალღმერთიანობაზეა ხაზგასმა, რომ ერთი მხრივ პოლითეიზმი ანუ ანტიკური სარწმუნოება, იგივე ელინიზმი და მეორე მხრივ იუდაიზმი, მართალია ერთღმერთიანობა, მაგრამ ერთპიროვნული ღმერთიანობა, როდესაც ღმერთი ერთ პიროვნებად განიჭვრიტება და არა სამპიროვნებად, როგორც ეს მაცხოვნებელ სწავლებაშია. აი ამ მოძღვრებებისკენ ჩანს მზერამიპყრობილი დიოგნეტე, ამით არის შემოფარგლული მისი გონებითი მოღვაწეობა და აქ ეძიებს ის ჭეშმარიტებას. სწორედ ეს არის ის, რაც გულისტკივილს იწვევს ძეგლის ავტორისას, იმიტომ, რომ ის ხედავს დიოგნეტეში დიდ განსწავლულობას, მონდომებას, გულმოდგინებას ჭეშმარიტების მოპოვებაში, მაგრამ ორინეტირი არის მცდარი, მიმართულება და გეზი სრულიად შემცდარია. ამიტომ გეზის და მიმართულების შეცვლას განიზრახავს ამ თხზულების ავტორი და მისი განაზრახი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს, თუ მოძღვრების გადაცემა მისგან ისეთი გეგმაზომიერი მეთოდით აღესრულება, რომ კეთილნაყოფიერი აღმოჩნდეს ადრესატისთვის.

ამაზე ჩვენ ნაწილობრივ ადრეც გვისაუბრია, მოგვიანებით კვლავაც ვისაუბრებთ, როდესაც აპოლოგეტიკაზე გადავალთ, ამჯერად კი აღვნიშნავთ, რომ პიროვნება შეიძლება მოძღვრებას ფლობდეს, მაგრამ ერთია მოძღვრების ფლობა, ჭეშმარიტების ფლობა, ჭეშმარიტების განცდა და მეორეა ამ ჭეშმარიტების სხვათათვის გადაცემა. არ ნიშნავს მოძღვრების ფლობა იმას, რომ მოძღვრების მფლობელი უკვე შემძლებელია იმისაც, რომ ეს მოძღვრება სხვებს გადასცეს. მხოლოდ დიდი გულმოდგინება საკმარისი არ გახლავთ, მხოლოდ გულწრფელობა აქ ნაყოფს ვერ გამოიღებს. აუცილებელია იმ მეცნიერების ფლობა, რასაც მოძღვრების გადაცემა გულისხმობს, თორემ, როგორც ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, პიროვნება შეიძლება უაღრესად ღრმად და მართებულად წვდებოდეს ჭეშმარიტებას, მაგრამ მას არ ჰქონდეს მოძღვრების გადაცემის ხელოვნება დაუფლებული, რაც თავისთავად მეცნიერებაა, ამ მეცნიერების შემსწავლელი ის არ იყოს, ტერმინოლოგიას სათანადოდ ის არ ფლობდეს და ამიტომ მართებულად განცდილი, წვდომილი და განჭვრეტილი მოძღვრება გადასცეს სრულიად მცდარი ტერმინებით, რამაც შეიძლება მხოლოდ ზიანი მოიტანოს და არა სიკეთე. ხოლო ყოველი მოძღვარი ვალდებულია დამოძღვრის შემძლებელი იყოს, მას უნდა შეეძლოს სხვათა დამოძღვრა, სხვათათვის მოძღვრების გადაცემა. ესაა ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა აპოლოგეტიკისა, აპოლოგეტიკამ სწორედ ამის პრინციპები ჩამოაყალიბა, თუ როგორ მოვაქციოთ ჭეშმარიტებაზე გზააბნეული, როგორ გადავცეთ მას ჭეშმარიტი მოძღვრება.

საზოგადოდ ნებისმიერი აპოლოგეტური თხზულება ორნაწილედია. არცერთი აპოლოგეტური ძეგლი არ იწყება უშუალოდ მოძღვრების გადაცემით. ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ ამის შესახებ თეორიული დებულებებიც ჩამოაყალიბა უფრო მოგვიანებით წმინდა ათენაგორა ათენელმა. მაგრამ თეორიული დებულებების გარეშეც ყოველი აპოლოგტური ძეგლი ღრმა გაცნობიერებულ სტრუქტრურას გულისხმობს, რაც არსებითად ორნაწილედია. აპოლოგეტური შრომის პირველი ნაწილის მიზანდასახულობა არის იმ სარწმუნოებათა, იმ მოძღვრებათა მცდარობის წარმოჩენა, რასაც მისდევს ის პიროვნება, რომელიც ჩვენ ჭეშმარიტებაზე უნდა მოვაქციოთ, ვისაც მოძღვრება უნდა გადავცეთ. თუ პიროვნება უკვე რაღაც სარწმუნოების მქონეა, რაღაც მოძღვრების მფლობელია და მას, რა თქმა უნდა, ერთგულება აქვს თავისი სარწმუნოებისა და თავისი მოძღვრებისა, ვიდრე საკუთარი სარწმუნოებისა და მოძღვრების ცდომილებაში მას არ დავარწმუნებთ, ის ამ მოძღვრებას არ დატოვებს, ის ჭეშმარიტების სიტყვას არ მიიღებს. ნიადაგი თუ დაუმუშავებელია, თუ მხოლოდ სარეველაა ნიადაგში, იქ ჩვენ კეთილ მარცვალს და კეთილ ნერგს ვერ ჩავრგავთ, რადგან ის მაინც დაიღუპება, როგორც ეს მაცხოვნებელი სწავლებიდან, მაცხოვნებელი იგავიდან გამომდინარე მრავალი მოძღვრის მიერ არის აღნიშნული. ჯერ ნიადაგი უნდა გაიწმინდოს, რომ კეთილ ხნულში ჩაგდებული მარცვალი კეთილადვე აღმოცენდეს. ნიადაგის გაწმენდა სწორედ ამას გულისხმობს, რომ მთელი ის სარეველა, ის მცდარი სარწმუნოებრივ-სამოძღვრო შეხედულებანი, რაც ამა თუ იმ პიროვნებას აქვს, მთლიანად უნდა იქნეს მისი გონებიდან ამოძირკვული. აი ამის შემდეგ, როგორც თვით ამ ძეგლის ავტორიც ამბობს, როდესაც ახალი კაცი გახდება ეს პიროვნება, ანუ იმ სიძველეს მთლიანად დაივიწყებს, ძველი აზრები მისგან წარიხოცება, ამის შემდეგ შეიძლება გადაეცეს მას ახალი სიტყვა, რომელიც ცხოველყოფს, განაღმრთობს და ჭეშმარიტად ახალშობს ანუ ხელახლა შობს მას საუფლო სწავლებაში. ეს დანიშნულება აქვს ამ დიოგნეტესადმი მიმართულ ეპისტოლესაც, რომ ერთი მხრივ ის მცდარი სარწმუნოებანი ამოძირკვოს ავტორმა ადრესატის, ამ შემთხვევაში დიოგნეტეს გონებისგან, რომლებიც მყარად არის შთანერგილი მასში და შემდეგ ჭეშმარიტება აუწყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს მცდარი სარმწუნოებანი, როგორც ძეგლი გვიდასტურებს, ამ შემთხვევაში დიოგნეტესთან დაკავშირებით ორია (ელინიზმი და იუდაიზმი). როგორც ჩანს ორივეს გაეცნო დიოგნეტე და ორივესადმი აქვს მეტნაკლები ერთგულება. რა თქმა უნდა, თავისთავად ძნელი წარმოსადგენია ამ ორ, დიამეტრულად განსხვავებულ სარწმუნოებას, როგორ ერთგულებდა და ორივე მათგანისადმი როგორ იყო კეთილგანწყობილი ეს პიროვნება, მაგრამ აშკარაა, რომ ხსენებულ ძეგლში ამ ძეგლის ავტორი ორივე მათგანს ებრძვის, ელინიზმსაც და იუდაიზმსაც. ეჭვი არ არის, რომ დიოგნეტე არ იყო არც ნამდვილი ელინისტი, არც ნამდვილი მრავალღმერთიანობის აღმსარებელი და არც ნამდვილი იუდეველი. ის მხოლოდ ეძიებდა ჭეშმაირტებას და რაღაც მისთვის საგულისხმო ერთში ჰპოვა, კიდევ სხვა საგულისხმო მეორეში და მერყეობის მდგომარეობაში აღმოჩნდა. აი ასეთ დროს ამ ძეგლის ავტორი, რა თქმა უნდა, ჭვრეტს რა (ალბათ ადრეც იცნობდა ის დიოგნეტეს, რადგან შესავალი ამ ძეგლისა ამას ადასტურებს) ამგვარ მერყევ მდგომარეობას დიოგნეტესას, სარგებლობს შემთხვევით, რომ გამოიტაცოს იგი უკეთური არჩევანისგან და კეთილი არჩევანისკენ წარმართოს. შესაბამისად ამ ძეგლის პირველ ნაწილში ერთი მხრივ ელინიზმის არსებითი მცდარობა არის წარმოჩენილი (რა თქმა უნდა,  დეტალურ განხილვას და ყველაფრის შეფასებას ყველა აპოლოგეტური ძეგლი არიდებს თავს, იმიტომ, რომ შთაბეჭდილება მყისიერი უნდა იყოს და ასეთი დანაწილება და დეტალიზება შეიძლება უარყოფითიც კი აღმოჩნდეს ზოგ შემთხვევაში), მეორე მხრივ კი რა ცდომილებაა არსებითად იუდაიზმში ამის წარმოჩენა ხდება და როდესაც ორივე მათგანის ცდომილება სახეზეა, დიოგნეტე ამის შემგრძნობია და ამის შემმეცნებელია, შემდგომად ამისა უკვე საეკლესიო მოძღვრების არსებითი მხარეების მისდამი გადაცემა ხდება.

აი ესაა ამ ძეგლის აღნაგობა, დანიშნულება და საღვთო ვალდებულებაც ავტორისა სწორედ ის გახლავთ, რომ დიოგნეტეს სახით ყველა მომდევნო ეპოქის მერყევი თუ სხვა სარწმუნოებაში მყოფი პიროვნება სარწმუნოებრივი ცდომილებისგანაც გაათავისუფლოს და ჭეშმარიტი მოძღვრების წიაღშიც შემოიყვანოს.

 

 

იხ. აღნიშნული თხზულების ტექსტი: უცნობი ავტორი - ეპისტოლე დიოგნეტესადმი

 

104–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=mzFgC6cu7A0

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 07 December 2016 12:27)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96