Georgian (Georgia)English (United Kingdom)
130–132

იუსტინეს დიდი და მცირე აპოლოგია

უშუალოდ წინა საუბარი მოგეხსენებათ ეხებოდა წმ. იუსტინე მარტვილს, II ს-ის ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. განვიხილავდით მისი ცხოვრების პირველ ნაწილს, როდესაც იგი, გამოკვეთილად ანთებული ჭეშმარიტების ძიების წყურვილით, სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას მიმოივლიდა, სტოიკოსებიდან დაწყებული პლატონელთა ჩათვლით, და ბოლოს ღვთის განგებითაც და საკუთარი ძალისხმევითაც ქრისტიანულ მოძღვრებას მიეახლა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცებული ბერისგან ჭეშმარიტება შეიტყო მან. აქ დასრულდა ჩვენი წინა საუბარი, როდესაც ჩვენ მოვიტანეთ კიდეც მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰპოვა რა ქრისტიანული მოძღვრება, იუსტინე მარტვილმა მას უწოდა ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია (ეს სიტყვებიც ტრიფონისადმი დიალოგის VIII თავში აქვს თქმული იუსტინეს).

ამ სიტყვების შემდეგ, ე.ი. როდესაც მან ჭეშმარიტ ფილოსოფიად განსაზღვრა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი, ეს განსაზღვრება ასეთი სიტყვებით დააბოლოვა: “მე ვისურვებდი, რომ ყველას იგივე გრძნობანი ჰქონოდა, როგორიც მე მაქვს და არ უკუეგდო მოძღვრება მაცხოვრისა”, რადგან სწორედ ამ მოძღვრებამდე, ქრისტიანობამდე, მიიყვანა იგი ჭეშმარიტების ძიებამ. საყურადღებოა ისიც, რომ თვით იუსტინესვე აღიარებით მასზე არა მხოლოდ მოძღვრებამ მოახდინა უდიდესი გავლენა, არამედ თვით ამ მოძღვრების მატარებელთა ცხოვრებამ, მათმა პირადმა მაგალითმა, განსაკუთრებით მოწამეობის, მარტვილობის და განსაცდელთა ჟამს გამოჩენილმა ახოვანებამ და შეუდრეკელობამ, რამაც განაპირობა კიდეც მისი მოქცევა. იუსტინე თავისი აპოლოგიის II თავში ასეთ სიტყვებს ამბობს და ამგვარად იხსენებს თავის წარსულ ცხოვრებას: “როდესაც მე ჯერ კიდევ პლატონის მოწაფე ვიყავი, მესმოდა ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართული ბრალდებანი, მაგრამ ვხედავდი რა მათ შეურყეველთ სიკვდილის პირისპირ, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელი იყო ამგვარად მოღვაწეებს უკეთურების და მიწიერ სურვილთა ტრფობის მიდრეკილებანი ჰქონოდათ, რაშიც ადანაშაულებდნენ მათ”. ამიტომაა, რომ იუსტინე მარტვილი, პირადი მაგალითით აღფრთოვანებული, ქრისტეს რწმენამდე იქნა მიყვანილი და ყველა ის პიროვნება, რომელიც ბრალს სდებდა ქრისტიანებს, მან ეშმაკის მოქმედებას დაქვემდებარებულებად განჭვრიტა, ეშმაკის ძალის ქვეშ მყოფებად გულისხმაჰყო და მთლიანად განერიდა ამგვარ ბრალმდებლებს. იუსტინე ამბობ: “ვხედავდი რა, რომ ადამიანთა ჭეშმარიტებისგან უკუსაქცევად, უკეთური დემონები ქრისტიანთა საღვთო მოძღვრებაზე ათასგვარ ცილისწამებებს ავრცელებდნენ, მე სასაცილოდ ავიგდე ეს ბრალდებანი, როგორც ტყუილები, როგორც ცილისწამებანი და უარვყავი უმრავლესობის აზრი, და მე ვაღიარე და მე ვლოცულობ ამავე დროს, რომ განძლიერდეს ჩემი ძალისხმევა, რათა მე ქრისტიანი აღმოვჩნდე”. (ეს სიტყვებიც აპოლოგიის II თავშია)

ამის შემდეგ ხდება იუსტინე მარტვილის მოქცევა, რასაც როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა ეფესოში და მოქცევის შემდეგ ცხადია მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტიანული სარწმუნოების დაცვას. ის შემოსილი იყო მანტიით (ლათ. პალლიუმით) და ეს მანტია, რაც ბერძენ ფილოსოფოსთა გარეგნობის ნიშან-თვისება გახლდათ, როგორც გაქრისტიანებამდე, მოქცევამდე, ნათლისღებამდე ქონდა მას, ასევე შეინარჩუნა ნათლისღების შემდეგაც. ის შეუდგა მოგზაურობას, აღნიშნული მანტიით შემოსილი, ჩავიდა რომში, როდესაც იქ ანტონიუს პიუსი იყო იმპრატორი (138-161), და დააფუძნა თავისი სკოლა. სხვათაშორის აქ მისი მოწაფე იყო ტატიანე სირიელი, ასევე აპოლოგეტი, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი სწავლება თავისი მასწავლებლისა მეტნაკლებად შეითვისა, მაგრამ მრავალი კუთხით გაუკუღმართდა. ჩვენ დეტალური მსჯელობა გვექნება ტატიანეზეც და მაშინ აღვნიშნავთ ამ ყოველივეს, მაგრამ ამჯერადაც ვფიქრობთ ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ მოძღვრის ძალისხმევა, მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევა არ კმარა მოწაფის შესანარჩუნებლად ჭეშმარიტების წიაღში, თუ ამ უკანასკნელის დაუცხრომელი ძალისხმევაც არ გამოვლინდა. ამჯერადაც ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ტატიანე თავდაპირველად ღირსეული მოწაფე იყო იუსტინე მარტვილისა, მაგრამ მნიშვნელოვან გაუკუღმართებათა და გაამპარტავნების საფუძველზე აღმოცენებულ პირად შეხედულებათა კვალობაზე, რაც მას რწმენად ექცა, იგი ეკლესიური მოძღვრებისგან გაუკუღმართდა. თვით იუსტინეს, რა თქმა უნდა, მოშურნენი და მტრები მრავლად ჰყავდა, ყოფითმა მოშურნეობამ და მტრობამ მას სულიერი თვალსაზრისით უდიდესი წარმატება მოუტანა, მარტვილობის გვირგვინით დააჯილდოვა ის, მაგრამ ყოფითი გაგებით, ყოფითი აზრით, ის ძალისხმევანი რაც წმ. იუსტინემ თავის მტრებს შეალია, კარგად აჩვენებს II ს-ის რომის ჯერ კიდევ შეუწყნარებლობას ქრისტიანებისას, ქრისტიანული მოძღვრებისას. იუსტინე მარტვილის ამ მგზნებარე მტრებში იგულისხმება მაგალითად იმ დროისათვის ცნობილი ცინიკოსი ანუ კვინიკოსი, ფილოსოფოსი (კვინიკოსთა სკოლა არსებობდა მოგეხსენებათ) კრესკენტი, რომელსაც იგი უმეცრებაში ადანაშაულებდა. ამგვარი მტრობა, როგორც აღვნიშნეთ, და საზოგადოდ მოუდრეკელობა ცრუ ჭეშმარიტებისა და უმეცრების წინაშე, გახდა მიზეზი იმისა, რომ იუსტინე მარტვილი თავის მეგობრებთან, თანამზრახველებთან ერთად მარტვილურად აღესრულა.

ჩვენ მოგვეპოვება უეჭველად ავთენტური და ისტორიული აღწერილობა მისი სიკვდილისა. ეს აღწერილობა არ უნდა გავიგოთ რაღაც ვრცელ თხრობად, ესაა აქტები, ჩანაწერები, სხათაშორის რომლის ქართული თარგმანიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ “ჯვარი ვაზისას” ერთ-ერთ ნომერში. ეს გახლავთ უადრესი მარტვილოლოგიური აქტები, ყველაზე ადრინდელი, რაც ჩვენ დღეისათვის ბერძნულად მოგვეპოვება, რომელიც დასათაურებულია ასე: “მარტვილობა იუსტინესი და მისი მეგობრებისა”, რაც ეყრდნობა, როგორც ეს მკვლევართაგანაა დადგენილი, ტრიბუნალის ოფიციალურ მოხსენებას. ამიტომ ეს დოკუმენტი, როგორც დიდად ღირებული ისტორიული წყარო, შესწავლილია და მის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ წმ. იუსტინე და მისი ექვსი მეგობარი მარტვილურად აღესრულნენ, მათ თავი მოეკვეთათ დაახლოებით 165 წელს, იუნიუს რუსტიკუსის პრეფექტორატის ჟამს (ეს პრეფექტორატი 163-167 წლებით შემოიფარგლება). სწორედ ეს ძეგლი უდებს სათავეს მარტვილოლოგიური ჟანრის ლიტერატურას და ვხედავთ, რომ მარტვილოლოგიური ჟანრის სათავეში, როგორც გმირი, როგორც მოღვაწე დგას სწორედ წმ. იუსტინე მარტვილი.

რაც შეეხება იუსტინე მარტვილის შრომებს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტინე სხვადასხვა წყაროების მიხედვით უეჭველად ნაყოფიერი საეკლესიო ავტორი იყო, ჩვენამდე სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი შრომა იმ შრომათაგან, რომლებსაც ევსები კესარიელი იცნობდა და შესაბამისად გვისახელებს ჩვენ თავისი საეკლესიო ისტორიის IV წიგნის მე-18 პარაგრაფში. სამივე ეს შრომა შემონახული იყო ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც 1364 წელს არის გადაწერილი და ეს სამი შრომა ამგვარი სათაურისაა: ვახსენეთ, რომ ორი მათგანი საკუთრივ აპოლოგიებად არიან წოდებულნი და ეს აპოლოგიები წარმართთა წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო მესამე ეს გახლავთ “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი” და მიმართულია საკუთრივ იუდაიზმის წინააღმდეგ. კარგა ხანია შენიშნულია, რომ წმ. იუსტინე მარტვილის სტილი ნაკლებ დამაკმაყოფილებელია, რაც არაა გასაკვირი, რადგანაც მარტვილური განწყობით გამსჭვალული მოღვაწე ნაკლებად შესძლებს გეგმაზომიერ-სისტემურ წერილობით მოღვაწეობას. ისევე როგორც წმ. ეგნატი ანტიოქიელთან დაკავშირებით აღვნიშნავდით და მრავალი ნიმუშის საფუძველზე ვცადეთ, რომ ეს წარმოგვეჩინა. ამიტომ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მთელი მისი შრომები შთაგონებითია, ნაკლებად შეიმჩნევა იქ ერთი განსაზღვრული გეგმა, მრავალია გადახვევები, მაგრამ ეს ყოველივე არანაირად არ აკნინებს აღნიშნულ შრომებს არც ისტორიული ასპექტით და არც, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო-სულიერი თვალსაზრისით. არის ცალკეული ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს იუსტინეს და მისი სტილისთვის დამახასიათებელია. ამიტომ ადვილი ხდება გამიჯვნა ნადმვილად იუსტინესეული და ფსევდო იუსტინესეული შრომებისა, იმ შრომებისა, რომლებიც მას მიეწერება, და უეჭველი დადგენა იმისა, რომ ხსენებული სამი თხზულება ნამდვილად იუსტინე მარტვილისაა.

თუ დავიწყებთ განხილვას მისი შრომებისას აპოლოგიებით, ალბათ ეს გამართლებული იქნება, რამდენადაც მიიჩნევა, რომ იუსტინეს შრომებიდან აღნიშნული ორი აპოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთრივ იუსტინეს წერილობითი მოღვაწეობის და კონკრეტულად ამ აპოლოგიების შესახებაც ევსები, ჩვენს მიერ ხსენებულ ძეგლში (საეკლესიო ისტორია) შემდეგს გვაუწყებს: “იუსტინემ ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი რაოდენობის ძეგლები, რომლებიც ამჟღავნებს განვითარებულ სულს (განვითარებული სული გულისხმობს ლიტერატურული, მწიგნობრული თვალსაზრისით დახვეწილ რაფინირებულ სამწერლობო ენას) და აგრეთვე გულმოდგინებას საღვთო ჭეშმარიტების აღქმის საქმეში, რომლებიც დიდად სასარგებლონი არიან. პირველ რიგში უნდა მოვიხსენოთ მისი შრომა მიმართული ანტონინუსისადმი, რომელსაც აქვს ზედწოდება პიუსი (პიუსი ნიშნავს მოშიშს, კეთილმოშიშს), მისი შვილებისადმი და რომაული სენატისადმი, ჩვენი (ქრისტიანული) მოძღვრების დასაცავად (ევსები გულისხმობს პირველ აპოლოგიას). გარდა ამისა ის რაც მეორე აპოლოგია, ასევე ჩვენი რწმენის დასაცავად, გაგზავნილია ზემოხსენებული იმპერატორის მომდევნო იმპერატორთან, რომელიც მისი თანამოსახელეა, ანტონინუს ვერუსისადმი”. აი ეს ერთადერთი ბიბლიოგრაფიული ცნობა გვაქვს ჩვენ იუსტინე მარტვილის აპოლოგიებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ ეს აპოლოგიები, როგორც აღვნიშნეთ ჩვენამდე ტექსტობრივად მოღწეულია და, რა თქმა უნდა, სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ მათზე. ერთი მათგანი არის დიდი აპოლოგია, მეორე მცირე. დიდი აპოლოგია 68 თავს მოიცავს, ხოლო მოკლე აპოლოგია 15 თავისგან შედგება. ერთმთლიანობით შტრიხებს ორივე აპოლოგია ძალიან აშკარად ავლენს და ამიტომ გამოთქმული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე აპოლოგია სხვა არაფერი უნდა იყოს თუ არა დასკვნა პირველისა, ეს ვფიქრობთ სავსებით დასაბუთებულია. თუმცა ის, რომ ევსები მაინც ორი აპოლოგიის შესახებ საუბრობს, ალბათ დამადასტურებელია იმისა, რომ ეს ორი ძეგლი ცალ-ცალკე დაიწერა, ანდა ევსების დროს (IV ს-ის I ნახევარი) უკვე ურთიერგამიჯნული იყო და ცალ-ცალკე არსებობდა.

ამ აპოლოგიებს ჩვენ სამწუხაროდ აბსოლუტური ტექსტობრივი დაწვრილებით, რა თქმა უნდა, ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე მომენტზე გვსურს ხაზი გავუსვათ, განსაკუთრებით კი პირველ აპოლოგიასთან დაკავშირებით. ე.ი. შინაარსობრივი თვალსაზრისით და განსაკუთრებით დოგმატურ-ეთიკური ასპექტით პირველი აპოლოგიის მნიშვნელობა ვფიქრობთ ცალკეა გამოსაყოფი, რასაც ალბათ შემდგომ საუბრებში განვახორციელებთ კიდეც.

 

 

130–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=XT3gFHUOhWY


იუსტინე მარტვილის აპოლოგეტური შრომა “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”. მისი ჩვენამდე არ მოღწეული შრომები

ჩვენს წინა საუბარში განვიხილეთ წმ. იუსტინე მარტვილის შრომებიდან ორი აპოლოგია, დიდი და მცირე. აღვნიშნავდით, რომ მესამე შრომა, მოცულობით კიდევ უფრო დიდი, რომელიც კონკრეტულად იუდეველთა წინააღმდეგ და იუდაიზმის წინააღმდეგ იცავს ქრისტიანულ მოძღვრებას, წოდებულია როგორც “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”.

ეს ძეგლი გახლავთ დღეისათვის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ქრისტიანული აპოლოგია, მიმართული იუდაიზმის წინაღმდეგ. სამუწუხარდო ჩვენ აბსოლუტურად მთლიანი ტექსტი ორიგინალისა არ მოგვეპოვება, დაზიანებული გახლავთ ამ ძეგლის შესავალი და აგრეთვე დიდი ნაწილი 74-ე თავისა. ეს დიალოგი ქრონოლოგიურად აშკარად გვიანდელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აპოლოგიებზე, რამდენადაც ხსენებული დიალოგის 120-ე თავში არის მითითება იუსტინე მარტვილის იმ პირველ დიალოგზე, რომელსაც ჩვენ წინა საუბარში მეტნაკლებად დეტალურობით შევეხეთ. ეს “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი” კონკრეტული მოვლენების საფუძველზე დაწერილი ძეგლი გახლავთ. მართალაც ისტორიულად გაიმართა ეს დიალოგი. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი, ანდა უფრო სწორად დილეტანტი თვლის, რომ ეს რაღაც მხატვრული ფორმაა, მაგრამ საქმე ასე არ გახლავთ, რეალურად იყო პაექრობა იუსტინე მარტვილსა და ტრიფონ იუდეველს შორის. ეს პაექრობა როგორც ჩანს შედგა ორივე მხარის მოთხოვნით, იუდეველებსაც ცხადია აინტერესებდათ საკუთარი სარწმუნოების მძლეობის ხილვა და ცხადია ქრისტიანებსაც. ეს შეხვედრა ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ ამის შესახებ ვიგებთ აღნიშნული ძეგლიდან. იუდეველი, ვისაც ეპაექრება იუსტინე, გახლავთ განსწავლული, მომზადებული, ვის შესახებაც ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ პიროვნებაში უნდა ვიგულვოთ იმ ეპოქის ცნობილი რაბინი სახელწოდებით ტარფონი, რომლის სახელიც ტრიფონად გადაკეთდა. როგორც ევსები კესარიელი გვაუწყებს თავის საეკლესიო ისტორიაში, აღნიშნული საუბარი თუ პაექრობა ეფესოში გამართულა და შემდეგ იუსტინე მარტვილმა, როდესაც დასრულდა სიტყვიერი, ზეპირი პაექრობა, წერილობით გადმოსცა ეს ყოველივე, ხოლო თავისი წერილობითი ნაშრომი გადასცა, ჩვენთვის სხვა მხრივ უცნობ პიროვნებას, ვინმე მარკუს პომპეიოსს.

დიალოგი, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ მოცულობითია, ის მოიცავს 142 თავს, რომელთაგან ზოგიერთი თავი საკმაოდ ვრცელია. დასაწყისი, როგორც აღვნიშნეთ, დაკარგულია და შესავალის ფუნქციის მატარებელია 2-8 თავები, სადაც იუსტინე მარტვილი დეტალურად გვაუწყებს და მოგვითხრობს თავისი ინტელექტუალური ფორმირების შესახებ, ჭეშმარიტების ძიების შესახებ, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ სულ პირველ საუბარში იუსტინე მარტვილის შესახებ ინფორმაცია წარმოვადგინეთ, რა ინფორმაციაც სწორედ ამ ნაწილს ხსენებული დიალოგისას ეყრდნობოდა. აქ არის აღწერილი თვით იუსტინესგან თუ როგორ მოვლო მან სხვადასხვა სკოლა, როგორ მოხდა მისი მართლაც ინტელექტუალური ფორმირება და ბოლოს როგორ მოიქცა იგი ჭეშმარიტებაზე. რაც შეეხება პირველ ნაწილს აღნიშნული შრომისას, ე.ი. შესავალი ნაწილის შემდეგ პირველ ნაწილს, მკვლევართა აზრით ამ პორველ ნაწილად ჩვენ უნდა ვიგულვოთ 9-47 თავები, სადაც არსებითად გადმოცემულია ქრისტიანული სწავლება ძველი აღთქმის შესახებ, თუ როგორ ხედავს, როგორ ჭვრეტს ძველი აღთქმის დანიშნულებას ქრისტიანული მოძღვრება. აქ არის ღრმად განჭვრეტილი ის მხარე, რომ მოსეს ხუთწიგნეული და ზოგადად მთელი ძველი აღთქმა, თუ მას ჩვენ თავისთავადი მნიშვნელობით განვჭვრეტთ, დროებითია და სწორედ ესაა იუდაიზმი, რომელიც ძველ აღთქმას თავისთავადი მნიშვნელობით ჭვრეტს. მაშინ როცა ეკლესიური სწავლებით ძველი აღთქმა ფასობს ახალი აღთქმით, ახალ აღთქმაზე წინასწარმეტყველებით, ახალი აღთქმა არის სრულყოფა ძველი აღთქმისა, ძველი აღთქმა კი არის წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის შესახებ და ამიტომაა ერთმთლიანობა ძველი და ახალი აღთქმა ქრისტიანისთვის. მაგრამ ვინც უარყოფს ახალ აღთქმას, ის უკვე ძველ აღთქმას წინასწარმეტყველბით მნიშვნელობას კი არ ანიჭებს, არამედ თავისთავად გაგებას და ესაა სწორედ დროებითი, რადგან მართალია ამ გაგებით მაინც უნარჩუნდება ძველ აღთქმას ღირსებანი, იქ არის თავისთავადი მნიშვნელობის კეთილი სწავლებანი (თუნდც ათი მცნება), მაგრამ ეს ყოველივე თუ თავის დაგვირგვინებას, თავის აღსრულებას და საქმედ ქცევას ახალ აღთქმაში არ პოულობს, ძველ აღთქმას ჩვენ ახალი აღთქმის გარეშე მაცხოვნებლად ვერ მივიჩნევთ. თორემ მაშინ ძველი აღთქმის ეპოქაშიც უნდა ყოფილიყო ცხონება და მაცხოვრის განკაცება აუცილებელი არ გახდებოდა. ამრიგად ეს თვალსაზრისია გადმოცემული ამ პირველ ნაწილში, თუ როგორ ჭვრეტს ძველი აღთქმის დანიშნულებას ქრისტიანობა და აქვე რა არის ახალი აღთქმა ანუ რა არის საკუთრივ ქრისტიანობა, რომ ქრისტიანობა ეს არის ახალი, მაგრამ არა ახალი დროებითი, არამედ ახალი და მარადიული (რომლის მნიშვნელობაც არასოდეს არ უქმდება და არასოდეს არ ფერმკრთალდება) კანონი, რჯული მთელი კაცობრიობისა.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც მოიცავს 48-108 თავებს, მასში დამტკიცებული და დადასტურებულია მართებულობა იმისა, რომ იესო ქრისტე ღმერთად უნდა იყოს თაყვანცემული, იმიტომ, რომ ის ბუნებითი ღმერთია. მაცხოვრის, იესო ქრისტეს, ღმერთობას გვიდასტურებს ჩვენ ეს მეორე ნაწილი. და მესამე ნაწილი, 109-142 თავები, ამტკიცებს და ადასტურებს, რომ ის ერები, რომლებსაც სწამთ მაცხოვრისა ანუ სწამთ იესო ქრისტესი და ახალ რჯულს მიჰყვებიან, ისინი არიან ახალი ისრაელი და ღვთის ჭეშმარიტად რჩეული ერი, ანუ ქრისტიანობა როგორც ახალი ისრაელი და ახალი, რჩეული ერი ღვთისა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძეგლიც აპოლოგეტურია, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, საკუთრივ აპოლოგეტური მეთოდიკა იუსტინესი განსხვავდება იმ მეთოდისგან, რაც აპოლოგიებშია გამოყენებული. სხვა რომ არაფერი თვით ჟანრობრივად არის აბსოლუტურად განსხვავებული თავისი წინამორბედი ძეგლებისგან. გარდა ამისა ამ დიალოგში აქცენტი არის საკუთრივ ძველ აღთქმაზე, ძველი აღთქმის ციტირებაზე, ძველი აღთქმის ციტატებისა და მუხლების საფუძველზე ახალი აღთქმის ჭეშმარიტების დამტკიცება, აი ესაა მიზანდასახულობა ავტორისა. წინამორბედ აპოლოგიებში, თავისთავად ცხადია, ეს მონაცემები ჩვენ არ გვაქვს გასაგები მიზეზის გამო, რადგან აპოლოგიები წარმართი იმპერატორისადმი, ელინი იმპერატორისადმი იყო გაგზავნილი, რომელსაც არც წაეკითხა და რომლისთვისაც არავითარი ავტორიტეტულობის ძალა არ ჰქონდა, თავისთავად ცხადია, ძველ აღთქმას. ხოლო როდესაც იუდეველს ეკამათება წმ. იუსტინე მარტვილი, რა თქმა უნდა, ამ იუდეველის დასარწმუნებლად, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა, სწორედ მისთვის თაყვანსაცემი წიგნიდან, ძველი აღთქმიდან მოუხმობს ნიმუშებსა და მტკიცებულებებს. ეს მეთოდი, ძველი აღთქმის საფუძველზე ახალი აღთქმის ჭეშმარიტების დამტკიცებისა იუდეველთა წინააღმდეგ, წმ. იუსტინე მარტვილის შემდეგ საყოველთაო, ერთ-ერთი განმსაზღვრელი და აუცილებელი ნაწილი ხდება აპოლოგეტიკისაც და პოლემიკურ-ანტიერეტიკული ლიტერატურისაც, ანტიერეტიკული საეკლესიო მოღვაწეობისაც, ზეპირი იქნება ეს მოღვაწეობა თუ წერილობითი.

ამავე დიალოგში მრავალ ადგილას იუსტინე მარტვილი ჩვენ განყენებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სწავლებებს გადმოგვცემს, რომელთა საფუძველზეც მყარი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ ავტორზე, როგორც ფილოსოფოს ღვთისმეტყველზე. ცხადია ეს ძეგლი, რაც ჩვენამდეა მოღწეული წერილობითი სახით, აბსოლუტურად კოპიო და ადეკვატი იმ ზეპირი პაექრობისა ვერ იქნებოდა და ასეთი რამ არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მკვლევართაგან ერთხმად აღიარებულია, რომ ეს ძეგლი არც, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ჟესტია, რომ ეს ფორმა მხატვრული რაღაც ჩანაფიქრი არ გახლავთ წმ. იუსტინესი, არამედ აქაა რეალური მოვლენის შეძლებისდაგვარად მწიგნობრული ფიქსაცია, საკუთრივ ერთ-ერთი მოპაექრის, ამ შემთხვევაში წმ. იუსტინეს მიერ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც აღვნიშნეთ, ეს დიალოგი და პაექრობა ალბათ ეფესოში მიმდინარეობდა და მიიჩნევენ, რომ შესაძლოა იმ ომის თანადროულადაც კი, რასაც ბარქოქბას ომი ეწოდება და რასაც თვით იუსტინე ახსენებს თავისი შრომის პირველ და მეცხრე თავებში. ჩვენ მოგვიანებით იმას, რაც ეხლა აღვნიშნეთ, რომ ზოგ შემთხვევაში იუსტინე მარტვილი უაღრესად ღრმა ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სწავლებებს გადმოგვცემს, შევეხებით იმ ნაწილში ჩვენი საუბრისა, რაც იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველებას გულისხმობს, მაგრამ ამჯერად ამ პირველადი ცნობებით შემოვიფარგლებით.


წმ. იუსტინე მარტვილის დაკარგული შრომები


როდესაც აღვნიშნავდით, რომ იუსტინე მარტვილი ნაყოფიერი საეკლესიო ავტორია, თავისთავად ცხადია, ჩვენგან დასახელებული და მეტნაკლებად განხილული ძეგლები ამ ნაყოფიერებას ვერ დაგვიდასტურებს, იმიტომ, რომ სამი ძეგლი არ მეტყველებს ავტორის ლიტერატურულ ნაყოფიერებაზე. მაგრამ თუ აღვნიშნავთ, რომ დაკარგულია ბევრი მნიშვნელოვანი შრომა იუსტინე მარტვილისა, ცხადია უკვე ამგვარი აზრის გამოთქმისთვის გაცილებით მეტი და არგუმენტირებული საფუძველი გვექნება. რამდენიმე სიტყვით ჩვენ ამ საკითხსაც გვინდა შევეხოთ, რომ წმ. იუსტინე ბევრი სხვა შრომის ავტორიც იყო. სხადასხვა მხრივ ჩვენ ეს შრომები სახელწოდების კუთხით მაინც და ზოგ შემთხვევაში უმცირესი ფრაგმენტის სახითაც შეგვიძლია გავიცნობიეროთ და იუსტინე მარტვილის დაკარგულ შრომებზე საუბარი შევძლოთ.

ამ შრომათა შორის ალბათ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავასახელოთ მონუმენტური თხზულება იუსტინე მარტვილისა, ვფიქრობთ ალბათ ყველაზე უფრო დასანანი დაკარგულ შრომათა შორის დაკარგვის გამო, ეს არის წიგნი “ყველა ერესის წინააღმდეგ”. ამ შრომით იწყება საეკლესიო ტრადიციაში მონუმენტური ანტიერეტიკული ხაზი ანუ ერთი რომელიმე კონკრეტული ერესის მხილება კი არა, არამედ ამა თუ იმ შრომის საეკლესიო ავტორისათვის ცნობილი ერესების მხილება მთლიანობაში, ერთობლივად, დეტალურად და მეცნიერულად. ამ ხაზს შემდეგ შეუდგება წმ. ირინეოს ლიონელი, რომელიც დაწერს თავის ცნობილ ხუთწიგნეულს “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, შემდგომ წმ. იპოლიტე რომაელი III ს-ის I ნახევარში, რომლის სახელგანთქმული შრომა “ფილოსოფუმენა” ანდა ყველა ერესის წინააღმდეგ, ერთ-ერთი იმგვარივე საფუძველი ხდება ანტიერეტიკული ხაზისა როგორც იუსტინესა და ირინეოსის შრომა. შემდგომ ეპიფანე კვიპრელის ფუნდამენტური და უზარმაზარი, იმავე სახელწოდებისა და ხასიათის თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ” (არსებითად ესაა 80 ერესის წინააღმდეგ მიმართული ძეგლი), თეოდორიტე კვირელის ანტიერეტიკული შრომები, “ელინთა ბოროტმზრახველობის მხილება”, იოანე დამასკელის თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ”, რომელიც მეორე ნაწილია მისი სამწიგნეულისა სახელწოდებით “წყარო ცოდნისა” და მრავალი სხვა. აი ამ უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე შრომების სათავეში დგას იუსტინე მარტვილის ხსენებული თხზულება, რომლის შესახებაც მართალია ჩვენ ვამბობთ, რომ ის დაკარგულია, მაგრამ დაკარგულია ცალკე აღებული სახით, ე.ი. ცალკე გამოყოფილად ხელნაწერებში ჩვენ ასეთი ძეგლი შემონახული არ გვაქვს, მაგრამ ეს ძეგლი დაკარგული არაა იმ აზრით, რომ იგი განფენილია მთელი გვიანი დროის ანტიერეტიკულ ლიტერატურაში. პირველ რიგში ამ შრომიდან ხელმძღვანელობს და ამ შრომას ეყრდნობა წმ. ირინეოსი, შემდეგ იპოლიტე რომაელი და სხვა ყველა გვიანდელი ანტიერეტიკოსი საეკლესიო მწერალი. ხოლო ეს შრომა რომ ნამდვილად დაწერა იუსტინე მარტვილმა ამაზე თვით იუსტინე მიგვითითებს ჩვენ თავისი პირველი აპოლოგიის 26-ე თავში.

აქვე უნდა ვახსენოთ შრომა “მარკიონის წინააღმდეგ”. მარკიონი გახლდათ გნოსტიკოსი, გნოსტიკური ერესის წარმომადგენელი, რომელსაც, როგორც ფიქრობენ, პირადადაც იცნობდა იუსტინე მარტვილი და შესაბამისად ამ შრომის მნიშვნელობაც განსაკუთრებულია. ეს ძეგლი ერთ-ერთი პირველ მხილებაა გნოსტიკური ერესისა და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. როგორც ცნობილია ამ შრომას შემდეგში იყენებდა წმ. ირინეოსი, აგრეთვე მას ახსენებს ევსები კესარიელი თავის საეკლესიო ისტორიაში, როგორც მნიშვნელოვან ანტიერეტიკულ ძეგლს.

ჩვენამდე არ მოღწეული შრომები წმ. იუსტინე მარტვილისა, გარდა ამ ორისა, კიდევ არაერთია, თუმცა სამწუხაროდ ამჯერად ვეღარ ვახერხებთ მათზე საუბარს და ამიტომ მომდევნო საუბარში აღნიშნულ ძეგლებს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით.

 

131–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=B2hnLM-O-wo

 

წმ. იუსტინე მარტვილის დაკარგული და ფსევდო იუსტინესეული შრომები

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით წმ. იუსტინე მარტვილის დაკარგულ შრომებს, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. განსაკუთრებით შევეხეთ ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს დაკარგულთა შორის, რომლის არ მოღწევაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს გახლავთ ვრცელი და მონუმენტური ანტიერეტიკული თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ”. აქვე აღვნიშნავდით, რომ წმ. იუსტინეს კონკრეტული, ცალკე აღებული ერთი ერესის მიმართაც შრომა ასევე ჰქონდა დაწერილი, კერძოდ ეს იყო მარკიონის წვალების წინააღმდეგ (მარკიონი გნოსტიციზმის წარმომადგენელი გახლდათ), სადაც ამ უკანასკნელის ერესი სპეციალურად განუხილავს და განუქიქებია წმ. იუსტინე მარტვილს. ჩვენამდე არც ეს შრომა გახლავთ მოღწეული.

ჩვენამდე აგრეთვე არ არის მოღწეული იუსტინეს თხზულება “საუბარი ელინთა წინააღმდეგ”, რომლის შესახებაც ჩვენ ევსები კესარიელი, თავის საეკლესიო ისტორიაში, გვაუწყებს, რომ ამ თხზულებაში იუსტინე მარტვილი პირველ რიგში გადმოსცემს ბერძენ ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს, ხოლო შემდეგ განიხილავს ეშმაკთა ბუნების საკითხს. დემონოლოგიის შესახებ საეკლესიო სწავლების ერთ-ერთი საფუძველდამდები თხზულება სწორედ ეს შრომა უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ გვიან საუკუნეებშიც, მაგრამ უკვე ამ ეპოქაში ეშმაკთა, როგორც დაცემულ ანგელოზთა შესახებ განხილვები ეკლესიის მამათა წერილობით მოღვაწეობაში უეჭველად გამოკვეთილია. ჩვენ შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, როდესაც წმ. ათენაგორა ათენელის მოძღვრებას შევეხებით, ვრცლად განვიხილოთ ეს საკითხი, ეშმაკეული ბუნების, კერპის რაობის საკითხი, რაც სწორედ ათენაგორას შრომებშია გამოკვეთილი, მაგრამ როგორც ჩანს იგივე საკითხები ასევე ღრმა საღვთისმეტყველო განხილვით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ამ შრომაშიც, რომელიც ჩვენამდე არ მოღწეულა.

იუსტინეს ასევე ქონია დაწერილი “უარყოფა”, ასეთი სათაურის მქონე თხზულება, რომელიც ევსების მიხედვით მიმართული ყოფილა ბერძნენთა წინააღმდეგ, ე.ი. ელინიზმის, წარმართობის უარყოფა ყოფილა მოცემული ამ შრომაში.

განყენებული თეოლოგიური ხასიათის შრომა დაუწერია წმ. იუსტინეს სახელწოდებით “ღვთის მეუფებრიობის შესახებ” და როგორც იგივე ევსები გვაუწყებს “ამ შრომაში იუსტინე მარტვილს ღვთის უზენაესი ხელმწიფების დადასტურება არა მხოლოდ საღვთო წერილის საფუძველზე მოუცია, არამედ აგრეთვე ბერძენ ფილოსოფოსთა ნაშრომების მიხედვითაც”.

ფსიქოლოგიური ხასიათის შრომაც დაუწერია წმ. იუსტინეს სახელწოდებით “სულის შესახებ”. ამ შრომის ძალიან მოკლე რეზიუმეს ევსები კესარიელი ამგვარად გადმოგვცემს: მისი თქმით იუსტინეს ამ შრომაში განუვითარებია სხვადასხვა საკითხები სულთან დაკავშირებით, კერძოდ იგი ეხება ბერძენ ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს და აქვე იძლევა დაპირებას იმისას, რომ ამ თვალსაზრისებს უარყოფს და გადმოსცემს საკუთარ სხვა შრომაში. ე.ი. როგორც ჩანს ეს თხზულება ყოფილა მოსამზადებელი ანუ შესავალის ტიპის ნაშრომი სულის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემისა, ანუ ჯერ წინარე თვალსაზრისები შემოუკრებია და მათი უარყოფის დაპირება მოუცია იუსტინეს და შემდგომში უკვე, დაწერა თუ არა ეს უკვე აღარ ვიცით, მას უნდა მოეცა უარყოფაც უკვე წარმოდგენილი თვალსაზრისებისა და აგრეთვე საკუთრივ ეკლესიური მოძღვრების ზედმიწევნითი გადმოცემაც.

იუსტინეს დაკარგულ შრომებს შორის იხსენიება აგრეთვე თხზულება სახელწოდებით “ფსალმუნნი”, თუმცა რაობა ამ შრომისა დღეისათვის გაურკვეველი გახლავთ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრომის შესახებ, სახელწოდებით “აღდგომის თაობაზე”, იგულისხმება მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა. ამ შრომიდან სამი ფრაგმენტი მოტანილი აქვს წმ. იოანე დამასკელს, VII-VIII ს-ის ამ უდიდესი მოძღვარს, თავის სახელგანთქმულ კომპენდიუმში სახელწოდებით “წმინდა პარალელები”, რაც ჩვენ ადრეს დაგვიმოწმებია. თუმცა სხვა რამ მოწმობა იუსტინე მარტვილის ამ შრომასთან დაკავშირებით ჩვენ დღეისათვის არ მოგვეპოვება.

ესაა თხზულებები, რომლებიც ნამდვილად დაწერა იუსტინე მარტვილმა და რომლებიც დაკარგულია, მაგრამ ამ შრომების გვერდით ჩვენამდე მოღწეულია თხზულებები, რომლებიც იუსტინე მარტვილის ავტორობით არის წარმოდგენილი ხელნაწერში მაგრამ მკვლევართა დაკვირვებითა და სათანადო ანალიზის საფუძველზე მათი იუსტინესეულობა უარყოფილი გახლავთ. ეს შრომებია მაგალითად თხზულება “შეგონება ბერძენთა მიმართ”, რომლის შესახებაც მიიჩნევენ რომ ის სინამდვილეში დაახლოებით III ს-ში უნდა იყოს დაწერილი და შემდეგ მიკუთვნებული იუსტინე მარტვილისადმი. ეს თხზულება არის მსჯელობის ფორმით წარმოდგენილი და მიზანდასახულობა მისი მდგომარეობს იმაში, რომ ბერძნები ჭეშმარიტი რელიგიის, ჭეშმარიტი სარწმუნოების, აღსარებამდე და მიღებამდე მიიყვანოს. აქ განხილულია სხვადასხვა თვალსაზრისები ღვთის შესახებ, მათ შორის ბერძენ პოეტთა  ე.წ. თეოლოგიური გამონათქვამები ღმერთების შესახებ, რომელთა განხილვის შემდეგ იუსტინე მარტვილი ასკვნის, რომ ამგვარ გამონათქვამში გამოკვეთილი აზრები არ შეიძლება მიღებულ იქნეს. ასევე იგი წარმოგვიდგენს საკუთრივ ფილოსოფოსთა სწავლებებს და დასკვნა კვლავ იგივეა, რომ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ფილოსოფოსთა სწავლებანი მრავალი ურთიერთ საწინააღმდეგო დებულებით არის სავსე. იუსტინე თვლის და ასკვნის, რომ ჭეშმარიტება უნდა ვეძიოთ მოსესა და წინასწარმეტყველთა შრომების შიგნით, რომლებიც უწინარესნი არიან ბერძენ ფილოსოფოსებზე, თუმცა აქვე არც ის არის, რა თქმა უნდა, უარყოფილი (როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ეს შრომა მართლაც კონკრეტულად წმ. იუსტინეს ნამდვილი შრომების გავლენის ქვეშაა), რომ გარკვეული კვალი, გარკვეული მარცვლები ჭეშმარიტებისა ღვთის შესახებ შეიძლება მოკრებილ და მოძიებულ იქნეს ანტიკურ პოეტებთანაც, ანტიკურ ფილოსოფოსებთანაც.

ესაა ერთადერთი მხარე, რაც შეიძლებოდა პარალელისთვის ამ შრომისა წმ. იუსტინე მარტვილის შრომებთან ჩვენ მოგვეტანა. თუმცა მთლიანობაში ხსენებული ძეგლის ავტორი მნიშვნელოვნად სხვაობს იუსტინესგან მსოფლმხედველობრივადაც და, რა თქმა უნდა, ენობრივ-სტილური თვალსაზრისითაც. თვით საკუთრივ ბერძნულ ფილოსოფიასთან დამოკიდებულებაშიც სხვაობა გახლავთ, პოზიციის თვასლაზრისით, წმ. იუსტინეს ნამდვილ თვალსაზრისსა და ამ ფსევდო იუსტინესეულ შრომას შორის და როგორც მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს თუნდაც მხოლოდ ეს არგუმენტი საკმარისია იმისათვის, რომ აღნიშნული თხზულება ჩვენ არ ჩავთვალოთ იუსტინესეულად.

ასევე ფსევდო იუსტინესეულ თხზულებად მიიჩნევა შრომა სახელწოდებით “ქადაგება ბერძენთა მიმართ” (სპეციალურ ლიტერატურაში ამ ძეგლის ლათინური სახელწოდებაა გავრცელებული “ორაციო ად გრეკოს”), რომელიც მოკლე შრომა გახლავთ და მხოლოდ 5 თავს მოიცავს. სტილური მხარე ამ ძეგლისა არის ცოცხალი, ცხოველმყოფელი და ქმედითი, ხოლო შინაარსი და გადმოცემული აზრები უაღრესად კონდენსირებული და კომფაქტურად წარმოდგენილი. როგორც შინაარსი აჩვენებს ავტორი ამ ძეგლისა უნდა იყოს გაქრისტიანებული ელინი, რომელიც ამ შრომას წერს საკუთარი ცხოვრების აპოლოგიად. ავტორი განსაკუთრებით თავს ესხმის ღმერთების ბერძნული პანთეონის შესახებ არსებულ თხრობათა მკვეთრად გამოხატულ ამორალურობას, რაც აღწერილია ჰომეროსისა და ჰესიოდეს მიერ და დასკვნის სახით გამოთქმულია მკვეთრი მოწოდება მათდამი, მოქცევისა და გაქრისტიანებისკენ. როგორც მიიჩნევენ ამ ძეგლის რიტორიკული სტილი და აგრეთვე ძალიან ღრმა ცოდნა ბერძნული მითოლოგიისა, რასაც ეს შრომა ამხელს, გამორიცხავენ იუსტინე მარტვილის ავტორობას. მიიჩნევენ, რომ ეს ძეგლიც დაახლოებით III ს-ის I ნახევრით უნდა დათარიღდეს.

სხვათაშორის ეს ძეგლი ჩვენამდე ორი რედაქციით არსებობს, უფრო მოკლე ბერძნულადაა დაცული, ხოლო რაც შეეხება უფრო ვრცელს, რომელიც შედგენილია ვიღაც, ჩვენთვის უცნობი პიროვნების, სახელწოდებით ამბროსის მიერ, შემონახული გახლავთ მხოლოდ სირიულ თარგმანში.

ექვს თავად მოღწეული თხზულებაა სახელწოდებით “მონარქიის (ძველ ქართულად ერთმთავრობა) შესახებ”, რაც მიზნად ისახავს მონოთეიზმის ანუ ერთღმერთიანობის დამტკიცებას ბერძენ პოეტთა ციტატების კვალობაზე, ანუ ბერძენი პოეტებია მოხმობილი ამ შემთხვევაში ერთღმერთიანობის დამამტკიცებლად. ეს მეთოდი მიღებული იყო საეკლესიო ტრადიციაში და როგორც ვხედავთ მას უადრესი წარმოშობა აქვს, რომ ანტიკური ანუ მრავალღმერთიანი სარწმუნოების მიმდევარ პირთა ნაწერების საფუძველზე დასაბუთდეს ერთღმერთიანობა, რომ ღმერთი ერთია და არა მრავალი. ამ შრომის სტილიც მკვეთრად სხვაობს იუსტინე მარტვილის ნამდვილი შრომების სტილისგან და ეს გახლავთ მთავარი არგუმენტი მისი იუსტინესადმი მიკუთვნების უარყოფისა. გარდა ამისა ევსები გარკვეულ შეჯამებას გვაწვდის ჩვენ იმ შრომის, სახელწოდებით “მონარქიის შესახებ”, ავთენტური თხზულებისას, რაც იუსტინე მარტვილს შეიძლებოდა მიკუთვნებოდა და აი ეს შრომა არანაირად არ თანხვდება არცერთ პუნქტში ჩვენამდე მოღწეულ აღნიშნულ ძეგლს. ასე რომ ეს მომენტიც მის არა იუსტინესეულობას სავსებით თვალსაჩინოდ გვიდასტურებს. თუმცა აღვნიშნავთ, რომ ხელნაწერი აღნიშნულ ძეგლს იუსტინე მარტვილს მიაწერს სხვა ძეგლებთან ერთად, იუსტინე მარტვილის შრომებს შიგნით არის ეს შრომა შესული. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ გარკვეული საფუძვლებისა და არგუმენტების გამო ის უარყოფილია.

ასევე უარყოფილია იუსტინესეულობა შრომებისა, რომლებიც შინაარსობრივად ძალინ ღრმაა, ძალიან თეოლოგიურია, რომლითაც ეკლესიის მამები მოგვიანებით სარგებლობდნენ კიდეც, მაგრამ როგორც მიჩნეულია მათი ავტორი იუსტინე მარტვილი არ უნდა იყოს. ეს გახლავთ პირველ რიგში “კითხვა-მიგება მართლმადიდებელთა მიმართ”, რაც შეიცავს 61 კითხვასა და პასუხს ისტორიულ, დოგმატურ, მორალურ და ეგზეგეტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. აქ ზოგჯერ ისეთი კითხვებია დასმული, რაც დღესაც ძალიან გვაღელვებს. ვფიქრობთ, რომ ეს შრომა მნიშვნელოვანია დღევანდელი თვალსაზრისითაც და ის თარგმნას საჭიროებს აუცილებლად. დაახლოებით ასეთივე ხასიათისაა მეორე შრომაც, სახელწოდებით “კითხვა-მიგება ქრისტიანებისა და წარმართებისა”. ამ შემთხვევაში ქრისტიანები უსვამენ წარმართებს ხუთ შეკითხვას თეოლოგიური ხასიათისას, რომლებსაც შემდეგ თვითვე პასუხობენ და აი ეს პასუხები წარმართებისა თეოლოგიურ საკითხებზე, ქრისტიანთაგან შემდეგ განხილულნი და გაანალიზებულნი, ურთიერთდაპირისპირებით აღსავსენი უკვე ურწმუნოებას ბადებენ.

ასევე მნიშვნელოვანია მესამე შრომა “კითხვა-მიგება ელინებისა და ქრისტიანებისა”, სადაც მოცემული გახლავთ 15 შეკითხვა, რომლებსაც ამ შემთხვევაში წარმართები უსვამენ ქრისტიანებს, ხოლო ქრისტიანები პასუხს სცემენ მათ. შეკითხვები ეხება ღვთს არსებას, მკვდრების აღდგომას და სხვა დოგმატურ საკითხებს რაც საეკლესიო მოძღვრებაში იგულისხმება.

ჩვენ აქვე უნდა დავასახელოთ საკუთრივ ფილოსოფოიური მიზანდასახულობის უარმყოფელობითი შრომა სახელწოდების “ზოგი არისტოტელიკოსის უარყოფა” (სათაური შეიძლება ასეც თარგმნილიყო ზოგი არისტოტელესეული განმარტების, ანუ ზოგი არისტოტელესეული სწავლების უარყოფა). აქ არის 65 პარაგრაფად წარმოდგენილი უარყოფა არისტოტელეს მოძღვრებისა ღვთისა და სამყაროს შესახებ.

უკანასკნელი ოთხი ნაწარმოების ნამდვილი ავტორის შესახებ კარგა ხანია კვლევა-ძიება მიმდინარეობს და უკვე ფაქტობრივად მიიჩნევენ, რომ ნამდვილი ავტორი ნაპოვნი გახლავთ. თუმცა ამ კვლევა-ძიებებმა სხვადასხვა ეტაპი განვლო, კერძოდ პატრისტიკის ცნობილი შემსწავლელი ჰარნაკი თვლიდა, რომ ამ შრომების ავტორი უნდა ყოფილიყო დიოდორე ტარსელი, მაგრამ დღეისათვის მიიჩნევა, რომ ნამდვილი ავტორი უნდა იყოს თეოდორიტე კვირელი, რომელსაც ერთ-ერთი ხელნაწერი, კერძოდ კონსტანტინოპოლისა, ჩვენს მიერ ბოლოს დასახელებული კითხვა-მიგებითი ოთხი შრომიდან პირველს (კითხვა-მიგებანი მართლმადიდებელთა მიმართ) სწორედ მისი ავტორობით მოიხსენიებს. და რამდენადაც ეს შრომა ზედმიწევნით თანხვდება დანარჩენ სამს თავისი სტილური ნიშნებით, ფიქრობენ, რომ შესაძლოა დანარჩენი სამის ავტორიც თეოდორიტე კვირელი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალსაზრისი ბევრი მკვლევრისგან მიღებულია, მაინც სხვა არაერთი ავტორიტეტული მკვლევარი, მათ შორის ცნობილი პატროლოგი კვასტენი, თვლის, რომ ამის დასამტკიცებლად ჩვენ რაიმე მყარი არგუმენტი დღეისათვის არ მოგვეპოვება.

გარდა აქ ჩამოთვლილი შრომებისა, იუსტინე მარტვილს მიეწერება აგრეთვე თთხზულება სახელწოდებით “სარწმუნოების გადმოცემა ანუ სამების შესახებ”, სადაც გადმოცემულია ქრისტიანული მოძღვრება სამებასთან დაკავშირებით. ასევე წარმოდგენილია მტკიცებულებანი, რომ ამ შრომის ნამდვილი ავტორი უნდა იყოს თეოდორიტე კვირელი. სხვათაშორის ამგვარი ატრიბუცია ძალიან ადრინდელია და ის მკვლევართა კუთვნილებას არ წარმოადგენს, რადგან ჯერ კიდევ მონოფიზიტი ავტორი VI ს-ის მიჯნისა, სევერუს ანტიოქიელი, თავის შრომაში “უწმინდურ გრამატიკოსთა წინააღმდეგ” ზემოთ ხსენებულ ძეგლს სწორედ თეოდორიტე კვირელს მიაწერს.

აგრეთვე ერთი ეპისტოლე მიეკუთვნება წმ. იუსტინე მარტვილს, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს “ეპისტოლე ძენასა და სერენუმისადმი”. ამ ეპისტოლეს გარკვეული პირები მიიჩნევენ ქრისტიანული ასკეტიზმის სახელმძღვანელოდ, სადაც არის შეგონებანი, განაწესები, სათნოებათა შესახებ, იქნება ეს სიმშვიდე, უპოვარება, ურისხველობა თუ სხვა. მიიჩნევენ იმასაც, რომ ძეგლი მნიშვნელოვან გავლენას განიცდის, სათნოებითი ღვთისმეტყველების ასპექტით, სტოიკური ფილოსოფიისას, სტოიციზმისას. ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნულ ძეგლს მიაკუთვნებს სისინიუს კონსტანტინპოლელს და შესაბამისად ათარიღებს მას დაახლოებით 400 წლით, ე.ი. IV-V ს-ის მიჯნით.

აი ეს შეიძლება ითქვას იუსტინე მარტვილის დაკარგულ და ფსევდო შრომათა შესახებ. ვფიქრობთ წარმოდგენილი მსჯელობა თვალნათლივ გვიდასტურებს იმას, რაც ჩვენ თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ იუსტინე მარტვილი თავისი დროის, თავისი ეპოქის საკმაოდ ნაყოფიერი საეკლესიო ავტორი იყო, თუმც ამ ნაყოფიერების დამადასტურებელი დღეისათვის მხოლოდ ცალკეული ცნობები გვაქვს შემორჩენილი მის შრომებზე, ხოლო სრული სახით მხოლოდ სამი მათგანი გახლავთ მოღწეული.

 

132–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=vPXJCzKP74M

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 26 November 2016 10:45)