Georgian (Georgia)English (United Kingdom)
169

ქრისტიანული ფილოსოფია

პანტენოს ალექსანდრიელი

ჩვენ წინა საუბარში დავაბოლოვეთ ყველაზე უფრო არსებითი კუთხით წმ. ირინეოსის ღვთისმეტყველების გადმოცემა. ადრეც არაერთგზის აღგვინიშნავს და ამჯერად მეტი კონკრეტულობით დავაზუსტებთ, რომ ის ეპოქა, როდესაც წმ. ირინეოსმა თავისი მოღვაწეობა დააბოლოვა, გახლავთ მიჯნა II-III საუკუნეებისა, რაც ეკლესიის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზღურბლი გახლავთ. იმიტომ, რომ ერესების წინააღმდეგ, და განსაკუთრებით გნოსტიკური ფსევდოქრისტიანული სექტებისა და მოძღვრებათა წინააღმდეგ, დაუცხრომელმა და დაუღალავა, შეუდრეკელმა ბრძოლამ და ღვაწლმა ეკლესიის მამებისამ, შედეგად მოიტანა გაცნობიერება მკვეთრი აუცილებლობისა, რომ ეკლესიური მოძღვრება გადმოცემულიყო უაღრესად ზედმიწევნით დადგენილი ტერმინებით, დოგმატური ტერმინებით, ანუ ტერმინოლოგიურად ჩამოყალიბებულიყო გამოცხადებითი სწავლება, როგორც დოგმატიკა.
ჩვენ ძირითადი განმარტებანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენა - საეკლესიო მოძღვრების გამოთქმითი წესით ტერმინოლოგიურად, უმტკიცეს დებულებებად ჩამოყალიბება, საკუთრივ აპოლოგეტთაგან იყო შემზადებული. მაგრამ ყველაზე უფრო არსებითი და სისტემური განხორციელება ამ მიზანდასახულობამ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ჰპოვა იმ ეპოქაში ეკლესიის ისტორიისა, როდესაც ქრისტიანული მოძღვრება გამოითქვა, როგორც ფილოსოფიური ცოდნა, ანუ, ასე ვთქვათ, საფუძველი დაედო ქრისტიანულ ფილოსოფიას. რა თქმა უნდა, აპოლოგეტები ქრისტიანი ფილოსოფოსები იყვნენ (მათ შორის უპირველესად უნდა დავასახელოთ წმ. ათენაგორა ათენელი). უფრო ადრინდელ ეპოქაშიც და თვით სამოციქულო ღვაწლშიც კი, რა თქმა უნდა, კარგა ხანია შემჩნეულია და გამოყოფილია ე.წ. ფილოსოფიური განმარტებანი, სწავლებანი, მინიშნებანი, ტერმინოლოგიური მონაცემები (თუნდაც წმ. იონე ღვთისმეტყველის სახარებაში, პავლე მოციქულის ეპისტოლეებში და სხვა), მაგრამ როგოც მიმდინარეობა, როგორც მოვლენა, როგორც სისტემური რამ პროცესი, ფილოსოფია ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ მოძღვრებასთან, მართლმადიდებლობასთან უმტკიცეს კავშირში, შემოდის II-III ს-ის მიჯნაზე. ამ შემთხვევაში ვამბობთ რა ქრისტიანულ ფილოსოფიას, ორი შინაარსით მოვიაზრებთ მას, კერძოდ 1) ფილოსოფიის  ზოგადი, გნებავთ ანტიკური, გნებავთ ე.წ. ახალი, ანდა თანამეროვე ფილოსოფიის გაგებით, ანუ როდესაც ჭეშმარიტების მოძიება, ჭეშმარიტების წვდომა და ამ ჭეშმარიტების გადმოცემა ხდება არგუმენტირებული წესით, დისკურსიული მსჯელობის გზით, ტერმინოლოგიურად ჩამოყალიბებული, უაღრესად მტკიცედ ნაჭედი, ლოგიკური და ლოგიკურ-სილოგისტური, სააზროვნო პროცესის კვალობაზე, და 2) საკუთრივ ეკლესიური ხედვის გაგებით ფილოსოფიისა, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ესაა მჭვრეტელი, ესაა მაცხოვნებელი მოძღვრების გონებითა და გულით შეერთებულად აღმქმელი ანუ საკუთარ თავში ქრისტეს დამამკვიდრებელი. ვინც ეძიებს, ვინც ეტრფის, ვისაც უყვარს ქრისტე ანუ სიბრძნე ღვთისა (როგორც წოდებულია პავლე მოციქულისგან მაცხოვარი). აი ამ სიბრძნის, თავად იესო ქრისტეს მაძიებელი და მის კვალს შედგომილი არის ჭეშმარიტი სიბრძნის მოყვარე ანუ ფილოსოფოსი.

აი ეს ორი გაგება მთლიანდება ეკლესიის მამათა გარკვეულ ჯგუფში, გარკვეულ კრებულში, რომლებსაც საკუთრივ ქრისტიან ფილოსოფოსებს ვუწოდებთ. გარკვეულ ჯგუფად იმიტომ გამოვყოფთ ცალკეულ მოღვაწეებს, რომ საკუთრივ ეკლესიური გაგება ტერმინ “ფილოსოფიისა” უკლებლივ ყველა მართლმადიდებელ მოძღვარზე ვრცელდება და მათ შორის, თითქოს ფილოსოფიისგან ყველა უფრო შორს მდგომ მოღვაწეებზეც კი. მეტიც, ისეთ პირებთან, რომლებთანაც ერთი შეხედვით ფილოსოფოსობა (რაც ამ ტერმინში ანტიკურ ან გვიანდელ და თუნდაც თანამედროვე ფილოსოფიის ისტორიკოსთა და ფილოსოფოსთა მიერ არის ნაგულისხმევი) ყველაზე ნაკლებად დაინახება, ეკლესიური სწავლებით, საკუთრივ ეკლესირი გაგება ფილოსოფიისა, მათთან ყველაზე მეტია. ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში განდეგილ მოღვაწეებს, მეუდაბნოეებს, ზოგჯერ წერა-კითხვის საერთოდ უმეცართ (როგორიც იყო წმ. ანტონი დიდი, გნებავთ ამონა), რომლებიც ჭეშმარიტი სიბრძნის ანუ მაცხოვრის ძიების წყურვილით აღვსილნი, მთელი ამ სოფლის დამტოვებელნი, ყველაზე მეტად წარმოჩნდნენ ფილოსოფოსებად, ანუ ამ ტერმინის ძველი ქართული შესატყვისი რომ მოვიხმოთ, სიბრძნის მოყვარეებად, ანდა სიბრძნის (ეკლესიური გაგება რომ მოვიხმოთ), იესო ქრისტეს მოყვარეებად. იმიტომ, რომ ბუნებითი სიბრძნე მამისა და ჭეშმარიტი სიბრძნე კაცთათვის მოწოდებული, ეს არის თავად მაცხოვარი იესო ქრისტე. ასე რომ, მის კვალს შედგომილნი, ყოვლის დამტოვებელნი მისი გულისთვის, რომელნიც შესაძლოა საერთოდ განუსწავლელნი ყოფილიყვნენ, საერთოდ არცერთი ლოგიკური ტერმინის თუ რაღაც ცნების, ფილოსოფიური მონაცემის შესწავლა არ ჰქონოდათ მიღებული, ეკლესიური სწავლებით უფრო მეტად წარმოჩნდებიან ნამდვილ ფილოსოფოსებად, რამდენადაც ყოველივე ამაზე აღმატებულის და უსასრულოდ აღმატებულის, თავად ბუნებითი სიბრძნის სულიერად მხილველნი და საკუთარ თავში დამამკვიდრებელნი გახდნენ, როგორც ეს ნაწილობრივ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. აი ამ საკუთრივი გაგებით ელესიური სწავლება ტერმინ ფილოსოფოსის წოდებას განუკუთვნებს არა მხოლოდ ეკლესიის მამებს, არამედ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ, ახალი აღთქმის მოღვაწეებს, მახარებლებსა და მოციქულებს. იმიტომ, რომ ყველანი მაცხოვნებელი სიბრძნის, თავად მაცხოვრის – იესო ქრისტეს, კვალში არიან ჩამდგარნი, მის კვალს არიან შედგომილნი და მის სინათლეს ეზიარებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ქრისტიანულ ფილოსოფიაზე პატრისტიკის ისტორიაში ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ფილოსოფიას ორივე ნიშნით წარმოჩენილს და გაერთიანებულს, ერთი მხრივ ფილოსოფიას ანტიკურ-თანამედროვე გაგებით, რაც გულისხმობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებლად პირველ რიგში ტერმინოლოგიურ ცნობიერებას, არგუმენტირებული, დისკურსიული, ლოგიკურ-სილოგისტური მსჯელობის სისტემურ პროცესად წარმოდგენას, ამის ფლობას, ამით შემეცნებას ჭეშმარიტებისას და ჭეშმარიტების ამა თუ იმ ასპექტისას, და ამისგან განუყოფლად და მასთან შეერთებულად ეკლესიურ ხედვასაც ტერმინ ფილოსოფიისა და ტერმინ ფილოსოფოსისა. შესაბამისად მხოლოდ ამ კუთხით შეიძლება ჩვენ აღვნიშნოთ, რომ II-III ს-ის მიჯნაზე მკვეთრად შესამჩნევია ფილოსოფია ქრისტიანულ მოძღვრებასთან უმჭიდროეს თანხვედრაში, რითაც უკვე საკუთრივ ეკლესიური მოძღვრებაც, მართლმადიდებლობაც, შესაძლებელი ხდება, რომ მთლიანობაში გადმოიცეს ჩამოყალიბებული, ტერმინოლოგიური, ლოგიკურ-სილოგისტური მსჯელობის სახით. წინაპირობები ამგვარი ღვაწლისა, კვლავ აღვნიშნავთ, რომ მკვეთრად შესამჩნევია ამ საუკუნეთა მიჯნამდეც, მაგრამ მთლიანობითად, გამოკვეთილად, როგორც მოვლენა, როგორც ფენომენი, ქრისტიანულ ფილოსოფიას მაინც აღმოცენების ეპოქად, ანდა უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, დაფუძნებისა და საბოლოოდ ჩამოყალიბების, დადგინების ეპოქად, II ს-ის მიწურულს განუკუთვნებენ.

სათავეში ქრისტიანული ფილოსოფიისა უეჭველად ათენაგორა დგას, რომელიც ჩვენ მეტ-ნაკლებად განვიხილეთ, მაგრამ ქრისტიანული ფილოსოფიის მაინც არსებითად დამამკვიდრებლად და ქრისტიანობის, როგორც ფილოსოფიის ამგვარად გადმომცემად, რა თქმა უნდა, ის დიდი მოღვაწე უნდა ვიგულვოთ, რომელიც მრავალი კუთხითაა გამორჩეული, მრავალი კუთხით არის პატივსაცემი და პატივცემული გვიანდელ მოღვაწეთაგან, უდიდესი ეპითეტებით მათგან (გვიანდელ მოღვაწეთაგან) დაჯილდოებული. კერძოდ ალექსანდრიის სახელგანთქმული მოღვაწე კლიმენტი ალექსანდრიელი, ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის ერთი დიდი ფიგურა, რომელმაც ეს სკოლა, ეს პირველი საეკლესიო კატეხიზმური სასწავლებელი, ცოდნისა ჭეშმარიტ ტაძრად გარდაქმნა.

მაგრამ ვიდრე კლიმენტიზე დავიწყებდეთ უშუალოდ საუბარს, ჩვენ ორიოდე სიტყვით უნდა ვახსენოთ მისი მოძღვარი და მასწავლებელი, თვით კლიმენტისგანვე მითითებული და აღიარებული თავის მასწავლებლად – პანტენოს ალექსანდრიელი. პანტენოს ალექსანდრიელი ყველაზე უფრო გამოკვეთილად იმით არის ცნობილი ეკლესიის ისტორიაში, რომ მას უკავშირდება სწორედ პირველი ქრისტიანული კატეხიზმური სკოლის – ალექსანდრიის კატეხიზმური სასწავლებლის, დაფუძნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ ორი ცნობაა ამასთან დაკავშირებით, ერთი ცნობის მიხედვით ათენაგორა ათენელს განეკუთვნება ეს პატივი, მეორე ცნობის მიხედვით კი პანტენოს ალექსანდრიელს. თუმცა ეს ორი ცნობა ჩვენ არ შეგვიძლია აუცილებლად დაპირისპირებულად განვიხილოთ, რადგან რაიმე დიდი მოვლენა არასოდეს ერთწამიერად და ერთი მოღვაწისგან არ აღსრულდება. ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ სათავე ამ სკოლას დაუდო და საერთოდ აზრი ამგვარი სასწავლებლის დაფუძნების შესახებ შეიმუშავა წმ. ათენაგორა ათენელმა, ხოლო ნამდვილობა, ანდა შედარებითი სრულყოფა ამ ყოველივეს მისცა სწორედ პანტენოს ალექსანდრიელმა. აი ეს გახლავთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიული მონაცემი, რაც პანტენოსის სახელს უკავშირდება.

რაც შეეხება მის მოღვაწეობას. პატრისტიკაში ეს პიროვნება მხოლოდ იმ დოზით განიხილება, რომ მის შესახებ არის ცნობა საკუთრივ წერილობით მოღვაწეობასთან დაკავშირებით. საერთოდ რაც ვიცით ამ პიროვნების მხრივ, თითქმის ყველაფერი ჩვენ ვიცით (თუ არ ჩავთვლით საკუთრივ კლიმენტის ერთ-ორ მინიშნებას) ჩვენგან ხშრად ხსენებული ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიიდან”. ჩვენ შეგვიძლია მთელი ის ციტატა მოვიტანოთ, რითაც ევსები წარმოგვიდგენს პანტენოს ალექსანდრიელს. ამ ციტატიდან ირკვევა სწორედ ის, რომ პანტენოსი გაქრისტიანებამდე იყო სტოიკოსი ფილოსოფოსი, გაქრისტიანების შემდეგ კი მან იმგვარივე მგზნებარება აჩვენა უკვე ჭეშმარიტების სამსახურში, რა მგზნებარებითაც ადრე საკუთრივ სტოიკური ფილოსოფიის დამცველად გვევლინებოდა. ციტატა ევსები კესარიელისგან პანტენოსის შესახებ მოთავსებული გახლავთ ამ საეკლესიო ისტორიის V წიგნის X თავში და ეს ციტატა ამგვარი სახისაა, ევსები გვაუწყებს: “ანტონიუსს კმა ეყო 11 წელი იმპერატორობისა. შემდეგ ძალაუფლება მიიღო კომოდუსმა (ცნობილია, რომ კომოდუსი იმპერატორი გახდა 179 წელს. აქედან ჩვენ შეგვიძლია ანტონიუსის იმპერატორობაც გამოვთვალოთ, რომელიც, როგორც აღნიშნულია, 11 წელი იმპერატორობდა, ე.ი. 168-179 წლებში. ამ მონაცემებეს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს საკუთრივ პანტენოსის მოღვაწეობის დათარიღებისთვის), რომლის პირველ წელს აგრიპინამ დაასრულა თავისი 12 წლიანი მსახურება და ალექსანდრიის ეკლესიათა ეპისკოპოსობა ერწმუნა ივლიანეს (ე.ი. 180 წელს აგრიპინა ალექსანდრიელის შემდეგ ალექსანდრიის ეკლესიათა ეპისკოპოსობა, როგორც ამ წყაროთი ვიგებთ, ვალად ხვდა ივლიანეს). სწორედ ამ პერიოდში (ე.ი. II ს-ის 80-იან წლებში) იქაურ მორწმუნეთა ცხოვრებას უწინამძღვრებდა კაცი, უმეტესად დიდებული თავისი განსწავლულობით, სახელად პანტენოსი, რომელსაც ძველი ჩველებისამებრ, მათ შორის (იგულისხმება ალექსანდრიელთა შორის) დაფუძნებული ჰქონდა წმინდა სიტყვათა სასწავლებელი”. თვით ეს შეფასებაც ვფიქრობთ საგულისხმოა, რომ კატეხიზმურ სკოლას ევსები უწოდებს წმინდა სიტყვათა სასწავლებელს. წმინდა სიტყვებში იგულისხმება წმინდა მოძღვრება, წმინდა წერილი და ამ წერილის წმინდა მამათა განმარტებანი. ამიტომ ჩვენ აღნიშნულ თარგმანში არ ვაკონკრეტებთ. შეიძლებოდა წმინდა სიტყვებად მხოლოდ წმინდა წერილი გაგვეგო და გვეთქვა “წმინდა წერილის სასწავლებელი”, მაგრამ მეორე გაგებაც აქვს ევსების მონაცემს, რომ აქ წმინდა სიტყვებში ის მართლაც წმინდა განმარტებებიც იგულისხმება, რაც საღვთო წერილს დაუთმეს ეკლესიის მამებმა, და უეჭველია, რომ ორივე ეს ნაწილი მთლიანობითად იგულისხმება ამ განსაზღვრებაში და ვფიქრობთ, რომ ეს განსაზღვრება მართლაც ასე ბუკვალურად უნდა ვთარგმნოთ, ორივე გაგება ვიგულვოთ მასში და მხოლოდ ერთ-ერთი არ დავტოვოთ, დავუშვათ არა ისე, რომ “წმინდა წერილის სასწავლებელი”, ანდა “ეკლესიის მამათა მოძღვრების სასწავლებელი”, არამედ წმინდა სიტყვათა სასწავლებელი ორივე სიწმინდის მთლიანობაში – წმინდა წერილის და ამ წმინდა წერილის უწმინდესი კომენტარების აუცილებელი გათვალისწინებით. შემდეგ ვსები ამბობს: “ეს სასწავლებელი დღემდე განაგრძობს არსებობას (მართლაც ევსების დროს, ე.ი. IV ს-ის I ნახევარში, რა თქმა უნდა, ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლა კვლავ არსებობდა. სხვათაშორის დაახლოებით ამ დროისთვის ხსენებული სასწავლებლის წინამძღვარი გახლდათ დიდიმე ალექსანდრიელი, რომელიც სასწავლებლის ბოლო წინამძღვარი იყო. მის შემდეგ ამ სასწავლებლის კვალი IV ს-ის მიწურულის შემდეგ შესამჩნევი აღარ არის) და ვიცით, რომ განაგებენ მას სიტყვითა და საღვთო გულმოდგინებით ძლიერი პირები. ხოლო ჟამსა მას (პანტენოსის ჟამს), როგორც გადმოგვცემენ, ზემოხსენებული კაცი იყო უმეტესად გამოჩენილი, რომელიც თუმცა ფილოსოფიური სკოლიდან, ე.წ. სტოიკოსებიდან, გამოვიდა, მაგრამ ამბობენ იმგვარად მგზნებარე ლტოლვა და წადიერება აჩვენა საღვთო სიტყვის მიმართ, რომ აღმოსავლეთის წარმართებს ქრისტესმიერი სახარების მქადაგებლადაც წარმოუჩნდა და იმოგზაურა კიდეც (ესაა ძალიან საგულისხმო ცნობა პანტენოსის მოგზაურობაზე, ანუ შეგვიძლია ვთქვათ მისიონერულ ღვაწლზე) თვით ინდოელთა ქვეყნამდე”. ე.ი. ინდოეთამდე გავრცობილა მისი მისიონერული ღვაწლი. იმ დროინდელი გეოგრაფიული არეალის მიხევით თუ განვსაზღვრავთ, ეს  ჭეშმარიტად დიდი ღვაწლი გახლდათ. რა თქმა უნდა, ის გზადაგზა, თავისთავად ცხადია, ეწეოდა მისიონერულ ღვაწლს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე სხვაგვარ, ჭეშმარიტად მონუმენტურ მოღვაწედ წარმოჩნდება ჩვენს წინაშე პანტენოსი, რომელზეც მართლაც შეიძლებოდა ევსების ეს სიტყვები თქმულიყო, რომ თავის დროზე, ე.ი. როდესაც ის მოღვაწეობდა, ის უწინამძღვრებდა ალექსანდრიელთა საეკლესიო და ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებას. “ამრიგად, - განაგრძობს ევსები, თვით ინდოელთა ქვეყნამდე განევრცო მისი მისიონერული ღვაწლი. რადგანაც ჯერ კიდევ იყვნენ მაშინ, დიახ კვლავაც იყვნენ მრავალნი მქადაგებელნი სიტყვისა, რომლებიც იმაზე ზრუნავდნენ, რომ აღეღოთ მათ საღვთო შური სამოციქულო მბაძველობისა ღვთის სიტყვის ასაღორძინებლად და აღსაშენებლად. ერთ-ერთი მათგანი იყო პანტენოსი, რომელზეც გაგვიგია, რომ კვლავ ინდოელებთან მივიდა იგი და მან, როგორც ამბობენ, ისიც შეიტყო, რომ უწინარეს მისი იქ მისვლისა ვიღაც პირებს, რომლებიც შეემეცნენ ქრისტეს, უკვე მიტანილი ქონდათ ინდოეთში მათეს სახარება (ესეც ინფორმატიულად გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი მონაცემი. ჯერ ინდოეთში ქრისტიანობის ისტორიასთან დაკავშირებით და ზოგადად ამ მისიონერული ღვაწლის ისტორიის მხრივ, მაგრამ კიდევ უფრო ძვირფასი ცნობა შემდეგ ნაწილშია). ამ პირებისათვის (რომლებმაც მათეს სახარება მიიტანეს ინდოეთში) უქადაგებია ბართლომეს, მოციქულთაგან ერთ-ერთს, რომელსაც მათთვის დაუტოვებია მათეს ებრაულად ნაწერი ტექსტიც. ეს ტექსტი შენახული ყოფილა აღნიშნულ დრომდე (პანტენოსის მოგზაურობის დროს. ევსების დროს, რა თქმა უნდა, ეს ტექსტი უკვე აღარ არსებობს). თავად პანტენოსი მრავალ წარმატებათა შემდეგ საბოლოოდ გახდა წინამძღვარი ალექსანდრიის სასწავლებლისა. იგი ცხოველი ზეპირმეტყველებითა და წერილობითი გზით საჩინო ჰყოფდა საღვთო დოგმატთა საუნჯეებს”.

აი ეს უკანასკნელი ფრაზა განაპირობებს პანტენოსის ჩართვას პატრისტიკაში. თუმცა ესეც რომ არ ყოფილიყო, მისი მოღვაწეობა, განსაკუთრებული ღირებულების მქონე, აუცილებლად ეკლესიის ისტორიაშიც და პატრისტიკის ისტორიაშიც ყოველთვის მოხსენებული უნდა ყოფილიყო და აუცილებლად უნდა იყოს.

 

169–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ:  https://www.youtube.com/watch?v=RQf4YuG6XdQ

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2016 18:06)