Georgian (Georgia)English (United Kingdom)
185

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ორიგენეს გაუკუღმართებას ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით. გამოვკვეთეთ ის მხარეც რაც გარკვეულ პრობლემურობას იწვევს მკვლევართა შორის. ვგულისხმობთ კერძოდ დიდიმე ალექსანდრიელის მითითებას იმის შესახებ, რომ ორიგენეს ამ დოგმატთან დაკავშირებით არანაირი გაუკუღმართება არ ჰქონია და რაც კი მან (დიდიმემ) თავის ცნობილ შრომაში “ყოვლადწმინდა სამების შესახებ” გადმოსცა და გადმოსცა უბადლოდ და სიწმინდით, ეს ყოველივე მისივე თქმით მას ორიგენესგან უსწავლია, ორიგენეს შრომებისგან უსწავლია. და რადგან დიდიმე, IV საუკუნის ავტორი, აღნიშნულ დოგმატთან დაკავშირებით ორიგენეს თავიდან აცილებს ბრალდებას ხსენებული დოგმატის გაუკუღმართების გამო, ზოგი მკვლევარი ამ ფაქტზე დაყრდნობით დგმადა ნაბიჯს იქეთკენ, რომ ხსენებული ბრალდება მოხსნოდა ორიგენეს, რომ გათავისუფლებულიყო იგი იმ ბრალდებისგან, თითქოს მან გააუკუღმართა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი.

როგორც [1]წინა საუბრის ბოლო სიტყვებში აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გასახარებელი იქნებოდა, ძალიან სასიხარულო იქნებოდა, რომ ორიგენეს მოხსნოდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება, დანაშაული, დანაშაულის გამო ბრალდება, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს სხვა არგუმენტები, რომლებიც არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ჩვენ დიდიმეს ამგვარი ოპტიმიზმი ორიგენესთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი არ იყო გაუკუღმართებული ხსენებული დოგმატის მხრივ, აი ეს ოპტიმიზმი და მისი ეს აზრი გავიზიაროთ და მივიღოთ.

პირველი არგუმენტი გახლავთ საკუთრივ ორიგენესეული შრომების ფრაგმენტები. არაერთგზის და ეს ჩვენ ჩვენივე თვალით გვაქვს წაკითხული, შავით თეთრზეო რომ იტყვიან, მისი შრომების ფრაგმენტებში, სრულიად ხაზგასმითაა ძე ღმერთთან დაკავშირებით თქმა იმისა, რომ იგი არ არის ტოლი მამა ღმერთისა თავისი ღმრთეებით, რომ კნინობითია მასზე და ეს დაკნინებულობა უკვე, რა თქმა უნდა, ძე ღმერთს ქმნილებას უტოლებს. შეუძლებელია, რომ ღმრთეების ბუნებაში იყოს მეტნაკლებობა. [2]ვინც ბუნებითი ღმერთია და ბუნებითი ღმერთობა ვისაც აქვს, შესაბამისად მას არ შეიძლება არანაირად მეტობა და ნაკლებობა ახასიათებდეს. ამიტომ თუ მამა ღმერთზე ნაკლებია ძე, უეჭველია დასკვნა, რომ ბუნებითი და ერთადერთი ღმერთი მხოლოდ მამაა და ძე ღმერთი აღარ ყოფილა ბუნებითი ღმერთი. ეს დასკვნა საკუთრივ ორიგენესაც ამგვარადვე აქვს ჩამოყალიბებული და როგორც უკვე ვთქვით მისი შრომების ფრაგმენტებში ეს სრულიად ცალსახად იკითხება.

მაგრამ შეიძლება აქაც შემოგვედავოს ვინმე და გვითხრას, რომ იქნებ ეს, როდესაც ორიგენეს წინააღმდეგ მრავალი ბრალდებანი დაიწყო და მას ბევრი მოშურნე ჰყავდა, ყალბისმქნელთა შედეგი იყოს, მაშინ როცა დიდიმე ალექსანდრიელი, რომელიც ადრინდელი მოღვაწეა, IV საუკუნის, საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მაგრამ, ცხადია არავითარი ყალბისმქმნელობა იმ ფრაგმენტებს არ ეტყობათ, იქ მთელი აზროვნებითი ერთმთლიანი პროცესია (ყალბისმქმნელობა კი ყოველთვის შესამჩნევია ნებისმიერ ტექსტში), ეს თვით ორიგენეს აზროვნებითი ლოგიკიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. [3]არაერთგზის უსვამს იგი ხაზს მამა ღმერთის ყოვლითურთ მიღმიერებას, ყოვლითურთ აღმატებულობას, ყოვლითურთ შეუცნობლობას და ძე ღმერთის გარკვეულ შუალედურობას მამა ღმერთსა და ქმნილებას შორის. შუალედურობას წორედ იმ აზრით, რომ ძე ღმერთი ბუნებითად არ უტოლდება მამას, კნინობითია მასთან შედარებით ანუ ექვემდებარება მას, ისევე როგორც (ეს ბუნებირვად იგილისხმება უკვე) სულიწმინდა საკუთრივ ძე ღმერთზე კნინობითია ორიგენესთვის. ანუ ორიგენეს აშკარად ახასიათებდა, მისი შრომების ფრაგმენტებიდან გამომდინარე, ყოვლადწმინდა სამების დოგმატის აღქმა სუბორდინაცისტური თვალით. ამას ეწოდება სწორედ სუბორდინაციანიზმის ერესი, იგივე დაქვემდებარებულობის ერესი, რომ ბუნებით მამა ღმერთი ყველაზე აღმატებულია, ძე ღმერთი ნაკლებ აღმატებულია და სულიწმინდა კიდევ უფრო ნაკლებ აღმატებულია, რაც ორიგენესთან სრულიად გამჭირვალეა.

მაგრამ ყველაზე უფრო შეუძლებელი ვიფიქროთ და დავუშვათ თითქოს ეს შეიძლებოდა რაღაც დიდი [4]ალბათობით ყალბისმქნელობად ჩაგვეთვალა და თითქოსდა ორიგენე ამას სინამდვილეში არ ამბობდა. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ორიგენეს შემდეგ, უშუალო მომდევნოდ, ე.ი. გაცილებით უფრო ადრე ვიდრე დიდიმე ალექსანდრიელი მოღვაწეობდა, IV საუკუნემდე, ანუ III საუკუნის 60-70-იან წლებში თეოგნოსტ ალექსანდრიელი, უშუალოდ ორიგენეს მოწაფე, წერს თავის ცნობილ რვაწიგნედ შრომას, რაც მისთვის აბსოლუტურად არაორიგინალურია, ე.ი. თეოგნოსტისთვის, და მთლიანად ორიგენეს მოძღვრების გადმოცემას ემსახურება მიზნად. ანუ როგორც კარგად არის თქმული ერთ-ერთი მკვლევარის მიერ, ეს შრომა თეოგნოსტ ალექსანდრიელისა სხვა არაფერია თუ არა ორიგენესეული ღვთისმეტყველების სისტემატიზებული კურსი. ამ შრომის, რაც როგორც უკვე ვთქვით რვაწიგნედია, თითო წიგნი ეძღვნება თითო დოგმატურ საკითხს, კერძოდ პირველი წიგნი ყოვლადწმინდა სამებას და კონკრეტულად მამა ღმერთს, მეორე წიგნი ძე ღმერთს, მესამე წიგნი სულიწმინდას და შემდეგ მოდის სხვა მნიშვნელოვანი [5]საკითხებიც შესაქმის შესახებ, ანგელოზთა შესახებ, საკუთრივ ადამიანის შესახებ, ეშმაკთა შესახებ, ჯოჯოხეთის შესახებ, მეორედ მოსვლის შესახებ და ასე შემდეგ. ჩვენ ეს წიგნი, რა თქმა უნდა, არ ვიცით იმიტომ, რომ ჩვენამდე არ მოღწეულა თავისთავად ცხადია, რადგან ორიგენეს ღვთისმეტყველების სიტემური კურსი აღარ გადაიწერებოდა გვიანდელ ეპოქაში, როდესაც ორიგენეს ანათემირება მოხდა და ცხადია ის ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. მაგრამ ამ წიგნის შესახებ საკმაოდ დაწვრილებითი ცნობა ჩვენ გვაქვს IX საუკუნის მოღვაწის ფოტი პატრიარქისგან, რომელიც თითოეული წიგნის შინაარსს ძალიან რეზიუმირებულად, მაგრამ სრულიად გასაგებად და ცხადად გვაუწყებს. ფოტი გვეუბნება, რომ თეოგნოსტოსის ამ წიგნში არის ცალკეული ღირსეული სწავლებანი, მაგრამ თვალშისაცემია უაღრესად მკვეთრი გაუკუღმართებანი და გადახვევანი მართლმადიდებლური მოძღვრებიდან. სხვა რომ არაფერი, - ამბობს ფოტი პატრიარქი, ძე ღმერთი აქ გამოცხადებულია ქმნილებად, მამა ღმერთზე უფრო დაკნინებულად და ბუნებით და ღმრთეებით არათანასწორად მამასთან, ისევე როგორც სულიწმინდაზეც იგივეა [6]თქმული ამ წიგნში. ასე რომ უადრესი წყარო ორიგენეს ღვთისმეტყველებასთან დაკავშირებით, თეოგნოსტოს ალექსანდრიელის ეს რვაწიგნედი შრომა, არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ორიგენე მიმდევარი იყო სუბორდინაციანისტური ერესისა ანუ ერესისა იმის შესახებ, რომ ყოვლადწმინდა სამებაში არსებობს მეტნაკლებობა, ხარისხობრივი დაქვემდებარებულობა.

კიდევ ერთი წყარო, ეს გახლავთ უკვე IV საუკუნის, მაგრამ დიდიმეზე უფრო ადრეული, კერძოდ IV საუკუნის I ნახევარის, ცნობილი ეპისკოპოსი ალექსანდრიისა ალექსანდრე ალექსანდრიელი, წინამორბედი წმ. ათანასე ალექსანდრიელისა, რომელიც ღირსეულად მღვდელმთავრობდა ალექსადნრიის ეპარქიას ვიდრე 328 წლამდე, როდესაც ის აღესრულა (თუმცა ზოგ წიგნში ჩვენ შეიძლება ვნახოთ 326 წელი, ეს განსაკუთრებით XIX საუკუნის პუბლიკაციებში, მათ შორის რუსულ პუბლიკაციებშიც, სადაც ეს თითქოსდა უყოყმანოდაა მიჩნეული, მაგრამ კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ მართებული გახლავთ 328 [7]წელი ალექსანდრე ალექსანდრიელის აღსრულებისა. ამ წელსვე ხდება მის შემდგომ ალექსადნრიის ეპისკოპოსი წმ. ათანასე ალექსანდრილი). ალექსანდრე იყო ის, ვინც პირველი დაუპირისპირდა და აუმხედრდა შემდგომში მთელი ეკლესიის, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ძალისმიერად დამპყრობ არიანულ ერესს და მან პირველმა გამოავლინა არიოზისა და არიანიზმის დამანგრეველი არსი. ამ ალექსანდრე ალექსანდრიელმა, რომელიც ნიკეის კრებაზე ერთ-ერთი მასშტაბური მოღვაწე გახლდათ,  თავის ცნობილ ეპისტოლეში არიანელების წინააღმდეგ მართლმადიდებელი მოძღვრის შესაფერისად, არა მხოლოდ სიმფტომური მკურნალობა დაიწყო აღნიშნული ერესისა, ე.ი. არიოზის გაუკუღმართებებისა, არამედ როგორც ეს აუცილებელია და ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია და კვლავაც ვისაუბრებთ, ხსენებული გაუკუღმართების აღმოსაფხვრელად და ამოსაძირკვად მისი ფესვების გამოკვლევა დაიწყო. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი უარყოფს რა ამა თუ იმ ერესს, არ კმაყოფილდება [8]მხოლოდ გამოვლინებითი ფორმის კურნებით, განსწავლითა და უკუგდებით, არამედ აუცილებლად ჩაღრმავდება იმ ფესვებში, საიდანაც ერესი უნდა აღმოცენებულიყო, რომ ფესვებიანად მოხდეს მისი მხილება. როგორც ეს კირილე ალექსანდრიელმა შეძლო ნესტორიანიზმთან დაკავშირებით, როცა ნესტორიანული ერესი არა უშუალოდ ნესტორს, არამედ მის კარგა ხნით უწინარეს პირებს, იმ დროს ჯერ კიდევ უაღრესად ავტორიტეტულთ, დიოდორე ტარსელს, თეოდორე მოფსუესტიელს დაუკავშირა და ასეთი სიღრმისეული წიაღსვლით, ფესვების გამოკვლევით ჯერ სცადა, შემდეგ შეძლო და განახორციელა აღნიშნული ერესის მთლიანი გამოაშკარავება და მისი ძალისამებრ აღმოფხვრა. ძალისამებრ იმიტომ, რომ ეს ყოველივე შემდგომ მსოფლიო კრებამ განამტკიცა და დააგვირგვინა. აი ამგვარი მეთოდითვე ალექსანდრე ალექსანდრიელი ცდილობს არიანელობის აღმოფხვრას და იწყებს სათავეების კვლევას თუ საიდან უნდა აღმოცენებულიყო აზრი ძე ღმერთის [9]ქმნილობის შესახებ. არიანელობის მთავარი თეზა, მთავარი ერეტიკული ცრუ სწავლება სწორედ ეს გახლდათ, რომ ძე ღმერთი არ არის ბუნებითი ღმერთი, რომ ძე ღმერთი არის ქმნილება. თუმცა არიანელები ასე ვთქვათ მიდიოდნენ დათმობაზე და პირველობას ქმნილებაში ძე ღმერთს განუკუთვნებდნენ, რომ ქნილებათაგან უპირველესი თურმე ის ყოფილა, მამას შეუქმნია, ე.ი. ამ “პატივს” მიაგებდნენ ძე ღმერთს, მაგრამ უშეღავათოდ კადნიერდებოდნენ და ამბობდნენ, რომ ძე ღმერთი ბუნებითად არათუ თანასწორია მამისა, არამედ მას საერთოდ არ აქვს ბუნებითი ღმერთობა. არიანელების თქმით ძე ბუნებითი ღმერთი არ შეიძლება იყოს, რადგანაც რაღაც მომენტში ის არ არსებობდა, “იყო, როდესაც არ იყო ძე ღმერთი”. აქ იგულისხმება, რომ იყო მომენტი როდესაც არ იყო ძე ღმერთი და თუ არ იყო ოდესმე ვინმე, იგი ბუნებით ღმერთად თავისთავად ცხადია ვერ ჩაითვლება, ამიტომ მხოლოდ პირობითად, სახელდებითად შეიძლება მას ღმერთი ეწოდოს. ისევე როგორც [10]განღმრთობილ ადამიანსაც, ანგელოზსაც პირობითად, მადლისმიერად შეიძლება ღმერთი ეწოდოს, მაგრამ არა ბუნებითი მნიშვნელობით. ბუნებითი მნიშვნელობით მხოლოდ მამა ღმერთს განუკუთვნებდნენ ისინი ღმერთად წოდების პატივს. და აი ამ ქრისტიანული მოძღვრების დამანგრეველი დებულების წინაპირობათა კვლევისას მრავალ პიროვნებას მიადგა ალექსანდრე ალექსანდრიელი და მიმდევრობითად ჩამოთვალა ისინი. ალექსანდრე ახსენებს ებიონიტურ ერესს გნოსტიკოსებში, რომელიც (ებიონი) სწორედ ამას ქადაგებდა, რომ იესო ქრისტე იყო არა განკაცებული ღმერთი, არამედ პირუკუ განღმრთობილი ადამიანი. ის ასახელებს სხვათაშორის ადოფტიანიზმის ერესსაც, ანუ შვილების შესახებ მოძღვრებასაც, რისი ყველაზე უფრო გამოკვეთილი მქადაგებელი გახლდათ პავლე სამოსატელი, რომელიც მიიჩნევდა, რომ იესო ქრისტე იშვილა ღმერთმა, ის ბუნებითი ძეა და შესაბამისად ბუნებითი ღმერთი არ არის და აი ამ რიგში სხვებთან ერთად ალექსანდრე ალექსანდრიელი მკვეთრად და გამოყოფითად ასახელებს ორიგენეს. ასე რომ ისიც (ალექსანდრე) [11]სრულიად აშკარად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ორიგენე აღიარებდა ძე ღმერთის დაკნინებულობას მამა ღმერთთან შედარებით, ხაზს უსავამდა მის არა ღმრთეებითობას ბუნებით, რომ იგი ქმნილებაა.

ასე რომ დიდიმე ალექსანდრიელზე უადრესი წყაროები, საეკლესიო მოღვაწეები, ერთი მხრივ როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე ადრინდელი თვით ორიგენეს მოწამფე თეოგნოსტოს ალექსანდრიელი, მეორე მხრივ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი და გარდა ამისა საკუთრივ ოროგენესეული შრომების ფრაგმენტები სრულიად არაორაზროვნად სწამებენ და ადასტურებენ იმას, რომ ორიგენე ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანწილად და ძალიან მძიმედ იყო გაუკუღმართებული, როდესაც მკვეთრად ხაზს უსვამდა ძე ღმერთის დაქვემდებარებულობას მამა ღმერთზე. ასე რომ საეკლესიო ისტორიაში ამ სუბორდინაციანიზმის ერესის [12]ნამდვილი შემომტანი (ნამდვილ შემომტანად იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ორიგენეს მოღვაწეობით როგორც ვნახეთ არ დამთავრებულა, არიანელობაც ამას ქადაგებდა შემდეგში და არიანელობა სწორედ ყველაზე უფრო მძაფრი ფორმაა სუბროდინაციანიზმისა), მისი ერთ-ერთი პირველ დამამკვიდრებელი ეკლესიაში სწორედ ორიგენე გახლდათ და შესაბამისად ამ კუთხით ბრალდებას ის, რა თქმა უნდა, თავიდან ვერ აიცილებს.

მიუხედავად ამ მსჯელობისა ჩვენ არ ვამბობთ, რომ საკუთრივ დიდიმე ალექსანდრიელი როდესაც ამბობდა იმ აზრს, რომ ორიგენე ყოვლადწმინდა სამების დოგმატის კუთხით არ იყო გაუკუღმართებული, იგი ფარისევლობდა. აქ ალბათ ასე უნდა წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ პიროვნება, რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრების მანძილზე გარკვეულ ცვალებადობას განიცდის. ეს ცვალებადობა არის ორი მიმართულების, შეიძლება უკეთურისგან კეთილისკენ შეიცვალოს, ცუდისგან უკეთესისკენ შეიცვალოს პიროვნება და პირუკუ უკეთესისგან შეიძლება ცუდისკენ შეიცვალოს. ეს ცვალებადობანი ამავე დროს არც ჟამით და არც ასაკით არაა [13]განსაზღვრული, შეიძლება ძალიან მხცოვანი და სიცოცხლის ბოლო ჟამს და ბოლო წუთს მყოფი ადამიანი მკვეთრად გაუკუღმართდეს და სწორედ მაშინ დაეცეს და მთელი წინამორბედი ღვთისმოსაობითი ცხოვრება მთლიანად წარეწყმიდოს მას. ისევე როგორც პირუკუ, მთელი ცხოვრება ადამიანი უღვთოდ ცხოვრობდეს და თავისი ცხოვრების ბოლო წუთს მოიქცეს ისეთი დიდი გულისმიერი წადიერებით, რომ მას ცხონება მიეცეს ჯილდოდ. თუნდაც როგორც ავაზაკის მაგალითზე ეს ყველასათვის თვალსაჩინოა. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობთ, რომ ორიგენე გაუკუღმართებული იყო ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით, არ ვგულისხმობთ რომ ის ყოველთვის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთი და იმავე გაუკუღმართების ტყვე იყო. შესაძლოა გარკვეულ პერიოდში მისი მოღვაწეობისა, მას საკმაოდ და ნათლად ჩამოყალიბებული აზრი ჰქონოდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური მოძღვრებისგან განუსხვავებელი. ვერ ვიტყვით, [14]რომ თვითონ აყალიბებდა, ერთ-ერთი პირველი ჩამომაყალიბებელი ყოფილიყო მართლმადიდებლური მოძღვრებისა ყოვლადწმინდა სამების შესახებ და შემდგომ მისგანვე ყოფილიყო ეს უარყოფილი, მაგრამ რაღაც სიახლოვე მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან მის სწავლებას ყოვლადწმინდა სამების შესახებ, მისი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, სავსებით შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა. და ალბათ ამ ეპოქის პროდუქტი შრომა რაც იყო, ანდა მიწერ-მოწერანი, რა კუთხითაც ძალიან ნაყოფიერი იყო ორიგენე, აი ეს ყველაფერი ცნობილი ყოფილიყო დიდიმესთვის და შემდგომ მომხდარიყო ორიგენეს უკვე მკვეთრი გაუკუღმართება, როდესაც მან კიდევ უფრო მეტად სცადა ლოგიკის გამოყენება ზელოგიკურ, ზეგონებით და გონებამიუწვდომელ სინამდვილეთა განსამარტავად, აი მაშინ გაუკუღმართებულიყო იგი ასეთი მკვეთრი ცდომილების სახით. მართლაც ეს სავსებით დასაშვებია იმიტომ, რომ პიროვნებას საერთოდ ასე ახასიათებს, რაც უფრო ის რაღაც მოძღვრებას იკვლევს, თანდათან ხდება უფრო და უფრო [15]თავდაჯერებული, თანდათან ხდება უფრო და უფრო მკვეთრი, უფრო და უფრო კადნიერი და რადგან ოროგენემ ლოგიკური აზროვნება, ლოგიკურ-სილოგისტური მსჯელობა, დისკურსიური გეზი ერთ-ერთ შესამეცნებელ საშუალებად დასახა, თავისთავად ცხადია ამ ხელოვნებაში, ე.ი. ლოგიკის მეცნიერებაში ის უფრო და უფრო განიწაფებოდა. და რადგან ლოგიკის მეცნიერება თუ მას მთელი თავისი პოსტულირებით გამოვიყენებთ ჩვენ ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით, ცხადია უფრო მეტად სწორედ ამგვარ დასკვნასთან მივალთ, რომ ლოგიკური აზროვნებით ის ვინც უშობელია შობილზე მეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყოფით ცხოვრებაშიც და ლოგიკური აზროვნების პრინციპებიდან გამომდინარეც ასეა, რომ უშობელი სათავეა, შობილი მისგან გამომდინარეა და როგორ შეიძლება, რომ სათავე და მისგან გამომდინარე ღირსებით იდენტური იყოს. ამიტომ ამ ლოგიკას მიდევნებული ორიგენე ბუნებრივად მივიდოდა ყოვლადწმინდა სამებაში დაქვემდებარებულობის აღიარებასთან. თუმცა საკმარისი იყო მას [16]გაეცნობიერებინა, რომ ისეთი დოგმატი, ისეთი საიდუმლო, საიდუმლოდ წოდებული და ზესაიდუმლოდ წოდებული დოგმატი, როგორიც ყოვლადწმინდა სამებაა, არანაირ ლოგიკას, არანაირ აზროვნებას, არა მხოლოდ ადამიანურ, თუნდაც ზელოგიკურ აზროვნებასაც კი არ ექვემდებარება, ამგვარი აზროვნებითი წესით მოსახელთებელი და განსამარტავი არ არის, განსამარტავია მხოლოდ იმდენად და იმ ზომით რა ზომითაც თვით გვიცხადებს თავის თავს. ყოვლადწმინდა სამების საიდუმლომ თავისი თავი გავვიცხადა როგორც ერთი არსების მქონე სამი პირის ყოვლადთანასწორმა, აბსოლუტურად ყველა ნიშნით თანასწორმა ერთობამ, ერთბუნებითობამ, ერთარსებობამ და ერთარსებამ, სამების პირთა შორის ოდენ იმ ნიშნის განსხვავებით, რომ მამა არის უშობელი და მიზეზი ძისა და სულისა, ძე შობილია მამისგან და სული გამომავალია მამისგან, თორემ სხვა ყველა ნიშნით აბსოლუტურად თანასწორობით, თანაბრობით, ყოველგვარი [17]სუბორდინიზმის სრულიად აღხოცვით. იმიტომ, რომ სუბორდინიზმი და დაქვემდებარებულობა უკვე ჩვენ გვაიძულებს ვილაპარაკოთ არა ერთ ღმერთზე, არამედ სამ ღმერთზე. ერთი ღმერთი შეუძლებელია თავის თავში იყოს მეტიც და ნაკლებიც. ამიტომ რამდენადაც ჩვენ სამპიროვან მაგრამ ერთ ღმერთზე ვსაუბრობთ და არა სამპიროვან და სამ ღმერთზე, შესაბამისად ორიგენისტული ერესი დაფუძნებული ლოგიკაზე, ამ ლოგიკურობის ტყვე არის და აქედან გამომდინარეობს მისი დაცემულობაც. განვიშორებთ რა ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას რაც ქმნილების განსამარტავად უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია. მაგრამ შემოქმედის ბუნების და პიროვნულობის გამოსავლენად, რა თქმა უნდა, ლოგიკური აზროვნების პრინციპები, თუ ეს პრინციპები კვალში მიჰყვება გამოცხადებას, ე.ი. ამ დოგმატის თვით გამოცხადებას ჩვენს წინაშე, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკა ისეთ საღმრთო მეცნიერებად გარდაიქმნება, რომ თვით ყოვლადწმინდა სამების შესახებაც შეიძლება მისი გამოყენება. მაგრამ თუ ლოგიკა ბუნებრივ მდინარებასაა [18]მიცემული, როგორც ეს ანტიკურ მოაზროვნეებთანაა, მაშინ თავისი ამ დაცემულობით, ყოფითი, ამ ქვეყნიური ანუ ქმნილობითი აკოლუთიის ანუ მიმდევრობის შესაბამისად მოადევნებს დასკვნასაც. ლოგიკის დასკვნა კი ისაა, რომ თუ არსებობს სამი და ამათგან ერთი მიზეზია და მეორე მისგან ნამიზეზევი, ის მიზეზი, რა თქმა უნდა, უპირატესი უნდა იყოს, ხოლო ნამიზეზევი მასზე უფრო კნინობითი. სწორედ ამგვარ ლოგიკას მიედევნა ორიგენე და ეს გახლავთ მისი პრინციპული ცდომილება. ის რომ მიჰყოლოდა ჯერ როგორც წინამძღვარს, მიდევნებოდა უზენაესი მოძღვრების გამოცხადებას, როგორც ეს საღვთო წერილშია ჩენილი და შემდგომ ამის დასასაბუთებლად მოეშველიებინა ლოგიკა, მაშინ ეს ლოგიკა უკვე იქნებოდა საღვთო მეცნიერება მისთვის, როგორც ეს არის კაბადოკიელ მამებთან, კირილე ალექსანდრიელთან, მაქსიმე აღმსარებელთან, იოანე დამასკელთან და სხვა დიდ მოძღვრებთან.

მაგრამ ჩვენ რაც ვისაუბრეთ იმითაც ფაქტი თვალსაჩინოა (მიზეზების კვლევა ძალიან შორს წაგვიყვანდა), შედეგი თვალსაჩინოა, რომ ორიგენე ამ დოგმატთან დაკავშირებით [19]მკვეთრად იყო გაუკუღმართებული და შესაბამისად ეკლესიის ბრალდება მისდამი რომ მან ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობა ფაქტობრივად უარყო და ძე ღმერთი დაუქვემდებარა მამას, რითაც ნიადაგი შეუმზადა არიანელობას, რა თქმა უნდა, ყველანაირი კუთხით დამტკიცებადია წყაროთმცოდნეობითაც, თვით ორიგენეს შრომებითაც და უადრესი საეკლესიო მოღვაწეების უწყებებითაც. ერთადერთი განცალკევებული დიდიმე ალექსანდრიელის მოწმობას, როგორც ვთქვით ის ახსნა აქვს, რომ დიდიმე ალბათ ისეთ შრომებს იცნობდა და ეყრდნობოდა ორიგენესას, რომლებშიც შესაძლოა ეს დოგმატი ჯერ კიდევ გაუკუღმართებული არ იყო. მაგრამ შემდგომში როცა ორიგენე მთლიანად შეიპყრო ლოგიკურმა წიაღსვლებმა და ლოგიკური აზროვნების მდინარებამ და ეს, რა თქმა უნდა, მოგვიანებით მოხდებოდა მის ცხოვრებაში, აი ამის შემდეგ მან უკვე მკვეთრად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია.

ჩვენ დასასრულს კვლავ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ამგვარი რამ სავსებით შესაძლებელია, პირიქით ეს უფრო ხშირად ხდება, რომ ადამიანი იწყებს ღირსეულად და შემდეგ გაუკუღმართდეს. როგორც ეს [20]ტერტულიანესთან დაკავშირებით სრულიად თვალსაჩინოა, რომელიც 207 წლამდე იყო მართლმადიდებლობის მართლაც საყვირი, მართლმადიდებლობის კლდე, ბურჯი და 207 წლის შემდეგ უდიდესი უშეუღავათობით და შეუპოვრობით იმავე მართლმადიდებლობის მდევნელი, იმავე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მახვილის ხელთმპყრობი. ტატიანე სირიელთანაც ამგვარი ვითარებაა და ეს ე.ი. ერთეული შემთხვევა ორიგენესთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. როგორც ჩვენ შეიძლებოდა დავყრდნობოდით ცალკეულ შემთხვევებში ტერტულიანეს იმ შრომას რაც მას 207 წლამდე აქვს დაწერილი და აქედან გამომდინარე გაგვეკეთებინა გარკვეული დასკვნა და ჩვენ თვითონაც ამ დასკვნაზე აგვეგო ჩვენი მსჯელობა და გვეთქვა რომ ეს ყოველივე ტერტულიანესგან ვისწავლეთო, მაგრამ 207 წლის შემდეგ გაუკუღმართებულ ტერტულიანეს ეს დასკვნა უკვე არანაირად აღარ თანხვდება, ამგვარადვე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ გარკვეულ პერიოდში შესაძლებელია ორიგენეს, რომლის აუარებელი შრომიდან ჩვენამდე უმცირესზე უმცირესია მოღწეული, შრომების გარკვეულ ჯგუფში სავსებით მართებული სწავლება ჰქონოდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით, ამ შრომებით ესარგებლა დიდიმეს, მაგრამ [21]ნაკლებად გაცნობოდა იგი ანდა არც ქონოდა ხელთ ანდა ნაკლებად მიექცია ყურადღება იმ გვიანდელი შრომებისთვის, სადაც ორიგენე უკვე მკვეთრად გაუკუღმართებულია.

 

185–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=jH-Quli6foM

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button