Georgian (Georgia)English (United Kingdom)
186–189

პირველი ნაწილი

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ორიგენესეული და ზოგადად ორიგენისტული ღვთისმეტყველების ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრობლემურ ნაწილს, ყველაზე უფრო დიდ გაუკუღმართებას, გაუკუღმართებას კონკრეტულად ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ჩვენ აღარ განვაგრძობთ მსჯელობას, მხოლოდ დასკვნით ნაწილს გავიხსენებთ, რომ მიუხედავად ერთ-ერთი გვიანდელი ორიგენისტის, დიდიმე ალექსანდრიელის მითითებისა, რომ ამ დოგმატთან დაკავშირებით ორიგენე არ იყო გაუკუღმართებული, მაინც ყველა იმ წყაროს საფუძველზე და საკუთრივ ორიგენეს შრომებიდან მოღწეული ფრაგმენტების შესაბამისად ძე ღმერთის დაქვემდებარებულობა მამისადმი, როგორც აღვნიშნეთ ორიგენესგან სავსებით ცხადად და გამოკვეთილად არის ნამოძღვრები და ნასწავლები.

ამჯერად შევეხებით თემატურად მომდევნო დოგმატს და საკუთრივ თემას [1]რაც გულისხმობს ანგელოლოგიას, ანგელოზთა შესახებ მოძღვრებას. ამ კუთხითაც ორიგენეს შრომებში ჩვენ შეიძლება ვნახოთ რელიგიური, ქრისტიანული გრძნობით გამსჭვალული ცალკეული გამონათქვამები, შეგონებანი, სწავლებანი, მაგრამ სამწუხაროდ სრულიად ხელშესახებია და გამოკვეთილია კონკრეტულად ანგელოზებთან დაკავშირებითაც უაღრესად მცდარი და გაუკუღმართებული თვალსაზრისები. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ორიგენეს ნაწერებში ჩნდება ისეთი ტერმინები, რომლებიც სწორედ მისთვის და მისი ამ გაუკუღმართებისთვისაა სპეციფიკური. თუკი აღნიშნულ ტერმინებს ჩვენ რომელიმე შრომაში, რომელიმე კონტექსტში დადებითი მნიშვნელობით ვპოვებთ, რა თქმა უნდა, ცხადი უნდა იყოს თავიდანვე ჩვენთვის, რომ აღნიშნული ტექსტების სახით საქმე გვაქვს ორიგენისტურ მოძღვრებასთან. რა იგულისხმება აქ? როდესაც ორიგენემ გადაწყვიტა, რომ ასევე ლოგიკური განმარტება, მიზეზშედეგობრივი ახსნის წესით [2]განმარტება ჩამოეყალიბებინა ანგელოზებთან დაკავშირებითაც და აეხსნა თუ რამ განაპირობა ანგელოზთა შორის დაცემულობის გაჩენა, თუ რატომ დაეცა ერთ-ერთი ანგელოზი და შემდგომ მყისვე მასთან ერთად მისი მიმხრობი და მასთან თანაზარი სხვა ანგელოზური ძალებიც, აი ამის ახსნისას ორიგენემ კვლავ უაღრესად მძიმე შეცდომა დაუშვა. შესაბამისად ორიგენისტული ანგელოლოგია, ანგელოზთა შესახებ ორიგენისტული მოძღვრება ცხადია არ უიგივდება მართლმადიდებლურ სწავლებას. რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დაცემა თუ რამ განაპირობა ანგელოზთა შორის, აი ამის ახსნა უაღრესად რთულია და შესაბამისად შეიძლება ორიგენისტულ ცდომილებას ამ კუთხით, რომ ეს ურთულესი საკითხია, გარკვეული გამართლება მოძებნოდა. მაგრამ რამდენადაც ორიგენემ თავისი აზრები მკვეთრად დებულებითი წესით ჩამოაყალიბა [3]და ჩათვალა რომ მან ეს პრობლემა მართლა გადაჭრა და ნაკლებად ვარაუდისეული ტონი შეუნარჩუნა თავის მსჯელობას, ჩვენ აი ამგვარი გამართლების საფუძველი, რაღაც შეღავათის გაკეთების საფუძველი  მისთვის, შესაბამისი ცდომილების გამო უკვე, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს.

არსებითი ცდომილება ორიგენესი მდგომარეობს იმაში, რომ მან ანგელოზური დაცემა ფაქტობრივად ზეციური ცხოვრების ხარვეზის შედეგად წარმოშობილად და წარმოქმნილად მიიჩნია. მართლაც ზოგადად როდესაც კითხვა დაისმის, თუ რამ განაპირობა ანგელოზთა დაცემა, ერთი შეხედვით პასუხის გაცემა ძნელია, რადგან თითქოს პასუხი არ ჩანს. ჩვენ ვიცით რამ განაპირობა ადამიანის დაცემა და ზოგადად ვიცით დაცემა რამ შეიძლება განაპირობოს. ჩვეულებრივ არის შემდეგი მიზეზი დაცემისა:

1) ცოდნის ნაკლებობა ანუ არ ცოდნა, რომ ვთქვათ რაღაც [4]მოვლენა, რაღაც საგანი ჩვენ კეთილი გვგონია, კარგი გვგონია, არ ვიცით რა მისი ბუნება, ცოდნის ნაკლებობა გვაქვს ამის მხრივ. მაგრამ კეთილი, ლამაზი და მშვენიერი საფარველის ქვეშ როდესაც მომაკვდინებელი რამ თვისების მქონედ წარმოჩნდება ეს ნივთი და ჩვენს დაღუპვას გამოიწვევს, ამგვარი დაღუპვა, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ ჩვენი ცოდნის ნაკლებობის შედეგი იყო, ჩვენ არ გვქონდა შემეცნებული ეს საგანი და მისი ბუნება. ამრიგად დაღუპვის, დაცემის, წარწყმედის, გაუკეთურების ერთ-ერთი მიზეზი არის ცოდნის ნაკლებობა;

2) მეორე მიზეზი ცოდვილიანობისა და დაცემულობისა ეს გახლავთ ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ქვედამზიდველი ბუნება, ქვემეთრევი ბუნება (ზოგჯერ ასედაც თარგმნიან ძველი ქართველი ავტორები), ანუ იგივე ხორციელი ბუნება. ჩვენს ყოფით ცხოვრებაშიც ადამიანი, ყველა ჩვენთაგანი ზოგჯერ შესანიშნავად ვაცნობიერებთ ამა თუ იმ მოქმედებას როგორი ცოდვიალიანობა ახლავს თან, რა [5]მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვერ ვძლევთ ჩვენს ხორციელ სურვილებს. რა თქმა უნდა, ადამიანში გაბატონებული ყოველთვის გონება უნდა იყოს. ადამიანი და გონება ერთიდაიგივეა, გონითი ნაწილი ადამიანში არის სწორედ ადამიანი, სხვა ყველაფერი მასში ცხოველურია და სწორედ ეს გონითი ნაწილი გარდაქმნის ყველა სხვა ცხოველურ ნაწილს ადამიანში ღვთიურობის მიმღებად და დამტევად. ამიტომ ეს გონითი ნაწილი მართლაც არის ადამიანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხსენებული ნაწილი ვერ ახერხებს ხელთ იპყრას აღვირნი მესაჭეობისა, მმართველობისა. ზოგჯერ ცხოველური ნდომანი და სურვილები წარსტაცებენ აღვირს გონებას, როგორც მეეტლეს ცხენები და ეტლი სად გადაიჩეხება ასეთ შემთხვევაში ადვილი წარმოსადგენია. მაგრამ აქ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ცოდნის ნაკლებობის გამო მოხდა დაცემა და წარწყმედა. დაცემა და წარწყმედა მოხდა გონების არაჯეროვანი სიმტკიცის გამო, ანუ იმის გამო, რომ ხორციელმა გულისთქმებმა იმძლავრეს, ხორციელმა [6]სისუსტემ, ქვედამზიდველმა ვნებებმა გადაამეტეს აზროვნებით, გონით ნაწილს და სწორედ ეს ხორციელება, ხორციელი სურვილები, ხორციელი მიდრეკილებანი გახლავთ დაცემის მეორე მკვეთრად გამოხატული მიზეზი და საფუძველი.

3) კიდევ ერთი მიზეზი, ასევე მკვეთრად გამოხატული, ეს გახლავთ გარეგანი საცთური და გარეგანი უკვე არსებული შემაცდენელი. ადამიანი ედემის ბაღში უცოდველობაში მკვიდრობდა, მაგრამ იგი გარეგანმა საცთურმა, უკვე შემაცდენლად არსებულმა დაცემულმა ანგელოზმა დააყენა წარწყმედის გზაზე, ანუ მაპროვოცირებელი დაცემისკენ ადამიანის წარმართველი და მიმმართველი იყო გარეგანი ძალა, შემაცდენელი უკეთური ძალა, ეშმაკი.

როგორც ვხედავთ აი ეს სამი მიზეზი განაპირობებს ყოველთვის ყოველგვარ მდგომარეობაში დაცემას. კვლავ აღვნიშნავთ ერთი არის ცოდნის ნაკლებობა ანდა უმეცრება, მეორე [7]ესაა ხორციელი სურვილებისკენ მიდრეკილება და ხორციელების მძლეობა გონებაზე და მესამე ეს გახლავთ გარეგანი საცთური და გარეგანი შემაცდენელი. თუ ამ კუთხით შევხედავთ ჩვენ ზეციურ წიაღს, საიდანაც ანგელოზის დაცემა მოხდა, ვერცერთი აქ ჩამოთვლილ მიზეზთაგანი ვერ განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის თუ რატომ დაეცა ის ანგელოზი რომელიც დაეცა. ვერ აგვიხსნის იმიტომ, რომ ვერ ვიტყვით ამ ანგელოზს სხვებთან შედარებით ცოდნის ნაკლებობა ჰქონდა და ამიტომ დაეცა სწორედ იგი. პირიქით როგორც ეკლესიური თხრობა გადმოგვცემს (ჩვენ თხრობად ვუწოდებთ ყველა იმ სათნო გადმოცემას, სადაც გვაქვს არა რაიმე არგუმენტირებანი, არა რაიმე ტერმინოლოგიურ-თეოლოგიური მსჯელობანი, არამედ ამბის უწყება. ხშირად ეკლესიურ ტრადიციაში ესა თუ ის სწავლება როგორ აღმატებული ლოგიკურ და არგუმენტირებულ მტკიცებულებებზე, ეკლესიის მამებთან გადმოიცემა თხრობითი წესით, მათ შორის [8]ის უარქაულესი მოვლენაც როდესაც ანგელოზი დაეცა. ამიტომ ვუწოდებთ მას ამ შემთხვევაში თხრობას), ეკლესიის მამათა შრომებში ხშირად გამოვლენილი, სრულიად აშკარად სწამებს და ადასტურებს რომ იმ ძალას, იმ ანგელოზურ ძალას, რომელიც დაეცა, არათუ ცოდნისმიერი ნაკლებობა ჰქონდა სხვა ანგელოზებთან შედარებით, პირუკუ ერთ-ერთი დაწინაურებული, წინამდგომი ანგელოზი გახლდათ, სხვებზე მეტად გაბრწყინებული, სინათლის მატარებელი და ამის გამო ლუციფერად წოდებული (ლუციფერი ლათინური შესატყვისია. ბერძნულად ჰეოსფოროს, ანუ სინათლის მატარებელი, რაც ზოგჯერ ითქმის ტერმინით ფოსფოროს). აი ეს დაწინაურებული ანგელოზი თავის დაწინაურებულობას ყველა იმ ნიშნით წარმოაჩენდა, რაც საზოგადოდ წარმატების თანმხლებია, განუყრელად ეს განმანათლებლობა და ნათელსხივოსნობა იგივე ცხოველმყოფელობითი სიძლიერის [9]და იგივე ცოდნისმიერი აღმატებულების დასტურია. ასე რომ არათუ ნაკლები იყო ცოდნაში ქმნილებათა დატევნისამებრ ის ანგელოზი რომელიც დაეცა, არამედ ბევრ სხვაზე უფრო წარმატებული და დაწინაურებული გახლდათ. ამრიგად ცოდნის ნაკლებობა ვერანაირად ვერ იქნებოდა ანგელოზის დამცემი ზენა სამყაროდან, პირუკუ კვლავ აღვნიშნავთ, ქმნილებათა და თვით მისი ბუნების და მისი ხარისხის დატევნისამებრ მას ქონდა ყოვლადი ცოდნა, აბსოლუტური ცოდნა თავის საზღვრებში, თავისი უნარისა და დატევნითობის შესაბამისად.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, ხორციელი გულისთქმების მძლავრებას, ხორციელების მძლავრება გონებაზე, ხორციელი მიდრეკილებების შედეგად გონებითი თვალის დაბინდვა, რაც ხშირად ასევე, როგორც აღვნიშნეთ, დაცემას იწვევს, არც ეს მხარე ცხადია არანაირად არ ფიგურირებდა და არ ვლინდებოდა ზეციურ სამყაროში, სადაც პირველი დაცემა მოხდა. ანგელოზები ამ გაგებით [10]ყოველგვარი ხორციელების გარეშე იმყოფებიან. მათ შეიძლება, როგორც უკვე ვთქვით, გარკვეული აზრით სხეულებრიობა განვუკუთვნოთ, როგორც ფორმობრივი განსაზღვრულობა, რომ ისინი შემოსაზღვრულნი არიან და ყოველთვის ერთ ადგილას იმყოფებიან და არ ძალუძთ ერთდროულად ორ ადგილას იმყოფებოდნენ. სწორედ ეს მათი შემოსაზღვრულობა, მათი დასაზღვრულობა გულისხმობს გარკვეულ სხეულებრიობას როგორც ფორმას, რომ ადამიანებთან და ხილულ სამყაროსთან შედარებით ისინი რა თქმა უნდა უსხეულო ძალნი არიან, მაგრამ ღმერთთან შედარებით, რომელიც აბსოლუტური განუსაზღვრელობა და ყოველგვარი გარშემოწერილობისგან ყოვლად და უსასრულოდ გამიჯნულობაა, აი ამ უზენაეს ძალთან შედარებით ისინიც, ანგელოზებიც როგორც დასაზღვრულნი ზოგჯერ სხეულებრივად ითქმიან. მაგრამ ანგელოზები არანაირად არ ითქმიან ხორციელების მქონედ, ხორცში მყოფებად. ასე რომ ხორციელი მიდრეკილებები და სურვილები ანგელოზებს არ უბინდავს გონისმიერ თვალს, [11]არ მიდრეკს მათ დაცემულობისაკენ, წარწყმედისაკენ.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, გარეგანი საცთური, გარეგანი შემაცდენელი. თვით ეს დაცემული ანგელოზი შემდგომში მრავალთათვის და ყველასთვის ვინც დაეცა გახდა, რა თქმა უნდა, მიზეზი დაცემისა. მან როგორც გარეგანმა ძალამ აცდუნა სხვა, მაგრამ თვით ამ ანგელოზის დაცემამდე რაიმე გარეგანი საცდური ან ვინმე გარეგანი შემაცდნელი, რა თქმა უნდა, არ არსებობდა, იმიტომ, რომ დაცემულობის ნიშანწყალი, აჩრდილიც კი არსად არ წარმოჩნდებოდა და არ ვლინდებოდა.

აი ამიტომ ვამბობთ რომ ანგელოზური დაცემის განმარტება ჩვეულებრივ ძალიან რთულია. ადამიანური დაცემის განმარტება გასაგებია, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. სამივე ეს კომპონენტი ვლინდებოდა ადამიანის დაცემაში, მას ქონდა ცოდნისმიერი ნაკლებობაც ანგელოზურ ცოდნასთან შედარებით, ჩვილი იყო სულიერად ადამი, როგორც ამას წმ. თეოფილე ანტიოქიელიც ხაზგასმით აღნიშნავს, ის უნდა წარმატებულიყო ცოდნაში, ის ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფის მწვერვალზე [12]და შესაბამისად არასრულ მდგომარეობაში მყოფს განღმრთობილებითი ცოდნა, ღვთისმცოდნეობა, თეოგნოზია, ასევე არ ჰქონდა მთელი სისრულით. მეორე მხრივ ადამიანს როგორც ხორციელების მქონეს ეს ხორციელებაც ქვედამზიდველად, ქვევითკენ მიმდრეკად  მარადის თან ახლავს და შესაბამისად ესეც ფიგურირებს მისი დაცემის დროს. რაც შეეხება მესამე მიზეზს, რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის დაცემის დროს უკვე გარეგანი შემაცდნელი, უკეთური ძალა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ ისიც (ადამიანი) დაეცეს, აღძრულია რა მისდამი დაუძლეველი მოშურნეობით.

ამრიგად, რამდენადაც ვერცერთი ზემოაღნიშნული მიზეზი ვერ აგვიხსნის ჩვენ თუ რამ განაპირობა ზეციურ სამყაროში ცოდვის (დაცემა ცოდვაა, რა თქმა უნდა) შემოსვლა და რამ დასცა ერთ-ერთი წარჩინებული უხორცო [13]ძალთაგანი, შესაბამისად ორიგენემ თავისი განმარტებითი და ამხსნელობითი მოღვაწეობა ამ მოვლენისა სხვა კუთხით წარმართა და როგორც უკვე აღვნიშნეთ შეეცადა, რომ ლოგიკური მსჯელობის გზით გარკვეულ მყარ დასკვნამდე მისულიყო. ჩვენ თვალს გავადევნებთ ორიგენეს ლოგიკურ მსჯელობას თუ რა გზით მივიდა იგი ანგელოზური დაცემის მისეულ განმარტებამდე და პარალელურად ამის შემდგომ რამდენიმე სიტყვით გადმოვცემთ ეკლესიურ სწავლებასაც, რომ არ დარჩეს იმგვარი შთაბეჭდილება თითქოსდა ეს ძნელად ახსნადი მოვლენა საერთოდ აუხსნელი დარჩა ეკლესიის მამათაგან. პირუკუ ახსნილია, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმას გავხაზავთ, რომ თავისთავად ამის ახსნა ადვილი არ გახლდათ. ამიტომ ორიგენეს მცდელობა აღნიშნული მოვლენის ახსნისა თვით მიმართულებაშიც მცდარი იყო, როდესაც მან ისეთი გეზი აირჩია, რაც გარეთ გადიოდა ამ [14]მოვლენის, თვითონ ცოდვის და შემცოდებელის გარეთ გადიოდა და ფაქტობრივად მას უნდოდა თუ არ უნდოდა ზეციური ცხოვრების თითქოსდა ხარვეზი გამოიყენა იმის საფუძვლად, რამაც ანგელოზს ასე ვთქვათ დაცემის საფუძველი მისცა. თუმცა ამ საკითხებს ვრცლად შემდგომ საუბარში შევეხებით.

 

186–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=AwSEvJK8o8U

 

მეორე ნაწილი

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით ორიგენეს მოძღვრებას ანგელოზთა შესახებ, უფრო ზუსტად კონკრეტულად საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ რამ განაპირობა ანგელოზთა შორის დაცემულობის შემოღწევა, რატომ დაეცა ერთ-ერთი წარჩინებულ ძალთაგანი. როგორც აღვნიშნავდით ორიგენემ მცდარი მიმართულება ირჩია ამ საკითხის გადასაწყვეტად, რის გამოც შედეგი, რაცარუნდა ლოგიკური წარმოჩენილიყო იგი, თავისთავად აბსოლუტურად მცდარი გახლდათ. ამ მიმართულების მცდარობა ვლინდება იმაში, რომ როგორც აღვნიშნეთ ორიგენემ გარეგანი რამ მიზეზი წარმოაჩინა ანგელოზის დაცემის საფუძვლად და არ ეძია ეს მიზეზი თვით იმ ანგელოზში ვინც დაეცა. გარეგანი მიეზი, თავისთავად უხარვეზო, კონკრეტულ ანგელოზთან მიმართებით ორიგენეს მოძღვრების საფუძველზე, ხარვეზიანი გამოჩნდა და ეს გარეგანი მიზეზი გახლავთ არც მეტი არც ნაკლები ზეციური სამყარო, ის სამყოფელი, ის [1]ანგელოზური წიაღი, სადაც ხსენებული ანგელოზიც მკვიდრობდა. მოკლედ რომ ვთქვათ ორიგენეს მსჯელობა, რაც თითქოსდა ლოგიკურია, აი ამგვარი მიმართულებით წარიმართა, ორიგენე აღნიშნავს: “ზეციური სამყარო, განსხვავებით ამქვეყნიურისგან, არის მარადიული, არის წარუვალი, ცვალებადობის ნაცვლად უცვალებლობითა და მუდმივობით შემოსილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ზეციური სამყარო და ზეციური ცხოვრება არ არის მარად დინებადი, წარდინებადი ანუ არის წარუდინებელი”. ეს მდგომარეობა ეკლესიის მამებთან ხშირად გამოიხატება ტერმინით “ერთსახეობა”, ბერძნ. “მონოეიტეს”, რომ ზეციური ცხოვრება არის ერთსახეობითი. თუმცა აქ ერთსახეობაში იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ყოველი გამოვლინება, ყოველი თვისება, ყოველი ასპექტი ზეციური ცხოვრებისა არის უაღრესად მყარი, მდგრადი, შეუძრავი, ღვთივდაფუძნებული. ე.ი. ეს ტერმინი  - “ერთსახეობა”, მხოლოდ [2]უაღრეს ღირსებას გამოკვეთს ზეციური ცხოვრებისას. მაგრამ ორიგენემ გააკეთა ასეთი ლოგიკური გადასვლა, რომ რაც ერთ სახეობითია ის ერთფეროვანიცაა. ცალკე აღებული ფერი და სახე, ეს ტერმინები, მართლაც ამა თუ იმ კონტექსტში არიან მონათესავენი, სინონიმურნი, მაგრამ ყველა შემთხვევაში არა. სახეობა და ფეროვნება მითუმეტეს მნიშვნელოვნად სხვაობს და ერთსახეობის შენაცვლება ერთფეროვნებით უკვე აზრის ცვალებადობას განაპირობებს იმ გაგებით, რომ ერთსახეობა როგორც აღვნიშნეთ გულისხმობს ღვთივდაფუძნებული სინამდვილის ანუ ზეციური ცხოვრების მდგრადობას, ურყევობას, ხოლო ერთფეროვნება უკვე გულისხმობს და აუცილებლად შეიცავს ნიუანსს იმისას, რომ ეს მარადიული, მუდმივი, ერთიდაიგივე, არის თითქოსდა გამუდმებითი ანუ მომაბეზრებელი. როგორც ამქვეყნად ერთფეროვანი რამ მდგომარეობა, ერთფეროვანი რამ თუნდაც რაღაც სიამტკბილობა, [3]ერთფეროვანი რამ გასართობი, აუცილებლად გარკვეულ მომენტში მობეზრებას, მოწყინებას გამოიწვევს, ამგვარადვე თვლიდა ორიგენე, რომ ზეციური ცხოვრება, როგორც უცვალაბელი, როგორც მარადიული, როგორც შესაბამისად ერთსახეობითი, ხოლო აქედან როგორც ერთფეროვნებითი, ერთ-ერთი ანგელოზისთვის რაღაც მომენტში ამ ერთფეროვნებისა გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთფეროვნება მხოლოდ ნეტარებას გულისხმობს და არანაირ რაღაც დაცემულობას, არანაირ წუხილს, მწუხარებას, შეჭირვებულობას და სხვა, მხოლოდ უზრუნველობაა, მხოლოდ სიკეთეა, მხოლოდ ნეტარებაა, მაგრამ ეს ნეტარება მაინც, როგორც ორიგენესთვის ერთფეროვანი, ამა თუ იმ ანგელოზის ცხოვრებაში რაღაც მომენტისთვის აღმოჩნდა აღმომაცენებელი მობეზრებულობისა, რომ ერთ-ერთ ანგელოზს ეს ზეციური, უაღრესად კარგი, უაღრესად კეთილი და ღვთიური, მაგრამ მაინც ერთფეროვანი ცხოვრება რაღაც მომენტში მობეზრდა. [4]თანდათანობით ეს მობეზრება გადაიზარდა უკიდურეს მობეზრებაში, რასაც ქართულ ენაზე მოყირჭება ეწოდება.

ჩვენ თანდათანობითობაში არ ვგულისხმობთ დროით მიმდევრობას, იმიტომ, რომ ზეციურ სამყაროში დრო, ანუ ქრონოსი არ არის. იქ არის ზედროულობა ანუ საუკუნო დრო, ეონური დრო, მაგრამ თანდათანობითობაში ვგულისხმობთ ამ ანგელოზური არსის თვისობრივ უფრო და უფრო მომეტებულ გაუკუღმართებას ორიგენისტული სწავლების კვალობაზე, რომ მან რაღაც მობეზრებულობა განიცადა, მაგრამ შემდეგ ეს მობეზრებულობა მისთვის გახდა გაუსაძლისი ანუ მოყირჭებამდე მისული. სიტყვა მოყირჭება, რასაც ჩვენ ვიყენებთ, მიუხედავად მისი გარკვეული არადელიკატურობისა აბსოლუტურად ადეკვატურია იმისა რა ტერმინსაც ორიგენე იყენებს თავისი შრომების ენაზე ორიგინალში ბერძნულად, ეს გახლავთ ტერმინი “კოროს”. ტერმინი “კოროს” მომდინარეობს ზმნიდან “კორენნიუმი”, რაც ნიშნავს ზედმეტად, უკიდურესად რაიმეთი [5]ავსებას, რაიმეთი გავსებას, დანაყრებას, განძღომას ისეთ ხარისხამდე, რომ ადამიანს უჩნდება უკიდურესი მობეზრებულობა იმისა რისგანაც აღივსო, რისგანაც დანაყრდა, რისგანაც განიძღო იგი. ძველ ქართულში ამ ტერმინს გადმოსცემდა სიტყვა “განძღომაი”. ჩვენ დღეისათვის სავსებით უფლებამოსილნი ვართ ვთარგმნოთ იგი როგორც მოყირჭება იმიტომ, რომ უაღრესად ზედმიწევნით იტევს ორიგენისტულ განწყობას. სადაც, რომელ ტექსტშიც ჩვენ განმარტებითი მნიშვნელობით, ანგელოზთა დაცემის ახსნის მიზანდასახულობით შეგვხვდება ტერმინი “კოროსი”, რა თქმა უნდა, კვლავ გავიმეორებთ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საქმე გვაქვს სპეციფიკურად ორიგენისტულ, ანდა ოროგენესეულ ტექსტთან. აი ამ კოროსის გამო დაეცა ანგელოზი, - ამბობს ორიგენე, რაწამს განიცადა მან კოროსი ანუ მოყირჭება ზეციური ცხოვრებისა, მყისვე განშორდა მას ეს ზეციური ნეტარება. თვითონაც განიშორა თავისი თავი ამ [6]ნეტარებისგან და ყველანი ვინც კი მას მიემხრნენ და მეტნაკლებად იმავე კოროსით აღივსნენ, მიჰყვნენ მას დაცემაში და განიდევნენ ზეციდან.

რა თქმა უნდა, ორიგენეს აზრით ყველა ანგელოზი ზეციდან თავისთავად ცხადია არ განდევნილა, მაგრამ მიუხედავად ამისა და ეს უკვე არის მეორე მკვეთრად ხაზგასმული ცდომილება ორიგენესი, ის ზეცად შთენილი ანგელოზებიც ვერ აღმოჩნდნენ თავდახსნილნი დაცემულობისგან. ეს კიდევ უფრო მძიმე შეცდომაა ორიგენესი. მას შეიძლებოდა ერთ-ერთ ანგელოზთან და ამ ანგელოზის თანაზიარ სხვა ძალებთან დაკავშირებით მცდარი ახსნა მოეცა თუ რამ განაპირობა მათი დაცემა, მაგრამ როდესაც საყოველთაოდ, მთელი ანგელოზური ბუნების შესახებ ცთომილებს იგი და მცდარ მოძღვრებას აყალიბებს, რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე ცთომილებაა. აღნიშნული მცდარი მოძღვრება და მცდარი თვალსაზრისი კი მდგომარეობს შემდეგში, რომ დაეცა რა [7]ერთი ანგელოზი, - ამბობს ორიგენე, ამ დაცემულობის შედეგი არის სხეულებრივი ბუნებით შემოსვა. ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ ეკლესიის მამები ზოგჯერ, გარკვეული გაგებით სხეულებრიობას განუკუთვნებენ ანგელოზებს, კვლავ დავაკონკრეტებთ, მხოლოდ იმ აზრით, რომ ანგელოზებიც განსაზღვრულნი, ფორმის მქონენი არიან და მათ არ ძალუძთ ერთ და იმავე დროს, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა, ანუ შემოსაზღვრულნი არიან (ქმნილება ყოველთვის ასეთია). აი ამ გაგებით ანგელოზებს ღმერთთან მიმართებით სხეულებრივნი ეწოდებათ იმიტომ, რომ აბსოლუტური უფორმობა, განუსაზღვრელობა მხოლოდ იმ შემოქმედ ძალას ახასიათებს. ადამიანებთან შედარებით ანგელოზნი უსხეულონი არიან, მაგრამ ღმერთთან შედარებით ისინიც სხეულოვანნი არიან. მაგრამ სხვა არის სხეულებრიობა, როგორც აღვნიშნავდით, და სხვა არის ხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზების მიმართ გარკვეული, განსაზღვრულობის აზრით შეიძლება ითქვას რომ მათ სხეული აქვთ, არანაირად არ ითქმის არასოდეს რომ [8]მათ ხორცი აქვთ. ხორციელება ანგელოზებს არასოდეს არ ქონიათ, ისინი ყოვლად უხორცონი არიან და ამიტომ როცა ორიგენე ამბობს, რომ დაცემულობის შედეგი სწორედ სხეულებრიობაა, იგი გულისხმობს არა ხორციელებას, არამედ სწორედ განსაზღვრულობას სხეულებრივი თვისებების გზით ამა თუ იმ ქმნილების გამსჭვალვას. მაგრამ ამ სხეულებრივ თვისებებში არ იგულისხმება აუცილებლად ხორცისეული თვისებები, არამედ აქ ორიგენე გამოკვეთილად გულისხმობს იმგვარ თვისებებს, რომლებიც ჩვეულებრივ უკეთური თვისებებია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ხორციელებას არ უკავშირდებოდეს. ეს თვისებები გახლავთ პირველ რიგში ამპარტავნება, წარმომშობი ყველა უკეთურებითი ვნებადი თვისებისა და ვნებადი სურვილისა, იქნება ეს მოშურნეობა, უღვთოება, ღვთის წინაშე ამბოხი, მოწყინებულობა, [9]პატივმოყვარეობა და მრავალი სხვა. ყველა ის ვნება, ყველა ის უკეთურება რაც უკეთურ ძალებს განეკუთვნებათ სწორედ ამპარტავნებიდან იშვებიან, ეს თვისებები გულისხმობს გარკვეულ წილად, ამავე დროს, ამა თუ იმ დაცემული ქმნილების სხეულით შემოსვას. ორიგენე სხეულით შემოსვაში სწორედ ამგვარი თვისებებით, ამა თუ იმ ქმნილების გამსჭვალვას გულისხმობს. ამიტომ როდესაც იგი ამბობს, რომ რაც უფრო დაცემულია ესა თუ ის ანგელოზი, მით უფრე მეტად უხეში სხეულითაა იგი შემოსილი. ამ სხეულის უხეშობაში ის მატერიალური შედგენილობის მქონე ხორცს კი არ გულისხმობს, არამედ აი ამ ვნებადი თვისებებით, ვნებადი აზრებითა და ვნებადი სურვილებით გამსჭვალულობას ამა თუ იმ ანგელოზური ქმნილებისას. რაც უფრო დაცემულია ესა თუ ის ანგელოზური ძალა, მით უფრო მეტად ამპარტავანია იგი, მით უფრო მეტად მოშურნეა, [10]მით უფრო მეტად ცილისმწამებელია, მით უფრო მეტად ცრუ არის, მით უფრო მეტად მპარავია და ასე შემდეგ. ამიტომ ორიგენე თვლის, რომ დაცემის შედეგი ყოველთვის სხეულებრიობაა, სხეულის მიღებაა. დაეცა რა ერთი ანგელოზი მან ყველაზე უხეში სხეული მიიღო, რადგანაც ყველაზე დიდად დაცემული ისაა. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ ორიგენე არ იფარგლება მხოლოდ იმ მთავარ დაცემულით და მისი აზრისმიერად მიმხრობი სხვა ანგელოზებით, არამედ სამწუხაროდ იგი დაცემულობას განავრცობს უკლებლივ ყველა ანგელოზზე, თანაზიარნი იყვნენ თუ არა ისინი გონებით იმ მთავარ დაცემულისადმი. ორიგენეს აზრით რამდენადაც ანგელოზები ერთი ბუნებისანი არიან, რომ ანგელოზებს ერთი ბუნება აქვთ, შესაბამისად ამ ბუნების მქონე ერთ-ერთი ჰიპოსტასის ანუ ერთ-ერთი [11]კონკრეტული ანგელოზის დაცემულობამ ბუნებითი ერთობის გამო ყველა სხვა ანგელოზს იგივე დაცემულობა განუკუთვნა. ორიგენე პარალელს ავლებს ადამიანებთან, რომ როგორც დაეცა ადამი და ადამის დაცემამ დაცემულობითი თვისება შესძინა მთელ კაცობრიობას, ყველა ჩვენთაგანს, ამგვარადვე, - ამბობს ორიგენე, ერთი ანგელოზის დაცემამ ყველა სხვა ანგელოზიც, უკლებლივ ყველა დაცემულობასთან მოზიარე და მონაწილე გახადა. და რადგანაც დაცემულობა, კვლავ აღვნიშნავთ,  სხვა არაფერია ორიგენესთვის თუ არა სხეულით შემოსვა, შესაბამისად ორიგენეს დასკვნით ერთი ანგელოზის დაცემამ სხეულით შემოსა უკლებლივ ყველა ანგელოზი. მათ შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, ანგელოზთა შორის დაცემის შემდეგ, რომ ზოგნი უფრო უხეში სხეულით არიან შემოსილნი, რომლებიც უფრო მეტად დაცემულნი არიან, ხოლო უხეშ სხეულში რა შინაარსი ჩაიდება უკვე აღვნიშნეთ, ხოლო ზოგნი რომლებიც უფრო ნაკლებად არიან ახლოს იმ პირველ დაცემულთან, უფრო ნაკლებ უხეში სხეული, უფრო [12]მეტად ფაქიზი, უფრო მეტად ნატიფი სხეულით არიან შემოსილნი. მაგრამ სხეულებრიობას როგორც გარკვეულ რაღაც ხაფანგს და მახეს ვერ აცდა ვერცერთი მათგანი, სხეულის როგორც გარსის ტყვეობაში აღმოჩნდა ყველა ანგელოზი. აი ეს გახლავთ გაცილებით მძიმე შეცდომა ორიგენესი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ცოდვილიანი ჩნდება მთელი ზეციური სამყარო.

ეკლესიური სწავლება, რა თქმა უნდა, დიამეტრულად განსხვავებულია. ამ სწავლების მიხედვით დაეცა რა ერთი ანგელოზი, ისიც და ვინც მასთან აზრისმიერად ანუ შეგნებულად თანამონაწილე იყო, ყველა მათგანი ასევე დაცემულობაში მყოფნი, ერთობლივად განიდევნენ ზეციდან. ამის შემდეგ ხსენებულ დაცემულთათვის ზეცა არის აბსოლუტურად მიუწვდომელი, ისინი ვერასოდეს ზეცაში ვეღარ შეაღწევენ, ანუ როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს ზეცა მათთვის [13]უკვე მიუვალია. ამიტომვე, - ამბობს სხვათაშორის იოანე ოქროპირი, და აქვე აღვნიშნავთ, ხდება, რომ უფალმა ადამიანს, სამოთხე დაკარგულს, სასუფეველი მისცა. იოანე ოქროპირის განმარტებით ის სამოთხე სადაც ადამიანი გრძნობადად მკვიდრობდა, დედამიწისეულია, დედამიწის აღმოსავლეთ მხარეშია ყველაზე ამაღლებულ ადგილზე. აი ეს დაჰკარგა ადამიანმა, რადგან იქ გველმა შეაღწია, მაგრამ კვლავ რომ გველმა აღარ შეაღწიოს ადამიანის სამყოფელში უფალმა მას გზა გაუხსნა ცისკენ ანუ ცად განუმზადა სასუფეველი, საიდანაც უკვე ისინი აღარ დაეცემიან, ე.ი. ვინც იქ დამკვიდრდება, რადგანაც ცა, - ამბობს იოანე ოქროპირი, მიუვალია ეშმაკისთვის და უკეთურ ძალთათვის. და თუ მიუვალია და ზეციდან განდევნილები არიან ეს უკეთურნი, ცხადია რომ მათი დაცემულობა არანაირად აღარ განივრცობა იმ ზეციურ სამყაროზე. ეკლესიური მოძღვრებით, მართლმადიდებლური [14]სწავლებით, ზეცა როგორც უბიწო იყო, უმწიკვლო იყო, ნეტარი და ღვთიური იყო ანგელოზურ დაცემამდე, ერთი ანგელოზის დაცემამდე, ასევე უბიწო და უმწიკვლოა იმ ანგელოზის დაცემის შემდეგაც, იმიტომ, რომ ამ ანგელოზისგან საკუთარ პიროვნებაში შთანერგილი ბიწიერება არათუ ზეციურ სამყაროზე განივრცო, არამედ მთლიანად განიდევნა ეს ბიწიერება მყისვე ზეციური სამყაროსგან ისე, რომ თვითონ ამ ანგელოზურ წიაღს არც შეეხო რაიმე მწიკვლი და არც, რა თქმა უნდა, არასოდეს არც გამოვლინდება და არც შეეხება მას რაიმე წახდენილობა და ბიწი. ამიტომ ეკლესიური სწავლება ამ კუთხით დიმეტრულად ემიჯნება ორიგენეს, ხოლო რაც შეეხება ორიგენისტულ აზრს, რომ ერთი ანგელოზის დაცემა ბუნებითი ერთობის გამო აუცილებლად სხვა ანგელოზებზეც უნდა გავრცელებულიყო, აქაც მკვეთრი სხვაობაა ეკლესიურ სწავლებასა და ორიგენისტულ მოძღვრებას შორის.

საკუთრივ ლოგიკური მსჯელობითაც აშკარაა, რომ ორიგენე ცდება, ცდება იმიტომ, რომ ანალოგი აქ ადამიანებთან, კაცობრიობასთან სრულიად უადგილოა. [15]მართალია ერთი ადამიანის დაცემამ ყველა ჩვენთაგანს ცოდვიალიანობა შეგვძინა, მაგრამ შეგვძინა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ჩვენთაგანი ადამისგან ვართ ნაშობნი და ვართ ნაშობნი მხოლოდ მას შემდეგ რაც ადამი დაეცა. როცა ადამი და ევა პირველცოდვით სნეულნი გახდნენ, ამის შემდეგ იწყება მათგან შობადობანი და მთელი კაცობრიობა მისგან სწორედ ამის შემდეგაა ნაშობი. რა თქმა უნდა, ხრწნად ბუნებამდე დაცემულ ადამსა და ევას არ შეიძლებოდა უხრწნელი შვილები გასჩენოდათ, იმიტომ, რომ რა ბუნებისაც არის მშობელი აუცილებლად იმ ბუნებისა იშვება შვილიც. ამიტომაა მთელი კაცობრიობა ცოდვილი, რომ გენეტიკური ხაზია ადამისგან ჩვენამდე, შობადობითი ხაზი, მაგრამ განა ანგელოზები ურთიერთშობადობით იშვებიან და მრვალდებიან? განსხვავება ანგელოზური არსებისა ადამიანური არსებისგან იმაში მდგომარეობს, რომ ანგელოზები მყისვე ღვთისგან შეიქმნენ იმ სიმრავლედ, იმ რაოდენობად რა რაოდენობაც აქვთ მათ მარადიულად, დღესაც და მომავალშიც, თუ არ ჩავთვლით იმ ნაწილს, [16]რომლებიც დააკლდნენ ზეციურ სამყაროს ცოდვის შედეგად. თუ პირობითად იმათაც აღვრიცხავთ, თუნდაც იმ დაცემულობაში მყოფთ, ღვთისგან რა რაოდენობადაც შეიქმნა ანგელოზები, იმას არც ერთი მიმატებია არასოდეს და არც დაჰკლებია არავინ. ანუ ანგელოზებრივი სიმრავლე და მრავლობითობა არ არის შექმნილი ურთიერთშობადობათა გზით, მყისვეა ამგვარი რაოდენობისა ანგელოზები შექმნილი. შესაბამისად თუ მათ შორის გენეტიკური ხაზი არაა, ერთის შეცოდება როგორ უნდა გადავიდეს მეორეზე. ბუნებითი ერთობა აქ ყოვლადწარმოუდგენელია, რომ იმის საფუძველს იძლეოდეს თითქოს ერთის შეცოდება მყისვე სხვებზეც განივრცოს. დღევანდელ დღესაც კაცობრიობას, რა თქმა უნდა, ერთი ბუნება აქვს, მაგრამ პიროვნულად როდესაც ერთი ვინმე სადმე შესცოდავს ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ სხვებზეც იგივე ცოდვა მყისვე ვრცელდება, რადგანაც ჩვენ ერთი მეორისგან, რა თქმა უნდა,  ყველანი ნაშობნი არ ვართ. ერთი მეორისგან შობადობაშიც კი მხოლოდ პირველ ცოდვა გადადის გენეტიკურად, რომელმაც კარდინალური, დიამეტრული შეცვლა განაპირობა ადამიანური ბუნებისა, [17]მაგრამ არანაირად არ გადადის და არასოდეს არ გადადის ჩვენი პირადი კერძოობითი შეცოდებანი იმიტომ, რომ ეს კაცობრივი ბუნების რაიმე კიდევ ცვლილებას არ განაპირობებს და არც შეიძლება რომ ღვთის განგებით ეს მოხდეს. რადგანაც უკვე კაცობრივ ბუნებაში აურაცხელი ბუნებითი განსხვავებანი შეიქმნებოდა, რომ ყველა გვარს თავისი ბუნება ექნებოდა უკვე, თუკი პირადი ცოდვა დაუყონებლივ ბუნებაში შეაღწევდა და რაღაცნაირად აისახებოდა მასზე და გააუკუღმართებდა მას. ასეთი გაუკუღმართებული ბუნება გადაეცემოდა შვილს, მეორე გვარშიც და მეორე გენეტიკურ ხაზშიც, სადაც ეს ცოდვა არ იყო ჩადენილი, მესამეში სხვა იქნებოდა ჩადენილი და სხვანაირი გაუკუღმართება მოხდებოდა ბუნებისა და ასე შემდეგ. კაცობრიობაში შეიქმნებოდა ათასგვარი ბუნებითი ხაზი, ერთიმეორისგან უკვე ბუნებითად გამიჯნულნი და კაცობრიობა, როგორც ქმნილება ღვთისა, ერთი მთლიანი თავისთავად ცხადია გაუქმდებოდა. ამიტომ, რადგან საუბარმა მოიტანა, ჩვენ ამ სწავლებას ხაზგასმით აღვნიშნავთ (ოდესმე დეტალურად შევეხებით), რადგან დღეს ფეხმოკიდებულია სამწუხაროდ ეს სენი, ეს [18]გაუკუღმართება და ამიტომ ვამბობთ სრულიად კატეგორიულად, რომ ეკლესიური სწავლებით არასოდეს არსად არ გადადის მშობლის შეცოდება შვილზე გენეტიკურად. გადადის მხოლოდ პირველცოდვა, რომელმაც ბუნების შეცვლა განაპირობა, კვლავ აღვნიშნავთ, უხრწნელი, უკვდავი და უვნებო ბუნება დასცა მოკვდავობამდე, ხრწნადობამდე, ვნებადობამდე და მოწყვლადობამდე, რის შემდეგაც კაცობრიობის ბუნება არანაირად აღარ იცვლება რაც არ უნდა პირადი შეცოდებები ჩვენ ჩავიდინოთ. ამიტომ ეკლესია ერთსულოვნად სწამებს და ასწავლის, რომ პირადი შეცოდებანი გენეტიკაზე, შვილზე, ცოდვილიანობის კუთხით არ გადადის. შეიძლება ბილოგიურად თუ ცოდვა გააუკუღმართებს ჩვენს ჯანმრთელობას ეს შვილზე აისახოს, მაგრამ ზნეობრივი წესით, სათნოებითი და გამოსყიდვითი წესით არანაირად არ გადადის შვილზე და შვილი მშობლის შეცოდებისთვის, თუ პირველმამის შეცოდებას არ ჩავთვლით, არანაირად პასუხისმგებელი არ არის. ანუ როგორც ეზეკიელი ამბობს “ყველა თავის ცოდვის გამო მოკვდება, შვილი არ არის პასუხისმგებელი მამის ცოდვაზე, [19]ისევე როგორც არც მამა შვილის ცოდვაზე”. ამ შემთხვევაშიც თუ გენეტიკური ხაზი მკვეთრად არაა წარმოჩენილი, მითუმეტეს როცა ანგელოზები ერთსიმრავლედ შეიქმნა მყისიერად, არანაირი გენეტიკური ხაზი მათ შორის არ არსებობს და ერთის შეცოდება გენეტიკურად არ შეიძლება რომ ყველა დანარჩენზე განივრცობოდეს. აი ეს კარდინალური შეცდომა ორიგენესი, იმ პირველ შეცდომასთან ერთად, ქმნის იმ გაუკუღმართებულ ანგელოლოგიურ სწავლებას, რითაც ორიგენისტული მოძღვრება საზოგადოდ არის ცნობილი.

 

187–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=0bWFnT3pbQw


მესამე ნაწილი

ჩვენს წინა შეხვედრაზე განვიხილავდით ორიგენისტულ და ორიგენესეულ ანგელოლოგიას ანუ მოძღვრებას ანგელოზთა შესახებ, იმ გაუკუღმართებულ თავისებურებას და სპეციფიკას, რაც ორიგენისტულ მოძღვრებას მკვეთრად ახასიათებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

შევჩერდით და, უფრო სწორად, განვიხილეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხსნიდა ორიგენე ანგელოზთა შორის დაცემას და ცოდვის შეღწევას. უკვე გვქონდა ამაზე ყველაზე უფრო არსებითი საუბარი, რომ ორიგენესეული ლოგიკური ჯაჭვი მსჯელობებისა თითქოსდა ბუნებრივად მიდიოდა ამგვარ დასკვნამდე, რომ ზეციური ცხოვრება, ზეციური წიაღი არის ერთსახეობითი და მარადიული, განსხვავებით ამქვეყნიური წარმავლობისგან, წუთიერებისგან. ერთსახეობა ოროგენესთვის უტოლდება ერთფეროვნებას, ხოლო ერთფეროვნება რაც არ უნდა დიდი ნეტარეულობა იყოს, ყოფითი გაგებით, მისთვის ქმნის იმის შესაძლებლობას, [1]რომ ამგვარი ერთფეროვნება ვინმესთვის, თუნდაც ნეტარებაში, მოყირჭებად, ზედმეტად მობეზრებად იქცეს. სწორედ ეს გახლავთ ორიგენესთვის აგენლოზური დაცემა.

ჩვენ წინა საუბარში უფრო ვრლად მეორე ცდომილება განვიხილეთ ანგელოზებთან დაკავშირებით ორიგენესი, როდესაც იგი ასწავლიდა, რომ ერთი ანგელოზის დაცემა, ანგელოზთა შორის ბუნებითი ერთობის გამო, ყველა ანგელოზზე გავრცელდა უკლებლივ, თუმცა მეტნაკლები ხარისხით. ხოლო ხარისხობრივი მეტნაკლებობა შეცოდებაში განპირობებული იყო იმით (ორიგენესთვის), თუ ვინ უფრო მეტად ახლოს იდგა ცოდვის მოთავე ანგელოზთან, ვინ უფრო მეტად თანაზიარი იყო მასთან და ვინ უფრო ნაკლებ თანაზიარი იყო ანუ შორს იყო განდგომილი მისგან. ორიგენე ამგვარ ტოტალურ განვრცობას ცოდვისას ანგელოზებს შორის იმ ფაქტიდან გამომდინარე ასაბუთებდა, რომ ერთბუნებოვნება თითქოს ამგვარ აუცილებლობას [2]ქმნიდა. მაგრამ ერთბუნებოვნება პიროვნული თვისებების ურთიერთმონაცვლეობაში მაშინ იჩენს თავს, როდესაც გენეტიკური ხაზია, როდესაც ერთისაგან მეორე იშვება, მსგავსად კაცობრივი შობადობის ანალოგიისა, როცა ადამის ცოდვა ყველა ჩვენთაგანს პირველ ცოდვად დაუმკვიდრდა, თუმცა ეს თვით ადამიანებს შორისაც შემდეგში აღარ განმეორებულა. ამაზე ჩვენ გვქონდა ეკლესიური დებულება წამოყენებული, რომ არანაირი შეცოდებანი პასუხისმგებლობითი ნიშნით და მითუმეტეს წარმწყმედელობითი ხვედრით, მამიდან შვილზე არ გადადის და ამგვარი ცრუ სწავლების მასობრივად გამავრცელებელნი დღეს საქართველოში, სამწუხაროდ არა საეროთა შორის და საკმაო პატივით შემკობილნი, უნდა მივიდნენ იმის გაცნობიერებამდე, რომ ეკლესიის ხმას ეწინააღმდეგებიან. რაც არ უნდა ფსევდო მართლმადიდებლობა დაიჩემონ მათ, მათივე ნაწერები და შრომები ამხილებენ და მრავალგზის ამხილებენ იმიტომ, რომ მრავალგზის იჩემებენ ამ ფსევდო დებულებას, თითქოსდა მშობელთა [3]შეცოდებანი საშოშივე გადადის შვილებზე სპერმატული (ასეთი დამღუპველი მოძღვრება აქვთ მათ) გზით და თითქოს ეს იმას განაპირობებდეს, რომ ჩანასახშივე ნაყოფთა შორის ცოდვილიანობითი სხვაობა იყოს, ზოგნი მეტად ცოდვილნი, ზოგნი უფრო ნაკლებად ცოდვილნი, გამომდინარე მათი მშობლების ცოდვილიანობისგან. ეს აზრი, როგორც აღვნიშნეთ ერთი მხრივ ტერტულიანისტური ერესია, რაც ყოველთვის დაგმობილი იყო ელესიისგან და მეორე მხრივ ეს გახლავთ ორიგენისტული გაუკუღმართებაც, რომელიც თითქოსდა ბუნებითი ერთობიდან გამომდინარე რაღაც სულიერი გენეტიკით განფენას ცოდვილიანობისას ცრუ მოძღვრობდა, მსგავსად თანამედროვე ცრუ მოძღვრებისა. შეიძლებოდა ჩვენ ამაზე არავითარი სიტყვა არ გვეთქვა, მაგრამ ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ ასეთ ცრუ მოძღვართ მრავალნი შედგომიან, დღესაც მრავალნი არიან მათ კვალს მიდევნებულნი, მოხიბლულნი, ამ სიტყვის ეკლესიური გაგებით, ხსენებულ მოძღვართა ასე ვთქვათ დაშაქრული, ასკეტური, სათნოებითი ღვთისმეტყველებით და [4]ამ დროს აი ასეთი გესლი მათში ხსენებულ მოძღვართაგან სამწუხაროდ გადადის.

მაგრამ ჩვენ ამჯერად ვალდებულება გვაქვს იმისა, რომ საკუთრივ ორიგენისტული ერესი ვამხილოთ, რაც თავისთავად იქნება მხილება თანამედროვე ცრუ მოძღვართა ანალოგიური და კიდევ უფრო მძიმე ერესისა. იმიტომ, რომ როდესაც ორიგენე თავის ამგვარ დებულებას გამოთქვამდა, მაშინ ჯერ კიდევ ასე დეტალურად ჩამოყალიბებული სწავლება იმის შესახებ, რომ ანგელოზთა და თუნდაც ადამიანთა შორის არანაირი სპერმატული ხაზი სულიერებაში არ არსებობს, რომ ფიზიკური განაყოფიერების გზით არ შეიძლება, რომ სულიერი მდგომარეობა მამიდან შვილზე გადადიოდეს და მითუმეტეს ანგელოზიდან ანგელოზზე. იმიტომ, რომ ეს უმალ ერთი სულის რეინკარნაცია და მეტემსიქოზისი იქნებოდა კაცობრიობაში, რაც პლატონური ცრუ სწავლება გახლავთ და ეკლესიისგან მრავალგზისაა დაგმობილი. ეს იმ დროსაა გამოთქმული ორიგენესგან როცა ჯერ კიდევ ყველაფერი მთლად ბოლომდე და ამომწურავად, რა თქმა უნდა, განმარტებული არ იყო. ოქროს ხანა ღვთისმეტყველებაში ეკლესიის წიაღში ესაა IV-VI [5]საუკუნეები. ბევრი რამ სწორედ მაშინ განიმარტა და ამ საუკუნეთა შემდგომ თუნდაც მსოფლიო კრებათა ეპოქის შემდგომ და მითუმეტეს დღეს, როცა ყველაფერი ხელმისაწვდომია ეკლესიის მამათა შრომებიდან, კვლავ კადნიერდება ვინმე და ურცხვად და უკიდურესი მართლმადიდებლობის ნიღბით აურაცხელ თავის სტატიაში და სქელტანიან წიგნებში, რაც ძირითადად რუსულად გახლავთ ჩვენთან, მაგრამ ინტენსიურად ითარგმნება ქართულადაც და მასობრივად სნეულდება ერი ამ ერესით (სპერმატული გადაცემადობა მშობელთა ცოდვილიანობისა შვილებზე, აი ამ ერესს მოგახსენებთ), ეს დღეს უკვე უფრო მძიმე გაუკუღმართებაა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ვიდრე ორიგენისტული ერესი, რადგანაც ყველაფერი უკვე ჩამოყალიბებული და განმარტებულია და ამის შედგომ ხდება ეკლესიისგან არაერთგზის მოწოდებული განმარტების ხელოვნური დამახინჯება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვიხდით ცოტა ზედმეტად ცხარე ტონისთვის, მაგრამ ამ საკითხს ამით დავაბოლოვებთ და დაინტერესებულ მკითხველს მხოლოდ შევახსენებთ, რომ ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა დეტალური [6]წერილობითი პუბლიკაცია გაზეთ “საეკლესიო სიწმინდეთა”-ს ერთ-ერთ ნომერში (სულ ოთხი ნომერია გამოსული),  ყოველშემთხვევაში ჩვენი აზრით, ამომწურავი ციტირებებით ისეთი კორიფეებისა, ისეთი უწმინდესი სახელებისა, როგორებიც გახლავთ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, ერთი ანტიოქიის სკოლის წინამძღვარი, მეორე ალექსანდრიული სკოლის წინამძღვარი, უფრო გვიანდელი ავტორებისა, იქნებოდა ეს თუნდაც თეოფილაქტე ბულგარელი, კარგად ცნობილი ყველა ჩვენთაგანისთვის თუ მრავალი სხვა.

[7]ჩვენ დავუბრუნდებით ორიგენისტული ცდომილების პირველ გამოვლინებას, არანაკლებ მძიმეს თავისი მასშტაბით, ეს გახლავთ ორიგენესეული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ზეციური სამყაროს ერთფეროვნებამ გამოიწვია ანგელოზთა შორის დაცემის აღმოცენება, რომ ერთ-ერთ ანგელოზს მობეზრდა ეს ერთფეროვანი, თუნდაც უაღრესად აღმატებული ნეტარება, მსგავსად იმისა რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ადამიანი თუნდაც რომ უდიდეს რაღაც მატერიალურ სიტკბობებას იღებდეს, მაგრამ ერთფეროვანს, აი ეს ერთფეროვნება ხსენებულ განსაკუთრებით აღმატებულ სიტკბოებასაც კი რაღაც მომენტში უკიდურესად საძულველსა და მიუღებელს წარმოაჩენს. დაახლოებით ეს ანალოგია აქვს ორიგენეს, რომ უზენაესი და უდიდესი სიტკბოება რაც ზეციურ სამყაროში სუფევს, ზეციურ წიაღში არსებობს, თითქოსდა [8]ერთფეროვნების გამო ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი ანგელოზისთვის უკვე უკიდურესად მოსაბეზრებელი ანუ როგორც ვთქვით, კოროსის ტერმინით გამოხატული ორიგენესთან, უკიდურესად მოყირჭებული გახდა, რამაც ხსენებული ანგელოზის და მის თანამდგომთა დაცემა გამოიწვია.

რატომ არის ეს აბსოლუტურად მცდარი მოძღვრება? მოძღვრება აბსოლუტურად მცდარი გახლავთ იმიტომ, რომ სრული ვერ გაგებაა ზეციური ცხოვრებისა. ეკლესია არ ასწავლის იმას, რომ ზეციური ერთსახეობითი (ჩვენ ამ ტერმინს გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ძველ ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ეს ერთ-ერთი დაკანონებული ცნება გახლავთ, რაც ბერძნულად გამოითქმის როგორც “ჰომოეიდეს”) ცხოვრება არ ნიშნავს ერთფეროვნებას. ერთსახეობა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იქ არსებითი თვისობრიობა მართლაც ყოველთვს ერთიდაიგივეა, რომ ეს არის უზრუნველობა, სრული სულიერი მოსვენებულობა, აბსოლუტური სიხარული ქმნილების დატევნისამებრ, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, [9]რაც გამომდინარეობს მარადიული სწრაფვისგან ღვთისკენ. აი ეს თვისებები მართლაც ერთსახეობითია, მუდმივია, წარუვალია და შეუცვლელია, მაგრამ თვით ამ თვისებებში ხარისხობრივი ერთსახეობა უკვე აღარ არის, აქ უკვე ჩვენ გვაქვს მარადიული წარმატება, რაც გამორიცხავს ერთფეროვნებას და არათუ გამორიცხავს, აბსოლუტურად საპირისპიროს წარმოგვიჩნეს ჩვენ ზეციური სამყაროსას, რომ იქ არათუ ერთფეროვნება არ არის, არამედ მარადიულად მზარდი მრავალფეროვნება და სიახლეა, მარადგანახლებადობაა.

ჩვენ ერთ დროს გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლიის გაყოფა ორ წიგნად (ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა) გარდა ქრონოლოგიური ურთიერთმიმართებისა, რომ ძველი აღთქმა იმ წგნებს ეწოდებათ რომლებიც უფრო ადრე დაიწერა, ხოლო ახალი აღთქმა მომდევნოდ იწერება, გარდა ამისა ძველი აღთმა რომელიც მართლაც ყოველთვის ქრონოლოგიური ნიშნის გამონათქვამია, ამის საპირისპიროდ ახალი აღთქმა არ გახლავთ მხოლოდ [10]ქრონოლოგიური ნიშნის გამონათქვამი, მხოლოდ ძველ აღთქმასთან მიმართებით ჩამოყალიბებული გამოთქმა, არამედ ახალი აღთქმის ჭეშმარიტებასთან ზიარებული სულის მარადიული განახლების მაუწყებელიცაა. ე.ი. ახალი აღთქმის მოძღვრება მარად ახალია, იმისი სიახლე არასოდეს არ დაძველდება. ანუ აქ ტერმინს “ახალი” ერთის მხრივ მართლაც მიმართებითი გაგება აქვს, კერძოდ ძველ აღთქმასთან მიმართებით, რომ ის წიგნები რაც ახალ აღთქმაში შედის ქრონოლოგიურად არის ახალი, ახლად დაწერილი, ახლახანს დაწერილი, მაგრამ ამავე დროს იმავე ტერმინს აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა ანუ მარადიული სიახლის, მარადიულად ბუნებითი სიახლის გაგებადობა, რომ ის მოძღვრება რაც ახალ აღთქმაშია არასოდეს დაძველდება. გამონათქვამი “არასოდეს დაძველდება” სწორედ იმას ნიშნავს, რომ მარადიული სიახლეებია ყოველთვის მასში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ეს უაღმატებულესი მოძღვრებაა. უაღმატებულესი [11]და აბსოლუტურად ერთხარისხოვანი მოძღვრებაც რაღაც მომენტში ორიგენესეულ ცრუ სწავლების მიხედვითაც კი დაძველდება და ერთფეროვნებად გარდაიქმნება. ეკლესიურ სწავლებაში ეს მოძღვრება, ახალი აღთქმისგან მოწოდებული, იგივე ღვთიური მოძღვრება, მარადგანახლებადია, იმავე თვისებათა, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ახალ-ახალი სიმაღლეების, ახალ-ახალი ხარისხების მარადიულად აღმომჩენია. ანუ, როგორც შეფასებულია ეკლესიის მამათაგან, ახალი აღთქმის მოძღვრება არის მარადიულად წინსვლითი, ანუ მარადპროგრესირებადი. სული განიცდის მარადიულ პროგრესს ღვთისკენ, არა მარტო ადამიანისა, არამედ, როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ყოვლითურთ, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ხმაგანსმენილად მქუხარებს, ანუ ყველასთვის გასაგონად ქუხს, თვით ანგელოზებიც კი მარადიულად წარემატებიან ღვთისკენ და სადაც მარადიული წარმატებაა იქ შეუძლებელია რომ ერთფეროვნება არსებობდეს. იმ ერთსახეობით ნეტარეულ, მარად უცვალებელ, უსაღვთოეს [12]ჭეშმარიტებაში მარადწინსვლითი პროგრესირებადი ანუ წარმატებადი სწრაფვა ღვთისკენ განმსაზღვრელია ყველა მოაზროვნე ქმნილებისა (მოაზროვნე ქმნილება ორი სახეობისაა, ერთი ანგელოზური და მეორე ადამიანური). შემეცნება ღვთისკენ იმიტომაა ერთი მხრივ მარადიულად წინსვლითი, რომ ვერასოდეს ამ სულიერ წინსწრაფვას დაბოლოვება ვერ ექნება ანუ მიზანი. ამას უარყოფითი აზრით არ ვამბობთ, უბრალოდ ონტოლოგიურად, ობიექტურად, მარადმიუღწეველი დარჩება. ღმერთი არასოდეს არ გახდება ბოლომდე  საწვდომი ანგელოზისთვის თუ ადამიანისთვის. შესაბამისად მისკენ სწრაფვაც მარადიული იქნება იმიტომ, რომ სწრაფვა გამოხატულებაა იმისა, რომ შემეცნებულ იქნეს ღვთიური ჭეშმარიტება, ღვთიურობა. მაგრამ რადგანაც ღვთიური ჭეშმარიტება უსასრულოა, შესაბამისად მისი მოხელთება სასრული ქმნილებისგან ბოლომდე შეუძლებელი იქნება და ამიტომ სწრაფვა მარადიულად გრძელდება. როგორც ჩვენ ადრეც ვამბობდით წმ. გრიგოლ ნოსელმა იმ დიდ სიმაღლესაც მიაღწია, რომ [13]სწორედ აქ, ადამიანში დაინახა კიდევ ერთი ღვთიური ხატების განმაპირობებელი თვისების გამოვლინება. მოგეხსენებათ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატისებრ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საღვთო ბუნების თვისებები არეკლილია ადამიანურ ბუნებაშიც, მართალია მადლისმიერად მაგრამ მაინცაა არეკლილი. მაგრამ არის ერთი თვისება, რომელიც იმ მომენტში როდესაც ადამიანი სხვა ადამიანის მსგავსად ყოფითი ცხოვრებით, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, შეიძლება ნაკლებ შესამჩნევი იყოს ჩვენთვის და არც შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით ქმნილებას ქონდეს, ეს თვისება გახლავთ თვისება უსასრულობის. საღვთო ბუნების ყველა თვისება უნდა იყოს ხატში (ადამიანში) არეკლილი, საღვთო ბუნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისება კი უსასრულობაა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქმნილებაში ეს თვისება ვერ დაინახება რადგან ქმნილება ყოველთვის სასრულია. თუმცა წმ. გრიგოლ ნოსელი გვეუბნება და ეს მოძღვრება ამას თავისთავად გვიკარნახებს, რომ დგება ჟამი როდესაც ამ თვისების გამოკრთომაც აირეკლება ადამიანში და ადამიანი მართლაც კიდევ უფრო მეტად აისარკავს [14]თავის ბუნებაში ხატისებრობას ღვთისადმი. ეს თვისება მდგომარეობს იმაში, რომ ამ დაუსრულებელი სწრაფვით ღვთისკენ, დაუსრულებლად მზარდი სწრაფვით ღვთისკენ, თვით ადამიანიც, ადამიანის ბუნებაც, ადამიანის სულიც უსასრულობამდე გავრცობადი ხდება და ამ კუთხით რაღაცნაირად მასშიც შემოდის ეს თვისება უსასრულობისა, რადგან უსასრულობისკენ ისწრაფვის, უსასრულობისკენ აქვს მას სწრაფვა ანუ უსასრულობისკენ გაწვდება იგი. შესაბამისად ის თანაზიარი ხდება შემოქმედის ამ თვისებასთან. ამიტომ არის, რომ ორიგენსტული სწავლება ერთფეროვნების შესახებ ეკლესიის მამათაგან დეტალური განმარტების შემდეგ უკვე აბსოლუტურად აღმოიფხვრა და ჩამოყალიბდა პირუკუ სწავლება არათუ ერთფეროვანი ცხოვრების, თუნდაც უაღრესად აღმატებულ ნეტარებაში, არამედ მარადწინსვლითი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ზეციურ სამყაროში, ღვაწლისა არა შრომითა და გარჯილობით, არამედ ღვაწლისა მხოლოდ და მხოლოდ საღვთო ჭეშმარიტების მარადიული [15]მჭვრეტელობით.

 

188–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=KCRFdyaeuFY

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button