Georgian (Georgia)English (United Kingdom)
192–193

ორიგენეს მოძღვრება ადამიანის შესახებ

ჩვენს წინა საუბარში და საუბრებში განვიხილავდით ორიგენისტულ მოძღვრებას, ორიგენეს შეხედულებებს. რამდენიმე პრინციპულად ყურადსაღები ორიგენისტული თემა განვიხილეთ, განსაკუთრებით ვრცელი ადგილი დავუთმეთ ანგელოზთა დაცემის შესახებ ორიგენესეულ ცრუ მოძღვრებას და შევეცადეთ გვეჩვენებინა ერთი მხრივ ამ მოძღვრების ცდომილებანი, ხოლო მეორე მხრივ მართლმადიდებლური სწავლება იმავე საკითხთან, ანგელოზთა დაცემასთან, დაკავშირებით.

ამჯერად კვლავ განვაგრძობთ თემატურ მიმოხილვას ორიგენესეული ღვთისმეტყველებისას. შემდგომი საკითხი უკვე კონკრეტულად ადამიანს უკავშირდება. აქაც ორიგენეს ნაწერებში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ შესამჩნევია უაღრესად ღირსეული, შთამბეჭდავი, სარწმუნოებრივი განცდის აღმომაცენებელი და განმავრცობელი განმარტებანი. [1]თვით მისი მოღვაწეობაც როგორც პიროვნებისა, როგორც ადამიანისა, ამ კუთხით მრავლისმეტყველია ჩვენთვის. ჩვენ იმის შესახებ ვისაუბრეთ თუ როგორი იყო მისი ცხოვრების წესი, მისი ზნეობა კონკრეტულად ამქვეყნიურ სიამეებთან დაკავშირებით, როგორ განიშორებდა, განიგდებდა, განიძარცვავდა იგი ყოველივეს, ამქვეყნიურად წუთიერს და წარმავალს. ორიგენეს მოღვაწეობის ეს მხარე, რა თქმა უნდა, უაღრესად შთამბეჭდავი გახდა ჯერ თანამედროვეთათვის, შემდგომში მომდევნო თაობებისთვის და დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც ამ მხრივ ბევრი რამ, რა თქმა უნდა, სანიმუშოა ორიგენეს ცხოვრებაში. მაგრამ ეს ყოველივე ჩვენ ცხადია არ გვაძლევს უფლებას თვალი დავხუჭოთ იმ კარდინალურ ცდომილებებზე, რაც კონკრეტულად ადამიანთან, ადამინის ბუნებასთან დაკავშირებით ორიგენემ გამოთქვა. აქ განსაკუთრებით იგულისხმება ადამიანის სულიერი ბუნების შესახებ, [2]ადამიანის სულის შესახებ, ორიგენესგან მკვეთრად გამოხატული, შეგვიძლია ვთქვათ, დებულება, რამაც სამწუხაროდ თავის ტყვეობაში მოაქცია არა მხოლოდ მისი თანამედროვენი, არამედ შემდგომშიც ბევრი ისეთი წარჩინებული მოღვაწე, რომლებმაც სხვა მხრივ ღირსეული კვალი დატოვეს ეკლესიის ისტორიაში და რომ არა ეს ორიგენისტული გაუკუღმართება, კონკრეტულად ადამიანის სულთან დაკავშირებით, მათი წარჩინებულობა შეიძლება გაცილებით აღმატებული ხარისხისა ყოფილიყო. იქნება ეს თუნდაც დიდიმე ალექსანდრიელი, ევაგრე პონტოელი და სხვები. მაგრამ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორიგენესეული მცდარი გავლენა, ცდომილი და მავნებელი გავლენა, ყველაზე მეტად სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ საკითხის ორიგენესეული ახსნა-განმარტების მხრივ, გამოვლინდა. კერძოდ აქ იგულისხმება შემდეგი:

როგორც ცნობილია ადამიანი გახლავთ ორბუნებოვანი (ერთი მხრივ [3]სულიერი ბუნება და მეორე მხრივ ხორციელი). მართალია ზოგჯერ შესამჩნევია ეკლესიის მამათა შრომებში ამ ორი ბუნების ცალ-ცალკე განხილვა, მაგრამ მიღებული, დაკანონებული და შეგვიძლია ვთქვათ დოგმატური აზრით ეკლესია არ თიშავს ამ ორ ბუნებას წარმოშობის დროის მიხედვით. წარმოშობის რაგვარობის მიხედვით, რა თქმა უნდა, მკვეთრად მიჯნავს მათ, მაგრამ არ მიჯნავს ერთი მეორისგან დროის მიხედვით, არ მიიჩნევს, რომ პირველი მათგანი უფრო ადრე შეიქმნა და შემდგომ მეორე, ანდა მეორე მათგანი (ხორცი) შეიქმნა უფრო ადრე და შემდგომ პირველი (სული). მაგრამ ორიგენესთან მკვეთრი გათიშულობა ამ ორი ბუნების ურთიერთმიმართებისა დროითი თვალსაზრისით უკვე სახეზეა, რადგანაც მან თავის თეოლოგიურ სისტემაში გამოკვეთილად, დებულების სახით, გადმოსცა სწავლება, რომ პირველად იქმნება [4]ადამიანის სული, და ეს სულია თვითონ ადამიანი და შემდგომ შეექმნება მას სხეული, მაგრამ ეს სხეული ადამიანის ნაწილი არ არის. ორიგენესთვის სხეული, როგორ ანგელოზებთან დაკავშირებით, ამჯერადაც განიხილება მხოლოდ და მხოლოდ როგორც ცოდვით დაცემის შედეგი, როგორც დასჯის გარკვეული სახე, როგორც სატუსაღო სულისა. რა თქმა უნდა, აქ პარალელი ზედაპირზევე სახეზეა პლატონის მოძღვრებასთან, ნეოპლატონურ მოძღვრებასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი ამქვეყნად თავის სხეულში, როგორც სატუსაღოში მკვიდრობს და მიზანდსახულობა მისი მოღვაწეობისა უნდა იყოს სწორედ ამ ხორცისგან, როგორც საპყრობილისგან განთავისუფლება. მაგრამ ორიგინე რომელიც, რა თქმა უნდა, წარმართული მსოფლმხედველობისა არ არის და იგი იჩემებს ქრისტიანულ მოძღვრებას, შესაბამისად მის მოძღვრებაში ეს პლატონური თემა, პლატონური საკითხი თითქოსდა [5]ე.წ. ქრისტიანულ გააზრებას იძენს და ამით, რა თქმა უნდა, უფრო საშიში და უფრო მავნებელი ხდება. პლატონური სწავლება ცხადია, რომ პლატონისეულია, პლატონი და არც ერთი ნეოპლატონიკოსი არ მალავს, რომ ისინი წარმართები არიან და არ აღიარებენ ქრისტიანობას (ნეოპლატონიკოსები), ამიტომ ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ვერ შევა შეცდომაში, იცის რა რომ დავუშვათ პლოტნის ნაშრომი წარმართულია. და თუ მას არ უნდა წარმართული ნაშრომის წაკითხვა არ წაიკითხავს, მაგრამ როცა ნაშრომი ფორმით ქრისტინაულია, აქ უკვე ჩვეულებრივი მორწმუნე ადვილად ვეღარ განარჩევს ეს ქრისტიანული ნაშრომი მხოლოდ ფორმითაა, მხოლოდ გარეგნულადაა ქრისტიანული თუ თავისი შინაარსით. შესაბამისად მან შეიძლება შინაარსით უცხო, მაგრამ ფორმით ქრისტიანული, ნამდვილ ქრისტიანულ ძეგლად მიიღოს, გაითავისოს იქ გადმოცემული შეხედულებანი და თავისი თავი კვლავაც ქრისტიანად მიიჩნიოს. აი ეს გახლავთ არსებითი საფრთხე იმისა, რომ ყოველთვის გაცილებით მეტი საშიშროებაა არა მხოლოდ ორიგენესთან და პლატონთან დაკავშირებით, [6]არამედ ზოგადად იმ მოძღვრებისგან, ვინც თავის არსს მალავენ, სინამდვილეში შინაგანად სხვად წარმოჩინდებიან. მართლმადიდებლური ტრადიციის და მოძღვრების მოქიშპეთა შორის არაიშვიათია პიროვნებები, რომლებიც სწორედ ამ სახელში ეცილებიან პირველ რიგში ჭეშმარიტებას, რომ თავს მართლმადიდებლებად წარმოგვისახავენ, ფორმალურად უმკაცრესად და უკიდურესი შეუპოვრობით იჩემებენ შეუვალ მართლმადიდებელთა სახელს, მაგრამ მოძღვრება მათი არის აბსოლუტურად უცხო მართლმადიდებლობისგან, შინაგანად წახდენილი და სულიერად განხრწნადი. აი ეს იგულისხმება ჩვენს აზრში, რომ ორიგენესეული აზრი იმის შესახებ, რომ სულები წინასწარ არსებობენ სხეულებზე ანუ უსწრებენ მას არსებობით, შექმნით და წარმოშობით და სხეულები მხოლოდ მათი სატუსაღოა და მეტი არაფერი, ეს ყოველივე სხვა არაფერია თუ არა პლატონისეული მოძღვრება. [7]ეს მოძღვრება საკუთრივ ორიგენესგან მოწოდებული უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდა თავისთავად ცხადია, ვიდრე იქიდან გამომდინარე, რომ იგი უკვე დაფიქსირებული იყო პლატონთან და ნეოპლატონიკოსებთან, ისევე როგორც სხვა ავტორებთან.

ორიგენე ამგვარად წარმოსახავდა ვითარებას, რომ თავდაპირველად მისი აზრით არსებობდნენ მხოლოდ სულები, ადამიანები შეიქმნენ როგორც მხოლოდ სულებად (ასეთ სულებს იგი უწოდებს სუფთა სულებს, სუფთა სულებს არა აუცილებლად განწმენდილობის შინაარსით. რა თქმა უნდა, ისინი თავდაპირველ მდგომარეობაში ორიგენეს აზრით, ვიდრე შესცოდებდნენ განწმენდილნი იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ სულები იყვნენ, აი ამ აზრის გამოკვეთა უნდა მას), ყოველგვარი სხეულებრიობის, ყოველგვარი ხორციელების გარეშე, ისევე როგორც ანგელოზები. თავისთავად ეს აზრი უკვე ცდომილებაა, რადგან თუ ადამიანები თავდაპორველად შეიქმნენ როგორც მხოლოდ სულები, მაშ რაღა განასხვავებდათ მათ ანგელოზებისგან. ადამიანი თავისი სულიერი ბუნებით ერთარსია ანგელოზებთან და თუ არც [8]ადამიანს არ ქონია ანგელოზის მსგავსად სხეულებრიობა, მაშინ ისინი აბსოლუტურად ერთი და იგივენი ყოფილან. ჩვენ შეგვიძლია ასე ვიფიქროთ, როგორც ეს ზოგჯერ გამოკვეთილია ანგელოლოგიის ისტორიაში, რომ ორიგენე შესაძლოა (ამას უბრალოდ ჩვენი ვარაუდის სახით გამოვთქვამთ) ადამიანურ სულებს, იმ პირველ ქმნილ სულებს, ვიდრე ისინი შესცოდებდნენ, მიიჩნევდა იმავე ანგელოზურ არსებებად, ოღონდ ქვემორე ხარისხის, ქვემორე საფეხურისა, ანგელოზურ იერარქიაში ყველაზე დაბლა მდგომ სულიერ არსებებად. ასეა თუ ისე ორიგენე თვლის, რომ ადამიანთა სულები შეიქმნენ მანამ სანამ სხეული შეექმნებოდათ მათ და უეჭველად არც შეექმნებოდათ მათ ეს სხეულები ცოდვა რომ არ ჩაედინათ. და რადგანაც ცოდვის შედეგი ორიგენესთვის ყოველთვის სხეულით შემოსვაა, ამ შემთხვევაში უკვე სხეულის ხორციელებითი სახე, შესაბამისად შესცოდეს რა სულებმა ისინი დაისაჯნენ კიდეც იმით, რომ ხორცში შთამკვიდრდნენ. ეს არის [9]სულთა ინკარნაცია ანუ გასხეულება, სხეულებში მათი შთამკვიდრებულობა, როგორც ცოდვის ნაყოფი. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ ორიგენესთვის დროის მნიშვნელოვანი შუალედი აშორებს ერთი მეორისგან ღვთისგან ადამიანის სულთა დაბადებას და იმავე ღვთისგან ამავე სულებისთვის სხეულების შექმნას.

რა თქმა უნდა, აქვე დაისმება კითხვა იმის შესახებ, რომ თუ ორიგენეს მიხედვით თავდაპირველად მხოლოდ სულები იყვნენდ და სხეულებრიობა მათ აბსოლუტურად არ ჰქონდათ, შემდგომ ჟამს როგორი ვითარება იქნება? შემდგომ ჟამს ანუ როდესაც მეორედ მოსვლა დადგება და კაცობრიობა მკვდრეთით აღდგება, ეკლესიური სწავლებით მართალნი თავიანთი კაცობრივი ბუნებით და თავიანთ კაცობრივ ბუნებაში იმ უცოდველობას და იმ დასაბამიერ მდგომარეობას აღიდგენენ, რაც ცოდვამდე ჰქონდათ ადამსა და ევას. და თუ ადამი თავდაპირველად მხოლოდ სული იყო, [10]აღდგენილ ცოდვამდელ მდგომარეობაში როგორიღა იქნება? ანუ სხვაგვარად რომ დავსვათ შეკითხვა, აღიარებს თუ არა ორიგენე სხეულებრივ აღდგომას და მარადიულ ხორციელ მკვიდრობას წმინდანებისას ცათა სასუფეველში? ჩვენ აქვე ვიტყვით პასუხს, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით განვიხილავთ, როდესაც მეორედ მოსვლის შესახებ ანუ ჟამთა აღსასრულის შესახებ ორიგენესეულ სწავლებას შევეხებით. რა თქმა უნდა, ორიგენე ამას არ აღიარებს, უფრო ზუსტად იგი ნაწილობრივ აღიარებს, მაგრამ საბოლოო ხვედრად, როდესაც უკვე დასრულდება როგორც ამქვეყნიური ჟამი, ასევე თვით ის საუკუნო დროც, როცა საბოლოოდ დადგინდება ყველაფერი, როცა წარწყმედა მთლიანად მოისპობა მისთვის (ორიგენესთვის), როცა თვით ჯოჯოხეთიც კი გაუქმდება და ყველა ცხონებაში დამკვიდრდება, რა თქმა უნდა, ადამიანებს გაუქრებათ ყოველგვარი სხეულებრიობა და ისინი კვლავ მთლიანად სულნი იქნებიან სხეულის გარეშე.

[11]ასეთი გახლავთ ორიგენეს აზრი, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება მოძღვრება სულთა წინასწარ არსებობის შესახებ. უფრო დამკვიდრებული გახლავთ ლათინური შესატყვისი ანუ  მოძღვრება სულთა პრეეგზისტენციის შესახებ, რაც გამოკვეთილად ორიგენესეული თვალსაზრისია. საინტერესოა თუ რა ჰქონდა არგუმენტად ორიგენეს როდესაც ასეთ მოძღვრებას გადმოსცემდა. მას რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა, მაგრამ სახეობრივი მაგალითის მხრივ ორიგენე აღნიშნავდა შემდეგს: როდესაც ჩვენ ქუჩაში მივდივართ და ვხედავთ ადამიანს, შობითაგან ბრმას (შობითგან ბრიმს ეპიზოდი იოანეს სახარებაშიცაა გადმოცემული), შობითგან ხეიბარს, შობითგან უაღრესად ნაკლულევანს ფიზიკურად და ამავე დროს ვხედავთ მეორე ადამიანს, რომელიც შობითგან ჯანსაღია და არანაირი სხეულებრივი ზადი და ნაკლი არა აქვს, ბუნებრივია დაგვებადება კითხვა [12]თუ რატომ დაისაჯა ერთი ასე, ღმერთი ხომ ყოველივეს განაგებს და ღვთის წინაგანგების გარეშე არაფერი არ იქმნება? მაშ ერთი რატომ იბადება თავიდანვე მძიმე მდგომარეობით, მეორე კი გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში. რა განაპირობებს დაბადებიდანვე ადამიანთა განსხვავებას ყოფიერებითი მდგომარეობით, რომ ერთი შედარებით უკეთესი სხეულითაა, მეორე კი გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი სხეულით? ცხადია ის ვინც ხეიბარი დაიბადა ტანჯვასაც მეტს განიცდის, ვინც ჯანსაღი სხეულით დაიბადა, რა თქმა უნდა, იმ სატანჯველს მოკლებულია. თუმცა (ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ორიგენეს დავეთანხმოთ) დაცემულებითი, ვნებადი, ანუ ამქვეყნიური, მატერიალური, შედგენილობითი ნივთიერების მქონე თვისებების სხეული გარკვეულწილად [13]ყოველთვის მეტნაკლები სირთულის შემქმნელია. ჩვენ არ ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში ადამიანის სხეულებრივი მდგომარეობის თავდაპირველ სახეს, ცოდვამდელს, და იმ სახეს, რაც მართალთ ექნებათ აღდგომის შემდეგ, არამედ ამ დაცემულ მდგომარეობაში რაც არ უნდა ჯანსაღი სხეულით იყოს ადამიანი, მაინც იგი სხეულებრივი ტკივილებით აღსავსეა და აბსოლუტურად განშორებული სხეულებრივ სირთულეებს, რა თქმა უნდა, არავინ არ არის. აი ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია ორიგენეს გარვეულწილად დავეთანხმოთ, რომ სხეულებრიობა, ხორციელება ადამიანის სულისთვის, რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს ეს ხორციელება ამ დაცემულ მდგომარეობაში, მაინც პრობლემურია, მაინც სირთულეების შემქმნელია. თვით ის უყვედრელი ვნებანი ანუ სხვაგვარად ბიოლოგიური მოთხოვნილებანი, რაც არის შიმშილი წყურვილი, დაღლილობა, ტკივილის განცდა და სხვა, ეს ყველაფერი [14]თავისთავად უკვე ვნებებია. მართალია ეკლესია მკვეთრად და გადაულახავად მიჯნავს ერთი მეორისგან ვნებათა ორ სახეობას, რომელთაგან ერთი ეს გახლავთ, როგორც ვთქვით, უყვედრელი ანუ ახალ ქართულად უსაყვედურო ვნებები, ე.ი. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა დაბადებიდანვე რომ გვაქვს გარკვეული თვისებები, რაც უცოდველ მდგომარეობაში არ გვქონია, ვიდრე ადამი ცოდვით დაეცემოდა მანმადე ჩვენს სხეულს რომ არ ქონია. მანამდე ჩვენი სხეული არც იღლებოდა, არც შიმშილის გრძნობა ჰქონდა, არც წყურვილის გრძნობა ჰქონდა, არც მწუხარებას განიცდიდა, არც ბიოლოგიური ხრწნადობის გამოვლინება ჰქონდა, არც სხვადასხვა გამონაყოფები, არც ავადმყოფობა და ა.შ. ეს ყველაფერი მას შეეძინა ცოდვით დაცემის შემდეგ. და თუ ცოდვით დაცემის შემდეგ ეს ყოველივე ადამიანს შეეძინა, აქედან გამომდინარე ბუნებრივად ისმის კითხვა ორიგენესთვის, რომ ასეთ ზოგად მდგომარეობაში ჯერ ეს ზოგადი მდგომარეობა რისგანაა განპირობებული? ე.ი. რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს სხეული, კვლავ აღვნიშნავთ, ის [15]მაინც მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, სნეულებისკენ, კაცობრივი უძლურებისკენ და ესაა სწორედ ის ერთი სახეობა ვნებისა, რასაც უყვედრელი, უსაყვედურო ვნებები ჰქვია, რასაც თანამედროვე ტერმინოლოგიით ჩვენ შეგვიძლია ბიოლოგიური მოთხოვნილებები ვუწოდოთ. ბიოლოგიური მოთხოვნილება და თვისებაა ადამიანისა დაღლილობა, ფიზიკური სნეულებისადმი მიდრეკილება, შესაძლებლობა ავად გახდომისა. შეიძლება ზოგი ისეთი ჯანმრთელი იყოს, რომ შესამჩნევი ავადმყოფობით არ დასნეულდეს, მაგრამ შესაძლებლობა ამისა უეჭველად და აბსოლუტურად ყველა ადამიანშია. სხვა თუ არაფერი ადამიანს რომ რაღაც უბედური შემთხვევა შეხვდეს ვთქვათ ქუჩაში, მისი სხეული აუცილებლად დაზიანდება და ესეც ავადმყოფობაა. შეიძლება სრულიად ჯანსაღი ადამიანი მოულოდნელად ხეიბარი გახდეს. ასე რომ მიმღებია სნეულებისა, ავადმყოფობისა ადამიანური ბუნება, რომელიც ასევე მიმღებია შიმშილის განცდისა, წყურვილის განცდისა, დაღლილობისა და ა.შ. [16]ეს ყველაფერი მას აქვს დაბადებითვე. ეს ჩვენში დაბადებიდანვე არსებული განცდები გახლავთ ეკლესიის მამათაგან წოდებული უყვედრელი ანუ უსაყვედურო ვნებები, უსაყვედურო იმიტომ, რომ ჩვენს გარეშე გვაქვს დაბადებითვე, მართალია პირველ მამის შეცოდების შემდეგ, მაგრამ ჩვენ თვითონ პიროვნულად ეს დაბადებიდანვე გვაქვს ჩვენს გარეშე და ამიტომ ამ ვნებათა ჩვენს ბუნებაში არსებობის გამო ვერავინ ვერ გვისაყვედურებს. ვერ გვისაყვედურებს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მოგვწყურდება, მოგვშივდება, დავიღლებით და სხვა. ჩვენი ბრალი არაა, რომ დავუშვათ შეიძლება დაღლილობა შეგვხვდეს. ამიტომ ეწოდება მას უსაყვედურო ანუ უყვედრელი ვნებები. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ყველა ეს უყვედრელი ვნება და სწორედ ეს უყვედრელი ვნებები მიიღო მაცხოვარმა. როცა მან მიიღო დაცემული კაცობრივი ბუნება, მიიღო კაცობრივი ბუნების მხოლოდ ბუნებითი თვისებები ამ დაცემულ მდგომარეობაში. [17]მას არანაირად ამ დაცემის მიზეზი, ანუ თვით დაცემა, ანუ თვით ცოდვა აბსოლუტურად არანაირი აზრით არ მიუღია, მაგრამ მიიღო დაცემისა და ცოდვის შედეგი ანუ ცოდვამ რა თვისებებიც ბუნებითად შესძინა ჩვენს ადამიანობას, კერძოდ შიმშილის განცდა, წყურვილის, დაღლილობის, ავადმყოფობისკენ მიდრეკილების (ეს ამ შემთხვევაში ნიშნავს მოწყვლადობას) და სხვა, მაგრამ მაცხოვარს არ მიუღია მეორე სახის ვნებანი, რაც უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ეს უკვე არის არჩევანისმიერი ვნებულებანი, რომლებიც მეტნაკლებად სხვაობს ადამიანთა შორის, ზოგი აღირჩევს ამა თუ იმ ვნებულებას პიროვნულად და კიდევ უფრო იუკუღმართებს თავის დაცემულ მდგომარეობას, ზოგი კი არ აღირჩევს. მაცხოვრისთვის სრულიად უცხო იყო [18]ეს არჩევანისმიერი ვნებულებანი, როგორებიცაა თუნდაც შიმშილის თვისება. შიმშილის თვისება გვიკარნახებს იმას, რომ ჩვენს სხეულს რაოდენი საზრდოც სჭირდება ის საზრდო მივიღოთ, და საზრდოს იღებდა მაცხოვარიც თავისი სხეულისთვის, რაც ადამიანებში ბუნებრივი მდგომარეობაა. მაგრამ როდესაც იმაზე ზედმეტს მიიღებს ადამიანი, ვიდრე ეს მის ბუნებას სჭირდება და მიიღებს არჩევანისამებრ, გაუკუღმართებული და წახდენილი ნაყროვანებითი სწრაფვებიდან გამომდინარე, ეს უკვე სწორედ ის ცოდვაა, სწორედ ის ცოდვისმიერი ვნებულებანია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ბუნებას კიდევ უფრო აუკუღმართებს. სხვაა საზრდოს მიღება და სხვა ნაყროვანება, საზრდოს მიღება არის ბუნებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნაყროვანება [19]გახლავთ ამ მოთხოვნილების ცოდვამდე გამკვეთრება და ცოდვის ხარისხამდე აყვანა. ისევე როგორ ეკლესიისგან ნაკურთხია (ეს უკვე საკუთრივ მაცხოვარს, რა თქმა უნდა, არ ეხება, მაგრამ კაცობრივ ბუნებაში ესეც უყვედრელი ვნებაა) ქორწინება და დაშვებულია სქესობრივი მოთხოვნილება, მაგრამ სხვა არის ქორწილი და სხვა არის სიძვა, პირველი ბუნებითი მდგომარეობაა, მეორე კი ცოდვა. ასევეა ყველა სხვა ვითარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს ორი განყოფა ვნებებისა (ერთი უყვედრელი ვნებანი და მეორე ცოდვისმიერი, ანუ არჩევანისმიერი ვნებანი) ერთობლივად კაცობრივ ბუნებაში თანაარსებობს. ამიტომ ორიგენე როდესაც ამ მხრივ უკვირდებოდა ადამიანის ბუნებას, ის ამბობდა, რომ სხვა არის არჩევანისმიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უკვე დაიბადა და მან შეიძლება საკუთარი არჩევანით ისე გაიუკუღმართოს ბუნება, რომ მძიმედ სნეული გახდეს, დავუშვათ ისე [20]დაეძალოს რომელიმე სახის ცოდვას, იქნება ეს სიძვა, ნაყროვანება თუ სხვა, რომ მკვეთრად გაიუარესოს თავისი ფიზიკური ჯანმრთელობაც კი (აქ სულიერი განხრწნა კიდევ სხვა მხარეა),

მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მსგავსი შეცოდებანი არ ჩაუდენიათ. მათ მხოლოდ პირველი სახის ვნებანი აქვთ, უყვედრელი ბუნებითი ვნებანი, რომლებიც ასევე ვნებანია და ისიც განმარტებას მოითხოვს თუ თვით ეს ვნებანიც საიდან შეეძინა ადამიანის ბუნებას (დაღლილობის, შიმშილის, წყურვილის თვისება), ნუთუ დასაბამშივე ჰქონდა მას? თუ დასაბამშივე არ ჰქონდა რატომ გაუჩნდა, რა მიზეზით? ეს ერთი მხარე და მეორე მხარე თვით ამ უყვედრელ ვნებათა შორის რატომაა სხვადასხვაობა ადამიანებში, რატომ იბადებიან ზოგნი გაცილებით უფრო დაუძლურებულნი, ზოგნი კი გაცილებით უფრო ჯანსაღნი. აი ამ ორ კითვაზე მცდარი პასუხი აყალიბებეს ორიგენესეულ ანთროპოლოგიას, ანუ ორიგენეს მოძღვრებას ადამიანის შესახებ. [21]ჩვენ შევეცდებით, რომ შემდგომ შეხვედრაზე უფრო ზედმიწევნით და ადვილსაწვდომად გადმოვცეთ ორიგენეს პასუხები აქ დასმულ შეკითხვებზე.

 

192–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Mp0sLFDG41o

 

ორიგენეს მოძღვრება სულთა წინასწარ არსებობის შესახებ

რეინკარნაციის უარყოფა

ჩვენს წინა საუბარში შევჩერდით იმ საკითხის განხილვაზე, თუ როგორ ხსნის ორიგენე ადამიანის ორბუნებოვნებაში სულიერი ბუნების წინასწარ არსებობას, წინასწარ შექმნილობას და შემდგომ ხორციელების შექმნას ამ სულებისადმი, როგორც დასჯის სახეს, როგორც მათ საპყრობილეს. აღვნიშნავდით, რომ ორიგენემ თავის წინაშე დააყენა ორი კითხვა, რომელთა შესახებაც, როგორც მას საკუთარი მოძღვრების პრინციპები უკარნახებდა, პასუხი გასცა. ეს ორი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: კაცობრიობისთვის საერთოა ე.წ. უყვედრელი ვნებანი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად საერთოა ცოდვისმიერი ვნებანიც, მაგრამ იქ დიდი მეტ-ნაკლებობაა. ზოგმა შეიძლება იმდენად განიწმინდოს თავისი თავი ამ პიროვნული არჩევანისმიერი ცოდვებისგან, რომ ეს მეორე მხარე თითქმის მინიმუმადე [1]დაიყვანოს და ასეთი პიროვნებანია სწორედ, რომლებიც წმინდანობის ღირსნი ხდებიან. მაგრამ ის პირველი სახის ვნებანი, რომლებიც დაბადებიდანვე თან დაგვყვება ჩვენ და რომელშიც ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, რაც გახლავთ ბუნებითი, ბიოლოგიური ხრწნადობა, უჯრედების კვდომა, ახლის დაბადება, ზრდა და სხვა, ეს ყველაფერი ხრწნადობის გამოხატულებაა, შიმშილის განცდა, წყურვილის განცდა, დაღლილობის განცდა, ტკივილის განცდა და ა.შ. ამგვარი თვისებები, რაც დაბადებიდანვე ყველა ჩვენთაგანს აქვს და საერთოა კაცობრივი ბუნებისათვის, ორიგენესთვის ასეთ შეკითხვას ბადებს: თავიდანვე ჰქონდა ადამიანს ეს თვისებები თუ შემდგომ შეეძინა? და თუ შემდგომ შეეძინა, რის გამო და რა მიზეზით? და მეორე კითხვა: თვით ამ უყვედრელ ვნებათა დიაპაზონში, ე.ი. როდესაც ადამიანები ერთი და იმავე ვნებათა შვილები არიან, დაბადებითვე ერთი და იგივე ვნებათა და განცდათა თვისებებით იბადებიან, აქაც რომ [2]დიდი მეტნაკლებობაა დაბადებიდანვე (ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ვამახვილებთ შემდგომში არჩევანისმიერ, ანუ შეგნებულ გაუკუღმართებაზე ადამიანთა შორის, რომ ერთნი ერთი სახეობის ცოდვას აღირჩევენ, მეორენი მეორე სახის ცოდვას და ამით ისინი ფიზიკურ ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვნად იუარესებენ და აზიანებენ), ამბობს ორიგენე, რატომ ხდება, რომ არათუ ერთნაირად თუნდაც ამ ვნებადი თვისებებით, მაგრამ მაინც თანასწორად იბადებოდნენ ადამიანები, არამედ აქაც დიდი მეტ-ნაკლებობაა, რადგან ზოგი ხეიბარი იბადება, ზოგი კი შედარებით ჯანსაღი სხეულით? ერთი კითხვა ორიოგენესი ზოგადად კაცობრივი ბუნების მიმართაა დასმული და მეორე კაცობრივი ბუნების შიგნით ცალკეულ ადამიანთა დაბადებიდანვე მნიშვნელოვანი განსხვავების მხრივ, ფიზიკური თვალსაზრისით, რომ ზოგნი მძიმედ დაზიანებული სხეულით იბადებიან და მთელი ცხოვრება იტანჯებიან ამის გამო, ზოგნი გაცილებით ჯანსაღი სხეულით. ორივე ეს მხარე ორიგენესთვის შემდეგნაირადაა პასუხგაცემული, [3]რომ ორივე მდგომარეობა თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ადამიანური ბუნების გარკვეულ ადრინდელ დანაშაულს, რამაც შედეგად ამგვარი ვითარება გამოიწვია. ანუ ორიგენე ამბობს, და ამ შემთხვევაში ის მართლმადიდებლურ მოძღვრებას თანხვდება, რომ დასაბამში კაცობრივი ბუნება არა მხოლოდ არჩევანისმიერი, ანუ ცოდვისმიერი ვენებებისგან იყო თავისუფალი, არამედ თვით იმ ბუნებითი, იგივე უყვედრელი, ვნებებისგანაც, არ ჰქონდა რა ცოდვამდე ადამიანურ ბუნებას არც დაღლილობის განცდა, არც მწუხარების განცდა, არც ტკივილის, არც შიმშილის, არც წყურვილის და ა.შ. ეს ყოველივე შეეძინა მას, შეეძინა და ამ ყოველივეთი გაუკუღმართდა იგი. მაგრამ რამ გამოიწვია ეს დამძიმება კაცობრივი ბუნებისა, გაუარესება მისი მდგომარეობისა? რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაუარესებას იწვევს მცდარად [4]გადადგმული ნაბიჯი, ანუ ადამიანმა ჩაიდინა ცოდვა და შესაბამისად ეს ცოდვა, რასაც ეკლესია პირველ ცოდვას უწოდებს, აღიბეჭდა კაცობრივ ბუნებაზე და ამ პირველ ცოდვამ დიამეტრულად შეცვალა თვისებებიც კაცობრივი ბუნებისა. თუ ამ ცოდვამდე კაცობრივი ბუნება იყო თვისობრივად უხრწნელი (ბიოლოგიური გაგებით), ტკივილგანუცდელი და უკვდავი, შეცოდების შემდეგ იგივე ბუნება გახდა მოკვდავი, ტკივილგანმცდელი და ხრწნადი (ყველა სხვა თვისებაც, ე.ი. შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა და ა.შ. აქ იგულისხმება). ამრიგად ცოდვამ განაპირობა ეს ყოველივე და ამ შემთხვევაში, როგორც ვთქვით ორიგენე მართლმადიდებლურ მოძღვრებას თანხვდება. მაგრამ ორიგენე არ თანხვდება მართლმადიდებლურ მოძღვრებას იმ მხრივ, რომ იგი კაცობრივი ბუნების თავდაპირველ მდგომარეობას მხოლოდ სულიერად წარმოსახავს. იგი არ თვლის, რომ თავდაპირველად უბიწო მდგომარეობაში იყო კაცობრივი სულიც [5]და სხეულიც და ცოდვამ ორივე გააუკუღმართა, ის თვლის, რომ თავდაპირველი მდგომარეობა ადამიანისა იყო მხოლოდ სულიერი, ის მხოლოდ სული იყო და შესცოდა რა მან, სასჯელად მიეცა მას სხეული. აი ესაა ორიგენეს აზრი და პრინციპული სხვაობა მართლმადიდებლობისგან.

რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ რატომ არის დაბადებითვე უკვე დაცემულ ადამიანთა შორის მეტნაკლებობა და სხვადასხვაგვარობა? გასაგებია, რომ სხეული დასჯის იარაღია ორიგენესთვის, მაგრამ ერთს რატომ ეძლევა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი სხეული, ანუ ერთი უფრო მეტად დასჯილი რატომაა, ანუ რატომ იბადება ერთი უფრო მეტად დასჯილ მდგომარეობაში, მეორე კი უფრო ნაკლებად დასჯილ მდგომარეობაში? აქ უკვე ორიგენე აკეთებს იმ დასკვნას, რომ თავდაპირველად შეიქმნა კაცობრივ [6]სულთა სიმრავლე და შესცოდეს რა მათ, თითოეული იმგვარი სხეულით მოევლინა ამ ქვეყანას და ევლინება ამ ქვეყანას, რა სახის და რა სიმძიმის ცოდვაც ჩაიდინა მან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც დაბადებითვე ხეიბარია, ის ხეიბარია იმიტომ, - ამბობს ორიგენე და თითქოსდა ღვთის მართლმსაჯულებას ასაჩინოებს ამით, რომ სხეულამდე, ე.ი. წინარე სულიერ ცხოვრებაში მან გაცილებით მძიმე შეცოდება ჩაიდინა, ვიდრე სხვამ, მაგრამ შეცოდება ყველამ ჩაიდინა. ორიგენესთვის არ არსებობს ადამიანური სული, რომელსაც შეცოდება არ ჩაედინოს. აქ იგი კვლავ განაგრძობს იმ თეზას, რაც ანგელოზებთან დაკავშირებითაც თქვა, რომ ერთი ანგელოზის შეცოდებამ ყველა სხვა ანგელოზზე განავრცო ცოდვილიანობა. ორიგენესთვის ამჯერად აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა იმას, პიროვნულად ვინმე ხომ არ იყო სრულიად შეუცოდველი, საერთოდ რომ არ შეუცოდავს. მისთვის საკმარისია თუნდაც ერთი სულის [7]შეცოდება, რაც მეტ-ნაკლებად ყველა სხვაზე აისახება. მაგრამ პიროვნულ მდგომარეობასაც გამოკვეთს იგი, რომ რომელიც ყველაზე მძიმედ ცოდვილი აღმოჩნდა ადამიანურ სულთა შორის, მას უფრო მეტად მძიმე სასჯელი მიეცა, ანუ უფრო რთულად სატარებელი და უფრო რთულად სამოღვაწეო სხეული მიეცა. ხოლო მეორეს, რომელიც შედარებით ნაკლებად იყო ცოდვილი, გაცილებით უფრო ნაკლები ტანჯვის მიმყენებელი სხეული მიეცა. აი ეს განაპირობებს ორიგენესთვის სხვადასხვაობას ადამიანებისას სხეულებრივი თვალსაზრისით, ანუ ორიგენეს ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, სხეულებრივი სასჯელის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ სხეული მისთვის სასჯელია, შობითგანვე, დაბადებითგანვე. თითქოს ორიგენემ ამით გადაჭრა ის ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა თუ რა განაპირობებს ადამიანთა შორის ამგვარ [8]მეტ-ნაკლებობას დაბადებიდანვე, რომ ზოგი მძიმე მდგომარეობაში იბადება, ზოგი ნაკლებ მძიმე მდგომარეობაში და ზოგი კიდევ უფრო ნაკლებ მძიმე მდგომარეობაში. ამ მეტ-ნაკლებობას, ამბობს ორიგენე, განაპირობებს დაბადებულ ადამიანთა დაბადებამდელი, როდესაც ისინი არსებობდნენ, როგორც მხოლოდ სულები, შეცოდებანი და ამ შეცოდებათა სიმძიმე.

ეს არის არსებითი ორიგენესეულ ანთროპოლოგიაში, ორიგენესეულ ფსიქოლოგიაში, ანდა ადამიანის შესახებ ორიგენესეულ მოძღვრებაში. ესაა ის მოძღვრება, რასაც ანტიკურ პერიოდში ეწოდებოდა “მეტემფსიქოზისი” (ჩვენ ადრეც გვიხსენებია ეს ტერმინი), ანუ მოძღვრება ხელახალი განსულიერების თუ განსხეულების შესახებ. შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, ეს მეორე ტერმინია უფრო სწორია, რომელსაც ასევე თავისი ბერძნული შესატყვისი აქვს “მეტენსომატოსისი”. თუმცა უფრო დამკვიდრებული გახლავთ ტერმინი “მეტემფსიქოზისი”, ანდა შეგვიძლია ლათინური ტერმინი გამოვიყენოთ “ინკარნაცია”, ანდა “რეინკარნაცია”, იგივე გარდასხეულება, [9]არა მხოლოდ განსხეულება სულებისა, არამედ გარდასხეულება, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში დასჯილობის გამო გადასვლა. ანტიკურობაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამოკვეთილი იყო პლატონთან, უფრო ადრე პითაგორასთან და მოგეხსენებათ იგივეა ბუდისტურ სწავლებაშიც, რომ ადამიანი ერთი სხეულებრივი ცხოვრების დამთავრების შემდეგ შეიძლება კვლავ განსხეულდეს, ანუ ერთიდაიგივე სული ადამიანისა გარკვეულ პერიოდში ერთ სხეულში მკვიდრობდეს, როდესაც მოკვდება სხეული, სული, რომელიც უკვდავია, ახალ სხეულში დაიბადოს, შემდეგ კიდევ ახალ სხეულში და ა.შ. მოგეხსენებათ ამგვარი აზროვნება ძალიან ფეხმოკიდებულია დღევანდელი საქართველოშიც. თითქმის არ არის ჟურნალი თუ გაზეთი, ყოველდღიურად რომ არ იბეჭდებოდეს ე.წ. წინა ცხოვრებების განჭვრეტანი, რომ ადრე სხვა მდგომარეობაში იყვნენ, სხვა ადამიანის სხეულში იყვნენ ესა თუ ის პიროვნებები, შემდეგ სხვის სხეულში გადავიდნენ და ასე შემდეგ. ანუ მთელ ისტორიას და [10]ამგვარ გარდასხეულებათა ხაზსს მავანნი, თითქოსდა მთელი ზედმიწევნითობით აღადგენენ, ანდა სხვას, რომელსაც ამის განჭვრეტა არ ძალუძს, გამოუვლენენ და დაუდგენენ. ეს გახლავთ სრულიად შეუთავსებელი მართლმადიდებლობასთან, მაგრამ მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, სრულიად შეუთავსებელი საღ აზრთან. ჩვენ შეიძლებოდა არ გაგვეყო ამ შემთხვევაში ერთი მეორისგან მართლმადიდებლობა და საღი აზრი, რადგანაც ეს სრულიად ერთი და იგივეა, მაგრამ საღ აზრს მოვიხმობთ ამ შემთხვევაში უბრალოდ ლოგიკური აზროვნების გაგებით, რომ ლოგიკური, ადამიანური აზროვნებითაც კი, რომ არაფერი ვთქვათ [11]მართლმადიდებლურ აზროვნებაზე ანუ საღვთო აზროვნებაზე, ამქვეყნიური, ადამიანური აზროვნებითაც კი, თუკი ეს ადამიანური აზროვნება ზმანებებით და  ხიბლით გაუკუღმართებული არაა, გამორიცხულია ამგვარი რამ. იმიტომ, რომ თუ ჯერ მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით ვიტყვით, ეკლესიური სწავლება აუცილებლად პიროვნულია. ეკლესიურმა მოძღვრებამ, სხვათაშორის ანტიკურ ტერმინოლოგიაზე და ანტიკურ განსაზღვრებებზე დაყრდნობით, უეჭვოდ დაადგინა, რომ არსებობის მქონეა და მოქმედებაში მყოფია მხოლოდ და სწორედ პიროვნება. ბუნება ეს აბსტრაქციაა, ბუნება თავისთავად არსად არ არსებობს, ბუნება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პიროვნებაში გამოხატული. ამის შესახებ ადრეც აღგვინიშნავს და კვლავ მოვიტანთ სახეობრივ მაგალითს, რომ ვთქვათ თვისება შიმშილი, რაც საერთოა კაცობრივი ბუნებისთვის, და რაც ბუნებითი თვისებაა, თავისთავად არსად არ არსებობს, ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვით ამ თვისებას ცალკე აღებულს. მაგრამ რაწამს დავინახავთ მშიერ ადამიანს, აი ამ მშიერში არსებობს ეს თვისება [12]და მასში გამოიხატება, აი მაშინ ვიტყვით, რომ შიმშილის თვისება გამოხატულია ამ პიროვნებაში. ამრიგად ბუნება და ბუნებითი თვისება არის ის რაც პიროვნებაში გამოიხატება, ხოლო პიროვნება არის ის, რაც თავის თავში გამოხატავს, მოქმედებაში მოჰყავს და რეალიზებას უკეთებს ბუნებით თვისებას. ამიტომ რეალურად არსებული სწორედ პიროვნებაა და ეკლესიური მოძღვრებაც აუცილებლად და მკვეთრად პიროვნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი პიროვნება მეორეში ვერასოდეს ვერ გადავა. ეს პიროვნულობა იტევს ორივე ბუნებას. ადამიანი, როგორც პიროვნება, არც მხოლოდ სულიერი ბუნების მქონეა და არც მხოლოდ სხეულებრივი ბუნების მქონე, ორივე მათგანი იგულისხმება ადამიანის პიროვნებაში, ადამიანის პიროვნება ორივე მათგანს წარმოაჩენს. ამიტომ ადამიანის მხოლოდ სულის გადასვლა სხვა ადამიანში, ეს იქნებოდა ბუნების მოგზაურობა ერთი სხეულიდან მეორე სხეულში, [13]იმიტომ, რომ სული ბუნება გახლავთ, ისევე როგორც სხეულებრივობაც ბუნებაა. პიროვნება არის ის, ვინც სულიერ თვისებებს გამოხატავს თავის თავში, მაგრამ მას სული არ ჰქვია, ეს გახლავთ ანგელოზი, რომელიც მხოლოდ სულიერი ბუნების მქონეა და მხოლოდ სულიერ თვისებებს გამოხატავს, ანდა სულიერთან ერთად ხორციელ თვისებებსაც გამოხატავს, როგორც ეს ადამიანია. ეს ადამიანი, ინდივიდი, გახლავთ პიროვნება და თუ ეს პიროვნება კვლავ სხვა სხეულში გადავიდა და სხვა სხეულის გამომხატველი გახდა, ასე ვთქვათ, მხოლოდ თავისი სულიერი ბუნებით თუ შენარჩუნდა ის სიკვდილის შემდეგ და ამ სულიერი ბუნებით ის სხვა სხეულში გადავიდა, ამ სხეულის თვისებები ხომ უნდა გამოხატოს მან თავის თავში, თორემ ისე გადასვლა რას ნიშნავს, თუ არსობრივი არ გახდა მისთვის სხეული, ხოლო თუ არსობრივი გახდა და ეს სხეული მასთან, საღვთისმეტყველო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, შეგვამებულია, ანუ შეჰიპოსტასებულია, შეპიროვნებულია, პიროვნებითად მასთანაა გაერთიანებული, შესაბამისად ამ სხეულის გამომხატველი პიროვნება, პიროვნული თვისებების თვალსაზრისით ხსენებული სხეულითაც [14]განისაზღვრება. ასე რომ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანში გადასული სული უეჭველად პიროვნულადაც უნდა შეიცვალოს, რაც აბსურდია. ამიტომ ეკლესიური მოძღვრება ამ სწავლებას დიამეტრულად ეწინააღმდეგება და კვლავ აღვნიშნავთ, რომ ამას ადამიანური გაგებაც ეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ თუ ჩვენ დეტალურად გავეცნობით იმ ინტერვიუებს და ვნახავთ, რომ მაგალითად ესა თუ ის პიროვნება თურმე ადრე ვიღაც ქალი ყოფილა, იმის იქეთ ვიღაც ცნობილი პიროვნება, ზოგი იჩემებდა მაგალითად, რომ ადრე წმ. დიონისე არეოპაგელი იყო, შემდეგ პეტრე იბერი... მაგრამ ისინი ხომ რეალური პიროვნებები არიან და აქ ხომ აბსოლუტურ უპიროვნობამდე მივდივართ ჩვენ ერთიდაიგივე ადამიანი თუ ერთდროულად მრავალი ადამიანი ყოფილა სხვადასხვა დროს. ეს მრავალი ადამიანი ხომ ინდივიდები იყვნენ, ერთი მეორისგან გამიჯნულნი და ამავე დროს ღვთივ განბრძნობილნი (თუ წმინდანებზეა საუბარი). ამრიგად ნებისმიერი გაგება უარყოფს გარდასხეულებას [15]და ორიგენეს ეს აზრი ანათემირებულია ეკლესიის მამათა მიერ, ანათემირებულია V მსოფლიო კრებაზე იმ ჩამონათვალში ორიგენისტული დებულებებისა, რომელთა ანათემაც მოხდა ეკლესიისგან და იმპერატორისგან. ასე რომ ორიგენესული ანთროპოლოგიაც იმგვარადვე ცდომილებით აღსავსეა, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ ანგელოზებთან დაკავშირებით და როგორც ამას ვნახავთ სხვა თემატიკასთან დაკავშირებითაც ჩვენს შემდგომ საუბრებში.

 

193–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=JD-w8Kc5UgA

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button