Georgian (Georgia)English (United Kingdom)
199–200

ბიოგრაფიული ცნობები

შრომა “ბუნების შესახებ”

ჩვენ დავამთავრეთ ორიგენეს შესახებ მსჯელობა, მაგრამ შემდგომშიც არაერთგზის ვახსენებთ ამ პიროვნების სახელს, იმიტომ, რომ გარკვეული მოღვაწეები საეკლესიო მწერლობის ისტორიაში მჭიდროდ უკავშირდებიან მის, განსაკუთრებით, პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მაგრამ იმ დებულებას, რომ არ არ შევცდეთ, კვლავ გავიხსენებთ, რომ ორიგენესთან მიმართებით ეკლესიის ისტორიაში გამოიყოფა სამი კატეგორია პირებისა და ავტორებისა: პირველი, რომლებიც სრულად იზიარებდნენ ორიგენეს ყველა სწავლებას, ყველა ცდომილებას, ყველა ვარაუდს. ესენი გახლდათ მგზნებარე ორიგენისტები, [1]რომელთა მოძღვრებაც (ორიგენიზმი) უფრო მეტად მწვალებლური იყო და არის, ვიდრე საკუთრივ ორიგენეს მოძღვრება, რადგანაც ერეტიკული ცდომილებანი ორიგენესი ორიგენიზმში კიდევ უფრო განივრცო იმ ცდომილი ვარაუდების რჯულდებამდე აყვანით, რა ვარაუდებიც ორიგენეს ჰქონდა. ორიგენემ მოგვაწოდა გარკვეული ვარაუდები, რაც თავისთავად ცდომილი აღმოჩნდა, მაგრამ ორიგენეს მხოლოდ ვარაუდისეული ცდომილებანი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა პრინციპული ცდომილებებისა, ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებად იქნა აღქმული მის მიმდევართაგან, რომლებმაც არა მხოლოდ პრინციპული გაუკუღმართებანი ორიგენეს სწავლებისა გაიზიარეს, არამედ ეს ვარაუდებიც [2]კი არათუ გაიზიარეს, არამედ პრინციპულ, კატეგორიულ რჯულდებებამდე აიყვანეს. ამიტომ ითვლება ორიგენიზმი უფრო მეტ და უფრო მკვეთრ მწვალებლობად, ვიდრე საკუთრივ ორიგენეს მოძღვრება. ესენი არიან, ასე ვთქვათ, მგზნებარე ორიგენისტები. მეორე უკიდურესობა ესაა ასევე მგზნებარე და უშეღავათო ანტიორიგენისტები, რომლებიც ყველაფერს უარყოფდნენ ორიგენესას; მესამე კი გახლავთ შუა ხაზი, გზა სამეუფო, რომლის ყველაზე დიდი წარმომადგენლები არიან კაბადოკიელი მამები – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, რომლებმაც გამოკრიბეს ორიგენესგან რაც კი ღირსეული იყო, ხოლო რაც კი განეშორებოდა მართლმადიდებლურ სწავლებას, უარყვეს, უკუაგდეს მათ ავტორთან ერთად [3](როგორც ეს განჩინებულია შემდეგში გელასი პაპის ერთ-ერთ დეკრეტში).

ასე რომ არ უნდა იყოს გასაკვირი, როდესაც ორიგენეს მიმართ ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში დიდი სიმპათია ვპოვოთ წმინდანთა შორისაც კი. ეს დიდი სიმპათია, დიდი პატივისცემა ორიგენეს მოღვაწეობისადმი გამოვლენილი ამა თუ იმ წმინდა მოძღვრისგან, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორიგენეს მოღვაწეობის ღირსეულ ნაწილს, რომელსაც გაუკუღმართება არ შეხებია. როგორც უკვე ვთქვით ორიგენეს პრაქტიკულ მოღვაწეობაშიც არის დიდი ღირსებანი, ისევე როგორც არის უღირსებანი, და აგრეთვე მოძღვრებაშიც არის უამრავი რამ მკვეთრად ცდომილი აზრი, მაგრამ არის გამორჩეულად ღირსეული სწავლებანი, რაც სწორედ კაბადოკიელმა მამებმა გამოკრიბეს ტექსტობრივად და შემოგვინახეს [4](ლთინურადაც ითარგმნა წმინდანთაგან ის კეთილი სწავლებანი, რაც ორიგენეს შრომებშია შესამჩნევი). თვით ეს მოვლენაც, რომ ერთი მხრივ კაბადოკიელმა მამებმა არათუ ზოგადად და პრაქტიკულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით შეაქეს რაღაცაში ორიგენე, არამედ მისი რჩეული სწავლებანიც კი წარმოგვიდგინეს და ღირსეულ მოძღვრებად შემოგვინახეს და მეორო მხრივ ლათინურად ამ ყოველივეს მთარგმნელმა წმ. იერონიმემ მრავალი შრომა თარგმნა ორიგენესი, რაც მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგოს არაფერს არ შეიცავდა, აი ეს ორი მოვლენაც კი თვალნათლივ ადასტურებს ორიგენეს მოღვაწეობაში საკმაოდ ხელმოსაჭიდი და ხელშესახები ღირსეული ნაწილის არსებობას. ეს ღირსეული ნაწილი კიდევ უფრო მეტია მის პრაქტიკულ ღვაწლში, მის პედაგოგიურ [5]მოღვაწეობაში. იმიტომ, რომ აქ შესამჩნევია ორიგენესგან სწავლებითი დისციპლინარული სისტემის დაფუძნება. ამიტომ, ეს წინასწარი შენიშნვნა სწორედ ამას გულისხმობდა ჩვენგან, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს როდესაც ამა თუ იმ მოღვაწისგან ორიგენეს ღვაწლისადმი პატივისცემის გამოვლინებას ვპოვებთ, რადგანაც აქ იგულისხმება მხოლოდ იმ ღირსეული ნაწილისადმი პატივისცემის გამოვლინება, რაც პრაქტიკული თვალსაზრისითაც შესამჩნევია ორიგენესთან და, რა თქმა უნდა, სწავლებითი და თეორიული კუთხითაც.

ასეთი ზოგადი განმარტების შემდეგ ჩვენ ვახსენებთ იმ პიროვნებას, რომლის შესახებაც საუბარი გვაქვს განზრახული. ეს გახლავთ ცნობილი მოღვაწე წმ. დიონისე დიდი ალექსანდრიელი, ორიგენეს [6]ცნობილი მოწაფე, დამოწაფებული ოროგენეს პალესტინის კესარიაში. მიუხედავად იმისა, რომ დიონისე დიდი ალექსანდრიის ეპისკოპოსი ხდება 248 წლიდან 265 წლის ჩათვლით, და ვიცით, რომ ალექსანდრიაშიც არსებობდა სასწავლებელი, სადაც პირველად მოღვაწეობდა ორიგენე, დიონისე მისი მოწაფე იყო არა ალექსანდრიიდან, ალექსანდრიული სასწავლებლიდან, არამედ პალესტინის კესარიის იმ სასწავლებლიდან, რაც იქ ოროგენემ 232 წლიდან გახსნა და ჩამოაყალიბა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შთამბეჭდავი მოღვაწის შესახებ (დიონისე ალექსანდრიელი) ჩვენ თითქმის არავითარი ხელშესახები ცნობა არ მოგვეპოვება. [7]რაც უტყუარად ვიცით ესაა მისი მოღვაწეობის პერიოდი, როგორც აღვნიშნეთ 248-265 წლები. უტყუარად ვიცით ისიც, რომ იგი ორიგენეს მოწაფე იყო. ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ დიონისეს დაწერილი ჰქონდა მრავალი ეპისტოლე, რომელთა უმნიშვნელო ფრაგმენტები (შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანნი) შემონახულია ჩვენამდე. მისი შრომების ასევე მხოლოდ ფრაგმნეტებია შემონახული. მაგრამ ეს მხოლოდ დღევანდელი ვითარება გახლავთ ასეთი, თორემ თავის დროზე, როდესაც ყოველივე უდანაკარგოდ მკითხველისთვის დადებული იყო, მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მთლიანად შეესწავლა წმ. დიონისე დიდის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა. სწორედ ამ ეპოქიდან მომდინარეობს ამ პიროვნების [8]ზედწოდებაც – დიდი. შესაბამისად მხოლოდ ეს ფრაგმნეტები რომ ყოფილიყო მისი რეალური პროდუქცია და ამის მეტი სხვა არაფერი, ასეთ ეპითეტს ეს მოღვაწე ვერ დაიმსახურებდა, მაგრამ როცა სრული სახე შეგვიძლია, თუნდაც ამ ფრაგმენტებიდან წარმოვიდგინოთ, ჩვენს წინაშე გამოიკვეთება ჭეშმარიტად მონუმენტური მოღვაწის ფიგურა, რომელმაც ფაქტობრივად ეპოქა შექმნა III ს-ის შუა წლებში.

უდიდესი დამსახურება წმ. დიონისე ალექსანდრიელისა გახლავთ იმ დროს უაღრესად ფეხმოკიდებული და გაბატონებული ერეტიკული ცრუ სწავლების – ქილიაზმის ძირფესვიანი აღმოფხვრა. ვიდრე ამ საკითხს უფრო კონკრეტულად შევეხებოდეთ, ჯერ იმას აღვნიშნავთ, რომ დიონისე დიდისგან ჩვენამდე [9]მოღწეული გახლავთ ორი ფრაგმნეტი შრომისა “აღთქმათა შესახებ”. ეს შრომა უეჭველად ცენტრალური უნდა ყოფილიყო დიონისე დიდის საღვთისმეტყველო და წერილობით მემკვიდრეობაში. ასევე საკმაოდ მოზრდილი ფრაგმნეტი შემოგვენახა მისი შრომიდან “ბუნების შესახებ”. ამ ბოლო ხანებში გამოვლინდა მისი უაღრესად მნიშვნელოვანი კომენტარი წმ. დიონისე არეოპაგელის შრომაზე “საღვთოთა სახელთათვის”. სხვათაშორის ამ კომენტარის გამოვლინებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საეკლესიო გადმოცემა, რომ არეოპაგეტული შრომები არ არის გვიანდელი და არ არის პროკლე დიადოხოსის [10]შემდგომ ეპოქაში დაწერილი, ე.ი. V ს-ის II ნახევარში, როგორც ამას თითქმის საყოველთაოდ იზიარებს დღეს ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა, არამედ III ს-ში ეს შრომები უკვე არსებობდა და კომენტირებაც ხდებოდა, რისი თვალნათლივი ნიმუშიც დიონისე ალექსანდრიელის კომენტარია (რასაც ჩვენ დეტალურად შევეხებით). ჩვენამდე აგრეთვე მოღწეულია ფრაგმენტები მისი ეპისტოლეებიდან, რაც შემოგვენახა წმ. ათანასე ალექსანდრიელის მიერ, IV ს-ის ამ უდიდესი მღვდელმთავრის მიერ, რომელმაც პატარა შრომა საკუთრივ წმ. დიონისე ალექსანდრიელს მიუძღვნა, მიუძღვნა იმ გაუგებრობის გასაფანტავად, რაც დიონისე ალექსანდრიელის პიროვნებასთან დაკავშირებით წარმოიქმნა სწორედ ათანასე ალექსანდრიელის მოღვაწეობის პერიოდში, IV ს-ის 30-40-იან [11]წლებში. ეს იყო ის დრო, როდესაც არიანელებმა, მოიპოვეს რა პოლიტიკური გამარჯვება, დაიწყეს საეკლესიო არგუმენტების მოძიებაც საკუთარი შემზარავი სამოძღვრო გაუკუღმართების თითქოსდა დასაცავად და დასამტკიცებლად. ერთ-ერთ არგუმენტად ისინი მოუხმობდნენ სწორედ წმ. დიონისე ალექსანდრიელის სიტყვებს მისი ერთ-ერთი ეპისტოლიდან, სიტყვებს, თითქოსდა იმის შესახებ, რომ იესო ქრისტე, მაცხოვარი, იგივე ძე ღმერთი, იყო ქმნილება, რასაც სწორედ არიანელები მოძღვრობდნენ. აი ამ გაუგებრობის გასაფანტავად წმ. ათანასე ალექსანდრიელმა დაწერა [12]მცირე მოცულობის შრომა სათაურით “დიონისეს შესახებ”. ამ მცირე შრომიდან ვიცით ჩვენ ის ცნობილი ინფორმაცია თუ როგორ გარდაიცვალა, როგორ მოკვდა ქუჩაში, არიანული ერესის მამამთავარი არიოზი. ამავე შრომაშივე ეძლევა სრულყოფილი განმარტება დიონისე ალექსანდრიელის ღვთისმეტყველებას და ჩვენთვისაც მოცემულია ნიმუში, თუ როგორ უნდა ვსწავლობდეთ, ვაანალიზებდეთ და როგორ უნდა გამოგვქონდეს დასკვნა ამა თუ იმ ღვთისმეტყველის პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

 

თხზულება “ბუნების შესახებ”

პირველი რაც გვინდა დიონისე ალექსანდრიელთან დაკავშირებით აღვნიშნოთ, ესაა მისი შრომა “ბუნების შესახებ”, [13]რომლის სათაურიც კი საკმაოდ ნათლად ადასტურებს, რომ ამ შრომას საკუთრივ მქადაგებლობითი დანიშნულება არ უნდა ჰქონოდა. ის ჩამოყალიბებულად, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით დაწერილი შრომა ჩანს, ფილოსოფიური მიზანდასახულობისა. მარტო ის ერთი ფრაგმენტი, რაც ამ შრომიდან ჩვენამდეა მოღწეული, თვალნათლივ წარმოაჩენს თუ როგორი საფუძვლიანი და სიღრმისეული ფილოსოფიური განსწავლულობა ჰქონია მიღებული დიონისე ალექსანდრიელს. მას ასევე სპეციალურად ქონდა შესწავლილი რიტორიკა, რიტორიკის მასწავლებელი იყო და შესაბამისად ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა საეკლესიო რიტორიკისა. ჩვენ ვახსენეთ ის კომენტარი, რაც ამ ბოლო ხანებში გამოვლინდა და რაც ერთვის [14]წმ. დიონისე არეოპაგელის შრომას “საღვთოთა სახელთათვის”. ხსენებულ კომენტარში მოცემულია ცნობა დიონისეს შესახებ უფრო გვიანდელი მოღვაწის, წმ. ანასტასი სინელის, მიერ, რომელმაც შემოგვინახა დიონისე ალექსანდრიელის კომენტარი დიონისე არეოპაგელის წიგნზე. ვიდრე ამ კომენტარის ციტირებას მოახდენდა ანასტასი სინელი, ის ავტორზეც გვაუწყებს და ამბობს, რომ კომენტარის ავტორი არის საღვთო მოღვაწეთაგანი [15]დიონისე, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი, ანუ რიტორთა შორის ნაგულისხმევი, რიტორიკის, როგორც სპეციალობის და როგორც პროფესიის მქონე. ასე რომ ეს ფრაგმენტიც წიგნიდან “ბუნების შესახებ” სრულიად თვალსაჩინოდ გვიდასტურებს, რომ ამ ფრაგმენტის ავტორი არის უაღრესად განსწავლული არა ზოგადად აზროვნების ისტორიაში, არამედ საკუთრივ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში. ჩვენ რომ მისი ავტორი არ ვიცოდეთ თავისუფლად შეიძლებოდა ეს ციტატა მიგვეკუთვნებინა ტერმინოლოგიური ზედმიწევნითობისა და ტერმინოლოგიური ცნობიერების სიღრმის შესაბამისად, თუნდაც არისტოტელესადმი, ანდა პლატონისადმი, ანდა სტოიკოსებისადმი. მაგრამ ეს არის ფრაგმენტი, სადაც არის პაექრობა ეპიკურელებთან [16]ბუნებასთან დაკავშირებით, წარმოჩენილია ცხადი აზრი ბუნების ღვთივდაბადებულობის შესახებ, განსხვავებით ანტიკური წარმოდგენებისაგან, რა წარმოდგენებიც სხვაობდნენ ერთმანეთისაგან. ეპიკურელები კონკრეტულად თვლიდნენ, რომ მთელი სამყარო სხვა არაფერია თუ არა ატომთა უწესრიგო სივრცე, ეს ატომები ერთიმეორეს ეჯახებიან ამ უწესრიგო მოძრაობათა ჟამს, მათი შეერთებანი ნივთთა და სამყაროთა წარმოქმნის საფუძველია, მათი დაშორება კი პირიქით ხრწნისა და სიკვდილის მომასწავებელია. ხოლო დიონისე ალექსანდრიელი გამოთქვამს მოძღვრებას, რომ ყოვლის სათავე, ყოვლის შემოქმედი და ყოვლის შემამტკიცებელი თავად უფალია და დაშლაც ყოველივესი უფლისმიერი დაშვებით აღსრულდება მისგან დადგენილი, ანუ ღვთივდადგენილი, კანონზომიერების შესაბამისად.

[17]ჩვენ განსაკუთრებით გვინდა ყურადღება შევაჩეროთ წმ. დიონისე ალექსანდრიელის მეორე, ცენტრალურ შრომაზე, რასაც სათაურად ეწოდება “აღთქმათა შესახებ”. ამ შრომაზე, რა თქმა უნდა, საუბარს ამჯერად ვეღარ მოვასწრებთ, მაგრამ წინასწარ აღნიშვნას გავაკეთებთ, რომ ამ შრომაში, როგორც სათაურიდანაც ცხადია, დაწვრილებითი განმარტება უნდა ყოფილიყო მოწოდებული საღვთო აღთქმათა შესახებ, ერთი მხრივ ძველი აღთქმის შესახებ, მეორე მხრივ კი ახალი აღთქმის შესახებ, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელის შესახებ, თუ რა შინაარსი ჩაიდება ახალ აღთქმაში, რას გვინერგავს ახალი აღთქმა, რის სასოებას გვანიჭებს და რატომ მოხდა ამ ღვთისგან დადებული ახალი აღთქმულობის მცდარი გაგება ქრისტიანთა [18]გარკვეულ ნაწილში, რამაც მოგვიანებით იმ პერიოდის ცალკეულ რეგიონებში თითქმის საყოველთაო ცდომილების შინაარსი შეიძინა. აი ამის განმარტებას ეძღვნება აღნიშნული ნაშრომი. მისგან მოღწეულია ორი მოზრდილი ფრაგმენტი, უფრო ზუსტად ციტატა, რაც დაცულია ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიაში და ეს ციტატებიც კი, ჯერ საკუთრივ ამ შრომის შესახებ თვალნათლივ წარმოდგენას გვიქმნიან, მაგრამ ამავე დროს ეს ფრაგმენტები გვევლინებიან უაღრესად მნიშვნელოვან სწავლებათა და ინფორმაციათა დამტევად, რის გამოც მათი განხილვა ჩვენი აზრით აუცილებელია.

 

199–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ:  https://www.youtube.com/watch?v=7HuAgp2NdwA

 

წმ. დიონისე ალექსანდრიელის შრომა “აღთქმათა შესახებ”

ჩვენს წინა საუბარში განვიხილავდით ორიგენეს ერთ-ერთი ცნობილი და სახელგანთქმული მოწაფის – წმ. დიონისე ალექსანდრიელის, რომელსაც დიდი ეწოდა, შრომათა ფრაგმენტებს, რაც ჩვენამდე შემონახულა. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოღვაწის შრომებიდან სამწუხაროდ მხოლოდ თითო ოროლა ფრაგმენტი შემოგვრჩა, რომელთაგან ერთი, მისი შრომიდან “ბუნების შესახებ”, უკვე განვიხილეთ. აქ ბევრი განსახილველი არც იყო, იმიტომ, რომ ეს ფრაგმენტი მცირე ზომის გახლავთ და აღვნიშნავდით, რომ ჩვენი ყურადღება გაცილებით უფრო მეტად მიპყრობილი იქნება აღნიშნული მოღვაწის მეორე შრომის იმ ფრაგმენტებისადმი, რაც ევსები კესარიელმა შემოგვინახა.

ეს მეორე შრომა, რომლის სათაურიც ჩვენ უკვე მივუთითეთ, კერძოდ მას ეწოდება “აღთქმათა შესახებ”, [1]სახელწოდებიდანვე თავის არსებას უკვე გამოხატავს, დანიშნულებას ჩვენს წინაშე წარმოაჩენს, რომ განგვიმარტოს აღთქმანი დადებული კაცობრიობასთან ღვთის მიერ. კარგად არის ცნობილი, რომ საღვთო წერილი ორი აღთქმის მთლიანობაა (ძველი და ახალი აღთქმისა). ეჭვი არ არის, რომ დამოუკიდებლად იმ პოლემიკური აუცილებელი ხასიათისა, რაც დიონისე ალექსანდრიელის შრომას უეჭველად ჰქონდა და ეს ფრაგმენტებშიც შესამჩნევია, ხსენებლ შრომაში განყენებული საეკლესიო სწავლებაც უეჭველად უნდა ყოფილიყო აღთქმათა რაობის შესახებ. ზოგადად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აღთქმათა შესახებ სწავლებანი ეკლესიის მამათა შრომებში ხშირად არის გამოკვეთილი, ჩამოყალიბებული სწავლებაა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ერთი მხრივ ძველი აღთქმა და რას ნიშნავს მეორე მხრივ ახალი აღთქმა. ამ აღთქმათა განმარტების გარკვეული მინიშნებითი [2]თვალსაზრისით, რაობის გადმოცემის მხრივ, ჩვენ ადრეულ საუბრებში რამდენიმე, ყველაზე უფრო ზედმიწევნით გამომხატევლი მათი შინაარსისა, ეკლესიის მამის სწავლება გადმოვეცით. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა თუნდაც იმიტომაა ერთი მთლიანობა და საღვთო წერილი ერთმთლიანი მოძღვრება, რომ ორივე ეს აღთქმა მთლიანდება საკუთრივ ტერმინით “აღთქმა”. ის ძველიც აღთქმაა, ეს ახალიც აღთქმაა, ორივე ერთი აღთქმულებაა, ორივე ღვთისგან მონიჭებულია, მაგრამ ამ ორი აღთქმის რაობა ერთიმეორის შემავსებელია, თუმცა იგივეობრივი არ გახლავთ. იგივეობრივია იმ უზენაესი და უზოგადესი არსით, რასაც საზოგადოდ აღთქმა ეწოდება, მაგრამ ყოფით ცხოვრებასთან, ყოფიერებასთან და თვით კაცობრიობის ისტორიასთან მიმართებით ორივე აღთქმას [3]მკვეთრად განსაზღვრული ადგილი აქვს. კერძოდ ძველი აღთქმა ესაა მოგეხსენებათ აღთქმა ანუ დაპირება, შეიძლება ითქვას პირობის დადება, მესიის მოვლინების შესახებ. ჩვენ მარტო დაპირებად ვერ გავიაზრებთ აღთქმას, აღთქმა თავისი შინაარსით უფრო მეტია, ვიდრე თანამედროვე ქართული სიტყვა დაპირება. უფრო მეტია იმით, რომ რაღაცის, იმგვარის წინასწარ ვინმესთვის განკუთვნაა, რაც ჯერ კიდევ მყარად არც გამცემისგან არ არის გაცნობიერებული და არც მიმღებისგან. ჩვენ შეიძლება ვინმეს რაიმე დავპირდეთ და ეს დაპირება საქმედაც იქცეს, მაგრამ რა მასშტაბით იქცევა ან საერთოდ იქცევა თუ არა საქმედ და როგორი იქნება ამ დაპირების მიღება მისგან, ვისაც დაპირება ეძლევა და იქნება თუ არა მიღების მომენტში კვლავაც ამ დაპირების მოსურნე და სხვა, თანამედროვე [4]ქართულ ტერმინ “დაპირებაში” ეს მკვეთრად შესაგრძნობია. მაშინ როცა ტერმინი “აღთქმა” გულისხმობს აუცილებელ გარდაუვალობას იმისას, რისი აღთქმაც მოცემულ იქნა. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ დაპირება მაინც ამქვეყნიური, ყოფითი გაგებაა იმისა, რაც შეიძლება ახდეს, შეიძლება საქმედ იქცეს, ანდა შესრულდეს და შეიძლება ვერ შესრულდეს, ანდა ნაწილობრივ შესრულდეს. მაგრამ აღთქმა აუცილებლად შესრულდება და შესრულდება ყოვლად სრულყოფილად, ზეჭარბი სრულყოფილებითაც კი. კერძოდ ძველი აღთქმა მოგეხსენებათ არის გარდაუვალი დაპირება იმის შესახებ, რომ მოივლინება მესია, მხსნელი, კაცობრიობის ტყვეობისგან განმათავისუფლებელი და ცხონებისკენ მეწინამძღვრე, შესაბამისად ძველი აღთქმა მთლიანად ეს გახლავთ, სხვა არაფერი თუ არა წინასწარმეტყველება მხსნელის მოვლინების შესახებ. ხოლო ახალი აღთქმა, რაც ერთი მხრივ აღსრულებაა [5]ძველი აღთქმისა, ამავე დროს თავის მხრივ წინასწარი გარდაუვალი დაპირებაა (ჩვენ გარდაუვალს იმიტომ ვაკავშირებთ ტერმინთან დაპირება, რომ ამ დაკავშირებით ეს დაპირება გავუთანაბროთ ტერმინ “აღთქმის” განსაკუთრებულ კატეგორიულობას და სიმყარეს, რომ ეს აღთქმა აუცილებლად და ურყევად შენარჩუნებული და აღსრულებული იქნება) ცათა სასუფევლის შესახებ მათთვის, რომლებიც ღირსნი აღმოჩნდებიან ცხონებისა, ანუ რომლებიც “მძლავრებით” სასუფეველს საკუთარ თავს განუკუთვნებენ. ჩვენ ამ შემთხვევაში ტერმინმა “მძლავრება” არ უნდა შეგვაშფოთოს, მითუმეტეს ეს საკუთრივ საღვთო წერილის სწავლებაა, რომ “სასუფეველი იიძულების”, და ეკლესიის მამებიც ხშირად ამ ტერმინს მოუხმობენ. ოღონდ მძლავრება ამ შემთხვევაში მიმართულია ადამიანისგან საკუთარი თავისადმი [6]ანუ საკუთარ თავს მძლავრებულ-ჰყოფს ადამიანი, რომ სასუფევლის ღირსად გამოაჩინოს იგი. ჩვენ შეგვიძლია აქ ერთი პარალელი გავიხსენოთ ამ მძლავრებასთან დაკავშირებით დადებითი მნიშვნელობით, რომ როდესაც ჯვარცმული ავაზაკი ღირსი გახდა პარასკევს, ჯვარზე აღსრულების დღესვე, უფალთან ერთად სამოთხეში მყოფობისა, აი ამ ავაზაკის შესახებ ეკლესიის მამათა მიერ ხშირად გამოთქმულა სწავლება, სადაც განმარტებულია ერთის მხრივ თვით ავაზაკის ეს განსაკუთრებული, ყველა ადამიანის შემეცნებაზე ბევრად აღმატებული ღვთისმცოდნეობითი სიმაღლე, რამაც მყისიერად განაპირობა მისი ცხონებულობა, იმ დაცემულობიდან, რაშიც იმყოფებოდა ავაზაკი, თითქმის ყველა ადამიანზე უფრო მეტად ცოდვილი მდგომარეობიდან ყველაზე უფრო [7]აღმატებული უცოდველი ცხონებული მდგომარეობისკენ. ანუ როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს “ავაზაკი მყისვე ჯვრიდან ზეცისკენ აფრინდა”.

ეკლესიის მამათა სწავლებაზე, ავზაკთან და სამოთხესთან დაკავშირებით, ჩვენ თავის დროზე სპეციალური სტატიაც გამოვაქვეყნეთ თბილისის სასულიერო აცადემია-სემინარიის გაზეთში, სადაც თავმოყრილი იყო ყველა ის ღირებული და არსებითი სწავლება, რაც აღნიშნულ სახარებისეულ უწყებას შეეხებოდა. ამ უწყებათაგან ამ შემთხვევაში ერთ-ერთი შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ, ეს გახლავთ ნეტარი ავგუსტინეს მიერ განმარტება ავაზაკის შესახებ სამოთხისეული თხრობისა და ამ მოვლენისა, ამ ამბისა, ამ ისტორიული, მეტიც შეიძლება ითქვას, ეპოქალური მოვლენისა, როდესაც კაცობრიობისათვის კვლავ განიღო სამოთხე ავაზაკის მიერ. ავგუსტინე იმდენად აღფრთოვანებულია [8]ავაზაკის განსაკუთრებული ღვთისმცოდნეობით, მისი სულიერი და სარწმუნოებრივი კეთილგონივრულობით, რომ აურაცხელ ეპითეტს უძღვნის მას და იმ ზომამდე განიმსჭვალება სახარებისეული თხრობით, რომ ფაქტობრივად იმ დიალოგსაც კი სიტყვირად გადმოგვცემს, რაც საფიქრებელია, რომ მაცხოვარსა და ავაზაკს შორის, გარდა იმ სიტყვებისა სახარებაში რომ არის წარმოდგენილი, სულიერად მიმდინარეობდა. კერძოდ ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს, რომ რაწამს ავაზაკმა შეჰღაღადა მაცხოვარს “მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა” (ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით და ეხლაც გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ძველი ქართული ტერმინი “სუფევა”, ანუ მეუფება და მეორე ტერმინი კიდევ “სასუფეველი” გახლავთ ერთი ბერძნული ტერმინის – “ბასილეია”, შესატყვისი. ისევე როგორც ორივე მათგანის ერთი შესატყვისია [9]სხვა ენებშიც, თუნდაც რუსულში “ცარსტვა”. აქ როგორც ჩანს იგულისხმება სუფევაც, მეუფებაც, მაგრამ როგორც ეკლესიის მამები მკვეთრად ხაზს უსვამენ, თვით სასუფეველიც. ე.ი. ეს მუხლი ახალ ქართულად ასედაც შეგვიძლია ვთქვათ: “მომიხსენე უფალო როდესაც მოხვალ შენი სასუფევლით”. ხოლო უფალი სასუფეველს დაამყარებს საბოლოოდ და უფალი სასუფევლითურთ მოვა მეორედ მოსვლის ჟამს. რა თქმა უნდა, სასუფეველი გახსნილია მაცხოვრის აღდგომიდან და წმინდანნი იქ იმკვიდრებენ ადგილს, მაგრამ რამდენადაც ჯერ კიდევ ჯილდონი არ გაცემულა, ჯერ კიდევ მათ, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, “სამძალი” (იგივე ჯილდო), ჯერ კიდევ მხედართმთავრისგან არ ჰბოძებიათ იგი, ბრძოლა დამთავრებული არ გახლავთ. მხედართმთავარი ჯერ არ შესულა ძლევით უკეთურების შუაგულში, არ აღმოუფხვრია აბსოლუტურად უკეთურება და არ შემოქცეულა უკან თავისი [10]ქალაქისაკენ ნაალაფარითა და ნადავლით. და როდესაც ეს ყოველივე აღესრულება და უფალი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველგან მკვიდრია, უბრალოდ ბრძოლისმიერი მხედართმთავრობის კუთხით ჯერ კიდევ მხედართმთავრობს ბრძოლას უკეთურების წინააღმდეგ, და რაწამს ეს ბრძოლა აბსოლუტურად აღესრულება და შემოიქცევა ზეციურ იერუსალიმში, იქ მომლოდინე წმინდანები, ყველანი, ღირსეულად, თითოელად მიიღებენ შესაბამის საბოძვარს და უფრო ზეჭარბად, ვიდრე ამას მათი ღვაწლი გვაგულვებინებს. მაგრამ ვიდრე ეს აღსრულდება ჯერ კიდევ ბრძოლაა, ჯერ კიდევ მხედართმთავრული წინამძღვრობაა ბრძოლაში მაცხოვრისა თავისი ლაშქრის, თავისი სლიერი მხედრობისა. სწორედ ასეთ ჟამს ითქმის, რომ უფლისმიერი მოსვლა სასუფევლით, პირდაპირი და საბოლოო მნიშვნელობით, ხდება სწორედ მეორედ მოსვლისას. ამიტომ, როდესაც ავაზაკი, რომელსაც განეხსნა თვალნი სულისანი, ჭვრეტს მაცხოვრის [11]ღმრთეებას და მაცხოვარს ღმერთად (ამ ზომამდე აღიმაღლა მან გონიერებით და ღვთის მხილველობით), განჭვრიტა კიდეც უფლის მეორედ მოსვლის სიდიადეც და კრძალვით და უდიდესი რიდით, ამ დროს ცხონების განსაკუთრებული მოსურნეობით, მაცხოვარს შეახსენებს და შეჰღაღადებს, რომ ისიც იყოს მოხსენებული სხვებთან ერთად, როდესაც სასუფეველი, ყოვლადი დამკვიდრებით, დაემკვიდრება და ყველა მიიღებს თავის ჯილდოს. ამიტომ ეუბნება ავაზაკი უფალს, სამომავლო დროში “მომიხსენე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა (ანდა სასუფევლითა) შენითა”), უფალი უპასუხებს არა იმას, რომ მომავალში რომ მოვალ მაშინ მოგიხსენებო, არამედ დღესვე იქნები შენ მოხსენებული, დღესვე იქნები შენ ნაცვალგებული (საზღაურმიღებული): “ამინ! ამინ! გეტყვი შენ, დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა”. მაგრამ მარტო ამ სახარებისეული, [12]ამ შემთხვევაში უფლისგან ნაპასუხევი სიტყვების გადმოცემით არ კმაყოფილდება ავგუსტინე, ის განავრცობს ამ სიტყვებს, უფლის პირით გამოთქვამს ამ სიტყვებს, რაც სულიერად როგორც ჩანს იზრახებოდა მაცხოვარსა და ავაზაკს შორის. კერძოდ რა სიტყვებს? ავგუსტინე განაგრძობს, რომ უფალი მიმართავს ავაზაკს: “არა სამომავლოდ, არა მეორედ მოსვლის ჟამს, არამედ დღესვე, და ეს იმიტომ, რომ შენ თვით სასუფეველზე იმძლავრე, შენ შეიჭერი სასუფეველში, შენ მოიავაზაკე იგი. ე.ი. მძლავრებით საკუთარი თავი იმდენად განაწვრთნე და განამზადე სასუფევლისთვის, რომ დღესვე დაიპყარი შენ ცხონება”. აი ასეთი გადატანითი, მეტაფორული მნიშვნელობით, შემოაქვს ნეტარ ავგუსტინეს მძლავრების ღირსეული, ეკლესიური შინაარსი. არა მძლავრება უკეთურებითი და ტირანული, რითაც ყოველთვის ცოდვა მეუფებდა ადამიანზე, არამედ მძლავრება საკუთარ თავზე [13]და მეტაფორულად მძლავრება სასუფეველზე, რომ სასუფეველი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვისაა განმზადებული, მაგრამ თუ არ ვინებებთ და ვიღვაწებთ, ის თავისთავად ჩვენი ნების და არჩევანისეული ღვაწლის გარეშე, რა თქმა უნდა, არ მოგვეგება. მხოლოდ არჩევანიც არ კმარა, არჩევანის შესაბამისად საჭიროა ძალისხმევა, მონდომების, გულმოდგინების გამოჩენა, ანუ საკუთარ თავზე, საკუთარ ვნებებზე მძლავრობა და მძლავრებით საკუთარი თავის წარმართვა სასუფევლისკენ, რაც მეტაფორულად, გადატანითად, სიმბოლურად, სასუფევლის დაპყრობად აქვს ავგუსტინეს გამოთქმული,

ეს ყოველივე გავიხსენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აღთქმის გარდაუვალი დაპირება ცათა სასუფევლის შესახებ სამოღვაწეო გზას ხსნის კაცობრიობის წინაშე. თუ მხსნელის მოვლინების აღთქმა, რასაც ძველი აღთქმის დანიშნულება [14]გვაუწყებს ჩვენ, ეს გარდაუვალი მოვლენა ჭეშმარიტად მთელი კაობრიობისთვის არის განკუთვნილი, ვინც კი გულს გაუხსნის ამ უზენაეს მოვლენას და შესაბამისად მზერას მაცხოვრისკენ, მხსნელისკენ მიმართავს, ახალი აღთქმა მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც იღვაწეს მაცხოვრის მცნებათაებრ. ანუ ეს უკვე წმინდანთა გზაა, ცხონებულთა სამემკვიდრეოა. ძველი აღთქმა მაცხოვრის ამ ქვეყნად მოვლინების შესახებ წინაუწყებაა, ახალი აღთქმა კი ამქვეყნად მაცხოვართან ერთად თანაჯვარცმულთა, თანადაფლულთა, და თანააღდგომილთა სამკვიდრებლის შესახებ წინასწარი საზეიმო უწყება გახლავთ.

ესაა ძველი და ახალი აღთქმის, შემოკლებული განმარტების წესით, რაობა. თუმცა ჩვენ ერთ-ერთ საუბარში იმასაც აღვნიშნავდით, [15]რომ ახალი აღთქმის, ამ ორსიტყვედი ტერმინის, პირველი წევრი “ახალი” ერთი მხრივ, თუმცა ქრონოლოგიურ მიმართებასაც ცხადყოფს ძველ აღთქმასთან, რომ ის ძველი აღთქმა ძველია ქრონოლოგიურად, წინმსწრებია ახალ აღთქმაზე და ახალი მისი მომდევნოა, მაგრამ ამავე დროს მას აბსოლუტური მნიშვნელობაც აქვს. ანუ იგი მარად ახალია, იმ ქვეყნადაც ახალია და დაუსრულებლად ახალია ქმნილებისათვის. ესაა ქმნილების შეყვანა მარადიულ სიახლეში, იმიტომ, რომ თვით სასუფეველი, ცხონებულთა სამკვიდრო, მარადგანახლებადი წიაღია, მარადი სიახლეა და იქ ერთფეროვნება და მითუმეტეს დაძველებულობა, გახუნებულობა, დაჭკნობილობა, აბსოლუტურად გამორიცხულია. პირუკუ, მარადგანახლებადი, მარადყვავილოვანი, გაუხუნარი, უჭკნობელი და დაუღამებელი წიაღია ცხონებულთათვის.

აი ამის შესახებ უნდა ყოფილიყო და, რა თქმა უნდა, ამ აღთქმათა მხრივ ცალკეული მნიშვნელოვანი [16]ასპექტების განმარტების თაობაზეც ალბათ მსჯელობა ვრცლად წარმოდგენილი იქნებოდა დიონისე დიდის ხსენებულ ნაშრომში. თუმცა ის ფრაგმენტები, რაც ჩვენამდეა შემონახული, ამგვარ მსჯელობას უკვე აღარ შეიცავს და ეს თავისთავად გასაგებია, რადგანაც ევსები კესარიელმა დაიმოწმა მხოლოდ ის ციტატები აღნიშნული ნაშრომიდან, რაც მისთვის იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო. ხოლო ევსებისთვის მნიშვნელოვანი იყო წარმოეჩინა თუ რა ღვაწლი გასწია დიონისე ალექსანდრიელმა ისეთი, ერთი მხრივ გაუკუღმართებული, მეორე მხრივ კი ტოტალურად გავრცელებული, თავის დროზე ცდომილების აღმოსაფხვრელად, რასაც გულისხმობდა ქილიასტური ცრუ სწავლება, ანუ ცრუ სწავლება მაცხოვრის ამ ქვეყნად წმინდანებთან ერთად ათასწლოვანი მეუფების შესახებ, ვიდრე საბოლოო მეორედ მოსვლამდე, ვიდრე კაცობრიობის საბოლოო მკვდრეთით აღდგინებამდე.

აი ეს მხარე, ქილიაზმის წინააღმდეგ [17]ანტიერეტიკული, ერთი მხრივ მიზანდასახულობა და შემდგომ მნიშვნელობა და რაობა დიონისე ალექსანდრიელის მოღვაწეობისა, რაც ყველაზე მკვეთრად ამ შრომაში გამოიკვეთა, არის წარმოჩენილი ევსები კესარიელთან და შესაბამისი ციტატებიც ამ კუთხით არის მოხმობილი. ჩვენ ამ ციტატებს შეძლებისდაგვარად დეტალურად შევისწავლით, ამჯერად კი დროებით აქ შევჩერდებით.

 

200–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ET9KNz1cAIw

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button