Georgian (Georgia)English (United Kingdom)
201

ჩვენ კვლავ დიონისე ალექსანდრიელის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარი დავამთავრეთ იმის აღნიშვნით, რომ ხსენებული მოღვაწის მთავარი ნაშრომის, სათაურით “აღთქმათა შესახებ”, ფრაგმენტები, რაც ციტატების სახით არის შემონახული ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიაში”, ხსენებული ძეგლის მხოლოდ იმ ნაწილებს განეკუთვნება, რაც იმ მომენტში ევსებისთვის მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ ეს გახლავთ პოლემიკური ნაწილი, ხოლო პოლემიკა, როგორც მივუთითებდით, აღნიშნული ნაშრომისა მიმართულია იმ დროისათვის, II ს-ის მიწურულისა და III ს-ის I ნახევრისათვის, უაღრესად გავრცელებული ცდომილების ქილიაზმის აღმოსაფხვრელად.

კვლავ შეგახსენებთ, რომ ქილიაზმის (ეს ბერძნული სიტყვა ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც ათასწლოვანება. “ხილიას” არის ათასი. რისი ლათინური ექვივალენტიც არის “მილენარიზმი”), [1]ანუ იგივე მილენარიზმის შესახებ ცრუ სწავლება არსებითად გულისხმობდა მოძღვრებას იმის შესახებ, რომ თითქოს მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე 1000 წლით ადრე მოვიდოდა მაცხოვარი, როდესაც იერუსალიმში აღდგებოდნენ მხოლოდ წმინდანები სხეულებრივად და იშვებდნენ სხეულებრივადაც და სულიერადაც მაცხოვართან ერთად (აქ სხეულებრივი შვება, რა თქმა უნდა, უარყოფით მხარეებს არანაირად არ გულისხმობს, მაგრამ მაინც სხეულებრივ შვებაზეა აქცენტი). ხოლო 1000 წლის შემდეგ ამგვარი, ერთობლივი ამქვეყნიური შვების ათასწლოვანი ციკლის შემდეგ, თითქოსდა უკვე დადგებოდა საყოველთაო მეორედ მოსვლა. ამ მოძღვრების საფუძველი მოგეხსენებათ იყო საღვთო წერილის ყველაზე უფრო მისტიკური ძეგლის – “აპოკალიფსის” ზოგიერთი მუხლის ბუკვალური, პირდაპირი მნიშვნელობით გაგება, სადაც ათასწლოვან მეუფებაზეა საუბარი. [2]ამგვარმა პირდაპირმა გაგებამ განაპირობა ის, რომ აღნიშნული მოძღვრების მიმდევარნი მკვეთრად დაუპირისპირდნენ საკუთრივ გამოცხადების და ზოგადად მთელი საღვთო წერილის ალეგორიულ განმარტებას. მათთვის ალეგორიზმი იყო მიუღებელიც და გონებრივადაც დაუტევნელი. საერთოდ პირდაპირ განმარტებაზე ჩვეულებრივ ისეთი გონებაა აქცენტირებული, რომელსაც ღრმად წვდომა არ შეუძლია. ამგვარი გაგება ყოველთვის უფრო მასობრივია. შესაბამისად არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ რატომ შეიძინა ქილიაზმმა ასეთი ფართო განვრცობა და ამდენი მიმდევარი რატომ გაუჩნდა მას. იმდენად დიდი ხიბლი შეიძინა ამ მოძღვრებამ, რომ მას მიმდევრები გაუჩნდნენ სამწუხაროდ ეკლესიის მამათა შორისაც კი, რამაც განაპირობა აღნიშნული მოძღვრების ფართო დიაპაზონით გავრცელება. განსაკუთრებით ამგვარი პოპულარობა ხსენებულ ცრუ მოძღვრებას შეუმზადა [3]III ს-ის დამდეგს გამოქვეყნებულმა ერთმა ნაშრომაა, რაც ეკუთვნოდა სხვა მხრივ ჩვენს მიერ უცნობ პიროვნებას ვინმე ნეპოტს, ხოლო ნაშრომს ერქვა “ალეგორისტთა მხილება”, რადგანაც ნეპოტისთვის სწორედ ალეგორისტები იყვნენ ყველაზე გასაკიცხი პირები, მოძღვრები. ეს, რა თქმა უნდა, გასაგებია, რადგან თუ ჩვენ იოანეს “აპოკალიფსის” შესაბამის მუხლებს, რასაც ქილიაზმი ეყრდნობა, გავიგებთ არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ გადატანითი, სულიერი მნიშვნელობით, როგორც ეს საზოგადოდ ხშირად არის საღვთო წერილის ამა თუ იმ მუხლთან დაკავშირებით, აი ამგვარი გაგების ფონზე უკვე ქილიაზმს ყველა საფუძველი ეცლება. ნეპოტმა ეს ვერ აიტანა და ებრძოდა რა ამგვარ ალეგორიულ გაგებას “გამოცხადებისას”, სპეციალური ნაშრომიც დაწერა და განზოგადოებულად მან თავისი ჭკუით და თავისი მხრით დაგმო ალეგორისტები. ეს მოცულობით პატარა ნაშრომი, წიგნაკი, [4]როგორც მას უწოდებს დიონისე ალექსანდრიელი, როგორც ჩანს იმდენად ადვილად გასაგები და პოპულარული ენით იყო დაწერილი (ალბათ ეს ბუნებრივადაც იყო, რადგან ნეპოტი თვითონ იყო ასეთი პრიმიტიული, მარტივი გონებისა), რომ ამ ძეგლმა ფართო გავრცელება შეიძინა, უაღრესად დიდი ავტორიტეტიც მიიღო სხვადასხვა რეგიონებში მაშინდელი ქრისტიანული მსოფლიოსი და იმ ზომამდე, რომ როგორც თვით დიონისე ალექსანდრიელი გვაუწყებს, მთელი რეგიონების განდგომილება მოხდა. ბევრ ადგილას იმდენად ძლიერი იყო ხიბლი ნეპოტის ჩვენგან ხსენებული წიგნისა, რომ მრავალი მორწმუნის მიერ თვით სახარებაზეც კი მაღლა იქნა დაყენებული. აი ამ ზომის გაუკუღმართებამდე როდესაც მივიდა საქმე, ე.ი. თვით საღვთო წერილსაც რომ დაუზესთავეს (იოანე პეტრიწის ტერმინი), ანუ მასზე უფრო აღმატებულად წარმოაჩინეს ნეპოტის [5]ნაშრომი, უკვე აუცილებელი და სრულიად გარდუვალი გახდა თვით იმ წიგნაკის, რაც ნეპოტმა დაწერა და ზოგადად მოძღვრების ძირფესვიანი მხილება და დამხობა. სწორედ ეს მიზანი ჰქონდა და ეს ვალდებულება განიკუთვნა დიონისე ალექსანდრიელმა, როდესაც მან დაწერა ზემოთ ხსენებული შრომა “აღთქმათა შესახებ”.

ჩვენ ორი საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტი გვაქვს ამ შრომისა, რომელთაგან პირველი უშუალოდ პოლემიკას და პოლემიკის ობიექტს – ნეპოტს ეხება. როგორც დასაწყისში აღვნიშნავდით იმას კვლავ გავიმეორებთ, რომ არა მხოლოდ ინფორმატიულადაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს ფრაგმენტები, არამედ დღესაც გვიმასწავლებლებს ჩვენ, დღესაც გვიწინამძღვრებს და გვმოძღვრავს, ისეთ ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულად და პრობლემურად გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მართლმადიდებლის დამოკიდებულებას ცდომილებაში მყოფი ძმებისადმი. [6]მართალია ამ პერიოდისათვის ერთი ეკლესიის ნაწილი განდგომილებაში წავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ეს განდგომილება საბოლოო არ იყო, ანუ მას (განდგომილებას) ანტიერეტიკული გაფორმება ჯერ კიდევ არ ქონდა მიღებული, ჯერ კიდევ მოკვეთილი და ანათემირებული არ იყო ეკლესიის სხეულის გაუკუღმართებული ნაწილი, ჯერ კიდევ პოლემიკა მიმდინარეობდა. თავისთავადაც აშკარაა, რომ ასეთ დროს ჩარევა ვინმე განსწავლული, ღვთივგანბრძობილი და ღვთივსულიერად მჭვრეტელი პიროვნებისა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნებოდა, ვიდრე შემდეგ, როდესაც მოკვეთილი და ანათემირებული იქნებოდა ეს გაუკუღმართებული ნაწილი. მართლაც უაღრესად სასარგებლო გამოჩნდა ის დროული გაცნობიერება სენისა, რაც შემჩნეულ იქნა წმ. დიონისე ალექსანდრიელის მიერ, [7]და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიების ჩატარება. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ გაუკუღმართებას და ცდომილებას როგორ უნდა მოვეპყრათ, აი ამის შესახებ გამოკვეთილი მეთოდოლოგია აქ ჩამოყალიბებულია.

შეიძლება იმდენად სიტყვიერად არა, რამდენადაც თვით ეს ნაშრომი დიონისე ალექსანდრიელისა, რომ შევხედოთ მას მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ამ პრინციპებს გვიყალიბებს, მეთოდურად რა დამოკიდებულებით, როგორი გეზითა და როგორი სამოძღვრო მიმართულებით შგვიძლია რომ არა უბრალოდ მოვიკვეთოთ, არამედ განვკურნოთ ცდომილებაში მყოფნი. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ვინმეს, ცდომილებაში მყოფს, ანდა რაიმე ცდომილების შემცველ ძეგლს ვუპირისპირდებით, თუ ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ ახალია, შესაბამისად მან [8]არ უნდა მიიღოს გადამწყვეტი, კატეგორიული და საბოლოო სახე, რადგანაც კვლავაც არსებობს იმედი იმისა, რომ თუ ჩვენ ცდომილებაში მყოფს გულწრფელად და გულშემატკივრულად ავუხსნით და დავანახებთ თავის ცდომილებას, შესაძლოა ის მოიქცეს ჭეშმარიტებისაკენ და არა მხოლოდ მოიქცეს, არამედ ჭეშმარიტების შენობის დამჭერი დიდი სვეტიც კი გახდეს. აი ეს მხარე, რომ ჯერ კიდევ მოუკვეთელი ნაწილი, მხოლოდ დასნეულებული, მაგრამ არა გამხმარი და არა მოსპობილი, კვლავაც შეიძლება განედლებულ იქნეს და ჭეშმარიტების ცხოველმყოფელობის მიერ ჭეშმარიტებისვე სრულ ნაწილად გარდაიქმნას, აი ამის მხრივ დამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს. დამოკიდებულება თავიდანვე არა აუცილებლად დაგმობითი და განგდებითი და მოკვეთითი, არამედ პირიქით სივარულისმიერი, [9]გულშემატკივრული, ღირსებების მაშინვე აღმნიშვნელი და თუ უღირსებაა რაიმე იმაზეც მითითებით, ოღონდ იმგვარად, რომ ამ უღირსებათა მფლობელს გაუჩნდეს სურვილი მათი აღმოფხვრისა.

ჩვენ ამ შემთხვევაში საკუთრივ ნეპოტთან დაკავშირებით მართლაც ვერ ვიტყვით რა ზემოქმედება იქონია დიონისე ალექსანდრიელის იმ მეთოდმა, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ და რასაც უფრო დავაკონკრეტებთ ქვემოთ, მაგრამ სხვა მხარე უეჭველად ვიცით. კერძოდ უაღრესად სარგებლიანობა ამგვარი დამოკიდებულებისა, რაც თვით შესაბამისი ციტატიდანაც ცხადად ჩანს, რომ მთელი რეგიონები უკან დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას. მაგრამ რა უძღოდა წინ სამოძღვრო ცდომილების დეტალურ წარმოჩენას? ამას წინ უძღოდა დიონისე ალექსანდრიელისგან იმ ღირსეული თვისებების გამოყოფა და ღირსეულ თვისებებზე ხაზგასმა, რასაც იგი ნეპოტში ხედავდა. [10]ე.ი. ნეპოტი მთლიანად უარყოფითი პიროვნება კი არ იყო, მას ბევრი ღირსება ქონდა, თუმცა მეორე მხრივ ასეთი ცდომილება დაუშვა. შესაბამისად, ვიდრე ცდომილებას განკურნავდეს დიონისე ალექსანდრიელი ის ჯერ იმ ღირსებებს აღნიშნავს, რომ ამით სულიერი ხიდი გასდოს მასა და ნეპოტს თუ ნეპოტის მომხრეთა შორის. ის პირდაპირ იწყებს, რომ “ბევრ საქმეში მიყვარს და მესათნოება ნეპოტი, რასაც ცოდნის შეძენის სურვილი, გულმოდგინება, პატიოსნება ჰქვია”. ე.ი. დადებითი თვისებებით იწყებს ნეპოტის შესახებ საუბარს დიონისე ალექსანდრიელი, თუმცა იქვეა მკვეთრად გამოთქმული დებულებაც, რომ მიუხედავად ამისა ოდნავადაც საეკლესიო მოძღვრების დამახინჯება არავის ეპატიება და ამ მხრივ ყველას მიერ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი. მაგრამ შეიქო რა ნეპოტი დიონისე ალექსადრიელისგან და მათ შორის რაღაც გარკვეული ხიდი გაიდო, როდესაც უკვე მოძღვრების სიწმინდეზე ამახვილებს ყურადღებას დიონისე, [11]ის ამბობს, რომ შექება ერთია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც იკონომია, დათმობა გამოვიჩინოთ საკუთრივ მოძღვრების სიწმინდესთან დაკავშირებით, თუმცა აქაც არ არის ერთ სახოვანი დაპირისპირება ყოველთვის სარგებლობის მომტანი. სარგებლობის მომტანია ვითარების შესაბამისი და არა ერთი რაღაც უნივერსალური და ყველა ვითარებას მისადაგებული ფორმა. ძირითადად დიონისე ალექსანდრიელი გამოყოფს პაექრობის ორ სახეობას, ეს გახლავთ ზეპირი და წერილობითი. იგი პირდაპირ ამბობს: “ჩემს წინაშე რომ ყოფილიყო ნეპოტი, აქ წამომდგარიყო და აქ რომ შემომპასუხებოდა და ეთქვა ის ყოველივე, რაც მის მოძღვრებად გახდა შემდეგში, მაშინ საკმარისი იქნებოდა მეც ასე მოვქცეულიყავი, რომ წამოვდგებოდი აქვე და მეც ზეპირად, სიტყვიერად შევეცდებოდი მისი ცდომილების აღმოფხვრას. მაგრამ რადგანაც ნეპოტის [12]ცრუ მოძღვრება წიგნად იქნა დაწერილი, წერილობით და მასობრივად გავრცელდა, შესაბამისად უკვე ამ მოძღვრების მფლობელს არანაირი ზნეობრივი უფლება აღარ აქვს და, რა თქმა უნდა, არანაირი ეკლესიური თანხმობაც არ ექნება მას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ზეპირად და სიტყვიერად მოინანიოს (თუ მონანიებისკენ მას გონება გაეხსნება) მის მიერ წერილობით გავრცელებული ცრუ სწავლება და ამით დაკმაყოფილდეს. მან შეიძლება პირადად მართლაც მოინანიოს, მაგრამ იმ სხვებმა, რომლებიც წერილობითი გზით დასნეულდნენ მისი უკეთურებით, მათ რა ჰქნან? საიდან შეიტყობენ ისინი, რომ ამ პიროვნებამ აღსარებაში მოინანია და თუ მოინანია რა არგუმენტებით მოინანია და ა.შ. ამრიგად თუ ზეპირია პაექრობა ზეპირადვე შეიძლება პასუხის გაცემა, მაგრამ თუ წერილობით გამოქვეყნდება რაღაც უკუღმართი, მის აღმოსაფხვრელად აუცილებლად წერილობითი პასუხია საჭიროა. შესაძლოა ზოგჯერ, [13]იშვიათ გამონაკლისებში, საკუთარი არაჭეშმარიტი მოძღვრების უარყოფა და მხილება იმავე პიროვნებისგან მოხდეს წერილობითი სახით მოგვიანებით, როდესაც იგი შეგნებულობაში და ღვთივგანბრძობილობაში ჭეშმარიტად დაწინაურდება. ასე რომ წერილობითი მხილება და გამოაშკარავება ცდომილებისა სრულიად გარდაუვალია და ეს გარდაუვალია ერთი მხრივ თვით ცდომილების ავტორისგან, თუკი იგი შეინანებს. მაგრამ მარტო შენანება არ კმარა, ეს არ გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, მან წერილობითვე უნდა მოახდინოს ანულირება და გაუქმება თავისი ცრუ სწავლებისა. მეორე მხრივ კი ვთქვათ პიროვნება, რომელიც ერესიარქია, ერესი იქადაგა მაგრამ არ გამოფხიზლდა და ამ ერესს მისდევს კვლავაც, სხვა ვინმე, ვინც უპირისპირდება მას, ხედავს რა რომ ეს ერესი წერილობით ვრცელდება, მართლმადიდებელიც ვალდებულია, რომ წერილობითვე [14]აღმოფხვრას გაუკუღმართება. სხვაგვარად შედეგი მიღწეული არ იქნება. ამის ნათელი დადასტურება სწორედ ნეპოტთან და ნეპოტის მიმდევრებთან დიონისე ალექსანდრიელის პაექრობა გახლავთ. კერძოდ რა მოიმოქმედა დიონისე აექსანდრიელმა? მან გამოიკვლია, თუ სად იყო ყველაზე მეტად პატივდადებლი ეს მოძღვრება, სად შეაღწია ამ სენმა ყველაზე უფრო მძაფრად და შემდგომ, შესაბამისად ამისა, თვით იმ ადგილების მონახულება გადაწყვირა მან. ე.ი. ცდომილების შუაგულში შესვლა განიზრახა და დაისახა მიზნად. “მე გადავწყვიტე მომეხილა ის ადგილები, - ამბობს დიონისე, სადაც ნეპოტის წიგნი თვით სახარებაზე მაღლაც ჰქონდათ დაყენებული. გავემგზავრე მართლაც, მოვინახულე ძმები და შემოვიკრიბე ერთად (აქ კვლავ ის მეთოდია დიონისესგან გამოყენებული, რომ ის პირდაპირ და უშუალოდ კი არ ლანძღავს, არამედ ჯერ მკვეთრად გამოყოფილ დადებით თვისებებს წარმოადგენს). მე გამაკვირვა ამ ძმათა სათნოებამ, შრომისმოყვარეობამ, [15]ჭეშმარიტებისადმი თავდადებამ”. სწორედ ამ გულწრფელმა წადილმა ჭეშმარიტების შეცნობისა იხსნა ის პირები, რომლებიც ქილიაზმის ცდომილებაში იმყოფებოდნენ, ამ უკეთურებისგან, რადგანაც მათი განწყობა ჭეშმარიტებისკენ იყო მიმართული. დიონისე ალექსანდრიელმაც გულწრფელად და გულშემატკივრულად წარმოუჩინა არგუმენტები, რაც მათგან უკვე გაზიარებული იქნა, იმიტომ, რომ დიდი სარწმუნოება და დაჯერებულობა საკუთარი არგუმნტებისა აბსოლუტურ შეუვალობაში და სისწორეში იგრძნობოდა დიონისე ალექსანდრიელისგან. და ორ-სამ დღიანი გადაბმული პაექრობის შემდეგ, როგორც თვითონ დიონისე ალექსანდრიელი ამბობს, ამ შუაგანხეთქილმა ეკლესიამ კვლავ შეერთება და ერთ სულ და ერთ ხორც ქცევა აღასრულა.

აი ეს დიდი ღვაწლია აღსანიშნავი დიონისე ალექსანდრიელის ცხოვრებაში, მისი ანტიერეტიკული მოღვაწეობის ერთ-ერთი მართლაც გვირგვინი, ქილიაზმის ძირფესვიანი [16]აღმოფხვრა და ამ მოძღვრების დამარცხება. აგრეთვე იმ დიდი მკრეხელობის, იმ ხიბლისმიერი მკრეხელობის აბსოლუტური გაფანტვა, რაც გულისხმობდა იმას, რომ თითქოს სახარებაზე მაღლაც კი იდგა თავისი მნიშვნელობითა და ღირებულებით ნეპოტის წიგნაკი.

 

201–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Ps9fR3uZuFM

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button