Georgian (Georgia)English (United Kingdom)
203

ჩვენი წინა სამი საუბარი ეხებოდა წმინდა დიონისე ალექსანდრიელს და ამ საუბარსაც მის შესახებ წარვმართავთ. საუბრების ამგვარი სიმრავლე გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც დიონისე ალექსანდრიელის პიროვნება მრავალმხრივ გახლავთ ღირსეული. ჩვენ ვნახეთ წინა საუბრებში მისი, როგორც მოძღვრის, პოლემისტის, საღვთო წერილის ერთ-ერთი წიგნის “აპოკალიფსის” რაობის, შემფასებლის, აგრეთვე როგორც არიანელთაგან ცილისწამებულის სახე. ამჯერად შევეხებით მის პიროვნებასთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, ეს გახლავთ სქოლიასტობა, კომენტირებანი, განმარტებითი, ძველ ქართულად თარგმანებითი, მოღვაწეობის ნიმუშებს. ანდა, რამდენადაც ამჯერად ერთ კონკრეტულ ნიმუშს ვეხებით, ნიმუშს დაკავშირებულს დიონისე ალექსანდრიელის სახელთან.

თუმცა უპირველესად იმას აღვნიშნავთ, რომ ყველა [1]ასპექტის განხილვა დიონისე ალექსანდრიელის პიროვნებასთან მიმართებით იმიტომ გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ დიონისე ალექსანდრიელიც და ორიგენეს მეორე სახელგანთქმული მოწაფეც გრიგოლ ნეოკესარიელიც, რომელიც ჩვენ წინა ლექციებზე ხშირად გვიხსენებია, ორივე მათგანი გახლავთ რჯულმდებელი მამები, “დიდი რჯულის კანონის” მესაფუძვლენი, აღნიშნულ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, კანონიკურ და ნორმატიულ კრებულში შესულ მოღვაწეთაგან ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულნი. ეს მხარე, რომ ჩვენ უბრალოდ საეკლესიო ავტორს კი არ განვიხილავთ, არამედ განვიხილავთ ავტორს რჯულდებითი უფლებამოსილების მქონეს, მის ყოველ გამონათქვამს და მასთან დაკავშირებულ ყოველ წერილობით აზრს რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ეს ყოველივე ავტორიტეტულია ჩვენთვის. ამჯერად ვგულისხმობთ იმ კომენტარს, იმ სქოლიოს, რაც დიონისე ალექსანდრიელს დაურთავს თავისი [2]თანამოსახელის დიონისე არეოპაგელის შრომაზე “საღმრთოთა სახელთათვის”. ჩვენ ეს საკითხი ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ, როდესაც წმინდა დიონისე არეოპაგელის შესახებ გვქონდა რადიო საუბრები. მაგრამ ამჯერადაც ზოგ ფაქტს გავიმეორებთ, ნაწილობრივ მაინც, და იმ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტს წარმოვაჩენთ, რომ არეოპაგეტული შრომები აღნიშნული მონაცემის საფუძველზე, ე.ი. იმ მონაცემის საფუძველზე, რომ ეს შრომები დიონისე ალექსანდრიელისგან კომენტირებული იყო, ან თუნდაც ნაწილი, ეს ფაქტი ადასტურებს არეოპაგეტული შრომების უეჭველ ადრინდელობას.

მსმენელისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნება ის ათასგვარი შეხლა-შემოხლანი, დაპირისპირებანი, რაც არეოპაგეტულ შრომებთან დაკავშირებით არსებობდა და დღესაც არსებობს. ისიც ბევრისთვისაა ცნობილი, რომ ქართულ მეცნიერებაში გამოითქვა კარგა ხანია აზრი არეოპაგეტული [3]შრომების ქართველი ავტორისგან დაწერის შესახებ. ეს ავტორი, როგორც ფიქრობენ, ყოფილა პეტრე იბერი, რომ არეოპაგეტული შრომების ავტორად დიონისე არეოპაგელი ესაა ფსევდონიმობა, არა სიმართლე, ფსევდონიმური რამ მონაცემი, ხოლო ნამდვილი ავტორი არის პეტრე იბერი. მაგრამ პეტრე იბერი გახლავთ V ს-ის მიწურულის მოღვაწე, ჩვეულებრივი ქრონოლოგიით იგი დაახლოებით 491 წელს აღესრულა. და V ს-ის ავტორი თუ პეტრე იბერია, ეს ძეგლებიც თავისთავად ცხადია, V ს-ის II ნახევრისაა. ასეთ დროს საეკლესიო გადმოცემა და საეკლესიო ტრადიცია, რომ ხსენებული შრომები არეოპაგელისგანაა დაწერილი, სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება და არათუ ეჭვის ქვეშ დგება, თუ ეს დამტკიცდა, საეკლესიო ტრადიცია აშკარად მცდარი აღმოჩნდება, რადგანაც საეკლესიო ტრადიციით ავტორი არის I-II ს-ის მიჯნის მოღვაწე დიონისე არეოპაგელი, პავლე მოციქულის მოწაფე. ასეთ დროს, როდესაც ფაქტები აიწონება [4]და ფასდება, ბევრი მკვლევარი, რა თქმა უნდა, უპირისპირდება აზრს იმის შესახებ, რომ პეტრე იბერი შეიძლება იყოს, თუნდაც სავარაუდოდ, არეოპაგეტული შრომების ავტორი. ყველაზე მკვეთრი, კლასიკური და ღრმად მეცნიერული პოლემიკა აღნიშნულ თეზას გაუმართა ბატონმა კორნელი კეკელიძემ, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ორი დიდმნიშვნელოვანი რეცენზია თუ შეფასება, ერთი მხრივ, შალვა ნუცუბიძის თეორიისა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ პეტრე იბერი უნდა იყოს, თითქოსდა, ნამდვილი ავტორი არეოპაგეტული შრომებისა (კერძოდ რეცენზია ფსევდო დიონისე არეოპაგელის და პეტრე იბერის იდენტურობის შესახებ შალვა ნუცუბიძის შრომაზე, რაც მან რუსულად გამოაქვეყნა, “ტაინა ფსევდა დიონისეი არეოპაგიტა”), მეორე მხრივ კი ბელგიელი მეცნიერის ერნესტ ჰონიგმანის შრომაზე “არის თუ არა პეტრე იბერი არეოპაგეტული შრომების ავტორი”, რაც 1953 წელს გამოიცა ბელგიაში (შალვა ნუცუბიძის შრომა [5]1942 წელს გამოქვეყნდა). აი ეს ორი რეცენზია გახლავთ ყველაზე დიდი პოლემიკური შეპასუხება და, ჩვენ შეიძლებოდა პირდაპირ გვეთქვა, ამ თეორიის, ამ ჰიპოთეზის აბსოლუტური გაბათილება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჰიპოთეზის გაბათილება ყოფითად ძნელია. მეცნიერულად ის მაშინვე იყო გაბათილებული, მაგრამ როდესაც პატრიოტული განწყობა გადაეჯაჭვება ამა თუ იმ მეცნიერულ თეორიას, ვარაუდს, მისი აღმოფხვრა ძალიან რთულია. შესაბამისად აზრი იმის შესახებ, რომ არეოპაგეტული შრომები პეტრე იბერმა დაწერა, ქართულ სინამდვილეში ძალიან ძლიერია დღესაც და ბევრს იმდენად უჭირს საწინააღმდეგოსთან შეგუება, თითქოს რაღაც საშვილიშვილო გვეკარგება, ვერ აცნობიერებენ რა იმას, რომ უბრალოდ ეს შეუძლებელია. ყველანაირი სხვა არგუმენტი რომ ჩვენ გავაუქმოთ, თვით ის ფაქტი, რომ პეტრე იბერი იყო მონოფიზიტობის ბელადი (ამაზეც კი დავა დაიწყეს იმ მიზანდასახულობით, რომ არეოპაგეტული შრომების ავტორობა მას არ ჩამოცილებოდა, მაგრამ ესაა აბსოლუტურად უეჭველი), [6]რაც აურაცხელი არგუმენტით დასტურდება, რომ პეტრე იბერი გახლდათ ქალკედონის მსოფლიო კრების მკვეთრად უარმყოფელი და მონოფიზიტთა მაკურთხეველი და მათი წინამძღვარი, ასეთი ავტორი, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დაწერდა არეოპაგეტულ შრომებს, მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძველთა-საფუძველს.

მაგრამ რადგანაც ამ საკითხზე პაექრობა მაინც მკვეთრი იყო, ასეთ დროს ჩვენ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ იმ მონაცემის გამომზეურება და დაბეჭვდა, რაც წინამდებარე საუბრის თემას შეადგენს. ვგულისხმობთ ერთ-ერთ კომენტარს, ერთ-ერთ სქოლიოს, რაც დიონისე ალექსანდრიელს აშიაზე მიუწერია დიონისე არეოპაგელის ერთ-ერთი შრომისთვის სახელწოდებით “საღმრთოთა სახელთათვის”. დიონისე არეოპაგელს, მოგეხსენებათ, ოთხი შრომა აქვს და ათი ეპისტოლე. პირველი შრომა არის სწორედ აღნიშნული “საღმრთოთა სახელთათვის”, რომლის ერთ-ერთ თავში საუბარია იმის შესახებ, [7]რომ ღმერთი ყველაზე აღმატებულია, ყოვლის უზესთაესია. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ისიც არის მითითებული, რომ ღმერთი ზეაღემატება ყველა შექმნილ თუ შეუქმნელ ძალას (ძველ ქართულად, ეფრემ მცირის თარგმანში “აგებულსა თუ აუგებელს”). არეოპაგელის ამ გამონათქვამმა თავის დროზე VI-VII საუკუნეებში დიდი პოლემიკა გამოიწვია. მაშინ არეოპაგეტული შრომები, დიონისე არეოპაგელის ავტორობით მიღებული ეკლესიურ ტრადიციაში და მართლმადიდებლობაში, უკვე უპირობოა, საბოლოოა და როგორც დიდი ავტოროტეტი ამგვარადაა აღიარებული და მოხმობილი ეკლესიის მამათაგან. მაგრამ ამ შემთხვევაში, VII ს-ში მიმდინარე ერთ-ერთი მძაფრი პოლემიკის დროს (ეს პოლემიკა წარმოებს მართლმადიბელობასა და მანიქეიზმს შორის), არგუმენტისათვის და ავტორიტეტად არეოპაგეტული შრომების [8]აღნიშნული სიტყვების (“ღმერთი აღემატება ყველა შექმნილ თუ შეუქმნელ ძალას”) დამოწმება ხდება არა მართლმადიდებელთაგან, არამედ მანიქეველთაგან. მანიქეველი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეპაექრებოდა ისეთ დიდ საეკლესიო ავტორიტეტს, როგორიც გახლდათ VII ს-ის მოღვაწე წმინდა ანასტასი სინელი. მანიქეველები მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ ღმერთი კი არ არის აბსოლუტურად შეუქმნელი, დაუბადებელი და გაუჩენელი, არამედ მაგალითად ისეთი მატერიაც, როგორიცაა წყალი, ისიც შეუქმნელია და მარადიულია და დაუსაბამოა. ეკლესია, რა თქმა უნდა, ამას კატეგორიულად უარყოფს, რადგან დაუსაბამო მხოლოდ ღმერთია, სხვა ყველაფერი კი ღვთივშექმნილია. ასეთ დროს მანიქეველს მოაქვს საკმაოდ ძლიერი არგუმენტი, რომ არათუ ჩვენ, არამედ თქვენი მოძღვარნიც იმავეს ქადაგბენ, რასაც ჩვენო. მანიქეველებს მოაქვთ დიონისე აეოპაგელის სიტყვები, რომ ღმერთი აღემატება ყველა შექმნილ თუ შეუქმნელ ძალას. ამ შემთხვევაში აქ შეუქმნელზეა აქცენტი, რომ თუ [9]შეუქმნელ ძალებსაც აღემატება, ე.ი. ღვთის გარდა ყოფილა რაღაც შეუქმნელი, რასაც ღმერთი აღემატება. აი ამის აღიარებად მიაჩნია მანიქეველს მოცემული ადგილი. ჩვენ ამ შემთხვევაში ციტატას ქართულად ვთარგმნით, სინამდვილეში კი არეოპაგეტული შრომები, მოგეხსენებათ, დაიწერა ბერძნულ ენაზე და იქ “შეუქმნელის” შესატყვისი არის ტერმინი “აკტისტოს”. “ქტიძო” ბერძნულად არის შექმნა, გაკეთება (აქედანაა სხვათაშორის სიტყვა “ქტიტორი” – მაშენებელი, მკეთებელი) და “აკტისტოს” არის შეუქმნელი, გაუკეთებელი. აი ასეთი, ერთი შეხედვით ძლიერი არგუმენტი მოიტანა მანიქეველმა, რომ არა მარტო ღმერთია შეუქმნელი, არამედ კიდევ არსებობენ რაღაც შეუქმნელნი, რასაც ღმერთი აღემატება. სწორედ ამ კუთხით, მანიქეველის ასეთი მძლავრი არგუმენტის დასაძლევად ანასტასი სინელი, მართლმადიდებელი მოძღვარი პასუხად ამბობს, რომ დიონისე არეოპაგელი წარმართულ ტერმინოლოგიას ეყრდნობოდა, რადგან წარმართობის ეპოქაში ცხოვრობდა იგი (რაც მის ცხოვრებაშიც თვალნათლივია. სხვათაშორის ქართულ სინამდვილეში ეფრემ მცირე პირდაპირ ამბობს, რომ “ყოველნივე [10]დიონისიოისგან აღწერილნი საწარმართოითა სიტყვითა აღწერილ არს”. იმიტომ, რომ რა ენაზეც აღიზარდა იგი, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა მანამდე მან დიდი გზა განვლო წარმართობაში, იგივე ტერმინოლოგია გააქრისტიანა მან როცა თვითვე გახდა ქრისტიანი და მართლმადიდებლური მოძღვრების შინაარსი ჩადო მასში), ამიტომ ჩვენ რომ გავიგოთ რას გულისხმობს დიონისე არეოპაგელი ტერმინში “შეუქმნელი” უნდა ვიცოდეთ ანტიკური ტერმინოლოგია, ანტიკური გაგება, წარმართული გაგება ამ სიტყვისა, რაც არ ემთხვევა ქრისტიანულს. და თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვა, - აგრძელებს ანასტასი, მე მოგიტანთ ისეთი დიდი ავტორიტეტის სქოლიოს, როგორიც არის დიონისე ალექსანდრიელიო. ანუ ანასტასი გულისხმობს, რომ დიონისე არეოპაგელის ამ სიტყვების კომენტირების აუცილებლობა ადრეც მდგარა. მართლაც ვინც წაიკითხავს ამ შრომას, მაშინვე დაებადება სურვილი გაიგოს რა იგულისხმება მასში, რომელ შეუქმნელ ძალებს აღემატება ღმერთი? განა ღვთის გარდა არის რომელიმე შეუქმნელი? [11]ეს საკითხი თავისთავად ცხადია ადრეც დადგებოდა და მართლაც დამდგრა რა III ს-ში, როცა მოღვაწეობდა დიონისე ალექსანდრიელი (იგი ალექსანდრიის ეპისკოპოსი გახლდათ 248-265 წლებში), მას სქოლიოც დაურთავს ამ სიტყვებისთვის, რომ აეხსნა შემდგომი თაობის მკითხველებისთვის, თუ როგორ უნდა გაიგებოდეს ჩვენგან მოტანილი სიტყვები. შესაბამისად, - ამბობს ანასტასი სინელი, თუ გსურთ, რომ ამ ადგილის ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაიგოთ და მანიქეური ბრალდება თავიდან აიცილოთ, მე დავიმოწმებ დიონისე არეოპაგელის მოსახელის საღმრთო დიონისიოსის, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსის, რიტორთაგანის (მართლაც დიონისე ალექსანდრიელი რიტორთაგანი გახლდათ) განმარტებას. შემდეგ კი უკვე მოდის ტექსტი და ტექსტი მოდის დიონისე ალექსანდრიელის კომენტარისა. ანუ ანასტასი სინელს დიონისე არეოპაგელის პრობლემური სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასაგებად მოაქვს ამ სიტყვებზე დართული დიონისე ალექსანდრიელის კომენტარი. [12]ამ კომენტარში დიონისე ალექსანდრიელი ავლენს თავის უღრმეს განსწავლულობას, და გვაწვდის აბსოლუტურად ჭეშმარიტ, ობიექტურ განმარტებას. როგორც ჩანს VII საუკუნისთვის დიონისე ალექსნადრიელის ამ განმარტების ციტირებამ ანასტასი სინელის მიერ იმ მანიქეველზეც მოახდინა გავლენა, რომელიც ანასტასის ეპაექრებოდა და ალბათ დაადუმა კიდეც იგი. დიონისე ალექსანდრიელი ამგვარად განმარტავს დიონისე არეოპაგელის შესაბამის სიტყვებს: ტერმინი “შექმნა” და აქედან “შექმნილი” და შემდეგ მისი საპირისპირო “შეუქმნელი” არ გაიგებოდა ანტიკურ ტრადიციაში ისე, როგორც ეს საზოგადოდ გაგებულ უნდა იყოს. კერძოდ “შექმნილი” ნიშნავდა შედგენილობის მქონეს, შედგენილობაში მყოფს, ხოლო “შეუქმნელი” ანუ “აკტისტოს” ნიშნავდა “შეუდგენელს”, შედგენილობაზე აღმატებულს, მატერიალური შედგენილობის არმქონეს. სხვაგვარად, “შექმნილი” ეს უდრიდა მატერიალურს, [13]“შეუქმნელი” უდრიდა არამატერიალურს. არა საზოგადოდ გაუჩენელს, დაუსაბამოს, არამედ მატერიაში არ მყოფს, მატერიალური შედგენილობის არმქონეს. ასეთ შემთხვევაში “შეუქმნელი ძალები” ანუ მატერიალური შედგენილობის არ მქონე ძალები სხვა არაფერია, თუ არა ზეციური ანგელოზები. შესაბამისად არეოპაგეტული და ზოგადად მართლამდიდებლური სწავლებით ღმერთი აღემატება არა მხოლოდ მატერიას, არამედ ზემატერიალურ არსებებსაც, ანგელოზებსაც. აი ეს აზრია არეოპაგელის სიტყვებში. მაგრამ მანიქეველმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო სიტყვა “შეუქმნელი”, თავისი ეპოქის გაგებით გაიგო რა, რა თქმა უნდა, მძლავრი არგუმენტი დაუდო წინ ეკლესიურ მოძღვრებას, რომ თქვენი მოძღვრებაც შეუქმნელ ძალებს აღიარებსო. ასეთ შემთხვევაში დიონისე ალექსნადრიელის ეს განმარტება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს და სავსებით თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ არეოპაგეტულ სიტყვებში იგულისხმებოდა [14]მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მხრივ, “შექმნილში” მატერიალურნი, მატერიალური შედგენილობის მქონე არსნი, ხილულ სოფელში მყოფნი, ხოლო მეორე მხრივ “შეუქმნელში” იგულისხმებოდა მატერიალური შედგენილობის მიღმა მყოფნი, არამატერიალურნი, მატერიალური შედგენილობის არმქონენი ანუ ანგელოზური ძალები.

აქვე მეორე ტერმინოლოგიური განმარტებაცაა მოცემული დიონისე ალექსანდრიელისგან დიონისე არეოპაგელის სიტყვებზე, როდესაც იგი ამბობს, რომ ანგელოზები მრავალ არსებანი არიან. მაშინ როცა ეკლესიური სწავლებით ჩვეულებრივ ანგელოზები ერთ არსებად წარმოჩნდება, რომ ანგელოზთა ბუნება ერთია, ისინი მხოლოდ პიროვნულად და ხარისხობრივად განსხვავდებიან. ამჯერადაც დართულია დიონისე ალექსანდრიელის კომენტარი, რომ არეოპაგეტული ტერმინი “არსება” მოცემულ შემთხვევაში არ ნიშნავს მართლაც არსებას, არამედ აქაც წარმართული ანუ ანტიკური, წინაქრისტიანული შინაარსითაა ეს ტერმინი მოხმობილი, სადაც “არსება” ანუ ბერძნულად “უსია” პიროვნების მნიშვნელობას იტევდა. ისეთივე გაგებით, როგორც ეს მაგალითად ქართულად “არსი” ანდა “არსებაც” შეიძლება მრავლობითობაში ვიხმაროთ [15]ქმნილების მნიშვნელობით, პიროვნული გაგების მნიშვნელობით, რომ ვთქვათ რაღაც შეუდარებელი არსებაა. ანუ პიროვნულობის ნიუანსით “არსება” ყოფით მეტყველებაში ძალიან ხშირია. მითუმეტეს წარმართულ ტერმინოლოგიაში ეს სახეზე იქნებოდა, სადაც ასეთი მკვეთრი გამიჯნულობა “არსებასა” და “ჰიპოსტასს” ანუ პიროვნებას შორის ჯერ კიდევ გამოკვეთილი არ იყო. ამიტომ დიონისე ალექსანდრიელი განმარტავს, რომ როდესაც ამბობს არეოპაგელი ანგელოზებზე მრავალარსებანი არიანო, სინამდვილეში იგულისხმება ის, რომ მრავალ პიროვნებანი არიან ისინიო, რაც სავსებით მართლმადიდბელური სწავლებაა.

მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის, ერთი მხრივ, ის გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ღრმა, გადამწყვეტი მნიშვნელობის კომენტარები დაუწერია არეოპაგეტულ შრომებზე დიონისე ალექსანდრიელს, რაც მის განსაკუთრებულ საღვთისმეტყველო და არა მხოლოდ საღვთისმეტყველო, თუნდაც განსწავლულობითი ნიშნით, ანტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით, ფილოსოფიურ-ტერმინოლოგიური ცნობიერების კუთხითაც, ტერმინთმცოდნეობის [16]სიღრმეს და ნიჭიერებას და მადლმოსილებას წარმოაჩენს. ეს კომენატრები დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც არეოპაგეტული შრომები კვლავ რჩება, თავისთავად ცხადია, და ეს პრობლემაც შესაბამის ტერმინებთან დაკავშირებით კვლავ სახეზეა. შესაბამისად დიონისე ალექსნადრიელის კომენტარები ამ პრობლემურობას ხსნის და ყოველგვარ მცდარ გაგებას აღნიშნული ტერმინებისას ჩვენ თავიდან გვაშორებს. მეორე მხრივ კი აღნიშნული კომენტარების უბრალოდ არსებობა, თავისთავად, გვიდასტურებს იმ უეჭველ ფაქტს, რომ არეოპაგეტული შრომები დიონისე ალექსანდრიელის მოღვაწეობაზე ადრინდელია. რა თქმა უნდა, კომენტარი დგება მას შემდეგ, რაც ტექსტი არსებობს. ასე რომ, არეოპაგეტული შრომები უფრო ადრინდელია და III ს-ის შუა წლებში მას კომენტარებს უკეთებს დიონისე ალექსანდრიელი. თან ანასტასის აღნიშნული ინფორმაცია და ციტირებანი ქართულად თარგმნილია წმინდა არსენ იყალთოელის მიერ მის ცნობილ “დოგმატიკონში”. ძველქართულ თარგმანში ანასტასის სიტყვები ამგვარადაა გადმოცემული: “გარემოწერითთა თვისთა შინა თარგმანებათა [17]ეგრეთ განგვიმარტაო” - დიონისე ალექსანდრიელმა ასე განგვიმარტა ჩვენ არეოპაგელის სიტყვების მნიშვნელობაო. “გარემოწერითთა” ნიშნავს როდესაც ფურცელზე ხელნაწერის გვერდზე ავტორის ტექსტი არის ცენტრში და აშიებზე არის შემოწერილი კომენტარები. აი ასეთი გარემოწერითი კომენტირებით უთარგმანებია ანუ განუმარტავს, აუხსნია დიონისე ალექსანდრიელს დიონისე არეოპაგელის შრომის ძნელად გასაგები ადგილები. შესაბამისად უეჭველია, რომ არეოპაგეტული შრომები უადრესია III ს-ის შუა წლებზე. თანდათანობით მეცნიერული კვლევა-ძიებაც უახლოვდება იმის აღიარებას, რომ ჭეშმარიტად დიონისე არეოპაგელია არეოპაგეტული შრომების ავტორი. ხოლო ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დადგენისათვის, ვფიქრობთ, დიონისე ალექსნადრიელის ხსენებულ კომენტარებს არეოპაგეტულ შრომებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.

 

203–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=_poHyUchavI

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button