Georgian (Georgia)English (United Kingdom)
204

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით წმ. დიონისე ალექსანდრიელს და აღვნიშნავდით, რომ ორიგენეს მოწაფეთაგან, დიონისე ალექსანდრიელთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ავტორიტეტი და მოღვაწე გახლავთ წმ. გრიგოლი ნეოკესარიელი, რომელსაც საეკლესიო ტრადიციაში ეწოდა “თავმატურგოსი”, რაც ქართულად ითარგმნება როგორც საკვირველთმოქმედი. თვით ეს ეპითეტიც, რაც იმგვარადვე ეწოდა გრიგოლს, როგორც ვთქვათ ბასილი კესარიელს ეწოდა დიდი, მაქსიმეს ეწოდა აღმსარებელი, გრიგოლ ნაზიანზელს ეწოდა ღვთისმეტყველი, წმ. სვიმეონს ეწოდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ეგნატი ანტიოქიელს ღმერთშემოსილი  და სხვა, [1]თავისთავად ცხადია, რომ მის დიდ ღირსებას და სულიერ სიმაღლეს, ღვთიურ მადლმოსილებას უსვამს ხაზს.

ჩვენ აღნიშნულ მოღვაწესთან დაკავშირებით ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უნდა მივაქციოთ ყურადღება, კერძოდ იმას, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი გახლავთ ეკლესიის მამათა შორის ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელი, რომლის ცხოვრებაც ჰაგიოგრაფიული შრომის სახით აღწერილ იქნა. ეს ჰაგიოგრაფიული თხზულება ეკუთვნის კაბადოკიის რეგიონის გვიანდელ მოღვაწეს, გრიგოლ ნეოკესარიელთან შედარებით გვიანდელ მოღვაწეს – წმ. გრიგოლ ნოსელს. IV საუკუნის 70-80 წლებში გრიგოლ ნოსელი წერს გრიგოლ [2]საკვირველთმოქმედის ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ გრიგოლ ნოსელია პირველი ჰაგიოგრაფი. გამოკვეთილად პირველი ჰაგიოგრაფი მოგეხსენებათ არის წმ. ათანასე ალექსანდრიელი, რომელმაც დაახლოებით 356 წელს დაწერა პირველი ჭეშმარიტად ჰაგიოგრაფიული ძეგლი ყველა თავისი სტრუქტურული ელემენტით, კომპონენტით, შინაარსით და დანიშნულებით, “ანტონი დიდის ცხოვრება”. მაგრამ თვით ანტონი დიდი, რომლის ცხოვრებაც დაიწერა, ქრონოლოგიურად უგვიანესია გრიგოლ ნეოკესარიელზე, ანტონი უფროსი თანამედროვეა საკუთრივ ათანასე ალექსანდირიელზე, ის გახლავთ III საუკუნის II ნახევრის, IV საუკუნის პირველი ნახევრისა და შუა წლების მოღვაწე, რომელიც დაახლოებით 356 წელს აღესრულა. რაც შეეხება გრიგოლ ნეოკესარიელს, იგი გახლავთ III საუკუნის შუა წლების მოღვაწე, ერთი თუ არა ნახევარი საუკუნით წინმსწრები ანტონი დიდისა. ე.ი. ჩვენ [3]თვით გრიგოლ ნეოკესარიელზე ვამბობთ, რომ იგი არის ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეული მოღვაწე მართლმადიდებელ მოძღვართა შორის, რომლის ცხოვრებაც ჰაგიოგრაფიული აღწერილობის სახით ჩვენ მოგვეპოვება.

შეიძლებოდა აქვე განგვემარტა ისიც თუ რატომ აღწერა ასეთი დიდი შუალედის შემდეგ (ერთ საუკუნეზე მეტი) გრიგოლ ნოსელმა მისი ცხოვრება. ამგვარი ნაბიჯი გრიგოლ ნოსელის მხრიდან როგორც ჩანს ასახავს გარკვეულ ტრადიციას, რაც უფრო გვიანდელ ეპოქებშიც გამოკვეთილია და სახეზეა. რა ტრადიციას ვგულისხმობთ? უფრო მცირედი მასშტაბით რომ ავიღოთ ჩვენ შედარება, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მონასტერში იწყებს მოღვაწეობას და იწყებდა ვთქვათ მოღვაწეობას ადრე, იგი აუცილებლად გამოიკითხავდა და ვალდებულიც იყო გამოეკითხა თავისი სამოღვაწეო ადგილის, თავისი მონასტრის წინა ისტორია, თუ რა [4]ყოფითი და სულიერი გზა განვლო სამონასტრო სავანემ, ვიდრე თვით იგი მასში დამკვიდრდებოდა. უფრო თუ განვავრცობთ ამ შედარებას და ამ რეალურ ამბავს, ამა თუ იმ ეპარქიის სულიერი წევრი თავისი ეპარქიის ქრისტიანულ ისტორიას აუცილებლად გამოიძიებს, და ბოლოს როდესაც ქრისტიანდება ამა თუ იმ ქვეყნის, ამა თუ იმ მხარის, რეგიონის მცხოვრები და ის ჭეშმარიტი ქრისტიანია, რა თქმა უნდა, თავისი მხარის, თავისი რეგიონის, თავისი ქვეყნის ქრისტიანულ წინა ისტორიას უეჭველად გამოიკვლევს, რომ თავისი თავის წინაშე გაიცხადოს როგორი ქრისტიანული საფუძველი აქვს მის მოღვაწეობას შესაბამის მხარეში. ეს გახლდათ ერთ-ერთი მიზანდასახულობა იმისა, რომ კაბადოკიელ მამათაგან გამორჩეულად ფილოსოფიური აზროვნებისკენ [5]მიდრეკილმა მოღვაწემ გრიგოლ ნოსელმა გადაწყვიტა ჰაგიოგრაფიული შრომა დაეწერა. მიზანდასახულობა, კვლავ აღვნიშნავთ, იყო ის რომ კაბადოკიელი მამები და მათი მარადიული წინამძღვარი ბასილი დიდი, შთაუნერგავდა თავის მიმდევრებს, თავის მოწაფეებს, სულიერ ძმებს, აუცილებელ ვალდებულებას და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას იმასთან დაკავშირებით თუ რა ქრისტიანული წარსულის, ანუ ჭეშმარიტების რა ისტორიის მემკვიდრენი არიან ისინი იმ მხარეში სადაც მოღვაწეობენ. როდესაც კაბადოკიელმა მამებმა საკუთრივ კაბადოკიაში დაიწყეს ქრისტიანული მოღვაწეობა, ეკლესიური ღვაწლი აღასრულეს, ერთ-ერთი ვალდებულება მათი იყო, რა თქმა უნდა, ამ მხარის, ამ რეგიონის, ამ ქვეყნის ქრისტიანული წინაისტორიის გამოკვლევა. მართლაც მათ გამოიკვლიეს ეს ისტორია და ისინი ამ მხარეში, კაბადოკიაში, ქრისტიანული ცხოვრების მესაფუძვლედ, დამფუძნებლად გრიგოლ [6]ნეოკესარიელის აღმატებულ სახელს მიადგნენ, ვინც იყო ერთ-ერთი უადრეს მოღვაწეთაგანი, რომელმაც კონკრეტულად კაბადოკიაში შემოიტანა და განავრცო ქრისტიანული მოძღვრება. აი ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება დაიწერა მასთან შედარებით გვიანდელი ეპოქის მოღვაწის მიერ. მაგრამ ჩვენთვის დღესდღეობით და საზოგადოდ როდესაც გრიგოლ ნეოკესარიელის მოღვაწეობას განვიხილავთ, ეს ფაქტი სხვა კუთხითაა თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოგვეპოვება გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრების აღწერილობა, ჰაგიოგრაფიული ძეგლი. რა თქმა უნდა, მსმენელისთვის გასაგებია, რომ ერთი საუკუნის და უფრო მეტის დაშორების მქონე ვინმე გვიანდელი მოღვაწე, უფრო ადრინდელი, ხანგრძლივი დროით დაშორებული მოვლენის შესახებ ჭეშმარიტს, ნამდვილს, [7]უეჭველს და დადასტურებულს მიაქცევდა ყურადღებას და ცხადია ისიც, რომ შეეცდებოდა ზედმიწევნით გამოკვლევას საკუთარი წინა ფესვებისას.

გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება, დადასტურებული და აღწერილი გრიგოლ ნოსელის მიერ, აღნიშნული მიზეზის გამო, ე.ი. ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, რა თქმა უნდა, ფაქტოლოგიურად ნაკლებ მდიდარია, მეტიც ძალიან მწირია. მაგრამ ჩვენთვის იგი ძვირფასია თუნდაც მეორე კუთხით, მისი სახელწოდების დადასტურების კუთხით, რომ ის ჭეშმარიტად საკვირველთმოქმედი იყო. ამ ძეგლში ის სასწაულები რაც გრიგოლ ნეოკესარიელს თავის დროზე აღუსრულებია, ზეპირგადმოცემაში შემონახულნი, წერილობითაა უკვე აღწერილი.

ბიოგრაფიული უწყება, ბიოგრაფიული მომენტებით მდიდარი ინფორმაცია გრიგოლ ნეოკესარიელზე [8]ჩვენ სამწუხაროდ, გარდა ამ კუთხით ნაკლებმნიშვნელოვანი შრომისა, სხვა არ მოგვეპოვება. თუმცა გარკვეული მინიშნებანი და ზოგიერთი მყარი თარიღი მის ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც შეგვიძლია განვსაზღვროთ. მყარი თარიღი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი უეჭველად სწავლობდა ორიგენეს მიერ 232 წელს დაფუძნებულ პალესტინის კესარიის სასწავლებელში, რომელიც დაახლოებით 237-238 წლებში დაუმთავრებია, ხოლო იქ მოღვაწეობისა და იქ სწავლების პერიოდი სწორედ მანვე, გრიგოლ ნეოკესარიელმა შემოგვინახა ჩვენ, საკმაოდ ვრცელი და დაწვრილებითი აღწერილობის სახით. ეს აღწერილობა გახლავთ ამავე დროს პირველხარისხოვანი დოკუმენტური ძეგლი საკუთრივ გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრების შესახებ. ვგულისხმობთ სასწავლებლის დამთავრების [9]ჟამს გრიგოლ ნეოკესარიელისგან დაწერილ შრომას, რომელსაც ძალიან ვრცელი სათაური აქვს ბერძნულში და რაც შემოკლებით იწოდება როგორც “გამოსათხოვარი სიტყვა”. ეს ძეგლი ცხადყოფს, რომ ამთავრებს რა აღნიშნულ კატეხიზმურ სკოლას, გრიგოლი ეთხოვება მას, ეთხოვება ამ სკოლას. მას წინ გადაშლილი აქვს, წინ უდევს ვრცელი და უაღრესად რთული სამოღვაწეო გზა, მაშინ როცა აღნიშნული სასწავლებლის კედლებში იგი ყოვლად დაცული იყო, ყოვლითურთ სიწყნარეში და სიმშვიდეში, ბრძოლათა მღელვარებებისგან განრიდებულად მყოფობდა, აწ კი, როგორც ბინიდან გარეთ სიცივეში გაგდებული ვინმე ადამიანი, ისიც უაღრესად მძაფრი შეჭირვებების, შიმშილის, სიცივის, წყურვილის, [10]ტანსაცმლის და საზრდოს ნაკლებობის, ლოცვაში მღვიძარების და ახოვანების და კიდევ სხვა სათნოებათა მოლოდინშია. მის წინაშეა ეკალნი და კუროს თავნი, როგორც თვითონვე ამბობს. აქ შესანიშნავ შედარებას ხმარობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რომ როგორც ადამი სამოთხიდან გამოძევებული, თავისი ოფლით მჭამელი პურისა, ეკლებსა და კუროს თავებს ეღწვოდა, ეკალნი და კუროს თავნი იყო აღმოცენებული მისთვის დედამიწისგან, ნაცვლად იმ კეთილი და საშვებელის მომნიჭებელი სამოთხისა, რომელსაც ასეც ერქვა, შვების სამოთხე, ანდა ზოგჯერ ფუფუნების სამოთხე, ამ შვებისა და ფუფუნების ნაცვლად ისევე როგორც ადამი მიეცა გარჯილობასა და ეკალთა და კუროს თავთა აღმომაცენებელი მიწის დამუშავებას, მსგავსადვე, ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, მისთვისაც მთავრდება კატეხიზმური სასწავლებლის, სამოთხეში ყოფნის [11]ჟამი. მისი განდევნაც თანდათანობით ახლოვდება ამ სამოთხიდან, ხოლო რა იქნება განდევნის შემდეგ, როგორ შეძლებს იგი ღირსეულად თავი გაართვას ღვაწლს, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უცნობია, ეს მომავალში აღსასრულებელი ღვაწლია.

მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ბოლო მომენტებს შევეხეთ მისი ცხოვრებისა, აღვნიშნავდით, რომ ამ სასწავლებელში მან დაახლოებით 232 წელს ჩააბარა, ერთ-ერთი პირველი სტუდენტი იყო ამ სასწავლებლისა და შესაბამისად მისი ვრცელი აღწერილობა, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ გამოსათხოვარი სიტყვა ეწოდება, დღემდე რჩება პირველხარისხოვან დოკუმენტურ წყაროდ იმ სასწავლო პროცესების შესასწავლად, რაც პალესტინის კესარიის სასწავლებელში არსებობდა და რაც უეჭველია თითქმის იმავე სახით არსებობდა ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაში. ამგვარი პარალელის გავლება შეიძლება იქიდან [12]გამომდინარე, რომ ორიგენე, რომელიც ალექსანდრიის სკოლის, მართალია დამფუძნებელი არ არის მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტია, ამავე დროს აფუძნებს პალესტინის კატეხიზმურ სკოლას, თავისთავად ცხადია იმავე დისციპლინარული მიმართულებით და იმავე სწავლებითი პროცესის სტრუქტურით რაც ალექსანდრიის სკოლაში არსებობდა. ასე რომ პალესტინის კესარიის კატეხიზმური სკოლის სწავლებითი პროცესის ზედმიწევნითი ცოდნით ჩვენ ასევე ზედმიწევნითი ცოდნა შეგვიძლია მოვიპოვოთ ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის შესახებ, ამ ორი სასწავლებლის ფაქტობრივად იდენტურობის გამო. ხოლო პალესტინის კატეხიზმურ სკოლაზე, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელს მოეპოვება დაწვრილებითი ინფორმაცია, დეტალური აღწერა იქ მიმდინარე სწავლებითი პროცესისა, დეტალური აღწერა და შეფასება თავად მოძღვრისა, რომელიც ზრდიდა მათ და თვით იმ [13]სტუდენტების სულიერი მდგომარეობის, სულიერი სიმწიფის თუ უმწიფარობის, ასევე ცხოვლად და ცოცხლად წარმოჩენა, რაც ხსენებულ სასწავლებელში არსებობდა. ასე რომ გრიგოლ ნეოკესარიელის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე გახლავთ სწორედ ეს შრომა, რომელსაც შემოკლებით ეწოდება “გამოსათხოვარი სიტყვა” და რომელსაც ჩვენ მოგვიანებით, რა თქმა უნდა, კვლავ დავუბრუნდებით. ამჯერად მხოლოდ ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ ეს ძეგლი იმ უადრესი ეპოქის ქრისტიანულ კატეხიზმურ სკოლათა შინაგანი სწავლებითი პროცესის ამსახველი ცოცხალი ძეგლია, ცოცხალი მატიანეა და აქედან გამომდინარეობს მისი ფასდაუდებელი მნიშვნელობა. იგი მოცულობითაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ძეგლის ქართულად თარგმნა არის აბსოლუტურად აუცილებელი, იმდენად მდიდარი ინფორმაციის დამტევი და შემცველი გახლავთ აღნიშნული [14]შრომა. ალბათ სქოლიური თარგმანია აუცილებელი, რადგანაც ცალკეული წინადადებები, ცალკეული ინფორმაციები, მინიშნებითი აზრები და სწავლებანი გაშლას, გავრცობას და დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებენ, რომ მთელი სიღრმით შევიცნოთ ჩვენ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის უაღმატებულესი სულიერება და უაღმატებულესი გონებითი განბრძნობილობა, რაც აღნიშნულ მოღვაწეს მრავალ სხვათაგან თავისთავად ცხადია გამოარჩევს. მაგრამ ამ საკითხებზე ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, ამჯერად კი აქ შევჩერდებით.

 

204–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=XulNM-s2WWI

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button