Georgian (Georgia)English (United Kingdom)
205

ჩვენ ვეხებოდით წმ. გრიგოლ ნეოკესარიელს. ზოგადი შტრიხები, ზოგადი მინიშნებანი ამ პიროვნების შესახებ ჩვენ უკვე წინა საუბარში გამოვკვეთეთ და ამჯერად შედარებით დეტალურად შევეცდებით ვისაუბროთ ხსენებულ მოღვაწეზე, როგორც ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოვლენაზე III საუკუნეში.

გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება, როგორც აღვნიშნავდით, მჭიდროდ გადაება ორიგენეს კატეხიზმურ სკოლას პალესტინის კესარიაში, საიდანაც, როგორც თვითონ თვლის, მან შეიძინა უმნიშვნელოვანესი, უაღრესად არსებითი ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ, ზოგადად განათლება, სულიერება და ეს ყველაფერი, როგორც ჭეშმარიტად საღვთო საგზალი მან წაიმძღვარა ხსენებული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თავის უაღრესად რთულ სამოღვაწეო გზაზე, რაც უკვე კაბადოკიის მხარეში, ქალაქ ნეოკესარიაში, [1]როგორც მისმა ეპისკოპოსმა, მან აღასრულა. ჩვენთვი, რა თქმა უნდა, არსებითი გახლავთ გრიგოლ ნეოკესარიელის წერილობითი მემკვიდრეობა და ამ კუთხით მისგან დატოვებული შრომები.



მრწამსი

პირველ რიგში ყურადღებას მივაქცევთ, გარდა იმ ძეგლისა, რომელიც მხოლოდ სახელით ვახსენეთ წინა საუბარში (“გამოსათხოვარი სიტყვა”) და რომლის განხილვასაც ეხლა შევეცდებით, ამ ძეგლზე უწინარეს ჩვენ უნდა დავასახელოთ მისი მოცულობით მცირე, მაგრამ მნიშვნელობით განუზომელი დოგმატური შრომა, ეს გახლავთ “მრწამსი” ანუ სიმბოლო, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება. ესაა ის ნეოკესარიის სიმბოლო, რაც ქართულადაცაა სხვათაშორის თარგმნილი და რაც ნიკეის კრების წინადროინდელ ეპოქაში ჭეშმარიტი მოძღვრების დოგმატური ფორმულირების ყველაზე უფრო ზედმიწევნითი სახეა, ზედმიწევნითი გადმოცემაა მართლმადიდებლური მოძღვრებისა. [2]ჩვენ დღესაც უაღრესად გვაოცებს ის ტერმინოლოგიური აკრიბია (ზედმიწევნითობა), მოძღვრების ტერმინებში გადმოცემის განსაკუთრებული შეუმცდარობა, უცთომელობა, რამაც განაპირობა სწორედ ის, რომ უსაღვთოესი და უჭეშმარიტესი ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრების მრწამსის მიუხედავად, გრიგოლ ნეოკესარიელის მრწამსიც არ დაკარგულა, რადგანაც ამ მრწამსშიც ცდომილება არანაირი არ არსებობდა. ჩვენ შეიძლება არც გავიკვირვოთ დიდად, რომ გრიგოლ ნეოკესარიელმა ამგვარი შრომის შექმნა შეძლო, არ გავიკვირვოთ იმიტომ, რომ მას სწორედ ამ კუთხით ჰქონდა გამორჩეული განათლება მიღებული. გრიგოლის, ვინც კაბადოკიაში დაიბადა, გაიზარდა და პირველი განათლება აქ მიიღო, ეს განათლება გახლდათ სწორედ იურიდიული ხასიათისა. გრიგოლი ესწრაფვოდა ადვოკატის, ვექილის პროფესიას და შესაბამისად [3]იურიდიული განათლება შეიძინა. მაგრამ არ დააკმაყოფილა რა, პალესტინის კესარიაში სანამ მივიდოდა, საკუთრივ კაბადოკიის რეგიონში მიღებულმა განათლებამ, გრიგოლი დიდად შფოთავდა. ის ამ დროს ჯერ კიდევ ქრისტიანობაზე მოქცეული არ იყო და ღვთის განგებით, როგორც თვითონვე უსვამს ამას ხაზს, პალესტინის რეგიონიდან მისმა დამ, რომელიც იქ იყო გათხოვილი მდიდარ და გავლენიან კაცზე, გრიგოლს და კიდევ მეორე ძმას უხმო პალესტინაში, რომ იქ გაეგრძელებინათ მათ სწავლა. ასეც ხდება, რომ გრიგოლი მიდის პალესტინაში, მაგრამ გაიგებს არსებობას იმ კატეხიზმური სკოლისას, რაც ორიგენეს იმ მომენტში ახალდაფუძნებული ჰქონდა და გადაწყვეტს, რომ ამ სკოლაში დაიწყოს სწავლა. მიიღებს ხუთი-ექვსი წლის მანძილზე სრულყოფილ განათლებას, მაგრამ მთელი თავისი [4]ცხოვრების მანძილზე მას გამორჩეულად წარმოუჩნდება, მეხსიერებაში გამორჩეულად შემოენახება მას კონკრეტულად ის პირველი დღე, ანდა უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით პირველი წამი, როდესაც მან ფეხი შედგა ხსენებულ პალესტინის კატეხიზმურ სკოლაში. საკუთრივ გრიგოლი გვეუბნება, რომ “ეს იყო მართლაც პირველი დღე ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც მზე ამოვიდა ჩემში და მისი შუქი მთელ ჩემს წიაღში განიტყორცნაო”. ამგვარი განათლებულობის, ე.ი. ერთის მხრივ სულიერი ცოდნის და მეორე მხრივ პრაქტიკული ცოდნის მფლობელი პიროვნება რომელსაც განსაკუთრებით გამახვილებული აქვს ნიჭიერება იურიდიული მეცნიერებისადმი, ხოლო იურიდიული მეცნიერება, ადვოკატობა, ვექილობა, კანონთმცოდნეობა, სხვა არაფერია თუ არა აზრის ტერმინებში ჩამოყალიბების ხელოვნება, აზრის [5]უზედმიწევნითესი ტერმინებით გადმოცემის უნარი და რამდენადაც ეს ნიჭიერება მას მკვეთრად გამოხატული ჰქონდა ყოველთვის, როდესაც ეკლესიის მსახური გახდა თვითვე ანუ როდესაც იგი მოძღვარი გახდა, მან მთელი თავისი იურიდიული ცოდნა, კანონთმცოდენობითი ცოდნაც და ნიჭიერებაც მიმართა უკვე ჭეშმარიტი მოძღვრებისკენ. სწორედ ამიტომ შეძლო, რომ უაღრესად ზედმიწევნითი ტერმინებით გადმოსცა მართლმადიდებლური მოძღვრება და კვლავ ხაზს გავუსვამთ ესაა მართლმადიდებლური მოძღვრების მრწამსობრივი გადმოცემის ანუ დოგმატურ-ფორმულირებათა სახით გადმოცემის ერთი ყველაზე უფრო ზედმიწევნითი ნიმუში ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის შექმნამდე. სამწუხაროდ მისი ძველი ქართული თარგმანი დღემდე გამოქვეყნებული არ არის, რაც ხარვეზია და აუცილებლად უნდა გამოიცეს.


ქადაგებანი ხარების შესახებ

გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებიდან, გარდა “მრწამსისა”, ჩვენ უნდა მოვიხსენოთ  მისი ცნობილი [6]სახელგანთქმული “ქადაგებანი ხარების შესახებ”. თუ მსმენელი ძველქართულ მრავალთავებს ნახავს, რომლებსაც დასაწყისი შემორჩენილი აქვთ, ამ დასაწყისში პირველ ადგილზე ყოველთვის ჰპოვებს და პოულობს კიდეც ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის საკითხავებს. ხარების დღესასწაულის პირველ რიგში ან თავში დაყენება ეს გახლავთ გამოხატულება საეკლესიო ეორტოლოგიისა, იმიტომ, რომ საეკლესიო წელიწადი, ეკლესიური გაგება წელიწადისა იწყება ხარების დღესასწაულით, შესაბამისად უძველესი ლიტურგიკული კრებულები, ჰომილეტიკური ანუ ქადაგებათა კრებულები, ლიტურგიკული ნიშნით იყვნენ შექმნილნი. ქადაგებათა კრებულის ლიტურგიკული ნიშანი იმას გულისხმობს, რომ ქადაგებანი თვითნებურად კი არაა შეტანილი კრებულში, არამედ განლაგებულია დღესასწაულთა რიგის [7]მიხედვით. ჯერ ხარება 25 მარტს, შემდეგ შობა 25 დეკემბერს, შემდეგ ნათლისღება 6 იანვარს, შემდეგ მიგებება 2 თებერვალს და ასე შემდგომ. აი ამ პრინციპით დალაგებული ჰომილიები შეადგენენ კრებულს, რომელსაც მრავალთავი ეწოდება, და რადგანაც გრიგოლ ნეოკესარიელის ქადაგებანი სწორედ ხარებისადმი გახლავთ მიძღვნილი, როდესაც ეკლესიამ ანალოგიური ტიპის კრებულის შედგენა დაიწყო ჯერ ბერძნულად და შემდეგ ქართულად, თავში ანუ ხარების დღესასწაულზე განეწესა და დადგინდა სწორედ გრიგოლ ნეოკესარიელის ხარებისადმი მიძღვნილი ქადაგებანი. აქ არის ერთი ასეთი გარემოება, რომ ბერძნულში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი ქადაგება ხარებისადმი მიძღვნილი გრიგოლ ნეოკესარიელისა, მაშინ როცა ქართულ მრავალთავებში წარმოდგენილია სამი. თუმცა ჩვენ შეგვიძლია [8]ვიფიქროთ, რომ ეს მესამე საკუთრივ ქართულ ენაზე და ქართულ ნიადაგზეა განხორციელებული, თუმცა მას თავისი ბერძნული პროტოტიპიც აქვს, რომელსაც შესაძლოა ტროპოლოგიონი ეწოდებოდა, მგრამ დღეისათვის მთლად გარკვეული არ არის რა უნდა ყოფილიყო მისი სახელი. ზოგი ცნობით ტროპოლოგიონი ესაა უძველესი იადგარის ბერძნული შესატყვისი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჰომოლეტიკურ კრებულს ჰომილიარი შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც თავში განწესებული გრიგოლ ნეოკესარიელის ხარებისადმი მიძღვნილი ქადაგებანი ფაქტობრივად მთელი კრებულის სულიერების განმსაზღვრელი გახლავთ. ეს ქადაგებანი გამოირჩევა თეოლოგიური სიღრმით, თეოლოგიური დეფინიციების ზედმიწევნითობით და ამავე დროს თეოლოგიასთან დაკავშირებული დამმოძღვრელობითი, დამოძღვრითი მწყემსობრივი შეგონებებით.

ვამბობდით იმას, რომ ბერძნულად ცნობილია მხოლოდ ორი [9]ქადაგება, მაშინ როცა ქართულად ცნობილი გახლავთ სამი. ამ ქადაგებათა შესწავლა გვიჩვენებს, რომ პირველი ორი ქადაგება რაც ბერძნულადაცაა და ქართულადაც ამ ბერძნული ქადაგებების ქართული თარგმანებია, ხოლო რაც შეეხება მესამეს იგი შემუშავებული უნდა იყოს საკუთრივ ქართულ ნიადაგზე. იმიტომ, რომ ამ მესამე ჰომილიაში ერთმანეთთან არის შეწყობილი ის ორი ქადაგება რაც ბერძნულადაცაა ცნობილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ როგორც ჩანს ქართველმა რედაქტორმა აიღო ორივე ბერძნულენოვანი ქადაგება, ანდა მათი უკვე არსებული ქართული თარგმანები და მათგან შეადგინა მესამე. ეს ლიტურგიკულადაც გამართლებული გახლავთ იმიტომ, რომ ორივე ქადაგებას, რა თქმა უნდა, სამღვდელო პირი ხარების დროს ტაძარში ვერ წაიკითხავდა, არადა ორივე ქადაგებაში იყო გაფანტულად სხვადასხვა უღრმესი სწავლებანი. შესაბამისად როგორც ჩანს ერთ-ერთმა რედაქტორმა, ალბათ ქართველმა, მიზნად დაისახა, რომ [10]გრიგოლ ნეოკესარიელის მიერ დაწერილი და ხარებისადმი მიძღვნილი ორი ჰომილიიდან შეედგინა ერთი, იმ პრინციპით, რომ არაფერი არ დაზიანებულიყო, რაიმე მნიშვნელოვანი სწავლება არ გამორჩენილიყო, მაგრამ ამ დროს ურთიერთს ყველაფერი კომპაქტურად დაკავშირებოდა და ერთ საკითხავად ჰქონოდა არსებობა ღვთისმსახურების ჟამს. აი ეს ქადაგებანი რაც ქართულად გახლავთ თარგმნილი და ერთი ქართულ ნიადაგზეა შედგენილი, ჩვენთვის ტერმინოლოგიურადაც უაღრესად ძვირფასია. ჯერ უპირველესად ის შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ქადაგებანი უეჭველად ბერძნული ენიდან გახლავთ თარგმნილი, ამაზე აღარავინ არ დაობს, არც მათ შორის ისეთი ევროპელი მკვლევარი როგორიც არის ბერნარ უწიე, ანდა ესბროკი, რომლებიც სწავლობდნენ ძველ ქართულ ტექსტებს და საკითხავებს. მაგრამ ერთი რამ აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტერმინოლოგიური ზედმიწევნითობისა არის გარკვეული მომენტები, რაც აღნიშნულ [11]თარგმანთა (ქართული ტექსტების) არქაულობას გვავარაუდებინებს და მართლაც ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს თარგმანები დაახლოებით VI საუკუნისაა. არც აბსოლუტურად ადრინდელი იმიტომ, რომ ისეთი ტერმინებია არაერთგზის მათში დადასტურებული რაც V საუკუნის მიწურულიდან ჩანს ქართულში შემოსული, მაგრამ ამავე დროს ზოგი ისეთი არქაიზმია, რაც VI საუკუნეზე გვიანდელ პერიოდს ნაკლებად გვავარაუდებინებს. ამჯერად ამ საკითხს ჩვენ ცხადია ზეპირ საუბარში კონკრეტულად, ზედმიწევნით და ამომწურავად ვერ შევეხებით. ჩვენს წიგნში რაც ძველ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიებს მიეძღვნა, ეს მხარე შედარებით დეტალურად გვაქვს წარმოჩენილი და განხილული და დაინტერესებულ პირს შეუძლია იქ ნახოს. მხოლოდ დასკვნას ვამბობთ, რომ აურაცხელი მონაცემის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიგოლ ნეოკესარიელის ქადაგებანი ითარგმნა უადრეს პერიოდში, თუმცა მთლად ყველაზე უფრო ადრე სხვა ძეგლებთან შედარებით, რა თქმა უნდა, არა. ამ ჰომილიების ვფიქრობთ ახალქართულად თარგმნაც კი [12]მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რადგანაც ის ტექსტი რაც ძველ ქართულ თარგმანშია მოღწეული აუცილებლად ითხოვს მკითხველისგან განმარტებას, იმიტომ, რომ ბევრი რამ იქ მაინც რთულად საწვდომი გახლავთ, რთულად აღსაქმელი, უაღრესად ღრმა მოძღვრებათა ჯერ დამტევი და შემდეგ ჩვენზე გადმომცემი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ჰომილიები ახალქართულად ალბათ აუცილებლად უნდა ითარგმნოს.

მაგრამ რაც შეეხება ცენტრალურ შრომას გრიგოლ ნეოკესარიელისას, რაზეც უკვე აღვნიშნავდით, “გამოსათხოვარ სიტყვას”. ამ ძეგლის ახალქართულად თარგმნის აუცილებლობა აბსოლუტურად უპირობოა, ეს გახლავთ სრულიად განსაკუთრებული მოვლენა პატრისტიკაში, მას ანალოგი არა აქვს, ამ ჟანრის ძეგლი უცნობია საერთოდ და ის მხარე, რომ აღნიშნულ ძეგლს ბერძნულში მთლიანი [13]სახით დაცულობა წილად ხვდა და ეს ტექსტი ხელმისაწვდომია, აი ამ ვითარებას გამოყენება უნდა, რომ გრიგოლ ნეოკესარიელის ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა ჩვენ არ დავუკარგოთ ქართველ მკითხველს და აუცილებლად მივაწოდოთ მას. თუმცა აღვნიშნავთ, რომ ის წერილობითი დაწვრილებითი ლექცია, რაც ჩვენ აღნიშნულ ავტორთან დაკავშირებით გვქონდა თავის დროზე, ითვალისწინებდა სწორედ ხსენებული ძეგლის აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ადგილის თარგმნას და შეიძლება ითქვას, რომ ეს მნიშვნელოვანი ადგილები ქართველი მსმენელისა და მკითხველისთვის, იქნება ეს სტუდენტი თუ დაინტერესებული პირი, დღეისათვის ხელმისაწვდომია და ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე არ აუქმებს იმ გარდაუვალ აცულებლობას, რაც გულისხმობს გრიგოლ ნეოკესარიელის უმთავრესი შრომის – “გამოსათხოვარი სიტყვის” ახალქართულად თარგმნას. ჩვენ უამრავ უძვირფასეს ცნობას და ინფორმაციას შევიძენთ ამ ჯერ კიდევ უადრესი ეპოქის, III საუკუნის შუა წლების შესახებ, იმ წლებისა და [14]იმ პერიოდის შესახებ, რომლის განმსაზღვრელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ, სწორედ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი გახლდათ.

 

 

207–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=PELap_sncmY

 

იხ. წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი - ხარებისადმი მიძღვნილი სამი ქადაგება

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 JULY 2016 15:54)