Georgian (Georgia)English (United Kingdom)
208–209

ცნობები მინუციუს ფელიქსის შესახებ

ჩვენი ბოლო შეხვედრა ეძღვნებოდა ერთ-ერთ უაღრესად რჩეულ მოღვაწეს, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელს, რომელიც დიონისე დიდთან ერთად III საუკუნის შუა წლების ალბათ ყველაზე გამოჩენილი ღვთისმეტყველია. ვფიქრობთ, რომ ამჯერად უმჯობესი იქნება ჩვენ დროებით განხილვის ეს ქრონოლოგიური გზა, გეზი შევაჩეროთ აღნიშნულ მოღვაწეებზე, შევაჩეროთ აღნიშნულ ეპოქაზე და თუნდაც ყველაზე უფრო შემოკლებული ფორმით, მაგრამ მაინც და აუცილებლად შევეხოთ ლათინურენოვან პატრისტიკასაც, ვიდრე ამ პერიოდამდე.

ეს განშტოება ქრისტიანული ლიტერატურისა და საეკლესიო ტრადიციისა – ლათინურენოვანი, რაც თანამდევი იყო ბერძნულენოვანი ძირითადი პრიმატული ხაზისა, როგორც მსმენელებმაც, [1]რა თქმა უნდა, კარგად იციან, შენარჩუნებულია ვიდრე XI საუკუნის შუა წლებამდე, როდესაც დიდი განხეთქილება ხდება ძირითადად ლათინურენოვან ქრისტიანობასა და აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორის, ანუ როდესაც რომი მთლიანად მიიდრიკება კათოლიკური ერესისკენ. მაგრამ ამ პერიოდამდე ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობას მრავალი მნათობი ჰყავს, ისევე როგორც ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლი შექმნილა. და თუმცა ჩვენ თუნდაც ქართული საეკლესიო ლიტერატურის არსებითი ორიენტირიდან გამომდინარე ყოველთვის ვინარჩუნებთ საკუთრივ ბერძნულენოვან ქრისტიანობაზე აქცენტს, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ქართულისთვის, ზოგადად აღმოსავლური ქრისტიანობისთვის, რაც არის სწორედ მართლმადიდებლური ტრადიცია არსებითად, XI საუკუნიდან, აი ამ ქრისტიანობისთვის [2]ბერძნულენოვანი პატრისტიკა იყო ის თავადი წყარო საიდანაც ეკლესიის მამათა მოძღვრებანი უწყვეტად ეფინებოდა მთელ საქრისტიანოს, მაგრამ მიუხედავად ამისა და მიუხედავად სწორედ იმ ფაქტისა, რომ ქართულენოვანი საეკლესიო ტრადიცია ბერძნულზე იყო ორიენტირებული და ასეც უნდა ყოფილიყო და ლათინურთან მას პრაქტიკულად შეხება არ ჰქონია, ჩვენ მაინც ვალდებულნი ვართ, რომ ეს დიდი ტრადიცია, ლათინურენოვანი მართლმადიდებლური ტრადიცია მცირედით მაინც მიმოვიხილოთ.

დავიწყებთ იმით, რომ ლათინურ ენაზე ქრისტიანული მწერლობის აღმოცენება, რასაც ჩვენ თავის დროზე ჟანრობრივი განხილვების ჟამს ძალიან მცირედ შევეხეთ კიდეც, უკავშირდება უადრეს ეპოქას. ბოლო ხანებამდე ითვლებოდა, რომ პირველი ლათინურენოვანი ქრისტიანული ძეგლი, რომლის დათარიღება ჩვენ ზედმიწევნით შეგვიძლია, უნდა იყოს მარტვილოლოგიური ხასიათის ძეგლი [3]“სკილიუმის მოწამეთა მარტვილობა”. ეს ძეგლი, რომელიც დაახლოებით 180 წელს არის აქტების ანუ საქმეთა სახით ჩაწერილი, როგორც აღვნიშნეთ, კარგა ხანს ითვლებოდა ყველაზე ადრეულ ლათინურენოვან ქრისტიანულ ნაშრომად. მაგრამ როდესაც გამოვლინდა მოგვიანებით ჩვენს მიერ ადრე განხილული წმ. კლიმენტი რომაელის ყველაზე მთავარი შრომის “კორინეთელთა მიმართ ეპისტოლის” უძველესი ლათინური თარგმანი, სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს თარგმანი II საუკუნის I ნახევარს ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს ძეგლი ლათინურ ენაზე ორიგინალია თუ თარგმანი, მთავარია რომ ამ ენაზე ქრისტიანული ძეგლი უკვე ხსენებული უადრესი ეპოქისთვის, II საუკუნის I ნახევრისთვის უეჭველად წარმოდგენილია და, რა თქმა უნდა, სახეზეა. შემდეგ ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ თარგმანში დადასტურებული ბიბლიური ციტატები [4]არ უნდა გულისხმობდეს საკუთრივ კლიმენტი რომაელის ბერძნული ორიგინალიდან ციტატების მთელ ტექსტთან ერთად თარგმნას, ე.ი. ბიბლიური ციტატები ტექსტთან ერთად თარგმანად კი აღარ ივარაუდება ამ ლათინური ძეგლისთვის, არამედ მიიჩნევა, რომ ლათინმა ავტორმა II საუკუნის დამდეგს თარგმნა კლიმენტი რომაელის ხსენებული შრომა, მაგრამ ის ბიბლიური ციტატეები რასაც კლიმენტი იმოწმებს მან ასევე ტექსტთან ერთად კი არ თარგმნა, არამედ უკვე არსებული ბიბლიის ლათინური თარგმანიდან დაიმოწმა შესაბამისი მუხლები. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ზოგადად ბიბლიოლოგიური სამწერლობო ისტორიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ მითითებაა იმაზე და დადასტურებაა იმისა, რომ ლათინურად შესაძლებელია ბიბლია, ანდა ცალკეული უმნიშვნელოვანესი წიგნები ძველი და ახალი აღთქმისა, ვთქვათ სახარება და ფსალმუნნი, უკვე ამ დროისთვის, I-II საუკუნეთა მიჯნისთვის [5]ლათინურად თარგმნილი იყო. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მაინც ორიგინალურ მწერლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმიტომ, რომ თარგმანი ერთია და საკუთრივ საღვთისმეტყველო ძიებებს თვითონ მოცემული ენის წარმომადგენელი ერი როდესაც იწყებს, ეს ეროვნული ცნობიერების გაქრისტიანების დამადასტურებელია. შესაბამისად ვსაუბრობთ რა ლათინურ საეკლესიო მწერლობაზე ცხადია პირველ რიგში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ენოვან ქრისტიანულ მწერლობაზე საუბრისას, ყურადღებას მივაქცევთ ორიგინალურ ლიტერატურას.

ორიგინალური ლიტრატურის კუთხით ასევე დიდი და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ყველაზე ადრეულ ლათინურენოვან საეკლესიო მწერლად მიიჩნეოდა დღესაც ყველასთვის ცნობილი ტერტულიანე, მაგრამ თანდათანობით გაღრმავებამ ტექსტოლოგიური კვლევისამ, უმრავლესობა მკვლევრებისა [6]მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ უადრეს ლათინურენოვან საეკლესიო ავტორად ჩვენ უნდა ვაღიაროთ არა ტერტულიანე, არამედ გაცილებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი მოღვაწე მინუციუს ფელიქსი. მინუციუს ფელიქსი, რა თქმა უნდა, თავის დროშიც და იმ ძველ ეპოქაშიც არ იყო ისეთი პოპულარობისა და ისეთი ავტორიტეტის მქონე, რომ სპეციალური შესწავლა და ანალიზი მოეხდინათ მისი მოღვაწეობისა, მაგრამ ის ერთადერთი შრომა რითაც ეს პიროვნება ძველთაგანვე იყო ცნობილი, სახელწოდებით “ოქტავიუსი”, თავისი თეოლოგიური სიღრმით და თავისი თუნდაც აპოლოგეტური დანიშნულებით, ანუ ქრისტიანული მოძღვრების სიტყვიერი, სამოძღვრო დაცვის დანიშნულებით, ნამდვილად გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს ვიდრე მას ექცევა. ჯერ თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთ უადრეს [7]ლათინურენოვან ძეგლში, ე.ი. ისეთი ენით შესრულებულ ძეგლში, რომელზეც ჯერ კიდევ იმ დროს ქრისტიანული უარსებითესი ტერმინოლოგია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული არ გახლდათ, ასეთი მოძღვრებითი, ღვთისმეტყველური კუთხით უცდომელი ნაშრომის შექმნა ავტორის უდავო ღრმა სულიერ მჭვრეტელობაზე და აღმატებულ გონებაზე მიუთითებს, მეტყველებს და მეტყველებს იმაზეც, რომ მართლმადიდებლური ცნობიერება ტერმინების გარეშეც კი, თუ ეს მართლაც მართლმადიდებლური ცნობიერებაა, ძალმოსილია რაღაც ფორმით მაინც, მაგრამ ზედმიწევნით და უცდომელად გადმოსცეს მოძღვრება.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ პიროვნებას – მინუციუს ფელიქსს. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ ძველთაგანვე შეუმჩნეველი იყო და მნიშვნელოვანი ცნობები მის შესახებ ცხადია ჩვენ არ მოგვეპოვება. მაგრამ ღვთის მადლით ის ერთადერთი ძეგლი, რაც მან დაწერა [8](ალბათ მეტი მართლაც არ დაუწერია), რომელსაც თუ შევისწავლით გულდასმით და გულმოდგინეთ, მისი ავტორის განსწავლულობაზე, თუნდაც განათლების გამორჩეულად მაღალ დონეზე ბევრ რამეს გვეუბნება და ბევრ რამეს გვეუბნება იმ კუთხითაც, რომ მინუციოს ფელიქსი, რომელიც როგორც ჩანს ბოლომდე ერისკაცი, არასასულიერო პირი დარჩა, ამ ერისკაცულ ცხოვრებაში მაცხოვნებელი ჭეშმარიტების წვდომის ერთ-ერთი უადრესი თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. ჩვენ მხოლოდ ორი კონკრეტული მითითება გვაქვს მინუციუს ფელიქსზე, რაც შეგვიძლია მართლაც მნიშვნელოვან ინფორმაციად ჩავთვალოთ, რადგანაც სხვა ინფორმაციები არ მოგვეპოვება და რომ არა ეს ორი უწყება უადრესი II-III საუკუნეების ავტორებისა, ჩვენ შეიძლებოდა დღეს ისიც კი ვერ დაგვედგინა, რომ ნაშრომი სახელწოდებით [9]“ოქტავიუსი” ეკუთვნოდა თუ არა მინუციუს ფელიქსს. საქმე ის გახლავთ, რომ ეს შრომა “ოქტავიუსი” მოღწეულია მხოლოდ ერთი ხელნაწერით, ესაა პარიზული კოდექსი 1661, რაც IX საუკუნეს მიეკუთვნება და ამ ხელნაწერშიც ეს ძეგლი მინუციუს ფელიქსის შრომად კი არ არის წარმოდგენილი, არამედ წარმოდგენილია როგორც მერვე ნაწილი, როგორც მერვე წიგნი დიდი, რვაწიგნად შესრულებული შრომისა, რაც ეკუთვნის III საუკუნის ავტორს არნობიუს სიკკელს, რომელსაც აქვს დაწერილი შრომა “წარმართთა წინააღმდეგ”. ეს შრომა როგორც ჩანს ჩვეულებრივ შვიდი წიგნისგან შედგებოდა, მაგრამ ეს თხზულება “ოქტავიუსი”, რომლის ავტორი მინუციუს ფელიქსი ნაკლებ ცნობილი რადგან იყო, როგორც ჩანს განუკუთვნეს [10]გადამწერთა გვიანდელ ტრადიციაში უფრო ცნობილ ავტორს არნობიუსს და უფრო ცნობილ შრომას, უკვე ხსენებულ თხზულებას სახელწოდებით “წარმართთა წინააღმდეგ”, ბოლოში დაურთეს მას როგორც მისი დამაბალოებელი ნაწილი, დამაგვირგვინებელი ნაწილი ანუ მისი მერვე წიგნი. მაგრამ რა არგუმენტები გვაქვს ჩვენ დღეს, რომ ამ რვაწიგნად მოღწეული არნობიუსის თხზულება, რვაწიგნადვე არნობიუსისა არ უნდა იყოს და ვთქვათ მერვე წიგნი უნდა გამოვაცალკეოთ შვიდი წიგნისგან და სულ სხვა ავტორს მინუციუს ფელიქსს განვუკუთვნოთ. ამის დადგენაში გვეხმარება ჩვენ სწორედ ის ორი ინფორმაცია მინუციუსის და მისი ნაშრომის შესახებ რაც ასევე უადრეს ეპოქას ეკუთვნის. პირველი ინფორმაცია მოწოდებულია ამ ორ ავტორზე გაცილებით ცნობილი (არნობიუსსა და მინუციუს ფელიქსზე) საეკლესიო ავტორის ლაქტანციუსის მიერ, რომელიც გვეუბნება: “ჩვენი მოძღვრების დამცველთა შორის, [11]რომლებსაც მე ვიცნობ მინუციუს ფელიქსს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს (სხვათაშორის ეს შეფასებანიც ვფიქრობთ ძალიან არსებითია). მისი შრომა სათაურით “ოქტავიუსი” გვიჩვენებს თუ რა ბრწყინვალე მხედარი ჭეშმარიტებისა შეიძლებოდა გამხდარიყო იგი მთლად რომ მიეძღვნა თავისი თავი ამგვარი სწავლებებისთვის”. ეს ინფორმაცია ჩვენ პირველ რიგში იმას გვაუწყებს, რომ პიროვნებას მინუციუს ფელიქსს დაუწერია თხზულება “ოქტავიუსი” და რადგანაც არნობიუსის რვაწიგნედის მერვე წიგნს სწორედ “ოქტავიუსი ეწოდება” და ეს მერვე წიგნი თავისი სამწერლობო სტილით, ტერმინოლოგიით და საერთოდ ყველა ნიშნით მთლიანად ემიჯნება დანარჩენ შვიდ წიგნს, [12]ჯერ თუნდაც ამ კუთხით გამოიყოფა მათგან და გვავარაუდებინებს, რომ ეს არნობიუსის არ უნდა იყოს. მეორე მხრივ სახელწოდება “ოქტავიუსი” მკვეთრად მიგვითითებს, რომ თუნდაც ამ, ლაქტანციუსის ინფორამციის საფუძველზე, რომ ხსენებული ძეგლის ნამდვილი ავტორი არის მინუციუს ფელიქსი. მაგრამ ლაქტანციუსის ეს უწყება მხოლოდ ამ მნიშვნელობისა არ არის, ე.ი. ამ ატრიბუციის კუთხით ოქტავიუსის ნამდვილი ავტორი ვინაა ამის დადგენის კუთხით არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი. როგორც აღვნიშნეთ მნიშვნელოვანია შემფასებლობითი კრიტერიუმის კუთხითაც, რომ მინუციუსი ყოფილა გამორჩეული მოღვაწე და როგორც აღვნიშნეთ ის ჩანს ერისკაცობაში დარჩენილა, იმიტომ, რომ ლაქტანციუსის ასეთი ნატვრითი მითითება და თავისი ნატვრის ამგვარი ფორმით გამოხატულება, რომ შეიძლებოდა იგი ბრწყინვალე მხედარი ჭეშმარიტებისა გამხდარიყო მთლიანად რომ მიეძღვნა თავისი თავი ამგვარი სწავლებებისთვისო, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ის არ გამხდარა სასულიერო პირი. ვფიქრობთ არ იქნება რაღაც [13]დიდი მიგნება, ალბათ ბევრს ენიშნება კიდეც როდესაც ამ სიტყვებს მოისმენს და აუცილებელი პარალელის ხაზგასმის გრძნობა გაუჩნდება უეჭველად, ანტონ კათალიკოსის ცნობილ სიტყვებთან შოთა რუსთაველისადმი, რომლის მიმართაც იგი ამბობს: “თუ სამ ჰსწადოდა ღმრთისმეტყველიცა მაღალ”, ე.ი. თუ მოინდომებდა იგი იქნებოდა ღმრთისმეტყველიცა მაღალ. ზოგჯერ ამაში ათასგვარი რაღაც დაკნინებითობის და უარყოფითი შინაარსის ინფორმაციას ხედავენ, თუმცა ლაქტანციუსის სიტყვების პარალელში ანტონის ეს გამონათქვამი რუსთველისადმი მხოლოდ იმ კუთხით შეგვიძლია გავიაზროთ, რომ ანტონი წუხს და ანტონს ნატვრა ამგვარი აქვს, რომ ნეტამც შოთას თავი მთლიანად ღვთისმეტყველებისთვის მიეძღვნაო, რომ რა სიმაღლეზეც არის კიდევ უფრო აღმატებული [14]სიმაღლისა იქნებოდაო. ასე რომ ანტონის ეს სიტყვები დაკნინება კი არაა შოთა რუსთაველისა, პირიქით ხაზგასმაა იმისა, რომ მან დიდ სიმაღლეებს მიაღწია, მაგრამ გაცილებით მეტსაც მიაღწევდა, ისეთს მიაღწევდა რასაც მხოლოდ თითო ოროლა თუ აღწევს კაცობრიობის ისტორიაში, მთელი თავისი ცხოვრება რომ აქეთკენ მიემართაო. ლაქტანციუსის სიტყვები არ არის დაკნინება მინუციუს ფელიქსისა, როდესაც იგი ამბობს, რომ ის გახდებოდა ჭეშმარიტად ბრწყინვალე მხედარი მაცხოვნებელი მოძღვრებისა მთლიანად რომ მიეძღვნა თავი ამგვარი სწავლებებისთვისო. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არაა დაკნინება, იმიტომ რომ იქვე ამბობს ლაქტანციუსი, რომ მინუციუს ფელიქსს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავსო. ასევე არანაირად არ არის ანტონის სიტყვები შოთა რუსთველისადმი რაიმე კნინობითი ხასიათისა, პირიქით აღმატებითი ხასიათისაა, მისთვისაც რუსთველს სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს, მაგრამ მთლიანად რომ ამ მოძღვრებისთვის მიეძღვნა თავი აი ესაა ნატვრა, [15]ესაა წუხილი ამ შემთხვევაში ანტონ კათალიკოსისა, რომ შოთას კიდევ უფრო აღმატებულ ხარისხზე ჭეშმარიტების წვდომისა და ჩვენთვის გადმოცემისა შეეძლებოდა აღსვლა. ამგვარი გახლავთ ლაქტანციუსის ინფორმაცია.

რაც შეეხება მეორე წყაროს, რომელიც ასევე გვაწვდის ძალიან ლაკონურ მინიშნებას მინუციუს ფელიქსის შესახებ, ეკუთვნის დიდ მოღვაწეს ნეტარ იერონიმეს, რომელზეც ჩვენ არაერთგზის მიგვითითებია. მისი შრომა, დაახლოებით იმ ხასიათისაა, რაც დაწერა თავის დროზე ევსები კესარიელმა, საეკლესიო ისტორიის ტიპის შრომა, მაგრამ იერონიმეს აქცენტირება მაინც სწორედ საეკლესიო მწერლებზე აქვს. ვგულისხმობთ ჩვენგან ასევე მრავალგზის ხსენებულ შრომას სახელწოდებით “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”. ნეტარი იერონიმე ერთ-ერთი აუცილებელი საინფორმაციო წყაროა დღეისათვის ჩვენთვის იმ უადრესი ეპოქის განხილვის ჟამს და, რა თქმა უნდა, მინუციუს ფელიქსთან დაკავშირებითაც [16]რომ სწორედ იგი გვაწვდის ინფორმაციას მოულოდნელი არ გახლავთ. იერონიმე, როგორც აღვნიშნეთ ძალიან ლაკონურად ამბობს: “მინუციუს ფელიქსმა, რომის რჩეულმა ადვოკატმა, დაწერა დიალოგი, სადაც იგი გადმოგვცემს დისკუსიას ქრისტიანსა და წარმართს შორის, რომლის სათაურია “ოქტავიუსი”. ეს მეორე წყარო ჩვენთვის პირველ რიგში იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მინუციუს ფელიქსის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე უფრო ინფორმატიულია, რომ მინუციუსი ყოფილა რომის ადვოკატი და თან რჩეული ადვოკატთა შორის და სხვათაშორის მისი ძეგლი ამის ნათელი დადასტურებაა, ძეგლი რომელიც უბადლო ტერმინოლოგიით, რამდენადაც ეს მისთვის იმ ეპოქაში შესაძლებელი იყო, და უაღრესად დახვეწილი სამწერლობო სტილით არის შესრულებული. მაგრამ გარდა ამისა თვით ამ ძეგლის არა მხოლოდ სათაური აქვს უწყებული იერონიმეს, მსგავსად ლაქტანციუსისა, არამედ [17]მცირედით მაგრამ მაინც შინაარსიც აქვს ნაუწყები, რომ აქ არის დიალოგი და დისკუსია ქრისტიანსა და წარმართს შორის. რატომაა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ არნობიუსის ნაშრომის მერვე წიგნად წარმოდგენილი თხზულება “ოქტავიუსი” შეიძლება მხოლოდ სათაურის გამო ვინმესთვის არ აღმოჩენილიყო სარწმუნო მტკიცებულება მისი მინუციუს ფელიქსისადმი მიკუთვნებისათვის, მაგრამ როცა უკვე შინაარსიც ვიცით, რომ ამ ძეგლში დისკუსიაა ჭეშმარიტების შესახებ ქრისტიანსა და წარმართს შორის და ეს ძეგლი მართლაც ასეთია, უკვე ეჭვის ნიშანწყალიც აღარ რჩება და მართლაც არცერთი მკვლევარი უკვე დაეჭვებული აღარ არის, რომ არნობიუსის თხზულების, სახელწოდებით “წარმართთა წინააღმდეგ”, IX საუკუნის ხელნაწერში მერვე წიგნად წარმოდგენილი ნაშრომი რომელსაც ეწოდება “ოქტავიუსი” და რომლის ამბავი სწორედ ესაა – დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ ქრისტიანსა და წარმართს შორის, ნამდვილად და უპირობოდ მინუციუს [18]ფელიქსის ნაშრომს წარმოადგენს.

აი ასეთი დაკონკრეტბანი ამ ორი მწირი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი ხდება მინუციუს ფელიქსთან და მის შრომასთან დაკავშირებით. ეს ნაშრომი “ოქტავიუსი” საკმაოდ მოცულობითია, დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია მოიძიოს მისი ქართული თარგმანი, რაც დაბეჭდილია თავის დროზე საკმაოდ ცნობილი პუბლიკაციის “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისას” II ტომში. ოღონდ ეს თარგმანი ჩვენ არ უნდა გავუიგივოთ იმ თარგმანებს რაც საერთოდ ამ სერიალში იბეჭდებოდა, რაც გამოვიდა ხუთ ტომად მოგეხსენებათ, რაც სამწუხაროდ უაღრესად მდარე თარგმანებით გახლავთ უდიდესწილად წარმოდგენილი. განსაკუთრებით II ტომის შემდეგ, როდესაც ყველა ტექსტი შესრულებულია მხოლოდ რუსულიდან. პირველ ორ ტომში ჩვენც ვთანამშრომლობდით აღნიშნული პუბლიკაციის გამომცემლებთან, მაგრამ როდესაც მათი ორიენტაცია სავსებით ცხადი გახდა, შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა აღარ გაგრძელებულა, მაგრამ ეს ძეგლი, მინუციუს [19]ფელიქსის “ოქტავიუსი”, თარგმნილი ნინო დობორჯგინიძის მიერ ლათინური ენიდან, განსხვავდება სხვა თარგმანებისგან და ჯერ კიდევ იმ ეტაპს ასახავს ამ პუბლიკაციისას, როდესაც იგი მთლად მოწყვეტილი არ იყო ჭეშმარიტი მოძღვრების გადმოცემის აუცილებელ განზრახულობას და მთლიანად იმ მდარე თარგმანებით არ შემოიფარგლებოდა. შემდეგში მხოლოდ ასეთი რამ არის სახეზე, როგორც უკვე გითხარით და ჩვენ სხვათაშორის, შესაძლოა მსმენელმაც იცოდეს, რამდენჯერმე წერილობითი გამოხმაურებაც გვქონდა სადაც აურაცხელი ცდომილებანი, დოგმატური, სტილური თუ უბრალოდ მთარგმნელობითი, წარმოვაჩინეთ აღნიშნული ასე ვთქვათ სერიალისა. მაგრამ ეს თარგმანი ნამდვილად ღირსეული თარგმანია და ყველა დაინტრესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ეს II ტომი აღნიშნული სერიალისა, თვითონ გაეცნოს ამ ნაშრომს (რაზეც ჩვენ შემდგომ საუბარში შევეცდებით რომ ვისაუბროთ), რაც დაარწმუნებს მკითხველს, რომ მინუციუს [20]ფელიქსის “ოქტავიუსის” სახით ჩვენს წინაშეა უადრესი ეპოქიდან მოღწეული და მრავალ ქარტეხილს გადარჩენილი უძვირფასესი დოკუმენტი, უძვირფასესი საღვთისმეტყველო სწავლება, საღვთისმეტყველო შრომა, რაც დღესაც ნებისმიერ ქრისტიანს ბევრ რამეს საგულისხმოს რწმენის და მოღვაწეობის შესახებ ასწავლის.

 

208–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=y3M9n2vVauI


მინუციუს ფელიქსის ნაშრომი “ოქტავიუსი”

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით ყველაზე უფრო ადრეულ ლათინურენოვან ორიგინალურ ავტორს – მინუციუს ფელიქსს და მის შრომას “ოქტავიუსს”. გარკვეული, უაღრესად მწირი მაგრამ არსებითი ცნობები ამ პიროვნებისა და მისი ნაშრომის შესახებ ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ, შევეხეთ ლაქტანციუსის უწყებას, ნეტარი იერონიმეს უწყებას და რამდენიმე საგულისხმო ფაქტი, რაც მკვლევართაგან ამ ორი უწყების საფუძველზე დადგენილია, შეძლებისდაგვარად უკვე გადმოვეცით. ამჯერად კი საკუთრივ თხზულებაზე შევჩერდებით ძალიან მოკლედ და შემდეგ ალბათ დრო დაგვრჩება, რომ უფრო მასშტაბურ ლათინურენოვან საეკლესიო ავტორზე გადავიდეთ.

მინუციუს ფელიქსის ნაშრომი “ოქტავიუსი”, როგორც აღვნიშნეთ, არის ერთადერთი ლათინურენოვანი ნაშრომი აღნიშნული ავტორისა, მას სხვა შრომა არ დაუწერია. ასევე, როგორც დღეისათვის სავსებით სამართლიანად [1]მიუთითებენ, მინუციუს ფელიქსი თვითონაა ერთადერთი ლათინურენოვანი აპოლოგეტიც ამ ტერმინის იმდროინდელი და ზოგადად ეპოქალური გაგებით. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ საეკლესიო ლიტერატურის და ეკლესიის ისტორიაში გამოიყოფა ეპოქები (რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გამოვყოფთ დღეისათვის, ანუ კვლევა გამოყოფს), რომ უადრეს ეპოქას ჩვეულებრივ უწოდებენ სამოციქულო ეპოქას, როდესაც ეკლესიის მამები უშუალო მოწაფენი არიან მოციქულებისა და არა გადმოცემითად. შემდგომ მეორე ეპოქა, რომელიც ძირითადად II საუკუნეს გულისხმობს, ესაა აპოლოგეტური ეპოქა, როდესაც საეკლესიო მოღვაწეობის ასპარეზზე წარმოჩნდებიან პირები იმ გამოკვეთილი მიზანდასახულობით, რომ ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტება დაიცვან სხვა მოძღვრებათა შემოტევებისგან. ამ სხვა მოძღვრებებში არსებითად იგულისხმება ერთის მხრივ ელინიზმი, წარმართობა ანუ იგივე კერპთაყვანისმცემლობა და მეორე მხრივ იუდაიზმი. სწორედ მათ წინააღმდეგაა მიმართული, ჩვენ ამაზე [2]საუბარი გვქონდა, ბერძენ აპოლოგეტთა ნაშრომები. რა თქმა უნდა, ბუნებრივად შეიქმნებოდა აზრი იმის შესახებ, რომ აპოლოგეტური მოღვაწეობა მხოლოდ ბერძნული არეალით არ შემოფარგლულა, რომ ის განივრცობოდა მთელ მაშინდელ ქრისტიანულ ოიკუმენაზე. მართლაც ლათინურენოვანი საეკლესიო ლიტერატურის ეს უადრესი ნაშრომი “ოქტავიუსი”, რომლის ავტორიც მინუციუს ფელიქსია, სწორედ მკვეთრად გამოხატული აპოლოგეტური მიზანდასახულობისაა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში წარმართობის წინააღმდეგ. სხვა ასეთი სპეციფიკურად აპოლოგეტური ნაშრომი ლათინურენოვანი ამ ეპოქიდან ჩვენ არ შემოგვრჩენია. რა თქმა უნდა, მომდევნო საეკლესიო ავტორს ტერტულიანეს სათაურშივე რომ იგულისხმება აპოლოგეტიკა ასეთი თხზულება დაუწერია და ჩვენამდე მოღწეულიც გახლავთ, მაგრამ აპოლოგეტური ნაწილი ნებისმიერი საეკლესიო მოღვაწის ამა თუ იმ ნაშრომშია გამოვლენილი და გამჟღავნებული. ჩვენ ვამბობთ როდესაც ამით არის მთლიანად შემოფარგლული მოღვაწე და ფორმაც ნაშრომისა მკვეთრად გამოხატავს [3]აპოლოგეტობას, ე.ი. თუ წარმართობის წინააღმდეგაა მიმართული აპოლოგია წარმართული მოძღვრებაცაა წარმოდგენილი და შემდეგ მისი მხილება, ანდა თუ იუდაიზმის წინააღმდეგაა წარმოდგენილია იუდაიზმის მოძღვრების დეტალები, იუდაური მოძღვრების ყველაზე არსებითი ელემენტები და შემდეგ საფუძვლიანი, მიზანმიმართული, თანამიმდევრული მხილება და დარღვევა ყველა იმ არგუმენტისა ანდა ფსევდო არგუმენტისა, რაც ამა თუ იმ არაქრისტიანულ მოძღვრებას თითქოსდა ახლავს. მინუციუსის შრომა, როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტულად წარმართობის წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ აქაც განსაკუთრებულობა ამ ნაშრომისა უეჭველია, რადგან თუ ბერძნულენოვანი აპოლოგიები ძირითადად ერთი ყაიდისა არიან სამწერლობო სტილის მიხედვით, მინუციუსის ნაშრომი არის დიამეტრულად განსხვავებული მათგან და ამიტომ ჩვენ კვლავ რომ გავიხსენოთ ლაქტანციუსის შეფასება მინუციუსთან დაკავშირებით, ეს შეფასება უეჭველად სამართლიანი მოგვეჩვენება ამ ფაქტზე ხაზგასმის შემდეგ, რომ მინუციუს ფელიქსს [4]სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მართლაც ამ ნაშრომში წარმართობასთან დაპირისპირება წარმოდგენილია და სახეზეა არა ორი ერთიმეორისადმი მტრულად განწყობილი მოპაექრის ფონზე, როგორც ეს აბსოლუტურად ყველა აპოლოგიაშია, არამედ სახეზეა სრულიად სხვა ვითარება. ჯერ იმით განსხვავდება მინუციუსის აპოლოგეტური ნაშრომი “ოქტავიუსი” სხვა ბერძნულენოვანი აპოლოგიებისგან, რომ ის პირველი ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით არის სიუჟეტის მქონე, ამბავია მასში, თავისთავად ძალიან მიმზიდველი, მოთხრობილი რაც ისტორიული ამბავია და არა ვთქვათ მწერლის გამონაგონი. ეს ამბავი ყველაზე უფრო შემოკლებითი სახით ამგვარი გახლავთ, რომ შეიკრიბებიან ერთად მეგობრები, სამი მეგობარი, რომელთაგან ერთ-ერთი თვით ნაშრომის ავტორია – მინუციუს ფელიქსი, ქალაქ რომში შედგება ეს შეკრება და მინუციუსის გარდა ის ორი მეგობარი გახლავთ ერთი წარმართი ცეცილიუსი და მეორე ქრისტიანი ოქტავიუსი, რომლის სახელის და [5]რომლის პიროვნული ღირსების საფუძველზე თვით ნაშრომსაც ოქტავიუსი ეწოდა. როდესაც შეიკრიბებიან, ისინი ერთად სეირნობენ. კვლავ ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს რომ ისინი მეგობრები არიან, რაც სხვათაშორის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია იმისა, რომ ქრისტიანი და წარმართი შეიძლება მეგობრობდნენ, მაგრამ ეს მეგობრობა ჭეშმარიტ მეგობრობად მხოლოდ მაშინ იქცევა თუ ის წარმართიც ჭეშმარიტების მსახური გახდება, როგორც ეს ამ ძეგლში დასკვნით ნაწილშია სავსებით ცხადად უწყებული. დისკუსიის საბაბი გახდება ცეცილიუსის საქციელი, ერთად სეირნობისას, როდესაც ეს პიროვნება დაინახავს რა სერაპისის ქანდაკებას ანუ კერპს, შორიდან მას კოცნას გაუგზავნის, რითაც თავის კერპთაყვანისმცემლურ სარწმუნოებას მკვეთრად გაუსვამს ხაზს. ამგვარი ქმედება თავისი მეგობრისა დაამწუხრებს ოქტავიუსს, ისინი უკვე ხალისით ერთიმეორეში ვეღარ საუბრობენ, თუმცა განაგრძობენ [6]გზას და მისეირნობენ. დაღვრემილი ოქტავიუსი თავისთავად შექმნის უხერხულობას მეგობრებს შორის, შესაბამისად აშკარა შეიქმნება აუცილებლობა, რომ ეს უხერხულობა გაიფანტოს, რომ მეგობრებს შორის ბარიერი არ უნდა იყოს, არადა ბარიერი აშკარაა – ერთი წარმართია, მეორე ქრისტიანი. მინუციუს ფელიქსის ვითარება ამ მომენტში გაურკვეველია, როგორც ჩანს ის მკვეთრად არ იხრებოდა არცერთ მხარეს, თუნდაც თავისი მეგობრების პატივისცემიდან თუ ანგარიშგაწევიდან გამომდინარე. როგორც არ უნდა იყოს მინუციუსის პოზიცია მკვეთრად არ ჩანს და სწორედ ამის საფუძველზე ცეცილიუსსა და ოქტავიუსს შორის შედგება ამგვარი შეთანხმება, რომ მათ დაიწყონ პაექრობა ჭეშმარიტების შესახებ ანუ იმის შესახებ თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, ცეცილიუსის სარწმუნოება კერპთაყვანისმცემლობა თუ ოქტავიუსის სარწმუნოება ქრისტიანობა. ჯერ ერთმა წარმოადგინოს მტკიცებულებანი თავისი სარწმუნოების დასაცავად და დასამტკიცებლად, [7]შემდეგ მეორემ და როდესაც ორივენი ამოწურავენ თავიანთ მტკიცებულებებს მაშინ (ასე შეთანხმდნენ ისინი) სიტყვა უნდა მისცენ საბოლოო მსჯავრისთვის მინუციუს ფელიქსს, განაწესონ იგი არბიტრად, მსაჯულად, რომ გამოიტანოს განაჩენი თუ რომელმა გაიმარჯვა და რომელი სარწმუნოების ჭეშმარიტება დამტკიცდა. ამგვარ პირობას შეთანხმებისამებრ, რა თქმა უნდა, ორივე აღიარებს, ცეცილიუსიც და ოქტავიუსიც, შემდეგ კი იწყება უკვე ასე ვთქვათ მტკიცებულებითი ნაწილი ამ ძეგლისა. ჯერ სიტყვას იღებს ცეცილიუსი, რომელიც შეუდგება წარმართული სარწმუნოების ასე ვთქვათ ღირსებათა გადმოცემას, ელინიზმისა და ელინისტური მოძღვრების ჭეშმარიტების მტკიცება. სხვათაშორის ეს სიტყვა არის იმდენად მგზნებარე ბევრ ნაწილში, იმდენად გამსჭვალული გულწრფელი დაჯერებულობით (ცეცილიუსს გულწრფელად სჯერა ამ თავისი სარწმუნოების მართებულობა), რომ ეჭვი [8]არაა მინუციუს ფელიქსი ამ შემთხვევაში უტყუარად გადმოსცემს ვითარებას, რაც მოსმენილი აქვს მას ცეცილიუსისგან, ზედმიწევნით გადმოგვცემს ყოველივე ამას წერილობით, ანუ აბსოლუტური ობიექტურობით. შესაძლოა როგორც აღვნიშნეთ მინუციუსი თვითონ იმ პაექრობის დროს მკვეთრად და გამოხატულებით ქრისტიანი არ ყოფილიყო, მაგრამ როცა ნაშრომს წერდა ის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი საეკლესიო მოძღვარი იყო. აი ასეთ პირობებშიც, როდესაც ის ობიექტურად წარმოგვიჩენს ჩვენ ცეცილიუსის ზოგ მომენტში უაღრესად გულწრფელად და მკითხველზე ზემოქმედების მომხდენ მტკიცებულებებს წარმართობის სასარგებლოდ, აი აქ უკვე ჩნდება ის უარსებითესი ნიშანი მართლმადიდებლური მოძღვრებისა, რაზეც ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, არაერთგზის გვისაუბრია, სრული აბსოლუტური ობიექტურობა. ჭეშმარიტ მამას ეკლესიისას, ნამდვილ მართლმადიდებელს არასოდეს არ აშინებს [9]პაექრობაში მოწინააღმდეგე მხარის ერთი შეხედვით უმძლავრესი არგუმენტებიც კი და შესაბამისად არასოდეს არ ჩქმალავს ამ არგუმენტებს, რადგანაც იცის, რომ ყველაზე უფრო მძლავრი არგუმენტიც კი დაიძლევა იმ ჭეშმარიტების მიერ მას რომ ხელთ უპყრია. რაც არ უნდა მძლავრად წარმოჩნდეს არგუმენტირებითი კუთხით რომელიმე მოძღვრება, მას ვისაც ჭეშმარიტების ლამპარი მართლაც უპყრია ხელთ და შეუძლია კიდეც რომ დაიცვას ეს ჭეშმარიტება, არათუ აშინებს მოწინააღმდეგე მხარის უმძლავრესზე უმძლავრესი არგუმენტები, პირიქით თვითონვე ეშურება, თვითონვე აქეზებს მოწინააღმდეგეს რომ რაც შეიძლება ძლიერი არგუმენტები მოიტანოს მან თავისი მოძღვრების სასარგებლოდ. იმიტომ, რომ როგორც ასპარეზობაზე გასული მხედარი უფრო ძლევამოსილი წარმოჩნდება თუ იგი მართლა ძლიერ მოწინააღმდეგეს დაამარცხებს, ხოლო სუსტის დაძლევა მას არანაირ ღირსებად არ ჩაეთვლება, ასევე ეკლესიური სარწმუნოების ახოვანი [10]მხედრები ყველაზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეთა ძლევას, დამარცხებას, განგმირვას ესწრაფვოდნენ და ამით არა მხოლოდ ისინი წარმოჩნდებოდნენ უაღრესად ახოვან მოღვაწეებად, არამედ მათგან დაცული და მათგან ქადაგებული ჭეშმარტიება, როგორც უმტკიცესი, უწმინდესი და უჭეშმარიტესი, მრვალთა თვალწინ ამგვარად წარმოჩნდებოდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი უძირითადესი ფაქტორი იმისა, რომ სრულიად მოკლე დროში ქრისტიანული სარწმუნოება ასე საყოველთაოდ განივრცო და აურაცხელი ამღიარებელი ამ მოძღვრებისა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში წარმოჩნდა, სწორედ ჭეშმარიტების დამცველთა ამგვარი ახოვანების, ამგვარი შეუდრეკელობისა და უძლიერეს მოწინააღმდეგეთა ძლევამოსილი დამარცხების შედეგად. მათი ღვაწლით მოუპოვეს მათ (ამგვარმა მოღვაწეებმა) ქრისტიანულ მოძღვრებას ის დიდება და ის სახელი რაც ამ მოძღვრების არსებითი ნაწილია და თვით ეს მოძღვრებაა [11]ყოველი მათგანის, ყოველი ახოვანი მხედრის დიდება და მარადიული გვირგვინი. აი ამ გვირგვინოსან მოღვაწეთა შორის ერთი მოასპარეზე, რა თქმა უნდა,  მინუციუს ფელიქსი უეჭველად გახლავთ და შესაბამისად იგი ამ ნაშრომში არათუ არ ჩქმალავს ცეცილიუსის საკმაოდ მძლავრ არგუმენტებს (ვინც წაიკითხავს ნახავს თუ როგორი დამარწმუნებელობითია ეს არგუმენტები ზოგიერთ მომენტში), რაც, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვითაა ასეთი მხოლოდ და გარეგანია, მაგრამ თუ მას საწინააღმდეგო მტკიცებულება, გაცილებით მეტად დამარწმუნებელი, არ მოვუძებნეთ და ის არ გავაქარწყლეთ, ძალიან ბევრი შეიძლება დაჯერებული აღმოჩნდეს ამ ცრუ სწავლებით, წარმართობის და კერპთაყვანისმცემლობის თითქოსდა ჭეშმარიტებით. ამიტომ მინუციუს ფელიქსს, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მოძღვარს და როგორც მხედარს ჭეშმარიტებისას, არანაირად არ აშინებს ცეცილიუსის თითქოსდა უმძლავრესი არგუმენტები, ამიტომ იცავს ის აბსოლუტურ ობიექტურობას, რადგანაც შემდეგ ყოველივე ამას უნდა მოადევნოს ოქტავიუსის [12]მართლაც ძლევამოსილი აპოლოგია ქრისტიანული მოძღვრებისა, რომლის შთაბეჭდილება ნებისმიერ მკითხველზე წარუშლელი იქნება მთელი მისი ამქვეყნიური და ალბათ იმქვეყნიური ცხოვრების ჟამსაც. მართლაც ასე წარიმართება ვითარება, ცეცილიუსი მგზნებარედ წარმოსთქვამს წარმართობის აპოლოგიას, რაც მას შეუძლია, სხვადასხვა კუთხით მტკიცებულებებს, არგუმენტებს, დამადასტურებელ უწყებებს გადმოგვიშლის საკმაოდ ვრცლად, დაასრულებს რა სიტყვას და ალბათ შინაგანი კმაყოფილების განცდაც ახლავს მას, თვლის რა, რომ დაურღვეველი არგუმენტები წარმოაჩინა. ამის შემდეგ თავისი სიმშვიდითა და გულმოდგინებით გამორჩეული ოქტავიუსი, ასევე მშვიდად და წყნარად, უდრტვინველად, აუღელვებლად შეუდგება ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტების დაცვას და ჩვენ ვხედავთ თანდათანობით როგორ ნადგურდება და როგორ აღმოიფხვრება [13]ძირფესვიანად ყველა ის ფსევდო მტკიცებულება რაც ცეცილიუსის სიტყვაში იყო წარმოდგენილი.

ეს ვრცელი სიტყვა ბოლოვდება თვით ოქტავიუსის, ამ აუღელვებელი მოღვაწის, ტონშიც აუცილებელი უკვე საღვთო მგზნებარების გამოვლინებით, ეს მგზნებარება თანდათანობით გამსჭვალავს და გაათბობს მის არგუმენტირებებს, მის მსჯელობას და როდესაც დაასრულებს ოქტავიუსი თავის აპოლოგიას, აქ ხდება განსაკუთრებული რამ, თითქოს ჯერი დგება მინუციუს ფელიქსისა, რომელმაც მსჯავრი უნდა გამოიტანოს და თქვას რომელია გამარჯვებული, მაგრამ მინუციუსს დაასწრებს ცეცილიუსი და როგორც ნაწარმოებში ვკითხულობთ, იგი წამოიყვირებს: “მე სულითა და გულით ვულოცავ ოქტავიუსს და საკუთარ თავსაც. არ დაველოდები განაჩენს, ჩვენ გავიმარჯვეთ. მეც უკანონოდ ვითვისებ ამ გამარჯვებას, ოქტავიუსმა [14]მძლია მე, მე კი ჩემს შეცდომებს”. ვფიქრობთ რომ ცეცილიუსის ეს სიტყვები არანაკლებ ღირსეულია ვიდრე ოქტავიუსის მთელი მსჯელობა, ესეც ამ პიროვნების ღირსებას წარმოაჩენს და უკვე ადვილი გასაგებია თუ რატომ იყო, რომ მიუხედავად წარმართობაში მყოფობისა ოქტავიუსს მასთან მეგობრობა არ შეუწყვეტია, ხედავდა რა მასში საღვთო ნაპერწკალს, რომელიც აუცილებლად გაღვივდებოდა და ჭეშმარიტების წიაღში აღინთებოდა. ეს სიტყვები ამის უეჭველი დადასტურებაა, თუ სათნოების რა სიმაღლეზე ყოფილა ცეცილიუსი თუნდაც იმ წარმართობის ტყვეობაში. რა თქმა უნდა, მძლეობა უდიდესი მადლია და უდიდესი სიკეთეა, მაგრამ ძლეულობის და საკუთარი შეცდომის აღიარება ყოველგვარ მძლეობაზე აღმატებული მძლეობაა, ყველაზე აღმატებული ძლევამოსილებაა და ეს გამონათქვამი რაც შემდეგში მოარულია და სხვადასხვა კუთხით ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ავტორთან ანდა პირად საუბარში, ზეპირმეტყველებაში ხშირად მოვისმინოთ, სწორედ [15]ცეცილიუსისგან მომდინარეობს, რომ “ჩვენ გავიმარჯვეთ”, რომ როდესაც ჭეშმარიტების დამტკიცება ხდება მოპაექრეთა შორის, მხოლოდ ერთი კი არ იმარჯვებს, რომელმაც მართლაც დაამტკიცა ჭეშმარიტება, არამედ იმარჯვებს ის მეორეც, თუ ის არის ამ სიმაღლეზე, რა თქმა უნდა. ზოგიერთი ისე გაკერპდება, რომ არანაირ გამარჯვებას არ გაიზიარებს, მაგრამ ვინც ღირსეულია და ვისაც აქვს თავის კაცობრივ ბუნებაში ჯერ კიდევ შთენილი საღვთო მადლიერება და ჯერ კიდევ კეთილშობილების ღვთიური წარმომავლობის ნაწილი მასში ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, რა თქმა უნდა, ის აღიარებს თავის ძლეულობას და არათუ გაუტოლდება ამით იმას ვინც მას სძლია, არამედ შესაძლოა უფრო აღემატოს კიდეც მას. ამიტომაა, რომ ცეცილიუსის ეს სიტყვები მარადიული სიტყვებია, “ოქტავიუსმა მძლია მე, მე კი საკუთარ შეცდომებს”.

აი ასეთი ღირსების ძეგლი გახლავთ ეს ნაშრომი და შესაბამისად ჩვენ ყველა მსმენელს მოვუწოდებთ, ვისაც ამის სურვილი დაებადება, რომ გულმოდგინეთ გაეცნოს ამ ნაშრომს და არაერთ სხვა უმნიშვნელოვანეს სწავლებას ნამდვილად იპოვის მასში.

 

209–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ:  https://www.youtube.com/watch?v=t_RREvH0Ieo

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button