Georgian (Georgia)English (United Kingdom)
248

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის, ნაწილობრივ IV საუკუნის დამდეგის მოღვაწეებს ვეხებით. წინა განხილვა ჩვენი მთლიანად მიეძღვნა წმ. პამფილი კესარიელს. მოღვაწეები არანაკლებ სახელგანთქმულნი იმ დროისა ასევე განსახილველია ჩვენს მიერ და მათგან ამჯერად გამოვყოფდით ცხოვრების მოვლენების მიხედვით ნაკლებად ცნობილს, მაგრამ შრომების მიხედვით გაცილებით უფრო შესწავლილს, სახელგანთქმულ მეთოდი ოლიმპელს, იგივე მეთოდი პატრელს, ანდა მეთოდი ტვირელს.

ეს მოღვაწე, როგორც მისი შრომებიდან სრულიად აშკარაა, დიდი განათლების მქონე იყო. მას მიუღია მაქსიმალურად შესაძლებელი, მაქსიმალურად ფართო განათლება თავისი დროისა და როგორც იერონიმე გვაუწყებს იგი თავდაპირველად იყო ოლიმპის ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ გახდა ტვიროსის [1]მოძღვარი. ამიტომ იგი ტვირელადაც იწოდება და ოლიმპელადაც. ამასვე გვაუწყებს ჩვენ სხვათაშორის სოკრატე სქოლასტიკოსიც თავის საეკლესიო ისტორიაში, წმ. მაქსიმე აღმსარებელიც და ეს ცნობა, დღეისათვის ზოგი მკვლევრისგან ეჭვის ქვეშ დაყენებული, საეკლესიო წყაროების მიხედვით უეჭველ მონაცემად უნდა ვცნოთ. ამიტომაა, რომ როგორც აღვნიშნეთ ნაწილი მას უწოდებს ოლიმპელს, ხოლო ნაწილი უწოდებს პატრელს. ამიტომ ის დაბნეულობა და გაუგებრობა რასაც ზოგჯერ აქვს ადგილი, რომ თითქოს სხვადასხვა არის მეთოდი პატრელი ანუ პატარელი და მეთოდი ოლიმპელი, ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული. პატარის მოღვაწედ სრულიად უეჭვოდ წარმოგვიდგენს ჩვენ მეთოდის VI საუკუნის სახელგანთქმული საეკლესიო ღვთისმეტყველი ლეონტი ბიზანტიელი თავის ცნობილ ნაშრომში სექტების შესახებ, [2]სადაც ჩვენ პირდაპირ ვკითხულობთ, რომ “მაცხოვრის, ქრისტეს შობიდან იმპერატორ კონსტანტინემდე იყვნენ შემდეგი მასწავლებლები და მამები: ეგნატე, თეოფილე, ირინეოსი, იუსტინე ფილოსოფოსი და მარტვილი კლიმენტი, იპოლიტე - რომაელი ეპისკოპოსი, დიონისე არეოპაგელი, მეთოდი, პეტრე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი და მარტვილი”. აი ასეთი ჩამონათვალი აქვს მოცემული ლეონტის სადაც იგი მეთოდის პირდაპირ უწოდეს პატარის ეპიკოპოსს. მიიჩნევა ისიც, რომ მეთოდი ორივე რეგიონში ერთსადაიმავე დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მწყემსად და ეს თითქოსდა შესაძლებელი გამხდარა დევნულების ჟამს, განსაკუთრებული ვითარების და განსაკუთრებული სირთულეების ეპოქაში და ის რომ ნეტარი მოძღვარი და მწყემსი მართლაც გადადიოდა ოლიმპიდან პატარში და აქედან [3]უკან, ამის შესახებ ჩვენ თითქმის პირდაპირი უწყება გვაქვს თვით მეთოდისგანაც, რომელიც თავის ცნობილ შრომაში “აღდგომის შესახებ”, უფრო ზუსტად ამ შრომის შესავალში თავის თავთან დაკავშირებით ამბობს: “დიოდოხოსმა ამ დღეების უწინარეს პატარში მიდიელ პროკლესთან ერთად იხილა თეოფილე”. შემდგომ იგივე მეთოდი მიანიშნებს იმაზე, რომ მან ოლიმპში ნახა მთა და ამ მთის შესახებ ორგზისაა მისგან მინიშნება თავის ალბათ ყველაზე სახელგანთქმულ ნაშრომში, რომელსაც ქართულად შეგვიძლია “ნადიმი” ვუწოდოთ, ქალწულთა ნადიმი (ამ ძეგლის შესახებ ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ). ამ იგივეობას მეთოდი ოლიმპელისას და მეთოდი პატრელისას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მაგალითად ერთი მხრივ იერონიმე და წმ. მაქსიმე აღმსარებელი [4]ჩვენს მიერ ხსენებული ნაშრომის, სახელწოდებით “აღდგომის შესახებ”, ავტორად გვისახელებენ მეთოდი ოლიმპელ ეპისკოპოსს, ხოლო იმავე ნაშრომის ავტორად ლეონტი და იოანე დამასკელი გვისახელებენ მეთოდი პატარელ ეპიკოპოსს. ზუსტად ასევე ზემოხსენებული ნაშრომი სახელწოდებით “ნადიმი” მოღვაწეთა ერთი ნაწილის მიერ ოლიმპელი ეპისკოპოსის, მეთოდისგან დაწერილად არის პირდაპირ აშკარად, ხაზგასმით მითითებული, კერძოდ ეს იერონიმეს მიერ, რომელიც იმასაც ცხადყოფს, რომ თავდაპირველად ოლიმპის, შემდეგ კი ტვიროსის ეპისკოპოსისგან დაიწერა ეს ნაშრომი, ხოლო სხვა მოღვაწეთა ცნობით იგივე ნაშრომი დაწერილია მეთოდი პატარელი ეპისკოპოსის მიერ. ასე რომ ეს ორი სამოღვაწეო ადგილი აუცილებლად ერთ პიროვნებას უკავშირდება, ჩვენ არ შეგვიძლია ამაში ეჭვი შევიტანოთ. პატარასთან მის კავშირს საკუთრივ მეთოდი პირდაპირ გვაუწყებს, როდესაც ამბობს: [5]“რამდენიმე დღით უწინარეს ჩავედი მე პატარაში მსურდა რა თეოფილეს ხილვა”. ამასთან ძველი ავტორები, როგორც აღვნიშნეთ მეთოდი პატარელსა და მეთოდი ოლიმპელს შორის მიჯნას არ აწესებენ და ხან ერთი სახელით მოიხსენიებენ მას და ხან მეორე სახელით, ანდა ორივეთი ერთად.

რაც შეეხება მის მოღვაწეობას. ჯერ თვით მეთოდის მინიშნებანი ცხადყოფს, რომ მას ბევრი წინააღმდეგობა და სირთულეები შეხვედრია და მეორე მხრივ ამაზე ჩვენ პირდაპირ მიგვითითებს წმ. ეპიფანე კვიპრელის, V საუკუნის დამდეგის, 404-405 წლებში აღსრულებულის, სიტყვები, როდესაც იგი გვაუწყებს, რომ “მეთოდი მგზნებარე მებრძოლი ჭეშმარიტებისა, მწუხარებათა გარეშე არ დარჩენილა”. [6]როგორც ჭეშმარიტი მწყემსი წმ. მეთოდი მაცხოვრისადმი სიყვარულით და მრავალი ახალმოქცეული ადამიანის აღმშენებლობის სურვილით, წერილობითაც და ზეპირადაც აღასრულებდა ღვაწლს, საკუთარი მარტვილური ხვედრით კი ნიმუშად გაუხდა შემდგომ თაობებს. ის რომ მეთოდი ჭეშმარიტად მოწამეობრივად აღესრულა, ეს უეჭველად დადასტურებულია, ამაზე მოწმობს ყველა ძველი მოღვაწე, თუმცა კი ზედმიწევნით ვერ განისაზღვრება მისი მარტვილობის წელი. მაგალითად ნეტარი იერონიმე წერს: “მან დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი ბოლო დევნულების დასასრულს (იგულისხმება დიოკლეტიანეს დევნულება), ანდა როგორც სხვები ადასტურებენ დეკიუსისა და ვალერიანეს დევნულების ჟამს”. ის რომ მეთოდი ვალერიანე იმპერატორის [7]დროს მოღვაწეობდა, ამას ადასტურებს როგორც მისი შრომები ორიგენეს წინააღმდეგ, ასევე განსაკუთრებით მისი ნაშრომი “წარმართი პორფირის წინააღმდეგ”, რომელიც (პორფირი) ვალერიანე იმპერატორის შემდეგ წერდა და არა უწინარეს 270 წლისა, ე.ი. როდესაც მისი (პორფირის) მოძღვარი პლოტინი აღესრულა. ამ პიროვნების შესახებ თავის დროზე ჩვენ გვქონდა გარკვეული მსჯელობა, პლოტინის, როგორც ნეოპლატონიზმის ყველაზე დიდი წარმომადგენლის შესახებ, რომლის მოწაფეც იყო სწორედ პორფირი, მისი ცხოვრების აღმწერი, რომელმაც დაწერა ნაშრომი “პლოტინის ცხოვრება”, გარდა თავისი საკუთრივი ფილოსოფიური თხზულებებისა. თუ ჩვენ მაინც დავინტერესდებით ცალკეული ფაქტოლოგიური მონაცემებით, შეგვეძლო აღგვენიშნა მეთოდის მოღვაწეობის დაწყების განსაზღვრისთვის ის ქრონოლოგიური ცნობები, რომ, ვთქვათ 261 წელს აღესრულება ვალერიანე, როგორც იმპერატორი (მას მოკლავენ [8]როგორც ცნობილია), პორფირი 264 წელს, როდესაც იგი 30 წლისაა შემოდის რომში და ხდება პლოტინის მსმენელი. რომიდან შემდეგ იგი გადადის სიცილიაში, არაუადრეს 270 წლისა და სწორედ ამის შემდეგ ხდება პორფირისგან ქრისტიანობის წინააღმდეგ მოქმედების გააქტიურება, წერილობითი შრომების გამოქვეყნება რაც მან უკვე სიცილიაში დაწერა. შესაბამისად მეთოდის ნაშრომი პორფირის წინააღმდეგ, რომლის შესახებაც ჩვენ ცნობას გვაწვდის ნეტარი იერონიმე, ცხადია პორფირი ფილოსოფოსის მოღვაწეობის ახლო ხანებში, ე.ი. არა უადრეს 270 წლისა, დაიწერებოდა. იერონიმე კერძოდ გვაუწყებს, რომ “პორფირის, რომელმაც ქრისტიანობას შემოუტია, ზედმიწევნით, დეტალურად გასცეს პასუხი ევსებიმ და აპოლინარიმ”, შემდეგ კი იერონიმე დასძენს: “და მათზე [9]უწინარეს ნაწილობრივ მეთოდიმაც”. ეს ნაწილობრივ ჩვენ შეიძლებოდა ასე გაგვეგო, რომ მეთოდის არ დაუსრულებია თავისი შრომა პორფირის წინააღმდეგ, სახელდობრ მარტვილური აღსრულების მიზეზით, მას მარტვილობამ მოუსწრო, ისევე როგორც ჩვენს წინა საუბარში განხილული წმ. პამფილი კესარიელს, რომელმაც ვერ დაასრულა თავისი ექვსწიგნეული, მხოლოდ ხუთი წიგნი დაწერა და მეექვსე წიგნის დაწერა დაუბარა ევსები კესარიელს, რამდენადაც მარტვილურმა ხვედრმა მოუსწრო მას. დიოკლეტიანეს დევნულების ჟამს ტვიროსის ეკლესია, როგორც ცნობილია, სახელგანთქმული გახდა თავის მოწამეთა შეუდრეკელობით. რა თქმა უნდა, ეს შეუდრეკელობა მოღვაწეებისა დიდწილად განპირობებული იყო თავად მწყემსმთავრის, მათი ეპისკოპოსის ქედუხრელობით, წმ. მეთოდის ახოვანებით, მარტვილური ღვაწლის განსაკუთრებული სიმტკიცით ამტანობის მიზეზით. [10]დღეისათვისაც, რა თქმა უნდა, მრავალი თვალსაზრისია გამოთქმული, მრავალი კუთხით შეისწავლება და გამოიძიება წყაროები მისი მარტვილობის წლის განსაზღვრის მიზანდასახულობით და როგორც უმრავლესობა მკვლევარებისა და წყაროების უმეტესობა გვიჩვენებს, მარტვილობა მეთოდისა უნდა მომხდარიყო 310 წელს, ამ წელს უნდა აღრსულებულყო იგი.

ნეტარი იერონიმე წერს ამასთან დაკავშირებით, რომ მეთოდი თავისი ბრწყინვალე და გასაგები მჭერმეტყველებით წერდა წიგნებს პორფირის წინააღმდეგ, მანვე დაწერა აგრეთვე “ათი ქალწულის ნადიმი”, ბრწყინვალე ნაშრომი ორიგენეს წინააღმდეგ “აღდგომის შესახებ” და მის წინააღმდეგვე პითონისას, ე.ი. წინასწარმეტყველი ქალის შესახებ და თავისუფალი ნების თაობაზე. მას ეკუთვნის აგრეთვე ახსნა-განმარტებანი და კომენტარები “შესაქმის წიგნზე”, “ქება ქებათას წიგნზე” და კიდევ [11]ბევრი სხვა ნაწარმოები, რომლებიც ყველგან იკითხება. ე.ი. უეჭველია, რომ იერონიმეს დროს IV საუკუნის მიწურულს მეთოდი სახელგანთქმული ავტორი იყო, საყოველთაოდ ცნობილი საეკლესიო ავტორი გახლდათ. ამასვე, შესაძლოა სწორედ იერონიმესგან, სიტყვასიტყვით იმეორებს ცნობილი ლექსიკოგრაფი სვიდა თავის ლექსიკონში და თავის უწყებაში მეთოდის შესახებ. შეფასება მეთოდისა იერონიმესგან სამწერლობო სტილისა აბსოლუტურად მართებულია, იმიტომ, რომ მეთოდის ნაწერები ჭეშმარიტად გამოირჩევა შინაარსიანი ბრწყინვალებით, ე.ი. გარეგანი ფორმა უაღრესად გამომსახველია, მაგრამ მხოლოდ გამომსახველობითი მხარე არა, შინაარსობრივი სიღრმის გამომსახველობით, ასე შეიძლება შეფასდეს მისი სტილი და სავსებით გასაგები მჭერმეტყველებით. მაგრამ გარდა ამისა მისი სამწერლობო ენის განსაკუთრებულობას და თავისებურებას, როგორც ეს შესწავლილია სპეციალისტთა [12]მიერ, ქმნის დიალექტური სიფაქიზე და ქმნის მსჯელობის ლოგიკურობა, არგუმენტირების სანდოობა და საღვთისმეტყველო ხედვის განსაკუთრებული სიღრმე. როგორც მისი ნაშრომებიდან ცხადი ხდება იგი აშკარად ღრმად იყო გაცნობილი პლატონის ნაწერებს. თვით ეს ნაშრომი “ნადიმი” უეჭველად ეხმიანება ფორმობრივი თვალსაზრისით და სახელწოდებით პლატონის ცნობილ “დიალოგს” და დიალოგური ფორმაც წმ. მეთოდის ამ შრომისა პლატონის დიალოგებს ფორმობრივად, რა თქმა უნდა, ემსგავსება. თუმცა როგორც ბევრი მკვლევარი მიიჩნევს თავისი მსჯელობის სტილით მეთოდი უფრო არისტოტელეს ენათესავება ვიდრე პლატონს, რადგანაც არისტოტელეს მსგავსად მისთვისაც დიალექტიკა, მსჯელობის სილოგისტურ-ლოგიკური მეთოდი უაღრესად საწადელი იყო, [13]ამას ესწრაფოდა და ეს ჩანს ყველა მის შრომაში. ამიტომაა, რომ წმ. ანასტასი სინელი, VII საუკუნის ეს უდიდესი მოძღვარი, მეთოდის უწოდებს სიბრძნით მდიდარს. იერონიმე ჩვენ გვაწვდის მეთოდის ნაშრომთა სიას, საიდანაც ცხადი ხდება, რომ განსწავლითი მოღვაწეობა მეთოდისა პირველ რიგში გულისხმობდა წარმართობის წინააღმდეგ ბრძოლას რწმენის დასაცავად და ამისგან განუყრელად სარწმუნოებრივ დოგმატთა გადმოცემას, შემდგომ ზნეობრივი სწავლების ჩამოყალიბებას და ბოლოს წმ. წერილის ეგზეგეზას, წმ. წერილის განმარტებას. ეს შრომები ჩვენამდე მოღწეული გახლავთ, თუმცა მოღწეულია ძირითადად სლავურ ენაზე, რაც თავისთავად უცნაური ფაქტია, იმიტომ, რომ გვიანდელი ეპოქის ქრისტიანული სამწერლობო ენა სლავური [14]იშვიათად თუ ინახავს რაიმე ისეთ ძეგლს, რაც გაცილებით უფრო ადრეული ეპოქის და ადრეული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე სხვა ქრისტიანულ სამწერლობო ენებს არ შემოენახოთ. რაც შეეხება საკუთრივ პორფირის წინააღმდეგ მიმართულ შრომას, გარდა რამდენიმე სიტყვისა, რაც იოანე დამასკელთან არის შემონახული, კარგა ხანია დაკარგულია, თუმცა რომ შემორჩენილიყო საეკლესიო მწერლობის პოლემიკური ჟანრის ისტორიისთვის, რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა.

იმ ნაშრომებიდან, რაც მეთოდისგან ჩვენამდეა მოღწეული, კვლავ აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებით ღირებულია ნაშრომი აღდგომის შესახებ, მიმართული ორიგენეს წინააღმდეგ და ნაშრომი “ნადიმი” ანდა “ათი ქალწულის შესახებ” (ორივეგვარად შეიძლება ჩვენ მას ვუწოდოთ), რომლებიც დოგმატურ-ეთიკურ სწავლებას მათი ავტორისას სრულყოფილად წარმოგვიდგენენ. ასევე დოგმატურ-პოლემიკური გახლავთ მისი თხზულება “ნებაყოფლობითი არჩევანის შესახებ”, რაც [15]მოღწეულია საკუთრივ ბერძნულადაც, თუმცა ეს ძეგლიც სრულყოფილად შენახული გახლავთ მხოლოდ ძველ სლავურ თარგმანში. აღნიშნული ძეგლი წარმოადგენს კითხვა-მიგებას და დიალოგს გნოსტიკოსებსა და მართლმადიდებლებს შორის. გნოსტიკოსთაგან ჩვენ, როგორც თავის დროზე განვიხილავდით, ერთ-ერთი გამოჩენილი გახლდათ ვალენტინუსი, ვალენტინელები ყველაზე ცნობილი სექტა იყო გნოსტიკოსთა შორის და სწორედ ვალენტინელთა და მართლმადიდებელთა პაექრობას ასახავს ეს ძეგლი. შინაარსობრივად იგი განიყოფება ორ ნაწილად, პირველ ნაწილში ხდება უარყოფა ვალენტინელთა თვალსაზრისისა იმის შესახებ, რომ მატერია არის სათავე ბოროტებისა და თანამარადიული ღმერთთან, ხოლო მეორე ნაწილში ნაჩვენებია, რომ ბოროტება ესაა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი არჩევანის ნაყოფი და არა თავისთავად არსებული. ამ ნაშრომის შესავალის შემდეგ, [16]რომელშიც თქმულია იმის შესახებ თუ რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სიტყვის, საღვთო წერილის სმენას, ვალენტინელთა სექტის წარმომადგენელი, მიუთითებს ბოროტისა და კეთილის თანაარსებობას ამ სოფელში, რომ თითქოს გვრდიგვერდ მყოფობს უკეთური და კეთილი, მწყობრად შეწყობილი, მოწესრიგებული და ყოველგვარი წესრიგისა და კანონზომიერების მიღმა მყოფი და სხვა მსგავსი მოვლენები. აი ამის მითითების შემდეგ ვალენტინელი დებულებისებრ გამოთქვამს თავის თვალსაზრისს, რომ იმ პირველის, წესრიგის, სიკეთის, სიყვარულის წყაროდ უფალს დავსახავთ, - ამბობს იგი, ხოლო ყოველივე ამის საწინააღმდეგოთა წყაროდ სხვა რამ უნდა იქნეს დასახული, კერძოდ მატერია. ფაქტობრივად ვალენტინელი გამოთქვამს პლატონის თვალსაზრისს, [17]რომ მატერია თავისთავად არსებულია, იგი ღმერთს არ შეუქმნია, ღმერთმა მხოლოდ მოწესრიგებულობა, წესი და კანონზომიერება შესძინა მას. ამავეს ამბობს სწორედ ვალენტინელი, რომ ღმერთი შემოქმედი მომწესრიგებელია მატერიისა, თავისთავად დაუსაბამოდ არსებულისა. ვალენტინელთა მიხედვით ღმერთმა, რომელმაც წესრიგი შესძინა და სიმწყობრე მატერიას, განაცალკევა კიდეც მასში რაც კარგია ცუდისგან და ეს ცუდი, თავისთავად მოუსპობელი, მატერიისგან კვლავაც ვლინდება. ესაა ვალენტინელთა აზრი. მაგრამ მართლმადიდებელი მიუგებს: “შეუძლებელია, რომ გვერდიგვერდ თანაარსებობდეს ორი შეუქმნელი დასაბამი, რადგან მაშინ აუცილებელი იქნებოდა ორისგან ერთის დაშვება, ან ის, რომ ღმერთი განყოფილია მატერიისგან ანდა ის რომ იგი მატერიისგან არ არის განყოფილი. თუკი იტყვი, რომ ეს ორი, მატერია და ღმერთი, [18]შეერთებულია, მაშინ შენ უშვებ რომ შეუქმნელი ერთია, მაშინ ეს ორი ერთის ნაწილი იქნება, რადგან არიან რა ორ ნაწილად წარმოდგენილნი, შეადგენენ არა ორ დაუსაბამოს, არამედ შეადგენენ ერთს ორ ნაწილედს. ხოლო თუ შენ იტყვი, რომ ღმერთი და მატერია განყოფილნი არიან ერთი მეორისგან, მაშინ აუცილებელი იქნება რომ მათ შორის შუალედური იყოს ვინმე, ანდა რაიმე, რითაც ისინი ურიერთისგან განყოფილნი იქნებოდნენ და თუ ეს შუალედურიც იქნებოდა, მაშინ ჩვენ სამი დაუსაბამო უნდა გვეღიარებინა და არა ორი. ხოლო თუ ვინმე მოინდომებს მესამე აზრის მიღებას შეუქმნელის შესახებ, კერძოდ იმას, რომ ღმერთი არ არის განყოფილი მატერიისგან და არცთუ ეს ორივეა შედგენილი როგორც [19]ნაწილები, არამედ ღმერთი იმყოფება მატერიაში როგორც თავის მხრივ მატერია ღმერთში, მაშინ გამოვიდოდა, რომ ღმერთი ისაზღვრება და შემოიფარგლება მატერიით და, რა თქმა უნდა, დასკვნაც იქნებოდა ის, რომ ღმერთი ჩაღრმავებულია ბოროტებაში, იმიტომ, რომ მატერია ბოროტების გამომწვევია თქვენი აზრით (მიმართავს ვალენტინელებს). ასევე თუ მატერია ოდესღაც იყო უწესრიგობაში ხოლო ღმერთმა, სურდა რა მისი უკეთეს მდგომარეობაში მოყვანა, მისცა მას წესრიგი, მაშ ცხადია, რომ თვით ღმერთი გარკვეულ დროს თვითვე ყოფილა მოუწესრიგებლობაში და უწესოებაში”. ამის შემდეგ ამ ძეგლში კვლავაც გრძელდება ყველა ზემორე დაშვების დაუსაბუთებლობა, უსაფუძვლობა და ბოლოს თქმულია: “თუკი შენი თვალსაზრისის კვალობაზე, - [20]კვლავ მართლმადიდებელი მიმართავს ვალენტინელს, მატერია უთვისებო იყო, უსახო იყო და თუ ეს სოფელი ღვთისგანაა შეწყობილი და სოფელში არის თვისებები, სახეობები, მაშინ გამოდის რომ ღმერთი ყოფილა თვისებათა ხარისხთა შემოქმედი, მაგრამ ნუთუ ფიქრობ, რომ თვისებები შეიქმნა შეუქმნელი თვისებებისგან? თუკი ღმერთმა შექმნა თვისებები შეუქმნელი თვისებებისგან და ისინი არ არიან შექმნილნი არსებისგან (არსებითი შესაქმე მათ არა აქვთ), მაშინ შენ უნდა დაუშვა, რომ თვისებები ღმრთისგან შექმნილია არაფრისგან. ამიტომ როგორღა თვლი უგუნურებად და აზრს მოკლებულად იმას, რომ ღმერთი ქმნის არაფრისგან, ღმერთი შემქნელი არის ყოველივესი სწორედ არაფრობისგან. ჩვენს შორისაც ხომ ზოგი რამ არაფრობისგან იქმნება (აქ მსმენელი ალბათ ხვდება, რომ გარკვეულ პარალელს ავლებს მართლმადიდებლური [21]მოძღვრების გადმომცემი ამ ძეგლისა ანუ თვითონ ავტორი და აქ არ იგულისხმება ბუნებითად არფრისგან შექმნა. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამ თემაზე, რომ ღმერთი როგორც ბუნებითი შემოქმედი და ბუნებითობა, ყოველივეს ბუნებითად ქმნის, ხოლო ადამიანი როგორც ქმნილება ღვთისა, მხოლოდ ჰბაძავს შემოქმედს და გარკვეული კუთხით ფორმალურად, სიმბოლურად არაფრისგან შექმნა თითქოს ადამიანის ქმედებაშიც დაინახება, რაც იმ ბუნებითი შესაქმის ქმნილებითი მიბაძვაა მხოლოდ). მაგალითად ავიღოთ არქიტექტორი, იგი აშენებს ქალაქს არა ქალაქებისგან და აშენებს ტაძარს  არა ტაძრებისგან, ხოლო თუ შენ ფიქრობ, რომ იმდენად რამდენადაც მას მზა მასალა აქვს ხელთ (იგულისხმება საშენი მასალა) და ამის გამო ის არაფრისგან [22]არ ქმნის, არამედ მასალისგან ქმნის, ცდები, რადგანაც არათუ ნივთიერება, არათუ მასალა ქმნის ქალაქს და ტაძარს, არამედ ხელოვნება”. სხვათაშორის ეს აზრი უაღრესად საყურადღებოა ხელოვნების მნიშვნელობის გამოსაკვეთად. აქ ბერძნულში არის “ტეხნე”, რომელიც ოსტატობად უფრო შეგვიძლია ვთარგმნოთ. ხელოვნებაში აქ არ ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში აუცილებლად და გამოკერძოებულად მხატვრულ ქმედებას, რა შინაარსიც დღეს ჩაიდება ხელოვნებაში. კარგად არის ცნობილი, რომ ტერმინი ხელოვნება საუკუნეების მანძილზე, ბოლო საუკუნეებამდე, XIX საუკუნემდე, არსებითად და თითქმის უდიდესწილად ხელოსნობას, ოსტატობას ნიშნავდა მხოლოდ, ისევე როგორც ყველა სხვა ენებში, მათ შორის ბერძნულშიც და ცხადია ეს სიტყვა “ტეხნე” ამ შინაარსითაა მოხმობილი მეთოდისგან. მაგრამ ოსტატურობა თავის თავში იტევს გარკვეულ ხელოვანებას და ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია აბსოლუტურად [23]გავაცალკევოთ ერთიმეორისგან ხელოვანება და ხელოსნობა, ოსტატობა და გარკვეული ხედვითი სამოძღვრო შინაარსი, რაც ოსტატობას ყოფით, უტილიტარულ დანიშნულებაზე მეტად წარმოაჩენს, უფრო აღმატებულს ჰყოფს. მაგრამ ეს ფაქტი, რომ მასალაზე არ არის აქცენტირება ჩვენს შემქმნელობით მოღვაწეობაშიც კი, გახლავთ უაღრესად საყურადღებო. კვლავ აღვნიშნავთ, ზოგადად დოგმატურად ნებისმიერი ქმნილების, რა თქმა უნდა, და ამ შემთხვევაში ადამიანი იგულისხმება, მოქმედება ცხადია შემოსაზღვრულია, ძალასთან ერთად უძლურების შემცველიცაა აუცილებლად და ადამიანის შემქმნელობითი საქმე არასოდეს არ ასულა იმ სიმაღლემდე, რომ არაფრისგან შექმნა მისთვის შესაძლებელი გამხდარიყო. ეს ყოვლად შეუძლებელი გახლავთ მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ ესაა ის ბუნებითი შესაქმე, რაც მხოლოდ ღვთის ყოვლისშემძლეობის [24]დასტურია. ადამიანი ქმნის უეჭველად უკვე არსებული მასალისგან, უკვე არსებული ნივთისგან, მაგრამ თუ ჩვენ მაინც რაღაც მიბაძვითად ამ საქმეში საღვთო ყოვლისშემძლეობითი შემოქმედების ანარეკლს დავინახავთ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი თუ შესაქმეში ადამიანის შემოქმედებით ღვაწლში გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ აზრს განვუკუთვნებთ და არა მასალას, და ამ ძეგლში სწორედ ესაა უბრწყინვალესად ჩამოყალიბებული, რომ მართალია ადამიანი მასალას იყენებს თავისი განზრახვის ხორცშესასხმელად, როდესაც ის შემქმნელობით საქმიანობას ეწევა, მაგრამ ეს მასალა კი არ არის შემოქმედი, არამედ შემოქმედი ეს ადამიანია თავისი აზრით. ანუ ამ ძეგლის სიტყვები რომ გავიმეოროთ, “არათუ ნივთიერება, მატერია, აღაშენებს ქალაქებსა და ტაძრებს, არამედ ოსტატობა, იგივე ხელოვანება”.

აი ამგვარი მსჯელობა ამ ძეგლისა მრავალი სხვა ასპექტით იჩენს [25]თავს. ეს გახლავთ აღნიშნული კუთხით დოგმატურ-პოლემიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველხარისხოვანი საღვთისმეტყველო ძეგლი უადრესი ეპოქისა. ჩვენ სხვა ციტატების მოტანა ამ შემთხვევაში დროის უკმარისობის გამო არ შეგვიძლია, მხოლოდ ხაზგამით კვლავ მივუთითებთ იმას, რომ მეთოდი პატრელის, მეთოდი ოლიმპელის ხსენებული ნაშრომის და ადრეხსენებული ორი ნაშრომის სახით საქმე გვაქვს უდიდესი ღვთივსულიერი მოძღვრის საღვთისმეტყველო ღვწის ღირსეულ ნაყოფთან, რომლებიც დღეისათვის მივიწყებულნი, კვლავაც იმსახურებენ იმას, რომ თავდაპირველი სიდიადით კვლავ გაბრწინდნენ და ეს დავიწყების მტვერი ამ ნაწერებს გადაშორდეს.

სხვადასხვა შემთხვევებში ჩვენ ამ ნაწერებიდან, განსაკუთრებით თხზულებიდან აღდგომის შესახებ, მნიშვნელოვანი ციტატები მოგვიტანია, სახელდობრ როდესაც ხატის საღვთისმეტყველო რაობას შევისწავლიდით [26]და გადმოვცემდით, მაგრამ ცალკეული ციტატები, რა თქმა უნდა, ოდნავადაც ვერ იტევს მთელი ძეგლის, მთელი თხზულების მნიშვნელობას და ეს ძეგლები რაც მოღწეულია, ამ შემთხვევაში ბერძნულ ენაზე, ჩვენი აზრით ქართულად აუცილებლად უნდა ითარგმნოს. მითუმეტეს ენა წმ. მეთოდი ოლიმპელისა იმდენად გამომსახველია, იმდენად მჭერმეტყველურია და იმდენად დამტევია შინაარსისა, რომ ორაზროვნებისგან თავისუფალია ფაქტობრივად თითქმის ყველა შემთხვევაში მთარგმნელი და შესაძლებლობა არის იმისა, რომ მეთოდი ოლიმპელის, მეთოდი პატრელის საღვთისმეტყველო სწავლებანი თარგმანშიც სრულყოფილად იქნეს დატევნილი და შენარჩუნებული.

 

 

248–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=-UrKGrOEhNI

 

იხ. წმიდა მეთოდი ოლიმპიელი - თქმული მეორედ მოსვლისათვის

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 07 June 2016 14:04)