Georgian (Georgia)English (United Kingdom)
251–252

პირველი ნაწილი

ჩვენს წინა ორ საუბარში შეძლებისდაგვარად შევეხეთ იმ უმთავრეს ნიშან-თვისებებს, რითაც ხასიათდება ახალი ეპოქის დასაწყისი, IV საუკუნის I ნახევრიდან. ცალკე საუბრებად განვიხილეთ ერთი მხრივ გარეგანადაც მკვეთრად გამოხატული ნიშანთვისება, რაც გულისხმობს ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფოებრივად აღიარებას IV საუკუნის I ნახევარში რომის იმპერიაში და რომის იმპერიის კვალობაზე, როგორც ნიმუშის კვალობაზე სხვადასხვა ქვეყნების მიერ ნაბიჯის გადადგმას სახელმწიფოებრივი გაქრისტიანებისკენ.

მეორე ნიშნად შევეხეთ იმ უდიდეს მოვლენას, რაც გულისხმობს მსოფლიო კრებათა ეპოქის დაფუძნებას, მნიშვნელოვნად დაკავშირებულს პირველ ნიშან-თვისებასთან, რადგანაც, როგორც აღვნიშნავდით, ქრისტიანული სარწმუნოების მიერ სხვა სარწმუნოებებზე, ყველაზე მეტად დაპირისპირებულებზე მასთან, [1]გამარჯვების მოპოვების შემდეგ (აქ გამარჯვებაში კვლავ აღვნიშნავთ ვგულისხმობთ წარმართობისა და იუდაიზმის წინააღმდეგ გამარჯვებას) უკეთურებამ განყოფის, პაექრობის, ურთიერთბრძოლისა და  უმკვეთრესი დაპირისპირების მარცვალი თვით ქრისტიანთა შიგნით გააღვივა და იმ მასშტაბის გაუკუღმართება აღმოცენდა, როგორიც გახლავთ არიანელობა, წყლული და ავადმყოფობა, უაღრესად დიდი საშიშროების შემცველი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში აღმოცენდა. მაგრამ აქაც იმძლავრა საღვთო წინაგანგებამ და უკეთურების ამგვარ, უაღრესად მზაკვრულ ჩანაფიქრს კიდევ უფრო აღმატებული კეთილი ნაყოფი მოადევნა, იმ უკეთირებისგან, რა თქმა უნდა, მოულოდნელად და უნებურად, რაც გახლავთ მსოფლიო კრების მოწვევა, რადგანაც იმ წყლულს სხვა მაშტაბის რამ მაკურნებელი საშუალება ვერ უშველიდა. თუმცა კი უფრო ადრე ადგილობრივი კრებები ჩვეულებრივ ცალკეულ გაუკუღმართებებსა და ცალკეულ [2]სნეულებებს განკურნებდნენ ხოლმე, ეს იყო მათი დანიშნულება, მაგრამ როდესაც წყლული იმ მაშტაბისა გახდა, რომ ადგილობრივი კრება ვერ განკურნებდა მას, მსოფლიო კრება ღვთის განგებით მოწვეულ იქნა 325 წელს ქალაქ ნიკეაში და ამით დაფუძნდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, რამაც თავის მხრივ ორმხრივი, ორი კუთხით განმგმირავი დარტყმა მიაყენა უკეთურებას. ერთი მხრივ გარეგანადაც გამოვლენილი პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც მსოფლიო კრებებმა სხვადასხვა დროს ძველ ქართულად რომ ვთქვათ ჟამითიჟამად გამოვლენილი სამოძღვრო ანდა საღვთისმსახურო გაუკუღმართებანი დაუფარავად ამხილეს და დაამხეს და მეორე მხრივ გარეგანი პოლემიკური გამოხატულების გარეშე, თუნდაც ე.წ. განყენებული წესით მოძღვრების, ჭეშმარიტი სწავლების ზედმიწევნითი ფორმულირებითა და დებულებითი კუთხით გამოთქმის შედეგად მატერიალურ სიტყვაში [3]ზედმიწევნით ჩამოაყალიბეს და გადმოსცეს მაცხოვენებლი სწავლება და ამითაც არაპირდაპირ სწორედ უკეთურება განგმირეს. რადგან, კვლავ აღვნიშნავთ, უკეთურება სწორედ ამას ებრძოდა, ამისთვის ხელის შეშლა იყო მისი მიზანი. მაგრამ მხოლოდ ეს ორი ნიშანი, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს ამ ეპოქას, ჩვენს წინაშე სახეზეა მესამე, ამგვარადვე მასშტაბური და მკვეთრად გამოხატული ნიშან-თვისება, IV საუკუნის I ნახევრიდანვე საფუძველდადებული და დაფუძნებული, რაც წინარე ორი ნიშან-თვისების მსგავსად ასევე უმჭიდროესად დაკავშირებულია ეპოქასთან, თუნდაც ამ ორ, ჩვენს მიერ გამოყოფილ, ნიშან-თვისებასთან. განსაკუთრებით პირველ ნიშან-თვისებას გავიხსენებთ კვლავ იმიტომ, რომ ორივე ეს ნიშან-თვისება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მსოფლიო კრებათა ეპოქაც და ისიც რაზეც განხილვა გვექნება, იმ პირველიდან გამომდინარეობს.

როდესაც ქრისტიანული სარწმუნოება [4]სახელმწიფოებრივად აღიარებული გახდა რომის იმპერიაში და საკუთრივ ამ იმპერიის ფარგლებით ქრისტიანობისთვის არათუ მოწამეობრივად აღესრულებოდა ვინმე, არათუ სიკვდილით ისჯებოდა უკვე, არამედ პირიქით ეს გახდა ქებისა და ხოტბის საგანი, ჭეშმარიტი ქრისტიანული მოღვაწეობა, და აღმატებული ქრისტიანები არათუ იდევნებოდნენ, არამედ დიდი დაფასების ქვეშ იყვნენ, ამ ვითარებამ წინარე მარტვილურ ეპოქას ფაქტობრივად, ყოფითი თვალსაზრისით, სოციალური კუთხით, რომის იმპერიის მაშტაბით ზღვარი დაუდო. პირველი სამი საუკუნე მოიცავს მარტვილურ ეპოქას და მთავრდება იქ, მაგრამ როცა ქრისტიანობისთვის აღარავინ აღარ გდევნის, რა თქმა უნდა, უკვე მარტვილურად აღსრულების ყოფითი საფუძვლები აღმოფხვრილია. მაგრამ რჩება სულიერი საფუძველი მარტვილობისა, თუ ესა თუ ის ქრისიტანი ყოველწამიერად მარტვილი არ არის ეკლესიური სწავლებით ის არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, მაგრამ მარტვილობა თვითონ არ არის ერთჯერადი [5]და ცალსახა გააზრებისა. ერთია ფიზიკურადაც, გარეგნულადაც გამოხატული და აღსრულებული მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი, როდესაც ადამიანს მართლაც თავი მოეკვეთება, როდესაც ადამიანი ფიზიკურად განიგმირება, ფიზიკურად იქნება მოკვდინებული, რაც არის მაცხოვართან თანაჯვარცმის, მასთან თანასიკვდილის, თანადაფლვის არა მხოლოდ სულიერი აღსრულება, არამედ ხორციელიც, ხორციელადაც ამგვარი პირი, მოწამე, მაცხოვრის ღვაწლსაა მიდევნებული, თანამოღვაწეა მაცხოვართან. ამიტომაა, რომ მარტვილნი, რომლებიც ორივე კუთხით აღასრულებენ თანამოღვაწეობას უფალთან, ე.ი. ხორციელი კუთხითაც თანაეწამებიან მასთან ერთად, მაგრამ სულიერადაც თანამრტვილნი არიან, ისინიც უდიდეს ტკივილს იღებენ თავის თავზე, სულიერადაც მოღვაწეობენ და არა მხოლოდ ფიზიკურ სატანჯველს დაითმენენ. ამიტომაა რომ მარტვილნი უაღმატებულესნი არიან წმინდანთა კრებულში, [6]მარტვილური ხარისხი და გვირგვინი ყოვლითურთ საწადელია და ყველაზე აღმატებული მადლისა და მისაგებელის ანუ საზღაურის ჯილდოს მიმნიჭებელი ამ ღვაწლის დამთმენისა და აღმსრულებლისათვის.

მაგრამ დამთავრდა მარტვილური ეპოქა, ფიზიკურად მარტვილური ეპოქა, როდესაც ადამიანს ქრისტიანობის აღსარებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით კლავდნენ, თუმცა არ დამთავრებულა, კვლავ აღვნიშნავთ, ის სულიერი დაუცხრომელი სწრაფვა მაცხოვართან თანამარტვილობისკენ. აღვნიშნავდით, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ამით ადასტურებს თავის ქრისტიანობას, რომ მან მაცხოვრისგან გავლილი ამქვეყნიური მოწამეობრივი ცხოვრება თავის თავშიც უნდა განვლოს, თანამოწამე უნდა გახდეს მაცხოვართან ერთად, მასთან თანაჯვარცმული და თანადაფლული, რომ მასთან ერთადვე აღდგეს, ანუ მთლიანობაში თუ ვიტყვით თანამოღვაწე უნდა იყოს მაცხოვნებელი ღვაწლისა. და ჩვენ ვხედავთ, რომ IV საუკუნის [7]I ნახევარში, შეიძლება ითქვას სრულიად მოულოდნელად, რა თქმა უნდა, არა იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად უცნობია მანამდე, არამედ იმ გაგებით, რომ მყისვე ისეთ მასშტაბებს იძენს, რაც დაუჯერებელია ზოგადი, ყოფითი თვალთახედვით, აი ამგვარი მოვლენა აღმოცენდება და ეს გახლავთ განდეგილობა, მეუდაბნოებითი მოღვაწეობა, სოფლის დატოვებისკენ და უდაბნოში მკვიდრობისკენ დაუცხრომელი წადილი და ფაქტობრივად ესეც მოძრაობად წარმოჩნდება. ამას სხვა სახელს ჩვენ ვერ ვუწოდებთ, ეს არაა უბრალოდ მოვლენა, ესაა მოძრაობა, რამაც თითქმის დაუყონებლივ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, მთელი ქრისტიანული მსოფლიო მოიცვა, ისე რომ თუნდაც ნახევარი საუკუნის შემდეგ წარმოუდგენელი ხდება ისეთი ეპოქის დაშვება ეკლესიის ისტორიაში, როცა განდეგილობა არ არსებობდა, იმდენად შეესისხლხორცება ქრისტიანულ ღვაწლს განდეგილური სახე მოღვაწეობისა.

[8]ზოგჯერ განდეგილობა გაიგივებული ხდება ასკეტიზმთან. ჩვენ ნაწილობრივ ამაზე თავის დროზე საუბარი გვქონდა, როცა ასკეტურ ლიტერატურას განვიხილავდით. რაღაც გაგებით ეს სწორია იმიტომ, რომ IV საუკუნიდან ბერძნული ტერმინი “ასკეზის” ფაქტობრივად ამ შინაარსით იტვირთება, მთლიანად ამ შინაარსით განიმსჭვალება, მაგრამ მაინც ასკეტიზმი უფრო ფართო მოვლენაა და ასკეტიკა უფრო ფართო ტერმინია, ვიდრე განდეგილობა. განდეგილობა არის თავისი ნამდვილი დაჭეშმარიტებული მნიშვნელობით ერთ-ერთი უაღმატებულესი სახეობა ასკეტური ღვაწლისა, მაგრამ არა ერთადერთი. ეს ურყევი აზრია, რომ ასკეტიზმი და ქრისტიანობა განუყოფელია, მოციქულნი ასკეტნი იყვნენ, ძველი აღთქმის მართალნი ასკეტნი იყვნენ, ყველა ქრისტიანი პირველი საუკუნიდანვე ასკეტია, ანუ რასაც ეს ტერმინი იტევს თავის თავში ყველა ქრისტიანი თავშეზღუდულია ამქვეყნიური სიამეებისგან, აი ესაა არსობრივად [9]ასკეტიკა, ამა ქვეყნის სიამეთაგან, ამა ქვეყნის საცდურთაგან განდგომა. თუმცა ეს განდგომა შეიძლება სულიერად ხდებოდეს თვით ერში და ესეც ასკეზისია თავისთავად ცხადია, როდესაც ადამიანი დაითმენ ამა ქვეყნის სიამეებს, არ განიმსჭვალები ამ საცდურით და ჭეშმარიტებას მიაპყრობ სულიერ ხედვას. ამგვარად მოღვაწეობდნენ ქრისტიანები ვიდრე IV საუკუნის I ნახევრამდე, მაგრამ ამ დროს ამგვარმა ასკეტურმა ღვაწლმა, ვნებათდათრგუნვის მოღვაწეობამ მკვეთრად გამოხატული ახალი სახეობა შეიძინა, რომ ფიზიკურადაც მოხდეს განშორება ამა სოფლისგან, არა მხოლოდ ჩვენს თავში სულიერად დავთრგუნოთ ეს სოფელი, ვიმყოფებით რა თვით სოფლის წიაღში, არამედ რაოდენ ძალგვიძს ფიზიკურადაც განვეშოროთ სოფელს. ეს განშორება სოფლისა არ გულისხმობს ღვაწლისგან თავის გარიდებას, ბრძოლისგან გაქცევას. პირიქით ასპარეზობაზე და საასპარეზო [10]მოედანზე მხედრის შესვლას მოასწავბეს სოფლისგან განდგომა იმიტომ, რომ სოფლისგან ფიზიკურად განდგომილი, საცდურთაგან განდგომილი, რა თქმა უნდა, ამ საცთურთა წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეწყვეტს რადგან ეს საცთურნი კიდევ უფრო შემტევნი ხდებიან მისდამი სოფლისგან განდგომის შემდგომ. ხდებიან იმიტომ, რომ ისინი ასე ვთქვათ შემოინახებიან მის აზრებში და როგორც ღამეში უეცრად ანთებული ვარსკვლავები, ისინიც ამ მოღვაწეთა გონებაში, როდესაც ეს მოღვაწე დატოვებს სოფელს, უეცრად მეტეოროებივით გაიელვებენ და გაცილებით დამწველნი და ძნელად განსარიდებელნი ხდებიან და ძნელად საბრძოლველნი, ძველ ქართულად რომ ვთქვათ ძნიად საბრძოლელნი, რადგანაც გაცილებით მკვეთრია მათი შეხება მოღვაწისადმი. მანამდე ისინი თითქოსდა ჩამქრალნი არიან იმიტომ, რომ როცა საკუთრივ საცთურის წიაღში, სოფლის შიგნით არის [11]პიროვნება, ეს სოფელი აფერმკრთალებს მათ, თვითონ სოფელია ყველაზე დიდი საცთური, ე.ი. ეს სოციალური ცხოვრება აურაცხელ საცთურს იტევს თავის თავში და ეს საცთურთა სავაჭროა, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რადგან უკეთურებას აქ გამოფენილი აქვს ასე ვთქვათ გასაყიდად, ხსენებული მოღვაწის სახეობრივი მეტყველების თანახმად, სხვადასხვა საცთური და ეს სოფელი ამგვარად სავაჭროა ანუ გასაყიდი ადგილია და ჩვენ ჩვენდა უნებურად ამ საცთურთ მრავლად ვყიდულობთ. ამ სავაჭროში შინაგანად ჩვენში დამკვიდრებულნი საცთურნი თითქოსდა გაფერმკრთალებულნი არიან, მაგრამ რაწამს ამ გარეგან საცთურს დავტოვებთ, საცთურის ადგილს განვეშორებით და ჩვენს შინაგან მდგომარეობას მივაპყრობთ გულისყურს, მყისვე აელვარდებიან, აენთებიან და გაცილებით მკვეთრი, გაცილებით დამწყველი და მხურვალე ხდებიან ისინი, დამშანთავნი, როდესაც შეგვეხებიან. ამიტომ აღვნიშნავთ, [12]რომ სოფლიდან განდგომა ეს მოღვაწეობის ასპარეზობაზე შესვლაა, საკუთარი თავის შიგნით ჩაღრმავებაა და იმ უკეთურებათა, იმ უკეთურების მოპირისპირეთა და მტერთა წინააღმდეგ უკვე ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმაა, რაც თუ არ განვლო მოღვაწემ ისე იგი საუფლო დიდებას ვერ მიეახლება. ჩვენ რაც არ უნდა გარეგანად გამოფენილი საცთური მოვიკვეთოთ ჩვენგან, თუ ეს საცთური შინაგანად არ აღმოიფხვრა ჩვენი გონებისგან, რა თქმა უნდა, ძლევა და გამარჯვება მოპოვებული ვერ იქნება. აი ესაა ის უდიდესი ცნობიერება, რაც მიიღეს განდეგილობას დაშურებულმა საეკლესიო მოღვაწეებმა. მათ უღრმესად გაითვითცნობიერეს ის ფაქტი, რომ საკუთარ თავში უნდა აღმოფხვრან ფესვები, ანკესები ამოდებულნი ამ საცთურთაგან, მათგან უნდა გაითავისუფლონ საკუთარი სული, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდნენ და მხოლოდ გარეგანად გამოვლინებულნი საცთურნი [13]არ უნდა იყოს მათი ბრძოლის საგანი. აი ესაა მთავარი გეზი მათი სწრაფვისა. ისინი უშუალოდ საცთურთა მოთავის წინააღმდეგ ბრძოლაში ებმებიან, რადგანაც თუ ამა სოფელში, კვლავ აღვნიშნავთ, საცთურთმოთავე და საცთურთდასაბამი უკეთური ძალა თვითონ შეიძლება უშუალოდ არავის ებრძოდეს, მაგრამ ნივთიერ საცთურთ გამოფენს რა, მათი მეშვეობით ებრძვის არაპირდაპირ ადამიანებს, მაგრამ როდესაც ამ გარეგანად გამოვლენილ შუამავალ საცთურებს ადამიანი დაუტევებს, იგი უშუალოდ იმ პირველ ცთომილის და პირველმაცთუნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად განეწყობა როგორც ახოვანი მხედარი და ესაა ბრძოლათა შორის ყველაზე უფრო უმძაფრესი და უმძიმესი. ასე გაიაზრება სოფლის დატოვება მოღვაწეთაგან. კვლავ აღვნიშნავთ, თავისთავად ცხადია, არა ბრძოლისგან და ასპარეზობისგან გაქცევა, თითქოს ასპარეზობა თვითონ ეს სოფელია მხოლოდ, [14]არამედ, ჩვენ ასე შეგვიძლია ვთქვათ, ასპარეზობის გარეგანი სახისგან განრიდება, რომ შიგნით მოვიგოთ ბრძოლა. ჩვენს საზღვრებს გარედან რომ ებრძვის მტერი, იმ გარედან მებრძოლი მტრის დამარცხება მანამ შეუძლებელია და ან და თუნდაც დავამარცხოთ არაფერს არ ნიშნავს, თუ შიგნით, ჩვენი სამშობლოს შიგნით და ჩვენი სამყოფელის, ჩვენი სავანის შიგნით ბრძოლა არ მოგვიგია. თუ იქ დამარცხებულნი ვართ მტრისგან, გარეშე მტერმა გინდ დაგვამარცხოს გინდ არა, უკვე მაინც დამარცხებულნი ვართ. ამიტომ არსებითია შინაგანი ბრძოლის მოგება, ამიტომ გარეგან ბრძოლას ტოვებენ რა, ანუ უშუალოდ ნივთიერ საცთურთა ხედვას მათ ყოველდღიურ შეხებას განეკრძალვიან რა წმინდანნი, საკუთარ სულში გადააქვთ ხედვა, იქ ჭვრეტენ ასპარეზობას და იქ იწყებენ უფლისმიერი მადლითა და შეწევნით ძლევამოსილ [15]შერკინებას უკეთურების წინააღმდეგ. მაგრამ რატომ, ასე ვთქვათ, გაწირეს მათ საკუთარი თავი ასეთი უმძიმესი ხვედრისთვის, ასეთი უმძაფრესი ბრძოლისათვის? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, და ესაა არსებითი საფუძველი განდეგილობის აღმოცენებისა, რომ საკუთარ სულში აღსრულებული უმძიმესი ბრძოლის შედეგად მაცხოვართან თანამოწამეობა, მაცხოვართან თანაჯვარცმა და თანადაფლვა გამოეცადათ, რომ მაცხოვართან ერთად აღდგომის სიხარული, ანუ უკეთურებაზე ძლევის და გამარჯვების სიხარული, მიეღოთ და იმავე გვირგვინისა და იმავე ჯილდოს ღირსნი გამხდარიყვნენ, რა გვირგვინიცა და ჯილდოც უფრო ადრეულ საუკუნეებში და, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ შემდეგშიც, ფიზიკურად აღსრულებულმა მარტვილებმა მოიპოვეს. ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ მარტვილობა ეს არ იყო მხოლოდ გარეგანი მოვლენა, რომ ვიღაც ებრძვის ქრისტიანს აღმსარებლობის გამო და ეს ქრისტიანი [16]არანაირად თავის სარწმუნოებას არ თმობს და ამიტომ მარტვილურად აღესრულება. მარტვილობა პირველ რიგში იყო შინაგანი მოთხოვნილება ყველა ქრისტიანისა, რადგანაც სხვაგვარად ის მაცხოვრის მსგავსი ანუ ქრისტიანი, ქრისტეს მიმდევარი ვერ წარმოჩნდებოდა. პირობითი შედარება რომ გავაკეთოთ, ნებისმიერი ადამიანის მიმდევარი ისაა, ვინც მის ღვაწლს გაიმეორებს, ქრისტეს მიმდევრობა კი ქრისტეს მიერ განვლილი გზის მიდევნებას გულისხმობს. ხოლო ეს განვლილი გზა სხვა არაფერია თუ არა ჭეშმარიტების წინაშე კაცობრიობის გამოხსნისათვის თავის შეწირვა, თვითშეწირვითი ღვაწლის აღსრულება არის დადასტურება მაცხოვართან თანამოღვაწეობისა, ქრისტიანობისა. და რადგანაც IV საუკუნის I ნახევარში ამგვარი ღვაწლის აღსრულების ყოფითი მიზეზი მნიშვნელოვანწილად მოისპო იმიტომ, რომ ქრისტიანობის აღმსარებლობისთვის არავინ არ ჰკვეთს თავს არავის, მაგრამ დარჩა კი [17]შინაგანად დაუცხრომელი წადილი მაცხოვართან თანამოწამეობისა და მაცხოვრის თვითშეწირვითი ღვაწლის მიმსგავსებისა, შესაბამისად მათ თვითვე, ე.ი. იმ პირებმა რომლებიც მეუდაბნოენი გახდნენ, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ აღიშურვეს ასეთი ღვაწლისათვის, თვითვე საკუთარი თავი განაჩინეს და განაკუთვნეს იმ ასპარეზობისთვის, რაც სწორედ ღვაწლს ნიშნავს. ბერძნულში სხვათაშორის ღვაწლი და ასპარეზობა ერთიდაიმავე ტერმინით აღინიშნება, ესაა “აგონ” და ქართულადაც მოღვაწე ჩვეულებრივ რაღაც საქმის შემსრულებელს კი არ ნიშნავდა, არამედ სწორედ ბრძოლის გადამხდელს, ღვაწლი ნიშნავდა ბრძოლას, ასპარეზობას, ხოლო მოღვაწე, ბერძნ. “აგონისტს”, ანდა ზოგჯერ “ათლეტეს”. დღეს რომ ტერმინია “ათლეტი” ეს სწორედ ეკლესიური წიაღიდან მომდინარეობს ამ შემთხვევაში. “ათლესის” ნიშნავდა ღვაწლს, ანუ ასპარეზობას და “ათლეტეს” ბერძნულში იყო მოასპარეზე, ახოვანი მხედარი. აი ეს [18]ათლეტიზმი და აგონიის აღმსრულებლობა, ანუ იგივე ღვაწლი ძველ ქართულად, გულისხმობდა ბრძოლას უკეთურების წინააღმდეგ, რომ დაედასტურებინა პიროვნებას საკუთარი ერთგულება მაცხოვრისადმი და მასთან თანამოღვაწედ წარმოჩენილიყო. ანუ უფალი თავად მხედართმთავარია, ხოლო პიროვნება, ჯარისკაცი რომელიც მის სულიერ ლაშქარშია, ახოვნად ებრძვის უკეთურ მტერს, ანუ როგორც პავლე მოციქული ამბობს არა ხორცშესხმულ ვინმე პიროვნებებს, არამედ სულიერ ძალებს, რომლებიც მაცხოვრის სიტყვისებრ ლოცვისა და მარხვის გარეშე არ განიდევნება. ხოლო ლოცვა და მარხვა გახლავთ სწორედ ის სახეობანი ღვაწლისა, რაც ყველაზე უფრო გამოკვეთილად განდეგილთა შორის გამოვლინდა, როგორც ასპარეზობის ჟამს ჭეშმარიტი მხედრის ყველაზე უფრო ძლიერმოქმედი იარაღები.

ასე დაინახება განდეგილობის [19]აღმოცენების სულიერი საფუძვლები. თუმცა მხოლოდ სულიერი საფუძვლებით განდეგილობა არ განიმარტება მკვლევართაგან. უძებნიან მას ყოფით საფუძვლებსაც, რაც გარკვეულწილად გამართლებულია. თუმცა იმ ყოფითი საფუძვლების მიზეზები, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, კვლავაც სულიერია, მაგრამ ამ ყოველივეზე ჩვენ შემდგომ შეხვედრაზე ვისაუბრებთ.

 

251–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=1JXJBHPBy9c

 

მეორე ნაწილი

ჩვენ განვიხილავდით IV საუკუნის I ნახევრიდან ეკლესიის ისტორიაში,  საეკლესიო მოძღვრების ისტორიაში, ახალი ეპოქის დადგომას და ამ ეპოქის უარსებითეს ნიშან-თვისებებს. რამდენიმე მათგანს შევეხეთ შედარებით ვრცლად, პირველ ნიშანს, გარეგანადაც გამოვლენილს, მკვეთრად გამოვლენილს და გამოხატულს, რამაც განაპირობა უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენები ეკლესიის ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში. ეს გახლდათ ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფოებრივად აღიარება რომის იმპერიაში, კონსტანტინე დიდის მიერ არსებითად. შევეხეთ ამ ნიშანზე დაფუძნებით მეორე ნიშან-თვისებასაც, IV საუკუნის I ნახევრისას, ამ ეპოქაში დაფუძნებულს, მსოფლიო კრებათა ეპოქის დასაფუძვლებას, პირველი მსოფლიო კრების მოწვევას 325 წელს და შესაბამისად ყველაზე უფრო აღმატებულს, მნიშვნელოვანი [1]და შეუძრავი რჯულდებითი ეპოქის დადგომას ეკლესიის ისტორიაში. ყველაფერი არსებითი, ყველაფერი უცვალებელი მსოფლიო კრებებმა განუსაზღვრეს საეკლესიო ცხოვრებას. ამავე კრებებმა მომაკვდინებლად განგმირეს უკეთურება ორი სახით, როგორც ვამბობდით, ერთი მხრივ პირდაპირი გამოხატულებითაც, როდესაც დებულებითი წესით, განჩინებანი, დადგენილებანი მიიღეს ამა თუ იმ გაუკუღმართების, სამოძღვრო თუ საღვთისმსახურო გაუკუღმართების შესახებ და აღმოფხვრეს და დაამხეს ეს გაუკუღმართებანი და მეორე მხრივ არაპირდაპირ ასევე მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს უკეთურებას, როდესაც ფორმით არაპოლემიკური სახით, ე.ი. ასე ვთქვათ განყენებული ფორმით, მაგრამ ყველაზე უფრო შედეგიანად მატერიალურ სიტყვაში საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ჭეშმარიტი მოძღვრება, სულიერი სწავლება ცხონების შესახებ. ანუ დოგმატური გვირგვინი დაადგეს [2]საეკლესიო მოძღვრების ამქვეყნიურ ისტორიას - პირველი მსოფლიო კრებისგან მრწამსის შემუშავება, მეორე მსოფლიო კრებისგან სრულყოფა მრწამსისა, დანარჩენ კრებებზე უმნიშვნელოვანესი დოგმატების დადგენა, რაცაა ყველაზე დიდი წვლილი და ღვაწლი და ნაყოფი მსოფლიო კრებათა ეპოქისა. და მესამე ნიშან-თვისება, რომლის შესახებაც ნაწილობრივ უკვე ვიმსჯელეთ უშუალოდ წინა საუბარში – განდეგილობითი, მეუდაბნოებითი მოღვაწეობისა და მოძრაობის საფუძველდადება. ეს მესამე ნიშან-თვისება, როგორც აღვნიშნავდით, არსებითად პირველისგან გამომდინარეობს ანუ როდესაც დამთავრდა ფიზიკური მნიშვნელობით მოწამეობრივი ეპოქა, ანუ როდესაც ქრისტიანული აღმსარებლობისთვის რომის იმპერიაში (ჩვენ რომის იმპერიაზე გვაქვს, რა თქმა უნდა, აქცენტი) უკვე არავინ აღარ იდევნებოდა და მითუმეტეს არავინ აღარ მოიკვლებოდა, მაგრამ დარჩა კი დაუცხრომელი სურვილი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანში მაცხოვართან თანამოწამეობისა, [3]რადგანაც ამ თანამოწამეობის და მარტვილური ღვაწლის აღსრულება ყოფითად უკვე აღარ ხდებოდა, უკეთურება ყოფით საფუძველსა და საბაბს აღარ შეუმზადებდა ამგვარ ღვაწლს, ხოლო სურვილი კი კვლავ გავიმეორებთ, უაღრესად მძაფრად დარჩა ყველა ქრისტიანში, თვით ქრისტიანებმა აღიშურვეს კიდევ უფრო აღმატებული ბრძოლისათვის. დაუტევეს ეს სოფელი, მაგრამ დაუტევეს არა იმ აზრით, რომ განერიდნენ სოფელს როგორც საცთურს, არამედ როგორც ვამბობდით სოფლისგან, როგორც გარეგანი საცთურისგან ყურადღება გადაიტანეს საკუთარ შინაგან სამყაროზე, შინაგანი ხედვით განჭვრიტეს საკუთარი ბუნება და მათ შიგნით გონებაში ბრძოლას მიეცნენ იქ დაბუდებულ უეკთურებათა წინააღმდეგ. გარეგანი მტრის ნაცვლად პირველ რიგში შინაგანი მტრისკენ წარმართეს ბრძოლა და არათუ ნივთიერი [4]საცთურით გამოვლენილ უკეთურ ძალას დაუპირისპირდნენ ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ არათუ დაუპირისპირდნენ უკეთურ ძალას იმ ნივთიერი საცთურის, რაც მათ შორის იგულისხმება, ამ ბრძოლის ნივთიერი საცთურის დამარცხებით, არამედ თვით იმ სათავეს საცთურისას ახოვნად შეებრძოლნენ, შეერკინენ და ასპარეზობაში, მათ ყოველშემთხვევაში რომლებმაც ღირსეულად დაიცვეს ეს ბრძოლა, ამ ასპარეზობაში მარტვილური ღვაწლის ტოლფასი გვირგვინი მოიპოვეს.

ეს იყო სულიერი საფუძველი განდეგილობის აღმოცენებისა, მაგრამ როგორც წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნეთ, მკვლევართა შორის ჩვეულებრივ გამოიყოფა ისტორიული, ყოფითი საფუძველი განდეგილობის აღმოცენებისა, რასაც გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელობა ქონდეს. ეს ყოფითი საფუძველი შემდეგი გახლავთ: მიიჩნევა, რომ განდეგილობის აღმოცენებას რაღაცნაირად ნიადაგი შეუმზადა იმ დევნულებებმა [5]ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომ აი ასეთი, რაღაც განსაკუთრებული, მასშტაბურობით ხორციელდებოდა გამოკვეთილად III საუკუნის შუა წლებიდან, მანამდეც, მაგრამ III საუკუნის შუა წლებიდან, კერძოდ დეკიუსის დევნულობიდან მოყოლებული, ყველაზე უფრო გამოკვეთილად. დევნულება, რა თქმა უნდა, მიმართული იყო იმ ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომლებიც არ იცვლიდნენ აღმსარებლობას, არ თმობდნენ და ასეთი ქრისტიანები ჩვეულებრივ მარტვილურად აღესრულებოდნენ. მაგრამ დევნულობა იმასაც გულისხმობს, რომ პიროვნება, ქრისტიანი რომელიც, რა თქმა უნდა, ერთგულობს თავის აღმსარებლობას, მაგრამ ამავე დროს ხორციელი შიში აქვს როგორც ადამიანს, ტანჯვის, წამების, სიკვდილის წინაშე, ცდილობს როგორმე განერიდოს მომხვდურს, მტანჯველს და სადმე ისეთ ადგილას შეაფაროს თავი, სადაც დევნულობის მახვილი არ მიწვდება მას. ცხადია ათასობით და ათიათასობით ქრისტიანი, რომლებიც ამ დევნულობის მსხვერპლნი უნდა გამხდარიყვნენ, ყველა მათგანი [6]ისეთი ურყევი გამძლეობისა და მოთმინებისა ვერ იქნებოდა, ბევრ მათგანს შეიძლებოდა მათივე უაღრესად მყარი რწმენის საწინააღმდეგოდ ფიზიკური ტანჯვის შედეგად რაღაც დაეთმო, ამიტომ ამ საშიშროებას რომ გადარჩენილიყვნენ და თვით ტანჯვაც თავიდან აეცილებინათ (ყველა, კვლავ აღვნიშნავთ, ვერ იქნებოდა განწყობილი მარტვილური თავდადებისთვის), აი ამგვარი პირები განერიდებოდნენ დევნულებას შედარებით მიუვალ ადგილებში, რომ როდესაც დაცხრებოდა ეს დევნულება კვლავ უკან დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ არაიშვიათად ხდებოდა ისე, რომ ამგვარ ადგილებს თავშეფარებული ქრისტიანები გახანგრძლივებული დევნულების ჟამს იქ, ამგვარ ადგილებში გარკვეულ წესს შეიმუშავებდნენ ცხოვრებისას, გარკვეულწილად შეეთვისებოდნენ ამგვარ ცხოვრებას და როდესაც დევნულება დამთავრდებოდა, დიდი ნაწილი უკან ბრუნდებოდა, მაგრამ ყველა არა, ზოგნი რჩებოდნენ კვლავ ამ ადგილებში და იმგვარივე წესით, [7]ასეთი განმარტოებითი, განშორებითი წესით განაგრძობდნენ ცხოვრებას. შემდგომ მათ, ამავე ცხოვრების მოტრფიალე უერთდებოდა და ასე თანდათანობით, მიიჩნევენ მკვლევარები, დასაბამი და უმტკიცესი საფუძველი მიეცა განდეგილობას. კვლავ  აღვნიშნავთ, რომ ეს განმარტება აბსოლუტურად მცდარად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაღაც სიმართლე მასში ძევს, მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ეს გახდა განდეგილობის ასეთი მასშტაბით აღმოცენების საფუძველი. დეკიუსის დევნულებამდეც, რა თქმა უნდა, დევნულებანი არაიშვიათი იყო და ხშირად უაღრესად მძაფრიც, მაგრამ განდეგილობის აღმოცენება მას არ მოჰყოლია, მხოლოდ საკუთრივ IV საუკუნის I ნახევარში ხდება განდეგილობის ფაქტობრივი დაფუძნება. ფაქტობრივს იმიტომ ვამბობთ, რომ რაღაც გამოვლინება მხოლოობითი წესით, მარტოსულობითი წესით, ე.ი. არა მოვლენის დაფუძნება, არამედ პიროვნულად ანალოგიური [8]ღვაწლის აღსრულება, რა თქმა უნდა, მანამდეც, რაც ჩვენ არ ვიცით, შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც პავლე თებელი, საერთოდ ჩვენთვის ცნობილი პირველი განდეგილი, ანტონ დიდზე უწინარესია, ანუ იმ პიროვნებაზე უწინარესია, რომელიც საფუძველდამდებად მიიჩნევა განდეგილობისა და არის კიდეც ასე. ანტონზე უწინარესია პავლე თებელი, მაგრამ პავლე თებელი მართლაც კერძოობითი გამოვლინებაა, რადგანაც მას არავინ მიმდევართაგანი არ გასჩენია, თუ საკუთრივ ანტონი დიდს არ ჩავთვლით ამგვარად, მას არანაირი მოვლენა არ დაუფუძნებია, ის პიროვნულად ამგვარი ცხოვრების მოტრფიალე გახდა და რომ არა ანტონი დიდი იგი ისე აღესრულებოდა, რომ მის შესახებ საერთოდ ვერაფერს ვერ გავიგებდით. ასე რომ პავლე თებელი არის ნიმუში იმისა, რომ ასეთი კერძოობითი განდეგილობა შესაძლოა არსებულიყო. მაგრამ ჩვენ რადგანაც ვსაუბრობთ მოვლენაზე, მოძრაობაზე და მართლაც ასეთი გახდა განდეგილობა და გახდა სწორედ IV საუკუნის I ნახევრიდან, შესაბამისად ყურადღება მივაქციოთ ასეთ ფაქტს, რომ IV საუკუნის დამდეგს ფუძნდება განდეგილობა და სრულიად [9]მოკლე დროში ეს წესი ცხოვრებისა ხდება საყოველთაო, ყოვლისმომცველი, მთელი ქრისტიანული მსოფლიოსთვის უაღრესად ნიშანდობლივი, ისე რომ IV საუკუნის შუა წლებისთვის უკვე განდეგილობა საბოლოოდ არის დამკვიდრებული და აურაცხელი უდიდესი განდეგილი, უდიდესი მოღვაწე, მეუდაბნოე, არა მხოლოდ ფიზიკურად მოღვაწეობს, არამედ საღვთისმეტყველო თვალითაც განჭვრეტს ამგვარი მოღვაწეობის სიღრმეებს და თანდათანობით ფუძნდება განდეგილური ღვთისმეტყველება, უდიდესი მნიშვნელობის მქონე. აი ასე სწრაფად რომ ეს მოვლენა ამგვარად განივრცო, შეუძლებელია მას ყოფითი საფუძველი ქონოდა მხოლოდ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქონდა და უდიდესწილად ქონდა მას სულიერი საფუძველი, ხოლო ეს სულიერი საფუძველი სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს, თუ არა ის, რაც განდეგილური მოღვაწეობის საფუძველშივე დევს. რისთვის მოღვაწეობს განდეგილურად პიროვნება? ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, კვლავ გავიმეორებთ, იმიტომ რომ ახოვანი ასპარეზობა [10]გასწიოს, მტერს უშუალოდ შეებრძოლოს, არა შუალობითად, არა ნივთიერ საცთურთა გამოვლინების გზით, რაც ამ სოფელშიც სახეზეა, სადაც თვით უკეთურება პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ თავის თავს არაპირდაპირ ავლენს სხვადასხვა ნივთიერ საცთურთა სახით და ადამიანი უშუალოდ ამ საცთურთა წინააღმდეგაა მებრძოლი. ვინც დაითმენს და შემოიზღუდავს თავის თავს ის ასკეტია და ამგვარი ასკეტები პირველი საუკუნიდანვე არსებობენ, რომლებიც ამა სოფლის საცთურთაგან განაკრძალებენ საკუთარ თავს. მაგრამ ეს მაინც უშუალოდ უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლა არაა, არამედ უკეთურების იარაღთა, საცთურთა წინააღმდეგაა ამგვარი ბრძოლა მიმართული. ბრძოლის უაღმატებულესი სახეობა კი სწორედ ის გახლავთ, როდესაც პიროვნება თვით საცთურთა სათავეს და საცთურთმოთავეს შეებრძოლება და არა მისგან გამოვლენილ ამა თუ იმ ნივთიერ საცთურს. თვით უკეთური ძალის წინააღმდეგ ამხედრდებიან განდეგილობისკენ მსწრაფველი მოღვაწეები [11]და ამიტომაა ეს ყველაზე ახოვანი, ყველაზე აღმატებული, ყველაზე მძიმე და “სისხლის მღვრელი” ბრძოლა. ამგვარ ბრძოლაში გამარჯვებულნი, უკეთურების დამძლევნი, როგორც აღვნიშნეთ, იმავე სულიერი სიმაღლით განიმსჭვალებიან, რაც ფიზიკურად აღსრულებულ მარტვილებს აქვთ, იმავე ღვაწლის აღმსრულებელნი წარმოჩნდებიან და იმავე გვირგვინს იღებენ.

მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს და ისედაც ცნობილია თუ როგორაა შეფასებული განდეგილური ღვაწლი თუნდაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რაც როგორც ცნობილია სხვა მეუდაბნოეს ცხოვრებიდან მომდინარეობს, რომ “მარტვილთა ერთგზის ხოლო იმარტვილეს”, ანუ ერთჯერადი იყო ამა თუ იმ ფიზიკურად აღსრულებული მარტვილის მოწამეობრივი ხვედრი, მაშინ როცა იქვეა თქმული, რომ “ესენი (განდეგილი მამები) ყოველდღე მარტვილობენო”, მარტვილობენ უდიდესი [12]ღვთიური შეწევნითა და პირადი ნებით, ვნებათდათრგუნვის გზით ვნებათმოთავის წინააღმდეგ ყოვლად უშიშრად და ახოვნად ამხედრებულნი. ამიტომაა მათი ღვაწლი უაღრესად საყურადღებო, მრავალთათვის სანიმუშო და ამიტომვე განაპირობა ამგვარმა ღვაწლმა აურაცხელი მიმდევრის მყისიერად გაჩენა. ანტონი დიდი ერთადერთი იყო ვიდრე პავლე თებელს ნახავდა და ისედაც, პავლე თებელის ნახვის შემდეგაც იმიტომ, რომ მათ, ასე ვთქვათ ორს არ შეუქმნიათ რაღაც სამოღვაწეო წიაღი და სამოღვაწეო სახეობა არ ჩამოუყალიბებიათ, ის (ანტონი) მარტო მოღვაწეობდა, მარტოსული ებრძოდა უკეთურების ასევე სულიერ შემოტევას, იმ ზომამდე რომ ეს სულიერი შემოტევა მტრისა, როგორც მის ცხოვრებაში დეტალურადაა აღწერილი, ანტონის ფიზიკურ ტანჯვა-წამებაში გადადიოდა. ის იგვემებოდა უკეთურებისგან, ხორცშეუსხმელი უკეთურებისგან ხორციელად იგვემებოდა, ისე რომ საძრაობაც კი წაერთმეოდა, მკვდარს ემსგავსებოდ. ანუ სულიერი ბრძოლა [13]მხოლოდ სულით არ იფარგლებოდა, ფიზიკური, ხორციელი მხარეც მთლიანად მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, ორივე მხრივ დაითმენდა თავდასხმებს მტრისგან განდეგილი მოღვაწე და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ანტონი დიდი, ის ასე ვთქვათ წლების მანძილზე მხოლოდ თვითონ ერკინებოდა უკეთურებას. მაგრამ მყისვე, როდესაც მისი ამბავი გახმაურდა, როგორც ასევე მისი ცხოვრებიდან და საერთოდ ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, აურაცხელი მიმდევარი შეეძინა მას, რომლებიც თვითონვე გახდნენ უდიდესი მეუდაბნოენი, თავთავიანთი ხაზით განდეგილობის მესაფუძვლენი, თუმცა მთავარ მესაფუძვლედ განდეგილობისა კვლავაც და ყოველთვის ანტონი დიდია. სხვათაშორის ამიტომაა, რომ წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში პირდაპირაა ხაზგასმა მასზე როგორც მარტოდმყოფთა, როგორც მეუდაბნოეთა, როგორც განდეგილ მამათა  ერისთავზე (მაშინდელი სოციალური ტერმინითაა ანტონი დახასიათებული), ე.ი. მეუდაბნოეთა ერისთავის – [14]ანტონი დიდის მოღვაწე მამათა დასს ღვთივ დაკისრებული აქვს ჩვენი მარადიული შემწეობა უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლისა. აი ეს კონტექსტია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და ანტონი დიდია გამოყოფილი სახელდებითად როგორც ამგვარ მოღვაწეთა ერისთავი ანუ წინამძღვარი. ე.ი. ანტონი ერთი იყო, მაგრამ მყისიერად აი ასე განივრცო რაოდენობა მისი მიმბაძველებისა და განივრცო სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი სულიერი სწრაფვის, ყველაზე უფრო აღმატებული ქრისტიანული სწრაფვის განხორციელება და აღსრულება სწორედ ამგვარი ცხოვრების წესში განჭვრიტეს მათ. ხოლო ეს სულიერი სწრაფვა იყო, კვლავ აღვნიშნავთ, მაცხოვართან თანამოწამეობა, საკუთარი ქრისტიანობის ანუ ქრისტეს მიმდევრობის დამტკიცება, ქრისტესეული გზის თვითშეწირვითი გზის გავლით, რაც აღსრულდა სწორედ მათგან. ისეთი დიდი მეუდაბნოენი როგორიც იყვნენ თუნდაც პახუმი დიდი, ამონა, ჰორსისიუსი, [15]მაკარი ეგვიპტელი, მაკარი ალექსანდრიელი, თეოდორე ღვაწლშემოსილი, ახოვანი მხედარი მაცხოვრისა, შენუთა ატრიპელი და მრავალი სხვა, აი ეს მოღვაწენი უკვე მართლაც მოძრაობის შემქნელებად მოგვევლინენ და მათი ახოვანება გახდა ის ნიმუში მთელი თაობებისთვის და მათივე თანამედროვეთათვის, რამაც განდეგილობა ეკლესიის ისტორიისგან და საეკლესიო მოძღვრების ისტორიისგან მარადიულად განუყრელ მოღვაწეობად წარმოაჩინა, ღვაწლის უაღმატებულეს სახეობად წარმოაჩინა. ეს განდეგილი მეუდაბნოე მამები ლიტერატურული, სამწერლობო კუთხითაც უმნიშვნელოვანესნი აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ ერთის მხრივ საკუთრივ მათ, საკუთარი თავისი მოღვაწეობის განჭვრეტით ჩამოაყალიბეს საეკლესიო მოძღვრების ერთი უდიდესი მნიშვნელობის სათნოებითი ღვთისმეტყველება, [16]ასკეტური ღვთისმეტყველება, განდეგილური ღვთისმეტყველება და ამავე დროს მათმა უაღმატებულესმა ღვაწლმა აღძრა მათი მოწაფეები ასევე წერილობითი კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი ჟანრის ჩამოყალიბებისკენ, ჰაგიოგრაფიისკენ.

ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ პირველი ჰაგიოგრაფიული ძეგლი, ჩამოყალიბებულად ჰაგიოგრაფიული, აქ არაა საუბარი რაღაც ჩანასახოვანი თვისებების მქონე წინარე ეპოქის ლიტერატურაზე, ყოვლითურთ სრულყოფილი ჰაგიოგრაფიული ძეგლი, რაც ნიმუში გახდა გვიანდელი ჰაგიოგრაფიული ხასიათის ძეგლებისა, ესაა სწორედ ანტონი დიდის ცხოვრება დაწერილი წმ. ათანასე ალექსანდრიელის მიერ 356 წელს. აი ამ სახის, ამ ტიპის წერილობითი მოღვაწეობა დიდ მეუდაბნოეთა მოწაფეთაგან აღესრულებოდა, რამაც ეს მოცულობითად აღურიცხავი და უდიდესი სულიერი მნიშვნელობისა და ფართო განფენილობის მქონე ჟანრი [17]და ნაწილი საეკლესიო ლიტერატურისა – ჰაგიოგრაფია, თავისივე ორი ნაწილით (მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტი გვაქვს ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიაზე. თუმცა ის განუყრელია მეორისგან რადგანაც იმავე სულიერებისაა, იმავე ღვაწლის აღმსრულებელია (თუმცა არა ფიზიკურად თავის მოკვეთის გზით), მაგრამ მაინც ამ მხარეზეა ჩვენი აქცენტი, ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიაზე, როგორც უდიდესი მნიშვნელობის მქონეზე) პატრისტიკისთვის, საეკლესიო მწერლობისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი გახდა. საკუთრივ საქართველოშიც მოგეხსენებათ რაოდენი მნიშვნელობის ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფიული ძეგლები შეიქმნა. შორს რომ არ წავიდეთ თუნდაც ასურელ მამათა მოღვაწეობის ამსახველი ჰაგიოგრაფიული თხრობანი, წმ. გრიგოლ ხანძთელის ვრცელი ცხოვრება, უდიდესი მნიშვნელობის მქონე, წმ. სერაპიონ ზარზმელისა, მრავალთა და მრავალთა, იქნება ეს იოანე და ექვთიმე ათონელები, თვით გიორგი ათონელი და სხვა. ასე რომ განდეგილური ღვაწლი, როგორც უმკვეთრესი ნიშან-თვისება [18]და დაფუძნებული და დასაძირკვლებული IV საუკუნის I ნახევარში, განუყრელი ხდება ეკლესიის ისტორიისგან. მაგრამ მისი მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ საქმითი ღირსებით, არამედ როგორც აღვნიშნეთ საკუთრივ სამწერლობო კუთხითაც, რადგანაც ამგვარ ღვაწლს შედეგად მოჰყვა ჰაგიოგრაფიის ცხოვრების ტიპის ქვეჟანრის ტიპის დაფუძნება და საყოველთაოდ განვრცობა. მეუდაბნოე მამათა ცხოვრებანი ხდება ყველაზე უფრო საწადელად საკითხავი და ალბათ დღესაც ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ უდიდესი სიკეთის მომტანია, დიდი სარგებლის შემძენია მკითხველისთვის. მამანი, მოღვაწენი, ნებისმიერი ქრისტიანი, თუნდაც მხოლოდ საერო ცხოვრებაში მყოფი, ყოველთვის განისწავლებოდნენ სწორედ მეუდაბნოე მამათა ცხოვრებების არაერთგზისი წაკითხივის გზით, შეთვისებით, მათი ცხოვრების წერილობითი [19]გადმოცემიდან დიდი სარგებლის მიღებით.

მრავალი სხვა, შედარებით ნაკლებ გამოვლენილი, თვისება ასევე ხაზგასასმელია აღნიშნულ ეპოქასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი საუბარი ცენტრალურ, ყველაზე უფრო მთავარ, უარსებითეს თვისებებს ეხებოდა, რომელთა შორისაც ამჟამად განხილული თვისება თავისი წარუვალი მნიშვნელობის მქონე, ყოველთვის იყო და დღემდე შენარჩუნებულია, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. განდეგილური მოღვაწეობა, მოღვაწეობა მეუდაბნოებითი, კელინური, ანაქორეტული ანუ სულიერ ასპარეზობაზე საკუთარი ნებით მთელი კრებულის (რა თქმა უნდა, არა ერთისა და ორის), მთელი თაობების, უშიშრად მაცხოვრის ლაშქრის ღირსეულ ჯარისკაცად გასვლისა ასეთ ასპარეზობაზე და მტრის ძლევის აურაცხელი ნიმუშისა, ყოველთვის ჩვენს მარადიულ სანიშნედ [20]იქნება ამ სოფლის საცთურში გზის გასაკვლევად.

 

252–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ:  https://www.youtube.com/watch?v=SP7EVhXGZNA

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

 

AddThis Social Bookmark Button