Georgian (Georgia)English (United Kingdom)
255

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენი ბოლო ორი შეხვედრა მიეძღვნა ყველაზე დიდ გაუკურმართებას IV საუკუნისას, უფრო სწორად ამ გაუკუღმართების პირველ საფუძვლებს არიანული ერესისას. წინა შეხვედრაზე საკუთრივ არიოზის და არიანული ერესის ყველაზე დიდი წარმომადგენლის ევსები ნიკომიდიელის შესახებ მოგვიხდა მსჯელობა, რამდენჯერმე ვახსენეთ მათი პირველი მოწინააღმდეგე ქრონოლოგიურადაც და გარკვეული აზრით მნიშვნელობითაც წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი, იმ პერიოდში, არიანული ერესის აღმოცენების პერიოდში, ალექსანდრიის ეპისკოპოსი. ძალიან დასანანია, რომ ასეთი ღირსეული მოღვაწე წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი ფაქტობრივად ჩრდილშია, მინიმალურია მის შესახებ დღეისათვის ცოდნა, არადა მისი ცენტრალური შრომა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ და ესაა ერთ-ერთი უბრწყინვალესი დოგმატური ძეგლი ეკლესიის ისტორიაში.

არაერთგზის მივუთითეთ, რომ სწორედ ალექსანდრე ალექსანდრიელი იყო ის პირველი, რომელსაც [1]ღვთიური ვალდებულება დაეკისრა ჭეშმარიტების დაუძინებელ მტერთან – არიოზთან ბრძოლისა. მან განაგრძო საეპისკოპოსო ხაზის ის სიმაღლე, რაც წმ. პეტრე ალექსანდრიელის მოღვაწეობაში იგულისხმებოდა. ჩვენ პეტრე ალექსანდრიელზე გვქონდა მსჯელობა თავის დროზე, რომელსაც (პეტრეს), იგი (ალექსადრე) ახალგაზრდობიდანვე ემსახურებოდა და როდესაც წმ. პეტრე შეპყრობილი იყო და მიახლოებული მოწამეობრივ აღსასრულთან, მან თავის საქმის გამგრძელებლებად განაჩინა პირველ რიგში აქილა ალექსანდრიელი, რომელსაც ხშირად ვეხებოდით ჩვენს წინა საუბრებში და შემდგომ ალექსანდრე, როგორც ეს პეტრე ალექსანდრიელის ცხოვრებაშია ნაუწყები. მაგრამ აქილა საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ, ამიტომ იგი ალექსანდრიის ეპისკოპოსად მცირე ხნით იყო და გარდაიცვალა რა, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა ხდება სწორედ ნეტარი ალექსანრე, [2]რომლის შესახებაც თეოდორიტე კვირელი ასეთ სიტყვებს გვაწვდის, რომ იგი იყო ახოვანი დამცველი სამოციქულო დოგმატებისა. სიბრძნემ, რაც ახასიათებდა ალექსანდრე ალექსანდრიელს და აღვსებულობამ სული წმინდისგან, როგორც ამაზე ჩვენ რამდენიმე უძველეს წყაროში ვკითხულობთ მის შესახებ, მოუპოვეს განსაკუთრებული ავტორიტეტი და როდესაც მეორე მხრივ არიოზმა მიიღო რა მღვდლობის ხარისხი მაგრამ ვერ მიიღო მოლოდინის წინააღმდეგ ეპისკოპოსობის ხარისხი, რისი სურვილიც მას ძალიან ქონდა, შინაგანად ატარებდა არიოზი მტრობას მის წინააღმდეგ და ეს შინაგანი მტრობა უფრო აღმატებული ხარისხით არიოზისა ალექსანდრეს წინააღმდეგ ეკლესიის ისტორიაში ხაზგასმულია. ყველაზე უფრო ხშირად ამაზე მაინც თეოდორიტე კვირელი მიგვანიშნებს, თუმცა სოკრატეს საეკლესიო ისტორიაშიც იგივეა თქმული, ისევე როგორც ეპიფანე კვიპრელის ერესების წინააღმდეგ [3]წიგნში. ფილოსტორგოსიც გვაუწყებს ამის შესახებ, კირილე ალექსანდრიელიც, რომ ალექსანდრე ალექსანდრიელი თავიდანვე  მტრობის რაღაც ობიექტი გახდა, მტრული დამოკიდებულების ობიექტი გახდა არიოზის მხრიდან და რადგანაც საკუთრივ მის ცხოვრებაში, ალექსანდრეს ცხოვრებში, არიოზი ვერაფერს პოულობდა ისეთს რაც საბაბად გამოადგებოდა მის წინააღმდეგ ბრძოლაში, მან სცადა საკუთრივ მოძღვრების დაგმობა, იმ მოძღვრებაში ეჭვის შეტანა და ბზარის გაჩენა რასაც წმ. ალექსანდრე ქადაგებდა. როდესაც წმ. ალექსანდრე სხვა სამღვდელო მოღვაწეებთან ერთად განიხილავდა წმ. სამების დოგმატს, მან იღვთისმეტყველა (ასე გვაუწყებენ - “ეთეოლოგეი”, თეოლოგია ღვთისმეტყველებას ნიშნავს და ზმნური ფორმა აქედანაა ნაწარმოები შესაბამის წყაროში), რომ სამება მხოლოობაა, მაშინ როცა არიოზმა ისმინა რა ვითომცდა [4]მისთვის მოულოდნელი სიტყვები მყისვე ალექსანდრეს ბრალი დასდო საბელიანიზმში. საბელიანიზმზე ჩვენ არაერთგზის გვქონია მსჯელობა, აღვნიშნავდით, რომ საბელიანიზმი არის ერთარსება ღვთის ერთპიროვნულობის ამღიარებელი, ე.ი. საბელიანიზმი მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება ყოვლადწმინდა სამების დოგმატში, მართლმადიდებლობა აღიარებს ერთარსება ღვთის სამპიროვნულობას, ხოლო საბელიანიზმი აუკუღმართებს ამ სწავლებას იმით, რომ აღიარებს ერთარსება ღვთის ერთპიროვნულობას. საბელიანიზმი ფაქტობრივად იგივე იუდაიზმია, იმ განსხვავებით, რომ იუდაიზმი თვით სახელებსაც არ სცნობს, რომ არსებობს მამა, ძე და სული. საბელიოზი, რა თქმა უნდა, ამ სახელებს ცნობს, მაგრამ თვითმდგომ და ერთადერთ ჭეშმარიტ ჰიპოსტასად მხოლოდ მამას მიიჩნევს, ხოლო ძესა და სულიწმინდას არ მიიჩნვს სრულყოფილ სრულ ჰიპოსტასებად. ორი მიმდინარეობაა ამ კუთხით, ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, ერთი მოდალისტებისა და მეორე დინამისტებისა. მოდალისტები ის პიროვნებები არიან, რომლებიც სამივე [5]ჰიპოსტასს ერთ ჰიპოსტასად მიიჩნევენ სხვადახსვა სახით გამოვლენილს, რომ ერთიდაიგივე ჰიპოსტასი ზოგან მამად წარმოჩნდება, ზოგან ძედ, ზოგან კი სულიწმინდად, მაგრამ თვითონ ერთია, სახეს იცვლის მხოლოდ, ესაა მოდალიზმის ერესი რაც საბელიანობაში შედის. მეორეა დინამისტები, რომლებიც ერთადერთ ჰიპოსტასად მამა ღმერთს აღიარებენ, ხოლო ძეს და სულიწმინდას აღიარებენ მამის ძალებად, უნარებად, თვისებებად.

აი ამ ერესში დასდო ბრალი არიოზმა ალექსანდრეს, რომ ვითომცდა როდესაც ალექსანდრემ თქვა, რომ სამებაში მხოლოობაა (ასეა სიტყვასისტყვით თუ ვიტყვით) და ეს მოგეხსენებათ აბსოლუტურად ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სწავლებაა, რომ ჰიპოსტასები ურთიერთგანყოფილები არ არიან და ყოვლადწმინდა სამებაში მხოლოობაა არსებისა, აქ მხოლოობა არსებას მიემართება, არიოზს უნდოდა საბაბის პოვნა, რა თქმა უნდა, და ამიტომ აი ეს მომენტი გამოიყენა მან ვითომცდა ალექსანდრე უარყოფდეს ერთარსება ღვთის სამი ჰიპოსტასის თითოეულის თვითმდგომობას, სრულ ჰიპოსტასობას. [6]განავითარა რა არიოზმა დიალექტური მსჯელობანი, რომ თითქოსდა სამება არაა მხოლოობა, არამედ სამობაა, რომ სამნი არიან, უკიდურესი ხაზგასმით ამ სამზე თანდათანობით მივიდა იმ აზრამდე, რომ ძე ღვთისა არ არის მამა ღმერთთან თანაარსი, ერთ ღმერთი მასთან და თუ ერთ ღმერთი არ არის, რა თქმა უნდა (არიოზი ზოგადად ერთ ღმერთს აღიარებს), შესაბამისად ორივე მათგანი არიოზის მსჯელობით ბუნებითი ღმერთი ვერ იქნება, ერთ-ერთი უნდა იყოს ბუნებითი ღმერთი და ეს, - ამბობს არიოზი, რა თქმა უნდა, მამაა. ხოლო ძე ღმერთი მეორე ღმერთი ვეღარ იქნება, შესაბამისად იგი მხოლოდ პირობითად შეიძლება იქნეს წოდებული ღმერთად, ისევე როგორც ანგელოზები და რჩეული ადამიანები, ხოლო - ბუნებითად ამბობს იგი, ძე ღმერთიც ქმნილებაა თუმცა უწინარესი და უპირატესი და პირველი ქმნილებათა შორის.

თავდაპირველად როდესაც არიოზმა ამგვარი შემოტევა განახორციელა ალექსანდრეს წინააღმდეგ, მან გამოიჩინა ზომიერება თავის [7]სამღვდელო და თავის მწყემსურ მოქმედებაში და ამავე დროს გადადგა ნაბიჯები იქეთკენ, რომ მშვიდად და მამობრივი შეგონებით გამოეყვანა არიოზი თავისი ცდომილებისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, არიოზი, რაზეც წინა საუბარში დეტალურად აღვნიშნავდით, წინასწარი შეთქმულების მონაწილე იყო ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ამავე დროს ისიც შეეძლო თავისი აზრები გარკვეულ მომენტში დაეფარა. მან სხვადასხვა წრეებში ფარულად განაგრძო თავისი ცრუ სწავლების ასე ვთქვათ დიალექტური და ლოგიკურ-სილოგისტური დასაბუთებანი და როგორც ჩვენ ეპიფანე კვიპრელიც გვაუწყებს თავის შრომაში “ერესების წინააღმდეგ”, მან მოიპოვა მიმდევრები. რაც შეეხება წმ. ალექსანდრეს იგი ფუჭად ცდილობდა თუნდაც პირადი საუბრებით, თუნდაც შეგონებებით გონს მოეყვანა ქედმაღალი მღვდელი და საკუთარი ცთომილება შეეგნებინებინა არიოზის მიმდევრებისთვს. ასეთ დროს [8]როგორც ერთ-ერთი მკვლევარი საყურადღებოდ აღნიშნავს რამდენადაც მორიდებული და წრფელი იყო სახარების მქადაგებელი (ალექსანდრე) იმდენად მზაკვარი და ამაყი იყო უკეთურების მქადგებელი არიოზი. უბრალოდ არიოზს, მართლაც აშკარაა ეს, სძულდა ეს ეპისკოპოსი და თითქოსდა დაჩაგრულის ნიღბით თანაგრძნობას ეძიებდა სხვათა და სხვათა შორის და ამ გზით ასე ვთქვათ მეგობრებს იკრებდა, რის გამოც რამდენიმეგზისი შეგონების შემდეგ ალექსანდრეს უკვე აღარ დარჩა სხვა გზა გარდა ერთადერთისა, განკვეთისა, რაც საეკლესიო კანონიკით არის განსაზღვრული. ამიტომ წმ. ალექსანდრემ დაახლოებით 320 წელს, როგორც ჩვენ ამაზე გვაუწყებს წმ. ათანასე ალექსანდრიელი და ეს წელი დაზუსტებული გახლავთ, მოიწვია კრება რაზეც უკვე დაიგმო არიოზის მწავლებლური [9]მოძღვრება, დაიგმო არიოზის მიმდევართა ქმედებანი და ისინი ეკლესიიდან იქნენ განკვეთილნი. ახალ მრავალრიცხოვან კრებაზეც რაც დაახლოებით 100 ეპისკოპოსს მოიცავდა ეს განჩინება 320 წლის კრებისა კვლავ დადასტურებულად იქნა აღიარებული და იგივე განჩინება ამავე კრებით გავრცელდა არიოზის ახალ მიმდევრებზე, როგორც სოკრატეს საეკლესი ისტორიაში ამის შესახებ ვკითხულობთ. თუმცა თეოდორიტეც გვაუწყებს და ეპიფანე კვიპრელიც ამის თაობაზე, რომ დაახლოებით 100 ეპიკოპოსისგან შემდგარმა კრებამ კიდევ უფრო გააფართოვა 320 წლის კრების განჩინება არიოზის და მის მიმდევართა მღვდლობისგან დაყენების ანდა განკვეთის შესახებ.

ჩვენ როგორც აღვნიშნეთ არიოზი უკავშირდება ევსები ნიკომიდიელს (ამ ისტორიას თავიდან აღარ გავიხსენებთ), და ევსების ასე ვთქვათ მოშურნე საქმიანობით ეს გაუკუღმართება უკვე ისეთ მაშტაბებს იძენს, რომ ბოლოს და ბოლოს აუცილებელი [10]ხდება მსოფლიო კრების გამართვა, რომელზეც წმ. ალექსანდრე იყო არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ეპისკოპოსთა შორის ყველაზე მთავარი მოღვაწე, ყველაზე მთავარი წარმომადგენელი და ამ კრებამ სწორედ მისი ძალისხმევით არიოზი ანათემას გადასცა. რაც შეეხება ათანასე ალექსანრიელის, ალექსანდრე ალექსანდრიელის შემდგომი ეპისკოპოსის, მონაწილეობას, ესეც კარგად არის ცნობილი ეკლესიის ისტორიისთვის, ის დამსახურება რაც ათანასეს ამ კრებაზე მიუძღვის ალექსანდრეს გვერდით, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამთ რომ ყველაზე უფრო თვალსაჩინო მოღვაწე არიოზის და არიანელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ კრებაზე, რა თქმა უნდა, უპირობოთ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელია.

რაც შეეხება მის აღსრულებას ის მალე აღესრულება. ჩვენ სხავდასხვა წყაროს ვხვდებით ამასთან დაკავშირებით, ნაწილი მკვლევარებისა მხარს უჭერს იმ თარიღს რაც უფრო გავრცელებულია, ეს გახლავთ 328 წელი, ხოლო მკვლევართა ნაწილთან გვხვდება 326 წელი, [11]კერძოდ 17 აპრილი (ეს ზოგჯერ მაშინდელი კალენდარული თვეობრივი მითითებით არის ამა თუ იმ ძეგლში წარმოდგენილი, როგორც 22 ფარმუთი, ფარმუთა ეს როგორც მახსოვს ეგვიპტური სახელწოდებაა თვისა და ეს დღე 17 აპრილი შესაბამისია სწორედ ამ 22 ფარმუთისა). მისი ხსენება შემორჩენილია რომაულ მარტვილოლოგიონში 26 თებერვალს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ მისი ხსენების დღე ჩვენს კალენდარში დღეს არ არის და იყო თუ არა შედარებით უფრო ადრე ამაზე განსახვევბული თვალსაზრისებია. მართლმადიდებელთა უდიდესი ნაწილი მას წმინდანად რაცხს და თუ ეს ასეა აუცილებელია ალბათ რომ მისი ხსენების დღე ჩვენს კალენდარშიც იყოს. ბევრი წმინდანი XVIII-XIX საუკუნეებისა მას ასევე წმინდანად მიიჩნევს. სხვათაშორის წმინდანად იხსენიებს მას არქიეპისკოპოსი ფილარეტ გუმილევსკი და მის წმინდანობას ოდნავადაც საეჭვოდ არ ხდის.

[12]რაც შეეხება წმ. ალექსანდრეს შრომებს. ცნობილია ზოგადად, რომ მან საკუთრივ არიოზთან და არიანელობასთან დაკავშირებით დაახლოებით 70 წერილი დაწერა სხვადასხვა ეპისკოპოსის მისამართით და ამ ეპისტოლეებში იგი ახსნა-განმარტებას იძლეოდა არიოზის მოძღვრების უკეთურების შესახებ. ამგვარი წერილობითი მოღვაწეობა ალექსანდრესი ხაზგასმულია წმ. ეპიფანე კვიპრელის მიერ თავის “ერესების ისტორიაში”. ეს ეპისტოლეები ალექსანდრესი მოგვიანებით შეკრებილ იქნა ეპისკოპოსებისგან ერთ წიგნად, როგორც ნიმუში ჭეშმარიტების უდრეკი დამცველობისა უკეთურების წინააღმდეგ. ფაქტს ეპისტოლეთა ამგვარი შეკრებისას და ერთ კრებულად არსებობისას ჩვენ საეკლესიო ისტორიკოსები V საუკუნისა, სოკრატე და სოზომენე, გვიდასტურებენ. თუმცა ჩვენამდე მოაღწია მთლიანობაში მხოლოდ ორმა ეპისტოლემ, [13]აგრეთვე მცირე სიტყვამ, ანდა მცირე მიმართვამ მღვდლებისადმი და კიდევ რამდენიმე უმნიშველო ციტატამ სხვა ნაწერებიდან. სხვათაშორის გარდა ამისა აღმოჩენილია მისი სიტყვა მაცხოვრის ვნების შესახებ სირიულ და არაბულ თარგმანებში. ამ ბოლო დროს განხორციელდა ამ ტექსტის რეკონსტრუირება ბერძნულ ენაზე (ბერძნულიდანაა თავისთავად ცხადია სირიულად და არაბულად თარგმნილი) და ამ თარგმანთა საფუძველზე შესაძლო აღდგენა ბერძნული ტექსტისა განხორციელდა, რაც გამოცემულია. ის წერილი, ის ეპისტოლე, რომელიც შემორჩენილია ჩვენამდე და ადრესატად ჰყავს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ალექსანდრე (მასაც ალექსანდრე ერქვა) დაწერილია არიოზის წინააღმეგ გამართული მეორე შეკრების შემდეგ და, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ტევადია ფაქტოლოგიური მონაცემებით. ალექსანდრეს მიზანდასახულობა იყო [14]სხვა ეპისკოპოსებიც სრულყოფილად ყოფილიყვნენ საქმის კურსში არიანული გაუკუღმართების შესახებ და იგი ყველა შემთხვევაში პირველ რიგში იმ საფუძვლების წარმოჩენას ისახავდა მიზნად რა საფუძვლებზე დაყრდნობითაც მოხდა არიოზის დაგმობა. არიოზი, რა Qთმა უნდა, თავის დაგმობას არ ეგუებოდა და მრავალთა შორის, როგოც ადრეც ვისაუბრეთ, ავრცელებდა აზრს მისი დევნულობის, ჭეშმარიტებისადმი ერთგულების გამო მისი აი ამგვარი დევნულობის შესახებ ალექსანდრე ალექსანდრიელის მხრიდან. შესაბამისად ალექსანდრე ვალდებული იყო აეხსნა რის საფუძვლეზე მოახდინა მან არიოზის დაგმობა. საკუთრივ ალექსანდრე კონსტანტინოპოლელის მიმართ ეპისტოლეში ჯერ მოკლედ აღწერს იმ უწესრიგობებს რაც არიოზმა ალექსანდრიაში მოახდინა, ეს კერძოდ პირველი ორი პარაგრაფია, შემდეგ მომდევნო ორ პარაგრაფში, უფრო ზუსტად ნაწილობრივ მეორეში და მთლიანად მესამეში, გადმოსცემს არიოზის მოძღვრებას [15]და ბოლოს აყალიბებს მოძღვრებას ღვთის ძის ბუნებითი ღმერთობის შესახებ. იქვე სრულად გვაუწყებს სარწმუნეობის მისეული აღსარების შესახებ და ეს ტექსტი მას წარმოდგენილი აქვს თუ როგორია ჭეშმარიტების მისეული აღსარება და დეტალურად ახდენს არიანული მოძღვრების უკუგდებას და დამხობას. და რადგანაც არიანელები ასე ვთქვათ წარმოადგენდნენ ორ უკეთურ აზრს და ორ უკეთურ დებულებას, კერძოდ ერთი ის რომ ძე ღვთისა არ არის მარადიული, არამედ იგი არის თითქოსდა ქმნილება და ამიტომ მეორე, იგი არ არის ღმერთი, არამედ მხოლოდ რჩეული ღვთისა, რადგანაც არიანელები ამ ორ საფუძველს ეყრდნობოდნენ, მათ საპირისპიროდ, ამ საფუძველთა საპირისპიროდ ეკლესიის მასწავლებელი წმ. ალექსანდრე კონკრეტულად პირველი აზრის, პირველი დებულების უარასაყოფად, რომ ძე ღვთისა არ არის მარადიული, შესანიშნავად განმარტავს იოანე მახარებელის სიტყვას [16]ღმერთის შესახებ. იგულისხმება პირველი თავის პირველი მუხლი მისი სახარებისა: “პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი, ესე იყო პირველითგან ღვთისა თანა”. ისევე როგორც ამავე სახარების სხვა ადგილებს მოუხმობს იგი ძე ღმერთის მარადიულობის დასამტკიცებლად. ეს პირველი მუხლიც ალექსანდრემდეც ხშირად მოხმობილა ეკლესიის მამებთან. ჩვენ შეგახსენებთ როდესაც საუბარი გვქონდა თეოფილე ანტიოქიელზე ისიც ამ მუხლს ძე ღმერთის მარადიულობის არგუმენტად მოუხმობდა, რომ პირველითგან იყო, ვინც თავიდანვე იყო, ესე იგი არ შექმნილა. თუ რაიმე შეიქმნა თავიდანვე როგორც ეს სამყაროსთან დაკავშირებითაა, კიდეც არის გამოყენებული ტერმინი იქმნა, როგორც ეს ბიბლიის დასაწყისშია სამყაროსთან დაკავშირებით, “დასაბამში შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა”, ასე იწყება ბიბლია, მაგრამ იოანეს სახარება ამგვარად იწყება “დასაბამში იყო სიტყვა”. ასე რომ, “იყო” ნიშნავს მარადიულობას, - ამბობენ ალექსანდრეც და მისი [17]წინამორბედებიც და შესაბამისად ძე ღმერთი რომ მარადიულია ეს იოანე ღვთისმეტყველისგან არის დასაბუთებული. რაც შეეხება მეორე აზრს, რომ ძე ღმერთი არ არის ბუნებითი ღმერთი, არამედ მხოლოდ რჩეული ღვთისა, იგი იმ პირველის უარყოფით უკვე უარყოფილია, რადგან ის რაც მარადიულია, რა თქმა უნდა, ღმერთია, იმიტომ რომ მარადიული მხოლოდ ღმერთია, შეუქმნელი და დაუსაბამო მხოლოდ ღმერთია. თუმცა გარდა ამ მსჯელობის ლოგიკური განვითარებისა ალექსანდრე მოუხმობს საღვთო წერილსაც, აურაცხელ ადგილს და იქვე არიანელთა მზაკვრობასაც ხშირად გახაზავს, თუ როგორ ცვლიდნენ ისინი წერილის აზრებს მათთვის სასურველი მიმართულებით. ალექსანდრე ალექსანდრიელი მხოლოდ მხილებით არიანული მოძღვრებისა არ იფარგლება, ის არიოზის და არიანელების ზნეობასაც ეხება და მათი ქმედებების და მეთოდების არამართლმადიებლურობას [18]მკვეთრად გახაზავს. სხვათა შორის როდესაც თავის სარწმუნეობას, თავის სიმბოლოს გადმოსცემს ალექსანდრე ალექსანდრიელი, იგი მაცხოვრის შესახებ ასე ამბობს: “არა მხოლოდ სახით (არა მხოლოდ გარეგნულად, ასე შეიძლება ითარგმნოს) არამედ ჭეშმარიტად ჰქონდა მას სხეული ღვთისმშობელი მარიამისგან”. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია. ალექსანდრე ჯერ ეხება ძე ღმერთის განკაცებას და საერთოდ ამ ფაქტს განკაცების ნამდვილობის მხრივ, მაგრამ იმის მრივაც, რომ ყოვლადწმინდა მარიამი არის ღვთისმშობელი, ანუ “თეოტოკოსი”, წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელისგან, როგორც ვთქვით, ეს სრულიად ხაზგასმით არის დასაბუთებული.

ვფიქრობთ ეს ეპისტოლე, რომელიც გაგზავნილია, როგორც ვთქვით ალექსანრე კონსტანტინოპოლელისადმი, აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულად. იმიტომ, რომ არიანული მოძღვრების არსებითი გაუკუღმართებანი მასში უკვე მთლიანად წარმოჩენილია და [19]მთელი შემდგომდროინდელი ანტიარიანული პაექრობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შეკუმშული და არიანელობის უარმყოფელი ტევადი დებულებების განვრცობაა, რაც უკვე ალექსანდრეს ეპისტილეში დევს. მეორე მხრივ ვალდებულება ალექსანდრესი, რომ ამ ერესის წინააღმდეგ ჭეშმარიტი მოძღვრების აღსარება მოგვცეს მოკლე ფორმულირებით, ანუ შეჯამება მართლმადიდებლური მოძღვრებისა, აი ეს მეორე მხარეც, უაღრესად ფასეული, შემდგომში და შემდგომში განმარტებითად და განვრცობითად სხვა მოძღვართაგან წარმოდგენილი, ამ ეპისტოლეს კვლავ აღვნიშნავთ, განსაკუთრებულ ღირებულებას, განსაკუთრებულ დოგმატურ ღირებულებას განუკუთვნებს. ჩვენ სხვათა შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ამ ეპისტოლისა სხვადასხვა პაექრობათა ჟამს ამ დიდი მოღვაწისგან დაგვიმოწმებია და მაშინ დავრწმუნდით თუ რაოდენ ღრმა იყო მისი საღვთისმეტყველო წვდომა, რაოდენ გამომსახველი იყო მისი საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია.

მაგრამ ამ ძეგლის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, მას ქონდა სხვა შრომაც, [20]ჩვენამდე მოღწეულია სხვაც, რომელსაც ცირკულარის ტიპის ეპისტოლე შეიძლება ეწოდოს, ძველ ქართულად რომ ვთქვათ მრგვლივმოსავლელი, ანუ ზოგადი, იგივე ენციკლური ეპისტოლე, ენციკლური გზავნილება ეპისკოპოსების მიმართ. ეს მეორე ეპისტოლე დაწერილია არიოზის წინააღმდეგ შეკრებილი პირველი მოწვევის, 320 წლის კრების შემდგომ და მასში ალექსანდრე წერს შემდეგს, “მე მსურდა მდუმარება დამეცვა მომხდარის შესახებ (აქ იგულისხმება არიანელთა ჭეშმარიტებისგან დაცილების  და მის მიერ მათი განკვეთის შესახებ), რათა უკეთურება შემოსაზღვრულიყო მხოლოდ იმ ფარგლებში რაც ამ ერესის გამომგონებლებს უკავშირებდა, ე.ი. ამ ერესის მომფიქრებელთა [21]საზღვრებით შემოფარგლულიყო, მაგრამ ევსები ნიკომიდიელის კადნიერებამ, რომელმაც თავის მფარველოაბში მიიღო რწმენისგან განდგომილები, მაიძულა ყველასთვის შემეტყობინებინა ამ უკეთურების შესახებ”. სხვათაშორის აქაც კარგად ჩანს ალექსანდრე ალექსანრელის გამჭრიახობა. მან იგრძნო ვინ იყო მთავარი ძალა ამ ერესისა, მთავარი ფიგურა, რომ ეს ევსები ნიკომიდიელია და ეს ბრწყინვალე შეფასება, რომ ფაქტობრივად ეს ერესი ჩაკვდებოდა იქ სადაც აღმოცენდა, მაგრამ ევსები ნიკომიდიელის პიროვნებამ ისეთი საზღვრები და ფართო დიაპაზონი მოუპოვა მას, რომ უკვე ყველას უნდა ეუწყოს და ყველა უნდა იქნეს გაფრთხილებული ამ ერესის თაობაზე.

ეს ძეგლი მოკლე გახლავთ და ძალიან მნიშველოვანიც, მაგრამ პირველი ჩვენს მიერ ზემოგანხილული ეპისტოლე, რა თქმა უნდა, გაცილებით დოგმატურია, გაცილებით ღრმაა, და პირველ რიგში აუცილებლად მისი თარგმნაა მიზანშეწონილი ახალქართულ ენაზე. [22]ეს მეორე ეპისტოლე, მრგვლიმოსავლელი, ანუ ენციკლური, ხელმოწერილია კრებაზე დამსწრე მღვდლებისგან და დიაკონებისგან, მაგრამ არა ეპისკოპოსებისგან, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ მეორე შეკრებაზე იყვნენ წარმოდგენილები.

აი ამგვარია ყველაზე უფრო მოკლედ ამ ღირსეული პიროვნების მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მისი მთვარი შრომა ქართულ ენაზე გვქონოდა, მკითხველისთვისაც და მსმენელისთვისაც ეს პიროვნება გაცილებით უფრო ახლობელი გახდებოდა, მისი მნიშვნელობა გაცილებით უფრო გამოიკვეთებოდა. ერთ-ერთ მიზანდასახულობად ჩვენი ამ განხილვისას სწორედ ამას ვთვლით, რომ ხსენებული მოღვაწე კვლავაც იმავე ღირსებით წარმოჩნდეს თანამედროვეობის წინაშე, როგორც ჭეშმარიტად იმსახურებს და როგორც თავის დროზე იყო, და წარმოჩნდეს საკითხი იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს პიროვნება, რომლის წმინდანობაც ხშირად არის ღირსეულ მოღვაწეთაგან ხაზგასმული, ალბათ სათანადო ხსენების დღეს [23]საეკლესიო კალენდარში აუცილებლად უნდა ფლობდეს.

 

255–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=85V3TJ21Cg0

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 27 მაისი 2016 12:42)