Georgian (Georgia)English (United Kingdom)
257–258

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ მეოთხე საუკუნის დამდეგის რამდენიმე ავტორსა და ცნობილ მოღვაწეს გავეცანით, მათ შორის გახლდათ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი, აგრეთვე იაკობ ნისიბინელი (ზოგჯერ ის ნასიბინელადაც იწოდება), ისევე როგორც შევეხეთ ამ ეპოქის ყველაზე უფრო მასშტაბური, ყველაზე უფრო მძიმე შედეგების მომტანი ერესის -  არიანელობის აღმოცენების პირველ ეტაპებს, პირველ საფუძვლებს, საკუთრივ არიოზის, ევსები ნიკომიდიელის საქმინობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქრონოლოგიურ და მოძღვრებითი ხასიათის მომენტებს. ამ კუთხით კვლავ განვაგრძობთ განხილვას ყველაზე უფრო არსებითი მომენტებისას, ყველაზე უფრო არსებითი მახასიათებლებისას და კონკრეტული ავტორებისას, რა თქმა უნდა, მათ შორის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეების ცხოვრებისა და ლიტერატურული მემკვიდრეობისა.

ამგვარ მოღვაწეთა შორის ჩვენ რამდენიმეგზის უკვე მოვიხსენიეთ [1]და ხაზიც გავუსვით კონკრეტულად საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით დამსახურებას ისეთი ცნობილი მოღვაწისას როგორიც გახლდათ წმ. ევსტათი ანტიოქიელი. რა თქმა უნდა, გვაქვს ვალდებულება, რომ ამ მოღვაწესთან დაკავშირებით მცირედით მაინც შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება, მცირედით იმიტომ, რომ ევსტათი ისედაც არ გამოირჩეოდა რაღაც განსაკუთრებული ნაყოფიერებით წერილობითი მოღვაწეობის მხრივ და ყველაფერი მისგან არც გახლავთ შემორჩენილი. ამიტომ პატრისტიკის ისტორიაში, საკუთრივ პატროლოგიაში როგორც პატრისტიკის შემსწავლელ მეცნიერებაში ევსტათი ძალიან მცირედით, ძალიან გაკვრით იხსენიება და რა შესაძლებლობაც იქნება წყაროებისა ჩვენ ამ მოღვაწის შესახებ ამ წყაროთა საფუძველზე შესაბამის ანალიზსა და განხილვას მისი მოღვაწეობისა და სამწერლობო მემკვიდრობისას შემოგთავაზებთ.

ცნობილია ნეტარი ევსტათის წარმოშობის ადგილი. ის პამფილიის ქალაქ სიდიდან გახლდათ და თავდაპირველად, როგორც [2]ამის შესახებ ჩვენ ორი ცნობილი ავტორი, ნეტარი იერონიმე, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული და აგრეთვე თეოდორიტე კვირელი, გვაუწყებენ, ის იყო სირიის ერთ-ერთი რეგიონის ეპისკოპოსი, ხოლო როდესაც მოხდა წარმართთაგან ქრისტიანთა დევნულობა იგი შეიმკო ქრისტეს აღმსარებლის აღმატებული პატივითა და სახელით, როგორც ჩვენ ამაზე სრულიად კონკრეტულად გვაუწყებს ათანასე ალექსადნრიელი თავის რამდენიმე შრომაში. ისევე როგორც ამავე მოვლენას, ე.ი. ქრისტესთვის, ჭეშმარიტებისთვის აღმსარებლობითი ღვაწლის მოხვეჭას ევსტათის მიერ, აი ამ ღირსებას ხაზს უსვამს აგრეთვე წმ. იოანე ოქროპირი ევსტათისადმი მიძღვნილ შესხმითი ხასიათის, ანუ ხოტბითი ხასიათის ქადაგებაში. ამავეს ადასტურებს ნეტარი ტეოდორიტეც და უფრო გვიან VII საუკუნეში წმ. ანასტასი სინელი თავის ცნობილ შრომაში “ექვსი დღის შესახებ”. ასე რომ [3]ღვაწლისმიერი დამსახურება ევსტათისა, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაში ახოვანება, შეუდრეკელობა IV საუკუნის პირველი ნახევრისთვის უკვე საყოველთაოდ გახლდათ ცნობილი და როდსაც წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი (ჩვენ აღვნიშნავდით, რომ გარკვეული წყაროების მიხედვით იგი წმინდანი იყო. მართლამდიდებელ მოძღვართა პატროლოგიურ შრომებში წმინდანად იხსენიება და ჩვენც ამგვარადვე მოვიხსენებთ) მიმართავდა მას, როგორც წმინდა მოძღვრებისა და ჭეშმარიტებისათვის ყველაზე უფრო სახელგანთქმულ დამცველს, აუწყებდა კიდეც საკუთრივ არიოზის შესახებ და აფრთხილებდა, რადგადნაც არიოზი ცხადია მხოლოდ ალექსანდრიის მწყემსის – ალექსანდრე ალექსანდრიელის წინააღმდეგ ბრძოლით არ დაკმაყოფილდებოდა. არიანელებს უნდოდათ მთელი ქრისტიანული მსოფლიოს ხელში ჩაგდება, ყველაზე უფრო ცნობილი საეპისკოპოსოების დაპყრობა და ცხადია ამ ცნობილ საეპისკოპოსოთა შორის ერთ-ერთი აღმატებული სწორედ ანტიოქიის საყდარი [4]გახლდათ. მაგრამ ეს მოვლენა თვითონ, მისი ანტიოქიის საყდარზე ეპისკოპოსად კურთხევა მთელი ქრისტიანული საზოგადოების მოთხოვნილება და მოთხოვნა გახლდათ, იმდენად დიდი იყო ავტორიტეტი ევსტათისა, რომ ანტიოქიის საყდარზე მისი დადგინება ერთმნიშვნელოვნად იყო მოთხოვნილი მრევლის ყველა წევრისგან. მისი ეს პატივი დადასტურდა ისეთ მნიშვნელოვან და ყველაზე უფრო აღმატებულ შეკრებაზე ეპისკოპოსებისა, როგორიც გახლდათ პირველი მსოფლიო კრება ნიკეაში გამართული 325 წელს, როდესაც ჭეშმარიტად და საზეიმოდ ამ წმინდა კრების მიერ დადასტურდა მისდამი ანტიოქიის საყდრის მიკუთვნება. ამის შესახებ ცნობა ქრონოგრაფიებშიც გახლავთ დაცული. კერძოდ ცნობილი ქრონოგრაფი ანუ ჟამთააღმწერლობა თეოფანესი ამ ფაქტს გვიდასტურებს ჩვენ, ისევე როგორც მოგვიანებით ცნობილი ნიკიტა ქონიატი თავის მართლმადიდებლური სარწმუნეობის საუნჯეში ხაზს უსვამს ამავე ფაქტს, [5]რომ ევსტათი მხოლოდ და ჩვეულებისამებრ ერთ-ერთი რიგითი ეპისკოპოსი კი არ გახლდათ მხოლოდ ანტიოქიისა, არამედ მისი ეპისკოპოსობა პირველი მსოფლიო კრებისგან საზეიმოდ დამტკიცებული და დასასტურებული. სხვათაშორის ამავე კრებაზე, ე.ი. პირველ მსოფლიოს საეკელსიო კრებაზე წმ. ევსტათი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა იმპერატორს და იგი ამავე კრებაზე უკვე გვევლინება ჩვენ არიანული ღვთისმგმობელობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაუცხრომელ მოწინააღმდეგედ. პატროლოგიებში სხვათაშორის ის ფაქტიც ხაზგასმულია, რომ დაახლოებით 326 წლის მიწურულს ევსტათი გამოემგზავრა საქართველოში. ჩვენს მიერ ადრე ხსენებული ერთ-ერთი რუსი ავტორი არქიეპისკოპოსი ფილარეტი, ცნობილი მოღვაწე და ცნობილი საეკლესიო მწერლობის ისტორიკოსი, იგივე გუმილევსკი, ცნობილ პატრილოგიურ შრომაში ამ ფაქტს საგანგებოდ აღნიშნავს და პირდაპირ მიუთითებს, რომ გაემგზავრა რა 326 [6]წლის ბოლოს ევსტათი საქართველოში, დაადგინა იქ მწყემსნი ახალნერგ სარწმუნების განსამტკიცებლად. ავტორი ზოგადად უთითებს ქართულ წყაროებზეც, რომ ეს უეჭველი ისტორიული ჭეშმარიტებაა ცალკეული ქართული ისტორიული წყაროს მიხედვით. რომელ წყაროს გულისხმობდა ის კონკრეტულად, ანუ  რომელი წყარო ჰქონდა მას ხელთ XIX საუკუნისთვის, ძნელი სათქმელია. ჩვენ რამდენადაც ვიცით პირველად ეს ფაქტი ხაზგასმული გახლავთ წმ. ნინოს ცხოვრების იმ რედაქციაში, რომელიც არსენ ბერს მიეკუთვნება და როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა წმ. ნინოს ცხოვრების შედარებით მარტივი ტექსტი ახალქართულად გამოგვექვეყნებინა, იყო ასეთი კარგი შემთხევა, სამწუხაროდ არ გაგრძელდა, როდესაც გარკვეულმა პირებმა გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ საყმაწვილო ჟურნალი, რომელსაც ვუწოდეთ ერთობლივად “ახალნერგნი ზეთისხილისანი”. მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა ამ ჟურნალისა, რომელიც წმ. ნინოს მიეძღვნა და წმ. ნინოსთან დაკავშირებული [7]უძველესი წყაროების საფუძველზე ჩვენ შევეცადეთ მარტივად, ახალქართული ენით, მაგრამ ყველა წყაროს უდანაკარგოდ მოხმობით, ერთი მთლიანი ცხოვრება წარმოგვედგინა წმ. ნინოსი და, რა თქმა უნდა, ამ ფაქტსაც, არსენ ბერისგან დადასტურებულს XII საუკუნის ძეგლში, ე.ი. წმ. ნინოს შესახებ დაცული იმ რედაქციისგან, რომელიც XII საუკუნეში შექმნა არსენ ბერმა, ხაზს ვუსვამდით რომ ევსტათი ანტიოქიელმა აკურთხა ქართლის ეკლესიები. შესაძლოა სწორედ ეს არსენ ბერის რედაქცია იყო ნაგულისხმევი არქიეპისკოპოს ფილარეტისგან, როდესაც ის ამ ფაქტს საგანგებოდ აღნიშნავდა თავის პატროლოგიურ ნაშრომში.

დავუბრუნდეთ ჩვენ კვლავ ევსტათის, რომელიც გახლდათ წრფელი და ახოვანი მწყემსი ჭეშმარიტების წიაღში შემოვრდომილი მრევლისა. იგი დაუცხრომლად განაქიქებდა, ჰკიცხავდა, ეწინააღმდეგებოდა, არიანული ცრუ მოძღვრების [8]განვრცობას, რის გამოც არიოზის ყველაზე უფრო ავტორიტეტულმა და გავლენიანმა პირებმა და არიანული მოძღვრების როგორც სენის თვითმიზნურად გავრცელების მოწადინეებმა, თავიანთი ყოფითი, სოციალური, პოლიტიკური მოშურნეობის ნესტარი სწორედ და პირველ რიგში ევსტათისკენ მიმართეს, მისი დამხობა განიზრახე. ყველაზე სამწუხარო ის გახლდათ, რომ მართალია ბოლომდე არა მაგრამ ნაწილობრივ არიანელებს უერთგულა ისეთმა, მრავალი კუთხით დიდმა მოღვაწემ, როგორიც გახლდათ ევსები კესარიელი, ჩვენს მიერ თითქმის ყოველნაბიჯზე ხსენებულმა, ცნობილი და სახელგანთქმული შრომის “ეკლესიის ისტორიის” ავტორმა. მას ჩვენ ვერ ვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებულ არიანელს, იგი ნახევრად არიანელად არის ცნობილი, მაგრამ ეს სანახევროდ განდგომა ჭეშმარიტებიდანაც კი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო გახლდათ აი ამ მასშტაბის მოღვაწისათვის. სწორედ ევსები ამხილა სხვათაშორის საჯაროდ [9]ანტიოქიელმა პატრიარქმა ევსტათიმ მართლმადიდებლობისადმი მერყევი, ორგული, არაერთაზროვანი და ორაზროვანი დამოკიდებულების გამო.

ჩვენ კვლავ ხაზს გავუსვათ და შეგახსენებთ იმ ტრიუმფალურ წინსვლას არიანელებისას, გავლენის მოპოვების გზაზე, რაც დაახლოებით 328 წლიდან იწყება. ცხადია ამგვარი დაწინაურებული, პოლიტიკურად, სოციალურად და გავლენის მქონე მოძრაობა, ეს ცრუ მოძრაობა, ვერ შეეგუებოდა ასეთი დიდი ავტორიტეტის მათ წინააღმდეგ ამხედრებას და ამიტომ როგორც უკვე აღვნიშნეთ პირველ რიგში მთელი მათი გავლენა და პოლიტიკური ავტორიტეტი ევსტათი ანტიოქილის დამხობისკენ მიმართეს. მათ შორის, ეს უკვე აღნიშნული გვაქვს, მაგრამ კვლავ გავიმეორებთ, ევსები ნიკომიდიელი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ევსტათისადმი დაპირისპირებით, ისევე როგორც თეოგონიუს ნიკიელი. [10]ისინი ვითომცდა ღვთისმოსაობის და კეთილმსახურების საბაბით იერუსალიმში გაემგზავრნენ, იქ შეუერთდნენ სხვა არიანელებს და ერთობლივად წავიდნენ ანტიოქიაში თითქოსდა მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ მოენახულებინათ ეკლესიის დიდი მწყემსმთავარი, იგივე ევსტათი ანტიოქიელი. მაგრამ სინამდვილეში მათ მოულოდნელად გახსნეს კრება და ამ კრებაზე, დამსწრეთა წინაშე, წარმოდგა ვიღაც ცრუ მოწმე ქალი, რომელმაც დიდი მოღვაწე, ევსტათი ანტიოქიელი, გარყვნილებაში დაადანაშაულა. მხოლოდ ეს წინასაწარ მოფიქრებული მოწმობა ჩათვალეს დამაკმაყოფილებლად ამ კრების დამსწრეებმა, რომ ევსტათი საყდრიდან გადაეყენებინათ, ეპისკოპოსობიდან განედევნათ. თუმცა როგორ ჩვენ ამის შესახებ [11]უძველესი გადმოცემები გვაქვს, თვით ეს ცილისმწამებელი, ცრუ მოწმე ქალი მრავალგზის იქნა მომაკვიდინებელი ტანჯვა-წამებით ტანჯული ამის შემდგომ და ამიტომ მალე გახდა იძულებული, რომ ყველას წინაშე ეღიარებინა მისი ეს ცრუ ბრალდებანი, რომ მან ფული მიიღო არიანელებისგან ამ ცილისწამების წარმოთქმისათვის. ხოლო როდესაც მისგან იშვა ჩვილი, (ეს ქალი მართლაც ორსულად იყო და მიზეზად ორსულობისას სწორედ ევსტათის ასახელებდა) ამ ბავშვის ნამდვილი მამა ამ ქალმა დაასახელა, ეს გახლდათ ერთ-ერთი გარყვნილი პიროვნება, ასევე ევსტათის სახელმოდგამი, ძველქართულად რომ ვთქვათ, ანუ იმავე სახელის მქონე, მასაც ევსტათი ერქვა, როგორც ამის შესახებ ჩვენ თეოდორიტე კვირელი და იერონიმე თავიანთ ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულ შრომებში სპეციალურად გვაუწყებენ. თუმცა არიანელებს, რომელთაც მიზანდასახულობა ჰქონდათ ევსტათის დამხობისა, მეორე მხრივ [12]შეეცადნენ მისდამი დაპირისპირებას, უკვე არა ზნეობითი კუთხით, არამედ სამოძღვრო დოგმატური ასპექტით და დაჟინებით დაიწყეს მტკიცება იმისა, თითქოს ევსტათი ასწავლიდა იმგვარად როგორც თავის დროზე საბელიოზი. საბელიოზის შესახებ ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ საბელიოზი გახლდათ ერთარსება ღვთის ერთპიროვნულობის აღმსარებელი, ამღიარებელი და მამტკიცებელი, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ეს მხოლოდ სახელები იყო მისთვის და სინამდვილეში იგი აღიარებდა მხოლოდ ერთ პირს, ერთპიროვნებას, შეარწყამდა სამპიროვნებას ერთპიროვნებად. აი ეს გახლავთ საბელიანიზმი, სამპიროვნულობის, რასაც მართლმადიდებლობა აღიარებს, ერთპიროვნულობად შერწყმა, ანუ სამი ჰიპოისტასური ხატის ერთ ჰიპოსტასურ ხატად შერწყმა და აღმსარებლობა. საბელიანიზმი მრავალგზის არის დაგმობილი ეკლესიის მამათაგან, თვითონ საბელიოზი ანათემირებულია და აი ამ მწვალებლობის მქადაგებლად და ამ მწვალებლობის მემოძღვრედ [13](თუ ჩვენ მოვიშველიებთ ერთ-ერთ ძველ ქართულ შესანიშნავ ტერმინს, იოანე პეტრიწისგან შექმნილს) წარმოაჩინეს ვითომცდა მათ ევსტათი ანტიოქიელი. ამიტომ ევსები ნიკომიდიელმა და თეოგონიუს ნიკიელმა ისწრაფეს, რომ გამოცხადებულიყვნენ იმპერატორ კონსტანტინეს წინაშე მათი ამ ცრუ ბრალდების გასაცნობად, რათა იმპერატორი უარყოფითად განწყობილიყო ევსტათისადმი. მათ დაუმატეს ისეთი ყოფითი ხასიათის ცილისწამებაც, რაც წინასწარგანზრახულად გასაგები იყო, რომ იმპერატორზე ძალიან მძიმედ იმოქმედებდა, კერძოდ ვითომცდა ევსტათის შეურაცხმყოფლად მოეხსენიებინოს იმპერატორის დედა წმ. ელენე (ელენე დეფოფალი, მოგეხსენებათ, არის ის პიროვნება, რომელმაც მაცხოვრის ჯვარი აღმოაჩინა. ამის შესახებ მრავალი თხრობაა დაწერილი და ძველქართულადაც თარგმნილი გახლავთ). [14]აი ამგვარი დაპირისპირებანი, მიმართული ევსტათისადმი თანდათანობით კულმინაციას უახლოვდებოდა და სრულიად უდანაშაულო მწყემსი რამდენიმე უერთგულეს მღვდელთან და დიაკონთან ერთად თრაკიაში იქნა გადასახლებული, როგორც ამაზე საგანგებოდ მიგვითითებს სოკრატე სქოლასტიკოსი თავის საეკლესიო ისტორიაში, ისევე როგორც სოზომენე და ამავეს გვაუწყებს წმ. იოანე ოქროპირიც ჩვენს მიერ ზემოხსნებულ ევსტათისადმი მიძღვნილ შესხმითი ანუ ხოტბითი ხასიათის ძეგლში. ეს მოხდა 331 წელს და, რა თქმა უნდა, არიანელთა დიდი სიხარული ამ მოვლენის გამო ძნელი არ არის რომ წარმოვიდგინოთ. თუმცა არიანელთა მოშურნეობა და გაბოროტებული დამოკიდებულება ევსტათისადმი არ დამთავრებულა ამით, ევსტათის თრაკიაში განდევნით, სიცოცხლის ბოლომდე იგი, ევსტათი ფაქტობრივად არიანელთაგან დევნულობაში იმყოფებოდა ყოველდღიურად, ყოველწუთიერად. [15]ის თრაკიიდან შემდეგ ილირიაში გადადის, იქაც კვალში მიჰყვება არიანელთა დიდი დაპირისპირება და საბოლოოდ ეს დიდი მოღვაწე აღესრულება მაკედონიის ქალაქ ფილიპეში დაახლოებით 345 წელს. წმ. იოანე ოქროპირის მოწმობით და მტკიცებით წმ. ევსტათის წმ. ნეშტი დაფლულია, დამარხულია თრაკიაში და მისი საფლავი, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს სწორედ ამ ბარბაროსულ ქვეყანაშია. თეოდორე მკითხველი, ასეთი ერთ-ერთი ავტორი გახლდათ, ანუ თეოდორე წიგნისმკითხველი, ანუ თეოდორე მედავითნე, თავის ერთ-ერთ შრომაში საეკლესიო ისტორიაში იმასაც მიგვითითებს, რომ წმ. ევსტათის წმ. ნაწილები 482 წელს აღმოყვანებულ იქნა ანტიოქიაში, ანუ გადმოსვენებულ იქნა ანტიოქიაში. ზემოხსენებული წმ. იოანე ოქროპირის ხოტბითი სიტყვის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ წმ. ევსტათის ხსენებას [16]ანტიოქიაში აღასრულებდნენ უკვე 387 წელს. საზოგადოდ ევსტათის ხსენება გახლავთ 21 თებერვალს.

ნეტარი იერონიმე, რომელიც წმ. ევსტათის მიიჩნევს ერთ-ერთ პირველ და ყველაზე უფრო ხმამაღალ საყვირად, ჭეშმარიტების საყვირად არიანელობის წინააღმდეგ, პირველ ავტორად ვინც არიანელობის წინააღმდეგ შრომებს აქვეყნებდა (რა თქმა უნდა, წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელთან ერთად), აი ამ ფაქტის აღნიშნვნასთან ერთად ნეტარი იერონიმე იმასაც ხაზს უსვამს და გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით თუ რა განსწავლულობა ვლინდება ევსტათის ნაწერებიდან, რომ იგი მისივე მითითებით იყო განათლებული, როგორც სულიერ სწავლებებში, ასევე საერო სიბრძნეშიც, საერო მეცნიერებებშიც, განსაკუთრებით კი ფილოსოფიაში, როგორც თავის 84-ე ეპისტოლეში ამას საგანგებოდ აღნიშნავს ნეტარი იერონიმე. [17]რაც შეეხება მეორე ავტორს, სოზომენეს, რომელიც თავის შრომაში “საეკელსიო ისტორია” შესააბამის ადგილს უთმობს წმ. ევსტათის, აი ამ პიროვნების მითითებით ევსტათის მჭერმეტყველება გაკვირვების საგანი იყო მისი თანამედროვეებისთვის. ეს ზეპირი მეტყველებით, მაგრამ იგივე ვლინდებოდა, - ამბობს სოზომენე, მის წიგნებში, მის ნაწერებშიც, რომლებიც დღემდე შემონახულია. “დღემდე შემონახულია”, ეს ფრაზა იმიტომ არის სოზომენესგან დამატებული, რომ არიანელთა დევნულების შესაბამისად წმ. ევსტათის ნაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი თავისთავად ცხადია განადგურდა, მაგრამ ყველაფრის განადგურება იმ დროისათვის, როდესაც სოზომენე თავის შეფასებას წერდა, რა თქმა უდნა, ჯერ კიდევ არ მომხდარიყო და საეკლესიო წიაღი კვლავ იტევდა წმ. ევსტათის წმინდა ნაწერებს. თუმცა სამწუხაროდ დღეისათვის ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ წმ. ევსტათის წიგნები კვლავაც მრთელია, კვლავაც შემონახულია, [18]თუმცა იმ მცირე ნაწილისგანაც კი, რამაც ჩვენამდე მოაღწია, ყოვლადბრწყინვალედ ვლინდება ყველა ის ღირსებანი, რაც ჩვენს მიერ ზემოხსენებულ ავტორთანგან არის ხაზგასმული, ანუ რასაც ძველთაგანვე დიდი მოღვაწენი ხოტბას უძღვნიდნენ.

ჩვენამდე მოღწეული გახლავთ წმ. ევსტათის მხოლოდ ორი ნაშრომი  მთლიანობაში, ხოლო სხვა ნაშრომებიდან შემორჩენილი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ციტატები, რომლებიც დაცული გახლავთ ჩვენს მიერ ხსენებულ თეოდორიტე კვირელთან, აგრეთვე VI საუკუნის ცნობილ მოღვაწესთან ევლოგი აექსანდრიელთან, დიდ წმინდანთან და სხვა ავტორებთან. კონკრეტულად არიოზის წინააღმდეგ დაწერილი მისი შრომიდან სწორედ ამგვარი ციტატებია ჩვენამდე მოღწეული და ეს ციტატები ადასტორებს, რომ მას დაუწერია რვა წიგნი არიანელთა წინააღმდეგ. ცხადია ასეთი მოვლენის შედეგ არაა გასაკვირი თუ რა ზიზღით იქნებოდნენ მისდამი გამსჭვალული, ასეთი დიდი [19]მოღვაწისგან საფუძვლიანად და არგუმენტირებულად მხილებული ერეტიკოსები. ეს შემორჩენილი ციტირებანი ადასტურებს და გვიჩვენებს იმას, რომ ევსტათი, როგორც ჭეშმარიტების დამცველი უპირველეს ყოვლისა იმას განიზრახავდა, რომ წმინდა წერილისგან გამოერჩია ის ადგილები, რომლებიც ადასტურებენ ერთის მხრივ მაცხოვრისგან სრული ადამიანობის მიღებას, მის სრულ განკაცებას და მეორეს მხრივ ყოვლადბრწყინვალედ სწამებენ ანუ ადასტურებენ მის ბუნებით ღმერთობას, რომ ის ბუნებითი ძეა მამისა და შესაბამისად თვითონაც ბუნებითი ღმერთი. ფაქტობრივად ევსტათი ანტიოქიელმა გადადგა პორველი ნაბიჯი არიანელობის სქოლასტიკური წესით მხილებისაკენ. ჩვენ ადრე ამაზე დეტალური საუბარი გვქონდა, აღვნიშნავდით, რომ სქოლასტიკის პრინციპია სწორედ თემატური დაჯგუფება პირველ რიგში წმინდა წერილისა და ამას შემდგომში ემატება ეკლესიის მამათა შრომები. ევსტათიმ [20]აი აქეთკენ გადადგა ნაბიჯი, რომ საღვთო წერილის ცალკეული ადგილები დაეჯგუფებინა ამ ორი დიდი მიზანდასახულობით, ერთის მხრივ დასამტკიცებლად მაცხოვრის ბუნებითი ძეობისა მამა ღმერთისადმი და შესაბამისად მისი ბუნებითი ღმერთობა, და მეორეს მხრივ მისი ბუნებითად და ჭეშმარიტად განკაცება, ანუ მის მიერ სრული კაცების, სრული ადამიანობის მიღება.

 

257–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=dxk2cI-0dWU

 

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა (მეორე ნაწილი)

ჩვენ ვეხებოდით IV საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს წმ. ევსტათი ანტიოქიელს. არსებული წყაროების მიხედვით შეძლებისდაგვარად მიმოვიხილეთ მისი ცხოვრება, ყოფითი მოღვაწეობა, დაპირისპირებანი არიანელობასთან და შემდგომ შევუდექით მისი შრომების მოხსენიებას, ყველაზე უფრო არსებითის აღნიშვნას საკუთრივ შრომებთან დაკავშირებით. როგორც მივუთითებდით მისი შრომებიდან მოღწეულია ძირითადად ცალკეული ფრაგმენტები, სხვადასხვა გვიანდელ ავტორთან ციტირებების სახით. ერთ-ერთ ასეთ ნაშრომზე (არმოღწეულზე) გვქონდა მსჯელობა, თავის დროზე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაშრომზე, რაც ამ მოღვაწეს დაუწერია, არიანელთა წინააღმდეგ მიმართულ პოლემიკური ანუ ანტიერეტიკული ხასიათის ძეგლზე, რომელიც რვა წიგნად ყოფილა თავის დროზე დაწერილი. ე.ი. ეს ყოფილა, სრულიად უეჭველია, მონუმენტური, მასშტაბური, ყოვლითურთი მხილება და აღმოფხვრა არიანული ერესისა. ამ შრომაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. [1]ამჯერად აღვნიშნავთ, რომ ევსტათი რომელმაც ამ თავის პირველ შრომაში განიზრახა საღვთო წერილის ციტატების დაჯგუფება მაცხოვრის ერთის მხრივ ბუნებითი ღმერთობის და იმავე მაცხოვრის მეორეს მხრივ ბუნებითი ადამიანობის დასამტკიცებლად, კონკრეტულ ყურადღებას აჩერებდა ცალკეულ გამონათქვამებზე, ცალკეულ მუხლებზე ძველი აღთქმისა. განსაკუთრებით ვთქვათ სოლომონის იგავთა მერვე თავის 22-ე მუხლზე (რაც დღესაც მოიტანება სხვათაშორის ახალი დროის არიანელებისგან ანუ იეღოველებისგან), ისევე როგორც ცალკეული ფსალმუნების გამოანთქვამებზე, მუხლებზე. ამათზე შეაჩერა პირველ რიგში თავისი განმმარტებლობითი მზერა ევსტათი ანტიოქიელმა, ესენი განმარტა და ეს განმარტებანი როგორც იტყვიან საყოველთაო გახდა საეკლესიო ტრადიციაში, არა მხოლოდ კონკრეტულად არიანელთა უარსაყოფად, არამედ თვით ამ ადგილების ჭეშმარიტი შინაარსის საწვდომად და მრევლისთვის განსამარტავად.

სხვათაშორის სწორედ ამგვარი სიღრმისეული წვდომის საფუძველზე მოწოდებული [2]განმარტებების შედეგად ევსტათიმ საეკლესიო მწერლობის ისტორიაში ისეთი დიდი კომენტატორის, დიდი განმმარტებელის, ანუ ძველ ქართულად მთარგმანაბელის სახელი დაიმკვიდრა, რომ მისი განმარტებანი საკმაო რაოდენობით გვიანდელ კრებსითად წარმოდგენილ განმარტებათა კრებულებში იჩენს თავს. ცნობილია ვთქვათ ამგვარი კატენები ანუ სერიები განმარტებებისა ძველი აღთქმის ცალკეულ წიგნებზე, სადაც ევსტათის გნმარტებანი არაიშვიათად იჩენს თავს, განსაკუთრებით ვთქვათ შესაქმის წიგნთან დაკავშირებით, ისევე როგორც მეფეთა წიგნთან დაკავშირებით, სოლომონის იგავთა წიგნთან დაკავშირებით და სხვა. ამ წესით, ე.ი. ამ ორი მიმართულებით საღვთო წერილის ჭვრეტა, მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად არიანელთა წინაშე წარმოაჩენდა, რომ იესო ქრისტეში შეერთებულია ღმრთეება და ადამიანობა, ისე რომ არცერთი მათგანი, ე.ი. ამ ბუნებათაგან არცერთი არ იცვლის თავის თვისებებს [3]და რომ ძე ღვთისა დაექვემდებარა რჯულს განკაცების ჟამს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ ცოდვისგან გამოეხსნა ცოდვის მონები და გმობის და ჯოჯოხეთის წიაღში შთაკვეთებულნი, ანუ მთელი კაცობრივი ბუნება. საკუთრივ ევსტათი ამგვარად გვაუწყებს ჩვენ, იგი ამბობს: “ძე ღვთისა იესო ქრისტე არის ღმერთი ბუნებითად და შობილია ღვთისგან, იგი ცხებულია და მცხებელი მას სწორედ ღმერთად უწოდებს რათა ყველას წინაშე თვალნათლივი გახადოს მისი ბუნებითი ღმერთობა”.

ევსტათი ანტიოქიელისგან ცნობილია ნაშრომი სახელწოდებით “სულის შესახებ”, რომელიც ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ხასიათის ძეგლი გახლავთ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშველოვანია დოგმატურ-ქრისტოლოგიური კუთხით, რადგანაც საეკლესიო ისტორიაში ამომწურავი წესით და არგუმენტირებით პირველად არის მოცემული მსჯელობა მაცხოვრის [4]კაცობრივ სულზე, რაც უაღრესად რთულად განსამარტავი საკითხი გახლდათ, არა მხოლოდ ამ ეპოქაში, როდესაც შეიძლება ითქვას პირველად იწყებოდა მასშტაბური და ყოვლითურთი და მთლიანობითი შესწავლა ამ ერთ-ერთი უძირითადესი საკითხისა, განკაცებასთან დაკავშირებული საკითხისა, არამედ გაცილებით გვიანდელი ეპოქებისთვისაც კი, მათ შორის წმ. იოანე დამასკელის დროისთვისაც VIII საუკუნისთვის. ეს დიდი გზა ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის განმარტებისა სწორედ ევსტათისგან იწყება და ეს შრომაც მისგან არიანელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ძალიან ფრაგმენტულად გახლავთ ეს შრომა ჩვენადმე მოღწეული, შესაბამისად მთლიანობაში წარმოდგენა ამ ძეგლის ღირსებებისა და მისი მონუმენტურობისა დღეისათვის ნაკლებად შესაძლებელია.

სპეციალური შრომა ჰქონია ევსტათის მუცლითმეზღაპრეთა შესახებ, ანუ ეგრეთ წოდებულ გრძნეულთა, მისანთა, მკითხავთა ანუ ძველ ქართულად მჩხიბავთა შესახებ და ეს ძეგლი საზოგადოდ მიჩნეულია ანალოგიურ თემაზე სანიმუშო [5]განმარტებად ეკლესიის ისტორიაში, საეკლესიო მწერლობის ისტორიაში. თვით ავტორი ჩვენ გვაწვდის მკაცრ, მოკლე და ლაკონურ შენიშვნებს (ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის გახლავთ არსებითი), და უფრო მართებულად თუ ვიტყვით გაკიცხვებს ორიგენისტური ალეგორიზმის მიმართ. ორიგენეზე თავის დროზე ვრცლად გვქონდა მსჯელობა, ხაზგასმაც იმასთან დაკავშირებით, რომ საეკლესიო ალეგორიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ ორიგენეა. თუმცა მან ალეგორიზმში ხშირ შემთხევვაში უკიდურესობას მიმართა, უკიდურესობებს მიეცა იგი, რამაც მოძღვრების გაუკუღმართება გამოიწვია, მის შრომებში ეს ცხადად ჩანს ყოველივე და სწორედ ამას უსაყვედურებს არსებითად ევსტათი, როგორც ანტიოქიის სკოლის წარმოამდგენელი ორიგენეს. “ამას”-ში ვგულისხმობთ ზედმეტ გატაცებას ალეგორიზმით და იმ შუალედური სამეუფო გზიდან ფაქტობრივ გადადრეკას, რაც, როგორც თავის დროზე ვრცლად გვქონდა ამაზე მსჯელობა, ორიგენეს [6]საღვთისმეტყველო შრომებში და მის საღვთისმეტყველო სისტემაში უაღრესად მკაფიოდ და სამწუხაროდ უაღრესად გაუკუღმართებულად აისახა. ზოგადად თეოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებო ჩანს წმ. ევსტათის სწავლება გარდაცვალების შემდგომი ადამიანის მდგომარეობის შესახებ. იგი მკვეთრად მიჯნავს ერთი-მეორისგან მაცხოვრის მოსვლამდელ და მაცხოვრის მოსვლის შემდგომდროინდელ კაცობრიობას, როგორც საზოგადად ეს ეკლესიურ მოძღვრებაში ჩამოყალიბებულია დოგმატის სახით, რომ მაცხოვრის მოვლინებამდე თვით მართალნიც კი ვერ ადიოდნენ ზეცაში იმიტომ, რომ ზეცა, სამოთხე დახშული იყო, მაცხოვარმა გახსნა გზა ცხონებისა და ამის შემდგომ, - მიუთითებს წმ. ევსტათი, მაცხოვრის მოსვლის შემდგომდროინდელი მართალნი უკვე გაცილებით უფრო აღმატებულ, გაცილებით უფრო ნეტარ ყოფაში არიან, რადგანაც ისინი გარდაცვალების შემდგომ ძველი აღთქმის მართალთა მსგავსად ჯოჯოხეთში კი არ მიდიან, არამედ მყისიერად ცხონების ადგილს მიაშურებენ. ნეტარი იერონიმე წერდა, [7]რომ ევსტათის დაწერილი ჰქონდა აურაცხელი რაოდენობის წერილები (იგულისხმება პირადი წერილები), თუმცა ჩვენთვის ეს წერილები ცნობილი არაა თუ არ მივიღებთ მხედველობაში აქაც ცალკეულ ამონარიდებს, ცალკეულ ციტატებს, როგორც მისი წერილებიდან ამოღებულებს. მკვლევართა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეს სწორედ მისი წერილებიდან ამოღებულია, გარკვეული ციტატები, დადასტურებული ეკლესიის მამებთან, თუმცა მკვლევართა მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ ეს მისი სხვა საღვთისმეტყველო შრომებიდან და არა პირადი წერილებიდან უნდა იყოს მოხმობილი.

ის რაც დღეისათვის ჩვენთვის უფრო კარგად არის ცნობილი, ეს გახლავთ ევსტათის კომენტარები ექვსი დღის შესახებ. ის ამ განმარტებებს მსაჯულთა წიგნამდე განავრცობს, მაგრამ გამოთქმული გახლავთ ძალიან სერიოზული დაეჭვება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს შრომა არ ეკუთვნოდეს წმ. ევსტათის, IV საუკუნის ანტიოქელ მწყემსს და უფრო გვიანდელი [8]ეპოქისა უნდა იყოს. თუმცა ერთობლივად არის აღიარებული ისიც, რომ ამ შრომაში უაღრესად მნიშვნელოვანი მრავალი კომენტარია დაცული რომელთა წარმომავლობა შესაძლოა ევსტათისეულ საღვთისმეტყველო განმარტებებს უკავშირდებოდეს. მაგრამ საკუთრივ შრომა როგორც მთლიანობა, როგორც კრებსითი ხასიათის კომენტარი საღვთო წერილის გარკვეულ ნაწილზე არ მიიჩნევა ევსტათისეულად. ზოგი მკვლევარი იმასაც ხაზს უსვამს, რომ თვით განწყობაც და სულისკვეთებაც და სტილიც ამ ნაშრომისა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევსტათისეული განწყობისგან და სულიერებისგან, თუმცა გადამწყვეტი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ამ ძეგლში, რომელსაც ევსტათი ანტიოქიელის ავტორობით ვიცნობთ ჩვენ დღეს, ცალკეული ადგილები მოხმობილია წმ. ბასილი დიდის ანალოგიური ტიპის შრომისგან, ასევე ექვსთა დღეთას შესახებ მიძღვნილი განმარტებებიდან, ხოლო ამგვარი რამ ცხადია ევსტათისგან შეუძლებელი გახლდათ იმიტომ, რომ იგი მნიშვნელოვნად წინამორბედია წმ. ბასილი დიდზე. სხვათაშორის დაახლოებით იმ წლებში [9]დაიბადა ბასილი, როდესაც ევსტათი ანტიოქიის საყდრიდან გააძევეს არიანელებმა, ბასილის დაბადების წლად ჩვეულებრივ დაახლოებით 329 წელი მიიჩნევა.

ესაა დაახლოებით ყველაფერი რაც ჩვენ ევსტათი ანტიოქიელთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ. ამჯერად არ არის იმის აუცილებლობა რომ კონკრეტული ციტატები მოვიტანოთ არსენ ბერის, ჩვენს მიერ უკვე ხსენებული, შრომიდან იმ დიდი ღვაწლის გამოსაკვეთად რაც ევსტათის საქართველოს ეკლესიის წინაშე მიუძღვის. თუნდაც იმ ფაქტის აღნიშვნა რომ მან “აკურთხა ეკლესიანი ქართლისანი”, ამ დიდი მოღვაწის განუყრელ კავშირს საქართველოსთან, საქართველოს საეკელსიო ისტორიასთან სრულიად თვალსაჩინოდ წარმაოჩენს.

 

258–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=q_rrwtmpYDE

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 26 May 2016 13:04)