Georgian (Georgia)English (United Kingdom)
262–264

მოღვაწეობის ზოგადი მიმოხილვა

ჩვენს წინა საუბარში მიმოვიხილეთ წმ. ანტონი დიდის მოღვაწეობა. უფრო ადრე ვეხბოდით არიანელობის აღმოცენებას, რასთანაც და რომლის უარყოფასთანაც თვით ანტონი დიდსაც ქონდა შეხება, რა თქმა უნდა, როგორც თუნდაც წმ. ათანასე ალექსანდრიელის მოძღვარს და ეს თემა არიანელობასთან ბრძოლისა ხშირად წარმოდგება ჩვენს წინაშე ამ ეპოქის მოღვაწეთა შესახებ საუბრისას. ამიტომ ვფიქრობთ გასაკვირი არ უნდა იყოს ის გარკვეული, შეიძლება ასე ითქვას თხოვნა რაც ჩვენდამი იყო მომართული საკუთრივ არიოზთან დაკავშირებით, რომ როგორც ადრე რამდენიმე შემთხვევაში მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა სურვილი იმისა, რომ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის შესახებ, ე.ი. რამეს თუ წერდა იგი, მხოლოდ ზეპირი იყო მისი საქმიანობა თუ წერილობითაც ავრცელებდა თავის ერესს, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ არიოზის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია რომ წარმოგვედგინა მსენელისათვის.

ჩვენ დაახლოებით [1]ანალოგიური მიმართვა გვქონდა თავის დროზე ტატიანე სირიელთან დაკავშირებით და მაშინაც შევეცადეთ რომ ეს სურვილი შეგვესრულებინა. ამჯერადაც, რამდენადაც ეს დაინტერესება სავსებით გამოკვეთილია, შევეცდებით რომ არიოზის შესახებ უფრო ინფორმატიული ვიყოთ და უფრო დეტალურად წარმოვაჩინოთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებული, დღეისათვის ცნობილი, დეტალები.

კვლავ შეგახსენებთ, რაც თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არიოზი, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივად იცხოვრა (ის 256-336 წლებში ცხოვრობდა, ე.ი. ოთხმოცს გადაცილებული გახლდათ, დაახლოებით 82 წლის, როდესაც გარდაიცვალა), წარმოშობით იყო ლიბიელი, 256 წელს ლიბიაში დაიბადა. Yთავისი საღვთისმეტყველო ფორმირება - ჩამოყალიბება მან მიიღო ანტიოქიაში. თვითონ ამ ჩამოყალიბებას განუკუთვნებს წმ. ლუკიანე ანტიოქიელს, მაგრამ ეს საკითხი თავის დროზე განვმარტეთ და ჩვენ აღარ დავუბრუნდებით. შემდეგ ის ანტიოქიიდან გადადის [2]ალექსანდრიაში, სადაც ჯერ დიაკვნად იკურთხება, შემდეგ კი მღვდლად. ის უკავშირდება ბაუკალისის ეკლესიას, მაგრამ დაახლოებით 318 წელს, როდესაც მან უკვე დაიწყო თავისი ერეტიკული მოძღვრების საჯაროდ გამოთქმა, რა თქმა უნდა, მისი პერსონის წინაშე აღიძრა პრობლემები და ამ პრობლემების აღძვრამ არიოზი, რომელიც ასე ვთქვათ აქამდე ზეპირად მოღვაწეობდა, გაააქტიურა იმისკენ, რომ წერილობით საქმიანობასაც შედგომოდა. მისი ნაწერების გარკვეული ფრაგმენტები ჩვენამდე მოღწეულია. ზოგი სხვადასხვა ანტიერეტიკული ძეგლიდან შეგვიძლია მოვკრიფოთ სადაც ციტატებადაა მოტანილი, ზოგს კი ათანასე ალექსანდრიელის ერთ-ერთი წყაროდმცოდნეობითი შრომა, რასაც არიანელობის ისტორია ეწოდება ზოგადად, შეიცავს და ამ ფრაგმენტებიდან არიოზის მოძღვრება სავსებით მკვეთრად წარმოჩნდება. საფუძვლად თავისი სისტემისა არიოზს ქონდა დებულება თუ აქსიომა, რაც [3]ცდომილების არსობრივად შემცველი თავის თავში, მომდევნო დასკვნების ცდომილებასაც განაპირობებდა და ეს დებულება თუ ამოსავალი პრინციპი არიოზისა გახლდათ ის რომ მისთვის ღმრთეება, ანუ ბუნებითი ღმერთი თავისი თვისებით იყო არა მხოლოდ შეუქმნელი, არამედ აგრეთვე უშობელიც. როგორც შექმნა არ შეიძლება, - ამბობს არიოზი, ასევე არ შეიძლება არც მისი შობაც, ე.ი. ღმერთი არ შეიძლება რომ იშვას. შობა თავისთავად გვიკარნახებს, - ამბობდა არიოზი, რომ ვინც იშვა მას თავისი მშობელი ყავს, თავისი წყარო ჰყავს, ანუ იმ წყაროს გარეშე ის არ იარსებებდა და რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს მშობელს ე.ი. შობილი ყოველთვის არ შეიძლებოდა რომ არსებულიყო, სწორედ აქედან გამოაქვს მას შემდგომ დასკვნები, რომ ძე ღვთისა, იგივე სიტყვა ღვთისა არ შეიძლება იყოს ნამდვილი ღმერთი, რადგანაც იგი შობილია მამისა. არიოზისთვის შობა და შექმნა ერთიდაიგივე გაგების იყო, [4]ერთიდაიგივე შინაარსს შეიცავდა, ორივე მისთვის იმას მიუთითებდა თითქოს, რომ ვინც შობილია, ანუ არიანელისთვის ვინც ქმნილია, მას თავისი საწყისი აქვს, ის ყოველთვის არ არსებობს, გარკვეულ მომენტში იწყებს არსებობას და რადგანაც ღვთისგან ყოველივე იქმნება სრული არაფრობიდან, შესაბამისად არიოზი აკეთებდა დაკვნას, რომ პირველი ქმნილება რომელიც ღვთისგან “იშვა” (დაიბადა), ეს იყო სწორედ ძე ღვთისა, მაგრამ იგი დაიბადა თუ იშვა ასევე სრული არაფრობიდან, როგორც ნებისმიერი სხვა ქმნილება, ანუ როგორც შემდეგ თავისი ცნობილი ფორმულირება შეიმუშავა არიოზმა, იყო როდესაც არ იყო ძე ღვთისა. აქ “იყოს” შემდეგ იგულისხმება არა იმდენად რაღაც ჟამი, როგორც ეს საყოვალეთაოდ გავრცელდა, თითქოს არიოზს ასეთი ფორმულა ეთქვას, რომ “იყო დრო, როდესაც არ იყო ძე ღმერთი”. იქ “დროს” არ ამბობს არიოზი, იმიტომ რომ დრო როგორც ამქვეყნიური მოვლენა არიოზისთვისაც შეუფერებელია ძე ღმერთისადმი. [5]თუ ზეციური ძალები, ანგელოზები დროის გარეშე არიან და ზედროულნი, რამდენად უფრო იქნებოდა მისთვის (არიოზისთვის), მისგან პირველქმნილებად, ე.ი. ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულად შერაცხილი არსი, დროისგან თავისუფალი. ამიტომ ის დროზე კი არ ამახვილებს იმდენ ყურადღებას, რამდენადაც ჩვენ აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ სიტყვა “მომენტი”, ანუ იყო მომენტი როდესაც არ იყო ძე ღვთისა, იყო რაღაც სინამდვილე, რაღაც არსებობა, როდესაც ძე ღვთისა ჯერ კიდევ არ იყო. მაგრამ როგორც არ უნდა გავიგოთ უეჭველია, რომ გარკვეულ მომენტში, გარკვეულ შემთხევვაში, გარკვეულ ვითარებაში აღმოცენებულად თვლის იგი ძე ღმერთს და არა მარად არსებულად. აი ეს გახლდათ ფუნდამენტური ცდომილება არიანული ცრუ მოძღვრებისა, რასაც შედეგად მოჰყვა, რა თქმა უნდა, უკვე სულიწმინდის შესახებ სწავლების გაუკუღმართებაც, რომ თუ ძე ღვთისა არის დროში დაწყებული და ქმნილება, თუნდაც ქმნილებათა შორის პირველი, რა თქმა უნდა, უკვე მისთვის სულიწმინდაც ამგვარივე იყო, როგორც დროში დაწყებული. ოღონდ ამ შემთხვევაში სულიწმინდა არიოზისთვის კიდევ უფრო კნინობითია, [6]რადგანაც თუ ლოგოსი ანუ სიტყვა ღვთისა საკუთრივ ღვთისგან იქმნება მისთვის, სულიწმინდას უკვე სწორედ ეს ღვთივქმნილი, ასე ვთქვათ ლოგოსი ანუ ძე ღვთისა ქმნის. ასე რომ სულიწმინდა კიდევ უფრო ნაკლებღვთიურია არიოზისთვის, ვიდრე ძე ღვთისა. რაც შეეხება საკუთრივ განკაცებას, ეს არიოზის მოძღვრებაში ასე წარმოჩნდებოდა, რომ ამ ზეციურმა ლოგოსმა, ზეციურმა სიტყვამ, იგივე ღვთის ძემ, თითქოსდა პირველმა ქმნილებამ ქმნილებათა შორის, ადამიან იესო ქრისტეში მისი სულის ადგილი დაიკავა, ე.ი. იესო ქრისტე ერთის მხრივ ადამიანური სხეულის მქონე იყო და ამ დროს მას ჰყავდა სულად ზეციური ლოგოსი, ამან აღავსო და აღასრულა იესო ქრისტეში ასე ვთქვათ სულის ფნქცია.

კარგადაა ცნობილი, რომ არიანელობა რაციონალური აზროვნების გაუკუღმართების სახეობად არის მიჩნეული, რომ ესაა საღვთისმეტყველო რაციონალიზმის [7]ტიპიური ნიმუში, ე.ი. ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ვითომცდა პრინციპული დასკვნების გამოტანის რაღაც მეთოდი, რამაც ამგვარი ცდომილებანი წარმოქმნა. ეს ცრუსწავლება მყისვე დაიგმო საეკლესიო მოძღვართა მიერ, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში ალექსანდრე ალექსანდრიელის მიერ და დაიგმო როგორც მართლმადიდებლურ სამოძღვრო ტრადიციასთან აბსოლუტურად შეუთავსებელი. სხვაგვარად შეუძლებელიც გახლდათ, რადგან ერესთა შორისაც კი განსხვავებულობანია, არის უმძიმესი ერესი, მთლად წარმწყმედელი და ამომძირკველი ჭეშმარიტბისა და არის ერესი შედარებით რბილი. როგორც წმ. ათანასე ალესანდრიელი ამბობს სხვაობა ყველაფერშია, ისევე როგორც სასუფეველშია ხარისხები, ასევე ჯოჯოხეთში ანუ წარწყმედილობაში, ანუ ერესშიც თავისი ხარისხებია და ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ არიანელობა ერთ-ერთი უმძიმესი სახეობა იყო გაუკუღმართებისა, რადგანაც ქრისტიანული მოძღვრების არსებაზე მიჰქონდა მას იერიში. ქრისტიანული მოძღვრების არსება ამ შემთხევვეაში გახლავთ მოძღვრება ცხონების, ადამიანთა გადარჩენის [8]შესახებ. ადამიანისთვის ყველაზე არსებითი ესაა, თვით ეს გადარჩენა როგორ აღსრულდება. ეს შემდგომ ღვთისმეტყველურად განიმარტება ეკლესიის მამათაგან, მაგრამ მთელი საღვთო წერილის, ღვთიური განგებულების, საღვთო მოქმედებისა და მოღვაწეობის მიზანდასახულობა არის ადამიანის ცხონება და თუ განკაცებული იესო ქრისტე არ იყო ღმერთი, მაშინ მის მიერ აღსრულებული გამოხსნა არ ყოფილა იმ სიმტკიცის მქონე, რაზეც ყოველთვის უსვამდნენ ხაზსს ეკლესიის მამები, რომ მაცხოვრისგან აღსრულებული გამოხსნა იმიტომაა უმტკიცესი საფუძველი მთელი კაცობრიობისთვის, რომ ეს გამოხსნა აღასრულა თავად ბუნებითმა ღმერთმა, მარად დაუცემელმა. ღმერთი ბუნებითად დაუცმელია და თუკი იგი ქმნილება იყო, ვინც იესო ქრისტედ მოვიდა ჩვენთან ჩვენი ცხონებისთვის, ხოლო ქმნილებაში ყოველთვისაა დაცემის შესაძლებლობა, შესაბამისად ჩვენი გამოხსნა არ ყოფილა მარადიული და მტკიცე და ეს უკვე თავისთავად ამ გამომხსნელობითი ანუ სოტერიოლოგიური არსის, [9]ქრისტიანული მოძღვრების აი ამგვარი არსის გაუქმებას ნიშნავდა.

არიოზსა და მის მომხრეებს, რა თქმა უნდა, შესთავაზეს ჯერ თხოვნით, შემდგომ მოთხოვნით, რომ დაეგმოთ თავიანთი ეს რაღაც სიახლე, ინოვაცია, მაგრამ მათ აბსოლუტურად კატეგორიულად გამორიცხეს ყოველგვარი დათმობა. ჩვენს მიერ განხილულმა წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელმა მყისვე იგრძნო პასუხიმსგელობა იმისა, რომ ეგვიპტელ იერარქთა კრება მოეწვია და 318 წელს ალექსანდრიაში შემოკრიბა კიდეც თავის მომხრეთა გარვეული ჯგუფი, სინოდი. შეიკრიბა კრება შეიკრიბა, რომელმაც დაგმო არიოზი და გადააყენა იგი, ისევე როგორც მისი მომხრეები. მაგრამ არიოზი ცხადია იმგვარი გაკერპების მქონე, რაც მისი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე სახეზეა, არანაირად არ შეურიგდებოდა ამგვარ დაგმობას და როგორც წინა საუბრებში აღვნიშნავდით მან მიზნად დაისახა, რომ თვითონაც შემოეკრიბა მომხრეები. [10]ყველაზე დიდი მომხრე ვინც გახლდათ არიანელობისა და ყველაზე დიდი არიანელი ეს იყო ევსევი ნიკომიდიელი, რომელზეც ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ თავის დროზე, რომელმაც განაპირობა, როგორც არაერთგზის გვითქვამს არიანელობის, ამ ერთ-ერთ მცირე მნიშვნელობის და ნაკლებად ცნობილ რეგიონში ჩასაქრობად და დასაშრეტად გამიზნული ცრუ სწავლების ასე საყოველთაო სახით განვრცობა და მთელი იმპერიისთვის, მთელი საქრისტიანო მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს წყლულად გადაქცევა, რაც არიანელობამ თითქმის მყისიერად შეიძინა იმ პოლიტიკური მხარდაჭერის საფუძველზე, რაც სამწუხაროდ არიანელებს არასოდეს არ აკლდათ თავიანთი ისტორიის არცერთ ეტაპზე, დაწყებული უშუალოდ თვით არიოზისგან, თვითონ იმ ევსევი ნიკომიდიელისგან, შემდეგ აკაკი კესარიელი გახლდათ წინამძღოლი მათი, ბოლოს ევნომიუსი და სხვა. მართალია 325 წელს ნიკეის მსოფლიო კრება შეიკრიბა, რაზეც ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ და ამ კრებაზე [11]არიანელობის პრობლემა თითქოსდა გადაიჭრა, იმიტომ რომ არიანელობა დაგმობილ იქნა, თვით არიოზი კი იმპერატორმა გადაასახლა ილირიაში, მაგრამ როგორც აღვნიშნავდით გადსახლებიდან არიოზმა გამოაგზავნა წერილი 328 წელს და ამ ეპისტოლის გაცნობით ადამიანს უეჭველად დარჩება იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა არიოზი უსამართლოდ იყო დევნული. ისეთი ფორმაა მოძებნილი ეპისტილისა, ისე რაღაც უშუალო გრძნობებზე თამაშობს ამ თავის შეწყალების თხოვნის შემცველ წერილში არიოზი, რომ თითქოსდა იმერატორმა მხედველობაში მიიღოს ერთი რამ, რომ იგი არანაირად არ ეწინააღმდეგება ვითომცდა პირველი მსოფლიო კრების დადგენილებას, რომ თითქოს იგი თანაზიარია ყოველივე იმისა რაც ამ კრებაზე იქნა დადგინებული. რაც შეეხება მის განკვეთას, ამ კრებისგან გამოტანილს, ეს თითქოს ყოფილა გაუგებრობის შედეგი, რომ ისიც იმავეს განიზრახვიდა და იმავეს ფიქრობდა, მაგრამ მისი ეს განზრახვანი დამახინჯებულად იქნა გადმოცმეული, [12]რამაც თითქოსდა ამ კრების დადგენილება განაპირობა. რა თქმა უნდა, ეს თავის თავშივე შეიცავს წინააღმდეგობას, რადგან თუ კრება მსოფლიო კრებაა და მსოფლიო კრებას უცდომელობას განუკუთვნებს ყოველთვის ეკლესია, შეუძლებელია რომ ის ყველაზე მთავარში შემცდარიყო. თუმცა ეს თვალთმაქცურად მოფიქრებული ფორმა ამ ეპისტოლისა, არიოზისგან ასე ნიჭიერად მორგებული თავის სათქმელზაე, მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა და 328 წელს იგი უკან ბრუნდება. ჩვენ როგორც შემდგომ აღვნიშნავდით, არიანელობა ამით განსაკუთრებულად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება იმიტომ რომ თითქოსდა გაიმარჯვეს მათ არიოზის უკან დაბრუნებით და ამის შემდეგ ტრიუმფალური ნაბიჯებით ზედიზედ აღწევენ რაღაც უპრეცედენტო და წარმოუდგენელ გამარჯვებებს, როდესაც 330 წელს ისეთ დიდ მწყემსმთავარს, რომელზეც ჩვენი წინა ლექცია იყო, ევსტათი ანტიოქიელს ანტიოქიის საყდრიდან გადააყენებენ. შემდეგ იმართება ტვიროსის კრება და იერუსალიმისა 335 წელს, რომელსაც, სხვათაშორის, სამწუხაროდ ევსევი კესარიელი თავჯდომარეობდა, (ნახევრად არიანელი, საეკლესიო ისტორიის ავტორი, [13]როემლსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ და რომელსაც საერთოდ დიდ პატივს მიაგებს გვიანდელი ტრადიცია იმ ფასდაუდებელი შრომის გამო, რაც მის საეკლესიო ისტორიაშია ჩადებული). ამ კრების შემდეგ საჯარო შერიგება უნდა მომხდარიყო არიოზისა ეკლესიასთან, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ შედგა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი ზიარება არ არსებობს სინათლესა და სიბნელეს შორის, ბელიარსა და უფალს შორის.

არიოზის ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩვენ ამით შემოვიფარგლებით ამჯერად, თუმცა არ ვთვლით, რომ ის სურვილი რაც ჩვენდამი იყო გამოთქმული არიოზის საქმიანობის უფრო ფართოდ წარმოჩენისკენ უკვე ამოვწურეთ. შემდგომ შეხვედრაზე საკუთრივ მის წერილობით საქმიანობას შევეხებით, იმ ფრაგმენტებსა თუ მოღწეულ ძეგლებს, რაც არიოზის სახელს უკავშირდება და ამ ფრაგმენტებით მისი მოძღვრებაც უფრო გამოიკვეთება ჩვენს წინაშე.

 

262–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=MNwDgC008uU

 

სამწერლობო მოღვაწეობა

ჩვენს წინა შეხვედრაზე მსმენელთა თხოვნის შესაბამისად შევეცადეთ IV საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამანგრეველი ცდომილების, არიანული ერესის მოთავის – არიოზის შესახებ უფრო ინფორმატიული განხილვა წარმოგვედგინა მსმენელებისთვის დაინტერესების შესაბამისად. პირველი ნაწილი რაც საკუთრივ ცხოვრებას  და ბიოგრაფიულ მომენტებს შეეხებოდა მეტნაკლებად მიმოვიხილეთ და შევჩერდით არიოზის ასე ვთქვათ სამწერლობო მოღვაწეობაზე, სამწერლობო საქმიანობაზე, იმ ძეგლებზე, რომლებიც მეტნაკლებად ჩვენთვის ცნობილია არიოზის სახელთან დაკავშირებით.

საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის გამოკვეთილად ცნობილია სამი ძეგლი არიოზისგან შედგენილი, კონკრეტულად წინანიკეურ პერიოდში არიანული და მართლმადიდებლური ურთიერთდაპირისპირებისა. [1]აი ამ ეპოქაში დაახლოებით 318 წლიდან 325 წლამდე ჩვენთვის დღეისათვის შედარებით უფრო ცნობილი გახლავთ როგორც აღვნიშნეთ სამი ძეგლი. პირველი ეს გახლავთ ეპისტოლე ანდა წერილი ევსები ნიკომიდიელისადმი. ჩვენ ამ პიროვნებაზე რამდენჯერმე გვქონდა შედარებით დეტალური მსჯელობა და კვლავაც შევეხებით მას და მის ლიტერატურულ საქმიანობასაც, როგორც ამის შესახებაც იყო მოთხოვნა და მხოლოდ იმას შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ევსები ნიკომიდიელი გახლდათ ფაქტობრივი წარმმართველი არიანული მოძრაობისა, ხოლო არიოზი ამ შემთხევაში მისგან წინ წამოწეული რაღაც ფასადი, გახმოვანება ყოველივე იმისა რაც საკუთრივ ევსევი ნიკომიდიელისგან იღებდა სათავეს. ეს წერილი ევსები ნიკომიდიელისადმი არიოზმა დაუყონებლივ გააგზავნა, როდესაც ალექსანდრიაში ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრესგან მოხდა მისი აბსოლუტურად სამართლიანი შევიწროვება, მისი მოძღვრების დაგმობა. დევნილი ალექსანდრიიდან [2]არიოზი, რა თქმა უნდა, წინასწარი გეგმის Aთნახმად არიანელთაგან შემუშავებული და ალბათ უშუალოდ ევსები ნიკომიდიელისაგან შემუშავებული გეგმის Aთნახმად ეპისტოლეს უგზავნის ევსების და ეს ეპისტოლე რაღაცნაირი მინიშნებითი, არაპირდაპირი დასტურია ევსების წინაშე არიოზისგან იმისა, რომ ყველაფერი იმგვარად ვითარდება როგორც მათ დაგეგმეს. ასე რომ ეს წერილი დაახლოებით 318 წელს არის დაწერილი და დაწერილია როგორც აღვნიშნეთ ალექსანდრიიდან მისი გაძევების შემდეგ, მისი მოძღვრების დაგმობის შემდეგ. ტექსტი ამ ეპისტოლისა (მოკლე ეპისტოლე გახლავთ) ჩვენამდე მთლიანობაშია შემონახული წმ. ეპიფანე კვიპრელისგან, ამ უკანასკნელის ცნობილ შრომაში “ერესების წინააღმდეგ”, კერძოდ 69-ე ერესში. ერესის განხილვისას ეპიფანე კვიპრელს ეპისტოლის მთლიანი ტექსტი მოაქვს. იგივე ტექსტია დაცული აგრეთვე V საუკუნის დიდი მოღვაწის, თეოდორიტე კვირელის “საეკელსიო ისტორიაში” და [3]გარდა ბერძნული ტექსტისა ამავე დროს ცნობილია ორი ლათინურენოვანი რედაქცია, ორი ლათინურენოვანი ვერსია აღნიშნული ეპისტოლისა. თვით ეპისტოლე იწყება ასე ვთქვათ საკუთარი თავისა და საკუთარი მოძღვრების თითქოსდა არასამართლიანი დევნულობის ხაზგასმით, რომ იგი (არიოზი) თითქოსდა სიმართლის გამო იდევნება. ფაქტობრივად დასაწყისი ნაწილი სათაურშივე შეიძლება შედიოდეს, რადგან კერძოდ დასაწყისი ამგვარია: “არიოზი, უსამართლოდ დევნილი ალექსანდრიის ეპისკოპოსისგან, იმ ძლევამოსილი ჭეშმარიტების გამო რომელსაც თქვენც ასევე იცავთ (მიმართავს ევსების). აი ეს არიოზი მისალმებას გიგზავნით თქვენ უფლის მიერ ჩვენი, უმეტესად ძვირფასი, მეუფის მიერ შენ კაცს ღვთისას ერთგულსა და მართლმადიდებელ ევსების”. ჩვენ ტერმინ მართლმადიდებელზე ევსებისადმი არიოზისგან [4]ხმარებულ ამ ტერმინზე უკვე ვისაუბრეთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამგვარ კონტექსტშია არიოზისგან მოხმობილი ტერმინი “ორთოდოქსი” ანუ ქართულად “მართლმადიდებელი”, თითქოსდა სწორედ მათი ცრუ სწავლება იყო მართლმადიდებლობა ანუ როგორც თვითონვე ამბობს ძლევამოსილი ჭეშმარიტება. იქვე არიოზი განმარტავს, რომ “ეპისკოპოსი ალექსანდრიისა ჩვენ გვთრგუნავს და ჩვენ გვგმობს და გვდევნის უკიდურესად მკაცრად და ჩვენ მრავალ ტანჯვა-წამებას გვაყენებს. მან გამოგვაძევა ჩვენ ქალაქიდან როგორც თითქოსდა უღმერთო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმას რასაც იგი (ალექსანდრიის ეპისკოპოსი) საჯაროდ ქადაგებს, კერძოდ იმას, რომ მამა მარადჟამს იყო და ძეც მარადიულად იყო”. ე.ი. არიოზი თვითონვე თავისი პირით ამხელს თავის უღვთოებას. ის ამბობს, რომ ალექსანდრე [5]მდევნის იმ მოძღვრებისთვის, უფრო სწორად მდევნის იმისთვის, რომ მე მის მოძღვრებას არ ვეთანხმები, მოძღვრებას კერძოდ იმის შესახებ, რომ ძე თანამარადიულია მამისა და ამას უწოდებს იგი ცდომილებას, ე.ი. აი ამ გამოცხადებით სწავლებას, რომელიც აღიარებულია მთელი ეკლესიისგან პირველი საუკუნიდან დღემდე და საფუძველია საერთოდ ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა, რომ ძე თანამარადიულია მამასთან, აი ამ სწაველბას უწოდებს არიოზი სიახლეს, არატრადიციულს, ცრუს და თითქოსდა ამის საწინააღმდეგო მისი მოძღვრება ყოფილა “ძლევამოსილი ჭეშმარიტება”. შემდეგ არიოზი განაგრძობს ალექნსადრეს იმ მოძღვრების გადმოცემას რასაც იგი არ ეთანხმება, რომ “ალექსანდრე ამბობს: როგორიც არის მამა, იმგვარივეა ძე, რომ იგი (ძე) მარადიულად შობილია მამისაგან ისე რომ არასოდეს მთავრდება მისი [6]შობა და რომ არც აზრით, არც რაიმე სხვა შუალედით ღმერთი მამა არ უსწრებს წინ ძეს, რადგან ღმერთი მამა და ძე ყოველთვის და მარადის იყვნენ და რომ ძე გამოდის ღვთისგან (გამოდის აქ იგულისხმება ამ ქვეყნად მოევლინება ღვთისგან, როგორც ამას თვით მაცხოვარი გვაუწყებს)”. ასეთი ლაკონური წარმოდგენა ალექსანდრე ალექსანდრიელის და შესაბამისად მართლმადიდებლური სწაველბისა ერეტიკოსისგან მართლაც იშვიათია. მან თვითონვე გადმოგვცა ჩვენ რა არის ჭეშმარიტი მოძღვრება და რას ებრძვის სწორედ ის, ანუ ამავე ეპისტოლით არიოზი უკვე თვითონვეა მხილებული და სხვათაშორის ჩვენ ეს მხარე ალბათ გვიხსნის იმ ფაქტსაც თუ რატომ მოხდა ამ ეპისტოლის ასეთი მთლიანი სახით შემონახვა. იმიტომ რომ აშკარაა ნებისმიერი მკითხველისთვის, რომ არიოზი ამ შემთხვევაში საკუთარი თავის მამხილებლად თვითონვე გვევლინება, და გვევლინებაყველა სხვა მართლადიდებელ ეპისკოპოსსა და მოძღვარზე უფრო მეტად. გადმოგვცემს იგი ჭეშმარტიებას და იქვე ნათლად ადასტურებს, რომ სწორედ [7]ამ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეა თვითონ. საგულისხმოა და ხაზგასასმელია აგრეთვე ამ ეპისტოლის დასკვნაც: “ჩვენ დავიგმეთ და განვიდევნეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვთქვით (და აქ უკვე არიოზი საკუთარ ცრუ მოძღვრებას გადმოსცემს), ძეს აქვს დასაბამი, ხოლო მამა დასაბამის გარეშეა”. არიოზს და საერთოდ ერეტიკოსებს სჩვევიათ ორაზროვნება, სიტყვათთამაში. თავისთავად თქმა იმისა, რომ ძეს აქვს დასაბამი ჯერ კიდევ არ გულისხმობს არიანულ ერესს, მთავარია დასაბამში რა შინაარსს ჩავდებთ, თორემ დასაბამი გახლავთ ერთ-ერთი სახელი, ერთ-ერთი წოდება მამა ღმერთისა, მამა ღმერთი არის დასაბამი ძისა, წყარო ძისა და მიზეზი ძისა. მაგრამ როგორც შემდეგში ეკლესიის მამები დააზუსტებენ, სწორედ ამ დასაბამის არიანული გაგების აღმოსაფხვრელად, მამა არის დასაბამი ძისა, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ თითქოსდა ძე გარკვეულ მომენტში [8]იწყებს არსებობას და მანამდე ის არ არსებობდა, არამედ მამა არის დაუსაბამო დასაბამი ძისა. დასაბამი იმ აზრით ეწოდება მამას ძისადმი, რომ სწორედ მამისაგანაა ძე და არა მამა ძისგან, მაგრამ ეს მამისგანობა ძისა არ გულისხმობს დროით წარმოშობას, რომ გარკვეულ დროში მოხდა ამგვარი წარმოშობა მისი მამისგან, რომ აქ მარადიულად რაწამს მამაა, იმწამს მისგანვე არის ძე. აი ესაა მართლმადიდებლური სწავლება და ამ გაგებით არის მამა წოდებული ძის დასაბამად, ანუ როგორც ვთქვით შემდეგში უფრო ზედმიწეევნით თქმული, დაუსაბამო დასაბამად ძისა. ისევე როგორც მამა არის დაუსაბამო დასაბამი სულიწმინდისა, ისევე როგორც მამა არის უმიზეზო მიზეზი ძისა და სულისა, ისევე როგორც მამა არის უშობელი მშობელი ძისა და არვისგან გამოვლენილი, მაგრამ თვით გამომავლენელი სულიწმინდისა, ანუ მამა ყოვლითურთ უმიზეზო და ძე და სული მისგან მიზეზოვანნი, მისგან მიზეზისაგანნი, ანდა მისგან ნამიზეზევნი. სამგვარად ითქმის ძველ ქართულად ეს მიზეზობრივი [9]დამოკიდებულება, რომ მამა უმიზეზოა, მაგრამ მამისგან არის ნამიზეზევი, ანდა მამისგან არის მიზეზოვანი, ანდა მამის მიზეზისაგანნი არიან ძე და სული წმინდა, მხოლოდ იმ გაგებით, რომ ძე და სული მამისგანაა და არა პირუკუ მამა ძისა და სულისგან. მაგრამ ეს მიზეზისგანობა, ეს დასაბამობა მამისგან ძისა და სულიწმინდისა არანაირად არ გულისხმობს არა მხოლოდ ამქვეყნიურ ჟამიერ დროს, არამედ ზეციურ საუკუნო დროსაც კი. საუკუნეთა უწინარესია ძე, სულიწმინდა და თანამარადიული მამასთან ორივე - ძეც და სულიც, ისე, რომ როგორც ერთ-ერთ შესანიშნავ ძეგლში, კერძოდ წმ. კირილე ალექსანდრიელის “საუნჯეშია” თქმული  (სხვათაშორის ეს ციტატა წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვერბაშიც გვხვდება): მამა ერთი წამითაც, ანუ ერთი თვალის დახამხამებითაც უფროსი, უხუცესი არ არის ძეზე და სულიწმინდაზე და არც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაშინ ის მამა ვერ იქნებოდა და მამობა მისთვის შეძენილი იქნებოდა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ [10]არიოზი უარყოფს რა ძის ბუნებით ღმერთობას ის მისდაუნებურად, შეიძლება ამას მართლაც არ განიზრახავდა, უარყოფს თვით მამა ღმერთის ბუნებით ღმერთობასაც. იმიტომ, რომ, ბუნებითი ღმერთი ისაა, რომელსაც არანაირი ცვალებადობა არანაირად არ შეიძლება შეეხოს, არც გარეგანად და მითუმეტეს არც თვისობრივად.და თუ მამა ღმერთისთვის მამობა შეძენილი თვისებაა, მაშინ არც ის აღარ ყოფილა ბუნებითი ღმერთი იმიტომ, რომ მას შეუძენია ისეთი თვისება რაც არ ჰქონია, ანუ ცვალებადობა შემოსულა მასში და რომ ეს ცვალებადობა სრულიად უეჭველი იქნებოდა თუ ჩვენ არიოზის მოძღვრებას გავაგრძელებდით. ეს ნათელია იმიტომ რომ ძე თუ ყოველთვის არ ყოფილა ე.ი. მამას ყოველთვის არ ჰყოლია ძე და სანამ ძე არ ეყოლებოდა მამას ის მამა ვერ იქნებოდა. ასე რომ ის რასაც არიოზი ბუნებით ღმერთს უწოდებს და ერთადერთ ღმერთს, ისიც აღარ გამოდის ბუნებითი ღმერთი, იმიტომ რომ მას მამობის თვისება არიანული მოძღვრების კვალობაზე გარკვეული მომენტის, კერძოდ ძის შობის შემდეგ მიუღია და თუ ძე ყოველთვის არ ყოფილა, არც მამა ყოფილა ყოველთვის მამა. ასე რომ ესაა უპირობო, უმყარესი არგუმენტი, [11]რაც შემდეგში წმ. ათანასე ალექსანდრიელმა ჩამოაყალიბა არიანელთა წინააღმდეგ. მაგრამ აქვე შეგვეძლო ჩვენ გვეთქვა, რომ როდესაც არიოზი თავის ამ ცრუ სწავლებას გადმოგვცემს ამ პირველ დებულებაში, რომ თითქოსდა ვიდევნებით იმის გამოო, რომ ჩვენ ვთქვით მამა არის დასაბამი ძისა, ამის გამო კი არ იდევნებოდა არიოზი, არამედ დასაბამობაში რა შინაარსი ჩადო ამაშია სხვაობა მართლმადიდებლურ სწავლებასა და არიანელობას შორის. არიოზი იმასაც ამბობდა, რომ ძე ღმერთი არის უწინარესი საუკუნეთა, მაგრამ აქაც დამალულია მზაკვრობა, იმიტომ, რომ დაზუსტება სწორედ იმას სჭირდებოდა უწინარესი როგორი? უწინარეს შობილი თუ უწინარეს ქმნილი? თუ ქმნილია უწინარესი ეს უკვე არიანული ერესია, მაგრამ თუ ძეზე ვიტყვით რომ ის არის უწინარეს შობილი მამისაგან ეს უკვე მართლმადიდებლური სწავლებაა და ამ შემთხვევაშიც ვიტყვით რა, რომ მამა არის დასაბამი ძისა, ეს თავისთავად მართლმადიდებლური სწავლებაა, თუ დასაბამში იმას ვიგულისხმებთ, რომ მამისგან არის ძე და არის მარადიულად და ყოველთვის, და რაწამს მამა იმწამს მამისგან ძე და ამ გაგებით არის მამა დასაბამი ძისა. მაგრამ თუ დასაბამში ჩავდებთ იმ შინაარსს რომ [12]ძე ყოველთვის არ იყო და გარკვეულ მომენტში იშვა, ანდა შეიქმნა მამისგან (ამ შემთხვევაში არიოზი შობასა და შექმნას აბსოლუტურად იდენტურ ტერმინებად წარმოაჩენს), მაშინ მამისეული დასაბამობა ძისადმი იმგვარ შინაარსს იძენს როგორც იმავე მამის და ზოგადად ღვთის დასაბამობა ქმნილებისადმი, რომ ღმერთია დასაბამი ქმნილებისა, ღმერთმა ინება და არაფრისგან ყველაფერი შექმნა და ეს ყველაფერი მანამდე არ არსებობდა სანამ ღმერთი არ ინებებდა. აი ამგვარ შინაარს დებს დასაბამობაში, კონკრეტულად ძის მიმართაც არიოზი, რომ მამამ ინება და დასაბამი მისცა ძეს, თორემ თავისთავად, კვლავ გავიმეორებთ, ის რომ მამა არის დასაბამი ძისა სავსებით მართლმადიდებლური მოძღვრებაა და ამ კუთხით არიოზისგან უფრო ადრეული წყაროების დამოწმება რომ ეს აზრი პირველი საუკუნიდან გვხვდება ჩვენ ღვთისმეტყველებაში, რა თქმა უნდა, გვხვდება თავისთვად ცხადია და ეს განუყრელია მართლმადიდებლური სწაველბისგან, რომ მამა არის დასაბამი ძისა და ამაში არიოზს არასოდეს არავინ არ ედავებოდა. მას ედავებოდნენ იმაში, რომ ამ დასაბამს იგი დროითი ნიშნით იგებდა, რომ გარკვეულ დროში დასაბამი მისცა მამამ ძეს და რომ ძე მარადიულად არ არსებობდა. [13]ასე რომ ეს პირველი დებულება, რაც არიოზისგან არის მითითებული, რის გამოც ის იდევნებოდა, ვერაა მისგანვე განმარტებული შინაარსობრივად კონკრეტულად ამ აზრის რა გაგების გამოც იდევნებოდა იგი.

შემდგომ არიოზი განაგრძობს, “ჩვენ აგრეთვე განვიდევნეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვთქვით, ის (ძე ღმერთი) არაფრობისგან იქნა მოღებული, ანუ არსებობაში შემოსული, დასაბამობა მიცემული”. აი აქ უკვე პირწმინდად არიანული თეზაა, რომ ძე არაფრისგან შეიქმნა, არაფრისგან მიეცა ძეს დასაბამი, იმიტომ რომ ამ კუთხით უკვე ძე არაფრით აღარ განესხვავება არცერთ სხვა ქმნილებას და უბრალო უპირატესობა იმაში რომ ძე ყველა სხვა ქმნილებაზე ადრე შეიქმნა, თავისთავად ბუნებითად არანაირი უპირატესობა არაა. არსებითად ყველა ქმნილება ღვთის წინაშე თავისი ყოფიერებითი, ონტოლოგიური ნიშნით ერთიდაიგივეა, რომ ყველაფერი, ეს გვიან მოხდა თუ ადრე მოხდა, ყველაფერი არაფრობისგან შეიქმნა. აქ ქრონოლოგიური ნიშანი და გვიანდელობა ზოგჯერ უპირატესობასაც კი ნიშნავს. მაგალითად ცნობილია, რომ [14]ბიბლიური ექვსი დღის ჟამს სწორედ მეექვსე დღეს მთელი ქმნილებების ღვთისგან შექმნის შემდგომ და მათ შორის კონკრეტულად მეექვსე დღესაც ცხოველების შექმნის შემდეგ იქმნება ადამიანი. მაგრამ ეს ადამიანის, ამ შემთხვევაში როგორც ქმნილების, რაღაც კნინობითობა და დამცრობა კი არ არის, პირიქით მისი უპირატესობაა, რომ მან დააგვირგვინა მთელი შესაქმე და ამ შესაქმის მეუფედ დაიბადა ღვთისგან. ასე რომ არიოზი როდესაც ცდილობს, რომ ძე ღმერთს იესო ქრისტეს რაღაცნაირი უპირატესობა განუკუთვნოს, ყველაზე არსებითი მოაკლო მას, ბუნებითი ღმერთობა და ამ დროს მთლიანად რომ უღირსებოდ წარმოაჩინოს იგი მის მოძღვრებას, ცხადია, არავინ აღარ ირწმუნებს და ამიტომ ეს მომენტი შემოიტანა, თითქოს ძე ღმერთის, იესო ქრისტეს უპირატესობის საჩვენებლად, რომ ის ქმნილებათა შორის ყველაზე პირველია და შემდეგ მისგან იქმნება თითქოს სული წმინდა. მაგრამ ეს პირველობა კვლავ აღვნიშნავთ, არსებითი ნიშნით არანაირად არ გამიჯნავს ძეს ქმნილებათაგან, ისიც მათივე ბუნებისა გამოდის თუ ძეც არაფრობისგანაა შექმნილი, [15]და ამ გაგებით ძეც ქმნილებათა ხარისხში ექცევა, არანაირად აღმატებული მათგან. კვლავ აღვნიშნავთ, პირველობა, მეორეობა აქ რაღაც გამოკვეთილ ღირსებას ძეს მაინც არ ანიჭებს, თუნდაც ადამიანის შექმნის მაგალითზე.

შემდგომ არიოზი განაგრძობს და უფრო მკვეთრად გადმოსცემს კვლავ და კვლავ თავის მოძღვრებას: “ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ამით (იგულისხმება ის, რომ მათი შეხედულებით არაფრობისგან შემოვიდა ძე), რომ იგი, ანუ იესო ქრისტე ღვთის არც ნაწილია, არც სხვა რამ არსისგან გამოსული (“გამოსული” ნიშნავს სხვა რამ არსის ბუნებისგან გამოსული. კვლავ იმაზე აქვს აქცენტი არიოზს რომ სრული არაფრობისგან შექმნილია მისთვის ძე ღმერთი), აი რისთვის ვართ ჩვენ განდევნილნი. რაც შეეხება დანარჩენს შენ ეს იცი”. საიდან იცის ეს დანარჩენი ევსებიმ ამ ეპისტოლიდან არ ჩანს. მაგრამ კვლავ ის დასტურდება, რაზეც ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული გეგმაა და, რა თქმა უნდა, ინფორმაციები ევსების სხვადასხვა წყაროდან და ალბათ უშუალოდ არიოზისგანაც ყოველწამიერად [16]მისდიოდა და აქ “დანარჩენს” ფაქტობრივი მონაცემების გაგება აქვს. რაც შეეხება საღვთისმეტყველო მხარეს სწორედ ამის განმარტებას იძლევა აქ არიოზი, ხოლო ყოფითად თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ევსები, როგორც წარმმართველი არიანული დაპირისპირებისა და აი ამ არიანულ მწავლებლურ ქსელში ობობასებრ, ანუ ძველ ქართულად თუ ვიტყვით დედაზარდლისებრ ცენტრში მყოფი, ყველა რხევას თითოეული ძაფისას, თითოეული ქსელისას, რა თქმა უდნა, მაშინვე გრძნობს და იგებს. ასე რომ ეს ფრზა უაღრესად საყურადღებოა ინფორმაციულად როგორ გროვდებოდა ყველაფერი და თავს იყრიდა სწორედ ევსებისთან, მან ყველაფერი იცოდა რა პროცესებიც მიმდინარეობდა.

შემდგომ აბოლოებს ამ ეპისტოლეს ევსების ასე ვთქვათ გამამხნევებელი მიმართვები, რომ “უფალმან დაგიცვას შენ და გვახსოვხარ შენ ჩვენს გაჭირვებებში ევსები ჭეშმარიტო თანალუკიანელო”. ჩვენ ამ ტერმინსაც შევეხეთ ადრე თუ როგორ მიითვისეს მათ წმ. ლუკიანე ანტიოქიელის [17]სახელი, რომ აღნიშნულ მოძღვრებას უფრო ფართო გასავალი ჰქონოდა და უფრო მეტად შემოეკრიბა არიოზსა და ევსები ნიკომიდიელს მომხრეეები, რომ თითქოს ლუკიანესგან მოდის მათი ეს მწვალებლური ცრუ სწავლება. რადგან ამაზე ჩვენ სათანადო განმარტება სხვა ადგილას გვქონდა, ამჯერად საკუთრივ ამ ტერმინს კვლავ აღარ შევეხებით, უბრალოდ მარტო იმას აღვნიშნავთ, რომ ამ თანალუკიანელებლობაში იგულისხმებიან არა მხოლოდ არიოზი და არა მხოლოდ ევსები ნიკომიდილი, არამედ აგრეთვე მაშინდელი ეპისკოპოსი ნიკეისა, თეოგონიუს ნიკიელიც, რომელიც ასევე არიოზის მიმდევარი იყო და ისიც მათთან ერთად, ევსების და არიოზთან ერთად ანტიოქიაში ყალიბდებოდა, ასე ვთქვათ, ღვთისმეტყველების კუთხით, იმ ცრუ სწავლების მხრივ რაც არიოზმა IV საუკუნის დამდეგიდან განავრცო. თეოგონიუს ნიკიელი თანამონაწილე იყო მათი არა მხოლოდ მოგვიანო წლებიდან, არა მხოლოდ ამ ერესის საჯაროდ გამოთქმის წლიდან, ე.ი. დაახლოებით 318 წლიდან, არამედ ჭაბუკობისდროინდელი, [18]ასე ვთქვათ, პერიოდიდან.

ესაა ეპისტოლე, როგორც ვთქვით, ევსები ნიკომიდიელისადმი. გარდა ამისა არიოზს დაუწერია ეპისტოლე საკუთრივ ალექსანდრიის ეპისკოპოსისადმი, ალექსანდრე ალექსანდრიელისადმი. აქ ასეთი რამ ხდება, რომ როდესაც არიოზი დევნილია ალექსანდრიიდან ევსები მიიწვევს მას თავისკენ და არიოზი რამდენიმე თავის მომხრესთან ერთად გაეშურება ნიკომიდიისკენ, სადაც არის სწორედ ევსები დაფუძნებული. იქ ნიკომიდიაში იგი დაახლოებით 320 წელს შეადგენს, ასე ვთქვათ, თავისი რწმენის სიმბოლოს, ანუ თავისი სარწმუნოების აღსარებას, სარწმუნოების გადმოცემას, სარწმუნების ექთეზას. ასე ქვია თვით ამ დოკუმნეტს “ექთეზის პისტეოს”, “პისტის” არის რწმენა, სარწმუნეობა, ხოლო “ექთეზისი” ეს სიტყვა უთარგმნელადაც არის შეოსული საერთოდ სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მიმოქცევაში, რაც ნიშნავს [19]გადმოცემას, ჩამოყალიბებას, დალაგებას, სარწმუნეობის გადმოცემას, სარწმუნების ჩამოყალიბებას (ასე შეიძლება ქართულად ვთარგმნოთ ეს “ექთეზისი”), იგივე სარწმუნების სიმბოლო, სარწმუნების აღსარება, როგორც მათ ესმით ეს სარწმუნება. ასე რომ ეს დოკუმენტი, როგორც ჩანს არიანული მოძღვრების რაღაც დეკლარაციასავით წარმოდგენილი, არიოზისგან 320 წელს დაწერილა, რისთვისაც მას ეპისტოლის ფორმა მიუცია და გაუგზავნია, ანუ ადრესატად დაუსახავს ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრე. ამ ეპისტოლის ტექსტი ჩვენამდე შემონახული გახლავთ. პირველი ვინც ეს ეპისტოლე მთლიანი სახით მოიტანა (ბერძნული ტექსტი) გახლავთ წმ. ათანასე ალექსანდრიელი, რომლის ცნობილ შრომაში (შრომა მოკლე პირობითი სათაურითაა გაცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში) “სინოდების შესახებ”, (“დე სინოდის”), მეთექვსმეტე თავში არის ეს ეპისტოლე დაცეული. ისევე როგორც ეპიფანეს ზემოხსენებულ ძეგლში ერესების წინააღმდეგ [20]69-ე თავში, განყოფილებაში. მისი ლათინური თარგმანი მოცემულია ჰილარიუსის ცნობილ წიგნში “სამების შესახებ”, კერძოდ მეოთხე თავში ამ წიგნისა. სხვათაშორის შეიძლებოდა ერთ მომენტზე გაგვესვა ხაზი რომ ამ ძეგლს, ამ ეპისტოლეს ახლდა არიოზის ხელმოწერა და აგრეთვე სამღვდელოების იმ წარმომადგენელთა ხელმოწერებიც, რომლებიც თანაუგრძნობდნენ მას (არიოზს) და თან ახლდნენ ამ უკანასკნელს ნიკომიდიაშიც.

 

263–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=xi01626_ZRU

 

სამწერლობო მოღვაწეობა (გაგრძელება)

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ არიოზის რამდენიმე ძეგლს, რომლებიც ჩვენამდე სრული სახითაა დაცული. ეს გახლდათ ეპისტოლეები, ერთი ევსები ნიკომედიელისადმი, მეორე ალექსანდრე ალექსანდრიელისადმი. მაგრამ აღნიშნული ეპისტოლეები არ არის იმ მნიშვნელობისა არიოზის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში, როგორც ის ძეგლი რომელზეც ამჯერად უნდა ვისაუბროთ. ეს გახლავთ თხზულება, რომელსაც ეწოდება, ქართულად რომ ვთარგმნოთ, “ნადიმი”, ბერძნულად მას ეწოდება “თალეია”. მიიჩნევა რომ აღნიშნული ძეგლი არის ცენტრალური თხზულება, ცენტრალური საღვთისმეტყველო ნაწარომები არიოზისა. ეს ძეგლი არიოზმა დაწერა მეორე ეპისტოლის მსგავსად ნიკომიდიაში. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ფრაგმენტები და უდიდესი ნაწილი ამ ფრაგმენტებისა წარმოადგენს ციტატებს, რაც წმ. ათანასე ალექსანდრიელს მოაქვს თავის ცნობილ შრომებში, [1]კერძოდ განსაკუთრებით პირველ ქადაგებაში არიანელთა წინააღმდეგ, აგრეთვე ნიკეის სინოდის განჩინებათა შესახებ მეთექვსმეტე თავში, დიონისე ალექსანდრიელის შესახებ ნაშრომში და წინა შეხვედრაზე ნახსენები ნაშრომის “სინოდების შესახებ”, 15-ე თავში, ისევე როგორც რამდენიმე უმნიშვნელო ციტატა იმავე მოძღვრის (ათანასე ალექსანდრიელის) სხვა ნაშრომებშიც იჩენს თავს. მიიჩნევა რომ არიოზის ეს ძეგლი ჩვეულებრივ არის რაღაც გრძელი რაფსოდია, რიტმული პროზით დაწერილი, ლექსითი ელემენტების შემცველი ძეგლი, სადაც ჩამოყალიბებულია, რამდენადაც არიოზს ამის უნარი ჰქონდა, ეს ცრუ სწავლება - ძე ღმერთის, როგორც მამის მიერ არაფრისგან შექმნილის და არა როგორც ძე ღმერთის მამისებრ ბუნებითი ღმერთის შესახებ. ე.ი. ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობის უარყოფა ამ ძეგლში არიოზს [2]ყველაზე უფრო გამოკვეთილად აქვს ჩამოყალიბებული. რაღაც მეტრული ანუ ლექსთწყობითი სახეც ჰქონდა ამ ძეგლს, როგორც მიუთითებენ, რადგანაც მაგალითად წმ. ათანასე ალექსანდრიელი ასეთ ბრალდებას წარუდგენდა არიოზს და აბრალებდა მას და ადანაშაულებდა იმაში, რომ მან მიბაძა ცნობილ ლექსებს, მეტრული საზომით დაწერა ეს ძეგლი გამიზნულად, რომელსაც თითქოსდა მუსიკალურობა, რაღაც სიტკბოებას ანიჭებდა და მკითხველისა და მსმენელისთვის უფრო მიმზიდველი ხდებოდა. მეორე მხრივ არიოზის მიმდევარი ფილოსტორგოსი თავის შრომაში “საეკლესიო ისტორია” გვაუწყებს, რომ არიოზმა თავისი მოძღვრების საჯაროდ ადვილად გავრცელების მიზანდასახულობით, რომ მსმენელს და მკითხველს ადვილად შეეთვისებინა იგი, გადმოსცა თავისი [3]მოძღვრება ლექსების სახით და მას გარკვეული მუსიკალურობაც მიუსადაგა. დღეისათვის მიიჩნევა, რომ ეს ძეგლი არც მთლიანად ლექსითი ხასიათის უნდა ყოფილიყო და არც მთლიანად პროზაული, რაღაც ორივეს შენარევს წარმოადგენდა და ალბათ ყველაზე მართებულია თუ ვიტყვით, რომ ეს იყო რიტმული პროზის ნიმუში, რომელიც ათანასე ალექსანდრიელის მიხედვით ასე იწყებოდა: “ღვთის რჩეულთა რწმენის შესაბამისად, იმ რჩეულთა რომლებიც არიან გულისხმისმყოფელნი ღმრთისა, ღვთის წმინდა ყრმები, მართლმადიდებლები (დასაწყისში აქაც, როგორც ხედავთ ეს ტერმინი გამოკვეთილადაა მოხმობილი არიოზისგან, ბერძნულში “ორთოდოქსოი”, ანუ მართლმადიდებლები), რომლებსაც მიღებული აქვთ ღვთის წმინდა სული, მე ვუძღვნი წინამდებარე ძეგლს, ვუძღვნი იმათ რომლებიც მონაწილეობენ [4]სიბრძნეში, რომლებიც სრულნი არიან, საღვთოდ განსწავლულნი, ბრძენნი ყველა საქმეში. მათ კვალს მივყვები მეც, მათი თვალსაზრისების მსგავსს ვქადაგებ მეც, მე რომელიც ვარ კაცი ცნობილი და მე რომელმაც მრავალი დავითმინე ღვთის სადიდებლად, განსწავლული ღვთისგან ვფლობ სიბრძნეს და მეცნიერებას”. უკვე ეს დასაწყისიც კი, როგორც ამას ათანასე წარმოგვიდგენს, არიოზის პიროვნებას საკმაოდ აცოცხლებს ჩვენს თვალწინ და იმ ამპარტავნული თვისებების გამოკრთომას თვალნათლივ ვამჩნევთ, რაც მის მოქმედებებში ყველგან გამჭვირვალეა. რაც შეეხება საღვთისმეტყველო ნაწილს ამ ძეგლისას, ესეც ათანასესთან არის დაცული, რომელიც დაახლოებით ასეთ ცრუ სწავლებებს გვაწვდის: ”ამრიგად ღმერთი თავისAთავად არის გამოუთქმელი ყველა ადამინისგან, [5]ის არის მხოლო, მას არ ყავს თანაბარი, ანდა მსგავსი, ანდა მეტოქე დიდებაში. ჩვენ ვქადაგებთ მას უშობელს და ჩვენ ხოტბას ვუძღვნით მას, როგორც დაუსაბამოს, რადგან არსებობს ის, ვინც არის შობილი და არსებობს ის, ვინც არის დასაბამის მქონე და რომელიც შემოვიდა არსებობაში გარვეულ ჟამს. მას (კვლავ მამა ღმერთზე აქვს აქცენტი) ვქადაგებთ ჩვენ შეუქმნელს, რომელმაც დაადგინა თავისი ძე ქმნილებათა სათავედ და რომელიც მან მიიღო ძედ და იშვილა იგი. ასე რომ ძე არ ფლობს საკუთარს არაფერს, რაც მას ღვთისგან არ ბოძებია. იგი არ არის მისი (ე.ი. ძე არ არის მამის) თანაბარი, არცთუ თანაარსი”. აქ ტერმინი თანაარსი უკვე მინიშნებაა იმაზე, რომ ეს ძეგლი დაწერილი გახლავთ ნიკეის კრების [6]შემდგომ, როდესაც წმ. ათანასე ალექსანდრიელმა გადადგა ნაბიჯი ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ტერმინის “თანაარსის” დამკვიდრებისკენ. მოგეხსენებათ რომ ეს ტერმინი (“თანაარსი მამისა”) მრწამსში შევიდა, ძესთან დაკავშირებით. ქართულად ბერძნული “ჰომოუსიოს” ფაქტობრივად სამი თარგმანითაა: ერთარსება, ერთარსი და თანაარსი, ჩვენ გვისაუბრია ამაზე, სამივე მართლმადიდებლური და წმინდა ტერმინია, ბერძნული ერთი შესატყვისით და ეს ტერმინი “ჰომოუსიოსი” დაამკვიდრა ათანასე ალექსანდრიელმა. სწორედ ამის უარმყოფელია არიოზის ეს ნაშრომი, რომ ძე თითქოსდა არ არის არც თანაბარი, არც თანაარსი მამისა და საზოგადოდ ამ მონაკვეთში რომლის პერიფრაზსაც ჩვენ ეხლა გადმოვცემთ, ღმერთად ყოველთვის მამა ღმერთია წოდებული.

არიოზი განაგრძობს: “ღმერთი არის ბრძენი, რადგანაც ის არის თავისთავად მოძღვარი სიბრძნისა, ჭეშმარიტი იქნებოდა გვეთქვა, რომ ღმერთი არის უხილავი ყველასთვის, იმ არსთათვის რომლებიც [7]არსებოაბში შემოვიდნენ ძის მიერ, ისევე როგორც თვით ძეც. მე ცხადად ვიტყვი, - ამბობს არიოზი თუ რა სახით არის ეს უხილავი ღმერთი ხილული ძის მიერ, ესაა მხოლოდ იმ ძალით, იმ ძალისგან, რომელიც ღვთისგან გამოვლინდება, რაც ძეში ღვთისგან მკვიდრობს მისი შესაძლებლობების საზღვრებში (ე.ი. ძის შესაძლებლობების საზღვრებში). ესაა მისგან ხილვა მამისა და არა ის რომ მამა თავისთავად ვინმესგან ან თუნდაც ძისგან იხილვება. ასე რომ, - ასკვნის არიოზი, სამება არ არის თანასწორი სიდიადეში, რადგან ჰიპოსტასები სამებაში არ არიან ურთიერთ შეერთებულნი, არამედ ერთი ამეტებს მეორეს უსასრულო სიდიადით (იგულისხმება რომ მამა ამეტებს ძეს), მამა უცხოა ძისგან არსების [8]მიხედვით, რადგანაც იგი (მამა) დაუსაბამოა, საწყისის გარეშეა. გესმოდეთ რომ მხოლოობა (იგულისხმება მამა) არსებობდა მანამ სანამ ორობა არ არსებობდა და მანამ სანამ ძე არ შემოვიდოდა არსებობაში”. აქაც სავსებით უეჭველად არის ის აზრი თქმული, რომ მხოლოობა ანუ ის ბუნებითი ღმერთი, რასაც არიოზი მხოლოდ მამას განუკუთვნებს, მანამ არსებობდა სანამ ძე ღმერთი მისივე თქმით არსებობაში შემოვიდოდა. “ასე რომ (ასკვნის ასე ვთქვათ წინა მცდარ ლოგიკურ საფუძველზე, და ისე იწყებს ფრაზას არიოზი თითქოს წინარეები დამტკიცებულია), რადგან ძე არ არსებობდა, მამა იყო ღმერთი და ძე რომელმაც არსებობა დაიწყო მამის ნებით არ არის ღმერთი, მხოლოდ მამაა ერთადერთი ბუნებითი ღმერთი, [9]ხოლო ძე შეიძლებოდა გვეთქვა რომ არის შობილი, არაფრობისგან შემოსული არსებობაში”.

ამგვარი ხასიათისაა ეს ძეგლი, რომელიც გამოქვეყნებული და შესწავლილია. ის ფრაგმენტები, რომელიც მისგანაა შეონახული 1927 წელს გამოაქვეყნა, ერთ-ერთმა ფრანგმა მკვლევარმა – ბარდმა, რომელმაც პირველმა უძღვნა ყველაზე საფუძვლიანი გამოკვლევა ამ ძეგლს თავის ცნობილ სტატიაში, რომელსაც ასეთი სათაური წარუმძღვარა, არა ნაკლებ მეცნიერული, “იცოდა თუ არა ალექსანდრე ალექსანდრიელმა არიოზის თალეია”.

გარდა აღნიშნული ძეგლებისა, ჩვენ ამით დავაბოლოვებთ არიოზის ასე ვთქვათ ლიტერატურულ საქმიანობაზე საუბარს, მას დაწერილი ჰქონია ეპისტოლე იმპერატორ კონსტანტინესადმი, რადგანაც ამგვარი ხასიათის ძეგლი ჩვენამდე მოღწეულია და უკვე დადასტურებულია, რომ ის ნამდვილად არიოზის დაწერილია. [10]ეს უკვე ნიკეის კრების შემდგომი პერიოდია. ავტორად მას მხოლოდ არიოზი არ ჰყავს, თანაავტორია ასე ვთქვათ, მასთან ევძოიოსი, მისი მიმდევარი არიანელი და ორივენი იმპერატორ კონსტანტინეს დაახლოებით 327 წლის მიწურულს უგზავნიან ეპისტოლეს. ეს ეპისტოლე შემონახულია სოკრატე სქოლასტიკოსის საეკლესიო ისტორიაში, ისევე როგორც სოზომენესთან. ორივე V საუკუნის ჟამთააღმწერლები არიან და ორივე მათაგანთან ეს ეპისტოლე დაცულია ბერძნულ ენაზე, რა თქმა უნდა, და იგი შეიცავს მსგავსად არიოზის მეორე ეპისტოლისა სარწმუნეობის სიმბოლოს ტიპის რაღაც აღმსარებლობით ძეგლს, ლაკონურ ტექსტს, რითაც არიოზი და ევძოიოსი ცდილობდნენ დაედასტურებინათ საკუთარი ორთოდოქსობა (ამ ტერმინს ისადაგებენ და იკუთვნებენ კვლავ), ანუ საკუთარი მათლმადიდებლობა.

ასე შეიძლება ჩვენ შევაჯამოთ [11]არიოზის ლიტერატურული საქმიანობა, იმ მასალების, იმ წყაროების მიხედვით რაც ჩვენამდე გახლავთ მოღწეული. მიიჩნევა რომ მას სხვა შრომებიც უნდა ჰქონოდა დაწერილი, მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვანი, რომლებიც ნაკლებად ცნობილნი გამხდარან, ნაკლებად გავრცელებულა, ყოველშემთხევავში ამ პოლემიკაში თითქმის არ ფიგურირებდა და შესაბამისად არც ციტირების სახით, არც მთლიანი ფორმით საეკლესიო ისტორიაში არ შემონახულა. თვით ეს ძეგლები კი, რომლებიც შემონახულია კვლავ იმას ადასტურებენ აშკარად, რაზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით, რომ არიოზი იყო ძალიან საშუალო მონაცემების მქონე პიროვნება. თავისთავად რომ ვთქვათ, ე.ი. ამ შემთხვევაში ერეტიკოსობას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ეს საშუალო მონაცემები არიოზისა ამ შემთხევავში უფრო მომგებიანი აღმოჩნდა ევსები ნიკომიდიელისათვის, რომ მასზე ამგვარი ზეგავლენა მოეხდინა და გამოეყენებინა იგი იმ დიდი შეთქმულების მოსახდენად და თავისი მიზნების, განსაკუთრებულად ამპარტავნული მიზნების განსახორციელებლად და ხოცშესასხმელად, რაც ნაწილობრივ, [12]ყოფითად გარკვეულ პერიოდში განხორციელდა კიდეც. განხორციელდა იმიტომ, რომ, ჩვენ ევსები ნიკომიდიელთან დაკავშირებით აღვნიშნავდით, არიანელებმა და საკუთრივ ევსებიმაც მთელი ცხოვრება ისე განვლო, რომ ფაქტობრივად იგი ყოველთვის ზენიტში იყო, თუ არ ჩავთვლით რაღაც მცირე მონაკვეთს ევსები ნიკომიდიელის ცხოვრებისას, როდესაც იგი იმპერატორ კონსტანტინესგან გადასახლებულ იქნა  325 წლის ნიკეის კრებიდან სამი თვის შემდეგ და სამი წელი,  328 წლის ჩათვლით აი ამგვარ დევნულობაში იმყოფებოდა იგი. მაგრამ ძალიან სწრაფად ხდება მისი შემორიგება, ძველ უფლებებში აღდგენა და უდიდესი პოლიტიკურ-ეკლესიური გავლენის მოპოვება, ძირითადად საიმპერიო კარის ქალ პერსონათა სიბეჯითითა და მონდომებით. აქ იგულისხმება ყველაზე უფრო მეტად კონსტანტინე დიდის და კონსტანცია, ლიკინიუსის დედა, რომლის წარმოუდგენელი მფარველობით სარგებლობდა ევსები ნიკომიდიელი.

და რადგანაც დიდი იყო დაინტერესება [13]მსმენელთაგან ამ პიროვნების ლიტერატურული საქმიანობის შესახებაც, ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე არიოზის შემდეგ, უშუალოდ მას (ევსები ნიკომიდიელს) შევეხებით. მართალია არიოზი ალექსანდრიული ეპარქიისა და ალექსანდრიული საეკლესიო ლიტერატურის წარმომადგენელია, მაგრამ რადგან თემა განუყრელია და ეს ორი პიროვნება ფაქტობრივად ერთად განიხილება, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ, შესაბამისად მსნელეთა დაინეტრესებისა ევსების ლიტერატურული საქმიანობით, უმჯობესია აქვე არიოზზე მიდევნებულად წარმოვადგინოთ ის, რის განხორციელებსაც შემდგომ შეხვედრაზე შევეცდებით.

 

264–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=jGieusXa87s

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 24 მაისი 2016 10:42)