Georgian (Georgia)English (United Kingdom)
266

ერი საზეპურო

ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ქრისტიანული ლიტერატურის და ზოგადად ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის, IV საუკუნის დამდეგის ანალიზისკენ, შეფასებისკენ. თვისებები, ნიშანდებულებანი ამ ეპოქისა ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ და გეზი რითაც შემდგომდროინდელი, შემდგომ ეპოქათა საეკლესიო ლიტერატურის პროფილი განისაზღვრა სწორედ ამ მონაკვეთიდან, აი ეს გეზი უმთავრესი შტრიხებით ვფიქრობთ მსმენელის წინაშე უკვე წარმოდგენილი იყო.

მაგრამ ალბათ სრულყოფილებას ვერ შეიძენს ამ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა თუ საეკლესიო ლიტერატურის, საეკლესიო საღვთისმეტყველო მოღვაწეობის დიაპაზონს კვლავაც ბერძნულენოვანი მწერლობით შემოვფარგლავთ, თუნდაც პარალელში ლათინურენოვანი [1]მწერლობით, და ხაზგასმით არ აღვნიშნავთ და არ განვიხილავთ კიდევ ერთ უძირითადეს მახასიათებელს აღნიშნული ეპოქისას, არა მხოლოდ დამდეგის ამ შემთხვევაში, არამედ მთელ განფენილობაში IV საუკუნისას, რაც (ეს ძირითადი ნიშანდობლიობა) გულისხმობს ახალ-ახალი საეკლესიო სამწერლობო ენების გამოჩინებას ქრისტიანული საღვთისმეტყველო მოღვაწეობის უწმინდეს წიაღში, სხვადასხვა ახალგაქრისტიანებული ერების თანაშერთვას იმ უმძლავრეს ნაკადთან, რაც როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, უდიდესწილად საკუთრივ ბერძნულ ენას უკავშირდება (რა თქმა უნდა ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობასაც,) ბერძნულენოვან სამწერლობო მოღვაწეობას უკავშირდება, გარკვეული დოზით ამ ეპოქამდე, ხოლო შემდგომში ეს კიდევ განფენილი ხდება. ეს ორი ერთმთლიანი ჯერ კიდევ [2]ხაზი საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობისა IV საუკუნიდან თანაშეირთავს სხვადასხვა ჭეშმარიტებისაკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის ახლადგადამდგმელ ერებს, რომლებსაც შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავიანთი წვლილიც შეაქვთ იმ დიდ სულიერ საქმეში, რაც მაცხოვრისგან ბოძებული უცდომელი სწავლების, მაცხოვნებელი მოძღვრების, გადამრჩენელი ჭეშმარიტების, რასაც თავისთავად არც რამ დაემატება და არც რამ მოაკლდება, აი ამ ყოვლადსრული ჭეშმარიტების მაქსიმალურად ზედმიწევნითი და ადეკვატური, რამდენადაც ამას კაცობრივი ბუნება დაიტევს, ტერმინოლოგიით გამოთქმას გულისხმობს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ზოგადი წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ და ცალკეულ შემთხვევებში სიღრმისეული [3]ხედვაც მასალების სიმრავლის გამო შევიმუშაოთ ამა თუ იმ ერის დამსახურებაზე ეკლესიის ისტორიაში და საეკლესიო მწერლობის ისტორიაში, მაგრამ აქცენტი ჩვენი, თავისთავად ცხადია, არის კონკრეტულად საქართველოსაკენ, საქართველოზე, ქართლზე, ქრისტიანულ-ქართულ საღვთისმეტყველო ღვაწლზე, რაც საფუძველდადებული სწორედ და არსებითად IV საუკუნიდან ხდება და რაც უმტკიცესი და უაღრესად ნაყოფიერი ნიადაგის მპოვნელი შემდგომში და შემდგომში ჭეშმარიტად უსაზომოდ განივრცობა, ნაყოფიერდება და განსაკუთრებით ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში თითქმის უწყვეტ ხაზად აურაცხელ უაღრესად კეთილ და მსოფლიო საეკლესიო ისტორიისთვის მნიშვნელობის მქონე ღვაწლს [4]აღასრულებს, ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ საძირკველი იმ შემდგომსაუკუნეთა უდიდესი სულიერი აღმაფრენისა IV საუკუნეშია დადებული, ამ დროს დასაძირკვლდა არსებითად საეკლესიო-სამწერლობო ტრადიცია ქართლში, საქართველოში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ არსებითად რადგან აბსოლუტურად ცარიელ ნიადაგზე ჩვეულებრივ არაფერი არ იქმნება ან თუ რაიმე იქმნება თავიდანვე ეგზომ განფენადი, ეგზომ ნაყოფიერი, რა თქმა უნდა, არ წარმოჩნდება, ვერ გამოვლინდება თუ მას წინაპირობები არ აქვს, ისეთივე ღირსეული როგორიც შემდგომგამოჩინებადი სულიერი ნაყოფი გახლავთ. ცხადია ეს წინაპირობები საქართველოს შემთხვევაშიც სახეზეა. ჩვენ ვიცით და ფაქტობრივად ყველა ქართველისთვის ცნობილია ის საღვთო გარდამოცემანი, საღვთო გადმოცემები, [5]სათნო უწყებანი, რაც ღვთის მადლით მოგვიანო პერიოდის ჩანაწერების სახით წერილობითად შემოგვრჩენია უადრესი ეპოქის ქართლის ქრისტიანიზების შესახებ. მართლაც იმ უწმინდესი საფუძვლების შესახებ რამაც თავიდანვე განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის, როგორც ზოგადად ღვთის წინაშე ერთი საზეპურო ეკლესიის, ერთი ზეციური ეკლესიის, ამ ქვეყნად ადამიანთათვის, ადამიანთა გამოხსნისათვის დაფუძნებული ეკლესიის, განუყოფელ, უწმინდეს ნაწილად წარმოჩენა. საქართველოს ეკლესია თავისი ღვაწლის აღმსრულებლად და საკუთარი სამოღვაწეო გეზის ჩამომყალიბებლად და განმსაზღვრელად იმ უადრესი ეპოქიდანვე გვევლინება, პირველი საუკუნიდანვე გვევლინება და წმ. ისტორია, წმ. მატიანე ამგვარ ღვაწლზე საქართველოს [6]ეკლესიისა სრულყოფილ სწავლებას რომ გვაწვდის, აი ეს წმ. მატიანე, წმ. გადმოცემა შემონახული გახლავთ წერილობითად, როგორც ალბათ ყველას მოეხსენება “ქართლის ცხოვრებაში”, გარკვეულწილად უფრო ადრეულ ძეგლში “მოქცევაი ქართლისაი”-ში, მაგრამ სრული სახით როგორც აღვნიშნეთ “ქართლის ცხოვრებაში” და ეს წმ. ისტორია ისეთი უდიდესი სიწმინდის საქართველოში დამკვიდრებულობას გვიცხადებს ჩვენ, როგორიც გახლავთ კვართი უფლისა.

ვიდრე ამ საღვთო გადმოცემას შევეხებოდეთ აღვნიშნავთ იმას, რომ უფლისმიერი კვართის, მისი ამქვეყნიური შესამოსელის ქართლში, კონკრეტულად მცხეთაში დაფლულობა, არ გახლავთ ერთადერთი განსაკუთრებული და ჭეშმარიტად საზეპურო სიწმინდე საქართველოს ეკლესიისა. ჩვენ ალბათ ამ საუბრებში არ მოვერიდებით სხვადასხვა აღმატებულ ეპითეტს და მათ შორის ამ ტერმინსაც “საზეპურო”, [7]რაც თითქოს საკმაოდ შემოსულია დღევანდელ მწიგნობრულ მეტყველებაშიც, საეკლესიო თემატიკასთან დაკავშირებულ მწიგნობრულ ძეგლებშიც. მაგრამ მაინც ალბათ შეიძლებოდა ორი სიტყვით აღგვენიშნა, თუმცა თავის დროზე დასაწყის ლექციებში ჩვენ ამ ტერმინზე გვქონდა მსჯელობა, რომ საზეპურო ნიშნავს წარჩინებულთათვის, რჩეულთათვის, გამორჩეულთათვის, ღვთის სათნოთათვის განკუთვნილს. ერი საზეპურო გახლავთ უფლისგან გამორჩეული ერი, სარწმუნოება საზეპურო ასევე უფლისგან რჩეული სარწმუნოება, მოძღვრება საზეპურო უფლისგან რჩეული მოძღვრება. თვითონ საზეპურო მომდინარეობს ირანული სიტყვიდან “ზეპუჰ”, რაც სწორედ რჩეულს, წარჩინებულს, დიდგვაროვანს ნიშნავს და შემდგომ ეკლესიურ ტრადიციაში, კონკრეტულად ქართულ ენაში (სხვათაშორის სომხურშიც არის ეს სიტყვა შესული) საკუთრივ სულიერი რჩეულობის აღმნიშვნელად გვევლინება ეს ტერმინი, მაგრამ სულიერი [8]რჩეულობისა არა ერთი სარწმუნოების წიაღში ვინმეს გამორჩეულობის აღსანიშნად, არამედ რჩეული სარწმუნოების მფლობელის სახელწოდებად ჩანს ეს ტერმინი. ანუ ქრისტიანული სარწმუნოების მიმღები და აღმსარებელი ყველა ზეპურია, ანუ ყველა რჩეულია, ყველა საზეპუროა ანუ უფლისმიერი რჩეულობისთვის განკუთვნილია იმიტომ, რომ თვით მოძღვრებაა რჩეულობა. არა ის, რომ ქრისტიანთა შორის ვინმე გამოირჩევა, როგორც ამას გაუკუღმართებული, ე.წ. ეზოთერული ტრადიციის მიმდევარნი ცრუ მოძღვრობენ და რაზეც ჩვენ არაერთი ლექცია დაგვითმია, არამედ თავად მოძღვრებაა რჩეული და ამ მოძღვრების აღმსარებელი რჩეული სარწმუნოების, რჩეული სულიერების აღმსარებელი ხდება და რჩეულობის მადლყ, რა თქმა უნდა, მასზეც გადადის. საკუთრივ ქრისტიანთა ტომია რჩეული ტომი და რჩეული ერი ამ ქვეყნად, ჭეშმარიტი ისრაელი, ახალი ისრაელი, რომელსაც ეწოდებოდა ძველად სწორედ [9]ერი საზეპურო, ანუ ერი რჩეული, ბერძნულად “პერიუსიოს”, რაც განსაკუთრებით მდიდრულს, წარჩინებულობის შემცველს გულისხმობს და ეს ეპითეტი განეკუთვნებოდა სწორედ ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტში, “სეპტუაკინტაში”, ისრაელს, ქართულად კი იგი ითარგმნებოდა როგორც საზეპურო, და ეპითეტი ერი საზეპურო განეკუთვნებოდა ისრაელს ვიდრე მის დაცემამდე. მაგრამ როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი გვასწავლის “დაეცა ისრაელი, თუმცა კი ღვთის წინაშე გამოირჩა ახალი ერი, ახალი ისრაელი, სულიერი ისრაელი ანუ ჭეშმარიტი ისრაელი, ჭეშმარიტი ღვთისმხედველი ერი (რასაც ისრაელი ნიშნავს ერთ-ერთი განმარტებით), ანუ იგივე ქრისტიანთა ერი, ქრისტიანთა მოდგმა, ქრისტიანთა ტომი. შესაბამისად ჩვენ სწორედ ამ გაგებით მოვუხმობთ ტერმინს “საზეპურო”, რომ თუ ქრისტიანთა ერი რჩეული ერია, ქრისტიანთა წიაღს შერთული ქართველი ერიც [10]ასევე საზეპურო ერია, ასევე რჩეული ერია და ქართულ ენაზე აჟღერებული უწმინდესი მოძღვრებაც ამ ენას სხვა ყველა ქრისტიან ენათა მსგავსად საზეპურო ენად გარდაქმნის უფლისმიერი ყოვლისმხედველობის წინაშე. ყველა ქრისტიან ერს თავისი ზეპურობის, თავისი რჩეულობის სულიერი ღირსებანი აქვს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველ ერსაც. ამაზე იყო ჩვენი მსჯელობა.

ერთ-ერთი გამორჩეული ნიშან-თვისება, გამორჩეული ღირსება რაც საქართველოს, ქართლს უფლის საზეპურო ერად შეამზადებს, გახლავთ სწორედ ის სიწმინდე, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, უფლისმიერი კვართის მცხეთაში დაფლულობა. მაგრამ, ამ ფრაზას მოყვა ჩვენი მსჯელობა, ეს არ გახლავთ ერთადერთი საზეპურო სიწმინდე, სხვა სიწმინდენიც, ტოლფასნი აღნიშნული სიწმინდის ღირსებისა, გაცნობიერებულია ქართლის სულიერი ისტორიის სინამდვილეში. ერთ-ერთს მყისვე [11]უნდა შევეხოთ და აქვე უნდა მივუთითოთ, ეს გახლავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა საქართველოსი, რაც, ჩვენ წერილობითაც აღგვინიშნავს ამის თაობაზე, არა მხოლოდ საქართველოს ტრადიციაშია და ქართულენოვან ძეგლებში და ქართველ მოღვაწეთა შორისაა გამოჩინებული, არამედ ამაზე სპეციალური მითითებ აქვს კონსტანტინე პორფიროგენეტსაც, რომლის სიტყვები ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც. ეს სულიერი სიმაღლე, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, რა თქმა უნდა, მაცხოვრის კვართის წილხვდომილობასთან ერთად (ისიც წილხვდომილობაა იმიტომ, რომ მაცხოვრის კვართი წილად ხვდა მცხეთელ ურიებს, როგორც გვასწავლის ჩვენ ქართლის ცხოვრება), აი ეს ორი გამორჩეული ღირსება, კვლავ აღვნიშნავთ და ხაზს გავუსვამთ, სხვა საზეპურო ერთა თანასწორ რანგში, [12]გაქრისტიანებული ქართლის თანაზომიერ ხარისხსაც წარმოაჩენს, იმ სხვა ერთათვის თანაფარდ სიმაღლესაც ასაჩინოებს.

და სხვა ღირსებაც, რომელიც კონკრეტულად ამ შემთხვევაში წარმომავლობითად ძველ აღთქმას უკავშირდება, ქართლის მეფეთა, ბაგრატიონთა დინასტიის დავით მეფისგან გენეტიკური შთამომავლობა. მოგეხსენებათ ეს დღეისათვის ცნობილ წყაროთა მიხედვით პირველად ნაუწყებია “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”, გრიგოლ ხანძთელი პირდაპირ მიმართავს აშოტ კურაპალატს, რომ იგი უფლის ცხებულის, დავითის შთამომავლად არის ღვთივ განჩინებული და ეს შთამომავლობითი ხაზი მას ბევრ რამეს უკარნახებს და ავალდებულებს, რომ დავით წინასწარმეტყველისგან არის შთამომავლობითად და გენეტიკურად ქართლის ბაგრატიონთა დინასტია. [13]ეს სიწმინდე ქართლის მეფეთაგან საუკუნეთა მანძილზე უაღრესად ღრმად გაცნობიერებული, ბიბლიური წინამძღოლობის სურვილით აღანთებდა ჩვენი ერისთვის თავდადებულ მეფეებს და ერთ-ერთი მხარე ეს გახლდათ უაღრესად დიდი სულიერი ძალის მომცემი იქეთკენ, რომ ქართლის მეფენი ქედმოუხრელნი და დაუღალავნი იყვნენ ბრძოლაში ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად, ქართლისთვის ქრისტიანული სარწმუნოების შესანარჩუნებლად იმავე სიწმინდით რა სიწმინდითაც ეს სარწმუნოება დასაბამშივე იქნა მიღებული. ასე რომ ბიბლიური წინამძღოლობის სულიერი აღმაფრენა ქართლის მეფეთა ღვაწლში და საქმეში თვალსაჩინოდ გამოვლენილი, სწორედ იმ საზეპურო სიწმინდის ისტორიული გამოვლინებაა, რაც გულისხმობს ქართლის მეფეთა, ბაგრატიონთა [14]ბიბლიური დავითისგან გენეტიკურ წარმომავლობას, მომდინარეობას, მის შთამომავლებად გამოჩინებას.

და კვლავ შემდგომი სიწმინდე ეს გახლავთ ძველი აღთმის ერთ-ერთი უსაღვთოესი რელიქვიის ელიას ხალენის, ანუ ელიას მოსასხამის (ხალენი მოსასხამს ნიშნავს) ასევე ქართლში დაფლულობა და ქართლში დაცულობა, როგორც ამაზე “მოქცევაი ქართლისაი”-ს იმ ნაწილში, წმ. ნინოს ცხოვრებას რომ გულისხმობს, დეტალურადაა ნაუწყები. ნაუწყებია იმის შესახებ, რომ წმ. ნინოც ეძიებდა ელიას ხალენისა და კვართის კონკრეტულ ადგილს და ამგვარი ძიება თავისთავად ადასტურებს (რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო დიდია სიწმინდე მაცხოვრის კვართისა), რომ ძეველი აღთქმის ეს უწმინდესი რელიქვიაც რომ მცხეთაშია დაფლული, ამით მცხეთის ქრისტიანობამდელი, [15]მაგრამ ძველი აღთქმისეული სულიერება თითქოსდა ნივთიერადაც საბუთდება, რომ მცხეთამ იმემკვიდრა არა მხოლოდ ახალი აღთქმის სიწმინდე და შესაბამისად ახალი აღთქმის სულიერების უმწვერვალესი გამოვლინება, არამედ მანამდე მცხეთას ნამემკვიდრევი ჰქონდა ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდეც, ანუ მცხეთა მზად იყო ახალი აღთქმის მისაღებად, რადგანაც ძველი აღთმის სულიერება აქ უკვე ფუძე დადებული იყო და ამ სიწმინდის რელიქვიური ხორცშესხმა გახლავთ სწორედ ელიას ხალენი რაც მან, ელიამ, ზეცად ამაღლებისას, ხორციელად ზეცად აღსვლისას გადმოუგდო ზემოდან ელისეს, თავის მოწაფეს და ელისეს შემდგომ ეს ხალენი სწორედ მცხეთაში აღმოჩნდა, თუ რა გზით ჩვენ კონკრეტულად რა თქმა უნდა არ ვიცით. საზოგადოდ სიწმინდეებს, წმ. რელიქვიებს აქვთ თავიანთი [16]თავგადასავალი, თავიანთი ისტორია და ამ ისტორიის ყველა მომენტის აღდგენა კაცობრივი გონების ძალებს აღემატება, ეს ღვთივსაიდუმლო თავგადასავალია, ღვთივსაიდუმლო ისტორიაა, მათი მოგზაურობის საიდუმლო მარშრუტია, რომლის ზოგიერთი რაღაც მომენტი ჩვენთვის შეიძლება საცნაური იყოს, მაგრამ მთლიანობითად ამ ხაზის, თუ რა გზა განვლო მოცემულმა სიწმინდემ ერთი ადგილიდან მეორე ადგილისკენ, აღდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელი გახლავთ,

აი არსებითად ის ნივთიერადაც ხელშესახები სიწმინდეები და სულიერადაც უაღმატებულესი სინამდვილენი, რაც კონკრეტულად IV საუკუნემდე ამზადებდა უკვე ქართლს ღვთის სათნო, ღვთისთვის რჩეულ, ღვთის საზეპურო ერად გამოჩინებისთვის და რაჟამს დაჰრეკა საუფლო ზარმა [17]პირველი ჟამისწირვის აღსავლენად მცხეთაში, IV საუკუნის პირველ ნახევარში, ქართლი, როგორც უკვე სულიერ სიწმინდეთა საცავი და სამარხი ამ ზარისთვის და მაცხოვნებელი ჟამისწირვის ხმოვანების მოსასმენად გაღვიძებისთვის სავსებით მზად გახლდათ.

 

266–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=iyFVHnSq230

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 23 მაისი 2016 13:38)