Georgian (Georgia)English (United Kingdom)
267

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ იმ წმინდა და სულიერ ღირსებებს რითაც ქართლი აღჭურვილი იყო ვიდრე IV საუკუნემდე და შესაბამისად შემზადებული იყო იმ უაღმატებულესი სინამდვილის მისაღებად და სრულყოფილად აღსაქმელად, რასაც საქართველოს გაქრისტიანება ეწოდება ყველა თავისი გამოვლინებით. ჩვენ მივუთითეთ აღნიშნულ სიწმინდეებზე, რომ პირველ რიგში ესაა უფლისმიერი კვართის მცხეთაში დაფლულობა, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობა, ბაგრატიონ მეფეთა გენეტიკური მომდინარეობა და წარმომავლობა ბიბლიური დავით მეფისგან და ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდის ელიას ხალენის ანუ მოსასხამის ასევე ქართლში დაფლულობა.

 

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიწმინდე აქ ჩამოთვლილთაგან [1]გახლავთ უფლისმიერი კვართი. კვართის საკითხი კარგახანია უდიდეს დაინტერესებას იწვევს, არის აურაცხელი თვალსაზრისი გამოთქმული ამ მხრივ, და ბოლო ხანებშიც შეისწავლება ეს საკითხი. როგორც ჩვენ ვიცით გერმანიაში საკმაოდ სქელტანიანი ნაშრომიც გამოვიდა კვართის შესახებ ქრისტიანულ გადმოცემებთან დაკავშირებით, სადაც ქართული სათნო გადმოცემაც არის განხილული და ესეც ცხადყოფს, რომ კვართის სახით ჩვენ გამორჩეულ სიწმინდესთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, უფლის შესამოსელი მხოლოდ კვართი არ იყო, მაგრამ ყველა დანარჩენი, როდესაც განძარცვეს იგი, განიყვეს ერისაგანთა, ანუ ჯარისკაცებმა, დაანაწილეს, დაისაკუთრეს, მაგრამ კვართი იყო ის ერთადერთი სამოსელი რომელიც არ დანაწილებულა, რომელიც განურღვევლად, მთლიანობითად გადაეცა მის მფლობელს. [2]სახარებებიდან უტყუარად ვიცით, რომ კვართი იყო “ზეით უკერველი”, რასაც ეკლესიის მამათა განმარტება ამგვარად განავრცობს, რომ ეს კვართი ხელით ნაკერი არ იყო, ღვთივმოქსოვილი, ზეციურად მოქსოვილი იყო და შესაბამისად ჩვეულებრივ სამოსელს, სამოსელს რომელიც დაიხევა, გაიცრიცება და მოისპობა აი ასეთ სამოსელს არ ჰგავდა, რადგან თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლითურთ ნივთიერი იყო, მაგრამ ამ ნივთიერებას მსჭვალავდა საღვთო მადლყ, რითაც განუხრწნელად დაიცვებოდა იგი. ისევე როგორც საღვთო მადლი მსჭვალავს ყველა საეკლესიო სიწმინდეს და განუხრწნელობა ეძლევა აღნიშნულ სიწმინდეებს. სიწმინდეთა შორის უპირატესი კვართი, რა თქმა უნდა, ამავე საუფლო მადლით გამორჩეულად [3]განუხრწნელია, გამორჩეულად დაურღვეველია და მარადიულად შენარჩუნებადია ვიდრე ეს ცა და მიწა ხრწნადი ნივითიერებით არის ჯერ კიდევ შემოსილი. უხრწნელი კვართი გახრწნად სოფელში (თუმცა ეს უხრწნელი არა ბუნებითად უხრწნელი – კვლავ აღვნიშნავთ, არამედ მადლით უხრწნელად დაცული, ისევე როგორც მადლითვე ნარჩუნდება სიწმინდეთა უხრწნელება), ეს მადლით განუხრწნელი სამოსელი უფლისა საეკლესიო თხრობის კვალობაზე ებოძა ქართლს, ქართლის ეკლესიას.

კარგად არის ცნობილი, ჩვენ ეხლა ამაზე დეტალურად არ შევჩერდებით, რომ უფლის ჯვარცმისას იერუსალიმიდან მოსულმა წერილმა ებრაელთაგან ქართლის ებრაელთადმი განაპირობა ის, რომ ქართლიდან ჯვარცმაზე დასასწრებად გაემგზავრა [4]ქართლის ჰურიათა კრებული, მათ შორის ყველაზე ცნობილი გახლავთ მოგეხსენებათ ელიოზი, ისევე როგორც ნაკლებ ცნობილი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ლონგინოზ კარსნელი. ელიოზმა ჩამოაბრძანა კვართი საქართველოში, მას ერგო ხვედრით, წილხვდომილად ელიოზს მიეცა კვართი, ეს კვართი შეიტკბო ანუ მიიხუტა, ჩაიხუტა მისმა დამ სიდონიამ, რომელმაც ამ უდიდესი სიწმინდის მიღების ჟამს სული განუტევა და როგორც ქართლის ცხოვრება გვაუწყებს, სული განუტევა ანუ აღესრულა იგი სამი მიზეზის გამო. ვიდრე კვართის ქართლში მოვლინებამდე უფლის ჯვარცმის ჟამს შეისვენა ანუ აღესრულა სიდონიასა და ელიოზის დედამ, რომელმაც [5]“მწარედ იკრჩხიალა (ასე წერია ქართლის მოქცევაში), რაჟამს პასენიკმან ძელსა ჰკრა”, ანუ როდესაც უფლის ჯვარცმა ხდებოდა და მილურსმვა ხდებოდა უფლისა, ხმოვანება ჩაქუჩისა, სარეკელისა, ძელისა, მთელ მსოფლიოში გახმიანდა. ეს სხვათაშორის უაღრესად მნიშვნელოვანი ხილვა გახლავთ (ეს იგივე ხილვაა, გამოცხადება), უაღრესად ღრმა სულიერი მოვლენა არის ამით ნაუწყები და ჩვენ ვიგებთ, რომ ქართლში, მცხეთას ესმათ უფლის ჯვარცმის ხმა, “იკრჩხიალა დედაკაცმან და თქვა, რომ მშვიდობით მეფობავ ჰურიათაო რამეთუ მოჰკალთ მაცხოვარი თქვენი”, და ეს ქალი ამ სიტყვებით აღესრულა. დედის სიკვდილი მძიმე განცდაა სიდონიასთვის, უფრო მძიმეა მისთვის მაცხოვრის ჯვარცმის ამბის გაგება [6]და კვლავაც უდიდეს საიდუმლოსთან გვაქვს საქმე, რომ მცხეთელი ებრაელები აცნობიერებენ იესო ქრისტეს ღმერთობას, აცნობიერებენ იმ სინამდვილეს, რომ რჯულის ცვალებადობა იწყება, რომ ძველი აღთქმა ახალი აღთქმით უნდა შეიცვალოს, რომ მოსულია გამომხსნელი და რომ ეს უდიდესი საიდუმლოა. ამიტომ ისინი არ არიან თანაზიარნი უფლის ჯვარმცმელი ებრაელებისა, თუმცა რჯულის წესისამებრ იერუსალიმიდან ხმობაზე მიემგზავრებიან იქ, მაგრამ როგორც დედა შთააგონებს ელიოზს, ელიოზიც ასევე იქცევა და არა თანა შეერთვის იგი ჯვარმცმელ იუდეველთა უკეთურ ზრახვას. სწორედ ეს მხარე იქნა სათნოჩენილი უფლის წინაშე, როდესაც მან იუდეველთა შორის სულიერებით გამორჩეულთ ქართლის ებრაელებს მიჰმადლა [7]კვართი. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, უფლის ყოვლისმცოდნეობითი ხედვა ქართლის სამომავლო ისტორიასაც, სამომავლო მდგომარეობასაც როგორც აწმყოს იმგვარად განჭვრეტს და განჭვრეტს ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტი სწავლების, უფლისადმი სიყვარულის იმ განსაკუთრებულ გამოვლინებასაც, რაც ქართლში IV საუკუნიდან დაიწყება. ამიტომ განუკუთვნებს ის თავის სიწმინდეს ამ ერს, ისევე როგორც ყველა სხვა ქრისტიან ერს მსგავსადვე უფალი მიჰმადლებს მათთვის შესაბამის ღირსებას და ეს ყოველივე ერთ დიდ ღირსებად მთლიანდება. ჩვენ ვამბობთ რა რომ ქართლის ეკლესია ფლობს კვართს, ამით ქართლის ეკლესიის აღმატებულებას კი არ წარმოვაჩენთ, არამედ რადგანაც ფლობს რა ქართლის ეკლესია კვართს, ყველა თანამოძმე ეკლესიის (სხვათაშორის ძველად ეკლესიები ურთიერთს [8]ძმას უწოდებდნენ და არა დას, როგორც ეს დღევანდელ მეტყველებაშია) თანასულიერ ანუ ერთ ბარძიმში მყოფი ეკლესიის კუთვნილებაა ეს კვართი და არანაირად უფრო მეტად საქართველოსი. თუ ჩვენ ეს არ გავაცნობიერეთ და ღირსებისდამიხედვით გამოყოფანი და განცალკევებანი შემოვიტანეთ ერთ დაურღვეველ და უწმინდეს კათოლიკე ეკლესიაში, ჩვენ მაშინ მართლმადიდებლური სწავლებისგან შორს განვდრეკილვართ, რადგანაც ერთი სულიერებაა, ერთი მწყემსია და ერთი სამწყსოა. ერთი მწყემსის წინაშე ერთი სამწყსოს რომელ წევრსაც რამ სიწმინდე აქვს ის მთელ სამწყსოს განეფინება და ყველა მათგანის სიწმინდეა. ამ შემთხვევაში თუ სიწმინდეთა ფლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ნაცვლად სიამაყისა და ამპარტავნებისა პირიქით გაცილებით უფრო ტვირთდამძიმებულად და უხეშად რომ ვთქვათ რთულ მდგომარეობაში უნდა ვიგრძნოთ თავი, [9]რადგანაც ეს ტვირთად დაგვედო ჩვენ, ჩვენ უნდა ვზიდოთ ეს სიწმინდე, რომ სიწმინდეს რაოდენი კრძალვა სჭირდება. პიროვნებას რომელსაც სახლში ხატი აქვს ის გაცილებით მოკრძალებულია, გაცილებით ნაკლებ თავისუფალია, გაცილებით შემოზღუდვილია, რადგანაც ასეთი სიწმინდე სულიერ ტვირთად აწევს მას, თუმცა თუკი ეს ტვირთი ღირსეულად იქნება ნაზიდი, მის მზიდველს განაღმრთობს. მაგრამ ამავე დროს წაფორხილებაც, დაბრკოლებაც, საცდურიც გვერდითაა, გაცილებით დიდია და თუკი სიწმინდის ღირსეულად ტარება ამ სიწმინდის მფლობელმა ვერ შეძლო ის გაცილებით მეტად აღმოჩნდება დასჯილი და დაცემული, ვიდრე ამ სიწმინდის არმფლობელი რომელიმე სხვა პიროვნება. ვისაც მეტი მიეცემა მეტი მოეთხოვება. მეტის მოთხოვნა ღვთისგან გულისხმობს, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ პიროვნების, ამა თუ იმ ერის, სიწმინდეთა მფლობელის, მეტის მქონის [10]პასუხისმგებლობას, შესაბამისად ჩვენ არათუ არ უნდა ვამაყობდეთ თუ რამ სიწმინდენი განგვიჭვრეტია ქართლის წიაღში, პირიქით ძალიან დამძიმებულნი უნდა ვიყოთ, ძალიან დაფიქრებულნი, შეფიქრიანებულნი, რომ ვიტვირთებთ კი ყოველივე ამას? პიროვნებას რომელსაც ასპარეზობაზე მძლეობა სწადია და დიდი სიმძიმის აწევას ცდილობს ის ვიდრე სიმძიმეს არ აწევს ოდნავადაც ვერ იამპარტავნებს, პირიქით ძალიან შეფიქრიანებულია იმის გამო ასწევს თუ არა ამ სიმძიმეს, ხომ არ იქნება ისე, რომ შეარცხვენს მტერი და უძლურად და უსუსურად გამოაჩინებს მას. აი ამგვარი განცდა მართებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, ამ შემთხვევაში ქართველ ქრისტიანს იმ სიწმინდეთა ჭვრეტისას რაც ჭეშმარიტად ჰგიეს საქართველოში, ქართლის მიწაზე. არა რაიმეთი ამპარტავენება, არამედ პირუკუ, გაცილებით თავმდაბლობა იმიტომ, რომ თავმდაბლობაა ერთადერთი ძალა [11]რაც ადამიანს სიწმინდის ტარებას გაუადვილებს. ხოლო მოშვებულობა, თავისუფლება, რაღაცის თითქოს უკვე მოპოვებით გაამპარტავნება წამსვე დაცემას გულისხმობს, წამსვე იმ მძიმე ტვირთის ქვეშ მთლიანად და სულიერად მოდრეკასა და დაუძლურებას გულისხმობს, რაც დაღუპვის ტოლფასი შეიძლება გახდეს. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩვენ შვება ვიგრძნოთ, რაწამს ეს ტვირთი ჩვენს ბეჭებს ასცილდება ანუ როდესაც ჩვენ ღირსეულად ვიტვირთებთ რა ამ სიწმინდეს, სულიერი აღმასვლის იმ კიბეზე აღვალთ რომლის თავიც უფალია და ბოლო საფეხურს რაწამს ავცდებით უფალი ამ სიმძიმეს, ჩვენგან ნაზიდს ჩვენი მხრებიდან მიიღებს და მხოლოდ სასუფეველში, ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად აღსრულების შემდეგ ვიგრძნობთ შვებას, ვიგრძნობთ იმ სულიერ სიხარულს, რომელთან დაკავშირებითაც [12]ანტონი დიდი ამბობს: “მსგავსი მსგავსით იხარებს”, და სასუფევლის შვილი სასუფევლით იხარებს, თუკი მართლაც ის ამ სასუფევლის ბუნებითი მკვიდრი გახდება, იქ მოსახლე გახდება და ღირსი გახდება სასუფევლისა. აი ასე უნდა ვხედავდეთ ჩვენ სიწმინდეებს და როცა ხაზს ვუსვამთ, რომ მცხეთაში არსებობს უდიდესი სიწმინდე, რაც ქართლის ერს საზეპურო ერად შეამზადებს, შეამზადებს სწორედ იმ ნიშნით, რომ უფალი მას გამოირჩევს უფრო და უფრო მეტი ტვირთის სატარებლად, გამოირჩევს ამ სიწმინდითაც და სხვა სიწმინდეებითაც, რაზეც უკვე საუბარი გვქონდა.

მოიწია რა კვართი მცხეთაში, რა თქმა უნდა, თვით კვართის ბოძება თავისთავად ნიშნავს გარკვეული სულიერი ღირსების ქონას ქართველი ერისას იმიტომ, რომ უღირსს ეს სიწმინდე არ მიეცემოდა და ამ ღირსებაში უპირველესად სწორედ [13]თავმდაბლობა განიჭვრიტება. ქართველ ერს რომ მაშინაც ისევე ჰქონოდა ამპარტავნება, დაუდევრობა, ამქვეყნიურისადმი განსაკუთრებული ლტოლვა, დავიწყება იმქვეყნიური სიკეთეებისა და სხვა, როგორც ასე მოძალებულია ეს ყოველივე დღეს და არა მარტო დღეს, არამედ მთელი საუკუნეების მანძილზე, მაშინ მას კვართი არ ებოძებოდა. კვართის უფლისგან ქართველი ერისადმი ბოძება ჩვენ ქართველ ერს წარმოგვიდგენს როგორც შემკულს ყველა ქრისტიანული სათნოებით და იმ ჟამს ყველა სხვა ერზე მეტად შემკულს. ამ სათნოებათა შორის, კვლავ აღვნიშნავ, პირველ რიგშია თავმდაბლობა, რომელთან დაკავშირებითაც წმ. იოანე სინელი ამბობს, რომ “თუ ერთმა, მხოლოდ ამპარტავნებამ დასცა ადამიანი და დასცა ქმნილება (თვით ანგელოზიც კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას აქცენტი ადამიანზე აქვს), ნუთუ მხოლოდ ერთი სათნოება – თავმდაბლობა არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დაცემულობიდან კვლავ ზეცამდე აღვიწიოთ”. [14]აი ასეთ ღირსებას განუკუთვნებს ის თავმდაბლობას, ისევე როგორც ძვირუხსენებელობას, უდიდეს სათნოებას და უდიდეს ღირსებას, გულმოწყალებას და სხვა. აი ეს თვისებანი, რაც ნამსხვრევთა სახით სხვადასხვა ეპოქაში, რა თქმა უნდა, კვლავ და კვლავ ნარჩუნდება და ვლინდება საქართველოში, ერთ მთლიან მწყობრ სიწმინდედ, ერთ თანაშერთულ ყვავილკრებულად (ასეთი ტერმინი არსებობდა ძველ ქართულში) წარმოაჩინებს ქართველ ერს იმ ჟამისას. სწორედ ამიტომ, აი ამ სათნოებითი ნიშან-თვისებების გამო გამოარჩია ის უფალმა და დაადო ეს დიდი სიმძიმე, ტვირთი, უფლის კვართის სიწმინდის ტარებისა.

რადგანაც ელიოზისგან სიდონიამდე მოტანილი კვართი ამ ქალწულმა შეიტკბო, როგორც აღვნიშნეთ, სამი ძლიერი გრძნობა ტალღისებრ ეხეთქებოდა მის გულს, პირველ რიგში და ყველაზე მძიმე უფლის მოკვლა [15]ადამიანთაგან, მეორე საკუთარი დედის მყისიერი აღსრულება და მესამე უკვე ტკივილს კი არ გულისხმობს, არამედ სულიერ სიხარულს და განსაკუთრებულ სიხარულს იმისას, რომ კვართის მიღების ღირსი გახდა, იმ კვართისა, რომელსაც ამავე ქართლის ცხოვრებაში ასეთი ეპითეტი აქვს:P”უსასურველესი ყოველთა სასურველთა”, ყველა სასურველზე, ყველა საწადელზე, ყველა ძვირფასზე უძვირფასესი. აი ამ სამმა გრძნობამ განაშორა სიდონია ამ ყოფას, აღესრულა და დაეფლო კვართთან ერთად. სად დაეფლო ეს დაფარულია კაცთა თვალისთვის იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ საუფლო სიწმინდენი, წმინდა რელიქვიები, ადამიანური გონებისთვის მიუწვდომლად მოგზაურობენ. მათ სხვა გეზი აქვთ, სხვა თავგადასავალი, მხოლოდ უფლის ნებით შეიძლება გამოცხადდეს რომელიმე მათგანის ადგილი, მაგრამ არა კაცობრივი ძიებებით, რაღაც გათხრებით და არქეოლოგიური სამუშაოებით და სხვა. [16]არამედ თუკი უფალი ინებებს მაშინ გამოჩინდება კვართის ადგილი, თუკი უფალი ინებებს მაშინ გამოჩინდება ელიას ხალენის სამყოფელი, მაგრამ უფლის ნება ამ შემთხვევში რაც არის ეს “მოქცევაი ქართლისაი”-ში გაცხადებულია, რომ ეს მოხდება მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამს. ამიტომ ყველა ის რაღაც ისტორიები, საუკუნეთა მანძილზე შეთხზულნი, კვართის აქა და აქ მყოფობის, რუსეთსა თუ სხვა ქვეყანაში გაჩუქებისა თუ სხვა, ესაა აბსოლუტურად უნიადაგო, იმიტომ რომ კვართი დაფლული მცხეთაში კონკრეტულად რა ადგილას მყოფობს მიუწვდომელია ადამიანური გონებისათვის და ვერანაირი ძალისხმევით ეს ვერ დადგინდება, თუ არა უფლისგან გამოჩინების წყალობით რაც მხოლოდ მეორედ მოსვლის ჟამს მოხდება.

 

267–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=AhbUTewL7pQ

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 23 მაისი 2016 13:34)