Georgian (Georgia)English (United Kingdom)
285

ჩვენ უკვე დავაბოლოვეთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის შესახებ განხილვა. იმ ზოგადი ინფორმაციიდანაც კი, რაც ჩვენ შევძელით, რომ მოგვეწოდებინა თქვენთვის, ვფიქრობთ გამოიკვეთა ამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოღვაწის დამსახურება, მისი მოძღვრების ფასდაუდებელი მნიშვნელობა და პირადი ახოვანება, რითაც მან შემდგომ თაობებს სარწმუნოებისათვის, ჭეშმარიტებისათვის თავდადების წარუშლელი ნიმუში მისცა. მაგრამ IV ს-ის I ნახევრის შუა წლები მნიშვნელოვანი გახლავთ იმითაც, რომ უდიდეს მოღვაწეთა კრებული, მწყობრი წარმოჩნდება ჩვენს წინაშე და როგორც შესავალ ნაწილშიც აღვნიშნავდით, ამავე ეპოქაშივე იკვეთება ახალი, ჭეშმარიტად ახოვანებითი მოღვაწეობის [1]სახე – განდეგილობა, მეუდაბნოეობა, განშორებულობა ამა სოფლისგან.

ყველაზე უფრო გამოკვეთილად, ყველაზე უფრო შთამბეჭდავად, განდეგილობა-მეუდაბნოეობა სწორედ ეგვიპტეში, ალექსანდრიის ეპარქიაში ფუძნდება და ერთ-ერთი მკვლევარის თქმისა არ იყოს, მონასტიციზმია ის ძალა, რამაც შექმნა ქრისტიანული ეგვიპტე. ამ მოღვაწეობითი სახეობის ფუძემდებლები არ იყვნენ, ცხადია, ელინისტური სამყაროს ფილოსოფოსები, ასე ვთქვათ მოაზროვნეები, ცოდნის მწვერვალზე მისულნი, არამედ ნილოსის ნაპირებზე განფენილი ქვეყნის ღარიბი, უპოვარი, ფაქტობრივად არაფრის მქონე ადამიანები – ჰელაჰები, რომლებსაც შეხებაც კი თითქმის არ ჰქონდათ ანტიკური ფილოსოფიის [2]იდეებთან, ამა თუ იმ სააზროვნო სისტემასთან.

განდეგილობისა და მისი ორი სახეობის – ანაქორეტობისა და მონასტიციზმის საფუძვლები შინაგანად, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ასკეტიზმის ისტორიასთან, რაც თავისთავად განუყოფელია ქრისტიანული მოძღვრებისგან, ქრისტიანული მოღვაწეობისგან. მაგრამ მაინც განდეგილობა და ასკეტიზმი ერთი მეორეს არ უიგივდება, თუნდაც გამოვლენითი ნიშნით. ასკეტიზმი, როგორც აღვნიშნეთ განუყრელად თანამდევია ქრისტიანის მოღვაწეობისა, ხოლო განდეგილობა, როგორც ასკეტიზმის ერთ-ერთი სახეობა IV ს-ის დამდეგიდან დასაფუძვლებული და დასაძირკვლებულია. ასე რომ, ასკეტიზმი უეჭველად უფრო ფართო ტერმინია, ხოლო განდეგილობა, მეუდაბნოეობა, თავისი ორივე სახეობით (განშორებულობა ანუ ანაქორეტიზმი და მონასტიციზმი) [3]მხოლოდ ერთი მიმართულებაა ასკეტიზმისა. შეიძლება ადამიანი ასკეტურად მოღვაწეობდეს და სოფელში იყოს, შეიძლება ადამიანი ასკეტურად მოღვაწეობდეს და სოფელს განეშოროს. თვით ბერძნული სიტყვა “ასკეზისი”, როგორც ადრეც აღგვინიშნავს, ჩვეულებრივ ვარჯიშს, წვრთნას ნიშნავს და ამავე დროს, არა არის გამორიცხული, რომ ეს სიტყვა ეტიმოლოგიურად უკავშირდებოდეს ჭურჭლის აღმნიშვნელ ბერძნულ ლექსიკურ ერთეულს “სკეუონ”, ანდა “სკეუე”. თუ ჩვენ ამ დაკავშირებას რეალობად მივიღებთ, მაშინ ასკეტიზმის ასეთი განმარტება შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, რომ ეს არის მოღვაწეობის ის სახეობა, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავის თავს წვრთნის, თავის თავს შეამზადებს, თავის თავს აყალიბებს და გარდაქმნის [4]ღვთის ჭურჭლად, იმ ჭურჭლად, რომელშიც უფალმა უნდა დაიმკვიდროს, და როგორც ჭეშმარიტად ნაოსტატარი ჭურჭელი იმ თიხისგანაა დამზადებული და იმ თიხას შეიცავს, რომელიც გამომწვარია, ყოველგვარი მინარევისგან განთავისუფლებულია. ჩვენი შემზადებაც ღვთის ჭურჭლად მხოლოდ მაშინ აღსრულდება, როდესაც ყოველგვარი ამასოფლიური, მდარე, საცთურისეული და ვნებადი მინარევებისგან ჩვენს თავს ბრძმედისებრ გავწვრთნით, გამოვწვავთ და მხოლოდ და მხოლოდ სიწმინდის, უმწიკვლოების, პირველშექმნილობის უბიწოების დამტევნელად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს, სწრაფვა გვექნება აქეთკენ და უფლისმიერი მადლით ძალგვიძს, რომ ყოველივე ეს განვახორციელოთ. აი ასკეტიზმი აქეთკენ მეწინამძღვრე [5]მოღვაწეობაა. თვით ქართული სიტყვა “მოღვაწეობაც” ასკეტიზმის შესატყვისია. ზმნა “ასკეუ” თავისი მედიუმის ფორმით ძველ ქართულში ჩვეულებრივ ითარგმნებოდა როგორც “მოღუაწებაი”, ხოლო “ასკეტეს” გადმოიცემოდა ტერმინით “მოღვაწე”. თუ ჩვენ აქ ქართული “მოღვაწების”, “მოღვაწის”, “ღვაწლის” ძველ ქართულ შინაარსსაც მოვიხმობთ, ასკეზისის რაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩნდება. ძველ ქართულში ღვაწლი ჩვეულებრივად საქმიანობას, თუნდაც უაღრესად შრომატევად საქმიანობას იმდენად არ უკავშირდებოდა, რამდენადაც პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლას, ომს. როდესაც შუშანიკს იაკობ ხუცესი ეუბნება: “ღვაწლსა შინა დიდსა შესლუად ხარ დედუფალო”, აქ ღვაწლი ყოფითი მნიშვნელობით ბრძოლის აღმნიშვნელი ტერმინია, რომელშიც იაკობი [6]სულიერ შინაარსსაც დებს, რომ სულიერ ბრძოლაში, სულიერ ომში შედიხარ, დიდ განსაცდელში შედიხარ, სადაც გამძლეობა გჭირდება. აი ამ გაგებით “ღვაწლის” მტვირთველია მოღვაწე, ანუ ის მებრძოლია, ომშია უკეთურ ძალებთან, საკუთარი თავის ვნებად ნაწილთან და მოღვაწეობაც ჭეშმარიტი ამ ომში გამარჯვებას გულისხმობს, ასპარეზობაში წარმატებულობას გულისხმობს, როდესაც მოასპარეზე მოიპოვებს იმ ჯილდოს, რისთვისაც მთელი ენერგიით ამ ბრძოლაში იგი იყო ჩაბმული. ასკეტიზმის ეს ღვაწლი, ეს ბრძოლითი თვისება, ეს მეომრული სული, ყველაზე უფრო ხელშესახებად, ყველაზე უფრო გრძნობადად სწორედ განდეგილურ სახეობაში ასკეტიზმისა წარმოჩნდა. [7]ანუ განდეგილობა გახლავთ მწვერვალი ასკეტური მოღვაწეობისა.

ჩვენ აღვნიშნავდით, რომ თავისი თავდაპირველი სახით უადრეს დროში ქრისტიანობისა (I-II ს.ს.) პიროვნული ასკეტიზმი მოიღვაწებოდა მორწმუნეთაგან, სახლისა და ოჯახის დატოვების გარეშე. ცხადია საეკლესიო ცხოვრებაში ჩართულობით, თანაშერთულობით სხვა მორწმუნეებთან და ამგვარად თავშეზღუდვა ამა სოფლის სიამეთაგან, ე.ი. არა განშორებულობის ჟამს, არამედ თვით ამ სოფელში ყოფნისას ამ სოფლის სიამეთაგან თავშეზღუდვა ესაა ადრეული ასკეტიზმი. მაგრამ შემდეგში, როგორც ცხადია და როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ახალი მოძრაობის წარმომადგენლები, ე.ი. განდეგილობის, ასკეტიზის ახალი სახეობის წარმომადგენლები, ფიზიკურადაც განეშორებიან ამა სოფელს და არა მხოლოდ სულიერად, ეძიებენ მდუმარებას, ეძიებენ მყუდროებას, განმარტოებას ადამიანთა თავყრილობისგან. [8]ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ ამგვარი განმარტოებისთვის იდეალური პირობები იყო სწორედ ეგვიპტეში, სადაც ორივე კუთხით, ისტორიული თვალსაზრისითაც და სულიერი თვისებითაც, ასკეტიზმის დაფუძნება, ერთმთლიან ყოვლისმომცველ მოძრაობად, სრულიად მოსალოდნელი ჩანდა. როდესაც ვამბობთ, რომ ისტორიული საფუძვლებიც გამოიკვეთება განდეგილობისა (ყოველ შემთხვევაში მკვლევართა ნაწილი ამას უეჭველად გამოყოფს), აქ იგულისხმება III ს-ის შუა წლების ცნობილი დევნულება, იმპერატორ დეკიუსის დევნულება, დაახლოებით 250 წელს მომხდარი, როდესაც აურაცხელი ქრისტიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებლი ადგილი და ეგვიპტის უდაბნოებში, მიუვალ ადგილებში შეეფარებინა თავი. ამას ჩვენ გვაუწყებს თუნდაც ევსები კესარიელი თავის “საეკლესიო [9]ისტორიაში” VI წიგნის 42-ე პარაგრაფში. როდესაც დევნულება დაცხრა გარკვეული ნაწილი დაბრუნდა უკან, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა უკვე შეისისხლხორცა ეს ახალი ყოფითი მდგომარეობა, უკან არ დაბრუნებულა და გარვეული სახის დასახლება თუ გარკვეული სახის ცხოვრების წესი დააფუძნა და თვითონაც ამ ცხოვრების წესის მიმდევრად შეინარჩუნა თავისი თავი, რადგანაც ამგვარ განკერძოებულობაში, ამგვარ განმხოლოებულობაში უფრო შესაძლებლად ეჩვენებოდა მას წმინდა ცხოვრების წარმართვა, საკუთარი თავის უბიწოდ დაცვა. ამგვარი ადამიანები, შესაბამისად, გარკვეულწილად შემდგომ გამოჩინებულ მეუდაბნოეთა წინამორბედებად წარმოჩდნენ. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევითი არაა სწორედ IV საუკუნეში მონასტიციზმის აღმოცენება. ეს მიმდინარეობა, [10]ეს მოვლენა, ზოგადად განდეგილობა გახლდათ ბუნებრივი რეაქცია სეკულარიზაციის საფრთხის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ IV ს-ის დამდეგიდან ეკლესიას მიეცა ჯერ შეწყნარებულობა, დაშვებულობა და ბოლოს სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებულობა, ე.ი. სრული თავისუფლება. ამ მდგომარეობამ თავისთავად შექმნა საფრთხე იმისა, რომ შეიძლებოდა ეკლესიური ცხოვრება გათქვეფილიყო საერო პირთა ცხოვრებაში. აქ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ განმარტებაც არ არის საჭირო, არ იგულისხმება ეკლესია თავისი დაფუძნებულობით, ერთი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია, არამედ ეკლესია [11]ამა თუ იმ რეგიონში გამოვლენილი, თავისი წევრებით და ამ წევრთა კავშირებით საერო ცხოვრების წარმომადგენლებთან, ეკლესია როგორც მაორგანზიებელი სტრუქტურა, აი ამ კუთხით და არა ეკლესია, როგორც აბსოლუტური უცდომელობა ღვთივ დაფუძნებული, არამედ ეკლესიის ამ შემთხვევაში გარეგანი სახე, ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებული სახე. ეკლესია თუმცა დაფუძნებულია ამ ქვეყნად, მაგრამ ამა სოფლისა არ არის, მკვიდრობს ამ სოფელში, დამკვიდრებულია ამ სოფელში, მაგრამ ამ სოფლისაგანი არ არის, ზეცისაგანია ის და ამა სოფელში მკვიდრობს ამ სოფლის განსაცხოველებელად, [12]ამ სოფლის ჭეშმარიტებაში ახალშობისათვის. და თუ ეს მიზანი სადმე, რომელიმე რეგიონში, ეკლესიის ამა თუ იმ განშტოებამ შეიძლება დაივიწყოს და საფრთხე შეექმნეს მის არსებით მხარეს, რა თმა უნდა, საეკლესიო მოღვაწენი ყოვლითურთ შეეწინააღმდეგებიან ამგვარ საფრთხეს. თავის დროზე საიმპერიო კართან, გავლენიან წრეებთან ეკლესიის მესვეურთა დაახლოებამ შექმნა, რა თქმა უნდა, საფრთხე იმისა, რომ საეკლესიო ცხოვრებაში შეიძლებოდა შემოჭრილიყო საერო ცხოვრების ტენდენციები, სეკულარიზების ელემენტები და მორღვეულიყო ნაწილობრივ ის ზღუდე, ის გალავანი, რაც ეკლესიური მოძღვრების სიწმინდესა და უბიწოებას გარეგნულადაც, ამა სოფლისგან ჭვრეტითაც ყოვლითურთ იცავდა და თავის წიაღში იმარხავდა.

სწორედ ეს ორი მიზეზი არის ჩვეულებრივ [13]მითითებული განდეგილური მოღვაწეობის აღმოცენების წინაპირობად. მაგრამ მთავარი და არსებითი, ვფიქრობთ, არის სხვა და ესაა შინაგანი, სულიერი, დაუძლეველი და უდიდესი მგზნებარე ლტოლვა მაცხოვართან თანამსგავსებისა, მაცხოვრისეული ღვაწლის პიროვნულად ტვირთვისა და მასთან თანადაფვლა-თანააღდგომისა, როგორც ეს საზოგადოდ ნათლისღების საიდუმლოა. როდესაც დევნულებითი ეპოქა იყო, მაცხოვართან თანამარტვილობის მოთხოვნილებას, დაუძლეველ სურვილს აურაცხელი ქრისტიანი სწორედ მარტვილობაში ჰპოვედა. მაგრამ დაცხრა რა დევნულებათა ეპოქა, ის წადილი, საღვთო მგზნებარება მაცხოვართან თანამოწამეობისა კვლავ გიზგიზებს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნის გულში, და რომ ეს ყოველივე განხორციელდეს, რომ აღსრულდეს საწადელი ამა თუ [14]იმ მორწმუნისა და მან მიიღოს და ის ღირსი გახდეს მაცხოვართან თანამოწამეობისა, ყოფა კი ამის საფუძველს მას არ უქმნის, ქრისტიანობის გამო არავინ აღარ დევნის და თავს აღარ კვეთს, შესაბამისად თვითონვე ხდება საკუთარი თავის ვნებადი ნაწილის, საკუთარი აურაცხელი ცთომილი აზრის საქმითი გამოხატულების მგვემელი, თვითვე იწყებს ბრძოლას საკუთარ თავთან, ამა სოფელთან, ამა სოფლის მპყრობელთან და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სულიერად ხმალამოღებული პირდაპირ ასპარეზობას მიაშურებს და ასპარეზობას მიაშურებს იქ, სადაც უმძაფრესი ბრძოლაა და ეს უმძაფრესი ბრძოლა ყოველთვის საკუთარ თავთანაა. სოფელთან ბრძოლა იწყება მაშინ, როდესაც მოღვაწე სოფელს ტოვებს, მაგრამ სოფელთან ბრძოლა აქ არ წყდება, კიდევ უფრო მძლავრდება, [15]როდესაც მეუდაბნოეობაში იქ მოღვაწე პიროვნებას სოფლისმიერი ზმანებანი და წარმოდგენები გონებაში ამოუტივტივდება გაცილებით უფრო ძლიერად და მძლავრად, ვიდრე ამა სოფელში ყოფნისას ეს ხდებოდა და შესაბამისად ძალისხმევაც და მოთმინებაც განუზომლად უფრო მეტი სჭირდება მას. აი ამგვარ ბრძოლაში ჩაბმა იმ სულიერი სწრაფვის, იმ სულიერი სურვილის, მოთხოვნილების, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებაა, რეალიზებაა, განხორციელებაა მორწმუნისგან როდესაც იგი განდეგილურ მოღვაწეობას შეუდგება. ამგვარი მგზნებარებით IV ს-ის დამდეგიდან მრავალი მოღვაწე იქნა აღნთებული, მათ შემოიკრიბეს იმავე სურვილით, იმავე სიყვარულით მოწყლულთა კრებული და ამ სახით განდეგილობა გარდაიქმნა ყოვლისმომცველ სულიერ მოძრაობად, IV ს-ის შუა წლებში [16]იგი უკვე ამგვარად გვევლინება.

რაც შეეხება წყაროებს იმისას თუ როგორი იყო განდეგილობის პირველსახეები, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ იმ ინფორმაციას, რასაც ვფლობთ დღეისათვის, ვიღებთ გადნეგილობის მესაფუძვლეთა ბიოგრაფიებიდან, რაც დაიწერა მათი მოწაფეების მიერ, თუნდაც ანტონი დიდისა მისი მოწაფის ათანასე ალექსანდრიელის მიერ. სხვათაშორის უფრო წინარე განდეგილის პავლე თებელის ცხოვრების რამდენიმე რედაქციაა მოღწეული, აღარაფერს ვამბობთ სხვა განდეგილებზე, რომელთა ცხოვრება-მოღვაწება არაერთგზისი რედაქციითა და თარგმანების სახითაა ჩვენამდე მოღწეული. მათ გვერდით კი უნდა ვახსენოთ ორი, საკუთრივ ამ მოვლენისადმი მიძღვნილი დოკუმენტი, შრომა, ეგვიპტური მონასტიციზმის ისტორიის ამსახველნი, რომელთაგან პირველს ეწოდება “ლავსაიკონი” (ჩვენ ეს ადრეც გვიხსენებია), რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი მეუდაბნოე [17]წმინდა პალადი ჰელენოპოლელი, ჰენოპოლისის ეპისკოპოსი, ხოლო “ლავსაიკონი” ამ ძეგლს ეწოდება იმიტომ, რომ გაგზავნილი იქნა იმპერიის მოხელის ვინმე ლავსუსისადმი, რომელიც ეტრფიალებოდა ამგვარ თხრობებს მეუდაბნოეთა შესახებ და მისი თხოვნის პასუხად დაწერა ეს ნაშრომი პალადიმ. ხოლო მეორე ეს გახლავთ ანონიმური ძეგლი სათაურით “ეგვიპტის მონაზონთა ისტორია”, რაც შემონახულია ბერძნულად და აგრეთვე რუფინუსის ლათინურ თარგმანში. გარდა ამ წყაროებისა, რაც მივუთითეთ, დამატებით ჩვენ გვაქვს ცალკეული უწყებანი სოკრატეს საეკლესიო ისტორიაში, აგრეთვე სოზომენეს ანალოგიური სახელწოდების ძეგლში და, ასე წოდებული, “პატერიკონების” ანუ მამათა აპოჰთეგმების კრებულების უძველეს, ყველაზე უფრო არქაულ ფენაში.

რაც შეეხება საკუთრივ ფორმებს ანუ სახეობებს ასკეტიზმისას, [18]როგორც აღვნიშნეთ, ორი განსხვავებული სახეობა ჩამოყალიბდა ასკეტიზმისა ანუ მეუდაბნოეობისა ეგვიპტეში. უფრო ადრეული, უფრო წინარე ესაა ანაქორეტიზმი, ანუ იგივე ერემიტიზმი (ორივე ეს ტერმინი გახლავთ ბერძნული. “ანახორეტეს” ნიშნავს განშორებულს, “ანახორეო” კი განვეშორები. “ანახორეტეს” არის განშორებული ძველ ქართულად, უთარგმნელად კი “ანაქორეტი” და აქედან ტერმინი “ანაქორეტიზმი”, ანუ განშორებულობა. ხოლო ერემიტიზმი უკავშირდება სიტყვას “ერემია”, რაც ბერძნულში აღნიშნავს უდაბნოს, აქედანაა ტერმინი “ერემიტეს” ანუ მეუდაბნოე და აქედან კიდევ ერემიტიზმი ანუ მეუდაბნოეობა), ეს ორივე ერთიდაიგივეა აბსოლუტურად, ისევე როგორც განშორებულობა და მეუდაბნოეობა და ეს გახლავთ განდეგილობის ის სახეობა, როდესაც მოღვაწე [19]ყველასგან განკერძოებით თავის სენაკში მკვიდრობს. მას შეიძლება ერთი მოწაფე ახლდეს, შეიძლება სხვებთან გარკვეულ შემთხვევაში ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ არსებითად ის მარტო მოღვაწეობს, თავისი სენაკი, თავისი სადაყუდებულო აქვს მას. ამიტომ ამგვარი სახეობის განდეგილობას ზოგჯერ დაყუდებითი განდეგილობაც ეწოდება, იგივე მესენაკეობითი, ანუ კელინური განდეგილობა.

ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ და ამჯერადაც გავიმეორებთ, რომ ტერმინ “კელიის” ნაცვლად, რაც დღეისათვის მიღებულია უმჯობესია მისი ძველი ქართული ფორმა და ძველ ქართულში არსებული ტერმინი “კელინი” გამოვიყენოთ და აქედან არა კელიური განდეგილობა, არამედ კელინური განდეგილობა. ესაა განდეგილობის ერთი სახეობა – განმარტოებულობაში პიროვნულად განმხოლოებითად ცხოვრება. და მეორე სახეობა, შედარებით ოდნავ გვიანდელი – კენობიტიზმი, კოინობიტიზმი, ზიარად ცხოვრებულობა ანუ ერთად ცხოვრებულობა (“კოინოს” [20]ბერძნულად არის ზიარი, საერთო, ხოლო “ბიოს” ცხოვრება). ეს კენობიტიზმი არის იგივე მონასტიციზმი ანუ თანაცხოვრებითად განდეგილობა, ერთობლივი ცხოვრება და მოღვაწეობა განდეგილობაში, რაც სწორედ მონასტიციზმს გულისხმობს.

 

285–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=2PmsHinv70s

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button