Georgian (Georgia)English (United Kingdom)
286–288

წმიდა ანტონი დიდი

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ასკეტიზმის გვიანდელი და უმნიშვნელოვანესი სახეობის, ასკეტიზმის მწევერვალის, განდეგილობის აღმოცენებას. ძირითადი მიზეზები განდეგილური მოღვაწეობის დაფუძნებისა და მისი ჭეშმარიტად სულიერ მოძრაობად ქცევისა უკვე მიმოვიხილეთ. ვახსენეთ ორი სახეობა განდეგილობისა, რომელთაგან ერთია ანაქორეტიზმი ანუ იგივე ერემიტიზმი, ქართულად განშორებულობა ანუ მეუდაბნოეობა და მეორე კენობიტიზმი ანუ მონასტიციზმი, ანუ ზიარად, ანუ ზოგადად, ერთობლივად ცხოვრებულობა. დღეისათვის კი უკვე ცნობილ მეუდაბნოეთა შესახებ გვექნება დაწყება საუბრების ციკლისა, იმ მეუდაბნოეთა შესახებ, რომელთაც კვალი დატოვეს პატრისტიკაში, რომელთა შრომებიც ჩვენამდე მოღწეულია.

მეუდაბნოეთაგან უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, მოგეხსენებათ, არის წმინდა ანტონი დიდი, რომელიც განდეგილობის მესაფუძვლედ [1]მიიჩნევა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად განდეგილობის იმ სახეობისა, რასაც, როგორც აღვნიშნეთ, ანაქორეტიზმი ანუ ერემიტიზმი ანუ განშორებულობა, იგივე მეუდაბნოეობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ მარტოდმყოფობითი განდეგილობა, იგივე კელინური ანუ დაყუდებითი განდეგილობა ეწოდება. როდესაც მოღვაწე, გარკვეულ ურთიერთობას ცხადია ინარჩუნებს გარესამყაროსთან, მაგრამ არსებითად მარტო მოღვაწეობს და კელინში მარტო მკვიდრობს, შესაძლოა მოწაფესთან ერთად. აი ამგვარი სამოღვაწეო წესის ფუძემდებლად მიიჩნევა წმინდა ანტონი დიდი, რომელიც კარგად არის ჩვენთვის ცნობილი, განსაკუთრებით უკვე ხსენებული წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელგანთქმული ძეგლის შედეგად, რაც ანტონი დიდის ცხოვრებას გულისხმობს. ანტონი, როგორც ამ ცხოვრებიდანაც და სხვა წყაროებიდანაცაა ცნობილი, ქრისტიანი მშობლებისგან დაიბადა დაახლოებით 250 წელს, შუა ეგვიპტეში, კომაში. როდესაც გაიზარდა [2]მან გაყიდა მთელი თავისი მემკვიდრეობა მშობლების სიკვდილის შემდეგ. ეს ფული, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუბოძა გლახაკთ და უპოვართ და დაიწყო მეუდაბნოეობითი ცხოვრების მოღვწეობა, თუმცა თავდაპირველად არც თუ ძალიან შორს თავისი ძველი სახლისგან ანუ სამკვიდრებელისგან. მაგრამ თხუთმეტი წლის შემდეგ, როდესაც ის 35 წლის იყო (20 წლისამ დაიწყო ამგვარი მოღვაწეობა) მან გადაინაცვლა ნილოსის მარჯვენა მხარეს სამოღვაწეოდ, გარეთა მთისკენ ანუ პისპირის მთისკენ. აქ იმოღვაწა მან მომდევნო ოცი წელი განმარტოებული ცხოვრებით. მიუხედავად იმის, რომ ბევრი მოღვაწე შემოიკრიბა უკვე მის გარშემო, რომ მიჰყოლოდნენ მის მაგალითებს, სამოღვაწეო ნიმუშებს, მაინც ანტონი საკუთარ პირად ღვაწლს ყველთვის განმარტოებით აღასრულებდა. თუმცა იმ [3]საძმომ, რაც მის გარშემო შემოიკრიბა, თავის მხრივ განაპირობა ბერების დიდი კრებულების დაფუძნება და აღმოცენება. ყველაზე ცნობილი, სახელგანთქმული ამგვარი კრებულების, ამგვარი საძმოებისა, რომლებიც თავდაპირველად ანტონის გარშემო შემოიკრიბნენ, მათგან ყველაზე ცნობილი გახლდათ ნიტრიისა და სკიტის მეუდაბნოეთა კრებულები. და მიუხედავად იმისა, რომ ანტონი დიდი გახდა მათი წინამძღვარი, როგორც აღვნიშნეთ, იგი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი განშორებულობითი მოწოდებისა, ერემიტიზმისა, ერემიტული ანუ მეუდაბნოეობითი მოღვაწეობისა, იგივე დაყუდებითი ცხოვრებისა. არა მხოლოდ ანტონი, არამედ ყველა მისი მოწაფე პიროვნულად განმარტოებით ცხოვრობდა და განმაროტებითი, დაყუდებითი მოღვაწეობის სახეობა ამ მხრივ საყოველთაოდ იქნა გავრცელებული. 250 წელს დაბადებული ანტონი [4]აღესრულა 356 წელს, 105 წლისა, კოლძიმის მთაზე (ეს გახლავთ წითელი ზღვის ახლოს) და იგი აღესრულა როგორც აღიარებული ფუძემდებელი მონაქიზმის, იგივე განდეგილური მოღვაწეობის, ანუ, ქართულად რომ ვთარგმნოთ, განმხოლოებულობის, ანაქორეტული სახეობისა.

ათანასე ალექსანდრიელი ანტონის ცხოვრებაში გვაუწყებს, რომ ანტონი იყო საღვთო სიბრძნის ადამიანი და საღვთო სიბრძნისგან განუყოფლად მადლისა და განათლებულობის მქონე, მიუხედავად იმისა, რომ მისივე უწყებით ანტონს არასოდეს უსწავლია თუნდაც კითხვა და წერა. მის ცხოვრებაში, სხვათაშორის, აღწერილია ეპიზოდი, როდესაც ამ მხარეზე, ამ ერთი შეხედვით ნაკლზე მას მიანიშნეს. კერძოდ ორმა ფილოსოფოსმა შეკითხვა დაუსვა, თუ რომელია პირველადი – წიგნი თუ გონება? და ამ შეკითხვაზე ანტონმა უპასუხა შემდეგი: [5]“როდესაც მეკითხებით, თუ რომელია პირველი – გონება თუ წიგნი და თუ რომელი რომლის მიზეზია – გონება წიგნისა, თუ წიგნი გონებისა, მე გიპასუხებთ, რომ ის ვისაც აქვს მყარი გონება არ საჭიროებს წიგნს”. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში არ იგულისხმება წიგნის უარყოფა, აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანს თუ აღმქმელი გონება არა აქვს, წიგნი რაც უნდა იკითხოს, ამგვარი ადამიანი ცოდნას ვერ შეიძენს. მაგრამ ვისაც აქვს გონების განხმულობა ჭეშმარიტ სწავლებათა დასატევნელად, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი წიგნისმიერ მადლსაც ითავისებს და უფრო მეტია.

სხვათაშორის ზოგადად ლიტერატურისადმი ანტონის დამოკიდებულებაზე ჩვენ გვაუწყებს აგრეთვე სოკრატე, საეკლესიო ისტორიკოსი, რომელიც ზემოთაც მივუთითეთ, რომელიც ამბობს და გადმოგვცემს ასეთ მცირე თხრობას: “ანტონთან მივიდა ფილოსოფოსი, მისი დროისა [6]და უთხრა: “მამაო, როგორღა ძლებ აქ, როდესაც წიგნებისგან მთლიანად განშორებული ხარ და გაკლია ყველა წიგნი?” ანტონმა უპასუხა: “ჩემი წიგნი, ფილოსოფოსო, ბუნებაა და ამრიგად მე შემიძლია წავიკითხო ღვთის ენა, თუკი ვინებებ”. ათანასე დასძენს: “ანტონმა იმგვარი დიდება მოიხვეჭა და მოიხვეჭა არა მხოლოდ თავისი ნაწერების გამო, არამედ თავისი სიბრძნის წყალობით, არათუ ხელოვანებით, არამედ ღვთისადმი მსახურებით, რომ განაკვირნა მან კაცნი”.

ანტონი დიდის მოღვაწეობა მრავალი საუკუნეა უდიდესი დაინტერესების საგანი გახლავთ, შეისწავლება გამოიწვლილება, მაგრამ უდიდესი იდუმალებითაა კვლავაც ეს პიროვნება მოსილი, თუმცა კი  უეჭველია ერთი რამ, რომ სწორედ ამ პიროვნებამ დააფუძნა ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სულიერი მიმდინარეობა – განდეგილობა.

[7]რაც შეეხება ლიტერატურულ-სამწერლობო მოღვაწეობას, ანტონის, როგორც წერა-კითხვის უმეცარს, ცხადია, ამ მხრივ უშუალო მოღვაწეობა არ გაუწევია, მაგრამ ის მაინც შედის პატრისტიკაში, რადგანაც მისგან მოღწეულია და ჩვენამდე დაცულია უდიდესი სწავლებისა და სიბრძნის შემცველი შვიდი ეპისტოლე, რომელსაც ანტონის ავტორობას განუკუთვნებს ყველა მკვლევარი და ეს სრულიად უეჭველია დღეისათვის, თუმცა უშუალოდ მისი კალმით ეს ეპისტოლეები არ დაწერილა, არამედ დაიწერა მისგან კარნახით. და რადგანაც ის კარნახობდა და ჩამწერი იწერდა, ეს ჩამწერი კი უდიდესი კრძალვით ანტონისადმი, ცხადია, ბუკვალურად ყოველივეს წერილობით ინიშნავდა და ეს ყოველივე სწორედ ანტონი დიდის ეპისტოლეა, აი ამ ნიშნით ანტონი პატრისტიკაში შედის. მას ჰქონდა მიწერ-მოწერა მონაზვნებთან, ისევე როგორც სხვათაშორის იმპერატორებთან და მაღალ ჩინოსნებთან. თვით ათანასე ალექსანდრიელიც გვაუწყებს მისი ეპისტოლის შესახებ იმპერატორებისადმი [8](მის თხრობაში 81-ე თავში ამის შესახებ არის უწყებული), რომ ანტონის დიდებამ მიაღწია იმპერატორებამდე, და როდესაც კონსტანტინე ავგუსტუსმა და მისმა შვილებმა კონსტანტიუს ავგუსტუსმა და კონსტანს ავგუსტუსმა ისმინეს ანტონის სასწაულთა შესახებ, მათ მოსწერეს მას, ისევე როგორც საკუთარ მამას და სთხოვეს, რომ საპასუხო წერილი გაეგზავნა მათთვის. მიუხედავად ასეთი აღმატებული პირებისგან წერილის მიღებისა, ანტონის ეს დიდად არაფრად ჩაუგდია, არც მეტისმეტად აღფრთოვანებულა, არამედ იგივე დარჩა რაც იყო, მანამ სანამ იმპერატორები მას მიწერდნენ. საერთოდ როდესაც ეს დოკუმენტები, ეს წერილები იმპერატორთაგან მოწერილნი, მიუტანეს მას, მან მოუწოდა ბერებს და უთხრა: “თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი იმპერატორი მწერს მე, რადგანაც ისიც კაცია. თქვენ უფრო ის უნდა გიკვირდეთ, რომ უფალმა დაწერა [9]კანონი კაცობრიობისათვის და გაგვეზრახა ჩვენ თავისი ძის მიერ”. საზოგადოდ მას არ უყვარდა წერილების მიღება, - განაგრძობს ათანასე, ამბობდა რა, რომ არ იცოდა რა ეპასუხა ამგვარ წერილებზე”. სხვათაშორის აქ რაღაც ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობის თვისების შემცველი, შესანიშნავად ჩანს. ანტონს არა აქვს, ასე ვთქვათ, მეცნიერული სახე ეპისტოლარული მოღვაწეობისა და ერიდება წერილთა მიღებას, რადგანაც თუ წერილს მიიღებ და არ უპასუხებ უმადურობად ჩანს, არაფრად ჩაგდება ჩანს და თუ უპასუხე და იმ ფორმით არაა დაწერილი, როგორც ეს ერუდირებულ პიროვნებას შეეფერება, შეიძლება ადრესატმა დაგძრახოს. ამიტომ ანტონი მხოლოდ ამ მიზეზით გაურბოდა წერილების მიღებას. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც იმპერატორთა წერილები მიიღო მან, მონაზონებმა დაარწმუნეს იგი, რომ ეს იმპერატორები ქრისტიანები იყვნენ და ისინი შეურაცხყოფილად [10]იგრძნობდნენ თავს, თუკი ანტონისგან უგულებელყოფილნი აღმოჩნდებოდნენ. შესაბამისად ანტონიმ წაიკითხა ეს მონაწერნი, საპასუხოც დაწერა, როგორც აღვნიშნეთ, კარნახით და მოუწოდა მათ (ე.ი. იმპერატორებს) ქრისტეს თაყვანისცემისაკენ, მისცა მათ მაცხოვნებელი რჩევა, რომ დიდად არაფრად ჩაეგდოთ ამა სოფლის ღირსებანი, არამედ უფრო გონებაში მყარად ჰქონოდათ სამომავლო განკითხვა და ცოდნა იმისა, რომ მხოლოდ ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტი და მარადიული მეუფე. და სხვათაშორის სთხოვდა ანტონი ამ ეპისტოლეებში იმპერატორებს იმასაც, რომ მათ ჰუმანურობა, ადამიანურობა, ლმობიერება გამოეჩინათ თავიანთი ქვეშევრდომებისადმი, სამართლიანი მსჯავრი მიეგოთ უპოვართათვის და სიმართლით ემართათ იმპერია. და როგორც ათანასე დასძენს იმპერატორებმა ფრიად განიხარეს როდესაც ანტონის ეპისტოლე მიიღეს.

გარდა აქ აღნიშნული მიწერ-მოწერისა [11]იმპერატორებისადმი, ათანასესთვის, ანტონის ბიოგრაფისთვის და უდიდესი მოღვაწისთვის, ცნობილი იყო აგრეთვე ერთი წერილი, რაც მიმართული იყო საიმპერიო მოხელის – ბალაკიუსისადმი, რომელიც არიანელებს თანაშეეწეოდა, მათი თანამოაზრე იყო და უმკაცრესად და უსასტიკესად დევნიდა მართლმადიდებლებს. სწორედ ამიტომ, - ამბობს ათანასე, იყო რა ესოდენ ბარბაროსოული, რომ სცემდა და ფეხით ქელავდა ქალწულებს და ამათრახებდა ბერებს, ანტონიმ გაუგზავნა მას წერილი შემდეგი შინაარსისა (და აქ მოტანილია უაღრესად მცირე ზომის უწყება თუ რა წერილი გაგზავნა ანტონიმ ბალაკისადმი): “მე ვხედავ ღვთის მსჯავრი გიახლოვდება შენ. მაშ შეაჩერე ქრისტიანთა დევნა, რადგანაც თუ არ შეაჩერებ, მსჯავრი მოიწევა შენზე, მაგრამ თუ შეაჩერებ შესაძლოა მსჯავრმა აღარ შეგიპყროს შენ. [12]ამჯერადაც კი, ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობა, რომ მის საშინელ ხვედრს გაერიდო”. ყურად იღო თუ არა ბალაკიუსმა ეს გაფრთხილება ჩვენ ამას დღეისათვის ვერ გავიგებთ, მაგრამ ანტონის ეს დამმოძღვრელობითი მოღვაწეობა ამ უაღრესად მცირე ეპისტოლიდანაც სავსებით აშკარაა.

საზოგადოდ ასეთი საკმაოდ რაოდენობრივი და მოცულობითი მიწერო-მოწერიდან ჩვენამდე თითქმის არაფერი მოღწეულა, თუ არ ჩავთვლით ათანასეს ნაშრომში დაცულ ციტატებს. სამაგიეროდ მოღწეული გახლავთ სხვა პირებისადმი მიმართული (იგულისხმება ეგვიპტის სხვადასხვა მონასტერი და ამ მონასტერთა ბერები) შვიდი ეპისტოლე, რაც ჩვენამდე მოღწეულია, თუმცა ბერძნულად არა და არც კოპტურად, რომელ ენაზეც ის თავის დროზე დაიწერა კარნახით. კოპტურად მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ფრაგმენტია დაცული. არსებითად ეს ეპისტოლეები მოღწეული გახლავთ ძველ ქართულ [13]თარგმანში. ეპისტოლეები რომ მართლაც დაუწერია ანტონი დიდს (შვიდი ეპისტოლე), ამაზე ჩვენ პირველად გვაუწყებს ნეტარი იერონიმე თავის ნაშრომში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” 88-ე თავში, რომელსაც (ე.ი. იერონიმეს) წაკითხული ჰქონდა, ცხადია, ეს ეპისტოლეები, თუმცა, რა თქმა უნდა, არა კოპტურ ენაზე, ე.ი. იმ ენაზე რომელ ენაზეც კარნახობდა ანტონი ჩამწერს, არამედ ბერძნულად. ანტონის ეპისტოლეები გვიანდელ ლათინურ თარგმანშიცაა ჩვენამდე მოღწეული, თუმცა როგორც მკვლევარები მიუთითებენ ესაა უაღრესად მდარე თარგმანი ბერძნულიდან შესრულებული ვალერიუს დე სარასიუს მიერ, რომელიც თავის დროზე გამოიცა პარიზში 1515 წელს, შემდეგ კი მინის ცნობილ “პატროლოგია გრეკაში” მისი გადაბეჭდვა მოხდა.

რაც შეეხება ამავე ეპისტოლეთა მეორე, სხვა ენაზე დაცულობას, ყურადღებას აქცევენ აგრეთვე არაბულ ხელნაწერს, რომელიც შეიცავს ანტონის ეპისტოლეებს [14]და რომლისგანაც შესრულდა კიდევ ერთი ლათინურენოვანი თარგმანი. ეს უკანასკნელი დაბეჭდილია 1641 წელს ასევე პარიზში და ისიც გადაბეჭდილია მინის მიერ “პატროლოგია გრეკაში”. ორივე ლათინური თარგმანი მოიცავს შვიდ ეპისტოლეს, თუმცა შვიდი ეპისტოლით არ ისაზღვრებიან, არამედ მთლიანობაში აქაა ოცი ეპისტოლე. თუმცა მკვლევართა უდიდესი ნაწილი ერთსულოვანია იმაში, რომ შვიდი ეპისტოლის გარდა სხვები დაწერილია არა ანტონისგან, არამედ ნაწილობრივ მისი მოწაფისა და მიმდევრის ამონასგან და ნაწილობრივ ჩვენთვის დღეისათვის უცნობი ავტორებისგან. თვით ეს შვიდი ეპისტოლე, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ასევე ქართულადაცაა დაცული, დაახლოებით VII-VIII საუკუნეების თარგმანში, უეჭველად ავთენტურია, უეჭველად ანტონისეულია. სხვათაშორის სირულადაცაა ისინი დაცული, ხოლო კოპტურად, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ფრაგმენტებია და ეს ფრაგმენტი უკავშირდება მეშვიდე ეპისტოლეს. [15]ფრაგმენტებია აგრეთვე მეხუთე ეპისტოლის დასაწყისისა და მეექვსის დამაბოლოებელი ნაწილისა.

ქართული თარგმანი ევროპული კვლევისთვის ხელმისაწვდომი გახადა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა გარიტმა, რომელმაც გამოაქვეყნა კიდეც ეს შვიდი ეპისტოლე.

ეს ეპისტოლეები შეიცავს აღუწყავი ღირსების დამოძღვრას არა მხოლოდ მონაზვნებისას, არამედ მთელი საქრისტიანოსი, უღრმეს საღვთისმეტყველო სწავლებებს, ფილოსოფიური ხასიათის დაკვირვებებს და ამ ეპისტოლეებით კიდევ ერთხელ დადასტურება ეძლევა თვით ანტონის ზემომოტანილ სიტყვებს, რომ ადამიანს თუ გონება მყარი აქვს, მას შეიძლება წიგნისმიერი განსწავლა არც სჭირდებოდეს. ანტონიმ ნამდვილად აჩვენა ყველა ის ნაყოფი, რაც ჩვეულებრივ წიგნისმიერი განსწავლით ენიჭება ადამიანს, განსაკუთრებით ფილოსოფიური აზროვნების გამოვლინება მის ეპისტოლეებში, საღვთისმეტყველო სიღრმე და დამოძღვრათა განსაკუთრებით [16]შთამბეჭდავი და ზემოქმედების მქონე ენით უწყება, ისე რომ, დღესაც ეპისტოლეები იმგვარსავე ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე, როგორც, ცხადია, თავის დროზე IV ს-ის პირველ ნახევარსა და შუა წლებში ეგვიპტის მონაზონებზე მას ექნებოდა.

 

 

286–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=_Q3TYB0yh-M

 

წმინდა ანტონი დიდი (გაგრძელება)

ჩვენ უკვე შევუდექით განდეგილური მოღვაწეობის დამფუძნებელთა შესახებ მათი ცხოვრების, მათი ნაშრომების თაობაზე განხილვას. დავიწყეთ, ცხადია, ანტონი დიდით, რომელიც საზოგადოდ აღიარებულია განდეგილობის მესაფუძვლედ (ჩვენ ადრეც გვქონდა მის შესახებ სპეციალური მსჯელობა). განვიხილავდით მასთან დაკავშირებულ შრომებს, რაც კი ანტონი დიდის ავტორობით ძველთაგანვე ცნობილი იყო. შევეხეთ ზოგ ეპისტოლეს, რომელთაგან განსაკუთრებით ყურადღება მივაქციეთ შვიდ ეპისტოლეს, რომლებიც ძველ ქართულ თარგმანშიც არის დაცული დაახლოებით VII-VIII საუკუნეთა თარგმანის სახით და კვლავ ამ კუთხით იმ რამდენიმე თხზულების შესახებ, რაც შეიძლებოდა, რომ ანტონი დიდის სახელს დაკავშირებოდა, მცირე განხილვას ვაწარმოებთ.

პირველ რიგში [1]ზემოხსენებულ ძეგლებთან ერთად უნდა ვახსენოთ ანტონი დიდის ავტორობით გავრცელებული წეს-განგება, რომელიც ორი რედაქციითაა ჩვენამდე მოღწეული, ორივე ლათინურ ენაზე. პირველი მათგანი აშკარაა, რომ არაბულიდანაა თარგმნილი ლათინურად და დაბეჭდილიცაა XVII ს-ში, ისევე როგორც მცირედით მოგვიანებით მეორე ლათინურენოვანი ვერსიაც გამოქვეყნდა. ეს ვერსიები ტექსტობრივადაც არ ტოვებენ ავთენტურის შთაბეჭდილებას და სხვა არგუმენტების და სხვა მონაცემების მიხედვითაც ანტონისეულად აი ამ წეს-განგებას ვერ ჩავთვლით, რადგანაც მის შესახებ არაფერს ამბობს ბიოგრაფი ანტონისა, ჩვენს მიერ ხსენებული წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს ყოვლადშეუძლებელია, რომ მისგან დუმილი მოჰყოლოდა. გარდა ამისა [2]ისედაც ცნობილია, რომ ანტონი საკუთრივ სამონასტრო ტიპის განდეგილობის ფუძემდებლად არ მიიჩნევა. მან მართალია აღზარდა ის დიდი მოღვაწეები, რომლებმაც საკუთრივ სამონასტრო ტიპის კენობიტური განდეგილობა დააფუძნეს, პირვემონასტრები აღაშენეს, მაგრამ საკუთრივ ანტონი ამგვარ მოღვაწეობას უშუალოდ არ შედგომია, მას მონასტერი არ დაუფუძნებია და არც სამონასტრო განგება მოუცია. ეს ძეგლი, როგორც ჩანს, ანალოგიური ტიპის წეს-განგებათა საფუძველზე გვიანდელ პერიოდშია შექმნილი.

ძნელია თქმა ანტონი წერილობით (ე.ი. კარნახით) ავრცელებდა თუ არა თავის ქადაგებებს, მაგრამ ის კი უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ საკუთრივ მქადაგებლურ მოღვაწეობას ზეპირი გზით დაუცხრომლად აღასრულებდა. ვალდებულებაც ჰქონდა ნატვირთი ამ მხრივ, თუნდაც იმის გამო, რომ მის ნიმუშს მიდევნებულნი განემხნევებინა მარტოდმყოფობაში, მეუდაბნოეობაში. [3]თუმცა ამგვარი ქადაგებანი ანტონისა არა მხოლოდ უკვე განდეგილობაში შემოსულთა განმტკიცებას იწვევდა, არამედ მრავალთ და მრავალთ ამავე ცხოვრებისკენ უწინამძღვრებდა და ამის შედეგიც იყო, რომ განდეგილობა თითქმის მყისიერად მთელ ქრისტიანულ მსოფლიოს მოეფინა. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ანტონის განდეგილური მოღვაწეობის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს და პირდაპირ აღნიშნავს, რომ მისი ხშირი დამოძღვრანი და შეგნებანი კიდევ უფრო მეტად აღანთებდნენ განდეგილობის სურვილს იმათში, რომლებიც უკვე განდეგილურ მოღვაწეობას შედგომილნი იყვნენ და ბევრ ახალ განდეგილსაც იზიდავდა ამგვარი ცხოვრებისკენ. ათანასე თვლის, რომ წმინდა ანტონის ქადაგებანი ღვთივკურთხეულნი იყვნენ, რომ მისი სიტყვები აღიბეჭდავდა საღვთო მადლმოსილებას, რაც ვრცელდებოდა განდეგილურ წრეებში, უკვე დაფუძნებული მონასტრების საძმოებშიც და ყველა მონასტერი, ყველა საძმო, [4]რა თქმა უნდა, უპირობოდ ანტონის მიიჩნევდა და ანტონის სახავდა თავის სულიერ მამად.

შესაძლოა, როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, ათანასე ალექსანდრიელის ამგვარმა სიტყვებმა, რაც მისგან დაწერილი ბიოგრაფიის მე-15 თავშია მოცემული, გამოიწვია ანტონის ავტორობით ამა თუ იმ სახის ქადაგებათა გავრცელება. ჩვენამდე მოღწეული გახლავთ საკმაო რაოდენობის ქადაგებანი, სწავლანი ანტონი დიდის ავტორობით, ქვეყნდება კიდეც ისინი. ცნობილი იყო მაგალითად ძველთაგანვე 20 ქადაგება თავისი მონაზონი ძმების მიმართ, აგრეთვე “ქადაგება ამა ქვეყნის ამაოებისა” და “მკვდართა აღდგომის შესახებ”, რაც ლათინურადაა მოღწეული და კიდევ მრავალრიცხოვანი შეგონებანი ანტონისი. მაგრამ ავთენტურობის თვალსაზრისით, ე.ი. უშუალო დაწერის თუ უშუალო კარნახის თვალსაზრისით ისინი ანტონის სახელს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდებიან, თუმცა ჩვენ ხელაღებით ყველა მათგანს, ცხადია, ვერ უარვყოფთ, [5]თუ ასეთ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ამ ქადაგებებში და ამ შეგონებეში გადმოცემული სწავლებანი ანტონისგან ზეპირად იყო ნაუწყები თავისი სულიერი ძმებისადმი, მათგან კიდევ მომდევნო თაობებისადმი გადაცემული და ბოლოს გვიანდელ პერიოდში ჩაწერეს კიდეც ეს ზეპირგადმოცემული სწავლებანი. აი ამგვარი თვალით თუ შევხედავთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, რომ აღნიშნულ ქადაგებებს რაღაცნაირი მნიშვნელობა მივანიჭოთ საკუთრივ ანტონის ასკეტური მოძღვრების შესასწავლად, მაგრამ კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ავთენტურობის თვალსაზრისით, რომ უშუალოდ ანტონისგან გამოვიდა თუ არა ეს ქადაგებები (კვლავ გავიმეორებთ კარნახის სახით, იმიტომ, რომ თვითონ წერა-კითხვის უმეცარი გახლდათ), აი ეს უპირობოდ უარყოფით პასუხს იმსახურებს, რომ ანტონს, რაც ჩვენადმე მოღწეულია, იმ ეპისტოლეთაგან მხოლოდ შვიდი ეპისტოლე განეკუთვნება, ქართულადაც რომ მოღწეულია ჩვენადმე.

ამ ეპისტოლეებში, სხვათა შორის, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უაღრესად ღრმა ღვთისმეტყველება [6]ვლინდება, განსაკუთრებით ქრისტოლოგიური კუთხით და არა მხოლოდ ქრისტოლოგიური, არამედ ანთროპოლოგიური კუთხით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა და საშუალება ზოგ პუბლიკაციაში დაგვემოწმებინა ანტონი დიდის უაღრესად მნიშვნელოვანი სწავლებანი, განსაკუთრებით ადამიანის პიროვნული, ხატობრივი მიმართების შესახებ ძე ღმერთთან – იესო ქრისტესთან, რასაც მავანნი, სამწუხაროდ, სწორედ მართლმადიდებლობის სახელით და აბსოლუტური უმეცრებით უარყოფდნენ და გმობდნენ და ერეტიკულად მიიჩნევდნენ, რომ ერთარსება სამების ბუნების ხატად დაბადებული ადამიანი, პიროვნულად ძეობის თვისებით, კონკრეტულად მაცხოვრის, ძე ღმერთის ხატად შეიქმნა ღვთისგან. ეს სწავლება, რომელიც ყველა ღვთისმეტყველთან დასტურდება, ჩვენ კრებსითად გამოვაქვეყნეთ ჩვენს წიგნში “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, უფრო ადრე კი წიგნში “ადამიანი – პირმშო ხატისა”. ამ უკანასკნელ პუბლიკაციაში, [7]სხვა ავტორებთან ერთად, დამოწმებული გვაქვს ანტონი დიდის სწავლებაც, რომელიც ორგზის მიუთითებს თავის ეპისტოლეებში ადამიანის ჰიპოსტასურად ხატობრივ კავშირს საკუთრივ ძე ღმერთთან, რომ მამის ხატის – ძის ხატია ადამიანი პიროვნულად ძეობითი თვისებით. ეს სწავლება, ანტონისგან მოწოდებული, ძველთაგანვე ცნობილი იყო საეკლესიო ტრადიციაში. მასზე საგანგებოდ უთითებს ერთ-ერთი გვიანდელი ბიზანტიელი კომენტატორი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებისა, რომელიც აღნიშნავს, რომ ანტონისგანაა ნასწავლები ის, რომ ადამიანი ძე ღმერთის ხატად შეიქმნა ღვთისგან. თუმცა ბერძნულ სამყაროში ხსენებული კომენტატორის მითითება ანტონიზე ვერ იძლეოდა იმის საშუალებას კონკრეტულად დადგენილიყო, თუ ანტონის რომელი ნაშრომი იგულისხმება აქ, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ბერძნულ ენაზე მისი ეპისტოლეები დაკარგული იყო X-XI საუკუნეებისთვისაც, [8]მაგრამ თუნდაც ქართული თარგმანის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად სწორედ ამ ეპისტოლეებზე მითითებად გავიგოთ გვიანდელი ბიზანტიელი კომენტატორის პირდაპირი უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ანტონი დიდის სწავლებაა ძე ღმერთის ხატისებრ ადამიანის შექმნა. აი ეს აზრი, ეს სწავლება, როგორც ვთქვით, ანტონის ეპისტოლეებში ორგზის არის საკმაოდ ვრცლად განხილული და შესწავლილი.

ამგვარი საკითხები მის ეპისტოლეებში, კვლავ აღვნიშნავთ, მრავლად არის. ჩვენ, ცხადია, მათზე დეტალურად ვერ შევჩერდებით. ეს მხარე წარმოვაჩინეთ და განვიხილეთ მხოლოდ იმის ნათელსაყოფად, თუ რაოდენი ღვთისმეტყველური სიღრმე მსჭვალავს ანტონი დიდის ეპისტოლეებს.



წმინდა ამონა

ანტონის შემდეგ უნდა შევეხოთ ასევე ერთ-ერთ დიდ სახელს მეუდაბნოეთა შორის, ავტორიტეტით ჭეშმარიტად უდიდესს – წმინდა ამონას, რომელიც ანტონის სიკვდილის შემდეგ, ე.ი. 356 [9]წლის შემდეგ, გახდა ფაქტობრივად სულიერი წინამძღვარი პისპირის მთის გარეშემო შემოკრებილ განდეგილ ძმათა მოღვაწეობისა. იგი ადრეული მოწაფე გახლავთ ანტონისა, რომელსაც პატერიკონის ტიპის ძეგლები, მამათა გამონათქვამების სათაურით ცნობილი ძეგლები, დიდ ხოტბას ასხამენ, დიდად და უაღრესად ღირსეულ მოღვაწედ წარმოაჩენენ, როგორც ამოუწურავი სიკეთის მქონეს.

ჩვენამდე ღვთის მადლით მოღწეული გახლავთ ამონას შვიდი ეპისტოლე, საკუთრივ ბერძნულ თარგმანში (ცხადია ამონაც, რომელიც კოპტი იყო ამ ეპისტოლეებს კოპტურად დაწერდა და შემდგომ უნდა თარგმნილიყო ბერძნულად). ასევე მოღწეული გახლავთ მისი 15 ეპისტოლე სირიულად. მკვლევართა შორის მიიჩნევა, რომ შესაძლოა ეს სირიული ტექსტი უფრო სარწმუნო იყოს, ვიდრე ბერძნული.

გარდა აღნიშნულისა არსებობს [10]მრავალი მსგავსი სახის ამონასადმი მიკუთვნებული ძეგლები, რომლებიც მკვლევართაგან შეუნელებელი ინტერესით შეისწავლება, თუმცა კვლავ აღვნიშნავთ, რომ ის რაც საყოველთაო ტრადიციაში იყო გავრცელებული, ეს არის მაინც ის შვიდი ეპისტოლე, რაც ბერძნულად არის დაცული.

თუ ჩვენ ამონას ეპისტოლეებს შევადარებთ წმინდა ანტონის ეპისტოლეებთან, მათ შორის შეიძლება გარკვეული სხვაობა ვნახოთ, უფრო სწორად ურთიერთშემავსებლობა, და ზოგი ასპექტით ამონას ეპისტოლენი შეიძლება უფრო ყურადღება მისაქცევი აღმოჩნდეს ჩვენთვის ვიდრე ანტონი დიდისა. ეს ზოგი ასპექტი ამ შემთხვევაში გულისხმობს კონკრეტულად ღვთისმეტყველებას ადამიანის იმქვეყნიური საიქიო მყოფობის შესახებ, რაც ანტონი დიდის ეპისტოლეებში ღვთისმეტყველურად დამუშავებული და წარმოდგენილი არ გახლავთ. შესაძლოა სხვა ზეპირ ქადაგებებში მას ქონოდა მსგავსი სწავლება, მაგრამ ამონასთან არსებითად სწორედ ეს საკითხია წინა პლანზე, [11]თუ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ რა ვითარებაშია, რა მდგომარეობაშია. მითუმეტეს ამ საკითხზე სწორედ ამონას სწავლება გახლავთ ყურადსაღები, რადგანაც ეს იყო პიროვნება, რომელსაც არავითარი სპეციალური განათლება არ ჰქონდა, შესაბამისად თავისუფალი იყო ყოველგვარი გავლენისაგან და რა სწავლებასაც გადმოსცემდა ეს იყო უშუალოდ მისგან განჭვრეტილი იმ მაცხოვნებელი მოძღვრების მადლით, რასაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ამიტომაა, რომ სკიტის უდაბნოს ასკეტური ღვთისმეტყველების უადრესი სახის შესასწავლად სწორედ ამონას ეპისტოლეები გამოიწვლილება და სიღრმისეულად შეისწავლება მკვლევართაგან.

მკვლევართა შეფასებით ამ ეპისტოლეებში გადმოცემულია უაღრესად თავისებური მისტიციზმი, კვლავ აღვნიშნავთ, ყოველგვარი სისტემისა და თეორიისგან სრულიად თავისუფალი. არავითარი ტერმინოლოგია ორიგენისტული, ან თუნდაც ევაგრე პონტოელისეული, [12]რომლებიც სწორედ მისტიკური ასპექტით იკვლევდნენ ჭეშმარიტებას, ამონას ეპისტოლეებში არ შეინიშნება. ამასთან განსაკუთრებული ხაზგასმა და აქცენტი ხსენებულ ეპისტოლეებში გაკეთებულია  იმაზე, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული გაივლის ხანგრძლივ და რთულ გზას ცისკენ. როდესაც იგი (ე.ი. სული) დაძლევს ყველა ცდუნებას, მაღლდება კიდეც ამ ქვენა სოფელზე და სინათლიდან სინათლეში შედის, ციდან მეორე ცაში აღწევს და ამგვარ წინსვლათა დროს უპირისპირდება მოწინააღმდეგეთა ანუ მტრების ყველა სახეობას, ჰაერის მცველთ, რომლებიც (ჰაერის მცველნი) ასკეტურ ლიტერატურაში უაღრესად ხშირად იჩენს თავს, ხოლო ეს დაპირისპირება და მათზე გამარჯვება, ამონას სწავლებით, [13]აღსრულდება საღვთო ძალმოსილებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობისას ამონა, ჩვეულებრივ, გარდაცვალების შემდგომ დროინდელ ვითარებას გულისხმობს ადამიანისას, ამავე დროს იგი მიანიშნებს იმაზეც, რომ სულიერი ზეაღსვლა სულისა შეიძლება ადამიანის განღმრთობითი მოღვაწეობის შედეგადაც. ზოგი მკლვეარი გარკვეულ პარალელსაც პოულობს ამონას მისტიციზმსა და ძველი აღთქმის აპოკრიფის, სახელწოდებით – “ესაიას ამაღლების”, მისტიციზმთან, რომელიც სხვათაშორის ამონას მიერ ციტირებულიცაა, ანუ აშკარად იცნობდა იგი ამ ძეგლს. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ ეს ეპისტოლეები, როგორც უმნიშვნელოვანესი საფუძველი ადამიანის საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო მოძღვრების ჩამოყალიბებისა, ახალ ქართულადაც უნდა ითარგმნოს და რაობა და ღირსება ამ დიდი მოღვაწისა, ამ დიდი მისტიკოსისა, ვფიქრობთ, თანამედროვე თაობებისთვისაც [14]სრულიად უეჭველი გახდება. სხვა შემთხვევაში ეს პიროვნება ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყებულია. ის უდიდესი ღვაწლი და ის უდიდესი ავტორიტეტი, რაც მას თავის დროზე ჰქონდა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეისათვის ნაკლებადაა შემორჩენილი.



პახომი დიდი

ეს უდიდესი მოღვაწენი – ანტონი და ამონა, რა თქმა უნდა, ასე განკერძოებულნი არ არიან, მათ სხვა მოღვაწეებიც, ცხადია, გვერდს უმშვენებენ, რომელთაგან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ დიდი პახომი, რომლის მოღვაწეობაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ასკეტიზმის ისტორიისთვის, კონკრეტულად განდეგილური ღვთისმეტყველების კუთხით, განდეგილური ღვთისმეტყველების სიღრმისეული ჩამოყალიბების კუთხით და როგორც ანტონიმ და ამონამ თავის დროზე უდიდესი გავლენა მოახდინეს მთელ თაობებზე, ასევე და ზოგი ასპექტით პახომი დიდმა კიდევ უფრო მეტად წარუშლელი კვალი დატოვა ასკეტიზმის, [15]განდეგილობის ისტორიაში. სხვა რომ არაფერი, განსხვავებთ ანტონისა და ამონასგან, პახომმა მეორე ტიპის განდეგილობას დაუდო სათავე, სწორედ ის გახლავთ კენობიტიზმის, მონასტიციზმის ანუ სამონასტრო ტიპის განდეგილობის ფაქტობრივი ფუძემდებელი. ამ მხრივ პახომის მოღვაწეობა ავსებს განდეგილური მოღვწეობის იმ პირველ სახეობას, რასაც, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ეწოდება ანაქორეტიზმი ანუ ერემიტიზმი, ქართულად რომ ვთქვათ, იგივე განშორებულობა ანუ მეუდაბნოეობა. ეს ყველაფერი პირველი ტიპის განდეგილობის სახელებია, ისევე როგორც დაყუდებითი მოღვაწეობა, კელინური მოღვაწეობა, მესენაკეობა, მარტოდმყოფობა, ყველა ეს ტერმინი გახლავთ პირველი ტიპის განდეგილობის აღმნიშვნელი. აი ამის შემავსებლად პახუმი დიდმა დააწესა მეორე ტიპის განდეგილობა, რასაც კენობიტიზმი ანუ მონასტიციზმი იგივე სამონასტრო ტიპის განდეგილობა ეწოდება. [16]ტერმინი “კენობიტიზმი” ჩვენ ადრეც განგვიმარტავს და აღვნიშნავდით, რომ იგი ეფუძნება ბერძნულ სიტყვას “კოინობიოს”, რაც ნიშნავს ერთად ცხოვრებას (“კოინოს” არის ზიარი, საერთო, “ბიოს” ცხოვრება) და რაც შემდეგში ეწოდა იმ ადგილსაც, სადაც ეს თანაცხოვრება, ერთობლივი ცხოვრება ხდებოდა განდეგილი ძმებისა. ქართულად უთარგმნელად გადმოდიოდა ეს ტერმინი ჩვეულებრივ, როგორც “კვინობი” და “კვინობი” ფაქტობრივად იგივე მონასტერია, იგივე მონასტრის პირველსახეა, მონასტრის არქეტიპი გახლავთ. თუმცა ამ მოვლენებზე და საკუთრივ პახომის შესახებ ჩვენ უფრო დაწვრილებით შემდგომ შეხვედრაზე ვისაუბრებთ.


287–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Srs2HLHBxK0

 

წმიდა პახომი დიდი (გაგრძელება)

ჩვენ კვლავ განდეგილობაზე, მეუდაბნოეობაზე, სამონასტრო ტიპის მოღვაწეობაზე ვაგრძელებთ საუბარს. წინა შეხვედრაზე შევეხეთ წმინდა ამონას, ერთ-ერთ უდიდეს განდეგილს, უფრო ადრე ანტონი დიდს და მათი ცხოვრებისა და შრომების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ შევუდექით პახომი დიდის შესახებ საუბარს. ნაწილობრივ აღვნიშნეთ, რომ პახომი დიდის მოღვაწეობით საფუძველი ეყრება და სათავე ედება ახალი ტიპის განდეგილობას – კენობიტიზმს. ეს ყველაფერი სწორედ მაშინ ხორციელდება პახუმისგან, როდესაც ეგვიპტის ჩრდილო ნაწილში თავისი გაფურჩქვნისა და განვრცობის მწვერვალს აღწევს ანაქორეტობა ანუ განშორებულობა, იგივე მესენაკეობითი, ცალკე დაყუდებითი განდეგილობა. სწორედ ამ დროს ეგვიპტის სამხრეთში კვლავ კოპტი ეროვნების მოღვაწე პახომი აფუძნებს [1]მონაქიზმის ანუ იგივე მეუდაბნოეობის, განმხოლოებულობის მეორე ფორმას – კენობიტიზმს, ანუ ფაქტობრივად იმავე სამონასტრო ცხოვრების წესს.

კენობიტიზმი ჩვენ უკვე განვმარტეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ ეს ტერმინი ეფუძნება ბერძნულ სიტყვას “კოინობიოს”, რაც ნიშნავს ზიარად, ერთად ცხოვრებას, რადგან “კოინოს” ბერძნულად ნიშნავს ზიარს, საერთოს, ხოლო “ბიოს” ცხოვრებას. შემდგომ ეს ტერმინი ეწოდა თვით იმ ადგილსაც და იმ სამოღვწეო სისტემასაც და სამოღვწეო შენობასაც, სადაც ერთობლივი ცხოვრება აღსრულდება. ძველ ქართულად იგი უთარგმნელად გადმოდიოდა, როგორც “კვინობი”, რაც იგივე მონასტერს ნიშნავს, მონასტრის პირველ სახეს.

თვით პახომი წარმართი მშობლებისგან დაიბადა, განსხვავებით ანტონი დიდისგან და დაახლოებით 20 წლისა იყო, როდესაც ქრისტიანობაზე მოიქცა. მისი მომაქცეველიც და მისი განდეგილური მოღვაწეობის ასპექტით ჩამომყალიბებელი გახლდათ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი [2]განდეგილი პალემონი, ფაქტობრივად მისი სულიერი მოძღვარი. პახომიმ უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი განახორციელა დაახლოებით 320 წელს როდესაც მან დააფუძნა პირველი დიდი კვინობი, ანუ საერთო სამოღვწეო ადგილი, იგივე მონასტერი. მან ეს დააფუძნა ტაბენისში, რაც არის იმავე თებაიდაში დენდერას ახლოს, ნილოსის მარჯვენა ნაპირზე. ამ პირველი კვინობის დაფუძნების შემდეგ, ამგვარ მოღვაწეობას კვლავ განაგრძობდა პახომი და მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, რაც სხვათაშორის საკმაოდ ხანმოკლე იყო (ყოველშემთხვევაში ანტონისებრ და პავლე თებელისებრ ხანგრძლივად მას არ უცხოვრია), 346 წლამდე, როდესაც ის აღესრულა, მან მოასწრო ასევე დაეფუძნებინა კიდევ რვა სხვა [3]მონასტერი ანუ კვინობი მამაკაცთათვის და ორი ქალთათვის. მთელი ამ უდიდესი სამონასტრო კომპლექსის სულიერ მამად პახუმი რჩებოდა თავისი ცხოვრების ბოლომდე, იგი ითვლებოდა საზოგადო აბბად, საზოგადო წინამძღვრად, ის იყო ყველა მონასტრის აბბა, ანუ წინამძღვარი.

აქვე აუცილებლად საჭიროა ხაზგასმა იმაზე, რომ პახომის ამგვარი საქმინობის მიზანდასახულობა იყო არა მხოლოდ თანაცხოვრებითი გარემოს შექმნა განდეგილი ძმებისთვის, არამედ უფრო მეტად ამგვარ ერთად მცხოვრებ და ერთად მოღვწე ძმათათვის ნამდვილი, საზოგადო, ზოგად ცხოვრებულობის, სულიერი ხარისხის დამკვიდრება, რომ მათ არა უბრალოდ ურთიერთგვერდით მოღვაწეებად ეგრძნოთ თავი, არამედ ერთსულოვნების ქვეშ, ერთი მწყემსის ქვეშ, [4]ერთ სამწყსოში მოღვაწეებად, ერთ კანონს დაქვემდებარებულ განმხოლოებულ განდეგილებად. სწორედ ეს იყო პახუმის ღირსება, რომ თანაზიარების სულით გამსჭვალა მან თანაცხოვრებული განდეგილი მამები, თორემ უბრალოდ ერთად შეკრებულობა მოღვაწეებისა პახომიმდეც არსებობდა გარკვეული დაჯგუფებების სახით და ამგვარი წესის აღმომჩენი ის არ არის, მაგრამ არადაჯგუფებულობა ერთად, არამედ თანაზიარების სულით გამთლიანებულნი შეადგენდნენ სწორედ იმ კვინობს, რასაც პახომი აფუძნებდა. ეს თანაზიარების სული ვლინდებოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ერთსულოვნებაში, ურთიერთცხოვრებითი ნიშნით, ურთიერთგაიგივებულობაში, უპოვარებაში, მორჩილებაში და თავმდაბლობაში. სწორედ ამ ნიშნით აფუძნებს ის კენობიტიზმს, [5]მონასტრული ცხოვრების ფორმას, რაც მთელ მსოფლიოში განივრცო თითქმის დაუყონებლივ და დღემდე, მოგეხსენებათ, ჰგიეს და მეორედ მოსვლამდე დამარხული და შენარჩუნებული იქნება.

აი ამ დიდი ღვაწლის აღმსრულებელი პახომი აღესრულა 346 წელს და მისი მოღვაწეობა არც ყოფითი თვალსაზრისით და არც სამწერლობო ისტორიის კუთხით უკვალოდ, ცხადია, არ დაკარგულა. მრავალრიცხოვანი ცხოვრებანი, ბიოგრაფიები, მის სახელთან დაკავშირებით შეიქმნა და თუნდაც ეს სიმრავლე ამგვარი ხასიათის ძეგლებისა შესანიშნავად სწამებს და ადასტურებს იმ დიდ ავტორიტეტსა და მისდამი განსაკუთრებულ თაყვანსიცემას, რაც არა მხოლოდ მონაზონთა, არამედ ყველა სახის ქრისტიანთა შორის დღემდე შესამჩნევია.

მოვლენა ერთია, რომ პახომიმ ახალი ტიპის განდეგილური მოღვაწეობა დააფუძნა, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი [6]გახლავთ მეორე მოვლენა, რაც უკვე საეკლესიო მწერლობას უკავშირდება და რითაც პახომი პატრისტიკაში შემოდის. მან შექმნა პირველი წეს-განგება სამონასტრო ანუ ზიარად ცხოვრების წესისა და ეს წეს-განგება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მის საფუძველზე და მისი სულიერებიდან შთაბეჭდილება მიღებით აურაცხელი წეს-განგებანი შეიქმნა მოგვიანებით ეკლესიის ისტორიაში, სამონასტრო ტიპის წეს-განგებანი, რომელთა, უკლებლივ ყველა მათგანის ერთობლივად, სათავეც სწორედ პახუმის წეს-განგებაა. ეს წეს-განგება პახუმისა ტექსტობრივად დიდი ხანია დგინდება მკვლევართაგან. კარგა ხანია გამოცემულია კრიტიკულად მისი წეს-განგების შემცველი უადრესი მასალა. რა თქმა უნდა, ეს წეს-განგებაც, ისევე როგორ  სხვა კოპტი მოღვაწეების შრომები, თავდაპირველად კოპტურად დაიწერებოდა საკუთრივ ორიგინალის, ანუ კოპტურ ენაზე. ეს ძეგლი ფაქტობრივად [7]ფრაგმენტულადაა შემონახული, თუმცა საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტებია, რომლებიც მთლიანობაში თავის დროზე დაბეჭდა ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულმა ცნობილმა კოპტოლოგმა ლეფორმა და რაც ბერძნული ტექსტი გამოცემისას სქოლიოებში  დანართის სახით ასევე წარმოდგენილია. ეს კოპტური წეს-განგება თითქმის დაუყონებლივ უნდა თარგმნილიყო ბერძნულად, თუმცა პირველი ბერძნული თარგმანი მთლიანად დაკარგულია და ის ბერძნული ექსცერპტები, რაც მკვლევართათვის ცნობილია, სხვ არაფერს წარმოადგენს (როგორც ეს დღეისათვის გარკვეულია) თუ არა იმ წეს-განგების შემოკლებული რედაქციის ნაშთს, ხოლო შემოკლებული რედაქცია პახოუმის წეს-განგებისა უფრო გვიან შეიქმნა სხვა გარემოსთან მისადაგების მიზნით და ეს სხვა გარემო ეგვიპტე არ არის. ე.ი. როდესაც ანალოგიური ტიპის მოღვაწეობა სხვა რეგიონებშიც დაფუძნდა და წეს-განგება მათთვისაც აუცილებელი გახდა, პახომის წეს-განგება ჩვენთვის [8]უცნობმა მოღვაწეებმა ახალი რეგიონის თანამცხოვრებ განდეგილებს მიუსადაგეს და ასე შეიქმნა ე.წ. მოკლე რედაქცია პახუმის წეს-განგებისა. პახომის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ არა მარტო კოპტები, არამედ ბერძნებიც, რამაც განაპირობა მისი წეს-განგების ბერძნულად თარგმნა, ისევე როგორც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლათინი მოწაფეებიც ყავდა მას, განსაკუთრებით კანობში, ალექსანდრიის ჩრდ. აღმოსავლეთით. საგულისხმო ფაქტია, რომ ლათინ მოწაფეთა რაოდენობა იმდენი იყო, რომ წმინდა იერონიმემ, რომელიც მკვიდრობდა ბეთლემში, ერთ-ერთი მღვდლის – სილვანოსის მითითებით ლათინურადაც თარგმნა აღნიშნული წეს-განგება. საფიქრებელია, რომ ეს წეს-განგება დაახლოებით 404 წელს ითარგმნა მისგან ბერძნულ ტექსტზე დაყრდნობით და სწორედ ამ თარგმანმა გახადა შესაძლებელი პახომისეული ნაშრომის ლათინურენოვანი ანუ დასავლური [9]საქრისტიანოსათვის გაცნობა. ორი განშტოება პახუმის წეს-განგებისა (ერთი ბერძნულენოვანი და მეორე ლათინურენოვანი) ორივე ენაზე შემდგომში აღმოცენებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ტიბიკონური ძეგლის საფუძვლად იქცა და მხოლოდ ეს ფაქტიც რომ აღვნიშნოთ პახომის მოღვაწეობის სიდიადის წამოსაჩენად ვფიქრობთ სავსებით საკმარისია. ისიც საყურადღებოა, რომ იერონიმეს თარგმანი მოღწეულია ჩვენამდე და ეს მხოლოდ ლათინურენოვანი თარგმანი დღეისათვის უკვე აღარ არის, მხოლოდ ამ მნიშვნელობით არ იფარგლება მისი ღირსება, გაცილებით უფრო ფასეული ეს ჩვენამდე მოღწეული თარგმანი იერნომესი იმითაა, რომ სწორედ მასშია მთლიანობაში დაცული პახუმისეული ტიბიკონის სახე, აღნაგობითაც და ტექსტობრივი სისრულითაც.

აქვე შეიძლებოდა აღგვენიშნა ისიც, რომ არსებობს უფრო ვრცელი რედაქციაც [10]პახომის წეს-განგებისა, ისევე როგორც უფრო მოკლეც. ეს ორი რედაქცია – ვრცელი და მოკლე, მკვლევართაგან დიდი ხანია შეისწავლება და ჩვეულებრივ, ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ სწორედ მოკლე რედაქცია იყო პახომის ნამდვილი ნაშრომი, ხოლო ვრცელი რედაქცია გვიანდელი შენამატებით თითქოსდა მოკლესგან უნდა მიღებულიყო მოგვიანებით. სწორედ ასევე გამოქვეყნდა ეს მოკლე რედაქცია თავის დროზე, როგორც პახომის ნამდვილი ნაშრომი 1923 წელს, მაგრამ კოპტური ფრაგმენტების აღოჩენამ სრულიად თვალსაჩინოდ დაადასტურა, რომ მოკლე რედაქცია სხვა არაფერია თუ არა თავდაპირველი უფრო ვრცელი რედაქციის გამონაკრები, ვითარებისდა შესაბამისად, ანუ სწორედ ვრცელი რედაქცია უნდა იყოს თავდაპირველი ტექსტი. ეს ვრცელი რედაქცია საკმაო რაოდენობის ხელნაწერებითაა, სხვათაშორის, ჩვენამდე მოღწეული (18 ხელნაწერითაა დაცული), რომელთაგან [11]ათი ერთი არქეტიპიდან მომდინარეობს და შესაბამისად ყველა ხელნაწერს ამ ათი ხელნაწერისას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგანაც ერთი დედანი აქვთ მათ. საკმაო არქაულობით გამოირჩევა ზოგიერთი ხელნაწერი, რომელმაც პახუმის წეს-განგება შემოგვინახა, არის ერთ-ერთი მაგალითად IX საუკუნისა, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგანაც მასში არის ბევრი ისეთი ტექსტობრივი წაკითხვა, რაც სხვა ხელნაწერებში ჩვენ აღარ გვხვდება და მიიჩნევა, რომ ამ ხელნაწერში დაცული ტექსტი, რაც მიუნიხის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია შემონახული, გაცილებით უკეთ უნდა იცავდეს პახომის წეს-განგების თავდაპირველ ტექსტს. რაც შეეხება მოკლე რედაქციას, 12 ხელნაწერითაა იგი ჩვენამდე შემონახული, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი XI საუკუნეს განეკუთვნება.

პახომის წეს-განგებამ, როგორც აღვნიშნეთ, უდიდესი გავლენა მოახდინა, უჩვეულოზე უჩვეულო გავლენაც კი. უჩვეულო იმ გაგებით, რომ [12]ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ამ ძეგლის გავლენამ გვიანდელ პერიოდში. წმინდა ბასილი დიდი იყენებდა ამ წესს, როდესაც იგი საკუთარ წეს-განგებას ადგენდა. შედარებით გვიანდელი პერიოდის (დაახლ. 420 წლის) ანონიმური წეს-განგება, რასაც ეწოდება “აღმოსავლური ტიპიკონი”, ანდა “ვიგილიუსის წესები”, ძალიან დიდ ნაწილს პახომის წეს-განგებისას, ციტატების სახით იშველიებს და ფაქტობრივად მას ეფუძნება, უფრო ზუსტად ლათინურ თარგმანს პახომის წეს-განგებისას.

ჩვენ მინიშნებები პახომის ნაშრომზე შეგვიძლია შევამჩნიოთ უფრო გვიანდელ რეგლამენტატორთა შრომებშიც, ხოლო რაც შეეხება VII საუკუნის ერთ-ერთ წეს-განგებას, რასაც ტარნატენსის განაწესები ეწოდება, აი ეს წეს-განგება უდიდესწილად სწორედ პახომის ტექსტის განმეორებაა და სხვა არაფერი.

ერთ-ერთი ადრინდელი ბიოგრაფი [13]და თვითნაც დიდი მეუდაბნო პალადი ჰელენოპოლელი თავის “ლავსაიკონში” ამბობს, რომ ეს იმდენად ადამიანურ ბუნებაზე აღმატებული ძეგლია (პახუმის წეს-განგება), რომ იგი თვით პახუმის კაცობრივი გონების ნაყოფი არ არის, რომ მას ანგელოზმა უკარნახა და მან ჩაიწერა ეს ყოველივე. ასე რომ, საღვთო წარმოშობა განეკუთვნება პახომისეულ წეს-განგებას თავისი გამორჩეული ღირსების გამო.

თუ თვითონ ამ ტექსტს ორიოდე სიტყვით შევეხებით, შეიძლებოდა აღგვენიშნა, რომ იგი განიყოფება ოთხ ნაწილად, რომელთაც ცალ-ცალკე სათაურები არა აქვთ, მაგრამ ასე შეიძლება დაიყოს ტექსტი: შეგონებებად, მცნებებად, განაწესებად და დებულებებად. ასე განყოფენ მკვლევარები, თუმცა ეს სათაურები ხშირ შემთხვევაში მომიჯნავეა და მკვეთრი განცალკევება ერთი ნაწილისა მეორისგან, რა თქმა უნდა, რთულია.

სხვათაშორის ლიტურგიკული ასპექტით უჩვეულო სიმარტივეს გვიმჟღავნებს [14]ჩვენ ეს წეს-განგება. იქ თავს იჩენს მხოლოდ ორი ლოცვა საზოგადო – ერთი ცისკარზე, მეორე მწუხრზე და სხვა რაიმე ნიშანი ამ საზოგადო მსახურებისა გამოკვეთილი არ არის. ცხადია ლიტურგიკული სრულყოფილება ამა თუ იმ სამოღვაწეო სახეობისა თანდათანობით იქმნებოდა საუკუნეთა მანძილზე. ეს ზოგადად ღვთისმსახურებასაც ეხება, ახალ-ახალი ლოცვანი, გალობანი, კურთხევითი ტექსტები თანდათანობით შეეძინება საეკლესიო ისტორიას, მაგრამ როდესაც პახუმი იწყებდა მოღვაწეობას, მაშინ ამ მხრივ ცხადია ბევრი რამ შემდგომში გამოჩინებული უაღრესად ძვირფასი ძეგლი ჯერ კიდევ არ არსებობდა, და სიმარტივე ლიტურგიკული კუთხით, ღვთისმსახურებითი სიმარტივე ამ ძეგლისა, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია.

გარდა ამ წეს-განგებისა ნეტარი იერონიმეს ლათინურ თარგმანში პახომისეულად არის წარმოჩენილი მრავალი ქადაგება მონაზვნებისადმი [15]და აგრეთვე 11 ეპისტოლე, რომლებიც მიმართულია მონასტრების წინამძღვრებისადმი  და ამ მონასტრების საძმოებისადმი. ამ ეპისტოლეთაგან ორი გაგზავნილია მონასტერთა წინამძღვრების -  კორნელისა და სირუსის მიმართ, მაგრამ ისინი ჩაწერილია გაუშიფრავი კოდით, ასე შეიძლება ითქვას, ბერძნული ანბანის მიხედვით, ასოებიც შესაბამისადაა ჩაწერილი, მაგრამ ტექსტი დღესდღეობით გამოუკვლეველია.

სხვა რამ ნაშრომი პახომისა ჩვენ არ ვიცით. საკუთრივ მის შესახებ, როგორც აღვნიშნეთ, ბიოგრაფიები მრავალია, კერძოდ სულ ცოტა ექვსი ბიოგრაფია მაინც შემოგვენახა მასთან დაკავშირებით. ეს ბიოგრაფიები შემონახულია კოპტურად ორივე დიალექტზე, საჰიდურ და ბოჰარეგულ დიალექტზე, არაბულად, სირიულად, ბერძნულად და ლათინურად. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ერთი და იგივე ღირსება არა აქვს, თუმცა გარკვეული ასპექტით ინტერეს მოკლებული არცერთი არ არის. [16]განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის ბიოგრაფიები, რომლებიც შედგენილია პახუმის გარდაცვალებიდან 15-20 წელიწადში, ისინი, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო უტყუარ ინფორმაციას ფლობენ. ასეთებად მიიჩნევა, კერძოდ მისი ვიტა I და ვიტა II (“ვიტა” ცხოვრება გახლავთ), რომლებიც მკვლევართა შეფასებით ყველაზე უფრო ზუსტ ინფორმაციას იმარხავენ და გვაწვდიან ჩვენ ამ სახელგანთქმული მოღვაწის შესახებ. თუმცა ისიც მიიჩნევა, რომ ჩვენამდე შემონახული ბიოგრაფიებიდან აბსოლუტურად შეურყვნელი სახით თავდაპირველი ტექსტის მხრივ არცერთი არ შემორჩენილა. ქართული მასალა პახუმისთან დაკავშირებით, ისევე როგორც ამონასთან დაკავშირებით, ნაკლებია, თუმცა გარკვეული მინიშნებანი და მითითებანი ამ მოღვაწეებზე სახეზეა ძველ ქართულ ტექსტებში, მაგრამ ეს საკითხი სრულიად დაუმუშავებელია და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად შესასწავლია ამ უდიდესი კოპტი მეუდაბნოეების, ვგულისხმობთ განსაკუთრებით ამონასა და პახომის, [17]კვალი ძველ ქართულ ასკეტურ ტრადიციაში.

 

288–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=b5dBZnK4Pp8

 

იხ. წმ. ანტონი დიდის ეპისტოლეები: წმიდა ანტონი დიდი - შვიდი ეპისტოლე

იხ. წმ. ამონას სწავლანი: მამათა სწავლანი - ღირსი მამა ამონა

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 07 May 2016 13:16)