Georgian (Georgia)English (United Kingdom)
291

მაკარი ალექსანდრიელი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მეუდაბნოეს წმინდა მაკარი ეგვიპტელს, უდიდეს ღვთისმეტყველს, რომლის შრომათა ყველაზე რჩეული ნაწილი ქართულადაც, უბრწყინვალესი თარგმანის სახით, წმ. ექვთიმე ათონელისგან შემონახულია და რომელიც ამონას მიერ, ცნობილი ბერმონაზონის, დაფუძნებული სკიტის, ერთ-ერთი ყველაზე უფრ სახელგანთქმული უდაბნოს საძმოს ნამდვილ მნათობად იქცა (მაკარი ეგვიპტელზე გვაქვს მსჯელობა).

 

ჩვენ შეძლებისდაგვარად მიმოვიხილეთ ამ განსაკუთრებული მოღვაწის ნაშრომები, მისი განდეგილური ცხოვრებაც განვიხილეთ მეტნაკლებად და მაშინ აღვნიშნავდით, რომ მაკარის სახელით მხოლოდ ეს დიდი მოღვაწე არ გახლავთ ცნობილი, იყო მეორეც, ასევე სახელოვანი [1]გარკვეულ წრეებში, არანაკლებ ავტორიტეტული, თუ უფრო მეტად არა, თუმცა საკუთრივ სამწერლობო ასპექტით ნაკლებ გამოჩინებული – მაკარი ალექსანდრიელი, თანამედროვე მაკარი ეგვიპტელისა, დაბადებული ზემო ეგვიპტეში და განსაკუთრებული ბერ-მონაზვნური ღვაწლისა და წარმატების შედეგად ღვთივ დაჯილდოებული სასწაულთმოქმედებათა და წინასწარმეტყველებათა მადლით. კურნებანიც ბევრი უკავშირდება მის სახელს, ეშმაკთ განსხმანი, რაც საზოგადოდ ბერ-მონაზონთა დიდი მადლმოსილება იყო ღვთისგან, თუმცა საეკლესიო მწერლობის მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, მისი ნაკლები სახელგანთქმულობის გამო, შთამომავლობაში ამ მოღვაწესთან დაკავშირებით თითქმის არაფერი გვხვდება ღირსშესანიშნავი. ნამდვილად ვიცით, რომ ისიც კელინური მოღვაწე იყო, [2]კერძოდ კელიათა უდაბნოში მარტოდმყოფობით მოღვაწე, სადაც იგი დაახლოებით 335 წელს დაფუძნდა, სადაც 335 წლიდან დაიწყო მან დაყუდებითი ანუ ჰესიჰასტური მოღვაწეობა და აღესრულა 394 წელს, დაახლოებით 100 წლისა.

სწორედ ამ კელიათა უდაბნოში (ბერძნულშიც ასე ეწოდება მას - “ტა კელია”) ჰპოვა იგი პირველგანდეგილთა ყველაზე სახელგანთქმულმა მეისტორიემ პალადი ჰელენოპოლელმა, რომელზეც ჩვენ შემდეგ გვექნება საუბარი, ცნობილი “ლავსაიკონის” ავტორმა და რომელსაც მისივე თქმით მაკარი ალესანდრიელი უნახავს აღსასრულამდე სამი წლით ადრე. XVIII თავში თავისი “ლავსაიკონისა” პალადი ჰელენოპოლელი, ჩვენთვის ეს უადრესი წყარო მაკარი ალექსანდრიელის შესახებ, ნამდვილი თაყვანისცემითი [3]განწყობილებით აღგვიწერს მის განსაკუთრებით ახოვან ღვაწლს და გვაუწყებს იმის შესახებაც, რომ იგი ყოფილა მღვდელი (ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა). შეგვიძლია ისიც დავუმატოთ, რომ მაკარი ალექსანდრიელი როგორც ჩანს გარკვეულ ჟამს სამონასტრო ცხოვრების წინამძღვარიც ყოფილა ნიტრიის უდაბნოში. მიუხედავად იმისა, რომ პალადი ამ მოღვაწის არც ერთ ნაშრომზე უშუალოდ თვითონ არ მიუთითებს და ზოგი მკვლევარი აქედან გამომდინარე დასკვნასაც აკეთებს, რომ შესაძლოა მაკარი ალექსანდრიელი საერთოდ არაფერს არ წერდა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ხელნაწერებში მოვიძიოთ მისი სამი გამონათქვამი, ასე შეიძლება ითქვას, სამი შეგონება, რომლებიც არაა გამორიცხული მართლაც ზეპირად იყოს შემონახული თავის მოწაფეებთან და გვიან იქნა წერილობით გაფორმებული, როდესაც ცნობილი “პატერიკონები”, [4]იგივე “აპოვთეგმები” ანუ მამათა შესახებ მოკლე უწყებანი კრებულის სახით ერთიანდებოდა და დგინდებოდა.

მხოლოდ ესაა ის ნიშანი რითაც მაკარი ალექსანდრიელი საეკლესიო მწერლობას უკავშირდება და ჩვენც ამ მოღვაწეზე ამით დავასრულებთ საუბარს. შეიძლებოდა საერთოდ არ შევხებოდით, მაგრამ როგორც გამორჩეულ მეუდაბნოეს, ერთ-ერთს უდიდესს იმ მამათა თანასწორს, რომელთაც დააფუძნეს ასკეტიზმი, რადგანაც რაღაც კვალი და გამოკრთომა პატრისტიკაშიც აქვს, ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი თავი რომ ამის შესახებ გარკვეული აღნიშვნა გაგვეკეთებინა.


ჰორსისიუსი

უფრო ცნობილია და უფრო მეტი შეიძლება ითქვას ასევე უაღრესად ავტორიტეტული მოღვაწის – ჰორსისიუსის, რომელიც მეორე ფორმითაც არის ცნობილი მკვლევართათვის – ჰორსიესი, თუმცა უფრო სწორია ჰორსისიუსი, რომელიც დაახლოებით [5]IV ს-ის შუა წლებსა და II ნახევარში მოღვაწეობდა. იგი წმინდა პახუმი დიდის ღვაწლის ერთ-ერთი დიდი გამგრძელებელი გახლავთ. ჩვენ პახუმიზე გვქონდა საგანგებო საუბარი. პახუმის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მან პირველმა დააფუძნა სამონასტრო ტიპის სამოღვაწეო ადგილი კვინობი, დაახლოებით 320 წელს. დიდი ღვაწლი გასწია ამ მხრივ, წეს-განგება ჩამოაყალიბა და როდესაც მის მიერ დაფუძნებულ სამონასტრო ცხოვრებას მისი აღსასრულის შემდეგ მეწინამძღვრე სჭირდებოდა, საკუთრივ პახუმიმ ასეთად განაჩინა პეტრონიუსი, ნაკლებად ცნობილი ჩვენთვის, რომელმაც მხოლოდ ორი თვე უწინამძღვრა პახუმისგან დასაძირკვლებულ ბერ-მონაზვნურ სამონასტრო ცხოვრებას, შემდგომ აღესრულა და სწორედ პეტრონიუსის მომდევნო, [6]ფაქტობრივად იმავე პახუმი დიდის უშუალო მომდევნო (ორი თვე, რა თქმა უნდა, აქ რაიმეს არ წყვეტს) გახლავთ ჰორსისიუსი. მან მიიღო წინამძღვრობა, იტვირთა ეს დიდი ვალდებულება, თუმცა მიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა, მაინც ვერ შეძლო სამონასტრო ცხოვრებაში სრული ჰარმონიისა და მშვიდობის დამყარება. ნიშანდობლივია ეს მხარე, რომ ამ უადრს პერიოდშიც კი პირველდაფუძნებათა ჟამს უკეთური ძალის მოქმედებითა და პიროვნული სისუსტით უთანხმოებანი და აშლილობანი, იმ უადრეს საძმოშიც სახეზეა. იმ ზომამდე გამძლავრდა უთანხმოება და იმგვარი სირთულეები წარმოიქმნა მის წინაშე, რომ ჰორსისიუსმა გადაწყვიტა მძლავრი და ძლიერი მხარდამჭერი ეპოვა, რომ მასთან ერთად ეწინამძღვრა სულიერი ცხვრებისთვის. 350 წელს, როდესაც ეს სირთულეები, დაპირისპირებანი განსაკუთრებით გაღრმავდა, მან თანაწინამძღვრად, [7]თანაშემწედ განაწესა შემდგომში სახელგანთქმული ასკეტი მოღვაწე თეოდორე, რომლის უაღრესად კეთილნაყოფიერი ღვაწლის შედეგად მართლაც დაისადგურა მშვიდობამ და თანხმობამ.

რაც შეეხება საკუთრივ ჰორსისიუსის კავშირს საეკლესიო მწერლობასთან, ამ მხრივ ყურადღება მისაქცევი გახლავთ პახუმი დიდის, ჩვენს მიერ ხსენებული წეს-განგების იერონიმესეული ლათინური ვერსია, რაც შეიცავს დანართის სახით ჰორსისიუსის ნაშრომს სახელწოდებით “მონაზონთა მოღვაწეობის შესახებ მოძღვრება”. მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით ეს ნაშრომი წამებს და ადასტურებს ავტორის – ჰორსისიუსის ღრმა რელიგიურ და სამონაზვნო წვდომას, სამონაზვნო თვალით აღქმას ამქვეყნიური, [8]ზოგადად ყოფიერებითი რაობისა და განმზადებისკენ იმქვეყნიური კეთილი ხვედრის მოპოვებისკენ, დაუცხრომელი ღვწისთვის, ადამიანთა, მის უშუალო ხელქეითთა, მის საწინამძღვრო მოღვაწეთა წარმართვას.

ეს ნაშრომი შედგება 52 თავისგან და შეგონებითი ხასიათისაა, შეაგონებს ბერებს, მონაზონებს მათ მოვალეობებს და ეს შეგონებანი იმდენად სრულყოფილია, იმდენად ამომწურავია, რომ ძველთაგანვე დამკვიდრებული შეფასებით უფრო მეტად გვაძლევს ჩვენ დღეისათვის საშუალებას შევაღწიოთ იმ პირველ დაფუძნებულ საძმოთა სულიერ წიაღში, მათი ცხოვრების წესი გავიცოცხლოთ ჩვენს თვალთა წინაშე, რაც, შესაბამისად უფრო მეტყველია, ვიდრე საკუთრივ პახუმისეული წეს-განგება. ამიტომ ესეც თავისთავად უაღრესად დიდი ძეგლია, დიდი [9]ნაშრომი გახლავთ თავისი სულიერი ღირსებითაც და ისტორიული მნიშვნელობითაც, თუნდაც დღევანდელობის თვალსაწიერიდან IV ს-ის განდეგილობის პირველდაფუძნების ჩვენს თვალწინ გაცოხლების მიზანდასახულობით. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ნაშრომის ბოლო ნაწილში მითითებულია, რომ ჰორსისიუსმა ეს ასკეტური ძეგლი დაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ე.ი. გარდაცვალების წინ. და როგორც ჩანს ამის გამოა, რომ რუფინუსის ერთ-ერთი გვიანდელი გამგრძელებელი, თავის დროზე ჩვენგან ხსენებული, გენადიუსი ამ ძეგლს განიხილავს როგორც ჰორსისიუსის აღთქმას ანუ ანდერძს.

XX ს-ის შუა წლებში ცნობილი გახდა და გამოცემაც შესრულდა თეოფილე ალექსანდრიელის (ალექსანდრიის ცნობილი ეპისკოპოსის, კირილე ალექსანდრიელის ბიძის (რომელსაც ჩვენ შევეხებით), უაღრესად თავისებური პიროვნების და მრავალი ნიშნით ყურადღება მისაქცევი [10]მოღვაწის) ეპისტოლე ჰორსისიუსისადმი, რაც არის ძალიან საყურადღებო დეტალების შემცველი ძეგლი და განსაკუთრებით იმ ცნობების მხრივ იქცევს ეს ძეგლი ყურადღებას, რაც ეხება ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებას ალექსანდრიაში. აგრეთვე მრავლისმეტყველია ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰორსისიუსი მონაწილეობას იღებდა აღდგომის დღესასწაულში საკუთრივ ეგვიპტის მეტროპოლიაში ანუ ალექსანდრიაში. მართალია ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს ეპისტოლე შესაძლოა არ იყოს ნამდვილი (იმ გაგებით, რომ თეოფილეს შესაძლოა არ გაუგზავნია ეს ეპისტოლე), მაგრამ არავინ არ უარყოფს იმას, რომ მასში დაცული ფაქტოლოგიური მონაცემები ჭეშმარიტია. თუმცა გენადი არ ახსენებს ამ ეპისტოლეს, ისევ როგორც ამ პიროვნებამ არ იცის ჰორსისიუსის ავტორობით ცნობილი სხვა შრომაც, [11]თავისთავად ძალიან საყურადღებო, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს “წიგნი წმინდანთა ექვსი გულისზრახვის შესახებ” (ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს), რაც მხოლოდ ლათინურადაა შემონახული და სამართლიანად ითვლება აპოკრიფულ ძეგლად.

აი ესაა ის ყველაფერი, რაც ჰორსისიუსის შესახებ შეიძლება ვთქვათ. მსმენელს არ უნდა გაუკვირდეს ასეთი მოკლე განხილვები, იმიტომ, რომ მეუდაბნოე მამებისგან, განსაკუთრებით უადრეს პერიოდში, ძალიან მცირე რამ იწერებოდა და მათგან კიდევ მცირე ნაწილია შემონახული ჩვენამდე, რადგან მათ (მეუდაბნოეებს) თავი მიძღვნილი ჰქონდათ მთლიანად განმარტოებითი მოღვაწეობისკენ და შესაბამისად არ ისახავდნენ მიზნად რაღაც განსაკუთრებით ნაყოფიერი სამწერლობო მოღვაწეობის აღსრულებას. ყველაფერი, რაც დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი მცდელობა ესაა, რომ შეჯამებული სახით ამ მოღვაწეთა შესახებ წარმოჩნდეს, ჩვენ მათ ჩვენი პროფილის შესაბამისად დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავთ [12](საეკლესიო მწერლობისგან დამოუკიდებლად) და ამიტომ მცრიედი რამ მასალაც თუა ამ უდიდეს მოღვაწეთა კავშირის დამადასტურებელი საკუთრივ სამწერლობო მოღვაწეობასთან, ჩვენ ამ ნიშნით მაინც ვცდილობთ, რომ ისინი უყურადღებოდ არ დაგვრჩეს და მსმენელმაც ფაქტობრივად დავიწყებულ ამ უდიდეს სახელთა შესახებ, თუნდაც ეს ზოგადი ინფორმაცია მაინც მიიღოს.



თეოდორე

იგივე ითქმის თეოდორესთან დაკავშირებითაც, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ და რომლის ღვაწლიც თუნდაც იმ ფაქტში ნათლად გამჟღავნდა, რომ ჰორსისიუსმა რაც ვერ შეძლო მან შეძლო თავისი განსაკუთრებული სულიერი ღირსებებით (საძმოში მშვიდობის დამყარებას ვგულისხმობთ) და თანამოღვაწეობა ჰორსისიუსის გვერდით ამ უკანასკნელისთვის და მთელი საძმოსთვის უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამიტომ იყო, რომ ამ პიროვნებას განსაკუთრებით დიდი პატივისცემა ჰქონდა მონაზონთა მხრიდან თავისი [13]დროისა და თვით ისიც (თეოდორე), პახუმის ღვაწლის ენერგიული გამგრძელებელი, აფუძნებდა აგრეთვე მონასტრებს, თუმცა საკმაოდ ადრე აღესრულა როგრც ჩანს, იმიტომ, რომ 368 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ის რა ასაკისა იყო როდესაც 350 წელს ჰორსისიუსმა თავის თანაშემწედ განაწესა. თუ მაშინ ის ხანდაზმული არ იყო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ საკმაოდ ნაადრევად დაასრულა ამქვეყნიური მოღვაწეობა. რაც შეეხება კონკრეტულად წინამძღვრულ ღვაწლს, ეს ღვაწლი მოიცავდა, როგორც ცხადია, 18 წელს 350 წლიდან 368 წლის ჩათვლით. სხვათაშორის ცნობილია წმინდა ათანასე ალექსანდრიელის, ჩვენს მიერ თავის დროზე შედარებით დაწვრილებით განხილული, უდიდესი მოღვაწის წერილობითი მიმართვა ჰორსისიუსისადმი სწორედ თეოდორეს აღსრულების [14]შემდეგ, რომ მას (ე.ი. ჰორსცისიუსს) მთლიანი წინამძღვრობა ეტვირთა თავის თავზე. ამავე ეპისტოლეში თვით თეოდორეც ძალიან აღმატებული ეპითეტებითაა შეფასებული და დაფასებული. ჩვენ შეიძლებოდა უფრო დეტალურადაც გვეთქვა ამ ეპისტოლის შესახებ, სადაც ათანასე მიმართავს რა ჰორსიუსიუსს, ჯერ თავის მწუხარებას გამოხატავს თეოდორეს აღსრულების შესახებ, აღნიშნავს რა რომ ახლახანს გაიგო მან გარდაცვალება კურთხეული თეოდორესი, რამაც იგი დიდად ააღელვა: “ამ მოვლენამ დიდი მღელვარება გამოიწვია ჩემში, ვიცოდი რა, - მიმართავს ჰორსისიუსს, რაოდენ ბევრს ნიშნავდა იგი საზოგადოდ და კონკრეტულად შენთვის”. ძალიან საყურადღებოა ათანასე ალექსანდრიელისგან იმაზე ხაზგასმაც, რომ მისი თქმით ეს რომ არ ყოფილიყო თოდორე, მაშინ მე მრავალი სიტყვით [15]წარმოვაჩენდი შენს წინაშე სიკვდილის საშინელებას, ანუ იმ ხვედრს რაც სიკვდილის შემდეგ ადამიანს ელოდება, მაგრამ რადგანაც საქმე ეხება თეოდორეს, რომელსაც მე და შენ ვიცნობდით, რაღა უნდა ვთქვა ჩემს წერილში მის შესახებ, გარდა იმისა, რომ კურთხეულია თეოდორე, ნეტარია თეოდორე “რომელი არა შევიდა ზრახვასა უღმრთოთასა” (ფსალმუნთა ამ სიტყვებს იშველიებს ათანასე). და თუ იგი არის ნეტარი, რომელსაც ეშინია უფლისა, ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებით ვუწოდოთ მას კურთხეული, მტკიცედ ვიქნებით რა დარწუნებულნი იმაში, რომ მან ზეცას მიაღწია და უზრუნველ ცხოვრებაში ჰგიეს. ამიტომაც (ბოლოს ასეთი შეგონება აქვს მთელი საძმოსადმი ათანასეს. ჩვენ შეგვიძლია ეს სიტყვები პირდაპირ მოვიტანოთ) ძმანო, საყვარელნო და ძლიერ სასურველნო, ნუ დაიტირებთ თეოდორეს, რადგან ის [16]არ არის მკვდარი, არამედ სძინავს. ნურავინ დაიტირებს მას, გაიხსენებს რა, არამედ ჰბაძოს მის ცხოვრებას, რადგან არათუ ვინმეს წასვლაზე უნდა ვმწუხარებდეთ, თუ ეს ადამიანი იქ წავიდა სადაც არ არის მწუხარება, არამე იმაზე უნდა ვწუხდეთ, რომ სხვა ხვედრი არ გვეწიოს. ამას გწერთ (ამბობს ბოლოს ათანასე) თქვენ ყველას ერთობლივად, მაგრამ განსაკუთრებით კი შენ ჰორსისიუს, საყვარელო და გამორჩეულად სასურველო ჩემთვის, რათა ამჟამად, როდესაც ჩვენი ძმა თეოდორე მძინარებაშია, შენ გმართებს მთელი ვალდებულებისა და ღვაწლის საკუთარ თავზე აღება და მისი ადგილის დაკავება ძმათა შორის. რადგანაც სანამ ის ცოცხალი იყო (თეოდორე) თქვენ ორნი იყავით ერთი (შეიძლება აქ გარკვეული ალუზია იყოს, [17]მინიშნება იყოს ცნობილ სწავლებასთან ანტიკურ, არისტოტელესგან მომდინარე და გარკვეული ნიშნით პლატონისგანაც, სწავლებას, რომ მეგობრობა ესაა ერთი სული ორ სხეულში, თითქმის იგივე სწავლებაა ამჯერადაც, რომ როდესაც თეოდორე თანამოღვაწეობდა ჰორსისიუსთან ამ ხორციელ სიცოცხლეში, ეს ორი ერთი იყო). ასე რომ, იმოქმედე და იმოქმედებ რა მომწერე კიდეც და მითხარ შენი ჯანმრთელობისა და მთელი საძმოს კეთილდღეობის შესახებ”.

რადგანაც ჩვენთვის დღეისათვის უცნობია, თუ თეოდორეს სიკვდილის შემდეგ რამდენხანს წინამძღვრობდა ჰორსისიუსი საძმოს, შესაბამისად არც იმის თქმა შეგვიძლია შემდგომაც აგრძელებდა თუ არა იგი ამ დიდი მღვდელმთავრის მიერ მასზე დაკისრებულ, ამ წერილის სახით თუნდაც, მოვალეობას. [18]მაგრამ ერთი რამ უეჭველია, ჰორსისიუსმა, რა ხანგრლივობითაც იგი წინამძღვრობდა საძმოს თუნდაც თეოდორესთან ერთად და განსაკუთრებით თეოდორეს შემდეგ, ღირსეულად იტვირთა ვალდებულება, თავისი დიდი სულიერი მეგობრის თეოდორეს ღვაწლი არ დააკნინა, პირიქით წარმარტებულ-ჰყო, იმიტომ, რომ მათი საძმო შემდგომში უაღრესად გამოჩინებულია და ამით ფაქტობრივად ათანასეს მღვდელმთავრული კურთხევა და ბრძანება ყოვლად მორჩილად აღასრულა.

რაც შეეხება თეოდორეს შრომებს. გენადი, ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული ლათინი მოღვაწე, რომელიც ნეტარი იერონიმეს მსგავსად თავის ნაშრომში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, რაც სათაურითაც იგივეობრივია ნეტარი იერონიმეს ჩვენს მიერ ხშირად დასახელებული ნაშრომისა, აი ამ თავის თხზულებაში VIII-IX თავებში ახსენებს თეოდორეს სამ წერილს, რომელთა ძირითადი მიზანდასახულობაც, [19]როგორც ჩანს, იყო საძმოში წარმოქმნილი უთანხმოების აღმოფხვრა და პახუმისეულ მონასტრებში მშვიდობის დამკვიდრება. ამ სამთაგან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთი, იერონიმეს თარგმანით, რაც დართული აქვს აგრეთვე პახუმის წეს-განგების მისეულ (ე.ი. იერონიმესეულ) ლათინურ თარგმანს. მას წინ უძღვის ზოგადი, ასე ვთქვათ, მრგვლივმოსავლელი, ანუ ენციკლური ეპისტოლე სახელწოდებით “აღდგომის შესახებ ყველა მონასტრისადმი”, სადაც არის დამოძღვრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს ღირსეულად დღესასწაულებული მოახლოებული აღდგომა, ერთსულოვნად და მშვიდობით, თუ როგორ უნდა განმტკიცდნენ ყველანი მარხვაში და როგორი სიხარული იქნება ერთობლივად მოხვეჭა იმ უდიდესი მადლისა, რასაც აღდგომის გამორჩეული და ყოვლადბრწყინვალე დღესასწაული ყველა მორწმუნეს მიჰმადლებს.

სხვა რამ შრომა თეოდორესი ჩვენ არ ვიცით, [20]თუ არ ჩავთვლით მოკლე შენიშვნას ამ მოღვაწისას, რაც შემონახული გახლავთ ეგვიპტელი ეპისკოპოსის ამონის მიწერ-მოწერაში თეოფილე ალექსანდრიელისადმი და რაც მიმართულია ნიტრიის მთებში მოღვაწე ბერებისადმი მათი გამხნევების მიზნით და იმის მკაფიოდ წარმოჩენით, რომ ისიც (თეოდორეც) ღვაწლში მათ გვერდითაა, კონკრეტულად არიანელთა წინააღმდეგ, რაც მაშინ ყველაზე დიდი უბედურება იყო ეკლესიის წინაშე.

 

291–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=mtDzDkb1Stk

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 მაისი 2016 13:48)