Georgian (Georgia)English (United Kingdom)
292–294

ევაგრე პონტოელი – ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ კვლავ ეგვიპტელ მეუდაბნოეებზე გვექნება განხილვა.  ამჯერად შევეხებით მსნელებისთვის სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა ფაქტიდან გამომდინარე ალბათ უფრო ცნობილ პიროვნებას ევაგრე პონტოელს. სხვა რომ არაფერი ქართველ მკვლევართა აზრით ეს პიროვნება შესაძლოა კაბადოკიელი მამების მსგავსად საქართველოსთან დაკავშირებული ყოფილიყო გენტიკურად, თუმცა როგორც მაშინ აღვნიშნავდით, ამჯერადაც ხაზგასმით ვიტყვით, რომ საკუთრივ სამწერლობო თვალსაზრისით, სამოღვაწეო კუთხით, კულტურის ისტორიისთვის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად პატრისტიკის ისტორიისთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის, ევაგრე პონტოელი, ისევე როგორც კაბადოკიელი მამები, გახლავთ საკუთრივ და მხოლოდ ბიზანტიელი მოღვაწე და ბიზანტიელი ავტორი.

ევაგრე გახლდათ ჩვენს მიერ ადრე ხსენებული ორი მაკარის, ორივე დიდი მოღვაწის – მაკარი ეგვიპტელისა და მაკარი ალექსანდრიელის [1]მოწაფე, როგორც ამაზე მკაფიოდ მიუთითებს სოკრატე სქოლასტიკოსი თავის საეკლესიო ისტორიაში. მას ზედმეტსახელად ეწოდა, ასე ვთქვათ, პონტოელი, რადგანაც იყო პონტოდან, კერძოდ იბორადან. ეს იბორა ზოგჯერ იბერიადაც გაიგება ზოგი მკვლევრისგან და ამ ნიშნით უკავშირებენ მას საქართველოს, თუმცა ზოგადად მიღებულია, რომ იგი იყო არა იბერიიდან, არამედ იბორადან. წიგნისმკითხველად იკურთხა იგი ბასილი დიდისგან, დიაკვნად წმინდა გრიგოლ ნაზიანზელისგან, ე.ი. მას ამ უდიდეს მოღვაწეებთან ჰქონდა მთელი თავის ცხოვრების მანძილზე კავშირი და ამ უკანასკნელს (გრიგოლ ნაზიანზელს) იგი თან ახლდა II მსოფლიო კრებაზე 381 წელს. ხოლო შემდეგ, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქად, გრიგოლ ღვთისმეტყველის ძალიან მცირე დროის პატრიარქობის შემდეგ, იკურთხა სახელგანთქმული ნექტარი კონსტანტინოპოლელი, ევაგრე პონტოელი რჩება [2]ნექტართან, როგორც ამის შესახებ ხაზგასმითაა თქმული პალადი ჰელენოპოლელის მიერ თავის “ლავსაიკონში” (ჩვენ ამ ძეგლს ვახსენებდით რამდენჯერმე) 38-ე თავში, დატოვებული იქნა ნექტარის მიერვე, რადგანაც (ეს უკვე პალადის სიტყვებია) ევაგრე პონტოელი იყო დახელოვნებული არგუმენტირებაში ყველა ერესის წინააღმდეგ. ამ ქალაქში (კონსტანტინოპოლში) ევაგრემ მალე ჰპოვა წარმატება, სახელგანთქმულობა, პალადის სიტყვებით ქადაგებდა რა იგი ახალგაზრდული შემართებით და განაქიქებდა და უტევდა რა ერთობლივად ყველა იქ გამოჩინებულ ერესს. მას შეემთხვევა გარკვეული სულიერი საფრთხე, რაზეც ამჯერად ვრცლად ვერ ვიმსჯელებთ, ცდუნების წინაშე დადგება მისი სათნებითი ღვაწლი, რისკის ქვეშ აღმოჩნდება, რის გამოც იგი დატოვებს დედაქალაქს და მიდის იერუსალიმში, სადაც მას მიიღებს სახელგანთქმული მელანია რომაელი, ერთ-ერთი სანიშნე [3]წერტილი უაღრესად სახელგანთქმულ ქრისტიან მოღვაწეთა შორის, რომლის ცხოვრება, სხვათაშორის, ვფიქრობთ ახალქართულადაც აუცილებლად სათარგმნია (ამ ბოლო ხანებში მაღალმეცნიერულ დონეზე კვლავ გამოიცა), სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მისი ღვაწლი, მისი თავდადება და იმ სიმდიდრის, ის და მისი მეუღლე რომ ფლობდნენ, უშურველი და რაღაც უიშვიათესი ქველმოქმედებით დარიგება და განაწილება უპოვართათვის (ეს იყო ერთ-ერთი დიდი ღვაწლი რაც მან აღასრულა) და ამავე დროს მეურვეობა და სულიერი მეგობრობა იმ დროის სახელგანთქმულ ასკეტებზე, განსაკუთრებით მათზე რომლებიც ახლად იწყებდნენ მოღვაწეობას, და მათთან სულიერი მეგობრობა. ამ მოღვაწეთა შორის, რომლებთანაც მას კავშირი ჰქონდა ერთ-ერთი იყო, როგორც აღვნიშნეთ, მაკარი ეგვიპტელი, რომელსაც იერუსალიმში ხვდება ევაგრე. თუმცა მათი ეს სულიერი მეგობრობა დიდხანს [4]არ გასტანს, რადგანაც მალე, დაახლოებით 382 წელს ევაგრე პონტოელი ეგვიპტეს მიაშურებს. ის, ასე ვთქვათ თავის თავს თვითონვე ექსორია-ჰყოფს ანუ გადაისახლებს ორი წლის მანძილზე ნიტრიის მთებში და შემდეგ შევა უდაბნოში (კელიათა უდაბნო გვაქვს მხედველობაში, რომელიც ადრეც ვახსენეთ ჩვენ), რომ იქ 14 წლის მანძილზე განსაკუთრებით მძიმე ასკეტური ღვაწლი აღასრულოს. სწორედ აქ გაიცნო მან ორივე მაკარი და არა მხოლოდ გაიცნო, არამედ ჰბაძა და დადებითი და კეთილი აზრით მეტოქედ გაუხდა მათ ღვაწლს, მათ სულიერ ასპარეზობას, ისიც საკვირველებათა აღმსრულებლად გამოჩნდა, იმ დიდი მმარხველობითი მოღვაწეობის შემდეგ, რაც ამ პერიოდში ევაგრე პონტოელის ასკეტური ცხოვრებისგან განუყრელი იყო და განუყოფელი. ამიტომ, ჩვენს მიერ ზემოხსენებული ისტორიკოსი [5]სოკრატე სქოლასტიკოსი ხაზს უსვამს, რომ აი ამ მადლმოსილებითი ნიშნით, სასწაულთქმედებებით და ამ სასწაულთა მრავალრიცხოვნებით იგი არათუ არ ჩამოუვარდებოდა თავის აღმზრდელებსა და შემგონებლებს და წინამძღვრებს (ორ მაკარის ვგულისხმობთ), არამედ ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, აღემატებოდა კიდეც მათ. ის ცხოვრების სარჩოს წიგნების გადაწერით მოიპოვებდა (ეს ერთ-ერთი ცნობილი ხელობა იყო ეკლესიის მამათა შორის, მეუდაბნოეთა შორის, მღვდელმთავართა შორისაც კი. ცნობილია მაგალითად, რომ დიდი მოღვაწე XI ს-ის II ნახევრისა, ანტიოქიის პატრიარქი იოანე ოქსიტელი თავისი ხელით გადასწერდა ხოლმე წიგნებს). მას ჰქონდა საუცხოო კალიგრაფია და ეს პალადიმ ნამდვილად იცოდა, რადგანაც მისი უშუალო მოწაფე გახლდათ და მისი გადაწერილი ძეგლები თავისი თვალით უხილავს. ამავე დროს მას ჰქონდა განსაკუთრებული თავმდაბლობა და როდესაც ჩვენს მიერ წინა საუბარში ხსენებულმა თეოფილე [6]ალექსანდრიელმა გადაწყვიტა მისი ეპისკოპოსად კურთხევა, მან ეს უარყო და განერიდა ამ პატივს (მსგავსად გრიგოლ ხანძთელისა). აღესრულა 54 წლის 399 წელს.

რა თქმა უნდა, ევაგრე პონტოელი გაცილებით უფრო ნაყოფიერია სამწერლობო თვალსაზრისით, თუმცა მხოლოდ ეს მხარე არ გამოიკვეთება მასთან დაკავშირებით. კარგადაა ცნობილი, რომ ევაგრემ ბოლომდე ვერ უერთგულა მართლმადიდებლურ მოძღვრებას და მიუხედავად ასეთი ღირსეული ნაბიჯებისა, რაც მან ასკეტური ღვაწლის მოხვეჭისას გადადგა, საბოლოოდ იმდენად გაიუკუღმართა უკვე მიღწეული წარმატება, რომ ეკლესიისგან ანათემირებული გახლავთ. თუმცა ეკლესია ამავე დროს ხაზს უსვამს მის დამსახურებასაც, განსაკუთრებით ასკეტური მწერლობის ფორმობრივი ჩამოყალიბების თვალსაზრისით. მისი სწავლებების ნაწილი დღემდე რჩება ღირებულებისა და მნიშვნელობის მქონედ, [7]თარგმნილია სხვათაშორის ძველქართულადაც და გამოცემულიც გახლავთ, მაგრამ ის ნაწილები მისი შრომებისა, სადაც ორიგენისტული ცრუ სწავლებანი მკვეთრად ვლინდება, რა თქმა უნდა, ეკლესიისგან უარყოფილია. მკვლევართა მიერ სავსებით მართებულადაა შენიშნული, რომ ევაგრე ალბათ მართლაც პირველია მონაზონთა შორის, რომელმაც თავი გამოიჩინა არა მხოლოდ ასკეტური ღვაწლით, არამედ უაღრესად ნაყოფიერი სამწერლობო მოღვაწეობითაც. და ეს ძეგლები ევაგრესი თავის დროზე უდიდეს გავლენას ახდენდა მორწმუნეებზე. გვიანდელ პერიოდშიც ეს გავლენა, მისი შრომების ღირსეული ნაწილის მხრივ შენარჩუნებულია და ამ ნიშნით ზოგი მკვლევარი, ფაქტობრივად, სწორედ ევაგრეს მიიჩნევს სამონასტრო მისტიციზმის ფუძემდებლად. სამონასტრო მისტიციზმში იგულისხმება განდეგილ მამათა მჭვრეტელობითი ხასიათის შრომები, რომლებიც აღბეჭდილია პირადი გამოცდილებით, განსაკუთრებით იმქვეყნიური სამყაროს შესახებ, [8]ადამიანის სულის შესახებ, ადამიანის სულის თანდათანობითი სრულყოფის გზების შესახებ ანუ სათნოებითი ღვთისმეტყველების შესახებ. აი ამ მხრივაა ევაგრე პონტოელის შრომები უაღრესად საყურადღებო. კარგა ხანია დეტალურადაა, მისხალ-მისხალაა განრჩეული რა არის მის შრომებში ღირსეული, სარგებლობის მომტანი, რა არის გადაგვარებული და გაუკუღმართებული და ამდენად დღეს არაა ამ მოვალეობის თავიდან შესრულების აუცილებლობა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მივუთითოთ იმ შრომებზე, რაც მან დაწერა და აგრეთვე ხაზი გავუსვათ ამ შრომების რომელი ნაწილებია ეკლესიისგან უარყოფილი, ხოლო რომელია დღემდე სარგებლობის მომტანად შენარჩუნებული.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბერები თავის დროზეც გულმოდგინედ სწავლობდნენ მის ნაწერებს, როგორც შეუფასებელ სახელმძღვანელოებს მოღვაწეობის გზაზე [9]და თანამედროვე, უაღრესად საყურადღებო გამოკვლევებმა, სავსებით დამაჯერებლად აჩვენეს, რომ ევაგრე პონტოელის ღირსეული სწავლებანი ირეკლება და იკვეთება არა მხოლოდ მისი მოწაფის პალადი ჰელენოპოლელის შრომებში, არამედ გაცილებით გვიანდელი პერიოდის კიდევ უფრო დიდ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ თუნდაც “კლემაქსის” ავტორი იოანე სინელი, ევსუქი იერუსალიმელი, მაქსიმე აღმსარებელი, XI ს-ის ცნობილი მოღვაწე ნიკიტა სტითატი, თვით ის ჰესიქასტებიც ანუ ისიხასტებიც (როგორც ჩვეულებრივ მათ უწოდებენ), რომლებიც ათონის მთაზე XIV საუკუნიდან ცნობილი მოძრაობის სულისჩამდგმელები არიან, ცნობილი ბერ-მონაზვნური მოძრაობისა. მისი გავლენა სავსებით ცხადია სირიული რეგიონის მოღვაწეებზე, იქნება ეს დავუშვათ ფილოქსენე, ისააკ ასური, იგივე ისააკ ნინევიელი, იოანე ბარკალტუნი, [10]ანდა დასავლეთში იოანე კასიანე და სხვები. ასე რომ, ეს რიცხვი და დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია და ამიტომ მკვლევართა დასკვნა, რომ ევაგრე პონტოელის მისტიკური სწავლებანი, უფრო ზუსტად ის ღირსეული ნაწილი, რაც ამ მისტიკურ სწავლებებშია IV საუკუნიდან გავლენის მხრივ XIV-XV საუკუნეების ჩათვლით უეჭველად სახეზეა და ეს მხარე ეჭვს არ იწვევს. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენამდე არ მოღწეულა, აღარ გადაიწერებოდა ანათემირების შემდეგ, შემორჩენილი გახლავთ არსებითად მცირე ფრაგმენტები ბერძნულ ენაზე, განსაკუთრებით იმის გამო, რომ V მსოფლიო კრებამ (553 წელს) აშკარად და დაუფარავად ანათემირებულ-ჰყო იგი, რაც მომდევნო საეკლესიო კრებებმა, რა თქმა უნდა, კვლავ და კვლავ დაადასტურეს. ევაგრეს ანათემირება მისი შრომების [11]უდიდესი ნაწილის დაკარგვის სულიერი საფუძველი გახდა და მართებულადაც. მიუხედავად ამისა ზოგი მისი შრომა შემონახულია ლათინურ თარგმანებში რუფინუსისგან რაც შესრულდა, გენადიმ, ჩვენს მიერ ადრე ხსენებულმა მოღვაწემ რაც შეასრულა, აგრეთვე სირიულ და სომხურ თარგმანებში, არაბულ-ეთიოპურ ვერსიებში. ქართულად, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე მცირე ფორმის შრომაა მოღწეული, განსაკუთრებით რვა გულისზრახვის შესახებ (გამოქვეყნებულიც გახლავთ). ის შრომები, რაც დაიგმო მსოფლიო კრებათა მიერ, ცხადია, არათუ ქართულად სხვა ენებზეც არ თარგმნილა. საგულისხმოა ისიც, რომ მისი ზოგი შრომა სხვა დიდ მოღვაწეთა ავტორობით შემორჩა ჩვენამდე, კერძოდ ბასილი დიდისა და ნილოს ანკვირელის ავტორობით. [12]ზოგი მკვლევარი იმედსაც გამოთქვამს, რომ პატრისტიკული კვლევის გაფართოება ალბათ სხვა მკვლევართა ავტრობაშიც დაფარულ მის, აქამდე უცნობ შრომებს, ანდა კატენებში დაცულ ცალკეულ მის შეგონება-განმარტებებს კვლავ გამოავლენს, და ამ ყოველივეს შემდეგ გახდება სრულად შესაძლებელი კვლევითი ასპექტით მთელი მოცულობით გათვალისწინება იმ ხარვეზებისა და იმ ცდომილებებისა, რაც მას ორიგენისტული გაუკუღმართებების შეთვისებამ შესძინა. რა თქმა უნდა, ორიგენეს ღვთისმეტყველება განმსაზღვრელია ევაგრესთვის ორივე მხრივ, ე.ი. დადებითი ნაწილითაც და უღირსი ნაწილითაც და ამანვე განაპირობა მისი გადადრეკა იმ ჭეშმარიტების გზიდან, რომელზე დადგომასაც თითქმის ბავშვობიდან, ჭაბუკობის ასაკიდან ასე დაუცხრომლად ესწრაფვოდა ევაგრე პონტოელი.

[13]დავძენთ იმასაც, რომ ევაგრე პირველია საეკლესიო ავტორთა შორის, რომელმაც თავისი შეგონებანი და სწავლებანი აფორიზმების ანუ აფორისტული დებულებების, გნომების, შეგონებების სახით ჩამონაკვთა, შექმნა სტილი განდეგილური მწერლობისა, სადაც მთელი სისრულითაა გამოყენებული ის შესაძლებლობები, რაც უფრო ადრე ანტიკურობაში არსებულ გნომურ ანუ შეგონებით ფილოსოფიურ მწერლობას ჰქონდა და აი ამ ფორმამ, ე.წ. ცენტურიონების ანუ ასეულებისა, უდიდესი გავრცობა ჰპოვა საეკლესიო მწერლობაში, მთელი ბიზანტიური ეპოქის მანძილზე.

აურაცხელია ევაგრესადმი მიძღვნილი შრომა, გამოკვლევები, მისი თხზულებების ფრაგმენტთა, ანდა თარგმანთა დეტალური განხილვები, მკვლევართა მიერ უკვე შესრულებული. ეს მხარე, ვფიქრობთ, თუნდაც ნაწილობრივ ჩვენ უნდა განვიხილოთ, [14]მიუხედავად ანათემირებისა. ისევე როგორც ორიგენესთან დაკავშირებით, სხვა ანათემირებულ პირებთან დაკავშირებით, სხვა ავტორებთან დაკავშირებით, მათი შრომების რამდენადმე დამაკმაყოფილებელი ანალიზის მოწოდება, ვფიქრობთ, მსნელებისთვის სასურველია, რომ გარკვეულნი ვიყოთ ამ შრომებიდან, ჩვენამდე მოღწეულებიდან, თუნდაც მოუღწევლებიდან, რა დაიკარგა, რატომ დაიკარგა და რაც მოღწეულია იქ განსაკუთრებით ძვირფასი და ღირსეული რა არის.

 

292–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=2dB6-MSSg40


ევაგრე პონტოელი – წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ ევაგრე პონტოელის შესახებ ვმსჯელობთ. როგორც წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ გარკვეული კუთხით ევაგრე პონტოელის სამწერლობო მოღვაწეობა (ფორმა მისი, გნომების ანუ ცალკეული შეგონებების სახით, რაც მრგვალი ციფრებით მთლიანდება (ორმოცდაათეულები, ასეულები, ორასეულები)) მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ზოგადად საეკლესიო ლიტერატურის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით. ასე რომ ევაგრესგან მოღწეული ფრაგმენტები იმსახურებს ყურადღებას, ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ თუ რა მასშტაბის ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა ხსენებული პიროვნება.

ამ შრომათა შორის ალბათ უპრიანი იქნება პირველ რიგში ვახსენოთ თხზულება, რომელსაც ასახელებს ევაგრეს ერთ-ერთი უადრესი შემფასებელი და მის შესახებ ცნობების მომწოდებელი, ჩვენს მიერ ხშირად [1]ხენებული V ს-ის I ნახევრის სქოლასტიკოსი სოკრატე თავის საეკლესიო ისტორიაში, კერძოდ IV თავში, სადაც იგი მიუთითებს, რომ ევაგრემ შეადგინა წიგნი, რომელიც შეიცავდა გარკვეული რჩეული ციტატების კრებულს საღვთო წერილიდან იმ საცთურთა და უკეთურ სულთა წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე აბრკოლებენ. ეს მთლიანობა ამ ციტატებისა დაყოფილი იყო ევაგრესგან 8 ნაწილად, ანუ მთელი თხზულება 8 წიგნედად იყო შედგენილი 8 ბოროტების, 8 საცთურის, 8 უკეთური სულის წინააღმდეგ. ამ ნაშრომს ბერძნულად ეწოდა “ანტიერეტიკოს”, რაც ქართულად ასე შეიძლება ვთარგმნოთ “სიტყვისმგებელი” ანუ “მოპასუხე”, “ნაცვალმესიტყვე”, თუმცა ანტიერეტიკოსი უთარგმნელადაც შეიძლება შენარჩუნებული [2]იყოს. ამავე წიგნს მიუთითებს აგრეთვე წინა საუბრებში ჩვენგან ხსენებული გენადიც, ლათინი მოღვაწეც, თავის ნაშრომში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, რომელიც XI წიგნში აშკარად ამ წიგნს მიუთითებს, როდესაც გვაუწყებს ჩვენ, რომ ევაგრემ დაწერა ნაშრომი სადაც რვა უმთავრესი ცოდვის აღმომფხვრელი შეგონებანი საღვთო წერილიდან არის მოხმობილი. აქვე საგულისხმოა ისტორიული თვალსაზრისით იმავე გენადის მითითება, რომ ევაგრე იყო ის პირველი საეკლესიო ავტორი, ანდა ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც სწორედ 8 რიცხვედად კრებს იმ უმთავრეს ცოდვებს ადამიანს რომ ჭეშმარიტებისაკენ სვლისას ხელს უშლის და აბრკოლებს. ეს 8 პრინციპული ცოდვა ევაგრესგან საღვთო წერილის საფუძველზე არის დადგენილი და მათ წინააღმდეგ მოქმედების შემძლე სწავლებანიც ასევე საღვთო [3]წერილიდანაა მისგან ამოკრებილი. გენადი გვაუწყებს, რომ ამგვარი მეთოდი, ე.ი. საღვთო წერილის ციტატებით და საღვთო წერილისგან მოხმობილი სწავლებებით ამა თუ იმ ცოდვის და ამ ცოდვის მოთავე ეშმაკის უკუქცევა და დამარცხება ევაგრემ თვით უფლისგან ისწავლა, რადგანაც უფალიც უპირისპირდებოდა რა უკეთურ ძალებს და საცთურებს, სწორედ საღვთო წერილის ციტატებს მიმართავდა მათ წინააღმდეგ. “ასე რომ, - ასკვნის გენადი, ეს შრომა მნიშვნელოვანი შენაძენია ყველასთვის და ამიტომ მე ვთარგმნე ლათინურად ეს წიგნი და ვთარგმნე იმავე უბრალოებით, იმავე მარტივი ენით, რა მარტივი ენითაც იგი ბერძნულად იყო დაწერილი”. სხვათაშორის ეს სიმარტივეც შეგონებებისა, სიმარტივეც სწავლებითი ენისა, რაც ევაგრეს ახასიათებდა, ზოგადად გახდა ნიმუში [4]ასკეტური მწერლობისა, ასკეტური სამწერლობო სამეტყველო სტილისა. გენადის ეს თარგმანი ისევე დაკარგულია დღეისათვის, როგორც ორიგინალი, მხოლოდ გარკვეული მცირედი ფრაგმენტები ბერძნული ტექსტისა შემორჩენილი, რაც თავის დროზე ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულმა ჟაკ მინმა გამოსცა XIX ს-ში. აი ეს გახლავთ მოღწეული, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი სახელწოდებაც აქვს მიღებული ტრადიციაში და კონკრეტულად ეწოდება “8 უკეთური გულისზრახვის შესახებ” (სწორედ ეს ძეგლი ამ სათაურით არის თარგმნილი ძველ ქართულადაც). მაგრამ დღეისათვის მიიჩნევა, რომ ეს ფრაგმენტი არ უნდა იყოს ნაწილი ზემოხსენებული “ანტიერეტიკოსისა”, არამედ ევაგრეს მეორე ნაშრომისა, რომელსაც ქვემოთაც ვახსენებთ, სახელწოდებით “პრაქტიკოს”, სენტენციების ნაწილს უნდა გულისხმბდეს [5]და არა “ანტიერეტიკოსის” რომელიმე წიგნს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომის (“ანტიერეტიკოსის”) ბერძნული ორიგინალი და ლათინური თარგმანი დაკარგულია იგი სრულყოფილად არის შემონახული სირიულ და სომხურ თარგმანებში და მკითხველს, მკვლევარს და მსმენელს შეუძლია ეს ნაშრომი სრულყოფილად გაითვალისწინოს დღევანდელ დღეს.

როგორც აღვნიშნეთ ამ თარგმანების მიხედვითაც ძეგლი 8 წიგნისგან შედგება და უპირისპირდება 8 უკეთურ სულს, 8 უკეთურ ბოროტ ძალას, რომლებიც ადამიანის წინააღმდეგ აღძრავენ თავიანთ დამღუპველ მოქმედებას საცთურთა გზით და რომლებიც განსაკუთრებით მონაზონს უპირისპირდებიან და მას უტევენ. აქვე საგულისხმოა იმის აღნიშვნაც, რომ ავტორი ამ ძეგლისა (ე.ი. ევაგრე) უპირისპირდება რა ზემოხსენებულ 8 უკეთურებას, იკვლევს კიდეც მიზეზებს მათი წარმოშობისას და აგრეთვე იმ ზემოქმედების უნარს, რაც [6]უკეთურმა ძალამ შესაძლოა ადამიანეზე მოახდინოს. ყოველი ამგვარი შეგონება და განმარტება, თვით ავტორისეული, ბოლოვდება ყოველთვის საღვთო წერილიდან ციტატით, როგორც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საშუალებითა და იარაღით ამ უკეთურების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, ამ ნაშრომით აბსოლუტურად აშკარაა, რომ ევაგრე განიზრახავდა მოეცა სულის მარგებელი რამ სახელმძღვანელო მონაზონთათვის უკეთურებათა წინააღდეგ ბრძოლის ჟამს. ამავე სწავლებას 8 უკეთური გულის ზრახვის შესახებ ჩვენ ვხვდებით აგრეთვე კასიანე რომაელთან, ერთ-ერთ უდიდეს ასკეტ მოღვაწესთან, ნილოს სინელთან (იგივე ნილოს ანკვირელთან), გრიგოლ ჰრომთა პაპთან, ანუ გრიგოლ დიდთან, იოანე სინელთან, “კლემაქსის” ავტორთან, იოანე დამასკელთან და ბევრ სხვასთან, რომლებიც, ფაქტობრივად ყველანი, ევაგრე პონტოელის სწავლებას, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეფუძნებიან.

[7]რაც შეეხება ევაგრეს მეორე შრომას, რომლის ერთი ნაწილი ზემოთ ვახსენეთ. კერძოდ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის ფრაგმენტი, რაც სახელწოდებას თითქმის იმავეს განიკუთვნებს, რასაც “ანტიერეტიკოსი” შინაარსობრივად, ანუ კერძოდ 8 უკეთური გულისზრახვის შესახებ არსებული, ჩვენამდე მოღწეული ექსცერპტი, ფრაგმენტი, განეკუთვნება არა ამ “ანტიერეტიკოსს”, არამედ ევაგრეს მეორე შრომას სახელწოდებით “პრაქტიკოს”. აი ეს შრომა (“პრატიკოს”) თავისთავად არის ერთ-ერთი ნაწილი იმ თხზულებისა, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. ევაგრემ შეადგინა, გარდა ზემოხსენებული ნაშრომისა, აგრეთვე თხზულება სახელწოდებით “მონახიკოს”, ანუ ახალქართულად თუ ვთარგმნით “სამონაზვნო”, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება, ერთია ზემოხსენებული “პრაქტიკოს” ანუ “საქმითი” და მეორე “გნოსტიკოს” ანუ “ცოდნითი”. პირველი მათგანი (“პრაქტიკოს”) [8]შეიცავს 100 შეგონებას, ხოლო მეორე (“გნოსტიკოს”) შეიცავს 50 შეგონებას. გენადის მიერ მოწოდებული ცნობები ევაგრეს შესახებ აშკარად ადასტურებს, რომ ის თვითონ ამ ნაშრომთან ძალიან ახლოს იყო გაცნობილი და გვაწვდის კიდეც საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას, როდესაც მიგვითითებს, რომ ევაგრემ, გარდა ზემოთ ნათქვამი “ანტიერეტიკოსისა” შეადგინა აგრეთვე წიგნი, რომელიც შედგება 100 შეგონებისგან და განკუთვნილია იმათთვის, რომლებიც ცხოვრობენ მარტივად, როგორც განშორებულნი. ეს წიგნი დაყოფილია თავებად და მას შემდეგ მოსდევს მეორე წიგნი 50 შეგონებისგან შედგენილი. მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე განკუთვნილია ერუდიტების ანუ განათლებულებისა და დაწინაურებული მოღვაწეებისათვის. ე.ი. პირველი წიგნი ამ საყურადღებო ცნობით მარტივი ქრისტინებისთვის ყოფილა განკუთვნილი, ხოლო მეორე [9]წიგნი იმ ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სწავლება მიღებული აქვთ, რომლებიც საღვთისმეტყველო განათლებას ფლობენ და რომლებსაც ღრმა სწავლებათა აღქმა ძალუძთ. გენადი აქვე დასძენს იმასაც, რომ მან პირველად თარგმნა მეორე ნაწილი (ე.ი. “გნოსტიკოს”), რადგანაც პირველი ნაწილი მანამდეც (მის თარგმანამდეც) თარგმნილი იყო. თუმცა გენადი იქვე იმასაც მიუთითებს, რომ ის პირველ თარგმანი პირველი ნაწილისა ანუ “პრაქტიკოს”-ისა მის დროს უკვე, როგორც ჩანს, დაზიანებული იყო და მას ნაწილობრივ აღუდგენია უფრო ადრინდელი თარგმანი და ნაწილობრივ ხელახლა უთარგმნია. ეს მას გაუკეთებია იმ მიზნით, რომ სრულყოფილად ყოფილიყო გადმოცემული ორიგინალის აზრი ლათინურ თარგმანში. ჩვენ შეიძლებოდა აქ აღდგენაში აუცილებლად ის კი არ დაგვენახა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ე.ი. ხელნაწერული დაზიანების თვალსაზრისით იყო [10]ნაკულელავნი და ხარვეზიანი ეს ძეგლი ლათინურში, არამედ შეიძლებოდა თვითონ მთარგმნელისეულ ხარვეზზე და თარგმანისეულ ხარვეზზე იყოს აქ მითითება, რომ პირველთარგმანი ოროგინალის აზრს ზედმიწევნით ვერ გადმოსცემდა. სწორედ ამიტომ გენადის შეუსწორებია (ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ შესაბამისი ლათინური სიტყვა და არა როგორც “აღუდგენია”) ის პირველ თარგმანი და ნაწილობრივ ხელახლა უთარგმნია, რომ ადეკვატური ტექსტი მოეცა ლათინურ ენაზეც. პირველი თარგმანის ნაკლოვანებებს გენადი ხაზგასმით მიუთითებს შემდგომ ნაწილში, როდესაც ამბობს, რომ ეს თარგმანი საკმაოდ გაუკუღმართებული იყო. და მაინც, როგორც ჩანს, მას მთარგმნელის ავტორიტეტის შენარჩუნება უნდოდა და ამიტომ აღნიშნავს რომ დროთა განმავლობაში აღრეულა (ე.ი. მაინც გადამწერებს განუკუთვნებს ამ ხარვეზს) და ამიტომაც მიზანად დავისახეო, - ამბობს, შემესწორებინა ეს ყოვლივე. გენადი მართალია არ მიუთითებს ვინ იყო ეს პირველმთარგმნელი, მაგრამ არის მრავალი არგუმენტი იმისა და ამაზე მკვლევარებს არაერთგზის უმსჯელიათ, რომ ეს პირველ მთარგმნელი [11]შესაძლოა ყოფილიყო სწორედ რუფინუს აკვილელი, რომელიც სხვა შემთხვევებშიც ცნობილია როგორც ბერძნულიდან ლათინურად მთარგმნელი და რომელსაც თვითონ გენადიც სხვა შემთხვევაში მოიხსენებს აგრეთვე, როგორც ევაგრეს შეგონებათა ლათინურად მთარგმნელს. აი ეს ლათინური თარგმანები ყველა დაკარგული გახლავთ დღეისათვის, თუმცა პირველი ნაწილი ამ ნაშრომისა (“მონახიკოს”) “პრაქტიკოს” ანუ “საქმითი” ორ ბერძნულ გამოცემაშია დაცული, რომელთაგან პირველი შეიცავს 70 შეგონებას და ეს როგორც ჩანს მთლად ვერაა თანხვედრი თავდაპირველ ტექსტთან, იმიტომ, რომ ვიცით ის თავდაპირველი ტექსტი 100 შეგონებისგან შედგებოდა. მეორე გამოცემა ავსებს ამ პირველი გამოცემის ხარვეზს და უკვე 100 შეგონებადაა წარმოდგენილი ბერძნული ტექსტი. რაც შეეხება მეორე ნაწილს (“გნოსტიკოს”) ის შემორჩენილია სირიულ თარგმანში და ისიც ასევე გამოცემულია.

შინაარსი, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ამ შეგონებებისა, უფრო სწორად კი შედგენილობა [12]გულისხმობს ეკლესიის მამათა და ასკეტური ცხოვრების მეწინამძღვრეთა სწავლებებს, კერძოდ სწავლებებს ისეთი მოღვაწეებისას, როგორებიც იყვნენ წმინდა ანტონი დიდი, მაკარი ეგვიპტელი, ათანასე ალექსანდრიელი, სერაპიონ თმუისელი, დიდიმე ალექსანდრიელი, წმინდა ბასილი დიდი და სხვები. ამ კუთხით ეს ნაშრომი, რა თქმა უნდა, ისტორიული შესწავლის პერსპექტივით, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს.

აქვე შეგვეძლო დაგვესახელებინა ევაგრე პონტოელის შრომა, რომელიც ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს “მონაზონთა სარკე”. ასეთი სახელწოდების ქვეშ იგულისხმება 50 შეგონების კრებული, რაც ბერძნულ ენაზეა დღეისათვის მოღწეული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზემოხსენებული რუფინუსის მიერ ითარგმნა ლათინურად, ჩვენთვის მაინც პირველადი მნიშვნელობისა სწორედ ბერძნული ტექსტია. დავძენთ იმასაც, რომ ამ ნაშრომის შესავალი [13]შემონახულია ევაგრეს XIX-XX ეპისტოლეებში, როგორც ეს ამ ბოლო ხანებში ერთ-ერთი მკვლევრის მიერ უცილობად დამტკიცდა.

დავასახელებთ ევაგრე პონტოელის კიდევ ერთ შრომას, რაც ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს “მცოდნეობითი საკითხები” ანდა “მცოდნეობითი სირთულეები” (საერთოდ ეს ნაშრომი ლათინური სახელწოდებითაა გავრცელებული, როგორც “პრობლემატა გნოსტიკა”). ეს სახელწოდება გულისხმობს ექვსი ასეული შეგონების კრებულს, რაც დაყოფილია 6 წიგნად. თითო წიგნში არის ასი შეგონება, ასი მაქსიმა ანუ ასი გნომი და ეს ცენტურიონები, როგორც ა`ვნიშნეთ, ევაგრე პონტოელის სამწერლობო სტილი იყო და ასევე გახდა სამწერლობო სტილი იგი შემდგომდროინდელი ასკეტური მწერლობისა. ბერძნული ტექსტი დაკარგული გახლავთ, [14]თუმცა ნაშრომი მოღწეულია, გადარჩენილია და შემონახულია ჩვენამდე სირიულ და სომხურ თარგმანებში. შინაარსობრივად იგი ეხება დოგმატურ და ასკეტურ საკითხებს, კერძოდ ყოვლადწმინდა სამების დოგმატს, ანგელოზების შესახებ არის მასში მსჯელობა, ყოვლიერების დასაბამიერ მდგომარეობაში აღდგინების შესახებ, რაც უკვე უახლოვდება ორიგენესეულ ცრუ სწავლებას ე.წ. “აპოკატასტასისის” შესახებ, იმას შესახებ რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი განკვეთისა. ამ ნაშრომშიც გამოყენებულია მისგან შეგონებითი ფორმა, რაც ასეულებად ნაწილდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტილი აბსოლუტურად იგივეა და მიუხედავად ასეთი შეგონებითი დანაყოფებისა, ზოგჯერ ერთი საკითხი განივრცობა მრავალ შეგონებაზე. ევაგრე საზოგადოდ მიდრეკილი იყო ლაკონურობისკენ, რომ ეს შეგონებანი დაზეპირებულიც კი ყოფილიყო წამკითხველისგან და ამ მხრივ მოძღვრება შთაბეჭდილიყო მის გონებაში ასე ზეპირი [15]გზით. აქ შეიძლება საყურადღებო იყოს ისიც, რომ გენადი, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ინფორმატორი ჩვენთვის ევაგრეს შესახებ, ამ ნაშრომს არ ახსენებს, მაგრამ მეორე, სოკრატე სქოლასტიკოსი, რომელზეც ასევე ვუთითებდით, მიუთითებს ხსენებულ ნაშრომზე თავისი საეკლესიო ისტორიის IV წიგნის XXIII ქვეთავში, და მას ასეთი სახელწოდებით წარმოგვიჩენს ჩვენ “600 წინაგნოსტიკური საკითხი” (“პროგნოსტიკოს”). შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს ის მხარე, რომ ამ საკითხების გადაჭრა და მართებულად გაგება წინასაფუძველი გახდება ჭეშმარიტი ცოდნითი აღქმისა ქრისტიანული მოძღვრების, ანუ გნოსტიკური აღქმისა. ასეა თუ ისე ეს “პროგნოსტიკოს” აშკარად არის ამ სათაურში. თუმცა ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ აქ შეიძლება უბრალოდ გადამწერისეული [16]ხარვეზი იყოს და “პროგნოსტიკოს” ალბათ უნდა წავიკითხოთ როგორც “გნოსტიკოს”, როგორც ეს სირიულ ხელნაწერებშია მოცემული.

 

293–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ioZonENhkuE

 

ევაგრე პონტოელის შრომათა მიმოხილვა (გაგრძელება)

ჩვენ კვლავ ევაგრე პონტოელის შესახებ გვექნება განხილვა. წინა შეხვედრაზე შევეხეთ მისი შრომებიდან ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ძეგლს. ამჯერად კი პირველ რიგში ვახსენებთ თხზულებას სახელწოდებით “ლოცვის შესახებ”, რომლის ჩვენამდე სრულყოფილად მოღწეული ბერძნული ტექსტი ნილოს ანკვირელის, ანუ ნილოს სინელის, სახელგანთქმული მოღვაწის, დიდი ასკეტის შრომებშია გამოვლენილი და მკვლევართა ნაწილი სწორედ ნილოსს გულისხმობს მის ავტორად. მაგრამ ნაწილი მკვლევარებისა ევაგრე პონტოელის ავტორობისკენ იხრება, მიუხედავად სერიოზული დაბრკოლებებისა. განსაკუთრებით დამაფიქრებელი გახლავთ ის გარემოება, რომ ამ ნაშრომიდან ექვსი შეგონება ციტირებულია “პატერიკონში” ანუ მამათა შეგონებების კრებულში, როგორც ნილოს სინელის სწავლებანი. ასევე ფოტი პატრიარქი ნილოს სინელისეულად [1]მიიჩნევს ამ ძეგლს და ეს ორი, უაღრესად ანგარიშგასაწევი არგუმენტი, ალბათ, ჩვენს ყურადღებას მაინც ნილოს სინელისკენ მიმართავს. თუმცა მკვლევართა მნიშვნელოვანი ჯგუფი ყურადღებას აქცევს თვით ნაწარმოების ფორმას, შინაარსს, ზოგადად სტილს და ასკვნის, რომ ყოვლითურთ იგივეობრივია ეს სტილი სწორედ ევაგრეს ნაშრომებისა. მათ დამატებით არგუმენტად გამოჩუნდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ სირიულ თარგმანში სწორედ ევაგრეა ავტორად წარმოდგენილი. ამავე დროს ცნობილია, რომ სირიელები ევაგრეს ზოგადად დიდ პატივს განუკუთვნებდნენ, შესაბამისად სადაც კი მათთან ციტირება ხდება ამ ნაშრომისა, ყველგან ევაგრეს ავტორობით იხსენიებენ ისინი ხსენებულ წარმოდგენილ ძეგლს. როგორც აღვნიშნეთ მთელი ნაშრომი შემონახულია, იგი 153 თავისაგან შედგება. სხვათაშორის თარგმნილია ძველ ქართულადაც და ვფიქრობთ აუცილებლად იმსახურებს გამოცემას თავისი ღრმა ანალიზის [2]გამო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხისა, რაც საეკლესიო ლოცვას ეხება.

უნდა ვახსენოთ აგრეთვე ევაგრე პონტოელის მცირე მოცულობის ნაშრომი უკეთურ გულისზრახვათა შესახებ, რაც აგრეთვე ნილოს სინელის (ანკვირელის) შრომებშია აღმოჩენილი, თუმცა ევაგრე პონტოელის ერთ-ერთმა ცნობილმა მკვლევარმა ჰაუსჰერმა კარგა ხანია დაასაბუთა, რომ ეს ნაშრომი ევაგრე პონტოელისაა.

მეშვიდე ძეგლად შეგვიძლია მივუთითოთ თხზულება, რაც გარეგნულად ეპისტოლეს სახით გაეგზავნა ევლოგი მონაზონს და რაც XIV ს-ის ავტორმა ნიკიფორე კალისტემ პირველმა განუკუთვნა ნილოს სინელს, თუმცა როგორც ამ ბოლო ხანებში ირკვევა სინამდვილეში ეს უნდა იყოს ნაშრომი ევაგრე პონტოელისა, რაც მრავალი ტერმინოლგიური თუ სტილური ნიშნით საბუთდება. საკმაო რაოდენობის ხელნაწერებშია იგი ჩვენამდე შემონახული, საგულისხმოა, რომ სირიულ და სომხურ თარგმანებში ავტორად სწორედ [3]ევაგრე პონტოელია, როგორც ეს სხვა შემთხვევებშიც ვნახეთ ჩვენ, რაც ევაგრეს ავტორისეულობას კიდევ უფრო განამტკიცებს. საკუთრივ ნაშრომი ეხება სრულყოფილების საკითხს, თუ როგორ უნდა იქნეს სათნოებითი სრულყოფილება ადამიანისგან მიღწეული, მუდმივი, გამუდმებითი მღვიძარება რაოდენ გარდუვალია მონაზონისთვის საცთურთა თავისგან ასაცილებლად და უკეთურ ძალთა უკუ საქცევად. აი ამაზეა ეს ნაშრომი არსებითად ორიენტირებული.

ჩვენ აქვე ორიგენეს კვალობაზე ევაგრესეულ განსწავლულობას ბიბლიაში ხაზი უნდა გავუსვათ. ევაგრემ ორიგენესგან ისწავლა არა მხოლოდ ორიგენესეული მისტიკური თეოლოგია, არამედ მისი ბიბლიური ეგზეგეზისიც, ანუ განმარტება საღვთო წერილისა. კარგა ხანია ნაჩვენებია, რომ “ფსალმუნთა” განმარტებების კრებული, რასაც რჩეული განმარტებები ფსალმუნებისა ეწოდება, დიდწილად შეიცავს სწორედ ევაგრეს ნაშრომის, სახელწოდებით [4]“ფსალმუნთა თარგმანება” ანუ “ფსალმუნთა განმარტება”, ფრაგმენტებს. ხოლო თვით ეს კომენატარი, ანუ ეს განმარტება ფსალმუნებისა, რაც ევაგრეს განეკუთვნება, თავის მხრივ განსხვავდება ყველა სხვა ფსალმუნური განმარტებებისგან, რაც კი უფრო ადრე ყოფილა შედგენილი. ეს გნსხვავება ძირითადად იმ მხრივ გამოიხატება, რომ ეს უკანასკნელი ევაგრეს შრომა შედგენილია შეგონებების ფორმით, როგორც საზოგადოდ მისი სხვა შრომები.

როგორც მიიჩნევა უფრო მოგვიანებით ევაგრეს უნდა შეედგინა აგრეთვე განმარტება იგავთა წიგნზე, რომლის დიდი ნაწილიც უიგივდება ორიგენეს ანალოგიურ განმარტებას. კატენებში, ანუ ბიბლიური განმარტებების სერიებში ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ სხვადასხვა ფრაგმენტები ორიგენეს განმარტებებისა, მის გვერდით აგრეთვე ევაგრე პონტოელის განმარტებებისა და ევაგრესეული განმარტებები, განსაკუთრებით იგავთა წიგნზე, როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევები ადასტურებენ, [5]აღმოჩნდა დიდი ზეგავლენის მომხდენი შეგონებითი სტილის ფორმირებისა და საზოგადოდ დამკვიდრებისა საეკლესიო ლიტერატურაში. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თვითონ იგავთა წიგნის ფორმა გადმოიღო ევაგრემ, იგავთა წიგნი გახდა მისთვის ნიმუშის მიმცემი ფორმის შესაქმნელად და რომ მისი ნაშრომი, ვთქვათ “მონაზონთა სარკე”, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ბაძვა სოლომონის იგავთა წიგნის სტილისა.

ევაგრეს დაუწერია აგრეთვე განმარტება იობის წიგნზე, რომლის 25 სქოლიო დღეისათვის გამოვლენილი გახლავთ.

არსებობს ნაკვალევები, გარდა ზემო განხილული ძეგლებისა, ლუკას სახარების განმარტებისაც, რომლის შვიდი სქოლიო შემონახულია კატენებში, რაც ადასტურებს იმას, რომ ევაგრეს განმარტებითი მოღვაწეობა მხოლოდ ძველი აღთქმით არ შემოფარგლულა და ახალ აღთქმაზეც განივრცო.

ბოლო ხანებში მკვლევარები [6]თვლიან, რომ ყველაზე უფრო მისაღები კანდიდატურა სწორედ ევაგრეა იმ განმარტებათა ავტორად, რაც კარგა ხანია არ არსებობს, მაგრამ რომელთა შესახებაც ცნობები მოღწეულია, კერძოდ განმარტებებისა რიცხვთა წიგნზე, მეფეთა წიგნზე და ქება-ქებათას წიგნზე.

ევაგრე პონტოელი ცნობილი იყო როგორც ეპისტოლარული მემკვიდრეობის ავტორიც, მისი 67 ეპისტოლე შემორჩენილია ჩვენამდე სირიულ თარგმანში, გამოცემულიც გახლავთ და სხვათაშორის ვინც გამოსცა, ძალიან ღირსეულმა მკვლევარმა ფრანკერბერკმა სცადა ამ ეპისტოლეების ბერძნული ტექსტის აღდგენა უკუ-თარგმანის გზით, ე.ი. სირიულიდან ეს ეპისტოლეები მან ბიზანტიურ-ბერძნულზე თარგმნა, რომ მეტნაკლებად აღედგინა ორიგინალი. ეპისტოლეთა უდიდესი ნაწილი მოკლეა და არავითარი მითითება არ არის ადრესატზე. რაც შეეხება შედარებით უფრო ვრცელ [7]ეპისტოლეებს, ერთი მათგანი მიმართულია ჩვენს მიერ ადრე ხსენებული მელანია რომაელისადმი, რომელსაც იგი შეხვდა იერუსალიმში და რომელსაც შემდეგ განეშორა როდესაც იერუსალიმი დატოვა ევაგრემ გარკვეულ მიზეზთა გამო, რაზეც ვახსენებდით ერთ-ერთ ჩვენს საუბარში.

მეორე, ასევე მოცულობითი ეპისტოლე მან გაუგზავნა რამდენიმე მონაზონს, რომლებიც კესარიაში მოღვაწეობდნენ. ეს ეპისტოლე ორიგინალურ, ბერძნულ ენაზეც გახლავთ შემონახული და შემონახულია ბასილი დიდის VIII ეპისტოლის სახით. ე.ი. ბასილი დიდის ეპისტოლეებში შეერია და იქნა შემონახული. ამ ეპისტოლეში ევაგრე უკვე ანტიერეტიკულ სამოღვაწეო პროფილს ავლენს, რაზეც ჩვენ აღვნიშნავდით, ადრეც იყო ამის შესახებ ხაზგასმა, როგორც ანტიერეტიკული მოღვაწეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელზე და ეს ეპისტოლე ამის ნათელი დადასტურებაა, ებრძვის რა და უპირისპირდება რა არიანელებს და შესაბამისად აღნიშნულ ეპისტოლეში [8]ევაგრე ჩვენ წარმოგვიდგება, როგორც დოგმატიკოსი, რადგანაც გადმოცემულია დოგმატი ყოვლადწმინდა სამების შესახებ და დამტკიცებულია ეს დოგმატი, კერძოდ დოგმატი მამისა და ძის თანაარსებობის შესახებ საღვთო წერილიდან მოხმობილი ციტატებით. ამ ეპისტოლეში აგრეთვე ჩვენ ვპოულობთ მრავალ დამადასტურებელ ნიმუშს არიანული განმარტებების კრიტიკული შეფასებისას და სულიწმინდის ღმერთობის ბიბლიურ მტკიცებულებებს.

დაახლოებით ეს შეიძლება ითქვას ევაგრე პონტოელის შესახებ დღევანდელი წყაროების მიხედვით და ჩვენც ამჯერად მასთან დაკავშირებით ამით შემოვიფარგლებით. თუმცა ამით არ მთავრდება საუბარი ასკეტურ მწერლობასთან დაკავშირებით.


პალადი ჰელენოპოლელი

მცირედით უფრო გვიანდელი ეპოქის მოღვაწე, ასევე დიდი მნიშვნელობის მქონე, პალადიუსი (პალადი ჰელენოპოლელი) უთუოდ განხილვის ღირსია, რომელიც მკვლევართა შეფასებით [9]საზოგადოდ ყველაზე გამოჩენილი პიროვნებაა, როგორც ეგვიპტური მონასტიციზმის მეისტორიე. პალადი ევაგრე პონტოელის მოწაფე გახლდათ, იგი დაიბადა გალატიაში 363-364 წლებში და მიიღო ღრმა კლასიკური განათლება, როგორც საზოგადოდ იმ დროს მოღვაწე გამოჩენილმა პირებმა, გამოჩენილმა მამებმა. 388 წელს იგი ეგვიპტეში მიდის, რომ უშუალოდ გაეცნოს მეუდაბნოეთა ცხოვრებას, უშუალოდ მოინახულოს მეუდაბნოეები და ალექსანდრიაში ერთი წლის მყოფობის შემდეგ მღვდელმა ისიდორემ, რომელმაც პირველი განსწავლულობა შესძინა მას ასკეტურ ცხოვრებაში, გადასცა პალადის სულიერი ცხოვრება ანუ პალადის სული მიანდო თებეში მოღვაწე განდეგილს დოროთეს, [10]რომელიც ქალაქიდან 5-6 კილომეტრის დაშორებით მოღვაწეობდა და ეს ნაბიჯი ისიდორე მღვდელმა აუცილებად ჩათვალა პალადის სულიერი სრულყოფისათვის. რადგანაც ვერ შეძლო და ვერ მოახერხა, რომ დაებოლოებინა ამგვარი მოღვაწეობის სამწლიანი, ასე ვთქვათ, კურსი, რადგანაც ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა პალადის, მან დაახლოებით 390 წელს მიაშურა ნიტრიას, ე.ი. დატოვა თავისი ადრინდელი სამოღვაწეო ადგილი. ნიტრიიდან ის გადავიდა კელიათა უდაბნოში, სადაც 9 წელი დაჰყო მან, ჯერ მაკარისთან, შემდეგ კი ევაგრესთან. განსაკუთრებით ამ უკანასკნელმა მოახდინა თავისი მოღვაწეობის ღირსეული ნაწილით გავლენა მასზე. კვლავ ავად ხდება აქ პალადი და ექიმები ურჩევენ მას, რომ ისეთი ადგილი მოძებნოს სამოღვაწეოდ რომლის კლიმატიც მის ჯანმრთელობას შეეფერება. ამიტომაც დაახლოებით [11]400 წელს იგი ბითვინიაში გადადის სამოღვაწეოდ, სადაც იკურთხება ჰელენოპოლისის ეპისკოპოსად და მალე გახდება ჩაბმული ორიგენისტული დაპირისპირებების წიაღში, ანუ მკვეთრად დაუპირისპირდება ორიგენიზმის ცრუ მოძღვრებას. 405 წელს იგი მოგზაურობს რომისკენ, ჩადის რომში, რომ მხარდაჭერა მოუპოვოს წმინდა იოანე ოქროპირს, რომელსაც მრავალი მხრიდან ებრძვიან, ებრძვიან საეკლესიო მხრიდანაც თეოფილე ალექსანდრიელის მეთაურობით და წინამძღვრობით და აი ამ ოქროპირისადმი მიმართული დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით პალადი, როგორც აღვნიშნეთ, რომის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. მომდევნო წელი იყო მისი გადასახლების წელი, იმპერატორმა არკადიუსმა გადაასახლა იგი ზემო ეგვიპტეში, და როდესაც 412-413 წლებში მას ნება დაერთო უკან დაბრუნებისა, იგი გახდა გალათიაში [12]ასპუნას ეპისკოპოსი და ამის შემდეგ ეფესოს III მსოფლიო კრების მცირედით უწინარეს (ე.ი. 431 წლამდე) აღესრულა კიდეც.

რაც შეეხება პალადის შრომებს. ამ მხრივ უპირველესად უნდა დავასახელოთ ქართულად ცნობილი ძეგლი სახელწოდებით “ლავსაიკონი”, ანუ როგორც მას ეწოდება “ლავსიაკური ისტორია”, უდიდესი შრომა, ამგვარად წოდებული იმ პიროვნების სახელის შესაბამისად, რომელსაც ერქვა ლავსუსი და რომელიც საიმპერიო კარის მოხელე იყო თეოდოსი II იმპერატორის დროს და რომელსაც ეს წიგნი მიუძღვნა პალადიმ. ნაშრომი შედგენილი გახლავთ 419-420 წლებში და მასში მოცემულია სრული აღწერა იმ სამონასტრო და განდეგილური მოძრაობისა, რაც ზემო ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, აზიაში იყო გავრცობილი და მიმდინარეობდა IV ს-ში. ამ კუთხით [13]შესაბამისად იგი უკიდურესად მნიშვნელოვანი ძეგლია ინფორმატიული თვალსაზრისით ადრეული მონასტიციზმის სრულყოფილად შესწავლის მხრივ. ეს შრომა პალადის მიერ შედგენილია მისი პირადი გახსენებების საფუძველზე იმ ინფორმაციის შესაბამისად, რაც თვით მას მოუპოვებია, რომლის უშუალო მონაწილე თვითონ იყო და რაც მან მიიღო უაღრესად სარწმუნო პირთაგან, მუდაბნოეთა მოწაფეებისაგან. როგორც ჩანს პალადი იმყოფებოდა ანტონი დიდის ცხოვრების (შრომის) გავლენის ქვეშ, რაც ათანასე ალექსანდრიელმა დაწერა, თუმცა მისი ეს ნაშრომი თვალშისაცემ პარალელს ამჟღავნებს აგრეთვე ელინისტური ლიტერატურის ბიოგრაფიულ ჟანრთან, ბიოგრაფიული ჟანრის ძეგლებთან. ეს მსგავსებანი წლების მანძილზე შეისწავლება და საგულისხმო დასკვნები გამოტანილია. “ლავსაიკონი” მალევე ითარგმნა ლათინურად იმავე V ს-ის I ნახევრში ან შუა წლებში. [14]ასევე ცნობილია ვერსია აღმოსავლურ ენებზე, მათ შორის ძველ ქართულადაც წმ. ეფრემ მცირის თარგმანი (სხვათაშორის გამოსაცემად მზადდება) ეს ერთ-ერთი უდიდესი საისტორიო ძეგლი მეუდაბნოეების შესახებ.

რაც შეეხება ბერძნული ტექსტის ისტორიას, ეს საკითხი ბოლო წლებამდე გამოცანად რჩებოდა, იმიტომ, რომ სხვადასხვა მოცულობის რედაქციებია ცნობილი, კონკრეტულად ორი რედაქცია. ეს საკითხი იმდენად პრობლემური და აქტიური იყო, რომ ბიბლიოგრაფია საკმაოდ შთამბეჭდავია მასთან დაკავშირებით. თუმცა ამ კუთხით ჩვენს რადიო საუბრებში მსჯელობა ალბათ ნაკლებად მიზანშეწონილია.

პალადის მეორე ნაშრომი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა, გახლავთ იოანე ოქროპირის ფაქტობრივად ცხოვრება, ასე შეიძლება ითქვას, თუმცა ბერძნულში მას ეწოდება სიტყვა-მიგება ანდა საუბარი იოანე ოქროპირის ცხოვრების შესახებ, რაც მან დაახლოებით 408 წელს დაწერა, როდესაც ექსორიობაში იყო. ეს ძეგლი გახლავთ [15]იოანე ოქროპირის ცხოვრების ყველაზე ობიექტური, ყველაზე ადრეული წყარო. საკუთრივ ლიტერატურულ მოდელად მკვლევართა მიერ ამ ძეგლისა მიჩნეულია პლატონის ცნობილი დიალოგი “ფედონი”, თუმცა ესაა მხოლოდ, თავისთავად ცხადია, ფორმობრივი და სტილური მსგავსება. ამ ნაშრომის ქართული თარგმანი ეკუთვნის წმინდა ეფრემ მცირეს (სხვათაშორის გამოცემულია. 1976 წელს გამოიცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია ქალბატონ ნარგიზა გოგუაძისა -  “სექტემბრის თვის მეტაფრასული საკითხავები”, სადაც მოთავსებულია აგრეთვე იოანე ოქროპირის ვრცელი ტექსტი წმინდა ეფრემ მცირისგან ქართულად თარგმნილი. თუმცა ქართულად მოგვეპოვება აგრეთვე უფრო ადრინდელი, X საუკუნემდელი, თარგმანი, რომელიც თავის დროზე ქალბატონმა რუსუდან გვარამიამ გამოაქვეყნა).

აგრეთვე უნდა ვახსენოთ პალადი ჰელენოპოლელთან დაკავშირებით მცირე ზომის შრომა სახელწოდებით [16]“ინდიელ ტომთა და ბრაჰმანთა შესახებ”, რაც სწორედ პალადის ავტორობით არის ჩვენამდე მოღწეული და რაც ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელთაგანაც მხოლოდ პირველი თუ შეიძლება ჩვენ დავუკავშიროთ პალადის ავტორობას. მასში გადმოცემულია იმ გამოცდილებათა შედეგები, რაც ეგვიპტელ მოღვაწეს მიუღია ინდოეთში მოგზაურობის ჟამს. პირველ ნაწილში ეს გახლავთ გადმოცემული და ნაუწყები. რაც შეეხება მეორე და მესამე ნაწილებს, მკვლევართა აზრით შესაძლოა ეს ნაწილები მიეკუთვნებოდეს ისტორიკოს არიანეს, ხოლო მეოთხე ჩვენთვის უცნობ ქრისტიან ავტორს. ამ ნაშრომის მთელი ტექსტი შემონახული გახლავთ ერთ-ერთ ხელნაწერში, ისევე როგორც მოღწეულია მისი ლათინური თარგმანი, რასაც ჩვეულებრივ წმინდა ამბროსი მედიოლანელს აკუთვნებენ. ეს თხზულებაც თუ გამოიცემა მრავალი კუთხით უთუოდ ინტერესს აღძრავს მსმენელისას, [17]მკითხველისას და ასკეტიზმისა და ზოგადად ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიით დაინეტერესებული ყველა პირისას.

 

294–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=CS7C8bNZI2o

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

 

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 30 April 2016 17:06)