Georgian (Georgia)English (United Kingdom)
298

მარკელოზ ანკვირელი (IV ს.)

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ არიანული ცრუ მოძღვრების ერთ-ერთ წარმომადგენელს, ფაქტობრივად ერთადერთ გამოკვეთილ საეკლესიო ავტორს ასტერიოზ სოფისტს და როგორც დასასრულს აღვნიშნავდით (ისედაც ხშირად ვახსენებდით ამ პიროვნებას – მარკელოზ ანკვირელს) საფიქრებელია, რომ მარკელოზ ანკვირელის შესახებ არსებული ინფორმაციის წარმოდგენა არიანელებთან დაკავშირებული ეპოქის (IV ს-ის I ნახევრის) ნათლად გაცოცხლებისათვის, ალბათ საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც წოდება ცხადყოფს მარკელოზი გახლდათ ანკვირიის ეპისკოპოსი. 325 წელს ნიკეის მსოფლიო კრებაზე იგი წმინდა ათანასესთან ერთად ერთ-ერთი შეუპოვარი მოპირისპირე იყო არიანელებისა და უერთგულესი დამცველი იმ სარწმუნოებისა, რასაც არიანელები განაქიქებდნენ. [1]მან ეს შეურიგებელი ომი არიანელთა წინააღმდეგ შემდეგშიც განაგრძო და 335 წელს მან გამოაქვეყნა (როდესაც უკვე ხანდაზმული იყო) საკმაო მოცულობის ნაშრომი ასტერიოს სოფისტის წინააღმდეგ, იმ პიროვნების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ წინა საუბარში შევეხეთ. ასტერიოსისადმი მიმართული მარკელოზის ეს განმაქიქებელი ნაშრომი, რა თქმა უნდა, არიანელთაგან უაღრესად მტკივნეულად იქნა აღქმული, რადგანაც ამ ძეგლში იგი არა მხოლოდ ასტერიოს სოფისტის მოძღვრებას განაქიქებდა, არამედ შეურიგებლად და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, უკიდურესი გამძაფრებით თავს ესხმოდა აგრეთვე ორ ევსების (ევსები კესარიელს, საელესიო ისტორიკოსს და ევსები ნიკომიდიელს, ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულ და ცალკეც განხილულს, როდესაც მას სპეციალური საუბარი დავუთმეთ), რომლებიც არიანელთა შორის იყვნენ გამოჩინებულნი. [2]თავის მხრივ ევსებიელთა პარტიის უკუ რეაქცია, ე.ი. ევსები ნიკომიდიელის მიმდევართა უკუ რეაქცია მარკელოზის შრომაზე იყო მყისიერი და უაღრესად მგზნებარე. თვით ევსები კესარიელმა ცალკე დაწერა ნაშრომი მარკელოზის წინააღმდეგ და აგრეთვე თხზულება “საეკლესიო თეოლოგიის შესახებ”, სადაც ევსები კესარიელი არა მხოლოდ თავის თავს იცავს, არამედ საპირისპირო ბრალდებებითაც გამოდის მარკელოზის წინააღმდეგ და აქ უკვე გვხვდება მარკელოზის დადანაშაულება საბელიანიზმში. ჩვენ უკვე ავღნიშნავდით იმასთან დაკავშირებით, რომ მარკელოზმა სამწუხაროდ ვერ დაიცვა მართმადიდებლური ზომიერება პაექრობის ჟამს და ამხილებდა რა არიანელობას და ასაბუთებდა რა ძე ღმერთის ბუნებით ღმერთობას, ეს დასაბუთება მეორე უკიდურესობამდე მიიყვანა და ძე ღმერთი მამა ღმერთთან არა მხოლოდ ბუნებითი იგივეობის მქონედ წარმოაჩინა, არამედ პიროვნული [3]იგივეობის მქონედაც დაგვისახა. ეს ცრუ მოძღვრება (საბელიანიზმი) მარჯვედ იქნა შემჩნეული არიანელთაგან, რომლებმაც მყისვე დაადანაშაულეს მარკელოზ ანკვირელი საბელიანიზმში. მარკელოზის ეს ანტიერეტიკული ნაშრომი კონსტანტინე დიდსაც წარუდგინეს არიანელებმა და ეს ბრალდებანი მათი მარკელოზის წინააღმდეგ იმპერატორის თვალწინ წარმოადგინეს. ამის შედეგად მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლში 336 წელს სინოდი, სადაც მარკელოზის ხსენებული წიგნი ასტეროს სოფისტის წინააღმდეგ დაგმობილ იქნა, ხოლო მარკელოზი გადაყენებულ იქნა ანკვირიის საეპისკოპოსო საყდრიდან რის შემდეგაც იგი გადაასახლეს, ექსორია-ჰყვეს. შემდეგში მარკელოზი ათანასესთან ერთად ესწრებოდა იმ საეკლესიო კრებას, რაც ჩვენ ათანასეს ბიოგრაფიის განხილვისას ვახსენეთ და რაც პაპი იულიუსის მიერ იქნა რომში მოწვეული 340 წელს. ამ დროს [4]მარკელოზი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მერყეობს და ჯერ კიდევ ყოვლითურთ განდგომილი მართლმადიდებლობისგან არ არის. ამ კრებამ გაითვალისწინა მისი დამსახურება არიანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ხაზგასმულ იქნა, რომ იგი როგორც ანკვირიის ეპისკოპოსი ერთ-ერთი შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო არიანული ცრუ სწავლებისა, მაგრამ ამავე კრებამ დაადანაშაულა იგი ერესში, იმ ერესში, რაც თავის დროზე არიანელებმაც შეამჩნიეს მასში (ე.ი. საბელიანიზმში). პაპმა იულიუსმა მოითხოვა მისი მხრიდან რწმენის აღსარება წერილობით, მარკელოზმა დაწერა კიდეც წერილობითი აღსარება საკუთარი სარწმუნოებისა და როგორც ჩანს ამ წერილობით დოკუმენტს მხოლოდ მარკელოზის მოძღვრება არ ქმნიდა, არაა გამორიცხული, რომ ათანასე ალექსანდრიელმა იმ მომენტში მას დახმარება გაუწია და კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, რომ მართლმადიდებლობის წიაღში მოქცეულიყო. ამიტომ თვით ეს აღწერილობა, რასაც სარწმუნოების [5]გადმოცემა ეწოდება (ჩვეულებრივ ლათინურენოვნადაა ეს ცნობილი – “პროფესიო ფიდეია” ანუ სარწმუნოების აღსარება), კრების მიერ მართლმადიდებლურად იქნა მიჩნეული და შესაბამისად ამ სინოდმა უარყო ის მსჯავრი, რაც კონსტანტინოპოლის კრებამ გამოიტანა 336 წელს და რის საფუძველზეც მარკელოზი ანკვირიის ეპისკოპოსობიდან გადააყენეს. ამ კრების მიხედვით (რომის) ეს სასჯელი გაუქმებულ იქნა.

შემდგომში 343-344 წლებში გამართულ სარდიკიის ცნობილ კრებაზე, რომელიც ჩვენ თავის დროზე დეტალურად განვიხილეთ, კვლავ გაისმა მისდამი იგივე ბრალდება, უფრო სწორად ბრალდების ის ფორმულირება, რაც არიანელებმა, სხვათაშორის, სავსებით სამართლიანად შენიშნეს მასში, ე.ი. საბელიანიზმის ბაცილა, და აგრეთვე პავლე სამოსატელის ცრუ სწავლება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მაცხოვარი იესო ქრისტე უბრალო ადამიანი იყო. ამავე კრებაზე სხვა მწვალებლური აზრებიც შემჩნეულ იქნა მარკელოზის შრომებში, კერძოდ [6]მონტანისტური ცრუ სწავლებაც და ეს ყოველივე (ე.ი. ერთი მხრივ მონტანიზმი, პავლე სამოსატელის ცრუ მოძღვრება ადოფტივიანიზმი და საბელიანიზმი) კრების განმარტებით აღრეულად და შეთქვეფილად იყო მარკელოზის შრომებში გაჟონილი. ამ კრებაზე მიღებულ ენციკლიკაში თქმული იყო იმის შესახებ, რომ მარკელოზის წიგნი, რაც ამ კრებაზე წაკითხულ იქნა, საფუძველი გახდა იმისა, რომ ევსებისა და მის მიმდევართა ცრუ მოძღვრება კიდევ ერთხელ გამოაშკარავებულიყო. მაგრამ ამავე დროს მომდევნო ნაწილებში წიგნისა, რაც კვლავაც წაკითხულ იქნა კრებაზე, და წინამორბედ ნაწილებშიც, მხილებანი არიანელთა წინააღმდეგ საზღვრებში ყოველთვის არ არის დატევნილი, თუმცა კი, - მიუთითებს ეს კრება, არიანელთა მრავალი ბრალდება მის წინააღმდეგ, საფუძველს მოკლებულია. კრებამ საბოლოოდ მაინც დადებითი დასკვნა [7]გამოიტანა მარკელოზთან დაკავშირებით, იგი აღდგენილ იქნა თავისი ეპარქიის მწყემსად, რამაც სხვათაშორის დიდი მშფოთვარება გამოიწვია ანკვირიაში (ეს უწყებულია სოკრატესა და სოზომენეს, ორი საეკლესიო ისტორიკოსის, მიერ). ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ (347 წელს) იგი კვლავ გადაყენებულ და გადასახლებულიც იქნა, ამ შემთხვევაში უკვე იმპერატორ კონსტანციუსის მიერ, ე.ი. იმ იმერატორის მიერ (კონსტანტინე დიდის შვილის), რომელიც არიანული ორიენტაციისა იყო. მისი შემდგომი ბედი ჩვენ არ ვიცით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 374 წელს უნდა გარდაცვლილიყო. მეორე მსოფლი კრებაზე უკვე სრულყოფილად იქნა, მისხალ-მისხალ შესწავლილი და გამოწვლილილი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, წერილობითი მემკვიდრეობა და აღმოჩენილი ცრუ სწავლებების საფუძველზე კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებაზე 381 წელს იგი დაიგმო როგორც ერეტიკოსი.

რაც შეეხება მარკელოზ ანკვირელის ნაშრომებს. [8]საკუთრივ ის წიგნი, რომელიც მან დაწერა ასტერიოზის წინააღმდეგ და რამაც მას ყველაზე დიდი სახელგანთქმულობა შესძინა და ამავე დროს ყველაზე მეტი პრობლემები შეუქმნა, ჩვენამდე შემონახული არ გახლავთ. ჩვენ მისი სახელწოდებაც კი არ ვიცით ზუსტად, ე.ი. თუ რა ერქვა ამ შრომას. ჰილარიოუს პიქატავიელი ეხება ამ წიგნს და ასახელებს მას, მაგრამ სათაური მის მიერაც არ არის იმდაგვარად მოწოდებული, რომ ჩვენ ნამდვილ ტიტულად მივიჩნიოთ, ამიტომ რაიმე გარვეულის თქმა ხსენებულ ძეგლზე დღეისათვის, ინფორმატიული თვასაზრისით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთადერთი რაც უფრო მეტად გაგვაცნობიერებინებს ამ ძეგლს, გახლავთ ის ციტირებანი ევსები კესარიელის ანტიმარკელიტურ ნაშრომში რომ არის მოტანილი სახელწოდებით “მარკელოზის წინააღმდეგ” და აგრეთვე [9]მეორე შრომაში, ზემოთ რომ ვახსენეთ, “საეკლესიო ღვთისმეტყველების შესახებ”, სადაც დაახლოებით 127 ამგვარი ციტირებაა. აგრეთვე ბოლო ხანებში გამოვლენილ იქნა სხვა ექსცერპტიც ამ წიგნისგან, რაც წმინდა ეპიფანე კვიპრელის ანტიერეტიკულ ნაშრომშია მოტანილი, კერძოდ იმ ნაწილში, სადაც ეპიფანე კვიპრელი უარყოფს და გმობს აკაკი კესარიელს, რომელიც ევსები კესარიელის მომდევნო ეპისკოპოსი იყო კესარიის სამღვდელმთავრო ტახტზე. აი ამ აკაკი კესარიელმაც დაწერა მარკელოზის წინააღმდეგ შრომა და ამ ნაშრომის განხილვასთან დაკავშირებით ეპიფანე კვიპრელს მოაქვს ექსცერპტი თვით მარკელოზის ხსენებული ძეგლიდან. ეს ფრაგმენტები კარგა ხანია თავმოყრილია, პუბლიცირებულიცაა, დაინეტრესებულ პირს შეუძლია ნახოს და უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნას მარკელოზის პოზიციაზე ზოგადად არიანელთა მიმართ და ამავე დროს იმ გაუკუღმართებების მხრივაც, რაც მის [10]ნაშრომებში განსაკუთრებით მეორე მსოფლიო კრებაზე შემჩნეულ იქნა.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევსები კესარიელი, რა თქმა უნდა, მიკერძოებული მოწმეა და ამუქებს სიტუაციას, ალბათ ძნელად იქნება უარყოფილი ის ფაქტი, რომ ანკვირიის ხსენებული ეპისკოპოსი მარკელოზი ამ დროისთვის ევსებისთვის მართლაც გადახრილი იყო საბელიანიზმისკენ. შემდეგში ეს სრულიად აშკარა გახდა, თუმცა სარდიკიის კრებაზე მიღებული გამართლება მარკელოზისა ასევე, როგორც ეს მკვლევართა მიერ უეჭველად თვალნათლივაა ნაჩვენები, მართებულია, რადგანაც სარდიკიის კრებამ მარკელოზი გაამართლა კონკრეტულად ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით მისდამი, რაც ყველაზე ხშირად გამოითქმოდა არიანელთა მხრიდან. არიანელთა ეს ბრალდება მდგომარეობდა იმაში, რომ მარკელოზი ღვთის სიტყვას დაუსაბამოდ აღიარებდა. მოგეხსენებათ ეს არიანელთათვის შეცდომა იყო, რადგან ისინი დასაბამიერად და ქმნილებად თვლიდნენ ღვთის [11]სიტყვას. ამ პუნქტში, თავისთავად ცხადია, სარდიკიის კრებამ დაასკვნა, რომ მარკელოზის მოძღვრება ჭეშმარიტებაა, ღვთის სიტყვა უთუოდ დაუსაბამოა, მაგრამ კრებას არ განუხილავს კონკრეტულად ის საკითხი, თუ როგორია ჰიპოსტასური მიმართება ძე ღმერთისა და მამა ღმერთისა. საფიქრებელია, რომ ამ დროისათვის თვით მარკელოზსაც ბოლომდე ჩამოყალიბებული თავისი ცრუ სწავლება არ ჰქონდა, ის ათანასეს გვერდით გარვეულწილად ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ ხედვას, მაგრამ შემდეგ და შემდეგ მას გადახრა საბელიანიზმისკენ და როგორც თქმულია აგრეთვე პავლე სამოსატელის ცრუ მოძღვრებისკენ, იმდენად გამკვეთრდა, რომ როგორც ავღნიშნეთ მეორე მსოფლიო კრებამ უყოყმანოდ განკვეთა იგი. ეს უპირობო იყო რადგანაც გარკვეულ ფრაგმენტებში, რაც დღეისათვის შემონახულია და რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მარკელოზი პირდაპირ მიუთითებდა, რომ ძე ღმერთი, რომელიც არ არის წარმოქმნილი, შესაბამისად არ არის ცალკე პიროვნებაც, და რომ თითქოსდა მხოლოდ [12]ღმერთკაცი ქრისტე არის პიროვნება ანუ ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე, რომელიც განკაცდა, განკაცებამდე პიროვნება არ იყო. დებულება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რა დებულებამდეც ბოლოს მივიდა მარკელოზი, არიანულ ცრუ სწავლებაზე არანაკლებ შემზარავი და უყოყმანოდ განსაკვეთი იყო. კერძოდ ეს დებულება გახლდათ ასეთი, რომ “არ არსებობდა ძე ღვთისა განკაცებამდე”. ე.ი. აზრი და საუბარი იმასთან დაკავშირებითაა, რომ მამა ღმერთში პოტენციურად არსებობდა სიბრძნე და ძალი, განუყოფელი, შეუქმნელი და დაუსაბამო მისგან, მაგრამ არა ცალკე პიროვნებად, თითქოსდა ცალკე პიროვნულობა და იგივე ძეობა მამაში იმანენტურად არსებულმა სიბრძნემ და ძალმა მაშინ შეიძინა, თითქოსდა მხოლოდ როდესაც იგი განკაცდა და ღმერთკაცი გახდა.
მარკელოზის ის შრომა, რომელიც მან წერილობით წარმოადგინა პაპ იულიუსის მიერ გამართულ რომის კრებაზე, რასაც “სარწმუნოების აღსარება” ჰქვია, შემორჩენილი გახლავთ. ეპიფანე კვიპრელმა მთელი ეს ტექსტი შემოგვინახა [13]ჩვენ, როგორც მარკელოზის მიმდევართა წინააღმდეგ დაწერილი მისი თავის, ე.ი. ეპფანესგან დაწერილი შესაბამისი თავის, შესავალი ნაწილი, ეს კერძოდ არის 72-ერესის II-III მუხლი. და მკვლევართა დასკვნა ერთია, რომ აი ეს ფორმულირება საკუთარი მრწამსისა ჯერ კიდევ არ გამოკვეთს მარკელოზის ცრუ სწავლების იმ შემზარავ დებულებებს, რაც შემდეგში აბსოლუტურად ცხადია, და ეს ფორმულირება სავსებით შესაძლებელი იყო, რომ რომში გამართულ სინოდს ჯერ კიდევ მართლმადიდებლურად მიეჩნია და მისი ანათემირება არ მოეხდინა.

გარკვეულია, რომ მარკელოზია აგრეთვე ავტორი პატარა მოცულობის ძეგლისა სახელწოდებით “წმინდა ეკლესიის შესახებ”. ეს ძეგლი შემორჩენილი გახლავთ ორ ხელნაწერში XIII-XIV საუკუნეებისა. თვით ეს ხელნაწერები ხსენებულ ძეგლს განუკუთვნებენ ნიკომიდიის [14]ეპისკოპოს ანთიმოზს, რომელიც 302 წელს მარტვილურად აღესრულა, მაგრამ ერთ-ერთმა ფრანგმა მკვლევარმა 1949 წელს მთელი მეცნიერული საფუძვლიანობით აჩვენა, რომ ამ ძეგლის ნამდვილი ავტორი არის სწორედ მარკელოზ ანკვირელი, რომ ანთიმოზ მოწამე მისი ავტორი ვერანაირად ვერ იქნებოდა. ეს ძეგლი ეხება იმ ნიშნებს, რითაც აღბეჭდილია ჭეშმარიტი ეკლესია. ესაა ერთიანობა, საყოველთაოობა (ანუ კათოლიკეობა საყოველთაოობის გაგებით) და მოციქულობა, აპოსტოლურობა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე, სამოციქულო და, რა თქმა უნდა, იგულისხმება რომ წმინდა, რაც მარკელოზისგან ცალკე გამოყოფილი არ არის.
ზემოთ დასახელებული ძეგლებით არ ამოიწურებოდა მარკელოზის ლიტერატურული მოღვაწეობა. ნეტარი იერონიმე აღნიშნავს, რომ მას დაწერილი ჰქონდა მთელი ტომები, განსაკუთრებით არიანელთა წინააღმდეგ, [15]რომლებშიც იგი ამავე დროს საკუთარ თავსაც იცავდა იმ ბრალდებებისგან მისდამი რომ არიანელთაგან იყო წამოყენებული. ამავე ნაშრომებში მარკელოზი მკვეთრად უსვამდა ხაზს თავის მეგობრობას რომისა და ალექსანდრიის ეპისკოპოსებთან (როგორც ჩანს აქ იგულისხმება იულიუს I რომის პაპი და წმინდა ათანასე ალექსანდრიელი) და ამ მეგობრობაზე ხაზგასმა მისგან ხდებოდა იმის დასადასტურებლად, რომ იგი მართლმადიდებელი იყო. თუმცა ეს ე.წ. ტომები, როგორც იერონიმე ამბობს, ჩვენამდე არ შემონახულა.

ზოგი მკვლევარი ფიქრობდა, რომ მარკელოზი შესაძლოა ყოფილიყო ავტორი ძეგლისა “დიდი ქადაგება სარწმუნოების შესახებ”, აგრეთვე “სარწმუნოების გადმოცემა”, რომელიც (ეს უკანასკნელი) მიკუთვნებული იყო ათანასესადმი, მაგრამ ჯერჯერობით ეს იდენტიფიკაცია კვლავაც ჰიპოთეზად რჩება.

ალბათ ესაა ის ყველაფერი რაც ჩვენ შეიძლებოდა, რომ მარკელოზ ანკვირელთან დაკავშირებით გვეთქვა.

 

ბასილი ანკვირელი (IV ს.)

[16]ანკვირიის ეპარქია ამ ეპოქაში მხოლოდ ამ გაუკუღმართებული პირით არ გახლავთ წარმოდგენილი. უფრო ღირსეულ ადგილს იკავებს ბასილი ანკვირელი, რომელმაც სამწყსო ჩაიბარა ძნელბედობის ჟამს 336 წელს, როდესაც ჩვენს მიერ ხსენებულმა კონსტანტინოპოლის კრებამ ექსორია-ჰყო მარკელოზ ანკვირელი. სწორედ აქედან იწყება ბასილის ეპისკოპოსობა ანკვირიაში, მაშინ მოხდა მისი ხელდასხმა, ე.ი ის მომდევნოა მარკლოზისა საეპისკოპოსო საყდარზე. იგი გახლდათ ექიმი და როგორც სოზომენე, საეკლესიო ისტორიკოსი, აღნიშნავს ადამიანი გამორჩეული მჭერმეტყველებისა და განსწავლულობისა და შესაბამისად რთული იქნებოდა, რომ ამგვარი პიროვნება არ ჩართულიყო დოგმატურ დაპირისპირებებში თავისი დროისა. ეს ასეც მოხდა და ბასილი ანკვირელის პიროვნებამ საკმაო გამოხმაურება და განთქმულობა შეიძინა 40-იან წლებში. მის შესახებ წმინდა ათანასე ალექსანდრიელი საგანგებოდ აღნიშნავს. [17]ამ პიროვნების ხვედრის პრობლემურობა შეიძლება ითქვას დღემდე რჩება და ეს საკითხები კვლავაც იმ ეპოქის უკეთ გაცოცხლებას ემსახურება, რომელი ეპოქის შესახებ საათანადო წყაროებს იმავე წესით გადმოგცემთ, როგორც ეს წინარე ავტორებთან დაკავშირებით შევასრულეთ, მარკელოზ ანკვირელთან, ასტერიოს სოფისტთან და სხვებთან. გაუკუღმართებანი ცხადია უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ გაუკუღმართებათა გამო ამ პერიოდის მეტნაკლებად ცნობილ პიროვნებათა შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვა, რა თქმა უნდა, არასწორია. ეს ინფორმაცია, რაც კი არსებობს, რაც კი შემორჩენილია და უფრო მეტიც, რაც არსებითია (შესაძლოა ყველა არა), ალბათ წარმოდგენილი უნდა იქნეს, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი ჟამი, ურთულესი თავისი სიმძიმითაც (ცხადია არა გაურკვევლობის გამო ურთულესი. ათანასე ალექსანდრიელის მოღვაწეობამ ამ ეპოქას მკვეთრი გარკვეულობა შესძინა იმასთან დაკავშირებით თუ რა საშინელებაა არიანელობა, რა გაუკუღმართებანი განიცადეს არიანელთა წინააღმდეგ [18]ბრძოლაში ზოგიერთმა ისეთმა პირებმა, რომლებიც თავდაპირველად მყარ მართლმადიდებლურ პოზიციებზე იდგნენ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, წყაროთა საფუძველზე არავითარ გაუგებრობას არ იწვევს). სირთულეში ვგულისხმობთ იმ სიმძიმეს, რომ ესოდენი შემოტევები დაძლეული ყოფილიყო. ამ რთულ ეპოქაში ყველა პიროვნება დაუყოვნებლივ მართებულ არჩევანს ვერ აკეთებდა ამა თუ იმ შემთხვევაში, ზოგჯერ შეიძლებდა რაღაც ტერმინი მას მოჩვენებოდა გაუკუღმართებულად და სინამდვილეში ეს ტერმინი ყოვლად საღვთო ყოფილიყო, როგორც ათანასე ალექსანდრიელისგან შემოტანილი “ჰომოუსიოსი” ანუ “თანაარსი”. ეს პრობლემა უკავშირდება ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში ბასილი ანკვირელს. მაგრამ ასეთი პრობლემურობა და გაურკვევლობა ამა თუ იმ პიროვნებისა, რომელიც სათანადოდ მომზადებული არ იყო, ეკლესიის მიერ მხედველობაში იყო მიღებული, გათვალისწინებული და ჩვენც ამ თვალით უნდა შევხედოთ გარკვეულ მოღვაწეებს, რომლებმაც ცდომილებანი დაუშვეს მათდაუნებურად მოუმზადებლობის გამო და არა შინაგანი მყარი გაუკუღმართების გამო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. [19]ამიტომ ბასილი ანვირელის შესახებ საუბარიც ვფიქრობ საყურადღებოა, საჭიროა, იმგვარი პირების წარმოსაჩენად, რომლებიც თუმცა გაუკუღმართებულნი შინაგანად არ იყვნენ, მაგრამ ვითარებაში გაურკვევლობის გამო სირთულეების წინაშე დადგნენ სწორედ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო პოზიციებიდან, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ შემდგომ შეხვედრაზე ვისაუბრებთ.

 

298–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=qGd5QvG8eBo

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 29 APRIL 2016 19:25)