Georgian (Georgia)English (United Kingdom)
299

ჩვენ წინა შეხვედრებზე მიმოვიხილეთ მოღვაწეთა და ავტორთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ ყურადღებას იმსახურებდნენ საეკლესიო ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით და ფაქტობრივად მივადექით იმ ზღურბლს, როდესაც აუცილებელი ხდება სპეციალური განხილვა IV ს-ის შუა წლებისა და II ნახევრის ალბათ ყველაზე უფრო გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეების შრომებისა, სამი ცნობილი კაბადოკიელი მამისა – ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელისა.
კაბადოკიელ მამათა მოღვაწეობის შეფასება (ვგულისხმობთ ხსენებულ მოღვაწეებს) ადვილი არ გახლავთ. მათი ცხოვრებაც და მათი შრომებიც უკვე არაერთგზის ქცეულა და კვლავაც მრავალგზის იქცევა სპეციალური დაკვირვების, შესწავლის, განსაკუთრებული და საგანგებო ანალიზის საგნად და [1]იმედს დავიტოვებთ, რომ შესასწავლი ისევ და ისევ ბევრი დარჩება. ამოუწურავია ის სიღრმე ღვთისმეტყველებისა, რაც ხსენებულმა მოღვაწეებმა თავიანთი ნაშრომების სახით ჩვენს წინაშე წარმოაჩინეს და რითაც მათ განსაზღვრეს საეკლესიო ღვთისმეტყველების გეზი, ფორმა და ის პერსპექტივები, რამაც განშტოებათა სახით სრულყოფილი ხორცშესხმა მოგვიანო საუკუნეებში მიიღო.

თითოეულად, კაბადოკიელ მამათა სამეულიდან, განხილვა ხსენებული მოღვაწეებისა დაცალკევებით, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მაგრამ რადგანაც ამავე დროს აბსოლუტურად ცხადია მათი მოღვაწეობის ერთმთლიანობა და განუყოფლობა, ვფიქრობთ, პირველ რიგში მაინც გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ მათი ღვაწლი მთლიანობითი, ურთიერთგამთლიანებული განუყოფლობით [2]განვიხილოთ, შევაფასოთ და შემდგომ შევეხოთ თითოეული მოღვაწის ცხოვრებას და შრომებს სხვათაგან გამოცალკევებულად.

როდესაც კითხვა ისმის, თუ აუცილებლობა დგება იმისა, რომ განიმარტოს თუ რა არის რაობა, თვისება, მახასიათებელი კაბადოკიელ მამათა ღვაწლის განსაკუთრებულობისა, აი ეს განსაკუთრებულობა რა არის და რაში მდგომარეობს, პასუხი არაერთმნიშვნელოვანი, არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს, მაგრამ ლაკონურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მაინც შესაძლებელია თავმოყრილად, შეჯამებულად, დებულების სახით ამ ღვაწლის განსაკუთრებულობის განმარტება, განსაზღვრება, განსაზღვრების მოწოდება, ჩამოყალიბება, როგორც დანასკვი, მათ ცხოვრებასა და შრომებზე დაკვირვების შემდეგ. მაგრამ ეს დასკვნა, ეს, ასე ვთქვათ, ლაკონური დებულება მათი ღვაწლის [3]შემფასებელი ჩვენ რომ წარმოვადგინოთ, უპირველეს ყოვლისა იმას გავუსვამთ ხაზს, რომ კაბადოკიელ მამათა მოღვაწეობაში და საკუთარ ცხოვრებაში (ჩვენ ორივე მხარეს, ე.ი. ყოფით მოღვაწეობას, საქმით ღვაწლს და მეორე მხრივ ლიტერატურულ ღვაწლს, შრომებს ერთმთლიანად იმიტომ წარმოვაჩენთ, რომ ხსენებულ მამათა მიმართაც და ყველა ჭეშმარიტ საეკლესიო მოღვაწესთან დაკავშირებითაც, ეს განუყოფლობა ყოფითი ცხოვრებისა ანუ საქმისა და წერილობითი სწავლებებისა, გნებავთ ზეპირი ქადაგებებისა ანუ მოძღვრებისა, არის ყოველთვის გამოკვეთილი. ცხოვრება დაცილებული მოძღვრებისგან ჭეშმარიტ საეკლესიო მოღვაწეთა მხრივ, რა თქმა უნდა, ყოვლად შეუძლებელია, რომ გამოკვეთილი იყოს. მათ ვალდებულებაც ქონდათ, რომ საკუთარი მოძღვრება, სხვებს რომ ასწავლიდნენ, ჯერ თვითვე განეხორციელებინათ [4]საკუთარ ცხოვრებაში, საქმეში განეხორციელებინათ და შემდგომ მიეღოთ უფლებამოსილება სხვებისთვის ქადაგებისა, სხვების დამოძღვრისა) განუყოფლობა ცხოვრების წესისა და სამოძღვრო სწავლებისა აბსოლუტურად აშკარაა. შესაბამისად კაბადოკიელმა მამებმა საკუთარ ცხოვრებაშიც და საკუთარ წერილობით სამოძღვრო ღვაწლშიც, ერთი მხრივ, სრულყვეს, შეაჯამეს, გაამთლიანეს, ყველა ის სასიკეთო და წარმატებული ნაბიჯი, რაც კი წინარე საუკუნეებში ეკლესიის მამათა მოღვაწეობაში გამოკვეთილა.

თუ ამ შემთხვევაში მაინც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სამოძღვრო ანუ შინაარსობრივ მხარეზე, შევახსენებთ მსმენელებს, რომ ვიდრე IV ს-ის შუა წლებამდე კაბადოკიელი მამების წინარე ეპოქაში, საეკლესიო ტრადიციაში განსაკუთრებით [5]გამოკვეთილი იყო ორი სკოლარული ტრადიცია – ალექსანდრიული და ანტიოქიური. თუმცა ეს შეხედულება ფაქტოლოგიურად ყოველთვის მართებული არ გახლავთ. ზოგადად მართლაც დამკვიდრებულია ეს აზრი, რომ არსებობდა ალექსანდრიული სკოლა, არსებობდა ანტიოქიური სკოლა და თითქოს ამით ამოიწურებოდა უადრესი საუკუნეების საეკლესიო სამწერლობო, სამოძღვრო და სამოღვაწეო ისტორია ზოგადად. პირველობა და მეწინამძღვრეობა ხსენებული ორი სკოლისა უეჭველია, რა თქმა უნდა, ისინი სიმბოლოებადაც კი იქცნენ ამა თუ იმ მიმართულებისა საეკლესიო მართლმადიდებლურ ტრადიციაში, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია. კერძოდ ალექსანდრიული სკოლა ესაა ბიბლიური მოძღვრების წვდომა მისტიკური ალეგორიზმის ხედვით, ანუ საღვთო წერილის აღქმა, როგორც საიდუმლოებითად ნაუწყები წმინდა ცოდნისა და მეორე მხრივ ანტიოქიური სკოლა, როგორც იმავე საღვთო წერილის [6]აღქმა ზნეობრივი სახელმძღვანელოს ხედვით, სათნებითი ღვთისმეტყველების ასპექტით. აი ეს ორი ურთიერთშემავსებელი და ერთიმეორისგან განუყოფელი ხედვა და აღქმა საღვთო წერილისა, როგორც განღმრთობის და ცხონების წიგნისა, რა თქმა უნდა, სწორედ ამ სასწავლებლებში (ალექსანდრიულში და ანტიოქიურში) ისხამდა ხორცს და ხორციელდებოდა. მაგრამ, კვლავ ავღნიშნავთ, ეს არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ეს ორი საღვთო სკოლარული ტრადიცია იყო კაბადოკიელთა მოღვაწეობის წინმსწრებ პირველ საუკუნეებში ქრისტიანობისა. მათ გვერდით უძველესი ეპოქიდანვე შესამჩნევია, აგრეთვე, გნებავთ რომაული საღვთისმეტყველო ტრადიცია, სამოძღვრო-სამოღვაწეო ტრადიცია, დაწყებული წმინდა კლიმენტი რომაელიდან, რომლის მოღვაწეობა და შრომები ჩვენ შეძლებისდაგვარად განვიხილეთ, და შემდგომ და შემდგომ მომდევნო ეპოქის მოღვაწეთაგან სრულქმნილი, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებამდე აყვანილი. [7]ანუ რომაული მართლმადიდებლური ტრადიცია უადრეს ეპოქაში საეკლესიო მოღვაწეობის ისტორიისა, აბსოლუტურად გამოკვეთილია ანტიოქიურ-ალექსანდრიული სკოლარული ტრადიციების გვერდით.

აქვე უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, კართაგენის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ტრადიცია, რასაც სათავე დაუდო ტერტულიანემ, მაგრამ დაუშვა რა ამ მოღვაწემ მეწინამძღვრეობითი სამოძღვრო დროშა ძირს, გაუკუღმართდა რა 207 წლის შემდეგ, ეს დროშა ხელთ იპყრა ისეთმა დიდმა კართაგენელმა მოძღვარმა, როგორიც გახლდათ წმინდა კვიპრიანე, რომელმაც მან მისცა ფორმირება და მართლმადიდებლური სრულქმნილება ლათინურენოვან საღვთისმეტველო სწავლებას. თუ პირველჩამოყალიბება ლათინურ ენაზე საღვთისმეტყველო სწავლებისა ტერტულიანესგან და მცირედით მინუციუს ფელიქსისგან არის საფუძველდადებული, ეს ყოველივე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების [8]სრულფასოვან გამოთქმამდე მიიყვანა სწორედ კვიპრიანე კართაგენელმა და შეუძლებელია, რომ ჩვენ ასეთი დიდი მოღვაწის არსებობა ვიცოდეთ, მისი შრომები ჩვენთვის ცნობილი იყოს და კართაგენული სკოლარული ხაზი, კართაგენული საღვთისმეტყველო, სამოძღვრო ხაზი უადრესი საუკუნეების საეკლესიო ისტორიაში ვერ შევამჩნიოთ და უგულებელვყოთ. ასე რომ, რომის გვერდით კართაგენული ხაზი სავსებით თვალსაჩინოა. ისევე როგორც, მართალია გაცილებით სუსტად, მაგრამ მაინც, იერუსალიმური საღვთისმეტყველო ხაზი. აგრეთვე შედარებით მცირე ქალაქების, მცირე რეგიონების, მათ შორის თუნდაც პალესტინის კესარიისა, სადაც III ს-ის 30-იან წლებში ფორმობრივადაც და არა მხოლოდ შინაარსობრივადაც ფუძნდება სასწავლებელი, რომელიც სისტემის მხრივაც სასწავლებელია და არა ვთქვათ სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით, რა გაგებითაც ნებისმიერი მონასტერი, რა თქმა უნდა, სასწავლებელია. [9]ასევე თვით კაბადოკიის, სადაც კაბადოკიელი მამები მოღვაწეობდნენ. კაბადოკიასაც შესამჩნევი სამოძღვრო-საღვთისმეტყველო წარსული ჰქონდა, თუნდაც ისეთი დიდი მოღვაწის სახით, როგორიც გახლდათ წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი.

ასე რომ, ამ ორ მეწინამძღვრე კატეხიზმურ მოძრაობას და ტრადიციას ურთიერთშემავსებელს, ერთი მხრივ ალექსანდრიულს და მეორე მხრივ  ანტიოქიურს, თანაშეერთვოდა უაღრესად ღირსეული სულიერი ნაკადები რომიდან, კართაგენიდან, პალესტინის კესარიიდან, იერუსალიმიდან და ერთ მთლიან დიდ საღვთისმეტყველო მდინარედ მიმოიქცეოდა მთელი მაშინდელი ქრისტიანული ოიკუმენას სივრცეში. მაგრამ ვამბობთ რა მდინარედ, აი ამ მდინარესთან დაკავშირებით გვინდა კვლავ მოვიხმოთ დიდ კაბადოკიელთა სახელები, რადგანაც ყველა ის მცირედი თუ დიდი სიძლიერის მდინარება [10]საღვთისმეტყველო აზრისა, სამოღვაწეო გეზისა, რაც IV საუკუნემდე ანდა IV ს-ის შუა წლებამდეა შესამჩნევი საეკლესიო ისტორიაში და ქრისტიანულ ოიკუმენაში, მანამ არ ქცეულა დიდ, განუყოფელ და ერთ კალაპოტში მსრბოლ მდინარედ, ვიდრე ხსენებულმა დიდმა მამებმა მოღვაწეობა არ დაიწყეს. მათი ღვაწლია, რომ მეტნაკლებად ფორმალური თუ ყოფითი ხარვეზეებისა და სირთულეების საფუძველზე ცალ-ცალკე მდინარი, ცალ-ცალკე მსრბოლი საღვთისმეტყველო ტრადიციები ერთ სულიერ მდინარებად შეანივთეს, განუყოფელ სულიერ მოძრაობად ჩამოაყალიბეს, იმემკვიდრეს ყოველივე ეს და თავის თავში, თავის ღვაწლში, როგორც საქმითად გამოვლენილში, ასევე მოძღვრებითად გამოვლენილში, ყოვლითურთ ერთ-ჰყვეს. ანუ კაბადოკიელი მამები პირველ რიგში გვევლინებიან, როგორც უკვე ნაწილობრივ [11]აღვნიშნეთ, ყველა იმ წარმატებული საღვთისმეტყველო, ზოგადად სამოღვაწეო სულიერი ტრადიციის მემკვიდრედ, რაც კი პირველი საუკუნეების საეკლესიო ისტორიაში მეტ-ნაკლები სიძლიერით გამოვლენილა. მათ ყოველივე ეს აითვისეს, შეითვისეს, შეისისხლხორცეს და თავიანთ ღვაწლში ერთ მთლიანად სრულ-ჰყვეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კაბადოკიელმა მამებმა მხოლოდ IV საუკუნემდელი საღვთისმეტყველო ტრადიციები იმემკვიდრეს  (ყველა ის, რაც ჩამოვთვალეთ ფაქტობრივად მართლაც IV საუკუნემდელია, იქნება ეს ალექსანდრიული საღვთისმეტყველო ტრადიცია, ანტიოქიური, რომაული, კართაგენული, იერუსალიმური, პალესტინის კესარიისა თუ თვით კაბადოკიისა), IV საუკუნის დამდეგს, მოგეხსენებათ (ჩვენ ამაზე დეტალურად გვქონდა საუბარი) უდიდესი სულიერი საღვთისმეტყველო მიმდინარეობა ფუძნდება მეუდაბნოეობის სახით, განდეგილობის სახით თავისი ორი [12]ხაზგასმული, გამოკვეთილად და თვისობრივად ჩამოყალიბებული სახესხვაობის, ერთი მხრივ კენობიტიზმის ანუ მონასტრული ტიპის განდეგილობის და მეორე მხრივ ანაქორეტული, განშორებითი, კელინური ანუ დაყუდებითი ტიპის განდეგილობის სახით. და ესეც ახალი მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე სულიერი მიმდინარეობა სრულყოფილად იმემკვიდრეს კაბადოკიელმა მამებმა და თვითვე გახდნენ საკუთარ ღვაწლში განმახორციელებელნი ამ ახალი სულიერი მოძრაობის ყველა სასიკეთო, ყველა საღვთო თვისებისა.

ამრიგად განსაკუთრებულობა კაბადოკიელ მამათა ღვაწლისა, პირველ რიგში გახლავთ ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი და უსასრულობამდე მისული დიაპაზონი, განვრცობა მათი სულიერი ხედვისა, როგორც მთელი წინარე ეპოქების საღვთისმეტყველო წარმატებათა თავის წიაღში შემომკრებელი და [13]შემწყნარებელი, რასაც ჩვენ თანდათანობით უფრო და უფრო გავშლით, როდესაც თითოეულ მოღვაწეზე საგანგებო მსჯელობა და განხილვა გვექნება. ამჯერად მხოლოდ შთაბეჭდილების შექმნის კუთხით ვმსჯელობთ ამაზე და პირველი მნიშვნელობის დასკვნას კაბადოკიელ მამათა ღვაწლთან დაკავშირებით სწორედ ამაში ვხედავთ, რომ ისინი უსაღვთოესი მემკვიდრეები აღმოჩნდნენ ყველა წინარე კეთილი საღვთისმეტყველო ტრადიციისა, საღვთისმეტყველო სამოღვაწეო ტრადიციისა, IV ს-ის შუა წლებამდე რაც კი საეკლესიო ისტორიაში გამოვლენილა, განდეგილური მოღვაწეობის ჩათვლით. ამასთან გახდნენ რა მემკვიდრეობითად სრულად მიმღებნი ყველა წინარე სულიერი ღირსებისა, მეორე მხრივ ამის საფუძველზე თვითვე იქცნენ, [14]თვითვე გვევლინებიან, მოგვევლინენ როგორც უმტკიცესი საფუძველი ყველა შემდგომდროინდელი, ვიდრე დღემდე, ასევე წარმარტებული, ასევე ღირსეული და საღვთო, საღვთისმეტყველო, სამოღვაწეო მიღწევებისა. რაც კი შემდგომში წარმატებანი ყოფილა, რა გინდა რა სახით, განშტოებით, გამოვლინებითა და ჟანრით, ყველა მათგანის უმნიშვნელოვანესი ფუძე კვლავ კაბადოკიელი მამები არიან. თუ ჩვენ მოძღვრების და საეკლესიო მწერლობის კუთხით ვიტყვით, საეკლესიო მწერლობის ყველა ჟანრში მათ წარუშლელი კვალი დატოვეს, შეამზადეს მთელი სამომავლო წარმატებულობანი ამ მხრივ და საქმითი მოღვაწეობის მხრივაც მათვე მოგვცეს ნიმუში, რეგლამენტი, წეს-განგება ჭეშმარიტად ღირსეული სათნოებითი, ღვთის სათნო და მაცხოვნებელი მოღვაწეობისა, ანუ [15]საქმითი კუთხითაც, მოძღვრებითი კუთხითაც მათ განსაზღვრეს პროფილი, სულიერი კალაპოტი მთელი შემდგომდროინდელი საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობითი ისტორიისა. ისინი გახდნენ ერთი მხრივ მიმღებნი, მეორე მხრივ თვითვე დამფუძნებელნი და ეს გახლავთ ის ორი მხარე, უდიდესი მნიშვნელობის ორი ასპექტი მათ ცხოვრებაშიც და მოძღვრებაშიც სრულიად მკვეთრად შესამჩნევნი, რომელთა მთლიანობაც გამორჩეულად ღირსეულ მოღვაწეებად წარმოადგენს ჩვენს წინაშე ამ კორიფეებს საღვთისმეტყველო აზრისა, მოღვაწეობითი, საქმითი კუთხითაც უდიდეს მასწავლებლებსა და გზის გამკაფველებს ცხონების გზაზე.

ამრიგად, ამ განხილვის შემდეგ ჩვენ უკვე მართლაც შეგვიძლია, ის რაც დასაწყისში ვთქვით, დებულებაც კი ჩამოვაყალიბოთ კაბადოკიელ [16]მამათა ღვაწლის განმსაზღვრელი, თუ რა არის ეს ღვაწლი, რომ მათ ერთი მხრივ საკუთარ მოღვაწეობაში სრულყოფილად მიიღეს, შეითვისეს და გაამთლიანეს ყველა ის სასიკეთო, საღვთისმეტყველო-სამოღვაწეო გზა, ტრადიცია, წარმატებულობა, რასაც კი ადგილი ჰქონია IV ს-ის შუა წლებამდე ეკლესიის ისტორიაში და რაც კი კაბადოკიელ მამებამდე მეტნაკლებად მაინც ურთიერთდაცილებულად, ურთიერთგანკერძოეუბლად ცალ-ცალკე მდინარებდა იმ სულიერ სივრცეში, რასაც ქრისტიანული ოიკუმენა ჰქვია. მათ მიიღეს ეს ყოველივე პირველ რიგში და მეორე რიგში ამ უსაღვთოესი მემკვიდრეობის საფუძველზე თვითონვე გახდნენ უმტკიცესი ფუძე და ბალავერი მთელი შემდგომდროინდელი საეკლესიო-საღვთისმეტყველო-სამოღვაწეო ისტორიისა. რა თქმა უნდა, ასეთ ქვაკუთხეად [17]ქცეული მამები – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი, განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებენ, განსაკუთრებულ პატივისცემას და კრძალვას იმსახურებენ ჩვენგან. ცხადია, ჩვენ არ გავკადნიერდებით იმის სათქმელად, რომ ეს რადიო საუბრები და ფორმატი ჩვენი საუბრებისა შესაძლებლობას მოგვცემს თუნდაც მიახლოებითად მაინც მეტნაკლები შთამბეჭდაობით იმ უდიდესი წვლილის წარმოჩენისათვის. მაგრამ რამდენადაც ვალდებულნი ვართ ზოგჯერ, რომ შეუკადრებელს შევკადროთ და უძლიერესი ჩვენზე გამოვიძიოთ, თუმცა კი ეს აპრობირებული და მოწონებული არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ სრულ დუმილს და ამით უმადურობის გამოჩენას, როგორც გვასწავლის თუნდაც წმინდა გრიგოლ ნეკესარიელი, სჯობს როგორც შეგვიძლია, თუნდაც უკიდურესად კნინობითად, მაგრამ მაინც მადლიერება გამოვხატოთ უდიდესი მოღვაწეებისადმი იმ განსაკუთრებული [18]ღვაწლის გამო, რაც მათ თუნდაც უშუალოდ ყოველი ჩვენთაგანის წინაშე და ზოგადად საეკლესიო ისტორიის წინაშე მიუძღვით.

ამგვარი გახლავთ ზოგადი ხედვა კაბადოკიელ მამათა ღვაწლისა. არის ამ ერთობლივ განხილვაშიც კი მრავალი ასპექტი, რომლებზეც ასევე საგანგებოდ შეიძლებოდა გვემსჯელა, მაგრამ ვფიქრობთ ერთი მხარე მაინც განსაკუთრებით უნდა გამოიყოს (ყველაზე ვეღარ ვახერხებთ ამ მხრივ ყურადღების გამახვილებას), რომ მათ ღვაწლში არ არის შეუფერებელი დიდი სიმბოლო ამოვიკითხოთ. ეკლესიის მამათა სწავლებით ჭეშმარიტების საფუძველთა-საფუძველი და თავად ჭეშმარიტება ერთარსება სამება, აი ამ თავის ორ, ჩვენთვის, ქმნილებისათვის ორ მხარეს, ერთი მხრივ ერთარსებას და მეორე მხრივ სამებობას მიჰფენს მთელ ქმნილებაზე. თუნდაც ქართულ სინამდვილეში [19]იოანე პეტრიწი როდესაც ამ დოგმატს ასაბუთებს, რომ ყოვლიერების შემოქმედი ღმერთი ერთია და ამავე დროს სამება, ამ ჭეშმარიტების განფენას და აჩრდილისებრ და სიმბოლურად ქმნილებათა შორის მრავალგზის გამოვლინებას გახაზავს, მათ შორის თუნდაც (ამაზე არაიშვიათად ყოფილა საუბარი) ქართულ სიმღერასაც მოუხმობს, რომელიც სამხმიანია და განუყოფელი, რომ აქაც ყოვლადწმინდა სამების, იმ ბუნებითი ჭეშმარტების აჩრდილისებრი და მადლისმიერი არეკლვა ქმნილებაში საცნაურდება. ისევე როგორც თუნდაც ჯარის წყობაში, - როგორც პეტრიწი ამბობს, მხოლოდ სამკუთხოვნად დადგინებული ფალანგა ანუ მწყობრი არის შემმუსვრელი მტრისა. ასე დიდ სიმბოლოდ გვესახება ჩვენ კაბადოკიელ მამათა ღვაწლიც, [20]მათზეც მიიფინა უზენაესი ჭეშმარიტების, ერთარსება სამების სიმბოლური აღბეჭდილობა და ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ქმნილებითი ტევადობით მათ მიმართ ასეთი რამ ვთქვათ, რომ ისინი განუყოფელნი არიან თავიანთი ღვაწლით, მსგავსად ერთარსება სამებისა, ამავე დროს ერთი და ამავე დროს სამნი. ერთია მათი საქმე, ერთია მათი ნამოღვაწარის შედეგი, ყოვლითურთ განუყოფელი და ასევე იყო მათ სიცოცხლეშივე და ამავე დროს სამივენი სრულად ინარჩუნებენ თავისთავადობას, თვითმდგომობას, განსაკუთრებულ და რჩეულ პიროვნებებად რჩებიან ურთიერთგანუყოფელ ერთიანობაში. თუ ჩვენ სადმე, კაცობრიობის ისტორიაში, მოღვაწეთა შორის ერთარსება სამების სიმბოლო შეგვიძლია დავინახოთ, უპირველესად და ყველაზე უფრო გამოკვეთილად და უპირატესად სწორედ კაბადოკიელ მამათა ღვაწლშია ეს შესამჩნევი. [21]სრულიად ერთარსებაა მათი ღვაწლი და ამავე დროს სრულად სამპიროვანნი არიან ისინი, ანუ პიროვნულად ყოველთვის თვითმდგომნი და ურთიერთდაუბრკოლებელნი, ურთიერთისადმი ყოვლითურთ თანაშეწყობილნი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, და აი ამ სახით დიდ სიმბოლოდაც შეიძლება წარმოვსახოთ მათი ამქვეყნიური ცხოვრება. ზოგჯერ არის, რა თქმა უნდა, იმაზეც ყურადღება მიქცეული, რომ კაბადოკიელ მამათა შორის უპირატესობა თვით ამ მამათა მიერ (ვგულისხმობ ორ მამას – გრიგო ღვთისმეტყველსა და გრიგოლ ნოსელს) განეკუთვნება ბასილი დიდს და აქაც ჩვენ სიმბოლური გამოკრთომა თავადი ჭეშმარიტებისა შეგვიძლია იმ კუთხითაც განვჭვრიტოთ, რომ როგორც არის მიზეზობრივი სათავე ანუ მიზეზობრივი დასაბამი ყოვლადწმინდა სამების წიაღში ძისა და სულიწმინდისა მამა ღმერთი, მშობელობითად ძისა და გამომავლინებლობითად სულიწმინდისა, მაგრამ თვითონაა მიზეზი, მიზეზოვანი [22]დასაბამი, წყარო, ძირი, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ (მხოლოდ ამ სამ ტერმინს გვთავაზობენ მამა ღმერთისადმი), ძისა და სულიწმინდის მხრივ, ამგვარადვე ბასილი დიდი არის, მათივე აღიარებით, გრიგოლ ღვთისმეტყველის საგანგებო აღიარებით, გრიგოლ ნოსელის სრულიად მკვეთრი მითითებით, ყოველი მათი სიკეთის მიზეზობრივი წყარო, სათავე და ძირი. პირველობა, თუ უკვე საკუთრივ ამ მამებს მივაქცევთ ყურადღებას და სიმბოლურობისგან გადავინაცვლებთ რეალურობისკენ და ყურადღებას მივაქცევთ მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას, პირველობა ქრონოლოგიური წესითაც, ანუ ასაკობრივი უხუცესობითაც და გაწეული ღვაწლითაც ბასილი დიდს განეკუთვნება. შესაბამისად ვფიქრობთ გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ პირველ რიგში ჩვენც სწორედ ბასილი დიდის შესახებ წარვმართოთ საუბარი.

 

299–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=tIHVOUaJ9SU

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:08)