Georgian (Georgia)English (United Kingdom)
310

წმიდა გრიგლ ნოსელის სამწერლობო სტილი მისი შრომის "მოსეს ცხოვრების" მიხედვით

ჩვენ ორ დიდ კაბადოკიელ მოღვაწეზე (წმინდა ბასილი დიდზე და წმინდა გრიგილ ღვთისმეტყველზე) უკვე შეძლებისდაგვარად გვქონდა საუაბარი. შესაძლოა შემდეგში ზოგი მომენტი მათ მოღვაწეობასთან, მათ საღვთისმეტყველო სწავლებებთან დაკავშირებით კვლავაც მოვიხსენოთ, დავაზუსტოთ, მაგრამ ამჯერად უმჯობესია მთლიანი განხილვის წარმოდგენის მიზანდასახულობით შევეხოთ მესამე დიდ მოღვაწესაც კაბადოკიელ მამათაგან წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომლის სახელიც, ერთი ძველი საღვთისმეტყველო გამონათქვამის მსგავსად, უკვე საკმარისია იმ განსაკუთრებული სულიერი სიმაღლის წარმოსაჩენად, რაც ამ ურჩეულეს მოღვაწეს ჰქონდა.

გრიგოლ ნოსელის მთლიანობა ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან და ამ სამი დიდი მოღვაწის, როგორც თავის დროზე ვამბობდით, სამოძღვრო ერთარსობა [1]არ აბრკოლებს არც წინარე ორის (ბასილისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის) და რა თქმა უნდა არც ამ მესამე მოღვაწის (გრიგოლ ნოსელის) თავისთავადობას, თვითმდგომობას, განსაკუთრებულობას პირადი ინდივიდუალური ნიშანთვისებებით იმ ერთ მთლიან დიდ სამოღვაწეო დიაპაზონში, რასაც კაბადოკიური ღვთისმეტყველება ჰქვია.

ცხოვრება გრიგოლ ნოსელისა თავისთავად არის ნიმუში ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნების დაუცხრომელი ღვწისა საძიებელი ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. არ ყოფილა გრიგოლ ნოსელის გზა, ასე ვთქვათ, თავიდანვე მყარად დადგინებული ყოველგვარი შემდგომი ცვალებადობებისა და მიმოქცევების გარეშე. მან ღრმა შემეცნებითი და გონითი მოღვაწეობის შედეგად დასძლია ადრეულ [2]ასაკში გამოვლენილი გარკვეული მერყეობანი, რაც თავის მხრივ იმ დროს, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო, რადგანაც როდესაც პიროვნება ჭეშმარიტებას ეძიებს, ამ ძიების ჟამს არაიშვიათია გარკვეული მიმოქცევა ერთი სწავლებიდან, ერთი მოძღვრებიდან, ერთი მსოფლმხედველობიდან მეორისკენ, ვიდრე საბოლოოდ, სრულად და სიღრმისეულად არ იქნება მოპოვებული და შეთვისებული ის უმთავრესი, რაც მაცხოვონვებელი უნდა გახდეს მისთვის. ამგვარი ცვალებადობითი გზა ბევრმა დიდმა მოღვაწემ განვლო, მათ შორის მოციქულებმა, უშუალოდ პავლე მოციქულმა და სხვებმაც, ეკლესიის მამათაგან მრავალნი არიან ამგვარნი. მაგრამ გრიგოლ ნოსელის განსაკუთრებულობა ამგვარ გზაზე სვლისა იმ მხრივ წარმოჩნდება, იმით გამოიხატება და იმით ვლინდება, რომ მან არა უბრალოდ დასძლია ის ყოველივე, რაც სიჭაბუკეში მას [3]ჭეშმარიტებისგან მცირედით მაინც აშორებდა, არამედ ყოველივე ამის სრულყოფილი ანალიზის შედეგად სხვათათვის გზის გაკვალვის მიზანდასახულობით, რომ მათგან უკვე აცილებული ყოფილიყო ყოველივე ცვალებადობითი და მერყეობითი სვლა ჭეშმარიტების გვერდის აქცევისა, გრიგოლ ნოსელმა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და განვლილი არა მარტივი, არამედ უაღრესად რთული გზის სრული შემეცნების შედეგად წერილობითად ყოველივე ეს განმარტა და ჩვენ დაგვიდო წინ ნიმუშად, რომ თავიდან ავიცილოთ ის შეცდომები რა შეცდომებიც არაიშვიათად ამა თუ იმ პიროვნებას შეიძლება ჭეშმარიტების ძიების გზაზე ჰქონდეს. და თუ ზოგს ამგვარი ცდომილებანი საზოგადოდ მარადიულ დაღუპვად შეიძლება გაუხდეს, [4]დაძლევის შემდეგ, თუ დაიძლევა მსგავსი რამ, პიროვნება კიდევ უფრო მეტად ძალმოსილი ხდება და უფრო ურყევად მკვიდრდება ჭეშმარიტებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვით წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებითვე, დაუცემელი მდგომარეობა ჭეშმარიტებისგან, ესაა ის მდგომარეობა როდესაც პიროვნებას არ ჰქონია რაიმე მკვეთრი შეხება წინააღმდეგობებთან, შეჯახება ცდუნებებთან და მისმა ცხოვრებამ ისე განვლო, რომ თავიდანვე მიღებული ჭეშმარიტი გეზი არ გამრუდებულა მისთვის, რადგანაც, კვლავ გავიმეორებთ, რაიმე მძიმე ბრძოლები მას არ გადაუტანია, მოპირისპირენი მძლავრნი მას არ შეხვედრია. ეს პიროვნება ამგვარი კეთილი დასასრულით თავისი სულიერი გზისა კეთილსავე ხვედრს მიიღებს და ღირსეულ მოღვაწეთა შორის შეირაცხება. მაგრამ უფრო აღმატებულია ის მოღვაწე, რომელმაც ცდომილებანი, ათასგვარი ცდუნებანი ცხოვრების გზაზე წარმოჩენილნი დასძლია, მერყეობანიც განიცადა, დაცემულობანიც [5]განიცადა და შემდგომ უფრო მძლავრად აღიმართა ჭეშმარიტების ბურჯად, მართლმადიდებლობის კლდედ, როგორც ეს საზოგადოდ მიღებული გამონათქვამია უდიდეს მოღვაწეთა მიმართ.

გრიგოლ ნოსელი ამ მეორე ტიპის მოღვაწეთა რიცხვშია, რომელმაც სხვადასხვა განსაცდელნი უდიდესი შინაგანი სულიერი ძალისხმევით ახოვნად დასძლია და კიდევ უფრო მეტად და ურყევად დამკვიდრდა ჭეშმარიტებაში. მან უკვე გამოცდილებით იცოდა თუ ჭეშმარიტებისგან განდგომა რას მოუტანდა პიროვნებას, როგორ დააბრკოლებდა, ანდა საბოლოდაც კი როგორ წარწყმედდა მოღვაწეს, თუკი იგი ოდნავ მაინც გადაცდებოდა ამ ღვთისგან კაცობრიობისათვის ერთხელ და სამუდამოდ გაკვალული გზისგან. ამიტომ გრიგოლ ნოსელის შრომები პირველ რიგში ჩვენთვის სახელმძღვანელოა სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ შრომებში დეტალურადაა აღწერილი [6]ჭეშმარიტებისაკენ მსვლელი გზა, ის პერიპეტიები რაც ამ გზაზე არაიშვიათად იჩენს თავს, აგრეთვე შემწეობითი საშუალებები, რითაც ადამიანმა წარმოქმნილი სირთულენი და დაბრკოლებანი უნდა გადალახოს და თანდათანობით გამოიკვეთოს იგი, თანდათანობით გამყარდეს იგი, როგორც ჯერ საკუთარი თავის წინამძღვარი ჭეშმარიტებისკენ და შემდგომ, რა თქმა უნდა, სხვათა მეწინამძღვრეც იმავე ჭეშმარიტების მიღწევის გზაზე. ამიტომ გრიგოლ ნოსელი, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, საკუთარ სულს გაუხდა მეწინამძღვრედ ჭეშმარიტებისაკენ, მთელი თაობების და, რა თქმა უნდა, დღევანდელი ქრისტიანების ერთი დიდი წინამძღვარია, რომლის კვალს შედგომილნიც განსაკუთრებულ სიმაღლეებამდე ავიზიდებით და იმ თვალშეუდგამი ბრწყინვალების მხილველნი ვხდებით, რის შესახებაც თვითონვე დაგვიტოვა უტყუარი და გონებისგან [7]წარუშლელი უდიდესი შთაბეჭდილების მომხდენი წერილობითი აღწერანი, თემატურ სწავლებად და სისტემურ მოძღვრებად ჩამოყალიბებული, განჭვრეტანი ზეციური საუფლოსი, უფლისმიერი სამკვდირებილისა.

ერთიმეორეზე უფრო მნიშვნელოვანია ამ მოღვაწის შრომები, თვით სათაურების მიხედვითაც კი. თუნდაც მისი განმარტებითი ხასიათის თხზულება “მოსეს ცხოვრება”, რომელიც უნიკალურია საეკლესიო მწერლობის ისტორიაში თავისი, თუნდაც ჟანრობრივი პროფილით. ამ ტიპის ნაშრომი ჩვენ სხვა არ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ სხვა ტიპის ნაშრომები ღირსებით ნაკლებნი არიან, აქ უბრალოდ საუბარია და ყურადღება მიქცეულია განსაკუთრებულობაზე, რომ გრიგოლ ნოსელის ეს შრომა, რომელიც ამჯერად ვახსენეთ, “მოსეს ცხოვრება” განსაკუთრებულია თავისი სამეტყველო სტილითაც და სტრუქტურული აღნაგობითაც. იშვიათია შრომა, რომელიც ასე გეგმაზომიერად იყოს წინასწარვე ავტორისგან [8]აგებული. გრიგოლ ნოსელის სამწერლობო სტილის ერთი უპირველესი ნიშანი სწორედ ეს გახლავთ – მყარად ჩამოყალიბებული გეგმაზომიერი თხრომა და გეგმაზომიერი სწავლება, სისტემური წესით გადმოცემული სწავლება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, სადაც ყველა ეს მოვლენა ერთმთლიანად ჭეშმარიტების შესახებ სწავლებას წარმოადგენს. “მოსეს ცხოვრება” გრიგოლ ნოსელმა ისეთი მყარი, ურთიერთმიდევნებული ფაქტებისა და მოვლენების განმარტებათა კვალობაზე ააგო, რომ ადამიანს რჩება შთაბეჭდილება თითქოსდა ის მოგზაურობს უაღრესად მნიშვნელოვან, უაღრესად მეტყველ სულიერ ტევრში, სულიერ წიაღში, სულიერ ტყეში, რომლის ბოლოსაც დიდი სასოების, დიდი იმედის ხორცშესხმა და აღსრულება ელოდება მას. ეს დიდი სასოება არის სატრფოს, იმ სასურველის მარად მოპოვება და მასთან თანაშეერთება ანუ, [9]ძველი ქართული (გელათური) ტერმინი რომ მოვიხმოთ, თანაშეარსება. ასე რომ, თუ ჩვენ ცალკეულ ნიშნებს გამოვყოფთ წმინდა გრიგოლ ნოსელის სამწერლობო მოღვაწეობისას, პირველი ეს გახლავთ, როგორც აღვნიშნეთ, ნებისმიერ საკითხზე აუცილებლად სისტემური სწავლების გადმოცემა. მის ქადაგებებში და გნებავთ ეპისტოლეებში არსად იჩენს თავს რაღაც სტიქიური, გნებავთ თუნდაც არაპირდაპირი, ანდა ფრაგმენტული მსჯელობანი და ფრაგმენტული სწავლებანი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ყველგან ყველა შემთხვევაში სახეზეა წინასწარ ღრმად მაოზრებული, სტრუქტურულად მყარად ნაჭედი, შესაბამისად სისტემური წესით გადმოცემული მოძღვრება. თვით გრიგოლ ნოსელმა საკითხის განხილვის და საკითხზე წარმოებული განხილვის შემდეგ სიტყვიერად გადმოცემის ამგვარ სახეობას ბერძნული სიტყვის კვალობაზე უწოდა “აკოლუთია”. [10]ჩვენ “აკოლუთია” ვიცით როგორც ლიტურგიკული ტერმინი, რომელიც ძველქართულად ჩვეულებრივ ითარგმნებოდა როგორც “შედეგი”. ოღონდ აქ “შედეგი” თანამედროვე გაგებით შედეგს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს (შედეგი დღეს ნიშნავს რეზულტატს), ძველი ქართული “შედეგი” ნიშნავს შემდგომობას ანუ მიმდევრობას, თნამიმდევრულობას. ლიტურგიკული გაგებითაც ეს ტერმინი “აკოლუთია” ამ შინაარსს შეიცავს, რომ რომელიმე ლიტურგიკული ძეგლი, თუნდაც ჰიმნოგრაფიული, ვთქვათ საგალობელი, აუცილებლად მყარად კანონზომიერი სტრუქტურით უნდა იყოს აგებული, თანამიმდევრულად, ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოდევნებული ცალკეული ნაწილები, რაც ერთ მთლიანობაში მყარ კომპოზიციას ქმნის. მაგრამ გრიგოლ ნოსელი ამ ტერმინს ჩვეულებრივ იყენებს სააზროვნო პროცესთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების შემეცნებასთან და ზოგადად ჭეშმარიტებისაკენ მსვლელი გზის აღწერასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ჩვენ მივემართებით ჭეშმარიტებისკენ, [11]ეს ძიებითი პროცესი არ არის, როგორც უკვე ვთქვით, სტიქიური, ფრაგმენტული, ურთიერთმოწყვეტილი მონაკვეთებისგან შედგენილი, არამედ ღრმად თანამიმდევრული, ურთიერთმოდევნებული ცალკეული ნაწილებისგან, მყარად ნაჭედი მთლიანობა. “აკოლუთია” სწორედ თანამიმდევრულობას, სისტემური წესით და სტრუქტურულად მთლიანი სახით რაიმეს წვდომას, რაიმეს შემეცნებს და შემდგომ შემეცნებულისა და წვდომილის სხვებისთვის ამავე ფორმით გადმოცემას ნიშნავს. ამიტომ, როდესაც ზოგადად დაისმის საკითხი, თუ ეკლესიის მამათა შორის პირველი სისტემატიკოსი ანუ მოძღვრების სისტემური წესით გადმომცემი ვინ არის, სხვადასხვა თვალსაზრისი შეიძლება ჩვენ ვნახოთ მკვლევართა შორის, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი უპირობოდ თანხმდება იმაზე, რომ თუ აბსოლუტურად სათავეში არა ამგვარი სისტემური წესით მოძღვრების გადმოცემისა, ყოველშემთხვევაში მწვერვალზე [12]უეჭველად გრიგოლ ნოსელია, რომ ყველაზე უფრო გამოკვეთილად სისტემატიკოსი (სისტემური, თანამიმდევრული წესით, თემატურად ურთიერთმიდევნებული და მოწესრიგებული სტრუქტურული აღნაგობით მოძღვრების გადმომცემი) მოძღვრების გადმოცემაში, ყველაზე დიდი განმახორციელებელი და აღმსრულებელი ქრისტიანულ სწავლებასთან დაკავშირებით სწორედ გრიგოლ ნოსელია.  აბსოლუტურად ყველა მისი შრომა ამ სისტემურობას მკვეთრად შეიცავს, ირეკლავს და მკითხველიც ხედავს, რომ იგი თანდათანობით, საფეხურებრივად უფრო და უფრო მაღლდება და უფრო და უფრო მეტად მწვდომი ხდება ჭეშმარიტი მოძღვრებისა.

ჩვენ ვახსენეთ “მოსეს ცხოვრება” (თუმცა ნებისმიერი ძეგლისგან შეგვეძლო დაგვეწყო, უბრალოდ რატომღაც პირველ რიგში ეს გაგვახსენდა) და თუნდაც ამ ძეგლთან დაკავშირებით ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს [13]ძეგლიც აღნიშნული ნიშან-თვისების მკვეთრად გამომხატველია თავის თავში. ჯერ თვით ამ ნაშრომის ორნაწილად განყოფა, რომელთაგან პირველ ნაწილს ეწოდება თვით ავტორისგანვე “ჰისტორია” ანუ ისტორია, იგივე თხრობა, ხოლო მეორეს “თეორია” ანუ ჭვრეტა, უკვე ჩვენს წინაშე წარმოაჩენს ღვთისმეტყველს წმინდა გრიგლ ნოსელის სახით, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ჭეშმარიტების წვდომის ორ აუცილებელ ეტაპს სრულად გამოუვლენს და გვაუწყებს, რომ ამ ორისგან რომელიმე ეტაპის ნაკლულევანების შემთხვევაში ჭეშმარიტება მიუღწეველი დარჩება. “ჰისტორია” ეს არის, ამ შემთხვევაში “მოსეს ცხოვრებასთან” დაკავშირებით, იმ ამბის გადმოცემა, რაც მოსეს შესახებ ბიბლიური თხრობიდან ჩვენ ვიცით. ხოლო მეორე ნაწილი “თეორია” ეს გახლავთ ბიბლიური თხრობის სულიერი განჭვრეტა და იმ სახე-სიმბოლოთა [14]რაობის დადგენა და განმარტებითი წესით ჩვენს წინაშე წარმოდგენა, რაც ბიბლიურ თხრობაში თავისთავად იგულისხმება. ჩვენ აღარ შევეხებით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამდნენ “ბიბლიას” ეკლესიის მამები, მხოლოდ ხაზს გავუსვამთ, რომ უდიდესი მოღვაწეების ყოველთვის მკვეთრად მიანიშნებდნენ ბიბლიური თხრობის შინაგან აზრზე, რომ მხოლოდ ზედაპირული გააზრება ბიბლიისა არ ამოწურავს, რა თქმა უნდა, ბიბლიურ სიბრძნეს, მაცხოვნებელ სწავლებას. პირიქით ზედაპირული აზრის შიგნით უფრო ღრმა აზრი ძევს, იმის შიგნით კიდევ უფრო ღრმა და ეს დაუსრულებელი წვდომითი პროცესია, რასაც იმავე წმინდა გრიგოლ ნოსელმა, პავლე მოციქულის კვალობაზე, “ეპექტასისი” ანუ მარადიულად მზარდი წინწვდომა უწოდა, რომ ადამიანი ჭეშმარიტების წვდომის ჟამს, ჭეშმარიტების ძიების ჟამს, თუნდაც საღვთო წერილის შემეცნების ჟამს, რაც იგივე ჭეშმარიტების ძიებაა, რა თქმა უნდა, [15]მარადიულად წარემატება წინ, მარადიულად წინაურდება ღვთისკენ. ეს პროცესი დაუბოლოებელია, იმიტომ, რომ მარადიულობა გამორიცხავს დამთავრებას აი ამგვარი შემეცნებითი ღვწისას. მაგრამ “მოსეს ცხოვრებასთან” დაკავშირებით ეს ყოველივე როგორ რეალიზდება? პირველ ნაწილში ხსნებული ძეგლისა, რომელსაც ბერძნულად “ჰისტორია” ეწოდება (ეს სიტყვა (“ჰისტორია”) ქართულად ითარგმნებოდა სხვადასხვა ტერმინით. ის უთარგმნელად არ გახლდათ გადმოტანილი, როგორც დავუშვათ დღესაა უთარგმნელად შემოსული “ისტორიის” სახით. პირველი შემთხვევა როცა ეს ტერმინი უთარგმნელად გადმოვიდა ეს XII საუკუნეშია დაფიქსირებული, გამოკვეთილად უფრო XIII ს-ის I ნახევარში, როდესაც თამარ მეფის შესახებ ისტორიული ნაშრომი დაიწერა და მას სათაურად ეწოდა “ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი”. ხოლო ჩვეულებრივ მანამდე ეს ტერმინი ყველა ეპოქაში ითარგმნებოდა სხვა სიტყვად, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას XIII ს-ის I ნახევრამდე, წმინდა ეფრემ მცირის [16]ერთ უწყებას, სადაც იგი უბრალოდ ბერძნულ ტერმინს იმოწმებს. აქ ჩვენ არ გვაქვს საქმე ბერძნული ტერმინის თვით ქართულ ენაში უთარგმნელად გადმოტანისა, ეფრემი უბრალოდ ბერძნულ ფრაზას იმოწმებს, როდესაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ნეტარი თეოდორიტე კვირელი, V ს-ის შუა წლებისა და ნაწილობრივ II ნახევრის დიდი ღვთისმეტყველი, ავტორი გახლავთ ნაშრომისა “ღვთისმოყვარეობითი თხრობა”, რაც სწორედ ეფრემმა თარგმნა ქართულად. აი ამ ძეგლის შესახებ როდესაც ეფრემი მკითხველს ესაუბრება, ის იქვე ამბობს, რომ ბერძნულად ამ წიგნს ეწოდება “თეოფილონ ისტორია”, რომელიც მე ვთარგმნე ასეო “ღვთისმოყვარებითი თხრობაი” (ე.ი. აქ ჯერ კიდევ არაა ბერძნული ტერმინი ქართულ ენაში შემოსული) და აქვე ეფრემი მყისვე მოადევნებს თარგმანს ისტორიისას ქართულად “თხრობაი”. მაგრამ “თხრობაი” არ გახლავთ ერთადერთი შესატყვისი ისტორიისა, უფრო ხშრად ის ითარგმნებოდა ქართულად როგორც “უწყებაი”. მაგრამ განსაკუთრებით უადრეს ეპოქაში და მოგვიანებითაც კიდევ ერთი [17]მკვეთრად გამოხატული შესატყვისი ბერძნული ისტორიისა გახლავთ “მატიანე”, ანდა “მატიანი”. ორივე ფორმით იყო ქართულში ეს საშუალო სპარსული სიტყვა საკუთრივ ბერძნული “ისტორიის” ტერმინოლოგიურ შესატყვისად, რაც უადრეს ეპოქაშივე ჩანს, V საუკუნეშივე ჩანს ქართულ მწერლობაში. ჩვეულებრივ ეს ტერმინები (თხრობა, უწყება, მატიანე), რომლებიც ისტორიის შესატყვისად მოიხმობოდა, გულისხმობდნენ ამბავს), აქ იგულისხმება ბიბლიური ამბის მკითხველისადმი უწყება. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც საერთოდ სჩვევია ამ მოღვაწეს, არანაირი უბრალო გადმოწერა, პერიფრაზირება ანდა მოკლე შინაარსის გადმოცემა ბიბლიური თხრობისა ამ ნაწილში არ გვაქვს. ეს ნაწილიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველოა, მაგრამ მაინც შესავალია იმ მეორე დიდი ნაწილისა მოცულობითაც რომ პირველ ნაწილს ბევრად აღემატება. [18]რატომ გამოყო გრიგოლ ნოსელმა ეს ორი ნაწილი? მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ ჯერ ფაქტოლოგიური თხრობა წარმოედგინა, ყველა ის მოვლენა, ყველა ის ვითარება, რაც მოსეს ცხოვრებას ბიბლიური თხრობის მიხედვით უკავშირდება, ერთმთლიანად, კრებსითად მკითხველისათვის მიეწოდებინა და შემდეგ კვლავ ხელმეორედ დაბრუნებოდა ყველა დეტალს მისი ცხოვრებისას, ყველა მოვლენას და თითოეული დეტალისა და თითოეული მოვლენის ღრმად სულიერი, სომბოლური გააზრება, სახისმეტყველებითი განმარტება მოეცა ჩვენთვის. ეს სახისმეტყველებითი განმარტებანი იმდენად ურთიერთგამომდინარეა და ერთმთლიანია, რომ ჩვენ ვხედავთ მოსეს ცხოვრების განმარტებისას გრიგოლ ნოსელი იმ ისტორიული ამბის შიგნით გაცილებით უფრო მნიშვნელოვან სულიერ ამბავს, სულიერ თხრობას, სულიერ ისტორიას ჭვრეტს, რაც უკვე მხოლოდ პიროვნულად მოსე წინასწარმეტყველს [19]არ ეხება, ზოგადად ჭეშმარიტების გზაზე მდგომი ადამიანის ცხოვრების ნიმუში გახლავთ და ყველა იმ ადამიანისთვის ნიმუშის მიმცემი, ვინც იმავე გზაზე დადგომას განიზრახავს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საშუალება ამ უაღრესად საყურადღებო ძეგლს კონკრეტულად შევეხოთ, მაგრამ მსმენელისათვის ალბათ მაინც მნიშვნელოვანი იქნება ზოგიერთ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, რომ ამ ნაშრომის რაობაც უფრო გამოჩნდეს და წმინდა გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველი განმარტებითი მეთოდიც თვალსაჩინო გახდეს.

 

 

310–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=y_oessP-VlI

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 28 April 2016 11:04)