Georgian (Georgia)English (United Kingdom)
319
თხზულებათა მიმოხილვა

"ადამიანის შექმნის შესახებ"

ჩვენ კვლავ წმინდა გრიგოლ ნოსელის შესახებ გვექნება განხილვა. წინა რამდენიმე საუბარში შევეხეთ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს “მოსეს ცხოვრება”. შეძლებისდაგვარად ჩვენი ფორმატის ფარგლებში განვიხილეთ იგი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ნაშრომი შემოფარგლავს გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველო ღვაწლს.

არანაკლები მნიშვნელობის ბევრი სხვა შრომაც არის ამ მოღვაწისგან დატოვებული. განსაცვიფრებლად ბევრია ამ მხრივ და სასიამოვნოდ ბევრია გრიგოლ ნოსელის ჭეშმარიტად უმნიშვნელოვანესი შრომები, ერთი მეორეზე უფრო მნიშვნელოვანნი, რომელთაგან ზოგიერთი ვახსენეთ კიდეც. სხვადასხვა კუთხით სხვადასხვა ნაშრომი ჩანს მწვერვალზე მდგომი, ვინ რა ინტერესის სფეროს უკავშირებს გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობასა და სწავლებას ამის მიხედვით განისაზღვრება სხვადასხვა პირთაგან ამა თუ იმ ნოსელისეული ნაშრომის ღირსება. ზოგი კუთხით ყველაზე მნიშვნელოვნად მის [1]ნაშრომებში წარმოჩნდება მართლაც სახელგანთქმული და ჭეშამრიტად სწორუპოვარი ძეგლი “ადამიანის შექმნის შესახებ”.

ჩვენ ამ ძეგლთან დაკავშირებით ავღნიშნავდით, რომ იგი გახლავთ ერთადერთი სრულყოფილი ანთროპოლოგიური ნაშრომი ეკლესიის მამათა შორის. აქ ერთადერთობა არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს სხვა მოღვაწეს არ შეეძლოა ანალოგიური სიღრმის ანთროპოლოგიური ნაშრომის დაწერა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეკლესიის მამათა შორის ჩვეულებრივ ფუჭი ქმედებანი აღმოფხვრილია და ვალდებულებითი განაწილება თუნდაც საღვთისმეტყველო სწავლებათა მოწდების მხრივ უეჭველად გამოკვეთილი გახლავთ. მაგალითად, სხვათაშორის, ქართული წყაროთი ვიცით ჩვენ წმინდა ექვთიმე ათონელის და მისი მამის იოანე ათონელისგან, თუ როგორ დაეკისრა სახარებათა განმარტება, მათ შორის საკუთრივ მათეს სახარების განმარტება, წინდა იოანე ოქროპირს და როგორ იქნა ამ [2]დიდი ღვაწლისგან ღვთის განგებით განშორებული წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. იოანე ათონელი სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს, რომ სხვა თავის სულიერ და უღრმეს განმარტებებთან ერთად ესეც განიზრახა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რომ სახარებანი მრევლისთვის განემარტა, მაგრამ მიეცა მას საუფლო უწყება, რომ სხვისთვის არის დაწინდული და განკუთვნილი ეს ღვაწლი, კერძოდ იმისთვის, ვინც ვარსკვლავისებრ ამობრწყინდება ანტიოქიიდან. ეს გახლავთ ანდერძი, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, იოანე ათონელისა, რაც ერთვის იოანე ოქრპირისგან დაწერილი მათეს სახარების ძველ ქართულ თარგმანს, შესრულებულს იოანე ათონელის სახელვანი შვილის წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ, კერძდ ერთ-ერთ ხელნაწერს, რომლის ლიტერი არის A-1, ერთვის ვრცელი ანდერძი, ფაქტობრივად საღვთისმეტყველო ნაშორმი, სადაც ეს უწყებაც [3]არის მოწოდებული. აი ამგვარი ხვედრითი განაწილება მოღვაწეობისა, როგორც ავღნიშნეთ, ღვთის განგებით სახეზეა და ამ შემთხვევაში, როდესაც გრიგოლ ნოსელმა განმარტა ადამიანის შექმნა და სრულყოფილად განმარტა, რა თქმა უნდა, მეტოქეობითი მიზნით და თავის გამოჩენის მიზნით, სხვა რომელიმე მოღვაწე ამავე საქმეს აღარ შეუდგებოდა, იმიტომ, რომ ამგვარი გაგება, პიროვნული თავმოთნეობა და ამპარტავნებითი პატივმოყვარეობა ეკლესიის მამებისთვის უცხოა. ღვაწლი თუ კეთილად აღსრულებულია და განმარტება თუ სისავსით მოწოდებულია, ხელახლა თავიდან დაწყება იმავე საქმისა და იმავე ღვაწლის ხელახლა აღსრულება, რა თქმა უნდა, ფუჭი ქმედებაა და ამიტომ კაცობრივი შესაძლებლობისამებრ სიღრმისეულად განმარტება ამ ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოსი ადამიანის შექმნისა აღასრულა რა გრიგოლ ნოსელმა, შესაბამისად, დღემდე ეს ნაშრომი დარჩა ერთადერთ სრულყოფილ ანთროპოლოგიურ შრომად. ჩვენ სრულყოფილს ხაზს [4]ვუსვამთ იმიტომ, რომ ცალკეული კერძოობითი ანთროპოლოგიური სწავლებანი და უღრმესი განმარტებანი მრავალ მოძღვართან გამოვლენილა, მათ შორის, შორს რომ არ წავიდეთ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან. მაგრამ სისტემური გადმოცემა ეკლესიური სწავლებისა ადამიანისა და საკუთრივ ადამიანის შექმნის შესახებ თავებად დაყოფილი სწავლება მოწოდებულია გრიგოლ ნოსელთან, როგორც ეს ახასიათებდა მას ზოგადად, ე.ი. სისტემური ფორმით, აკოლუთიური ანუ მიმდევრობითი ფორმით მოძღვრების გადმოცემა. ეს ნაშრომი, XXX თავად აღწერილი (ზოგჯერ ხელნაწერებში XXXI თავიც ჩნდება, უფრო ზუსტად სხვაგვარად ლაგდება თავები და XXXI თავი გამოდის) ერთ-ერთი ქვაკუთხედია საეკლესიო ღვთისმეტყველებისა. რა თქმა უნდა, მას ვერ უთანაბრდება ამ კუთხით, საეკლესიო ღვთისმეტყველებითი სიღრმის თვალსაზრისით, მეორე ნაშრომი ეკლესიის მამათა [5]შორის, ნემესიოს ემესელის “ადამიანის ბუნების შესახებ” და არც შეიძლება უთანაბრდებოდეს, რადგან მიმართულებაც, პროფილიც და მიზანდასახულობაც ამ ნაშრომებისა სხვადასხვაა, რაც სათაურშივე ჩანს. გრიგოლ ნოსელისთვის უმთავრესია ადამიანის შექმნის შესახებ ეკლესიური სწავლების გადმოცემა, რადგანაც მისი მოძღვრებით შესაქმეშივე დევს უკვე ყოველივე არსებითი და ამიტომ ესაა პირველადი მიზანდასახულობა გრიგოლ ნოსელისა და ამას ბუნებრივად მოსდევს ადამიანის აღნაგობის შესახებ მისი მსჯელობა, დეტალური განმარტებანი. მაშინ როცა ნემესიოს ემესელის ნაშრომის პირველადი მიზანდასახულობა საკუთრივ ადამიანური ბუნების აგებულების შესახებ უწყებაა და არა მისი შესაქმის შესახებ, თუმცა შესაქმეც გაკრთება, რა თქმა უნდა, ნემესიოს ემესელის ნაშრომში, რომელიც ქართულად იოანე პეტრიწმა თარგმნა, რაც აგრეთვე გამოცემულიც გახლავთ. ჩვენ არ ვაკნინებთ, თავისთავად ცხადია, ამ მეორე ნაშრომის (ნემესიოს ემესელის ნაშრომის) ღირსებას, მას თავისი დიდი ტერმინოლოგიური მნიშვნელობა აქვს, თუმცა მოძღვრების უცთომელობის [6]მხრივ შენიშვნები არსებობს, გარკვეული ხარვეზები შესამჩნევია ნემესიოსის შრომაში, მაგრამ უდიდესწილად მას განსაკუთრებული ტერმინოლოგიურ-ფილოსოფიური ღირსებანი მოეპოება, რაც გახდა კიდეც საფუძველი იმ დიდი ინტერესისა, რაც ამ ნაშრომისადმი იოანე პეტრიწმა გამოავლინა. მაშინ როცა გრიგოლ ნოსელის “კაცისა შესაქე” ანუ ადამიანის შექმნის შესახებ ნაშრომი განსაკუთრებული ღირებულებისაა საკუთრივ სულიერი მოძღვრების თვალსაზრისით, ადამიანის დანიშნულების განმარტების თვალსაზრისით, რაც მის შესაქმეშივე ძევს. ამიტომ ამ ნაშრომის XVI თავი, სადაც ღრმად არის განმარტებული ბიბლიური უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად (ეს თავი კონკრეტულად ამ საკითხს ეძღვნება, თუმცა სხვა თავებშიც იგივე საკითხი არაიშვიათად წამოჭრილა), ზოგადად საეკლესიო ხატმეტყველების, ეიკონოლოგიის, ადამიანთა ანთროპოლოგიური ხატმეტყველების ანუ ადამიანის ღვთის ხატობის [7]ყველაზე უფრო დაწვრილებითი და სიღრმისეული განმარტება გახლავთ. ამ განმარტებას ეფუძნება ფაქტობრივად შემდგომდრონდელ მოღვაწეთა ანალოგიური მუხლის განჭვრეტანი იოანე დამასკელის ჩათვლით.

ეს ნაშრომი ორგზის ითარგმნა ქართულად, პირველად XI საუკუნემდე, შეიძლება ითქვას X საუკუნემდეც, თუმცა კი იგი X ს-ის ორი ხელნაწერითაა მოღწეული, ჩვენთვის უცნობი მთარგმნელის მიერ, თუმცა ეს თარგმანი მთარგმნელობითი თვალსაზრისით ძალიან ხარვეზიანი გახლავთ. საკუთრივ როგორც ქართულენოვანი ძეგლი ეს ადრინდელი თარგმანი გრიგოლ ნოსელის “კაცისა შესაქმისა” უძვირფასესია, შეუფასებელია, იმიტომ, რომ ყველაზე უფრო ტერმინოლოგიური თარგმანია XI საუკუნემდელ ძეგლთა შორის რაც კი ქართულად არსებულა, ორიგინალური იქნება ეს თუ თარგმანი. აურაცხელი ქართული არქაული ტერმინია მასში დაუნჯებული. მაგრამ საკუთრივ მთარგმნელობითი თვალსაზრისით, ანუ ორიგინალთან [8]თანხვდენილობის თვალსაზრისით გახლავთ ძალიან ხარვეზიანი, მათ შორის აღნიშნული XVI თავიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, თუმცა ეს თავი შედარებით უკეთაა თარგმნილი და უკეთ ინარჩუნებს ორიგინალის აზრს. მაგრამ ღვთის მადლით მოგვეპოვება მეორე თარგმანი წმინდა გიორგი მთაწმინდელისგან შესრულებული, რომლის ღირსებანი, გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფის სიტყვები რომ გავიმეოროთ, “ზეშსთა არს ყოვლისა მიწვდომისა”. ასე აფასებს ეს ბიოგრაფი გიორგი მთაწმინდელისგან თარგმნილ გრიგოლ ნოსელის შრომათა ციკლს, რაც ჭეშმარიტი შეფასება გახლავთ არა მარტო ამ თარგმანთან დაკავშირებით, არამედ გრიგოლ ნოსელის სხვა უდიდეს ნაშრომთა იმავე მთაწმინდელისეული თარგმანების მხრივაც, იქნება ეს თუნდაც “ქება-ქებათას განმარტება”, რაც საერთოდ სწორუპოვარი ძეგლია. ჩვენ ამ ძეგლზე შეგვეძლო იგივე სიტყვები გაგვემეორებინა (ქება ქებათას გრიგოლ ნოსელისეულ განმარტებაზე [9]და მის გიორგი მთაწმინდელისეულ თარგმანზე), რაც თავის დროზე ნეტარმა იერონიმემ ერთი მოღვაწის მიმართ გამოიყენა, რომ თუ იგი ყველა სხვა შრომაში სხვა ყველას აღემატა, ამ ნაშრომში საკუთარ თავსაც კი აღემატა. ე.ი. იმ სფეროში, რაშიც იკვლევდა წმინდა გრიგოლ ნოსელი, განღმრთობის შესახებ მოძღვრების სისტემური გადმოცემის თვალსაზრისით, თუ სხვა შრომებში მართლაც უბადლოდ გადმოსცა ეს მოძღვრება და ბევრს აღემატა, ამ ნაშრომში უკვე იმ სიმაღლეზე ადის მისი საღვთისმეტყველო ჭვრეტა, რომ იერონიმეს ეს სიტყვები შეგვიძლია მოვიხმოთ, იგი საკუთარ თავსაც კი აღემატა. რაც შეეხება მის ქართულ თარგმანს, იგივე სიტყვები არანაკლები ზედმიწევნითობით წმიდნა გიორგი მთამინდელსაც შეგვიძლია განვუკუთვნოთ, რომ თუ ეს მოღვაწე (გიორგი მთაწმინდელი) ყველა თავის სხვა თარგმანებში ყველა სხვა ქართველ მთარგმნელს აღემატა და ეს უეჭველად ასე გახლავთ, ამ ნაშრომში [10]საკუთარ თავსაც კი აღემატა. ესაა რაღაც უდიდესი ღირებულების თარგმანი, სადაც ქართული ენის აქამდე აბსოლუტურად შეუცნობელი სიკეთეები და სიღრმეები არის გამოვლენილი. ესაა ენის ზეიმი (სხვა არ ვიცი ამას რა დავარქვა), იმ ზომის შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე შინაარსთან ერთად თვით ენობრივი ფაქტურაც, ენობრივი ქსოვილიც ამ ძეგლისა, რომ ჩვენ პირდაპირ ეს ძეგლი ქართული ენის შემსწავლელთათვის ნიმუშად შეგვიძლია დავდოთ, ყველაზე უფრო საუკეთესო ქართულისა. ამაზე უფრო საუკეთესო ქართული შეუძლებელია, რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ორიგინალის ზედმიწევნითი გადმოცემა, არამედ არაიშვიათად, რაც საერთოდ გიორგი მთაწმინდელის სტილი გახლავთ, ერთი რომელიმე გრიგოლ ნოსელისეული ბერძნული ტერმინის ორი, სამი, ოთხი შესატყვისით გადმოცემისა, მრავალსახოვანი ფორმით ერთი ბერძნული ფორმის გაშლისა [11]და ეს გაშლადობა და სათქმელის კიდევ და კიდევ უფრო გამომსახველბითი და გამჭვირვალე ფორმით გადმოცემა იმ მაშტაბებს აღწევს, რომ განღმრთობის გზის ნოსელისეული გადმოცემა, ქართულ ენაზე ამეტყველებული, მთლიანად თავის სულიერ ბადეში აქცევს ნებისმიერ მკითხველს, თუნდაც რომ მან ძველი ქართული არც იცოდეს. ეს ნაშრომი, ეს თარგმანი სამწუხაროდ აქამდე არ გამოცემულა. საკუთრივ გრიგოლ ნოსელის ბერძნული ნაშრომი ორგზის არის გამოცემული და ორივე მაღალი დონის პუბლიკაცია გახლავთ. ერთი, უფრო მნიშვნელოვანი და უფრო კრიტიკული გამოცემა, გამოიცა გრიგოლ ნოსელის შრომათა VI ტომში. ესაა შრომათა სერია, შეგვიძლია ეს ვახსენოთ ამ საუბრებში, რადგანაც ვისაც რაიმე დამსახურება აქვს არ უნდა დავივიწყოთ. გრიგოლ ნოსელის შრომები გამოქვეყნდა ერთი ცნობილი მეცნიერის ვერნერ იეგერის თაოსონბით, 1920 წლიდან დაიწყო ეს საქმე ამ პიროვნებამ. თვითონ, რა თქმა უნდა, [12]ბოლო ტომების გამოცემას არ მოსწრებია, მაგრამ მან დაიწყო ეს საქმე და ცხრა ტომად, ფუნდამენტურ ტომად, უმაღლესი მეცნიერული დონით მომზადებულ პუბლიკაციებად დღეისათვის ჩვენთვის ხელმისაწვდომია წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომები, მათ შორის, როგორ ვთქვით, “ქება-ქებათას” განმარტება. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით გამოცემული არ გახლავთ ასეთ დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა, გახლავთ გრიგოლ ნოსელის ჩვენს მიერ ხსენებული ნაშრომი “ადამიანის შექმნის შესახებ”. აღნიშნული ძეგლი XIX ს-ში გამოიცა საკმაოდ მაღალ მეცნიერულ დონეზე, იმ დონის შესაბამისად, რაც მაშინ არსებობდა. თავის დროზე, რადგანაც შედარებით ნორმალურად იყო ეს ნაშრომი გამოცემული, გრიგოლ ნოსელის შრომების ხელახალი პუბლიკაცია როდესაც დღს წესრიგში დადგა, უფრო ნაკლებ კრიტიკულად გამოცემული შრომებით დაიწყეს ნოსელისეული კორპუსის გამოცემა. ეს შრომა მეორე პლანზე გადაიტანეს მხოლოდ იმის გამო, რომ უკვე რიგიანად იყო გამოცემული და შეიძლება ითქვას მირჩა შემდეგ [13]ეს საქმე და სამწუხაროდ ისეთი მაღალი მეცნიერული დონით, როგორც სხვა შრომებია ხსენებულ ცხრა ტომეულში გამოქვეყნებული, ეს ნაშრომი ჩვენ დღეს არ მოგვეპოვება. სხვას რომ თავი დავანებოთ ეს XIX ს-ის გამოცემა დიდი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა (ჩვენ პირადად ის ვერ მოვიხელთეთ) და აუცილებელია ამ ნაშრომის ხელახლა გამოცემა.


“ქება-ქებათას განმარტება”

“ქება-ქებათას განმარტება” “კაცისა შესაქმესთან” ერთად გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობის, როგორც ავღნიშნეთ, უეჭველი მწვერვალია, მაგრამ ამ ორ ნაშრომს ერთობლივად ვახსენებთ იმ დიდი დიაპაზონის, რაღაც განსაკუთრებული და საკვირველი დიაპაზონის წარმოსაჩენად, რაც გრიგოლ ნოსელს ჰქონდა. ერთი მხრივ აკადემიურად, მეცნიერულად, საეკლესიო მეცნიერების კუთხით, ტერმინოლოგიურად, აბსტრაქტულად ჩამოყალიბება ღრმა სწავლებისა ადამიანის შესაქმის შესახებ და ამ ნაშრომში ყველაზე ნაკლებია გრიგოლ ნოსელისთვის უკიდურესად ნიშანდობლივი შტრიხი სულიერი საიდუმლოებითი წვდომის [14]შთამბეჭდავი გადმოცემისა და გამოთქმისა, იმიტომ, რომ ეს კონკრეტულ საკითხს ეხება და უფრო მცნიერული სახე აქვს და მეორე მხრივ “ქება-ქებათას” განმარტება ყოვლითურთ გამსჭვალული და მთლიანად აღსავსე მხოლოდ და მხოლოდ სულიერი წვდომის უზეშთაესი გამოთქმით (სხვა  ეპითეტს ჩვენ ნამდვილად ვერ მოვუძებნით), ქრისტიანული პროზის, თუ ასეთ გაგებას შემოვიტანთ, მწვერვალი გახლავთ ეს ნაშრომი. ე.ი. განღმრთობის მოძღვრების გადმოცემის მხრივ ესაა ჭეშმარიტად მწვერვალი, არა მხოლოდ შინაარსით, არამედ გამოთქმითი ფორმითაც. ასეთი სისტემური წესით განღმრთობის შესახებ მოძღვრება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ არ გვხვდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც აქაა გადმოცემული გრიგოლ ნოსელის მოძღვრებაა პირადი. თავისთავად ცხადია, რომ აქ არის შემოკრებილი ეკლესიის მამათა უღრმესი სულიერი განჭვრეტანი, მათ შორის უშუალოდ მისი მეგობრების, დიდი წინამძღვრების ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო ხედვანი და მჭვრეტელობანი, [15]ისევე როგორც წმინდა მაკარი ეგვიპტელისა, დიდი ასკეტი მოღვაწეებისა, უფრო ადრეული სახელგანთქმული მამებისა, გნებავთ წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელისა, რომლის ცხოვრებაც მან (გრიგოლ ნოსელმა) დაწერა და სხვა, მაგრამ ეს ყოველივე ერთ სისტემურ სწავლებად არის შენივთებული ამ ნაშრომში და აი ამ გამოთქმითი ფორმით, ასეთი სისტემურობის წესით სხვათაგან, კერძოობითად, ფრაგმენტულად მოწოდებული მისტიკური ანუ სულიერი, იგივე საიდუმლოებითი სწავლებანი განღმრთობის შესახებ, აქ გამოიყენება მხოლოდ ეს ტერმინი ეკლესიის მამებთან, მხოლოდ იმ სინამდვილესთან, რაც განღმრთობას, არა ამქვეყნიურ, ზექვეყნიურ მდგომარეობას უკავშირდება. აი ეს სწავლებანი გრიგოლ ნოსელისგან ესოდენ კანონზომიერად ურთიერთთანაშეწყობილი, როგორც მწყობრი სწავლება არის დაუნჯებული ამ ვრცელ ნაშრომში. ეს შრომა “ქება-ქებათას განმარტება” გახლავთ ყველაზე ვრცელი გრიგოლ ნოსელის შრომათა შორის. ქართული თარგმანი, თუ არ ვცდებით, თაბახის 400 გვერდს იტევს.

[16]ჩვენ არ გვინდა, რომ ფრაგმენტული იყოს ჩვენი საუბარი გრიგოლ ნოსელის შრომებზე. გამოხმაურებათა მიხედვითაც ვგრძნობთ, რომ ამ მხრივ უფრო მიზანშეწონილია ცალკეულ შემთხვევბში ჩვენი რადიო საუბრების წარმართვა, ვიდრე მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა. ამიტომ შევეცდებით, რომ შემდგომ შეხვედრებზე ასევე ფორმატის გათვალისწინებით, მაგრამ საკმაოდ დეტალურობით შევეხოთ მეორე მხარეს გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობისას. ე.ი. ერთი მხარე განღმრთობითი მოძღვრების გადმოცემაა, რაზეც უკვე ვსაუბრობდით და მეორე მეცნიერული ტერმინოლოგიით ბუნებისმეტყველებითი და ფიზიკურ მეცნიერებათა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფორმით გადმოცემა მოძღვრებისა, რაც ყველაზე უფრო მკაფიოდ გამჟღავნებულია მის ნაშრომში “ექვსთა დღეთას” შესახებ, ანუ როგორც უფრო ზუსტად ქვია მას “პასუხი ექვსთა დღეთას შესახებ”. ჩვენ ამ ნაშრომზე არაერთგზის გვქონია მინიშნება, ხაზგასმაც, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი ამ ძეგლში, რომლებიც მკითხველის და [17]მსმენელის ყურადღებას უთუოდ უნდა იპყრობდეს, რადგანაც ეს ნაშრომი გამოქვეყნებისთანავე საბერძნეთშიც და სხვა ენებზეც და მათ შორის ქართული თარგმანის გამოქვეყნებისთანავე (ეს ნაშრომი ჩვენ დავბეჭდეთ 1989 წლის საეკლესიო კალენდარში სათანადო კომენტარებით და დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია ნახოს) ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ყურადღების ცენტრში მოექცა. ტექსტი ძალიან რთული გახლავთ და ის გრიგოლ ნოსელისთვის უჩვეულო ტერმინოლოგიური და ფრაზეოლოგიური სირთულით ხასიათდება, მათ შორის ძველი ქართული თარგმანიც. თუმცა გიორგი მთაწმინდელი, როგორც მას სჩვეოდა არაიშვიათად ცდილბს, რომ რთული მეცნიერული ენა ამ ძეგლში გამოვლენილი გრიგოლ ნოსელისგან მცირედით მაინც გაამხატვრულოს, მაგრამ მაინც ნარჩუნდება ორიგინალისეული სირთულე. აი ამისგან გამომდინარე ზოგი გაურკვევლობის გასაფანტად ჩვენ შევეცდებით, რომ შემდგომ საუბრებში აღნიშნულ ძეგლს უფრო დეტალურად შევეხოთ.

319–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Uw52xvLSZDc

 

თხზულების ტექსტი: წმიდა გრიგოლ ნოსელი - შესაქმისათვის კაცისა

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 APRIL 2016 18:11)