Georgian (Georgia)English (United Kingdom)
326–329
ნაშრომის განხილვა

(ნაწილი პირველი)

ჩვენს წინა საუბრებში შევეხეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს არა მხოლოდ წმინდა გრიგოლ ნოსელის მემკვიდრეობიდან, არამედ ზოგადად საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე უფრო რჩეულ ნაშრომთა შორის, სახელწოდებით “პასუხი ექვსთა დღეთათვის”. რა თქმა უნდა, განსახილველი ამ ძეგლთან დაკავშირებით კვლავ ბევრია. ჩვენ წინა საუბრის დასასრულს ავღნიშნეთ, რომ ზოგი საკითხი შემდეგში ალბათ კვლავაც გახდება ჩვენი ინტერესის საგანი. თუმცა ამჯერად იმ ძირითადით, იმ არსებითით, რაზეც უკვე მსჯელობა გვქონდა,  შემოვიფარგლებით და ამ საუბრის თემად და ჩვენი განხილვის ობიექტად ამჯერად შემოგთავაზებთ იმავე მოძღვრის არანაკლებ საყურადღებო, არანაკლებ მნიშვნელოვან თუმცა სხვა თემასთან დაკავშირებულ ნაშრომს, რასაც აქვს ძალიან საგულისხმო და [1]შთამბეჭდავი სათაური - “რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა”?
ჩვენ ვთვლით, რომ ყოველმა ქრისტიანმა ამ ნაშრომის გულმოდგინე გაცნობის შედეგად უნდა დაიწყოს საეკლესიო მოღვაწეობა, ეკლესიური ცხოვრება, ქრისტიანული ღვწა, რადგანაც ეს ნაშრომი არ გახლავთ რიგითი რაიმე ძეგლი, არამედ ღრმა საღვთისმეტყველო წვდომის თვით წმინდა გრგიოლ ნოსელის საღვთისმეტყველო წვდომათა ყველაზე უფრო მკაფიოდ და ლაკონურად ჩამოყალიბებული დასკვნების მთლიანობა. ჩვენ ვერც ვისხენებთ, რომ ამ სახელწოდების სხვა ძეგლი უმდიდრეს საეკელსიო ლიტერატურაში სხვაც ყოფილიყო, თუნდაც არ მოღწეულთაგანი. ვიცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი ეკლესიის მამათა შორმებისა ჩვენადმე არ მოღწეულა.

როგორც ჩანს თვით ავტორიც (ე.ი. გრიგოლ ნოსელი) ამ ნაშრომს გარკვეული სახელმძღვანელოს ტიპის [2]დანიშნულებას განუკუთვნებდა. თუმცა მოცულობით ის ძალიან მცირეა და ამიტომ ავღნიშნავდით, რომ ლაკონური ფორმით გამოთქმული მოძღვრებაა, უფრო სწორად დასკვნაა იმ ღრმა და ხანგრძლივი წვდომითი მოღვაწეობისა, იმ სულიერი მჭვრეტელობისა, რაც წმინდა გრიგოლ ნოსელის ყველა ნაშრომში, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ავლენს თავს. მაგრამ შეიძლება მაინც დაიბადოს, ვთქვათ, კითხვა, რომ პიროვნებამ რომელმაც ასეთი ვრცელი მოცულობის ღრმა შინაარსით დატვირთული, უღრმესი საღვთისმეტყველო განჭვრეტებით აღვსილი ნაშრომები დაგვიტოვა, ასეთ მცირე შრომას, თან თავისი მოღვაწეობის გვიანდელ პერიოდში, სახელმძღვანელო მნიშვნელობას რატომ განუკუთნებდა? საქმე ის გახლავთ, რომ როგორც ყველა ჩვენთაგანი დღესაც არაიშვიათად, თუნდაც საკუთარ თავზე დაკვირვებით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ვაცნობიერებთ, [3]ასევე ძველადაც მრავალი პირი, მრავალი ქრისტიანი მხოლოდ სახელწოდებით, მხოლოდ სიტყვიერი აღსარებით და არა საქმითი დადასტურებით იფერებდა ამ წმინდა და უაღმატებულეს წოდებას და ხშირ შემთხვევაში თვითონაც კი არ იცოდა, რომ არათუ ღირსი არ იყო ამ სახელისა, არამედ არავითარი ნიშანწყალი ქრიტიანად წოდებისა მას თან არ ახლდა. ვითარება ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იმ ეპოქაში როდესაც წმინდა გრიგოლ ნოსელი მოღვაწეობდა, მასობრივი თვალსაზრისით, გლობალური აზრით რაღაც უფრო სახარბიელო იყო ვიდრე დღეს არის. ჩვენ ნათელი ნიმუშები გვაქვს ამ მხრივ, რომ IV ს-შიც ძალიან დიდი რიცხვი ქრისტიანებისა, არა მხოლოდ მრევლის წევრები, არამედ სამღვდელოთა შორისაც და დაწინაურებულ იერარქთა შორისაც მრავალი არათუ ღირსი იყო იმ პატივისა, არამედ უბრალოდ, ლიტონად [4]ქრისტიანად წოდებასაც კი არ იმსახურებდა, რადგანაც არც უწყოდა ამ სახელწოდების შინაარსი, რატომ ერქვა ქრისტიანი და რა აღთქმაა ქრისტიანობა. როდესაც ვამბობთ, რომ იმ ეპოქაშიც დიდად სახარბიელო, ზოგადი აზრით, ვითარება არ იყო, ამის აურაცხელი დამადასტურებელი ნიმუში გახლავთ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც, ეს გახლავთ უდიდესი მოძღვრის წმინდა ისიდორე პელუზიელის ეპისტოლე. ჩვენ როცა საშუალება მოგვეცემა ამ დიდ მოძღვარზე, IV-V ს-ის მინჯის ამ ერთ-ერთ მნათობზე ჭეშმარიტებისა, ვრცლად ვისაუბრებთ, ცალკეულ შეგონებებს, სწავლებებს, განმარტებებს მისი ეპისტოლეებიდან მოვიტანთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ ეპისტოლეზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც იმავე IV ს-ის მიწურულის ვითარებას ასახავს და თუ ამ ეპისტოლეს ჩვენ სიღრმისეულად, გააზრებულა და თუნდაც ზედაპირულად, ასე ვთქვათ, გადავიკითხავთ ვნახავთ, რომ დიდი მოძღვარი უდიდესი [5]გულისტკივილითაა გამსჭვალული იმ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქრისტიანულ საზოგადოებაში სუფევდა მის დროს მართლმადიდებელთა შორის და სამღვდელოთა შორის. მოძღვარი (როგორც ჩანს ვალდებულებასაც გრძნობს) დაუნდობლად და ყოვლადუშიშრად და პირუთვნელად ამხილებს თავისი დროის ქრისტიანებს, საეკლესიო მოღვაწეებს და სამწუხაროდ გვაუწყებს, რომ უდიდესზე უდიდესი ნაწილია ამგვარ გაუკუღმართებაში. ის არ ამბობს, რომ აქ მცირერიცხოვანი, უმნიშვნელო ნაწილი ქრისტიანებისა არის ჩავარდნილი ცოდვაში, გადაგვარებულია და სხვა. უდიდეს ნაწილს დაგვისახავს ამგვარად, განსაკუთრებით, კვლავ ავღნიშნავთ, სამღვდელოებს, რომლებსაც სხვათა წინამძღვრობა ევალებათ. თუ სამღვდელონი დაცემულნი არიან, თუ მწყემსი დაცემულია, რა თქმა უნდა, გაბნეულია მრევლი, გაბნეულია ცხოვარი, წარტაცებულია. [6]აი ასეთ შემზარავ სურათს გვიხატავს იგი, რომ დახარბებულნი არიან მრავალნი და მრავალნი სასულიერო ხარისხს, სასულიერო პატივს და ის რაც, მისი სიტყვები რომ მოვიტანოთ, ერთ დროს სამოციქულო ჟამს უდიდესი კრძალვის, მორიდების, განრიდების საგანი იყო, განრიდებისა იმიტომ, რომ იმ ტვირთს ერიდებოდნენ, გაურბოდნენ მღვდლობის პატივს, ეპისკოპოსობის პატივს, რადგანაც ეს უდიდესი სიმძიმეა, უდიდესი ვალდებულებაა, უდიდესი მსახურებითი ტვირთია და არა პირუკუ რაღაც პატივმყვარეობითი სიმაღლე, რომ სხვათაგან გახდე მსახურებული, დღეს კი პირიქით ეშურებიან, ილტვიან ამ პატივისკენ, მისი მოხვეჭისკენ და თუ ადრე პატივის მიღება, სასულიერო ხარისხში ამაღლება ეს იგივე იყო, რაც თავმდაბლობაში ამაღლება, უპოვარებაში, არასმქონეობაში [7]ამაღლება, სხვათა მსახურების ღვაწლში ამაღლება, დღეს (IV ს-სი მიწურულისთვის) პირიქით იგივე ხარისხი მოიხვეჭება და მიიტაცება მხოლოდ და მხოლოდ პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის, ქონების, სიმდიდრის მოხვეჭისთვის, სხვათაგან თაყვანების მიღებისთვის, ძალაუფლების შეგრძნებისთვის. ძალიან მძიმე სიტყვებით არის გაკიცხული მაშინდელი საქრისტიანო ამ დიდი მოძღვრის მიერ. თვით ღირსეულნიც კი გაკიცხულნი არიან მისგან, მისი დროის ღირსეული მოღვაწეებიც კი, რადგანაც ისინი ამგვარ უმსგავსობათა მხედველნი და მნახველნი ხმას არ იმაღლებენ.

არანაკლებ მძაფრია იმავე საუკუნის უდიდესი მოძღვრის, ჩვენს მიერ ნაწილობრივ განხილული, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი ეპისტოლე, რომელშიც იგი მთელ თავის საქრისტიანო გარემოს უაღრესად მძიმე ფერებით წარმოგვიდგენს, ნუგეშს ვერსად [8]ვერ ხედავს და იმ ზომამდეა შეძრწუნებული ამ დაცემულობით, ამ გაუკუღმართებულობით ქრისტიანთა შორის, რომ უმძიმეს სიტყვებს ამბობს. ჩვენ, როგორც გვახსოვს, ერთ-ერთ ადრეულ საუბარში ეს სიტყვები სხვა თემასთან დაკავშირებით დავიმოწმეთ კიდეც. როცა მას ეკითხებიან, თუ როგორაა მისი ცხოვრება, ის პასუხობს, რომ ყველაგან ყველაფერი შავითაა მოცული, რომ მისი დიდი სულიერი მეგობარი ბასილი დიდი, მისი სხვა ძმები მიიცვალნენ, გაქრნენ მისი ყველაზე დიდი მანუგეშებელი თანამდგომნი, ყველაფერი ბურუსითაა მოცული დაცემულობით, ერესი მძვინვარებს, არიანული ერესი და ამ სიტყვების შემდეგ გრიგოლი ამბობს: “ქრისტე მძინარეობს” (ფორმა “მძინარეობს ეფრემ მცირის თარგმანი გახლავთ, რაც კალკირებულად გადმოსცემს შესაბამის ტერმინს). აქ, რა თქმა უნდა, მსმენელი ხვდება, რომ მინიშნებაა ზღვაში, [9]ნავში მაცხოვრის ძილზე, როცა მოციქულები, მოწაფეები მისი შეძრწუნებულნი არიან აღელვებული ზღვითა და ქარიშხლით და ვიდრე მოძღვარი მძინარე იყო, შიშით შეპყრობილნი საშინელებას ელოდნენ. გაიღვიძა მოძღვარმა და ყოველივე დაცხრა. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ჟამსაც კი უდიდესი სასოება მაცხოვნებელი შემწეობისა განუყრელია ყველა ქრისტიანისგან, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ თუ მდგომარეობა მძიმეა ეს დამალოს, მიაფუჩეჩოს, ცრუ ოპტიმიზმით გამსჭვალოს საკუთარი თავიც და მრევლიც. სასოება, მინდობა უფლისადმი რიგით ქრისტიანსა თუ ყველაზე სულიერად წარჩინებულს თანაბრად უნდა ასაზრდოებდეს, მაგრამ თანაბრადვე უნდა იყვნენ პირუთვნელი დამნახველნი, მართლად აღმქმელნი ვითარებისა. ამბობს რა წმინდა გრგიოლ ღვთისმეტყველი სიტყვებს, რომ “ქრისტე მძინარეობს”, რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში იგულისხმება [10]სამომავლო გაღვიძების დიდი სიხარული, მაგრამ მისი ჟამი, მისი დროინდელი საქრისტიანოს მღელვარებანი და დაცემულობანი, ქარიშხლისებრ რომ წმინდა მოძღვრების ხომალდს აწყდება და ჯერ რომ ეს საშიშროება სახეზეა, აი ამის დამალვა, რა თქმა უნდა, დიდი მოძღვრისგან შეუძლებელია.

აი ასეთი ვითარებაა IV ს-ის მიწურულში და ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგჯერ დიდ მოძღვართა შორის ისეთი თემატიკაც განიხილება მთელი სიღრმით, რაც თითქოსდა ყველამ უნდა იცდეს თავისთავად. თითქოსდა რატომ გვეწოდება  ქრისტიანი ეს გამჭვირვალეა, ვითომცდა შესანიშნავად ვიცით, მაგრამ გავეცნოთ აი ამ ნაშრომს, რომელზეც ეხლა ჩვენ საუბარი გვაქვს, წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომზე “რას ნიშნავს ქრისტიანის სახელი და აღთქმა”? და ვფიქრობთ ძალიან ბევრნი დავრწმუნდებით, რომ არც ის ვიცით რას ნიშნავს ტერმინი “ქრისტიანი” და არც ის ვიცით რა არის [11]აღთქმა ქრისტიანობისა. ამიტომ ეს მცირე ნაშრომი ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ქრისტიანისგან უნდა იყოს გულდასმით წაკითხული, შემეცნებული და დაზეპირებული. ძველ ქართულად ითარგმნა ის თავის დროზე წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ, ხოლო ახალქართული თარგმანი ჩვენ გამოვაქვეყნეთ თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომათა პირველ ტომში და დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია იქ მოიძიოს. ვფიქრობთ, რომ იგი კიდევ გამოსაქვეყნებელია, შესაძლოა ბროშურის სახითაც გამოვცეთ და დიდი მოძღვრის - გრგიოლ ნოსელის შეგონება, მისეული განმარტება ყველამ ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ გულში.

აი ამ გარკვეული შესავლის შემდეგ ჩვენ უშუალოდ ნაშრომზე გადავალთ. ვფიქრობთ ამ ნაშრომის ღირსება უკვე გამოიკვეთა. სხვათაშორის მას ეპისტოლის ფორმა აქვს, როგორც უდიდეს ნაწილს ეკლესიის მამათა ლიტერატუული მემკვიდრეობისა, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეპისტოლის ფორმა, ასე ვთქვათ არჩევანისეულია, [12]გვინდა ეპისტოლის ფორმას მივანიჭებთ და გვინდა არა. ჩვენ ამაზე ხაზგასმა ვფიქრობთ გვევალება, ამას ალბათ ცოტა ხნის შემდეგ წერილობითაც გავაკეთებთ, რომ ეპისტოლარული მოღვაწეობა, ისევე როგორც სხვა ჟანრის ძეგლის შექმნა აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი. თუ ჩვენ ეპისტოლარუულ ფორმას ვაძლევთ ნაშრომს ისე, რომ ამის არავითარი საჭიროება არ არის, სამწუხაროდ ეს გახლავთ წმინდა მამათა ამ ერთ-ერთი სამოღვაწეო სახის, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაგება და თუ პირუთვნელად ვიტყვით გაშარჟება ამ წმინდა ღვაწლისა. რადგანაც ეკლესიური მოღვაწეობა გამორიცხავს ფუჭ ნაბიჯს, ფუჭ საქმეს და ეპისტოლის ფორმა იმიტომ იყო სავალდებულ იმ დროისათვის, რომ არანაირი სხვა კავშირ-ურთიერთობის საშუალება, დღევანდელობისგან განსხვავებით, ცხადია, არ არსებობდა და მართლაც ეპისტოლედ იგზავნებოდა ერთი მოძღვრისგან მეორე პირისადმი თავისი შრომა. [13]უდიდესწილად, უმრავლეს შემთხვევაში ჯერ ის პირი, ვისაც მოძღვრების მიღება სურდა, უგზავნიდა ეპისტოლეს ამა თუ იმ გამორჩეულ მოძღვარს და მისგანვე ეპისტოლის სახით ელოდა სულიერი სათხოვარის მიღებას. ასე რომ ეს იყო აუცილებლობა. მაგრამ თუ აუცილებლობა არ არის და ფორმად და სამშვენისად ვიყენებთ ეპისტოლარულ ჟანრს, ეს არის მხოლოდ ხელოვნური და ძალიან დამაფიქრებელი სავალალო მიბაძვა ეკლესიის მამათა წმინდა მსახურებისა, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არის. მაგრამ მაშინ დიდი იყო საჭიროება და შესავალი ამ ნაშრომისა თავისთავად ერთი ცალკე გამოსაყოფი მოძღვრებაა, თუ როგორ ანუგეშებდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთიმეორეს ეპისტოლეთა პერიოდული გაგზავნით. ამ შემთხვევაში ასეთი ნაშრომის შექმნა შესაძლოა იმითაც იყოს ნაკარნახევი, რომ გრიგოლ ნოსელი [14]შინაგანად გრძნობს გარკვეულ სინდისის ქენჯნას, ასე შეიძლება ითქვას, რომ მან თავის ადრესატს, რომელიც პერიოდულად ელოდა მისგან ეპისტოლეთა მიღებას და ამ ეპისტოლეებით საზრდოობდა და სულდგმულობდა იგი, მან დაუგვიანა ეპისტოლის გაგზავნა. დაუგვიანა და ამით ნუგეში მოაკლო და შესაბამისად შინაგანად წუხს, სინდისი ქენჯნის მას და რომ გამოისყიდოს აი ეს “დანაშაული”, გრიგოლ ნოსელი ცდილობს შემავსებელი დანაკლისისა იყოს იმგვარი სახის სულიერი ძღვენი, რაც მის ადრესატს დაავიწყებს გულგრილობას გამოვლენილს გრიგოლ ნოსელისგან. რა თქმა უნდა, ეს გულგრილობა პირდაპირი გაგებით გულგრილობა არ გახლავთ, უბრალოდ ვერ მოიცალა მოძღვარმა (გრგიოლ ნოსელმა) ეპისტოლეთა გაგზავნისთვის, მაგრამ აღელვებს რა თავისი სულიერი [15]ძმის ხვედრი, რომ მოაკლო მას მანუგეშებელი საზრდო, დიდი სიხარულის მონიჭებელი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ძღვენის მიწოდებით ცდილობს მისი გულის გახარებას.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს შესავალი შეიძლება ციტატის სახით წავიკითხოთ კიდეც, იმდენად სახეობრივიცაა და გულში მწვდომიც და პასუხისმგებლობის გამაცხადებელიც ამ დიდი მოძღვრისა. ეს ძეგლი ასე იწყება (ჩვენ ახალქართულ თარგმანს დავიმოწმებთ, რაც მკითხველისთვის და მსმენელისთვის, რა თქმა უნდა, უფრო გასაგებია): “იმათ მსგავსად, რომლებსაც ჰმართებთ დღიურად უხადონ ბეგარა ბატონს, მაგრამ ვერ ახერხებენ რა ამას, დღითი დღე იგროვებენ ვალს, შემდეგ კი თუკი რამ სიმდიდრეს მოიპოვებენ, ერთბაშად და სრულად გაისტუმრებენ ყველაფერს, რაც აქამდე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ. ამგვარადვე ვიქცევი მეც [16]შენი ღირსპატიოსნების წინაშე. ვალდებული ვარ, რომ უწყეტად გწერდე, რადგან დაპირება ვალია ქრისტიანისათვის. ამიტომ რაც გავლილ დროში უნებურად დაგაკელი და ვერ მოგწერე აწ აღვასრულებ. იმდაგვარად განვავრცობ რა ეპისტოლის მოცულობას, რომ იგი ჩვეულებრივი წერილის ზომაზე დაყოფილი მრავალი წერილის ტოლფასად ჩაითვალოს, თუმცა ფუჭად რომ არ ვიყბედო იმაზე, თუ რა სიგრძისაა ნაწერი, ვფიქრობ კარგი იქნება ამ ეპისტოლის ხმით გარდასულს მივბაძო, რაჟამს პირისპირ ვესიტყვებოდით ურთიერთს”. აქ წმინდა გრიგოლ ნოსელი იხსენებს ადრესატთან მის ხორციელ გვედით მყოფობას, ე.ი ხილვადად რომ ერთად იყვნენ და ერთიმეორეს უშუალდ ესაუბრებოდნენ, ეს ნეტარი დრო ეხლაც ახსენდება, მაგრამ არა აქვს რა საშუალება მის გვერდით იყოს, სწორედ ამიტომ მოუხმობს იგი ეპისტოლის ფორმას. აქედანაც აშკარად ჩანს, რომ ეპისტოლე [17]არის საჭიროებიდან გამომდინარე ყოველთვის, აუცილებლობიდან გამომდინარე და არა თვითმიზანი ეკლესიისა, თითქოს ეს ეკლესიის სტილია და აუცილებლად ეპისტოლით თუ დავწერთ ეკლესიის მამა ვიქნებით. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ, ეპისტოლაურული ჟანრი გაცილებით ადრეული წარმოშობისაა და ეს ფორმა გამოყენებულია ეკლესიის მამათაგან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამ უკვე არსებული ფორმალური მხარე, რაც მამებს საშუალებას მისცემდათ მოძღვრების რაც შეიძლება ფართო მაშტაბით გავრცელებისა.

აი ამის შემდეგ, იხსენებს რა გარდასულს, წმინდა გრიგოლ ნოსელი ჩვენც შთაბეჭდილებას გვიქმნის იმ წარსულისას და ასე აღგვიწერს ძველ ჟამს: “უთუოდ გახსოვს, რომ ყოველი ჩვენი მსჯელობის საგანი იყო სათნოებითი მოღვაწეობა და ღვთისმოსაობაში თავის გაწვრთნა, როდესაც შენ მოძღვრული წესით მუდამ გჩვეოდა ნათქვამზე შეპასუხება”. როგორც ჩანს ეს ის ჟამია, როდესაც [18]წმინდა გრგიოლ ნოსელი პირველ ნაბიჯებს დგამს სასულიერო ხარისხში და მისი ამჟამინდელი ადრესატი იმ დროსაც მოძღვარია, თავისი მოძღვრობით ღირსეულ თანამოპასუხედ ჩანს ხსენებული მამისთვის და იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა ის ჟამი, რომ წლების შემდეგაც გრიგოლ ნოსელს ეს ყოველივე სანეტაროდ ეჩვენება. ე.ი. წმინდა გრიგოლ ნოსელი იხსენებს იმ ჟამს, რდესაც მისი ადრესატი ეკამათებოდა მას მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენის სურვილით და თვით კი, როგორც ასაკით უხუცესი, რაოდენ ძალუძდა, ცალკეულად განუმარტავდა ყოველივეს. ამიტომ ამბობს დიდი მოძღვარი: “უთუოდ გახსოვს, რომ ყოველი ჩვენი მსჯელობის საგანი იყო სათნოებითი მოღვაწეობა და ღვთისმოსაობაში თავის გაწვრთნა, როდესაც შენ მოძღვრული წესით მუდამ გჩვეოდა ნათქვამზე შეპასუხება (ადრესატიც მოძღვარია), რადგან გამოძიების გარეშე არაფერს შეიწყნარებდი. [19]მე კი როგორც ასაკით უხუცესი ცალკეულად განგიმარტავდი ყველაფერ იმას, რასაც მწყობრი მსჯელობის გზით გამოვიკვლევდით”.

ამ ჟამის მონატრება უფრო მძაფრად ჩანს შემდგომ სიტყვებში: “ნეტამც შესაძლებელი იყოს მაშინდელივით ხდებოდეს ახლაც, რომ კვლავ შენი გონიერება იწყებდეს მსჯელობას. რა იქნებოდა ამაზე კარგი, ორმაგ სარგებელს მივიღებდით შენცა და მეც. ერთი მხრივ ურთიერთ ჭვრეტით, ამაზე ტკბილი კი ამ ცხოვრებაში რა არის ჩემთვის, ხოლო მეორე მხრივ იმის მადლით, რომ შენი სიბრძნე ხემის მსგავსად ააჟღერებდა ჩემს მხცოვან საკრავს”. ასეთი სახეობრივი გამოხატულება იმ ღრმა განცდისა, ჩვენი აზრით მსმენელზეც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

თუმცა როგორც მოძღვართ სჩვევიათ წმინდა გრიგოლ ნოსელი არ განავრცობს ამ კუთხით მსჯელობას, რადგანაც მას საძიებელი წინ აქვს. ამიტომ ლაკონურად მოჭრის და იტყვის: “მაგრამ რადგან [20]ცხოვრება გვაიძულებს შორი-შორს ვიყოთ ხორციელად, თუმცა კი სულიერად ერთადა ვართ, შენი პირითაც მე ვიტყვი სათქმელს და თუ სადმე საჭიროდ ჩავთვლი ჩემს მსჯელობას თვით მე შევესიტყვები”. მოპაექრეც თვითონ იქნება თავისი თავისა. ესაა ერთ-ერთი უბრწყინვალესი ადგილი, მონაკვეთი არა მარტო გრიგოლ ნოსელის ამ ნაშრომისა, არამედ ზოგადად საეკლესიო ლიტერატურისა, სადაც პიროვნება რომელსაც გვერდით არ ჰყავს გამომაფხიზლებელი მოპაექრე, რომ რაიმე ცდომილება არ მოუვიდეს, თვითონვე ხდება მოპაექრე თავის თავთან, რომ თავის თავს თვითონვე უწესებს საზღვარს, რომ თვითდინებაზე არ იყოს მიშვებული მსჯელობა, ხიბლმა არ წარიტაცოს, რომ მარადისი მღვიძარება თან ახლდეს მას. მითუმეტეს ესოდენ ღრმა საკითხთა ძიებისას, რასაც ამ ნაშრომის სათაური გულისხმობს, თუ “რა არის [21]ქრისტიანის ჭეშმარიტი სახელი და აღთქმა”.

ამის შემდეგ მოძღვარი პირდაპირ სვამს კითხვას და გადადის განხილვაზე. კითხვა კი ამგვარია: “ვფიქრობ გონივრული იქნება პირველ რიგში სულის მარგებელი რამ საკითხი განვაწესოთ განხილვის საგნად, შემდეგ კი მის შესახებ მსჯელობას მივყვეთ. ამრიგად ძიების წესით გამოვიკვლიოთ რა არის აღთქმა ქრისტიანისა”. აი ეს გახლავთ საძიებელი დიდი მოძღვრისა. ჩვენც შევეცადოთ, რომ გამოვიკვლიოთ დასკვნის სახით, ჩავწვდეთ ნააზრევს ნისის ეპისკოპოსისას და ჩვენსავე თავს განვუკუთვნოთ ის შეგონება, რაც ამ ნაშრომის ყოველ ადგილას უდიდესი ცხოველმყოფელობითი დატვირთვით გამოთქმულია მოძღვრისგან.

 

326–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=YXYqWb9Ob0s

 

(ნაწილი მეორე)

ვინც ჩვენს წინა საუაბარს უსმენდა, ცხადია, ახსოვს, რომ ჩვენ ვეხებოდით და განვიხილავდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს სახელწოდებით “რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა”? ცხადია, აღარ დავუბრინდებით იმ შესავალ ნაწილს, რაც ამ ნაშრომის განხილვას წინ წავუმძღვარეთ, მხოლოდ მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ესაა ერთ-ერთი უდიდესი ღირებულების ნაშრომი, რომლის მარადიული შემეცნება თავისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყველა ქრისტიანის ვალია. ცხადია, ჩვენ არ ვგულისხმობთ იმას, რომ სრულიად უმეცარნი ვართ იმისა, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა, რა არის აღთქმა ქრისტიანობისა, მაგრამ ესაა იმგვარად აღმატებული ჭეშმარიტება, რომ მასში დღემუდამ უნდა ვწვდებოდეთ, უფრო და უფრო აღმატებულ შინაარსს აღმოვაჩენდეთ. მაგრამ ეს ყველაფერი, ამგვარი წვდომითი ღვაწლი უნდა დაიწყოს იქიდან, რომ არსებითი გავაცნობიეროთ, თუ რა არის არსებითად, სიღრმისეულად, [1]ბუნებითად ქრისტიანობა, ქრისტიანობა როგორც სახელწოდებით, ისევე თავისი აღთქმით. სწორედ ეს კითხვა, დასმული დიდი მოძღვრისგან ხსენებულ ნაშრომში თუ რა არის აღთქმა ქრისტიანისა, პასუხგაცემულია ამ ნაშრომში. ჩვენ წინა საუბარში ვერ მოავახერხეთ ამ თემაზე სახელდობრივი მსჯელბა და ამჯერად შევეხებით მას.

ჯერ თვით საკითხის განხილვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. წმინდა გრიგოლ ნოსელი არ თვლის, რომ ეს მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ კიდეც, პირიქით მიიჩნევს, რომ ეს უდიდეს მნიშვნელობისაა, ყველა უნდა აცნობიერებდეს იმას, რაც ეწოდება, რადგანაც საფრთხე გაუცნობიერებლობის შემთხვევაში არა მხოლოდ მას პირადად შეექმნება, არამედ შეექმნება თვით იმ მოძღვრების ღირსებასაც რა მოძღვრების სახელსაც ესა თუ ის ადამიანი განიკუთვნებს და ეს კიდევ უფრო მეტი სიმძიმის ცოდვაა. წმინდა გრიგოლ ნოსელი საკითხის განხილვის აუცილებლობას ამგვარად [2]ასაბუთებს: “ალბათ არ იქნება სარგებლობას მოკლებული ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ზედმიწევნით ჩავწვდებით ზემორე სახელის შინაარსს (ქრისტიანის შინაარსს), ცხადია, დიდ შემწეობასაც მივიღებთ სათნოებითი ცხოვრების გზაზე. ჭეშმარიტად უთუოდ იმას უნდა ვესწრაფოდეთ უმაღლესი მოღვაწეობის მიერ, რომ რაც გვეწოდება ვიყოთ კიდეც იმგვარი. მართლაც თუ ვინმეს სურს იწოდებოდეს ვთქვათ ექიმად, ან რიტორად, ან გეომეტრად, ცხადია, არ დაუშვებს იგი, რომ უსწავლელობის მიზეზით გასაკიცხი გახადოს თავისი წოდება, ანდა შემოწმების ჟამს შეუფერებელი აღმოჩნდეს იმ სახელისა, რასაც ატარებს. პირიქით, ვინც მოსურნეა ჭეშმარიტად ჰქონდეს წოდება, უთუოდ საქმით გახდის თავის წოდებას სარწმუნოს, რომ ცრუწოდების სიყალბეში არ ამხილონ იგი. იგივე ითქმის ამჯერადაც. [3]ვეძიებთ რა ქრისტიანის აღთქმის ჭეშმარიტ აზრს, არავის გვინდა დავცილდეთ იმას, რისი აღთქმაცაა ჩვენს სახელში, არ კი მოხდეს ისე, რომ ჩვენზე გამართლდეს ერთი ამბავი წარმართთა შორის გავრცელებული”. და აქ წმინდა გრიგოლ ნოსელს, როგორც საერთოდ სჩვევია მას, ნიმუშის დამოწმება, რომ უფრო ცხადი გახადოს სათქმელი, მოაქვს ერთი თხრობა, როგორც თვითონვე ამბობს წარმართთა შორის გავრცელებული, რაც უაღრესად თვალსაჩინოა და მრავლისმეტყველი ყალბი სახელის, ყალბი წოდების და ჭეშმარიტი წოდების რაობის შესამეცნებლად. ჭეშმარიტია ქრისტიანი, ვინც განიკუთვნებს ამ სახელს და წვდება სახელის მნიშვნელობას, სახელის ღირსებას. მნიშვნელობა და ღირსება აქ აბსოლუტურად გაიგივებულია. ეს არაა უბრალოდ სახელი, რომ მისი მნიშვნელობა შევიცნოთ. ამ სახელის უპირველესი მნიშვნელობა მის განსაკუთრებულ ღირსებაშია და აი ამის შემეცნება ხდის ადამიანს [4]ამ სახელის წოდების ღირსად. მაგრამ შეუმეცნებლობა წოდებისა და ყალბად მითვისება რაიმესი ნიღბისებრ იმავე მდგომარეობაში აღმოაჩენს ადამიანს და სწორედ ამაზე აქვს წარმართთა შორის გავრცელებული  ამბავი დამოწმებული წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომელიც ამ ამბის ცენტრალური გმირის მაიმუნის მსგავს ვითარებაში აღმოაჩენს მას, ვინც ყალბად განიკუთვნებს ნებისმიერ წოდებას და განსაკუთრებით ღირსების მქონე წოდებას და კიდევ მეტი განსაკუთრებულობით უაღმატებულესი ღირსების მქონე წოდებას, რაც არის კიდეც სახელი ქრისტიანისა. მაგრამ ეს ამბავი, თავისთავად უაღრესად საყურადღებო, გრიგოლ ნოსელისგანვე განსაკუთრებული სახოებრიობით გადმოცემული, ვფიქრობთ მსმენელისთვისაც სარგებლბის მომტანი იქნება და შესაბამის ციტატას აქ წარმოვადგენთ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: “ვიღაც სასწაულთმოქმედმა [5](აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება რაიმე გაგებით ის აზრი, თითქოს რაღაც მართლაც სასწაულების მოხდენა სჯეროდეს ქრისტიანს რომელიმე წარმართი ადამიანისგან. აქ იგულისხმება ილუზიონისტობა, ანდა მეორე მხარე, როდესაც დიდი ძალისხმევის, დიდი მონდომების შედეგად ესა თუ ის ადამიანი რაღაც ჩვევას შესძენს, გაწვრთნის რომელიმე ცხოველს. ყოფითი აზრით ესეც სასწაულად ითვლება, როცა დავუშვათ იმგვარადაა გაწვრთნილი ცხოველი, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებულ გონიერებას ავლენს. აი ამგვარი შინაარსი აქვს ამ შემთხვევაში ტერმინ “სასწაულთმოქმედს”) ქალაქ ალექსანდრიაში გაწვრთნა მაიმუნი, რომელსაც მარჯვე ტრიალით მოცეკვავედ უნდა წარმოესახა თავი. შემოაცვა მას პატრონმა მოცეკვავის ნიღაბი, აგრეთვე საქმის (ცეკვის) შესაფერისი სამოსელი და განუწესა ქოროც (ე.ი. თანმხლები პირები, მწყობრი), [6]რომ ბრწყინვალება მისცემოდა მელოდიის რიტმზე მროკავ მაიმუნს, რომელიც ყველაფრით, რასაც კი აჩვენებდა და აკეთებდა, თავის ბუნებას ფარავდა”. ე.ი. ვერავის ვერ უნდა გაეგო რომ ეს მაიმუნი იყო, ადამიანად უნდა აღექვათ იგი. მას ქონდა ნიღაბი ადამიანისა, აგრეთვე ჩაცმულობა, ცეკვავდა და გვერდს უმშვენებდა მთელი კრებული მოცეკვავეებისა, რომელთა შორისაც ის ყველაზე უფრო მეტი ბრწყინვალებით უნდა წარმოჩენილიყო. “შემდეგ როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით (წარმდგარია მაიმუნი უკვე ხალხის წინაშე), ერთმა ვინმემ (მაყურებელთაგან), სხვებზე უფრო მოხერხებულმა (ამ თხრობიდან ჩანს, რომ მან იცოდა მაიმუნის შენიღბვის ამბავი) სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი”. ე.ი. ის რომ მაიმუნი იყო ეს ყველამ იცოდა, [7]მაგრამ ხალხი თვლიდა, რომ ამ პიროვნებამ, გამწვრთნელმა ადამიანად აქცია ფაქტიურად ის. მართალია ნიღაბში ყველამ იცოდა, რომ ის მაიმუნის სახისა იყო, მაგრამ ქცევით მანერით, თავისი მოქმედებით ხალხს უკვე მიაჩნდა, რომ ის გაადამიანებული იყო, იფიქრეს, რომ მართლა თვისობრივად ადამიანი გახდა ეს მაიმუნი და თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა, ასე თვლიდა მაყურებელი. მაგრამ იმ ერთმა ჭკვიანმა, რომელმაც იცოდა, რომ შეუძლებელია რაც არ უნდა გაწვრთნა ადამიანად იქცეს მაიმუნი რაიმეთი და რომ ეს მხოლოდ ნიღაბია, ეს მხოლოდ გარეგანი რაღაც ჩვევაა, ხოლო შინაგანად მაიმუნი კვლავ მაიმუნად რჩება, აი ამის წარმოსაჩენად, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი გვაუწყებს აქ, ამ პიროვნებამ გარკვეული რამ მოიმოქმედა: “(ამ პიროვნებამ) სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის (ისინი მართლაც გაშეშებულნი იყვნენ, რადგან ადამიანისგან ფაქტობრივად არაფრით აღარ განსხვავდებოდა ის მაიმუნი, რომელსაც ალბათ მანამდე ყველა იცნობდა), [8]რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. იმ დროს როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას, რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე, ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი, ყველაფერი რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა. მაიმუნმაც რაწამს დაინახა თავის წინ დაფანტული ნუში, აღარ დაახანა და დაივიწყა რა ცეკვაცა და ტაშიც, აგრეთვე თავისი სამოსლის მოხდენილობა, მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა ხელის გულებში შემოიგროვა. თან, ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა, ბრჭყალებით სწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება, რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებლებში და ასე ნაცვლად იმისა, რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო, ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში”.

ეს თხრობა [9]უაღრესად თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ ნიღაბი ერთია ნამდვილი სახე კი მეორე, გარდაქმნა შესაძლებელია, მაგრამ არსებობს გარდაქმნა ჭეშმარიტი, კეთილშობილება ჭეშმარიტი, ადამიანის მიერ სათნოებითი ღვაწლის შედეგად საკუთარი ბუნების განღმრთობა, მაგრამ არსებობს აგრეთვე ყალბი გარდაქმნა, ყალბი სათნოებითი სიმაღლე, სათნოებითი ნიღბის მორგება და რა თქმა უნდა, გარეშე თვალისთვის უდიდესწილად ეს განურჩეველია. განურჩეველია, მაგრამ ყველაფერი გაცხადდება გამომცდელი მოვლენის წინ, როდესაც დგება ჟამი ყალბი ნიღაბი აუცილებლად დაადასტურებს თავის ხელოვნურობას, შემთხვევითობას, ის აუცილებლად შემოეძარცვება ნიღაბში მყოფს. ხოლო ვინც ბუნებითად გარდაქმნილია, ვინც ბუნებითად გაკეთილშობილებულია და განღმრთობილია, მისთვის ნიღაბი [10]აბსოლუტურად უცხოა და ვერანაირი ჟამი, ვერანაირი განსაცდელი სიყალბეს, ხლოვნურობას, ნიღაბს მის მოღვაწეობაში ვერ აღმოაჩენს. ამის დადასტურებაა ეს ყოველივე, ეს თხრობა. ვისაც ნიღბისებრ აქვს ქრისტიანობა, ეს ნიღაბი რაღაც ჟამს აუცილებლად შემოეძარცვება. თუნდაც ამ ქვეყნად ეს არ მოხდეს, იმ ქვეყნად ეს აუცილებლად შემოძარცვულია. ნიღაბი ვერასოდეს ვერავის ვერ გადაარჩენს, ხლო თუ ჭეშმარიტად ფლობს ადამიანი ქრისტიანის სახელს და ეს ფლობა პირველ რიგში ნიშნავს ამ სახელის ღირსებითი შინაარსის, მისი აქსიოლოგიური რაობის ანუ ღირსებითი რაობის წვდომას, ვისმიერაც უკვე აღსრულებულია ამგვარ პიროვნებას ეს ღირსება უეჭველად ცხონებისკენ წარმართავს. ქრისტიანი ჭეშმარიტი, ქრისტიანი ცრუ წმინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრებით იმის შესაბამისად იმიჯნება პირველ რიგში [11](ამას, რა თქმა უნდა, შემდგომში და შემდგომში სხვა რეალიებიც ახლავს) იმის შესაბამისად, იმის მიხედვით იმიჯნება, თუ ვინ წვდება და ვინ ვერ წვდება ამ სახელის შინაარსს, ამ სახელის ღირსებითი სიმაღლის რაობას.

მოიტანა რა ეს ამბავი წმინდა გრიგოლ ნოსელმა, უკვე განაწყო მან მკითხველი იქეთკენ, რომ ანალოგიურად განიძარცვოს ყველამ ნიღაბი და ეძიოს ჭეშმარიტი, განიძარცვოს ნიღაბი ქრისტიანისა და ეძიოს ჭეშმარიტი ქრისტიანის სახელი. თვით მოძღვარი ამას დასკვნის სახით ამგვარად განგვიმარტავს: “როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება, ეშმაკეული საცთური ადვილად [12]ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც მიღებული აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს სთავაზობს, რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ, ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების, სიშმვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს”. აი ეს ასე რომ არ იყოს ამიტომ განიზრახავს მოძღვარი ქრისტიანის აღთქმის და თვით სახელწოდების სიღრმისეულ წვდომას და თვითვე გვეუბნება: “ამიტომ საჭიროა შევიცნოთ ქრისტიანობის აღთქმა, რომ იქნებ გავხდეთ კიდეც იმგვარი, რასაც ეს წოდება გულისხმობს. არ კი მოხდეს ისე, [13]რომ ლიტონი აღსარების, ანდა მარტოდენ სახელის სამკაულით შემოსახულნი გარედან სხვად ვჩანდეთ, ხოლო მას, დაფარულთა მჭვრეტს, სხვაგვარად გამოვუჩნდეთ. ამრიგად პირველად ის განვჭვრიტოთ როგორ შეიცნობა ქრისტიანობა თვით სახელიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ბრძენნი უთუოდ აღმოაჩენენ მასში უფრო უმჯობესს და უფრო უდიდებულეს რამ აზრს სახელწოდების სიმაღლის სწორად თანაამაღლებულს. ხოლო რასაც საკუთრივ ჩვენ ამ სახელის შესახებ დავიტევთ შემდეგია”. ამის მომდევნოდ უკვე წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტებას გვაწვდის, მაგრამ ჯერ თვით ეს შესავალი ნაწილი, ვფიქრობთ, უაღრესად საგულისხმოა იმის წარმოსაჩენად, რომ გრიგოლ ნოსელი არ შემოსაზღვრავს ქრისტიანის რაობას მხოლოდ იმ მჭვრეტელობით, რაც მას აქვს. ის მიიჩნევს, რომ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა განჭვრეტანი ამ სახელისა [14]და ამიტომ ვამბობდით, რომ ქრისტიანის წოდების წვდომა მუდამ ჟამს უნდა ხდებოდეს ამ სახელის მატარებლისგან, რადგანაც ეს არის ამოუწურავი ღირსებისა და შინაარსის მქონე ტერმინი, მაგრამ დასაბამიერი ამ მართებული წვდომის გზაზე სწორედ ის განმარტება უნდა იყოს ჩვენის აზრით, რაც დიდმა მოძღვარმა მოგვცა.

საერთოდ ეკლესიის მამათა შორის სახელის განმარტებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენ ამაზე ადრეც გვქონია საუბარი, განსაკუთრებით წმინდა ეგნატი ანტიოქიელთან დაკავშირებით, რომ სახელის რაობა, ეტიმოლოგიური აზრი მისი მოძღვრებაში წვდომის წინასაფეხურად აქვთ მიჩნეული ეკლესიის მამებს. თვით გრიგოლ ნოსელი სახელ ქრისტეს ფაქტობრივად ახლებურად განმარტავს, ასე შეიძლება ითქვას, და ამით ამ სახელწოდების უაღმატებულეს ღირსებას კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოგვიჩენს. მისი თქმით “ქრისტეს სახელი, თუკი მას უფრო ცხადი და გასაგები ენით [15]განვმარტავთ, აღნიშნავს მეფეს. საღვთო წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას და მის მიერ სამეფო ღირსებას წარმოგვიჩენს. ამ შემთხვევაში მოძღვარი, აშკარად ცხადია, მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ სიტყვა “ხრისტოს” ბერძნულში ნიშნავს ცხებულს, ცხებულნი კი სწორედ მეფენი იყვნენ, ისინი იღებდნენ მეფედ ცხების პატივს და მაცხოვარმა ამ სახელწოდების განკუთვნით, რომ ის განკაცებული ქრისტედ იწოდა, დაადასტურა თავისი ბუნებითი მეუფება, რომ ბუნებითი მეუფე სწორედ იგია. იმიტომ, რომ ვინც ბუნებითად ცხებულია სწორედ იგია ბუნებითი მეუფე. ხოლო ბუნებითი ცხებულება მაცხოვართან დაკავშირებით ორგვარად გაიგება ეკლესიის მამათა მიერ, ერთი მხრივ, რომ მამა ღმერთმა, მცხებელმა სულიწმინდის, საცხებლის მიერ სცხო მას და მეორე, რომ საღვთ ბუნებამ სცხო კაცობრივ ბუნებას. [16]ორივე მხრივ ცხებული თავად მაცხოვარია, იესო ქრისტეა და ცხებულის მეფედ ანუ მეუფედ გაგება აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, კანონზომიერია და ამ შემთხვევაში სამოძღვრო კუთხით ყოვლითურთ გამართლებული. შემდგომ მოძღვარი განაგრძობს: “რადგან ღმერთი წერილის თანახმად გამოუთქმელია და მიუწვდომელი, აღემატება რა იგი ყოველგვარ წვდომით შემმეცნებლობას, ამის გამო სულიწმიდით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველები და მოციქულები მრავალი სახელისა და ცდუნების საშუალებით შეგვეწევიან ჩვენ უხრწნელი ბუნების შეცნობაში, როდესაც ესა თუ ის მათგანი ამა თუ იმ ღვთისმშვენი აზრისკენ წარგვიმართავს გზას. ასე მაგალითად ყოვლიერებაზე ღვთის ხელმწიფება მეფობის სახელით ცხადდება, ხოლო ყოველგვარ ვნებასთან, ყველანაირ [17]უკეთურებასთან მისი უზიარებლობა და მათგან თავისუფლება სათნოების სახელებით აღინიშნება, რომელთაგან (ამ სათნოების სახელთაგან) თითოეული გაიაზრება როგორც უფრო უმჯობესისადმი თქმული. ამიტომ ყველა ის აღმატებული აზრი, რაც ამგვარ სახელთა მიერ ცხადდება, სამართლიანობა, სიბრძნე, ძალა, ჭეშმარიტება, სიკეთე, ცხოვრება, ხსნა, უხრწნელება, უცვლელობა, გარდაუქმნელობა და სხვა, ყოველივე ეს არის თვით ქრისტე და იგი ითქმის კიდეც ამ სახელებით. ამიტომ თუ ქრისტეს სახელი გაიგება როგორც გარემომცველი (ე.ი. ეს სახელია თვითონ გარემომცველი, გარეშემომწერი) ყველა სხვა აღმატებული სახელისა, რადგან უფრო აღმატებული აზრი დანარჩენებსაც მოიცავს და ამის გამო ყოველი სახელი უკვე განიჭვრტება მეფობის ცნებაში, ამდენად ალბათ მიზანშეწონილი უნდა იყოს, [18]რომ ქრისტიანობის განმარტება და წვდომა თანამიმდევრული რამ წესით წარმოვადგინოთ”. ამის შემდეგ თანამიმდევრული წესით განხილვა ხდება საკითხისა, მაგრამ უკვე რაც აღინიშნა ესეც უაღრესად საგულისხმოა, პირველი ნაწილი ამ მსჯელობისა, რომ სახელწოდება ქრისტე, ცხებულობა ნიშნავს მეუფებას და ქრისტე არის მეუფე, ბუნებითი მეუფე, ხოლო ყოვლისმფლობელი ბუნებითი მეუფე ისაა, რომელიც ფლობს რისი მფლობელია, რისი მეუფეა, ყველა აღმატებული აზრისა, ყველა აღმატებული სახელისა, ყველა აღმატებული შინაარსისა. აი ამის მეუფეა უფალი და მართლაც მას აქვს ყოველგვარი აღმატებულება, იქნება ეს სამართლიანობა, სიბრძნე, გონიერება, გარდაუქმნელობა, ღმერთობა, ცხოველმყოფელობა, ყოვლისშემძლეობა და სხვა. აი ეს ყველა აღმატებული სახელი ფლობილია მისგან, ფლობს იგი ყოველ [19]ამ სახელს და სწორედ ამიტომაა იგი ჭეშმარიტად უფალი, ჭეშმარიტად მეუფე. პირობითად, გადატანითი მნიშვნელობით იგივე სახელი ბევრზე შეიძლება ითქვას, ვიღაც რაღაცას ფლობს, მაგრამ ბუნებითად მხოლოდ ის შეიძლება იყოს მეუფე, ვინც ყოველივეს ფლობს, ყოველივე აღმატებულს ფლობს, ყოველივე მნიშვნელოვანსა და ღირსეულს, გამორჩეულს თავის წიაღში გარემოიცავს. აი ამ მნიშვნელობით უწოდებს მეუფეს წმინდა გრიგოლ ნოსელი მაცხოვარს და არა უბრალოდ ერთ-ერთ სახელად. ერთ-ერთი სახელი არის, თავისთავად, ცალკე აღებული მეუფე, მაგრამ სახელთა შორის არის იერარქია, - გვასწავლის იგი, აღმატებულბანი და უფრო ქვემორე სახელები. რაც უფრო აღმატებულია სახელი ის უფრო ქვემორეს თავის თავში მოიცავს, იმიტომ, რომ უფრო ფართოა, იმასაც მოიცავს რაც ქვემოთაა, რაც ქვემორე ღირსებაა და ამ დროს უფრო მეტია. კიდევ უფრო აღმატებული სახელი ყველა ქვემორე ღირსებებს მოიცავს, მაგრამ [20]უფრო მეტია, ხოლო ყველაზე აღმატებული სახელი ყველა ქვემორე ღირსებას მოიცავს. აი ეს ყველაზე აღმატებული ბუნებითი სახელი არის მეუფე, იგივე მეფე, რომელიც მომცველია ყველა სხვა აღმატებული სახელისა. მართლაც თვით სახელწოდების შინაარსი გვიკარნახებს იმაზე, რომ მფლობელი ანუ მეუფე, რაც ერთიდაიგივეა ამ შემთხვევაში, ყველა დანარჩენის მქონე უნდა იყოს. სამართლიანი ვერ იქნება ყველა დანარჩენის მქონე, იმიტომ, რომ სიტყვა ამას არ ნიშნავს, სამართლიანი ნიშნავს სამართლიანობის მქონეს. შეიძლება ადამიანი სამართლიანი იყოს ვთქვათ, მაგრამ ყოვლისშემძლე არ იყოს, ისევე როგრც შეიძლება ყოვლისშემძლე იყოს, პირობითად რომ ვთქვათ, მაგრამ სამართლიანი არ იყოს. ეს თავისთავად ღმერთში, ჭეშმარიტ მეუფეში და ჭეშმარიტ სამართლიანში, შეუძლებელია, მაგრამ ცალკე აღებული სიტყვა, რაღაცის შემძლე, არ ნიშნავს აუცილებლად სამართლიანსაც. ყოვლისშემძლეობაში ეს გაუქმებულია იმიტომ, რომ ვინც ყოვლისშემძლეა, ის აუცილებლად [21]ყოვლადსამართლიანიცაა, იმიტომ, რომ ყოვლისშემძლე მხოლოდ უფალია და უფალში ყოვლადსამართლიანობაა, მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ, ამ ქვეყნიური მაგალითი რომ ავიღოთ, ბევრისშემძლეა მეფე, მას აქვს მატერიალური და ყოფითი გაგებით ყოვლისშემძლეობა, როგორც ხშირად თქმულა, რომ ყოვლისშემძლე მეფენი ბევრ რამეში უძლურნი არიან თურმე. თუნდაც ყოფითი გაგებით, ამ მატერიალური ცხოვრების მიხედვით და ამ ფარგლებით მხოლოდ მათ მართლაც ქონდეთ ყვლისშემძლეობა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ ყოვლადსამართლიანობა. სხვადასხვა სახელი მხოლოდ იმას გულისხმობს პირველ რიგში, რასაც ეტიმოლოგიურად აღნიშნავს და რადგან მეუფე ეტიმოლოგიურად სწორედ მფლობელს ნიშნავს, მომცველს, თავის თავში შემკრებს და მათზე გაბატონებულს, შესაბამისად ვინც მეუფეა ის ბატონობს ყველა ღირსებაზე, ანუ მასშია ყველა ღირსება, ის მფლობელია ყველა ღირსებისა. აი ამიტომ უწოდებს პირველ რიგში და უპირობოდ ყველაზე უფრო აღმატებულად მაცხოვარს წმინდა გრიგოლ ნოსელი მეუფეს.

ხოლო თუ როგორ უნდა განიმარტოს ეს სახელი უკვე მაცხოვრის [22]სახელის მქონეებზე – ქრისტიანებზე და ესოდენი აღმატებულობის დამტევი შინაარსის მფლობელებზე, აი ამ ყოველივეს მოძღვარი თავისი ნაშრომის შემდგომ ნაწილში განგვიმარტავს.

 

327–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=rbeZqaIwq_A

 

(ნაწილი მესამე)

ჩვენ ვუბრუნდებით კვლავ წმინდა გრიგოლ ნოსელის უდიდესი მნიშვნელობის ნაშრომს “რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა”? რომლის გარკვეული ნაწილი უკვე შევისწავლეთ. მნიშვნელოვან გამოხმაურებათა საფუძველზე ვთვლით, რომ შესწავლა ამ ძეგლისა და საერთოდ ეკლესიის მამათა ყველაზე უფრო რჩეული შრომების შინაარსობრივი შესწავლა აუცილებელია, იმ ინფორმატიულ მასალასთან ერთად, რასაც ვცდილობთ, რომ ჩვენს საუბრებში თავისი ადგილი ჰქონდეთ. ამიტომ ვეხებით ამ ძეგლსაც შედარებით დაწვრილებითი სახით.

შევჩერდით იმ ადგილას, როდესაც წმინდა გრიგოლ ნოსელმა გამოიტანა უმნიშვნელვანესი დასკვნა, ბევრისთვის ალბათ საჩოთირო, მაგრამ რეალური და ნამდვილი იმის შესახებ, თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი და გაყალბება ქრისტიანის სახელისა ადამიანს რა გვარეობად, [1]რა სახეობად გარდაქმნის. როგორც პირდაპირაა მითითებული ამ მოძღვრისგან, ადამიანი რომელსაც ყალბად აქვს ქრისტიანის ნიღაბი, სწორედ ის მაიმუნია, რომელმაც ადამიანის სახე ნიღბისებრ განიკუთვნა, მაგრამ პირველსავე ცდუნებაზე თავისი ნამდვილი თვისებანი, თავისი ნადმვილი ბუნება მთლიანად გამოავლინა. ამიტომ ამბობს დიდი მოძღვარი და ამიტომ გვასწავლის, რომ სახელს რომელსაც ვატარებთ უნდა ვატარებდეთ მთელი არსებით, ეს სახელი ჩვენი ბუნება უნდა იყოს და ყველა ჩვენი თვისება შესაბამისი სახელისა. ჩვენ მოვიტანთ მნიშვნელოვან ციტატას მოძღვრისას, სადაც სწორედ ეს აზრია გადმოცემული: “თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი, მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ, რაც კი ქრისტეს სახელთან [2]ერთად მოიაზრება, ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და ზემორე მაგალითის მსგავსად (იგულისხმება მაიმუნის მაგალითი) ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს, რადგან ისევე როგორც არ შეიძლება, რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა, არ იყოს სიწმინდე, ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთურებისგან გაუცხოება, ამგვარადვე არ შეიძლება, რომ ქრისტიანი (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქრისტიანი) არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელთან ზიარებას”.

ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ და რასაც შევეხეთ, მაინც შესავალია, ასე შეიძლება ითქვას, იმ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დებულების საუწყებლად და განსამარტებლად, რაც ამჟამად მოტანილი ციტატის უშუალოდ მომდევნოდ გვხვდება ხსენებულ ნაშრომში. აქ უკვე ჭეშმარიტად განმარტებულია [3]რა არის ქრისტიანობა და შესაბამისად ქრისტიანობის საკუთარ სახელად განმკუთვნელი პიროვნება რა გეზისა უნდა იყოს ამ ცხოვრებაში, რა თვისებებს უნდა იტევდეს და ავლენდეს კიდეც. მოძღვარი გვაუწყებს: “ამრიგად ქრისტიანობის არსის განმარტებისას როგორც დებულებას ისე ვიტყვით: ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა”.

მთელი წინარე შესავალი ამ დასკვნის გამოტანას რატომ დასჭირდა? დასჭირდა მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ქრისტიანი ქრისტეს კვალობაზე მავალი პიროვნებაა, ხოლო თავად ქრისტე არის ყველა სიკეთის, ყველა აღმატებული სიკეთის დამტევნელობა და ესაა სწორედ საღვთო ბუნება, იმიტომ, რომ მაცხოვრის ყველა საღვთო თვისება ბუნებითია მისთვის, ღმრთეებითი თვისებებია, ხოლო საღვთო ბუნება ერთია მამისა, ძისა და ყოვლადწმინდა სულისა, ეს ერთი საღვთო ბუნებაა, ერთი ღვთიურობაა, შესაბამისად ქრისტესადმი ბაძვა [4]უეჭველად და უთუოდ იგივე საღვთო ბუნებისადმი ბაძვაა. რადგან, კვლავ გავიმეორებთ, მაცხოვრისგან, იესო ქრისტესგან გამოვლენილი ყველა საღვთო თვისება მისი ღმრთეებითი ბუნების თვისებაა, მისი ღმრთეების ანუ საღვთო ბუნების თვისებაა და ვბაძავთ რა მაცხოვრის საღვთო თვისებებს, ყოველშემთხვევაში აუცილებლად უნდა ვბაძავდეთ მაცხოვრის საღვთო თვისებებს, სწორედ მაშინ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები. ამიტომ ამბობს მოძღვარი: “ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა”.

რა თქმა უნდა, ძველთაგანვე იყო და მათ შორის გრიგოლ ნოსელისგანაც შესაძლო შემოპასუხებაზე წინასწარი განმარტება მოფიქრებული. ვალდებულნიც იყვნენ მამები, რომ აი ამ სავარაუდო შემოპასუხებაზე პირუკუ პასუხი მათ ჰქონოდათ. ხოლო ეს სავარაუდო შემოპასუხება გახლდათ დაეჭვება ამ დებულების სიმართლეში: ძალუძს კი ადამიანს, რომელმაც ქრისტიანობა იტვირთა, თუმცა ის მაინც ყოფითი ქმნილებაა, [5]მიჰბაძოს საღვთო ბუნებას, ყოვლითურთ აღმატებულს, არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ყველაზე უფრო უზენაეს ანგელოზებზეც კი, აღმატებულს ყოვლად უსასრულოდ. არა გარკვეული თანაზომადობით, რომ ვთქვათ უფრო აღმატებული ანგელოზი უფრო მეტად, რეალურად, პირდაპირი მნიშვნელობით უახლოვდება საღვთო ბუნებას, არამედ ყოვლითურთ ანუ აბსოლუტურად უსასრულოდ ყველა ქმნილებისგან აღმატებული. აი ამგვარად აღიქმება საღვთო ბუნება ეკლესიის მამათაგან და ასეთი უდიადესი აღმატებულების მქონე ბუნების თვისებებისადმი ბაძვა ადამიანმა, კნინმა, ამ ცხოვრებაში დაკირთებულმა როგორ უნდა იტვირთოს, ანუ რამდენად რეალურია და მართებულია ზემოთ ნახსენები დებულება. ამგვარი შესაძლო შემოპასუხება წინდაწინვეა განჭვრეტილი მოძღვართაგან და გრიგოლ ნოსელი ასევე წინდაწინვე შემდეგ განმარტებას გვაწვდის. იგი გვაუწყებს: “ნურავინ განაქიქებს ამ დებულებას იმის გამო, რომ თითქოს ბევრად აღემატებოდეს და ბევრად ჭარბობდეს იგი (ეს დებულება ანუ საღვთო [6]ბუნებისადმი ბაძვა) ჩვენი ბუნების სიგლახაკეს. არ ამეტებს ბუნებას ეს დებულება (კვლავაც რჯულდებითად მოძღვრობს წმინდა გრიგოლი). თუ ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობას განბჭობს ვინმე, საღვთო წერილის მოძღვრების საფუძველზე აღმოაჩენს, რომ არ გადასულა ჩვენი ბუნების საზომს ჩვენგან მოწოდებული ზემორე დებულება, რადგანაც ადამიანის თავდაპირველი შემზადება ღვთის მსგავსების მიბაძვით იყო, როგორც ამას სიბრძნისმეტყველებს მოსე, ამბობს რა: “შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი”. ეს სიტყვები მოძღვარს მოაქვს შესაქმის პირველი თავის XXVII მუხლიდან. ესაა მართლაც განსაკუთრებული, უაღმატებულესი სიბრძნის დამტევი მუხლი, სადაც ადამიანის ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნის ღვთისმიერი განზრახვაა ნაუწყები. ამ მუხლს ყოველჟამს ყველა ქრისტიანი, ყველა მოძღვარი უღრმავდებოდა და ჩვენ [7]უმდიდრესი ნაირსახეობანი აი ამ მუხლის საღვთო განმარტებებისა დაუნჯებული გვაქვს, ძველთაგანვე შეკრებილნი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო საგულისხმო შეჯამება ეკლესიის მამებისა ადამიანის ღვთის ხატისებრ და მსგავსებისებრ შექმნასთან დაკავშირებით და საღვთისმეტყველო შეჯამება მოცემული გახლავთ წმინდა იოანე დამასკელის, ჩვენს მიერ არაერთგზის და არაიშვიათად მოხმობილ ნაშრომში “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, შესაბამის თავში. დაინტერესებულ მსნელეს შეუძლია იქ მოიძიოს და ამითვე დარწმუნდეს, რომ ერთიდაიგივე მუხლის წვდომა ეკლესიის მამათაგან ერთსახოვანი არასოდეს არ ყოფილა. ეს მრავალსახეობა, წვდომისა და მოძღვრების შინაგანი მრავალფეროვნება საკუთრივ ქრისტიანული სწავლებისა არ უნდა აღიქმებოდეს (ჩვენ ამაზე არაერთგზის გვქონდა საუბარი) ოდნავ მაინც ურთიერთდაპირისპირებად ეკლესიის მამათა შორის. ეს ყოვლად შეუძლებელია და მცდარია თუნდაც [8]იმის გამო, რომ ერთიდაიმავე მუხლის მრავალი განმარტება ზოგჯერ ერთ მოძღვარს აქვს განჭვრეტილი და ნაუწყები ერთსა და იმავე შრომაში. ამით მხოლოდ ის დასტურდება, რომ ბიბლიური მოძღვრების სიბრძნე, სიღრმე ამოუწურავია, მიუწვდომელია და სხვადასხვა სიღრმეზე წვდომა მხოლოდ ად მხოლოდ შემავსებელია აღნიშნული მუხლის შინაარსის განმარტებისა, რაც ადამიანმა უნდა შეიმეცნოს განღმრთობის გზაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმას ენიჭება, რომ ქრისტიანობის განმარტება, როგორც საღვთო ბუნების ბაძვა, ბიბლიური სწავლებაა. აი ამის დამტკიცებაა წმინდა გრიგოლ ნოსელისთვის უმთავრესი, ამითვე პასუხობს იგი წინასწარ შესაძლო მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც იქნებ არ აჯერებდეთ ამგვარი განმარტება, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა საღვთო ბუნების ბაძვაა და ადამიანი კნინი, სიგლახაკეში მყოფი, თითქოსდა საღვთო ბუნებას უნდა ბაძავდეს, მათთვის მიუწვდომელი წარმოჩნდება. მაგრამ როგორღაა მიუწვდომელი, - ამბობს გრიგოლ ნოსელი, როდესაც თვით ბიბლიური სწავლებაა ამგვარი, [9]რომ ადამიანი სწორედ ამ თვისებით შეიქმნა, ამგვარი არსებით შეიქმნა, როგორც მიბაძულობა ღმრთეებისა, საღვთო ბუნებისადმი მიმსგავსების ნიშნით. ამრიგად ადამიანი შეიქმნა საღვთო ბუნების მბაძველობით, მსგავსებითა და ხატებით ღვთისა, მაგრამ ქრისტიანობა რა მოძღვრებაა? ქრისტიანობა არის მოძღვრება, რაც სწორედ ამ პატივისკენ უკუ მიაქცევს ადამიანს. ამიტომ ამბობს გრიგოლ ნოსელი: “ქრისტიანობის აღთქმა ესაა ადამიანის უკუმიბრუნება [10]დასაბამიერი კეთილხვედრისკენ”. კეთილხვედრია ჭეშმარიტად ადამიანის დასაბამიერი, თავდაპირველი შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად. ცოდვისგან განშორდა ადამიანს ეს სიკეთე, ეს კეთილხვედრი და ქრისტიანობა არის აღთქმა ანუ დაპირება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ამ მოძღვრებას იღებენ, რომ ისინი, თუ ამ მოძღვრებას უერთგულებენ, კვლავ იმ დასაბამიერი კეთილხვედრისკენ უკუმიქცეულნი იქნებიან.

აი ამის შემდეგ წმინდა გრიგოლ ნოსელი უკვე ლაკონურად იმავე აზრის გამომხატველ ფორმულირებას გავწვდის და აღნიშნავს: “ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა”. შეიძლება, ერთი შეხედვით, ის რაც ეხლა წავიკითხეთ რაიმე ახალი შინაარსის წინადადება არ გახლავთ და რა თქმა უნდა ჭეშმარიტად ეს ასეცაა, საკუთრივ ბიბლიური სწავლების გადმოცემაა ეს სიტყვები, ეკლესიის მამათაგან მრავალგზის გაცხადებული. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო პერიოდში, არსებითად XIX საუკუნიდან მოყოლებული, ეს დებულება ეჭვის ქვეშ დადგა [11]ცალკეულ ღვთისმეტყველთაგან (ყოველშემთხვევაში თავიანთი თავი ღვთისმეტყველებად რომ წარმოუჩნდებოდათ), რომ იყო თუ არა ადამიანი დასაბამში ღვთისადმი მსგავსება. როგორც ყოველთვის მომხდარა აი ეს ცდომილება დაუყონებლივ გადმონერგილ იქნა ქართულ ნიადაგზე და ფაქტობრივად ჩვენთან ბოლო წლებამდე გაბატონებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ადამიანმა მხოლოდ ხატება მიიღო ღვთისა დასაბამში, მაგრამ არ მიუღია მსგავსება. ჩვენ ამ საკითხზე წერილობითი ინფორმაცია ეკლესიის მამათა გამონათქვამების, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, სრულად თავმოყრით უკვე გვქონდა, რამდენჯერმე მივუთითეთ კიდეც დაინტერესებულ მსმენელს წიგნები სახელწოდებით “ადამიანი პირმშო ხატისა” და უფრო სრულყოფილად “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”. ეს მეორე ნაშრომი ეკლესიის მამათა უაღრესად საგულისხმო სწავლებებს აღნიშნულ საკითხზე (ე.ი. ადამიანი დასაბამში მხოლოდ ხატება იყო ღვთისა თუ მსგავსებაც ქონდა მას ღვთისა) ეკლესიის მამათა მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი განმარტებაა [12]შემოკრებილი და ჩვენ ვთხოვთ მსმენელს, რომ იქ გაეცნონ დამატებით ინფორმაციას. ამ შემთხვევაში კი მარტოდენ ეს მუხლიც კი გრიგოლ ნოსელისა, ეს სწავლება, ეს დებულება მისი, რომ ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა, ყოვლითურთ უკუაგდებს ბოლო საუკუნეების ღვთისმეტყველებას იმის შესახებ, თითქოს ადამიანი დასაბამში არ ყოფილი მსგავსება ღვთისა. აქ ასეთი ფორმა მოიძებნა, ვითომცდა უფრო ღრმა ღვთისმეტყველების გამომხატველი, რომ ადამიანმა ხატება მიიღო ღვთისა, ხოლო მსგავსება მას თვითონ უნდა მოეპოვებინა. ეს გახლავთ უაღრესად ცდომილი აზრი, რომელსაც თითქოსდა ფორმალურად რაღაც სიმართლის ელემენტი აქვს, მაგრამ არსებითი ცდომილება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს რაც არ მიუღია ღვთისგან იმას თავისი ძალისხმევით ვერც მოიპოვებდა. ადამიანს შეუძლია მხოლოდ ის მოიპოვოს, რისი საფუძველიც მას ღვთისგან მიეცა. მას მიეცა ხატებაც, მას მიეცა მსგავსებაც, მაგრამ მას ჰქონდა უნარი, რომ მსგავსებაში წარმატებულიყო. აი ეს უკვე სხვაა, ეს მოღვაწეობითი სფეროა, [13]მაგრამ თქმა იმისა, რომ მხოლოდ ხატება ჰქონდა მას და არა მსგავსება და თითქოსდა მსგავსება მხოლოდ მაცხოვრის განკაცების შემდეგ მიენიჭათ ადამიანებს არის აბსოლუტური ცდომილება, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, გაყალბება ბიბლიურ-ეკლესიურის სწავლებისა. გრიგოლ ნოსელის ეს ნაშრომი, რაც საკუთრივ ქრისტიანობის არსის გადმოცემას ეხება, მკვეთრად უარყოფს და უკუაგდებს ამ სიცრუეს, იმიტომ, რომ კატეგორიულად გვასწავლის, რომ ქრისტიანობა სწორედ იმის აღიარებაა, რომ ადამიანი დასაბამში ღვთის მსგავსებად შეიქმნა, რაც ამ მოძღვრებამ ჩვენ უნდა აღგვიდგინოს, თუკი ხსენებული მოძღვრების ერთგულნი ვიქნებით. აქ ისიც შეიძლება აღინიშნოს, რომ ადამიანის ღვთისადმი დასაბამიერი მსგავსება, რაც ცოდვისგან დაიკარგა, განახლდა მაცხოვრის მიერ კაცობრიობისთვის, მაგრამ განახლდა უფრო აღმატებული ხარისხით. იმიტომ, რომ დასაბამიერი მსგავსება და ხატება სრულიად საჩუქრად, სრულიად დაუშრომლად და უღვაწად მიიღო ადამიანმა, ხოლო ეს განახლება მსგასებისა მან უკვე საკუთარი ღვაწლით [14]უნდა მოიპოვოს, მიმბაძველმა მაცხოვრის ღვაწლისადმი. საკუთარი ღვაწლით მოპოვებული არსებითად იგივეა, მაგრამ ხარისხით უფრო აღმატებული. ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ადამიანს დასაბამში არ ჰქონდა განღმრთობილობა, ეს ყოვლად შეუძლებელია ვიფიქროთ, მას განღმრთობილობა ჰქონდა, ცოდვისგან დაჰკარგა ეს განღმრთობილობა, ხელახლა მოპოვებული კი არსებითად იგივე განღმრთობილობაა, იგივე ცოდვამდელი ადამისეული მდგომარეობაა, მაგრამ ხარისხობრივად უფრო აღმატებული. იმიტომ, რომ ამ განახლებული განღმრთობილობის უკუმოპოვებას დასჭირდა ერთი მხრივ ღვთის განკაცება და მისი მსხვერპლშეწირვა, უდიადესზე უდიადესი და გონებით შეუფასებელი მოვლენა და ამისდა კვალად საკუთრივ იმ პიროვნების დაუცხრომელი ღვაწლიც, რომელიც განღმრთობას ეძიებს. ამიტომაა ეს განახლებული განღმრთობა ხარისხობრივად უფრო აღმატებული. მაგრამ ეს მეორე, განახლებული განღმრთობა, მიუღწეველი იქნებოდა ადამიანისთვის მას რომ [15]დასაბამში ამის საფუძველი ღვთისგან არ მისცემოდა. აი ეს გახლავთ ქვაკუთხედი გრიგოლ ნოსელის ამ ნაშრომისა, გვისაბუთებს რა, რომ ქრისტიანობა ესაა საღვთო ბუნებისადმი ბაძვა. მაგრამ თუ დასაბამში ადამიანს მსგავსი რამ არ ჰქონდა, მართალნი იქნებოდნენ ის შემომპასუხებელნი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საღვთო ბუნებას, ამ ყოვლადაღმატებულს, სიგლახაკეში მყოფი ადამიანი ვერანაირად ვერ მიბაძავს. მაგრამ როგორ ვერ მიბაძავს, გვასწავლის მოძღვარი, როცა თავიდანს სწორედ ეს მიეცა ადამიანს და რახან ერთგზის ჰქონდა ადამიანს და დაჰკარგა, კვლავ დაბრუნება შესაძლებელია თუკი იღვაწებს იგი ამისთვის. ამიტომ ამბობს მოძღვარი: “ამრიგად თუკი ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა, არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია, როდესაც განვაჩინეთ, რომ ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა. დიახ, აგრერიგად დიადია ხსენებული წოდებიდან გამომდინარე აღთქმა”.

სხვათაშორის შეიძლებოდა ყურადღება იმაზეც მიგვექცია, რომ მოძღვარი საკუთარ თავს განუკუთვნებს ამ ფორმულირებას (ე.ი. ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა), [16]როდესაც ამბობს: “არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია”. ჩვენ შეგვიძლია ეს სიტყვები ნამდვილად პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ. ფორმულირება ამგვარი ტერმინოლოგიით ნამდვილად გრიგოლ ნოსელის ღვაწლია და აქედან ფაქტობრივად საეკლესიო ღვთისმეტყველებაში ახალი ტერმინოლოგიური ეპოქა იწყება სწორედ გრიგოლ ნოსელზე დაფუძნებული. საერთოდ ტერმინოლოგიური მოღვაწეები ეკლესიის წიაღში არც ისე მრავალრიცხოვანნი იყვნენ. საეკლესიო მოღვაწეობას მოგეხსენებათ სხვადასხვა სახეობა აქვს, სხვადასხვა გზით ერთი სიწმინდის წიაღში შეიძლება ცხონდეს ადამიანი, მრავალგვარია მოღვაწეობითი გზა, როგორც პავლე მოციქულიც გვასწავლის, სხვადასხვა მადლი შეიძლება მიეცეს ადამიანს. ერთ-ერთი სახეობა მადლისა ეს გახლავთ სწორედ ტერმინოლგიური ღვაწლი მართლმადიდებელი მოძღვრებისა და ამ კუთხით ჩვენ შეიძლებოდა გამოგვეყო ვთქვათ II ს-ში წმინდა ათენაგორა ათენელი, შემდგომ კლიმენტი ალექსანდრიელი, ამის მომდევნოდ სწორედ [17]წმინდა გრიგოლ ნოსელი, შემდგომ კირილე ალექსანდრიელი, მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი. რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია ყველა მოღვაწესთანაა მეტნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ესენი გახლავთ მწვერვალზე მყოფნი, უაღრესად განსწავლულნი ტერმინოლოგიაში, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შესძლეს, რადგან კაცობრივ ტერმინებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ჩამონაკვთეს და ჩამოაყალიბეს ყოველგვარ ტერმინოლოგიაზე ყოვლად უსასრულოდ აღმატებული მოძღვრება. ეს დებულება ამ შემთხვევაში ჭეშმარიტი მიღწევაა საეკლესიო-საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიისა, რომ ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა. თვითონ ტერმინი “ბაძვა” ამ გაგებით, გარკვეული უფრო ადრეული დამოწმებების მიუხედავად, არსებითად კაბადოკიელ მოღვაწეთაგან იმკვიდრებს ადგილს საეკლესიო ღვთისმეტყველებაში და ჩვენ შეგვეძლო ეს მხარეც გამოგვეყო, როდესაც ამ ნაშრომზე ვმსჯელობთ და ეს ღირსებაც ხაზგასმით წარმოგვეჩინა წმინდა გრიგოლ ნოსელისა.

აი ამ დებულების [18]გამოთქმით გრიგოლ ნოსელი უკვე იძლევა უეჭველ საფუძველს იმისას, რომ ეს დებულება გაიშალოს ცალკეულ პუნქტებად და შესაბამისად ჩამოყალიბდეს დაწვრილებითი, მისივე ტერმინოლოგია რომ მოვიხმოთ, აკოლუთიური ანუ თანამიმდევრული, ურთიერთმიდევნებითი, ეტაპობრივი, ხარისხობრივი, ხარისხობრივად ზე აღმავალი მოძღვრება განღმრთობისა. განღმრთობის შესახებ მოძღვრების საფუძველი სწორედ ეს დებულება გახლავთ, რომ ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა. ამ დებულების შინაგან უკვე იგულისხმება ქვე საფეხურები, რომლის მიზანი უნდა აღგვისრულოს, უნდა მიგვაღწევინოს იმ დასაბამიერ განღმრთობამდე ადამისა უფრო აღმატებული ხარისხით. ქვაკუთხედი გახლავთ ეს დებულება განღმრთობის შესახებ მოძღვრებისა. შეიძლება ზუსტად ამ სახით ეს დებულება სხვა მოძღვართაგან არ გამოთქმულა, მაგრამ შინაარსობრივად სრული იდენტობაა ყველა მათგანთან და ამიტომაა, რომ განღმრთობის შესახებ სწავლება საეკლესიო ღვთისმეტყველთა ნაშრომებში სრულიად უცვალებელია, აბსოლუტურად [19]ერთი და იგივეა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სხვადასხვა ფომით, სხვადასხვა ტერმინლოგიით გამოთქმას. შინაარსობრივად ყოვლად იგივეობრივი გახლავთ ეს მოძღვრება. სწორედ ამ დებულების ამგვარი განჭვრეტის აუცილებლობას ხედავს და განღმრთობის შესახებ მოძღვრების დეტალური გადმოცემის ვალდებულებას განუკუთვნებს თავის თავს გრიგოლ ნოსელი და სამომავლო განხილვის შესავლად აი ასეთ სიტყვებს გამოთქვამს: “ვფიქრობთ დროა განვჭვრიტოთ არის თუ არა უსაფრთხო ამ სახელის მატარებლისთვის სხვარიგად ცხოვრობდეს იგი, სახელი კი სხვა რამეს ნიშნავდეს. ჯობს მაგალითებით გავაცხადოთ სათქმელი”.

თუ როგორ განიხილავს გაშინაარსებულად ხსენებულ დებულებას მოძღვარი, ამას ჩვენ შემდგომ შეხვედრაზე წარმოვაჩენთ.

 

328–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=8jprKesbPPk

 

(ნაწილი მეოთხე)

ჩვენს წინა საუბარში შევჩერდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომის “რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა”? იმ მონაკვეთზე, როდესაც მოძღვარი სახეობრივი მაგალითების მოხმობით ცდილობდა წარმოეჩინა თუ რაოდენი საფრთხე იყო სახელით და შინაარსით განსხვაებულობა პიროვნებაში, რომ სახელი ერთს გვაუწყებდეს, თვითონ კი სხვას მოქმედებდეს, შეუფერებელს და უღირსს იმ სახელისათვის, რასაც ატარებს, ამ შემთხვევაში ქრისტიანის სახელისათვის.

ჩვენ მოვიტანთ ამ ნიმუშებს, რასაც მოძღვარი გვაუწყებს და მათ კვალობაზე ეჭვი არ გვეპარება, რომ მსმენელიც იმავე დასკვნამდე მივა, რა დასკვნამდეც მოძღვარი უკვე მისულია, რომ დიდი საფრთხეა გვერქვას სახელი და მათ შორის სახელთა უაღმატებულესი, ყველაზე უფრო აღმატებული სახელი და შეუფერებელნი ვიყოთ ჩვენი ქმედებებით ამ სახელისა. რადგან ამ შეუფერებლობით არა მხოლოდ საკუთარ თავს შევურაცხყოფთ, [1]არამედ გაცილებით დიდი საფრთხე ისაა, რომ შევურაცხყოფთ თვით იმ სახელის მომნიჭებელს და იმ სახელის ბუნებით შინაარსს. მოძღვარი ამბობს: “ვთქვათ ისეთ ვინმეს, ვინც იჩემებს მხატვრის ხელობას, ებრძანა მეფის სურათის დახატვა მათთვის, რომლებიც შორს ცხოვრობენ. თუ მხატვარი უშვერ და უგვან სახეს გამოსახავს დაფაზე და შემდეგ ამ უსახურ ნახატს მეფის სურათს დაარქმევს, განა მართებული არ იქნება ხელმწიფის რისხვა იმის გამო, რომ ცუდი ნახატის მიზეზით სინამდვილის არ მცოდნე ხალხში შეიბღალა პირველსახის მშვენიერება, რადგან როგოროც ჩანს ნახატზე სახე, უთუოდ ისეთად წარმოიდგინება პირველსახის შესახედაობაც. მსგავსადვე თუ განვაჩინებთ, რომ ქრისტიანობა ბაძვაა ღვთისა, ისინი რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ საიდუმლოს (ე.ი. ქრისტიანობის) მოძღვრება, როგორსაც ჰპოვებენ ჩვენს ცხოვრებას, იმგვარს წარმოიდგენენ ჩვენს ღმერთსაც, [2]რადგან სჯერათ, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთისმბაძველობის გზით წარემართება. ამრიგად, თუ ყოველგვარი სიკეთის ნიმუშს ჰპოვებენ ჩვენში, ჩვენგან თაყვანცემულ ღმერთსაც ირწმუნებენ, როგორც კეთილს. მაგრამ თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე ვნებებით სავსე და მხეცის მსგავსი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხეცური ვნების მიხედვით გარდასახავს თავის ჩვევით გამოვლინებებს, რადგან ჭეშმარიტად მხეცად წარმოჩნდება ყველაფერი ის, რაც კი ჩვენი ბუნების სიმახინჯეებში შთაისახება და თუკი შემდეგ ასეთი ვინმე ქრისტიანდაც უწოდებს თავს, საკუთარი ცხოვრებით ურწმუნოთა შორის გასაკიცხს გახდის იგი ჩვენგან რწმენილ ღმერთს, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ქრისტიანის სახელი ღვთისადმი ბაძვის აღთქმაა (გრიგოლი კვლავ იმეორებს ამ უზენაეს დებულებას, რომ ქრისტიანის სახელი ესაა ღვთისადმი ბაძვის აღთქმა და დაპირება). ამიტომ ამგვართა მიმართ თავზარდამცემ [3]რამ მუქარასაც აღმოთქვას წერილი, როდესაც ამბობს: “ვაი იმათ, რომელთა გამოც შეიგინება ჩემი სახელი წარმართთა შორის” (ეს. 52,5). ვფიქრობთ სწორედ ზემორე აზრისკენ წარგვმართავს აგრეთვე უფალი, როდესაც ასე ეუბნება იმათ, რომლებსაც მოსმენა ძალუძთ: “გახდით სრულნი, როგორც სრულია თქვენი ზეციერი მამა” (მათ. 5,48) (გასაგებია, რომ უფალი, რომელიც მორწმუნეთა მამად სახელდებს ჭეშმარიტ მამას, მოსურნეა იმისა, რომ მამაში ხილული სიკეთეთა სრულყოფილების მიმართ მსგავსება ჰქონდეთ მამისგან სულიერად შობილთ).

აი ამ დებულებებამდე მიდის მოძღვარი. ჩვენ მაინც გვინდა კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმ საკითხს, რომ ქრისტიანობა ღვთისადმი ბაძვის აღთქმად კვალიფიცირდება გრიგოლ ნოსელისგან. აქ ტერმინ “აღთქმაში” მოძღვარი [4]მხოლოდ ზედაპირულ გაგებას არ დებს, რა თქმა უნდა, ჩვენა არ გამოვრიცხავთ, გვწამს და ვფიქრობთ ასეც უნდა იყოს, რომ ეს ტერმინი საკუთრივ ეკლესიოლოგიურ გაგებას უეჭველად შეიცავს, შეიცავს სამღვდელმსახურო გაგებასაც და კონკრეტულად ბერული აღთქმის შინაარსსაც იტევს, რადგანაც აღთქმა დაიდება რა ქრისტიანისგან ღვთისადმი ერთგულებისა და ყოვლითურთ ღვთის კვალზე სვლისა, ეს ფილოსოფიურად და ღვთისმეტყველურად იგივეა რაც აღთქმა ღვთისადმი ბაძვისა. ამიტომ ქრისტიანობა თავისი არსით აღთქმის სარწმუნოებაა, ჩვენ აღვუთქვამთ უფალს და შესაბამისად ამ აღთქმის აღმსრულებელნი და ამ აღთქმის ერთგულნი, რა ხარისხითაც ჭეშმარიტად იცავენ აღთქმას, იმ ხარისხით უეჭველად ასკეტები გახლავთ, უეჭველად ბერული სიწმინდის მიმღებნი გახლავთ და ეს ერთი დიდი და ყოვლითურთ შემთლიანებული აღთქმაა [5]ღვთისადმი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისა, რომ ისინი მბაძველნი იქნებიან ღვთის ბუნებისა, ანუ ყველა იმ სიკეთის დამტევნი და საქმით აღმსრულებელნი, რაც საღვთო ბუნებაში მოიაზრება.

ჩვენ შეგახსენებთ, რომ ეს ნაშრომი გრიგოლ ნოსელისა ეპისტოლის ფორმითაა დაწერილი, ე.ი. ის აგზავნის და ელოდება პასუხს ადრესატისგან. მეტიც, თვით ფორმა ამ ძეგლისა, როგორც დასაწყისში თვით გრგიოლ ნოსელისგან იყო განმარტებული, რამდენადმე უცნაურიცაა, რადგანაც მოძღვარი არა მხოლოდ შორს მყოფ მეგობარს უგზავნის ეპისტოლეს, არამედ ის ამ მეგობარს წარმოიდგენს თავის გვერდით მყოფად და თითქოსდა ზეპირად ესაუბრება მას, მიმართავს და შემდგომ მისგან შესაძლო შემოპასუხებას იღებს, რომელსაც კვლავ განმარტავს და ა.შ. და ის წარმოსახვითი გზით შორს მყოფი მეგობრის თავის გვერდით მყოფად დადგინება და თანამოსაუბრედ დაწესება გრიგოლ ნოსელისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა შესაძლო [6]შემოპასუხება წინდაწინვე იქნეს მისგანვე განჭვრეტილი და სათანადოდ პასუხგაცემული. და ეს წარმოსახვა, მართალია მის მეგობარს მიემართება, მაგრამ უშუალოდ რეალური შემპასუხებელი მისგან ნაუწყებ მოძღვრებასთან თვითვეა, თვითონ თავის თავს, როგორც დასაწყისში ამ ძეგლისა მანვე აღნიშნა, ეპასუხება, თავის თავს საწინააღმდეგო დებულებებს სთავაზობს, რომ ყველა დაეჭვება მოისპოს.

ჩვენ ამ მომენტს გვინდა ხაზი გავუსვათ, მეორე ფაქტისგან გამომდინარეც, რაც სამწუხაროდ ასევე მცდარად გაგების ნიადაგზე ამ დიდი მოძღვრის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებათა საფუძველი გახდა ბოლო ხანებში. კერძოდ ვგულისხმობთ მის ცნობილ ნაშრომს “სულისა და აღდგომის შესახებ”, სადაც წმინდა გრიგოლ ნოსელი ესაუბრება თავის დას, დიდ წმინდანს მაკრინას. მათ შორის არის ურთიერთ დიალოგი, ეს ბრძენი მოძღვარი, ეს ქალწული ყველა საკითხს განუმარატვს გრიგოლ ნოსელს, ხოლო გრიგოლ ნოსელი თავის მხრივ დაეჭვებული ქრისტიანის [7]მდგომარეობაში აყენებს თავს და უკიდურესად ეჭვიან, მართლმადიებლურ მოძღვრებასთან დიამეტრულად საპირისპირო თეზას წამოაყენებს, რომ მაკრინამ შემდეგ ეს ყველაფერი აღმოფხვრას და ღირსეული პასუხი გასცეს. ზოგმა იფიქრა, რომ თითქოსდა გრიგოლ ნოსელი აი ამგვარი მოპასუხის როლში თავისი თავის ჩაყენებისას მართლაც დაეჭვებული იყო, მართლაც ურწმუნოებდა ბევრ საკითხში, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ნონსენსია. ეს ძეგლი ჩვენ გვიდასტურებს, რომ ხსენებული მოძღვრისთვის და ყველა ჭეშმარიტი მოძღვრისთვის (ზოგმა უბრალოდ შეიძლება ეს წერილობით არ გამოხატოს) ნიშანდობლივია საკუთარ თავში საპასუხო პოზიციის აღმოჩენა, რომ ყველაფერი პასუხგაცემული იყოს წინდაწინვე. მოძღვარი თვითონვე საკუთარ თავს შეეპასუხება სხვათა პირით, სხვათა სახით, სხვებს ითავისებს, სხვებს განიკუთვნებს, ურწმუნოთ, რომლებიც მრავლად არიან, რომ მათივე არგუმენტებიც მოხმობილი იყოს და წინდაწინვე გაბათილებული. ამ შემთხვევაშიც [8]ყველა საპასუხო თვალსაზრისს წინდაწინვე განიხილავს და შესაბამის პასუხს მიაგებებს მოძღვარი. ნაშრომის აღნაგობა ჩვენ ამ მხრივ სავსებით თვასლაჩინოდ გვიჩვენებს, რომ იმ მეორე უდიდესი დოგმატური ძეგლის “სულისა და აღდგომის შესახებ”, რომელიც ეხლა ვახსენეთ, ფორმაც ამგვარადვეა მოძღვრისგან ჩამოყალიბებული, რომ იგი გნებავთ თავმდაბლობით, გნებავთ საკითხის ბოლომდე ამოწურვის სურვილით თავის თავს ყველაზე უფრო დაეჭვებულ ქრისტიანთა როლში აყენებს. რაც კი სხვათაგან დაეჭვებანი გაუგია ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტების მიმართ, ყველა იმ დაეჭვებას აბსოლუტურად დაუფარავად და სრულიად გულწრფელად წარმოაჩენს და მაკრინას ღრმა მოძღვრების საფუძველზე, რაც მას ზეპირად არაერთგზის ეუწყებოდა ხსენებული ქალწულისგან, ტერმინოლოგიური ჩამოყალიბებით და მოძღვრებად ჩამოყალიბებით წინდაწინვე ყველა ამ დაეჭვებას უკუაგდებს, აბათილებს და აღმოფხვრის.

[9]ამჯერადაც ჩამოაყალიბა რა ეს სწავლება ქრისტიანობის არსის და ჭეშმარიტი ქრისტიანის შესახებ, შემდეგ მოძღვარი უკვე შესაძლო შემოპასუხებას მისი ადრესატისგან ასე გამოხატავს: “უთუოდ მკითხავ, როგორ უნდა მოხდეს, რომ ადამიანურმა უბადრუკობამ შესძლოს წვდომა ღმერთში ხილული ნეტარებისა”. ესაა ის შესაძლო კითხვა რაც გრიგოლ ნოსელის მიხედვით შეიძლება რომ დასმულიყო. სხვათაშორის აქ რასაც ჩვენ “წვდომად” ვთარგმნით ბერძნულში გამოხატულია ტერმინით “ეპექტეინესთაი”, რასაც ეფუძნება ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის საღვთისმეტყველო ცნება “ეპექტასისი”. ამ ცნებაზე და ამ მოძღვრებაზე, რასაც ეს ტერმინი იტევს, ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია. უკვე ეს ტერმინი შემოაქვს გრიგოლ ნოსელს, რომ თავისი ყველაზე უფრო ღრმა სწავლება ღვთისადმი მარადიულად მზარდი ძლიერებით სწრაფვის შესახებ, ანუ ეპექტასისის შესახებ, აი ეს მოძღვრება თანდათანობით გადმოსცეს და ამითვე განმარტოს, რომ [10]არანაირად შეუძლებელი არ არის თუ ადამიანი მოინდომებს ქრისტიანობის ჭეშმარიტი აღთქმის ანუ საღვთო ბუნებისადმი ბაძვის შესრულებას. თუმცა სანამ გრიგოლის პასუხს დავწერდეთ ბარემ სხვა შეკითხვებსაც მოვიტანთ, გარდა იმ შეკითხვისა რაც უკვე ვთქვით, თუ როგორ უნდა მოხდეს, რომ ადამიანურმა უბადრუკობამ შესძლოს წვდომა ღმერთში ხილული ნეტარებისა, რომლებიც ამგვარი სახისაა: “ასეთ ბრძანებასთან ერთად (ე.ი. საღვთო ბუნებისადმი მიბაძვის ბრძანებასთან ერთად) ხომ მყისვე თავს ავლენს უძლურებაც, როგორ ემსგავსოს ციურს მიწიერი, როდესაც თვით ბუნებაში არსებული განსხვავება აშკარას ხდის მიბაძვის მიუღწევლობას (ე.ი. იმდენად კნინობითია ადამიანური ბუნება, რომ რაღაც ზედმეტ ამპარტავნებად [11]ხომ არ ჩანს თავის ასე მოტყუება, თითქოს მას შეუძლია, რომ უაღმატებულეს და უზენაეს ბუნებას მიჰბაძოს. ეს ხო ცთომილებაა). ისევე როგორც შეუძლებელია მზერა გავუსწოროთ ცის სიდიდეს და ბრწყინვალებას, ამგვარადვე შეუძლებელი ჩანს, რომ მიწიერი კაცი ზეციურ ღმერთს მიემსგავსოს”. აი ყველა ის დაეჭვებითი შეკითხვები, რაც მოძღვარმა თვითონვე დაუსვა თავის თავს და შემდეგ პასუხიც გასცა.

ამ პასუხის დასაწყისიც კი საგულისხმოა. იმდენად ცხადია დასმულ შეკითხვათა საფუძვლის მცდარობა და ამ შეკითხვების გაბათილება იმდენად იოლია, რომ პირველი ფრაზა მოძღვრისა აი ამ შინაგან დარწმუნებულობას თავისას მკვეთრად გამოხატავს: “უთუოდ ნათელია რასაც მივუგებთ” - ამბობს გრიგოლ ნოსელი. ე.ი. ყველაფერი მისთვის გაცხადებულია, აქ საკუთრივ მისთვის არაფერი საეჭვო არაა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დაეჭვებათა [12]წარმოჩენისას ის კი არ ცხადდება, თითქოს დაეჭვებანი თვით გრიგოლ ნოსელშია, როგორც მავანთ და მავანთ უნდათ დაამტკიცონ, არამედ წარმოსახვითი მოპასუხისგან, მრავალი უბირი ადამიანისგან, მრავალი შესაძლო მზაკვარისგან, ქრისტიანული ჭეშმარიტების შერყვნის მსწრაფველისგან, რაც კი შეიძლება, რომ ცილისწამებათა სახით განივრცოს და დაითესოს. აი ეს ყველაფერი მოიკრიბება მისგან, რომ მან წინასწარვე გააბათილოს ეს ყოველივე. მხოლოდ ესაა მიზანდასახულობა მოძღვრისა და ამაზე კვლავ კამათი და ამაშიც მართლაც დაეჭვება, რომ ეს ყველაფერი თითქოს თვითონ გრიგოლ ნოსელის აზრები უნდა ყოფილიყო, არ ვიცი ამაზე მეტი გონებრივი სიბეცე რა უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ მთავარია, რა თქმა უნდა, გვაინეტერესებს არა მავანთა თვალსაზრისი, არამედ აი ამ კითხვებს, რაც შეიძლება ჩვენშიც აღმოცენდეს, ყველა ჩვენთაგანში იმიტომ, რომ რწმენითი სისავსე მოგეხსენებათ უდიდეს ნაწილს არა გვაქვს და ძალიან მოკლებულნი ვართ ამ სისავსეს, ეს დაეჭვებანი სწორედ ასეთ შემთხვევაში იჩენს თავს და ღირსეული პასუხი ჩვენთვის უაღრესად საგულისხმოა. შესაბამისად მოძღვარი ბრძანებს: [13]“უთუოდ ნათელია, რასაც მივუგებთ: არათუ იმას ბრძანებს სახარება, რომ ადამიანის ბუნება მიედაროს საღვთო ბუნებას, არამედ იმას, რომ ძალისამებრ კეთილ საქმეებს ჰბაძოს მან თავისი ცხოვრებით. რა საქმეებით მივემსგავსებით საღვთო საქმეებს? მივემსგავსებით ყოველგვარი ბოროტებისგან ძალისამებრ განშორებით, რაჟამს განვიწმინდებით უკეთურ სიბილწეთაგან საქმით, სიტყვით და გონებით. ჭეშმარიტად ეს არის ბაძვა იმ საღვთო სისრულისა, რაც ზეციურ ღმერთს ეთვისება. არ მგონია, რომ სახარება, როდესაც იგი ზეციური მამისებრ სრულყოფას ბრძანებს, ღვთის განცალკევებულ რამ სამყოფლად გვიწესებდეს ცის სტიქიონს, რადგან ღმერთი თანაბრად არის დამკვიდრებული ყოველივეში და ამავე დროს თანბრადვე ემიჯნება იგი ყველა ქმნილებას. ამრიგად თუკი რაიმე იქნებოდა არსისგან განშორებული, არსებობაშიც ვერ დარჩებოდა იგი. ყველა არსებულს სწორი პატივით უკავშირდება საღვთო ბუნება, რაჟამს გარემომცველი ძლიერებით [14]თავის თავში შემოზღუდავს იგი ყოვლიერებას. ამასვე გვასწავლის წინასწარმეტყველის სიტყვაც: “თუნდაც ცაში ავიდე გონებით, თუნდ მიწისქვეშეთს ჩავწვდე და ჩავეძიო აზრით, თუნდ არსებულთა სამანებამდე განვავრცო სულისმიერი შემეცნება, ყველაფერს შენი მარჯვენით პყრობილად ვხედავ”. ამრიგად ზემოთქმულიდან უნდა ვისწავლოთ, რომ არ განეწესება ღმერთს გამორჩეულად ზეციური სამყოფელი, არამედ ეს ითქმის მხოლოდ იმიტომ, რომ ზენა ადგილი უკეთურებისგან განწმენდილად უწყის წერილმა, ხოლო აქ ქვევით უკეთური ვნებები მოქმედებს. აქვე მიწიერ ყოფაში დახოხავს და იგორგლება ბოროტების მომგონი გველი, რომელიც, როგორც გვაუწყებს მის შესახებ იგავურად წერილის სიტყვა, რომ თავის მკერდზე და მუცელზე დაცოცავს იგი და მიწას ჭამს მიწყივ (შესაქმე 3, 14). მოძრაობის ეს სახე და საჭმლის ეს გვარი ცხადს ხდის, [15]რომ აქ იგულისხმება ამქვეყნიური მიწიერი ცხოვრება, რადგან სწორედ ეს ცხოვრებაა თავის თავში რომ აბუდრებს მრავალსახოვანი უკეთრების ქვეწარმავლობას და საჭმლად რომ უხდება მასზე მხოხავ მხეცს.

ამრიგად ის ვინც ზეციური მამისადმი ბაძვას ბრძანებს, ამით მიწიერი ვნებებისგან გაწმენდას განაჩინებს, ხოლო ვნებებისგან განდგომა ხდება არა ადგილ-ადგილ გადანაცვლებით, არამედ მარტოოდენ ნებაყოფლობითი არჩევანის გზით”.

აქაც ვფიქრობთ ფუძემდებლური დებულებაა მოძღვრისგან მოცემული, თუ რა არის განწმენდის საფუძველი. განწმენდა განღმრთობის პირველი საფეხურია, როგორც ამაზე ადრეც გვისაუბრია, ვნებათაგან საკუთარი თავის განშორება, ვნებათმოკვეთა და რომ ამ გზაზე დგომა და განწმენდა მიიღწევა არა იმით, რომ ვთქვათ ადამიანი ზეცაში დამკვიდრდეს ადგილობრივად, ადგილისმიერი გადანაცვლებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავისი შინაგანი ბუნების ყოვლითურთი განწმენდით. ხოლო ეს აღესრულება ნებაყოფლობითი არჩევანის [16]გზით. შემდეგ მოძღვარი განაგრძობს: “ამრიგად თუ მხოლოდ გონებისეული მცდელობით არის მისაღწევი ჩვენთვის უკეთურებისგან გაუცხოება, არა ყოფილა რა სამძიმო მახარებლის მიერ ნაბრძანებ სიტყვაში, რადგან გონებისეული მცდელობა არ უკავშირდება განსაკუთრებულ და მხოლოდ ზოგისთვის დამახასიათებელ თითქოსდა შესაძლებელ შრომა-ჯაფას, არამედ ყველას ძალგვიძს აზრისმიერად სადაც ვინებებთ იქ მივიდეთ. ასე რომ, ვინც ინებებს ადვილი იქნება მისთვის ჰქონდეს ზეციური ცხოვრება აქვე მიწაზე. სახარებაც გვამცნებს, რომ საჭიროა ზეციურთათვის იყოს ჩვენი ფიქრი და რომ იქაურ საგანძურებში ვაუნჯებდეთ სათნოების სიმდირეს, რადგან ასე ამბობს: “ნუ დაიუნჯებთ საუნჯეებს ამქვეყანაზე, არამედ დაიუნჯეთ საუნჯენი ცათა შორის, სადაც ვერც ჩრჩილი, ვერც მჭამელი ვერ მოსპობს მას, ვერც ქურდები გამოთხრიან და მოიპარავენ” (მატე 6,19). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ზეციურ ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი იმგვარი ძალა, რაც გახრწნიდა [17]ზენა ნეტარებას. ის ვინც ამქვეყნიური არსებობის წარსაწყმედად ადამიანთა ცხვორების წინააღმდეგ მრავალსახოვნად ავლენს თავის ნაირფერ უკეთურებას, ჩრჩილის მსგავსად იბადება გონებაში და უვარგისს ხდის იმ ნაწილს, რასაც შთაენერგება. მეტიც, უმალვე თუ არ მოვაცილებთ მას ამ ნაწილს, თავისი მჭამელობითი და შთანმთქმელბითი ძალით მომდევნოზე გადახოხდება და რა ნაწილსაც მიაღწევს ამ მოძრაობით, გახრწნილების კვალს შთაჰბეჭდავს მასში; თუ აღმოჩნდა, რომ ადამიანის შინაგანი ნაწილები საიმედოდ არის დაცული, მაშინ ეს ძალა გარედან უმზაკვრებს მას განსაცდელთა მიერ და ამქვეყნიურ სიამეთა გზით გამოსტყუებს გულის საუნჯეს, ან სხვა რამ ვნების ძალით სათნოებისგან დაუცარიელებს სულის ჭურჭელს, ან კიდევ მრისხანების, მწუხარების, თუ სხვა რამ ამგვარი ვნების შედეგად აზროვნებას განუძარცვავს მას”.

აი ეს მთელი უღრმესი მღვდელმეტყველება სათნოებითი [18]მოძღვრების შესახებ, ასკეტური ღვაწლის შესახებ (რაც კაბადოკიელ მამათაგან მოძღვრებად ჩამოყალიბდა, ერთი მხრივ ბასილი დიდისგან, როგორც მონასტიციზმის არსებითად დამფუძნებლისგან და მეორე მხრივ გრიგოლ ნოსელისგან საღვთისმეტყველო წვდომით ტერმინოლოგიურად ჩამომყალიბებელისა და მოძღვრების გამომთქმელისა ასკეტური ღვაწლის, როგორც განღმრთობის გზის საფუძვლის შესახებ) ხდება ჭეშმარიტი და ღვთისმეტყველური დაფუძნებულობა იმ განდეგილური მოღვაწეობისა, რაც IV საუკუნიდან საყოველთაოდ ვრცელდება და მკვიდრდება საეკლესიო ცხოვრებაში, ქრისტიანთა ყოფაში.. ამიტომ ეს სიტყვები, რაც ჩვენ ზემოთ მოვიტანეთ, ვფიქრობთ ყველა ქრისტიანისგან გულდაგულ უნდა იყოს აღქმული, შეთვისებული, მრავალგზის განმეორებული, იმიტომ, რომ [19]შეკუმშულად მასში მთელი საეკლესიო მოძღვრებაა დაუნჯებული.

და ბოლოს დასკვნა მოძღვრისა ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით, განღმრთობის გზასთან დაკავშირებით, ქრისტიანობის აღთქმასთან დაკავშირებით და თვით ამ ნაშრომის დამაბოლოებელი მონაკვეთი: “ამრიგად თუ უფალი ამბობს, რომ ზენა საგანძურებში არც ჩრჩილია, არც მჭამელი, არც ქურდობის სიავე (რასაც მოაქვს ყველაფერი ის, ზემოთ რომ ვახსენეთ), დაე ჩვენც იქ გადავიტანოთ ჩვენი სავაჭრო, სადაც არა მხოლოდ მარად განუძარცველად და დაულევნელად შეგვინარჩუნდება საუნჯე, არამედ თესლთა მსგავსად მრავალჯერად შენამატსაც შეიძენს იგი, რადგან წინდის მიმღების ბუნებითი ღირსების შესაფერისად გადიდდება საზღაური. ისევე როგორც ჩვენ, ვმოქმედებთ რა საკუთარი ბუნების შესაბამისად, ღარიბული შესაწირავი მიგვაქვს, რადგან ამგვარნი ვართ ბუნებით, მსგავსადვე, ის, ვინც ყოვლითურთ მდიდარია, რაც ბუნებით აქვს, ჭეშმარიტად უკუ [20]მიჰმადლებს მათ, რომლებმაც წინდი გაიღეს”. ე.ი. აქ ის ღრმა სწავლებაა გადმოცემული, რომ ქმნილება, რომელიც ღარიბია, ღარიბული შესაწირავის მიმტანია, ესაა მისი ბუნებითი თვისება. მაგრამ რადგან ვიცით, რომ მბოძებელი ყოვლითურთ აღმატებულია და ყოვლად მდიდარია ჩვენზე, ისიც მისი ბუნების შესაბამისად იმოქმედებს და არათუ იგივეობრივ საზღაურს მოგვცემს იმ შესაწირისა რაც ჩვენ მივიტანეთ, არამედ განუზომლად უფრო აღმატებულს, იმიტომ, რომ ამგვარია მისი თვისება, მისი ბუნება. ჩვენ ჩვენი ბუნების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რაც ძალგვიძს ის უნდა მივიტანოთ შესაწირავად, რაც არ უნდა კნინი და ღარიბული ჩანდეს ის უფლის სიდიადის წინაშე და გვქონდეს დიდი სასოება იმისა, რომ, როგორც ჩვენ ბუნებითად აღვასრულეთ საქმენი და შესაწირავი გავიღეთ ჩვენი ბუნებისდა კვალობაზე, მბოძებელიც თავისი ბუნებისდა კვალად მოგვანიჭებს ჩვენ, ხოლო მისი ბუნება ყოვლითურთი სიმდიდრეა, განუზომელი და აღუწყავი აღმატებულობაა სიკეთეებისა [21]და ამ ყოველივეს უშურველად მოგვაგებს ჩვენი ღარიბული შესაწირავის სანაცვლოდ. “ამრიგად ვინც იმდენს დააუნჯებს საღვთო საგანძურებში, რამდენიც მას ძალუძს (ესაა გადამწყვეტი. რაც არ უნდა ღარიბული იყოს, კვლავ ავღნიშნავთ, შესაწირავი თუ ეს ჩემი ძალისხმევის მაქსიმუმია, თუ მე ყველაფერი გავიღე ჩემი, ისევე როგორც იმ ქვრივმა თავისი ორი წულილი, მაგრამ მისთვის ეს მთელი ქონება იყო, შესაბამისად უფალიც სრულყოფას და სიდიადეს მისაგებლისას ყოვლადუშურველად მიაგებს მას), ნუღარ იშფოთებს იმის შიშით, თითქოს საზღაურსაც გაცემულის სწორად მიიღებს, არამედ სასოებდეს უფალს, ვინც აღუთქვა მცირეთა ნაცვლად დიდთა უკუ მიგება, მიწიერთა წილ ზეციერთა, წუთიერთა წილ მარადიულთა, რომელთა ბუნება [22]იმგვარია, რომ არც გონებით აღიქმება, არც სიტყვაში განიმარტება. ღმრთივსულიერი წერილი ასე გვასწავლის მათ შესახებ (აქ პავლე მოციქულის სიტყვებია მოტანილი, რაც ჩვენ არაერთგზის განგვიმარტავს ეკლესიის მამათა მოძღვრების კვალობაზე, ზეციური წიაღის შესახებ თქმული სიტყვები, რაც მისი მესამე ცაზე ზეატაცების გამოხატულება გახლავთ): “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე არ მისულა ის, რაც განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს” (I კორ. 3,9). ე.ი. არა მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ უფალი მდიდრად მოგვაგებს ჩვენი ძალისამებრი, თუნდაც ღარიბული, მაგრამ ჩვენი ძალის შესაბამისი შესაწირავის კვალობაზე, არამედ კიდევ მეტი სასოება შთაგვენერგება პავლე მოციქულისა და გრიგოლ ნოსელის სიტყვების მიხედვით, რომ უფალი ისეთ აღმატებულ წყალობას მოგვაგებს, რასაც უბრალოდ ჩვენი ყოველგვარი [23]წარმოდგენა სიმდიდრის შესახებ ბევრწილად ჩამორჩება, ე.ი. ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენთ, ვერანაირი სიტყვით, ვერანაირი აზრით ისეთი განუზომლად აღმატებული ჩვენს გონებაზე, თუნდაც სიმდიდრის შესახებ ჩვენ ყველაზე უფრო აღმატებულ წარმოდგენაზე უმდიდრესი მისაგებელი იქნება ღვთისგან.

ბოლო სიტყვებში გრიგოლ ნოსელი კვლავ ადრესატს იხსენებს, დასაწყისს ეპისტოლისას კვლავ უბრუნდება, რომ მან დააკლო გარკვეული დროის განმავლობაში ეპისტოლეთა მიწერა მის მეგობარს. მაგრამ ამ ვრცელი და ასეთი ღრმა ნაშრომით ჭეშმარიტად აუნაზღაურა ეს დანაკლისი. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამ მხრივ, როდესაც გრიგოლ ნოსელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამჟამად მინაწერი წერილის დიდ მოცულობაზე, სივრცელეზე, აქ ფიზიკური მოცულობა იგულისხმებოდეს. ეს ნაშრომი არ გახლავთ დიდი მოცულობის და საეჭვოა, რომ ასეთი მოცულობის ნაშრომი გრიგოლ ნოსელს ეგულისხმა, როგორც დიდი ზომის ეპისტოლე [24]მრავალი ეპისტოლის დამტევი. აქ უეჭველად აქცენტი არის შინაგან განვრცობაზე, შინაგან სიმდირეზე და შინაგან სიდიდეზე, შინაგან განსაკუთრებულ მოცულობაზე. მართლაც ეს ნაშრომი, მიუხედავად მოცულობითი სიმცირისა, უდიდესი მოძღვრების დამტევია როგორც უკვე ვაჩვენეთ. აი ამ საკითხს უბრუნდება ბოლო სიტყვებში მოძღვარი და ასე მიმართავს თავის ადრესატს: “ამ ნაწერით, ძვირფასო გვამო (გვამი მოგეხსენებათ მიმართვითი ფორმა იყო), არა მხოლოდ ის შევავსეთ, რაც აქამდე დაგაკელით, არამედ სამომავლო გულნაკლულობაც წინასწარ გამოვისყიდეთ”. ესეც იმის დამადასტურებელია, რაც უკვე ავღნიშნეთ. ე.ი. ისეთი მოძღვრება არის გადმოცემული, რამაც მომავალიც უნდა შეგივსოს. აქ რომ მხოლოდ წერილობით მხარეზე იყოს და ამ წერილის რაღაც განსაკუთრებულ მოცულობაზე იყოს აღნიშვნა, ამგვარი სიტყვები მისგან გამოთქმული არ იქნებოდა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ვრცელი წერილი მიეწერა ამჟამად გრიგოლ ნოსელს ადრესატისთვის, სამომავლო გულნაკლუობას იგი ვერ შეუვსებდა მას. [25]სამომავლო გულნაკულობა მხოლოდ მოძღვრებამ შეიძლება ამოავსოს. ამიტომ ვთვლით, რომ აქ მოძღვრების სიღრმეზეა ხაზგასმა.

“ამ ნაწერით ძვირფასო გვამო არა მხოლოდ ის შევავსეთ, რაც აქმადე დაგაკელით, არამედ სამომავლო გულნაკლულობაც წინასწარ გამოვისყიდეთ. განიხარე უფლის მიერ და მუდამჟამს იმას ესწრაფოდე, რაც ღვთისთვისაც საამურია და ჩვენთვისაც საწადელი”

 

329–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ASJIIyZz3gg

 

თხზულების ტექსტი იხ.: წმიდა გრიგოლ ნოსელი – რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?

 

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 18 APRIL 2016 20:21)