Georgian (Georgia)English (United Kingdom)
330
კაბადოკიელ მამათა ეროვნულობის შესახებ

ჩვენ მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ წმინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრებას, მის ზოგიერთ შრომას. იმედი გვაქვს შემდეგ კიდევ დავუბრუნდებით, განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს საეკლესიო ღვთისმეტყველებისას, როგორიც არის “ქება-ქებათას განმარტება”, აგრეთვე “კაცისა შესაქმე” და სხვა. მაგრამ ამჯერად გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ პრობლემაზე, რითაც მსმენელები დაინტერესებულნი არიან და რაც უკავშირდება არა მხოლოდ გრიგოლ ნოსელის, არამედ მთლიანობაში სამივე კაბადოკიელი მამის ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და ცხადია გრიგოლ ნოსელის წარმომავლობას, მათ ტომობრივ კუთვნილებას.

ჩვენ ძალიან მოკლედ ერთ-ერთ ადრეულ საუბარში ამ თემაზეც გვქონდა გარკვეული თვალსაზრისი გადმოცემული, შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ ამჯერად შევეცდებით, რომ უფრო კონკრეტულად [1]განვიხილოთ მათი ეროვნულობის საკითხი. თუმცა მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რაზეც არაერთგზის გაგვისვამს ხაზი, რომ ეროვნულობის საკითხის დასმა ბიზანტიელ მოღვაწესთან დაკავშირებით არანაირად არ უნდა გავუიგივოთ თვით ამ მოღვაწეთა კულტურული კუთვნილების საკითხს, თუ კულტურულად, მოღვაწეობითად ვის ეკუთვნიან ისინი. რომელი ეროვნების წარმომადგენელნიც არ უნდა აღმოჩნდნენ, ბიზანტიელი მოღვაწეები და მათ შორის, რა თქმა უნდა, კაბადოკიელი მამები, ეკუთვნიან ბიზანტიურ კულტურას, ეკუთვნიან ბიზანტიურ ანუ ბერძნულენოვან ქრისტიანულ სამყაროს. რა თქმა უნდა, ზოგადად ქრისტიანობა განუყოფელია, მართლმადიდებლური მოძღვრება ყველგან ერთიანია, მაგრამ თუ მაინც კუთვნილების მიხედვით განვსაზღვრავთ, რომ ვთქვათ მაგალითად წმინდა გიორგი მთაწმინდელი ქართულენოვან ქრისტიანულ არეალს განეკუთვნება და ვთქვათ კირილე იერუსალიმელი ანდა კირილე [2]ალექსანდრიელი ბერძნულენოვანს, აი მხოლოდ ამ დონეზე, როდესაც ისმის კითხვა, თუ რომელ ენობრივ არეალს, ქისტიანულ-მართლმადიდებლურ ეკლესიათა განუყოფლობაში ეროვნულობის ნიშით მაინც რომელ ენოვან არელს მიეკუთვნება ესა თუ ის მოღვაწე, სრულიად მკაფიოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ეროვნული და გენეტიკური წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ბიზანტიელი მოღვაწე განეკუთვნება იმ კულტურულ არელს რომელ ენაზეც იგი წერდა, რომელ ენაზეც იგი ფიქრობდა, საუბრობდა და ა.შ. ამიტომ კაბადოკიელი მამები, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ბიზანტიური კულტურის წარმომადგენლები არიან, ბერძნულენოვან ქრისტიანულ სამყაროს განეკუთვნებიან, მაგრამ თუ მაინც არსებობს დიდ მოღვაწეებთან დაკავშირებით ყველა დეტალის გამოძიების წყურვილი და ეს საკითხიც, მათი ეროვნული წარმომავლობაც ასეთ დროს წამოიჭრება რა, [3]ცხადია, თუ შესაძლებელია ყურადღება უნდა მივაქციოთ და რამდენადაც არსებობს გარკვეული წყაროები, აი იმ ფარგლებში შეიძლება, რომ ეს საკითხიც გამოვიკვლიოთ.

ამ თემაზე არამცირედი რაოდენობის პუბლიკაცია არსებობს. მკვლევართა გარკვეული ნაწილი დაინტერესდა აღნიშნული პრობლემატიკით. ქართულ ენაზეც არის რამდენიმე სოლიდური გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზოგჯერ ზოგ გამოკვლევაში და არა მხოლოდ გამოკლვევაში, არამედ უკვე დაინტერესებულთა შორისაც აშკარად არსებობს უტრირება ანუ გაზვიადებულად აღქმა ამგვარი საკითხისა, გენეტიკურობის, ეროვნულობის ნიშნით წარმომავლობისა და გამომზეურდა რა, ყოველშემთხვევაში ყურადღება მიექცა რა, ზოგ ისეთ ფაქტს, რაც კაბადოკიელ მამებს ქართველურ გენთან, ქართველურ მოდგმასთან აკავშირებს, გაჩნდა აზრი მათი ქართველობის შესახებ.

აი ეს ბოლო დასკვნა, [4]რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მცდარი გახლავთ. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაბადოკიელი მამები ქართველები არიან. იმიტომ, რომ ქართველობაში და ნებისმიერ ტომობრივ კუთვნილებაში მხოლოდ გენეტიკური წარმომავლობა არ იგულისხმება, პირველი და გადამწყვეტი არის მათი ცნობიერი მდგომარეობა, თუ რა სულიერი თვალით, რომელი ენობრივი ფენომებით აღიქვამს იგი სამყაროს და გადმოსცემს თავის სულიერი წვდომის დამადასტურებელ ნააზრევს. ასეთ შემთხვევაში კი კაბადოკიელ მამებთან მხოლოდ ბერძნულენოვანი გარემო ფიგურირებს, ისინი ამ ენაზე აღიზარდნენ ცხადია, ამ ენით მოხდა მათი ფორმირება, ერუდიციის მიღება, აღიარება ჭეშმარიტებისა ანუ მათი მონათვლა და შემდგომ ყველა მათი ნაშრომიც ამავე ენაზე დაიწერა და გავრცელდა. ისინი ყოველთვის ბერძნულენოვანი მრევლის წინაშე ქადაგებდნენ [5]ბერძნული ენით.

მაგრამ მაინც რაც შეეხება გარკვეულ ფესვებს და მაკავშირებლებს ხსენებული მოღვაწეებისას ქართველურ ტომებთან. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ ერთ ქართულ ფენომენზე რაიმე, იმიტომ, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ხსენებული მოღვაწეები – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი ცხოვრობდნენ, ძალიან საეჭვოა ჩავთვალოთ, რომ მთელი ის რეგიონი, რაც ქართველური მოდგმის ტომებით იყო დასახლებული, ერთი დიდი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებით ყოფილიყო შედუღაბებული და შემსჭვალული. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლდათ. ტომობრივი განყოფანი, ზოგ შემთხვევაში ერთი მეორისგან საერთოდ მოწყვეტანი, ეს სრულიად რეალური ამბავი გახლავთ და ასეთ დროს ერთადერთი კავშირი ქართველურენოვან ტომებთან ხსენებული მოღვაწეებისა მხოლოდ იმ სიბრტყეზე შეიძლება წარმოჩნდეს, [6]რაც უკავშირდება მეგრულ-ჭანურ ტომს. იმიტომ, რომ ის რეგიონი, სადაც ეს მოღვაწეები დაიბადნენ, კაბადოკია ქართველური ეროვნების იმ ტომებს მოიცავდა მხოლოდ, ანუ ის ტომები იყვნენ მხოლოდ დაკავშირებულნი, რომლებიც მეგრილ-ჭანურ ტომს შეადგენდნენ, უფრო ჭანურს. ჭანურ-ლაზური მოდგმა საკმაოდ ფეხმოკიდებული იქნებოდა კაბადოკიაშიც და თუ საუბარია ხსენებული მოღვაწეების “ქართველობაზე”, ეს ე.წ. ქართველობა გულისხმობს მათ გენეტიკურ კავშირს, მათ გენეტიკურ წარმომავლობას ზოგადად ჭანურ და უფრო დაკონკრეტებულად ლაზური ტომის, ან ზოგადად რომ ვთქვათ ზანური მოდგმის წინაპართაგან. თუნდაც ეს ასე იყოს, ამგვარი დასკვნის საშულებას რა გვაძლევს? [7]როდესაც ზოგ მონაცემზე სპეციალური დაკვირვება იქნა წარმოებული, წარმართული, სრულიად უეჭველად დადგინდა, რომ კაბადოკიის მოსახლეობის (ხოლო ეს მოღვაწეები ჭეშმარიტად კაბადოკიელნი გახლდნენ, რადგან იქ დაიბადნენ) ეთნიკური შემადგენლობიდან ისინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ (ე.ი. ბასილი, გრიგოლი და გრიგოლი) ან ბერძნები, ან სომხები, ან ქართველები, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ეროვნების ხალხი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ჩვენ რაიმე, ოდნავ მაინც პირდაპირი ან მინიშნებითი ცნობა აღნიშნულ მოღვაწეთა ქართველობაზე, ცხადია, არ მოგვეპოვება და თუ ვინმე ამგვარ დასკვნას აკეთებს, აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ გამორიცხვის მეთოდით. გამორიცხვის მეთოდი რას გულისხმობს? აბსოლუტურად უეჭველია, რომ ბასილი დიდი არ იყო ბერძენი, იმიტომ, რომ თავისი განსაკუთრებული სწავლისმოყვარეობის და ნიჭიერების გამოვლინებისას ბერძენთაგან ხშირად განიკიცხებოდა იგი, [8]ხშირად უპირისპირდებოდნენ მას ბერძნები, რომლებიც უკიდურესად ამპარტავნებდნენ თავიანთი წარსულით და ბარბაროსად თვლიდნენ ყველა არაბერძენს და მათ შორის ხსენებულ კაბადოკიელ მოღვაწეებსაც, ხოლო ბარბაროსად ჩათვლილი, რა თქმა უნდა, ბერძენი ვერასოდეს ვერ იქნება, არ შეიძლება, რომ ეროვნებით ბერძენი იყოს და ის მტრობა და შუღლი, რაც ბერძნებს განსაკუთრებით ბასილისადმი, გარკვეულწილად გრგიოლ ღვთისმეტყველისადმიც და გრიგოლ ნოსელისადმიც, მაგრამ განსაკუთრებით ბასილი დიდისადმი ჰქონდათ, ცხადზე უცხადესად გვიდასტურებს, რომ ეს მოღვაწეები ბერძნეთა მოდგმისანი გენეტიკურად არ იყვნენ.

იგივე ითქმის სომხურ წარმომავლობასთან დაკავშირებითაც ესეც აბსოლუტურად გამორიცხულია, გამორიცხულია იმიტომ, რომ ბერძნებზე არანაკლებ და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც კი სწორედ სომხები უპირისპირდებოდნენ ხსენებულ მოღვაწეებს. ამის ყველაზე უფრო მკაფიო ნიმუში, თვით კაბადოკიელ მამათაგანვე დადასტურებული, ტექსტობრივი [9]ზედმიწევნითობით ჩვენადმე მოღწეული, დაცული და ქართულადაც თარგმნილი უკავშირდება თვით კაბადოკიელ მამათაგან ერთ-ერთს – წმინდა გრგიოლ ღვთისმეტყველს, რომელიც თავის ცნობილ ქადაგებაში ბასილი დიდის შესახებ შესხმითი ხასიათის სიტყვაში ერთგან დაუნდობლად ამხილებს სომხებს, უწოდებს რა მათ ზღვაში დაფარულ კლდეებს. პირდაპირ არის იქ თქმული (ძველ ქართული თარგმანით), რომ “სომეხნი არიან ზღვის კლდე დაფარულ”. ცხადია, აქ იგულისხმება ამ ერის ის უღირსი წარმომადგენლები, რომლებიც ბასილი დიდის ექიშპებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თვითონ გრგიოლ ღვთისმეტყველი არანაირად არ შეიძლებოდა, რომ სომხური წარმომავლობისა ყოფილიყო. ჩვენ ადრეც აღგვინიშნავს და ამჯერადაც გავიმეორებთ, რომ დიდი სომხური კულტურის და [10]მათ შორის მართლმადიდებლური კულტურის გამოვლინების გვერდით ერეტიკულმა, მონოფიზიტურმა გაუკუღმართებამ ბევრი დაასნეულა და სწორედ ეს გაუკუღმართება იგულისხმება ბასილი დიდითან დაკავშირებით გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ და ყველა სხვა მოღვაწეთა უარყოფით გამონათქვამებში სომხების მიმართ.

ცხადია, ამას ალბათ კომენტარიც არ სჭირდება, რომ არასოდეს ამგვარი გამონათქვამები არ უიგივდება ერს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ბერძნების მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება კაბადოკიელი მამებისა მთელ ბერძენ ერს უნდა გულისხმობდეს, რაც, თავისთავად ცხადია, ასე არაა, იმიტომ, რომ თვითონაც ამ ერის ენაზე ქმნიდნენ თავიანთ მემკვიდრეობას, ამ ენაზე ქადაგბდნენ და ეს ენა იყო მათი მშობლიური ენა. ასე რომ, ყოველთვის ასეთ შემთხვვაში, ბერძნებთან დაკვშირებით იგულსიხმება წარმართი ბერძნები, ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე ბერძნები და სომხებთან დაკავშირებით იგულისხმება მონოფიზიტი სომხები, [11]ასევე არანკლებ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგენი. რომლებიც ექიშპებოდნენ რა ამ უაღრესად დიდი საღვთო მადლის მქონე პიროვნებებს, რომლებსაც ჩამოყალიბებულიც ჰქონდათ შეგნებულად მათი მომავალი სამოღვაწეო გეგმა, ამით საკუთარ თას ამხელდნენ როგორც ჭეშმარიტების მოწინააღმდეგენი. მაგრამ დღეისათვის ჩვენთვის ისტორიული რელობის დადგენის მიზნით ეს ფაქტები მნიშვნელოვანია სწორედ იმ დასკვნის გამოსატანად, რომ გენეტიკურად, ტომობრივად ბასილი, გრიგოლი და გრგიოლი არ ეკუთვნოდნენ არც ბერძნებს და ცხადია, არანაირად არც სომხებს.

გამორიცხვის მეთოდით რჩება მხოლოდ ქართველური ტომი, ქართველური მოდგმა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ხვედრითი წილისა იყო კაბადოკიურ მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე დასკვნა იმის შესახებ, რომ ქართველური გენისა არიან კაბადოკიელი მოღვაწეები, სავსებით [12]დამაჯერებელი ჩანს, მაგრამ თუ ამ ქართველურ მოდგმაში კიდევ უფრო მეტ დაკონკრეტებას შევეცდებით, კვლავ ავღნიშნავთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მივადგებით ჭანური ტომის მოსახლეობას, იმიტომ, რომ ქართები კაბადოკიაში, ცხადია, არასოდეს არ მკვიდრობდნენ, აქ ჭანური მოდგმის ტომები იყვნენ და თუ მათ მართლაც ამგვარი წარმომავლობა ჰქონდათ, ცხადია, ზეპირ მეტყვეებაში ეს ენა ეცოდინებოდათ კიდეც. ალათ ამით უნდა აიხსნას, რომ ხსენებულ მოღვაწეთა ეროვნულობაზე არასოდეს ხაზგასმა არ ხდება იმ კუთხით, რომ ჩვენს წინაშე გამოკვეთილი იყოს ბერძნები არიან ისინი, სომხები არიან, ქართველები თუ რომელიმე სხვა მოდგმისა, ყველგან ისინი იწოდებიან კაბადოკიელებად. გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, რომელიც ხოტბას ასხამს ბასილი დიდს, გრიგოლ ნოსელმაც დაწერა თავისი ძმის, ბასილი დიდის ხოტბა და ყველგან ხაზი ესმევა არა რომელიმე [13]ჩვენს მიერ დასახელებულ ტომს, არამედ კონკრეტულად კაბადოკიას. კაბადოკიელობა ფაქტობრივად მათთვის უკვე ეროვნებაა. მაგალითად გრიგოლ ნოსელი ხოტბას ასხამს რა ბასილი დიდს, იმასაც ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ თვითონ იყო ასეთი გამოჩინებული, არამედ მისი წინაპრებიც და თვით ის მისი სამშობლც, სადაც იგი აღიზარდა, რადგანაც “სახელოვნებაი პონტოისი ფრიად განთქუმულ არს”, - ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი. ე.ი. პონტო, როგორც სამშობლო, კაბადოკია, როგორც ის ქვეყანა სადაც ისინი დაიბადნენ და ეროვნულობა მათი გატოლებულია ამ ცნებასთან – კაბადოკიელობასთან.

ეს ჩვენი დღევანდელი ინტერესია, რომ კაბადოკიელობის არსი დავაკონკრეტოთ, რადგანაც კაბადოკია ქვეყანა არის მართალია, მაგრამ, კაბადოკიელი – ასეთი მოდგმის აღმნიშვნელი ტერმინი არ არსებობს. კაბადოკიელი ამ ქვეყანაში მცხოვრებს ეწოდება და არა იმას, რომ თითქოს კაბადოკიურობა იყოს რაღაც მოდგმა, [14]ტომობა, გენეტიკური რაღაც ხაზი და ვითომცდა აქედან იყვნენ კაბადოკიელი მამები. ეს ქვეყანაა, ამ ქვეყანაში მცხოვრები კაბადოკიელია, მაგრამ ეროვნების განსაზღვრა გვინდა რა, აი ამის შემდეგ ვცდილობთ კაბადოკიაში მკვიდრი მოსახლეობის გენეტიკურ შესწავლას და როგორც უკვე გითხარით და გამორკვეულია, რომ იქ არსებითად სამი ტომის, სამი ერის ხალხი მკვიდრობდა – ბერძნები, სომხები და ქართველების ის შტო, რაზეც ვსაუბრობდით, და გამოირიცხება რა აბსოლუტურად ბერძნული მოდგმისადმი კაბადოკიელთა კუთვნილება და ამგვარადვე უპირობად გამოირიცხება რა მათი კუთვნილება სომხური მოდგმისადმი, გამორიცხვის მეთოდით მივდივართ იმ დასკვანამდე, რომ ისინი ქართველური ტომის კუთვნილებისა უნდა ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენს თავს გარკვეული წარმოსახვების უფლებას მივცემთ, რაც ალბათ დიდად არ იქნება [15]შორს სინადმვილისგან, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ ბავშვობაში, გარდა იმ, ასე ვთქვათ, ოფიციალური ენისა, რაზეც განათლებას იღებდნენ, რა ენითაც სკოლაში სწავლობდნენ და რა ენაც შემდგომში მათთვის ყველაზე უფრო მთავარი ხდება, მათ სახლში სასაუბროდ, საშინაო ენად ზეპირმეტყველებაში ექნებოდათ ჭანური ენაკავის რომელიღაცა განშტოებე. ამ ენაშიც შიგნით იქნებოდა კილოებაი, რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, რომ არის კილოები სვანურშიც, არის კილოები ზანურშიც ანუ მეგრულ-ლაზურშიც, კილოები, თავისთავად ცხადია, არის ქართების ტომშიც და აი ამგვარი დაყოფით თუ მივუდგებით, ერთ-ერთ კილოზე ჭანური ტომისა საფიქრებელია, [16]რომ ისინი სახლში საუბრბდნენ.

მაგრამ, რადგანაც ბასილი დიდიც, გრიგოლ ნოსელიც ერთი მხრივ და მეორე მხრივ გრიგოლ ღვთისმეტყველიც თითქმის ბავშვობიდანვე მთლიანად და ყოვლითურთ მიეცემიან საგანმანათლებლო მოღვაწეობას, ჯერ საკუთარი თავისთვის განათლების მოპოვებას და შემდგომ უკვე მოღვაწეობას, მათ კაბადოკიასთან აი ამგვარი წარმოსახვების აღმძვრელი კავშირი, ვთქვათ, ჭანური მოდგმის ერთ-ერთ კილოკავზე მათი საუბრის მხრივ, ალბათ უჩინარდება. იმიტომ, რომ ისეთ მძალვრ ოკეანეში ბერძნულენოვანი კულტურისა ექცევიან ისინი, რომ საფიქრებელია უკვე მათთვის სასაუბრო ენადაც მთელი ცხოვრების მანძილზე იყო ბერძნული ენა. თუმცა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვით დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჯერ ბავშვობაში, შემდგომ საკუთარ მშობლებთან, ურთიერთშორისაც არაა გამორიცხული მათ ჰქონოდათ ხსოვნაში შემორჩენილი [17]ის ენა, ის დიალექტი, რომლის გენეტიკურ კავშირებზეც ჩვენ ამჯერად ვსაუბრობთ კაბადოკიელი მამებისა, თუცა მათ მრავალრიცხოვან მემკვიდრეობაში (და საკმაოდ დიდია წერილობითი მემკვიდრეობა ხსენებული მოღვაწეებისა) ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირ გამოვლინებას ერთ შემთხვევაშიც კი, აი ამ ქართველური მოდგმის ერთ-ერთი განშტოების – ჭანურის გამოვლინებისას, ვერსად ვერ ვპოულობთ.

შეიძლებოდა გვეთქვა ასეთი რამეც, რომ ეს მოღვაწეები რომ ქართების ტომის კუთვნილება ყოფილიყვნენ და საქართველოს სახელმწიფასთან დაკავშირებული ტერიტორიიდან ყოფილიყვნენ, მაშინ, ცხადია, რომ ეს მოღვაწეები ასე გაუპიროვნებლად ეროვნულობის გარეშე არ იქნებოდნენ დარჩენილნი, რაღაც ზოგადი ტერმინით კაბადოკიელობის ცნებით არ იქნებოდა შემოფარგლული მათი [18]ტომობრივი წარმომავლობა და მაშინ ჩვენ მეტი საფუძველი გვექნებოდა ხსენებულ მოღვაწეთა საქართველოსთან გენეტიკური კავშირის შესახებ საუბრისა. მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, ამ მხრივ კიდეც რომ რაიმე მონაცემი არსებულიყო, ეს ოდნავადაც, ცხადია, ვერ შეცვლის კაბადოკიელ მამათა ზოგადად კულტურული, ცნობიერი, მათი სულიერი კუთვნილების რეალობას და ეს რეალობა, ცხადია, ბიზანტია გახლავთ. ამიტომ ჩვენ ეროვნულობის საკითხთან დაკავშირებით კაბადოკიელი მამებისა ამით შემოვიფარგლებით. კვლავ ავღნიშნავთ და სავსებით სარწმუნოდ შეგვიძლია გვქონდეს, რომ ისინი გენეტიკური წარმომავლობით ალბათ მართლაც ქართველურ მოდგმას უკავშირდებოდნენ, თუმცა საკუთარი კულტურული აღზრდილობით, ერუდიციით და სულიერი აღქმის თვალსაზრისით ყოვლითურთ განუკუთვნეს მათ თავიანთი თავი ბერძნულ ენას, ამ ენას შესძინეს დიდება, თუ ენობრივი [19]კუთხით ავღნიშნავთ, მთელ მსოფლიოს შესძინეს, მაგრამ ამ ენაზე შექმნეს ის წარუვალი ღირსების ნაშრომები, რითაც ამაყოფს მთელი მართლმადიდებლობა, თუმცა კი ეს შრომები, კვლავ ავღნიშნავთ, მხოლოდ ბერძნულ ენაზე დაიწერა. ასე რომ სულიერად ისინი ბერძნულენოვან სამყაროს ეკუთვნიან, თუმცა ხორციელი გენეტიკით სავსებით შესაძლებელია, რომ ქართველური მოდგმისანი ყოფილიყვნენ.

 

 

330–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=VF_rHLLPo1k

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 17 April 2016 18:52)