Georgian (Georgia)English (United Kingdom)
348
ეკლესიის მამათა ანტიერეტიკული მოღვაწეობა

განვიხილავთ იმ ერთ-ერთ უაღრესად რთულად გადმოსაცემ თემას, რაც გულისხმობს ნესტორის მწვალებლობის მხილებას და დამხობას ეკლესიის მამათა მიერ. ის უკიდურესად შეფარული მზაკვრობა, რაც ნესტორიანიზმის ერესში იმალება, ჭეშმარიტად საჭიროებდა იმგვარად აღმატებულ და ესოდენ ღრმად განმჭვრეტ ღვთისმეტყველს სამხილებლად, როგორიც გახლდათ წმინდა კირილე ალექსანდრიელი. ღვთის განგებით მეორე დიდი ღვთისმეტყველის თეოდორიტეს მიერ საკუთარი პოზიციური ცთომილების გაცნობიერება დიდად სასიკეთო აღმოჩნდა ეკლესიისთვის. თვით ის პაექრობაც, რაც კირილესა და თეოდორიტე კვირელს შორის მიმდინარეობდა საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის უფრო მეტად დახვეწისა და ფორმირების ასპექტით, [1]ასევე ძალიან ფასეული აღმოჩნდა და შედეგად მივიღეთ უაღრესად ხელშესახები კეთილი ნაყოფი, საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობის მთელი ეპოქალური მიმართულების უპირობიდ განმსაზღვრელი, ქალკედონის IV მსოფლიო კრების დოგმატი განკაცებული ღვთის შესახებ.
როგორც აღვნიშნავდით ეს დოგმატი ეფუძნება კირილე ალექსანდრიელისა და თეოდორიტე კვირელის საღვთისმეტყველო სწავლებათა ყველაზე უფრო ფუძემდებლურ დებულებებს. ყველაზე უფრო ფუძემდებლურს ვამბობთ იმიტომ, რომ (და სამწუხაროდ ეს გახდა სწორედ პაექრობის სათავე) ასეთი ვრცელი და მრავლის მომცველი დოგმატის, რაც არის დოგმატი ღვთის განკაცების შესახებ, განმარტებითად გადმოცემის ჟამს, ცხადია, ხორცში მყოფი ადამიანი, არ არის დაზღვეული რაღაც ფორმალური, გამოთქმითი [2]ტერმინოლგიური ხარვეზებისგან. იმიტომ, რომ ეს დოგმატი ტერმინებში, განმარტებებში, ცხადია, სრულყოფილად ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ იყო, თორემ მაშინ კირილე ალექსანდრიელის ასეთი თავდადებული მოღვაწეობა აღნიშნული დოგმატის ვრცლად განმარტების მიზანდასახულობით საჭირო აღარც იქნებოდა. ამიტომ, ის რაც აქამდე, კირილესა და თეოდორიტეს მოღვაწეობამდე, ანუ V ს-ის I ნახევრამდე საეკლესიო ტრადიციაში ამ დოგმატთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული იყო, აი ეს უმტკიცესი საფუძველი გაცილებით უფრო ვრცელი დიაპაზონით და გაცილებით უფრო ამომწურავი კომენტირებით ამ ორმა მოღვაწემ თავიანთ, თუნდაც პაექრობით შრომებში ერთიმეორისადმი, მოგვაწოდეს ჩვენ. ხოლო რაც შეეხება პაექრობას (ვთხოვთ ჩვენს ყველა მსნენელს, რომ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული გარკვეულობა ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით): მიუხედავად იმისა, რომ თეოდორიტე იყო ცთომილებაში და კირილე ალექსანდრიელი ამ პაექრობის ყველა პუნქტში [3]ღვთივმიმადლებული სიბრძნით ბრწყინავდა, საკუთრივ თეოდორიტეს ცთომილებაც არ უნდა გავიგოთ სამოძღვრო ასპექტით ცთომილებად. ე.ი. მას თავის შრომებში რაღაც მწვალებლური აზრები კი არ გამოუთქვამს, არამედ თეოდორიტეს ცთომილება იყო მხოლოდ და მხოლოდ კირილე ალექსანდრიელის პაექრობითი მიზანდასახულობის სიღრმისეულად ვერ გაგება. ანუ ამ შემთხვევაში თეოდორიტეს ცდომილება არა საკუთარი ნააზრევის მხრივ რაიმე მწვალებლური მოძღვრების, მწვალებლური დებულების გამოთქმაა (ეს ყოვლად შეუძლებელიცაა), არამედ მისი ცთომილება არის სხვა მოძღვრის, უაღმატებულესი და ღმერთშემოსილი კირილე ალექსანდრიელის შრომების მიზანდასახულობის მართებულად ვერ გაგება. მან ჩათვალა, რომ კირილე უპირისპირდებოდა ნესტორის მოძღვრების იმ ნაწილს, რაც ორბუნებოვნებას გულისხმობს. მაშინ როცა კირილეს არ ჰქონდა ეს მიზანდასახულობა და არც შეიძლებოდა ამასთან დაკავშირებით მას ნესტორთან [4]პაექრობა ჰქონოდა, რადგანაც ორბუნებოვნების აღმსარებელია, თავისთავად ცხადია, თვით კირილეც და ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი. შეიძლება, ვთქვათ, დღეისათვის რომელიმე მსმენელმა, მკითხველმა ან პიროვნებამ, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული, ტენდენციურობა დაინახოს ჩვენს მსჯელობაში და ასეთი რამ გვითხრას, რომ თუ არ ეხება გამოკვეთილად ორბუნებოვნებას კირილე ალექსანდრიელი თავის შრომებში, საიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი სწორედ ორბუნებოვნების დამცველი იყო? თუ იყო ამის დამცველი კირილე, რატომ არ ეხება ის ამ საკითხს? ეს საკითხი, სხვათაშორის, არაერთგზის დასმულა, ჩვენც გვქონია ამ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი და ნაწილობრივი წერილობითი პაექრობაც და ამჯერადაც ხაზგასმით ვიტყვით, რომ არანაირი ტენდენციურობის, არანაირი, ასე ვთქვათ, ვითარების შელამაზების მიზნით ჩვენ ამას არ ვამბობთ. ვამბობთ იმას, რაც ჭეშმარიტად კირილე ალექანდრიელის მოღვაწეობაში ზედმიწევნით გამოკვეთილია, რომ იგი მართლაც განკაცებული ღვთის სრული ორბუნებოვნების აღმსარებელი გახლდათ. [5]ამის დამადასტურებელი ციტატა მრავალია. ყველაზე უფრო მეტყველი ციტატა, სხვათაშორის, ძველი ქართული თარგმანით ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც. ეს ციტატა მოტანილი გახლავთ ისეთი დიდი დოგმატური კრებულიდან, როგორიცაა “დოგმატიკონი”, არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ-შედგენილი. ამ ციტატაში პირდაპირ წერია, რომ “ამან წმიდამან ევტიქისა ძირისა აღმოფუხურისა მნებებელმან (ე.ი. ევტიქის მწვალებლობის წინასწარვე აღმოფხვრის მნებებელმა) განკაცებულისა ღრმთისა ორნი არსებანი, რომელი იგი არს ორნი ბუნებანი, ხმამაღლად აღსარებულ-ჰყო”. ამ ციტატით პირდაპირაა ნაუწყები, დადასტურებული და დამტკიცებული, რომ კირილე ალექსანდრიელი არათუ უბრალოდ აღიარებდა განკაცებული ღვთის ორბუნებოვნებას, არამედ ხმამაღლად (ყველას გასაგონად) რჯულდებითად, [6]დოგმატურად ამტკიცებდა მას. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კირილე ალექსანდრიელი წმინდანი ვერ იქნებოდა. მაგრამ თუ ეს უეჭველია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მაშ რატომ არ აკეთებს კირილე მკვეთრ აქცენტს ნესტორთან პაექრობაში ორბუნებოვნებაზე? ხაზგასმით ვიტყვით, რომ ამის ახსნა არის აბსოლუტურად მარტივი, სრულიად ადვილი და გამომდინარე საზოგადოდ საეკლესიო ანტიერეტიკული მოღვაწეობის ისტორიიდან.

რას გვიჩვენებს ჩვენ საეკლესიო ანტიერეტიკის ისტორიული ხედვით შესწავლა? გვიჩვენებს მხოლოდ ერთს: ეკლესიის მამები ამა თუ იმ პიროვნებას ეკამათებიან არა იმ საკითხში, თავისთავად ცხადია, რაშიც ეს პიროვნება თუნდაც ფორმალურად არ ცდებოდეს. თუ რაღაც გვერდითა შტრიხით ცდება, იქ დაკონკრეტებითად აუცილებლად იქნება მსჯელობა, მაგრამ როცა ცენტრალურ დებულებაშია პაექრობა, პაექრობა და ცთომილების განმართვა დიდი ღვთისმეტყველისგან ყოველთვის ხდება იმ კუთხით, რა კუთხითაც ეს [7]ცთომილება ვლინდება. ნესტორი, რომელიც ფორმალურად მაინც აღიარებდა ორბუნებოვნებას, ცხადია, ამ აღიარებით თანხვდებოდა კირილე ალექსანდრიელის მოძღვრებას განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების შესახებ. ამაში არაა ის ცთომილება, რაც კირილე ალექსანდრიელის ნესტორისადმი დაპისირპირებას განაპირობებს. ცთომილება არის იმაში, რომ ნესტორი განკაცებული ღვთის ორბუნებოვნებას ამავე დროს ორპიროვნულობად აღიქვამდა, ორპიროვნულობასთან აიგივებდა. ნესტორი აღიარებს რა განკაცებული ღვთის ორ ბუნებას, ამავე დროს აღიარებს ამ ორი ბუნების ორ პიროვნებას, რომ ერთია ძე ღვთისა საღვთო ბუნებით და მეორეა ძე კაცისა კაცობრივი ბუნებით და რომ არა მხოლოდ ორი ბუნების შეერთება მოხდა განკაცებისას, - ნესტორის ცრუ სწავლების მიხედვით, არამედ მოხდა ორი პიროვნების შეერთებაც, ღმერთპიროვნებისა, ძე ღმერთისა და ადამიან პიროვნებისა, კაც იესოსი. აი ეს მხარე, რომ განკაცება არა მხოლოდ ორი ბუნების - ღმრთეებისა და კაცების შეერთებაა, არამედ ორი პიროვნებისაც, ორი პიროვნების [8]შეერთების შესახებ მოძღვრება გახლავთ სწორედ უკიდურესი ცთომილება და რაც ცთომილებაა იმის აღმოფხვრას ისახავს მიზნად კირილე ალექსანდრიელი მიზნად. ვთქვათ იგივე ნესტორი სხვა შემთხვევაში მკვეთრად ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანური ბუნების თვისებები განკაცებისას სრულად არის დაცული და შენარჩუნებული. ცხადია, ეს მართებული სწავლებაა. შესაბამისად ამ საკითხს არც განიხილავს კირილე, იმიტომ, რომ ეს არ დგას დღის წესრიგში, ეს არაა პაექრობის თემა. მიუხედავად იმისა, რომ ორბუნებოვნების საკითხი პაექრობის თემა არ იყო კირილესთვის, ის სხვადასხვა შემთხვევაში ამ თემას ეხება და არაიშვიათად სრულიად მკვეთრად და არანაკლები პრეციზულობითა და ზედმიწევნითობით, ვიდრე ამას თეოდორიტე კვირელი აკეთებს, ისიც ორბუნებოვნების დოგმატს, თავისთავად ცხადია, ყოვლადბრწყინვალედ აყალიბებს და გვიდგენს ჩვენ. მაგრამ ესაა მისთვის ამ შემთხვევაში უბრალოდ ძირითადი საპოლემიკო საკითხის განმარტების მიზანდასახულობით მოხმობილი. ამის ფონზე, თუ რამდენად შეუთავსებელია [9]ორპიროვნულობის დაშვება განკაცებისას, აი ამის წარმოჩენა არის მიზანდასახულობა კირილესი და შესაბამისად ის ძირითადად და უმთავრესად ეხება სწორედ იმ ცთომილების გამომწვევ საკითხს, საპაექრო საკითხს, ორპიროვნულობის საკითხს განკაცებული ღვთისას და ესაა, რა თქმა უნდა, წამყვანი და ამის აღმომფხვრელია იგი. ისევე როგორც, ვთქვათ, შედარებით მოგვიანებით მაქსიმე აღმსარებელი, როდესაც მონოთელიტებს ეპაექრება, ეპაექრება სწორედ იმ საკითხში, რაშიც არსებითი ცთომილება ჰქონდათ მათ, რომ ნება და საქმე ეს თითქოსდა პიროვნული თვისებაა და არა ბუნებითი. მაქსიმე არ ეპაექრებოდა მონოთელიტებს იმაში, რასაშიც მონოთელიტები მართლმადიდებლურად აზროვნებდნენ, რომ დავუშვათ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია, ერთი პიროვნება ორბუნებოვანი ეს მონოთელიტებისთვისაც დოგმატია. მაგრამ ისნი მიიჩნევდნენ, რომ ერთი  პიროვნება ორბუნებოვანი ერთი ნების მქონე, ერთი მოქმედების მქონეა. ეს, ასე ვთქვათ, დამატებითი პუნქტი იმ ზოგადი დებულებისა, რომ განკაცებული ღმერთი არის [10]ორბუნებოვანი, რომელიც არის ერთი ნებისა და ერთი მოქმედების მქონე, აი ეს დამატებითი პუნქტი გახლავთ სწორედ უდიდესი ცთომილება. იმიტომ, რომ მართლმადიდებლური სწავლებით განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანი არის ორი ნებისა და ორი მოქმედებისა, რადგანაც ეკლესიური სწავლებით ნებელობა და მოქმედება ბუნების თვისებაა და არა პიროვნებისა. პიროვნება მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს იმას, რა მოქმედების თვისებაც ბუნებას აქვს. პიროვნება ინებებს და ნებავს პიროვნებას, მაგრამ ნებავს ყოველთვის ის რა ნებელობითი თვისებაც ბუნებას აქვს. ასე რომ, ნებელობა, მოქმედება, როგორც რეალობა, როგორც განზოგადებული რამ თვისება არის ბუნებითი და არა პიროვნული. პიროვნება ამოქმედებს ამ ბუნებით თვისებებს, რაცაა მოქმედება და ნება. შესაბამისად მაქსიმე აღმსარებელი თავის პაექრობაში იმ კუთხით კი არ ეპაექრება მონოთელიტებს, თითქოს ისინი განკაცებული ერთი ღმერთის ორბუნებოვნებას უარყოფდნენ (რა თქმა უნდა, არც შეიძლებოდა ამაში შეპაექრებოდა, რადგან ისინი თუნდაც ფორმალურად, მაგრამ მაინც ამას აღიარებენ), [11]არამედ რასაც ისინი არ აღიარებდნენ და რითაც განსხვავდებოდნენ მართლმადიდებლობისგან, რომ განკაცებული ერთპიროვანი ღმერთი ორბუნებოვანი არის ერთი ნებისა და ერთი მოქმედებისა, აი ამ საკითხში ეპაექრებოდა მათ მაქსიმე. ისევე როგორც ხატმებრძოლთა წინააღმდეგ მოპაექრე წმინდა იოანე დამასკელი, მოგვიანებით წმინდა თეოდორე სტუდიელი ხატმებრძოლებს იმაში კი არ ეპაექრებიან, ვთქვათ, რომ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია, ამას ისინიც აღიარებდნენ, არც იმაში ეპაექრებიან, რომ ყოვლადწმინდა სამება ერთი ღმერთია, ერთი ღმრთეება და სამი პირი და სხვა დას ხვა, რაშიც ხატმებრძოლნი და ხატთაყვანისმცემელნი ერთ მოძღვრებას აღიარებდნენ. ცხადია ეს მამები ეპაექრებიან იმაში და აქცენტი აქვთ იმაზე, რასაც ისინი მართლმადიდებლური სწავლებიდან ამახინჯებდნენ, რომ თითქოსდა ხატის თაყვანისცემა იგივე კერპის თაყვანისცემაა.

აურაცხელი სხვა მაგალითიც შეგვიძლია მოვიხმოთ, მაგრამ დასკვნა, თავისთავად ცხადია, ერთია, ლოგიკურადაც ეს სავსებით გასაგებია, რომ ესა თუ ის საეკლესიო ღვთისმეტყველი როდესაც ეპაექრება მწვალებელს, ცხადია, ეპაექრება [12]იმ საკითხში, რაშიც ეს მწვალებელი ცდება. როგორც “დოგმატიკონში” მკვეთრად არის თქმული და ჩვენც არაერთგზის აღგვინიშნავს, პიროვნება რომელიც მწვალებელია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველა საკითხში მწვალებელია. თუნდაც ერთ საკითხში იყოს შეგნებულად და გაკერპებულად ცთომილი ესა თუ ის პიროვნება ის უკვე მწვალებელია, ყველა სხვა დანარჩენი რომ მას მართლმადიდებლურად ქონდეს აღსარებული. ერთი დოგმატური ცთომილებაც ამა თუ იმ პიროვნებას, თუ ის ამ ცთომილებას არ შეინანებს და არ გამოასწორებს, მას მწვალებლობის ბადეში აქცევს. ამიტომ ეპაექრება რა ასეთ მწვალებელს, რომელიც რაღაც საკითხშია გაუკუღმართებული, საეკლესიო ღვთისმეტყველი სწორედ ამ საკითხის, ე.ი. საფრთხის ქვეშ მყოფი საკითხის, დოგმატის იმ ნაწილის მოპაექრედ წარმოჩნდება, რა ნაწილიც გააუკუღმართა ამა თუ იმ პიროვნებამ. ამჯერადაც კირილე ალექსანდრიელი ეპაექრება რა ნესტერს, ეპაექრება სწორედ იმ საკითხში რა საკითხიც ნესტორისგან მცდარად აღიქმება, რაც მან გააუკუღმართა და თავისი მწვალებლური მოძღვრების მხრივ დოგმატის დონეზე აიყვანა. ე.ი. ნესტორისთვის აღნიშნული გაუკუღმართება [13]ნესტორიანული მოძღვრების ფარგლებში დოგმატია, რომ როგორც ორი ბუნება შეერთდა ასევე ორი პიროვნება შეერთდა. ნესტორის ეს ცრუ დოგმატი რომ ამხილოს, რომ განკაცება თითქოს ორპიროვნულობაცაა და არ ამხოლოდ ორბუნებოვნება, აი ეს ორპიროვნულობა, ეს უკიდურესი ცთომილება რომ ამხილოს, ცხადია, ამაზე აქვს აქცენტი. მაგრამ ეს რთული საკითხი ასე ორი სიტყვით და ასე ადვილად არ იმხილება. რაც არ უნდა საკუთრივ საკუთარ გონებაში და შემეცნებაში კირილეს ღრმად ჰქონოდა ჭეშმარიტი სწავლება შთანერგილი და ეს უეჭველად ასე იყო, მხოლოდ ეს არ კმაროდა. არ კმარა მხოლოდ ის, რომ პიროვნებას მართლმადიდებლური მოძღვრების უცთომელობა ჰქონდეს. არ კმარა იმიტომ, რომ იგი ვალდებულია სხვებსაც წარმოუჩინოს ეს უცთომელობა, სხვებიც ამ უცთომელობის რწმენამდე მოიყვანოს ანუ სხვებსაც დაუმტკიცოს მართლმადიდებლური მოძღვრების ამა თუ იმ დოგმატის ჭეშმარიტება. ანუ არა მხოლოდ ვირწმუნოთ, არამედ დავასაბუთოდ კიდეც სხვებისთვის. მარტო ჩვენ რომ [14]ვირწმუნოთ და ეს რწმენა ჩვენ გვაცხოვნებს, ღვთის წინაშე ეს არაა საკმარისი მოღვაწეობისთვის. მოღვაწეობის აუცილებელი და განუყფელი ნაწილია სხვათათვისაც ამ ჭეშმარიტების განმარტება, რაც ჩვენ ვირწმუნეთ. რასაც ღვთის მადლით ესა თუ ის პიროვნება მიწვდა ის ვალდებულია, რომ სხვებსაც წარმოუჩინოს მისგან წვდომილი მართებული სარწმუნოების სიღრმე და უცთომელობა. სხვანაირად საერთოდ არ იქნებოდა ანტიერეტიკული ასეთი დაუღალავი, შეუნელებელი და უაღრესად შრომატევადი მოღვაწეობა ეკლესიის მამებისა. მათ ხომ ამ მოღვაწეობამდეც ქონდათ ჭეშმარიტიება შემეცნებული ღვთის წინაშე, ისინი ხომ არ იყვნენ ცთომილებაში, მაგრამ მათ დიდი ღვაწლი გასწიეს ჩვენთვის, სხვათათვის, ცთომილთათვის ანდა სამომავლოდ დაბადებათთავის, რომ ისინი ცთომილებაში არ ჩავარდნილიყვნენ. ცხადია, ერეტიკოსთათვისაც, რომ იქნებ ვიდრე ჯერ კიდევ ხორცში იმყოფებოდნენ და ჯერ კიდევ სიკვდილი არ მოსდგომოდათ და სანამ ჟამი იყო სინანულისა, შეენანებინათ მათაც საკუთარი ცთომილება და მამისეულ სანერგეს, [15]მამისეულ ბაღს, როგორც წმინდა ეგნატი ანტიოქიელი ამბობს, არ გამოკლებოდნენ ისინიც კი. აი ეს დიდი კაცთმოყვარეობითი, უფლის კაცთმოყვარეობას მიმსგავსებული და უფლის კვალს მიდევნებული ღვაწლი აქვთ ნატვირთი ეკლესიის მამებს, რომ ერთი მხრივ მოპაექრეები, რომ შემდეგ ისინი ღვთის მოსაყვედურენი არ აღმოჩნდნენ, რომ არავინ გვითხრა ჭეშმარიტება და იმიტომ აღმოვჩნდით ცთომილებაშიო, კიდევ ერთხელ ჭეშმარიტებისკენ მოიზიდონ, უხმონ ჭეშმარიტებისკენ. ბევრმა შეისმინა ასე და ეს, რა თქმა უნდა, ფუჭი ღვაწლი არ ყოფილა და ვინც არ შეისმინა იმათ წინაშეც ეს აუცილებელი იყო, რომ შემდეგ მათ საყვედური არ ეთქვათ უფლისათვის და თავის მართლების საბაბი არ ჰქონოდათ.

როგორც არაერთგზის გვითქვამს საღვთო მოქმედება არა მხოლოდ მიზეზს სპობს ბოროტებისას, არამედ საბაბსაც კი. მიზეზი ისაა, რომ მართლაც ვიღაცა გულწრფელადაა შეცთენილი და მისი გულწრფელი ცთომილების მიზეზი რომ აღმოფხვრან. მაგრამ ზოგი შეგნებულდაა ცთომილებაში, ე.ი. [16]ვინმემ კი არ მოატყუა, არამედ ეს ცთომილებაა მისთვის სათაყვანო, როგორც ზეციური ძალის დაცემა, რომ ის შეცდომაში კი არ შესულა, ვინმეს კი არ მოუტყუებია, არამედ შეგნებულად დაეცა. შეცდომაში შესვლა ნიშნავს ვინმე რომ რაღაცისკენ მოტყუებით წაგიყვანს. მაგრამ ყოველთვის ეს ასე არ ხდება. ზოგჯერ შეიძლება შეგნებულად ხდებოდეს ამა თუ იმ გონიერი ქმნილებისგან დაცემულობის არჩევა, ღვთისგან განდგომა და სწორედ ესაა განუკურნებელი. მაგრამ მათ, როდესაც ჟამი დადგება, შესაძლოა საბაბად მოიხმონ ის, რომ არავინ განუმარტა ჭეშმარიტება და ამიტომ ჩავარდნენ უკეთურებაში და ცდომილებაში. თუმცა ღვთის წინასწარცოდნით ისედაც შეცნობილია, რომ ეს პირები, რაც არ უნდა განმმარტებლები მათ ყოლოდათ, მაინც ამ ცთომილებაში დარჩებოდნენ. მაგრამ განმმარტებლები მათ მოევლინებათ და მოევლინებათ არა იმის გამო, რომ უფალი შეცდა თითქოს, რადგან ისინი მაინც არ შეისმენდნენ და რა საჭირო იყო ამ ფუჭი ღვაწლის გაწევა მათ წინაშე, არამედ სწორედ იმიტომ, რომ მათ თავის მართლების საბაბიც კი აღმოფხვროდათ და შესაბამისად [17]სრულიად გაშიშვლებულნი წარმდგარიყვნენ იმ მსჯავრის წინაშე, რაც გარდუვალია მათთვის. აი ამგვარი მიზანდასახულობით ეკლესიის მამები იღწვიან რა ანტიერეტიკული მიმართულებით და მწვალებლობათა წინააღმდეგ უაღრესად შრომატევად გარჯასა და მოღვაწეობას აღასრულებენ, პირველ რიგში თვით იმ პაექრობის ადრესატთა მოქცევას, ჭეშმარიტი მოძღვრების წიაღში დაბრუნებას ისახავენ მიზნად, მეორე რიგში ამავე მწვალებელთაგან, რომლებიც შეუსმენელნი არიან, თავის მართლების საბაბის აღმოფხვრას და მესამე მხრივ (ჩვენ პირველი, მეორე, მესამე ღირსების მიხედვით არ დაგვინაწილებია, უბრალოდ ასე ჩანს ფორმალურად. როდესაც მე ვინმეს ვეპაექრები პირველ რიგში მას ვეპაექრები და მას ვუმტკიცებ ჭეშმარიტებას. თუ ის შეისმენს, ე.ი. პირველ რიგში მისთვის მიღვაწია და თუ არ შეისმენს, ეს უკვე მეორე რიგით, მაინც მისადმი მიღვაწია, რადგან ღვთის წინაშე ის თავს ვეღარ იმართლებს და საბაბი აღმოიფხვრება) ეს შრომა ვრცელდება [18]და აი ასეთი გავრცელებითი თვალსაზრისით, ქმედებაში მიმდევრობის თვალსაზრისით მესამე რიგია უკვე მიზანდასახულობა იმისა, რომ სხვანი, მსმენელნი ჭეშმაირტების შემცნობნი გახდნენ, ვინც მეტნაკლებად უკვე მწვალებელისა და ჩვენი ადრესატის ცთომილებას იზიარებენ, უფრო რომ არ გაღრმავდნენ საკუთარ ცთომილებაში და მოიქცნენ ჭეშმაირტებაზე. ისინი კი რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეხებიათ ცთომილების ბაცილა, უცთომელობაში შენარჩუნდნენ და ჭეშმარიტი მოძღვრება მათთვის, როგორც უმყარესი და უმტკიცესი საყრდენი, ამ ცხოვრების ღელვაში გადარჩენისა და ცხონებისკენ მიმავალ ნავთსაყუდელად იქცეს. და სამომავლოდ დაბადებადნი, მომავალი თაობები, რომლებიც ასევე განსაკუთრებულად საღვაწნი, საპატრონებელნი არიან იმ დიდი მამებისგან, რომლებიც საღვთისმეტყველო სწავლებებს განმარტებითი სახით აყალიბებენ, საღვაწია და საპატრონებელი იმდენად, რომ ისინი თავიდანვე ჭეშმარიტი სწავლების [19]განმარტებაზე აღიზარდნონ და თვითონვე გახდნენ შემდეგში ამ სწავლების შეურყევლად დამცველნი.

აი ეს მიზანდასახულობანი გახლავთ ნებისმიერი პაექრობის ჟამს და, რა თქმა უნდა, ეს მიზანდაახულობა თავისთავად იმდენად ტევადია, რომ ზოგადად და განყენებულად, რაც მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულად პაექრობის საგანი არაა, ჩვეულებრივ იმას ანტიერეტიკოსი მოღვაწე ვეღარ შეეხება. რადგანაც ცთომილების გამომწვევი საკითხი თავისთავად არის ძალიან ტევადი, იმის განმარტება უდიდესი საქმეა, უკეთილესი ნაყოფის მომტანია და ესაა ვალდებულებაც ღვთისა ამა თუ იმ პიროვნებაზე. შესაბამისად პაექრობისას ყოველთვის აქცენტირებულია სწორედ ის საკითხი, რაც ვერ არის მართებულად გააზრებული პაექრობის ადრესატისგან (შეიძლება ეს ადრესატი საკმაო სიმრავლისა იყოს), ანდა არათუ მართებულად ვერ არის, უკიდურესად ცთომილად არის გაგებული და ამ ცთომილებას ეს პიროვნება, როგორც დაავადებული ბაცილის მფრქვეველი, წყარო ამ დაავადებისა, [20]თავის გარშემო ფანტავს და აუცილებელია კურნება, აუცილებელია აღმოკვეთა და აღმოფხვრა ცთომილების გამომწვევი წიაღისა.

ამიტომაა, რომ კირილე ალექსანდრიელის შრომებში ყველგან, ყოველ ნაბიჯზე უდიდესი ცთომილების განმარტებაა მოცემული და ეს განმარტება არის სრულიად აუცილებლად მრავალჯერადად გასამეორებელი, რადგანაც მისი ერთბაშად და ასეთი ვრცელი და მრავალგზისი განმარტებების გარეშე რწმუნება მოუმზადებელი ადამიანებისგან ძალიან რთული გახლავთ.

ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, თუ რა სირთულეები ახლავს ამ მოძღვრების გადმოცემას, ე.ი. ჭეშმარიტი სწავლების გადმოცემას იმის შესახებ, რომ განკაცებული ღმერთი არის ერთი პიროვნება ორბუნებოვანი და ამ ორბუნებოვნების რაობა რაშია, აი ამის განმარტება გახლავთ ურთულესი. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ტრადიციულად უკვე დამკვიდრებული რჯულდებისა, რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი (რაც არის სწორედ დიოფიზიტობა), სამწუხაროდ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც არაიშვიათად [21]ჩვენ ეს ორბუნებოვნება არ გვესმის, ანდა გვესმის მხოლოდ ფორმალურად. ვიცით, რომ მართებულია ეს დოგმატი, მაგრამ რა იგულისხმება ამ დოგმატში ძალიან ნაკლებად არის შემეცნებული ჩვენგან. ეს ორი ბუნება რომ ერთიმეორეს შეუერთდა ეს რას ნიშნავს თავისთავად ამის განმარტება ორი ბუნების ერთპიროვნულობის აღიარების გარეშე ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ გარეგნულად ეს დებულება, თითქოსდა სირთულის გამომწვევი დებულება, რომ ერთი პირი ორბუნებოვანი როგორ შეიძლება იყოს, განა უფრო ადვილად სარწმუნო არაა, რომ ორი ბუნების მქონე ორი პიროვნებაა, აი ეს გარეგნული სიმარტივე ამარჯვებინებდა ნესტორიანიზმს და ამარჯვებინებდა სხვა ერესებსაც. თუმცა ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს ნესტორიანიზმი, არიანელობა და სხვა მწვალებლური მიმართულებანი მარტივი ბოროტხელოვნების შეტმასნილება იყოს. ეს ძალიან რთული ხლართებია, ურთულესი გონების ნაყოფია და არა, ვთქვათ, მარტივი გონებისა. ამ ხლართების და ამ ნასკვების გახსნა, რა თქმა უნდა, [22]როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებულ გაბედულებასა და განსწავლულობას მოითხოვდა, რომლის მარადიული ნიმუშები ყოველთვის იყვნენ მოღვაწეები, საბერძნეთში იქნებოდა ეს თუ საქართველოში.

348–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=wfpkE0yqIyg

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 APRIL 2016 10:36)