Georgian (Georgia)English (United Kingdom)
355-356
ზოგადი მიმოხილვა

ჩვენი წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნეთ, რომ ჩვენ უფრო დეტალურად შევეხებოდით საკითხს საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნების გამდიდრების შესახებ, როგორც ეს წმინდა იოანე დამასკელისგან არის წარმოდგენილი მის ფუნდამენტურ ნაშრომში.
ეს სწავლება ქვაკუთხედი გახლავთ მართლმადიდებლური მოძღვრებისა. ჩვენ ყველა მსმენელს ვთხოვთ, მოვითხოვთ კიდეც მათგან, იმიტომ, რომ სხვაგვარად აზრი არა აქვს რაიმე საუბრისა და რაიმე განმარტების მოსმენას, ჩვენ თვითონ თუ მოშურნეობას, გულმოდგინებას არ გამოვიჩენთ, რომ წმინდა იოანე დამასკელის შესაბამისი ნაშრომი მოიძიონ, გულმოდგინედ დაამუშავონ, შესაბამისი თავები დაიზეპირონ და შეისისხლხორცონ. ყველას ვარწმუნებთ, რომ თუ ამგვარი შესისხლხორცება ჭეშმარიტად მოხდება, ვერანაირი საცთური მათ ამ ჭეშმარიტი მოძღვრებიდან ვეღარ გადადრეკს, არანაირი ცთომილება კონკრეტულად ამ დოგმატთან დაკავშირებით მათ აღარ [1]შეეხებათ, როდესაც ისეთი უმტკიცესი საფუძველი ექნებათ, რასაც წმინდა იოანე დამასკელის ზემოხსენებული ფუნდამენტური საღვთისმეტყველო ნაშრომი გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს ნაშრომი მრავალ ადგილას უბრუნდება ამ საკითხს, რადგან ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. საზოგადოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად დოგმატთა რაოდენობისა, ისევე როგორც მცნებათა შორის, რომლებიც იგივე დოგმატები არიან, გამოიყოფა ორი მცნება და თავად მაცხოვრის სიტყვით ამ ორ მცნებაზე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზეა დაფუძნებული მთელი სჯული, ამგვარადვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიყოფა ორი დოგმატი და ამ ორ დოგმატზეა დაფუძნებული მთელი დოგმატიკა. რიგით პირველი გახლავთ დოგმატი ერთარსება სამების შესახებ, ხოლო მეორე გახლავთ მასთან თანაბარძალოვანი დოგმატი, ფაქტობრივად მისი ნაწილი, მაგრამ ცალკე დოგმატად ჩამოყალიბებული ჟამთა ვითარებაში აუცილებლობის გამო, დოგმატი განკაცებული ღვთის ერთი პირის, ერთი ღმერთჰიპოსტასის ორბუნებოვნების შესახებ. აი ეს მეორე დოგმატი, რომელზეც [2]ამჯერად გვაქვს ჩვენ საუბარი, განკაცებული ღვთის, იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ საეკლესიო დოგმატი, უყოყმანოდ და მკაფიოდ განაჩინებს, რომ ეს ორი ბუნება მარადიულად და ყოვლითურთ შეურწყმელია, მაგრამ მარადიულად და ყოვლითურთ განუყოფელია. შეურწყმელობა იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი თვისებები მაცხოვრის კაცებაში ყოვლითურთ აღმოუფხვრელია და არა მხოლოდ აღმოუფხვრელია, ოდნავადაც შეუმცირებელი, ხოლო განუყოფლობა იმას გვიდასტურებს, რომ ისინი ერთიმეორისგან გათიშულნი არ არიან და რომ ღმრთეება გამდიდრებითად ზემოქმედებს კაცებაზე და განამდიდრებს მას საღვთო ღირსებებით. აი ესაა ის უცვალებელი დოგმატი, რაზეც ამ საუბრის თავშივე მივუთითეთ და რომლის პყრობაც და დაცვაც ვალდებულებად აქვს უკლებლივ ყველა მორწმუნეს, თუ იგი მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ არ განაყენებს თავის თავს.

საზოგადოდ ადამიანურ ბუნებას, მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლის შედეგად, როდესაც გზა გაეხსნება ცხონებისკენ, ეს ყოველივე თავისთავად ამ დოგმატში შედის. იმიტომ, რომ განკაცება აუცილებლად გულისხმობს კაცობრიობის გამოხსნის დოგმატს, [3]რადგანაც ამის გამო მოხდა განკაცება. მაგრამ თვით გამომხსნელობა კაცობრივი ბუნებისა და სწავლება კაცობრივი ბუნების, მისი ისტორიის შესახებ მაინც ცალკე თემაა, რადგანაც, ზოგადად ყველაფერი ერთმთლიანია, მაგრამ ჩვენ რომ შევისწავლოთ ეს ერთი მთელი და უცვალებელი მოძღვრება, ჩვენს გონებაში, ჩვენს შესწავლის პროცესში, რადგანაც ადამიანი ჟამიერი არსებაა, თანდათანობითად ვიმეცნებთ ამ ყოველივეს, თანდათანობითად ვამუშავებთ ცალკეულ ასპექტებს, ცალკეულ წახნაგებს ერთი მთლიანი და განუყოფელი მოძღვებისა. და ასე ცალკე წახნაგად გამოყოფილად წარმოჩნდება სწორედ სწავლება კაცობრივი ბუნების შესახებ და ზოგადად სწავლება ცხონების შესახებ, გამომდინარე მეორე დოგმატიდან და დაფუძნებული ამ დოგმატზე, ანუ დოგმატზე ერთი ღვთის, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის, განკაცებული და ხორცშესხმული იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომ ეს ორი ბუნება მარად განუყოფელია, მაგრამ მარად შეურწყმელი.

ამ საკითხებზე ადვილი წარმოსადგენია რა რთული პაექრობანი იქნებოდა თავის დროზე. ცხადია, ეს დოგმატი ადვილად საწვდომი [4]არ გახლავთ. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბევრმა წაიფორხილა ამ დოგმატის შემეცნების გზაზე და ბევრი დაბრკოლდა ძველთაგანვე. ზოგჯერ ეს დაბრკოლება მხოლოდ გარეგანი იყო, ე.ი. არსობრივად მოძღვარს სწორად ესმოდა საკითხი, მაგრამ ვითარებაში ვერ გაერკვა და ამ ვითარებაში ვერ გარკვევამ შესძინა მას გარკვეული ცთომილება. როგორც ეს თეოდორიტე კვირელთან დაკავშირებით იყო (რაზეც ჩვენ ვსმჯელობდით), რომელიც თავდაპირველად ვერ გაერკვა თუ რა იყო ის საფრთხე, რასაც ასე ენერგიულად უპირისპირდებოდა წმინდა კირილე ალექსანდრიელი. იგი ვერ გაერკვა, რომ ნესტორის მიერ ნაქადაგები ორბუნებოვნება რეალურად არ იყო ორბუნებოვნების აღმსარებლობა. იმიტომ, რომ ორბუნებოვნება ერთ პირში თუა მაშინაა ის მაცხოვნებელი ორბუნებოვნება, თორემ თუ ორბუნებოვნებას ორ პირს განვუკუთვნებთ და ვიტყვით, რომ საღვთო ბუნებას თავისი ჰიპოსტასი ჰქონდა და კაცებას თავისი ჰიპოსტასი, მაშინ ორბუნებოვნებაც უქმდება, რადგან ეს ორი ბუნება განუყოფელ შეერთებაში ვერანაირად ვერ წარმოჩნდება. ისინი თავ-თავისი ჰიპოსტასების მქონენი არიან და ორ ჰიპოსტასზე საუბრით ორი ბუნების შეერთებაზე საუბარს [5]ვერანარიად ვერ შევძლებთ. აი ეს ვერ შეიმეცნა დასაწყის ეტაპზე პაექრობისა თეოდორიტე კვირელმა, თუმცა ამ დიდი ღვთისმეტყველის მოღვაწეობა ღვთის წინაშე იმდენად სათნო იყო, რომ უფალმა ის არ დატოვა ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე და გააცნობიერა რა ყოველივე, თავად თეოდორიოტემ უკუაგდო ნესტორის სჯული, შეიცნო რა ის უდიდესი საფრთხე, რაც ნესტორის ცრუ მოძღვრებას მოსდევდა. ეს მხარე მარადიული ნიმუში და მაგალითია ჩვენთვის, რომ შეიძლება გარკვეული პირი რაღაც მომენტში დაბრკოლდეს და სწავლება განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების შესახებ მართებულად ვერ აღიქვას, შეიძლება თვითონ თვლიდეს, რომ ის მართლმადიდებლურად იაზრებს ამ დოგმატს, მაგრამ ამ დროს, როგორც თავის ჟამს ვისაუბრეთ, სავსებით გამოკვეთილი ნესტორიანული ხედვა ჰქონდეს მისდაგაუცნობიერებლად. მაგრამ ეს არ არის დიდი ტრაგედია, თუ ადამიანი მოინდომებს, გულმოდგინებას გამოიჩენს, რადგანაც ზედიზედ რეკვით (როგორც წმინდა ეფრემ მცირეც ამბობს) გვაქვს იმედი უფლისა, რომ იგი ჭეშმარიტად გაგვიღებს გულისხმისყოფის კარს და [6]პირნი, რომლებიც დაბრკოლებულნი არიან განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების დოგმატის მართებულ გააზრებაში, ეჭვი არ გვეპარება, გულწრფელობისა და ზედიზედ დარეკვის ჟამს გულისხმისყოფის კარის გაღების ჯილდოს მიიღებენ და, ცხადია, თეოდორიტე კვირელის მსგავსად შეაჩვენებენ თავიანთ ადრინდელ ცთომილებებს. ცთომილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მაცხოვარი არ გამდიდრებულა კაცობრივად საღვთო ბუნებისგან, თითქოს მისი კაცება არ გამხდარა საღვთო ღირსებების დამტევი და თითქოს ის არ გახმდარა გამდიდრებითად ყოვლისმცოდნე, არ გამხდარა ცხოველმსმყოფელი, არ გამხდარა მეუფებრივი და არ გახმდარა საღვთო შემძლეობის მქონე. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ძირითურთ აღმოსაფხვრელი ცრუ მოძღვრება, ამოსაშანთი ცრუ მოძღვრება გახლავთ, რადგან მას შეუძლია უდიდესი ტრაგედია განაპირობოს. განაპირობოს ის, რომ მოძღვრება ცხონების შესახებ საერთოდ გაუქმდეს. რადგანაც თუ რეალურად ვერ ვაცნობიერებთ რა არის ორბუნებოვნება, მაშინ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ვერც ცხონების დოგმატს. ცხონების დოგმატი დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების [7]შესახებ იმ უცთომელ და უცვალებელ სწავლებაზე, რაც მართლმადიდებელმა მოძღვრებმა ჩამოაყალიბეს და რაც ასევე თეოდორტესაც თავიდანვე ჰქონდა შემეცნებული. თვითონ მოძღვრებაში ის არ ცდებოდა, ის ვითარებაში შეცდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ სწორედ ამის აღმსარებელი იყო ნესტორი. ამიტომ მძაფრად იყო დაპირისპირებული ის თავდაპირველად წმინდა და ღმერთშემოსილი კირილე ალესანდრიელისადმი. მაგრამ გააცნობიერა რა ეს ყოველივე, თვითონვე გახდა დამგმობი იმისა, რასაც ადრე მხარს უჭერდა, ვისაც მხარს უჭერდა და ვის გვერდითაც (ნესტორის) იდგა ის. ზოგჯერ ფიქრობენ და სხვათაშორის თეოდორიტეს შემსწავლელები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სამართლიანად არიან შთაგონებულნი ამ დიდი მოღვაწით, რომ კირილე ალექსანდრიელთან პაექრობაში მას არანაირი ცთომილება არ მოსვლია, რომ თითქოს კირილე ცდებოდა, ხოლო თეოდორტე მართალი იყო. მაგრამ როდესაც ასეთ პირებს ჩვენ კონკრეტულ ფაქტზე მივუთითებთ, რომ თეოდორიტემ თვითონ შეაჩვენა ნესტორის სჯული, ამაზე ამგვარი პასუხი აქვთ, რომ ეს მხოლოდ ფორმალურად გააკეთა თითქოს თეოდორტემ, სინამდვილეში კი გულში ვითომცდა ამას არ ფიქრობდა, [8]მან ეს გააკეთა ვითარებიდან გამომდინარე, რომ როგორმე, ასე ვთქვათ, თავი გადაერჩინა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ ზოგადად საეკლესიო მოღვაწენი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად თეოდორტე კვირელი, ვინც მის ნაშრომებს გაეცნობა მიხვდება, რომ ის გამოკვეთილად პირუთვნელი პიროვნებაა. მას არ ახასიათებს არანაირი იკონომიურობისკენ ლტოლვა დოგმატის საკითხებში. ისაა სრულიად და მკაფიოდ კატეგორიული თავისი მოძღვრების გადმოცემაში და თავისი პრინციპების უერთგულესი დამცველი. ასეთი მოღვაწისგან სრულიად შეუძლებელია ჩვენ ვიფიქროთ, რომ თითქოსდა იგი მხოლოდ ფორმალურად დაეთანხმა ქალკედონის კრების განჩინებას ნესტორის და ნესტორიანული სჯულის უკუგდების შესახებ, რომ თითქოსდა ვითარების კონიუნქტურის შედეგი იყოს თითქოს ეს ყოველივე. ესაა აბსოლუტურად გულწრფელი ნაბიჯი შემობრუნებისა ტეოდორტე კვირელის მხრიდან და ეს გახლავთ სწორედ ის ღვაწლი, რაც ეკლესიამ დიდწილად დაუფასა მას. საზოგადოდ არაერთგზის ყოფილა შემთხვევა ჭეშმარიტების ისტორიაში, როდესაც თავდაპირველად დაბრკოლებულ პირს [9]შემდგომ გამოუჩენია ღირსეული მწვდომელობა ჭეშმარიტებისა, გარკვეულა რაში ცდებოდა იგი და თავისი ადრინდელი შეცდომის გამო არათუ ხარვეზი ჰქონია შემდგომდროინდელ წინსვლებში, არამედ გაცილებით აღმატებულადაც კი წარმოჩენილა და აღმატებულად იმ პირებზეც კი, რომლებიც შესაძლოა თავიდანვე შეუმცდარნი იყვნენ. რადგანაც, როდესაც პიროვნება საკუთარი დაცემულობიდან დაუცემელობაში, ჭეშმარიტ მოძღვრებაში შეაღწევს, მას უკვე გამოცდილება აქვს მიღებული, ის უფრო გარკვეულია, მას უფრო მყარად სწამს უკვე, რადგანაც დაცემულობის შემდგომ სრული თვითშეგნებით უარყო თავისივე თავდაპირველი დაცემულობა. სხვა რომ არაფერი პავლე მოციქული ამის მარადიული ნიმუშია, თუ როგორ წარემატა ის მრავალს და მრავალს სხვას, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების პირველ პერიოდში უკიდურეს ცთომილებაში იყო. მაგრამ შემდგომ და შემდგომ, გამოცდილება მიღებულმა და უდიდესი სწავლების შემძენელმა საკუთარი ცხოვრებისგანაც კი, ღვთივგანათლებულმა ის სიმაღლენი დაიპყრო, რომ მთავარმოციქული გახდა და მოციქულთა კორიფე. [10]ამიტომაა, რომ ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს საკუთარი ცთომილებები, საკუთარ ცთომილებათა მკაფიო აღიარება იმის შიშით, რომ ვაითუ ეს ცთომილებანი ყოველთვის შეგვახსენონ და ამით, თითქოსდა, ჩვენი სახელი დაიჩრდილოს სხვათა და სხვათა შორის. კვლავ ხაზგასმით ვიტყვით, რომ პიროვნებები, რომლებიც საკუთარ ცთომილებას გააცნობიერებენ, ისეთ ძალას იღებენ ღვთისგან, რომ სხვათა და სხვათა, თუნდაც მანამდე შეუმცდარ პირთა, აღმატებულად სავსებით შესაძლებელია, რომ წარმოჩნდნენ ღვთის წინაშე, ჭეშმარიტების წინაშე და მათ შორის კაცთა წინაშეც. ეკლესიის ისტორიაშიც მამები, გარდა მოციქულისა, მრავალნი არიან ამგვარნი, უაღრესად აღმატებულნი, სხვადასხვა დაცემულობითი სისუსტეების გადამლახველნი საკუთარ ცხოვრებაში. თუნდაც წმინდა კვიპრიანე მოგვყოფილი, რომელმაც დაძლია ეს მაგიური ხელოვნება, მოგვობა და გადალახა ეს ყოველივე, ჭეშმარიტების ერთ-ერთი კორიფე გახდა. ისევე როგორც წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომელიც ქურუმი იყო წარმართული მღვდელმემსხვერპლეობისა, მაგრამ განათლდა რა ჭეშმარიტებით, [11]ყველასთვის კარგად არის ცნობილი რა სიმაღლეზე ავიდა და რა ღვთისმეტყველება დაგვიტოვა. აურაცხელნი არიან მსგავსნი. ამიტომ ეს ნიმუშები ჩვენ ყოველთვის უნდა მოვიხმოთ ჩვენს ნებისმიერ ქმედებაში და არასოდეს არ უნდა ვუფრთხოდეთ საკუთარ ცთომილებათა აღიარებას. არანაირი კუთხით არ უნდა ვუფრთხოდეთ და თუ ის გვაწუხებს, რომ თუკი ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას, თითქოსდა ამით ჩვენი სახელი აღარ იქნება ისეთი წარმოჩენილი მავანთა და მავანთა შორის, პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ დავძლევთ რა დაცემულობას, გაცილებით აღმართულნი და გამართულნი გამოვჩნდებით ღვთისა და კაცთა წინაშე. ასე რომ, ნესტორიანიზმის დაძლევა ეს იყო ცალკეულ მოღვაწეთა და მათ შორის თეოდორიტეს მიერ დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე და აღარ არის გასაკვირი, რომ თეოდორიტე ესოდენ სახელოვან და სახელგანთქმულ მოღვაწედ დამკვიდრდა ეკლესიის ისტორიაში, რომელსაც, შორს რომ არ წავიდეთ, წმინდა ეფრემ მცირეს თქმით “ბერძენნი (ბერძნებზე მიუთითებს) ღმრთისმეტყუელებისა მამად უწოდებენ, ხოლო თევდორიტე ღმრთისმეტყველებისა [12]მამად შერაცხილ არს ყოველთა ბერძენთაგანო”. აი ეს სიმაღლე მან სწორედ იმით მოიპოვა, რომ საკუთარი ცთომილებანი თვითონვე დასძლია უკიდურესი ახოვანებითა და საღვთო მადლის შემწეობით.

 

355–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=X294Wi6R7Sw

სამწერლობო მოღვაწეობა

ჩვენ წინა საუბრებში ვეხებოდით უაღრესად რთულ პერიოდს ეკლესიის ისტორიაში, საეკლესიო მოძღვრების ისტორიაში, ეს გახლავთ V ს-ის I ნახევარი, შუა წლები. შევეხეთ ნესტორიანიზმის უმძაფრეს მოძღვრებას, ამ მოძღვრების დაძლევას ცალკეულ პირთაგან უდიდესი ახოვანებით, კერძოდ ამ შემთხვევაში თეოდორიტე კვირელისგან. გვინდა, რომ ამ მოღვაწეზე (თეოდორიტე კვირელზე) კვლავ ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

ჩვენ ისე არ უნდა წარმოვაჩინოთ, რომ ამ უდიდესი სახელოვნების მქონე საეკლესიო მამის ამქვეყნიური მოღვაწეობა მხოლოდ ნესტორიანიზმის გარშემო ატეხილ პაექრობაში მონაწილეობა გახლდათ. თეოდორტეს ღვაწლი მრავალწახნაგოვანია და ის სხვადასხვა კუთხით მასშტაბურად გამოვლენილა. მანვე, გარდა იმისა, რომ ამ პაექრობებში, თუნდაც თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე, ასე ვთქვათ ცთომილ ეტაპზე, დაწერილ ცალკეულ თეოლოგიურ განმარტებებში [1]განსაკუთრებული სიმაღლე მართლმადიდებლობის წვდომისა თავისთავად გამოავლინა (კიდევ ერთხელ მკაფიოდ ხაზს გავუსვამთ, რომ იგი არ ცდებოდა მოძღვრებაში, არამედ ცდებოდა ვითარებაში ვერ გარკვევის გამო, რადგანაც ეგონა, რომ სწორედ ამ მოძღვრებას გადმოსცემდა ნესტორიც და გვიან გამოფხიზლდა ამ კუთხით, გვიან შეიცნო მან კირილე ალექსანდრიელის საღვთისმეტყველო აღმატებულება და მისი შეუპოვრობის უდიდესი მნიშვნელობა ჭეშმარიტი მოძღვრების გამარჯვების მხრივ), ეს მხოლოდ ერთი მხარეა მის მოძღვრებაში. მაგრამ ამ მხარემ, გარდა ამ ყოველივესი, მოიტანა კიდევ ის სიკეთე, რომ თეოდორიტე ჩვენ გვევლინება ერთ-ერთ პირველ სისტემატიკოს ღვთისმეტყველად ეკლესიის მამათა შორის. ჩვენ მრავალგზის გვიხსენებია, ვახსენებთ და ყველა ჩვენთაგანის საფუძველია წმინდა იოანე დამასკელის მრავალგზის ხსენებული “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, ეს უდიდესი ღირებულების შეჯამება მთელი მართლმადიდებლური მოძღვრებისა. მაგრამ იოანე დამასკელს ყავდა თავისი სახელოვანი წინამორბედები, [2]თუნდაც ამ ჟანრობრივი სპეციფიკით და ერთ-ერთი მათგანი გახლდათ სწორედ წმინდა თეოდორიტე კვირელი. მას, შეგვიძლია ასეთი კვალიფიკაცია მივცეთ, მოკლე დოგმატური კურსიც აქვს დაწერილი, რომელიც ვფიქრობთ, რომ იოანე დამასკელის შრომის მსგავსად სათარგმნია ქართულ ენაზე და მორწმუნეთათვის მისაწოდებელი. ესაა თემატურად დალაგებული სახელმძღვანელოს, კატეხიზმოს ტიპის ნაშრომი, სადაც უაღრესად ფასეული განმარტებანი ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით და განსაკუთრებით განკაცების დოგმატთან დაკავშირებით გადმოცემულია. თუმცა აქვეა სხვა დოგმატთა შესახებ მსჯელობაც. აი ეს ნაშრომი, რომელიც ცალკე შეიძლება ამოვიღოთ თეოდორტე კვირელის ნაწერებიდან და ნაშრომიდან, რადგან ის თავის თავში იტევს დასრულებულობას, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ დოგმატური სახელმძღვანელოს ერთ-ერთ არქეტიპად. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ნამდვილი და სრულყოფილი სახელმძღვანელო დოგმატიკისა ესაა წმინდა იოანე დამასკელის ხსენებული შრომა, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალსაჩინო წინაპირობა არის სწორედ თეოდორიტე კვირელის [3]ხსენებული ნაშრომი, რომელსაც ჩვენ, ყოველშემთხვევაში, ასე ვუწოდებთ დოგმატიკის მოკლე კურსი და არქეტიპი დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოსი. სამწუხაროდ ეს შრომა, ყოველშემთხვევაში, რაზეც ჩვენ თვალი მიგვიწვდება, დღეისათვის თითქმის მივიწყებულია, ვერ ვხედავთ მისი გამოყენების კვალს XIX-XX ს-ის ღვთისმეტყველების ისტორიკოსთა შრომებში, რომლებიც ამავე მიზანდასახულობით გარკვეული ტიპის სახელმძღვანელოებს წერენ. არადა ამ ნაშრომის გათვალისწინება დიდწილად წაადგებოდა ბევრს და დიდწილად წაგვადგება ყოველწამიერად. იმიტომ, რომ  თეოდორიტე კვირელის განსაკუთრებული უნარი ტერმინოლოგიური აზროვნებისა, მისი ტერმინოლოგიური ცნობიერების გამორჩეული აღმატებულება და სიმაღლე წინდაწინვე მიგვითითებს და წინდაწინვე წარმოგვიჩენს თუ რა ღირსების ნაშრომთან უნდა გვქონდეს საქმე. რადგანაც ერთია საკუთრივ ნაშრომის სპეციფიკა, რომ ის დოგმატიკის სახელმძღვანელოა, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს ვინ წერს მას, ვინ არის ავტორი, რა კვალიფიკაციის ავტორია ხსენებული ძეგლის [4]შემქმნელი და ჩამომყალიბებელი. და ისეთი დიდი დოგმატიკოსი და ტერმინოლოგი, როგორიც თეოდოროიტე კვირელი იყო, ადვილი წარმოსადგენია რა ღირსების ნაშრომს დაგვიტოვებდა. ზოგ შემთხვევაში იმდენად შეუცვლელი და იმდენად დახვეწილი ფორმულირებანი აქვს მოტანილი თეოდორტე კვირელს, რომ ისინი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ამა თუ იმ დოგმატის კაცობრივი ენის ფარგლებში ყველაზე უფრო მართებულ და ზედმიწევნით გამონათქვამებად, ზედმიწევნით ჩამოყალიბებულ დებულებებად, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ამა თუ იმ დოგმატთან დაკავშირებით.

თეოდორიტე კვირელი, გარდა აღნიშნულისა არის ერთ-ერთი უდიდესი ანტიერეტიკოსი. რა თქმა უნდა, უმკვიდრესი წინარე საფუძველი ჰქონდა მას (ჩვენ ამ საფუძველზე, თუ არ ვცდებით, არაერთგზის გვისაუბრია), დაწყებული II ს-ის შუა წლებიდან, წმინდა იუსტინე მარტვილის დროიდან, როდესაც მან თავისი მონუმენტური და ფუნდამენტური ნაშრომი დაწერა ყველა ერესის წინააღმდეგ. შემდგომ წმინდა ირინეოს ლიონელი II ს-ის მიწურულს წერს ასევე ფუნდამენტურ ხუთწიგნედ ნაშრომს [5]“მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”. III ს-ის I ნახევარში იქმნება წმინდა იპოლიტე რომაელის, ეპიფანე კვიპრელის ასევე ერესების წინააღმდეგ სახელდებული უზარმაზარი ნაშრომი (პატროლოგიის ორი ტომი ეთმობა მას), მისგანვე გამოკრებილი, უფრო ადვილი ხელმძღვანელობის მიზანდასახულობით, მოკლე სახელმძღვანელო ერესების წინააღმდეგ მიმართული, რასაც “სინტაგმა ეწოდება”. ამას შემდგომ მოსდევს კირილე ალექსანდრიელის, V ს-ის I ნახევარში, ფასდაუდებელი ანტიერეტიკული შრომები, როდესაც იგი დაუღალავად განაქიქებდა ნესტორიანიზმს და ნესტორიანიზმის ბურჯებს დიოდორე ტარსელსა და თეოდორე მოფსუესტიელს და, რა თქმა უნდა, საკუთრივ ნესტორსაც. ამის შემდგომი მრავალი, შედარებით ფრაგმენტული მიზანდასახულობის, მაგრამ სიღრმისეულად უაღრესად ფასეული დოგმატურ-ანტიერეტიკული ნაშრომი იწერება, ხოლო მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.), ერთ-ერთი გვირგვინი და დაბოლოებაა მთელი ამ ანტიერეტიკული ხაზისა. ეს ყოველივე გახლავთ ის უმკვიდრესი საფუძველი, რაც წინაპირობად ჰქონდა ეკლესიას [6]და კონკრეტულად წმინდა იოანე დამასკელს, როდესაც იგი VIII ს-ში თავის შემაჯამებლურ მეორე ნაწილს სწერდა ცნობილი ტრილოგიისას “წყარო ცოდნისა”, რომლის პირველი ნაწილი არის ტერმინოლოგიური განმარტებანი, მესამე ნაწილი ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”, ხოლო მეორე ნაწილი სწორედ ის ანტიერეტიკული ძეგლი, რომელიც ამჟამად ვახსენეთ, “ერესების წინააღმეგ”. აი ამ პერსპექტივაში, ამ ხაზში თავისი გამორჩეული ადგილი უჭირავს თეოდორიტე კვირელს. თეოდორიტე კვირელი რამდენიმე მიმართულებით იბრძოდა ჭეშმარიტების დასაცავად, რომელთაგან ერთი გამოკვეთილი მხარე ეს გახლდათ წარმართობის წინააღმდეგ ბრძოლა. წარმართობაში აქ მაინც არსებითად იგულისხმება ანტიკური ფილოსოფოსების ნააზრევის ის ცრუ ნაწილი, რაც მართლმადიდებლურ მოძღვრებას ეწინააღმდეგება. სწორედ ელინთა ბოროტგანმზრახველობის წინააღმდეგაა მიმართული ვრცელი ნაშრომი თეოდორიტე კვირელისა. სწორედ მას ხელეწიფებოდა ამგვარი ნაშრომის დაწერა, რადგანაც საერთოდ, როგორც ხშირად გვითქვამს და მრავალისთვის არის ცნობილი, [7]ერესის წინააღმდეგ ყველანაირი ბრძოლა არაა მართლმადიდებლური ბრძოლა. ერესის წინააღმდეგ შეიძლება ვიბრძოდეთ მართლმადიდებლურად, მაგრამ ერესის წინააღმდეგ შეიძლება ვიბრძოდეთ ერეტიკულად. ერეტიკული ბრძოლა ერესის წინააღმდეგ ნიშნავს ფანატიკურ ბრძოლას ყოველგვარი განსწავლისა და ცნობიერი, შეგნებული, არგუმენტირებული მოღვაწეობის გარეშე. როცა უბრალოდ ვიცით, რომ რაღაც ერესია და უკიდურესად უშვერი და მგმობელობითი სიტყვებით განვაქიქებთ მას დასაბუთების გარეშე. ამგვარი მცდელობა ყოველთვის უკუ ეფექტს იწვევს, უკუ ეფექტს იწვევს პირველ რიგში იმ პირებში, რომლებსაც ჩვენ ვეპაექრებით. ისინი მთლიანად წყდებიან ჭეშმარიტებას, რადგანაც ამ პაექრობას მათთვის არავითარი ნაყოფი არ მოაქვს. ისინი ყოვლითურთ გაკერპებულნი ხდებიან საკუთარ გაუკუღმართებაში, რადგანაც ვერ გრძნობენ გულშემატკივრულ დამოკიდებულებას ჭეშმარიტების მესვეურთა მხრიდან. ამიტომ მათთვისაც უნაყოფოა ეს, მაგრამ რაც მთავარია თვითონ ამ ერეტიკულად მოპაექრისთვისაც დიდად საზიანო ხდება ამგვარი ფანატიკური პაექრობა, უცოდნელი, წყაროდმცონეობისა და არგუმენტირების [8]გარეშე წარმართული პაექრობა, რადგანაც თვითონ აღმოჩნდება ხოლმე მეორე უკიდურესობაში. როგორც ეს თავდაპირველად მარკელოზ ანკვირელთან დაკავშირებით ვნახეთ, რომელიც მხარდამხარ იბრძოდა რა ერთი პერიოდი წმინდა ათანასე ალექსანდრიელის გვერდით არიანელთა წინააღმდეგ, საპირისპირო ერესში აღმოჩნდა თვითვე. ისევე როგორც მოგვიანებით დიოდორე ტარსელი ებრძოდა რა აპოლინარიზმს, თვითონ აღმოჩნდა სამომავლოდ მკვეთრ ფორმებში გამოვლენილი ნესტორიანიზმის ტყვეობაში. ასევე მოგვიანებით, როდესაც კირილე ალექსანდრიელის დროს ნესტორიანიზმი და თვითონ ნესტორიც მონოფიზიტობის პირველ გამოკრთომებს უპირისპირდებოდა, საკუთრივ აღმოჩნდა თავისი ცრუ მოძღვრების ტყვეობაში, რაც ნესტორიანიზმის სახელწოდებითაა ცნობილი და ასე შემდეგ. აი ეს გახლავთ ერესის წინააღმდეგ ერეტიკული ბრძოლა. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ ერეტიკოსი თითქოს სხვა ერესს არ ებრძოდეს. სხვა ერესს, რომელსაც მართლმადიდებლობაც ერესად თვლის სხვა კუთხით გაუკუღმართებულნიც ებრძვიან. რომელიმე სფეროში ერესს მიდევნებული პიროვნება სხვა ერესის წინააღმდეგ ისევე მებრძოლია, როგორც მართლმადიდებელიც ებრძვის მის ერესს და სხვა ერესსაც. [9]მაგრამ ერეტიკოსის ბრძოლა, კვლავ მკაფიოდ ვიტყვით, სხვა ერესის წინააღმდეგ ყოველთვის ერეტიკულია, ხოლო მართლმადიდებლური ბრძოლა ყოველთვის გულისხმობს პირველ რიგში გულშემატკივრული განწყობის გამოხატვას, რომ საბოლოოდ არ გადავუჭრათ ცთომილებაში მყოფს გზა ეკლესიისკენ, მან იგრძნოს რომ ჩვენ მასზე, მის ცთომილებაზე დიდად შეგვტკივა გული და არ გვემეტება ის წარსაწყმედად. მან უნდა დაინახოს კეთილგანწყობა საეკლესიო მოღვაწეებისა, ჭეშმარიტების მესვეურებისა, რომ მათკენ მიიქცეს. მაგრამ ამავე დროს მართლმადიდებლური ბრძოლა ერესის წინააღმდეგ ყოველთვის გულისხმობს აუცილებლად ზედმიწევნით ცოდნას იმისას, რასაც ვებრძვით. არსებითი განსხვავება ერეტიკულ ბრძოლასა და მართლმადიდებლურ ბრძოლას შორის ერესების წინააღმდეგ სწორედ ესაა. არაა აუცილებელი პიროვნება მართლაც აღმსარებლობითად ერეტიკოსი იყოს, შეიძლება ის აღმსარებლობითად მართლმადიდებელი იყოს, მაგრამ მაინც ერეტიკულად იბრძოდეს ერესის წინააღმდეგ. ანუ, მკაფიოდ ვიტყვით, ერეტიკული ბრძოლა ერესის წინააღმდეგ და საერთოდ ცთომილების წინააღმდეგ, ესაა უმეცრებითი ბრძოლა, ცოდნის გარეშე ბრძოლა, არგუმენტირების, წინასწარ გაცნობიერებისა [10]და შესწავლის გარეშე იმ საკითხისა, რაც პაექრობის საგანია. ხოლო მართლმადიდებლური ბრძოლა ყოველთვის გახლავთ ცოდნით გაბრწყინებული, ცოდნით გასინათლებული და შესაბამისად ნაყოფი ყოველთვის ხელშესახებია და საგულისხმო. ამ შემთხვევაშიც, როდესაც თეოდორიტე კვირელი ებრძვის ანტიკურობას, ცხადია, ებრძვის არა ანტიკურობის იმ ნაწილს, რაც ღირსეულია (დავუშვათ ცალკეული ტერმინოლოგიური მიღწევები, ცალკეული ღირსეული სწავლებანი, პლატონისა იქნება ეს თუ არისტოტელისა), არამედ იგი ებრძვის სამოძღვრო სისტემებს, იქნება ეს პლატონიზმი, არისტოტელიზმი, სტოიციზმი, პითაგორიზმი თუ სხვა, რადგანაც ყველა ეს სისტემა თავისთავში მწვალებლურია, თავის თავში ჭეშმარიტებისგან განვრდომილია. მაგრამ ყველა მათგანს თეოდორიტე, თავისი დიდი წინაპრების, კლიმენტი ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, ეპიფანე კვიპრელის, კაბადოკიელ მოღვაწეთა მსგავსად ებრძვის დიდი ცოდნით, იმ მწვალებლურ მოძღვრებათა და ამ შემთხვევაში იმ ანტიკური ფილოსოფოსების სწავლებათა უფრო ღრმა ცოდნით, ვიდრე იმ სწავლებათა მიმდევრებს [11]აქვთ ეს ცოდნა. ე.ი. პლატონელებზე მეტად მცოდნე იყო თეოდორიტე კვირელი პლატონიზმისა, არისტოტელიკოსებზე ანუ პერიპატეტიკოსებზე მეტად მცოდნე იყო ის არისტოტელიზმისა, ისევე როგორც პითაგორელებზე და ნეოპითაგორელებზე, ასევე ნეოპლატონიკოსებზე უკეთ მცოდნე იყო იმ ფილოსოფიური სისტემებისა, რასაც V ს-ის მათი გვიანდელი მიმდევრები და ეპიგონები იცავდნენ. ამიტომ შექმნა მან (თეოდორიტემ) სწორუპოვარი ნაშრომი ელინთა ბოროტხელოვნური თხზულებების მხილების ჟამს.

მაგრამ ეს იყო ერთი მიმართულება მისი მოღვაწეობისა. მეორე მხარე უკვე იუდაიზმის წინააღმდეგაა მიმართული, რაც ასევე დიდ წინაპირობად გულისხმობდა თეოდორიტესთვის, თუნდაც წმინდა იუსტინე მარტვილს, რომელსაც ფასდაუდებელი ანტიიუდაისტური შრომა აქვს სახელწოდებით “დიალოგი ტრიფონ იუდეველთან”, სადაც ტრიფონ იუდეველი, თვით სახელწოდებითვე, რა თქმა უნდა, იუდაიზმის აღმსარებელია, რომელსაც ეპაექრება (დიალოგის ფორმითაა ეს ძეგლი დაწერილი) წმინდა იუსტინე. ეს ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი პოლემიკურ-ანტიერეტიკული საეკლესიო [12]მწერლობისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად წყაროდ უნდა ყოფილიყო თეოდორიტე კვირელისთვის, როდესაც იგი ამ მიმართულებით წარმართავდა ბრძოლას.

მესამე მიმართულება მისი ანტიერეტიკული ღვაწლისა, ალბათ იმ პირველ ორზე უფრო რთული, ეს გახლდათ საკუთრივ ცრუ ქრისტიანული აღმსარებლობები, ფსევდოქრისტიანული მოძღვრებები, რომლებიც V ს-ის I ნახევრისა და შუა წლებისთვის უკვე ძალუმად მოჯარულნი იყვნენ ეკლესიის გარშემო და ყოველი მათგანი თავისი თავისთვის იჩემებდა ჭეშმარიტ ეკლესიობას, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას. ცხადია, მათთან ბრძოლა ამ მხრივ გაცილებით რთული იყო, მაგრამ ისეთი ღრმად განსწავლული და პაექრობის ხელოვნებაში მწვერვალამდე მისული პიროვნებისთვის, როგორიც თეოდორიტე გახლდათ, ეს სამივე მიმართულების ბრძოლა უდიდესი წარმატებულობით დასრულდა და ამით მოიხვეჭა მან ის სახელი, რაც, როგორც უკვე ვთქვით, წმინდა ეფრემ მცირემ გაგვიცხადა ჩვენ, ბერძენთაგან მისდამი მიკუთვნებული. ბერძნებს განუკუთვნებს ამ მხრივ პრიორიტეტს ეფრემ მცირე, რომ ისინი უწოდებდნენ თეოდორიტეს ამგვარად, [13]უწოდებდნენ კი მას თეოლოგიის მამას ანუ ღვთისმეტყველების მამას, სწორედ ამგვარი ძეგლების საფუძველზე.

მაგრამ, გარდა აღნიშნულისა თეოდორიტე კვირელი ჩვენ გვევლინება ერთ-ერთ უდიდეს მეისტორიედ. ისაა საეკლესიო ისტორიკოსთა შორის ერთ-ერთი უწარჩინებულთაგანი. თვით “საეკლესიო ისტორია”, რაც მან დაწერა ღირსეული განგრძობა იყო იმ საეკელსიო ისტორიებისა, რომელთა სათავეში დგას მოძღვრებით გაუკუღმართებული, მაგრამ როგორც ისტორიკოსი დიდად სახელოვანი და ეკლესიისგან დიდად დაფასებული ევსები კესარიელი, რომელსაც მოსდევს V ს-ის I ნახევრის საეკლესიო ისტორიკოსების, სოკრატეს, სოზომენეს და სხვათა ნაშრომები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ თეოდორიტე გაცნობილი იყო როგორც უაღრესად ერუდირებული პიროვნება, იმ საეკლესიო ისტორიებსაც, რაც მართლმადიდებლობის წიაღში არ შექმნილა. გნებავთ ეს ყოფილიყო ფილოსტორგოსისა, ანდა ზაქარია რიტორის საეკლესიო ისტორია, რომლებიც მონაცემებით, ფაქტოლოგიური თვალსაზრისით ყურადსაღები ძეგლები იქნებოდა და ვფიქრობთ, რომ ესენიც, რა კუთხითაც მათი გამოყენება შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მოხმობილი იქნებოდა [14]თეოდორიტე კვირელისგან. ამიტომ თეოდორიტე კვირელის საეკლესიო ისტორია, თანაშერთული იმ მოვლენების აღწერასთან ერთად ღრმად საღვთისმეტყველო დებულებებთან, განსაკუთრებული ღირსების ისტორიოგრაფიული ნაშრომია, რომელიც სამწუხაროდ ქართულად არ გახლავთ თარგმნილი. ქართულად არც ერთი ის ისტორიოგრაფიული ხასიათის ძეგლია თარგმნილი, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. თუმცა ამ ბოლო ხანებში იდგმევა სერიოზული ნაბიჯები, რომ ამ მხრივ გარკვეული ხარვეზი ამოივსოს და ადრინდელი საეკლესიო ისტორიები, თუნდაც ერთი მაინც (ამ შემთხვევაში ევსები კესარიელის საეკელსიო ისტორიას ვგულისხმობთ) ქართულადაც ითარგმნოს. მაგრამ თეოდორტე კვირელთან დაკავშირებით მაინც იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ის ისტორიკოსია ორივე გაგებით. ე.ი. ფაქტობრივი ისტორიკოსიც, ისტორიკოსი კლასიკური გაგებით, როგორც ეს ჰეროდოტედან დაწყებული ანტიკურობაშიც იყო და ასევე როგორც სულიერი ისტორიკოსი. იმიტომ, რომ თეოდორიტე კვირელმა ჩვენ დაგვიტოვა ისტორიული უწყებანი უდიდეს მოღვაწეებზე, განდეგილებზე, მეუდაბნოეებზე, [15]რომლებიც სირია-პალესტინაში მოღვაწეობდნენ. სირია-პალესტინის ბერ-მონაზვნების ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი და ფაქტოლოგიური მონაცემებით სავსე წყარო ესაა სწორედ ამ სათაურისა და ამ ჟანრის ნაშრომი თეოდორიტე კვირელისა, რაც დღეისათვის ფრაგმენტულადაა ცნობილი მკითხველისთვის, მაგრამ მთლიანობაში ეს უდიდესი ძეგლი სრულად უნდა იყოს ქართულად თარგმნილი. უაღრესად ყურადსაღები აღწერილობანი აქვს მას მოტანილი სხვადასხვა მოღვაწისა, რომლებიც მას უშუალოდ უნახავს პირადად, რომელთა გვერდითაც მას ნაწილობრივ უმოღვაწია კიდეც. თვითონვე იყო იმდენად პირუთვნელი პიროვნება, როგორც ადრეც ვთქვით, რომ ყურმოკრულს, სხვისგან გადმოცემულს ნაკლებად ენდობოდა და ამიტომაა მისგან ნაუწყები თხრობანი განდეგილობაში მყოფ მოღვაწეთა შესახებ, როგორც უტყუარი ისტორიული ცნობები, სადაც გამორიცხულია, რომ რაიმე ნაყალბევი იყოს, რაიმე მოარულ ხმაზე დაყრდნობით ნათქვამი იყოს და სხვა. ყოველივე ესაა პირადად მისგან [16]რაც იყო შესწავლილი და მისი თვალით ხილულის აღწერილობა. ორივე მხრივ, ე.ი. მამაკაც მოღვაწეთა და ქალ მოღვაწეთა მხრივ ფასდაუდებელი აღწერილობანი და თხრობანი დაგვიტოვა მან.

თუნდაც ქალთა შორის გვახსენედება კირასა და მარანას, ამ ორი დის შესახე მისი სახელგანთქმული უწყება, რომლებიც მართლაც უცხო წესს მოღვაწეობისას ეწეოდნენ, სხვა მხრივ პირადად ჩვენთვის უცნობს, რომ ვინმე სხვას ანალოგიური მოღვაწეობა აღესრულებინოს, როდესაც მათ მთლიანად შიშველ მინდორზე, ე.ი. მზის, ქარისა და წვიმის ქვეშ ჰქონდათ ფარდებით შემოსაზღვრული პატარა ადგილი, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ ყოველგვარი სახურავის გარეშე. ამ ორი დისგან კირა, როგორც ჩანს უფრო მეტად იყო მიცემული მჭვრეტელობას, სულიერ ცხოვრებაში ჩაღრმავებას და უფრო მეტად განმაროტებაში იყო, მოწყვეტილი ამა სოფლისგან. [17]კონტაქტი წუთისოფელთან მისთვის ხორციელდებოდა თავისი დის შუამავლობით. პატარა სარკმელივით იყო გამოჭრილი ამ ფარდაში, საიდანაც მისი და გარეშე მყოფთ ესაუბრებოდა და ამ გარეშე მყოფთაგანაც სათხოვარს იღებდა, დავუშვათ მათთვის ლოცვისა და სხვა. აგრეთვე აღკიდულობა ჯაჭვებისა ღვაწლის გასაძლიერებლად საკმაოდ დასამახსოვრებელ შტრიხს გამოკვეთს ჩვენთვის, რომ უმცროსი და, როგორც ჩანს, ფიზიკურად ვერ იყო ძლიერი, შეიძლება ითქვას ჯანმრთელი, მაგრამ ის ამით ოდნავადაც არ აფერხებდა თავის მოღვაწეობას. პირიქით მეტად ტვირთავდა და როდესაც დადგებოდა ჟამი და ისინი ეკლესიაში მიდიოდნენ დღესასწაულზე ანდა საზიარებლად, ეს სიმძიმე, რაც მას კისერზე ჰქონდა დაკიდებული, იმდენად აღემატებოდა მისი ტანის გამძლეობას, რომ თეოდორიტე კვირელის თქმით ფაქტობრივად მიწაზე გართხმული მიდიოდა ის.

აი ამ ტიპის მოღვაწეთა შესახებ უდიდესი სიყვარულით, უდიდესი პატივით გვაუწყებს ის. [18]სხვათაშორის ამ დებზე იმასაც ამბობს, რომ არავის არ უშვებდნენ შიგნით, მაგრამ ჩემმა საეპისკოპოსო პატივა მოახდინა ის, რომ მათ მე ნება მომცეს შიგნით შესვლისაო. მამაკაცთა შორის განსაკუთრებით იაკობის შესახებ უწყებაა აღსანიშნავი, რომელმაც ამ სიცოცხლეშივე გაიმზადა სატანჯველი, როდესაც ისეთი სამოღვაწეო ყუთივით შეიმზადა, ფიცრებისგან შეკრული რაღაც ფიცრული, სადაც ვერცერთი მხრივ წელში ვერ გაიმართებოდა ადამიანი, ე.ი. ვერც განზე, ვერც სიმაღლეში, ვერც გვერდით. აქ იმყოფებოდა ეს პიროვნებ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში და როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რატომ იტანჯავ თავს ასე ძლიერადო, ის უპასუხებდა, რომ სამომავლო ტანჯვა (გვახსენდება წმინდა შუშანიკის სიტყვებიც, რომელსაც ის იაკობ ხუცესს ეუბნება, რომ “მატლი იგი უძლიერეს არს”) იმდენად ძლიერია, რომ იმას რომ გავიხსენებ ეს არაფრად არ მიჩანს თუ ეს იმას ამაცილებსო.

[19]აგრეთვე საინტერესოა თხრობა ერთ-ერთ მოღვაწესთან დაკავშირებითაც, რომელიც გველმა დაგესლა ერთდროულად მრავალ ადგილას. ჯერ მას ფეხზე წაეტანა უხსენებელი და მან ხელით დააპირა მისი მოცილება, ამ დროს კი ხელზეც წაეტანა და მრავალ ადგილას როდესაც დაჰგესლა, ღვთის წყალობითა და საკუთარი შინაგანი მხნეობის შესაბამისად მან მოახერხა თვითგანკურნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ღვთისათვის თავშეწირულნი, ღვთისადმი საკუთარ ცხოვრება და თავ მიძღვნილნი გველის შხამისგანაც კი უვნებელნი არიან, როგორც ეს ეკლესიის მამათაგან გვსმენია.

აი ამგვარი მოღვაწეობანი არის ასახული თეოდორიტე კვირელის ხსენებულ ნაშრომში. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ესაა ერთ-ერთი უდიდესი აპოთეგმური ძეგლი. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, თეოდორიტეს დიდი ტრადიცია ჰქონდა წინ. საეკლესიო ტრადიციაში ჩვენ ე.წ. პატერიკულ თხრობათა ფასდაუდებელი ნიმუშები გვაქვს, რომელთაგან ერთ-ერთი უადრესია პალადი ჰელენეპოლელის “ლავსაიკონი”, რომლის ძველი ქართული თარგმანიც წმინდა ეფრემ მცირისა, თუ არ ვცდებით მალე გამოიცემა, თუმცა ფაქტობრივად ის უკვე გამოცემულია, რადგან სასულიერო აკადემიის [20]გაზეთში პერიოდულად იბეჭდებოდა ცალკეული მონაკვეთები ამ წიგნიდან. ისევე როგორც უცნობი ავტორის, ანონიმი ავტორის “სამოღვაწეო ისტორია” ამავე ეპოქისა. მაგრამ ეს ნაშრომები არსებითად ეგვიპტის ბერ-მონაზვნობას გულისხმობს. ტეოდორტე კვირელმა სირია-პალესტინის ბერ-მონაზვნობას მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ანტიოქიის რეგიონში მოღვაწეობდა თვითონ.

რადგან მაინც ამ ტიპის შრომებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ აგრეთვე არანაკლებ ფუძემდებლური და სახელგანთქმული იოანე მოსხის “ლიმონარი”, სადაც საკმაოდ შთამბეჭდავადაა ასახული თუნდაც სინას მთის მოღვაწეთა ღვაწლი. ნაწილობრივ ეს პატერიკული სტილი, რომელიც როგორც ჩანს ძალიან ძლიერმოქმედი იყო მოღვაწეებზე, დიდი შთაბეჭდილების მქონე იყო, ისეთ, თითქოსდა არაპატერიკული ხასიათის თხზულებაშიც კი იჩენს თავს, როგორიც არის იოანე სინელის “კლემაქსი”, რომლის სხვადასხვა თავში არანაკლები ღირებულების და უდიდესი შთაბეჭდილების მომხდენი თხრობანი გვაქვს ამა თუ იმ საეკლესიო მოღვაწესთან დაკავშირებით. სხვათაშორის გვახსენდება ერთ-ერთი [21]სულიერი შვილი, რომელიც იმდენად დამორჩილებული იყო თავისი მოძღვრისადმი, რომ როდესაც აღესრულა ეს სულიერი შვილი, მისმა მოძღვარმა სხვების წინაშე იმის დასადასტურებლად, თუ რა მორჩილების სიმაღლეზე იყო მისი სულიერი შვილი უკვე გარდაცვლილი, სახელით მიმართა მას ხმამაღლა და მისმა სულიერმა შვილმა, უკვე აღსრულებულმა, აქაც მორჩილება აჩვენა და მკვდარმა ხმა-ჰყო და მიმართა: რას მიბრძანებთ მოძღვაროო. ასე დასამახსოვრებელი მომენტები, თხრობანი მართლაც აღიბეჭდება იმდაგვარად ადამიანზე, რომ ძნელია ეს კვალი წაიშალოს.

საზოგადოდ შემდგომში, რადგან ამ ჟანრზე ვსაუბრობთ, ცალკე თხრობების ციკლად ყალიბდება ეს პატერიკული აღწერილობანი და ანბანის რიგზეც კი ლაგდება. ძველქართულადაც გახლავთ თარგმნილი რამდენიმე ასეთი კრებული, რომელთაგან ერთია წინა ათონური, რომელიც გამოქვეყნებულია და ექვთიმე ათონელისგანაა თარგმნილი. ამ ბოლო ხანებში აღმოჩნდა კიდევ უფრო ადრინდელი ანალოგიური ტიპის პატერიკული კრებული სინას მთაზე ახალ კოლექციაში. მოგეხსენებათ სინას მთაზე ამ [22]ბოლო ხანებში გამოვლინდა ძველი ქართული ხელნაწერების ახალი კოლექცია, აქამდე სრულიად უცნობი, რომელიც კედლის ჩამონგრევის შედეგად აღმოჩნდა. მათი შესწავლის შედეგად ამ კუთხით აღმოჩნდა აქამდე სრულიად უცნობი უადრესი პატერიკული ტექსტი, რომელიც, სხვათაშორის,  ძალიან მრავლად შეიცავს ჩვენთვის სრულიად უცნობ ქართველ მოღვაწეთა შესახებ თხრობებსაც, რომლებიც როგორც ჩანს სინის მთის რეგიონში მოღვაწეობდნენ. ისინი ქართველები რომ არიან ეს აშკარად ჩანს მათი ზედ წოდებიდანაც.

აი ამ პერსპექტივაში თეოდორიტე კვირელის აღწერილობა ბერ-მონაზვნური ცხოვრებისა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული და ნიმუშის მიმცემიც მთელი შემდგომდროინდელი პატერიკული აღწერილობებისა, მათი ერთ-ერთი უმტკიცესი საფუძველი დღემდე. სხვათაშორის ამგვარი აღწერილობანი გვიანაც გრძელდებოდა. [23]მოგეხსენებათ გარეჯის მეუდაბნოეთა შესახებაცაა ანალოგიური ტიპის აღწერილობა, რომელიც გამოიცა ძალიან გულში ჩამწვდომი მარტივი სიტყვით, ყველა მსმენელისათვის გასაგები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავსახოთ სწორედ თეოდორიტეს, პალადი ჰელენოპოლელის, იოანე მოსხის პატერიკულ აღწერილობათა ერთ-ერთ გვიანდელ და უაღრესად წარმატებულ მიბაძვად.

ასეთ პერსპექტივაში იმიტომ წარმოვაჩინეთ ჩვენ თეოდორიტე კვირელი, რომ მისი მაშტაბურობა კიდევ უფრო ნათელი გაგვეხადა. ჩვენ არარაფერს ვამბობთ თეოდორიტე კვირელზე, როგორც ეგზეგეტზე, ეს საყოველთაოდაა ცნობილი. მარტო მისი ოქტატევქი ანუ რვაწიგნეული ეყოფოდა მას სახელგანთქმულობისთვის, ბიბლიის პირველი რვა წიგნის მუხლობრივი განმარტებანი, რაც მან ჩვენ დაგვიტოვა. თუმცა ფრაგმენტულად მრავალი სხვა განმარტებაც აქვს სხვა წიგნისა ამ მოღვაწეს, მაგრამ ეს ოქტატევქი ანუ რვაწიგნედი, რვაწიგნეული (რომლის ქართულად თარგმნაც, თუ არ ვცდებით, დაწყებულია, თუმცა სამწუხაროდ უდიდესწილად რუსულიდან, რაც დიდ ხარვეზს უქმნის ქართულ თარგმანს, რადგანაც რუსულშიც არაიშვიათია სხვადასხვა შემთხვევაში ცდომილებანი) [24]საკუთრივ თეოდორიტესთვის ალბათ ყველაზე დიდი ეგზეგეტური ნაშრომია მის სამწერლობო მემკვიდრეობაში, რითაც თეოდორიტე უკვე ახალი ამპლუით, ახალი სიმაღლით წარმოჩნდება ჩვენ წინაშე, როგორც განმგრძობი, ერთ-ერთი გვირგვინი და ერთ-ერთი კორიფე იმ უდიდესი ეგზეგეტური საეკლესიო მწერლობისა, რაც II საუკუნიდან ნიმუშების მიხედვით შესამჩნევიცაა, ჩვენამდე მოღწეულია, ინტენსიურადაც შეისწავლება და ძველქართულადაც მნიშვნელოვანწილად თარგმნილი გახლავთ.

მრავალი სხვა ასპექტიც შეიძლებოდა გამოგვევლინა. სხვათაშორის თეოდორიტე, როგორც განსაკუთრებით სახელოვანი პიროვნება, იმითაც ჩანს სახელოვანი, რომ ვთქვათ ისეთ აღმატებულ ძეგლში, როგორიცაა გელათური ბიბლია ანუ გელათური კატენებიანი (კომენტარებიანი) ბიბლია, ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დამოწმებულ ავტორად ბიბლიის კომენტირებისას სწორედ ტეოდორიტეს წარმოგვიდგენს და ესეც ცხადყოფს მის სახელგანთქმულობას. თეოდორიტეს ის ნაშრომები, რაც პატერიკულ თხრობებს განეკუთვნება, იქნება ეს “თეოფილონ ისტორია” თუ [25]“წმინდა მამათა, წმინდა კაცთა ისტორია” (“ანდრონ ჰაგიონ ბიბლოს”) და ჩვენს მიერ ახლა დასახელებული ნაშრომები, თუ ერთმთლიანად და ერთ ციკლად იქნება წარმოდგენილი ჩვენგან, ამ მონუმენტური მოღვაწის სახეს მკაფიოდ გამოგვისახავს და არ არის გასაკვირი, რომ მას ჟან მინის მიერ გამოცემულ პატროლოგიის ტომებში (თითქმის 200 ტომი) 4 ვრცელი ტომი ეთმობა (80-84 ტომები). ეს ტომები დღესაც ინტენსიური შესწავლის საგანია, რადგან ფასდაუდებელი და ამოუწურავი სარწმუნოებრივი სიბრძნეა მათში დაუნჯებული.

 

356–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=zTHzsXT0O5A

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 11 APRIL 2016 16:46)