Georgian (Georgia)English (United Kingdom)

კითხვა: მიცვალებულთა ხსენება ეკლესიაში შაბათობით აღესრულება. თუ შეიძლება აგვიხსენით, რატომ დაწესდა ეკლესიაში შაბათი დღე მიცვალებულთა მოსახსენიებლად?

როგორც წმინდა წერილი მიგვითითებს, ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, ხოლო მეშვიდე დღეს აღარაფერი შეუქმნია. ამ მეშვიდე დღესთან დაკავშირებით ბიბლია მიუთითებს: “აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდა ჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა” (შესაქ. 2.3).

როდესაც სინას მთასთან ძველი აღთქმის ღვთივრჩეულმა ერმა რჯული მიიღო, ამ რჯულში პირდაპირ იყო მითითებული შაბათი დღის შვიდეულის სხვა დღეებისაგან განსაკუთრებულად გამოყოფა და აღნიშვნა. კერძოდ, ებრაელობას ამ დღეს უნდა დაესვენა ყოველდღიური საქმიანობისაგან და მთელი დღე ღვთისმსახურებისათვის მიეძღვნა. ცხადია, აქ არ იგულისხმება ის, თითქოს სხვა დღეებში ძველი აღთქმის მართლებს ღვთისმსახურება არ შეეძლოთ. პირიქით, ძველი აღთქმის ეკლესიაში მსახურება ღვთისადმი ყოველდღიურად აღესრულებოდა, მხოლოდ შაბათი დღე იყო დადგენილი საყოველთაო დასვენებისა და ამის კვალობაზე, მორწმუნეთა ტაძარში მისვლისა და ღვთისმსახურებისათვის. შაბათი დღე ძველი აღთქმის მორწმუნეებს ახსენებდა სწორედ იმ განსვენების დღეს, რაზეც წმინდა წერილში მითითებულია, რომ ამ მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა და ის წმინდა ჰყო. წმინდა მამათა ერთიანი აზრის თანახმად, ღვთისათვის ყველა დღე წმინდაა, ბიბლიაში კი მხოლოდ შაბათისათვის ამ სიტყვის განკუთვნა იმას ნიშნავს, რომ ეს დღე საღვთისმსახურო დღედ დაწესდა. შაბათი დღის შვიდეულის სხვა დღეებისაგან გამოყოფისა და დასვენებისათვის განკუთვნებას ძველი აღთქმის ეკლესიაში სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. ამ შემთხვევაში ყურადღება მისაქცევია, რომ იმ ერს, რომელიც სინას მთასთან რჯულს ღებულობდა, მომავალში (ისევე, როგორც რჯულის მიღებამდე) წარმართული სახელმწოფოების გარემოცვაში მოუხდებოდა ცხოვრება. წარმართულ ქვეყნებში საკმაოდ იყო განვითარებული კერპთაყვანისცემის სარიტუალო წესი, რაც თავისი გარეგნული ფორმითა და აღსასრულებელი რიტუალური წესით, იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში მაცხოვრებელს, რომელსაც ჭეშმარიტი რჯული ეპყრა, თუ ზედმიწევნით არ დაიცავდა საღვთო მცნებებს და მთელი გულით არ მიუძღვნიდა თავს უფალს, ხშირად აღნიშნული წარმართული რიტუალების ტყვეობაში ექცეოდა და ჭეშმარიტ რელიგიას ზურგს აქცევდა. ღმერთი, რომელსაც ძველი აღთქმის ღვთივრჩეული ერი აღიარებდა და ლოცვებში შეწევნისათვის მოუხმობდა, იყო ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა ექვს დღეში და მეშვიდე დღეს განისვენა ანუ დაცხრა თავისი საღვთო შემოქმედებისაგან. აი, როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი შაბათ დღეს ღვთისმსახურებას განუკუთვნებდა, ის ერთი მხრივ, ხილულად და, მეორე მხრივ, მთელი შეგნებით აღიარებდა, რომ ყოვლიერების შემოქმედის რელიგიის აღმსარებელი იყო. შაბათის საღვთისმსახურო დღედ გამოყოფა ძველი აღთქმის ეკლესიის წევრს ყველა სხვა წარმართისაგან განარჩევდა, რადგან წარმართული რელიგიისათვის უცხო იყო ერთი ღმერთისა და მისგან ყოვლიერების შექმნის იდეა. ებრაელი კი შაბათს დასვენებით ყველაფრის შემოქმედს აღიარებდა და ამიტომაც სავალდებულო იყო ძველი აღთქმის ეკლესიის ნებისმიერი წევრისთვის შაბათის უქმობის დაცვა.


მაცხოვრის ჯვარცმისა და სიკვდილის დათრგუნვიდან 50-ე დღეს სულიწმინდა მოეფინა ქვეყანას. წმინდა მამათა მითითებით, ამ დღეს მოხდა ქვეყნად ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება. ეს ეკლესია, წმ. პეტრე მოციქულის მიხედვით, მემკვიდრეა ძველი აღთქმის ეკლესიისა. ამ ეკლესიაში იშვა ახალი ირაელი ანუ ახალი აღთქმის ღვთივრჩეული ერი – “თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეუფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ხალხი წილხვედრი, რათა აუწყოთ ყველას მისი სათნოება, ვინც ბნელიდან გამოგიხმოთ, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი (I პეტრე 2.9). ქრისტიანებისათვის მეშვიდე სადღესასწაულო დღედ, რომელსაც შვიდეულის დღეები უნდა დაესრულებინა, გახდა დღე აღდგომისა. მას ჩვენ კვირას ვეძახით, რაც ბერძნული “კირიოსიდან” მომდინარეობს და საუფლოს ნიშნავს. ანუ ჩვენთვის კვირა დღე არის საუფლო დღე, ახალი დღე, რომელიც ძველაღთქმისეული შაბათის შემდეგ დადგა და რომელმაც ახალ დღეებს დაუდო საფუძველი. კვირის სადღესასწაულო დღედ განწესებამ ახალი აღთქმის ეკლესიაში შაბათს სხვა დატვირთვა მისცა. შაბათი მიწიერი დასვენების დღის ნაცვლად ცათა სასუფეველში სიხარულით სავსე განსვენების დღის სიმბოლოდ იქცა. ამის შესახებ წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, როდესაც ბრძანებს: “ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა, რადგანაც ვინც შევიდა მის განსასვენებელში, მანვე განისვენა საქმეთაგან, როგორც თავისთაგან ღმერთმა (ებრ. 4.9-10). აქედანვეა საეკლესიო კანონმდებლობით განმტკიცებული ტრადიცია შაბათ დღეს აღესრულებოდეს სპეციალური მსახურებები, რომლებიც მიცვალებულთა მსახურებად არის ცნობილი საეკლესიო ტიპიკონებში.

აღნიშნულთან ერთად ისიც უნდა დავსძინოთ, რომ ზოგადად, მიცვალებულთა სულის საოხად ღვთისმსახურება, დიდ სადღესასწაულო დღეების გარდა, ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. აქ მხოლოდ იმ საეკლესიო წესზე ვსაუბრობთ, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სწორედ შაბათ დღეს განაწესებს საზოგადო მიცვალებულთა მსახურებას. რადგან თქვენი კითხვა მიცვალებულთა დღეების აღნიშვნას უკავშირდება და მათი ისტორიაც გაინტერესებთ, ზოგადად მიმოვიხილოთ ის შაბათი დღეები, როდესაც ეკლესია მიცვალებულთა მსახურებას განაწესებს.

ერთ-ერთი პირველი აღნიშნულ მსახურებათაგან მოდის ხორციელის შაბათზე, რომელიც ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღინიშნებოდა. ხორციელის შაბათის სვინაქსარში (ამ დღესთან დაკავშირებულ საკითხავში) აღნიშნულია, რომ წმინდა მამებმა მოციქულთაგან მიღებული გადმოცემის საფუძველზე დაადგინეს, ამ დღეს აღესრულებოდეს ყველა საუკუნითგან აღსრულებულ ღვთისმოსავ პირთა ხსენება. კონკრეტულად ხორციელის შაბათი იმისათვის იქნა არჩეული, რომ ამ დღის შემდგომი კვირა დღე ეკლესიის მიერ საშინელი სამსჯავროს ხსენების დღედ არის მიჩნეული. შესაბამისად, წმინდა მამებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ დღის წინა დღე - შაბათი, მიცვალებულთა ხსენების დღედ დაეწესებინათ, რათა მორწმუნეებს განსაკუთრებულად ელოცათ გარდაცვალებულთათვის, რომლებთანაც ერთად მათ საშინელ სამსჯავროზე მოუწევდათ პასუხის გება. ამ დღეს ქრისტიანები დიდი მარხვისათვის ემზადებიან, რომელსაც საშინელი სამსჯავროს მოლოდინის გახსენებით ახორციელებენ, ამ მზადებას კი უდიდესი სათნოებით, მიცვალებულებისათვის ზრუნვით გამოხატავენ.

ეკლესია დიდმარხვაშიც აღასრულებს მიცვალებულთა ხსენებას შაბათობით და საამისოდ მე-2, მე-3 და მე-4 შაბათები აქვს გამოყოფილი. ამ სამი დღის განკუთვნება მიცვალებულთა მოსახსენებლად განპირობებულია იმით, რომ დიდმარხვის სადაგ დღეებში ეკლესიებში არ აღესრულება წმ. იოანე ოქროპირის ან წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, რომლის დროსაც შესაძლებელია მიცვალებულთათვის სპეციალური ლოცვის დაყენება. იმისათვის, რომ მიცვალებულები ეკლესიის ზრუნვას მოკლებულნი არ იყვნენ, ეკლესია მათთვის სამჯერ, შაბათ დღეებში წირვას აღავლენს. აქვე უნდა ითქვას, რომ დიდმარხვის სხვა შაბათ დღეებში მიცვალებულთა მსახურება ვერ აღესრულება, რადგან ამ დღეებს თავისებური დატვირთვა გააჩნიათ, რომლის შესახებ საუბარიც ძირითადი თემიდან მოგვწყვეტს.

ეკლესიაში მიცვალებულთა მსახურება აღესრულება აგრეთვე სულთმოფენობის წინა დღეს, რომელიც მუდმივად შაბათია (რადგანაც სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება და შესაბამისად მისი აღნიშვნა ყოველთვის კვირა დღეს ხდება). ამ დღეს სულის შაბათიც ჰქვია. ამ შაბათს მიცვალებულთა მსახურების აღსრულება სამოციქულო ეპოქიდანვე იწყება. როგორც წმინდა წერილიდანაა ცნობილი, ამ დღეს ერთად შეკრებილი მოციქულები ლოცულობდნენ. მეორე დღეს მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა და ამქვეყნად დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია. ამიტომაც ლოცულობს ეკლესია თავის გარდაცვლილ შვილებზე, რათა ისინი ღირსი გახდნენ ზეციური მოზეიმე ეკლესიის წევრობისა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოში აღესრულება ე.წ. დიმიტრის შაბათის მსახურება, რომელიც ასევე მიცვალებულთა მსახურებად არის განჩინებული. უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია მოდის უშუალოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ამ დღის მიცვალებულთა მსახურებისათვის დაწესება მოხდა წმ. სერგი რადონეჟელის ლოცვა-კურთხევით, 1380 წლის 8 სექტემბერს, კულიკოვოს ბრძოლის შემდეგ. ამ დღისათვის დიმიტრის შაბათის წოდება იმით აიხსნება, რომ უახლოეს დღეებში აღესრულება უდიდესი წმინდანის, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენება. თავდაპირველად რუსეთში ამ დღეს მხოლოდ კულიკოვოს ბრძოლისას დაცემულებს მოიხსენიებდნენ. დროთა განმავლობაში კი ეს დღე ზოგადად, მიცვალებულთა ხსენების დღედ დაწესდა და ასევე შემოვიდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.


გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, #11(364), 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 02 April 2016 14:28)