Georgian (Georgia)English (United Kingdom)
წინასიტყვაობა
იერემია ნეტარ პაპ დამასს

ორიგენემ, რომელიც თავისი ნაშრომებით ყველა მწერალს აღემატება, "ქება ქებათაში" თავის თავსაც გადააჭარბა. მართლაც, სეპტანტას, აკილას, სიმაკის და თეოდოტიონის ვერსიების და, კიდევ ერთი, მისივე თქმით, აქტიუმის სანაპიროებზე ნაპოვნი ვერსიის მიხედვით, მან ათ წიგნად მოგვცა ისეთი ბრწყინვალე და ნათელი კომენტარი, რომ, ჩემი შთაბეჭდილებით, მასში უნდა განხორციელებულიყო სიტყვა: "შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თვისთა" (ქებ. 1.3).

მაგრამ ეს კომენტარი, რომელიც ლათინურად ჯეროვნად სათარგმნელად მოითხოვდა აუარებელ დროს, შრომასა და ხარჯებს, გვერდზე გადავდე და ვთარგმნე - უფრო შინაარსის ზუსტი მიდევნით, ვიდრე ენის მოხდენილობაზე ზრუნვით - ეს ორი პატარა ქადაგება, ორიგენეს მიერ ყველასთვის მისაწვდომ სალაპარაკო ენაზე შედგენილი იმ "ჩვილთა" გათვალისწინებით, რომლებიც ჯერ კიდევ რძით იკვებებიან (შდრ. 1 კორ. 3.1-2). ამგვარად, გთავაზობ არა მაგარ "საჭმელს", არამედ განმარტების (დიდი კომენტარის) გემოს წინამაუწყებელს, რომელიც მიგახვედრებს, თუ რა ფასი უნდა ჰქონდეს დიდ ნაშრომს, როცა ამ პატარა კომენტარსაც ასეთი სიამოვნების მონიჭება შეუძლია.

 

პირველი ქადაგება

"ქებათა ქებაზე" დასაწყისიდან იმ ადგილამდე, სადაც ნათქვამია: "ვიდრემდის მოასხნეს მას ხელნი მისნი მეფემან"...

 

შესავალი


1. მოსესგან ვისწავლეთ, რომ არის არა მხოლოდ "წმიდა", არამედ "წმიდათა წმიდაც" (გამოსვ. 26.34), არის არა მხოლოდ შაბათი, არამედ "შაბათთა შაბათიც" (ლევ. 16.31), ხოლო სოლომონის ამ ნაწერით ახლა ვიგებთ, რომ არის არა მხოლოდ ქებანი, არამედ "ქებათა ქებაც" (ქებ. 1.1).

 

აღსავალი ქებათა ქებისაკენ

ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც შევა "წმიდაში", მაგრამ, რამდენად უფრო ნეტარია იგი, ვინც შეაღწევს "წმიდათა წმიდაში". ნეტარია, ვინც ადიდებს შაბათს, მაგრამ უფრო ნეტარია იგი, ვინც განადიდებს "შაბათთა შაბათს". ნეტარია ასევე, ვინც გულისხმაჰყოფს ქებათ და იგალობებს მათ, მართლაც, ვინ გალობს თუ არა სიხარულში მყოფი მედღესასწაულე, - მაგრამ, რამდენად უფრო ნეტარია იგი, ვინც გალობს "ქებათა ქებას". როგორც "წმიდაში" მყოფისთვის მრავალი რამ არის საჭირო "წმიდათა წმიდაში" შესასვლელად, და აგრეთვე მრავალი რამ არის საჭირო ღვთის მიერ დაწესებული შაბათის განმადიდებლისათვის, რათა მან შეძლოს განდიდება "შაბათთა შაბათის", - ასევე ძნელია მოიძებნოს კაცი, რომელიც საღვთო წერილის ყველა ქების მოვლის შემდეგ შეძლებს ამაღლებას "ქებათა ქებამდე".

გმართებს "გამოხვიდე ეგვიპტიდან" (გამოსვ. 13.3), და გამოაღწევ რა "ეგვიპტის ქვეყანას", უნდა გადალახო "მეწამული ზღვა", რომ შეძლო იგალობო პირველი ქება და თქვა: "უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს" (გამოსვ. 15.1). თუმცაღა იგალობე პირველი ქება, ჯერ ფრიად შორს ხარ "ქებათა ქებამდე". სულიერად განვლე უდაბნოს მიწა, ვიდრე არ მოადგები ჭას, რომელიც გათხარეს მეფეთა (რიცხვ. 21.17), რათა აქ იგალობო მეორე ქება. ამის შემდეგ მოეახლე წმიდა მიწის საზღვარს, რომ იორდანეს სანაპიროზე მდგომმა იგალობო მოსეს ქება და თქვა: "მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა" (II სჯ. 32.1). კიდევ ერთხელ უნდა იბრძოლო იესოს მეთაურობით და მოიპოვო სამკვიდროდ წმიდა მიწა; "ფუტკარმა" უნდა იწინასწარმეტყველოს შენზე და "ფუტკარმა" უნდა განგსაჯოს შენ - "დებორა" ხომ ფუტკარს ნიშნავს, - რათა შეძლო "მსაჯულთა წიგნში" შეტანილი ქების გალობა (მსაჯ. 5.2). შემდეგ მეფეთა წიგნისაკენ ნელი სვლით მიადექი დავითის ქებას, რომელიც წართქვა მან "რაჟამს განეშორა ყოველთა მტერთაგან და პირისაგან საულისა" და სთქვი: "შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე" (II მფ. 22.2). გმართებს ესაიამდე მიღწევა, რათა მასთან ერთად თქვა: "უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა" (ეს. 5.1), და რაჟამს თანდათანობითი სვლით გადახვალ ერთიდან მეორეზე, განაგრძე აღმასვლა და ადი კიდევ უფრო მაღლა, რომ შენც შეძლო, მშვენიერებით შემკულო სულო, იგალობო სიძესთან ერთად "ქებათა ქება".

 

მოქმედნი პირნი - თითოეულის დანიშნულება და სიმბოლური მნიშვნელობა

დანამდვილებით არ ვიცი, რამდენი პირია წარმოდგენილი ამ ქებაში. თქვენს ლოცვათ წყალობით და ღვთის განმაცხადებელი ზემოქმედების წყალობით, განვარჩევ შემდეგ სახეებს: სიძე, სძალი, სძალთან ერთად ქალწულთა გუნდი, და სიძესთან ერთად - მეგობართა გუნდი. ზოგიერთი გამოსვლა ეკუთვნის სძალს, ზოგი სიძეს, რამდენიმე - ქალიშვილთა და რამდენიმეც - სიძის მეგობართ. ქორწინებისას ხომ, ჩვეულებრივ, პატარძალს ქალიშვილთა გუნდი ახლავს, ხოლო სიძეს - ვაჟიშვილთა ჯგუფი.

ყოველივე ამას ნუ ეძებ გარეთ, ნუ ეძებ იმათ მიღმა, რომელთაც მოიპოვეს ცხოვრება სახარების ქადაგებით (შდრ. 1 კორ. 1.21). სიძეში იგულისხმე ქრისტე, "უმწიკვლო და უნაოჭო", სძალში - ეკლესია, რომელზეცად წერია: "რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო" (ეფ. 5.27). ხოლო იმათში, ვინც, მორწმუნეობის მიუხედავად, ჯერ ვერ ამაღლებულა ზემოთ მოხსენიებულ მდგომარეობამდე და ხსნა მხოლოდ ნაწილობრივ მოუპოვებია, დაინახე მორწმუნეთა სულები და იფიქრე სძლის თანმხლებ ქალწულებზე. სამაგიეროდ, სიძის თანმხლებ ყმაწვილკაცებში იგულვე ანგელოზები და ისინი, ვინც მიაღწია სრულყოფილი კაცის მდგომარეობას, "საზომსა ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა" (ეფ. 4.13). აი, ის ოთხი გამოსვლა, რომელთაც მე გამოვყოფ: სიძე და სძალი, ერთად მგალობელი ორი გუნდი, ქალწულებთან ერთად მგალობელი სძალი, და მეგობრებთან ერთად მგალობელი სიძე. გაიზიარებ რა ამას, მოისმინე "ქებათა ქება"; ესწრაფე, რომ ღრმად ჩასწვდე მას და სძალთან ერთად თქვა, რასაც ის ამბობს, ისე, რომ საპასუხოდ გაიგონო, რაც მას ესმის. მაგრამ თუ არ ძალგიძს სძალთან ერთად თქვა, რასაც იგი ამბობს, რომ შენც გაიგონო, რაც მას ესმის, მაშ, ისწრაფე, რომ შეუერთდე სიძის მეგობრებს, თუ მათ სიმაღლეზეც არ დგახარ, შეერიე ქალწულებს, რომლებიც პატარძლის სიხარულში იმყოფებიან.

ამრიგად, წარმოვადგინეთ მოქმედი პირები ამ წიგნისა, რომელიც დრამაც არის და ეპითალამაც. მას შემდეგ, რაც წარმართებმა ეპითალამა თავიანთ საკუთრებად გამოაცხადეს, ქების ეს ჟანრიც მიითვისეს: მართლაც, ქებათა ქება ეპითალამაა. თავდაპირველად, სძალი გამოთქვამს თავის თხოვნას, და წამსვე შეწყნარებულია. იგი ხედავს სიძეს, მუნმყოფს, ხედავს ქალწულებს შეკრებილთ მისი ხლებისათვის. შემდეგ სიძე ეპასუხება მას, ხოლო სიძის სიტყვების მერე, ვიდრე იგი იტანჯვის მისი გამოხსნისათვის, მეგობრები პასუხობენ, რომ "გაამზადებენ სამკაულებს" (ქება. 1.11)1 სძლისთვის, "სანამ სიძე იმყოფება თავის განსასვენებელში" (ქება. 1.12), და სანამ აღდგებოდეს იგი თავის სატანჯველთაგან.

 

სიძის ამბორნი

2. მოვიტანოთ თავად სიტყვები, რომლებითაც პირველად გამოთქვამს სძალი თავის თხოვნას: "ამბორს მიყავნ მე ამბორს - ყოფითა პირისა მისისათა" (ქება 1.2). ეს ნიშნავს: "როდემდის მიგზავნოს სიძემ ამბორნი მოსესგან, როდემდის მიგზავნოს ისინი წინასწარმეტყველთა მეოხებით? ახლა მე მსურს უშუალოდ მივწვდე მის ბაგეს, მოვიდეს, მოეახლოს". ამრიგად, იგი ევედრება სიძის მამას და ეუბნება: "ამბორს მიყავნ მე ამბორის ყოფითა პირისა-მისისათა". რამდენადაც სძალი მომზადებულია საიმისოდ, რომ მასში განხორციელდეს წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ამბობს: "ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (ეს. 65.24), სიძის მამა სძლის თხოვნას შეიწყნარებს და უგზავნის მას თავის ძეს. ეცხადება რა ის, ვის მოსვლასაც თხოულობდა თავის ლოცვებში, წყვეტს ლოცვას და სულ ახლოს მიმართავს მას: "რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა" (ქება. 1.2-3). ამრიგად, სიძე, ქრისტე, მამისაგან მოვლენილი, ცხებული მოდის სძლისაკენ, და მას ეუწყება: "შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა". (ფს. 44.7).

 

ნელსაცხებლის კეთილსურნელება

თუ სიძე შემეხება, მეც ვაფრქვევ კეთილსურნელებას და მეც ცხებული ვხდები ნელსაცხებელით; მისი ნელსაცხებლები ჩემზე გადმოდის ისე, რომ მეც შემიძლია ვთქვა მოციქულებთან ერთად: "ქრისტეს სუნნელებანი ვართ" (2 კორ. 2.15). მაგრამ ჩვენ, რომელშიც ვისმენთ ამას, ჯერ კიდევ ცოდვებისა და მანკიერებათა ცუდი სუნი აგვდის, რის შესახებაც ამბობს მონანიე ცოდვილი წინასწარმეტყველის პირით: "შეჰყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა" (ფს. 37.5). ცოდვა მყრალ სუნს უშვებს, სათნოება ნელსაცხებელთა გამოსცემს, რომელთა სხვადასხა სახეობა შეგიძლია მოიძიო გამოსვლათაში. იქ წააწყდები შენ "მურს", "შტახს", "გუნდრუკს" და სხვებს (შდრ. გამოსვ. 30.34). ესენი უნდა დაიწვას; მაგრამ მენელსაცხებელთა ხელობისათვის იყენებენ სხვადასხვა სურნელოვან ესენციას, მათ შორის "ნარდიონს" და "მურს". ხოლო ღმერთი, "რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა" (შდრ. დაბ. 1.1), ამგვარად მიმართავს მოსეს და ეუბნება: "მე აღვავსე ისინი სიბრძნისა და გონიერების სულით, რათა მისდიონ მენელსაცხებელთა საქმეს" (შდრ. 31.3). ღმერთი მენელსაცხებელთაც განასწავლის.

 

სულიერი სიყვარული

რას წარმოადგენენ ეს მინიშნებანი, თუ სულიერი მნიშვნელობით არ გავიგებთ მათ? თუკი ისინი არ იმარხავენ საიდუმლოს, განა ღვთის ღირსნი არიან? ამრიგად, ვინც ისწავლა ან ვისაც არ უსწავლია, მაგრამ სურს ისწავლოს საღვთო წერილის გაგება სულიერი მნიშვნელობით, მთელი ძალისხმევით უნდა ისწრაფოდეს, რომ არ იცხოვროს ხორცისა და სულის მიხედვით, რათა სულიერ საიდუმლოთა ღირსი გახდეს; უფრო გაბედულად რომ გამოვთქვა, იგი საჭიროა აღეგზნოს სულიერი ვნებით, სულიერი სიყვარულით, რაკი სულიერი სიყვარულიც არსებობს; როგორც არსებობს ხორციელი საზრდო და სულიერი საზრდო, ხორციელი სასმელი და სულიერი სასმელი, ასევე არსებობს ხორციელი სიყვარული, რომელიც სატანიდან მომდინარეობს, და სულიერი სიყვარული, რომლის წყაროა ღმერთი.. ვერავინ ვერ იქნება ორი სიყვარულით შეპყრობილი. თუ გიყვარს ის, რაც ხორციელია, ვერ გაიგებ სულიერ სიყვარულს. ხოლო თუ უარყოფ ყოველივე ხორციელს - მე ვგულისხმობ არა მხოლოდ სისხლსა და ხორცს, არამედ ფულს, მოხვეჭილ ქონებას, თვით დედამიწას და ცას, რადგანაც ყველაფერი უნდა წარხდეს - თუ უარყოფ ყოველივე ამას და თუ შენი სული არც ერთ მათგანზე აღარ იქნება მიჯაჭვული, თუ აღარ დაგაბრკოლებს აღარავითარი მანკიერი სიყვარული, მაშინ შეძლებ სულიერი სიყვარულის მიხვდომას. აი, რას ვიტყოდი ამის თაობაზე, რაკი შემთხვევა მომეცა ცოტა მესაუბრა სულიერ სიყვარულზე.

ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა იმ შეგონების შესმენა, რომელიც მოგვცა სოლომონმა, უფრო სწორედ, იმან, ვინც სოლომონის პირით ასეთი სიტყვებით ილაპარაკა სიბრძნეზე: "ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ... გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ" (იგავ. 4.6,8). არსებობს სულიერი ხვევნაც. ღმერთმა ინებოს, რომ სიძისმიერი ხვევნა, რომლითაც ეხვევა იგი სძალს ჩემში, უფრო მჭიდრო გახდეს, რათა მეც შევძლო იმის თქმა, რაც ამავე წიგნშია ნათქვამი: "მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი გარემომეხვია მე"2.

 

სიძის ძუძუნი და ნელსაცხებლები

3. ამგვარად, "ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა" (ქებ. 1.2). ნატვრით კილოს მაგივრად საღვთო წერილს სჩვევია ბრძანებითი კილოს გამოყენება. ასე მაგალითად, ნათქვამია: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი" და არა "წმიდა იყოს სახელი შენი"; ასევე წინამდებარე ნაწყვეტში "ამბორს - მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა" და არა "მეამბოროს". შემდეგ, სძალი ხედავს სიძეს. იგი მოდის ნელსაცხებლებით გაჟღენთილი, და არც იქნებოდა ჯეროვანი, რომ მამას საქორწინოდ ამგვარად არ მოემზადებინა ძე: სცხო მას მრავალი ნელსაცხებელი და იგი გახდა ქრისტე (ცხებული). იგი მოდის ნელსაცხებელთა ფრქვევით და ესმის თქმა: "უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა" (ქებ. 1.2). ღვთიური სიტყვა სათანადოდ ანიჭებს ერთსა და იმავე საგანსა თუ მოვლენას კონტექსტის ხასიათის მიხედვით სხვადასხვა სახელს. როცა სჯულში მსხვერპლი იწირება და ღვთიური სიტყვას სურს აღნიშნოს მისი მნიშვნელობა, იგი ამბობს: "მკერდი განჩემებულისა" (ლევ. 10.14). თუ ვინმე იესოსთან "განისვენებს" და მის განცდებს ზიარებული განიხარებს, იგი ამ შემთხვევაში ამბობს არა "მკერდს განჩემებულისა", არამედ "მკერდს" (ი. 21.20). ხოლო როცა სძალი ებაასება სიძეს, - ეს ხომ საქორწინო საგალობლის დასაწყისია, - არც "განჩემებულ მკერდზეა" ლაპარაკი, როგორც შესაწირავის შემთხვევაში, და არც "მკერდზე", როგორც იოანე მოწაფის შემთხვევაში, არამედ - "ძუძუებზე": "უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა“. იყავ, როგორც სძალი სიძის განცდათა თანამოზიარე, და შენ გეცოდინება, რომ ამგვარი ფიქრები დამათრობელნი არიან და სიხარულით აღმვსებნი. როგორც საუკეთესოა "უფლის დამათრობელი სასმელი" (შდრ. ფს. 22.5), ისე ყოველგვარ ღვინოზე უკეთესია სიძის ძუძუები, რაკი ნათქვამია: "უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა". ლოცვაში დანთქმული სძალი ისევ მიმართავს სიძეს: "და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა" (ქებ. 1.3). მართლაც, სიძე, როცა იგი მოდის, "ცხებულია" ყველა ნელსაცხებლით და არა ერთი რომელიმეთი.

მაგრამ თუ სიძე შენი სულისკენაც იკადრებს წამოსვლას, რომელიც ღვთიური სძალი გამხდარა, რაოდენ მშვენიერი უნდა იყოს იგი, რომ თავისკენ მოიზიდოს სიძე ცის სიმაღლეებიდან, რომ ჩამოიყვანოს იგი ქვეყნად, რომ მიაახლოს მას, ვინ უყვარს, რა სილამაზით უნდა იყოს შემკული, რა სიყვარულით უნდა იწვოდეს, რომ მას მიუგოს სიძემ ის, რაც სრულყოფილ სძალს უთხრა: "შენი კისერი, შენი თვალები, შენი ღაწვები, შენი ხელები, შენი მუცელი, შენი მხრები, შენი ფეხები". ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ უფალი ინებებს, გამოვიძიებთ, როგორ არის სძალის სხეულის ნაწილები მოხმობილი ცალცალკე და რატომ არის თითოეული მათგანი განსხვავებულად ხოტბაშესხმული, ისე, რომ ამ ჩაძიების შემდეგ შევძლოთ ამ ენის მისადაგება ჩვენს სულთან.

"უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა". როცა სიძეს იხილავ, გაიგებ ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებას: "რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა". ბევრს ჰქონია ნელსაცხებელი, მაგალითად "სამხრეთის დედოფალს" (მათ. 12.42), რომელმაც სოლომონს მიართვა ნელსაცხებლები... და კიდევ სხვებს. მაგრამ რა უხვიც არ უნდა ყოფილიყო მათი ნელსაცხებელნი, მაინც შეუძლებელია მათი შედარება ქრისტეს ნელსაცხებლებთან, რომელთა შესახებ ამბობს აქ სძალი: "სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა". ჩემი აზრით ნელსაცხებლები ექნებოდა მოსეს, ასევე - აარონს და თითოეულ წინასწარმეტყველს, მაგრამ როცა ვხედავ ქრისტეს და შევისუნთქავ მის საუცხოო ნელსაცხებელთა სურნელებას, მყისვე გამომაქვს განაჩენი: "სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა".

 

იესოს სახელი

4. "ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი" (ქებ. 1.3). აქ საქმე გვაქვს წინასწარმეტყველურ საიდუმლოსთან. იესოს სახელი ის-ის არის ქვეყნად მოვიდა, რომ უკვე აცხადებენ დაღვრილ ნელსაცხებელს. სახარებაშიც, "მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა" (მათე 26.7). დააკვირდი მხსნელს ორიდან რომელმა ერთმა დაასხა თავზე ნელსაცხებელი, რადგანაც ნათქვამია, რომ ცოდვილმა ფეხებზე დააფრქვია, ხოლო იმან, ცოდვილად რომ არ მოიხსენიება - თავზე. დააკვირდი - მეთქი, ახლოდან და ნახავ, რომ სახარებაში მახარებლებმა ჩაწერეს არა მოგონილი ამბები ან ზღაპრები, არამედ საიდუმლოებები. "სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა" (იოანე 12.3), ნელსაცხებელი, რომელიც ცოდვილს ჰქონდა, უნდა უკავშირდებოდეს მაცხოვრის ფეხებს, ხოლო უცოდველის ნელსაცხებელი - თავს. არ არის გასაკვირი, რომ ამ სურნელებით აღვსილიყო სახლი, რადგანაც ამ სურნელებამ მთელი მსოფლიო აღავსო. საღვთო წერილი იქვე ასახელებს სვიმონ კეთროვანს და მის სახლს (მკ. 14.3; ლუკ. 7.36). მიმაჩნია, რომ კეთროვანი არის თავადი ამა ქვეყნისა, და რომ სვიმონი ჰქვია მას, ამ კეთროვანს, ვისი სახლიც საამო სურნელებით აღივსო ქრისტეეს მოსვლისას, რაჟამს ცოდვილი ცოდვებს ინანიებდა და უცოდველი თავზე აფრქვევდა ნელსაცხებლის სურნელებას.

"ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი". როგორც ნელსაცხებელი დაღვრისას შორს განაფრქვევს სურნელებას, ისე განეფინა ქვეყნად ქრისტეს სახელი. მთელს დედამიწაზეა ქრისტე მოხმობილი, მთელს მსოფლიოშია ჩემი უფალი გამოცხადებული. "ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი". ახლაღა გაისმის მოსეს სახელი, აქამდე ვიწრო იუდეაში ჩაკეტილი. ბერძენთა შორის არავინ მას არ ასახელებს, და წარმართულ თხზულებებშიც არსად არაფერი არ გვხვდება მის ან სხვათა შესახებ დაწერილი. ხოლო, როცა იესო გაბრწყინდა ქვეყანააზე, მაშინვე გამოიყვანა სიბნელიდან სჯული და წინასწარმეტყველები, და, მართლაც ახდა წინასწარმეტყველური სიტყვა: "ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი".

 

ქალწულნი და მათი "სრბოლა"

6. "ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ" (ქებ. 1.3). რადგანაც "სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა" (რომ. 5.5), სათანადოდ არის გამოყენებული აქ სიტყვა "განფენილი": "ნელსაცხებელი წარმოცალიერებულ (ფრანგ. თარგ.-ში - "განფენილ") სახელი შენი" (ქებ. 1.3). ამის თქმისას სძალი დაინახავს ქალწულებს. ვიდრე სძალი თავის ლოცვებში მიმართავდა მამას და ახლოდან ებაასებოდა სიძეს, ქალწულები იქ არ ჩანდნენ. როცა ისინი შემოვიდნენ, მლოცველი სძალი ქებას ასხამდა მათ: "ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ, მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით" (ქებ. 1.3-4). რა მშვენიერია ეს სიტყვები გამოთქმული სძლის მხლებელთა მიერ, რომელთაც ჯერ არა აქვთ სძლის რწმუნება; სძალი სიძეს უკან არ მოსდევს, იგი მიიმართება მის გვერდში ამომდგარი; მას უჭირავს სიძის მარჯვენა ხელი და სიძესაც მარჯვენაში უჭირავს მისი ხელი; მსახურები კი მას უკან მიჰყვებიან: "სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხჳ. ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისა. რჩეულ არს მშობლისა თჳსისა" (ქებ. 6.7-8). "შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით" (ქებ. 1.4). სატრფოთა მიმართ სათანადო კრძალულებით გამოთქმული "შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით", ეპასხუება სიტყვებს "სრბაჲ აღმისრულებიეს" (2 ტიმ. 4.7) და ამ სიტყვებსაც: "რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი?" (1 კორ. 9.24). (ნიჭი - ქრისტეა).

 

მეფის საუნჯე

ქალწულები, რომელთა შესახებაც ვიცით, რომ გარეთ დგანან, რადგანაც მათი სიყვარული ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაშია, იქცევიან "სიძის მეგობრის" დარად: "ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა" (იოანე 3.29). ისინი თანახმა არიან ასეთ მდგომარეობაზე: სიძის შემოსვლისას გარეთ რჩებიან. ხოლო სძალი "მშვენიერი, სრული, უმწიკვლო და უნაოჭო" (შდრ. ეფ. 5.2), შედის სიძის საუნჯეში, მის სამეუფო სამკვიდრებელში, იქიდან გამოსული კი კვლავ უერთდება ქალწულებს, რომ აცნობოს მათ რისი თვითმხილველიც გამხდარა, და ამბობს: "შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა" (ქებ. 1.4). იგი არ ამბობს: "ბევრნი შეგვიყვანა ჩვენ თავის საუნჯეში"; სიმრავლე გარეთ რჩება, ხოლო სძალი სულ მარტო შეჰყავთ ღვთიურ სამკვიდრებელში "საიდუმლო და დაფარულ საუნჯეთა" (შდრ. ეს. 45.3) სახილველად, რათა შემდეგ განუცხადოს თავის თანმხლებ მეგობრებს: "შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა". ქალწულები, ე.ი. მრავალრიცხოვანი კრებული იმათი, ვინც სძლად გახდომას იწყებს, ვიდრე სძალი სიძის სახლშია შესული და ჭვრეტს იქ მეუღლის სიმდიდრეებს, მისი დაბრუნების მოლოდინში მხიარულად გალობენ: "ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი"" (ქებ. 1.4). ისინი "ხარობენ" სძლის სრულყოფით, რადგან სათნოებამ შური არ იცის. ეს სიყვარული წმინდაა და უზადო. "ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი. ვადიდებთ შენ სიყვარულს"3 (ქებ. 1.4). ის ვინც დაწინაურებულია, უკვე ხარობს "შენი სიყვარულის" რძით და სიხარულით აღვსილი აცხადებს: "შენი სიყვარული ღვინოზე უკეთესია"; სხვები კი მხიარულებას და სიხარულს მომავლისთვის ინახავენ (რაკი ისინი ჯერ კიდევ ქალწულები არიან), თავიანთ სიყვარულს განარჩევენ სძლის სიყვარულისაგან და ამბობენ: "ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი" (ქებ. 1.4). "შევიყვარნეთ" - არა "გვიყვარს", არამედ "შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა". შემდეგ ისინი მიმართავენ სიძეს: "სიწრფოებამან შეგიყვარა შენ" (ქება. 1.4). ქალწულები სძალს არქმევენ "სიწრფოებას" მისი ამაღლებული ბუნების გამო და ამგვარად ასხამენ ხოტბას: "სიწრფოებამან შეგიყვარა შენ".

 

სძლის ფერი - მისი სულზე მისადაგება

7. შემდეგ ისევ სძალი მიმართავს ქალწულებს: "შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო" (ქება. 1.5). აქედან ვიგებთ, რომ ეს ასულნი "იერუსალიმისანი" არიან. "შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო", ვითარცა საყოფელნი კედარისანი,დ ა ვითარცა კარავი სოლომონისი. ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს - მყო მე მზემან" იგი ჭეშმარიტად "შვენიერია" და ადვილად შემიძლია მივხვდე, რატომ არის იგი მშვენიერი. მაგრამ გასარკვევია, როგორ არის იგი მშვენიერი, მაშინ, როცა იგი შავია და სითეთრეს სრულიად მოკლებული. საქმე იმაშია, რომ მან ცოდვები მოინანია და მოქცევამ სილამაზე მიჰგვარა. ამიტომ უწოდებს საგალობელი მას "შვენიერს". მაგრამ, რადგანაც ჯერ მთლიანად არ არის ცოდვათა მწიკვლისგან განწმედილი და ჯერ არ განბანილა ხსნის მომნიჭებელი განბანვით, ამიტომ მოიხსენიება, როგორც "შავი", თუმცა ეს შავი ფერი მწუხარებას აღარ გვრის: იგი ხომ სპეტაკდება. ამიტომაც არის მასზე ნათქვამი, როცა იგი ადგება, რომ უფრო მაღლა ავიდეს, რომ დაბალი სინამდვილიდან უფრო მაღალი სინამდვილისკენ წარიმართოს: "ვინ არის, თეთრადმოსილი რომ ამოდის?" (ქებ. 8.5). იმისათვის, რომ უფრო თვალნათლივ გაიხსნას საიდუმლო, უნდა წავიკითხოთ არა ისე, როგორც ხელნაწერთა უმეტესობაში წერია: "სიყვარულზე დაყრდნობილი", ანუ - "epistenizomene", არამედ - "epistethizomene epi tosthetos", ე.ი. "მის მკერდს მიყრდნობილი". ნიშანდობლივად არის სძალი - სულისა და სიძე - სიტყვის შესახებ ნათქვამი: "მის მკერდს მიყრდნობილი", რადგანაც სწორედ მკერდია გულის - წარმმართველი საწყისის საუფლო. ხორციელებიდან დაშორებით გემო უნდა გავუგოთ სულიერებას და გულისხმავჰყოთ, რომ გაცილებით უკეთესია ამგვარად გვიყვარდეს, ვიდრე შევწყვიტოთ სიყვარული. მაშასადამე, სძალი "ადის" "ძმისწულის მკერდზე მიყრდნობილი", და მას, ვინც ქების დასაწყისში წარმოდგენილია როგორც "შავი", ეპითალმა ბოლოს ასე უგალობებს: "ვინ არის, თეთრადმოსილი რომ ამოდის?" (ქება. 8.5)4.

გავიგეთ, როგორ არის სძალი "შავი" და, ამავე დროს, "შვენიერი". თუ სინანულს არ მიეცემი, გაფრთხილდი, რომ ორმაგი სიბილწით არ გაისვარო და შენი სული არ მოიხსენიონ, როგორც "შავი" და მახინჯი: "შავი" - ძველ ცოდვათა გამო, მახინჯი - იმავე ცოდვებში ჩარჩენის გამო. თუ ცოდვებს მოინანიებ, შენი სული "შავი" კი იქნება ჩადენილ შეცოდბათა მიზეზით, მაგრამ მონანიების ძალით იგი შეიძენს, ასე ვთქვათ, ეთიოპიელის ერთგვარ სიმშვენიერეს. რაკი ეთიოპიელი ვახსენე, მინდა ამასთან მიმართებაში საღვთო წერილი დავიმოწმო: "და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი ჰინდოჲ მოიყვანა" (რიცხ. 12.1). ხოლო ამჟამინდელი მოსე ეთიოპიელს ირთავს ცოლად, რადგანაც მისი სჯული გადმოგვეცა ჩვენ, რომელნიც ეთიოპიელნი ვართ. დე იბუზღუნოს აარონმა და ებრაელთა სამღვდელოებამ; დე, იბუზღუნოს მარიამმა და მისმა სინაგოგამ; მოსე მათ ბუზღუნს არად აგდებს, მას უყვარს თავისი ეთიოპიელი, რომლის შესახებაც ნათქვამია წინასწარმეტყველის პირით: "მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას" (ფს. 71.10) და კიდევ: "ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა" (ფს. 58.32). მშვენიერი გამოთქმაა "უსწროს". მართლაც, როგორც სახარებაში დედაკაცმა, "რომელიც იყო სისხლისა დინებასა ათ-ორმეტ წელ", განკურნება დაასწრო მთავრის ასულს (მათე 9.18), ასევე ეთიოპია განიკურნა უწინ ისრაელისა, რომელიც ჯერ კიდევ სნეულია. "მათითა მით შეცოდებითა ცხოვრება წარმართთა იქმნა საშურებლად მათდა" (რომ. 11.12).

"შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო" (ქება. 1.5). შენ, სულო, რომელი ეკლესიის ხარ, მიმართე იერუსალიმის ასულებს და უთხარი: "სიძე ჩემს მიმართ მეტ სიყვარულს ავლენს, მეტ სინაზეს, ვიდრე თქვენს მიმართ, იერუსალიმის ასულნო, რომელნი მრავალნი ხართ. თქვენ გარეთ რჩებით და ხედავთ, როგორ შედის სძალი საუნჯეში". (ნურავინ შეეჭვდება იმის მშვენიერებაში, ვისაც აქ შავს უწოდებენ. ვინ ვართ ჩვენ, რომ ვიცნობდეთ ღმერთს, რომ ვგალობდეთ ქებათა ქებას, რომ ეთიოპიის მიჯნებიდან, დედამიწის კიდეებიდან მოსულნი ვისმენდეთ ნამდვილი სოლომონის სიბრძნეს?).

 

საბას დედოფალი: კედარის საყოფელნი

როცა გაისმის მაცხოვრის ხმა, ძალმოსილებით რომ განაცხადებს: "დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა" (მათე 12.42), გულისხმაყავი ამ სიტყვათა საიდუმლო მნიშვნელობა. სამხრეთის დედოფალი, რომელიც "მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ", არის ეკლესია; "ნათესავი", რომელსაც დასჯის, არიან ებრაელები, ხორცსა და სისხლს რომ ემსახურებიან. სამხრეთის დედოფალი "მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა", არა ძველ აღთქმაში დასახლებულ სოლომონისა, არამედ იმისა, ვინც სახარებაში "უფროჲს სოლომონისა არს". "შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომინისი". ეს სიტყვები ეთანხმება სძლის მშვენიერებას: ებრაელები ამბობენ, რომ კედარი შეიძლება გადმოიცეს წყვდიადის მნიშვნელობით. "შავ ვარ, ვითარცა საყოფელნი კედარისანი", როგორც ეთიოპიელები, ე.ი. როგორც ეთიოპიელთა საყოფელნი. "შუენიერ ვარ, ვითარცა ფარდაგნი სოლომონისი"5, რომელიც მან სანაწილეს მოსართავად დაადებინა, რაჟამს ააგო ტაძარი რუდუნებით და შეუნელებელი მოღვაწეობის ფასად. მართლაც, სოლომონი მდიდარი კაცი იყო და სიბრძნის არცერთ სახეობაში არავინ მასზე არ აღმატებულა.

"შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი. ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ" (ქებ. 1.5-6). იგი შავი ფერისთვის მოიბოდიშებს, და, მონანიების გზით უკეთეს მდგომარეობას დაბრუნებულ იერუსალიმის ასულებს განუცხადებს, რომ "შავია", მაგრამ "მშვენიერი", ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული მნიშვნელობით,და იტყვის: "ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ". ნუ გაგაკვირვებთ, ამბობს იგი, ეს მუქი ფერი, "რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან", რომელმაც თავისი ელვარების მგზნებარებაში სავსე სხივთა ცეცხლოვანებით დამწვა და თავისი სიმხურვალით გამაშავა. სხივებმა დამკრეს არასათანადოდ, არა ისე, როგორც ამას ითხოვდა მზის ღირსება: "მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა" (რომ. 11.11), და სხვაგან: "ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ" (რომ. 11.31). მოციქულთან ორივე ნაწყვეტს შეხვდები.

 

დედის ძენი - ვენახის დაცვა

8. "ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე" (ქებ. 1.6). უნდა გავარკვიოთ, რა მნიშვნელობით ამბობს სძალი "ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე" და რა დროს მოხდა ძმათა ამხედრება მის წინააღმდეგ. გაითვალისწინე ეკლესიის მდევნელი პავლეს შემთხვევა და გაიგებ, როგორც შეებრძოლენ მას დედის ძენი (შდრ. 1 ტიმ. 1.13). ეკლესიის მდევნელებმა ცოდვები მოინანიეს და დის დროშის ქვეშ დაბრუნებულმა მისმა მოწინააღმდეგეებმა იქადაგეს სარწმუნოება, რომლის დანგრევასაც ადრე ლამობდნენ (შდრ. გალ. 1.23). ამჟამად ეკლესია წინასწარმეტყველურად გალობს: "ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ" (ქება 1.6) მე ეკლესია, მე სძალი, მე, "რომელი უმწიკვლო ვარ", დედაჩემის ძეთა, ცოტა ხნის წინ რომ მებრძოდნენ, დამიდგინეს რამდენიმე ვენახის "მცველად". ჩემს საპატრონო ვენახებზე დარდსა და მზრუნველობაში, "სავენახე ჩემი არა დავიცევ" (ქება 1.6). განავრცე ეს პავლეზე, გინდა ნებისმიერ წმინდანზე, რომელსაც გულში ედო ყველას ხსნა, და ნახავ, როგორ დაიცვეს მათ სხვათა ვენახები და არ დაიცვეს საკუთარი; ნახავ, კვლავ სხვათა მოსაგებად რა ზარალი განიცადა პავლემ ზოგიერთ სფეროში და რადგანაც ყველასგან თავისუფალი - ყველას დაემონა, რათა უმრავლესობა მოექცია, - სუსტთან იქცეოდა, როგორც სუსტი, ებრაელთან, როგორც ებრაელი, სჯულის ქვეშ მყოფთან, როგორც სჯულის ქვეშ მყოფი და ა.შ. (იხ. 1 კორ. 9.20-21), - მას შეეძლო ეთქვა: "სავენახე ჩემი არა დავიცევ".

 

სიძის გაქრობა

შემდეგ სძალი ცდილობს, თვალი მოავლოს სიძეს, მისი მზერის წინაშე წარდგომისთანავე რომ გაუჩინარებულა. ქებათა ქებაში ეს ხშირად ხდება და ამის გაგებას მხოლოდ ის შესძლებს, ვისაც ეს პირადად გამოუცდია. ღმერთია მოწამე, ხშირად მინახავს სიძე მოახლოებული და ჩემთან მყოფი რამდენადაც კი ეს შეიძლებოდა, მაგრამ მსწრაფლ მოწყვეტილა და ვეღარ მიპოვნია, რასაც ვეძებდი. კვლავ მიპყრობდა მისი ნახვის სურვილი. ზოგჯერ ბრუნდებოდა, ხოლო გამოცხადებისას, როს ხელს მოვავლებდი, კვლავ ქრებოდა, და ისევ დავეძებდი გამქრალს. სიძე ხშირად იქმს ამას, ვიდრე ხელს არ ჩასჭიდებ და "საყვარელს მიყრდნობილი" არ აუყვები აღსავალს.

 

შუადღის დასვენება

9. "მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის?" (ქება. 1.7). მე არ ვეძებ დღის სხვა მონაკვეთებს, რომ გავიგო როდის მწყემსავ - საღამოს, დილით თუ მზის ჩასვლისას; მე ვეძებ დღის ყველაზე ძლიერ დროს, როცა შუაგულ ნათელში ხარ შენი დიდების ბრწყინვალებით. მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, "სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის?" კარგად დააკვირდი იმ ადგილებს, სადაც ამოიკითხავ "შუადღეს". რაც შეეხება, იოსებს, მაგალითად, მისმა ძმებმა პური "შუადღეზე" ჭამეს; აბრაამმა "შუადღეზე" გაუწია მასპინძლობა ანგელოზებს. ამავე თანმიმდევრობას იცავს სხვა ნაწყვეტებიც. ეძებე და იპოვი, რომ საღვთო წერილი არც ერთ სიტყვას არ ხმარობს უსაფუძვლოდ, და არც შემთხვევით. შენის აზრით, ვინ არის ჩვენს შორის იმის ღირსი, რომ "შუადღეს" მიაღწიოს და იხილოს "შუადღეზე", სადა მწყემსავ და სად განისვენებს სიძე? "მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის". თუ არ მეტყვი, მივეცემი ხეტიალს და შენს ძებნაში წავაწყდები სხვა მწყემსთა ფარებს; სირცხვილით გავწითლდები, სხვები რომ დამინახავენ და დავიფარავ პირისახეს, რადგანაც მე "შვენიერი" პატარძალი ვარ და რიდეახდილი მხოლოდ შენ გეჩვენები, შენ, ახლახან რომ მოგეხვიე. "მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა?" (ქება 1.7). რომ ამარიდო ეს განსაცდელი, რომ არ ვიქმნე მე, "ვითარცა ვინ გარემოიცვან კოლტსა სხჳსასა", რომ არ ავიფარო პირისახე სხვათა შემხედვარემ, რომ არ შევიყვარო ისინიც, ვისაც არ ვიცნობ, რომ ამაცდინო ეს ყოველივე - "მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის", "ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცვან კოლტსა სხჳსასა".

 

გაფრთხილება ღალატის საფრთხის წინააღმდეგ

10. ამის საპასუხოდ სიძე ემუქრება და ეუბნება მას: "ან შეიცანი თავი", რადგან მეფის პატარძალი ხარ, მომხიბლავი, თავად მე რომ გავამშვენიერე, რაკი ჩემს თავს განვუმზადე "დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა" (ეფეს. 5.27), ან, თუ თავს არ შეიცნობ და უგულებელსყოფ შენს ღირსებას, იცოდე, რომ მოგიწევს სასჯელის გადატანა, რომელიც ამას თანსდევს. რა არის ეს სასჯელი? "უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ", არა ცხვართა და ბატკანთა ფარა, არამედ  "თიკანნი შენნი" (ქება 1.8). მართლაც, "დაადგინეს ცხოვარნი მარჯუენით მისსა, და თიკანნი მარცხენით" (მათე 25.33). "უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა" (ქება. 1.8). მწყემსთა მიდევნით, ნათქვამია, უკანასკნელი გახდები, უკანასკნელი, არა ცხვრებს შორის, არამედ თიკანთა შორის: მათთან მყოფი ვერ იქნები ჩემთან, ე.ი. "კეთილ მწყემსთან" (შდრ. იოანე 10.14).

 

ფარაონის ეტლები

11. "ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ" (ქება 1.9). თუ გინდა გაიგო, ო, ღვთიურო სძალო, როგორ უნდა შეიცნო თავი, გულისხმაჰყავ, თუ რას შეგადარე; მიხვდები მაშინ, როცა შეიგნებ შენს სილამაზეს, რომ მშვენიერი ხარ და რომ არ უნდა წაიბილწო თავი. რას ნიშნავს: "ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ"? ვიცი, რომ სიძე მხედარია, რაკი წინასწარმეტყველი ამბობს: "ცხენიანობაჲ ჩემი მაცხოვარება" (ამბ. 3.8). ამგვარად, შედარებული ხარ "ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა". როგორც ჩემი მხედრობა - მხედრობა უფლისა, რომელმაც ზღვაში დავნთქე ფარაონი და მისი ძალები, მისი მხედრები, მისი ცხენები და მისი ეტლები (იხ. გამოსვლ. 15.4) - აღემატება ფარაონის მხედრობას, ასევე უმჯობესი ხარ ყველა ასულზე, შენ, ღვთიურო სძალო; უმჯობესი ხარ ყველა სულზე, რომელიც არ ეკუთვნის ეკლესიას, შენ სულო, რომელიც ეკლესიის ხარ. ამგვარად, თუ ხარ სული, რომელიც ეკლესიისაა, საუკეთესო ხარ ყველა სულთა შორის; თუ არა ხარ საუკეთესო, მაშ არა ხარ ეკლესიის. "ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო".

 

სძლის აღწერილობა

შემდეგ სიძე სულიერი სიყვარულის ჰანგებზე აღწერს სძლის სიმშვენიერეს. "რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი" (ქება 1.10). ის ხოტბას ასხამს მის სახეს, და ეგზნება მის ღაწვთა ფერის ხილვისას. ამბობენ, რომ ღაწვებზე იფურჩქნება და ვლინდება ყველაზე მეტად ქალის სილამაზე. ამიტომ, ღაწვებში ვიგულისხმოთ სულის სილამაზე. რაც შეეხება ბაგეებსა და ენას, ისინი მივიჩნიოთ, როგორც გონების განმასახიერებელნი. "ყელი შენი, ვითარცა მძივი ასხმული" (ქება 1.10). ქალიშვილთა ყელზე შებმულ სამკაულს, ჩვეულებრივ, უწოდებენ "hormiskos", ამ სამკაულის გარეშეც, შენი ყელი თავად ასხმული მძივია.

 

სიძის დასვენება

ამის შემდეგ სიძე ისვენებს. "განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან", რათა გაიგონოს თავისი მისამართით ნათქვამი: "ვინ აღადგინოს იგი" (რიცხვ. 24.9). მისი ძილის დროს სძალს ეცხადებიან სიძის თანმხლები ანგელოზები და ამ სიტყვებით ანუგეშებენ მას: "ჩვენ არ შეგვიძლია ოქროს სამკაულების დამზადება, არა ვართ ისეთი მდიდრები, რომ სიძის მსგავსად მოგართვათ ოქროს ყელსაბამი; ჩვენ ყალბ ოქროს დაგიმზადებთ, რაკი ოქრო არა გვაქვს. გიხაროდეს, თუკი "ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა" (ქება 1.11). მაშ, დაგიზმადებთ ყალბ ოქროს ვერცხლის მოხატულობებით, არა სამარადისოდ, არამედ სიძის აღდგომამდე თავის განსასვენებლად. ადგება თუ არა, დაგიმზადებს ოქროსაც, ვერცხლსაც, თვითვე შეგიმკობს სულსა და გონებას და ჭეშმარიტად მდიდარი იქნები, სრულყოფილო სძალო, სამეუფო სამკვიდრებელში სიძისა, რომელსა ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

-----------------------------------------------------

1 - მოგვყავს ამ მუხლის ფრანგულ თარგმანში მოცემული ვარიანტი.

2 - იხ. მცხეთური ხელნაწერი, 1985, გვ. 27. ვარ. A-65.

3 - ეს უკანასკნელი ფრაზა ძველ ქართულ თარგმანში არ ფიგურირებს (მთარგმ.).

4 - მოგვყავს ფრანგულ თარგმანში მოცემული ორიგენესეული ვარიანტი. ძველ ქართულ თარგმანშია: "ვინ არს აღმომავალი უდაბნოჲ?"

5 - მოგვყავს ფრანგულ თარგმანში მოცემული ვარიანტი, სადაც სიტყვა "კარავს" ცვლის "ფარდაგი".

 

მეორე ქადაგება

იმ ადგილიდან, სადაც წერია: "ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი", იმ ადგილამდე, სადაც ნათქვამია: "ტკბილ არს ხმა შენი და პირი შენი შუენიერ".

 

ორი სიყვარული

1. სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა ყველას სასიკეთოდ შექმნა სულის მოძრაობები; მაგრამ ჩვენს მიერ მათი ბოროტი გამოყენებით ხშირად ხდება, რომ ბუნებით კეთილ მოვლენებს ცოდვამდე მივყავართ. სულის ერთ-ერთი მოძრაობათაგანია სიყვარული; მას კეთილად ვიყენებთ, როცა გვიყვარს სიბრძნე და ჭეშმარიტება; მაგრამ, როცა ჩვენი სიყვარული ეცემა და ნაკლებად კეთილი მოვლენებისაკენ წარიმართება, მაშინ ჩვენ გვიყვარს ხორცი და სისხლი. შენ, როგორც "სულიერმა" (1 კორ. 3.1), გულისხმაყავ, რომ ეს სატრფიალო სიტყვები სულიერი მნიშვნელობით არის ნაგალობები და ისწავლე შენი სულის მოძრაობისა და ბუნებრივი სიყვარულის წარმართვა საუკეთესოსკენ ამ სიტყვებისამებრ: "ეტრფიალე მას (სიბრძნეს) და დაგიცავს შენ. გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ" (იგავ. 4.6-8).

"ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი" (ეფ. 5.25) - თქვა მოციქულმა, მაგრამ იგი ამ თქმაზე არ შეჩერებულა, რადგანაც იცოდა, რომ არსებობს ქმრის ურიგო სიყვარული საკუთარი ცოლის მიმართ და არსებობს ღვთის მოსაწონი სიყვარული. ხოლო, ქმრებს რომ ასწავლოს, როგორ უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, მან დაუმატა: "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ". ეს ყოველივე გამოვთქვით როგორც შემდგომში წარმოჩინებულის წინასიტყვაობა.

 

ვერცხლის მოხატულობები, ნარდიონი და (ქრისტეს) ვნების იკონომია1

2. როცა სიძის მეგობრები, "ვიდრე მეფე იმყოფებოდა თავის განსასვენებელში"2 (ქებ. 1.11) - ხოლო განსვენებისას მან დაიძინა "ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან" (რიცხვ. 24.9) - სძალს შეპირდნენ მის ადგომამდე ვერცხლით მოხატული ყალბი ოქროს დამზადებას, რაკი მათ, სიძისაგან განსხვავებით, ოქრო არ მოეპოვებათ, ამით თავისებურად, დაფარული სახით გამოცხადდა სიძის ვნება. ამაზე სძალი სათანადო პასუხს იძლევა. იგი გრძნობს, რომ სიტყვები: "დაგიმზადებთ ყალბ ოქროს ვერცხლის მოხატულობებით, ვიდრე მეფე თავის განსასვენებელში იმყოფება", მიანიშნებს ვნების იკონომიაზე და პასუხობს: "ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი. შეკრული შტახსი - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ" (ქება. 1.12-13). როგორ შევუთანხმოთ წინა ფრაზა: "ვიდრე მეფე იმყოფება თავის განსასვენებელში", მომდევნოს: "ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელება თჳსი"?

სახარება ლაპარაკობს ვინმე ქალის გამოჩენაზე, "რომელსა აქუნდა ალა-ბასტრნი ნელსაცხებელისა მრავალ სასყიდლისა" (მათე 26.7). აქ საქმე ეხება არა ცოდვილს, არამედ წმინდანს. ვიცი, რომ ლუკა ცოდვილზე ლაპარაკობს, ხოლო მათე, იოანე და მარკოზი ცოდვილზე არ ლაპარაკობენ. მაშ, მოვიდა არა ცოდვილი, არამედ წმინდანი - მისი სახელი, მარიამი, აღნიშნა კიდეც იოანემ (იოანე 12.2) - "რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ სასყიდლისა და დაასხა თავსა მისსა (იესოს)". ამ ქცევამ გამოიწვია მოციქულთა შორის მხოლოდ იუდას აღშფოთება, რომელმაც თქვა: "რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა" (მათე 26.11-13). ის, ვინც აქ ამბობს: "ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი", მოასწავებს მარიამს, უფალს თავზე ნელსაცხებელი რომ გადაასხა. შენც აიღე ნარდიონი, უფლის თავს გადააფრქვიე საამოდ სურნელოვანი ისე, რომ შენც შეძლო ამ სიტყვების თამამად თქმა: "ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი", და საპასუხოდ გაგონება განაცხადისა: "სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა", შენი ქცევაც ეუწყება რა ყველა ერს. მაგრამ, როდის აასრულებ ამას? შენი ქველმოქმედებანი ნარდიონად იქცევა, როდესაც მოციქულთა მსგავსი გახდები და შეძლებ (მასთან ერთად) თქვა: "ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის" (2 კორ. 2.15). ხოლო თუ შესცოდებ, შენი ცოდვები საშინელ სუნს აუშვებენ. მართლაც, მონანიე ამბობს: "შეჰყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა" (ფს. 37.5). სულის განზრახვა არ ყოფილა იმ ნარდიონზე ლაპარაკი - და, არც მახარებელი ლაპარაკობს იმ ნელსაცხებელზე, რომლის დანახვა თვალით შეიძლება, არამედ აქ ნაგულისხმევია ის სულიერი ნარდიონი, რომელიც საკუთარ სურნელებას გამოსცემს.

 

შეკრული შტახსი

3. "შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა" (ქება 1.13). "შტახს"-ს უწოდებენ აგრეთვე "წვეთს" ან "ცრემლს". გამოსვლათაში ვკითხულობთ, რომ ერთი წვეთი მურით, შტახსით, კასიაით და გუნდრუკით ღვთის ბრძანებით "დასაწვავი ნელსაცხებელი" (შდრ. გამოსვ. 30.34), სამღვდელო ზეთი დაამზადეს. თუ ჩემი მხსნელის მიწიერ ან დაბალ მოვლენებამდე ჩამოსვლას იხილავ, ნახავ ყოვლად აღმატებული ძლიერებიდან და ღვთიური დიდებულებიდან ჩვენსკენ პატარა "წვეთი" როგორ წარმოდინდება. ამ წვეთს წინასწარმეტყველმაც უგალობა, როცა თქვა: "და იყო ქუეყანისაგან წვეთი ერისა ამის. შეკრებული შეკრბეს იაკობ" (მი. 2.11,22). როგორც სხვა წარმოდგენით, "მთიდან ხელშეუხებლად მომწყდარი ლოდი" ხატოვნად მოასწავებდა მხსნელის ხორცში მოვლინებას, - ქვეყნად ჩამოვიდა არა მთლიანად მთა, რაკი მას ადამიანური ბუნება მთლიანობაში ვერ დაიტევდა, არამედ მთის მხოლოდ ერთი ლოდი, "ლოდი დაბრკოლებისა", "კლდე საცთურებისა" (ფს. 1118.22; ეს. 14,13,2,7) - ასევე შეიძლება "წვეთი" სხვა მნიშვნელობით გავიაზროთ. მართლაც, რამდენადაც ყველა ერი არის "ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან" (ეს. 40.1), იგი, ვინც ყველას სახსნელად ყველასათვის ყველაფერი გახდა, ერთა განთავისუფლებისათვის აგრეთვე "წვეთი" უნდა გამხდარიყო. რა აღარ გახდა ჩვენი ხსნისათვის, რად ვღირვართ ჩვენ, მან კი ჩვენთვის "თავი თვისი დაიმდაბლა, და ხატი მონია მიიღო" (ფილ. 2.7); ჩვენ "უგუნური ერი" (შდრ. 2 სჯ. 32.6) ვართ: იგი გახდა "ქადაგება მის სისულელისა" (1 კორ. 1.32), ხოლო "სულელი იგი ღმრთისა უბრძნეს კაცთა არს" (1 კორ. 1.25). რაკი "ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა" (ეს. 40.15), იგი გახდა წვეთი, რათა ჩვენ სამოსელთაგან "წვეთის" სურნელება მის მიერ ფრქვეულიყო სიტყვებისამებრ: "მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა" (ფს. 44.9-10); 44-ე ფსალმუნის ეს სიტყვები სძლისადმი მიმართული სიტყვებია.

"შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა" (სხვა ვერსიით "დისწული" (ქებ. 1.13). განვიხილოთ, რას ნიშნავს სიტყვა "დისწული", რომელსაც ეკლესია ხმარობს. ეკლესია, - ეს ჩვენ ვართ, რომელნიც წარმართთაგან შემოვიკრიბეთ. ჩვენი მხსნელი არის წარმართთა "დის" სინაგოგის ძე: ეკლესია და სინაგოგა ხომ დები არიან. მაშასადამე, ჩვენი მხსნელი, როგორც ვთქვით, ეკლესიის დის - სინაგოგის წული და ეკლესიის მეუღლე, ეკლესიის სიძე ამასთანავე თავისი მეუღლის "დისწულია".

 

სძლის ძუძუნი

"შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ" (ქებ. 1.13). ნუთუ, არის ვინმე ისეთი ნეტარი, ღვთის სიტყვა რომ ჰყავს სტუმრად ძუძუებს შორის მკერდში, ისეთ უმთავრეს ნაწილში, როგორიცაა გული? ამას კი გულისხმობს ქების სიტყვები: "შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ". "თუ შენი ძუძუები არ არიან ჩამოყრილნი" (შდრ. ეზ. 23.3), მათ შორის ღვთიური სიტყვა დამკვიდრდება. საქორწინო ქებისათვის უფრო შესაფერისია ძუძუებზე ლაპარაკი, ვიდრე მკერდზე. ნათელია ის მიზეზები, რისთვისაც ამ სიტყვების ასახსნელად: "განისუენენ შენ ძუძუთა შორის" ვთქვი: "თუ შენი ძუძუები არ არიან ჩამოყრილნი, ღვთის სიტყვა განისუენებს შენ ძუძუთა შორის"; გასაგებია, აქ რისთვის მოვიხმე ეზეკიელი და ვთქვი: "თუ შენი ძუძუები არ არიან ჩამოყრილნი". მართლაც იმ ადგილზე, სადაც უფლის ხმით იერუსალიმია გაკიცხული, მისი მისამართით ეს სიტყვებიცაა ნათქვამი: "მუნ (ეგვიპტეში) დაითხინეს ძუძუნი მათნი". უბიწო ქალებს ძუძუები არ უდუნდებათ, ხოლო მეძავებს მოშვებული კანის გამო დავარდნილი ძუძუები აქვთ. უმწიკვლო ქალთა ძუძუები მკვრივია და სავსე ქალწულებრივი უმანკოებით. სიძის სიტყვებს ეს უკანასკნელნი იღებენ და ამბობენ: "იგი დამკვიდრდება ჩემს ძუძუთა შორის".

 

ტროენის ვაშლი და ენგადის ვენახები

"ტროენის მტევანი - აი, რა არის ჩემთვის ჩემი ძმისწული"3 (ქება 1.14). აქ იწყება დიალოგი და, იმავდროულად, - ყვავილობის დასაწყისიც; დასაწყისია სიტყვაში "ყვავილობის". ხომ ნათქვამია კიდეც: "ტროენის (ე.ი. ყვავილობის) მტევანი - აი, რა არის ჩემთვის ჩემი ძმისწული". მაგრამ იგი ტროენის ყვავილია არა ყველასათვის, არამედ მხოლოდ იმათთვის, ვინც მისი ყვავილების ღირსნი არიან. სხვებისთვის სხვა მტევნებია. ხოლო იმ ერთადერთს, რომელიც "შავია და ლამაზი", იგი ეჩვენება ყვავილის სიმშვენიერეში. "ტროენის მტევანი - აი, რა არის ჩემი ძმისწული". იგი არ ამბობს მხოლოდ "ტროენის მტევანი - აი რა არის ჩემი ძმისწული", არამედ თან დაურთავს "ჩემთვის", რათა გვაუწყოს, რომ ის ყველასათვის არ არის "ტროენის მტევანი".

მაგრამ ვნახოთ, რომელ მხარეშია სძლის ეს "მტევანი". ის "ენგადის ვენახებშია", ხოლო ენგადი "განსაცდელის თვალს" ნიშნავს. სწორედ ამ "განსაცდელის თვალის ვენახებშია" "ჩემი ძმისწული ჩემთვის ტროენის მტევანი". "განსაცდელის თვალი" წუთისეფელშია. რაკი წუთისოფელი განსაცდელია, რომელსაც გავდივართ: "განსაცდელი ცხოვრება კაცისა ქუეყანასა ზედა" (იობი 7.1). ვიდრე ჩვენ ამ ქვეყნის ნათელში ვცხოვრობთ, ენგადის ვენახებში ვართ, ხოლო თუ შემდეგ ღირსნი გავხდებით გადანერგვისა, გადავინერგებით ჩვენი "მოქმედის" (ი. 15.1) ჩარევის შედეგად. ნუ შეეჭვდები შენი გადანერგვის შესაძლებლობაში ენგადის ვენახებიდან უკეთეს ადგილებში. "მოქმედმა" დიდი გამოცდილება შეიძინა თავისი ვენახის გადანერგვის ხელოვნებაში. "ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი იგი. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და აღავსო ქუეყანა. დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი" (ფს. 79.9-11).

ზემოთ რაც წარმოვადგინეთ, სძლის მიერ იყო ნათქვამი სიძის მიმართ, რომელსაც სურს აღნიშნოს, როგორია მისი სიყვარული, თავისკენ მომავალ სიძეს როგორ შეეგებება და მოსული სიძე მის ძუძუთა შორის და მისი გულის იდუმალ ზარდახშაში როგორ დამკვიდრდება.

 

სიძე - სძლის მშვენიერების წყარო

4. სიძე კვლავ სძალს მიმართავს: "აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ" (ქება 1.15). სძალი კი გულისსათქმულეს ამგვარად გამოხატავს: "აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ" (ქება 1.16). იგი არ ამბობს: "მახლობელო ჩემო"; ხოლო, როცა სიძე ეუბნება "შუენიერ ხარ", თან ამატებს: "მახლობელო ჩემო". სძალი რატომ წარმოსთქვამს მხოლოდ "შუენიერ ხარ" და არა "შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო?" და რატომ ამბობს სიძე არა მხოლოდ ამ სიტყვებს: "შუენიერ ხარ", არამედ - "შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო?" სიძისგან შორს მყოფი სძალი არ არის მშვენიერი. მაგრამ იგი მშვენიერდება, როცა ღვთის სიტყვას ერწყმის. ჯეროვნად ასწავლის სიძე მასთან სიახლოვეში ყოფნას და მის გვერდით დარჩენას. "აჰა ეგერა შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა ეგერა შუენიერ ხარ". შენ იწყებ გალამაზებას, როცა მიახლოვდები; ხოლო გალამაზების დაწყების მერე, "ჩემო მახლობელოს" დართვის გარეშეც სრულიად ლამაზდები. "აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ".

 

თვალები და მტრედები: სულიერი ხედვის მნიშვნელობა

ვნახოთ "მშვენიერის" სხვა ქებაც, რათა ჩვენც "სძლად" გახდომის სურვილით დავიწვათ. "თუალნი შენნი ტრედ არიან". ვინც "ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას" და "იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (მათე 5.28), მას არა აქვს მტრედის თვალები, ის "უბედური" შედის ძმის სახლში, რადგანაც იგავთა წიგნში ნაბრძანებს არ იცავს (იხ. იგ. 27.10), მაგრამ ვისაც მტრედის თვალები აქვს, იმას წრფელი ხედვა აქვს და შეწყნარებას იმსახურებს, რადგანაც "იხილონ წრფელთა და იხარებენ" (ფს. 106.42). და, განა ვისი ხედვაა წრფელი, თუ არა იმისი, ვინც უმანკო მზერით და წმიდა თვალებით იყურება? აქ გამოთქმულში მხოლოდ ხორციელ თვალებს ნუ იგულისხმებ, თუმცა არც ეს გაგებაა უსარგებლო, არამედ შენი სხეულის შიგნით შეიჭერი, სულით ეძებე ის სხვა თვალები, რომლებიც ღვთის მცნებებით ნათლდებიან - მართლაც, "მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა" (ფს. 18.8), ეძებე და თან თავს ძალა დაატანე, ეცადე, წმიდად გაიგო ის რაც ითქვა, ეცადე, რაკი "თვალნი შენნი ტრედ არიან", ყური დაუგდო იმას, რაც მსგავსია "მტრედის სახით გარდამომავალი სულისა" (მათე 3.16). თუ სჯულს სულიერად გაიგებ, თუალნი შენნი ტრედ არიან". თუ გაიგებ სახარებას, როგორც უნდა იყოს სახარება გაგებული და გამოცხადებული, დაინახავ, რომ იესო მხოლოდ იმ დროს კი არ "განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა" (მათე 4.23), როცა იგი ხორცის მიხედვით მკურნალობდა, არამედ იგი დღესაც კურნავს; დაინახავ მეთქი, რომ იგი მარტო იმ ეპოქის ადამიანებთან კი არ ჩამოვიდა, არამედ დღესაც ჩამოდის და ჩვენთან მყოფია, რადგანაც: "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ამინ" (მათე 28.20).

 

დაჩრდილული სარეცელი

"აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან" (ქებ. 1.15). ამ ქებათა გამგონე სძალი ქებითვე პასუხობს, მაგრამ არა უსაფუძვლოდ, არა ისე, რომ სიძეს მიაწეროს, რაც მას არა აქვს; სძალი იგებს და ჭვრეტს მის მშვენიერებას და ამბობს: "აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩუენსა ზედა საგრილი" (ქებ. 1.16). მე ვეძებ "სარეცელს", სადაც სიძე სძალთან ერთად განსვენებას შეძლებდა: ეს უნდა იყოს ადამიანის სხეული, თუ კი არ ვტყუვდები და თუ მართალია, რომ სახარების "განრღუეული" "ცხედარსა ზედა მდებარე", რომელმაც უფლის ხმით მიიღო ბრძანება, "სახლში წასულიყო და თან წაეღო თავის სარეცელი" (შდრ. მათე 9.2-6), განკურნებამდე იწვა თავის საკუთარ დაუძლურებულ სხეულზე, რომელიც შემდეგ ღვთის ძალით განმტკიცდა. მე ამგვარად მესმის სიტყვები: "აღიღე ცხედარი შენი, და წარვედ სახიდ შენდა"; ღვთის ძე ზეციდან ქვეყნად იმისთვის ხომ არ მოვლენილა, რათა სარეცლებთან დაკავშირებით ბრძანებები გაეცა ანდა სარეცლის ტარება აეძულებინა სნეულებიდან ახლად ამდგარისათვის ამის თქმით: "აღიღე ცხედარი შენი, და წარვედ სახიდ შენდა". ხოლო შენ, მაცხოვრის მიერ განკურნებულო, "აღიღე ცხედარი შენი, და წარვედ სახიდ შენდა", და როცა სიძე მოვა შენამდე, რომელიც სძალი ხარ, და შენთან ერთად განისვენებს, შენ ეტყვი მას: "აჰა ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩვენსა ზედა საგრილი. აჰა ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო". იგი "შუენიერია", "დაჩრდილულია"; მართლაც, "მზემან დღისი შენ არ დაგწუას, არცა მთოვარემან ღამე" (ფს. 102.6).

 

კედარის მორები

5. "მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი" (ქება 1.17). ამ სიტყვებს რამდენიმე ერთად გამოთქვამს, ჩემის აზრით, ის ყმაწვილები, რომლებიც სიძესთან ერთად არიან, და რომელთა საკითხს ზემოთ შევეხეთ. "მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი"; აკი ნაწინასწარმეტყველებია: "ტჳვისა წილ აღმოსცენდეს კჳპაროზი და ღჳვისა წილ მურტი" (ეს. 55.13). თუ ამ ხეების ბუნებას მოიძიებ, ნახავ, რომ ნაძვი (კედარი - ფრანგ. თარგ.-ში) უხრწნელია, ხოლო სარო - საოცრად სასიამოვნო სურნელების გამომცემელი. მოუხმე ძალებს და ეცადე შენი სახლი ისეთი ჭერით გააწყო, რომ შენზეც ვრცელდებოდეს ნათქვამი: "მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი" (ქება 1.17).

 

შროშანი და მისი სურნელება

6. ამის შემდეგ სიძე აცხადებს: "მე - ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ" (ქება 2.1). იგი ღელეში ჩამოდის ჩემთვის, ღელეში მყოფისთვის, და "ცხოვრების ხე", რომელიც "არის სამოთხესა ღმთისასა" (გამოცხ. 2.7) ჩემს გამო ხდება "შროშანი ღელეთა"; იგი ხდება მთელი ველის, ე.ი. მთელი ქვეყნიერების, მთელი მსოფლიოს "ყვავილი". მართლაც, რა შეიძლება ქრისტეს სახელზე, სამყაროს "ყუავილზე" უკეთესი? მისი სახელი ნელსაცხებელ წარმოცალიერებულ" (შდრ. ქება 1.3) ამ აზრს გამოხატავს, ოღონდ სხვა სიტყვებით, სიძის ნათქვამით თავისთავზე: "მე - ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ"; ამის შემდეგ სძალს აქებს და ამბობს: "და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის ასულთა" (ქება 2.2). როგორც შროშანს ვერ შევადარებთ ეკლებს, რომელთა შორისაც იზრდება იგი ხშირად, ისე "მახლობელ ჩემი" აღემატება ყველა ასულს და არის "შროშანი შორის ეკალთა". ამის გამგონე სძალი სიძეს ქებას უბრუნებს და მასში სულ სხვაგვარი სინაზის შემგრძნობი ხოტბად იღვრება.

 

ვაშლი და მისი გემო

ნელსაცხებლის სურნელებას, საამოდ რომ იფრქვევა და ხიბლავს ყნოსვას, თავის ბუნებინდა გამომდინარე, არ შეუძლია, სიამოვნება მოჰგვაროს პირის გემოს, მაგრამ, არსებობს როგორც სურნელოვანებით, ისე გემოთი საუცხოო რამ, რომელიც თავის სიტკბოებით სასას აამებს და სურნელოვანებით ჰაერს საამოდ აზავებს: ეს არის ვაშლი, თავისი ბუნებით ორივე თვისების მატარებელი. ამიტომ ამბობს სძალი, რომელსაც სურს სიძის სიტყვის სურნელოვანებაც შეაქოს და გემოც: " ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა" (ქება 2.3). ყველა მერქნისებრი, ყველა ხე უნაყოფო ტყეა ღვთის სიტყვასთან შედარებით. რაც არ უნდა დაასახელო, ქრისტესთან შედარებით ყველაფერი "ტყიანი მხარეა", ყველაფერი მწირია. მის გვერდით რა შეიძლება შეირაცხოს ნაყოფის მწარმოებლად? თვით ნაყოფთა სიუხვით ტოტებდაზნექილი ხეები მოვლენილ სიტყვასთან შედარებისას უნაყოფობას აცხადებენ. ამიტომაც " ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა" და არა - "გული მითქვამს", აგრეთვე - "დავჯედ" და არა "ვჯდები". დასაწყისიდანვე რომც ვერ შევძლოთ მასთან ნამდვილი საუბრის გაბმა, პირველი შეხებისთანავე საშუალება გვეძლევა, მისი დიდების, ასე ვთქვათ "აჩრდილით" ვისარგებლოთ - აქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველებთან ვკითხულობთ: "სული პირისა ჩუენისა ქრისტე უფალი... აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის" (გოდ. 4.20) - და ერთი აჩრდილიდან გადავინაცვლოთ მეორე აჩრდილში: რადგანაც ვინც "სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა" დამკვიდრდა, იმათთვის "ნათელი განბრწყინდა" (ეს. 9.2), რომ "სიკვდილის აჩრდილიდან" "ცხოვრების აჩრდილში" გადავიდეთ.

წინსვლები, როგორც წესი, იმგვარად ხორციელდება, რომ დასაწყისში ვცდილობთ თავი მაინც სათნოებათა აჩრდილს შევაფაროთ. ჩემის აზრით, ქრისტეს დაბადება აჩრდილით ამიტომ დაიწყო და დასრულდა არა აჩრდილით, არამედ ჭეშმარიტების ნათელით. ნათქვამია: "სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ" (ფრ. თარგ. "თავის აჩრდილით"; ლკ. 1.35). მაშასადამე, ქრისტეს დაბადება "აჩრდილით" დაიწყო. მაგრამ არა მხოლოდ მარიამში დაიწყო ეს დაბადება "აჩრდილით". ღვთის სიტყვა შეიძლება შენშიც იშვას, თუკი ამას დაიმსახურებ. ისე მოიქეცი, რომ შეძლო მისი "აჩრდილი" მოიხელთო, და თუკი "აჩრდილის" ღირსი გახდები, შენამდე მოვა, ასე ვთქვათ, მისი სხეულიც, ის სხეული, აჩრდილს რომ წარმოშობს, რადგანაც "სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს" (ლკ. 16.10).

"საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ" (ქება 2.3). როგორც ხედავ, იგი სამუდამოდ არ დარჩება აჩრდილში, არამედ აჩრდილიდან უკეთეს გარემოებაში გადავა და იტყვის: "და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა" (ქება 2.3). მე, ამბობს იგი, მის "აჩრდილქვეშ" განსვენება ვისურვე, მაგრამ თავისი აჩრდილის მფარველობის ქვეშ ამიყვანა თუ არა, მისი ნაყოფით აღვივსე და წარვსთქვამ: "და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა" (ქება 2.3).

 

სძლის მარანი

7. "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა" (ქება 2.4), გარეთ მომლოდინე სიძე მიიღო სძალმა; მან "განისვენა მის ძუძუთა შორის". ძალიან ბევრი ქალწული არ არის მზად საიმისოდ, თავის ჭერ-ქვეშ სიძის სტუმრად მიღება დაიმსახუროს: ერს იგი გარეთ ელაპარაკება იგავებით (შდრ. მათე 13.23). როგორ ვშიშობ, ცოტანი არ აღმოვჩნდეთ, ვინც ქალწულებას ვიტვირთავთ. "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა". ასე ხანგრძლივად რატომ დავრჩი გარეთ? "აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა" (გამოცხ. 3.20). "შემიყვანეთ მე". ღვთის სიტყვა აქაც იმავეს იმეორებს. აჰა, ქრისტე ამბობს: "შემიყვანეთ მე". კათაკმეველნო, თქვენი მისამართითაც ამბობს იგი: "შემიყვანეთ მე" არა უბრალოდ სახლში, არამედ "სახლსა ღვინისასა". აღავსეთ სული მხიარულების ღვინით" (ეკლ. 10.19), აღავსეთ იგი სული წმიდის ღვინით, და ამგვარად შეიყვანეთ სიძე, სიტყვა, სიბრძნე, ჭეშმარიტება თქვენს სახლში. ვინც ჯერ არ არიან სრულყოფილნი, იმათ გასაგონადაცაა ნათქვამი: "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა".

 

მართებული სიყვარული

8. "განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული" (ქება 2.4). რაოდენ ჯეროვანია აქ ამ სიტყვის მოხმობა: "განაწესეთ", რადგან ხშირად კაცთა უმრავლესობის სიყვარული უწესრიგოა. რაც პირველ რიგში უნდა უყვარდეთ, უყვართ მეორე რიგში; რაც მეორე რიგში უნდა უყვარდეთ, უყვართ პირველ რიგში, რაც მეოთხე რიგში უნდა უყვარდეთ, უყვართ მესამე რიგში, და პირიქით - მეოთხე რიგში უყვართ ის, რაც მესამე რიგში უნდა უყვარდეთ - უმეტესობასთან სიყვარულის წესი და რიგი გაუკუღმართებულია. "მოწესრიგებულია" მხოლოდ წმინდანთა სიყვარული. რამდენიმე მაგალითი მოვიხმოთ შემდეგი სიტყვების ნათელსაყოფად: "განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული".

ღვთის სიტყვას სურს გიყვარდეს მამა, ვაჟიშვილი, ქალიშვილი; ღვთის სიტყვას სურს, ქრისტე გიყვარდეს და შვილის ან მშობლის მიმართ უსიყვარულობისაკენ არ მოგიწოდებს. რას გეუბნება იგი? - ნუ იქნება შენი სიყვარული უწესრიგო, უმართებულო, ნუ გეყვარება ჯერ დედ-მამა, და მე მათ შემდეგ; ნუ განიცდი უფრო დიდ სიყვარულს შენი ქალ-ვაჟის მიმართ, ვიდრე ჩემს მიმართ. "რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10.37). სინდისის შუქზე გამოატარე სიყვარული, დედ-მამისა თუ ძმის მიმართ რომ გამოძრავებს, დაუკვირდი, როგორია შენი სიყვარული ღვთის სიტყვისა და იესოს მიმართ; მაშინვე მიხვდები, რომ სიტყვაზე მეტად და-ძმა გიყვარს და ქრისტეზე მეტად - დედ-მამა. შენი განჯით ჩვენ შორის ვინ მიაღწია იმას, ღვთიური სიტყვის სიყვარული უპირველეს და მთავარ სიყვარულად რომ გაეხადა, ხოლო საკუთარი შვილი მეორე რანგში დაეყენებინა? გიყვარდეს ცოლი, "რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს", ხოლო "არა ვინ სადა თავი თვისი მოიძულოს" (ეფ. 5.29), მაგრამ კაცს ცოლი უყვარს როგორც "ხორცი". "იყუნენ ორნივე იგი ერთ ხორც" ნათქვამია, და არა ერთსულ. გიყვარდეს ღმერთიც, მაგრამ შეიყვარე იგი არა როგორც "სისხლი და ხორცი", არამედ როგორც სული: "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს" (1 კორ. 6.17). მაშასადამე, სიყვარული მართებულია და კეთილ-მოგვარებული იმათში, ვინც სრულყოფილია. ღვთის შემდეგ წესრიგი ჩვენ შორისაც რომ არსებობდეს, პირველი მცნება მოითხოვს, გვიყვარდეს მშობლები, მეორე მოითხოვს შვილების სიყვარულს, მესამე - მსახურებისას. ხოლო თუ ძე ცუდია და მსახური კარგი, სიყვარულში მსახურმა ძის ადგილი უნდა დაიკავოს. მხოლოდ ამგვარად მოხერხდება, რომ "წმიდათა სიყვარული მოწესრიგებული იყოს". ჩვენმა მოძღვარმა და უფალმა სახარებაში სიყვარულის მცნებათა გამოთქმისას, სიყვარულის თითოეული ფორმა დაახასიათა კერძო ნიშნით და ამ შეგონების აზრი: "განაწესეთ სიყვარული ჩემ ზედა", გაამჟღავნა იმათთვის, ვისაც წმიდა წერილის გულისხმისყოფის უნარი აქვს; "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა... შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22.37,39). მას არ უთქვამს: "შეიყვარო ღმერთი შენი, ვითარცა თავისი თჳსი" ან "შეიყვარო მოყვასი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა". ამის გარდა მან თქვა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" (მათე 5.44), მაგრამ არ დაუმატებია: "ყოვლითა გულითა თქუენითა". ღვთიურ სიტყვას წესრიგი არ აკლია. იგი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს და არ გეუბნება: "გიყვარდეთ მტერნი თქუენნი, ვითარცა თავი თჳსი", არამედ ამბობს: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი". საკმარისია გიყვარდეს ისინი და სიძულვილს არ განიცდიდე მათ მიმართ. მაგრამ, მოყვასი უნდა გიყვარდეს "ვითარცა თავი თჳსი", და უფალი "ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა". თუკი ამას გაიგებ და გაგებულს კი სრულყოფ, შენ განახორციელებ სიძის სიტყვით მოწოდებულს: "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული". შენის აზრით, ვინ არის ჩვენ შორის მართებული სიყვარულის მქონე?

 

სიყვარულის ჭრილობა

"დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ" (ქება 2.5). ერთ-ერთმა მთარგმნელმა არჩია "ენ ოინაპთეი" - ვაზის ყვავილში. მაგრამ აი რას პასუხობს სძალი: "გარემომასხთ მე ვაშლი". რა ვაშლი? "ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა". ამიტომაც: "გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა". რა ამაღელვებელია, და რა მართებული, სასიყვარულო ჭრილობათა მიღება! ზოგი ხორციელი სიყვარულის ისრით იკოდება, ზოგი - ამა თუ იმ მიწიერი ვნებით. ხოლო რაც შეგეხება შენ, განიშიშვლე სხეული და გამოეჩვენე საუცხოო ისარს, ისარს მოხდენილს, რადგან ღმერთია მოისარი. ყური დაუგდე წმიდა წერილს, რომელიც ამავე ისარზე ლაპარაკობს. მეტიც, მოისმინე რას ამბობს თვით ისარი, უფრო მეტ აღტაცებაში რომ მოხვიდე: "დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე. და თქვა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდება შენი". გულისხმა-ჰყავ რას ნიშნავს ისარი და თავისთვის როგორ გამოარჩია იგი უფალმა. რა ბედნიერებაა ამ ისრით დაჭრა! სწორედ ამ ისრით დაიჭრნენ ისინი, საუბრისას ერთმანეთს რომ განუცხადეს: "ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?" (ლუკა 24.32). თუ ვინმე დაიჭრება ჩვენი სიტყვით, თუ დაიჭრება საღვთო წერილის გაკვეთილებით და შეძლებს თქვას: "დაწყლულ ვარ მე სიყვარულითა", ალბათ შეძლებს თავისთვის ამის შემოწმებას; მაგრამ რატომ - ალბათ? გამოვთქვამ ცხად დასტურს.

 

ხვევნა

9. "მარცხენე მისი თავსა ჩემსა და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე" (ქება 2.6). ღვთის სიტყვას მარჯვენა და მარცხენა ხელი აქვს. სიბრძნე, გააზრებათა ნაირგვარობის მიხედვით, მრავალსახოვანი ერთია თავის არსში. სიბრძნის მარჯვენასა და მარცხენაზე თვით სოლომონმაც მოგვცა სწავლება, როცა თქვა: "სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე" (იგავ. 3.16). მაშ, "მარცხენა მისი თავსა ზედა ჩემსა", რათა დავისვენო ისე, რომ სიძის მკლავი სასთუმლად მედოს და ჩემი სულის უმთავრესი ნაწილი ღვთის სიტყვაზე განისვენებდეს. "მარცხენა მისი თავსა ზედა ჩემსა". შენთვის არ არის მომგებიანი იმ "სასთუმალთა" შეძენა, რომელთაც მოჰყვება კვნესა-გოდება. ეზეკიელთან წერია: "ვაჲ, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ქუეშე იდაყუსა ჴელისასა (ეზეკ. 13.18). ნუ შეიკერავ მსგავს სასთუმალთ, სხვაგან ნუღარ ეძებ თავის მისადებს, სიძის მარცხენა ხელი გქონდეს თავქვეშ ამოსადებად და თქვი: "მარცხენა მისი თავსა ზედა ჩემსა". როცა ეს ხელი გექნება თავქვეშ, ყველაფერი, რაც ამ ხელშია, მოგეცემა და ჭეშმარიტად იტყვი: "მარცხენით მისსა დიდება და სიმდიდრე" (იგავ. 3.16). ხოლო სიძის მარჯვენა ხელი, დაე, სრულად შემოგეხვიოს. "სიგრძე ჟამთა და წელნი ცხოვრებისანი მარჯუენით მისსა"; ამიტომაც "გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ" (გამოსვ. 20.12).

 

სიძის თვლემა

"გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა". ხვეწნით რატომ მიმართავს სძალი იერუსალიმის ასულთ: "უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული" (ქებ. 2.7). რა ხანია, თქვენში სძინავს სიყვარულს, ო, ქალწულნო იერუსალიმისანო, იმ სიყვარულს, ჩემში, "სიყვარულით დაჭრილში", რომ გამოღვიძებულა. მაგრამ თქვენში, რომელნი მრავალრიცხოვანი ხართ და ყმაწვილნი, რომელნიც იერუსალიმის ასულნი ხართ, სიძის სიყვარულს სძინავს. მაშ, "გაფუცებ თქვენ, ასულნო იერუსალიმისანო", "განიღვიძეთ" და არა მხოლოდ განიღვიძეთ, არამედ გააღვივეთ თქვენში არსებული სიყვარული. თქვენი შექმნისას სამყაროს შემოქმედმა თქვენს გულებში ჩათესა სიყვარულის მარცვლები. მაგრამ ამჟამად, როგორც ნათქვამია სხვაგან: "სიმართლემან დაიძინა მის შორის" (ეს. 1.21), "თქვენში თვლემს სიყვარული". კიდევ სხვაგან იგივე აზრითაა ნათქვამი: "განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან" (რიცხვ. 24.9). ღვთის სიტყვა ჯერ კიდევ მთვლემარეა ურწმუნოებში და მათში, ვინც გულით ეჭვს ატარებს; იგი ფხიზლობს წმინდანებში, სძინავს იმათში, ვისაც ქარიშხალი არყევს, მაგრამ იღვიძებს იმათ ყვირილზე, ვისაც გამოღვიძებული სიძის მეოხებით ხსნა მოსურვებია. როცა ღვთის სიტყვა იღვიძებს, მაშინვე სიმშვიდე ისადგურებს, მაშინვე წყნარდებიან წყლის ზვირთები: იგი შერისხავს ქარებს და ტალღათა სიცოფეც დგება. როცა მიძინებულია - ქარიშხალია, სიკვდილია, სასოწარკვეთილებაა. "გაფუცებ", მაშ, "ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა". რომელ აგარაკებზეა აქ ლაპარაკი? იმ აგარაკებზე, რომელთაც აქვთ "სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან" (დაბ. 27.27).

 

ძმისწულის კვლავ გამოჩენა

10. "უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდიცა ინებოს...ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა: აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა" (ქებ. 2.7-8). ამ სიტყვებს ისევ ეკლესია ამბობს, რომელიც ქალწულებს მოუწოდებს, სიძის მისაღებად მოემზადონ, თუკი სიძე მათთან მოსვლას და გაბაასებას იკადრებს. სძლის საუბრისას სიძე გამოჩნდება. თითით აჩვენებს მას და ამბობს: "აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა". ყური დაუგდე სძლის სულს, ნეტარსა და სრულყოფილს, რომელსაც ხელეწიფება ასე ერთბაშად იხილოს სიძის მოსვლა, შეიგრძნოს მასთან მოსული სიბრძნე, "სიყვარული" და უთხრას იმათ, ვინც მას ვერ ხედავს: "აჰა ესერა მოვალს". ილოცეთ, რათა მეც შევძლო ვთქვა: "აჰა ესერა, მოვალს". თუკი შევძელი ღვთის სიტყვის წარმოჩენა, გარკვეულწილად მეც ვამბობ: "აჰა ესერა, მოვალს". მაგრამ სად "მოვალს"? არა იქ, სადაც ხეობაა, ან სადაც დაბლობები იშლება. მაშ, სად? - "ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა". თუკი მთა ხარ, ღვთის სიტყვა "ხტება" შენზე. თუ არ ძალგიძს, მთა იყო, მაგრამ მთაზე პატარა ბორცვი ხარ, მაშინ შენზე "გადმოირბენს". როგორი მშვენიერია ეს სიტყვები და სინამდვილეს კარგად მისადაგებული. იგი ხტება მთებზე, რადგან მთა მეტად მაღალია, და "გადაირბენს ბორცვებს", რადგანაც ბორცვი ნაკლები სიმაღლისაა. იგი მთებს არ გადაირბენს და ბორცვებზე არ დახტის: "აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა".

 

ირემი და ქურციკი

11. "მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა" (ქება 2.9). საღვთო წერილი ამ ორ ცხოველს არა ერთხელ ახსენებს, და, აღსანიშნავია, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში, ერთად მოიხსენიებს. "აი, რას შეჭამ" - ნათქვამია, და შემდეგ, ცოტა მოშორებით დასახელებულია "ქურციკი" და "ირემი" (შდრ. 2 შჯ. 14.4). ამ წიგნშიც, ქურციკი და ირემი ერთად არის ნახსენები. მართლაც, ეს ცხოველები რაღაცით ენათესავებიან და უახლოვდებიან ერთმანეთს: ქურციკს აქვს გამჭოლი მზერა. ირემი გველების მკვლელია. ჩვენ შორის ვინ არის ღირსი, რომ ამ ნაწყვეტის საიდუმლო მისი ღირსების შეულახავად გაამჟღავნოს? ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს მადლი "საღვთო წერილის გახსნისა" და ინებოს, რომ თქვენ გეთქვათ: "როგორც იესომ აგვიხსნა საღვთო წერილი" (შდრ. ლკ. 24.32). ვიტყვით, რომ ფიზიოლოგების მიხედვით, რომლებიც ყველა ცხოველის ბუნებას იკვლევენ, ქურციკმა თავისი სახელი მიიღო თანდაყოლილი უნარიდან გამომდინარე. მას დაერქვა ქურციკი (დორკას) იმის გამო, რომ აქვს გამჭოლი მზერა, ე.ი. პარა ტო ოქსიდრკესტერონ. ირემი, თავის მხრივ, გველების მტერია და დევნის კიდეც მათ; ნესტოებიდან გამონასუნთქი ჰაერით ისინი ხვრელებიდან გამოჰყავს და იმარჯვებს რა ამ ქვემძრომთა შხამიანობაზე, სიამოვნებით შეექცევა მათ. იქნებ ჩემი მაცხოვარი "ქურციკია" "თეორია"-ს მიხედვით, და "ირემი" "ქმედების" მიხედვით. რაში მდგომარეობს მისი ქმედება? იგი კლავს გველებს, აშთობს მტრულ ძალებს; ამიტომაც ვეტყვი მას: "შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა, შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის" (ფს. 73.13-14).

 

ღვთის სახლი

12. "მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღვთის სახლისა" (ქება 2.9). მართლაც, ბეთელ ითარგმნება როგორც "ღვთის სახლი". ყველა მთა არ არის ღვთის სახლი; ღვთის სახლი მხოლოდ ის "მთებია", რომლებიც ეკლესიისაა. მართლაც, სხვა მთებიც არსებობს, ეგვიპტისა და ალოფილების მთები, აღმართული და დადგმული "ღვთის მეცნიერების წინააღმდეგ". გინდა იცოდე, რატომ არის მისი ძმისწული მსგავსი "ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა " (ქება 2.9). იყავ მთა, რომელიც ეკლესიისაა. "მთა ღვთის სახლისა" და სიძე მოვა შენთან, მსგავსი "ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა". სძალი ხედავს მოახლოებულ სიძეს, მანამდე მთებსა და ბორცვებზე რომ იმყოფებოდა, ხედავს მას იმგვარადვე "მხტომარეს და მორბენალს". შემდეგ ცნობს, რომ სიძე წამოსულა მისკენ და მისი თანმხლები ქალწულებისაკენ და ამბობს: "აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა" (ქება 2.9). თუ ზღუდეს აღმართავ და ღვთის სახლს ააშენებ, იგი მოვა "უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო" (ქება 2.9). ყოველი სარკმელი ჩვენს რომელიმე გრძნობას შეესატყვისება. მათგან "იხედება" სიძე. მართლაც, რომელი გრძნობიდან არ იხედება ღვთის სიტყვა? სარკმლებიდან ყურება რას ნიშნავს და მათგან სიძე როგორ იხედება, ამას შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს. სადაც სიძე არ იხედება, იქ სიკვდილი აღწევს, როგორც ამას იერემიასთან ვკითხულობთ: "რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთათა" (იერ. 9.21). როცა ქალს გულისთქმით უყურებ, "სიკვდილი შემოდის შენ სარკმელთაგან".

"და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ" (ქება 2.9). გულისხმაყავ, რომ მახეებს შორის დადიხარ და ყოველი მხრიდან საფრთხე გემუქრება (იხ. ეკლ. 9.13). გარემო სავსეა მახეებით; მაცდურმა ყველაფერი დაიპყრო თავისი ბადეებით. თუ ღვთის სიტყვა მოვა და, დაიწყებს ბადეთა მიღმა გამოჩენას, იტყვი: "სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა" (ფს. 123.7-8). სიძე გამოჩნდა ბადეთა მიღმა. იესომ გზა გაგიხსნა. იგი ჩამოვიდა ქვეყნად; დაექვემდებარა ამქვეყნიურ მახეებს. ნახა რა ამ ბადეებში გაბმული კაცთა სიმრავლე, თვით წამოვიდა მათ გასარღვევად, რაკი მეტს არავის შეეძლო ამის აღსრულება; იტვირთა მტრულ ძალთა მიერ შებორკილი ადამიანური სხეული და განხეთქა შენთვის ბორკილნი. ამგვარად შეგიძლია თქვა: "აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ" (ქება 2.9).

 

სიძის ხმობა

როცა ის "გამოჩნდება" გუნებაში იტყვი: "მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყვის მე: აღდეგ, მახლობელო ჩემო"; განგიმზადე გზა, გავარღვიე ბადეები, "მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო". რატომ ამბობს "აღდეგ", რატომ ამბობს "ისწრაფე"? აი, ამის პასუხი: "შენთვის ავიტანე ქარტეხილთა სიცოფე, შევაყენე შენს წინააღმდეგ აღმართული ზვირთები" (შდრ. მათე 8.23). შევმუსრე სიკვდილის საწერტელნი, აღვდექი მკვდრეთით (შდრ. 1 კორ. 15,20,20,55) და გავხსენ ჯოჯოხეთის კრულება. ამიტომაც გეუბნები: "აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო. რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა. და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა" (ქება 2.10-12). მკვდრეთით აღმდგარმა ქარიშხალი დავაცხრე და სიმშვიდე დავამყარე; ქალწულისაგან და მამის ნებით შობილი, რაკი, ხორცის მიხედვით, ვსრულდებოდი "სიბრძნითა და ჰასაკითა"; "ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისა მოიწია".

სხლვა ცოდვათა შენდობაა. მართლაც, ნათქვამია: "ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს... და მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს" (იოანე 15.2); მოიღე ნაყოფები და ადრინდელი უნაყოფო რტოები მოგეშორება. რადგანაც "ჟამი სხლვისა მოიწია, ხმა გვრიტისა ისმა ქვეყანასა ჩუენსა". უსაფუძვლოდ არ იღებდნენ მსხვერპლად ერთ წყვილ გვრიტს და მტრედის ორ პატარას (ლევ. 5.7). მართლაც, მათ ერთი და იგივე ღირებულება აქვთ, ამიტომაც ასახელებდნენ არა მხოლოდ "ერთ წყვილ გვრიტს" ცალკე, არამედ "ერთ წყვილი გვრიტი და ორი მტრედი". "მტრედი" სულიწმიდაა (შდრ. მარკ. 1.10). მაგრამ, როცა სულიწმიდა ლაპარაკობს დიდ დაფარულ საიდუმლოებებზე, მიუწვდომელნი რომ რჩებიან კაცთა უმრავლესობისათვის, მაშინ მას აღნიშნავენ სიტყვით "გვრიტი", ე.ი. იმ ჩიტის სახელით, რომელიც მუდამჟამ მთათა მწვერვალებსა და ხეთა კენწეროებზეა. სამაგიეროდ, "ხეობებსა" და ყველასათვის განკუთვნილ ადგილებში სულიწმიდის აღსანიშნავად მტრედი გამოიყენება. ბოლოს, რადგანაც მაცხოვარი დამდაბლდა და მოვიდა ქვეყნად, და რაკი იორდანის მახლობლად ბევრი ცოდვილი იყო, სულიწმიდა გამოჩნდა არა"გვრიტის", არამედ "მტრედის" სახით; ადამიანთა სიმრავლის გამო სწორედ იგი დარჩა ჩვენს სიახლოვეში როგორც უფრო ნაზი ფრინველი. მაგალითად, იგი "გვრიტის" სახით გამოეცხადა მოსეს და ყოველ წინასწარმეტყველს, ვინც კი მთებსა და უდაბნოებში განმარტოვდა და იქ მიიღო ღვთის სიტყვა: "ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა. ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი" (ქება 2.12-13). "ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული" (მათე 24.32). ღვთის სიტყვას სურს გვამცნოს, რომ ზამთრის შემდეგ, სულის ქარტეხილთა შემდეგ, მოსავლის აღების დრო ახლოვდება და ამბობს: "ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი". ისინი ყვავილებად იფურჩქნებიან; დადგება დრო, როცა იქნება ყურძენი.

 

კლდის ქვაბულში

13. "აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო" (ქება 2.13). რაც ზემოთ განვიხილეთ, სძლის მიერ წამოითქვა ისე, რომ ქალწულებს მისი არ ესმოდათ. სიძის ხმა მხოლოდ მას ჩაესმის. მაგრამ ჩვენც გვინდა, გავიგონოთ სიტყვები იმისა, ვინც სძალს ეუბნება: "აღდეგ, მოვედ მახლობელო ჩემო". იგი არ უხმობს ქალწულებს, არ ეუბნება მათ "ადექით", არამედ ამბობს: "აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო, და მოვედ თავით შენით, საგრილსა ქუეშე კლდისასა (ფრანგ. თარგ.-ში "კლდის ქვაბულში")" (ქება 2.13-14). მოსეც გამოქვაბულში შედის, რომ ზურგიდან იხილოს ღმერთი (გამოსვ. 33.23). "წინა ზღუდის გამოქვაბულში" მიუახლოვდი ჯერ იმას, რაც "ზღუდის წინა ადგილია" და მერე შეძლებ შესვლას იქ, სადაც ზღუდე თავად "კლდეა". "მაჩვენე პირი შენი". "ამ დღემდე" მსგავსი სიტყვებით მიმართავდნენ სძალს, მაგრამ მას არ ჰქონდა საკმარისი ნდობა იმისთვის, რომ "პირისპირ ეჭვრიტა ღვთის დიდება" (შდრ. 2 კორ. 3.18). ხოლო ეხლა, როცა იგი მორთულია და მოკაზმული, ეუბნებიან: "მაჩუენე პირი შენი". არც მისი ხმოვანება იყო საკმაოდ ტკბილი საიმისოდ, რომ მისთვის დამსახურებულად ეთქვათ: "მასმინე მე ხმა შენი". როცა ისწავლა მან ლაპარაკი - დადუმდი ისრაელ და ისმინე (შჯ. 27.9) - და ახლა როს იცის, რა უნდა თქვას, მისი ხმა "ტკბილი" ხდება სიძისთვის წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: "ტკბილ ეყავნ მას გალობა ჩემი" (ფს. 104.34). მაშინ მიუგო სიძემ: "მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი" (ქება 2.14). თუ გააღებ პირს ღვთის სიტყვისათვის, სიძე გეტყვის: "ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ". ამიტომაც, ავდგეთ და ვილოცოთ, რომ ღმერთმა ღირსი გაგვხადოს სიძისა, სიტყვის, სიბრძნის, იესო ქრისტესი, მისი დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

-----------------------------------------------------------------

1 - ეს ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებენ ეკლესიის მამები, აღნიშნავს ღვთის განზრახვას ისტორიაში.

2 - მოგვყავს ამ მუხლის ფრანგულ თარგმანში მოცემული ვარიანტი. ძველ ქართულ თარგმანშია: „ვიდრემდის მოახსენეს მას ჴელნი მისნი მეუფემან“ (ქება 1.12).

3 - ეს მუხლი მოგვყავს ფრანგულ თარგმანში მოცემული ვარიანტიდან. ძველ ქართულ თარგმანშია: „ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა“ (ქება 1.14).

 

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ჯაყელმა

ჟურნალი "ჯვარი ვაზისა", 1989 წ. N3-4

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 07 DECEMBER 2014 15:27)