Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გაზეთი "ივერია", 1878 წ. 23 თებერვალი, №8

ქართული გალობის ნოტებზე გადაღება

[2]ქართული გალობის ნოტებზე გადაღება ფრიად სასიამოვნოა და თითქმის ეპოქად  ჩაითვლება ჩვენში. მით უფრო სასიამოვნოა, რომ ამ ჟამად მხოლოდ 10-15 გვამი თუ მოიპოვება ჩვენს სამშობლოში, რომ "ნამდვილი" გალობა იცოდეს. ჩვენდა სამწუხაროდ აქამომდე არავინ გამოჩნდა ჯერ, რომ ეს კეთილი საქმე შეესრულებინა. მე ძალიან გამიხარდა, რომ წავიკითხე ერთს "დროების" ნომერში, რომ "გადაიღესო და სიონშიც იგალობესო და კარგადაც გამოვიდაო". ღმერთმა ინებოს, რომ ეს მართალი იყოს! მაგრამ, დალახვრა ღმერთმა, როგორღაც ეჭვი მაქვს ამ ამბის სიმართლეში.

აი, ბატონებო მოგახსენებთ რამ დამიბადა ეს ეჭვი ამ საქმის შესახებ. მე მითხრეს, თუ ჭორი არ არის, რომ ქართული გალობა ვითომ უფ. მ. მ-ნს გადაეღოს ნოტებზე: თუ ეს მართალია - ეხლავე იმედგადაწყვეტილი ვიტყვი, რომ ის გალობა "გადამახინჯებულია" და არა "ნამდვილი" მ. კარბელოვის ქართული გალობა. მე ვამბობ "გადამახინჯებულია" მეთქი, ამიტომ, რომ მე თვითონ მიჩვენა თავისი შრომა უფ. მ. მ-მა ჩემს თბილისში მყოფობის დროს. ერთხელ, ბატონო, მე დავესწარ ქართულის გალობის გაკვეთილზე (რუსულს გალობას ასწავლიდა და ქართულიც ჩააბარეს, თუმცა უფ. მ. მ-მა იმდენივე იცის ქართული გალობა, რამდენიც მე ჩინური). უფ. მასწავლებელს ეკავა ხელში თავის ნაშრომი და იმით აგალობებდა შეგირდებს. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც გავიგე კილო გალობის! ისეთ ნაირად იყო დამახინჯებული პატივცემულის მ. გ. კარბელოვის მშვენიერი კილო, რომ სრულებით ვერ ვიცან კილო კარბელობის გალობისა! როდესაც დავხედე თვით შრომას - თქვენს მტერს ეცეს ელდა, როგორც მე მეცა! ოთხს ხმაზე არ იყო თურმე გადაკეთებული ქართული მ. გ. კარბელოვის გალობა! (სამს ხმასაც არ დასჯერებოდა კომპოზიტორი) როდესაც მე ვკითხე ამის (ოთხის ხმის) მიზეზი, მან თამამად მიპასუხა: მე თვითონ გავამშვენეო! ნეტავი საზოგადო კილო მაინც გადაეღო, თორემ გამშვენებას ვინა ჩივის! იქნება სთქვას ვინმემ, რომ "ოთხ-ხმიანი გალობა უფრო კარგი არ არისო?" კარგი გახლავთ, ბატონო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართული არც ეკკლესიური გალობა და არც ხალხური სიმღერა არ არის ოთხს ხმაზე საგალობელი არც იმერეთში და არც ამერეთში. რამდენათაც მე მითვალიერებია (მე ძალიან მოსიყვარულე გახლავართ ქართულის გალობისაც და სიმღერისაც), არსად არც ერთს გალობაში და არც სიმღერაში ოთხ-ხმიანი გალობა და სიმღერა არ შემხვედრია. მე არ ვამბობ, რომ რაკი არ არის არც შეიძლება ოთხ-ხმიანი ქართული სიმღერა ანუ გალობა მეთქი, - რატომ არა, მაგრამ თუ ახლანდელს ქართულს გალობას აწყობენ ნოტებზე - როგორიც არის ისე უნდა გადაიღოს და არა ჩირთი-ფირთებით გადაამახინჯოს. მართალია, შეიძლება (თუმცა მაინცა და მაინც განვითარებული არ იქნება), რომ კომპოზიტორმა ის გალობა, რომლის გადაღებაც ჰსურს, არ იცოდეს და გადიღოს მხოლოდ რამოდენიმე ”იმ” გალობაში განვითარებულის გვამების შემწეობით; მაგრამ ისეთს კომპოზიტორებს კი როგორიც არის უფ. მ-ნი და მის მსგავსნი არ შეუძლიათ ეგ. საქმე იმაშია, რომ უფ. მ. არც მუსიკის ტეორია (ურისოთაც არ შეიძლება გადაღება ნოტებზე გალობისა) აქვს გვარიანად შესწავლილი და ქართული გალობა ხომ, როგორც თვითონ აღიარებს, სრულებით არ იცის. ყველა დამეთანხმება, რომ ”დო, რე, მი”-ს ცოდნა კიდევ არ ჰნიშნავს მუსიკის [3]ტეორიის ცოდნას. ახლა გითხრა, ჩემო მკითხველო, რათა ვჰყვები ამდენს. თუ გალობა გადამახინჯდა გადაღებაში და ამ გვარად დაუწყეს სწავლა მოსწავლეებს - ქართული გალობა სრულიად დაიკარგება. ”სიონში იგალობეს და კარგად გამოვიდაო!” შეიძლება, მსენელს იქნება იმიტომ მოეწონა (იქნება მარტო თვითონ შემდგენელს მოეწონა ვინ იცის!), რომ ხმები ცოტად თუ ბევრად შეწყობილნი იყვნენ, ანუ უკეთ ვსთქვათ: ”ტერციაზე იყო ხმები დაწყებული. ან კიდევ: რასაკვირველია ორის ხმის გალობა უფრო სასიამოვნო გასაგონია, ვიდრე ერთისა, როგორც გალობენ ჩვენს ეკკლესიებში. აბა თვითონ მ. კარბელოვს გააგონეთ ახლად გადაღებული ნოტებზე გალობა, ვნახოთ იცნობს თავის საკუთარს კილოს თუ არა. უკანასკნელი სიტყვა ეს არის ჩემი: ქართულის გალობის ნოტებზე გადაღება არ არის ისრე ადვილი, როგორც ჰგონიათ ზოგიერთებს; იქნება იმას დეეხარბოს ზოგი ”ცრუ კომპოზიტორი”, რომ ეგება ორმოცი თუმანი პრემია მივიღოო, ოღონდ კი დავბღაჯნო რამეო; მაგრამ ქართველები კიდევ ისე არ დამცირებულან, რომ ტყუილ-უბრალოდ გადაყარონ ფულები, თან და თან ჭკუასა სწავლობენ... ღმერთმა ინებოს, რომ ამ ერთს წელიწადს ”ქართული” გალობა გალობად გვენახოს ნოტებზედ გადაღებული!

 

ქართველი

გაზეთი "ივერია", 1878 წ. 4 მაისი, №17

ქართულს გალობაზედ

[5]ამ მოკლე ხანში ძალიან გახშირდა ლაპარაკი გალობაზედ და იმის ნოტებზედ გადაღებაზედ. ყველამ ამოიღო ხმა, ყველანი ცდილობენ, რომ თუ ნივთიერათ არა, სიტყვიერათ მაინც თანა-გრძნობა განაცხადონ ამ სასარგებლო ქართულის გალობის აღდგენაზედ. მართლაც სასიამოვნოა იმ საქმეზედ ერთხმობა და საზოგადო თანაგრძნობა, რადგანაც ეს საქმე მარტო ერთს არ ეკუთვნის, არამედ მთელს საზოგადოებას. ამ ლაპარაკს უთუოდ კაი შედეგიც ექმნება. მაგრამ ეს კი არ მეჭაშნიკება, რომ იმ ერთი ანდაზისა არ იყვეს ”ჯერ ღვინო არ იყო და ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო”. ჯერ ქართულის გალობის ნოტები თვალით არავის უნახავს (ის ნოტები არ გახლავსთ, რომლებსაც ეხლა ეძახიან) და მთელი ქვეყანა შეძრეს: ”ქართველებმა ნოტებზედ გავაწყვეთ გალობაო”. ”დროებამაც” კი ბევრი მოატყუვა. რომელღასაც №-ის დღიურში ეწერა: წმინდა ნინოობას სიონში ქართულად სწირა ყოვლად სამღვდელომ და ახალის ნოტებით ქართულად იგალობესო. ეს დღიურიც უფ. მრევლოვს წაუკითხავს იმერეთში, რომელსაც ადრევ მოცლის დროს უცდია გალობის ნოტებზედ გაწყობა და რომლისგანაც ეს ნოტები სემინარიის რუსულის (და მგონი ქართულისაც) გალობის მასწავლებელს უ. მაჭავარიანს გამოურთმევია იმერეთში ყოფნის დროს. ზემო-ხსენებულს უფ. მენოტეს რა კი ”დროებაში” წაუკითხავს, რომ ნოტებით იგალობეს კიდეცო, მაშინვე ”არიქა ჩემის ნოტებით გალობენო!” მაშინვე დროებაში დასწერა, რომ მე გამომართო ჩემი ნოტები მაჭავარიანმაო და სხვა. ”ქართველსაც” შეუტყვია გალობის ნოტებზედ დაწერა, გული შესტკივნია და იხვეწება: ქართული გალობა არ გააფუჭოთო! (”ივერია” №8) ეს კი უფრო მართალს ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოში თხუთმეტი მგალობელი კი ტყუილია, ვინც წირვის გალობა იცის, იმას ვერ დავარქმევთ მგალობელს. ჩვენ მარტო ერთი გვყავს ნამდვილი მგალობელი, მღვდელი გრიგოლ [6]კარბელოვი, რომელსაც მტკიცედ ახსოვს გალობის კილოები. ესეც ჩვენდა საუბედუროდ მოხუცებულია.

თუ მართლა რიგიანად შემდგენელი ვინმე გამოჩნდა ნოტებისა, რასაკვირველია სასიხარულო იქმნება და აღარ შეგვეშინდება გალობის მთლად გაქრობისა, მაგრამ თუ იმისთანა ნოტებზედ დამწყობნი შეგვხვდნენ, როგორნიც ამ ჟამად იქადიან და ჩვენის გალობის ცოდნას ჩემულობენ, ვაი შენს მტერს! საქმე მარტო დაწერა კი არ არის, საქმე ის არის, რომ ჩველი კილო შეუცვლელად დარჩეს გალობაში. ამ ცოტა ხანში ბევრმა გამოიჩინა ნოტის ცოდნა და თავიანთ ნოტებს არქმევენ ნამდვილს ქართულს კილოს, მაგრამ სულ სხვა ხასიათისანი არიან. თუნდ ავიღოთ შრომა უფ. მრევლოვისა, რომელსაც დაუწერია რამდენიმე გალობა კილოზედ და რომლებიც ტფილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელს გამოურთმევია გასაშინჯავათ, მაგრამ ვის უნდა გაეშინჯა? რასაკვირველია მოსწავლეებს, რომელთაც მასწავლებელზედ უფრო უკეთ იციან ქართული გალობა და რომელთაც შემდეგ გაშინჯვისა კიდეც დაუწუნეს. მეტათ გარყვნილიაო. ბევრი აი-უი, აქა-იქა, აი-აი ურევიაო. ისევ პატრონს გაუგზავნეო. წარსრულს ზაფხულში თვით ამ უფალმა მაჭავარიანმაც ბევრი იარა იმერ-ამერში. ჭალა-ჭულში გალობის შესადგენათ ნოტებზედ, მაგრამ ”წმინდაო ღმერთოს” და ”რომელი ქერუვიმთას” მეტი ვერ დასწერა რა. ამბობენ ესენი კარგად არისო, მაგრამ, მკითხველო, თქვენგანმა რომელმა ნახეთ ეს ნოტი? თუ კარგია, რატო საჯაროდ არ გამოიტანეს! ან რა საჭიროა სკივრში შესანახად, იქნება დამი აკლდეს? თუ ესრე ნელ-ნელა იწერა ნოტები, ადრე გვეშველება განა საგალობლები არა გვაქვს? სამასზედ მეტია.

ამდენს ”ნოტის” ძახილში და სიარულში, ის კაცი, რომლის თავშიაც დამარხულია ნამდვილი მამა-პაპური კილო გალობისა, გამოგვეცლება ხელიდამ, როგორც მოხუცებული და წაიღებს ისევ იმასთან, ვისგანაც მიუღია1. მაშინ ვისაც როგორა სურს ისეთი კილოები შეადგინოს, აღარც არავინ დამწუნებელი იქმნება და არც მომწონებელი.

რაღა ბევრი გავაბა და თავი მოგაწყინო, მკითხველო. ყველანი უნდა ვეცადნეთ, რომ როგორმე ისევ აღვადგინოთ ძველებური გალობა და მამა-პაპურის საღმრთო ზნეობით ისევ ძველებურათ შევამკოთ ჩვენი ეკკლესიები. ამისთანა საქმეს გულ-გრილობაც არ გამოადგება, არც ერთმანერთზედ მიგდება. ეს გალობა, ჩემო ძმავ მკითხველო, ჩემიც არის და შენიცა. შენმა წინა-პარმა შენ გიანდერძა, ჩემმა მე, - საზიაროა. ამისთანა საზიარო საქმე მარტო ერთს არ უნდა მივანებოთ. ”ერთი პურის ჭამაშიაც ბრალია”. მე, აქ ის მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო ბერებს და მღვდლებს არ დავავალოთ ამ საქმის შესრულება. მარტო მღვდლებისთვის არ არის გალობა. თვით მღვდლებიც და ეკკლესიაც ერისთვის არის და ამისთვისაც უნდა შევაერთოთ მეცადინეობა სასულიერი ხალხთან და თუ რამ მოევლება, მოვუაროთ. მაგრამ ჯერ კი უნდა დახელოვნებით შევისწავლოთ ნოტები და ამასთანავე ქართული გალობაცა, მაშინ მივყოთ ხელი ნოტებზედ ქართულის გალობის წერას.

ამ თხუთმეტის წლის წინათ, თუ ყური უდევნებია ვისმეს, ეხსომება თუ როგორის შესაზიზღარის კილოთი გალობდნენ ქართლ-კახეთის ეკლესიებში. ამისი მიზეზი ის კი არ იყო, რომ ვითომც ძველადვე არა ჰქონდესთ ქართველებს კილო, არამედ ის, რომ გამღვიძებელი ანუ აღმადგენელი არავინ გამოუჩნდა და ხომ მოგეხსენებათ ”უპატრონო ეკკლესიასაც კი ეშმაკები დაეპატრონებიან ოხრობის დროს”. აგრეთვე ჩვენი გალობაც უპატრონობამ დავიწყებას მისცა და სრულებითაც დაგვავიწყდებოდა, თუ ამ დროს არ გამოსჩენოდა გულის შემატკივარი. ეს იყო არხიმანდრიტი მაკარი, რომელმაც როგორც იყო წამოაყენა ფეხზედ. ეს წინამძღვრობდა ამ დროს სიღნაღის უეზდის ს. ბოდბის წმინდა ნინოს საბოროში და გულ-მტკივნეულად უყურებდა ნაკლულევანებას წმინდის ეკკლესიებისას გალობის შესახებ. ამისთვის ამან მოახსენა ექსარხოსს ყოველ გვარი ნაკლი ღვთისმსახურების გალობის თაობაზე და ექსარხოსმა მიანდო აღდგინება გალობისა არხიმანდრიტს მაკარისვე. ეს შეუდგა საქმეს ამ სახით: შეადგინა საზოგადოება სიღნაღის და ზოგიერთის თელაველის სამღუდელოებისაგან (ამათ შორის მიიღო მონაწილეობა ეხლანდელმა ქალაქის მეთაურმა - დ. ყიფიანმა). ამ საზოგადოებას უნდოდა დაეკმაყოფილებინა გალობის სასწავლებლის[7]მოთხოვნილება. დიაკვნები ვალდებულ იყვნენ გალობა ესწავლათ. მასწავლებლათ მოიწვია მგალობელი კარბელოვი და ამ სახით გამართა ჩინებული სასწავლებელი, რომელშიაც გამუდმებით სწავლობდა ორმცზედ მეტი მოსწავლე, რომელთა შორის სიღნაღის სასწავლებლის მასწავლებელი უფ. სარაჯოვიც იყო. სამის წლის შემდეგ სიღნაღის უეზდში გაიმართა მშვენიერი გალობა, რომლის მსზგავსიც თვით მგალობლის - კარბელოვის სამშობლო სოფელშიაც არ მოიპოვებოდა. ყველა საბლაღოჩინოში ოროლი გუნდი იყო მგალობლებისა. მაგრამ, განა არ მოგეხსენებათ უმწყემსო ცხვრებს მგლები დაიტაცებენ. მაკარი არხიმანდრიტი მგონი იმერეთში რაღაც საქმეზედ გაგზავნეს ერთის წლით და ამ ხანში სასწავლებელი შესუსტდა და კიდეც დაიშალა. ეხლაც კარგად და უფრო უკეთესად არის აქ გალობა გავრცელებული ვიდრე ქართლში. დღესაც კაი გალობა შესდგება ხოლმე.

ამ დროს სემინარიამაც მოიწადინა, რომ დაეარსებინათ გალობა და კიდეც გაამწესეს ესევე მგალობელი კარბელოვი მასწავლებლათ. ნეტავი წარმოიდგინო, მკითხველო, თუ როგორის აღტაცებით მიეგებნენ მოსწავლენი გალობის სწავლებას! - დიდის სიხარულით ეთანხმებოდნენ, რომ ამათგან მგალობელთა დასი შემდგარიყო და ტფილისში ქართვლის ეკკლესიებში ეტარებინათ საგალობლად უფასოთ. თვით მაშინდელმა რეკტორმა მ. ვიკტორინმაც ძალიან შეიყვარა ეს გალობა და ამის გულისთვის ისწავლა ქართულად წირვა, რომელზედაც მოიხმარებდა ხოლმე ქართულს მგალობლებს. ამ ხანებში თუ შებრძანებულხარ, მკითხველო, ანჩხატის სობოროში, გენახებათ მშვენიერი გუგუნი, იქ ერთის დასის მაგიერ ორივე იყო ხოლმე. მარჯვენაცა და მარცხენაცა და ლამაზათ გამოისმოდა ხუთი-ექვსი ხმა2. მაგრამ ჩვენდა საუბედუროთ ესეც არ შეგვრჩა: სემენარიაში ... აღკრძალეს - გალობა... ამ გვარად ისევ ჩქარა მიეფარა ეს მამა-პაპური ეკლესიის სამკაული და ეხლა ესე საწეწათ გაგვიხდა საქმე.

მგონია ჯერ-ჯერობით ყველას ემჯობინებოდა, რომ გალობის აღდგენა მიენდოთ ისევ არხიმანდრიტის მაკარისთვის, როგორც ამ საქმეში გამოცდილისთვის, რომ ჯერ ზეპირი კილო გავრცელდეს და ხალხში გალობის სურვილი დაიბადოს. ეს თუ იქმნება, ესრე უნდა იქმნეს: გაიმართოს სასწავლებელი უფასოთ, რომელშიაც ყველას შეეძლოს სწავლა ვისაც კი სურს. დიაკვნები ვალდებულათ გახადონ და როგორმე მოიპოვონ ის ღინისძიება, რომლითაც შეიძლებოდეს, რომ სასოფლო სასწავლებლებშიაც სახალხო სიმღერეებთან შემოიღონ გალობაცა. თუ ეს ესრე არ იქმნა, ნოტებიც რომ შეადგინონ, მარტო იმათთვის იქმნება, ვინც რუსული გალობა იცის და ქართვლის ეკლესიებს რას არგებს? მართალია, თუ არა?

ნეტავი ვიცოდეთ ვინ არის ეხლა მოთავე ამ საქმისა ან ის 500 მ. როგორ უნდა მოიხმარონ, ან მარტო ამის იმედზედ არიან, თუ სხვა იმედიც აქვთ!

----------------------------------------------------------------------------------

1 - ამ გრიგორ კარბელოვის მამა, პეტრე, იყო ერის-კაცი, რომელიც თურმე ჩინებულს მგალობლად ითვლებოდა სტეფანე რუსთველ არხიეპიზკოპოზის მგალობლების გუნდში, და ამ შვილმაც ისწავლა მამისგან და თვითონაც კარგა ხანს მსახურებდა ხსენებულის არხიეპისპოკოზის გუნდში სოფელს მარტყოფში.

2 - სრული ქართულის გალობის ხმები არიან: 1. პირველი ანუ წინათქმა; 2. მეორე ანუ მოძახილი. 3 . ბანი (ესენი უბრალო გალობის ხმებია, რომლითაც დღესაც გალობენ და ჭრელის თქმაში (концертъ) სჭირდება ეს ხმებიცა). 4. კრინი - алтъ; 5. ზილი - дишкантъ და 6. დვრინი ანუ დაბალი ბანი - октава.


არაგველი

გაზეთი "ივერია", 1878 წ. 28 სექტემბერი, №38

ქართულს გალობაზე

ვუძღვნი უფ. არაგველს


[6]”ამ მოკლე ხანში ძლიერ გახშირდა ლაპარაკი გალობაზე და იმის ნოტებზე გადაღებაზე” - ვიტყვი მეც ”არაგველსავით” და რიცხვთა შორის ”არაგველმაც” გაგზავნა გრძელი სტატია ”ქართულს გალობაზე” ”ივერიაში” დასაბეჭდავათ (№17, 1878-ის წლისა). ეს წერილი ყველა წერილზე დიდია, რაც ქართულ გალობაზე დაიწერა წელ, რადგან ავტორს ნდომებია, რომ ქართული გალობის საქმე ყოველის მხრით დაეხატა მკითხველის საზოგადოებისათვის. ბევრში ყურადღების ღირსია უფ. არაგველის წერილი, ამისთვის ბევრზე ვეთანხმებით, მაგრამ ჩემის ფიქრით შესანიშნავი შეცდომებიც უნდა იყვეს მისს წერილში. უფ. არაგველის წერილში პირველ გვერდზევე შეხვდებით შემდეგ სიტყვებს: ”საქართველოში თხუთმეტი მგალობელი კი ტყუილია, ვინც წირვის გალობა იცის იმას ვერ დავარქმევთ მგალობელს ჩვენ (იგულისხმება ქართველებს, ე.ი. კახელებს, ქართლელებს, იმერლებს, გურულებს, რაჭველებს და სხვებს), მარტო ერთი გვყავს ნამდვილი მგალობელი, მღვდელი გრიგოლ კარბელოვი, რომელსა მტკიცედ ახსოვს გალობის კილოები”. მე ის არ მინდა ვსთქვა, რომ მამა კარბელოვმა ქართული გალობა არ იცის; არა, იმან ქართული გალობა იცის და უპირველესიც არის ქართლ-კახეთში, რადგან მაზე უკეთესი იქ არავინ დარჩენილა. მაგრამ იმის თქმა კი არ შემიძლია, რომ მამა კარბელოვი იმერეთში, სამეგრელოში და გურიაში პირველი და ერთად-ერთი მგალობელი დაგვრჩენოდეს. იმერლები და გურულები ძლიერ მოყვარულნი არიან ქართულის გალობის, და იქ არც ისე ძვირია თითო და ორ-ორი პირი მგალობლები ეკკლესიებში, როგორც ქართლ-კახეთში, მაგრამ ისინი სრულიადაც ვერ იცნობენ მამა მოხუც კარბელოვს. ორში ერთი: უფ. ”არაგველო”, ან ის არა გცოდნია, რომ ქართველების რიცხვში იმერლებიც ითვლებიან და ან ის არა გცოდნებია, რომ იმერეთშიაც არის საყურადღებო გალობა. პირველი ბევრის მიზეზის გარეშე უნდა გცოდნოდა, ხოლო მეორე არის თუ არა იმერეთში ქართული გალობა - ადვილად შესაძლოა თქვენ და ბევრმაც თქვენისთანამ არ იცის. ამისთვის მე მინდოდა ცოტათი გამეცნეთ იმერულის ქართულის გალობის კილოსთან და იქაურს მგალობლებთან.

მაგრამ ერთხელ კიდევ მოვიყვან ”არაგველის” სიტყვებს: ”ამ ცოტა ხანში ბევრმა გამოიჩინა ნოტის ცოდნა და თავიანთ ნოტებს (და არა გალობას) არქმევენ ნამდვილ ქართულ კილოს, მაგრამ სულ სხვა ხასიათისანი არიან”. თუმცა ჯერ არავინ ნახულა, რომ თავის ”ნოტებს” ”ნამდვილ” ქართულს კილოს არქმევდეს”, მაგრამ როგორც შემდეგიდან სჩანს უფ. ”არაგველს” უფ. მრევლოვი ჰყავს სახეში. ის ამბობს: ”თუნდ ავიღოთ შრომა უფ. მრევლოვისა, რომელსაც დაუწერია რამოდენიმე გალობა კილოზე და რომლებიც თბილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელს გამოურთმევია გასასიჯავათ, მაგრამ ვის უნდა გაეშინჯა? - რასაკვირველია მოსწავლეებს, რომელთაც... შემდეგ გაშინჯვისა კიდეც დაუწუნეს. მეტად გარყვნილიაო, ბევრი აი-უი, აქა-იქა, აი-აი ურევიაო, ისევ პატრონს გაუგზავნეს”.

ვის არ გაუგონია რუსული ”დედა-ენის” ერთი არაკი: ”თურმე ერთმა გლეხმა მეორეს გულზე ხელის ცემით უთხრა: უჰ, რა ტკბილია ბატის ფეხებიო, - გიჭამიაო? - ჰკითხა მეორემ. არა, მე არ მიჭამიაო, მაგრამ ჩემს ბიძას უნახავს, როგორ სჭამდა ჩვენი ბატონიო”. სწორეთ აგრეა უფ. არაგველის საქმეც. სიდგან სად გაიგო უფ. არაგველმა, რომ უფ. მრევლოვის შედგენილი კილო სემინარიის მოწაფეებმა განიხილეს და თავიანთი დამაბოლოვებელი სიტყვა წარმოსთქვეს. ან რა ავტორიტეტი სემინარიის მოწაფეები ნახა უფ. არაგველმა, რომ მათ სიტყვას ისრე ერწმუნა და ამბობს: ”ნოტები (და არა გალობა) სულ სხვა გვარისანი არიანო”, ე.ი. გარყვნილი არისო. ყოველისფერს დავანებებ თავს, მხოლოდ ეს ერთი ვიცოდე ესეთი ცდომილი სიტყვა რა აზრით უნდა იყვეს მოგონილი. იქნება მისთვის, რომ შემდეგ ეს სიტყვები უფრო თამამად ეთქვათ: ”ამდენს ნოტის ძახილში და სიარულში ის კაცი, რომლის თავშიაც დამარხულია ნამდვილი მამა-პაპური კილო გალობისა, გამოგვეცლება ხელიდგან, როგორც მოხუცებული და წაიღებს ისევ იმასთან, ვისგანაც მიუღია. მაშინ ვისაც როგორა სურს ისეთი კილოები შეადგინოს. აღარც არავინ იქნება დამწუნებელი და არც მომწონებელი”.

რავა ფიქრობთ, უფ. არაგველო, როგორ გუნებაზე იქმნებიან თქვენის წერილის წაკითხვის შემდეგ ის ჩვენის კეთილის მყოფელები, რომლებსაც რამოდენიმე-ჯერ წამოუყენებია ჰაზრი, რომ ქართული გალობა ეკკლესიებში [7]რუსულად შეიცვალოს. ჩემის ფიქრით კი ისენი აგეთ ფიქრში იქნებიან: ქართველების გალობა ერთი კაციღა ყოფილა, ისიც ძლიერ მოხუცებული. მაშ იმის დღეს დიდი ხანი აღარ იქნება და ქვით ქართული გალობა და მათი მიმდევრებიო! შარშანდელი თოვლივით გაუქრებათ ხელიდგან თავიანთი გალობა და მაშინ რას იზმენ თუ მარტო რუსულ გალობას არ ისწავლიანო”. სასიხარულოდ ჩვენდა ეს ასრე არ იქნება: იმერეთშიაც არიან მგალობლები, რომლებსაც, მამა კარბელოვისა არ იყვეს, შეგვიძლია ნამდვილი მგალობლები დავუძახოთ. მახსოვარი მგალობლები იმასაც იტყვიან, რომ სულ ყოველგან რომ გადავარდნილა ქართული გალობა, გურიაში მაინც შენახულა და იქიდგან მობრუნებულაო. ახლაც შენიშნულია, რომ იმერეთში ყოველი ახალი სიმღერები გურიიდგან და ქობულეთის მაზრიდგან ვრცელდება. სჩანს ისინი ყველაზე უფრო მიმდევარნი ყოფილან სიმღერ-გალობისა. ამისთვის ვიქონიოთ იმედი, რომ ქართული გალობა მარტო ერთის კაცის თავში ჯერ კიდევ არ არის ჩამარხული. ღმერთმა კიდევ დიდი დღე მისცეს მამა კარბელოვს, რომ რამოდენიც დაუვალებია, ერთი იმოდენი კიდევ დაავალოს ჩვენს ქვეყანას, - მაგრამ უმათოდაც ქართული გალობა საქართველოში ისრე არ მოისპობა, რომ ”აღარც დამწუნებელი იქმნეს და არც მომწონებელი”. ნამდვილი ქართული გალობა, სადაც არა გგონიათ, იქ მოიძებნება, მხოლოდ ჩვენ ნოტები ვისწავლოთ, რომ გალობის დაწერა შეგვეძლოს და თუ ეს არ იქმნა დაგეთანხმებით, რომ ქართულის გალობის საქმე ცუდად წავა. მაშ ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც ქართული გალობის სადღეგრძელოთ ნოტების შესწავლა უნდა; ის ხუთასი მანეთი და მაზე მეტიც მათ მოვახმაროთ, რომ ჯერ ევროპიული მუსიკა შეისწავლონ (მადლობა ღმერთს თბილისშივე გვაქვს მუზიკალური შკოლა) და მერმე ქართულ გალობას საფუძვლიანად გაეცნონ. მხოლოდ ამ ნაირად საგანგებოთ გაზრდილი შეიძლებს გალობის ნოტებზე ხეირიანად გარდაღებას.

ახლა გარდავალ საკუთრად ამ წერილის საგანზე და მოგებაასებით საზოგადოდ ქართულს გალობაზე იმერეთში.

ჩვენს პატარა სამშობლოში - საქართველოში, როგორც ხალხი, ისრე მისი მეფეები ძლიერ პურადნი ყოფილან. მეფეები თავისი სამეფოის დიდებულთა ძლიერ ხშირად მოიპატიჟებდნენ ნადიმზე. იყო მეფის სიუხვე, გულ-ახდილობა, საჩუქარი და მოლხენა. მოლხენით სხვა და სხვა ნაირად ილხენდნენ მონადიმეები: იყო ჩონგურზედ მომღერალი მშვენიერი ქალები; იყვნენ მეთარეები და სხვა მესაკრავეები და იყვნენ მგალობლები, რომლებიც სამღვთო ლექსებს გალობდნენ და შეაქცევდნენ ჩვენს მეფეებს და მათ დიდებულთა, ასე რომ მგალობლები მარტო ეკკლესიაში არ იყვნენ საჭირონი - მომალხენებიც ისენი იყვნენ. ამ გვარად ამ დროს მგალობლებს დიდი პატივი ჰქონდათ და გალობის ცოდნა დიდ ბედნიერად ხდიდა მცოდნეს. ისწავლიდა თუ არა გალობას ვინმე კარგი ხმის მქონე, თუ გლეხი იყო აზნაურობას შოულობდა მეფის წყალობით და თუ კეთილშობილი იყო - თოფიარაღს იძენდა, ან ცხენს და ან ადგილს და მამულს... დიდი ხანი არ არის, რომ ამ გვარ ბედში იყვნენ ჩვენი მგალობლები. გუშინ წინ მოკვდა და ახლაც არიან ცოცხალნი იმერეთში ისეთი მგალობლები, რომლებსაც თავის თავზე ახსოვთ ეს ყოველივე

მაგრამ მგალობლებისთვის ბედი შეიცვალა. ისეთი წამქეზებელი, როგორც მეფე, მათ აღარ ჰყავთ. მეფე კი არა ამ უკანასკნელს დროს იმერეთში სასულიერო წოდების უფროსის ყურადღებაც მოაკლდათ მგალობლებს. სხვაში ყოველისფერში საქებმა იმერეთის ეპისკოპოზმა ამ მხრით ვერ შეუწყო ხელი ჩვენს საზოგადოებას იმერეთში.

დრო თანდათან იცვლება და სხვა და სხვა ბედ-იღბალს გვიმზადებს, ეს ყოველივე კაცის ცხოვრებას და მისს ხასიათს ცხადად ეტყობა. ჩვენთვისაც ეს ნახევარი საუკუნეზე მეტია დრო შეიცვალა და თან და თან იცვლის ფერს. ამას იმერლების ცხოვრებაზე საზოგადოდ და ხასიათზე განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს. სადაც იმერელი წინეთ პირდაპირ გაივლიდა, ახლა იქ გაძრომას მოინდომებს; უწინდელი პირდაპირი გზა ახლა იმერეთში მიხლაკნილ-მოხლაკნილია. ხასიათის ცვლილებამ იქონია გავლენა გალობაზედაც. ახლა იმერეთში ცხადი გასარჩევია გალობის ძველი და ახალი კილო. უწინდელი პირდაპირი უფრო განწოლილი და ადგილ ადგილ სასმენად სასიამოვნო კილო - ახლა უმეტეს ნაწილად სმენის შემაწუხებელის ხმის თრთოლით არის სავსე. ამ ხმის დახლაკვნას ”ვარჯიშს” ანუ ”გამშვენებას” ეძახიან, და მეც აგრე დავუძახებ. ეს გამშვენება, რასაკვირველია, დაფუძნებულია ძველს კილოზე, რომელიც ყველა მგალობლებისთვის ერთი და [8]იგივეა, მაშინ, როდესაც კილოს გამშვენება კარგს ხმაზეა დამოკიდებული და სხვა და სხვაა. ზევით ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ახალი კილოს საფუძველი ჯერ კიდევ ძველი კილოა; გალობას რომ ვინმე სწავლულობს, უსათუოდ ძველს კილოზე ასწავლიან, - გამშვენება კი თვითონ მოსწავლის საქმეა, მან უნდა უყუროს სხვაგან და სხვაგან და ისრე დაისწავლოს. ამისთვის ახალი კილო ძლიერ შემუშავებულ დაქნილ ხმას თხოულობს. არიან მგალობლები, რომლებიც მარტო ამ მხრით არიან შესანიშნავნი, ე.ი. ძლიერ ტკბილი და დაქნილი ხმა აქვთ; გალობები კი ცოტა იციან. მათ რიცხვში ყველაზე შესამჩნევი არიან გურიაში მოსიმღერე - მგალობელი დ. გუგუნავა და მისი შვილი ს-ნი. არიან მგალობლები, რომელთაც მთელი საგალობელი გალობით იციან, მაგრამ საზოგადოებაში არ გალობენ, რადგან ახალი კილო არ შეუყვარებიათ. ამათ შორის საყურადღებოა დ. ხონში მღვ. ვასილ ქუთათელაძე მგალობლის იღუმენის ვასილის შვილის შვილი და დეკანოზის კიდევ საქები მგალობლის ანტონის შვილი.

ნოტებზე გარდასაღებად ძველი კილო უფრო ადვილია, და რადგან ის არის საფუძველი ახლისა, თუ იქნა, ის უნდა იქნეს გარდაღებული. გალობის ძველ კილოზე მცოდნეები არიან: პირველი მათგანი და უპირველესი მგალობელი იმერეთში პატივსაცემი მოხუცი სიმონ კანდელაკი, ეს არის ერის კაცი; ამ უკანასკნელ წლამდის იმერეთის ეპისკოპოზის მგალობელთა რიცხვში უკეთესი ადგილი ეჭირა. ახლა შეუძლებლობისაგამო იქ აღარ ითვლება. იმის გალობის ცოდნაზე ამის მეტი არა ითქმის რა: ის არის უკეთესი მგალობელი იმერეთში, გურიაში და სამეგრელოში. მხოლოდ როცა მას თანასწორი ამხანაგები ჰყვანდა, ასე იტყოდნენ: სიმონმა ყველაზე უფრო ბევრი ჭრელები (концертъ) იცისო”. თვითონ კი პატივსაცემი მოხუცი პირმოუთვნელად ამბობს: ”დავით ჩხარელს” (გვარად შოთაძე იყო; მშვენიერი მგალობელი დაბა ჩხარიდან) ოცი იმისთანა ჭრელი ჩაჰყვა საფლავშიო, რომ ზევით აღარავის დაგვრჩენიაო”. მეორე საყურადღებო მგალობელი არის მღვ. ვასილ ქუთათელაძე. ერთს კი ვიტყვი ამ მგალობელზე, რომ ისენი ძლიერ კარგს იქმოდნენ, რომ თავიანთ გალობას უფრო ძვირად აფასებდნენ. ყოველთვის ასე არ იქნება, ქართულ გალობას დაუბრუნდება უწინდელი პატივის ცემა1.

ამათ გარდა არიან განთქმულნი მგალობლები, რომლებმაც ორივე კილო საფუძვლიანად იციან, მაგრამ ახალზე გალობენ. გალობის საკეთილ-დღეოთ უფრო კარგი იქნებოდა, რომ ესენიც ძველ კილოს დაუბრუნდებოდნენ და იმაზე იგალობებდნენ. - გურიაში ანტონ დუმბაძე, რომელსაც ძლიერ ტკბილ ხმასაც უქებენ, განსაკუთრებით ბანს და მღვ. ჩხატარაშვილი. იმერეთში: ნიკო მეძმარიაშვილი ამხანაგებითურთ და მეგრელიაში - დიტო ჭალაკანიძე.

რაც შეეხება იმას, რომ იმერულს გალობაში აი-უი, აქა-იქა, აქაია და სხვა ურევიაო, ეს ამოდენადაც საშიშარი არ არის. იმისთვის, რომ კარგი მგალობლები აი-უის არ იძახიან. ეს მხოლოდ იმის ხვედრია, ვისაც ორიოდე რამ უსწავლია და თავი მგალობლად მიაჩნია. ესეც რომ არ იყვეს აი-უი ქართულის გალობის უმთავრეს ნაკლულოვანებას არ შეადგენს, რომ მარტო მითი მთლად გალობა გარყვნილად ჩაითვალოს. მხოლოდ ეს არის რომ იმერელს სხვაზე უფრო ეხერხება აის თქმა ვინემ ხმის ერთ მანძილზე ან-ზე გაჩერება, ეი-ს თქმა, ვინემ ე-ზე გაჩერება და სხვა. მაგალითად ვსთქვათ გალობით მამა უნდა ითქვას და პირველი მარცვალი ერთ დაქტიანია. ზოგიერთი იმერელი მგალობელი კი აგრე იგალობებს: ”მა-ი-ა”, იმის მაგივრად, რომ იგალობოს ”მა”. ეს მიეწერება, მეთქი, უცოდინარეობას. მაინც არ იქნება საზარალო, რომ ზოგიერთი მგალობელი ამ ნაკლულევანებას დააკვირდეს.

ზოგიერთაგან გამიგონია კიდევ, რომ იმერული გალობა სიმღერას გავსო, ეკკლესიას და ლოცვას მაგგვარი გალობა არ შეშვენისო. ამის მთქმელი ნეტა შეადარებდეს რუსულს ობიხოდის გალობას რუსულსავე ახალს გალობას, რომელიც რომელიმე ოპერის ნაწყვეტს ჰგავს. მაშინაც იტყოდა - ოპერა ეკკლესიას არ შეშვენისო?

მაშასადამე, თუ იმერეთში საეკკლესიო გალობა ჯერ კიდევ არსებობს, რა საშუალება უნდა ვიხმაროთ, რომ ეს გალობა მერმისათვის მაინც არ გაგვიქრეს ხელიდგან? - ჩვენ გვმართებს ორი საქმე: პირველი: ქართულს გალობას სამოქლაქო უფლება მიენიჭოს; მეორე: ქართული გალობა ნოტებზე უნდა გადავიღოთ. ქართულის გალობის სამოქალაქო უფლება რაში მდგომარეობს ამას მაგალითით მოგახსენებთ:

[9]დაბა ხონში ამ უკანასკნელ დროს იყო ერთი მშვენიერი მგალობელი სიმონ ფირცხალავა. ეს კაცი იყო კუტი, იჯდა თავის სახლში და ამზადებდა მოსურნეებს მღვდლად, ამასთანავე გალობასაც ასწავლიდა, ვინც მოისურვებდა და განსაკუთრებულ სასყიდელს მისცემდა. გალობის სწავლებას დიდი მეცადინეობა სჭირდებოდა, შესაფერ სასყიდელს მას ვერ აძლევდნენ და ამ გვარად ეს სასარგებლო კაცი თავს ვერ ირჩენდა, ამ დროს იმერეთის ეპისკოპოზად იყო განსვენებული გერმანე გოგოლაშვილი. ამ კაცმა თუ მისმა მოწინავემ - ეს კარგად არ ვიცი - კუტს მგალობელს საეკკლესიო ხაზინიდგან დაუნიშნა სამი თუმანი წელიწადში, მინამ ცოცხალი იქნებოდა. ამ მგალობელმა ბევრს ასწავლა გალობა, ბევრს დავიწყებული გაახსენა, ახლაც ბევრია იმერეთში მისი ნასწავლი მღვდლები და მგალობლები და სხვანი. მისს დროს ხონის სობოროში მწუხრზე და ცისკარზე წიგნი ორჯერაც არ წაიკითხებოდა - სულ გალობა ისმოდა. აგრეთვე ეძლეოდა სამი თუმანი გელათის სობოროში დიმიტრი კანდელაკს; რომელიც ახლაც ცოცხალია. გამოიცვალა გერმანე ეპისკოპოზი და მობძანდა მისს ადგილზე მ. ყ. აწინდელი იმერეთის ეპისკოპოზი გაბრიელი. მისის მოსვლის შემდეგ მისს ქართულ მგალობლებს ცოტა არ იყვეს აეხადათ პატივი; პირველი ადგილი რუსულმა მგალობლებმა დაიჭირეს. ქართულ გალობას ”უფალო შეგვიწყალეს” მეტი თითქმის არაფერი ერგო! სადღაა ქართული გალობით ცისკრის ან მწუხრის ერთიანად გატარება!... წაერთვა სამი თუმანი მოხუცს დიმიტრი კანდელაკს, რომელიც სხვაგან თუ არა გელათს მაინც არ მოაკლებდა ქართულს მგალობლებს. ხონელ სიმონა კუტსაც (ასე ეძახდნენ) წაერთვა სამი თუმანი. სიღარიბეში გარდაიცვალა ის კაცი, რომელიც სასულიერო სემინარიობას ასრულებდა იმერეთში... წართმევია თუ არ ქართულ გალობას სამოქალაქო უფლებაები?! ერთი და ორი არ არის შემდეგი მაგალითები: ქუთაისს სობოროში ქართული მგალობლები ორ პირად გალობენ, როცა წირვა ქართულად სრულდება. ამ დროს საიდგანღაც გაჩნდება რუსული გალობით დაგვიანებული რელენტი და თვალ და ხელს შუა წაართმევს გალობას ქართულ მგალობლებს. ქართული მგალობლები იძულებული არიან ეკკლესიიდგან გარედ გაიპარონ და მახლობელ ეკკლესიაში განაგრძონ თავიანთი გალობა.

მეორე საშუალება - გალობის ნოტებზე გადაღებაა. როგორც ზევით მოგახსენეთ ამ აზრის მისახწევათ საჭიროა განგებ აღზრდილი მოსურნე და ნიჭიერი ახალგაზრდები. საყველ-პუროთ ეს საქმე არ გაკეთდება. პირველი საშუალება - ფულია საჭირო. ამ მხრით მაგალითი მოგვცა მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. მივბაძოთ მას!

------------------------------------------------------------------------------------------

1 - ამბობენ, რომ ეს მგალობელი თურმე აგრე ხუმრობს: ”ხუთ მანეთს ვინც მომცემს, ჩემ გალობას ახლავე მივჰყიდიო”.


ლ. ივერიელი

19 აგვისტო 1878 წ.


გაზეთი "ივერია", 1878 წ. 5 ოქტომბერი, №39

ქართული საეკლესიო გალობა

[5]ჯვართ ამაღლების დღეს, 14 ენკენისთვეს სიონში ქართული წირვა და გალობა იყო. ამ იშვიათმა ამბავმა საკმაოდ ხალხი მიიზიდა ეკკლესიაში. ხალხი დიდის მოწიწებით და რაღაცა აღტაცების მსგავსის მხურვალებით ისმენდა წირვასა გალობის დასრულებამდე. ან რა გასაკვირველია. დიდი ხანია, რომ დღესასწაულს, უქმე დღეს ასე გაშინჯეთ, მეფე დავით აღმაშენებლის და წმინდა ნინოს დღესასწაულს დღეებშიაც კი სიონში ქართული წირვა აღარ არის. ამას გარდა ქალაქში საქართველოს, სატახტო ქალაქში, რამდენსამე მართლ-მადიდებელთ ეკკლესიებში რუსული გალობა და მგალობლების დასი გაიმართა; სომხებმა თავიანთ ეკკლესიებში გალობა გაამშვენიერეს, ფრანგების ეკკლესიაში, ასე გაშინჯეთ, ევროპის კომპოზიტორების შეწყობილ წირვას გალობენ ქალაქის პატარა ბიჭები (ფრანგის შკოლის შეგირდები) და ქართული გალობა კი გაქრა, ის ქართული გალობა, რომელიც ხალხის კილოზე შემუშავდა და ათასის წლის განმავლობაში საქართველოს ტაძრებში, მონასტრებში და მეჯლისებშიაც კი გაისმოდა. საქართველოში ქართული გალობა თითქმის დავიწყებულ იქმნა! საკვირველათ არ უნდა მიგვაჩნდეს ის გარემოება, რომ ქალაქის ხალხი სიყვარულით და სიხარულით შეიკრიბა ეკკლესიაში თავისის საკუთარის გალობის მოსასმენლათა.

ამ გალობის თაობაზე საკმაოდ ლაპარაკი აღიძრა წრეულს ქართულს მწერლობაში. ”დროებაში” და ”ივერიაში”. საკმაოდ ლაპარაკი იყო მას შემდეგ, რაც ფრიად პატივცემულმა ჩვენმა მწყემსთ-მთავარმა ყოვლად უსამღვდელოესმა ალექსანდრემ ორმოცდ-და-ათი თუმანი დანიშნა ქართულის გალობის ნოტების დაწერისათვის. ასე იცის კეთილმა საქმემ ნაყოფის გამოღება. ბევრი რამ ითქვა და სხვათა შორის გალობა როგორ დაწერილ იქმნას, რა კილოზე და სხვა. ბოლოს ყოვლად უსამღვდელოესის ალექსანდრეს თაოსნობით და არხიმანდრიტის მაკარის შემწეობით სიონში ეს გალობა დაინიშნა და ამისათვის გურიიდამ დაბარებულ იქმნა მგალობელი.

გალობა სიონში ორის დასისა იყო: მარცხნივ (ჩრდილოეთით), სადაც მუდამ მგალობლები დგანან, მაღლობ ტახტზე იდგა ერთი გუნდი ქართლ-კახეთის კილოთი მგალობლებისა, მარჯვნივ (სამხრეთით) იდგა დაბლა მეორე გუნდი გურულებისა, რომელიც იმერეთ-გურიის კილოთი გალობდა. ქართლ-კახეთის დასში ხუთი თუ ექვსი კაცი იყო და იმერეთის დასში სამი თუ ოთხი; სამწირველოში გალობის დროს ამ მეორე დასიდამ უნდა გასულიყვნენ. ამ გარემოების მიზეზით ძნელი შესადარებელი იყო ამ ორთა დასის გალობა. მიზეზი, როგორცა ვთქვით, იყო მეტ-ნაკლებობა ერთი და მაღლა და დაბლა დგომა მეორე, კიდევ იყო მესამეცა, ისა რომ ქართლ-კახეთის მგალობლები სულ ყმაწვილი კაცები იყვნენ (მათში ორნი კარბელაშვილნი) და გურულებში უფრო ხნიანნი და ერთი მოხუცებული მღვდელი.

პირველი ხმა (დაძახილი) უფრო მაღალი იყო მეორეს გუნდისაზე, მეორე ხმა (მოძახილი) აგრეთვე მაღალი და ბოხი, ვიდრე მეორე გუნდისა და ბანი პირველს გუნდს უფრო მეტი ჰქონდა. მეორე გუნდში ბანი ძლივს ისმოდა ხმის სისუსტისა და მგალობლების ნაკლებობის გამო.

ორსავე დასს ეტყობოდა, ცდილობდნენ, რომ გალობა კარგა შეწყობით გამოსულიყო, მაგრამ სჩანდა, რომ წინათ მომზადება, რეპეტიციები არა ჰქონდათ. დარწმუნებული ვართ, რომ წინათ გამართული ოთხიოდე რეპეტიცია მათს გალობას ერთი ორათ უფრო მშვენივრად გამოიყვანდა.

გადავიდეთ თვით გალობის კილოს განხილვაზე.

ორსავე (ქართლ-კახური და იმერეთ-გურიის) გალობის ძირითადი ხმები (მოტივები) ერთი და იგივეა. მაგრამ ხმის ამაღლება და დადაბლება, დაკლაკვნა და გადასვლა ორსავ გალობას შესამჩნევად ერთმანეთისაგანა ჰყოფს და ერთმანეთში ასხვაფერებს. ქართლ-კახეთის გალობა სრულის გაღებულის პირით იგალობება; იმერეთ-გურული კი ღიღინით, გუგუნით ცოტათი ცხვირში, და [6]ამასთანავე ხმის რეკით, თითქოს დიდ-პარასკევის ზარები რეკდესო.

ხმის შეწყობითა და ჰარმონიით განსხვავება ცხადია ქართლ-კახეთის გალობა წარმოგიდგენსთ აღმატს, ამამაღლებელს, სასიხარულოს და სადღესასწაულო ღაღადებას; იმერეთ-გურული გალობა კი ღრმას, უსამზღვროს, საიდუმლოს, შორეულს, დამდაბლებულს, მოწიწებულს გრძნობას. იმერეთ-გურულს გალობაზე ამბობდნენ, ”იაია” ძალიან ბევრიაო. იმას კი ყურადღებას არ აქცევენ, რა ხმები არის ამ ”იაიას” გალობაში: ეს მთელი ზღვაა ხმებისა, რომელშიაც, როგორც ზვირთი ძლიერი იბადება და ბოლოს ინთქმის თვალ-გაუწვდენელს ზღვაშია, ისე გრძნობის ზვირთები ერთმანეთსა სდევენ, მიდიან და მიაქვთ კაცის გონება სადღაცა უსამზღვრო საიდუმლოებაში. თავდება ამ დასის ხმები და მოისმის ქართლ-კახეთის დასის გალობა. წინა ხმებით საღმთო სიღრმეში ჩანთქმული კაცის ოცნება გამოჰყავს სამხიარულო სადღესასწაულო და გამარჯვებულს ღაღადებას, თითქოს ფრთა შეასხა და ძლევა-მოსილ დიდებაში შეიყვანაო.

აი რა დიდი განსხვავებაა ამ ორს გალობაში. მე ეს შთაბეჭდილება მივიღე. ბევრისგან გავიგონეთ, რომ გურული გალობა სჯობსო, უფრო მომატებულისაგან - ქართლ-კახეთისაო. მაგრამ განსხვავებას ყველანი ხედავენ. მარტო ”დროებამ” ვერ დაინახა, მაშასადამე ნოტები ორსავე კილოს გალობისა უნდა დაიწეროს უეჭველად და უეჭველად.

მაგრამ ამ ფიქრში ეს აზრები მომდის: 1) რომელ მგალობლების გალობით უნდა დაიწეროს. 2) ვინ უნდა დასწეროს, და რა ნოტებით დაიწეროს.

პირველად ძალიან საჭიროა კარგი გამოკითხვა ყველგან, თუ ეკკლესიებში, მღვდლებში, აგრეთვე მონასტრის ბერებში, ამას გარდა ერის-კაცებში ბევრნი არიან იმერეთს, გურიას, სამეგრელოს და რაჭას ერის-კაცნი ეკკლესიის გალობის მცოდნენი. ქართლ-კახეთში ერის-კაცებში ძალიან ცოტა მცოდნენი მოიპოვებენ, მაგრამ გამოკითხვა აქაც საჭიროა. ამ გვარათ გამოკითხვის შემდეგ არჩეული მგალობლები უნდა მოწვეულ იქმნენ და მათ ორი ზემოხსენებული დასი შეადგინონ მგალობლებისა. წინათ მოამზადონ რეპეტიციებით საგალობელი და კარგა შეწყობის შემდეგ დააწერინონ. რასაკვირველია ამ კაცების ქალაქში მოწვევას და ცხოვრებას ხარჯი უნდა. ამაზე ქვემოთ მოვიხსენებთ.

მეორე ამოსარჩევი საგანი, ნოტების დაწერა და დამწერია. ნოტების დაწერა ისეთი ადვილი რამ არ არის, როგორც ჩვენებურს რეგენტებსა ჰგონიათ; ნოტის წერისათვის დიდი და ვრცელი მუზიკალური შკოლის ცოდნაა საჭირო. არიან ერთგვარნი მგალობელნი, ანუ მუზიკის მცოდნენი, რომ ნოტებსა სწერენ, თვითონა გალობენ და ასე გაშინჯეთ, ვითომ სხვებსაც ამ ნოტებით ასწავლიან, მაგრამ დიდი შეცდომაა. გვინახავს ამ გვარათ ევროპიელის ნაწერი ნოტები, რომელიც მეორეს მცოდნეს ვერ გაურჩევია, ან გალობისათვის და ან დაკვრისათვის. თუ კი ევროპიულს დამკვრელებში და მომღერლებში არიან ამასთან თავის იმედის მქონენი, ჩვენში ხომ უფრო იქნებიან. ამის გამო საჭიროა კარგი მცოდნე მუზიკისა და ნოტების წერისა, რომელსაც მართლა და ნამდვილი სწავლა მიუღია. ჩვენს საქართველოს შვილებში ვიცნობთ მუზიკის მცოდნეს უფ. ხარლამპი სავანელს. ქალაქის თეატრის ორკესტრშიაც მოიპოვებიან ორიოდე მცოდნე კაცი. ამათი მოწვევა უეჭველად საჭირო იქმნება. არა თუ შესწორება, ან ნაკლულევანებისა ჩვენება, ანუ სხვებისაგან დაწერილის ნოტების გაშინჯვა უნდა მივანდოთ იმათა, არამედ პირდაპირ წერა იმათ უნდა ვაკისრებინოთ.

მცოდნე კაცების მოწვევა საჭიროა არა მარტო ამ გარემოების გამო, რომ ნოტების წერა საზოგადოთ ძნელია. სხვა გარემოებაც მოითხოვს. ვისაც მუზიკისა და გალობისათვის ყური მიუჩვევია, ის ადვილად განარჩევს ევროპიულს მუზიკას, გალობას, ჩვენის ქართულისაგან, ნოტების ანბანი ევროპიულის ხმებისა და მუზიკისათვის არის შემოღებული. ქართულს საკრავში, გალობაში ანუ სიმღერაში ისეთი ხმებია, რომლისთვისაც ევროპიული ნოტები არ არის. სწორედ ამ გვარად, როგორც ქართული ასო ”ყ” და ”ჭ” არც ერთს ევროპიულს ანბანში არ არის. ამ ცალკე ასოებს გარდა ხმების შეწყობას, შეთანხმებასაც განსხვავებული კანონი აქვს ქართულს ევროპიულისაგან.

ახლა ვიკითხოთ ამისთანა სიძნელის მორევა ვის შეუძლია. თუ არ კარგს ნასწავლს მცოდნესა და დახელოვნებულსა. ცხადია, რომ უბრალო რეგენტები ვერსა ღონისძიებით ქართულის ნოტების წერას ვერ შეიძლებენ, ამაზე დახარჯული ფული ამაოდ ჩაივლის და ისევე უნოტებოთ დავრჩებით.

ამ საგანზე ასე ბეჯითად ლაპარაკი ამიტომ გავაგრძელეთ, რომ რამდენჯერმე სხვა და სხვა დროს ლაპა[7]რაკი იყო, ეს ამან დასწერა ნოტებიო, ეს იმანაო და ყველაზე საინტერესო კი იყო, ის ნაწერი ნოტები გამოდგა, თუ არა? დააკვრევინეს ან აგალობეს იმისთანა კაცსა, ვისაც ქართული არც გალობა გაუგონია და არც ქართული ენა იცის, თუ არა? მაგალითად, რომელიმე იტალიელი აქაურის თეატრის ორკესტრიდამ მიუწვევიათ თუ არა იმის დამწერებსა, რომ ან ეგალობებინათ, ან დაეკვრევინებინათ?

ჩვენის აზრით თვით გალობის გაშინჯვა და ნოტების დაწერის თადარიგის დაწყებაშივე მუზიკის კარგი მცოდნე კაცების მოწვევა არის საჭირო. ჩვენ არ ვიცით მოუწვევიათ ვინმე თუ არა, მხოლოდ სასურველი კი არის, რომ ამ საქმეში უფალი სავანელი დაესწრას. უფალი სავანელი მუზიკისათვის ქალაქში პატივსაცემი მოღვაწეა და სამუზიკო შკოლისათვის სვინდისიერათა შრომობს. ამასთანავე, რამდენათაც ვიცით, მოწადინებულია ქართული სახალხო მოტივები ნოტებით დასწეროს და, როგორც იმისის ბეჯითობისაგან ვიცით, დასწერს კიდეცა. თვითონ ქართველი კაცია და, რასაკვირველია, ქართულს გალობასაც გულს დაუდებს.

რაც ზემოთ მოვიხსენეთ, ამაზე ბოლოს იქნება გვითხრან: ეგ ყველა კეთილიო, მაგრამ ყველას ხარჯი მოუნდებაო და აბა, ღონისძიება სად არისო. ეს, რასაკვირველია, საფიქრებელია, მაგრამ მგონია ამისი მოპოვებაც ადვილად შეიძლება, ამ ღონისძიებისათვის პირველი მაგალითი მოგვცა ყოვლად უსამღვდელოესმა ალექსანდრემ ორმოც-და-ათის თუმნის შეწირვითა, - ახლა საჭიროა ამ მაგალითს მივბაძოთ და შეძლებისა დაგვარად შევსწიროთ ამავე საგნისათვის. ამისათვის ერის-კაცებში ხელის-მოწერა რომ გაიმართოს, კარგი იქნება. და ამისათვის ჩვენს თხოვნას გამოვუცხადებთ ყოვლად უსამღვდელოესს ალექსანდრეს, რომ მან იკისროს ესე საქმე. მოიმედენი ვართ, რომ სხვანი უსამღვდელოესნიც: იმერეთისა, გურიისა და სამეგრელოსი ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებენ.

ამ ხელის-მოწერით ერთი ასიოდე თუმანი კიდევ როგორ არ შეიკრიბება, რომ ქართულ გალობის საქმე თავს მოვიდეს?

პ. უ.


გაზეთი "ივერია", 1878 წ. 2 ნოემბერი, №43

კიდევ ქართულს გალობაზე

[7]მის შემდეგ, რაც ყოვლად სამღვდელომ, გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ხუთასი მანეთი შეჰსწირა ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღების სასარგებლოდ, მის შემდეგ მეთქი, გახშირდა ლაპარაკი ”ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღებაზე”. ამისათვის ჩვენ თამამად ვიტყვით, რომ ქართულის გალობის აღდგენის თაოსნობა მის ყოვლადსამღვდელოესობას ალექსანდრეს ეკუთვნის. გარდა ”დროებისა” ”ივერიაში” ხსენებულს საგანზე დაიბეჭდა ოთხი წერილი: უფ. ქართველისა №8-ში, უფ. არაგველისა №17, უფ. ივერიელისა №38 და პ. უ. №39. საჭიროდ არა ვრაცხ ამ წერილში მოვიყვანო თითოეულის აზრი ხსენებულს საგანზე, რადგანაც, იმედი მაქვს, ”ივერიის” მკითხველს ეხსომება თვითოეულის მათგანის შეხედულობა გალობაზე და მის ნოტებზე გადაღებაზე. მაგრამ აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ რადგანაც უფ. პ. უ. წერილში (”ივერია” №39), ჩვენის აზრით, ზოგიერთი შემცდარი შეხედულება დავინახეთ მუზიკაზე და ნოტების ანბანზე. არ შეგვიძლიან ისინი უყურადღებოდ და შეუნიშვნელად დავსტოვოთ. უფ. პ. უ. წერილი უკაკნასკნელია ხსენებულ საგანზე (ე.ი. სხვა წერილთა შორის უახლესია). უფ. პ. უ. შეუდარებია ქართლ-კახეთის გალობა იმერულ-გურულს გალობასთან და შეუნიშნავს, რომ ”ძირითადი ხმები (კილო) ერთი და იგივეა ორსავე გალობაში, მაგრამ ხმის ამაღლება და დადაბლება, დაკლაკვნა და გადასვლა, ორსავ გალობას შესამჩნევად ერთმანეთისაგან ჰყოფს და ერთმანეთში ასხვაფერებს”... როგორც ჰხედავთ, უფ. პ. უ. შეუმჩნევია - ”ძირითადი ხმები (კილო) ორსავე გალობაში ერთი და იგივეაო” და შემდეგ კი ამბობს: ”ნოტები ორსავე კილოს გალობისა (რა არის კილოს გალობა? - არ მესმის!!) უნდა დაიწეროსო უეჭველად და უეჭველადაო”. ამ აზრში ჩვენ ვერ დავეთანხმებით ავტორს. თუ ძირითადი ხმები ერთი და იგივეა ორსავე გალობაში, ნუ თუ არ შეიძლება ხმის სხვა-და-სხვა ამაღლება და დადაბლება ორსავე გალობაში შეთანხმდეს და დარჩეს ძველი, ძირითადი, ნამდვილი კილო ქართულის გალობისა? ჩვენის აზრით - შეიძლება. შეიძლება მით უმეტეს, რომ მ.გ. კარბელოვის გალობა, როგორც თვითონ მ. კარბელოვი ამბობს, გურიიდგან არის გადმოტანილი და, როგორც უფ. ივერიელი ამბობს, თუ მართალია, იმერეთ-გურულს ძველს მგალობლებს ”აი”, ”უი” არ ემჩნევათ და იგინი არიან მიმატებულნი მხოლოდ ახალის მგალობლებისაგან, ვითომ გასამშვენებლად, - ცხადია, რომ მ. კარბელოვის გალობა და ”ძველი” გურულის მგალობლების ძრიელ მიმსგავსებულნი იქმნებიან ერთმანეთთან. ამისათვის, ვამბობთ ჩვენ, სრულებით არ არის საჭირო ორსავე გალობის გადადება ნოტებზე. ერთის სიტყვით, უნდა გადაიღოს ნოტებზე მხოლოდ ერთი კილო გალობისა, ის კილო, რომელიც არის ნამდვილი ძირითადი ქართული კილო, რომელიც, ვგონებთ ჩვენ, ჯერ არ დაკარგულა... წინააღმდეგ ამისა, ორის გალობის ნოტები კი არ უნდა დაიწეროს მხოლოდ, უნდა დაიწეროს ბევრის, რადგანაც საქართველოში მხოლოდ ორს კილოზედ არა გალობენ. ჯერ ქართლ-კახეთში ოთხი-ხუთი კილოა... მით უმეტეს საჭიროა მხოლოდ ერთს კილოზედ გალობა, რომ, თუ ვინც იცის გალობის პედაგოგიური მნიშვნელობა, იგი ულბილებს და უკეთილშობილებს ხასიათს ხალხსა, იგი აკავშირებს ერთმანეთთან ხალხსა... ერთის მხრით საზოგადო გალობით შეიძლება შეკავშირება იმ ჩვენის ხალხის სხვა-და-სხვა ნაწილებისა, რომელნიც ამ ჟამად განშორებულნი არიან ”ხასიათით...”

უფ. პ. უ. შეუდგება ამ კითხვის განმარტებას, თუ რომელის მგალობლების გალობით და რა ნოტებით, [8]უნდა დაიწეროს ქართული გალობა”. ავტორის აზრით ”ქართულს საკრავებში და სიმღერებში ისეთი ხმებია, რომლისათვისაც ევროპიელი ნოტები არ არის (საკმაო?) სწორედ ამ გვარად, როგორც ქართული ასო ყ და ჭ არც ერთს ევროპიელს ანბანში არ არის...” ამის პასუხი მოკლეა: თუ ქართულის სიმღერების ხმებისათვის ევროპიელი ნოტები საკმაონი არ არიან, მაშ უფ. მ. მაჭავარიანმა როგორ გადიღო ქართული სიმღერები იმ ნოტებზე, რომელთაც თქვენა სცოტაობთ ქართულის სიმღერების გადასაღებად? ნუ თუ უფ. მაჭავარიანმა ”ქართული ნოტებიც” მოიგონა? გარდა ამისა უფ. პ. უ. ამბობს: ”ვისაც მუზიკისა და გალობისათვის თვალ-ყური მიუჩვევია, ის ადვილად განარჩევს ევროპიულს მუზიკას, გალობას, ჩვენის ქართულისაგან”; მართალია, მაგრამ რა გამოდის აქედგან? განა თვით ევროპის თითოეულის ხალხის მუზიკა და გალობა კი არ განირჩევიან ერთმანეთიდგან?

”ნოტების ანბანი ევროპიულის ხმებისა და მუზიკისთვის არის შემოღებულიო”, ამბობს კიდევ პ. უ. ცხადია, რომ უფ. პ. უ. ვერაფრად სცოდნია გალობის ანუ სიმღერის კანონები, თორემ მოყვანილს აზრს იგი ისე გაბედვით და თამამად არ იტყოდა. თუ ევროპიული ნოტების ანბანი საკმაო არ არის გალობისათვის, მაშ სხვა-და-სხვა ხალხებს სხვა-და-სხვა კანონები ჰქონიათ ტონების ხმების გამოცვლაში, ხმის ამაღლებ-დადაბლებაში. ნუ თუ უფ. პ. უ. ჰგონია, რომ ასოს გამოთქმას და ხმის ამაღლებ-დადაბლებას ერთი და იგივე კანონი აქვს? არა. შეიძლება ფრანციელმა ვერ გამოსთქვას ქართული ასო ყ და ჭ, მაგრამ იგი მშვენივრად იგალობებს (გალობის ნოტების მცოდნე) ქართულის სიმღერის კილოს, როგორიც უნდა იყოს, ასოებზე - ანბანზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ხალხს თვისი საკუთარი ნოტის ანბანი და მუზიკის კანონები ექმნებოდა, რადგანაც ევროპაში ყველა ხალხს არც ერთნაირი (გამოთქმა) - ანბანი აქვს და არც ერთნაირი კილო მუზიკისა. პ. უ.-ის აზრიდგან ის დასკვნაც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ რადგანაც ბერძნებს მხოლოდ 19 ასო აქვთ ანბანში, ნოტების ანბანიც მოკლე უნდა ქონდეთ. კილო აქვს და არა საკუთარი მუზიკის კანონები და ნოტების ანბანი. მუზიკის კანონები და ნოტების ანბანი ერთი და იგივეა ყველა ხალხებისათვის - ევროპიელისათვისაც და აზიელებისათვისაც, მუზიკის კანონები და ნოტების ანბანი ისეთნაირად არიან შედგენილნი, რომ რა ხასიათისაც უნდა იყვნენ გალობა და სიმღერა საკმაონი არიან იგინი (კანონები და ანბანი) ხმების გამოსახატავად. ამისათვის ევროპიულის ნოტების ანბანი და მუზიკის კანონები საკმაონი არიან ქართულის  გალობის გადასაღებადაც; არც ახალის მუზიკის კანონები დაგვჭირდება ჩვენ, არც ახალის ნოტების ანბანი ქართულის გალობის გადაღებისათვის. ვიმეორებ: ევროპიულისა და ქართულის გალობის სხვა-და-სხვაობა სრულიად არ ამტკიცებს, ვითომ მუზიკის კანონებიც განსხვავდებიან. მე ვეთანხმები უფ. პ. უ. იმ აზრზე, რომ გალობის გადამღებმა კარგად (სპეციალურად) უნდა იცოდეს მუზიკის კანონები, მაგრამ ჩვენის აზრით მხოლოდ მუზიკის კარგად ცოდნა საკმაო არ არის გალობის ნოტებზე გადაღებისათვის: გადამღებმა აგრეთვე კარგად უნდა იცოდეს ქართული გალობაც; წინააღმდეგ ამისა ნამდვილად გადაღება ქართულის გალობისა ძნელია - თითქმის შეუძლებელიც. ამ უკანასკნელის აზრის დასამტკიცებლად ჩვენ წარმოვადგენთ სომხურის გალობის ნოტებზე გადაღებას ერთის იტალიელის მიერ, რომელმაც სომხურს გალობას თითქმის დაუკარგა ნაციონალური (ხალხური - მშობლიური) ხასიათი იტალიანურის კილოს დამატებით... ამ ჟამად ”გადამღებლად” ვერავის ვაღვიარებთ ჩვენში (ქართლ-კახეთში მაინც), ”უფ. სავანელმა იცის კარგად მუზიკის კანონებიო”. მართალია, მაგრამ თუ ამასთანავე უფ. სავანელმა  თვით ქართული გალობაც არ იცის  (ამისი რა მოგახსენოთ) არა გამოვა რა. ჩვენის მხრით ვიტყვით, რომ ამ მიზნისათვის უნდა გაიგზავნოს ერთი თუ რამდენიმე ახალგაზდა ქართველი კონსერვატორიაში (გალობის უმაღლესს სასწავლებელში), რომელმანც ქართული გალობა თუ ძალიან კარგად - სრულიად არა - რამოდენადმე იცოდეს, რომ გადაღებაში ქართული ხალხური ხასიათი და კილო არ შესცვალოს. რამდენიმე ამ გვარი პირები შემიძლიან დავასახელო, ქართლ-კახეთში მყოფთა შორის. ისეთი პირებიც მოიპოვებიან ჩვენში (ქართლ-კახეთში), რომელთაც გვარიანად იციან ნოტებზე გალობა და რამდენადმე ქართული გალობაც. ყველა დამეთანხმება, რომ ამ უკანასკნელ ყმაწვილ-კაცებს უფრო უნდა მიეცეთ უპირატესობა, რადგანაც იგინი უფრო ადვილად შეისწავლიან მუზიკის კანონებს და აგრეთვე თვით ქართულს გალობასაც, რადგანაც მათ საკმაოდა აქვთ სმენა გალობისა გახსნილი. მაგალითად, მე შემიძლიან დავუსახელო საზოგადოებას, [9]ძმები კარბელოვები (მ. გ. კარბელოვის შვილები), რომელთაც ქართული გალობა კარგად, უკეთესად იციან, ნოტები კი, საუბედუროდ, არა. ძმები ციმციევები, რომელთაც ნოტებზე გალობა გვარიანად იციან და ქართულიც რამდენადმე. უფროსი მათგანი, უფ. აპოლლონ ციმციევი სამი წელიწადი იტალიანურის ოპერის გუნდშიაც გალობდა და შემიძლიან თამამად ვსთქვა, ნოტებს კარგად კითხულობს. იგი ამ ჟამად იმყოფება ქ. გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის მასწავლებლად. მეორე ძმა, რომან ციმციევი თელავის სასულიერო სასწავლებელშია გალობის მასწავლებლად. ამ უკანასკნელმაც გვარიანად იცის ნოტები და ქართული გალობაც მე მითხრეს, რომ უფ. რ. ც. ”რომელი ქერუბიმთა” გადაიღო ნოტებზე და ეკკლესიაშიც აგალობებს თავის მოწაფეებსაო. ქართული სიმღერებიც ჰქონია 30-მდის გადაღებული ნოტებზე და უფ. როჟნოვის ”ნოტების ანბანიც” გადუთარგმნია ქართულად, სახალხო სიმღერები და უფ. როჟნოვის ”ნოტების ანბანიც” გადაუთარგმნია ქართულად, სახალხო სიმღერები და უფ. როჟინოვის ”ნოტების ანბანი” თ. ი. ჭავჭავაძისათვის გარდაუცია 1877 წელში და ეხლაც იმას აქვს თურმე თ. ი. ჭ. გაუშინჯვინებია და შესწორება დასჭირებია, მაგრამ უფ. რ. ც. შეუძლებლობისა გამო ვერ ჩასულა ქალაქში, რომ შეასწოროს იგინი (სიმღერები), თორემ აქამდინაც დაიბეჭდებოდა თურმე. თუ კი უფ. რ. ც. მცირეს ცოდნით დაუწყვია შრომა ქართულის კილოების ნოტებზე გადაღებისათვის, ცხადია, რომ მას უნდა უყვარდეს მუზიკა და თვით ქართული კილოც. ამისათვის, ამ უკანასკნელს რომ გაგზავნიდეს საზოგადოება მუზიკის შესასწავლად მოსკოვში, პეტერბურღში, ანუ ვარშავაში, (მხოლოდ ამ ქალაქებში არსებობენ კონსერვატორიები), ძალიან კარგს იზამდა; მით უმეტეს, რომ თვითონ რ. ც. ძრიელა სურს ქართულს გალობას და საზოგადოდ მუზიკას შესწიროს თვისი სიცოცხლე. იმედია, რომ ამ წერილს ყურადღებას მიაქცევს საზოგადოება. - თუ კი მხატვრობის შესასწავლად საზოგადოებამ რამდენიმე ახალ-გაზრდა ქართველი გაგზავნა სამზღვარს გარეთ, ნუ თუ ქართულის მოტივების (კილოების) ნოტებზე გადაღება მხატვრობაზე ნაკლებად ყურადღების ღირსი და სასარგებლოა, რომ ერთი ახალ-გაზრდა ქართველი მაინც არ გაგზავნოს საზოგადოებამ თავის ხარჯით, თავისავე სასარგებლოდ?! დროა საქმეს შევუდგეთ. აქამდინაც გვეყო მოცდა.

 

ქართულის გალობის მოყვარე

გაზეთი "ივერია", 1878 წ. 9 ნოემბერი, №44

რამდენიმე შენიშვნა ქართულის გალობის ნოტებზე გადაღებისათვის

[8]”ივერიის” 39 ნომერში დაბეჭდილი იყო (დაწერის ორი კვირის შემდეგ) ჩემი სტატია, საეკკლესიო გალობაზე, რომელიც სიონის სობოროში მოვისმინე და ამ სტატიაში მოვიხსენე რა არი საჭირო გალობის ნოტებზე გადაღებისათვის. ორი რამ მოვიხსენეთ: 1) რომელ მგალობლების გალობა უნდა დაიწეროს და 2) ვინ უნდა დასწეროს, და რა ნოტებით დაიწეროს.

პირველ წინადადებაზე ვთქვით, რომ არჩეული მგალობლების გალობა უნდა დაიწეროს და მეორეზე ვთქვით, კარგმა ნასწავლმა უნდა დასწეროს მეთქი.

ახლა 43 ნომერში სტატია წავიკითხეთ ”კიდევ ქართულს გალობაზე” უფ. ქართული გალობის მოყვარესი და გვიკვრის იმისი გაჭრელებული ლაპარაკის კილო. ჩვენა ვთქვით გურულ-იმერულის გალობაც უნდა დაიწეროს და ქართლ-კახეთისაც, რადგანაც განსხვავებაა მათში. ცხადია, რომ კარგის შეტყობისათვის ყოველი განსხვავება უნდა იწერებოდეს. უფ. გალობის მოყვარე ამბობს, არაო; [9]ყველა გალობისაგან ერთი უნდა შესდგესო და ერთი ნოტები დაიწეროსო. საიდამ შეიძლება შესდგეს ერთის მართლა ნამდვილის (როგორც უწოდებს უფ. გალობის მოყვარე), თუ კი სხვა და სხვა კილო არ იქნება ნოტებზე გადაღებული? მაგრამ საქმე ის არის რომ ეს სულ ამაო ლაპარაკია. გამოცდით გამოჩნდა, რომ ქართლ-კახეთში წირვის მეტი არა სცოდნიათ რა და ქართული ყველა გალობის მცოდნენი მხოლოდ იმერეთ-გურიაში დარჩენილან. ქალაქში მგალობლების მოწვევისაგან ეს გამოჩნდა.

ამის შემდეგ გადადის უფ. მოყვარე იმ საგანზე, რა ნოტებით უნდა დაიწეროსო; ჩემ აზრს ასხვაფერებს, ვითომც მე მითქვამს, რომ ევროპიული ნოტები ჩვენთვის არ გამოდგებოდეს. ამაზე ვრცელ, გაზვიადებულ და გაჭიანურებულ ლაპარაკს შესდგომია და ვითომ ამტკიცებს, ევროპიული ნოტებით უნდა დაიწეროსო. მე რო ვთქვი, ნოტების ანბანი ევროპიულის ხმებისთვის არის დაწერილი მეთქი, ამით ის კი არ მინდოდა მეთქვა, რომ ქართულისთვის არ გამოდგება. არა, მე ისა ვთქვი, რომ ევროპიულ ნოტებში არ არის ისეთი ნიშნები, ასოები, რომელიც გამომხატველი იყოს ზოგიერთის ქართულის ტონებისა. ევროპიული ნოტები გამოდგება და უნდა ის ვიხმაროთ, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგი ტონები ქართულის გალობისა თუ სიმღერისა ნამდვილათ არ იქნება დარჩენილი ამ ნოტებში. ევროპიული ხალხები სხვა ტონებს არ ხმარობენ ნაკლებ ნახევარ ტონებისა: მხოლოდ იქაურ მთის ხალხების სიმღერაში ისმის მეოთხედის ტონები. თუ სიმღერით არ ისწავლა ვინმემ, ნოტებით ვერ წაიკითხავს იმ სიმღერასა, რადგან არ არის მეოთხედი ტონის აღმნიშვნელი ნოტები. ჩვენს ქართულ გალობაში და სიმღერაში ყველგან გავრცელებულია მეოთხედი ტონები. მეოთხედია ტონი, რომელიც ნახევარ ტონით ან ტრელით უნდა გამოიხატებოდეს ნოტებითა, ამისთვის მუზიკის კარგი მცოდნე უნდა. აგრეთვე კარგი მცოდნე უნდა, რომ შეიტყოს საზოგადოთ ქართულის გალობის და სიმღერების ხმის შეწყობა, კილო რომელია: ძველი ბერძნული, ეხლანდელი ევროპიული, თუ სხვა რომელი? მარტო რო ვთქვათ ევროპიულიო, ეგ ძალიან მოკლე თქმაა და მაგაზე დამყარებით ქართულ გალობის წერა, ხეპრეული წერა იქნება. აი უფ. გალობის მოყვარეს ესენი უნდა სცოდნოდა, როდესაც ბერძნულ ანბანზე, და ჭ-ზე ლაპარაკობდა და ამბობდა, მაშ ამა და ამან ქართული გალობა როგორ გადაიღო ნოტებზედა, თითქოს ერთის კაცის ნოტების დაწერა საბუთი იყოს. ყველაფრის დაწერა შეიძლება, სიტყვა ის არის, როგორ რა დასწერა.

ამაზე ლაპარაკის გავრცელება არა ღირდა. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა, რომ გალობის წერის დროს ძალიან მხედველობაში მიეღოთ მუზიკის კარგი მცოდნეს მოპოება. ამას ყურადღება იმიტომ მივაქციეთ, რომ ჩვენში ბევრნი არიან კილოკავად ნოტების მცოდნენი და ეს ცოდნა საკმაოდ ჰგონიათ გალობის ნოტებზე გადაღებისათვის. გვეფიქრებოდა ყოვლად უსამღვდელოესის ალექსანდრეს შეწირული ფული უქმად არ დაკარგულიყო ამისთანა წერაში; გვსურდა უკანასკნელი ღონისძიება ნოტებზე გალობის გადაღებისათვის ისე მოხმარებულიყო, რა დანიშნულებაც აქვს.

კარგი ცოდნა მუზიკისა არ კმარაო, ამბობს უფ. გალობის მოყვარე, სახალხო ქართულის გალობის (და ჩვენ დავუმატებთ სიმღერას) ცოდნაც უნდაო. დიაღ პატივცემული აზრია და ყველასგან მისაღები. ნოტების დამწერმა კარგა მუზიკის მცოდნემ, რომ ესეც იცოდეს, დიაღ კარგია.

ამაზე ამბობს უფ. მოყვარე, რომ არიან ჩვენში გალობის მცოდნენი. ესენი საზოგადოებამ გაგზავნოს უმაღლეს მუზიკის სასწავლებლებშიო, როგორც გაგზავნეს მხატვრობის შესასწავლებლათაო: ისწავლიან, დაბრუნდებიან და გალობის კარგნი გადამღებნი შეიქმნებიანო.

დიაღ კარგი აზრია, თუ არის ისე მომზადებული ვინმე, როგორც მხატვრობის შესასწავლად გაგზავნილი.

მაგრამ აქ ერთი აზრია გამოსათქმელი. ხშირად საზოგადოებას აყვედრიან ამასა და ამას ესა და ეს სწავლა უნდაო და ღონისძიებას კი არ აძლევენო. ადრე რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, საზოგადოება დახმარებია და უქმად კი ჩაუვლია. რათა? იმიტომ, რომ წამსვლელს მხოლოდ სურვილი ჰქონია სხვაგან წასვლისა და მომზადებული კი არა ყოფილა. აქედამ ის გამოსულა, რომ საზოგადოების შემწეობას ნაყოფი არ მოუტანია. ამიტომ ახლა უფრო ფრთხილად ეკიდება საზოგადოება. ვისაც რამეში განსწავლა სურს, მარტო სურვილი არაფერს მოუტანს. საჭიროა კარგი შრომა, კარგი მიხვედრა საგნისა და ის რწმუნება, რომ ისევ საზოგადოებაში დაბრუნდება და შემოიტანს შეძენილ სწავლასა, თორემ უფალი ქორიძეც ბრძანდებოდა მუზიკის შესასწავლებლად, რა გამოდნა?

[10]ამ ჟამად ჩვენ ქალაქში მუზიკის სასწავლო შკოლა არის პატივცემულათ მოღვაწეთა უფ. სავანლისა და მიზანდარაშვილისა. აბა გამოიკითხეთ სწავლობს 60 მოსწავლეში ორ ქართველ ქალს გარდა ერთი ყვაწვილი კაცი? არა. საზოგადოებამ ვის უნდა მოჰკითხოს მუზიკის უმაღლეს სწავლის მსურველის ვინაობა და ვითარება, თუ არ ამ შკოლის მოთავეთა?

ჩვენის აზრით ეს საგანი სულ სხვაა, და ქართული საეკლესიო გალობის ან სახალხო სიმღერების ნოტებზე გადაღება სხვა არის. ამ ჟამად აღძრულია სურვილი ნოტებზე გალობის გადაღებისა და საზოგადოთ მოფენისა; ეს დეე რამდენათაც შესაძლოა ეხლავე აღსრულდეს.

რაც შეეხება მუზიკის სწავლას, ისწავლონ ქალაქის მუზიკის შკოლაში, ივარჯიშონ, შეისწავლონ მუზიკა, გალობა და სიმღერა ევროპიულიცა და ქართულიცა, რისაც შესწავლა შეიძლებოდეს ამ შკოლაში და შკოლას გარეთა და მაშინ, უეჭველია გზაც გამოჩნდება, თუ ტალანტი გამოჩნდა, ან თუ ეხლაც არის კლდეს გაარღვევს, ან ქვეშ მოყვება და ან წადილს აისრულებს. საზოგადოება ბევრჯელ სამდურავის ღირსია, მაგრამ ისიც უნდა დავიხსომოთ, რომ საზოგადოების ყურადღების მოპოებისათვისაც სვინდისიანი შრომა უნდა და ზოგჯერ ძალიან მძიმე შრომა.


პ. უ.

 

კავებში ([])ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 11 July 2013 15:11)