Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგნი მეორე


თავი I

წმინდა ათანასეს დაბრუნების შესახებ


[85]საღვთო ათანასემ ორი წელი და ოთხი თქვე გაატარა ტრევერში134 და დაბრუნდა ალექსანდრიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ, კონსტანტინე დიდის ვაჟებიდან უხუცესმა (მისი საიმპერიო ძალაუფლება ვრცელდებოდა დასავლეთ გალიამდე), ალექსანდრიელთა ეკლესიას მიწერა ეს წერილი.


კონსტანტინეს ძის, კონსტანტინეს ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ

"კონსტანტინე კეისარი ქალაქ ალექსანდრიის კათოლიკე ეკლესიის ერს.

"ვფიქრობ, თქვენს წმინდა გონებას არ გამოეპარება იმის ცოდნა, რომ სათაყვანებელი რჯულის განმმარტებელი ათანასე თავის დროზე გალიაში იქნა გაგზავნილი, რათა მაშინ როცა მისი სისხლისმსმელი და მასთან მებრძოლი მტრების სისასტიკე მისი წმინდა თავისთვის საფრთხედ რჩებოდა, უკეთურ კაცთა გარყვნილების მეშვეობით გამოუსწორებელი [რამ] არ შემთხვეოდა. ახლა მათ დასაცინად გამოტაცებულ იქნა ამ კაცების პირიდან და მისი ჩემს განგებულების ქვეშ მოყვანა იქნა ნაბრძანები; ამგვარად ამავე ქალაქში, რომელშიც ცხოვრობდა, ყველა აუცილებელი [სახმარით] უხვად იყო მომარაგებული. განსაკუთრებით მისი სახელოვანი სათნოება, საღვთო შემწეობაზე მინდობილი, არად აგდებს უძიმეს ბედს. ჩვენმა მეუფემ, ნეტარხსენებულმა კონსტანტინე [86]ავგუსტუსმა, ჩემმა მამამ, ირჩია, რომ თქვენი ყველაზე ძვირფასი ღვთისმოსაობისათვის იმავე ადგილზე მიეძღვნა ეს ეპისკოპოსი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადამიანური ხვედრი ეწია და განისვენა ვედრების აღსრულების წინ, მისმა მონაცვლემ საჭიროდ მივიჩნიეთ საღვთო სახსენებელი იმპერატორის არჩევანის აღსრულება. როდესაც თქვენს ეპისკოპოსს შეხვდებით, მისგან შეიტყობთ, თუ რაოდენ დიდი პატივისცემა მიიღო ჩემგან. რადგან რა გასაკვირია, თუ რაიმე გავაკეთე მის გამო. რადგან ჩემი სულიც თქვენი წადილის მსგავსად აღძრა და შეაგონა ესოდენ დიდი კაცის ხასიათმა. ამისთვის საღვთო წინაგანგებამ დაგიცვათ, საყვარელო ძმებო".


ამ წერილთან ერთად საღვთო ათანასეც ჩამოვიდა135. ყველამ სიხარულით მიიღო იგი, ქალაქელებმაც და სოფლელებმაც, მდიდრებმაც და ღარიბებმაც. მხოლოდ არიოზის სიშლეგის მიმდევრები136 იყვნენ დამწუხრებული მისი დაბრუნებით. ამიტომ კვლავ მათთვის ჩვეული მზაკვრობები აამოძრავეს ევსებიმ და თეოგონიოსმა, და მათ, ვინც მათი დაჯგუფების მონაწილე იყო, და კვლავ ყმაწვილ იმპერატორს  გამოუჭედეს ყურები.

ვიტყვი იმასაც, თუ როგორ გადაიხარა იგი სამოციქულო დოგმატების სწორი გზიდან.

 

თ ა ვ ი II

როგორ გადაიხარა მართალი რწმენიდან იმპერატორი კონსტანციუსი


ლიკინიუსის ყოფილი ცოლი კონსტანცია იყო კონსტანტინეს და. მას ახლოს იცნობდა ერთი პრესვიტერი, რომელსაც მიღებული ჰქონდა არიანული მანკიერება, და ამ სენს აშკარად არ ამხელდა. მასთან ხშირად საუბრობდა და უთხრა, რომ არიოზს ცილი დასწამეს. ყოვლად სახელოვანი კონსტანტინე მისი უღმერთო ქმრის გარდაცვალების შემდეგ ყველანაირ მზრუნველობით [87]ღირსყოფდა და არ სჩვეოდა დამწუხრებული ქვრივის გამოცდა. და მისი აღსასრულის დროს137 მასთან იმყოფებოდა და სათანადოდ უვლიდა. მაშინ ბრძანა ამ პრესვიტერის მოხმობა და იმპერატორს შეევედრა, რომ მისი მზრუნველობის ღირსი გაეხადა. კონსტანტინე შეპირდა და შემდეგ შეასრულა კიდეც დანაპირები, რადგან მას გადასცა განსაკუთრებით დიდი კადნიერება. თუმცა იგი მრავალი შემწეობით იყო ღირსქმნილი, მაგრამ მაინც ვერ გაბედა სენის გამხელა, როდესაც ხედავდა იმპერატორის აზრის სიმტკიცეს ღვთის მიმართ. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე წარუვალ სამეფოში გადავიდა, შვილებს ეს ხრწნადი სამეფო აღთქმით გაუნაწილა, მაგრამ არცერთი მათგანი არ იმყოფებოდა მომაკვდავთან, მხოლოდ ამ პრესვიტერს მიანდო ეს აღთქმები და უბრძანა მათი გადაცემა კონსტანციუსისთვის. რადგან იგი სხვებზე უფრო ახლოს იმყოფებოდა, მისი ჩამოსვლა სხვებზე ადრე იყო მოსალოდნელი. აქედან გახდა იგი კონსტანციუსისთვის ცნობილი, რადგან მას გადასცა აღთქმები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, მისი ახლობელიც გახდა, და [კონსტანციუსმა მას] უბრძანა, ხშირად ევლო მასთან. როდესაც დაინახა, რომ კონსტანციუსის აზრი ადვილად საძლევი იყო, რადგან მსგავსი იყო ჰირქარისაგან დრეკადი ლერწამისა, გაბედა, სახარებისეული დოგმატების წინააღმდეგ ომი წამოეწეო; და საეკლესიო მღელეარებაზე მოჩვენებითად შეწუხებულმა ბრალი დასდო მათ, ვინც წმინდა წერილში არარსებული სიტყვა, "თანაარსი" მრწამსის სწავლებაში ჩაურთო და ამან გამოიწვია უთანხმოება მღედლებშიც და ერშიც. ამიტომ, ბრალი დასდო ათანასეს და მისნაირად მოაზროვნეებს, და მათ წინააღმდეგ შეთქმულებები მოაწყო. მას თანაშემწედ იყენებდნენ ევსები138 და თეოგონიოსი, და თეოდორე პერინთელი.

თეოდორე სახელოვანი და გამოჩენილი [კაცი] იყო, და მან დაწერა საღვთო სახარებების განმარტება, ხალხი კი მას ჰერაკლეოტს უწოდებდა. ისინი, როგორც მეზობლად მყოფნი, ხშირად ნახულობდნენ იმპერატორს, და ეუბნებოდნენ, რომ ათანასეს [88]დევნულებიდან დაბრუნება მრავალი ბოროტების მიზეზი გახდა, და რომ მღელვარებამ არა მხოლოდ ეგვიპტე მოიცვა, არამედ პალესტინაც, ფინიკიაც და სხვა მოსაზღვრე ერებიც139.


თ ა ვ ი III

ნეტარი ათანასეს მეორედ გადასახლების, გრიგოლის დადგინებისა და აღსასრულის შესახებ

ამ და ასეთ სიტყვებით ალყა შემოარტყეს მის სუსტ გონებას და დაარწმუნეს, რომ ათანასე განედევნა ეკლესიიდან. მან კი როდესაც შეიტყო შეთქმულება, წავიდა და დასავლეთში ჩავიდა140. ევსების მომხრეებმა რომის ეპისკოპოსს (იულიუსი მწყემსავდა იმ ეკლესიას) გაუგზავნეს ათანასეს წინააღმდეგ შეთხზული ცილისწამებები. მან კი ეკლესიის კანონის მიდევნებით ბრძანა, რომ რომში ისინიც ჩამოსულიყენენ, და საღვთო ათანასეს სამსჯავროში მოუხმო. მან მიიღო მოწვევა და მყისვე წავიდა. მაგრამ ისინი, ამ საქმის მცოდნეები, როგორც მისი მომწყობები, არ ჩავიდნენ რომში, იცოდნენ, რომ ადვილად აღმოაჩენდნენ სიცრუეს141. ხოლო როდესაც დაინახეს, რომ ცხვარი მწყემსის გარეშე დარჩა, ისინი მწყემსის ნაცვლად მგელს ჩააბარეს; მისი სახელი იყო გრიგოლი. იგი ექვსი წელი ველურ მხეცებზე უფრო სასტიკად ეპყრობოდა სამწყსოს, უკეთურობას სიმართლედ აფასებდა, და მათ მიერ მწარედ გაირყვნენ ცხვრები. როდესაც ათანასე კონსტანსთან ჩავიდა, რადგან უფროსი კონსტანტინე ომში იქნა მოკლული, არიანელთა დაჯგუფების შეთქმულებაზე დაიჩივლა და სამოციქულო რწმენის წინააღმდეგ ომი დაიტირა142. მან მისი მამის [საქმეებიც] გაიხსენა და უდიდესი კრებაც, რომელიც მან მოაწყო, და კრებაში მონაწილემ თუ როგორ დაამტკიცა კანონით მათ მიერ დაწერილი. როდესაც იგი ასე მოთქვამდა, იმპერატორი აღძრა მამისეული მოშურნეობის მიმართ. [89]რადგან როცა ეს მოისმინა, მეყსეულად მიწერა ძმას, სთხოვდა დაეცვა მამისეული კეთილმსახურების შეუბღალავი მემკვიდრეობა. რადგან იგი კეთილმსახურებით განაგებდა იმპერიას და გაანადგურა რომაელთა ტირანები და ირგვლივ ბარბაროსები დაიმორჩილა. ამ წერილებით დაარწმუნა კონსტანციუსი, და ბრძანა, სარდიკიაში143 (ეს არის ილირიკიის ქალაქი, დაკიელთა ერის დედაქალაქი) შეკრებილიყვნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეპისკოპოსები. რადგან ეკლესიის სხვა ვნებებიც საჭიროებდა ერთობლივ მკურნალობას.


თ ა ვ ი IV

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს პავლეს შესახებ


კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი იყო პავლე144, მართალი დოგმატებისთვის თავგანწირულად მებრძოლი. არიანულ სნეულებას ზიარებულებმა მას ბრალი დასდეს ამბოხების მოთავეობაში; და სხვა რაღაცეებიც დაუმატეს, რისი ცილისწამებაც სჩვეოდათ კეთილმსახურების მქადაგებლებზე. მაგრამ იმ დროს ხალხმა არ გაუშვა იგი, სარდიკიაში რომ წასულიყო, მოწინააღმდეგების შეთქმულების ეშინოდა. მაგრამ მალე იმპერატორის მერყევი გონება დაითანხმეს, საიმპერიო ქალაქიდან გააძევეს და კუკუზაში გადაასახლეს. ეს ქალაქი იყო პატარა, ძველად მას კაბადოკიელთა ერი განაგებდა, ახლა კი მეორე არმენიას ეკუთვნის. მაგრამ უდაბნოში საკვირველი პავლეს ცხოვრება არ იყო განშორებული ყოველგვარ შფოთს, რადგან მკვლელი გონების მქონე მსახურები გაუგზავნეს და სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტეს. ეს ჩვენ გვაუწყა საღვთო ათანასემ, საკუთარი გაქცევის აპოლოგიაში ესეც დაურთო145: "კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, პავლეს მდევნელებმა როდესაც იპოვეს, ყველას თვალწინ დაახრჩვეს კაბადოკიის [ქალაქში], სახელად კუკუზაში, ამისთვის ჯალათად პრეფექტი ფილიპე [90]გამოიყენეს; რადგან იგი იყო მათი მწვალებლობის წინამძღოლი და მათ უკეთურ ზრახვათა მსახური"146.

ასეთი მკვლელობები აღმოაცენა არიოზის მკრეხელობამ. მხოლოდშობილის წინააღმდეგ სიშლეგემ მოიტანა მისი მსახურების წინააღმდეგ დანაშააულები.


თ ა ვ ი V

მაკედონიოსის და მის მიერ შექმნილი მწვალებლობის შესახებ


როდესაც იგი ასე სიკვდილით, უფრო კი ციურ სასუფეველში გადაგზავნეს, მის ნაცვლად მაკედონიოსი147 წამოაყენეს. მას თანამოაზრედ მიიჩნევდნენ, რადგანაც მათ მსგავსად გმობდა ყოვლადწმინდა სულს. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ იგიც განდევნეს, მან ვერ აიტანა ქმნილება ეწოდებიათ მისთვის, ვისაც წმინდა წერილი ძეს უწოდებს. ამის გამო ისიც განკვეთეს, და იგი გახდა საკუთარი მწვალებლობის წინამძღოლი. იგი ამბობდა, რომ მამის თანაარსი იყო ძე, ასწავლიდა, რომ ყველაფრით მშობლის მსგავსი იყო. მაგრამ სულს ღიად ქმნილებად სახელდებდა. ეს არცთუ დიდი ხნის შემდეგ მოხდა, როგორც ვთქვით.

 

თ ა ვ ი VI

სარდიკიაში გამართული კრების შესახებ


სარდიკიაში ორასორმოცდაათი მღვდელმთავარი შეიკრიბა148, როგორც გვამცნობს ძველი აღწერილობები. მოვიდა დიდი ათანასეც და ასკლეპას ღაზელიც, რომელიც ამას წინათ ვახსენეთ, და მარკელოსიც149 გალატიის დედაქალაქიდან, ანკვირადან, რომელიც ეპისკოპოსი იყო დიდ კრებაზე. ასევე ჩამოვიდნენ მათი ბრალ[91]მდებლებიც, და მწვალებლური ფალანგის წინამძღოლები, ადრე ათანასესთან დაკავშირებული [საქმეების] მსაჯულები. მაგრამ როდესაც შეიტყვეს კრების ურყევობის შესახებ და საღვთო დოგმატებში სიჯანსაღე, თუმცა მოხმობილი იყვნენ, კრებაზე არ შევიდნენ, არამედ უსამართლო მსაჯულებთან ერთად ბრალმდებლებიც გაიქცნენ. ამასაც უფრო კარგად გვაუწყებს კრების წერილი, რასაც მოძღვრების სიცხადის გამო ჩავურთავ ამ თხზულებაში.


იქ შეკრებილ ეპისკოპოსთა მიერ მსოფლიოში [სხვა] ეპისკოპოსთა მიმართ მიწერილი სინოდიკონი

"ღვთის მადლით სარდიკიაში რომიდან, ესპანეთიდან, გალიადან, იტალიიდან, კამპანიადან, კალაბრიიდან, სარდინიიდან, პანონიიდან, მიზიიდან, დაკიიდან, დარდანიიდან, სხვა დაკიიდან, მაკედონიიდან, თესალიიდან, აქაიიდან, ეპირიდან, თრაკიიდან, როდოპიდან, ასიიდან, კარიადან, ბითვინიიდან, ჰელესპონტიდან, ფრიგიიდან, პისიდიიდან, კაბადოკიიდან, პონტოდან, სხვა ფრიგიიდან, კილიკიიდან, პამფილიიდან, ლიდიადან, კიკლადის კუნძულებიდან, ეგვიპტიდან, თებედან, ლიბიიდან, გალატიიდან, პალესტინიდან, არაბეთიდან შეკრებილი წმინდა კრება ყველა მხარეში მყოფ ეპისკოპოსებსა და თანამსახურებს, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საყვარელ ძმებს, მოკითხვა უფალში.

"არიანელებმა მრავალგზის მრავალი დანაშაული ჩაიდინეს ღვთის მონათა წინააღმდეგ, რომლებიც მართალ სარწმუნოებას იცავდნენ. ცთომილი მოძღვრების შემომტანები ცდილობდნენ მართლმადიდებლების განდევნას. შემდეგ ისე აუმხედრდნენ სარწმუნოებას, რომ ყველაზე ღვთისსათნო იმპერატორის ყურამდეც მიაღწია. თუმცა, ღვთის მადლის შეწევნით თვით ღვთისთვის უსათნოესმა იმპერატორებმა შეგვკრიბეს სხვადასხვა პროვინციე[92]ბიდან და ქალაქებიდან და სარდელთა ქალაქში ამ წმინდა კრების გამართვის ნება დაგვრთეს, რათა აღმოიფხვრას ყოველგვარი უთანხმოება, ხოლო როცა განიდევნება ყოველგვარი არამართალი სარწმუნოება150, ქრისტეს მიმართ ერთადერთი კეთილმსახურება ყველასთან იქნება დაცული. აღმოსავლეთიდან ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები, ისინიც კეთილმსახური იმპერატორისგან მოწოდებულები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ ჩვენი საყვარელი ძმებისა და თანამსახურების, ალექსანდრიის ეპისკოპოს ათანასეს, ანკიროგალატიის ეპისკოპოს მარკელოსის, და ასკლეპა ღაზელის წინააღმდეგ და თქვენი სმენის შერყევაც სცადეს, რათა ირწმუნოთ, რასაც უდანაშაულოთა წინააღმდეგ ამბობენ, ხოლო მათი გარყვნილი მწვალებლობის ეჭვი დაფარონ. მაგრამ დიდი ხნით ამის კეთების ნება არ მიეცათ. რადგან ეკლესიების წინამდგომელი არის უფალი, რომელმაც მათ გამო და ყველა ჩვენს გამო დაითმინა სიკვდილი და საკუთარი თავის მეშვეობით ცისკენ ასასვლელი მოგვანიჭა ჩვენ ყველას.

"ძველად ევსების, მარინის, თეოდორეს, თეოგონიოსის, ურსაკიოსის, ვალენტის, მენოფანტოსის და სტეფანეს მხარდამჭერებმა მიწერეს ჩვენს თანამსახურ იულიუსს, რომაელთა ეკლესიის ეპისკოპოსს, ზემოხსენებული ჩვენი თანამსახურების წინააღმდეგ, ვგულისხმობ ალექსანდრიის ეპისკოპოს ათანასეს, ანკვიროგალატიის ეპისკოპოს მარკელოსს, და ასკლეპა ღაზელს. მაგრამ ასევე მიწერეს სხვა მხარეების ეპისკოპოსებმაც, რომლებიც დაამოწმებდნენ ჩვენი თანამსახური ათანასეს უბიწოებას, ხოლო ევსების მომხრეთაგან ნაქმნარი სხვა არაფერი იყო გარდა სიცრუითა და ცილისწამებით აღსავსე. აშკარად გამოჩნდა მათი ცილისწამება იქიდან, რომ ისინი საყვარელ და თანამსახურ იულიუსისგან მოხმობისას არ შეხვდნენ მას, და ასევე იმავე ეპისკოპოს იულიუსის წერილიდანაც. რადგან მივიდოდნენ, დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ ჩვენი თანამსახურის წინააღმდეგ თავიანთ საქციელსა და ნამოქმედარში. მსგავსადვე იქიდან, რაც იმ წმინდა და დიდ კრებაზე მოიმოქმედეს, [93]უფრო ნათლად წამოაჩინეს მათი გამონაგონი. როდესაც სარდელთა ქალაქში ჩამოვიდნენ და დაინახეს ჩვენი ძმები, ათანასე, მარკელოსი, ასკლეპა და სხვები, შეეშინდათ სამსჯავროზე მისვლა. და არა ერთგზის და ორგზის, არამედ მრავალგზის მოხმობილნი არ დაემორჩილნენ მოწოდებებს ყველა შეკრებილი ეპისკოპოსების, განსაკუთრებით სვიანი უხუცესი ჰოსიუსის, რომელიც ხნოვანების, აღსარებისა და ესოდენი ღვაწლის ტვირთვის გამო ყოველგვარი პატივისა და დიდების ღირსი შეიქნა. ესენი ელოდებოდნენ და შეაგონებდნენ მათ, რომ მოსულიყვნენ სამსჯავროზე, რათა რასაც ამ თანამსახურთა არ ყოფნისას მათ წინააღმდეგ ამბობდნენ და წერდნენ, ამით შესძლებდნენ მათ მხილებას, როცა ისინი აქ იმყოფებოდნენ. მაგრამ მოხმობილები არ მივიდნენ, როგორც უკვე ვთქვით, და ამით აჩვენეს მათი ცილისწამება და არა მხოლოდ ეს, არამედ უარის თქმით ხმამაღლა აცხადებდნენ იმ სივერაგესა და შეთქმულებას, რაც ჩაიდინეს. რადგან რისი თქმაც გაბედეს, მათი დამტკიცება პირისპირ შეეძლოთ. მაგრამ რადგანაც არ მოვიდნენ, ვფიქრობთ, დანარჩენი იცით, მათ ალბათ კვლავ მოისურვეს ბოროტმოქმდების ჩადენა, რადგან არ გააჩნიათ სამხილი ჩვენი თანამსახურების წინააღმდეგ; როცა ისინი არ არიან, ცილს სწამებენ, აქ მყოფთ კი გაურბიან.

"საყვარელო ძმანო, გაიქცნენ არა მხოლოდ მათ წინააღმდეგ ცილისწამების გამო, არამედ ხედავდნენ, რომ მოსული იყვნენ, რომლებიც მათ უჩიოდნენ სხვადასხვა დანაშაულის გამო. გამოყენებული იყო ბორკილები და მახვილი. აქ ესწრებოდნენ გადასახლებიდან დაბრუნებულნი და ახლაც გადასახლებაში დუხჭირად მცხოვრებთაგან მოსული თანამსახურნიც. აგრეთვე მათი ხელით დაღუპულთა ნათესავები და მეგობრებიც აქ იმყოფებოდნენ. და რაც ყველაზე მთავარი იყო, ის ეპისკოპოსები ესწრებოდნენ, რომელთაგან ერთმა151 ის რკინები და ბორკილები გამოიტანა, რაც მათ გამო ატარა, ზოგი კი მათი ცილისწამებით სიკვდილითაც დაამოწმებდა. სიშლეგისაგან იქამდე მივიდნენ, რომ ეპისკო[94]პოსის მოკვლაც სცადეს, და ალბათ მოკლავდნენ კიდეც, მათ ხელებს რომ არ დასხლტომოდა. მათი ცილისწამებით დაიღუპა ჩვენი თანამსახური, ნეტარი თეოდულე152, რადგან მათი ცილისწამებით ნაბრძანები იყო მის მოკვლა. ზოგი მახვილით მიყენებულ ჭრილობებს უჩვენებდა, სხვები კი მწარედ ჩიოდნენ, რომ მათგან დაითმინეს შიმშილობა.

"და ამას მოწმობდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც ეს განიცადეს, არამედ მთელი ეკლესიები იყვნენ, რომელთა გამო ჩამოსულები და შუამავლები იუწყებოდნენ მახვილით შეჭურვილ ჯარისკაცებზე, კომბლებით შეიარაღებულ ბრბოზე და ყალბი წერილების შეპარებაზე. რადგან წაკითხულ იქნა წერილები თეოგონიოსის მომხრეთა მიერ ჩვენი თანამსახურების, ათანასეს, მარკელოსის და ასკლეპას წინააღმდეგ შეთხზული იმისათვის, რომ იმპერატორიც აღეძრათ მათ წინაღმდეგ. და ამას ადასტურებდნენ თეოგონიოსის ყოფილი დიაკვნები. ამასთან ერთად ქალწულების გაშიშვლება, ხანძრები ეკლესიებში, მცველები თანამსახურთა წინააღმდეგ, და ამ ყველაფერს არათუ სხვა რამის გამო, არამედ არიომანიტების153 სამარცხვინო მწვალებლობის გამო [სჩადიოდნენ]. რადგან მათთან თანაზიარებაზე უარის მთქმელებს აუცილებლად უნდა განეცადათ ეს.

"აწ ამის მხილველებს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ მათი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რადგან რცხვენოდათ, რაც მოიმოქმედეს, რომ აღარ შეეძლოთ ამის დაფარვა. და ჩავიდნენ ქალაქ სარდიკიაში, ფიქრობდნენ, რომ ჩამოსვლით ეჭვს განიშორებდნენ ისე, თითქოს არაფერი დაეშავებიათ. ხედავდნენ მათ, ვისაც ცილი დასწამეს და ვინც მათგან ევნო. როცა ბრალმდებლები და მამხილებლები თვალწინ ყავდათ, მოხმობილებმა არ ისურვეს შესვლა. როდესაც ჩვენი თანამსახურები, ათანასე, მარკელოსი და ასკლეპა დიდი კადნიერებით უჩიოდნენ და მოუხმობდნენ მათ, და პირობას იძლეოდნენ, რომ არა მხოლოდ ამხელდნენ ცილისწამებას, არამედ ასევე აჩვენებდნენ, თუ რამდენი დანაშაული ჩაიდინეს [95]ეკლესიების წინააღმდეგ. მათ კი ესოდენი შიშით ჰქონდათ გონება დახშული, რომ გაიქცნენ და გაქცევით მხილებულ იქნა მათი ცილისწამება და აღიარებულ იქნა რა დანაშაულებიც ჩაიდინეს.

"მათი ბოროტმოქმედება და ცილისწამება არა მხოლოდ წინა საქმეებიდან, არამედ ამითაც წარმოჩნდა. მაგრამ იმისათვის, რომ გაქცევით სხვა ბოროტმოქმედებისთვის რაიმე საბაბის მოტანა ვერ შეძლებოდათ, დავეშურეთ ჭეშმარიტების სიტყვასთან დაკავშირებით მათგან ნამოქმედარის გამოკვლევას.

"ეს წამოვწიეთ და მათ საქმეებში აღმოვაჩინეთ, რომ ისინი იყვნენ ცილისმწამებელი და ჩვენი თანამსახურების წინააღმდეგ შეთქმულების გარდა სხვა არაფერს იქმოდნენ. ამბობდნენ, რომ ათანასეს მოკლული ყავდა არსენი, ის კი ცოცხალი იყო და ცოცხალთა შორის აღირაცხებოდა. აქედან ჩანს, რომ სხვა საყოველთაოდ ცნობილი [საქმეების] შესახებაც მათ მიერ არის შეთითხნილი.  

"მას შემდეგ, რაც ბარძიმის შესახებ ხმები დაყარეს, თითქოს ათანასეს პრესვიტერის, მაკარის მიერ იქნა გატეხილი, მათ ემოწმებოდნენ ალექსანდრიიდან, მარეოტიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსულები, რომ ეს არ მომხდარა. ეგვიპტელმა ეპისკოპოსებმა ჩვენს თანამხახურ იულიუსს მიწერეს და საკმარისად დაამტკიცეს, რომ იქ საერთოდ არ აღიძვროდა ეჭვი, თითქოს ასეთი რამ მომხდარიყო. ასევე ის ოქმები, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მის წინააღმდეგ, ცალმხრივად იყო შედგენილი. თუმცა, ამ ოქმებშიც წარმართებსა და კათაკმევლებს ეკითხებიან. ამათგან ერთი კათაკმეველი, რომელსაც ეკითხებიან, ამბობს, რომ შიგნით იმყოფებოდა, როდესაც მაკარი შემოდიოდა ამ ადგილას. სხვა დაკითხული, ისხირასი, რომელზეც ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ, ამბობდა, რომ მაშინ ავად იყო და სენაკში იწვა. როგორც აქედან ჩანს, საერთოდ არ აღსრულდებოდა რაიმე საიდუმლო, რადგან კათაკმეველი შიგნით იმყოფებოდა, ისხირასი კი იქ არ იმყოფებოდა, არამედ ავად იყო და იწვა. იგივე ყოვლად უკეთური ისხირასი [96]ცრუობდა, როდესაც ამბობდა, თითქოს ათანასემ საღვთო წერილის რომელიღაც [თავი] დაწვა და მხილებულ იქნა, აღიარა, რომ ამ დროს, როდესაც მაკარი იქ იმყოფებოდა ავად იყო და იწვა, ისე რომ აქედან ჩანს მისი ცილისწამება. მისი ცილისწამების საზღაურად ისხირასს, რომელიც პრესვიტერიც არ ყოფილა, ეპისკოპოსის სახელო უბოძეს. ჩამოვიდა ორი პრესვიტერი, რომლებიც მელეტისთან ერთად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ალექსანდრიის ეპისკოპოსის, ნეტარი ალექსანდრეს მიერ, იქნენ შეწყნარებული და აწ ათანასესთან ერთად იყვნენ. მათ დაამოწმეს, რომ იგი არასოდეს ყოფილა პრესვიტერი, მელეტის საერთოდ არ გააჩნდა ეკლესია ან მსახურება მარეოტში. და მიუხედავად იმისა, რომ პრესვიტერიც არ იყო, იგი ახლა როგორც ეპისკოპოსი დადიოდა, რათა ამ სახელით წარმოჩენილიყო ცილისწამებით შეძრული მსმენელების წინაშე154.

"წაკითხულ იქნა ასევე ჩვენი თანამსახურ მარკელოსის თხზულებებიც და აღმოჩნდა, რომ ღვთისმოსაობასთან დაკავშირებით ბოროტად ნახელოვნები155 იყო. რადგან რაც მარკელოსმა, როგორც მაძიებელმა, თქვა, ამას როგორც აღსარებას ცილი დასწამეს. წაკითხულ იქნა ამ შეკითხვების წინ და შემდეგ [ნათქვამი] და ამ კაცის რწმენა მართალი აღმოჩნდა. რადგან არც ჰქონდა დაწერილი, როგორც ისინი ამტკიცებდნენ, რომ წმინდა მარიამისგან მიეცა დასაბამი ღმერთ სიტყვას, არც ის, რომ მის სასუფეველს აქვს დასასრული, არამედ, რომ მისი სასუფეველი დაუსაბამო და დაუსრულებელი156 არის. თანამსახურმა ასკლეპამ კი ანტიოქიაში წარმოებული ოქმები მოიტანა. ესწრებოდნენ მისი ბრალმდებლები, ასევე ევსები კესარიელიც, და მსაჯული ეპისკოპოსების განაჩენებიდან აჩვენა, რომ უდანაშაულო იყო.

"ამრიგად, საყვარელო ძმებო, ბუნებრივი იყო, რომ მრავალგზის მოხმობილნი არ დაემორჩილნენ; ბუნებრივია გაიქცნენ. რადგან სინდისისგან დევნულებმა გაქცევით დაამტკიცეს თავიანთი ცილისწამებები, და სარწმუნო გახადეს მათ წინააღმდეგ ნამოქ[97]მედარი, რასაც იქ მყოფი ბრალმდებლები ამბობდნენ და აჩვენებდნენ. ყოველივე ამასთან ერთად ადრე არიოზის მწვალებლობის გამო დადანაშაულებულები და გაძევებულები არა მხოლოდ მიიღეს, არამედ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეს, დიაკვნები - პრესვიტერის ხარისხში, პრესვიტერები კი - ეპისკოპოსობაში, არა სხვა რამის გამო, არამედ იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უღმერთობის განბნევა და განვრცობა, და კეთილმსახურების რწმენის გარყვნა.

"მათგან ევსების მომხრეებთან ერთად ახლა არიან შემდეგი მეთაურები: თეოდორე ჰერაკლიიდან, ნარკისოსი კილიკიის ნერონიადადან, სტეფანე ანტიოქიიდან, გიორგი ლაოდიკიიდან157, აკაკი158 პალესტინის კესარიიდან, მენოფანტოსი ასიის ეფესოდან, ურსაკიოსი მიზიის სინგიდუნიდან, ვალენსი პანონიის მურსადან159. მათ მათთან ერთად აღმოსავლეთიდან მომავალნი არ დაუშვეს არც წმინდა კრებაზე, არც საერთოდ ღვთის ეკლესიაში მისვლის ნება დართეს. სარდიკიაში ჩამოსულებმა ალაგ-ალაგ თავისთვის გამართეს კრებები და მუქარებით დაადგინეს, რომ სარდიკიაში ჩამოსულები საერთოდ არ მისულიყვნენ სამსჯავროზე, არც წმინდა და დიდ კრებაზე შეკრებილიყენენ, არამედ მხოლოდ ჩამოსულიყვნენ, თავიანთი ჩამოსვლა ვალის მოსახდელად ეჩვენებიათ და სწრაფად გაქცეულიყვნენ. ამის გაგება შევძელით ჩვენი თანამსახური მაკარი პალესტინელისგან160 და არაბეთიდან ჩამოსული ასტერიოსისგან161, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ და განეშორნენ მათ ურწმუნოებას. ისინი მოვიდნენ წმინდა კრებაზე, და ჩიოდნენ იმ ძალადობაზე, რითაც ევნოთ, ამბობდნენ, რომ ისინი მართალს არაფერს იქმოდნენ, ამასაც დასძენდნენ, რომ იქ ბევრი იყო მართალი შეხედულების წინააღმდეგ მოქმედი და მათგან აქ მოსვლის დამაბრკოლებელი ამის მსურველთა წინააღმდეგ მუქარისა და იმ დაპირების გამო, რომ მათ განეშორებოდნენ. ამიტომ ესწრაფოდნენ, რომ ყველა ერთ სახლში დარჩენილიყო, არ უშვებდნენ, რომ მცირედითაც განსხვავებული აზრი ჰქონოდათ.

[98]"დუმილით გვერდი არ უნდა ავუაროთ, არც მკაცრი გაკიცხვის გარეშე უნდა დავტოვოთ ცილისწამებები, ბორკილები, მკვლელობები, ჭრილობები, ნაყალბევი ეპისტოლეები, ტანჯვა, ქალწულების გაშიშვლება, გადასახლებები, ეკლესიათა დანგრევა, სანძრები, მცირე ქალაქებიდან დიდ სამრევლოებში გადასვლა, ყოველივეს უწინარეს კი ახლა მართალი სარწმუნოების წინააღმდეგ მათი მეშვეობით აღმდგარი უსახელო არიანული მწვალებლობა. ამის გამო ჩვენი საყვარელი ძმები და თანამსახურები, ათანასე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი, მარკელოს ანკიროგალატიელი, ასკლეპა ღაზელი, და მათთან ერთად უფალში თანამსახურები, უდანაშაულოდ და უმწიკვლოდ წარმოვაჩინეთ. თითოეულ სამრევლოს მივწერეთ, რათა თითოეული ეკლესიის ერს სცოდნოდა საკუთარი ეპისკოპოსის სიწმინდე, ეპისკოპოსად ჰყოლოდათ იგი და მას დალოდებოდნენ; ხოლო მათ ეკლესიაში მგელივით შემოსულთ (შდრ. საქმე. 20.29), ალექსანდრიაში - გრიგოლს, ანკირიაში - ბასილს, და ღაზაში - კვინტიანუსს, მათ არც ეპისკოპოსი უწოდონ, არც ქრისტიანი, და საერთოდ არ იქონიონ მათთან ურთიერთობა, მათგან არ მიიღონ წერილები და არც მისწერონ მათ.

"წმინდა კრებამ მათზე არსებული ბრალდებების გამო ერთსულოვნად განაყენა ეპისკოპოსობიდან: ევროპის ჰერაკლეადან თეოდორე, კილიკიის ნერანიადან ნარკისოსი, პალესტინის კესარიიდან აკაკი, ანტიოქიიდან სტეფანე, მიზიის სინგიდუნიდან ურსაკიუსი, პანონიის მურსადან ვალენტი, ეფესოდან მენოფანტონი და ლაოდიკიიდან გიორგი (იგი შეშინებული არ ჩამოსულა აღმოსავლეთიდან, თუმცა იმის გამო, რომ ალექსანდრიის ყოფილი ეპისკოპოსის, ნეტარი ალექსანდრეს მიერ იქნა განყენებული, ისიც არიოზის სიშლეგის მიმდევრებთან ერთად იმყოფებოდა), და განაჩინა, რომ არა მხოლოდ ეპისკოპოსი აღარ ყოფილიყვნენ, არამედ არც მორწმუნეებთან ერთად ზიარების ღირსი გაეხადათ. რადგან მამის არსისა და ღმრთეებისაგან ძის განმაშორებლები, და მამისაგან სიტყვის განმაუცხოებლები კათოლიკე ეკლესიიდან [99]უნდა განვაშოროთ და ქრისტიანთა სახელისთვის უცხო იყვნენ. ასე როშ, ანათემა თქვენ და ყველას ჭეშმარიტების სიტყვის შერყვნის გამო. რადგან არის სამოციქულო შეგონება: "თუ ვინმე გახარებთ გარდა იმისა, რაც მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს" (გალ. 1,8). გირჩევთ, არ იქონიოთ ზიარება მათთან, რადგან არანაირი ზიარება არა აქვს ნათელს ბნელთან. თავი შორს დაიჭირეთ ყველა მათგან, რადგან არავითარი თანხმობა არა აქვს ქრისტეს ბელიართან. ფრთხილად იყავით, საყვარელო ძმებო, არც მიწეროთ მათ, არც მათგან მიიღოთ წერილები. ესწრაფეთ, საყვარელო ძმანო და თანამსახურნო, როგორც სულით აღვსილნო162, გამოხატოთ კრებასთან თანხმობა და თქვენი ხელმოწერებით განაჩინოთ, რომ ყველგან გადავარჩინოთ ჩვენი თანამსახურების ერთსულოვნება.

"განვკვეთოთ და გავაძევოთ კათოლიკე ეკლესიიდან ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, ცხადია, ქრისტე ღმერთი არის, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი არ არის; რომ ძე არის, მაგრამ ჭეშმარიტი ძე არ არის; შობილი არის, თუმც ქმნილიც. აღიარებენ, რომ ისინი ასე შეიმეცნებენ შობილს, რადგან ამბობენ, რომ იგი არის ქმნილი, და დასაბამსა და დასასრულს მიაწერენ საუკუნეთა უწინარეს მყოფ ქრისტეს, რომელსაც წარმოშობა არა დროში, არამედ ყოველი დროის უწინარეს აქვს.

"ახლახანს არიანულმა ასპიდმა შვა ორი გველი, ვალენტი და ურსაკიუსი, რომლებიც იქადიან, არ ეჭვობენ და ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან და რომ [ღვთის] სიტყვა და [წმინდა] სულიც ჯვარს ეცვნენ, მოწყლულ იქნენ, მოკვდნენ და აღდგნენ. და როგორც მწვალებელთა დაჯგუფება ჯიუტად ამტკიცებს, რომ მამის, ძისა და წმინდა სულის ჰიპოსტასები სსვადასხვა არის, და არის [ერთმანეთისგან] განცალკევებული163. ჩვენ კი ეს გვაქვს მიღებული, ამას ვასწავლით და ეს კათოლიკე გადმოცემა, რწმენა და აღსარება გვიპყრია,რომ ერთი არის ჰიპოსტასი, რომელსაც ეს მწვალებლები არსს უწოდებენ, მამის, ძის და წმინდა სულის. და თუ იკითხავენ, რა არის ძის ჰიჰოსტასი, ვაღიარებთ, რომ იგი არის ერთადერთი [100]მამისად აღიარებული; არასოდეს არ ყოფილა მამა მის გარეშე, არც ძე მამის გარეშე, არც ის არის შესაძლებელი, რომ სიტყვა სულის არ მქონე იყოს. რადგან ყველაზე უჯერო არის იმის თქმა, რომ ოდესმე მამა იყო ძის გარეშე, [მაშინ მისი] არც სახელდება, არც არსებობა იქნებოდა შესაძლებელი. არის თვით ძის მოწმობა, როდესაც ამბობს: "მე მამაში ვარ და მამა ჩემში არის" (იოან. 14.10). და, "მე და მამა ერთი ვართ" (იოან. 10.30). არცერთი ჩვენგანი არ უარყოფს შობილს, მაგრამ შობილს ყოველივეს უწინარეს, რაც კი უხილავად და ხილულად იწოდება, შემოქმედსა და ხელოსანს მთავარანგელოზებისა და ანგელოზების, ქვეყნიერებისა და კაცთა მოდგმის, რადგან ამბობს: "ყოველივეს ხელოსანმა სიბრძნემ მასწავლა მე" (სიბრმ. 7.21), და, "ყოველივე მის მიერ შეიქმნა"  (იოან. 1.3).

"რადგან მარადიულ არსებობას ვერ შეძლებდა, თუ  დასაბამი მიიღო, რადგან ყოველთვის მყოფ სიტყვას დასაბამი არ გააჩნია, ხოღო ღმერთი არასოდეს დაითმენს დასასრულს. არ ვამბობთ, რომ მამა ძე არის, არც პირიქით, ძე მამა არის; არამედ მამა მამა არის და ძე - მამის ძე. ვაღიარებთ, რომ ძე მამის ძალა არის. ვაღიარებთ, რომ არის სიტყვა მამა ღმერთის, რომელთანაც სხვა არავინ არის; და სიტყვა არის ჭეშმარიტი ღმერთი, სიბრძნე და ძალა. ჭეშმარიტ ძედ გადმოვცემთ, ძედ ვამბობთ, მაგრამ არა ისე როგორც სხვები იწოდებიან ძედ, რადგან ისინი ან იმიტომ, რომ კვლავ შობის წყალობით ღმერთები არიან, ან ღირსად ქმნის გამო იწოდებიან ძეებად, და არა ერთის ჰიპოსტასის გამო,რომელიც არის მამისა და ძის. ვაღიარებთ მხოლოდშობილს და პირმშოს, მაგრამ მხოლოდშობილ ძეს, რომელიც ყოველთვის იყო და არის მამაში, ხოლო პირმშო არის ადამიანის ბუნებისათვის164. იგი განსხვავდება ზოგადად ქმნილებისაგან, რადგან პირმშო არის მკვდართაგან.

"ვაღიარებთ, რომ ღმერთი არის. ვაღიარებთ მამისა და ძის ერთ ღმრთეებას. არც ვინმე უარყოფს ოდესმე იმას, რომ მამა ძეზე მეტი არის, არა სხვა არსის165 გამო, არც განსხვავების გამო, არამედ [101]რადგან თვით მამის სახელი ძეზე მეტი არის. ხოლო მათი მკრეხელური და გახრწნილი განმარტება არის შემდეგი სახის. მისი ამ გამონათქვამის გამო, "მე და მამა ერთი ვართ", დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ეს ითქვა თანხმობისა და ერთსულოვნების გამო. ყველა კათოლიკემ შევაჩვენეთ მათი უგუნური და უბადრუკი მოსაზრებები. როგორც მოკვდავი ადამიანები მას შემდეგ, რაც მათ შორის განსხვავება იჩენს თავს, უთანხმოებებით განაწყენებულები კვლავ ურიგდებიან ერთმანეთს, ასევე ამბობენ, რომ ყოვლისმპყრობელ მამა ღმერთსა და ძეს შორის შესაძლებელია, არსებობდეს განხეთქილება და უთანხმოება, რისი გაფიქრება და ვარაუდი უჯერო არის. ჩვენ კი გვწამს და ვამტკიცებთ, და ასე ვფიქრობთ, რომ წმინდა სიტყვა ჰიპოსტასის (რომელიც ერთია მამისაც და ძისაც) ერთობის გამო ამბობს: "მე და მამა ერთი ვართ".

"და ეს გვწამს, რომ ყოველთვის, დაუსაბამოდ და დაუსრულებლად მეფობს იგი მამასთან ერთად და მის სამეფოს არა აქვს განსაზღვრული ჟამი, არც დასასრული, რადგან ყოველთვის არის, არასოდეს არ დაუწყია არსებობა, არც მისი დასრლლება არის შესაძლებელი.

"გეწამს და ვღებულობთ ნუგეშისმცემელს, წმინდა სულს, რომელიც ჩვენ თვით უფალმა აღგვითქვა და გამოგვიგზავნა, და გვწამს, რომ იგი არის გამოგზავნილი. და არათუ ის ევნო, არამედ ადამიანი, რომელიც შეიმოსა, რომელიც ქალწულ მარიამისგან მიიღო, ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, რომ ევნოს, რადგან ადამიანი მოკვდავი არის, ღმერთი კი უკვდავი. გვწამს, რომ მესამე დღეს აღდგა, არა ღმერთი ადამიანში, არამედ ადამიანი ღმერთში აღდგა, რაც მამას მიართვა საკუთარ ძღვნად, რომელიც გაანთავისუფლა ცოდვისა და ხრწნილებისაგან.

"გვწამს, რომ სათანადო და განსაზღვრულ ჟამს თავად განსჯის ყველას ყველაფრის გამო.

"ესოდენი არის მათი უგუნურება, და ასეთი სქელი წყვდიადით [102]არის დაბრმავებული მათი აზრი, რომ არ ძალუძთ ჭეშმარიტების სინათლის ხილვა. არ იწონებენ ნათქვამ სიტყვას: "რათა ისინიც ჩვენში ერთი იყვნენ" (იოან. 17.2). ნათელია, "ერთის" გამო, რადგან მოციქულებმა სულიწმინდა ღვთისგან მიიღეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი არ იყვნენ სული, არც რომელიმე მათგანი იყო სიტყვა, ან სიბრძნე, ან ძალა, არც მხოლოდშობილი. ამბობს: "როგორც მე და შენ ერთი ვართ, ასევე ისინიც ჩვენში ერთი იყვნენ". მაგრამ ზედმიწევნითაც განყოფს საღვთო ხმა, ამბობს: "ჩვენში ერთი იყვნენ". არ ამბობს: "როგორც ერთი ვართ მე და მამა", არამედ რათა მოწაფეები მათ შორის შეუღლებული და გაერთიანებული ერთი ყოფილიყვნენ რწმენითა და აღსარებით, მამა ღმერთის მადლითა და წყალობით, უფლისა და ჩვენი მხსნელის დაშვებითა და სიყვარულით შესძლებოდათ, ერთი ყოფილიყვნენ".

ამ წერილებიდან შეიძლება, შევიტყოთ ბრალმდებლების ცილისწამება, ადრინდელი მსაჯულების უსამართლობა, და ამასთან ერთად, დოგმატების სისაღეც. ნეტარმა მამებმა არა მხოლოდ საღვთო ბუნების შესახებ დაგვმოძღვრეს, არამედ განგებულების166 შესახებაც გადმოგვცეს მოძღვრება. ამის მცოდნე კონსტანსმა, როდესაც დაინახა მისი ძმის გულარხეინობა, სულით დაეცა, და განრისხდა მათზე, ვინც ეს მოაწყო და მოახერხა იმპერატორის შეცდომაში შეყვანა. სარდიკიაში შეკრებილთაგან ორ ეპისკოპოსს მოუხმო და ძმასთან გაგზავნა წერილებთან ერთად; ხოლო მათთან ერთად გაგზავნა სამხედრო სარდალი, მისი სახელი იყო სალიანოსი, იგი სახელგანთქმული იყო კეთილმსახურებითა და სამართლიანობით. წერილები არა მხოლოდ თხოვნასა და რჩევას შეიცავდა, არამედ კეთილმსახურ იმპერატორს მუქარითაც შეაგონებდა. პირველად ძმას მიწერა, ეპისკოპოსებისთვის ყური დაეგდო და მოესმინა სტეფანესა და სხვების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები და ათანასე დაებრუნებია სამწყსოსათვის, როდესაც ცხადი გახდებოდა ცილისმწამებლების მიერ ჩადენილი საქციელები და და ადრე მსაჯულთა მიერ ჩადენლი კანონდარღვევები და ურჯულოე[103]ბები. და დასძინა, რომ თუ არ დაუჯერებდა და სიმართლეს არ იქმოდა, თავად ჩავიდოდა ალექსანდრიაში და ათანასეს გადასცემდა დამაშვრალ ცხვრებს, უღმერთოებს კი ჯარი გაყრიდა.

როდესაც ეს ეპისტოლე მიიღო კონსტანციუსმა, - მაშინ ის ანტიოქიაში იმყოფებოდა, - დაპირდა, რომ გააკეთებდა, რასაც ძმა მოითხოვდა.


თ ა ვ ი VII

ეპისკოპოსების, ევფრატასა და ბიკენტისთან დაკავშირებით მომხდარი ამბები, და მათ წინააღმდეგ ანტიოქიაში მოწყობილი შეთქმულება

მაგრამ ამის გამო ელმოდათ მათ, ვისაც ჩვევად ჰქონდა ჭემმარიტებასთან ბრმოლა, და ამ უღმერთოებმა მოაწყვეს სისხლიანი საქმე.

მთის ძირთან იჯდა ორი ეპისკოპოსი, ხოლო სარდალი სხვა სასტუმროში იმყოფებოდა.

სტეფანემ, რომელსაც ეპყრა ანტიოქიელთა ეკლესიის სადავეები, ჩაძირა ხომალდი, სხვა ტირანულ დანაშაულებებსაც მიმართავდა, რისი გამოყენებითაც ყველანაირ უბედურებას დაატეხდა თავს მათ, ვისაც ეპყრა მართალი დოგმატები. ამას სათავეში ედგა ერთი ყმაწვილი, სითავხედით შემოსარტყლული, დანაშაულებრივი ცხოვრების წესის მიმდევარი, რომელსაც არა მხოლოდ აგორადან გაყავდა ისინი შეუარაცხყოფის მიყენებითა და ტანჯვით, არამედ სახლებშიც იჭრებოდა და უშიშრად გამოყაედა მამაკაცები და კრძალულებით შემკული ქალებიც. და ძალიან რომ არ გავაგრძელო მისი უკეთურობების აღწერა, მოგითხრობთ საუკეთესო კაცთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, რადგან ეს საკმარისია მოქალაქეთა წინააღმდეგ მის მიერ უკანონოდ ჩადენილი საქმეების [104]სამხილებლად. როდესაც იგი იმყოფებოდა ერთ გარყვნილ ქალთან, მას უთხრა, რომ ახლახანს ჩამოსული სტუმრები ითხოვდნენ მასთან ღამის გატარებას. შემდეგ წაიყვანა ორმოცდაათი ჯარისკაცი და ისინი მთის ძირას მაყვლოვანში გადამალა, და წავიდა მეძავთან. როდესაც მისცა შეთანხმებული ნიშანი და შეიტყო, რომ ამ საქმის მოწმეები ადგილზე იმყოფებოდნენ,  ავიდა ამ კაცების სასტუმროს ეზოს კართან. როდესაც ნახა, რომ იგი ღია იყო (რადგან ერთ-ერთ მსახურს ამ საქმის გასაკეთებლად ფული მისცეს), შეიყვანა ქალი და აჩვენა სახლის კარი, სადაც ეძინა ერთ-ერთ მღვდელმთავარს, და უბრძანა შიგნით შესულიყო. თვითონ კი გაუშვა ჯარისკაცები და გავიდა. მოხდა ისე, რომ ევფრატას (ეს იყო უხუცესის სახელი) ეძინა ამ წინა ოთახში, ხოლო ბიკენტი (ასე ერქვა მეორეს) შიდა ოთახში იწვა. როდესაც მეძავი კარებში შევიდა, ევფრატამ გაიგო ფეხის ხმა, ბნელოდა და იკითხა, თუ ვინ დადიოდა. როცა ხმა გასცა, ევფრატა ძლიერ შეშფოთდა, იფიქრა დემონი იყო, რომელიც ქალის ხმას ბაძავდა, და  მყისვე საშველად მხსნელ ქრისტეს მოუხმო. ონაგროსმა კი (ასე ერქვა უკეთურების რაზმის წინამძღოლს) მას შემდეგ, რაც ხელებიცა და ფეხებიც შეიჭურვა კეთილმსახურთა წინააღმდეგ, რაზმთან ერთად შევიდა, უხმობდა კანონდამრღვევებს, რომლებიც მომავალში მოსალოდნელი იყო, რომ კანონდარღვევის მსაჯულები იქნებოდნენ. როდესაც ატყდა დიდი ხმაური, მსახურები გამოვარდნენ, ადგა ბიკენტიც. დაკეტეს ეზოს კარი და შეძლეს შვიდი ჯარისკაცის შეპყრობა, ონაგროსი კი სხვებთან ერთად გაიქცა. მათთან ერთად ქალიც დააკავეს. დილით მათთან ერთად მოსული სარდალიც ააყენეს და მივიდნენ სასახლეში. ჩიოდნენ სტეფანეს დანაშაულებებზე, ამბობდნენ, რომ საჭირო არ იყო არც სასჯელი, არც ტანჯვა მის კანონდარღვევებზე. მაგრამ სარდალი ხმამაღლა გაიძახოდა, იმპერატორს სთხოვდა არა სინოდიკურად, არამედ სამართლებრივად გამოეძიათ კანონსაწინააღმდეგო დანაშაულები და არწმუნებდა პირველ რიგში ეპისკოპოსის კლერიკოსები გადაეცათ სატანჯველად, და რომ ასევე საჭირო იყო [105]მსგავსადვე სტეფანეს მსახურების წამებაც. იგი შეუპოვრად ედავებოდა და ამბობდა, რომ კლერიკოსებს ცემა არ უნდა დაეთმინათ, იმპერატორმაც და მაგისტრებმაც საჭიროდ მიიჩნიეს, ეს საქმე სასახლის შიგნით გამოეძიათ. პირველად ჰკითხეს ქალს, თუ ვინ მიიყვანა იგი ეპისკოპოსთა სასტუმროში. მან კი უამბო: მასთან მოვიდა ერთმა ჭაბუკმა და უთხრა, რომ სტუმრები იყვნენ ჩამოსული და ის სჭირდებოდათ; ამ ჭაბუკმა, რომელიც საღამოს მოვიდა მასთან, წაიყვანა იგი სასტუმროში, დაიწყო თავისი რაზმის ძებნა და როდესაც ის იპოვა, ეზოს კარს შიგნით შევიდა და უბრძანა წინა ოთახში შესულიყო. ამ ქალმა ასევე დასძინა, რომ ეპისკოპოსმა იკითხა [თუ ვინ იყო], შეეშინდა და ილოცა; და რომ სხვები შემოვიდნენ და თავზე დაადგნენ.


თ ა ვ ი VIII

სტეფანეს განყენების შესახებ


როდესაც ეს შეიტყვეს მსაჯულებმა, შუაში გამოიყვანეს შეპყრობილთაგან უმრწემესი, რომელმაც შოლტით ცემის საჭიროების გარეშეც თქვა167 შეთქმულება და აღიარა, რომ ეს ყოველივე ონაგრონის მიერ იყო გაკეთებული. როდესაც ონაგრონი შემოიყვანეს, თქვა, რომ ეს სტეფანეს ნაბრძანები იყო. ასე შეიტყვეს სტეფანეს უკეთურება და არწმუნებდნენ იქ დამსწრე ეპისკოპოსებს, რომ იგი განეყენებიათ და ეკლესიიდან გაეძევებიათ. ეკლესია სრულად არ განთავისუფლებულა არიანული მანკიერებისგან, რადგან მის შემდეგ [ეკლესიის] თავმჯდომარე გახდა ლეონტი, კაცი ტომით ფრიგიელი, ფარული ზრახვების მქონე და წყალქვეშა კლდეების მბაძველი. მაგრამ მის168 შესახებ ცოტა მოგვიანებით გიამბობთ.


თ ა ვ ი IX

წმინდა ათანასეს მეორე დაბრუნების შესახებ

[106]მაშინ კონსტანციუსმა, როდესაც შეიტყო ეპისკოპოსების წინააღმდეგ მოწყობილი საქმე, მიწერა ათანასე დიდს და ერთხელ, მეორეჯერ და მესამეჯერაც სთხოვა დასავლეთიდან დაბრუნება169. მე კი თხრობაში ჩავურთავ მეორე ეპისტოლეს, მომცროს.


"კონსტანციუს მძლე, ავგუსტუსი ათანასეს"

"წინა წერილების მეშვეობითაც საკმაოდ ცხადვყავით, რათა ჩვენს საიმპერიო კარზე170 უზრუნველად მოხვიდე, რადგან განსაკუთრებით გვწადია შენი წარგზავნა შენს [ეპარქიაში]. თუმცა, ახლაც ამ წერილს გადავცემ შენს სიმტკიცეს, რომლის მეშვეობით გთხოვთ, ყოველგვარი უნდობლობისა და შიშის გარეშე ჩამოხვიდე სახელმწიფო ეტლით და გამოეშურო ჩვენსკენ, რათა რაც გწადია, შეძლო იმით დატკბობა".

ამგვარად უკან დაბრუნებულს კეთილგანწყობით შეხვდა და უბრძანა ალექსანდრიელთა ეკლესიაში დაბრუნება171. მაგრამ მაშინ ხელისუფლებაში მყოფებმა, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ არიანული მანკიერება, თქვეს, რომ საჭირო იყო ათანასეს ერთი ეკლესია მიეცა მათთვის, რომლებსაც არ სურდათ მასთან თანაზიარება. როდესაც ეს უთხრეს იმპერატორს, ხოლო იმპერატორმა - მას, [ათანასემ] მიუგო, რომ ჩანს, სამართლიანი იყო იმპერატორის ბრძანება, მაგრამ, რომ მასაც სურს რაღაცის უწყება და თხოვნა. როდესაც იმპერატორმა აღუთქვა, რომ მიცემდა, რასაც გულით ითხოვდა, თქვა, რომ საჭირო იყო და სამართლიანიც სამლოცველო ტიძრის, ღვთის სახლთაგან ერთ-ერთის მიცემა მათთვისაც, ვისაც172 [107]არ სურდა ანტიოქიაში ეკლესიების მპყრობელებთან თანაზიარება. მაგრამ როდესაც იმპერატორი დაეთანხმა და თხოვნა მართებულად და სამართლიანად მიიჩნია, მწვალებელთა ფალანგების წინამძღოლები არ დაეთანხმნენ, თქვეს, რომ არცერთისთვის არ იეო საჭირო ეკლესიის მიცემა. ასე გააკვირვა ათანასემ კონსტანციუსი და გაგზავნა იგი ალექსანდრიაში. გრიგოლი კი მკვდარი იყო, თვით მათგან173 მიიღო სიკვდილი. როდესაც იხილეს მწყემსი, გამართეს სახალხო ნადიმობა და ბრწყინვალე დღესასწაულები. მას მიაგებდნენ პატივს და ღმერთს უგალობდნენ174. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კონსტანსი175.


თ ა ვ ი X

მისი მესამე გადასახლებისა და გაქცევის შესახებ


მათ, რომლებიც მართავდნენ კონსტანციუსს ისე, როგორც სურდათ, [მას] გაახსენეს, რომ ათანასეს გულისთვის უთანხმოება შეექმნა ძმასთან, ცოტა აკლდა ბუნების საკრველების გახეთქვას176 და ალბათ ერთმანეთის წინააღმდეგ ომიც დაიწყებოდა. ამ აზრებით აღძრულმა კონსტანციუსმა ბრძანა საღვთო ათანასეს არა მხოლოდ განდევნა, არამედ მოკვლაც. ვიღაც სარდალი სებასტიანონი177 გაგზავნა საკმაოდ ბევრ ჯარისკაცთან ერთად და უბრძანა მისი, როგორც დამნაშავის, განადგურება. ხოლო თუ როგორ დაესხა იგი თავს, ეს კი გაიქცა, თავად მოგვითხრობს მშვენივრად, ასე ვნებული და სასწაულებრივად გადარჩენილი:

"გამოკელეულ იქნას განშორების ვითარება და სხვა მხრითაც იქნას შესწავლილი. არიანელები ჯარისკაცებთან ერთად დარბოდნენ მათ გასამხნევებლად და ჩვენს საჩვენებლად მათთვის, ვინც [108]არ გვიცნობდა. და თუ ასე არ არიან სიმპათიით განწყობილი, შერცხვენილებმა წყნარად მაინც მოისმინონ.

უკვე ღამე იყო, და ერიდან ზოგი ღამის თევაზე იდგა, მოელოდა შეკრებას178. მეყსეულად შემოვიდა ჯარის მეთაური ხუთი ათასზე მეტ შეჭურვილ, ხმალამოღებულ, მშვილდით, შუბითა და კომბლებით შეიარაღებულ ჯარისკაცთან ერთად, რაც ადრეც ითქვა. მან ეკლესიას წრე შემოარტყა, ჯარისკაცები ახლო-ახლო დააყენა, ვინმეს, ეკლესიიდან გამოსულს, მათთვის გვერდის ავლა რომ არ შეძლებოდა. მე კი უაზრობად მივიჩნიე, ასეთი არეულობის დროს ერი მიმეტოვებია და მათზე უწინარეს საფრთხეში არ ჩავვარდნილიყავი. ვიჯექი საყდარზე და ვთხოვდი დიაკვნებს, ეკითხათ ფსალმუნები, ერს კი - მოესმინა, "რამეთუ საუკუნოდ არის მისი წყალობა" (ფს. 136.24). და ვთხოვე, ყველა ასე გასულიყო და სახლში წასულიყო. მაგრამ შემდეგ ჯარის მეთაური ძალით შემოვიდა და ჯარისკაცები გარს შემოერტყნენ საკურთხეველს ჩემს შესაპყრობლად, იქ მღვდელმსახური კლირიკოსები და ერი გაჰყვიროდა, ითხოვდა, რომ ჩვენც გავცლოდით იქაურობას. მე კი მივუგე, რომ მანამდე არ გავიდოდი, ვიდრე თითოეული მათგანი არ გავიდოდა. ავდექი და ვბრძანე ლოცვა. ასე პირიქით, ვთხოვე ყველას, რომ გასულიყო, ვუთხარი, უმჯობესია მე ჩავვარდე საფრთხეში, ვიდრე რომელიმე თქვენგანი დაზიანდეს. როდესაც უმრავლესობა გავიდა და დანარჩენიც მიჰყვა, იქ ჩემთან მყოფმა მონაზვნებმა და ზოგიერთმა კლერიკოსმა ჩვენც გაგვათრიეს. და მოწმეა ჭეშმარიტება, ასე უფლის წინამძღოლობითა და მისი მფარველობით გავიარეთ საკურთხევლის გარშემო მდგარი ჯარისკაცები და ეკლესიის გარშემო მოარულებიც. მათ დავემალეთ და განვშორდით, დიდად განვადიდეთ ღმერთი, რომ არ გადავეცით ერი, არამედ კიდევაც გავუშვით ისინი, და მძებნელთა ხელთაგანაც შევძელით გაქცევა და გადარჩენა".


თ ა ვ ი XI

გიორგისა179 და მის მიერ ალექსანდრიაში ჩადენილი ბოროტებების შესახებ


[109]როდესაც იგი ასე გაექცა მათ მკვლელ ხელებს, სხვა მგელს, გიორგის ჩააბარეს ამ ცხვრებზე ძალაუფლება. ყოველგვარ მგელზე, დათვსა და ლეოპარდზე უფრო სასტიკად ეპყრობოდა ცხვრებს. ცხოვრებაში ქალწულობის შემნახველთ არა მხოლოდ ათანასესთან ურთიერთობაზე უარის თქმას აიძულებდა, არამედ მამათა სარწმუნოების შეჩვენებასაც. სისასტიკეში თანაშემწედ ყავდა სებასტიანონი, ჯარისკაცთა რაზმის წინამძღოლი, რომელმაც შუა ქალაქში ცეცხლი გააჩაღა, მასთან დააყენა შიშველი ქალწულები და უბრძანა სარწმუნოების უარყოფა. სანახაობა იყო საშინელი და სულის შემძვრელი მორწმუნეთა და ურწმუნოთა წინაშე. [ქალწულები კი] უპატიობას დიდ პატივად რაცხდნენ და რწმენის გულისთვის სიხარულით დაითმენდნენ შოლტით ცემას. ამასაც უფრო ნათლად მწყემსი გიამბობთ.

"შემდეგ, როდესაც ორმოცეული180 დადგა, მათ კაბადოკიიდან გამოგზავნეს გიორგი და მან გაამრავლა ბოროტი საქმეები, რაც კი მათგან ჰქონდა ნასწავლი. პასექის შვიდეულის შემდეგ ქალწულები საპყრობილეში ჩაყარა, ჯარისკაცების მიერ შებორკილი ეპისკოპოსები წაიყვანა, ობლებისა და ქვრივების სახლები გაძარცვულ იქნა, მძარცველები და თავდამსხმელები სახლებში დადიოდნენ, და ღამით ქრისტიანებს იტაცებდნენ, სახლები დაბეჭდილი იყო, კლერიკოსების ძმები საფრთხეში ვარდებოდნენ მათი ძმების გამო. ეს საშინელება იყო, მაგრამ ამის შემდეგ უფრო საშინელი დანაშაულებები იქნა ჩადენილი. წმინდა ორმოცდაათეულის მომდევნო კვირას ერი მარხულობდა და გავიდა სასაფლაოს მახლობლად ლოცვისათვის, რადგან ყველამ ზურგი აქცია გიორგისთან ურთიერთობას. მაგრამ ყოვლად უკეთურმა ეს შეიტყო და გაასასტიკა ჯარის მეთაური სებასტიანონი, რომელიც მანიქევე[110]ლი იყო. შემდეგ იგი საჭურველით, გაშიშვლებული ხმლით, მშვილდითა და შუბით შეიარაღებულ მრავალ ჯარისკაცთან ერთად თვით უფლის დღეს181 გაემართა ხალხის წინააღმდეგ. ნახა, ცოტა მლოცველები იყვნენ, რადგან უმრავლესობა გვიანი ჟამის გამო წასული იყო, და მათ ისეთი რამ გააკეთეს, რისი მოსმენაც მათგან შეშვენის. მან გააჩაღა ცეცხლი, ქალწულები ცეცხლთან დააყენა და აიძულებდა, ეთქვათ, რომ არიოზის სარწმუნოების იყვნენ. როდესაც დაინახა, რომ ისინი იმარჯვებდნენ და ცეცხლი არ ანაღვლებდათ, შემდეგ გააშიშვლა ისინი და ისე სცემა სახეზე, რომ რაღაც დროის შემდეგ ძლივს იცნობდით. ორმოცი მამაკაცი შეიპყრო და ახლებური რამ სახით სცემა: მაშინათვე ფინიკებიდან მოჭრა ტოტები, რომლებსაც ბევრი ხიჭვი ჰქონდა, და ამით მათ ზურგზე ტყავი ისე გააძრო, რომ ზოგიერთს მათში ხიჭვების ხშირი ჩარჭობის გამო ქირურგი სჭირდებოდა, ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო და მოკვდა. ყველა შეპყრობილი და [მათ შორის] ქალწულებიც გააძევეს დიდ ოაზისში, ხოლო გარდაცვლილთა გვამები არათუ გადასცეს მათ ნათესავებს, არამედ დამალეს და სურდათ დაუმარხავების გადაყრა, რადგან ფიქრობდნენ, რომ დამალავდნენ ესოდენ დიდ სისასტიკეს. მაგრამ ეს ცნობამიღებულები შეცდნენ. რადგან გარდაცვლილთა შინაურები ხარობდნენ მათი აღსარების გამო, ხოლო გლოვობდნენ სხეულების გამო, და უფრო მეტად გამოჩნდა მათ  წინააღმდეგ უღმერთობისა და სისასტიკის სამხილი.

"ეგვიპტიდან და ლიბიიდან განდევნა ეპისკოპოსები: ამონიოსი, მუიოსი, გაიოზი, ფილონი, ჰერმესი, პლენიოსი, ფსინოსირისი, ნილამონი, აგაპიოსი, ნაგამფოსი, მირკოზი, სხვა ამონიოსი, სხვა მარკოზი, დრაკონტიოსი, ადელფიოსი, ათენოდორი; ხოლო ხუცესებ: ჰიერაქსი და დიოსკორე182. და ისე მწარედ დევნიდა მათ, რომ ზოგი მათგანი გზაში, ზოგი კი თვით გადასახლებაში დაიღუპა. განდევნა ოცდაათზე მეტი ეპისკოპოსი. რადგან მათი მოშურნეობა იყო აქაბის მსგავსი, და რომ შეეძლოთ, ჭეშმარიტებასაც მოსპობდნენ".

და [ათანასემ] ამ ქალწულებს, რომლებმაც ეს უმძიმესი ტანჯვები [111]გადაიტანეს, ნუგეშისმცემელი სიტყვები მიწერა. მათ მიმართა: "ნურცერთი თქვენგანი იქნება ამის გამო დამწუხრებული, თუ ეს ურჯულოები თქვენს დაკრძალვებსაც ბოროტი თვალით უმზერენ და [სხეულის] გატანას ხელს უშლიან; რადგან იქამდე მივიდა არიანელთა დაქცევა, რომ კარიბჭეს ხშავენ, ხოლო საფლავების გარშემო როგორც დემონები ისე სხედან, რათა ვინმე გარდაცვლილი არ იქნას შეყვანილი".

ამას და ამის მსგავსს სჩადიოდა გიორგი ალექსანდრიაში. საღვთო ათანასე კი ფიქრობდა, რომ არ მოიძებნებოდა გამაგრებული ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდა, როდესაც იმპერატორმა ბრძანა, რომ ან ცოცხალი მოეყვანათ, ან მკვდრის თავი მიეტანათ, და ამის გამკეთებელს განსაკუთრებით დიდ გასამრჯელოს პირდებოდა.

 

თ ა ვ ი XII

მედიოლანში გამართული კრების შესახებ

როდესაც კონსტანსის აღსრულების შემდეგ დასავლეთი ეპყრა მაგნენციუსს, თავად კონსტანციუსი ევროპისკენ დაიძრა ამ ტირანის წინააღმდეგ დარაზმული. მაგრამ ამ სასტიკმა მებრძოლმა არ შეწყვიტა ომი ეკლესიების წინააღმდეგ. ყველაფრის ადვილად დამჯერე და არიანული სენის მიმღები დაემორჩილა [იმ აზრს], რომ მედიოლანში183 (ეს არის იტალიის ქალაქი) გაემართა კრება და პირველ რიგში ყველა შეკრებილი იძულებული გაეხადა, დათანხმებოდა იმ უსამართლო მსაჯულების მიერ ტვიროსში განჩინებულ განყენებას, და ასე ათანასეს ეკლესიებიდან განდევნის შემდეგ გადმოეცათ მრწამსის სხვა მოძღვრება. საიმპერიო წერილების მიმღებნი შეიკრიბნენ, მაგრამ ნაბრძანები შორს დაიჭირეს და პირისპირ უთხრეს იქ დამსწრე იმპერატორს, თუ როგორ უსამართლო და ურჯულო ბრძანება გასცა. ისინი ეკლესიებიდან იქნენ [112]გაძევებული და განეჩინათ მსოფლიოს უკიდურეს საზღერებთან184 დასახლება.

საკვირველმა ათანასემ ესეც აღწერა იმ "აპოლოგიაში". "ვინ 'შეძლებს, ესოდენი გაიხსენოს, რამდენიც მათ გააკეთეს? როდესაც ეკლესიებში მშვიდობა ახალი დამყარებული იყო და ერი ლოცულობდა შეკრებებზე, რომის ეპისკოპოსი ლიბერუესი185, გალიის მიტროპოლიის186 [ეპისკოპოსი] პავლინუსი, იტალიის მიტროპოლიის187[ეპისკოპოსი] დიონისე, სარდინიის კუნძულების მიტროპოლიის188 [ეპისკოპოსი] ლუციფერუსი, იტალიიდან ევსები189, და ყველა კთილი ეპისკოპოსი და ჭეშმარიტების მქადაგებელი გატაცებული და გადასახლებული იქნენ; არავითარი საბაბის არ მქონენი, რადგან არ დაეთანხმნენ არიანულ მწვალებლობას, არც ხელი მოაწერეს ჩვენს წინააღმდეგ შეთხზულ და შექმნილ ბრალდებებსა და ცილისწამებებს. დიდი და სვიანი მოხუცის, და ჭეშმარიტად აღმსარებელი ჰოსიუსის190 შესახებ ზედმეტი არის ჩემს მიერ რაიმეს თქმა. რადგან ყველამ ერთნაირად იცის, რომ იგიც გადაასახლეს. რადგან არათუ უმნიშვნელო, არამედ ყველაზე უფრო გამოჩენილი მოხუცია. რომელ კრებას არ მიუძღოდა და მართლად მეტყველმა განა ყველა არ დაარწმუნა? რომელ ეკლესიას არა აქვს მისი წინამძღვრობის უმშვენიერესი ნიშანი? როდის მისულა ვინმე დამწუხრებული და მისგან გახარებული არ გამოსულა? ვის უთხოვია დახმარება და არ წამოსულა იმით, რაც სურდა? და მის წინააღმღეგაც გაკადნიერდნენ, რადგან როდესაც მან იხილა უღმერთობის გამო მათ მიერ შეთხზული ცილისწამებები, ხელი არ მოაწერა ვერაგ შეთქმულებებს ჩვენს წინააღმდეგ".

რა დანაშაულებებიც ამ წმინდა კაცების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი, ამას ჩანაწერები გვაუწყებს. რამდენი სივერაგეც სხვა მრავალის წინააღმდეგ ჩაიდინეს არიანული ფალანგის წინამძღოლებმა, კვლავ ეს საღვთო კაცი მოგვითხრობს ამ თხზულებაში: "მდევნელებმა და დამტყვევებლებმა ვის არ მიაყენეს შეურაცხყოფა ისე, როგორც ეს სურდათ? მეძებრები და მპოვნელები ვის [113]არ მოეპყრნენ ისე, რომ ან მოკლეს, ან ყოველი მხრიდან დაასახიჩრეს? რადგან რა საქმეებსაც მსაჯულები განიხილავენ, ეს მათი ნამოქმედარი არის, და ესენი უფრო მათი არჩევანისა და უკეთურების მსახურები არიან. აწ რომელ ადგილას არ არის მათ ბოროტებათა ხსოვნა? თუ ვინმე მათგან განსხვავებულად ფიქრობდა იეზაბელის მსგავსად არ შეთხზეს საბაბი? აწ რომელი ეკლესია არ მოთქვამს მათი ეპისკოპოსების წინააღმდეგ მათი შეთქმულებების გამო? ანტიოქია - აღმსარებელი და მართლმადიდებელი ევსტათის გამო; ბელანიელები - ევფრატიონის191 გამო; პალტუსი192 და ანტარადოსი193 - კვიმატიოსისა და კარტერიოსის გამო; ადრიანოპოლისი - ქრისტეს საყვარელი ევტროპიოსის194 გამო, და მის შემდეგ ლუკიუსის გამო, რომელიც მათგან ხშირად ატარებდა ჯაჭვებს და ასე მოკვდა; ანკვირა - მარკელოსის195 გამო; ბერია - კვიროსის196 გამო; ღაზა - ასკლეპას197 გამო. ესენი ამ ლაჩრებმა ჯერ მრავალგზის დაასახიჩრეს, შემდეგ გადაასახლეს. ისე ეძებდნენ თეოდულე და ოლიმპიოს198 თრაკიელებს, ჩვენ და ჩვენს ხუცესებს, რომ თუ გვიპოვიდნენ, თავს დაგვატყდებოდა სასჯელი და სწრაფადვე მოგვკლავდნენ, მაშინაც მათი განზრახვის საპირისპიროდ რომ არ გავქცეულიყავით. ასეთი არის ოლიმპიოსის მომხრეთა წინააღმდეგ პროკონსულ დონატიუსის მიმართ და ჩვენს წინააღმდეგ ფილაგრიოსის199 მიმართ გაცემული წერილები".

ეს არის უღმერთო დაჯგუფების დანაშაულები წმინდანთა წინააღმდეგ. ეს ჰოსიუსი კორდუბის ეპისკოპოსი იყო და თავი გამოიჩინა ნიკეის დიდ კრებაზე, და სარდიკიაში გამართულ კრებასაც თავმჯდომარეობდა. მე კი მსურს ამ ნაშრომში ჩავურთო ყოვლად სახელგანთქმული ლიბერიუსის მიერ ჭეშმარიტების გამო გამოჩენილი კადნიერება და მისი ღირსადქებული სიტყვები, რომლითაც მიმართა კონსტანციუსს. რადგან იმ დროის ღვთისმოყვარეთაგან ჩაწერილი არის [საუბარი], რასაც ძალუძს, მხურვალედ შეყვარებულები აღაგზნოს საღვთო საგნებისადმი მოშურნეობის მიმართ. იგი მართავდა რომაელთა ეკლესიას იულიუსის შემდეგ, რომელმაც შეცვალა სილვესტრი.


თ ა ვ ი XIII

იმპერატორ კონსტანციუსისა და რომის პაპ ლიბერიუსის საუბარი200


[114]იმპერატორმა კონსტანციუსმა თქვა: "რადგან შენ ხარ ქრისტიანი და ჩვენი ქალაქის ეპისკოპოსი, ჩვენ ღირსეულად განვსაჯეთ, ეს გამოგიგზავნეთ და გთხოვეთ, რომ უარი გეთქვა უწმინდური ათანასევ ენითუთქმელ სიშლეგესთან ზიარებაზე. რადგან ეს მსოფლიომ მოიწონა, და კრების გადაწყვეტილებით განჩინებულ იქნა [მისი] განშორება ეკლესიის თანაზიარებიდან".

ეპისკოპოსმა ლიბერიუსმა თქვა: "იმპერატორო, საეკლესიო განაჩენები ძალიან სამართლიანი სასამართლოთი უნდა იქნას გამოტანილი. ამიტომ, თუ შენს კეთილმსახურებას სათნო უჩნს, ბრძანოს სასამართლოს გამართვა, და თუ ნახავს, რომ ათანასე სასჯელის ღირსია, მაშინ საეკლესიო წესის მიხედვით გამოტანილ იქნას განაჩენი მის წინააღმდეგ".

იმპერატორმა კონსტანციუსმა თქვა: "მთელმა მსოფლიომ განსაჯა მისი უწმინდურობა და იგი თითქოს თავიდანვე დასცინის ამ გარემოებას".

ეპისკოპოსმა ლიბერიუსმა თქვა: "ვინც ხელი მოაწერეს, არ ყოფილან მოვლენების თვითმხილველები, არამედ შენგან [მოსალოდნელი] დიდების, შიშისა და უპატიობის გამო [გააკეთეს ეს]".

იმპერატორი: "რა დიდება, რა შიში და უპატიობა"

ლიბერიუსი: "ვისაც არ უყვართ ღვთის დიდება, შენგან საბოძვარებს უფრო აფასებენ, და ვინც თვალითთ არ უხილავთ და არ გაუსამართლებიათ, განსაჯეს, რაც ქრისტიანთათვის უცხო არის".

იმპერატორი: "ტვიროსში გამართულ კრებაზე პირისპირ იქნა გასამართლებული და ამ კრებაზე მსოფლიოს ყველა ეპისკოპოსმა განსაჯა".

ლიბერიუსი: "არასოდეს პირისპირ არ გაუსამართლებიათ ეს [115]ადამიანი. რადგან ვინც მაშინ იქ კრებაზე მოსულმა განსაჯა ის, მაშინ როცა ათანასე სასამართლოდან წასული იყო, მან უგუნურად განსაჯა".

ევსები საჭურისმა თქვა: "ნიკეის კრებაზე კათოლიკე სარწმუნოებისთვის უცხოდ წარმოჩნდა”.

ლიბერიუსი: "მასთან ერთად მარეოტში მოგზაურთაგან, რომლებიც წარიგზავნენ მის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ოქმების შესადგენად, მხოლოდ ხუთმა განსაჯა იგი. მათგან ახლა ორი მკვდარია: თეოგონიოსი და თეოდორე; დანარჩენი სამი კი ცოცხალია: მარესი, ვალენსი და ურსაკიუსი. სარდიკაში გამოტანილ იქნა განაჩენი ამ საქმის გამო წარგზავნილთა წინააღმდეგ, რომლებმაც კრებაზე გადასცეს წერილები. ისინი შენდობას ითხოვდნენ მარეოტში ათანასეს წინააღმდეგ ცილისწამებისთვის ცალმხრივად შედგენილი ოქმებისთვის. ახლაც ხელთა გვაქვს მათი ეს წერილები. იმპერატორო, მათგან ვის უნდა დავუჯეროთ და ვისთან ვიქონიოთ ზიარება? ჯერ სასჯელის გამომტანებს და შემდეგ შენდობის მთხოვნელთ, თუ მათ, რომელთაც ახლა განსაჯეს ისინი?"

ეპისკოპოსმა ეპიქტეტუსმა201 თქვა: "იმპერატორო, ლიბერიუსი ახლა გეპაექრება არათუ სარწმუნოების გამო, არც საეკლესიო განაჩენების გამო, არამედ რათა რომში მყოფ სენატორებთან დაიკვეხნოს, რომ იმპერატორს ლოგიკურად დაუმტკიცა".

იმპერატორმა უთხრა ლიბერიუსს: "მსოფლიოს რამდენი ნაწილი ხარ, რომ მხოლოდ შენ შეეწევი უწმინდურ ადამიანს, და მსოფლიოსა და მთელი ქვეყნიერების მშვიდობას არღვევ?"

ლიბერიუსი: "მხოლოდ ჩემს გამო არა კნინდება რწმენის სიტყვა. ძველადაც მხოლოდ სამი აღმოჩნდა, ვინც წინ აღუდგა ბრძანებას".

ევსები საჭურისმა უთხრა: "ჩვენს იმპერატორს ნაბუქოდონოსორად ხდი".

ლიბერიუსი: "არა. მაგრამ ასე უგუნურად განსჯი ადამიანს, რომელიც არ გაგვისამართლებია. მაგრამ მე ვითხოვ პირველი [116]მსოფლიო [მრწამსი] იქნას ხელმოწერილი, ნიკეაში გადმოცემული მრწამსი განმტკიცდეს, რათა, როდესაც ჩვენი ძმები გადასახლებიდან გამოხმობილ იქნებიან, აღდგებიან თავიანთ ადგილებზე და ნახავენ, რომ ის, ვისაც ახლა შფოთი შეაქვს ეკლესიებში, სამოციქულო მრწამსთან თანხმობაში იმყოფება, მაშინ ყველა ალექსანდრიაში ჩავედით, ბრალდებულიც და ბრალმდებლებიც, და მათი დამცველიც, გამოვიკვლიოთ მათი საქმეები და გამოვიტანოთ განაჩენი".

ეპისკოპოსმა ეპიქტეტუსმა თქვა: "მაგრამ ეპისკოპოსთა ჩამოსაყვანად საკმარისი სახელმწიფო ეტლი არ იქნება".

ლიბერიუსი: "საეკლესიო საქმეებს არ სჭირდება სახელმწიფო ეტლები. ეკლესიებს ძალუძთ ზღვამდე წარგზავნონ თავიანთი ეპისკოპოსები". 

იმპერატორი: "შეუძლებელია უკვე მიღებული წესის გაუქმება. რადგან ეპისკოპოსთა უმრავლესობის გადაწყვეტილებამ უნდა შეიყვანოს იგი ძალაში. მხოლოდ შენ ხარ ამ შენი დამნაშავე მეგობრის დამცეელი".

ლიბერიუსმა მიუგო: "იმპერატორო, არასოდეს გვსმენია, რომ ბრალდებულის დაუსწრებლად მსაჯულს დანაშაული გამოეცხადებიოს, თითქოს პირადი მტრობა ჰქონდეს ამ ადამიანის მიმართ".

იმპერატორი: "ყველას ერთად დაუშავა, მაგრამ ისე არავის, როგორც მე. ვისაც არ ეყო ჩემი უფროსი ძმის დაღუპვა202, არც ნეტარი კონსტანსის ჩვენს სამტროდ წაქეზება შეწყვიტა, ჩვენ რომ დიდი სიმშვიდით არ გადაგვეტანა წამქეზებელისა და წაქეზებულის სწრაფვა. ჩემთვის არ არსებობს ისეთი გამარჯვება, არც მაგნენციუსსა და სილბანუსზე, როგორიც არის ამ საეკლესიო საქმეების გამანადგურებელ უწმინდურზე".

ლიბერიუსი: "იმპერატორო, ეპისკოპოსთა მეშვეობით ნუ დაიცავ შენს მტრობას. რადგან ხაეკლესიო [პირთა] ხელები განწმენდისა და კურთხევისათვის უნდა იყოს. ამიტომ, თუ შენ სათნო გიჩნს, ბრძანე, დააბრუნონ ეპისკოპოსები თავიანთ ადგილებზე, და თუ მათ ახლა ნიკეაში გადმოცემული მრწამსის დამცველის თანა[117]მოაზრეებად იხილავ, მაშინ ერთად შეკრიბე ქვყნიერების მშვიდობის სახილველად, რათა უცოდველი კაცის დაგლეჯა არ იქნას მოწონებული".

იმპერატორი: "ერთი რამ არის გამოსაძიებელი. მსურს, ეკლესიასთან თანაზიარების მოწადინე იყო და კვლავ რომში გაგიშვა. ამიტომ დაემორჩილე მშვიდობას, ხელი მოაწერე და დაბრუნდი რომში".

ლიბერიუსი: "რომში მყოფ ძმებს უკვე დავემშვიდობე. რადგან რომში ცხოვრებაზე უფრო დიდია საეკლესიო კანონები".

იმპერატორი: "აზრის შესაცვლელად სამი დღის ვადა გაქვს, ხელის მოწერა თუ გსურს, დაბრუნდები რომში, ან იფიქრე, რომელ ადგილზე გსურს გადასვლა".

ლიბერიუსი: "სამი დღის ვადა აზრს ვერ შემიცვლის. ამიტომ, სადაც გსურს, იქ გამგზავნე".

მაგრამ ორი დღის შემდეგ იმპერატორმა ჰკითხა ლიბერიუსს, და რადგან მან არ შეიცვალა აზრი, უთხრა, რომ გადაასახლებდა თრაკიის ბეროაში. როდესაც ლიბერიუსი წავიდა, იმპერატორმა სახარჯად გაუგზავნა სუთასი ოქრო. ლიბერიუსმა მიმტანს უთსრა: "წადი და ეს იმპერატორს მიეცი, რადგან სჭირდება მისი ჯარისკაცებისათვის მისაცემად". ასევე იმპერატრიცამაც203 გაუგზაენა ეს. ლიბერიუსმა უთხრა: "მიეცი ეს იმპერატორს, მას ესაჭიროება ჯარისკაცთა ლაშქრობებისათვის. მაგრამ თუ იმპერატორს არ სჭირდება, მიეცი ეს ავქსენტის და ეპიქტეტუსს, რადგან ეს მათ სჭირდებათ". მაგრამ როდესაც მათგან არ მიიღო, ევსები საჭურისმა სხვები გაიგზავნა მას. ლიბერიუსმა მას უთხრა: "მსოფლიოს ეკლესიების იავარმქმნელი როგორც განსასჯელს წყალობას მიგზავნი? წადი, ჯერ ქრისტიანი გახდი204". და სამი დღის შემდეგ გადასახლებულ იქნა ისე, რომ არაფერი მიუღია.


თ ა ვ ი XIV

წმინდა ლიბერიუსის გადასახლებისა და უკან დაბრუნების შესახებ


[118]ჭეშმარიტების გამარჯვებული მებრძოლი, როგორც ნაბრძანები იყო, ჩავიდა თრაკიაში. ორი წლის გასვლის შემდეგ კონსტანციუსი რომში ჩავიდა. დიდებული და წარჩინებული მეუღლეები ქმრებს დაჟინებით სთხოვდნენ, შევედრებოდნენ კონსტანციუსს, რომ სამწყსოსთვის მიეცა მწყემსი; ეუბნებოდნენ, რომ თუ არ დაუჯერებდნენ, მიატოვებდნენ მათ და ამ დიდ მწყემსთან წავიდოდნენ. მათ კი უთხრეს, რომ იმპერატორის რისხვის ეშინოდათ, რადგან მამაკაცები ვართ, ალბათ [ამ თხოვნას] მიუტევებლად მიიჩნევს. თქვენს თხოვნებს კი, რა თქმა უნდა, შენდობას მიანიჭებს და ორიდან ერთი იქნება, ან ვედრებას დააკმაყოფილებს, ან არ მიიღებს და უვნებლად გამოგიშვებთ". ეს რჩევა მიიღეს ღირსადქებულმა ქალებმა და მათთვის ჩვეული ძვირფასეულობით [შემკული] მივიდნენ იმპერატორთან, რადგან სამოსლის ბრწყინვალებით აფასებდა, და მათ შეწყალებისა და მიტევების ღირსად ჩათვლიდა. როდესაც ასე მივიდნენ, ევედრებოდნენ, შებრალებოდა ქალაქი, ასეთი მწყემსი რომ მოაკლდა და მგლების სივერაგით იოლად შესაპყრობი გახდა. მან კი მიუგო, რომ ქალაქს სხვა მწყემსი არ სჭირდებოდა, და რომ ჰყავდა მას მზრუნველობის შემძლე მწყემსი. რადგან დიდი ლიბერიუსის შემდეგ ხელდასვმულ იქნა მის ერთგულ დიაკონთაგან ერთი ვინმე, მისი სახელი იყო ფელიქსი, რომელიც ნიკეაში გადმოცემულ მრწამსს შეურყვნელად იცავდა, მაგრამ მის შემრყვნელებთან ერთად უშიშრად ეზიარებოდა. რომის მოსახლეობიდან არავინ შედიოდა სამლოცველო სახლში, როდესაც ის შიგ იმყოფებოდა. ამ ქალებმა იმპერატორს ესეც უთხრეს. ამის გამო მოიდრიკა, ბრძანა, უკან დაებრუნებინათ ეს ყველაზე საუკეთესო [კაცი] და ორივეს ერთობლივად ემართა ეკლესია. როდესაც [119]ეს წერილები იპოდრომზე წაიკითხეს, ხალხმა შეჰყვირა ,თქვა, რომ იმპერატორის განაჩენი სამართლიანი იყო; რადგან ორად იყო გაყოფილი მაყურებელი, ფერების მიხედვით სახელები ჰქონდათ შერქმეული, და ერთი ერთ ნაწილს წინამძღვრობდა, მეორე - მეორეს205. ასე დასცინეს იმპერატორის ედიქტს და ერთხმად შესძახეს: "ერთია ღმერთი, ერთია ქრისტე, ერთია ეპისკოპოს". სამართლიანად მივიჩნიე თვით ამ სიტყვების გადმოცემა. ქრისტესმოყვარე ხალხის კეთილმსახურებითა და სამართლიანობით შემკული შეძახილის შემდეგ უკან დაბრუნდა საღვთო ლიბერიუსი. ფელიქსი კი წავიდა და სხვა ქალაქში დასახლდა.

თხრობის სიმწყობრის დასაცავად ეს ამბები მედიოლანში ეპისკოპოსებთან დაკავშირებულ მოვლენებს მოვაყოლე. კვლავ დავუბრუნდები მოვლენების თანმიმდევრობას.


თ ა ვ ი XV

არიმინში გამართული კრების206 შესახებ


როდესაც რწმენის წინამბრძოლები განდევნეს, ჩათვალეს, რომ იმპერატორის აზრი ისე შეცვალეს, როგორც მათ სურდათ, ძალიან იოლად მოსპეს მათი მოწინააღმდეგე რწმენა და განამტკიცეს არიოზის მოძღვრება. კონსტანციუსი დაარწმუნეს, რომ არიმინში შეეკრიბა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეპისკოპოსები207; ბრძანება გაეცა, რომ მრწამსიდან ამოეღო "არსი" და "თანაარსი" - მამების მიერ არიოზის მზაკვრობის წინააღმდეგ გამოგონებელი საშუალებები. ამბობდნენ, რომ ეს იწვევდა ეკლესიათა განყოფას. როდესაც შეიკრიბნენ არიოზის მანკიერების წილმქონეებმა სცადეს, მოეტყუებიათ შეკრებილთა სიმრავლე, [120]განსაკუთრებით ლიტონი ჩვეულებების მქონე დასავლეთელები. ამბობდნენ, რომ საჭირო არ იყო ორი სიტყვის, ისიც წმინდა წერილში არარსებული [გამონათქვამის] გამო, გაგლეჯილიყო ეკლესიის სხეული, არამედ ამბობდნენ, რომ ძე ყველაფრით მსგავსი იყო მშობლის, სიტყვა "არსს" კი ტოვებდნენ როგორც წმინდა წერილში არარსებულ სახელს. მაგრამ იგრძნეს სიცრუე და განკვეთეს ამის მთქმელები, თვითონ კი საკუთარი აზრი იმპერატორს წერილების მეშვეობით განუმარტეს. ამბობდნენ, რომ იყვნენ ნიკეაში შეკრებილი მამების შვილები და მემკვიდრეები: "და თუ გავბედავთ მათ მიერ დაწერილიდან რაიმეს ამოღებას ან საუკეთესოდ გადმოცემულისთვის რაიმეს დამატებას, საკუთარ თავს უკანონო შვილად წარმოვაჩენთ და მშობლების ბრალმდებლები გავხდებით". მათი მრწამსის უფრო ნათელი და ზედმიწევნითი კანონი მათ მიერ წარმოჩნდება კონსტანციუსისადმი გაგზავნილ წერილში.

 

არიმინში გამართული კრების მიერ იმპერატორ კონსტანციუსისადმი მიწერილი ეპისტოლე208

"ღვთის ბრძანებითა და შენი კეთილმსახურების განკარგულებით, ის გვწამს რაც ძველად დოგმატად განაჩინეს. დასავლეთის ყველა ქალაქიდან ყვეღა ეპისკოპოსი ერთად შევიკრიბეთ არიმინში, რათა გაცხადდეს კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება, და ისინიც გამოაშკარავდნენ, ვინც ამის საპირისპიროს ფიქრობს. დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით და მივხვდით, რომ საუკეთესო იქნებოდა ძველთაგან დაცუი მრწამსი, რომელიც წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით იქადაგეს, იცავს რა შენს იმპერიას და წარმართავს შენი ძალმოსილების ზრდას, რათა დავიცვათ ამის პყრობა და დამცველები აღსასრულამდე უსაფრთხოდ ვიყოთ. რადგან უჯერო [121]და უკანონო არის, რაიმე შევცვალოთ მართებულად და სამართლიანად განსაზღვრულიდან, მაშინ როცა იგი ნიკეაში შენს მამასა და იმპერატორთან, სახელოვან კონსტანტინესთან ერთად იქნა განხილული, და რომლის მოძღვრება და აზრი ყველა ადამიანის სმენას და გონებას მიწვდა და იქადაგა, რომელიც იყო არიოზის მწვალებლობის ერთადერთი მოწინააღმდეგე და დამღუპველი; და რომლის მეშვეობით არა მხოლოდ ის, არამედ სხვა მწვალებლობებიც განადგურდა. მასში ნამდვილად საფრთხილო არის რაიმეს ჩამატება და ამოღებაც საშიში არის, თუკი ერთი ან მეორე იქნება, მტრები შეძლებენ მოურიდებლად იმის გაკეთებას, რაც მოესურვებათ. ამიტომ, ურსაკიუსი და ვალენტი, რადგანაც ისინი იზიარებენ და ეთანხმებიან არიანულ დოგმატს, ჩვენთან თანაზიარებიდან განშორებულად წარმოჩნდებიან. იმისათვის, რომ ზიარება ჰქონოდა, საკუთარ თავზე აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს, ითხოვენ სინანულსა და შენდობას, როგორც ამას მათი ნაწერიც მოწმობს; ამ ყველაფრის მეშვეობით მოხდა შენდობა და დანაშაულთა მიტევება. ხოლო იმ დროს, როდესაც ეს ხდებოდა, მედიოლანში კრების სხდომა იყო გამართული, ესწრებოდნენ რომაელთა ეკლესიის ხუცესები. ამასთან ვიცით, რომ ღირსახსოვარი კონსტანტინეს აღსრულების შემდეგ მთელი სიზუსტითა და გამოკვლევით გადმოსცეს ჩაწერილი მრწამსი. ამიტომ, მას შემდეგ, რაც მოინათლა, ადამიანთაგან გავიდა და დამსახურებულ მშვიდობაში წავიდა, ვთვლით, რომ უჯეროა მის შემდეგ რაიმე სიახლის გამოგონება და ასეთ წმინდა აღმსარებლებისა და მოწამეების, ამ დოგმატის ავტორებისა და გამომგონებლებისთვის გვერდის ავლა, რომლებიც ეკლესიის ძველი საკრველის თანახმად ვიაზრებთ ყველაფერს და ვიცავთ, რომელთა რწმენა შენი ზეობის ჟამამდეც გადასცა ღმერთმა ჩვენი მეუფის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობით შენ ასე მეუფებ, ისე რომ მართავ ჩვენს მსოფლიოს. აზროვნებით საბრალოებმა და უბადრუკებმა უკანონო დანაშაულით საკუთარი თავი კვლავ უღმერთო [122]შეხედულების მქადაგებლებად გამოაცხადეს და სცადეს ჭეშმარიტების მთელი ლაშქრის დამარცხება. როდესაც შენი ბრძანებით კრების სხდომა გაიმართა, მათაც გამოააშკარავეს საკუთარი სიცრუის ეჭვი. რადგან მზაკვრობისა და არეულობის გამოწვევით სცადეს რაღაც სიახლის გამოგონება, ამ საქმეში შეიამხანაგეს ვინმე გერმანიონი209, ავქსენტი210 და გაიოზი211, მწვალებლობისა და განხეთქილების შემქმნელები, რომელთა მოძღვრება, ეს ერთი აღემატა მგმობელთა მთელ სიმრავლეს. როდესაც დაინახეს, რომ არც ამ არჩევანს ვემხრობოდით, არც იმ აზრებს ვიზიარებდით, რაც მათ ბოროტად განიზრახეს, ჩვენს კრებულში გადმოვიდნენ, ფიქრობდნენ სხვა რამის დაწერას. მაგრამ მოკლე დროში მხილებულ იქნა მათი ზრახვები. იმისათვის, რომ მათ ყოველთვის არ მოეცვათ ეკლესია, შფოთისა და ხმაურის გულმოდგინედ შემქმნელებს არ აერიათ ყველაფერი, მტკიცე [გადაწყვეტილებამდე] წარმოჩნდა ძველად განსაზღვრული კანონის უცვლელად დაცვა, ხოლო ზემოთქმული პირების - ჩვენი თანაზიარებიდან განშორება. ამ მიზეზით ელჩები გამოვგზავნეთ შენი მოწყალების მიმართ, რათა ეპისტოლის მეშვეობით განგიმარტოთ და გამცნოთ კრების მოსაზრება. ელჩებს უწინარეს ყოვლისა დავავალეთ ის, რომ ძველთაგან მართებულად განსაზღვრული212 ჭეშმრიტების ერთგული ყოფილიყვნენ. მათ შენს სიწმინდეს განუმარტეს, რომ რაც ურსაკიუსმა და ვალენტმა თქვეს, არ მოიტანდა მშვიდობას, თუკი რამ მართებული განადგურდებოდა; რადგან როგორ დაამყარებენ მშვიდობას მშვიდობის დამარღვევლები? მათგან უფრო მეტი უთანხმოება და შფოთი იქნება დანარჩენ ქალაქებშიც და რომაელთა ეკლესიაშიც. ამიტომ შენს მოწყალებას ვთხოვთ, რათა კეთილგანწყობილი ყურითა და მშვიდი თვალით მიიდოს ჩვენი ელჩები, ნურც გარდაცვლილთა შეურაცხყოფისათვის წააქეზებ რაიმე ახლით შეცვლისკენ, არამედ ნება მოგვეცი, რომ დავრჩეთ ჩვენს წინაპართაგან განსაზღვრებულსა და განჩინებულში, რომლებმაც, ვიტყვით, რომ ყველაფერი გააკეთეს გამჭრიახობითა და გონიერებით, [123]და სულიწმინდასთან ერთად. მათ მიერ გამოგონებული სიახლე მორწმუნეებში ურწმუნობას იქმს, ურწმუნოებში კი - სიფიცხეს.

"გევედრებით, უბრძანე უცხო მხარეებში მცხოვრებთ, ხანდაზმულობით დამაშვრალთ და სიღარიბისგან შეჭირვებულთ, სახლში დაუბრკოლებლად დაბრუნდნენ, რათა ეპისკოპოსებისგან დაცარიელებული არ დარჩეს ეკლესიები.

"ყველაფერთან ერთად ამასაც გთხოვთ, რათა არაფერი მოაკლო, არც დაუმატო წინათ არსებულს, არამედ ყველაფერი ხელუხლებელი დარჩეს, რაც შენი მამის კეთილმსახურებიდან მოყოლებული ახლანდელ ღრომდეა დაცული. მეტად ნუღარ დაგვტანჯავ და საკუთარი სამრევლოებიდან ნუ განგვაშორებ, არამედ ეპისკოპოსებმა თავის ხალხთან ერთად მშვიდობით, ლოცვებითა და მსახურებით განვლონ ჟამი, მლოცველებმა შენი იმპერიის, ხსნისა და მშვიდობისთვის, რასაც ღმრთეება მარადიულად მოგანიჭებს შენ. ჩვენს ელჩებს მოაქვთ ეპისკოპოსთა ხელმოწერები და მოკითხვა, რომლებიც შენს სიწმინდეს თვით საღვთო წერილებიდან განუმარტავენ".

როდესაც ეს დაწერეს და წარგზავნეს ელჩები, საიმპერიო კარის მოხელეებმა მიიღეს ეპისტოლე და გადასცეს იმპერატორს, ელჩები კი არ შეუშვეს, უთხრეს, რომ ხელმწიფე საქვეყნო საქმეებით იყო დაკავებული. როდესაც ამას იქმოდნენ, ფიქრობდნენ, რომ ეპისკოპოსები აღშფოთდებოდნენ ხანგრძლივი დროის გამო, და მათთვის ჩაბარებულ ქალაქებში ჩასვლის მოწადინენი იძულებული იქნებოდნენ, ძირი გამოეთხარათ და დაენგრიათ მწვალებლობის წინააღმდეგ აღმართული ზღუდე. მაგრამ ამ ხერხმა არ მოიტანა შედეგი. რადგან რწმენის ჭეშმარიტმა წინამბრძოლებმა სხვა ეპისტოლე გაუგზავნეს იმპერატორს, თხოვდნენ ელჩების მიღებას და მათ გაშვებას. ამასაც ჩავურთავ ამ ნაშრომში.

 

[124]კრების სხვა ეპისტოლე კონსტანციუსის მიმართ

"მძლე კონსტანციუსს, კეთილმსახურ იმპერატორს, არიმინში მყოფი ეპისკოპოსები.

"მეუფეო, სახელოვანო იმპერატორო, მივიღეთ შენი კეთილგანწყობის წერილები, რომლებშიც წერია, რომ სახელმწიფო საჭიროების გამო ეერ შეძელი ჩვენი ელჩების ნახვა, ხოლო ჩვენ გვიბრძანებ, დაველოდოთ მათ უკან დაბრუნებას, რათა შენი კეთილმსახურება გაეცნოს ჩვენს მიზანს და წინაპართა დოგმატებს. მაგრამ ის, რაც განვაცხადეთ, არანაირადთ არ განგვაშორებს ჩვენი საკუთარი დებულებისაგან. აწ ამ წერილებს ვაცნობებთ შენს კეთილგანწყობას, და გთხოვთ, კეთილგანწყობით შეხედო ჩვენი სიმდაბლის წერილებს, რომლითაც აწ პასუხს ვცემთ შენს  კეთილმსახურებას და უშფოთველად მიიღო ის, რაც ჩვენი ელჩების მეშვეობით შენს კეთილკრძალულებისთვის მისართმევად გამოვგზავნეთ. ჩვენს მსგავსად შენმა კეთილგანწყობამაც უწყის, რომ საშინელი და უწესო იქნება, შენი უნეტარესი ზეობის დროს ამდენი ეკლესიები ეპისკოპოსების გარეშე დარჩეს. ამიტომ, სახელოვანო იმპერატორო, კვლავ გთხოვთ, რომ ზამთრის სიმკაცრის დადგომამდე, თუ შენს კაცთმოყვარეობას სათნო უჩნს, ბრძანოს ჩვენი უკან დაბრუნება ჩვენს ეკლესიებში, რათა შევძლოთ, როგორც ვიქმოდით, ისე ვიქმოდეთ, და ხალხთან ერთად შენი მპყრობელობის სიმტკიცისათვის მრავალი ვედრება აღვავლინოთ ყოვლისმპყრობელი ღმერთისადმი და მისი ძის, ქრისტეს, ჩვენი მეუფისა და მხსნელისადმი".


თ ა ვ ი XVI

თრაკიის ნიკაში [გამართული] კრების შესახებ და მათ მიერ დაწერილი მრწამსის გადმოცემა


[125]ამ ეპისტოლის შემდეგ აღაგზნეს213 იმპერატორის რისხვა და მრავალი ეპისკოპოსი საკუთარი ნების წინააღმდეგ წაიყვანეს თრაკიის რომელიღაც ქალაქში, მისი სახელი არის ნიკა. ზოგი მოატყუეს და მათი სიწრფელის გამო დაარწმუნეს, ზოგი კი დააშინეს, და ძველად კეთილმსახურების წინააღმდეგ ამოქმედებული ხერხი გამოიყენე: "არსი" და "თანაარსი" ამოგლიჯეს მრწამსიდან, მათ ნაცვლად კი ჩაურთეს "მსგავსი". ამასაც ჩავურთავთ ისტორიაში, არა როგორც მართებულს, არამედ არიოზის დაჯგუფების სამხილებლად, რადგან უღმერთოებმა ესეც ვერ აიტანეს, არამედ მსგავსის ნაცვლად ქადაგებენ "არამსგავსს".


თრაკიის ნიკაში გადმოცემული არამართალი მრწამსი

"გვწამს ერთი და მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი, მამა ყოვლისმპყრობელი, რომლისგან არის ყოველივე. და ღვთის ერთი მხოლოდშობილი ძე, ყველა საუკუნის უწინარეს და ყველა დასაბამის უწინარეს ღვთისგან შობილი, ხოლო შობილი მხოლოდშობილი, მხოლო მხოლო მამისაგან, ღმერთი ღვთისაგან, მისი მშობელი მამის მსგავსი, [წმინდა] წერილის თანახმად, რომლის შობა არავინ იცის, გარდა მისი მშობელი მამისა. ვიცით, რომ ღვთის მხოლოდშობილი ძე მამისგან წარმოიგზავნა, ცათაგან გარდამოხდა, როგორც დაწერილია, ცოდვისა და სიკვდილის გასანადგურებლად, და იშვა სულიწმინდისაგან და ქალწულ მარიამისგან, როგორც დაწერილია, [126]ხორცის მიხედვით; რომელიც დადიოდა მოწაფეებთან ერთად, და როდესაც მამის განზრახვის თანახმად აღსრულდა მთელი განგებულება, ჯვარს ეცვა, მოკვდა, დაეფლა და ქვესკნელში ჩავიდა, რომელმაც თვით ჰადესი შეაძრწუნა; და მკვდართაგან ამოვიდა მესამე დღეს, ორმოცი დღის განმავლობაში მოწაფეებთან ერთად დადიოდა; და ამაღლდა ცად და დაჯდა მამის მარჯვნივ, ხოლო მოვა აღდგომის უკანასკნელ დღეს მამისეული დიდებით, და თითოეულს მისი საქმის მიხედვით მიაგებს. და სულიწმინდა, რომელიც თავად ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, იესო ქრისტემ, ღმერთმა და უფალმა აღუთქვა, რომ ადამიანთა მოდგმას წარუგზავნიდა ნუგეშისმცემელს, როგორც დაწერილია, ჭეშმარიტების სულს. რომელიც თვითონ წარმოგზავნა, როდესაც ცად ავიდა და დაჯდა მამის მარჯვნივ, ხოლო იქიდან ჩამოვა ცოცხალთა და მიცვალებულთი განსასჯელად. რაც შეეხება სიტყვა "არსს", რომელიც მარტივად იქნა ჩართული მამათა მიერ, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ხალხში ცთუნებას შეიტანდა, რადგან წმინდა წერილში ეს არ იყო ჩადებული; უმჯობესია ამოღებულ იქნას, და მომავალში საერთოდ აღარ იქნას ხსენებული "არსი", მით უფრო, რომ საღვთო წერილი მამისა და ძის შესახებ არ ახსენებს [სიტყვა]"არსს". არც მამის, ძისა და წმინდა სულის პირს უნდა ვუწოდოთ ერთი ჰიპოსტასი. მაგრამ ვამბობთ, რომ მამის მსგავსი არის ძე, როგორც საღვთო წვრილი ამბობს და ასწავლის. შეჩვენებულ იყოს ყველა მწვალებლობა, წინათ უკვე დაგმობილი, ან თუ არის რომელიმე ახლად აღმოცენებული, და არის ამ გადმოცემული წერილის საპირისპირო".

ამრიგად, ზოგმა მოტყუებულმა, ზოგმა კი დაშინებულმა ამას მოაწერა ხელი, ხოლი ისინი, ვისაც არ სურდა თანხმობის მიცემა, გაგზავნეს მსოფლიოს უკიდურეს მხარეებში.


თ ა ვ ი XVII

რომის [ეპისკოპოს] დამასის და დასავლეთელი ეპისკოპოსების სინოდალური ტომოსი არიმინში გამართული კრების შესახებ


[127]მას, რომ ამ გადმოცემას გმობდა ყველა ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი, განსაკუთრებით დასავლეთში მცხოვრებნი, მოწმობს ილირიელების214 მიმართ მათ მიერ გაგზავნილი წერილი. ხელმომწერების თავშია დამასი, ლიბერიუსის შემდეგ რომაელთა ეკლესიის თავმჯდომარეობის მიმღები, სათნოების მრავალი სახეობით შემკული215. მასთან ერთად იტალიიდან და გალატიიდან, რომელსაც ახლა გალია ეწოდება, ოთხმოცდაათი ხელმომწერი იყო რომში შეკრებილი. მათ სახელებსაც ჩავურთავდი, ზედმეტად რომ არ ჩამეთვალა. ხოლო დაწერეს შემდეგი:

"წმინდა სინოდზე შეკრებილი რომის [ეკლესიის] ეპისკოპოსები, დამასი, ვალერიანუსი216 და სხვები საყვარელ ძმებს, ილირიკიაში დადგინებულ ეპისკოპოსებს, მოკითხვა ღმერთში.

"ღვთის მღვდლებს, რომელთა მიერ სამართლიანი არის დანარჩენთა აღზრდა, გვწამს, რომ ჩვენი მრწამსი მოციქულთა მოძღვრებაზეა დაფუძნებული. ეს გვიპყრია და ამით წინ მივუძღვით ხალხს, რომელიც მამათა მიერ განსაზღვრულს ყველა სიტყვაში ეთანხმება. მაგრამ გალიისა და ვენეტიის ძმების მოხსენებით ვიცით, რომ ზოგიერთები ელტვიან მწვალებლობას.

"ეპისკოპოსები ვალდებული არიან, არა მხოლოდ დაიცვან ამ ბოროტებისაგან, არამედ წინ აღუდგნენ რამდენი განსხვავებული სწავლებებიც ახლა ზოგიერთების გამოუცდელობით ან სიწრფელით უმართებულო განმარტებების გამოყენებით წარმოიშვა. იფიქრონ იმაზე, რომ სრულებით არ დაიღუპონ, არამედ უფრო ჩვენი მამების აზრი იპყრან, როცა კი განსხვავებული რჩევები შევა მათ ყურში. წინათ მოგწერეთ, რომ ავქსენტი მედიოლანელი ძირითადად [128]ამ საქმის გამო იქნა განსჯილი. ასე რომ, მართებული არის, რომაელთა მსოფლიოში მოძღვრება რჯულის შესახებ რჯულით იფიქრონ და სხვადასხვა სწავლებებით არ შებღალონ რწმენა.

"როდესაც პირველად დაიწყო მწვალებლური ბოროტების აღზევება, როგორც ჯერ კიდევ დახოხავს არიანული მკრეხელობა, ჩვენმა მამებმა, სამას თვრამეტმა ეპისკოპოსმა, უწმინდესმა ეპისკოპოსებმა რომის ეკლესიიდანაც, ნიკეაში შემდგარი განხილვის დროს ეშმაკის საჭურველის წინააღმდეგ ეს კედელი განაჩინეს, - რწმენა, რომ მამა და ძე ერთი არსის, ერთი ღმრთეების, ერთი სათნოების, ერთი ძალის და ერთი ხატების მქონეა, ასევე იმავე ჰიპოსტასისა და არსის არის სულიწმინდაც და ამ ანტიდოტით უკუაგდეს სასიკვდილო შხამი. განაჩინეს, რომ სხვაგვარად მოაზროვნეები ჩვენი თანაზიარებისაგან უცხო ყოფილიყვნენ. ზოგიერთებმა შემდეგ სცადეს ამ მხსნელი განსაზღერებისა და თაყვანისცემის ღირსი გამოკვლევის შერყვნა და შებღალვა სხვა გამოკვლევებითაც. მაგრამ თვით სათავეშივე თავად მათგან, რომლებიც იძულებული გახადეს არიმინში, რომ განეახლებინათ ან შეერბილებინათ, იქამდე იქნა გასწორებული, რომ მათ აღიარეს სხვა მსჯელობებით გატაცება, ან ის, რომ ვერ გაიაზრეს ნიკეაში მოწონებული მამათა აზრის მოწინააღმდეგეები თუ გამოვიდნენ. შეუძლებელი იყო, არიმინში შეკრებილთა რიცხვიდან რაიმე ვარაუდი გაჩენილიყო, როდესაც იგი შედგა, არც რომის ეპისკოპოსი, ვის აზრსაც ყველაზე უწინ უნდა დალოდებოდნენ, არც ვინცენტიუსი, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში უმწიკვლოდ დაიცვა ეპისკოპოსის მსახურება, და არც სხვები ეთანხმებოდნენ ასეთ [სწავლებებს]; განსაკუთრებით მაშინ როცა, როგორც ვთქვით, თვით მათ, რომლებიც შეთქმულებისკენ მიდრეკილებად ითვლებოდნენ, უკეთესი რჩევით ისარგებლეს და დაამოწმეს, რომ ეს მათ არ მოიწონეს.

"ამრიგად, თქვენმა სიწმინდემ იხილოს მხოლოდ ეს მრწამსი, რომელიც ნიკეაში შენი მოციქულთა ძალაუფლების მიხედვით იქნა დაფუძნებული, სამარადჟამო სიმტკიცით უნდა ვიპყრათ; [129]ჩვენთან ერთად ქებულ იყვნენ აღმოსავლეთელებიც, რომლებიც საკუთარ თავს კათოლიკეებად შეიცნობენ, და დასავლეთელებიც. გვწამს, რომ ამ წამოწყებით სხვა აზრებისგან დასნეულებულნი217 მოკლე ხანში უნდა იქნან განშორებული ჩვენთან თანაზიარებისაგან, მათ უნდა მოეხსნათ ეპისკოპოსის წოდება, რათა ხალხმა მათი საცთურისგან თავისუფალმა ისუნთქოს. რადგან ვერანაირად ვერ შეძლებენ ხალხის ცთუნების გამოსწორებას, როდესაც თავად არიან საცთურისაგან შეპყრობილი. აწ თანხმობამი მოვიდეს თქვენი პატივცემულობის მოსაზრებაც ღვთის ყველა მღვდლის [შეხედულებასთან], რომლითაც, გვწამს, რომ მყარად და მტკიცედ ედგავართ. ამიტომ, ვალდებული ვართ, ჩვენც თქევნთან ერთად გვწამდეს. თქვენი სიყვარულის ნაცვალგებით გაგვახარეთ ჩვენ.

"გაძლიერდით, პატივცემულო ძმებო".


თ ა ვ ი XVIII

ალექსანდრიის ეპისკოპოს ათანასეს ეპისტოლე ამავე კრების შესახებ


ათანასე დიდიც აფროსის მიმართ ეპისტოლეში არიმინის კრების შესახებ ასე გვიამბობს. "როდესაც ასეთი იყო საქმის ვითარება, ვინ აღიარებდა ნიკეის გარდა არიმინის ან სხვა კრებად სახელდებულს? ან ვის არ შესძულდებოდა ისინი, რომლებიც მამებს განუდგნენ, ხოლო არიმინში ერთმანეთთან ქიშპობითა და იძულებით ახლად შედგენილი [მრწამსი] ამჯობინეს? ვის ენდომება მათთან ერთად შეკრება, რომლებიც თავიანთ სიტყვებს არ ღებულობენ? რადგან, როგორც ვთქვი, თავიანთ ათ და მეტ კრებაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ დაწერეს, ცხადია, თითოეული [კრების] უარმყოფელი თვითონ იყვნენ. ასე ევნებიან, როგორც ოდესღაც იუდეველთა მოღალატეები ევნენ. როგორც წერია იერემია წინასწარმეტყველთან, "მათ მიატოვეს ცოცხალი წყლის [130]ერთადერთი წყარო, თავისთვის ამოთხარეს აუზები, რომლებსაც არ ძალუძდათ წყლის შენახვა" (იერ. 2,13). ამგვარად ებრძოდნენ ისინი მსოფლიო კრებას და ამოთხარეს თავისთვის მრავალი კრება, და ყველა ცარიელი აღმოჩნდა მათთან, როგორც "ფუყე თავთავი" (ოსია 8,7). ასე რომ, ნიკეაში გამართულის გარდა არ ვღებულობთ მათ, რომლებმაც მოიწვიეს არიმინის ან სხვა კრებები. რადგან მათაც, რომლებმაც მოიწვიეს არიმინის კრება, ჩანს, არ იციან, თუ რა მოხდა იქ, ან დუმან. საყვარელნო, თქვენს შორის არიმინში ჩასულთაგან თქვენც შეიტყვეთ და იცით, რომ ურსაკიუსი, ვალენსი, ევდოქსიოსი და ავქსენტი (იქ მათთან ერთად დემოფილეც იყო) განყენებულ იქნენ, რადგან მოინდომეს ნიკეაში დაწერილის გარდა სხვა რამის დაწერა; როდესაც მოსთხოვეს არიანული მწვალებლობის შეჩვენება, უარი განაცხადეს და უფრო მის წინამძღვრებად ყოფნა ისურვეს. დაახლოებით იყო ორასი ეპისკოპოსი, ჭეშმარიტად უფლის წრფელი მონა და მართებულად მორწმუნე. მათ დაწერეს, რომ იწონებდნენ მხოლოდ ნიკეაში [განსაზღვრულ მრწამსს], და რომ ამის გარდა არც მეტს არც ნაკლებს არ იძიებდნენ და ფიქრობდნენ. ეს შეატყობინეს კონსტანციუსს, რომელმაც ბრძანა კრების გამართვა.

"მაგრამ არიმინში განყენებული [ეპისკოპოსები] მივიდნენ კონსტანციუსთან, ისინი შეურაცხყვეს და დაემუქრნენ, რომ არ დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სამრევლოებში. თრაკიაში ძალადობით ტანჯავდნენ ამავე ზამთარს, რათა მიეღოთ მათ მიერ ახლად გამოგონებული [მრწამსი].

"ასე რომ, თუკი ეინმე მიმართავს არიმინის კრებას, ჯერ აჩვენონ ზემოთ დასახელებულ პირთა განყენება და ის, რაც დაწერეს ეპისკოპოსებმა, რომლებმაც თქვეს: "ნიკეაში მამათა მიერ აღიარებულის გარდა მეტს არაფერს ვიძიებთ, არც სხვა კრებას მივმართავთ მის გარდა. მაგრამ ამას ფარავენ, ხოლო იმას, რაც თრაკიაში ძალდატანებით მოხდა, წინ წამოსწევენ, საიდანაც ჩანს, რომ არიანული მწვალებლობის მიმდევრები და საღი სარწმუნო[131]ებისაგან უცხო არიან. და თუ ვინმე მოისურვებს ამ დიდი კრებისა და მათ მიერ გამართულის ერთმანეთთან შედარებით კვლევას, აღმოაჩენს მათ ღვთისმოსაობას, ხოღო ამათ უგუნურებას. რადგან ნიკეაში შეკრებილები არათუ განყენებულები შეიკრიბნენ, არამედ აღმსარებლები, რომ ძე მამის არსისგან არის. ამათ კი, ერთგზის და ორგზის განყენებულებმა, და მესამედაც ამავე არიმინში, გაბედეს დაწერა, რომ საჭირო არ იყო იმის თქმა, ღმერთს თუ აქვს არსი ან ჰიპოსტასი. დასავლეთში არიოზის მიმდევრებმა ჭეშმარიტების დოგმატების წინააღმდეგ ასეთი და ესოდენი მზაკვრობა და ხრიკი მოიფიქრეს".


თ ა ვ ი XIX

ანტიოქიის ეპისკოპოს ლეონტის სივერაგის შესახებ, ასევე ფლავიანეს და დიოდორეს კადნიერების შესახებ


ანტიოქიაში სტეფანეს შემდეგ, რომელმაც შეცვალა პლაკიდუსი და გაძევებულ იქნა ეკლესიის კრებულიდან, თავმჯდომარეობა მიიღო ლეონტიმ. მან ის ნიკეაში დაწერილი განჩინებების წინააღმდეგ მიიღო. რადგან საჭურისი იყო, თვითონ იყო ამ დანაშაულის ჩამდენი, ხოლო დანაშაულის მიზეზს ნეტარი ათანასე ამბობს. ლეონტის ცილს წამებდნენ ერთ ყმაწვილ ქალთან, სახელად ევსტოლასთან ერთად218. იგი მასთან ცხოვრებით დაბრკოლებული იყო და ამიტომ თვითონ მოიკვეთა, რათა მასთან ერთად უშიშრად ეცხოვრა. მაგრამ ეჭვისაგან თავი ვერ დაიხსნა. უფრო ამ მიზეზით განყენებულ იქნა ხუცესის ხარისხიდან. ეს დაიწერა მისი ცხოვრების სხვა ნაწილის შესახებ. მე კი მის ბოროტ ჩვეულებებსა და მზაკვრობებს შეჯამებულად წარმოვაჩენ. არიოზის მკრეხელობის წილმქონე იყო და ცდილობდა სნეულების დაფარვას. როდესაც მან დაინახა ორად გაყოფილი მღვდლები [132]და დანარჩენი ხალხი, ერთი მხრივ, ისინი, რომლებიც ძის დიდებისმეტყველებაში "და" კავშირს ჩაურთავდნენ, მეორე მხრივ, ისინი, რომლებიც ძისთვის "მიერ" წინდებულს, ხოლო სულისთვის "ში"-ს უერთებდნენ; დიდებისმეტყველება დუმილით აღავლინა, და მის სიახლოვეს მდგომებმა გაიგონეს მხოლოდ სიტყვები, "უკუნითი უკუნისამდე". სხვა საქმეებს რომ არ გამოეაშკარავებია მისი სულის მრავალი უკეთურება, ვინმე ალბათ იტყოდა, მან ხერხს მიმართა ხალხის ერთსულოვნებაზე ზრუნვის გამო. მან ჭეშმარიტების დამცველთა წინააღმდეგ მრავალი სივერაგე ჩაიდინა და საჭიროდ მიიჩნევდა, რომ ყველანაირად ხელი შეეწყო უღმერთობასთან წილმქონეებისთვის. ცხადია, ფარავდა [არიანულ] ბიწიერებას, ეშინოდა ხალხისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული კონსტანციუსის საშინელი მუქარისა, რომლებიც ბედავდნენ ძეზე არამსგავსის თქმას. მაგრამ მისი ზრახვები გასცა მისმა საქმეებმა. რადგან ვინც სამოციქულო დოგმატებით საუბრობდა, მისგან არ მიუღიათ არავითარი მზრუნველობა ან ხელდასხმა. არიოზის სიშლეგის წილმქონეებს კი განსაკუთრებით დიდი კადნიერება ჰქონდათ მიღებული და სამღვდელო დასშიც აღირაცხებოდნენ. ამავე დროს ევნომიოსის მოძღვარი აეციუსი, რომელმაც არიოზის მკრეხელობა [თავისი] მოსაზრებებით გაამდიდრა, აღირაცხა დიაკონთა დასში. მაგრამ ფლაბიანემ და დიოდორემ, ასკეტური მოქალაქეობის წარმართველებმა და აშკარად სამოციქულო დოგმატების გამო მებრძოლებმა, პირისპირ ამხილეს კეთილმსახურების წინააღმდეგ ლეონტის შეთქმელებები. მათ ოქვეს, რომ ის უკეთური ცხოვრების წესის მქონე კაცებს, რომლებიც ურჯულოებით პატივის მოსახვეჭად ხრიკებს იგონებენ, ეკლესიის დასაღუპავად დიაკვნის სახელით ღირსყოფდა. ისინი დაემუქრნენ, რომ საეკლესიო ზიარებიდან განკვეთდნენ, დასავლეთში ჩავიდოდნენ და მის ვერაგობას დღის სინათლეზე გამოიტანდნენ. ამის შეეშინდა ლეონტის და აეციუსს შეუწყვიტა ღვთისმსახურება, მაგრამ სხვა პატივით ღირსყო.

[133]ამ ღირსადქებულმა წყვილმა, ფლაბიანემ და დიოდორემ219, რომლებსაც არ ჰქონდა მიღებული სამღვდელო ღვთისმსახურება და ერში იყვნენ განწესებული220, დღე და ღამე კეთილმსახურების მოშურნეობით აღძრავდნენ ყველას. პირველად სწორედ მათ გაყვეს ორად მეფსალმუნეთა დასი და ასწავლეს დავითისეული მელოდიის მონაცვლეობით გალობა221. და ეს პირველად ანტიოქიაში დაიწყო, ყველგან გავრცელდა და ჩააღწია მსოფლიოს კიდეებამდე. ისინი საღვთო [ღვაწლის] მოყვარულებს მოწამეთა საფლავებთან შემოკრებდნენ, მათთან ერთად ღამისთევაში ატარებდნენ და ღმერთს უგალობდნენ. როდესაც ლეონტიმ ეს იხილა, საფრთხილოდ მიიჩნია, ხელი შეეშალა, რადგან დაინახა, რომ ხალხი ამ კეთილშობილი ადამიანების მიმართ ძალიან კარგად იყო განწყობილი. მან თავაზიანობით შეალამაზა სიტყვები და სთხოვა, მათ ეკლესიებში აღესრულებიათ ეს ღვთისმსახურება. მათ ძალიან ზედმიწეენით იცოდნენ მისი უკეთურება, თუმცა შეასრულეს მისი ბრძანება, მოყვარულები ეკლესიაში დიდი გულმოდგინებით შეკრიბეს და დაავალეს ეგალობათ კეთილი მეუფისათვის. მაგრამ ლეონტი არ დანებდა, როცა აღკვეთეს მისი უკეთურება, არამედ თავაზიანობით შეიბურა პირი და დაფარა სტეფანესა და პლაკიდუსის სისაძაგლე. დოგმატების შემრყვნელებს, თუნდაც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდნენ, პრესვიტერთა და დიაკონთა დასში აღრაცხავდა, სოლო ყველა სახის სათნოებით შემკულთ და სამოციქულო დოგმატების მპყრობელთ უპატივცემულოდ ტოვებდა. ამიტომ, კლიროსში მწვალებლობის მანკის მრავალი წილმქონე იმყოფებოდა, ხოლო ერის სიმრავლე მართალი დოგმატებისთვის იბრძოდა. არც მოძღვრების მასწავლებლები ბედავდნენ აშკარა მკრეხელობას. პლაკიდუსმა, სტეფანემ და ლეონტიმ რამდენი ურჯულო და უკანონო საქმე ჩაიდინეს ანტიოქიაში, ამას ცალკე ნაშრომი დასჭირდება მათი სიმრავლის გამო, და დავითის გოდება - მისი სიდიდის გამო. მათ შესახებ უნდა ითქვას: "რადგან, აჰა, შენი მტრები ხმობენ და შენი მოძულეები თავს მაღლა სწევენ. შენი [134]ერისთვის სივერაგეს განიზრახავენ და შენი წმინდანების წინააღმდეგ თათბირობენ. თქვეს: "მოდით, ავხოცოთ ისინი ხალხებიდან, და მეტად აღარ მოიხსენიოს ისრაელის სახელი" (ფს. 82.2).

ჩვენ კი აღვწეროთ მომდევნო ისტორია.

 

თ ა ვ ი XX

ევდოქსიოს222 გერმანიკელის ახალი გამოგონების შესახებ, და მის წინააღმდეგ [მიმართული] ბასილი223 ანკვირელის და ევსტათი224 სებასტიელის მოშურნეობის შესახებ

გერმანიკია არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს კილიკიის, სირიისა და კაბადოკიის საზღვარზე, ევფრატესიად წოდებული პროვინციის ბოლოში. მის ეკლესიას წინამძღვრობდა ევდოქსიოსი. როდესაც მან შეიტყო, რომ ლეონტი მოკვდა, ჩავიდა ანტიოქიაში, მიიტაცა თავმჯდომარეობა და გარეული ტახის მსგავსად მოაოხრა ღვთის ვენახი. ლეონტის მსგავსად არ მალავდა ბოროტ ჩვეულებებს, არამედ პირდაპირ გაცოფებული იყო სამოციქულო დოგმატების წინააღმდეგ და მათ, ვინც შეპასუხებას გაბედავდა, ყველანაირ უბედურებას დაატეხდა თავს. ამ დროს გალატელთა დედაქალაქის, ანკვირას ეკლესიის სადავეები ეპყრა ბასილის, რომელმაც შეცვალა მარკელოსი. ევსტათი კი წინამძღვრობდა სებასტიას, სომხეთის მთავარ ქალაქს. მათ შეიტყვეს ევდოქსიოსის უკანონობა და სიცოფე, და იმპერატორ კონსტანციუსს წერილების მეშვეობით აცნობეს ეს დანაშაულები. იგი ჯერ ისევ დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდა, ტირანების აღსასრულის შემდეგ კურნავდა მათ მიერ მიყენებულ ზიანს. ისინი იმპერატორთან დაახლოებული იყვნენ და ღირსადქებული ცხოვრების გამო ესოდენ დიდი კადნიერებით სარგებლობდნენ.


თ ა ვ ი XXI

ნიკეაში კვლავ გამართული კრების შესახებ


[135]როდესაც ეს შეიტყო კონსტანციუსმა, ანტიოქიელებს მიწერა, რომ თვითონ მას არ ჩაუბარებია ევდოქსიოსისთვის ამ ეკლესიის თავმჯდომარეობა, რადგან მას225 ასე ჰქონდა ნათქვამი. და ბრძანა, რომ ევდოქსიოსი ქალაქიდან გაეძევებიათ და დაესაჯათ, რაც აღსრულდებოდა ბითვინიის ნიკეაში; განკარგულება გასცა, იქ გამართულიყო კრება. თვითონ ევდოქსიოსმა დაარწმუნა სასახლეში განმგებლობისათვს დაყენებული პირები, კრებისათვის ნიკეა დაედგინათ. მაგრამ ყოვლიერების გამგებელმა, რომელმაც მომავალი ისე უწყის, როგორც უკვე მომხდარი, სასწაულებრივი რამ მიწისძვრით ხელი შეუშალა კრების გამართვას. რადგან ამ მიწისძვრამ დაანგრია ქალაქის დიდი ნაწილი და მოსახლეობიდან მრავალი დააზიანა. როდესაც ეს შეიტყვეს იქ შეკრებილებმა, მოსვლის შეეშინდათ და თავიანთ ეკლესიებში დაბრუნდნენ. ვფიქრობ, რომ ეს იყო ღვთის სიბრძნის მიერ გამოყენებული ხერხი. რადგან იმ ქალაქში, სადაც წმინდა მამებმა დაწერეს სამოციქულო მრწამსის მოძღვრება, ამავე ქალაქში შემდეგ შეკრებილები აპირებდნენ ამის საპირისპიროს დაწერას, არიოზის მიმდევრებისთვის სახელის იგივეობა სიცრუის დასაყრდენი იყო და აპირებდნენ მარტივი ზნის მქონე ადამიანების მოტყუებას, როდესაც ამასაც ნიკეისას უწოდებდნენ და იმ ძველი ნიკეის კრების მსგავსად მიმართავდნენ ამ კრებას. ამიტომ ეკლესიებზე მზრუნველმა დაშალა ეს კრება.


თ ა ვ ი XXII

ისავრიის სელევკიაში გამართული კრების შესახებ


[136]გამოხდა ხანი, ევდოქსიოსის ბრალმდებლებმა შეახსენეს კონსტანციუსს და მან სელევკიაში ბრძანა კრების გამართვა. თვითონ ქალაქი არის ისავრიაში, მდებარეობს ზღვის პირას და მთავრობს თანატომელთა ქალაქებზე. განკარგულება გასცა, რომ აქ შეკრებილიყვნენ აღმოსავლეთელი ეპისკოპოსები, პონტოელებიცა და ასიელებიც226.

ამ დროს პალესტინის დედაქალაქს, კესარიას მართაედა აკაკი, რომელმაც შეცვალა ევსები. ეს აკაკი სარდიკაში გამართულმა კრებამ განკვეთა, მაგრამ განყენების განაჩენი არ მიიღო და მღვდელმთავართა ესოდენი სიმრავლე არაფრად ჩააგდო. იერუსალიმელთა თავმჯდომარეობა კი იმ მაკარის შემდეგ, რომელიც მრავალგზის ვახსენეთ, მიიღო მაქსიმემ, კაცმა, რომელიც გამოირჩეოდა კეთილმსახურების გამო მორკინალთა შორის, რადგან მარჯვენა თვალი პქონდა ამოთხრილი და მარჯვენა ხელის მყესები - გადაჭრილი227.

როდესაც იგი გადავიდა უბერებელ ცხოვრებაში, ეპისკოპოსის მადლის ღირსი გახდა სამოციქულო დოგმატებისთვის ახოვნად მებრძოლი კირილე228. ისინი ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ და რესპუბლიკისთვის უდიდესი ბოროტებანი მოჰქონდათ. რადგან აკაკიმ მცირე რამ საბაბი იპოვა და განაყენა კირილე, და იერუსალიმიდან გააძევა. კირილემ [გზად] გაიარა ანტიოქია, რომელიც ნახა მწყემსის გარეშე, წავიდა ტარსუსში და საკვირველ სილვანუსთან ერთად იმყოფებოდა; რადგან იმ დროს იგი მართავდა ამ ეკლესიას. როდესაც ეს შეიტყო აკაკიმ, მიწერა სილვანუსს და აუწყა, რომ კირილე განყენებული იყო. მან კი კირილეს პატივისცემითა და ხალხის შიშით (რადგან ხალხი დიდი სიამოვნებით ტკბებოდა კირილეს სწავლებებით) ხელი არ შეუშალა ღვთისმსახურებას. როდესაც კირილე სელევკიაში ჩივიდა შეუერთდა [137]ბასილის, ევსტათის და სილვანუსის მომხრეებს, და კრების სხვა მონაწილეებსაც. აკაკიც ჩავიდა და იქ შეკრებილ ეპისკოპოსებს (ხოლო ისინი ასორმოცდაათი იყვნენ) უთხრა, რომ მათ ზრახვებს არ გაიზიარებდა, ვიდრე კრებულიდან კირილეს არ გაიყვანდნენ, როგორც მღვდელმთავრობიდან განხდილს. ზოგი სხვაც, რომელიც მშვიდობაზე ზრუნავდა, კირილეს ევედრებოდა, რომ წასულიყო, და პირდებოდა დოგმატების განხილვის შემდეგ მასთან დაკავშირებული საკითხის გამოკვლევას. როდესაც იგი არ წავიდა, აკაკიმ დატოვა ისინი და წავიდა. შეხვდა ევდოქსიოსს, გაუქარვა შიში, რაც მას ჰქონდა, და გაამხნევა, დაპირდა, რომ იქნებოდა მისი დამცველი და თანამებრძოლი; კრებაზე არ გაუშვა და მასთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა.


თავი XXIII

იმის შესახებ, თუ რა შეემთხვათ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კონსტანტინოპოლში


როდესაც კონსტანციუსი დასავლეთიდან დაბრუნდა, აქ229 გაჩერდა. აკაკიმ იმპერატორის წინაშე შეკრებილთ მრავალ დანაშაულში დასდო ბრალი, მათ უწოდებდა უკეთურ ადამიანთა დაჯგუფებას, რომელიც ეკლესიის დასაღუპად და გასანადგურებლად იყო შეკრებილი, და ასე გამოიწვია იმპერატორის გულისწყრომა. იგი არანაკლებ განარისხა იმანაც, რაც მან კირილეს წინააღმდეგ დაუმატა. რადგან თქვა: "წმინდა სამოსელი, რომელიც ყოვლად სახელოვანმა იმპერატორმა კონსტანტინემ იერუსალიმის ეკლესიისადმი პატივისცემით უბოძა ამ ქალაქის მღვდელმთავარს, მაკარის, რათა ამით შემოსილს საღვთო ნათლისღების ღვთისმსახურება აღესრულებინა, და რომელიც ოქროს ძაფებით იყო ნაქსოვი, კირილემ გაყიდა". და თქვა: "ეს იყიდა ერთმა სცენაზე მოცეკვავემ, და როდესაც ამით  [138]შემოსილი ცეკვავდა, დაეცა, დაიმტვრა და მოკვდა". მან ასევე თქვა: "ასეთი ამხანაგი ჰყავთ და სხვების განსჯასა და გასამართლებას არიან "მედგომილი". ეს მიიღეს საბაბად საიმპერიო კარის მოხელეებმა და დაარწმუნეს იმპერატორი, საერთოდ არ გაემართა კრება (რადგან ხალხის ერთსულოვნების შეეშინდათ), არამედ შეეკრიბა ათი წინამძღვარი. მათ შორის იყენენ: ევსტათი სომხეთიდან, ბასილი გალატიელი, სილვანუს ტარსელი და ელევსიოს კიზიკელი230.

როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, იმპერატორს სთხოვეს, ემხილებინა ევდოქსიოსის მკრეხელობა და უკანონობა. ის კი, რომელიც სხვების საპირისპიროს ასწავლიდა, ამბობდა, რომ პირველ რიგში საჭირო იყო რწმენასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა და შემდეგ მასთან დაკავშირებული საკითხის გამოკვლევა. როდესაც ბასილი ადრინდელი სიახლოვით გათამამებული კადნიერებით ესაუბრებოდა იმპერატორს, რომ იგი სამოციქულო დოგმატების წინააღმდეგ აწყობდა შეთქმულებას, კონსტანციუსი განრისხდა და ბასილის უბრძანა, დადუმებულიყო, როგორც იმ ადამიანს, ვინც გახდა ეკლესიებისთვის მღელვარების მიზეზი. როდესაც ბასილიმ საუბარი შეწვიტა, ევსტათიმ თქეა: "იმპერატორო, რადგანაც რწმენის განხილვა გწადია, იხილე მხოლოდშობილის წინააღმდეგ ევდოქსიოს მიერ ჩადენილი მკრეხელობა". ამის თქმასთან ერთად გადმოსცა მრწამსი, რომელსაც სხვა მრავალ უღმერთოებასთან ერთად ესეც დაურთო, ურჯულოდ დაუმატა, რომ არსის მიხედვით არამსგავსი არის: "ერთი ღმერთი მამა, რომლისაგან არის ყოველივე, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე", მაგრამ "რომლისგან" არამსგავსი არის "რომლის მიერ"-ის; ასე რომ, ძე არ არის ღვთისა და მამის მსგავსი. ამ მრწამსის წაკითხვა ბრძანა კონსტანციუსმა და ძლიერ განრისხდა ამ ურჯულოებაზე. ევდოქსიოსს ჰკითხა, მან თუ მოაწერა ხელი ამას. მან მყისვე იუარა და თქვა, რომ ეს აეციუსის დაწერილი იყო, აეციუსი კი იყო ის, ვინც ადრე ლეონტიმ ფლაბიანეს და დიოდორეს ბრალდების შიშით დიაკვნობისაგან განხადა, და ალექსანდრიელთა ეკლესიის წინააღმდეგ მზაკვრობის [139]მომწყობ გიორგის ურჯულო სიტყვებისა და უწმინდური მცდელობების თანაშემწედ ჰეყავდა. იგი მაშინ ევნომიოსთან და ევდოქსიოსთან ერთად იყო. როდესაც ლეონტი აღესრულა და ანტიოქიელთა ეკლესიის თავმჯდომარეობა ევდოქსიოსმა მიიტაცა, იგი ეგვიპტიდან დაბრუნდა და ევნომიოსიც თან წამოიყვანა, თანამოაზრედ გაიხადა ევდოქსიოსი, რომელიც უღმერთობასა და სიბარიელთა ფუფუნებაში იყო ჩაფლული, ყველაფერს ანტიოქიაში ცხოვრებას ამჯობინებდა და ევნომიოსთან ერთად მის საწოლს იყო მიკრული. რადგან მლიქვნელთა ცხოვრებას ეშურებოდა და ზოგჯერ მასთან, ზოგჯერ კი ამასთან დადიოდა და ნაყრდებოდა. როცა ეს მაშინ იმპერატორმა შეიტყო, ბრძანა აეციუსის შემოყვანა. როდესაც იგი შემოვიდა, აჩვენა მრწამსის ეს გადმოცემა, და ჰკითხეს, ის თუ იყო ამ სიტყვების ავტორი. მან სრულებით არ უწყოდა მომხდარი მოვლენები და არ იცოდა შეკითხვის მნიშვნელობა, ხოლო აღსარებიდან სახელის მოხვეჭას მოელოდა და თქვა, რომ თვითონ იყო ამ სიტყვების ავტორი. როდესაც იმპერატორმა განჭვრიტა ურჯულოების ზეაღმატებულება, მყისვე გადაასახლა იგი, ბრძანა მისი ფრიგიის რომელიღაც დასახლებაში წაყვანა. მან მკრეხელობისაგან მოიხვეჭა პატივის აყრა და სასახლიდან გაძევებულ იქნა. ევსტათიმ თქვა, რომ ევდოქსიოსიც ასევე ფიქრობდა; რადგან ის მასთან ერთად ცხოვრობდა და მასთან ერთად ტეხდა პურს, და მისი შეხედულების მსახურებით დაწერა ეს მკრეხელობა. ამბობდა: ნაწერების შედგენაში მონაწილეობის ნათელი მტკიცებულება იყო ის, რომ არა თუ სხვა, არამედ თვითონ ამბობდა, რომ გადმოცემა აეციუსს ეკუთვნოდა. იმპერატორმა თქვა: "მაგრამ მსაჯულებმა ვარაუდით არ უნდა განსაჯონ, არამედ ზედმიწევნით უნდა გამოიძიონ საქმე". ევსტათიმ თქვა: "ყველა ჩვენგანი დაგვარწმუნოს ევდოქსიოსმა, რომ ასე არ ფიქრობს და შეაჩვენოს აეციუსის ნაწერი". იმპერატორმა ხალისით მიიღო თხოვნა და როდესაც ამის გაკეთება უბრძანა ევდოქსიოსს, მან თავი დაიძვრინა, მრავალ ხერხს მიმართა, რათა ამ მოთხოვნას გარიდებოდა. როდესაც იმპერატორი განრისხდა და დაემუქრა, [140]რომ აეციუსთან ერთად გაგზავნიდა როგორც უღმერთო აზრების თანაზიარს, მაშინ უარყო საკუთარი სწავლება, რომლის შუამავლობას მაშინაც და ამის შემდეგაც აგრძელებდა. თვითონ ევსტათის მომხრეების წინააღმდეგ გამოვიდა, ამბობდა, რომ მათაც უნდა შეეჩვენებიათ წმინდა წერილში არარსებული გამონათქვამი, "თანაარსი".

მაგრამ სილვანუსმა თქვა: "მაგრამ სიტყვები, "არაარსიდან", "ქმნილება" და "სხვაარსიც" არ გვხვდება წმინდა წერილში, არც საწინასწარმეტყველო და არც სამოციქულო ნაწარმოებებს აქვს დართული. მართებულია მათი განკვეთა და საღვთო კრებულიდან განდევნა". იმპერატორმა ასეც გადაწყვიტა და ბრძანა მათი შეჩვენება. პირველად ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ, შემდეგ კი, როდესაც იხილეს იმპერატორის გულისწყრომა, შეშინებულებმა განკვეთეს ის, რაც მათ სილვანუსმა შესთავაზა. შემდეგ უფრო დაჟინებით ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას და ითხოვდნენ "თანაარსის" ანათემაზე გადაცემას. მაგრამ ლოგიკურად და ჭეშმარიტებით სილვანუსმა მათაც და იმპერატორსაც უთხრა: "თუ ღმერთი სიტყვა არარადან არ არის, იგი არც ქმნილება, არც სხვა არსიდან არის. ასე რომ, მშობელი ღმერთის თანაარსი არის, როგორც ღმერთი ღმერთისგან, და ნათელი ნათლისგან, და იგივე ბუნება აქვს რაც მშობელს". ეს ძლიერად და ჭეშმარიტად თქვა, მაგრამ იქ დამსწრეთაგან არავინ ირწმუნა, არამედ ხმამაღალი ყვირილი მორთეს აკაკის და ევდოქსიოსის მომხრეებმა, იმპერატორიც განრისხდა და ეკლესიიდან გაძევებით დაემუქრა. ელევსიოსმა და სილვანუსმა, სხვებთან ერთად, მიუგეს, რომ მას231 ხელეწიფებოდა დასჯა, და თვით მათაც -კეთილმსახურების ან ურჯულოების [მიღება], და რომ არ გასცემდნენ მამათა მოძღვრებას.

კონსტანციუსს კი ნაცვლად იმისა რომ გაკვირვებოდა [მათი] სიბრძნე, სიმამაცე და სამოციქულო დოგმატების გამო კადნიერება, ისინი ეკლესიებიდან გააძევა, ბრძანა მათ ნაცვლად სხვების დადგინება. მაშინ ევდოქსიოსმა ტირანულად მიიტაცა კონსტანტინოპოლის ეკლესიის საყდარი. კიზიკელი ელევსიოსი გააძევეს და მის ნაცვლად ევნომიოსი დაადგინეს.


თ ა ვ ი XXIV

აეციუსის წინააღმდეგ დაწერილი სინოდალური ეპისტოლე

[141]როდესაც მოვლენები ასე ვითარდებოდა, იმპერატორმა ბრძანა აეციუსის წერილობითი განკვეთა. ურჯულოებაში მისი შემწეები დამორჩილდნენ და განკვეთეს თავიანთი თანამოაზრე. ალექსანდრიელთა ეკლესიის წინამძღვარს, გიორგის მიწერეს, რაც მასთან დაკავშირებით გააკეთეს. მე კი ჩავურთავ ამ ეპისტოლეს ამ ნაშრომში და ვაჩვენებ მათ უზნეობას. ისინი თანამოაზრეებსაც და მოპაექრეებსაც ერთნაირად ეპყრობოდნენ.


მთელი კრების მიერ გიორგისადმი მისი დიაკვნის აეციუსის წინააღმდეგ მისი ურჯულო მკრეხელობის გამო მიწერილი ეპისტოლის ასლი

"კონსტანტინოპოლში გამართული წმინდა კრება ყველაზე პატივცემულ უფალს, ალექსანდრიის ეპისკოპოს გიორგის მოკითხვა.

"როდესაც კრებამ აეციუსი დაგმო მისი ურჯულო და ცთუნებებით სავსე ნაწერების გამო, ეპისკოპოსებმა მის მიმართ საეკლესიო კანონების თანახმად იმოქმედეს. იგი დიაკვნობიდან იქნა განყენებული და ეკლესიიდანაც განშორებულ იქნა, და ჩვენს გაფრთხილებასაც მიყვნენ". მისი ურჯულო ეპისტოლეები არ წაიკითხეს, არამედ გადაყარეს ისინი მათი უსარგებლობისა და უვარგისობის გამო. ამას დავუმატეთ ანათემაზე მისი გადაცემაც, რადგან ამავე აზრზე რჩებოდა მასთან თანხმობაში მყოფებთან ერთად.

"ყველა სინოდზე შეკრებილ ეპისკოპოსებს მართებდათ, ზიზღით ზურგი ექციათ ცთუნებების, შფოთისა და განხეთქილებების მიზეზისთვის, ასევე მსოფლიოში ხმაურის ატეხვისა და ეკლესიების ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრების [მიზეზისათვის], და ერთ[142]სულოვანი ყოფილიყვნენ მის წინააღმდეგ განაჩენის გამოტანაში. მაგრამ ჩვენი ლოცვების მიუხედავად და ყველას მოლოდინის წინააღმდეგ სერასი, სტეფანე, ჰელიოდორე, თეოფილე და მათი მომხრეები232 არ დაეთანხმნენ ჩვენს მოსაზრებებს, არც მის შესახებ გამოტანილი განაჩენისთვის ხელის მოწერა მოისურვეს. თუმცა, სერამ ზემოხსენებულ აეციუსს სხვა შლეგურ მზვაობრობაში დასდო ბრალი. რადგან აცხადებდა, რომ იგი კადნიერი სითავხედით გამოდიოდა და ლაპარაკობდა, ამტკიცებდა, რომ რაც ღმერთმა ამ დრომდე დაფარა მოციქულებისგან, ეს მას განუცხადა. და სერას მიერ აეციუსის შესახებ დამოწმებული ამ შლეგური და მზვაობარი სიტყვების შემდეგ, ზემოხსენებული პირები არც შეცბნენ, არც დაყვნენ მოწოდებას, რომ ყველა ჩვენგანთან ერთად ხმა მიეცათ მის შესახებ გამოტანილ განაჩენს. თუმცა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიჩენდით სულგრძელებას და მათთან ერთად ვაძლევდით ხმას, ხან აღშფოთებული ვიყავით, ხან შევაგონებდით, ხან ვკიცხავდით, ხანაც ვარცხვენდით, რომ შემოგვერთებოდნენ და მთელ სინოდთან თანხმობაში ყოფილიყვნენ. მოლოდინში ვიყავით, აბა თუ მოგვისმენდნენ, თუ გაიაზრებდნენ და დათმობდნენ. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდეთ და ვერ შევარცხვინეთ ისინი, რომ მიდევნებოდნენ ზემოხსენებული კაცის შესახებ გამოტანილ განაჩენს, ადამიანთა მეგობრობაზე უფრო პატივდებულად მივიჩნიეთ საეკლესიო კანონი; მათ წინააღმდეგ დავადგინეთ უზიარებლობა. ამისთვის დრო მივეცით, მთელი ექვსი თვე მოქცევისა და სინანულისთვის, და სინოდთან ერთობისა და თანხმობის სურვილის გაჩენისათვის. გადავწყვიტეთ, რომ თუ მათთვის მიცემულ ვადაში მოიქცეოდნენ და ირჩევდნენ მათ ძმებთან ერთსულოვნებას და შეუერთდებოდნენ მის233 შესახებ განჩინებულს, [მაშინ] ისინი ეკლესიისთვის შესაწყნარებელი იქნებოდნენ, და სინოდებზე ჩვენგან მიიღებდნენ კადნიერებასა და სიყვარულს. მაგრამ თუ გაბედავდნენ უცვლელად დარჩენას და ადამიანთა მეგობრობას ეკლესიის კანონებსა და ჩვენთან მეგობრობას ამჯობინებდნენ, მაშინ საეპის[143]კოპოსო ღირსებისაგან გაუცხოებულად მივიჩნევდით. მას შემდეგ, რაც განყენებულ იქნენ, აუცილებელია მათ ადგილებზე სხვა ეპისკოპოსების დადგინება, რათა კანონიერმა ეკლესიამ სათანადო წესგანგება მიიღოს, თავის თავთან თანხმობაში იყოს, ყველა ქვეყნის ეპისკოპოსებმა დაიცვან სიყვარულის საკვრელები ერთი და იგივე მრწამსის აღიარებით, ერთი და იგივე გონებითა და აზრით წარმართულებმა.

იმისათვის, რომ უწყოდე სინოდზე მიღებული გადაწყვეტილება, ამას ვუგზავნით შენს კეთილკრძალულებას. ვლოცულობთ ამით შენს დაცვაზე, და ქრისტეს მადლით შენს მიერ მშვიდობითა და კანონის თანახმად მართული იყოს ეკლესიები.


თ ა ვ ი XXV

რა მიზეზით გამოიყოფიან ევნომიანელები არიანელებისაგან


ევნომიოსი აეციუსს განადიდებს [თავის] თხზულებებში, უწოდებს ღვთის კაცს და მრავალი საქებარი სიტყვებით მიაგებს პატივს. მაგრამ მაშინ მათთან ერთად იმყოფებოდა ის, ვინც იგი განკვეთა, და მათგანვე მიიღო საეპისკოპოსო ხელდასხმა.

ევდოქსიოსისა და აკაკის მომხრეები, რომლებიც შეუერთდნენ თრაკიის ნიკაში გადმოცემულ მრწამსს, რაც ნაშრომში ზემოთ ვახსენეთ, ბასილისა და ელევსიოსის მომხრეების ნაცვლად მათ ეკლესიებში სხვებს დაასხეხ ხელი. ვფიქრობ, ზედმეტი არის სხვების ხსენება, მხოლოდ ევნომიოსთან დაკავშირებით გიამბობთ.

როდესაც ელევსიოსი ცოცხალი იყო, მაშინ მიიღო ევნომიოსმა კიზიკია, და როდესაც ევდოქსიოსმა იხილა ხალხის საღი აზროვნება და დაინახა, რომ იმპერატორი განრისხებული იყო მათზე, ვინც ღვთის მხოლოდშობილ ძეს შექმნილს უწოდებდა, ევნომიოსს სთხოვა, დაეფარა მისი შეხედულება და ის არ [144]გაეცხადებია ბრალდებისთვის საბაბზე მონადირეებისათვის. უთხრა: "როდესაც ჟამი დადგება, ვიქადაგებთ იმას, რასაც ახლა ვფარავთ, და ვასწავლით უმეცართ, მოწინააღმდეგეებს კი ან დავარწმუნებთ ან ვაიძულებთ ან დავსჯით". ამ მოსაზრებებს დაუჯერა ევნომიოსმა და უღმერთობა ჩრდილში შეიტანა.

მაგრამ საღვთო სიტყვებში განსწავლულებმა დაინახეს ამ სიტყვების სიყალბე, განაწყენდნენ, მაგრამ აშკარა დაპირისპირება სიმამაცის და არა გონებაგამჭრიახობის საქმედ მიიჩნიეს. მათ მოირგეს მწვალებლურ ბოროტ შეხედულებათა ნიღაბი, სახლში მივიდნენ234 და სთხოვდნენ, ნათლად გადმოეცა მათთვის დოგმატის ჭეშმარიტება და ყურადღება არ მიექცია აქა-იქ სხვადასხვა სწავლებებით მოხეტიალეებისათვის. მან, გამხნევებულმა წარმოაჩინა ის შეხედულება, რაც დაფარული ჰქონდა. მაგრამ ისინი ამბობდნენ, არამართებული და დიდი დანაშაული იქნებოდა, რომ მისი მმართველობის ქვეშ მყოფთ ყველას არ გაეზიარებია ჭეშმარიტება. მანაც ამ და ასეთი სიტყვებით აღძრულმა ეკლესიის კრებულში სააშკარაოზე გამოიტანა [თავისი] მკრეხელობა. მათ კი მოშურნეობით აღაგზნეს [თავიანთი] სულები და კონსტანტინოპოლისკენ გაემართნენ. პირველად ევდოქსიოსთან უჩივლეს ევნომიოსს, მაგრამ როდესაც მან არ მიიღო [ისინი], იმპერატორთან მივიდნენ და მისგან წარმოშობილ მანკიერებაზე მოთქვამდნენ. ამბობდნენ: "არიოზის მკრეხელობაზე უფრო უღმერთო იყო მის მიერ ნათქვამი სიტყვები". ამაზე განრისხდა იმპერატორი, ბრძანა, ევნომიოსი ევდოქსიოსისთვის მიეგვარათ და მხილებული სამღვდელო [ხარისხიდან] განეხადათ. ბრალმდებლები კვლავაც და კვლავაც თავს აბეზრებდნენ ევდოქსიოსს, იგი კი თავს იძვრენდა. მაშინ შეწუხებულები მივიდნენ იმპერატორთან და გაიძახოდნენ: "რაც ბრძანე, არაფერს არ აკეთებს ევდოქსიოსი, არამედ არად აგდებს, რომ ქალაქი ევნომიოსის მკრეხელობებისთვის ასე არის გადაცემული". მაშინ კონსტანციუსი ევდოქსიოსს გაძევებით დაემუქრა, თუ არ მოიყვანდა ევნომიოსს და არ გაასამართლებდა, და რაშიც [145]ბრალი ედებოდა, თუ არ იქნებოდა მხილებული და დასჯილი. ამ მუქარის შეეშინდა ევდოქსიოსს, წერილებით ევნომიოსს აუწყა, რომ კიზიკიიდან გაქცეულიყო და საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, მის რჩევას რომ არ დაუჯერა. ევნომიოსს შეეშინდა და წავიდა, მაგრამ უპატიობა ვერ აიტანა და ევდოქსიოსს ბრალად დასდო ღალატი, ამბობდა, რომ იგი მასაც და აეციუსსაც უსამართლოდ მოეპყრა. ამის შემდეგ საკუთარი დაჯგუფება235 შექმნა. ვინც აღიარა მათ დოგმატებთან თანხმობა, დაგმო ევდოქსიოსის ღალატი, შეუერთდა ევნომიოსს და დღემდე ატარებენ მისგან მიღებულ სახელს. ამის შემდეგ ევნომიოსი გახდა მწვალებლობის მოთავე და უღმერთობის შემატებით გაზარდა არიოზის მკრეხელობა. ის, რომ პატივმოყვარეობის ვნებისადმი მონობით შექმნა საკუთარი კრებული, ამას თვით [მისი] საქმეები ღაღადებენ. რადგან როდესაც აეციუსი განკვეთეს და გააძევეს, მაშინ მას არ გაყოლია, თუმცა იგი [მისი] მოძღვარი იყო და ღვთის კაცს უწოდებდა, არამედ ევდოქსიოსთან შეკრული რჩებოდა. ხოლო როდესაც თვითონ იქნა მიყვანილი უღმერთობის დასასჯელად, არ მოეწონა სინოდის გადაწყვეტილება, არამედ [თვითონ] საეპისკოპოსო ღირსებიდან განხდილმა ხელი დაასხა ეპისკოპოსებს და პრესვიტერებს. ეს მოხდა კონსტანტინოპოლში.


თავი XXVI

ქალაქ ნიზიბისის236 ალყით მოცვისა და ეპისკოპოს იაკობის სამოციქულო მოქალაქობის შესახებ


როდესაც სპარსთა მეფემ, საპორმა გაილაშქრა რომაელთა წინააღმდეგ, კონსტანციუსმა ჯარი შეკრიბა და ანტიოქიაში ჩავიდა. მტრები განდევნა არა რომაელთა ჯარმა, არამედ რომაელთაგან თაყვანისცემულმა ღმერთმა. მე მოგითხრობთ, თუ როგორ იქნა [146]მოპოვვბული გამარჯვება. ნიზიბისი, რომელსაც ზოგიერთები ანტიოქიის მიგდონიას უწოდებენ, სპარსთა და რომაელთა სახელმწიფოების საზღვარზე მდებარეობს. მისი ეპისკოპოსი, მცველი და მხედართმთავარი იყო იაკობი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. იგი სამოციქულო მადლის სხივებით ბრწყინავდა. მისი ღირსადქებული და მრავალსაგალობელი საკვირველმოქმედებები "დვთისმოყვარეთა ისტორიაში" აღვწერე და ვფიქრობ, ზედმეტი და გაჭიანურებული იქნება ახლა მათი აღრაცხვა237.

მხოლოდ ერთს ვიტყვი წინამდებარე თხრობის გულისთვის. მის მიერ მართული ქალაქი, რომელიც რომაელებს ექვემდებარებოდა, სპარსულმა ჯარმა მოიცვა. სამოცდაათი დღის განმავლობაში ჰქონდათ ალყა შემორტყმული, მრავალი "ჰელეპოლისი"238 მიაყენეს კედელზე და მრავალი სხვა მანქანაც შემოაწყვეს, ძელის ღობეები და თხრილები გააკთეს, მაგრამ ქალაქის დანგრევა ვერ შეძლეს. მდინარის კალაპოტი შუაზე ყოფდა ქალაქს, მისი სახელი იყო მიგდონიოსი, ის [სპარსელებმა] შორს დააგუბეს, ორივე მხრიდან მაღალი ნაპირები გაუკეთეს და ასწიეს, რათა ნაკადი შეევიწროებიათ. როცა დაინახეს, რომ [წყლის მოცულობა] ძალიან გაიზარდა და კაშხლიდან გადმოდიოდა, უცაბედად მიუშვეს კედელზე როგორც რამ მანქანა. მან კი ვერ გაუძლო მის ძლიერ დარტყმას, გადაიხარა და დაეცა. ასეთივე ზიანი მიადგა კედლის მეორე ნაწილსაც, რომლის გავლითაც გასასვლელი გაიკეთა მიგდონიოსმა, ძალას ვერ გაუძლო და დაინგრა. როდესაც ამას უყურებდა საპორი, იმედოვნებდა, რომ დანარჩენ ქალაქსაც უშრომელად დაიპყრობდა. ამ დღეს მშვიდად იყო, რადგან შეგუბებული წყალი დაშრა და მდინარეს გზა მიეცა. მეორე დღეს მთელი ჯარით შეუტია, მოელოდა, რომ კედლის დაცემული ნაწილის გავლით შევიდოდა ქალაქში, მაგრამ დაინახა, რომ კედელი ორივე მხრიდან აშენებული იყო, და მის შრომას ფუჭად ჩაევლო, რადგან ამ საღვთო კაცმა ჯარისკაცები და დანარჩენი მოსახლეობა ლოცვის მეშვეობით ძალით აღავსო, და კედელი ააშენა, მანქანები დააყენა და მომხვდური განდვვნა. [147]და ეს გააკეთა არათუ კედელთან მისვლით, არამედ ღვთის ტაძრის შიგნით ყოვლიერების უფლისადმი მავედრებელმა. საპორი არა მხოლოდ კედლის სწრაფად აგებამ შეაძრწუნა, არამედ სხვა სანახაობამაც შეაშინა. რადგან იხილა ერთი ვინმე კედელთან მდგომი, სამეფო სამოსით მოსილი, რომელიც მეწამულისა და დიადემის ელვარებას გამოსცემდა. მიხვდა, რომ იგი იყო რომაელთა იმპერატორი, სიკვდილით დაემუქრა [ხელქვეითებს], რომ არ აუწყეს იმპერატორის მოსვლა. როდესაც ისინი უმტკიცებდნენ, რომ სიმართლე იყო მათ მიერ ნათქვამი და კონსტანციუსი ანტიოქიაში იმყოფებოდა, შეიცნო ხილვის უწყება და თქვა, რომ ღმერთი იბრძოდა რომაელთა მხარეზე. ამ უბადრუკმა აღშფოთებულმა ისარი სტყორცნა ჰაერში, იცოდა, ვერ ესროდა უსხეულოს, მაგრამ სიშლეგის შემოტევას ვერ გაუძლო. მაშინ საკვირველმა ეფრემმა (იგი იყო საუკეთესო სირიელი მწერალი) საღვთო იაკობს სთხოვა, ასულიყო კედელზე და შეეხედა ბარბაროსებისთვის, და მათ წინააღმდეგ გაეშვა წყევლის ისრები. ღვთივშთაგონებულმა კაცმა დაუჯერა, ავიდა ერთ-ერთ კოშკზე და როდესაც დაინახა ათასობით ხალხი, სხვა წყევლა არ გაუგზავნია, მათთვის ხის ჭიებისა და კოღოების მიშვება ითხოვა, რათა პაწაწინა არსებების მეშვეობით მათთან საშველად მოსულის ძალა შეეცნოთ. მის ლოცვას მოყვა ხის ჭიებისა და კოღოების ღრუბელი და გაავსეს სპილოთა ხორთუმების ღრუები, ცხენების და სხვა ცხოველების ყურები და ცხვირები. მათ კი არ შეეძლოთ ამ პაწაწინა არსებების შემოტევის ატანა, სადავეები დაწყვიტეს, მხედრები გადმოყარეს და მწყობრი არიეს. სამხედრო ბანაკი მიატოვეს და დამარცხებულები გაიქცნენ. ამგვარად სამგზის უბადრუკმა მეფემ მცირე და კაცთმოყვარული აღზრდით შეიცნო მის კეთილმსახურებზე მზრუნველი ღმერთის ძალა, აქედან უკან დაბრუნდა ისე, რომ ამ ალყიდან მოიალაფა არა გამარჯვება, არამედ სირცხვილი.


თ ა ვ ი XXVII

ანტიოქიაში გამართული სინოდისა და წმინდა მელეტის წინააღმდეგ იქ შეკრებილთა შესახებ


[148]ამ დროს239 კონსტანციუსი ანტიოქიაში იმყოფებოდა. ხოლო როდესაც ზავი დაიდო და სპარსელებმა ომი შეწყყიტეს, კვლავ შეკრიბა ეპისკოპოსები და ყველა აიძულა, უარეყოთ "თანაარსიც" და "სხვაარსიც". როდესაც ევდოქსიოსმა ლეონტის შემდეგ მიიტაცა ეს საყდარი და შემდეგ გაძევებულ იქნა, და მრავალი კრების შემდეგ უკანონოდ ეპყრა კონსტანტინოპოლი; ანტიოქიის ეკლესიამ დაკარგა მწყემსი. მაშინ შეკრებილი ეპისკოპოსები (ყველა მხრიდან მრავალმა მოიყარა თავი) ამბობდნენ, რომ საჭირო იყო ჯერ სამწყსოსათვის საძოვარის მიცემა, შემდეგ ასე მასთან ერთად ერთობლივად დოგმატების შესახებ თათბირი. ამ დროს ღვთივშთაგონებული მელეტი მართავდა სომხეთის240 რომელიღაც ქალაქს, შემდეგ ვერ აიტანა ქვეშევრდომთა ურჩობა, სხვაგან დასახლდა და ცხოვრებას სიმშვიდეში ატარებდა. არიოზის დაჯგუფების წევრებმა იფიქრეს, რომ იგი მათი თანამოაზრე და მათი დოგმატების გამზიარებელი იყო, და სთხოვეს კონსტანციუსს, რომ მისთვის გადაეცა ანტიოქიის ეელესიის სადავეები. ყველა კანონი უშიშრად დაარღვიეს, ცდილობდნენ ურჯულოების გაბატონებას. კანონების დარღვევა მკრეხელობის საყრდენი ხდებოდა. მრავალი ასეთი ცვლილებები შეიტანეს დედამიწის მრავალ ადგილას. სამოციქულო დოგმატების მიმდევრებმა კი იცოდნენ დიდი მელეტის დოგმატურად საღი აზროვნება, ცხოვრების ბრწყინვალება და ნათლად უწყოდნენ [მისი] სათნოების სიმდიდრე; ამიტომ, ხმა მისცეს გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით დიდი მოშურნეობით იზრუნეს, რომ გადაწყვეტილება დაეწერათ და ყველას მოეწერა ხელი. ეს241 მათაც და ამათაც, როგორც რამ ერთობლივი შეთანხმება, ჭეშმარიტების ნამდვილ მებრძოლს, სამოსა[149]ტელთა ეპისკოპოს ევსების გადასცეს შესანახად. როდესაც იმპერატორის მოწოდება მიიღო, დიდი მელეტი წავიდა, მას ყველა შეეგება, ვინც მღვდელმთავრობის წილმქონე იყო, ასევე შეეგება ეკლესიის სხვა დასებიც და ქალაქის მთელი მოსახლეობა. იქ იმყოფებოდნენ იუდეველებიცა და ელინებიც, რომელთაც ეწადათ სახელგანთქმული მელეტის ხილვა. იმპერატორმა მასაც და სხვებსაც, ვისაც საუბარი შეეძლო, მოსთხოვა ხალხისთვის აეხსნა [სიტყვები]:"უფალმა მისი გზების დასაბამად მისი საქმეებისათვის შემქმნა მე" (იგავ. 8.22). სწრაფად ჩაწერისათვის დახელოვნებულებს უბრძანა, დაეწერათ თითოეული სიტყვა, ფიქრობდა, რომ მოძღვრება ასე უფრო ზუსტი იქნებოდა. პირველად გიორგი ლაოდიკიელმა ამოანთხია მწვალებლური სიმყრალე. მის შემდეგ აკაკი კესარიელმა შუალედური რამ მოძღვრება გამოიტანა, მათ მკრეხელობას მრავალი რამ ჩამოაშორა, მაგრამ წმინდა და უბიწო სამოციქულო ხასიათი არ დაიცვა. მესამე ადგა დიდი მელეტი და ღვთისმეტყველების გამართული კანონი წარმოაჩინა. რადგან დადგენილ რამ ჭეშმარიტებას იყენებდა, ზედმეტობასაც და ნაკლოვანებასაც თავი აარიდა. როდესაც ხალხისგან მრავალი საქებარი სიტყვა მოისმინა და ითხოვდნენ მათთვის შემოვკლებული მოძღვრების მიცემას, აჩვენა სამი თითი, შემდეგ ორი მოკეცა და ერთი გაშლილი დატოვა, და ამოუშვა დირსადქებული ხმა: "სამად გავიაზრებთ, მაგრამ როგორც ერთზე ისე ვსაუბრობთ".

ასეთი მოძღვრების წინააღმდეგ არიოზის მანკიერების სულში მატარებლებმა ენები აამოძრავეს, ცილისწამება შეთითხნეს და თქვეს, რომ საღვთო მელეტი საბელიოზის მსგავსად აზროვნებდა; და დაარწმუნეს ეს ევრიპოსი242,რომელსაც ხან აქ, ხან იქ ადვილად დაატარებდნენ, მოაწყვეს მისი გადასახლება თავის სამშობლოში.

მაშინათვე მის ნაცვლად ევძოიოსი გამოიყვანეს, არიოზის დოგმატების აშკარა დამცველი; რადგან ისიც არიოზთან ერთად დიაკვნობის ღირსების მქონე განკვეთა დიდმა ალექსანდრემ. მყისვე ხალხის ჯანსაღი ნაწილი გამოეყო ამ სენის მიმღებებს და [150]პალაიად243 წოდებულ სამოციქულო ეკლესიაში შეიკრიბა.

ოცდაათი წელი იყო გასული ყოვლად სახელოვანი ევსტათის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შემდეგ და სასიკეთო ცვლილების მოლოდინით ითმენდნენ არიანულ სისაძაგლეს. მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ უღმერთობა მათთან უფრო იზრდებოდა, სამოციქულო დოგმატებს უპირისპირდებოდნენ და აშკარად ებრძოდნენ, აწყობდნენ ფარულ მზაკვრობებს, გააძევეს საღვთო მელეტი და მის ნაცვლად თავმჯდომარეობა მწვალებლობის წინამძღოლმა ევძოიოსმა მიიღო; გაიხსენეს ლოთის მიმართ ნათქვამი სიტყვები: "მხსნელმა იხსენი საკუთარი სული" (შესაქ. 19.17), ამასთან ერთად სახარებისეული კანონებიც, რომლებიც ნათლად ბრძანებს: "თუ შენი მარჯვენა თვალი გაცთუნებს, ამოიგლიჯე იგი და განაგდე შენგან" (მათ. 5.29). იგივე დააკანონა მეუფემ ხელისა და ფეხის შესახებაც, და დასძინა: "უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს და მთელი სხეული არ ჩავარდეს გეენიაში" (მათ. 5.29).

ეკლესიის გაყოფა კი ამგვარად მოხდა.


თ ა ვ ი XXVIII

ევსები სამოსატელის შესახებ

საკვირველმა ევსებიმ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ვისაც მიანდეს ერთობლივი გადაწყვეტილება, როდესაც დაინახა, რომ შეთანხმება დაირღვა, გაემგზავრა მისთვის ჩაბარებულ ქალაქში. მათ, ვისაც დაწერილი სამხილის ეშინოდა, დაარწმენეს კონსტანციუსი, ვინმე გაეგზავნა გადაწყვეტილების მოსატანად. იმპერატორმა დაუჯერა და კაცუ გაგზავნა, ვისაც სჩვეოდა გზაში ცხენების გამოცვლით ჭენება და პასუხი ძალიან სწრაფად მოჰქონდა. როდესაც წავიდა, ამცნო იმპერატორის [ბრძანება]. საკვირველმა ევსებიმ თქვა: "არ [151]ძალმიძს ერთობლივად შესანახად მობარებულის გაცემა, ვიდრე ყველა, ვინც ეს მომცა, ერთსა და იმავე აზრისა არ იქნება". ეს აუწყა მაცნეს მეშვეობით. [იმპერატორი] რისხვით ადუღდა, კვლავ გაუგზავნა და უბრძანა, გადაეცა, და დასძინა, რომ ბრძანა, მარჯვენა ხელი მოეკვეთათ მისთვის, თუ არ მისცემდა გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს შესაშინებლად მიწერა, რადგან ეპისტოლეს მიმტანი გააფრთხილა, არ გაეკეთებია ის, რითაც დაემუქრა. როდესაც ეს ეპისტოლე გახსნა ამ ღვთის კაცმა, წერილებში წაიკითხა სასჯელი, რითაც იმპერატორი ემუქრებოდა. მან მარჯვენასთან ერთად მარცხენაც გაუწოდა, უბრძანა ორივე ხელის მოკვეთა. მიუგო: "არ მოგცემ განაჩენს, რომელიც არის არიანული უბადრუკობის აშკარა სამხილი".

როდესაც [მისი] ასეთი სიმამაცე შეიტყო კონსტანციუსმა, მაშინ აღფრთოვანდა და მუდამ გამოხატავდა გაოცებას. რადგან მოწინააღმდეგეთა უპირატესობა მტერთაც აკვირვებს, საქმეთა სიდიადით იძულებულთ.

ამ დროს კონსტანციუსმა შეიტყო, რომ იულიანე, რომელიც ევროპის კეისრად წარმოაჩინა, უფრო დიდ ძალაუფლებას უმიზნებდა და მისი პატრონის წინააღმდეგ ჯარს კრებდა. ამიტომ იგი სირიიდან გამოემართა, მაგრამ კილიკიაში დაასრულა სიცოცხლე; რადგან არ ჰყავდა მფარველი, რომელიც მამამ დაუტოვა მას, არ დაიცვა მამისეული კეთილმსახურების უბიწო მემკვიდრეობა, და მწარედ გოდებდა მისი რწმენის შეცვლის გამო

-----------------------------------------------------------------------------------

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 82, p. 881-1280.

შენიშვნები

134 [317]ბერძ. ტრიბერში. 336 წ.-ის თებერვლიდან 338 წ.-ის ივნისამდე.

135 - 338 წ.-ის ნოემბერში.

136
- θιασώτας.

137 - 327-328  წ.წ.

138 - იგულისხმება ევსები ნიკომიდიელი, რომელიც ახალი გადასული იყო კონსტანტინოპოლის საყდარზე.

139 - მისი დაბრუნების საწინააღმდეგო არგუმენტი იყო ის, რომ ათანასე განყენებულ იქნა ტვიროსის კრების მიერ და ახლა იგი აღდგენილ იქნა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების მიერ. მაგრამ სინამდვილეში განზრახული ჰქონდათ მთავარეპისკოპოსად დაედგინათ არიანელი პისტოსი.

140 - 340 წ.-ს პასექის ჟამს. მისი განყენება დამტკიცებულ იქნა ანტიოქიის კრების მიერ 341 წელს. 

141
[318]ათანასე დიდი უდანაშაულოდ სცნო 341 წლის ნოემბერს რომში გამართულმა კრებამ.

142 - ალექსანდრიაში განვითარებული ამ მოვლენების შედეგები ნაკლებად არის ცნობილი. ათანასე ალექსანდრიაში იმყოფებოდა 340 წლის გაზაფხულზე, როდესაც შემოვიდა გრგოლი, და გაემართა რომისკენ სავარაუდოდ პასექის დროს. კონსტანტინე II მოკლულ იქნა მისი ძმის კონსტანსის ჯარისკაცების მიერ, აკვილეის მახლობლად, მისი სხეული იპოვეს მდინარე ალსაში, 340 წლის აპრილში. ათანასე რომში იმყოფებოდა 343 წლის ზაფხულამდე, როდესაც იგი მოხმობილ იქნა მილანში კონსტანსის მიერ (იხ. ათანასეს "აპოლოგია კონსტანციუსის მიმართ", 3,4). რომში ათანასეს ვიზიტს შედეგად მოყვა ლათინური ქრისტიანობის მიერ მართლმადიდებლური შეხედულებისათვის მხარდაჭერა და დასავლეთში მონაზვნობის შეტანა.

143
- ამჟამად სოფია, ბულგარეთის დედაქალაქი.

144 - პავლე წარმოშობით იყო თესალონიკიდან; იგი იყო მისი წინამორბედის ალექსანდრეს მდივანი.

145
- იხ. "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", 7 (იხ. გამოც. J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 27).

146 - სოკრატე სქოლასტიკოსის ("საეკლესიო ისტორია", II, 16) მიერ აღმოსავლეთის პრეფექტი ფლავიუს ფილიპუსი დახასიათებულია როგორც  "იმპერატორის შემდეგ მეორე კაცი". პავლე კონსტანტინოპოლიდან გაძევებულ იქნა 342 წელს და 350 წლამდე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ფილიპუსი გარდაიცვალა სასოწარკვეთილებასა და სიღატაკეში. 

147[319]ალექსანდრეს გარდაცვალების (336 წ.) შემდეგ კონსტანტინოპოლის საყდარზე მომხდარი ამბების შესახებ მოგვითხრობენ სოკრატე ("საეკლესიო ისტორია", II, 6; გამოც. J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 67.) და სოძომენე ("საეკლესიო ისტორია" III, 3; გამოც. J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae, Tomus 67). პავლე მოკლულ იქნა 350 ან 351 წწ.-ებში, ცხრა წლის შემდეგ მაკედონიოსი შეცვალა ევდოქსიოს ანტიოქელმა, 360 წელს.

148 - ჰეფელეს მიხედვით კრება გაიმართა 343 წელს, მანსის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ათანასე დიდის საღდესასწაულო ეპისტოლებს, - 344 წელს. ეს კრება მოიწვია ორივე იმპერატორმა, მას თავმჯდომარეობდა ჰოსიუს კორდუბიელი. დამსწრეთა რიცხვი წყაროების მიხედვით სხვადასხვაა. ზოგი მკვლევარი კრების გამართვას ვარაუდობს ტრადიციულ თვალსაზრისზე დაყრდნობით, 347 წ. (იხ. სოკრატე, II, 20; სოძომენე, III, 11).

149 - მარკელოსი სავარაუდოდ ესწრებოდა ანკირიის კრებას 315 წელს. გარდაიცვალა 374 წელს. მარკელოსი ნიკეის კრებაზე მნიშვნელოვან პირს წარმოადგენდა, იგი არიანელებმა საბელიანიზმის მწვალებლობაში დაადანაშაულეს და განაყენეს. მაგრამ იგი თანაზიარებაში იმყოფებოდა რომის პაპ იულიუსთან და ათანასე დიდთან. თუმცა, კარდინალი ნიუმანი მიიჩნევს, რომ ათანასე დიდი მას უტევს თავის IV სიტყვაში არიანელების წინააღმდეგ.

150 - κακοπιστία.

151 - სავარაუდოდ ლუკიუსი, ჰადრიანოპოლის ეპისკოპოსი, რომელიც განაყენეს არიანელებმა, შემდეგ მან მიმართა რომის პაპ იულიუსს, ვისაც სურდა მისი გამართლება. არიანელებმა ის არ აღადგინეს და მან მიმართა სარდიკიის კრებას, რომლის განჩინების მიხედვით იმპერატორმა [320]კონსტანციუსმა ბრძანა მის აღდგენა საეპისკოპოსო საყდარზე.

152 - ტრაიანოპოლისის ეპისკოპოსი (ათანასე დიდი, "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", 19).

153 - Αριομανιτες - ხელოვნურად შექმნილი კომპოზიტია, და ნიშნავს შლეგ არიანელებს.

154 - ისქირასის ეს უცნაური ამბავი მოპოვებულ იქნა ათანასე დიდის "არიანელების წინააღმდეგ აპოლოგიიდან". ტექსტში გადმოცემუღ შემთხვევას შესაძლოა ადგილი ჰქონდა 329 წელს.

155 - κακοτεχνία.

156 - ἀκατάπαυστον, სიტყვ. შეუჩერებელი, განუწყვეტელი.

157 - გიორგიმ შეცვალა არიანელი თეოდოტე. ათანასე საუბრობს მის უწესო ცხოვრებაზე, რასაც გმობდნენ მისი მეგობრებიც.

158 - ცნობილია როგორც "ცალთვალა". მან შეცვალა ისტორიკოსი ევსები კესარიის საყდარზე 340 წ., და ნიკომიდიელი ევსები 342 წ.

159 - აქ კონსტანციუსმა დაამარცხა მაგნენციუსი.

160 - პეტრას ეპისკოპოსი პალესტინაში (იხ."ტომოსი ანტიოქიელების მიმართ"). აქ არეულია საყდრების სახელწოდებები და ეჭვი არის გამოთქმული, რომ არსებობდი ორი პეტრა

161 - პეტრას ეპისკოპოსი არაბეთში (ათანასე დიდი. "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", 18; იხ. გამოც.   P. Migne, Patrologiae Cursus completes, Patrologiae Graecae, Tomus 27).

162[321]ὠς τῷ πνεύματι παρόντες, ლათ. spiritu presentes.

163 - აქ კარგად ჩანს, რომ სარდიკიის kრების დროს ტერმინები, "ჰიპოსტასი" და "არსი" (ბერძ."უსია"), ჯერ კიდევ ერთმანეთის სინონიმი იყო და მათ ერთი მნიშვნელობის გამოსახატად იყენებდნენ.

164 - რადგან "პირმშო" მრავალ შობილთა შორის პირველს ნიშნავს, შეუძლებელია, მასში ღვთისგან შობის მნიშენელობა ჩავდოთ, რადგან მაშინ იმის აღიარება მოგვიწევდა, რომ მამას მრავალი ბუნებითი ძე ყავს, რაც არ შეესაბამება გამოცხადების ჭეშმარიტებას. ამოტომ ამ სიტყვის ქვეშ იგულისხმება პავლე მოციქულის მიერ გამოყენებული მიმართვა "პირმშო მიცვალებულთაგან", როგორც ამას თვითონ ტექსტის მომდევნო ნაწილი განმარტავს.

165 - ὑπόστασις. აქ ეს ტერმინი ჯერ კიდევ არსის სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება.

166 - οἰκονομία. აქ იგულისხმება ღმერთის განკაცება, როგორც ამას თავად თეოდორიტე განმარტავს: "ღვთის სიტყვის განკაცებას ვუწოდებთ განგებულებას" (Migne-ს გამოცემაში IV. 93). პირველად მსგავსი მნიშვნელობით ეს ტერმინი გვხვდება პავლე მოციქულთან: "εἰς πληρώματος τῶν καιρῶν... ("ჟამთა სისავსის განგებულებისათვის", ეფეს. 1.10).

167 - ἐγύμνωσε, სიტყვ. გააშიშვლა.

168 - ანტიოქიის ეპისკოპოსი ლეონტი მოღვაწეობდა 348-357 წ.წ. იგი მიეკუთვნებოდა ლუკიანეს სკოლას.

169
- ათანასე სარდიკიიდან გაემართა ნაისისკენ (ზემო დაკია), აქედან აკვილეაში, სადაც ის მიიღო კონსტანსმა (იხ."აპოლოგია კონსტანციუსის წინაშე", 3, 4).

170 [322] Κομιτάτον. არის ლათინური comitatus-ის კალკი.

171
- ათანასე აკვილეიდან გაემართა რომში, სადაც კვლავ მოინახულა პაპი იულიუსი, ხოლო აქედან წავიდა ტრევესში იმპერატორ კონსტანსის სასახლეში, და დაბრუნდა ანტიოქიაში, სადაც შედგა საუბარი "ერთი ეკლესიის" შესახებ (სოკრატე, დასახ. ნაშრ. II. 23; სოძომენე, დასახ. ნაშრ. III. 20).

172 - იგულისხმება ევსტათის მეგობრები.

173 - იგულისხმება ალექსანდრიის მოსახლეობა. დაახლოებით 345 წლის თებერვალში.

174
- 346 წ.-ის ოქტომბერში. მისი დაბრუნება აღწერილი აქვს წმ. გრიგოლ ნაზიანზელს (21-ე სიტყვა).

175 - 350 წელს მოკლულ იქნა უზურპატორი მაგნენციუსის ჯარისკაცების მიერ ილიბერისთან (კონსტანტინეს მიერ გადარქმეულ იქნა ჰელენად, ამჟამად ეწოდება ელნე, რუსილონში).

176 - იგულისხმება ძმებს შორის არსებული ბუნებრივი სიყვარულის საკვრელები

177 - სავარაუდოდ სირიანუსი, რომელიც ათანასეს თქმით გაგზავნილ იქნა ალექსანდრიაში მის გასაძევებლად, მაგრამ ათანასე აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნდა კონსტანციუსის წერილობითი ბრძანება. ეს მოხდა 356 წლის იანვარში.

178 - συναξεως, ღათ. collectam.

179 - გიორგი გახდა ალექსანდრიის არიანელი ეპისკოპოსი მას შემდეგ, რაც განდევნეს ათანასე დიდი, 356 წელს. იგი წარმოშობით იყო [323]კილიკიის ეპიფანიიდან. იგი ცნობილი იყო როგორც "კაბადოკიელი".

180
- იგულისხმება პასექის მარხვა, ანუ დიდმარხვა.

181
- ἐν αὐτῇ τῇ Κυριακῇ, ლათ. die ipsa Dominica. იგულისხმება კვირა დღე. ქართული სახელწოდებაც, რომელიც ბერძნული სიტყვა "კვირიოს"- იდან (უფალი) მომდინარეობს, გვიჩვენებს მის კავშირს უფლის აღდგომისა და შესაბამისად ევქარისტიის აღსრულების დღესთან.

182 - ერთი ამონიოსი ხელდასხმულ იქნა ალექსანდრეს მიერ და გახდა პაკნემუნისის ეპისკოპოსი (იხ. ათანასე დიდი, "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", 72). მეორე ხელდასხმულ იქნა ათანასეს მიერ თმუისის ეპისკოპოსად. ფილონი განდევნილ იქნა ბაბილონში (იხ. ათანასე დიდი, დასახ. ნაშრ., 72). მუიოსი, ფსინოსირისი, ნილამონი, მარკოზი გაუშვეს ლიბიის ამონის მხარეებში, რომელსაც ალექსანდრიას აშორებდა ცხრა დღის სავალი გზა, რათა გზაზე დაღუპულიყვნენ. ადელფოსი იყო დელტაზე ონუფისის ეპისკოპოსი და გაგზავნილ იქნა თებაიდაში. დრაკონტიოსი, ვისი მისამართითაც არის დაწერილი ათანასეს წერილი, წავიდა კლისმას მახლობლად უდაბნოში, ჰიერაქსი და დიოსკორე - სიენეში (ასუანში).

183
- ათანასე განკვეთილ იქნა არლის კრებაზე 353 წ. და მედიოლანშიც 355 წ. მედიოლანში კონსტანციუსმა განაცხადა: "რაც მე მნებავს, იყოს კანონი" (ათანასე დიდი, არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ, 33; იხ. გამოც.   P. Migne, Patrologiae Cursus completes, Patrologiae Graecae, Tomus 27).

184 - τὰς τῆς οἰκουμένης ἐσχατιὰς. იგულისხმება რომის (ბიზანტიის) იმპერიის უკიდურესი საზღვრები.

185
- პაპი ლიბერიუსის დევნილობისა და მერყეობის შესახებ იხ. [324]ათანასე დიდის "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", პ. 35; გამოცემ. დასახ. ნაშრ.

186 - ქ. ტრევესის. პაულინუსი გადასახლებულ იქნა კაბადოკიაში.

187 - მედიოლანის (თანამედროვე მილანის). დიონისე იყო წმინდა მაქსიმინუსის მონაცვლე და იყო მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი.

188 - კალირისის (კალიარის). ლუკიფერუსი იყო ათანასეს თავგამოდებული დამცველი; ის გადასახლებუღ იქნა ელევთერეპოლისში, პალესტინაში.

189
- ევსები, ვერცელის ეპისკოპოსი, ასევე იყო ათანასეს დამცველი. ის გადაასახლეს სკვითოპოლში, სადაც არიანელი ეპისკოპოსი პატროფილე, მისი სიტყვებით, იყო მისი "მედილეგე".

190 - ჰოსიუსი ამ დროს იყო ასი წლის. იგი გადაასახლეს სირმიაში (ამჟამად მიტროვიცი).

191 - ევფრატიონიც არის მოხსენიებული ათანასეს ნაშრომში, "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", პ. 5. ბელანია ამჟამად არის ბანია სირიის სანაპიროზე.

192 - ამჟამად ბოლდო, ბანიადან ცოტათი ჩრდილოეთით.

193
- ფინიკიაში, თანამედროვე ტორტოზა.

194 - წმინდა ათანასეს დახასიათებით ის იყო "კეთილი და არაჩვეულებრივი ადამიანი“ ("არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", პ. 5).

195 - მარკელოსი, არიანელობასთან კამათისას ვარდებოდა მეორე [325]უკიდურესობაში, საბელიანიზმის მწვალებლობაში. მიუხედავად ამისა ათანასე დიდს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

196
- ბეროაში ევსტათის მონაცვლე.

197
- ასკლეპა განაყენეს იმ ბრალდებით, თითქოს მას დაემხოს საკურთხეველი.

198
- ენოსის ეპისკოპოსი თრაკიაში.

199 - ფილაგრიოსი იყო ეგვიპტის პრეფექტი 335-340 წ.წ.-ებში. ათანასე მას უწოდებს "ეკლესიისა და მისი ქალწულების მდევნელს, განდგომილს".

200 - ეს საუბარი შედგა მედიოლანში (მილანში).

201
- ცენტუმცელის (Civita Vecchia) ეპისკოპოსი; ათანასე დიდი მას ახასიათებს როგორც "ძლიერ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მზად არის ნებისმიერ ბოროტებაზე". ის იყო გიორგი კაბადოკიელის პროტეჟე, უკიდურესი არიანელი. მან მოახერხა უწესო და სკანდალური გზით ფელიქსის შეცვლა ლიბერიუსით რომის საყდარზე (ათანასე დიდი, "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", პ.75, გამოც. J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 27).

202 - კონსტანტინე II იყო ათანასე დიდის მეგობარი, მაგრამ მთავარეპისკოპოსი არც პირდაპირ, არც ირიბად არ არის პასუხისმგებელი მის მიერ კონსტანსზე განხორციელებულ თავდასხმასა და მკვლელობაზე.

203 - ევსებია. კონსტანციუს II სამჯერ იყო დაქორწინებული: პირველად 336 წ. მის ბიძაშვილზე, იულიანეს დაზე, კონსტანციაზე; [326]მეორედ, 352 წ. - ავრელია ევსებიაზე, არიანელზე, "სხეულითაც და გონებითაც განსაკუთრებული მშვენიერების მქონეზე" (ამიანე მარცელიუსი. XXI. 6); მესამედ, 360 ან 361 წ. - ფაუსტინაზე.

204 - ჩანს, ლიბერიუსი არიანელ საჭურისს ქრისტიანად არ თვლიდა.

205 - თავდაპირველად ცირკში იყო ოთხი პარტია: "ლურჯები", "მწვანეები", "თეთრები" და "წითლები". იმპერატორმა დომიციანემ დაუმატა კიდევ ორი, "ოქროსფერი" და "მეწამული". მაგრამ "ლურჯებმა" და "მწვანეებმა" შეიერთეს დანარჩენები. კონსტანტინე დიდმა ამ პარტიებს მიანიჭა იმპერატორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება (acclamatia), ე.ი. პოლიტიკური ფუნქცია. მათ დიდი როლი შეასრულეს იმპერატორ იუსტინიანეს წინააღმდეგ მოწყობილ ე.წ. "ნიკას" აჯანყებაში. მათი არსებობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მართლმადიდებლურ ბიზანტიაში არ არსებობდა აბსოლუტური მონარქია და ფორმალურად მაინც შენარჩუნებული იყო რესპუბლიკური რომის დემოკრატიული ინსტიტუტები.

206 - 359 წელს.

207 - აღმოსავლელი ეპისკოპოსები მოწვეულ იქნენ კილიკიის სელევკიაში; დასავლელები - არიმინში (რიმინში)."პირველი კრება გაიმართა სირმიაში, რათა განეჩინათ ორნაწილედ კრებაზე წარსადგენი "მრწამსი". ევსების მომხრეები იბრძოდნენ აკაკის "ჰომოიონის" ("მსგავსის") მიღებისათვის, რომელიც იმპერატორმა მიიღო კიდეც და დაივიწყა, მათ მოახერხეს გამონათქვამის მიღება "ყველაფერში მსგავსი წმინდა წერილის თანახმად", რომელშიც ნახევრად-არიანელებმა ჩაურთეს "მსგავსი არსით", ანუ "ჰომოიუსიონ". ამ პირობებში გაიმართა ორი კრება 359 წლის აგვისტოში, ნახევრად-არიანელების ნომინალური ზედამხედველობის ქვეშ. მაგრამ, ევსებიანელთა მხრიდან, გონებაგამჭრიახმა [327]აკაკიმ წამოიწყო პაექრობა ბერძნებთან, მბრძანებლურმა და უხეშმა ვალენტმა - მარტივ ლათინებთან" (ნიუმენი, არიანელები, IV,პ. 4). სელევკიაში კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი, არიმინში - 400.

208 - ეს ეპისტოლე ჩართულია ათანასეს თხზულებაში "არიმინისა და სელევკიის კრებების შესახებ", სოკრატეს დასახ. ნაშრ.-ის II, 39, სოძომენეს დასახ. ნაშრ.-ის IV, 10.

209 - გერმინიუსი (ჰილარიუს პიქტავიელის მიხედვით) იყო კიზიკიის ეპისკოპოსი, გადაყვანილ იქნა სირმიაში 356 წ. გერმინიუსის, ვალენსისა და სხვების დახმარებით მარკოზ არეთუსელის მიერ შედგენილი მრწამსი ცნობილი არის "დათარიღებული მრწამსის" სახელით ათანასეს მიერ გაქილიკებული დოკუმენტიდან (ათანასე დიდი, კრებების შესახებ, პ.8).

210 - ავქსენტი უფროსმა მედიოლანის საყდარზე შეცვალა დიონისე 355 წ. და საყდარი ეკავა მის გარდაცვალებამდე, 374 წ.-მდე, როდესაც მის ადგილას არჩეულ იქნა წმ. ამბროსი. ავქსენტი უმცროსი, ასევე ცნობილია როგორც მერკურინუსი, არიანული საიმპერიო კარის მიერ წამოყენებულ იქნა ამბროსის მეტოქე ეპისკოპოსად. მესამე ავქსენტი, მწვალებელი იოვინიანუსის მხარდამჭერი, ნახსენებია პაპი სირიკიუსის ეპისტოლეში. მოფსუესტიის არიანელ ეპისკოპოს ავქსენტის მოიხსენიებს არიანელი ისტორიკოსი ფილოსტორგე.

211 - პანონიის ეპისკოპოსი (იხ. ათანასე დიდის "ეპიქტეტუსის მიმართ").

212
- ὀρμωμένους, მაგრამ სქოლიოში მითითებულია სხვა წაკითხვაც δικαίως ὠρισμένων, რაც უფრო მართებულად მიგვაჩნია.

213
- არიანელებმა.

214[328]წერილი გადმოცემული აქვს სოძომენეს დასახ. ნაშრ.-ის VI, 23. ლათინური ტექსტი განსხვავდება ბერძნულისაგან.

215
- მან ეს სათნოებები გამოავლინა რომის საყდარზე მისი დადგინების შემდეგ. იგი დასახელებულ იქნა არიანელების მიერ და მან სისხლიანი ბრძოლა გამართა მის მეტოქესთან ურსინუსთან (იხ. ამიანე მარცელიუსი, "რომის ისტორია", XXVII. 3, 13). მაგრამ იგი აღმოჩნდა ღირსეული პიროვნება და მთელი მისი საეპისკოპოსო მოღვაწეობის განმავლობაში იდგა თავისი მოწოდების სიმაღლეზე; ნეტარი იერონიმე სტრიდონელი მას უწოდებს "სახელგანთქმულ კაცს, ქალწული ეკლესიის ქალწულ მოძღვარს". მან აღმოაჩინა ქრისტიანთა საფლავები კატაკომბებში, რომლებიც ამოქოლილი იყო დიოკლეტიანეს დროს, მან მიწისაგან გაწმინდა ისინი, გააფართოვა შესასვლელები, შეამკო აკლდამები მარმარილოთი და კედლები გაამაგრა ქვისა და აგურის თაღებით.

216
- სოძომენეს მიხედვით ის არის ვალერიუსი, აკვილეის ეპისკოპოსი, მის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება, მაგრამ მის დროს აკვილეაში იყვნენ სახელგანთქმული პიროვნებები, რომელთა შორის ყველაზე გამოჩენილი იყო იერონიმე სტრიდონელი.

217 - αλλα νοσοῦντας;. სქოლიოში მითითებულია სხვაგვარი წაკითხვაც άλλα νοοῦντας - "რომლმბიც სხვა რამეს ფიქრობენ"; ლათინურიც, როგორც ჩანს, ამ ვარიანტს მიყვება: qui alia docent.

218 - იხ. ათანასეს "არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", პ. 28. "ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ერთი პერიოდი არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვით ზოგიერთი სასულიერო პირები, ზოგჯერ ერისკაცებიც, რომლებსაც სურდათ ქალწულებრივი ცხოვრები, შედიოდნენ გაუთხოვარ ქალებთან ე.წ. "სულიერ ქორწინებაში", მასთან ერთად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, არ ჰქონდათ ერთმანეთთან არავითარი ხორციელი კავშირი, მათი სიტყვებით, ინარჩუნებდნენ [329]მხოლოდ სულიერ კავშირს ქრისტიანულ სათნოებებში ერთმანეთის გასამხნევებლად. ასეთ ქალებს პირველად ეწოდებოდათ "დები" (αδελφάι) და "საყვარლები" (ἀγαπητάι, dilectiae), შემდეგ თანამცხოვრებლები (συνείσακται) ( Правила Православной Церкви толкованиями Никодима епископа Далматинско Истрийского, т I, c. 178). "სინიზაქტების" (συνείσακται - სიტყვ. თანაშეყვანილი) საკითხი იყო ერთ-ერთი პრობლემატური და სკანდალური ადრეულ ეკლესიაში. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ლეონტის შემთხვევა გახდა საბაბი ნიკეის კრების პირველი კანონის შედგენისათვის. "სინიზაქტურ" ჩვეულებას პირდაპირ კრძალავს ნიკეის კრების 3-ე კანონი და წმ. ბასილი დიდის 88-ე კანონი, სადაც ბასილი წერს ვინმე ხუცეს გრიგოლს, რომელიც ცხოვრობდა "სინიზაქტ" ქალთან: "რამეთუ მე არ ვფიქრობ, რომ სამოცდაათი წლის კაცი ქალთან ვნებით ცხოვრობს, და ის, რაც ჩვენ განვაჩინეთ, განვაჩინეთ არა რაიმე სრულიად უკანონო საქმის გამო, არამედ იმიტომ, რომ მოციქულებისგან გვისწავლია, რომ ძმას არ უნდა მივცეთ ცთუნებისა და დაბრკოლების საბაბი (შდრ. რომ. 14,13); არამედ ვიცით, რომ ზოგიერთი რამ, რაც ერთისთვის უაღრესად წმინდაა, სხვებისთვის ცოდვის საბაბი ხდება. ამიტომ, წმინდა მამების დადგენილებების მიდევნებით განვაჩინეთ, რომ შენ უნდა გაშორდე იმ ქალს" (ციტ. ნიკოდიმ მილაშის ზემოთ დასახელებული ნაშრომის 180 გვ).

219
- ფლაბიანე იყო ანტიოქიის წარჩინებული მოქალაქე და შემდეგ გახდა ამ საყდრის ეპისკოპოსი (381-404  წ.წ.). დიოდორე კი მოგვიანებით (379 წ.) გახდა ტარსუსის სახელგანთქმული ეპისკოპოსი, იგი იყო ანტიოქიური საღვთისმეტყველო და ეგზეგეტიკური სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, მისი მოწაფეები იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი და თეოდორე მოფსუესტიელი.

220
- ე.ი. ერისკაცები იყვნენ.

221
[330]სოკრატე სქოლასტიკოსი ეკლესიაში ანტიფონური გალობის შემოღებას მიაწერს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილს, რომელსაც ჰქონდა ხილვა, რომ ამგვარად უგალობდნენ ანგელოზები ღმერთს. მაგრამ ცნობილი მკვლევარი ლაითფუტი მართებულად აღნიშნავს: "ანტიფონური გალობის წარმოშობა არ საჭიროებს ზეციური ხილვის დაშვებას, რადგან ის უკვე არსებობდა წარმართებში ბერძნული ქოროს მოწყობაში. მას დეტალურად ჩამოყალიბებულს იყენებდნენ იუდეველები ფსალმუნების გალობისას, როგორც ეს ჩანს ეგვიპტელი თერაპევტების შესახებ თხრობაში. ამიტომ მისი შემოღება ეკლესიაში, რა თქმა უნდა, მოხდა თავიდანვე: როცა პლინიუსთან (ეპისტოლე X. 97) ვკითხულობთ, რომ ბითვინიის ქრისტიანები ქრისტეს როგორც ღმერთს ჰიმნებს უგალობდნენ "მონაცვლეობით" (secum invicem), ჩვენ შეგვიძლია მართებულად დავასკვნათ, რომ ანტიფონური გალობის პრაქტიკა გავრცელებული იყო ანტიოქიის ეკლესიის საზღვრებიდან შორს, თვით ეგნატეს დროშიც". თუმცა, ჩვენი აზრით ეს არ გამორიცხავს წმინდა ეგნატეს მიერ ანტიოქიის ქრისტიანულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში მისი შემოტანის ინიცირებას.

222 - ევდოქსიოსი იყო კონსტანტინოპოლის მერვე ეპისკოპოსი, მანამდე იყო გერმანიკიის ეპისკოპოსი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი არიანელი. პირველად მას ხელდასხმაზე უარი განუცხადა წმ. ევსტათიმ, მაგრამ 331 წ.-ს მისი განყენების შემდეგ ევსებიანელებმა ის წამოაყენეს. ის გერმანიკიას მართავდა ჩვიდმეტი წლის განმავლობაში და შემდეგ მიიტაცა ანტიოქიის საყდარი. აკაკიანელთა მხარდაჭერით ის გახდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი 360 წელს, გარდაიცვალი 370 წ.

223 - ბასილი იყო სწავლული ექიმი, ანკვირიაში ნახევრად-არიანელი. ის დადგინებულ იქნა ამ საყდარზე ეპისკოპოს მარკელოსის განყენების შემდეგ 336 წელს. იგი განკვეთეს სარდიკიის კრებაზე 347 წელს. 350 წელს ის აღდგენილ იქნა იმპერატორ კონსტან[331]ციუსის ბრძანებით. შემდეგ კვლავ გადასახლებულ იქნა აკაკიანელთა ზეგავლენით, იოვიანუსის დროს ვერ მიიღო აღდგენა და სავარაუდოდ გარდაიცვალა გადასახლებაში (სოკრატე, დასახ. ნაშრ. II, 20, 26, IV, 24., ასევე თეოდორიტეს წინამდებარე ნაშრომი II, 23). მისი ნაშრომები დაკარგულია. ათანასე დიდი მას აქებს როგორც ადამიანს, რომელიც "შორს არ იყო "თანაარსის" მიღებიდან" (კრებების შესახებ. 603, Migne-ს გამოცემის მიხედვით).

224
- ევსტათი სებასტიის ეპისკოპოსი იყო 357-380 წ.წ.-ებში.

225 - ე.ი. ევდოქსიოსს.

226
- კრება გაიმართა 359 წ.

227 - სოძომენეს და სოკრატეს ცნობით იგი ეთანხმებოდა ათანასე დიდის განყენებას, მაგრამ რუფინუსი მოგვითხრობს, თუ როგორ ჩაერია მოხუცი და დასახიჩრებული პაფნუტი თებელი, რომელმაც ხელი მოკიდა მის მერყევ ძმას და მიიყვანა ათანასეს მომხრეების მცირე დაჯგუფებასთან. სოძომენე მას წარმოგვიდგენს როგორც აკაკის მიერ განყენებულს მეტად მოშურნე მართლმადიდებლობის გამო, რომელიც შეცვალა ნახევრად-არიანელმა კირილემ. იერონიმე ეთანხმება თეოდორიტეს, რომ კირილემ მაქსიმე შეცვალა მისი გარადაცვალების შემდეგ 350 ან 351 წ.წ.-ებში.

228 - სოძომენეს და სოკრატეს ეჭვი შეაქვთ მის მართლმადიდებლობაში. მაგრამ მის სასარგებლოდ მოწმობს სინოდალური ეპისტოლე დაწერილი ეპისკოპოსების მიერ, რომლებიც შეიკრიბნენ 381 წლის კრების შემდეგ კონსტანტინოპოლში. ეს ეპისტოლე მათ მიწერეს რომის პაპ დამასს, გადმოცემულია წინამდებარე ნაშრომის V წიგნის IX თავში. ის უპირისპირდებოდა აკაკის კესარიისა და იერუსალიმის საყდრების პირველობასთან დაკავში[332]რებით და განყენებულ იქნა 357 წ.-ს. მას შემდეგ, რაც მან მიმართა სელევკიის კრებას, ის აღადგინეს მაგრამ ისევ განაყენა კონსტანციუსმა; კვლავ აღადგინა იულიანე განდგომილმა, მშვიდობით იმყოფებოდა იოვიანუსის და ვალენტინიანეს დროს, გადასახლებულ იქნა ვალენტის მიერ და აღადგინა თეოდოსიმ. გარდაიცვალა 386 წ., დატოვა შესანიშნავი სამოძღვრო ქადაგებები კათაკმეველთათვის, ჰომილია და ეპისტოლე.

229 - კონსტანტინოპოლში.

330
- იგივე ევსტათი სებასტიელი და ბასილი ანკვირელი. სილვანუს ტარსელი იყო ნახევრად-არიანელი, თუმცა მაღალი ზნეობის მქონე პიროვნება. ელევსიუს კიზიკელიც ასევე მაღალი ზნეობის მქონე ნახევრად-არიანელი იყო. კიზიკიის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა მაკედონიოს კონსტანტინოპოლელის მიერ 356 წ. მან დიდი მოშურნეობით დაანგრია როგორც წარმართული ტაძრები, ასევე ნოვაციელთა ეკლესიაც, ეს გაიხსენეს, როდესაც ის ცდილობდა თავის საყდარზე დაბრუნებას იულიანეს დახმარებით. 366 წელს ვალენტის მუქარით იძულებული იყო თავი არიანელად გამოეცხადებინა, შემდეგ სინდისის ქეჯნის გამო დატოვა თავისი საყდარი, მაგრამ მრევლმა არ გაუშვა (სოკრატე, დასახ. ნაშრ. IV. 6).

231
- ე.ი. იმპერატორს.

232 - სერა იყო არიანელთა წინამძღოლი ლიბიაში. 356 წელს მან სეკუნდუსთან ერთად განაყენა პტოლემეის ეპისკოპოსი და ხელდასხმის კანდიდატად წამოაყენა აეციუსი. 359 წელს მან ხელი მოაწერა სელევკიის განჩინებებს როგორც პარეტონიუმის ეპისკოპოსმა. ამ დროისთვის ის განყენებულია კონსტანტინოპოლის კრების მიერ. სტეფანე ლიბიის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა სეკუნდუს პტოლემეელის მიერ, და მასთან ერთად გარეული იყო [333]ხუცეს სეკუნდუსის მკვლელობაში, როგორც ამას აღწერს ათანასე ("არიანელობის ისტორია მონაზვნების მიმართ", პ.65). ჰელიოდორე იყო აპოლონიის არიანელი ეპისკოპოსი ლიბია პრიმაში. თეოფილე თავდაპირველად იყო ელევთეროპოლისის ეპისკოპოსი პალესტინაში, შემდეგ გადაყვანილ იქნა კასტაბალაში, კილიკიაში (სოძომენე, დასახ. ნაშრ. IV, 24).

233
- აეციუსის.

234 - საუბარია ევნომიოსზე.

235 - φρατρία, ათენში სოლონის კონსტიტუციის მიხედვით ოთხი ტომიდან თითოეული იყოფოდა სამ ფრატრიად, რომლებიც თავის მხრივ იყოფოდა ოცდაათ გვარად (γενη). ეს ტერმინი ასევე გამოიყენებოდა ქალაქის მმართველობის, კურიის აღსანიშნავადაც.

236
- ამჟამად ნიზიბინი, მიგდონიაში მესოპოტამიის მნიშვნელოვანი ქალაქი. ის მრავალჯერ გადადიოდა ხან რომის, ხან სპარსეთის ხელში, საბოლოოდ იოვიანუსმა ის დაუთმო შაბურს 363 წელს.

237 -  იაკობი დაიბადა ნიზიბისში, რომლის ეპისკოპოსიც გახდა. მან ადრიდანვე გაითქვა სახელი ასკეტური მოღვაწეობით და სასწაულმოქმედებით. თეოდორიტე იაკობს ახასიათებს როგორც მართლმადიდებელთა "ფალანგის" "წინამბრძოლს" (იხ. "ღვთისმოყვარეთა ისტორიები").

238 - ასე უწოდებდნენ ბერძნები დიმიტრი პოლიორკეტის მიერ გამოგონებულ საალყო მანქანას. 

239 - 361 წ.

240 - სოძომენეს მიხედვით  სებასტია, მაგრამ სოკრატე მას სირიის [334]ბეროას ეპისკოპოსად აღწერს (დასახ. ნაშრ., II.44). წმ. გრიგოლ ნოსელი მას ახასიათებს როგორც "ტკბილი მშვიდი სახის, ნათელი ღიმილის და კეთილის ხელის მქონეს, რომელიც მისდევს მის კეთილ ხმას".

241
- იგულისხმება კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

242
- იგულისხმება კონსტანციუსი.

243 - ქართულად იქნება ”ძველი”.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. X, გამომცემლობა "ახალი ივირონი", 2008 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 01 June 2013 21:00)