Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი

[411r] წმიდისა ანასტასის1 ანტიოქიელ2 მთავარეპისკოპოსისაჲ3, კითხვა-მიგებაჲ ვიეთმე მორწმუნეთაჲ, რომელთა ჰკითხეს ქუემოწერილთა სიტყუათათჳს*.

კითხვაჲ: რაჲ არს სასწაული ჭეშმარიტი ქრისტიანისაჲ?

მიგებაჲ: სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი, ვითარცა სხუამან ღირსმან მამამან თქუა, რამეთუ ქრისტიანე არს ჭეშმარიტი ტაძარი, ქრისტეს აღსარებითა მართლითა და მუშაკობითა სათნოებათაჲთა აღშენებული. აწ უკუე ”სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს” (იაკობ. 2.20), ვითარცა-იგი საქმენი კეთილნი თჳნიერ სარწმუნოებისა ამაო და უჴმარ არიან. ამისთჳს ჯერ-არს ყოვლითა ძალითა შეკრძალვაჲ სულთა ჩუენთაჲ ყოველთაგან საქმეთა ბოროტთა, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: ღმრთისმეცნეირებასა აღასრულებენ, ხოლო საქმით უვარ-ჰყოფენ. ამისთჳს იტყჳს უფალი: ”რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი. და მოვიდეთ მისა და სავანე მის თანა ვყოთ” (იოანე 14.23). გჳსწავიეს უკუე, ვითარმედ სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა აღეშენების სახლი სულისა ჩუენისაჲ და ესრეთ დაემკჳდრების ღმერთი შორის ჩუენსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის” (II კორ. 6.16; ლევ. 26.12). ვითარცა მოციქული იტყჳს: ”ანუ არა გიცნობიესა თავით თჳსით, რამეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, გარნა თუ გამოუცდელ ხართ?” (II კორ. 13.5). ხოლო ეშმაკმან არა უწყის, თუ შინაგან გონებასა კაცისასა არს ქრისტე. და იხილოს რაჲ კაცი, ანუ უჯეროდ მრისხანე, ანუ მაგინებელი, ანუ ცუდმოფიცავ, ანუ ანგაჰარ, ანუ ხენეშთა სიტყუათა მეტყუელ, ანუ ძმისმოძულე, ანუ ამპარტავან და თავჴედ, ანუ მოცინარე და განმცხრომელ, ანუ [v] უდებ ლოცვასა, ანუ ბილწთა საქმეთა მოქმედ და სიკუდილისა არა მომჴსენე, სცნობს მას სახეთაგან, ვითარმედ არა4 არს მას სულსა შინა მცველ და განმანათლებელი მისი ღმერთი. მაშინ ვითარცა მპარავი შევიდის უკეთური იგი და განკრეხის სახლი იგი სულისაჲ მის და იქმნის უკუანაჲსკნელი მისი უძჳრეს პირველისა.


კითხვაჲ: ვინ არიან ჭეშმარიტნი იგი თაყუანისმცემელნი, რომელნი სულითა ჭეშმარიტებისაჲთა თაყუანის-სცემენ5 ღმერთსა?

მიგებაჲ:
ამისცა საქმისა ძალი სიტყუათაგან ღმერთშემოსილისა კაცისათა გამოგიცხადო, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდა კაცი ვინმე მონაზონისა ვისმე დაყუდებულისა და ფრიად განშორებულისა და ჰრქუა მას: ”მიკჳრს, მამაო, ვითარ ჰზი აქა, განშორებული ეკლესიისაგან და წესთა და განგებათა საეკლესიოთა?” მიუგო ბერმან მან და ჰრქუა მას: ”ყოველნი დღესასწაულნი და წესნი და განგებანი საეკლესიონი ამისთჳს არიან, ძმაო, რაჲთა განწმინდეს კაცი ცოდვათაგან და დაემკჳდროს ღმერთი მის თანა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის” (II კორი. 6.16; ლევ. 26.12), და სახარებასა შინა იტყჳს: ”მე და მამაჲ ჩემი მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14.23). ხოლო ვინაჲთგან კაცი ტაძარ სულიერ ღმრთისა იქმნას, მაშინ განეშორების ღმერთშემოსილი იგი სული ყოვლისაგან სურვილისა, ხილულთა მათ ეკლესიათა წესთა და განგებათაგან და დღესასწაულთა, რომელთა კაცნი აღასრულებენ, რამეთუ აქუს შინაგან თავსა შორის თჳსა მკჳდრად - მამაჲ ყოვლისა მპყრობელი და მხოლოდშობილი ძე მისი და მღდელთმთავარი იგი დიდი, რომელმან განვლინა ცანი, ვითარცა იტყჳს მოციქული, და სული იგი ჭეშმარიტებისაჲ. შინაგან აქუნ ჭეშმარიტი მსხუერპ[412r]ლი: გული წმიდაჲ და სული მდაბალი და საკურთხეველი შესაწირავისაჲ, მომტევებელი ცოდვათაჲ - სულიერი იგი ცრემლი, შინაგან აქუნ სასუფეველი ცათაჲ. ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”სასუფეველი ცათაჲ შინაგან თქუენსა არს” (ლუკა 17.21). მიერითგან სულიერი იგი კაცი სულიერითა თუალითა ხედავნ ყოველსა და სულიერთა შესაწირავთა შესწირავნ, რამეთუ: ”სულ არს ღმერთი და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებისაჲთა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ” (იოანე 4.24). ხოლო ამას რაჲ წესსა მოიწიოს, ღმერთშემოსილი იგი კაცი, მიერითგან არნ გულსა შინა მისსა, რაჲ იგი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა ამათ საქმეთა გამოუცდელისათა არა მოუჴდა. რომელი-იგი განუმზადა და გამოუცხადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. და რომელი ღირს-იქმნას ამას საზომსა მიწევნა და დაემკჳდროს ღმერთი მის შორის, მარადის ხედავნ და თაყუანის-სცემნ6 მას, და შესწირავნ მსხუერპლსა ქებისასა. რამეთუ ხედავნ გუამისა თჳსისა ტაძარსა საყოფელ უხილავისა ღმრთისა, ხოლო ჟამითი-ჟამად, ოდესცა უფალმან გაუმარჯოს, ღირსებით ეზიაროს წმიდასა მას და პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა და უმეტესი მადლი და განათლებაჲ მიეფინის სულსა მისსა. ხოლო სხუათა მათ წესთა გალობათა7 და განგებათა და დღესასწაულთა საეკლესიოთა დაკლებაჲ, არა არს სავნებელ ესევითარისა მის, რამეთუ ყოველნივე იგი სახენი ესევითართა განგებათანი სულსა შინა მისსა არიან და მისთანა მკჳდრ არს მშვიდობაჲ სამებისა წმიდისა8.

აჰა ესერა სიტყუათა მათგან ღმერთშემოსილისა მის კაცისათა გამოცხადნა, თუ ვინ არიან ჭეშმარიტნი იგი თაყუანისმცემელნი, რომელნი სულითა და ჭეშმარიტებითა თაყუანის-სცემენ ღმერთსა. ესევითარი დაყუდებაჲ მშობელი [v] არს ყოველთა სათნოებათაჲ და მიზეზი მრავალთა კეთილთაჲ. ამისთჳსცა, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ესევითარისა სახისა დაყუდებასა გუასწავებს და იტყჳს: ”შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად” (მათე 6.6). და ესაიაჲს მიერ იტყჳს: ”ვის მივხედნე, გარნა მდაბალსა და მყუდროსა და რომელი ძრწოდის სიტყუათაგან ჩემთა” (ეს. 66.2).

კითხვაჲ: უკუეთუ ვინმე ცოდოს და შეინანოს და კუალად შევარდეს ცოდვასა მას შინა, ცუდ იქმნებისა სინანული იგი და შრომაჲ რომელი აჩუენა, უფროისად, უკუეთუ ცოდვასა მას შინა მოკუდეს?

მიგებაჲ: ამის პირისათვის იტყჳს ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი: ”უკუეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნეს ბოროტი ყოვლისა მისებრ უსჯულოებისა, რომელ ქმნა უსჯულომან, ყოველი სიმართლენი მისნი, რომელ ქმნა9 არა მოვიჴსენო შეცოდებითა მისითა, რომელ ქმნა ცოდვათა შინა მისთა, რომელ ცოდა, უკუეთუ მას შინა მოკუდეს. აწ ისმინეთ, სახლო ისრაელისაო! უკუეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნეს ცოდვაჲ და მოკუდეს ცოდვასა მას შინა თჳსსა რომელ ქმნა, მას შინაცა მოკუდეს. უკუეთუ მოაქციოს უსჯულომან უსჯულოებისაგან თჳსისა რომელ ქმნა და იქმოდის სიმართლესა და განკითხვასა, ამან სული თჳსი დაიმარხა და მოიქცა ყოველთაგან უღმრთოებათა თჳსთა რომელ ქმნა, ცხორებით ცხონდეს10 და არა მოკუდეს” (ეზეკ. 18.24,26,27). და კუალად იტყჳს: ”სიმართლემან მართლისამან არა გამოიჴსნას იგი, უკუეთუ მიაქციოს ცოდვად. უსჯულომან თუ მოაქციოს ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა, რომელ ქმნა და მერ[413r]მე დაიმარხნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, რაჲთა ქმნას სიმართლე და მოწყალებაჲ, ცხორებით ცხონდეს და არა მოკუდეს; და ყოველნი ცოდვანი მისნი არა მოვიხსენნე. სიმართლითა მისითა, რომელ ქმნა, მით ცხონდეს. არა ნებით ვინებო სიკუდილი ცოდვილისაჲ, იტყჳს უფალი ღმერთი, არამედ - მოქცევაჲ მისი გზისა მისგან ბოროტისა და ცხორებაჲ მისი” (ეზეკ. 18.21-23). და დავითცა წამებს: ”რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მოიყვანნეს იგინი უფალმან, მოქმედთა თანა უსჯულოებისათა” (ფს. 124,5). ხოლო თავადი უფალი და მეუფე ჩუენი იესუ ქრისტე ბრძანებს: ”არავინ დასდვის ჴელი ერქუანსა და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის იგი სასუფეველსა ცათასა” (ლუკა 9.62).

კითხვაჲ: უკუეთუ ვინმე იყოს ბერ და უძლურ და სულმოკლე და ვერ ეძლოს მონაზონებისა წესთა და მოღუაწებათა აღსრულებად, ვითარ უძლოს სინანული ცოდვათა თჳსთაჲ?

მიგებაჲ: ამის პირისათვის თქუა მამათაგანმან ვინმე ღმრთივსულიერმან, ვითარმედ: ”უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ბრძანებს, ვითარმედ: ”უღელი ჩემი  ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი - მცირე” (მათე ?.30). აწ უკუეთუ ვინმე ბერ იყოს და უძლურ, უკუეთუ ხოლო ენებოს, არარაჲ არს დამაყენებლ და დამარხვად მცნებათა მისთა, რამეთუ ვითარცა წერილ არს და წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სიმართლით არიან, უყუარს წყალობაჲ და სამართალი უფალსა, წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ, წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდენ მათ შინა, ხოლო უსჯულონი  მოუძლურდენ, რამეთუ სახიერმან და მრავალმოწყალემან უფალმან არა თქუა განჩინებით, რაჲთა ყოველთა ქალწულებაჲ და უქორწინებლობაჲ დაიმარხონ, არცა განშორებაჲ სოფლისაგან განჩინებით განაწესა, არამედ კაცად-კაცადისა ბუნებასა მიუშუა ამათ საქმეთათჳს. არამედ ბრძანებით და განჩინებით [v] გუამცნო - სიყუარული ღმრთისაჲ და მოყუასისაჲ11, სიმდაბლე და მოწყალებაჲ, სიმშჳდე და მშჳდობაჲ, ძჳრუჴსენებლობაჲ, ჭეშმარიტებაჲ, ლმობიერებაჲ, ლოცვაჲ, მოთმინებაჲ. ამათ მცნებათა აღსრულებად არცა სიბერე აყენებს და არაცა - უძლურება. ჭეშმარიტად ტკბილ არს უღელი უფლისაჲ და ტჳრთი მისი - სუბუქ და მცირე. თუ ვინმე გულსმოდგინებაჲ აჩუენოს, არარაჲ არს დამაბრკოლებელ მისა სათნოყოფად უფლისა. აწ უკუე რომელსა ვერ ეძლოს მონაზონებაჲ და განშორებაჲ, მარხვაჲ ფრიადი, ზედგომაჲ ღამე ყოველ, მუჴლთა დრეკით გალობაჲ და სხუანი იგი საჭირონი მოღუაწებანი, ზემოწერილნი იგი მცნებანი აღასრულნიან და არა შორს იყოს სასუფეველისაგან. ვითარცა იტყჳს ნეტარი მოციქული პავლე, ვითარმედ: ”გლოცავ თქუენ, რაჲთა ღირსად ხჳდოდეთ ჩინებასა მას, რომელსაცა ჩინებულ ხართ ყოვლითა სიმდაბლითა, სიმშჳდითა, სულგრძელებითა. თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულით, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა სიმტკიცითა მშვიდობისაჲთა (ეფეს. 4.1-3). განიშორეთ ტყუვილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ12. გულისწყრომასა მზე ნუ დაგასწრობს განრისხებასა თქუენსა; ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა. მპარავი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდე და იქმოდენ ჴელითა თჳსითა კეთილსა, რაჲთა აქუნდეს, ვის-იგი უნდეს მიცემად. ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილი, - აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითა აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა” (ეფეს. 4.25-30).

კითხვაჲ: კეთილ არს აღსარებაჲ ცოდვათაჲ ს[...]13 [414r] წინაშე, ანუ იქმნების თვინიერ აღსარებისა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ?

მიგებაჲ: აღსარებაჲ ცოდვათაჲ პირველითგანვე განწესებულ არს, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელი მოვიდა რაჲ ნათლისცემად, განვიდეს მისა და ნათელ-იღებდეს და აღუარებდეს ცოდვათა მათთა. და ეგრეთვე წმიდათა მოციქულთა განაწესეს ბრძანებითა უფლისაჲთა. რამეთუ ყოველივე მოქმედი ცოდვისაჲ თანამდებ არს საუკუნესა მას სირცხჳლსა, რომელ-იგი უძჳრეს არს ყოველთავე სატანჯველთა. ამისთჳს, სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან განაწესა, რაჲთა აქავე მცირედი სირცხჳლი თავს-იდვას კაცმან ერთსა წინაშე მსგავსისა თჳსისა, განაქიქოს მის წინაშე ცოდვაჲ თჳსი და მცირედითა ამით დიდსა მას და საშინელსა სირცხჳლსა - წინაშე ანგელოზთა და კაცთა განქიქებასა - განერეს. ხოლო კაცთა არს უკუე აღსარებაჲ სარგებელ ფრიად. გარნა არა ჯერ-არს უმეცართა და გამოუცდელთა თანა აღსარებაჲ, რაჲთა არა უგუნურთა აღსუბუქებითა კანონისაჲთა შეურაცხებაჲ და სიმცირე ცოდვისაჲ ასწაონ, ანუ უზომოჲთა დამძიმებითა სასოებაჲ წარუკუეთონ. ხოლო ჰპოო თუ კაცი სულიერი, გამოცდილი და შემძლებელი კურნებად, აღუარე მას ყოველი ბრალი შენი ურცხუენელად და სარწმუნოებით. არა ვითარცა კაცსა, არამედ ვითარცა წინაშე ღმრთისა იტყოდე. რამეთუ წერილ არს: ”სულისა შენისაჲ ნუ გრცხუენის, რამეთუ არს სირცხჳლი მომატყუებელი ცოდვისაჲ და არს სირცხჳლი დიდებჲ და მადლი სულისაჲ, ნუ თუალ-აღებ სულსა ზედა შენსა და ნუ გრცხუენინ აღსარებაჲ ცოდვათა შენთაჲ”, რამეთუ წმიდაჲ იოვანე მახარებელი და ღმრთისმეტყუელი იტყჳს: ”უკუეთუ აღუვა[v]რნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს ღმერთი და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუვისა” (I იოანე. 1.9).

კითხვაჲ: ზიარებაჲ ქრისტეს საიდუმლოთაჲ ზედაჲს-ზედა ჯერ-არს, ანუ ჟამითი-ჟამად?

მიგებაჲ:
წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: ”გამოიცადენ კაცად-კაცადმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგანი ჭამე და სასუმლისა მისგანი სუნ, რამეთუ რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ ვერ გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს ფრიად არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და ჰრულის მრავალთა. უკუეთუმცა თავთა თჳსთაგან ვიკითხვიდეთ, არამცა განვიკითხენით. ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, ქრისტეს მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ” (I კორ. 11.28-32). ამათ სიტყუათაგან საცნაურ არს, ვითარმედ ჯერ-არს წინაჲთვე განწმედაჲ თავისა თჳსისაჲ ყოვლისაგან ბილწებისა სულისა და ჴორცთაჲსა და ესრეთ მიახლებად წმიდათა მათ საიდუმლოთა, რაჲთა არა დასასჯელ სულისა და ჴორცთა გუექმნას. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: ”ამისთჳს ფრიად მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და ჰრულის მრავალთა”? (I კორ. 11.30). ამას მოასწავებს, ვითარმედ უღირსად ზიარებაჲ არა ხოლო თუ სულისა დასასჯელ ექმნების, არამედ ჴორციელთა სენთა მოაწევს და უჟამოთა სიკუდილთა. აწ უკუე არა თუ ჟამი და დღე საძიებელ არს ზიარებისათჳს, არამედ - ღირსებაჲ და სიწმიდე. რომელი ღირსებით ეზიარებოდის, ოდესცა ეზიაროს, განათლდების სული მისი და ჴორციცა, ხოლო რომელი არა ღირს იყოს, განეყენენ, ვიდრემდის ცრემლ[415r]ითა და აღსარებითა და სინანულითა ღირსებაჲ მოიღოს და მერმეღა მიიღენ წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ. რამეთუ ესრეთ იტყჳს წმიდაჲ იოვანე ოქროპირი, ვითარმედ: ”მრავალნი წმიდასა მას მსხუერპლსა ერთგზის წელიწადსა შინა ეზიარებიან და სხუანი - ორგზის და სხუანი - მრავალგზის”. აწ უკუე ჩემი სიტყუაჲ წმიდათა მიმართ არს, არა აქა ხოლო მყოფთა, არამედ მთათა შინა და უდაბნოთა მსხდომარეთა, რომელნი-იგი ერთგზის წელიწადსა შინა ეზიარებიან და ოდესმე ორსა წელიწადს ეზიარებიან, აწ უკუე რომელნი საქებელ არიან, რომელნი წელიწადსა შინა ერთგზის ეზიარებიან, ანუ რომელნი - ორგზის, ანუ რომელნი - მრავალგზის? არცა იგინი საქებელ არიან და არცა იგინი, არამედ რომელნი ღირსებითა და გონებითა წმიდითა ეზიარებოდინ, რომელნი შემკობილ არიან სათნოებითა და საქმითა კეთილითა, ესევითარნი მარადის ეზიარებოდიან განსაწმედელად სულთა და ხორცთა, ხოლო რომელ უღირს იყუნენ და შებღალულ ცოდვათაგან, იგინი ნუცა ერთგზის იკადრებენ მიახლებად საშინელსა მას საიდუმლოსა, რაჲთა არა ექმნას დასასჯელად. რამეთუ ვითარცა საზრდელი რაჲ მიიღოს სტომაქმან ხაშმმან* და უძლურმან, უფროჲსად სავნებელ იქმნის არაძლებისა მისგან სტომაქისა; ეგრეთვე, სულსა ცოდვილსა და ვნებითა განფრდილსა შევიდის რაჲ ცეცხლი იგი წმიდათა საიდუმლოთაჲ, შეიწუების და დაისაჯების ცოდვილი სული. აწ უკუე რომელსა ენებოს წმიდათა საიდუმლოთა ზიარებად, პირველად განიწმიდენ თავი თჳსი აღსარებითა და სინანულითა და ცრემლითა მჴურვალითა ყოველთაგან ცოდვათა და სხჳთა ყოვლი[v]თავე სათნოებითა შეამკუენ14 თავი თჳსი და ეგრეთ მოუჴედინ დიდებულსა მას ტრაპეზსა; და მიერითგან კეთილად დაიცევინ თავი თჳსი ყოვლისაგან ცოდვისა, რაჲთა არა კუალად წაერიოს ბოროტთა საქმეთა.

----------------------------------------------------------------------------------

* - ხაშმი - სნეული, ვნებული.

კითხვაჲ: რავდენისა პირისაგან იქმნებიან კაცთა ზედა ბრძოლანი სიძვისანი და ძილსა შინა დინებანი?

მიგებაჲ:
ვითარცა თქუეს წმიდათა მამათა, ოთხთა პირთაგან იქმნების: სიმჴურვალისაგან ბუნებითისა, რომელი აღეტყინების ჭამისაგან და სუმისა, ძილისა და უქმობისაგან, ანუ ზუაობისაგან, ანუ განკითხვისაგან მოყუსისა, ანუ შურისაგან ეშმაკთაჲსა, ოდეს გჳხილნენ წარმართებასა შინა საღმრთოსა. ხოლო შეემთხუევის კაცსა უძლურებისაგანცა და დაჰჴსნის ძალსა უცნებაჲ* იგი დინებისაჲ ძილსა შინა; და კუალად ფრიადისაცა ჩუეულებისაგან ბოროტისა ჴორცთაჲსა მოიწევის, რამეთუ ორნი დინებანი არიან კაცისა თანა არსებითნი - ერთი იგი შემაგინებელი და ერთი იგი - განმწმედელი: დინებაჲ იგი თესლისაჲ და დინებაჲ ცრემლთაჲ. და ვითარცა ყოველი ცოდვაჲ, რომელი ცოდოს კაცმან, გარეშე ჴორცთაჲსა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, ჴორცთაგან თჳსთა მისცემს მტერსა რეცა შესაწირავად თესლსა მას. ეგრეთვე ყოველი საქმე კეთილი, რაჲცა ქმნას კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო ცრემლნი არსებისაგან გუამისა ჩუენისა შეიწირვიან ღმრთისა, ვითარცა-იგი სისხლი წმიდათა მოწამეთაჲ. ამისთჳს ჯერ-არს შემდგომად სინანულისა და ცრემლთა დათხევისა დაცვაჲ თავთა ჩუენთაჲ ცოდვათაგან, რაჲთა არა კუალად შევაგინნეთ სულნი და ჴორცნი ჩუენნი, რამეთუ ძნელ არს, უკუეთუ ვინმე დაეჩჳოს განრცხად სამოსლისა მის სული[416r]სასა15 რომელ არიან ჴორცნი, და კუალად შებღალვად, რამეთუ მრავალგზის განრცხაჲ და კუალად შებღალვაჲ განცუეთილ და ძუელ ჰყოფს მას და მერმე, ოდეს დაძუელდის და დაბერდის, განრცხადცა ვერღარა ეძლის. რამეთუ ვიხილენ კაცნი მოხუცებულნი და ას წლად მიახლებულნი და ვერ-შემძლებელნი განყენებად ჴორციელთა ცოდვათაგან ფრიადისა მისგან ჩუეულებისა, რამეთუ ესრეთ ყოველთავე ვნებათა არს უძჳრეს ბოროტი ჩუეულებაჲ.

--------------------------------------------------------------

* - უცნება - მოჩვენება, ფანტაზია.

კითხვაჲ: რაოდენნი სახენი არიან ღმრთისაგან მიშუებისა და დატევებისანი, რომლისაგან მივეცემით განსაცდელთა, - სულიერთა გინა ჴორციელთა, ანუ ცოდვასა შთავვარდით, ანუ სნეულებანი და უძლურებანი შეგუემთხჳვნიან, და ვითარ ვცანთ, თუ რომელი არს ღმრთისა მიერ, საწურთნელად ჩუენდა მოვლინებული, ანუ რომელი არს ეშმაკისაგან მოწევნული განსაცდელი?

მიგებაჲ:
მრავალსახე არიან და მრავალფერად იქმნების მიშუებაჲ და დატევებაჲ ღმრთისა მიერ. ხოლო უმეტესი ორ სახე არს მიშუებითა ღმრთისაჲთა მიზეზი: ანუ მოსაქცეველად ჩუენდა ცოდვათაგან და სასწავლებლად, ვითარცა იტყჳს: ”ნეტარ არს კაცი რომელი განსწავლო შენ უფალო” (ფს. 93.12), რამეთუ ვითარცა წურთინ მამაჲ შვილსა, ანუ გარემიქცევითა პირისა მისისაჲთა და რისხვითა, ვითარცა ჰრისხავნ მეფე მტერთა, ვითარცა-იგი იყო იუდაჲსი უკუანაჲსკნელ, რამეთუ ოდეს უკურნებელ იპოვა ბოროტი იგი გონებაჲ მისი, დაუტევა იგი ქრისტემან. იყო მიშუებაჲ ლაზარე გლახაკისაჲცა და კუალად - განრღუეულისაჲ მის, მისატევებლად ცოდვათა, ვითარცა ჰრქუა: ”აჰა, ესერა განიკურნე, ნუღარა სცოდავ” (იოანე 5.14), და მიეცა პავლეცა განსაცდელთა და ტანჯვათა, არამედ სიმრავლისათჳს სათნოებათა [v] მისთაჲსა, ვითარცა - ”გარდარეულითა მით გამოცხადებითა ამისთჳს, რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ” (II კორ. 12.7), - ჭირნი იგი და განსაცდელნი იყვნეს საწერტელ. განისწავლა, არამედ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად მართალ და წმიდა იპოოს, ვითარცა-იგი ჰრქუა მას ღმერთმან: ”ანუ ჰგონება თუ სხუად რადმე გამოიცადე, არამედ - რაჲთა გამოსჩნდე მართლად” (იობ. 40.3). და მიეცნეს16 წინაჲსწარმეტყუელნიცა ტყუეობად, წესად და სარგებლად ერისა მის. და სხუანიცა მრავალნი სახენი არიან მიშუებისა ღმრთისა ჩუენ მიერ უცნაურნი, ვითარცა მან მხოლომან უწყის მიუწდომელითა მით განკითხვითა თჳსითა. ხოლო ოდეს მოიწიოს კაცსა ზედა მიშუებითა ღმრთისაჲთა განსაცდელი, უჴმს გამოძიებაჲ თავს შორის თჳსსა მიზეზსა მას მიშუებისასა და განმართლებად. რამეთუ უკუეთუ არა ეცეს ჩუენ მიერ მიზეზი, არა მოიწიოს ჩუენ ზედა მიშუებაჲ შთავრდომისაჲ განსაცდელად, გინათუ სულიერად, გინათუ ჴორციელად, რამეთუ ანუ ამპარტავნებისაგან და ზუაობისა, ანუ განკითხვისაგან სხუათაჲსა, ანუ ძჳრის-ჴსენებისაგან, ანუ ბრალობისაგან მოყუსისა და არა თავთა თჳსთა, ანუ პირველქმნილთა ცოდვათა ჩუენთათჳს მოიწევიან ჩუენ ზედა განსაცდელნი მართლმსაჯულისა უფლისა მიშუებითა, ანუ ვნებათა სულიერთა შთავრდომაჲ ანუ ჴორციელთა, ვითარცა იტყჳს მოციქული: ”უკუეთუმცა თავთა ჩუენთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით, ხოლო განთუ-ვიკითხვით, ღმრთისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ” (I კორ. 11.31-32). რამეთუ მრავალგზის ცოდავნ რაჲ კაცი და არა ინანის, მოუვლინნის17 ღმერთმან განსაცდელნი და ჭირნი და გან[417r]საცდელისა მის მიერ მოვიდის მეცნიერებად, ვითარცა შეემთხჳა ნაბოქოდონოსორს და მანასეს, ვითარცა წერილ არს: ”ჭიმითა და აღჳრითა ქცევად ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნენ” (ფს. 31.9). ესე უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოწევნული კაცსა ზედა სწავლაჲ და განსაცდელი უმჯობესისათჳს არაოდეს წარუკუეთს სულისაგან კეთილსა მას სასოებასა. ვითარცა-იყო იობ, რომელი ყოველთა მათ მიუთხრობელთა ჭირთა შინა სასოებასა მას კეთილსა არა წარჰკუეთდა, ვითარცა აჩუენებენ თჳთოსახედ სიტყუათა მისთა გონიერად მადლობანი. ხოლო რომელი მიშუებითა ღმრთისაჲთა ეშმაკისა მიერ მოვიდის განსაცდელი, რისხვითა და მწუხარებითა და უსასოებითა აღავსებს სულსა კაცისასა.

კითხვაჲ: ვხედავთ ვიეთმე მორწმუნეთა, რომელნი იქმან ჴორციელთა ცოდვათა და საქმენი საწუთროჲსანი18 განემარჯუებიან და განსაცდელთაგან გამოიჴსნის ღმერთი, ვითარ არს საქმე ესე?

მიგებაჲ: სამართალნი და განკითხვანი ღმრთისანი მიუწდომელ არიან და გამოუთქუმელ, ამისთჳს არა ჯერ-არს განკითხვაჲ კაცისაჲ ვიდრე მუნ დღედმდე, რამეთუ უფალმან უწყის კაცად-კაცადისა დაფარული, რამეთუ მრავალნი ჩანან19 მოქმედად ბოროტთა რათმე, ხოლო ფარულად აქუნდის მრავალი კეთილი წინაშე ღმრთისა. სხუანი კუალად ლოცვითა მშობელთა მათთაჲთა განმარჯუებულ არიან და შეწყალებულ, ვითარცა სოლომონ დავითისათჳს, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან: ”ვინაჲთგან არა დაიმარხნეს მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი, რომელ გამცენ შენ, განიხეთქოს მეფობაჲ შენი ჴელთაგან შენთა და მივსცე მონასა შენსა, გარნა დღეთა შენთა არა ვყო ესე, დავითისათჳს, მამისა შენისა” (III მეფ. 11.11-12). კუალად იყვნიან აწ უკეთურ, ხოლო ეგულებიან უკუანაჲსკნელ ჭეშმარიტისა სინანულისა ჴელყოფად და ამისთჳს [v] უწყის ესე უფალმან და ჰფარავს მათ, ვითარ-იგი ქმნა ნეტარისა პავლეს ზედა. სხუათა კუალად განუმარჯუებს ღმერთი, რაჲთა მისცეს მათ მიზეზი სინანულისაჲ. ხოლო უგულისჴმო და გულფიცხელ თუ იპოვნენ, უძჳრესად იტანჯნენ, ვითარცა შეემთხჳა მდიდარსა მას, რომელ ლაზარეს სწუნობდა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარ: ”ვერ გიცნობიეს, რამეთუ სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყუანებს?!” (რომ. 2.4). ხოლო შენ სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა, იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისასა, და გამოჩინებასა სიმართლისა სჯულისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. და დავით იტყჳს: ”ნუ გშურნ მათი, რომელთანი წარმართებულ არიან გზანი მათნი კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა, რამეთუ აჰა, ესერა ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ. და ნუ გეშინინ რაჟამს განმდიდრდეს კაცი ცოდვილი და განმრავლდეს დიდებაჲ სახლისა მისისაჲ, რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმეს და ვითარცა მხალი მწუანვილისაჲ ადრე წარჴდეს” (ფს. 36.7-20-2). ამათ ყოველთა ზემოჴსენებულთა მრავალფერთა მიზეზთაგან რომელნიმე გამარჯუებულ და წარმართებულ არიან სოფელსა ამას და რომელნიმე ჭირვეულ - გამოუთქუმელითა განკითხვითა უფლისაჲთა, ვითარცა იტყჳს ნეტარი იოვანე ოქროპირი, ვითარმედ: ”რაჲსათჳს აბრაჰამ მდიდარ იყო და იაკობ ნაკლულევანი, არა იგიცა მართალი იყოა, ვითარ უკუე იგი მდიდარ იყო და ესე გლახაკ? და უფროჲსად ესე გულისჴმა-ყავ, ვითარ ესავ ბილწი იყო და სიმდიდრე ფრიად აქუნდა, ხოლო იაკობ შრომით [418r] და რუდუნებით ცხონდებოდა კეთილად; ვითარ ისაკ ფლობით გარდაიჴადნა დღენი თჳსნი და ფართოებით, ხოლო იაკობ ჭირვეულად და იწროებით, ვითრცა იტყოდა ვითრმედ: ”მცირე და ბოროტ არიან დღენი ცხოვრებისა ჩემისანი” (დაბ. 47.9); რაჲსათჳს დავით ყოველი ცხორებაჲ თჳსი შრომით და ძნელუვანად აღასრულა, მრავლითა ჭირითა და მწუხარებითა, ხოლო ძემან მისმან სოლომონ, ორმეოცი წელი უმეტეს ყოველთა კაცთა შუებითა და დიდებითა გარდაიჴადა? და ვითარ წინაჲსწარმეტყუელთა შორის რომელთამე უმეტესნი და რომელთამე უმცირესნი ჭირნი შეემთხჳნეს და ეგრეთვე სხუათა ყოველთა წმიდათა ძუელისა და ახლისა სჯულისათა; ვინ უწყის ამის ყოვლისა საიდუმლოჲ სხუამან გარეშე შენსა, ძეო და სიტყუა ღმრთისაო?! ამისთჳს ყოველსა ზედა ჯერ არს ღაღადებაჲ: ”სიმართლენი შენნი ვითარცა მ[თა]ნი, ღმერთო, და [განკი]თხვანი შენნი, ვითარცა უფსკრულნი მრავალნი” (ფს. 35.6).

კითხვაჲ: იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა ანგიაჲს მიერ: ”ჩემი არს ოქროჲ და ვერცხლი და ვისაცა მენებოს მივსცე იგი”, აწ უკუე ყოველსა კაცსა მდიდარსა ღმრთისა მიერ აქუს სიმდიდრე?

მიგებაჲ:
კუალად უკუე, ვითარ ისაკ ფლობით გარდაიჴადნა დღენი მისნი, ხოლო იაკობ ჭირით?! და ესე სიტყუაჲ თუ: ”ჩემი არს ოქროჲ და ვეცხლი” (ანგ. 2.8), არს წერილთა შინა, ხოლო თუ: ”ვისაცა მენებოს მივსცე იგი”, არა წერილ არს, არამედ უგუნურთა და ვეცხლისმოყუარეთა კაცთაგან შერთულ არს, რომელთა ჰნებავს მოტაცებაჲ სხუათაგან. რამეთუ უკუეთუ ბრძოლითა და სისხლთა დათხევითა და პარვითა, ცრუ ფიცითა, ტაცებითა და ქრთამისა აღებითა და ყოვლითა უსამართლოებითა სიმდიდრე მოუგია, ვერ ჴელ-ეწიფების თქუმად, თუ ღმრთისა მიერ გან[v]მდიდ[რდა და არა] ეშმაკისა მიერ და ცოდვისა თჳსისა, არამედ იგინი ხოლო რომელნი შეიკრებენ სიმართლისა გზათაგან, და უცუდველთა საქმეთაგან, შემძლებელ არიან თქუმად იობის თანა: ”უფალმან მომცა და უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უფალსა უნდა, ეგრეცა იქმნა” (იობ. 1.21), ხოლო ანგაჰართა და მტაცებელთა ნუმცა აცთუნებს გონებაჲ, თუ ღმრთისაგან არს სიმდიდრე მათი. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ იოვანე ოქროპირი, ვითარმედ: იტყჳან ვითნიმე20 თუ ვინაჲ არს სიმდიდრე მდიდართაჲ, რამეთუ წერილ არსო, სიმდიდრე და სიგლახაკე ღმრთისა მიერ არსო. ვჰკითხო უკუე ესევითარისა სიტყჳსა მეტყუელთა: ყოველი სიმდიდრე და სიგლახაკე ღმრთისა მიერ არსა? ნუ იყოფინ! ვინმცა თქუა გონიერმან ესე სიტყუაჲ? რამეთუ ვხედავთ მრავალთა ტაცებითა და პარვითა და სამარეთა მკრეხელობითა, გრძნებითა და სხჳთა ესევითარისა ბოროტისა მიზეზითა განმდიდრებულთა, რომელნი-იგი არა ღირს არიან ყოვლადვე ცოცხალ ყოფად. აწ ესევითარი იგი სიმდიდრე ღმრთისაგან მოცემულად ვთქუათ? ნუ იყოფინ! გარნა ცოდვისა და ურჩულოებისაგან, რამეთუ მეძავნიცა ბოროტითა მით საქმითა მრავალგზის განმდიდრდიან, ვითარ-უკუე ვინ იკადროს თქუმად, თუ ღმრთისაგან არს სიმდიდრე იგი? რამეთუ ამას სოფელსა კაცი თჳთმფლობელ არს, და ვითარცა ენებოს, მოქალაქობს. რომელთა შეიწყნარებს ცოდვაჲ, ცოდვისა მისგან გინა თუ განმდიდრდენ, გინა თუ დაგლახაკდენ, არა21 არს ღმრთისაგან საქმე მათი, ვითარცა წერილ არს: ”რამეთუ შენ, ღმერთი, არა ეგრე ხარ, ვითარცა გინდა უსჯულოებაჲ” (ფს. 5.4). ხოლო ღმრთისა მიერ მოცემული სიმდიდრე არს, ვითარ იყო: აბრაამისი, ისაკისი და [იაკობ]ისი და იობისი და [419r] სხუათა ესევითართაჲ რომელნი ღმრთისმოშიშებით და სიმართლით მოიგებენ და სათნოდ ღმრთისა წარეგებენ.

კითხვაჲ: რაჲ არს მონაჲ იგი სიცრუისაჲ?

მიგებაჲ:
უსჯულონი იგი წარმართნი ძეთა და ასულთა თჳსთა დაუკლვიდეს შესაწირავად ეშმაკთა, აწ უკუე ჩუენცა რაჲ მიზეზი გუაქუნდა საფასეთა და მონაგებთა შეწირვისათჳს, რამეთუ უკუეთუ თავნიცა ჩუენნი შევწირნეთ ღმრთისა, არცა მაშინ ღირსად აურაცხელთა მათ კეთილთა წილ ვიქმთ რას, რომელნი სახიერსა მას მოუნიჭებიან ჩუენდა.

კითხვაჲ: რომელსა ესუას ცოლი და შვილნი და საქმეთა სოფლისათა ზრუნვიდეს, ვითარ შეუძლოს მან სათნოყოფად ღმრთისა დამარხვად მცნებათა მისთა?

მიგებაჲ:
უკუეთუმცა არა მრავალნი სათნოყოფილ იყვნეს ღმრთისა სოფელსა შინა სიმდიდრესა და ქორწინებასა მყოფნი, აქუნდამცა სიტყუაჲ ესევითარისა მის მიზეზისა მეტყუელთა, ხოლო აწ ესერა ვხედავთ22 წმიდათა შინა წერილთა მოყუარეთა ღმრთისათა, რომელნი იყვნეს სოფელსა შინა მეუღლეთა და შვილთა თანა და სიმდიდრესა შინა სათნო-ეყვნეს ღმერთსა; ვითარ-იგი იყო აბრჰამ, ისაკ და იაკობ, დავით და მსგავსნი მათნი, რომელნი ვერ დააბრკოლნა სიმდიდრემან მონაგებთამან და შვილთა სათნოყოფად ღმრთისა, რამეთუ არა თუ სიმდიდრე არს ბოროტ, არამედ ბოროტად ჴმარებაჲ არს წარმწყმედელ. რომელმან კეთილად იჴმაროს და მცნებანი ქრისტესნი დაიმარხნეს, მიემთხჳოს ცხორებასა საუკუნესა.

კითხვაჲ: სადა ჯერ არს და უმჯობეს მიცემაჲ საფასეთაჲ, ეკლესიათა ანუ გლახაკთა?

მიგებაჲ:
ვითარცა სახარებასა შინა წერილ არს კურთხევასა მას, მარჯუენით მდგომარეთა ოდეს ჰრქუა: ”მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო” (მათე 25.34), ა[რა]რას სხუას აჴსენებს, გარნა გლა[v]ხაკთა, უცხოთა და შიშველთა, უძლურთა და პყრობილთა მათ ზედა ქმნილი ქველისსაქმე, თჳსად შეჰრაცხა უფალმან. გარნა არიან ეკლესიანიცა ნაკლულევანნი, რომელთა არა აქუს სათანადოჲ საჴმარი ეკლესიისაჲ და კეთილ არს მათიცა მოღუაწებაჲ. ხოლო მდიდართა ეკლესიათა რომელი შესწირვიდეს საფასეთა, არა უწყის რაჲ ყოფად არს მუნ შეკრებული იგი, რამეთუ მრავალთა ეკლესიათა შეიკრიბეს ფრიადი საფასე და დიდძალი ჭურჭელი და ვერ კეთილად განგებითა ანუ განირყუნა სიძუელითა, ანუ მპარავთაგან და წარმართთა განიკრეხა. საცნაურ არს, ვითარმედ გლახაკთა მოწყალებაჲ უაღრეს არს, რამეთუ ყოველი რომელი გლახაკთა მიეცეს ჴელითა შენითა, ღმრთისა თანა დამარხულ არნ. ამისთჳს იტყჳს წმიდაჲ იოვანე ოქროპირი, ვითარმედ: ”ეკლესიათა არაშემკობისათჳს არავინ-სადა ბრალეულ იქმნა ღმრთისაგან, ხოლო გლახაკთა არაწყალობისათჳს გეჰენიაჲ განმზადებულ არს, ცეცხლი უშრეტი და დასჯაჲ ეშმაკთა თანა”.

კითხვაჲ: ძრვანი* და ტყუეობანი და რაოდენი ძჳრი შეემთხუევის კაცთა წარმართთა მიერ, ბრძანებითა ღმრთისაჲთა იქმნებისა?

მიგებაჲ:
კაცთმოყუარე და მართლმსაჯული ღმერთი რაჟამს გუხედვიდეს ცოდვათა და უსჯულოებათა შინა, მოაწევს განსაცდელთა, რაჲთა ვიწურთნეთ და მოვიქცეთ მისა. ამისთჳს, სხუათა თანა განსაცდელთა მოიწევის წარმართთამიერცა წურთაჲ ჩუენი, არა წარწყმედად, არამედ რაჲთა განვისწავლნეთ. ვითარცა ეტყოდა ისრაჱლსა იერემიაჲს მიერ: ”ერო ჩემო, მიეყიდენით წარმართთა არა წარსაწყმედელად, არამედ რამეთუ განარის[420r]ხეთ უფალი ღმერთი თქვენი და მიეცენით მტერთა”. ხოლო მტერთა მიეცეს რაჲ ჴელმწიფებაჲ, არა კმა-ყვიან ზემოითი წურთაჲ, არამედ მორჩილებითა თჳსისა უკეთურებისაჲთა ქმნან ტყუეთა მათ ზედა მრავალი ბოროტი, რაჲ-იგი არა სთნავს ღმერთსა, რომლისათჳს თანამდებ არიან იგინი საუკუნეთა მათ სატანჯველთა, ხოლო ჩუენ ესევითარი ოდეს რაჲმე შეგუემთხჳოს, უწყითმცა, რამეთუ ცოდვათა ჩუენთათჳს მივეცემით ჴელთა მტერთა ჩუენთასა სამართლითა მით სასჯელითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ურჩულოებანი ჩუენნი მოაწევენ ჩუენ ზედა განსაცდელთა. ვითარცა იტყჳს ესაია ისრაჱლთათჳს: ”ვინ მისცა იავარისყოფად და წარწყმედად იაკობი ჴელთა მტერთა მისთასა, არათუ ღმერთმან, რომელსაცა შესცოდა, და არა ინება სლვად გზათა მისთა, არცა ისმინა სჯული მისი; ამისთჳს გარემიაქცია პირი მისი და მისცა ჴელთა მტერთა მისთასა” (ეს. 42.24). ეგრეთვე ეზეკიელის მიერ იტყჳს ისრაჱლთათჳს: ”ცანთ ყოველთა წარმართთა, რამეთუ ცოდვათა მათთჳს ტყუეიქმნა სახლი ისრაჱლისაჲ, რამეთუ შეურაცხმყვეს მე და ქმნეს წინაშე ჩემსა ბოროტი; რაჲ-იგი არა მენება, გამოირჩიეს და გარემივაქციე პირი ჩემი მათგან და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა და დაეცნეს მახჳლითა. არაწმიდებათა23 და უსჯულოებათა მათთაებრ შეემთხჳა” (ეზეკ. 39.23-24). საცნაურ არს, რამეთუ რავდენი ძჳრი შეემთხჳოს მტერთაგან, მართლმსაჯულებითა ღმრთისაჲთა შეემთხუევის ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ თჳთმფლობელ-გუყვნა ღმერთმან და ჴელმწიფებაჲ გუაქუს ცხორებისა ჩუენისაჲ და წარწყმედისაჲ. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”ღმერთმან დაჰბადა კაცი და დაუტევა იგი ჴელთა შინა ზრახვისა მისისათა”. და წინაშე კაცისა არს ცხორებაჲ და სიკუდილი და რომელიცა სათნო-იყოს, იგიცა მოეცემის მას.

------------------------------------------------------------

* ძრვა - ღელვა, შფოთი.

კითხვაჲ: რაჲ არს ბედი, ანუ ჯერ-არსა ქრისტეანეთაგან აღსა[v]რებაჲ ბედისაჲ?

მიგებაჲ: ბედი წარმართთა მიერ თქმულ არს, რომელთა-იგი არა ჰრწამს ცხოველი ღმერთი, არამედ ჰმსახურებენ კერპთა და ვარსკულავთა თაყუანის-სცემენ. ხოლო ქრისტიანენი ღმერთსა აღვიარებთ დამბადებელსა და განმანათლებელსა სოფლისასა. ხოლო რომელი ირწმუნებდეს ბედსა, დაკლებული არს იგი წესისაგან და სარწმუნოებისა ქრისტიანეთაჲსა მსგავსად წარმართთაჲსა, რომელნი-იგი რაჲცა შეემთხჳოს კაცთა, ბედსა და ვარსკულავთა მიაჩემებენ უგუნურებით. გულსავსე უკუე იყავნ ყოველი კაცი, ვითარმედ არს ბედი, არამედ განგებითა ღმრთისაჲთა, მიუთხრობელითა მით და მიუწდომელითა განკითხვითა მისითა განუწესებიეს ყოველივე. ხოლო ესე საქმენი: ზმნაჲ ბედისაჲ და დღესა შობისასა ვარსკულავთმრიცხუველობაჲ და ყოველნი მისნობანი და ზმნანი, ძუელსა და ახალსა სჯულსა შინა უსჯულოებად24 შერაცხილ არიან. და ყოველთა წმიდათა მიერ განგდებულ არს და ძაგებულ საქმე ესე და არარაჲ ესევითარი ჯერ-არს შეწყნარებად. არამედ ღმრთისა მიმართ მიგდებად თანა-გუაც და ვედრებაჲ მისი, რაჲთა შეწევნაჲ მისი მოავლინოს ჩუენ ზედა და უმჯობესი ჩუენი განაგოს სახიერებითა თჳსითა.

კითხვაჲ: რომელნი ცოდვანი შეენდობვიან მიცვალებულთა ჟამისწირვითა და ლოცვითა და მოწყალებითა, რომელნი აღესრულებიან მათთჳს მეგობართა და თჳსთა მათთაგან?

მიგებაჲ: საქმე ესე შესუენებულთა ჴსენებისაჲ და უსისხლოჲსა მსხუერპლისაჲ მათთჳს შეწირვაჲ და ქველის-საქმისა მათთჳს ქმნაჲ და ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ და ვედრებაჲ პირველითგანვე განწესებულ არს წმიდათა მოცი[421r]ქულთა მიერ მადლითა სულისა წმიდისაჲთა და სარწმუნო არს და ჭეშმარიტ და სარგებელი დიდი მიცვალებულთა მათ სულთაჲ. უკუეთუ არა ვითარმედ რაჲმე ტჳრთ-მძიმე იყოს ვინ, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ დიონისიოს, და ბოროტთა და ძნელუვანთა ცოდვათა შინა განფრდილ იყოს ცხორებაჲ მისი და არარაჲ მიზეზი წყალობისაჲ მიეცეს ღმრთისადა. ხოლო რომელნი ღირს არიან წყალობისა, დაღაცათუ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და უძლურებისაგან ბუნებისა მისისა შთავრდომილ არს ცთომათა და უმეცრებათა შინა, აღადგენს ღმერთი შემდგომად სიკუდილისა მისისა თჳსთა და მეგობართა მისთა ლოცვითა; და წმიდისა ჟამისწირვისა მადლითა და მოწყალებითა გლახაკთაჲთა ითხოვენ მისთჳს წყალობასა. ხოლო სახიერი იგი და ჯერმჩინებელი წყალობისაჲ ღმერთი, რომელი-იგი მზა არს შეწყალებად დაბადებულთა თჳსთა, შეიწირნის ვედრებანი იგი მვედრებელთა მისთანი და ყვის წყალობაჲ მიცვალებულთა ზედა; ანუ სრულიად განათავისუფლნის პყრობილობისაგან ჯოჯოხეთისა, ანუ ლხინებაჲ ყვის სატანჯველთა მათგან და ნუგეშინისცემაჲ დიდი მიანიჭის. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ დიონისიოს, ვითარმედ: ლოცვანი და ვედრებანი წმიდათანი დიდად სარგებელ ექმნებიან არა ცოცხალთა, არამედ - შესვენებულთაცა რომელნი ღირს იყვნენ წყალობასა ღმრთისასა, რამეთუ საღმრთოჲ იგი მღდელთმოძღუარი ქადაგი არს სიმართლისა და მოწყალებისა ღმრთისაჲ და მეცნიერ არს, რამეთუ სარწმუნოებით და ღმრთისმსახურებით აღსრულებულთა მიენიჭების მისაგებელი კეთილი შემსგავსებულად მოქალაქობისა მათისა და შეენდობიან ლოცვითა მათითა და ვედრებითა ბრალნი იგი რომელნი უძლურებისაგან კაცობრივისა მის ბუნებისა შეხუდეს. რამეთუ ვითარცა წერილ არს: ”არავინ [v] არს წმიდა ყოვლისავე ბიწისაგან, დაღაცათუ ერთ დღე იყოს სოფელსა შინა”, ამისთჳს შესწირავს წმიდაჲ იგი მღდელთმოძღუარი, დიდებულსა მას მსხუერპლსა და ითხოვს ლხინებასა და წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა ღმრთისმსახურებით აღსრულებულთათჳს, რამეთუ უწყნის აღთქუმანი სახიერისა მის მეუფისანი ესევითართა მათთჳს. ხოლო უსჯულოთათჳს და ბილწთა არა იკადრებს თხოვად, რაჲ-იგი მეუფესა არა სთნდეს. ხოლო რომელთათჳს მეცნიერ არს, ვითარმედ ჯერ-უჩნს სახიერსა მას წყალობაჲ მათი, მათთჳს შესწირავს ვედრებასა და მიემთხუევის თხოვასა მისისა აღსრულებასა25, ესე ესრე გურწამს და ვქადაგეთ. თჳნიერ ჯერ-არს და სამართალ, რაჲთა კაცად-კაცადმან, ვიდრეღა ვართ სოფელსა ამას შინა და არა ქმნილ არს განყოფაჲ სულისაჲ ჴორცთაგან, განვიწმინდეთ თავნი ჩუენნი ცოდვათაგან აღსარებითა და ცრემლითა და სინანულითა, ვიდრეღა ჴელ-გუეწიფების სინანული. რამეთუ ესე უეჭუელ არს და ცხად, - თავთა თჳსთა სინანული ვიდრეღა ცოცხალ ვიყვნეთ, ხოლო-თუ ამიერ თუ ტჳრთმძიმენი განვიდეთ და აქა მყოფთა ვპოოთ ლხინებაჲ და წყალობაჲ, დაღაცათუ ჭეშმარიტ არს წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ განწესებული, გარნა არა ჯერ-არს ამის საქმისა მინდობითა უდებებით და უნანელად გარდაჴდაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და უხილავისა საქმისა სასოებითა, ცხადისა მის და დასტურისა უდებ-ყოფაჲ, რამეთუ ვინ უწყის თუ შემდგომად სიკუდილისა ჩუენისა იპოის ვინ მოწილედ და ლმობიერად მოშურნე სულისა ჩუენისაჲ, ანუ კადნიერად მეოხი უფლისა მიმართ? და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ესე სარწმუნო არს და ჭეშმარიტ, რომელ ლოცვაჲ და ჟამისწირვაჲ და ქველისა[422r]ქმე, სულთა მათ შესუენებულთა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურთა დიდად სარგებელ ექმნების, ხოლო ურწმუნოთა და მწვალებელთა არას ერგების, დაღაცათუ ყოვლისა სოფლისა საფასენი ვინ მისცნეს მათთჳს; რამეთუ რომელნი-იგი ცხორებასა მათსა მტერ იყვნეს ღმრთისა და სძაგდეს იგინი უფალსა, იგინი, შემდგომად სიკუდილისაცა საძაგელ არიან უფლისა. არამედ რომელთა ღმრთისმსახურებით და მართლმადიდებლობით აღასრულნეს დღენი თჳსნი და აქუნდა მათცა მოწყალებაჲ და სახიერებაჲ, მათ მიეცემის წყალობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვითა და ჟამისწირვითა26 და ქველის-საქმითა; გარნა უმჯობეს არს და უეჭუელ, რაჲთა კაცად-კაცადმან თჳთ იღუაწოს სული თჳსი, ვიდრეღა არს სოფელსა ამას შინა და ვიდრეღა სავაჭროჲ დგას და სასყიდელი სინანულისაჲ და კეთილთა საქმეთაჲ უეჭუელად მოეცემის ვიდრე ორთა მწულილთამდე, ვითარცა ქურივსა მის, და ვიდრე სასუმელისა ერთისა გრილისა წყლისამდე, რომლისა სასყიდელი არა წარწყმდეს, ბრძანებისაებრ უფლისა. ნეტარ არს უკუე კაცი იგი, რომელმან ამასვე ცხორებასა განაბნიოს ყოველი ტჳრთი ცოდვათა თჳსთაჲ და განიწმიდოს თავი თჳსი ყოვლისაგან ბილწებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მოიგოს საგზალი კეთილი საუკუნოჲსა გზისათჳს, განმზადოს და არა შეძრწუნდეს. ნეტარ არს, რომელმან გან-თუ-იძარცოს სამოსელი ესე ჴორცთა27 ამათ მოკუდავთაჲ, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ მოციქული, არავე შიშუელ იპოოს, არამედ შეიმოსოს სამკაული იგი ცხორებისაჲ, რამეთუ ესერა28 აწ არს დღე შეწყნარებისაჲ და რამეთუ ესერა აწ არს ჟამი ცხორებისაჲ. წარუდგ[v]ინნეთ თავნი თჳსნი ვითარცა ღმრთისმსახურთა - მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და იწროებათა, შრომათა, მღჳძარებათა, მარხვითა და სიწმიდითა, მეცნიერებითა, სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა და სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა და ძალითა ღმრთისაჲთა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნეირებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, რამეთუ სახიერ არს და მრავალმოწყალე და კურთხეულ არს სახელი მისი უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

-----------------------------------------------------------------------------------

* ხელნაწერ A 128 (XII-XIII სს.) მიხდვით.

შენიშვნები

 

1 - ნუსხაშია: ანასტასისათჳს.

2 - ნუსხაშია: ანტიოქელ.

3 - ნუსხაშია: მთავარეპისკოპოსისა.

4
- ნუსხაშია: რა არა არს.

5 - ნუსხაშია: თაყუანისცემენ.

6 - ნუსხაშია: თაყვანისსცემენ.

7
- ნუსხაშია: გალობითა.

8 - ნუსხაშია: წმიდისაჲ.

9 - ნუსხაშია: ქმნნა.

10 - ნუსხაშია: ცხოვნდეს.

11 - ნუსხაშია: მოყუსისაჲ.

12 - ნუსხაშია: ასოება.

13 - ხელნაწერში ორი სიტყვა არ იკითხება.

14
- ნუსხაშია: შეამკვენ.

15
- ნუსხაშია: სულიისასა.

16 - ნუსხაშია: მიეცნეეს.

17 - ნუსხაშია: მიუვლინნის.

18
- ნუსხაშია: საწუთროსანი.

19 - ნუსხაშია: ჩნანან.

20
- ნუსხაშია: ვიმე.

21 - ნუსხაშია: არაჲ.

22 - ნუსხაშია: ვხედვთ.

23 - ნუსხაშია: არაწმიდებთა.

24 - უსჯულოებდ.

25
- ნუსხაშია: აღსრულებისასა.

26
- ნუსხაშია: ჟამსწირვითა.

27 - ნუსხაშია: ჴორცთაჲ.

28 - ნუსხაშია: რამეთუ ე ესერა.



ხელნაწერი გამოსაცემად მოამზადა,

წინასიტყვაობა და სქოლიოები დაურთო დავით ჩანადირმა

თბილისი, 2009 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 02 February 2013 21:48)