Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ამონარიდი წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ტექსტიდან

[51]შეკითხვა: "ნუთუ მხოლოდ შენ ცხონდები, სხვები კი წარწყმდებიან?" (Σύ μόνος σώζη καὶ πάντες ἀπόλλυνται).

წმ. მაქსიმეს პასუხი: "არავინ დაუგმია (κατέκριναν) იმ სამ ყრმას, რომლებმაც არ სცეს თაყვანი ხატს, რასაც თაყვანს სცემდა ყველა ადამიანი, რადგან ეს ყრმები სხვებისას კი არ უკვირდებოდნენ, არამედ იმას უკვირდებოდნენ, რომ თვით ისინი არ დასცილებოდნენ ჭეშმარიტ კეთილმსახურებას. ასევე დანიელმაც, ჩაგდებულმა ლომების ხაროში, არათუ ვინმე დაგმო იმათგან, რომლებსაც, დარიოსის ბრძანების შესაბამისად, არ ულოციათ ღვთისადმი, არამედ თავისას უკვირდებოდა იგი და ირჩია მან სიკვდილი, ვიდრე ღვთისგან განდგომა, რომ ბუნებითად რჯულიერთა დარღვევის გამო არ გაემათრახებინა იგი საკუთარ სინდისს. ასევე, მეც ნუ მომასწრებს ღმერთი იმას, რომ ვინმე დავგმო1, ანდა ის ვთქვა, რომ მხოლოდ მე ვცხონდები, თუმცა კი სიკვდილს ვირჩევ, ვიდრე იმას, რომ შიში მქონდეს სინდისისა, როგორც ღვთისადმი რწმენისგან რაიმეთი გადაცდომილს" (PG. 90, col. 120-120).

 

წმ. ანასტასი სინელი

კითხვა-მიგებანი

შეკითხვა 79-ე: თუ ვინმე ურწმუნო, ან იუდეველი ანდა სამარიტელი ბევრ სიკეთეს გააკეთებს, შევა იგი ცათა სასუფეველში?

პასუხი: რადგან უფალმა უთხრა ნიკოდემოსს, რომ "ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3.5), ცხადია, რომ ისინი არ შედიან სასუფეველში, თუმცა... მომავალ საუკუნეში ბევრად გამიჯნულნი იქნებიან ისინი იმათგან, რომელთაც სიკეთე არ აღუსრულებიათ, რადგან ისევე როგორც მართლებთან დაკავშირებით ბევრი სავანეა ღმერთთან, ასევე ცოდვილებთან დაკავშირებითაც სატანჯველთა სხვადასხვაობაა (PG. 80, 708 c).


ნეტარი იერონიმე

"ხოლო, უფრო უკეთ, იმას ვფიქრობთ ჩვილთა შესახებ, რომ ქრისტესთვის დაღვრილი სისხლის გამო (effusi sanguinis pro Christo) საზღაური აქვთ მათ და მოძულე ჰეროდეს მიწის ნაცვლად უპყრიათ ცათა სასუფეველი (teneant regna caelorum)... ეს არის უახლესი სასოება (spes novissima), ეომ რაჟამს მართალნი გაბრწყინდებიან როგორც მზე, მაშინ ჩვილი და ძუძუთა (lactentes) ბავშვებიც წელთა შემატებისა და ზღვევის ან სხეულებრივი დამაშვრალობის გარეშე აღდგებიან სრულ მამაკაცად (rusurgent in virum perfectum), ქრისტეს სავსების საზომში (ეფეს. 4.13)" (იერემიას განმარტება, წიგნი VI, თ. 31.16-17: PL. 24, 878 A).

--------------------------------------------------------------------------------

1 - სიტყვ. "მეც ნუ მომცემს ღმერთი იმას, რომ ვინმე დავგმო.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:29)