Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იერუსალიმში, მოუმზადებლად, სარწმუნოების შესახებ, და საკითხავი ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან: “ხოლო სარწმუნოება არის სასოებულთა საფუძველი, უხილავ საქმეთა მამხილებელი, რადგან ამით მიიღეს მოწმობა უხუცესებმა” (ებრ. 11.1-2) და შემდგომი.

1. თუ რაოდენ დიდი ღირსება გიბოძათ თქვენ უფალმა, გადაინაცვლეთ რა კათაკმეველთა მწყობრიდან სარწმუნოთა რიგებში, [ამას] მოციქული პავლე წარმოადგენს, ამბობს რა: “სარწმუნოა ღმერთი, რომლის მეირაც ხართ მოწოდებულნი მისი ძის, იესო ქრისტეს თანაზიარებაში” (I კორ. 1.9). ვინაიდან თუ ღმერთი არის სარწმუნო და შენც ამ სახელწოდებას ღებულობ, დიდია მიღებულის ღირსება, რადგან როგორც ეწოდება ღმერთს სახიერი, სამართლიანი, ყოვლიმპყრობელი და ყოველთა შემოქმედი, ასევე - სარწმუნოც. მაშ, განსაჯე, რაოდენ ღირსებაში მაღლდები, მოგელის რა გახდე თანაზიარი ღვთის სახელისა.

2. მაშ, ეს იძიებოდეს ამიერიდან, რომ თითოეული თქვენგანი აღმოჩნდეს სარწმუნო სინდისით, რადგან “სარწმუნო კაცი ძნელი საპოვნელია” (იგავ. 20.6), არა იმისთვის, რომ მე მიჩვენო შენი სინდისი (რადგან არა ადამიანური დღისგან გეგულვება განსჯა, I კორ. 4.3), არამედ იმისთვის, რომ ღმერთს უჩვენო სარწმუნოების უზაკველობა, რომელნიც განიკითხავს თირკმლებსა და გულსა და იცის ადამიანთა გულისთქმანი. დიდი რამ საქმეა სარწმუნო კაცი, ყოველგვარ მდიდარზე უმდიდრესად მყოფი, რადგან სარწმუნოსია სიმდიდრის მთელი სამყარო (იგავ. 17.6), რომელსაც მოიძაგებს და გათელავს. ისინი, რომელნიც ჩენილთაგან მდიდრდებიან და ბევრი შეუძენიათ, ღარიბნი არიან სულით, რადგან რამდენადაც მეტს აგროვებენ, იმდენად უფრო იდაგებიან დანარჩენთა სურვილით. ხოლო სარწმუნო კაცი, რაც ყველაზე მეტად საკვირველია, სიღარიბეში არის მდიდარი, რადგან იცის, რომ აუცილებელია ჰქონდეს მხოლოდ სამოსი და საკვები და ამით დაკმაყოფილებული (I ტიმ. 6.8), ფეხქვეშ თელავს სიმდიდრეს.

3. და არა მხოლოდ ჩვენში, რომელთაც გვაქვს სახელი ქრისტესი, არის დიდი სარწმუნოების ღირსება, არამედ ყველაფერი, რაც სამყაროში აღესრულება, ეკლესიისგან უცხოთა შორისაც, სარწმუნოებით აღესრულება. სარწმუნოებით აერთებს ქორწინების რჯული უცხოებს ერთმანეთთან და უცხო ადამიანი უცხო სხეულისა და ქონების თანაზიარი ხდება სარწმუნოებისმიერი ქორწინებითი კავშირით. სარწმუნოებით შემყარდება მიწათმოქმედებაც, რადგან ვისაც არ სწამს, რომ მიიღებს ნაყოფს, არ დაითმენს ჯაფას. სარწმუნოებით ზღვაოსანი ადამიანები, უმცირეს ძელს მინდობილნი უმყარეს სტიქიას, მიწას, ტალღათა დაუდგრომელ კვეთებაში ცვლიან, საკუთარ თავს ბუნდოვან იმედს ანდობენ და სარწმუნოება ყოველგვარ ღუზაზე უმტკიცესად შეურაცხავთ. მაშ, სარწმუნოებით შემტკიცდება ადამიანთა საქმეების უმრავლესობა და არა მხოლოდ ჩვენ გვწამს ეს, არამედ გარეშეებსაც, როგორც ითქვა. და თუმცა არ ღებულობენ წერილს, მაგრამ რაღაც საკუთარ სწავლებებს წარმოადგენენ, რომელსაც ასევე სარწმუნოებით ღებულობენ.

4. ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მოგიწოდებთ თქვენ დღევანდელი საკითხავიც, რომელიც წარმოგიდგენთ თქვენ გზას, თუ თქვენც როგორ უნდა სათნო-ეყოთ ღმერთს, ვინაიდან ამბობს: "სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია სათნოყოფა" (ებრ. 11.6). რადგან როგორ გადაწყვეტს ადამიანი დაემონოს ღმერთს, როცა არ სწამს, რომ იქნება ნაცვალგება? როგორ დაიცავს ქალწულებას გოგონა და უბიწოებას ჭაბუკი, როცა არ სწამს, რომ სიწმინდისთვის არის დაუჭკნობელი გვირგვინი? სარწმუნოება არის ყოველგვარი სინდისის განმანათლებელი თვალი და გულისხმისყოფის შემოქმედი, რადგან ამბობს წინასწარმეტყველი: "თუკი არ ირწმუნებთ, ვერც გულისხმაყოფთ" (ეს. 7.9). სარწმუნოებამ დაუხშო ლომებს პირი, თანახმად დანიელისა, რადგან მის შესახებ ამბობს წერილი: "აღმოყვანილ-იქნა დანიელი ხაროდან და ვერავითარი ვნება ვერ უპოვეს მას, რადგან ირწმუნა თავისი ღმერთი" (დან. 6.23). არის რამე ეშმაკზე საშინელი? მაგრამ მის წინააღმდეგაც არა გვაქვს სხვა იარაღი, თუ არა სარწმუნოება - უსხეულო ფარი უხილავ მტერთა წინააღმდეგ, რადგან გზავნის მრავალფერ ისრებს და სიბნელით განგმირავს იმათ, რომელნიც არ ფხიზლობენ. მაგრამ რადგან უჩინარია მტერი, სარწმუნოება გვაქვს მტკიცე ზღუდედ, თანახმად მოციქულისა, რომელიც ამბობს: "ყველაფერში აიღეთ სარწმუნოების ფარი, რითაც შეძლებთ ბოროტის გახურებულ ისართა დაშრეტას" (ეფეს. 6.16). ეშმაკისგან იგზავნება ხშირად სამარცხვინო ტკბობის გულისთქმის გახურებული ისარი, მაგრამ სარწმუნოება აღწერს რა სამსჯავროს, აგრილებს გონებას და დაშრეტს ისარს.

5. მრავალია სარწმუნოების შესახებ სიტყვა და არ გვეყოფა ჩვენ მოსათხრობად მთელი დღის ჟამი. ახლა ჯერჯერობით საკმარისი იყოს ჩვენთვის ძველი აღთქმის მაგალითებიდან მხოლოდ აბრაამი, რადგან მისი ძეები გავხდით სარწმუნოების მიერ. იგი გამართლდა არა მხოლოდ საქმეებით, არამედ სარწმუნოებით, რადგან ბევრი კი იღვაწა, მაგრამ არასოდეს წოდებულა მეგობრად ღვთისა, არამედ როცა ირწმუნა. მისი ყოველი საქმე სარწმუნოების შესაბამისად აღესრულებოდა. სარწმუნოების გამო დატოვა მშობლები, სარწმუნოების გამო დატოვა მამული, ქვეყანა და სახლი. მაშ, როგორც იგი გამართლდა, შენც გამართლდი! შემდეგ, მკვდარი იყო სხეულით შვილთასხმისათვის, რადგან მოხუცებული იყო, მოხუცებული ჰყავდა მეუღლე სარაც და არანაირი სასოება არ დარჩენილიყო შვილიერებისა. ღმერთმა მოხუცებულს აღუთქვა რა შვილის შობა, არ მოუძლურდა სარწმუნოებით აბრაამი და ხედავდა რა უკვე მკვდარს საკუთარ სხეულს, უმზერდა არა სხეულის უძლურებას, არამედ იმის ძალას, ვინც აღუთქვა, "რადგან სარწმუნოდ შეერაცხა აღმთქმელი" (ებრ. 11.11), და თითქოსდა მკვდარი სხეულებიდან1 საკვირველად შვა ვაჟი. შობის შემდგომაც მიიღო ბრძანება ძის შეწირვისა (მიუხედავად იმისა, რომ მოსმენილი ჰქონდა: "ისააკში გეწოდება შენ ნათესავი", დაბ. 21.12), და მსხვერპლად შესწირა ღმერთს მხოლოდშობილი ძე, რადგან სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგინებაც ძალუძს. შეკრა რა ძე და შეშებზე დასვა, განზრახვით შესწირა, ხოლო ღვთის სახიერებით, რომელმაც ყრმის ნაცვლად კრავი მისცა მას, ცოცხალი დაიბრუნა ძე. იყო რა სარწმუნო ამათში, აღიბეჭდა სიმართლით და მიიღო წინადაცვეთა - ბეჭედი წინადაუცვეთელობაში ქონებული სარწმუნოებისა (რომ. 4.11) და მიიღო აღთქმა, რომ იქნებოდა მამა მრავალი ხალხისა.

6. მაშ, ვნახოთ, როგორ არის აბრაამი მრავალი ხალხის მამა. იუდეველებისა არის აღსარებულად, ხორციელი შტამომავლობის მეშვეობით. მაგრამ თუ ხორციელ შთამომავლობას გავითვალისწინებთ [მხოლოდ], იძულებულნი ვიქნებით სიცრუედ გამოვაცხადოთ ნათქვამი, რადგან ხორციელად არც ერთი ჩვენგანის მამა არ არის, არამედ მისი სარწმუნოების მაგალითი აქცევს ყოველ ჩვენგანს აბრაამის ძედ. როგორ და რა გზით როგორც არასარწმუნოა ადამიანთაგან ზოგიერთისთვის ვინმეს მკვდრეთით აღდგომა, ასევე არასარწმუნოა მკვდარ მოხუცთაგან შვილიერების აღმოცენებაც. მაგრამ ჩვენ გვწამს ქრისტეს ძელზე ჯვარცმის, სიკვდილისა და აღდგომის ქადაგებისა. ამრიგად, სარწმუნოების მსგავსებით აბრაამის ძეობილობისკენ მივეშურებით და მაშინ, სარწმუნოების კვალობაზე, მის მსგავსად ვიღებთ სულიერ ბეჭედს, წინადავიცვეთთ რა საბანელის მიერ სულიწმინდით არა ხორცის ჩუჩას, არამედ გულს, თანახმად იერემიასი, რომელიც ამბობს: "წინადაიცვითეთ ღმერთში თქვენი გულის ჩუჩა" (იერ. 4.4) და, თანახმად მოციქულისა: "ქრისტეს წინადაცვეთით, თანადაფლულნი მასთან ნათლისღებით" (კოლ. 2.11-12) და შემდგომი.

7. თუკი ამ სარწმუნოებას დავიმარხავთ, ვიქნებით ბრალდაუდებელნი და ყოველნაირი სახის სიქველით შევიმკობით, რადგან ისე აძლიერებს სარწმუნოება, რომ ზღვაზე მოსიარულე ადამიანსაც ამსუბუქებს. ჩვენივე მსგავსი ადამიანი იყო პეტრე, სისხლისა და ხორცისგან შედგენილი და მსგავსივე საკვებით გამოზრდილი, მაგრამ როცა ქრისტემ უთხრა: "მოდი" (მათ. 14.20), ირწმუნა და გაიარა წყლებზე, რადგან სარწმუნოება ჰქონდა ყოველგვარ საყრდენზე უმტკიცესად წყლებზე და მძიმე სხეული სარწმუნოების სიმსუბუქით იყო ზეაწეული. მაგრამ სანამ სწამდა, ჰქონდა საიმედო ბილიკი წყალზე, ხოლო როცა შეორგულდა, მაშინვე იწყო დანთქმა, რადგან სარწმუნოების მცირედ-მცირედ დაქვეითებისას მასთან ერთად ქვედაიზიდა სხეულიც. და იხილა რა მისი გასაჭირი, უთხრა სულთა ვნებების მკურნალმა იესომ: "მცირედმორწმუნეო, რატომ შეორგულდი?" (მათ. 14.31) და კვლავ, გაძლიერებულმა იმისგან, ვინც მარჯვენა ჩასჭიდა, რის შემდეგაც ისევ ირწმუნა, მეუფის მიერ ხელაპყრობილმა მიიღო იგივე სიარული წყლებზე. ამას ირიბად მიანიშნებს სახარება, როცა ამბობს: "ავიდნენ ისინი ნავზე" (მათ. 14.32), რადგან არ უთქვამს რომ გაცურა პეტრემ და ავიდა, არამედ მიგვანიშნა, რომ რა მანძილიც გაიარა იესოსკენ, იმდენივეთი დაბრუნდა უკან და კვლავ ავიდა ნავზე.

8. ისეთი ძალა აქვს სარწმუნოებას, რომ არა მხოლოდ მორწმუნეებს შველის, არამედ ერთნი გამოიხსნებიან მეორეთა სარწმუნოებით. არ იყო მორწმუნე კაპერნაუმელი განრღვეული, მაგრამ სწამდათ იმათ, რომელთაც იგი მიიყვანეს და სახურავიდან ჩაუშვეს. ავადმყოფის სხეულთან ერთად დასნეულებული იყო სულიც. არ გეგონოს, რომ ამაოდ შევასმენ მას. თავად სახარება ამბობს: "იხილა რა იესომ არა მისი სარწმუნოება, არამედ მათი სარწმუნოება, უთხრა დავრდომილს: ადექი" (შდრ. მრკ. 2.1-5). მომყვანებს სწამდათ და დავრდომილმა მიიღო კურნება.

9. გსურს თვალნათლივ იხილო, რომ ერთთა სარწმუნოებით მეორენი გამოიხსნებიან? აღესრულა ლაზარე, გავიდა ერთი, მეორე და მესამე დღე, დაიშალა მისი ძარღვები და უკვე ლპობამ მოიცვა სხეული. როგორ შეეძლო ოთხი დღის მკვდარს ერწმუნა და საკუთარი თავისთვის შევედრებოდა გამომსყიდველს? მაგრამ რაც აკლდა გარდაცვლილს, ის ღვიძლი დების მიერ შეივსო. რადგან მოვიდა რა უფალი, და მუხლებში ჩაუვარდა და როცა [უფალმა] იკითხა: "სად დადეთ იგი?" მან მიუგო: "უფალო, უკვე ყარს, რადგან ოთხი დღის მკვდარია". უფალმა თქვა: "თუ ირწმუნებ, იხილავ ღვთის დიდებას". თითქოს თქვა, რომ "შენ მკვდარში სარწმუნოების არარსებობა შეავსე". ისე გაძლიერდა დების სარწმუნოება, რომ მკვდარს ჯოჯოხეთის ბჭეებიდან აღმოუწოდა. ამრიგად, სხვებმა სხვებისთვის ირწმუნეს რა, მკვდრეთით აღდგინება შეძლეს, ხოლო შენ თუკი საკუთარი თავისთვის ირწმუნებ უზაკველად, ნუთუ უფრო მეტად არ ისარგებლებ? მაგრამ თუნდაც ურწმუნო იყო, ანაც მცირედმორწმუნე, კაცთმოყვარეა უფალი, შეგიტკბობს შენ მონანულს, მხოლოდ თქვი შენც კეთილგონეირებით: "მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას" (მრკ. 9.24). ხოლო თუკი მიგაჩნია, რომ ხარ მორწმუნე, მაგრამ არა გაქვს სისრულე სარწმუნოებისა, შენც გჭირდება თქვა მოციქულისამებრ: "უფალო, შეგვმატე ჩვენ სარწმუნოება" (ლუკ. 17.5), რადგან, მართალია, რაღაც გაქვს შენეული, მაგრამ უფრო მეტს ღებულობ მისგან.

10. რწმენის, სარწმუნოების სახელი ერთია სიტყვით, მაგრამ ორად განიყოფა. ერთი სახე სარწმუნოებისა არის მოძღვრებითი,2 რომელსაც სულის თანხმობა გააჩნია რამ საკითხებზე და სასარგებლოა სულისთვის, როგორც უფალი ამბობს: "ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და ირწმუნებს ჩემს მომავლინებელს, საუკუნო ცხოვრება ექნება და სასჯელში არ შევა" (ინ. 5.24). და კვლავ: "ვისაც სწამს ძე, არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან ცხოვრებაში" (ინ. 3.18; 5.24). ჰოი, უდიდესი კაცთმოყვარება ღვთისა! რადგან მართალნი მრავალი წლის მანძილზე სათნო-ეყვნენ [ღმერთს], ხოლო რის მოსახვეჭადაც მათ მრავალი წელი დასჭირდათ, იღვწოდნენ რა სათნოყოფისთვის, მას შენ ახლა იესო ერთი ჟამის განმავლობაში განიჭებს. რადგან თუკი ირწმუნებ, რომ უფალია იესო ქრისტე და რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, ცხონდები (რომ. 10.9) და გადაინერგები სამოთხეში იმის მიერ, ვინც ავაზაკი შეიყვანა მასში. ნუ შეორგულდები, შესაძლებელი არის თუ არა, რადგან ვინც ავაზაკი გამოიხსნა ამ წმინდა გოლგოთაზე, რომელმაც ერთ ჟამს ირწმუნა, იგი შენც გამოგიხსნის, თუკი ირწმუნებ.

11.
მეორე სახე სარწმუნოებისა კი არის, ქრისტეს მიერ ბოძებული მადლის ნაწილი (τό ἐν χάριτος μέρει), "რადგან ზოგს მიეცემა სიტყვა სიბრძნისა სულიწმინდის მიერ, ხოლო სხვას სიტყვა ცოდნისა იმავე სულისგან, სხვას რწმენა იმავე სულით და სხვას - მადლი კურნებათა" (I კორ. 12.8-9). ამრიგად იგი, მადლის შესაბამისად სულიწმინდის მიერ ბოძებული სარწმუნოება, არათუ მხოლოდ მოძღვრებითია, არამედ ადამიანის ძალზე აღმატებულად მოქმედი, რადგან ვისაც ეს სარწმუნოება ექნება, რომ უთხრას ამ მთას: "გადაინაცვლე აქედან იქით", გადაინაცვლებს. როცა სარწმუნოებით იტყვის ვინმე ამას და სწამს, რომ ახდება და არ შეეჭვდება თავის გულში (მრკ. 11.23), მაშინ მიიღებს მადლს. ამ სარწმუნოების შესახებ ნათქვამია: "თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენი სარწმუნოება" (მათ. 17.20), რადგან როგორც მდოგვის მარცვალი მცირეა სიდიდით, მაგრამ ცხარე მოქმედებებით, და მცირე ფართობზე დათესილს დიდრონი რტოების გარეშემოწერილობა მოსავს, ისე რომ აღორძინებულს შეუძლია ფრინველთა შეფარებაც, ასევე სარწმუნოებაც უმოკლეს დროში (ἐν ὀξυτάτῃ ῥυπῇ) წარმართავს უდიდეს საქმეებს სულში. რადგან სარწმუნოებით განათლებული [სული] ღვთის შესახებ წარმოისახავს და ღმერთს ჭვრეტს როგორც ძალუძს, სამყაროს კიდეებს შემოივლის და ამ საუკუნის აღსასრულამდე უკვე ხედავს სამსჯავროს და აღთქმულთა ნაცვალგებას. მაშ, გქონდეს შენეული სარწმუნოება მის მიმართ, რათა მისგანაც მიიღო ის, რაც ადამიანის ძალაზე აღმატებულად მოქმედებს.

12. ხოლო სწავლებითა და ქადაგებით მოიხვეჭე და დაიმარხე მხოლოდ ის სარწმუნოება,3 რომელიც ეკლესიისგან ახლა გადმოგეცემა შენ და რომელიც მთელი წერილით არის გამყარებული. მაგრამ რადგან ყველას არ ძალუძს წერილთა აღმოკითხვა, არამედ ზოგს უცოდინრობა, ზოგს კი რამ მოუცლელობა უშლის ხელს შემეცნებაში, იმისთვის, რომ სული უსწავლელობისგან არ წარწყმდეს, მცირე მუხლებით სარწმუნოების მთელ დოგმებს გარემოვიცავთ. მინდა, რომ თქვენ ეს სიტყვები დაიმახსოვროთ და თქვენთვის მთელი მონდომებით გაიმეოროთ. არა ქაღალდზე დაწეროთ, არამედ გულში მეხსიერებით აღიბეჭდოთ და დაიცვათ შესწავლისას, რომ კათაკმეველთაგან ვინმემ რამენაირად არ მოისმინოს გადმოცემულნი. გქონდეთ ეს საგზალი მთელი ცხოვრების ჟამს და მის გარდა სხვას ნურაფერს შეიწყნარებთ, ნურც თვით ჩვენც რომ შევიცვალოთ და ახლახან ნაქადაგებს დავუპირისპირდეთ, ნურც მოწინააღმდეგე ანგელოზს, რომელიც ნათლის ანგელოზად გარდაისახება და შენი შეცდენა სწადია, "რადგან თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზი ზეციდან გახარებდეთ თქვენ იმისგან განსხვავებულს, რაც ახლა მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს"4 (გალ. 1.8). ჯერჯერობით ეს სიტყვები მოისმინე და დაიხსომე სარწმუნოება,5 ხოლო საჭირო დროს მიიღე საღვთო წერილიდან მტკიცებულება თითოეული დებულებისა, რადგან სარწმუნოება6 შედგა არა ისე, როგორც ადამიანებმა სათნო-იჩინეს, არამედ მთელი წერილიდან შესაბამისნი (τὰ καιριώτατα) გამოიკრიბა და სარწმუნოების ერთი სწავლება შეადგინა. და როგორც მდოგვის თესლი მცირე მარცვალში მრავალ რტოს შეიცავს, ასევე ეს სარწმუნოებაც მცირე სიტყვებში ძველი და ახალი აღთქმის მთელი კეთილმსახურების ცოდნას იტევს. მაშ, იხილეთ, ძმანო, და დაიუნჯეთ გადმოცემები, რომლებიც ახლა მიიღეთ და თქვენი გულის ფიცარზე დაიწერეთ ისინი.7

13.
დაიმარხეთ [ესენი] ღვთისმოშიშებით, რომ რამენაირად მტერმა არ გაძარცვოს ვინმე მოდუნებული, ნურც რომელიმე ერეტიკოსი შეცვლის თქვენთვის გადმოცემულთაგან რამეს. სარწმუნოება - ეს არის ვერცხლის დადება სავაჭროში (ლუკ. 19.23), რაც ჩვენ ახლა მოვიმოქმედეთ, ღმერთი კი თქვენგან ითხოვს მიბარებულის ნაცვალგებას.8 "ვმოწმობ, როგორც ამბობს მოციქული, ღვთის წინაშე, რომელმაც ცხოველ-ჰყო ყოველივე და ქრისტე იესოს [წინაშე], რომელმაც სწამა პონტოელი პილატეს დროს კეთილი აღსარება: დაიმარხეთ თქვენთვის გადმოცემული ეს სარწმუნოება უბიწოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოჩინებამდე" (I ტიმ. 5.21; 6.13-14). შენ ახლა ცხოვრების საუნჯე მოგეცა და თავისი გამოჩინებისას მოიძიებს მიბარებულს მეუფე, "რომელიც სათანადო ჟამს გაცხადდება, სანატრელი და მხოლოდ ძლიერი, მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა, მხოლო მქონე უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მკვიდრი, რომელიც ადამიანთაგან არავის უხილავს, არც ხელ-ეწიფება ხილვა" (I ტიმ. 6.15-16), რომლისაც არის დიდება, პატივი და ძლიერება, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

----------------------------------------------------------------------

1 - შდრ. Gr: ἐκ νενεκρωμένων σωμάτων.

2 - შდრ. Gr: δογματικὸν.

3 - შდრ. Gr: πίστιν. მინის გამოცემაში შენიშნულია, რომ აქ სარწმუნოების სიმბოლო, ანუ "მრწამსი" უნდა ვიგულისხმოთ: Symbolum intellige.  იხ. PG. t. 33. col. 519, n. 1.

4 - მინის გამოცემაში: ἀνάθεμα ὑμῖν ἕστω (თქვენი შეჩვენება იყოს). იხ. PG. t. 33. col. 521.

5 - შდრ. Gr: μνημόνευσον τῆσ πίστεως.

6 - შდრ. Gr: τὰ τῆσ Πίστεως. Lat: fidei summa.

7 - აქ, როგორც მინის გამოცემაში არის შენიშნული, წმ. კირილე იერუსალიმელი გადმოსცემს "მრწამსს" (იხ. PG. t. 33. col. 523, n. 1). ეს "მრწამსი" გადმოცემაში წარმოდგენილია მეხუთე ქადაგების ბოლოს და, როგორც აღნიშნულია, იგი სხვადასხვა ქადაგებიდან არის გამოკრებილი (Ex variis Cyrillianarum Catecheseon locis collectum, იხ. PG. t. 33. col. 533). ეგევე "მრწამსი", ე. ჭელიძისეული თარგმანით, გამოქვეყნებულია ჟურნალში "გული გონიერი". მოგვაქვს ეს ტექსტი უცვლელი სახით:

"გვწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისმპყრობელი, შემოქმედი ცისა და მიწისა, ხილულთა ყოველთა და უხილავთა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისგან შობილი, ღმერთი ჭეშმარიტი, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომლის მიერ ყოველივე შეიქმნა. ხორცშესხმული და განაკცებული, ჯვარცმული და დაფლული, აღმდგარი მესამე დღეს, და ასული ცათა მიმართ და დამჯდარი მამის მარჯვნივ, და მომსვლელი დიდებით განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, რომლის სუფევასაც არ ექნება დასასრული. და ერთი სულიწმინდა, ნუგეშისმცემელი, მეტყველი წინასწარმეტყველთა მიერ, და ერთი ნათლისღება სინანულისა მისატევებელად ცოდვათა, და ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია, და ხორცთა აღდგომა, და ცხოვრება საუკუნო". იხ. "გული გონიერი", №1(4), 2012 წ. გვ. 133-134.

8 - შდრ. Gr: τῆσ παρακαταθήκης τοὺς λόγους.

 

თარგმნა გიორგი ჟულაყიძემ

სამეცნიერო საღვთისმეტყველო შრომები, III, 2012 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 08 DECEMBER 2012 17:58)