Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გასული საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული საეკლესიო საგალობლების სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის ტრადიცია ჯერ კიდევ განაგრძობდა არსებობას. სხვა მგალობელთა შორის ამ ტრადიციის მცოდნენი იყვნენ XX საუკუნის უკანასკნელი სამგალობლო ოჯახების წარმომადგენლები არტემ და ანანია ერქომაიშვილები, დიმიტრი პატარავა.

1949 წლის ზაფხულში, ქალაქ ოზურგეთში (მაშინდელ მახარაძეს) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან ეწვია ხუთკაციანი საექსპედიციო ჯგუფი ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი მივიწყებული ქართული (გურული) საეკელსიო საგალობლების მოძიება და ჩაწერა იყო. ამ ხანისათვის არა თუ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში მხოლოდ სამი პიროვნება იყო დარჩენილი, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ამ მივიწყებული საგნისა. ესენი იყვნენ შემოქმედის სკოლის სამგალობლო ტრადიციებზე აღზრდილი დიდოსტატი მგალობელ-მომღერლები: არტემ ერქომაიშვილი, დიმიტრი პატარავა და ვარლამ სიმონიშვილი. ეს უკანასკნელი გალობის საუნჯეს უშუალოდ სახელგანთქმული მგალობლის, ანტონ დუმბაძისაგან დაეუფლა, ხოლო არტემსა და დიმიტრის გალობა ანტონ დუმბაძის მოწაფის მელქისედეკ ნაკაშიძისაგან ჰქონდათ ნასწავლი.

იმდროინდელი რეჟიმის შედეგი გახლდათ ის სავალალო გარემოება, რომ რამდენიმე ათეული წელი, ამ სამეულს ერთად აღარ ეგალობა. ექსპედიციის წევრებისა და ამ უკანასკნელი მგალობლების შეხვედრა შედგა და თერთმეტი საგალობელი ჩაიწერა მაგნიტოფონზე. ჩაწერის პროცესთან დაკავშირებულ საინტერესო ცნობებს გვაწვდის დიმიტრი პატარავას დისშვილი, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი, ჟურნალისტი სამუელ თოიძე, თავის საგაზეთო სტატიაში "საგალობელთა უნიკალური განძი და ხალხური ნოტები" (გაზეთი "ლენინის დროშა", 1981, 6-X).

თოიძე იგონებს: როდესაც მგალობლებმა ერთმანეთს ჰკითხეს, თუ ვინ რამდენი საგალობლის გახსენებას შეძლებდა ზეპირად, ვ. სიმნოშვილმა -350-დე, არტემ ერქომაიშვილმა - 2500-მდე "შევძლებდიო". - "მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების გულმოდგინეთ ჩამწერი იყავიო." - მიმართა ვარლამ სიმონიშვილმა". დიმიტრი პატარავამ ვლადიმერ ახობაძეს გადასცა ხელნაწერი წიგნი, რომელშიც ტექსტის ზემოთ განთავსებული იყო ნიშნები წერტილების და მძიმეების სახით. "მაგია, პატივცემულო, სწორედ ის, რისი იმედითაც მე გეუბნებით, რომ ამდენ საგალობელს ვიმღერებ მეთქი. ჩვენებური ნოტებია, მაგის საშუალებით ვაგნებ მე, ხმა სად ავუწიო და სად დავუწიო, აგრეთვე სად გავაგრძელო და სად შევწყვიტო გალობაო". დიმიტრი პატარავამ განაცხადა, რომ თავისი წიგნაკის დახმარებით 3500-მდე საგალობლის გახსენებას შეძლებდა.

მსგავსი ქართული სამუსიკო ნიშნებით აღნიშნული საგალობელთა წიგნაკი არტემ ერქომაიშვილსაც გააჩნდა (ეს წიგნაკი ამჟამად ანზორ ერქომაიშვილთან ინახება). დიმიტრი პატარავას საგალობელთა წიგნაკი ჩვენდასამწუხაროდ დღესდღეისობით დაკარგულად ითვლება.

ვ. შილაკაძის წიგნში "ქართული ხალხური შემოქმედების შესწავლისათვის" დაცულია ანანია ერქომაიშვილის მიერ სამუსიკო ნიშნებით ჩაწერილი საგალობელი "სიყვარულმან მოგვიყვანა". საგალობლის სამივე ხმა პოეტურ ტექსტში ცალ-ცალკეა დაფიქსირებული. მარცვლები ისეთი რაოდენობითაა ამოწერილი, როგორც მოითხოვდა შესაბამისი ჰანგი, ანუ როგორც იგალობებოდა. არტემ ერქომაიშვილის პირადი წიგნაკის მსგავსად, აქაც ნიშნები მოთავსებულია სტრიქონს ზემოთ, სტრიქონზე და სტრიქონს ქვემოთ. ანანია ერქომაიშვილის ამ ხელნაწერში მხოლოდ ორ ნიშანს ვხვდებით - ტირეს და წერტილს. არტემ ერქომაიშვილის წიგნაკშიც ძირითადად გამოყენებულია შემდეგი ნიშნები - წერტილი, მძიმისებური ნიშანი და მახვილი.

ვ. ახობაძის მიერ მაგნიტოფონზე დაფიქსირებული თერთმეტი საგალობელი 2003 წელს აუდიო დისკად გამოიცა, რომელსაც "თერთმეტი მარგალიტი" ეწოდა. დისკს თან ახლავს სანოტო დანართი (ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა). "თერთმეტი მარგალიტიდან" ერთ-ერთი გახლავთ საგალობელი "სიყვარულმან მოგვიყვანა". იმავე წელს მალხაზ ერქვანიძის მიერ გამოცემულ "ქართული საეკლესიო და სახალხო საგალობლების" კრებულში დაფიქსირებულია საგალობელი "სიყვარულმან მოგვიყვანას" დიმიტრი პატარავასეული ვარიანტი. იმავე საგალობელს ვხვდებით არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერების მიხედვით გამოცემულ "შემოქმედის სკოლის" საგალობელთა კრებულშიც (შემდგენელი დ.შუღლიაშვილი). სამივე მათგანი ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელია. პირველი მოსმენისთანავე აშკარაა, რომ სამივე მათგანი ერთი საგალობლის სხვადასხვაგვარად გამშვენებული ვარიანტია. სამივე მათგანის ნოტირებული ტექსტი შევადარეთ ანანია ერქომაიშვილის მიერ ნიშნებით გადმოცემულ ვერბალურ ჩანაწერს. ყველაზე მეტი დამთხვევა სამივე ვარიანტის პირველ ხმაში (მთქმელი) მოიძებნა. ყველაზე მეტად ვერბალურ ნიმუშს დაემთხვა 1949 წელს ჩაწერილი სანოტო ვარიანტი. იდენტური ადგილები აღმოვაჩინეთ მეორე ხმასა (მოძახილი) და ბანშიც, განსაკუთრებით მუხლების დასაწყისსა და ბოლოში.

ამგვარმა დამთხვევებმა შესაძლებლობა მოგვცა, დაგვედგინა თუ, რა პრინციპით განალაგა ანანია ერქომაიშვილმა ნიშნები ტექსტზე. თითოეული მარცვლის (ან ბგერის) თავზე გავლებული ტირე ხმის აღმავალი მოძრაობის მანიშნებელია, ქვემოთ გასმული კი - დაღმავალის. მარცვალზე ზემოდან ან ქვემოდან გავლებული ტირე, ბგერის ერთ სიმაღლეზე გაჩერებას ნიშნავს, ზოგჯერ ტირეს თავზე წერტილებსაც ვხვდებით. წერტილები ტექსტის თითო მარცვალზე გასამღერებელი ბგერის რაოდენობას გვიჩვენებს.

წერტილს ზუსტად ასეთივე ათმნიშვნელი ფუნქცია აქვს არტემ ერქომაიშვილის წიგნაკშიც. გასწვრივი ხაზი (-) ანანია ერქომაიშვილთან ბგერის ერთ სიმაღლეზე ხანგრძლივი გაჩერების მანიშნებელია. არტემ ერქომაიშვილის წიგნაკში კი წართქმის, ანუ ბგერის ერთ სიმაღლეზე გამეორების (ოსტინატოს) დროს იხმარება.

ნიშნების სიმცირე და ხმოვანი ასოების ფართო გამოყენება გვაფიქრებინებს, რომ ნევმირების ტრადიცია XX საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც სავარაუდოა ამ ნიშნების დასმა, დაკარგვის ზღვარზე იყო.

მართლაც დიმიტრი პატარავას, არტემ და ანანია ერქომაიშვილების შემდეგ, ეს ნიშნები უკვე აღარავის არ სცოდნია. ფაქტიურად ნიშნობრივი ჩაწერის ამ ტრადიციამ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან შეწყვიტა არსებობა (დიმიტრი პატარავა 1954 წელს გარდაიცვალა, არტემ ერქომაიშვილი 1967 წელს).

 

 

ბაია ჟუჟუნაძე

გაზეთი "ქართული გალობა", №10, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 23 February 2012 22:25)