Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საქართველოს მუსიკალურად მდიდარ და მრავალფეროვან კუთხეთა შორის, გურიის მხარეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მგალობელ-მომღერლობა ისევე, როგორც სხვა კუთხეებში, აქაც დიდ პატივად და ღირსებად ითვლებოდა. XX საუკუნის 20-იან წლებამდე აქ ჯერ კიდევ არსებობდა სამგალობლო სკოლა, კერძოდ, შემოქმედის მონასტერში. შემოქმედის მონასტრის სულიერ მნიშვნელობასა და სიძლიერეზე, XVIII საუკუნის გადანაწერი ძეგლი, შემოქმედის გულანი მეტყველებს, რომელშიც ძველი სამუსიკო დამწერლობისათვის მნიშვნელოვანი - ჭრელთა ნუსხებია დაცული (რომელიც მუსიკალური ჰანგის ვერბალურ განმარტებას წარმოადგენს).

საქართველოს სიმღერა-საგალობლების შესწავლა ოდითგანვე საგვარეულო, ოჯახური ტრადიცია იყო, სწორედ ასეთ ოჯახთა რიგს ეკუთვნის ერქომაიშვილთა გვარი, რომელსაც სამ საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიცია გააჩნია.

არტერ ერქომაიშვილი ამ საუცხოო გვარის წარმომადგენელია. იგი სრული მგალობელია, რომელმაც უახლოეს ისტორიულ წარსულამდე მოაღწია და ჩვენამდე ცოცხალი სახით მოიტანა საუკუნეებაგამოვლილი, თვითმყოფადი მუსიკალური ტრადიცია. მის წინაპართაგან ცნობები მოგვეპოვება არტემის ბაბუის, ივანე ერქომაიშვილის მომღერლობის შესახებ.

არტემის მამას, გიგო ერქომაიშვილს, თავდაპირველად სწორედ მამისგან შეუთვისებია სიმღერა. ადრეულ ასაკში დაობლებული გიგო თანდათან დაახლოებია გურული სიმღერის ოსტატებს: გიორგი ბაბილოძესა და გიორგი იობიშვილს და სოფელ მაკვანეთში დასახლებულა. გიგო ერქომაიშვილი გურული სიმღერების შესანიშნავი მცოდნე და მასწავლებელი ყოფილა. სამუელ ჩავლეიშვილი წერდა: "1860-70-იან წლებში გურული სიმღერები მოიძია, აღადგინა და თავი მოუყარა გიგო ერქომაიშვილმა, თორემ ბევრი სიმღერა დაიკარგებოდა, იგი ამ სიმღერების ნამდვილი პატრონია". მალევე გამომჟღავნებულა გიგო ერქომაიშვილის დიდი ნიჭიერება არა მხოლოდ როგორც მომღერალ-მენადურისა, არამედ - მგალობლისაც.

გიგო ერქომაიშვილი სოფელ ლიხურას ხშირი სტუმარი ყოფილა, სადაც ცნობილ მგალობელ-მომღერალს, შემოქმედის სკოლის შესანიშნავ წარმომადგენელს, მღვდელ ნესტორ კონტრიძეს დაახლოებია და სწორედ მისგან წირვა-ლოცვისა და დღესასწაულის საგალობლები შეუსწავლია. ნესტორ კონტრიძე მელქისედეკ ნაკაშიძესთან ერთად ათონის წმიდა მთის სავანეში იყო განსწავლული. იგი გურიის მხარეში განთქმული იყო, როგორც ბრწყინვალე იმპროვიზატორი. ცნობილია, რომ გიგო ერქომაიშვილი თავის გუნდთან ერთად ზემო მაკვანათის ეკლესიაში გალობდა. შემდეგშიც, ანანია ერქომაიშვილის ცნობით 1910-იან წლებში გიგო, თავის შვილებთან და მეგობარ თანამგალობლებთან გიორგი ბაბილოძესთან, ნესტორ კონტრიძესთან და ტელემაკ გურიელთან ერთად კვირაობით მთავრობის სასახლესთან მდებარე ეკლესიაში გალობდა. გასაკვირი არაა, რომ გიგოს შვილებმა სიყრმიდანვე შეიყვარეს სიმღერა-გალობა. ათი შვილიდან სამ ვაჟს მამისეული ტრადიცია გაუგრძელებია: არტემი, ანანია და ლადიკო ქართულ სიმღერა-გალობას ჩადგომიან სამსახურში.

არტემ ერქომაიშვილის დიდი სამგალობლო ხელოვნება საყოველთაოდაა ცნობილი. იგი გალობას მელქისედეკ ნაკაშიძის სამგალობლო სკოლაში დაეუფლა, რომელიც შემოქმედის მონასტრის ფილიალი ყოფილა. მელქისედეკი დუმბაძის კილოს საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. გიგოს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მგალობელ-მომღერლები. 1908 წელს, შობის წირვის შემდეგ, გიგოს მღვდელი ნესტორ კონტრიძე და მელქისედეკ ნაკაშიძე სწვევიან. იმხანად მელქისედეკი ახალგაზრდებს კრებდა თავისი სკოლისათვის, სადაც უფასოდ ასწავლიდა სიმღერა-გალობას. ნესტორს რეკომენდაცია გაუწევია ახალგაზრდა არტემისათვის. მელქისედეკსაც ძლიერ მოსწონებია მისი ხმა და მონაცემები და გიგოსთვის უთხოვია - "მომეცი ეს ბიჭი, წავიყვან ჩემთან ოზურგეთში, გალობას ვასწავლი უფასოდ და კაცს გამოვიყვანო." გიგო დასთანხმებია და არტემი მისთვის გაუყოლებია.

სამი წლის განმავლობაში არტემი მელქისედეკთან ეუფლებოდა გალობას. მელქისედეკი თავდაპირველად კილო-გალობას ასწავლიდა, ხოლო როდესაც ვარჯიშ-გალობაზე გადადიოდნენ, სიმონ მოლარიშვილს და ნესტორ კონტრიძეს იწვევდა. არტემთან ერთად გალობას სწავლობდნენ მომავალში ცნობილი მგალობლები: სამუელ ჩხიკვიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამსონ ჭანუყვაძე, დომენტი ხინთიბიძე, ილია ხომერიკი, კონსტანტინე სალუქვაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ერქომაიშვილების მუსიკალურ ოჯახში ხშირად ისმოდა საგალობლები, არტემისათვის გალობის დიდოსტატებთან ცოდნის დაუფლება საეტაპო აღმოჩნდა. მას გალობის შესწავლის მართლაც რომ იშვიათი უნარი გამოუმჟღავნებია. ერთხელ, აღდგომის წინა დღეს, მელქისედეკი, ნესტორი და ნანო (ივანე) ხავთასი თურმე რომელიღაც საგალობელს იმეორებდნენ. მათ მელოდიისათვის ახალი ტექსტის შეწყობა განუზრახავთ, მაგრამ არ გამოსვლიათ. საქმეში არტემი ჩარეულა და გამოცდილ მგალობელ-მომღერალთა გასაკვირად საოცარი სისწრაფით შეუწყვია ტექსტი მელოდიისთვის. "ჩვენ, ბიძია, ამ გალობაში მოვხუცდით და ამ ტექსტს ვერაფრით ვერ შევუწყვეთ და შენ, გუშინდელმა ბაღანამ, როგორ მოახერხე ესო", - უთქვამს მელქისედეკს. სამივეს მგალობლის დიდი მომავალი უწინასწარმეტყველებია არტემისთვის. როდესაც არტემმა მელქისედეკ ნაკაშიძესთან სწავლების კურსი დაასრულა, მას 2000-მდე საგალობლის სამივე ხმა ზეპირად სცოდნია. მაგრამ მისი განსწავლა ამით არ დასრულებულა. არტემს წილად ხვდა ბედნიერება, შემდგომი შემოქმედებითი წვრთნა უდიდეს სრულ მგალობელთან დიტო ჭალაგანიძესთან გაეგრძელებინა.

ცნობილია, რომ გალობის სკოლის დამთავრებისთანავე, 1911 წელს იგი ახალ სენაკში გაუგზავნიათ მგალობლად და გალობის მასწავლებლად. არტემის მუსიკალური მოღვაწეობა სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში წარიმართა. იგი ახალგაზრდებს სიმღერა-გალობას ასწავლიდა. ამ პერიოდში მარტვილის მონასტერში დიტო (დიმიტრი) ჭალაგანიძე მოღვაწეობდა. იგი თავის გუნდთან ერთად გალობდა. ერთხელ მარტვილის მონასტერში თურმე ერთ დიდებულს კრძალავდნენ. მისი სულის მოსახსენებელ წირვაზე დიტოს ერთ-ერთი მგალობელი ავად გამხდარა და არტემს თავისი სამსახური შეუთავაზებია. ყმაწვილო, რომელ ხმას იგალობებთ? - უკითხავს დიმიტრის. - რომელიც გნებავთო. - უპასუხია არტემს. "მან გაკვირვებულმა შემომხედა და ცოტა გადაჭარბებულად მოეჩვენა ნათქვამიო". - იხსენებს არტემი. - მაშ კარგი, ბანი გვაკლია და დაგვეხმარეთო. - უთქვამს დიტოს. ასე, რეპეტიციის გარეშე უგალობიათ დაკრძალვაზე სათქმელი ყველა საგალობელი. ბოლს დიტოს წამოუწყია ურთულესი საგალობელი "სიჭაბუკის ყვავილი დააჭკნო სიკვდილმა". როგორც აღმოჩნდა, საგალობელი, არტემის გარდა, ყველას დავიწყებოდა. მისი დიდი მცდელობით თანამგალობლები ბოლომდე ჩასულან. დიტოს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს და უთქვამს: "ბიძია, ასე ახალგაზრდამ როდის და სად ისწავლე ამდენი საგალობელი, მე აწი აღარ მეშინია, რომ საგალობლები დაიკარგება, რადგან ასეთი შესანიშნავი შემცვლელი მომესწროო". სამეგრელოში არტემის მოღვაწეობა ექვს წელს გაგრძელებულა.

1920-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილი სრული მგალობლების ახალ თაობას წარმოადგენდა. სამწუხაროდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ საბედისწეროდ იმოქმედა საეკლესიო გალობის მდგომარეობაზე. ეკლესია-მონასტრების დახურვა, საღვთისმსახურო საგალობლების ფუნქციის მოშლას გულისხმობდა. იმ პერიოდში მკაცრად იკრძალებოდა არათუ საღვთისმსახურო საგალობლების, არამედ იმ სიმღერების შესრულებაც კი, სადაც ღმერთი იყო ნახსენები. ასეთ პირობებში თითოეული საგალობლის აჟღერება გმირობის ტოლფასი იყო. მიუხედავად ამისა, არტემ ერქომაიშვილი მაინც ახერხებდა ქართული საგალობლების ცოდნა არ დაევიწყებინა და ფარული მოღვაწეობის გზით ცდილობდა, შესწეოდა ამ ღვთივსათნო საქმეს. არტემ ერქომაიშვილმა მოღვაწეობა ბათუმში გააგრძელა. იგი წლების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლებს ხელმძღვანელობდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შედარებით იკლო კომუნისტურმა ტერორმა. 1949 წელს ქალაქ ოზურგეთში ჩაიწერეს 11 საგალობელი, რომლებსაც არტემ ერქომაიშვილი შემოქმედის სკოლის უკანასკნელ წარმომადგენლებთან ვარლაამ სიმონიშვილთან და დიმიტრი პატარავასთან ერთად ასრულებს.

საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწია თვით არტემის ხმით ჩაწერილმა ასზე მეტი საგალობლის ნიმუშმა. 1965 წელს არტემ ერქომაიშვილი საგალობლების ჩასაწერად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების კათედრაზე მიიწვიეს. იმ დროისათვის, ქართული გალობის გურული კილოს სრულად მცოდნე აღარავინ იყო ცოცხალი. ამიტომ, 79 წლის მოხუც მგალობელს მარტოს უწევდა საგალობლის სამივე ხმის ჩაწერა. არტემის ნამღერ I ხმას მაგნიტოფონზე იწერდნენ, შემდეგ თავისივე ნამღერს II ხმას შეუწყობდა, რომელსაც II მაგნიტოფონზე დააფიქსირებდნენ, შემდეგ კი ამ ორ ხმას ეუბნებოდნენ ბანს და ასე გამოდიოდა სამხმიანი საგალობელი. ჩაწერის ტექნიკურ მხარეს ფოლკლორისტი და კომპოზიტორი, ქართული ხალხური შემოქმედების კათედრის თანამშრომელი კახი როსებაშვილი უზრუნველყოფდა. ეს ჩანაწერები უძვირფასეს მემკვიდრეობას წარმოაგენს. დიდი მგალობლის მიერ ნაგალობები 105 საგალობლის სამივე ხმას, უტყუარი სიზუსტით გადმოგვცემს ქართული გალობის კანონიკას. ამ საგალობლების ნაწილი 1968 წელს ნოტებზე გადაიტანა და გამოსცა კახი როსებაშვილმა (ქართული გალობა. თბილისი). 2002 წელს კი სრულიად გამოვიდა ფოლკლორისტ დავით შეღლიაშვილის მიერ ნოტირებული კრებული: "ქართული საეკლესიო გალობა. შემოქმედის სკოლა". (ხოლო განახლებული გამოცემა 2006 წ.) არტემის წყალობით ქართველი მსმენელისა და მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტებისათვის ახალი, ორიგინალური, თვითმყოფადი მუსიკალური ენის საოცარი ჰარმონიის სამყარო გაიხსნა. ეს ქართული სასულიერო მუსიკის განძია, რომელსაც გურული გალობის შემოქმედის კილო ჰქვია.

მკვლევართა აზრით, ამ ჩანაწერის მნიშვნელობას ისიც ემატება, რომ მასში ასახულია გალობის შესრულების სამივე სახე - "სასწავლებელი ხმები" "ნამდვილი კილო" და "გამშვენებული". როგორც ცნობილია, "სასწავლებელი ხმები" გალობის შესწავლის ადრეულ ეტაპზე იხმარებოდა და ქართული გალობის უძველეს შრეს წარმოადგენს, რომელსაც ხმათა პარალელურად მოძრაობის პრინციპი ახასიათებს. აღსანიშნავია ორიგინალური ჟღერადობის ხმათწყობა, რომელიც განვითარების მომდევნო ეტაპს ასახავს და ანალოგი არათუ ქართულ, არამედ ევროპულ მუსიკაშიც არ მოეპოვება.

ცნობილია, რომ ჩაწერისას არტემი თავისივე პატარა წიგნაკს იშველიებდა, რომელშიც საგალობლის ტექსტები სხვადასხვა ნიშნებითაა შემკული. იგი ამ ნიშნებს "ხალხურ ნოტებს" უწოდებდა, სამუსიკო ნიშნები შემსრულებელს სიმღერა-გალობის პირველი ხმის შესწავლასა თუ გახსენებაში ეხმარებოდა. ხოლო მოძახილისა და ბანის მისადაგება ზეპირად ხდებოდა.

აღნიშნულ საგალობელთა რიცხვს ემატება არტემ ერქომაიშვილის მიერ გადმოცემული ჩვიდმეტი საგალობელი, რომელიც მისივე შვილიშვილის ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მიერ არის ნოტებზე დაფიქსირებული. ბატონი ანზორის მონათხრობით ვგებულობთ, თუ რამდენჯერ დაუნახავს თავისი პატარა საგალობლების წიგნაკით ჩუმად მობუტბუტე ბაბუა, რომელიც მეგობარ მგალობელთა გარეშე დარჩენილი, უკვე ცალ ხმაში იმეორებდა თუ იხსენებდა წინაპართაგან მუსიკით შემკობილ ლოცვებს, ქართულ საეკლესიო საგალობლებს. ნიშანდობლივია, თუ როგორ უსწავლებია ოჯახის წევრებისათვის საგალობლის ჰანგი "ჟამთა და წელთა", რომლისთვისაც თავისი შეთხზული, მეგობარ მგალობელ-მომღერალთა "მოსახსენებლი" ლექსი შეუწყვია: "განსვენებულებს, ხალხურ მომღერლებს. ხსოვნა მივუძღვნათ: სამოველ ჩავლეიშვილსა, გიორგი ბაბილოძეს, ვარლამ სიმონიშვილსა, გიგო ერქომაიშვილს, ნესტორ კონტრიძეს და ივლიანე კეჭაყმაძეს, გიორგი იობიშვილს, ნანიკო ბურძგლას, ალექსანდრე მახარაძისთანა, ილარიონ ჩავლეიშვილს, ბესო ინწკირველისთანა, იდიდეო." აღსანიშნავია, რომ სიტყვა "იდიდეო" ძველ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში სულის ცხონების აღმნიშვნელად გამოიყენება. ეს მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორი რუდუნებით ცდილობდა უკვე მოხუცებული არტემი საგალობლის ჰანგის გადარჩენას და წარსულის დიდ მგალობელ-მომღერალთა სახელების უკვდავყოფას.

ბაბუის შეგონებით ბატონი ანზორი კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. ერთ-ერთ არდადეგებზე ჩასული შვილიშვილისთვის არტემს გურული საგალობლების ნოტებზე გადატანა უთხოვია. მთელი დღის მუშაობის შემდეგ სანოტო სისტემაზე "ქროსტეშობის საგალობელი" გადაუტანიათ, რითაც მოხუც არტემს დიდად გაუხარია. უთქვამს: "ისეთი საქმე გავაკეთე, რომლის ბადალი მთელ ჩემს სიცოცხლეში არ გამიკეთებიაო." თბილისში გამომგზავრებამდე კი ანზორისთვის უთხოვნია, იქნებ შეეცადო და ეს სიმღერა-საგალობლები კონსერვატორიის ბიჭებს შეასწავლოო. ამ სურვილმა წარმოშვა კონსერვატორიის სტუდენტებისგან შემდგარი ვაჟთა ანსამბლი "გორდელა", რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული სიმღერა-გალობის აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა. ეს იყო პირველი ანსამბლი, რომელმაც სცენაზე აიტანა არტემის გადმოცემული ძველი გურული საგალობლები.

თავის წიგნებში "ბაბუა" და "შავი შაშვი" ბატონი ანზორი იხსენებს ბაბუასთან გატარებულ პერიოდს, მასთან საუბრებს, რომელიც უდაოდ დიდ განძს წარმოადგენს არა მხოლოდ ხალხური მუსიკითა და საგალობლებით დაინტერესებული მკითხველისათვის, არამედ ზოგადად ყველასთვის, ვისაც ქართული კულტურა და ძველი ადათ-წესები აინტერესებს.

არტემ ერქომაიშვილის ღვაწლი წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ხიდს, რომელიც აკავშირებს ძველი დროის სრულ მგალობლებსა და მათი ტრადიციის გამაგრძლებელ ჩვენს თანამედროვეთ. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს შევძლოთ ქართულ ეკლესიებში იმავე სულით აღვავლინოთ უფლის საგალობლები, რომლითაც ჩვენი წინაპრები იყვნენ აღვსილნი.

 

 

მოამზადა ნინო ნანეიშვილმა

გაზეთი "ქართული გალობა", №10, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 23 February 2012 18:32)