Georgian (Georgia)English (United Kingdom)

პროფესიული სასულიერო სამუსიკო ხელოვნება საქართველოში ძველთაგანვე დაწინაურებული იყო. სამუსიკო განათლება წარმოადგენდა ორგანიზებულ სისტემას, რომლის განვითარება-სრულყოფა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიმდინარეობდა. IX-X საუკუნეებში სამგალობო ხელოვნების სწავლებას “ხმითა სასწავლელი სწავლაჲ” ან “სულიერი შესხმის მოძღვრება” ეწოდებოდა. გიორგი მერჩულე წერს, რომ წმ. გრიგოლ ხანძთელმა ყმაწვილობაშივე “მსწრაფლ... დაისწავლა დავითნი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ”, გიორგი საბაწმიდელ-სინელი (X ს.) კი “საგალობელნი იადგარნის” ანდერძში შემდეგი სიტყვებით მიმართავს გალობის შემსწავლელთ: “იხარებდით მოძღურებითა სულიერად შესხმისაჲთა, ჵ კრებულო მსწავლელთაო.”

“მსწავლელთა კრებულის” მასწავლებელს IX-XI საუკუნეების საქართველოში “გალობის მოძღვარს” ან “მგალობელთ-უხუცესს” უწოდებდნენ. გრიგოლ ხანძთელის შესახებ გიორგი მერჩულე აღნიშნავს, რომ იგი “წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღუარი იყო განუკითხუელად”. ცნობილია, რომ გიორგი მთაწმინდელმა, “მიიღო რა პატივი მღდელობისაჲ”, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა, უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა”, ე.ი. მღვდლად კურთხევის შემდგომ იგი მგალობელთა გუნდის მასწავლებლად, მგალობელთუხუცესად ყოფილა დადგენილი.

ქართულ სამგალობლო კერებში სასულიერო პოეტური ტექსტების თარგმნა და მათი გაწყობა რვა ხმის მრავალრიცხოვან კილოებზე ცალკე სწავლებად ჩამოყალიბებულა. IX-XI საუკუნეების საქართველოში იგი “დასდებლის მეცნიერების” სახელით იყო ცნობილი. ვინც ამ მაღალ ხელოვნებას ფლობდა, X საუკუნის ჩათვლით “მეხელად” იწოდებოდა (“მეხელი”, ისევე როგორც “მეხური”, ბერძნულ სამუსიკო ტერმინს “იხოსს” (ხმას”) უკავშირდება.

XII საუკუნეში ორიგინალური კილოების შემთხზველებს “ხელოვანთ-მთავრები ერქვათ. არსენ იყალთოელის ანდერძის თანახმად, მისი თანამედროვე, ქართლის კათოლიკოსი იოანე, გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, ხელოვანთმთავარი ყოფილა. დავით აღმაშენებელს მისთვის ანდრეა კრიტელის დიდი კანონის ახალი თარგმანისათვის “ხმისა დადებისა ხელყოფა”, ანუ ჰანგის შეთხზვა უბრძანებია.

დაახლოებით XVIII საუკუნიდან ჩნდება ტერმინი “სრული მგალობელი”. იგი სულხან-საბას ლექსიკონში “ლოდბარის” პარალელური ტერმინია (მოგვიანებით “ლოდბარი” მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის მნიშვნელობას იძენს). საფიქრებელია, რომ სრული მგალობლობა არა მხოლოდ მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარის ზეპირად ცოდნას გულისხმობდა, არამედ “დასდებლის მეცნიერების” სრულყოფილ ფლობასაც.

ცნობილია, რომ მგალობელთა სახელმძღვანელო-ჰიმნოგრაფიულ, ე.წ. მეხურ კრებულებში საგალობლის კილოს ძველთაგანვე სამუსიკო ნიშნებით, ნევმებით აღნიშნავდნენ. ავაჯის სიზუსტით აღბეჭდვა, ნევმური ნიშნების უცდომელად დასმა მხოლოდ საგანგებოდ განსწავლულ პირებს შეეძლოთ. მათ “მნიშვნელი” ეწოდებოდათ. მეხელები ამ ცოდნასაც სრულად იყვნენ დაუფლებულნი.

სწავლების ამგვარი დიფერენცირება, პროფესიული დახელოვნების მრავალი მიმართულება ქართული საეკლესიო მუსიკალური კულტურის მაღალ დონეზე, ძველთაგანვე მის სწრაფ აღმავლობასა და დაწინაურებაზე მიუთითებს.

 

მაგდა სუხიაშვილი

გაზეთი “ქართული გალობა”, №3, 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 FEBRUARY 2012 20:10)